წმიდა იოანე ოქროპირის სასულიერო ტექსტები X-XI საუკუნეში ქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა თარ­გმნა. XVIII საუკუნის მიწურულს კი, მათგან ასი სწავლა წმიდა გაბრიელ მცირემ ერთ წიგნად შეკრა და კრებულს „ოქროს წყაროჲ“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კრებული ქართული სასულიერო ლიტერატურის ოქროს ფონდს წარმოადგენს, მისი ფუნდამენტური, აკადემიური კვლევა არ იყო ჩატარებული. ამ ციფრული გამოცემით გთავაზობთ „ოქროს წყაროჲს“ აკადემიურად დადგენილ ტექსტს.

„ოქროს წყაროჲს“ ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერი ნუსხების ურთიერთშედარების საფუძველზე. ამასთანავე, გაბრიელ მცირისეული ტექსტი შედარებულია მის პირველწყაროს – ეფთვიმე ათონელისეულ X-XI საუკუნეების ქართულ თარგმანს.  ტექსტში გახსნილია ქარაგმები, გამართულია პუნქტუაცია. ბიბლიიდან მოტანილი ციტატები წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციასაა შედარებული. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად – კვადრატული.

2024 წელს დაისტამბა წიგნი: „წმინდა გაბრიელ მცირის შედგენილი კრებულის „ოქროს წყაროჲ“ აკადემიური გამოცემა“, რომელიც გამოსაცემად გიორგი კალანდაძემ მოამზადა. მის სქოლიოებში წარმოჩენილია ხელნაწერთა განსხვავებები, ტექსტის პირველწყაროსთან მიმართება, განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები.

„ოქროს წყაროჲს“ ამ აკადემიურ გამოცემაში ასევე განხილულია სხვა არაერთი მეცნიერულად გამოკვლეული საკითხი, რომელიც ხსენებულ ნაშრომს უკავშირდება. მონოგრაფიას ასევე ერთვის კვლევებით მიღებული შედეგების ინგლისური თარგმანი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების საზღვარგარეთ პოპულარიზებასა და საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

 

სწავლა 1

წმიდათა წერილთა ჴელად  მიღებისათვის

საყვარელო, იკითხვიდე რა სამღთოთა სიტყვათა, პირველად ევედრე ღმერთსა, რათა განგიხვნეს შენ თუალნი  გულისანი არა მხოლოდ კითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა, რათა არა ცუდად წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოიკითხვიდე. ხოლო ოდეს იკითხვიდე, წადიერად ყოვლითა გულითა და მრავლითა გულსმოდგინებითა აღმოიკითხენ სამღთონი სიტ­ყვანი და ნუ ისწრაფი ფურცელთა გადმოქცევად, არამედ ორგზის და სამ­გზის აღმოიკითხე და უმრავლესცა, რათა გულისჴმა ჰყო ძალი მისი. ოდეს გენებოს კითხვა , ანუ სმენა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყველმან:

„უფალო იესო ქრისტე, განმიხვენ მე თუალნი გულისა ჩემისანი სმენად სიტყვათა შენთა და გულისჴმისყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა, ნუ დაფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თუალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სჯულისა შენისასა. მაუწყენ  მე, უფალო, დაფარულნი საიდუმლოსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოება ჩემი, ღმერთო ჩემო, რათა განმინათლო გონება ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა  შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ  ყოფადცა მისა, რათა არა დასასჯელად თავისა თვისისა  წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებელად სიწმიდით და  საცხოვრებელად  სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული და შენდა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

 

სწავლა 2. თავი ა [1]

ეკკლესიასა შინა კრძალულებისათვის

აქა ეკკლესიად რა შემოვალთ , ცად შევალთ, საყვარელნო. არა  ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფნითა  ცათა შინა ყოფაჲ და მათთა  სიკეთეთა განცდაჲ.

აწ უკუჱ ქვეყანისასა ცათა შინა ნუ ვინ შემოიღებს. ნუცა ვინ აქა, ეკ­კლესიად მდგომარენი , სოფლისასა ზრუნავს  და სახლისა თვისისასა. რამეთუ მუნ რაჟამს მიხვიდეთ თანაგაძსთ, რათა აქაით  მიღებულსა სარგებელსა იტყოდეთ და არა მუნ ქმნილთა საქმეთა აქა ეკკლესიასა შინა ახსენებდეთ , რამეთუ ამისთვის შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რათა განვიბანნეთ ბიწნი ცოდვათანი. უკეთუ კულა აქა  მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოვლადვე  არა შემოსლვაჲ  აქა.

ნუმცა ვინ უკუჱ ეკკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს , არამედ უფროსად სოფელსა შინა ეკკლესიისასა იხსენებდეთ . უფროს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისა არს, ხოლო იგი – ჴორცთა. და უფროსად აქა თქმულნი სიტყვანი სამღთონი სულთაცა  და ჴორცთაცა სარგებელ არიან. ამისთვის ჯერ არს, რათა ესე იყოს საქმედ ჩვენდა შინაგანად , ხოლო სხუა იგი ყოველი – გარეწარად. რამეთუ ესე ამასცა ცხოვრებასა სარგებელ არს და მერმესაცა, ხოლო ვნებანი აქაცა მავნებელ არიან და მუნცა. რამეთუ სახლი ესე ეკკლესია სამკვიდრებელ უფლისა არს , რომელი არათუ საუკუნესა ოდენ გვასწავებს, არამედ საწუთოსაცა, თუ ვითარ ვიყოფოდეთ და რაჲცა გარე წყლულება მოგვეახლოს, აქა ეკკლესიისაგან განვიკურნებოდეთ .

უკეთუ კულა სულისა წმიდისა სიტყვათა არა ვისმენდეთ, არათუ ოდენ ვერ განვიკურნეთ წყლულებათა ჩვენთაგან, არამედ სხუაცა მოვიღოთ. ამისთვის, გევედრები, ძმანო, ვისმენდეთ სიტყვათა  წიგნთასა მოს­წრაფებით, რომელი მადლითა ღმრთისათა ყოველსავე გამოგვიცხადებს, და ძალგვიძს, უკეთუ გვენებოს, მცირედითა შრომითა ცნობად ძალსა მათსა  და პოვნად სამღთოსა გულისჴმისყოფასა. რამეთუ  ამისთვის მცირე მცირედ  გითხრობ თქვენ, რათა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდეს.

გვეშინოდენ უკუჱ, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისა მის, რომელი იტყვის: „უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდი მათ, ცოდვამცა არა აქუნდა”(იო. 15,22). რაჲ  არს სარგებელი სმენისა, უკეთუ წარხვიდეთ და ვითარმცა არა გასმიოდა ? ესრეთ არარაჲ იცოდეთ.

მოგვეცით უკუჱ ქვეყანა კეთილი, გულნი თქვენნი სათესველად , რათა ჩვენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად. და რომელსა ეკალნი ჰქონან, აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისა. რომელი გულფიცხელ  და წინააღ­მდგომ იყოს, განასუქენ  იგი და ლბილ ჰყავნ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარტაცებულ , რათა ყანანი თქვენნი შვებულ იყვნენ. და უკეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღათუ  მეყსა შინა არა, არამედ მცირედ მცირედ, ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუჱ, რათა არა ჩვენთვისცა ითქვას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუსანი არიან ყურნი მათნი”[ფს 57,4]. და ვითარ არა უარეს არს მხეცთა და პირუტყვთასა, რომელი სიტყვათა ღმრთისათა არა ისმენდეს? და უკეთუ კაცი იგი არს, რომელი სათნო ეყოფოდეს ღმერთსა. ხოლო რომელი ყოვლადვე  სათნოყოფისა მისისა სიტყვასა არა ისმენდეს, რაჲთა  განყოფილ არს მხეცთაგან?

იხილე უკუჱ, ვითარ ბოროტ არს, რომელ ქრისტეს ჰნებავს, რათამცა კაცთაგან ანგელოსად შეგვცვალნეს და ჩვენ კაცთაგან მხეცად შევიცვალებით, რამეთუ მუცლისა მონა  და ვეცხლისმოყვარებისა  მიერ უფლება და მრისხანება და სიძულილი, ესე ყოველი არა კაცისა არს, არამედ მხეცისა და უარესიცა არს მხეცთასა, რამეთუ მათ აქვს  თვითოეულსა სხუა და სხუაჲ ვნება, და იგიცა ბუნებით. ხოლო რაჟამს კაცმან გონება თვისი  წარიწყმიდოს და მოქალაქობისაგან სამღთოსა განვარდეს, არღარა ერთსა, არამედ ყოველთა ვნებათა ერევის და არა ერთსა მხეცსა მიემსგავსების, არამედ ყოველთა უბოროტეს იქმნების და არღარა აქვს წყალობაჲ, რამეთუ ნებსით შევიდა ბოროტსა.

გარნა ამასცა ერსა ზედა ნურარაჲ სმენილ არს ესევითარი, რამეთუ გუწადს თქვენთვის უმჯობესი და ამისთვის უმჯობესად  განგაკრძალებთ, რათა ყოველნი მივიწივნეთ თავსა სათნოებათასა, და მივემთხვივნეთ  კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 3

ეკკლესიასა შინა დუმილისათვის

ეკკლესია უკუჱ, საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებითა და ლოცვითა. ხოლო აწ ეკკლესია არარაჲსა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაჭროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებოს მითხრობად სიტყვისა, ვგონებცა  თუ არა აქუს სხვა ადგილი მოპოვნებად თვინიერ ეკ­კლესიისა. ხოლო უკეთუ ვინ ინებოს ვაჭრობისა ყოფად, ჰყოფენ ეკკლესიასა შინა. დაღათუ ვის უნდეს ლალვად , ანუ განგებად სახლთა მეტყველებისა, ანუ სამხედროსა წესისა სმენად, ანუ სასჯელი, ანუ ვითარნი  რაჲ სამკურნალო, ამას ყოველსავე ეკკლესიასა შინა ჰყოფენ. ვინაცა მარადღე ვიურვი  ამის ყოვლისათვის და მწუხარე ვიქმნები, რათამცა ვიქმენ მომპოვნებელ კეთილისა ეკკლესიასა შინა.

არამედ ესრეთ გპოვნენ თქვენ – საქენჯნელად და საცოდველად მოხვალთ მეტყველებად ეკკლესიასა შინა და არა ცოდვათა სინანულად. და ამას იტყვი: „ვერ გულისჴმა ვჰყოფ, რაჲ ითქმიან სიტყვანი, ანუ რაჲსათვის იკითხებიანო.“ შენ მეტყველებ ეკკლესიასა შინა და არა დასდგები შიშით და ამისთვის ვერ გულისჴმა ჰყოფ.

იხილე, ვითარ საჭურისი იგი, გზასა ზედა მყოფი, იკითხვიდა წიგნსა. და შენ, შორის მოძღვართა მდგომარე, მიზეზ ჰყოფ მეტყველი უმეცრებასა და უგულისჴმოებასა.

ამისთვის ევედრე უფალსა, რათა გულისჴმა ჰყო მცნებანი მისნი. ხოლო შენ გიხმს დუმილი ეკკლესიასა შინა, რათა მიითვალოს ღმერთმან დუმილი შენი და მყუდროება. უკეთუ არა ძალგიძს დუმილად, განვედ ეკკლესიით, რათა არა ექმნე სხუათა საწერტელ . რამეთუ ერთი ოდენ ჯერ არს ეკ­კლესიასა შინა გალობა და ლოცვაჲ ჟამსა ეკკლესიად შეკრებისასა და არა ჴმიანობად და ურთიერთას ზრახვად, არამედ დუმილით სმენად საკითხავისა, რამეთუ თვით ეპისკოპოსიცა სდუმს და მხოლოდ მგალობელნი გალობენ. რად უკუჱ ჭეშმარიტებასა უტევებთ და აჩრდილსა და სიზმარსა სდევთ?

ვინაცა, გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მტერისა საქმეთაგან განთავისუფლდით და იხსენით საბრხეთაგან მისთა და ანგაჰრებისა წილ შეიყვარეთ მოწყალება, ხოლო სიძულილისა წილ ძმათმოყვარება , რათა ესრეთ მყოფთა აწინდელიცა კეთილი და ყოფადიცა დაიმკვიდრნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 4

ეკკლესიასა შინა ლოცვისათვის

საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ  წმიდასა ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად სამღთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღმრთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ.

ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა, ანუ სამთავროსა მოიღებდეს ჴელ ქვეშეთა მისთა მოქალაქეთა და იგინი არა გამოეძიებენ ცხოვრებასა მომღებელისასა, თუ მდიდარი არს ანუ გლახაკი, მართალი ანუ ცოდვილი, არამედ აღმოიკითხვის რა იგი, ყოველნი ისმენენ კეთილად; უკეთუმცა ვერა ისმინოს რაჲმე ვინმე, მსმენელსა ჰკითხავნ.

ხოლო უკეთუ ქვეყნისა მთავრისა ესევითარი შიში არს თქვენ ზედა, რაოდენ უფროს აქა, ეკკლესიასა შინა? თვინიერ ცილობისა ჯერ არს სმენად თქვენდა, სადა შემოქმედისა ცათასა ძალსა გაზრახებთ  ჩვენ ცოდვილნი. ვინაცა, გლოცავ თქვენ, მოსრულთა აქა! ასწავებდით მცონართაცა მოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ თქვენ გემო იხილეთ მოძღვრებისა  სიტკბოებისა და მათ არასადა. ხოლო რომელიცა მცონარსა შიშად ღმრთისა მოიყვანებდეს, მიიღოს მრავალი სასყიდელი ღმრთისაგან.

ხოლო ესენი უკუჱ აღმოვსთქვენ და კვალად ლოცვისათვისცა გასწავლნე, ამის მიერ  სათნოებანიცა აღსრულდებიან. უკეთუმცა გულისაგან მდაბლისა და უმანკოჲსა შეიწირვოდეს ლოცვაჲ, ვითარცა საკმეველი ღმრთისა მიმართ აღვალს, რომლისათვის სთქუა წინასწარმეტყველმანცა: „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე“(ფს. 140,2). ხოლო, ვითარცა საკმეველი არს სუნნელი, ოდეს დაისხნეს ცეცხლსა ზედა, ეგრეთვე ლოცვაჲ, ოდეს აღტყინებულისაგან  გულისა იქმნებოდეს, შეიწირვის ღმრთისა მიმართ.

მოვედით უკუჱ, ძმანო საყვარელნო, და ისმინეთ სწავლა ესე ჩვენი, რომელი არს ცხოვრებად სულთა თქვენთა. უკეთუ ჰქმნნეთ და არა თანა­მდებ სასჯელისა იქმნეთ.

ხოლო რომელნი ამათ მოძღვრებათა არა ერჩდეთ , ვითარ იქმნეთ თქვენ ეგოდენთა გზათა მსლველ, რაოდენსაცა მოვიდა დედოფალი სამხრისა სმენად სიბრძნესა სოლომონისსა? ხოლო აქა, ეკკლესიასა შინა, უფროს სოლომონისსა არს და არა გზათა გრძელთა და შრომად; არცა გარემოს ზღვისა მოვლად, არცა მონაგებთა წარგებად, არცა სალმობათა ქვეშე პყრობად, რამეთუ ეკკლესია არს ყოველთა სადგურ და ყოველნი ისწრაფდით მისსა.

ხოლო უკეთუ ხარ მართალ, შევედ ეკკლესიად, რათა არა წარსწყმიდნე სიმართლე. უკეთუ ხარ ცოდვილ, მივედ ეკკლესიადვე, რათა სცხონდე. ხოლო მე არა თავით თვისით გაიძულებ თქვენ საქმედ და მოსლვად ეკკლესიად, რამეთუ ვარ ყოველთა  უცოდვილეს, არამედ რათა სწავლისა მსმენელთა იცხოვნნეთ სულნი თქვენნი.

ხოლო არამსმენელმან წმიდისა მოძღვრებისამან, ვითარ ვინ შეუძლოს წარმართებად სულისა თვისისა, რამეთუ „ნათელ“ ეწოდების სიტყვასა ღმრთისასა, და უფროს ხილულისა ნათლისა არს და ფრიად განანათლებს სულსა, რომლისათვის სთქუა წინასწარმეტყველმან ისაია, ვითარმედ: „ერმან მსხდომარემან ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი”[ეს. 9,2]. ესე იგი არს მოძღვრება ჭეშმარიტი.

რაოდენნი უკუჱ მოხვიდოდეთ აქა ეკკლესიად, აიძულებდით სხუათაცა – არამომსლველთა, და ნუ ვინ იტყვით, ვითარმედ: უცოდველ ვართო. მოიგონე, ძმაო, წოდებულთათვის სამეუფოსა ზედა სერსა, რომელნი არა მივიდეს, რომელნიმე სთქუა: „უღლეული ჴართა ვიყიდე, სხუამან აგარაკი, და სხუამან ცოლი შევირთეო ”[ლკ. 14,18-20], და განრისხნაცა მხოლოდ მათ ზედა მეუფე, და თქვენ არა ძალგიძსთ ერთსა ჟამსა მიახლებად ღმრთისა, რამეთუ რაჲმე სიმსივნე  არს ეკკლესიასა შინა სმენისაგან გალობისა. და მაშინ წარხვალთ საქმედ. უკეთუმცა  იქმნეთ მოსარგებლე, ანუ მარა­დღე განმყოფელ ვეცხლისა, გინა რვალისა, ანუ ღვინისა, ესრეთ არა თვით მიხვალთაა, არა მიწოდებულნი?!

ხოლო აქა ეკკლესიასა შინა ჟამ ყოველ სიტყვანი ღმრთისანი განიცემიან, უმჯობეს ოქროჲსა და უძვირფასეს ქვისა მრავალსასყიდლისა და უტკბილეს თაფლისა. ხოლო თქვენ ამათ მოაკლდებით, ვინათგან არა მოხვალთ მარადის ეკკლესიად მცონარებისა თქვენისათვის, გიზრახავ ამას ძვირსა და გაბრალებ.

და რაჟამს მოხვალთ ეკკლესიად უკრძალველად, მოხვალთ და თვით ნებსით დააკლდებით სულიერსა ამას სწავლასა, რომლისა მიერ იქმნების კეთილი ცხოვრება, სიხარული საუკუნო და დიდება  გამოუთქმელი და ცხოვნება სულისა, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 5. თავი ბ [2]

ლოცვისათვის

ყოველთა უკუჱ უწყოდეთ, საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა ლოცვა არს, ცხოვრება და ცხოვრებისა შუამდგომელი. სახმარ არს ჩემდა, რაოდენ შეუძლო, ვიტყოდე ლოცვისათვის, რათა გასწავო ლოცვათა შინა ცხოვრებულთა. და რომელნი ჰგიეთ საქმეთა შინა ღმრთისათა მარადის, უმოსწრაფეს გაქუნდესთ  თქვენ სიტყვა ესე.

ხოლო რომელნი მყოფ არიან დახსნილობათა შინა, დაუტეობენ სულსა უნაყოფოსა და ჰსცნან გარდასრულთა ჟამთა ამაოებაჲ და არა დააკლონ თავნი თვისნი ცხოვრებასა შემდგომთა ჟამთა.

ხოლო აწ მნებავს თქმად დიდი ესე სარგებელი ლოცვისათვის, რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღმრთისა თანა მზრახველობს. ხოლო თუ ვითარ არს კაცად მყოფისა ღმრთისა თანა ზრახვაჲ, ყოველთა უწყით და არა ძალმიძს პატივისა მის გამოთქმად, რამეთუ ესე პატივი ლოცვისა და დიდად შვენიერებაჲ ანგელოსთაცა აღემატების, რომელი უფროს მათ უწყიან. რამეთუ ერთი დიდებული წინასწარმეტყველი მოგვითხრობს მათთვის, რომელნი შიშით ლოცვასა შესწირვენ ღმრთისა , დამფარველნი პირთა და ფერჴთა თვისთა მრავლითა კრძალულებითა, რომელთა არა ძალუძსთ დადუმებად მრავლისათვის შიშისა [ეს. 6,2-3]. ხოლო შემდგომი ყოველი ბუნება, ცხოვრება, სიბრძნე, მეცნიერება და სხუა ყოველივე, რომელი უკეთუ ვინ  სთქუას.

ხოლო ლოცვა საზოგადო საქმე არს ანგელოსთა და კაცთა. არარაჲ არს განყოფილ შორის ორთა ბუნებისა ლოცვათა შინა, რამეთუ საიდუმლოდ შეირაცხების  მათდა მიმართ და მსწრაფლ ცხოვრებასა მათსა  მიეახლების მლოცველი პატივითა და აზნაურებითა და მეცნიერებისა ცხოვრებითა თვისითა.

ამისთვის გევედრები, ძმანო, ყოველსა შინა ადგილთა და ჟამთა ვის­წრაფოთ ღმრთისა მიმართ ლოცვაჲ, რამეთუ რაჲმე იყოს უბრწყინვალეს მზრახველთა ღმრთისათა და მვედრებელთა? რაჲმე უმართლეს, რაჲმე უბრძნეს და რაჲმეღა ჯერ არს თქმად თანამზრახველთა ღმრთისათა, რომელნი მარადის მისთანა არიან ლოცვისა მიერ და  მისთანავე იდიდებიან საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 6

ლოცვისათვისვე ყოველსა ადგილსა

საყვარელნო, ლოცვისათვის ნუ ვეძიებთ ადგილსა სავედრებელსა, ნუცა მრავლის მეტყველებასა ლოცვასა შინა და გრძელთა სიტყვათა, არამედ, ვითარცა ქანანელი იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს”(მთ. 15,22). ეგრეთვე შენცა იტყოდე: „უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ სული ჩემი ბოროტად იგვემების ეშმაკისაგან”.

დაღაცათუ მცირე არიან ესე სიტყვანი, არამედ უფროს კაცთმოყვარებანი ღმრთისანი. სადაცა არს წყალობა ღმრთისა, მუნ ყოველი კეთილი, და სადაცა იყო, ძმაო, ესრეთ  იტყოდე: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

უკეთუმცა არა აღძრნე ბაგენი, არამედ გონებითა გულსა შინა ესრეთ ღაღად ჰყავ, რამეთუ მდუმრიად  თქმულიცა ლოცვანი ისმინის ღმერთმან. ხოლო შენ თვით ტაძარი ხარ ღმრთისა ცხოველისა [1 კორ. 3,16; 6,19; 2 კორ. 6,16]. რად ეძიებ ადგილსა ლოცვისასა, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს?

იხილე, ვითარ მოსე ივლტოდა ეგვიპტით პირისაგან ჶარაოსა: ზღვა იყო პირით კერძო და ჶარაო ზურგით და შორის მოსე, და დიდი იწროება იყო მისა. არა იყო მისაყრდნობელ მისა ვედრებად ღმრთისა . და ჰრქუა მოსეს ღმერთმან: „რაჲსა ღაღადებ ჩემდამო?”[გამ. 14,15]

ხოლო ეგრეთვე სამნი ყრმანიცა შეთხეულნი სახმილსა შინა ილოცვიდეს და ლოცვამან მათმან დაშრიტა ალი ცეცხლისა, და საკრველნი მათნი დაჰხსნნა, და ცხოველნი გამოიყვანნა იგინი და დიდებულად გამოაჩინნა ძალმან ლოცვისამან [დან. 3,21-26].

ხოლო ეგრეთვე იობ სკორესა ზედა  ილოცვიდა და ღმერთი მოწყალე ჰყო [იობ. 2,8]. უკეთუ შენზედაცა მოვიდეს, ძმაო, განსაცდელი, შენ  ღმრთისა მიმართ მიივლტოდე ლოცვითა და ევედრებოდე, რათა გიხსნას შენ, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს და მახლობელ შენსა, რამეთუ ვიდრეღა შენ იტყოდე გულითა წმიდითა, გრქუას: „აჰა, ესერა მე შენთანა ვარ”[მთ. 28,20]. და არღარა აღგესრულებინოს ლოცვაჲ, მან მოგცეს შენ ლხინება და ცხოვრება საუკუნო, რამეთუ მისა ჰშვენის ლოცვა და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 7

ლოცვად აღდგომისათვის

მიიღე ფარი სიმტკიცისა, ჵ, ძმაო, საყვარელო, ესე იგი არს წმიდანი ლოცვანი და მით შეზღუდვილ იქმენ. აღსდეგ ძილისაგან და იხადე მახვილი ესე ლოცვისა და დასდეგ მტკიცედ ძალისაებრ შენისა და ევედრე ღმერთსა სურვილით, ყოვლითა სულითა შენითა და შეგეწიოს შენ ღმერთი მოს­წრაფედ, და მოგცეს შენ ძალი და ძლიერება ძლევად უხილავისა მტრისა შენ ზედა კადნიერისა.

რამეთუ არა მისთვის არს, ძმანო, ღამე ქმნილი , რათა მარადის გვეძინოს და უქმად ვიყვნეთ, არამედ ჯერ არს განყოფად ღამე, რომელნიმე უკუჱ საქმედ, ხოლო რომელნიმე განსვენებად. იხილეთ უკუჱ, ვითარ აღსდგებიან ჴელთმოქმედნი შუა ღამესა, მხუნელნი და ვაჭარნი.

ამისთვის გევედრები თქვენცა, ყოველნი აღსდგებოდეთ კაცად კაცადი ღამე და პირველ ყოველთა საქმეთა ჰყოფდეთ ლოცვასა ღმრთისა მიმართ, რათა მოწყალება თვისი მოგანიჭოს თქვენ. და ოდეს დასწვებოდეთ ძილად, ნუ უტევებთ ნუცა ერთსა ღამესა, რომელ არა თაყვანის სცემდეთ ღმერთსა. არამედ რაოდენი უკუჱ ძალგედვასთ ძალისაებრ თქვენისა, ჰყავთ თაყვანისცემაჲ, რამეთუ ლოცვითა და თაყვანისცემითა სძლევს კაცი ძალსა ეშმაკისასა და ლოცვისა მიერ იხსნები ცოდვათაგან , რომელი ჰსცოდე მას დღესა.

რამეთუ ღამით გონებაცა შენი უმსუბუქეს არს და მიახლებულ ღმრთისა მიმართ და ძალუძს შენი სინანულად მოქცევაჲ. ლოცვასა ღამისასა და ღამეულთა ლოცვათა უფროს ისმენს ღმერთი, რამეთუ მაშინ სულიცა შენი უპატიოსნეს არს მყუდროებითა და გონება შენი დაწყნარებულ ვედრებად ღმრთისა.

ვინაცა , საყვარელო, აღსდეგ ღამე და მოიდრიკენ მუხლნი და შეუვრდი ღმერთსა მვედრებელი: „მოყოს ყური თვისი ღმერთმან და ისმინოს ვედრება შენი“[ფს. 87,2].

მოიხსენე უკუჱ დავით მეფისა, ვითარ იტყოდა: „შვიდგზის დღესა  შინა გაქებდე შენ, უფალო”[ფს. 118,164], და კვალად: „შუაღამე აღვსდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლეთა შენთასა. და დავშვერი  მე სულთქმითა ჩემითა, ღამე ყოველ ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტე”(ფს.118,62); [ფს. 6,6].

გულისჴმა ვჰყოთ, ძმანო, უკეთუ მეფედ მყოფსა ესოდენი აქუნდა მწუხარება და ესრეთ ჰყოფდა ღამე ყოველ. ხოლო ჩვენ ვითარი პასუხი მივსცეთ ღმერთსა უდებებასა შინა მყოფთა? გევედრები თქვენ, ძმანო, აღვსდგეთ ვედრებად ღმრთისა ცოდვათათვის ჩვენთა და აღსაარებად მისა, რამეთუ ღამესა შინა არცა ცუდად მზუაობრობა აღსძრავს გონებასა და არცა ვის ეკდიმებინ  – რამეთუ არავინ გავნებს, არცა გქენჯნის.

იყავნ სახლი თქვენი, ვითარცა ეკკლესია ღამე ყოველ, ქმარნი ცოლთა თანა დადგინებულ ლოცვად, რამეთუ სთქუა უფალმან: „სადაცა არიან ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა”[მთ. 18,20]. კეთილ არს ღმრთისა ნებისა ყოფაჲ. უკეთუ თქვენგანთა ვისთანამე შვილნიცა არიან , განაღვიძეთ იგინი ვედრებად ღმრთისა და ასწავეთ მათ, რათა ილოცვიდენ ღამე და დღე. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ კეთილი სახლეულისა, ვითარ ღამე და დღე ლოცვა და ხსენება ღმრთისა. ისმინეთ რაჲსა იტყვის წინასწარმეტყველი: „უკეთუმცა მოგიხსენო შენ სარეცელსა ზედა ჩემსა  და ცისკარსამცა გევედრებოდე შენ, უფალო”(ფს. 62,7).

ვისწრაფოთ უკუჱ, ძმანო, ღამე ყოველ, რათა განვიხსნნეთ  საკრველნი ცოდვათა ჩვენთანი ლოცვითა. გეტყვი თქვენ – აღსდეგით ღამე; უკეთუ არა შუაღამ, მაშა განთიად ევედრებოდეთ ღმერთსა. რამეთუ ღამე ორად განყოფილ არს – ჴორცთა განსვენებად და სულისა ცხოვნებად ლოცვისა მიერ.

აღსდეგ უკუჱ ღამე და ევედრე ღმერთსა, შეუვრდი სულთქმით დამბადებელსა შენსა ცოდვათა მოტევებისათვის და საუკუნოსა დიდებისა პოვნისათვის, რომლისა მიმთხვევად ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 8. თავი გ [3]

ეპისკოპოსთა პატივისათვის

დაემორჩილენით ეპისკოპოსთა და პატივს სცემდით მღუდელნი ეკ­კლესიისანი, რათა მათ თანა ზიარ იქმნნეთ მადლსა ღმრთისა მიერ. რამეთუ სასმენელსა  ჩემსა არს, რომლისათვის უღელი მოვიღე და პირისაგან კაცთასა არა მიცნობიეს, არამედ სული მიქადებს მე ესრეთ მეტყველი, ვითარმედ: „თვინიერ ეპისკოპოსისა არარაჲსა ყოფად“, რამეთუ სადაცა გამოჩნდეს ეპისკოპოსი, მუნ სიმრავლე კეთილთა იყოს, და სადაცა სახელ იდვას ქრისტე, მუნ კრებულნი ეკკლესიისანი შევლენ . ვითარცა, სადაცა მწყემსნი ცხოვართანი ვლენ, მუნ იგინი სძოვენ და მწყემსნი ჰსცვენ. ხოლო თვინიერ მწყემსისა ცხოვარნი წარიტაცებიან მხეცთა მიერ და თვინიერ მღუდელმთავრისა არცა ნათლისღება იქმნების, არცა სხუა საიდუმლოთაგანი.

ესე უკუჱ ღმრთისა სათნო არს, რომელ პატივსცე მღუდელმთავართა და პატივისმცემელი მღუდელმთავართა ღმრთისაგან პატივცემულ იქმნების, და რომელი თვინიერ მღუდელმთავრისა რასმე ჰყოფდეს, არა შვენიერ არს.

ხოლო მღუდელთა უღირს  მორჩილება, ვითარცა რა მოციქულთა ქრისტესდა, სასოებისა ჩვენისა, რათა მსგავს მათდა ვიპოვნეთ.

ხოლო ჰშვენის დიაკონთაცა, ვიტყვი მსახურთა საიდუმლოთა ქრისტესთა ყოველსა შინა სათნოყოფად, ვინათგან არა საჭმელისა და სასმელისა არიან მსახურ, არამედ ღმრთისა ეკკლესიათა და საიდუმლოთა მისთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო, პატივ სცემდეთ ეპისკოპოსთა, ვითარცა თვით ქრისტესა, ხოლო მღუდელთა, ვითარცა თანამოსაყდრეთა და შეუღლებულთა მოციქულთასა , რამეთუ თვინიერ მათსა ეკკლესია არა განათლდების. ამისთვის ისმინებიან  სჯულისანი, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი გჰრქუას შენ მღუდელმან, ჰყავ და ნუ მიაქცევ მარცხენით, ნუცა მარჯვენით სიტყვათაგან. რომელმან არა უსმინოს მღუდელსა, თანამდებ არს სიკუდილისა“[2 რჯ. 17,11-12].

ხოლო სთქუა წინასწარმეტყველმანცა მალაქია სიტყვანი მღუდელთათვის ღირსნი, ვითარმედ: „დაიმარხენ მეცნიერება და სჯული პირისაგან მისისა, რამეთუ ქადაგი არს ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა და სოფლისა წარსამართებელად ვალს”[მალ. 2,7].

და სხუამან სთქუა: „ყოვლითა სულითა შენითა კეთილსა უყოფდი უფალსა და მღუდელთა მიმართ პატივ სცემდი და მსახურთა მისთა ნუ დაუტეობ, გეშინოდენ ღმრთისა, ადიდე მღუდელი”.

ხოლო პავლე ესრეთ მისწერს ტიმოთეს მიმართ, ვითარმედ: „შესძინებდი კეთილ ღირსყოფისათვის მღუდელთა ორკეცსა პატივსა”[1 ტიმ. 5,17].

და სთქუა კანონმან ესრეთ: „მღუდელნი განწმენდილ არიან უფლისა მიმართ ღმრთისა, რამეთუ მსხვერპლსა და ძღვენსა ღმერთსა შენთვის შესწირვენ და წმიდა არიან”[1 ეზრ. 6,20].

და კვალად სთქუა უფალმან ჰარონის  მიმართ: „იტყოდე  შენ მსახურთა მიმართ ჩემთა ტაძარსა შინა წამებისასა, იგინი მიიღებდენ ცოდვასა თვისთა ერთასა და მონაგებთა მათთაგან მისცემდენ ლევიტელთა, ვითარცა სასყიდელსა თქვენსა მსახურებისათვის”[რიც. 18,23-24].

ხოლო ისაია სთქუა: „თქვენ მღუდელთა გეწოდოს მსახურნი ღმრთისანი”[ეს. 61,6].

და იერემია სთქუა: „განვადიდო და გამოვზარდო სულნი მღუდელთანი”[იერ. 31,14].

ხოლო პავლეცა სთქუა: „რამეთუ ყოველი მღუდელმთავარი შეწირვად სოფლისა მსხვერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, რომელნი იგი სახედ აჩრდილისა მსახურებენ ზეცისასა”[ებრ. 8,3-5].

და ესევითარი დავითცა სთქუა, ვითარმედ: „მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ სიხარულითა ”[ფს. 131,9].

ხოლო აწ მე გლოცავ თქვენ, ძმანო , იცით რომელნი ჰშვრებიან  თქვენთვის. ჰყავთ სიყვარული მღუდელთა მიმართ და პატივისცემაჲ, რამეთუ შვენიერ არს. საყვარელნო, ვითარცა რა მეგობართა ღმრთისათა პატივისცემად მღუდელთა, რამეთუ გამოირჩინა უფალმან და ადიდნა მღუდელნი და არავინ თავით თვისით მიიღებს პატივსა, არამედ ჩინებულნი ღმრთისანი.

არა არს თქმული აწ არცა პირველ მღუდელთა წინა აღდგომაჲ, ხოლო წინა აღმდგომნი სასჯელსა თავისა თვისისასა მიიღებენ, რამეთუ წერილ არს: „მთავრისა მიმართ შენისა ნუ იტყვი ძვირსა”[იაკ. 4,11; იგ. 3,29].

და უფალი დიდი მთავარი ეტყვის : „რომელმან თქვენ შეგიწყნაროს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი მამა. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს”[მთ. 10,40-41]. დიდება ღმერთსა ჩვენსა აწ და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 9

მღუდელთა პატივისათვის

საყვარელნო ძმანო , ვისწრაფოთ ყოველთა, რათა მადლი სულისა წმიდისა იყოს ჩვენთანა  და მღუდელთა დიდითა პატივითა პატივს ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღუდელთა და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით წინა­მძღვართა  თქვენთა”(ებრ. 13,17).

რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა  და უკეთუ საქმენი შენნი ჰქმნე  კეთილად, სხუათათვის არარაჲ ზრუნვა გაქვს. ხოლო მღუდელი, დაღაცათუ თვით სათნო იყოს და შენსა ცხოვრებასა არა კეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეენიად წარვალს, და მრავალგზის თვით კეთილად არნ, – და თქვენთა საქმეთათვის  წარწყმდის, უკეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისა და არა ჰქმნას.

ამისთვის უკუჱ ჯერ არს, რათა პატივ სცემდეთ მღუდელთა, რამეთუ ესე მოასწავა მოციქულმან, ვითარმედ: „იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, რამეთუ სიტყვისა თანააძს მიცემაჲ“[ებრ. 13,17]. ამისთვის ჯერ არს, რათა პატივს ვცემდეთ მღუდელთა, რამეთუ  ესრეთ უმეტესად ძალუძს მოსწრაფება თქვენთვის.

უკეთუ კულა თქვენ  შეურაცხ ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფად არს საქმენი თქვენნი  და იგინიცა დაიხსნებიან შეწევნად თქვენდა. ისმინე, უფალი რაჲსა იტყვის, ვითარმედ: „საყდართა ზედა მოსესსა  დასხდენ მწიგნობარნი და ჶარისეველნი. ყოველსა უკუჱ რაოდენსა გეტყოდენ  ქმნად, იქმოდეთ”[მთ. 23,2-3]. ხოლო აწ ვერვინ  იტყვის, თუ: „მოსეს საყდარსა ზედა დასხდენ მღუდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლა აქუს.“

არა  ხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი მორჩილებენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ხოლო ღმრთისა დადგინებულთა არა უფროსად ჯერ არსა პატივისცემაჲ?

რაჲ უკუჱ  სიტყვა აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს, არა განკითხვა მოყვსისა, და იგინი მღუდელთა აგინებენ და შეასმენენ.

ხოლო ამას რა ვიტყვი, არათუ ამისთვის, ვითარმედ, რომელნი მოუხდებიან მღუდელობასა არა ღირსებით, კეთილმცა იყვნეს, არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტანჯვისა  არიან. არამედ მათთა სამწყსოთა არავე უხმს მათი შეურაცხყოფაჲ. რამეთუ უკეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან შენ არარაჲ  გევნების.

და უკეთუ ღმერთმან ვირისა  მიერ სწავლა გამოაჩინა და მოგვისა მიერ კურთხევა მოჰფინა, თქვენმცა არა მოგცაა მადლი მღუდელთა მიერ და სული წმიდა მოგანიჭა ?

რამეთუ არცა წმიდა სიწმიდითა თვისითა მოიყვანებს მადლსა მას, არამედ მადლი იგი იქმს ყოველსავე. რამეთუ არათუ კაცი, მღუდელი, არამედ არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი, რასა იქმს ნიჭთა მათ შინა ღმრთისათა, არამედ მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ არს, რომელი ყოველსავე  განაგებს. ხოლო მღუდელი თვისსა ენასა ავასხებს და ჴელსა მისცემს, რამეთუ რადმცა ეთნებოდა  მადლსა მას მღუდლისა მიერ მორწმუნეთა ზედა.

ამისთვის უკუჱ რომელთა ესე უწყით, ღმრთისაგანცა გვეშინოდენ და მღუდელთა პატივს ვსცემდეთ, რათა ესრეთ სასყიდელი მოვიღოთ ღმრთისაგან, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 10

მღუდელთა მიმართ

გეტყვი შენცა, ჵ, მღუდელო, მწყემსო ქრისტეს ცხოვართაო და მდგომარევ წინაშე საშინელსა მისსა ტრაპეზსა, ყოველთათვის მორწმუნეთა ვედრებისა შემწირველო ღმრთისა მიმართ.

განიშორე სიმთვრალე, რამეთუ შეამწიკვლებს ვედრებასა შენსა.

და ნუ აღრევ სიტყვასა შენსა ერისა მიმართ ლიტონისა. იხილე, რამეთუ ღმრთისა თანამზრახველ ხარ.

ჴორცნი შენნი წმიდად დაიმარხენ. უწყოდე, რამეთუ შუამდგომელი ხარ ღმრთისა და კაცთა.

სლვაჲ მშვიდი აქუნდინ ფერჴთა შენთა, ვინათგან ადგილსა წმიდასა სდგახარ.

დაიცავ ჴელი შენი ყოვლისაგან არაწმიდებისა, რამეთუ მათ მიერ მოიღებ ჴორცსა ქრისტესსა.

სიმდაბლე მიიღე, რამეთუ მდაბალთა მოხედავს ღმერთი.

წმიდად გაქვნდინ ენაჲ ყოვლისა კაცისა განკითხვისაგან, რამეთუ მით ადიდებ ღმერთსა ანგელოსთა თანა.

განეშორე შფოთსა ერისასა, რათა არა შემაშფოთებელ გექმნას გონებაჲ, არამედ წმიდასა ლოცვასა ღმრთისა მიმართ აღავლენდეს.

მოწყალე იქმენ გლახაკთა ზედა, რამეთუ მოწყალენი ჰპოვებენ წყალობასა ღმრთისა მიერ.

მოუხდე რა წმიდასა მას ტრაპეზსა , წარიხადენ, ვითარცა მოსე, შიში უჯერო და მწუხარება მსოფლიო და არაწმიდანი გულისსიტყვანი გულისაგან შენისა, რამეთუ „ადგილი, რომელსა ზედა შენ სდგა, წმიდა არს“[საქ. 7,33].

მოიხსენენ წმიდათა შესაწირავთა შინა ძმანი შენნი სულიერნი და ჴორციელნი.

ნუ სცვალებ ვედრებასა უჯეროდ, ნუცა ჴმასა უწესოდ.

იკითხვიდე გულსმოდგინებით ცხოვრებასა და მოძღვრებასა წმიდათა მამათასა. ნუ ლაღობით, არამედ მეცნიერებით ასწავებდ თავსაცა შენსა და სხუათაცა კეთილად.

და ბრძანებისაებრ უხუცესისა შენისა და ნუ შენ მიერ, რათა არა კადნიერებისა მახვილითა დაეცე.

ნუ განიძღებ მუცელსა შენსა ფრიად, რათა არა ოხრვიდე უშვერად და განსდევნო ფშვინვითა სული წმიდა გარდამომავალი ნიჭსა ზედა.

და დგომასა შენსა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, ნუ წამ-წამ იხედავ, არამედ ოდენ აღიხილევდი თუალთა მხოლოჲსა ღმრთისა მიმართ, რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, და თაყვანის სცემდ.

მშვიდობასა ჰყოფდე  უკანასკნელადმდე და ყოველთათვის კურთხევასა და წყალობასა ითხოვდე.

დასდეგ წინაშე საკურთხეველისა, თვინიერ განკითხვისა, აღიპყრენ ჴელნი ფრთეთაებრ სერაჶიმთასა.

კვალად გეტყვი შენ, ჵ, მსახურო ქრისტესო: ეკრძალე სასმელსა, რამეთუ სერაჶიმი ხარ ჴორციელი და უშვერ არს შენდა მიდევნება სასმელისა.

და უჯერო მონაგებთა სიყვარული და საძაგელ ამპარტავანებაჲ, განმკითხველობაჲ, ზუაობაჲ, სილაღე და გულისთქმა სიძვისა. ესე ყოველნი ანგელოსთა მხედრობათაგან  უცხო არიან, რომელთა წესი მოგიგიეს, ჵ, მღუდელო, და მსახურებ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა და უფროს მათსა შეერთები, რამეთუ იტყვი: „აწ ძალნი ცათანი უხილავად ჩვენთანა მსახურებენ”.

ამისთვის, მღუდელო, იყავ კეთილგონიერ და გულისჴმა ჰყავ, თუ რაჲ ხარ, ანუ რაჲსა ჰმსახურებ. ჰსცან თავი შენი და ჰმონე უფალსა შიშით და სიყვარულით, და ყოველი ჩვეულება ამაო განაგდე და ანგელოსებრივი მსახურება მოიგე.

შიშით და სიყვარულით და კრძალულებით იპყარ საიდუმლონი, რათა იქმნე  ცათა შინა მედღესასწაულე ანგელოსთა თანა და ყოველთა წმიდათა დაუსრულებელსა მას კეთილსა , რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად და დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა  თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 11. თავი დ [4]

აღსაარებისათვის ცოდვათასა

საყვარელნო, აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღსაარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ჴორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან.

ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრისა მიმართ დიდად სავნებელ არს – შემდგომად სიკუდილისა სულთა  შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების. ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსაარება ცოდვათა, ხოლო დაფარვა სიხარულ სატანასი. რამეთუ იგი ლიქნით ეტყვის, ვითარმედ: „დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანეო .“ არამედ, ჵ, კაცო, უწყიაა მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა? არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი, რათამცა უნანელი წარგიტაცოს ანასდითა  სიკუდილითა და წარგწყმიდოს.

უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს, ესრეთ შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი, ვითარმედ: „თვით უწყი, რაჲსაცა წერილი იტყვის კანონსა. ეგრეთ  ჰყავ შენცა და ნუ  იტყვი აღსაარებასა.“ არამედ, ჵ, საყვარელო, ნუ უსმენ ეშმაკსა და ნუცა ჰყოვნი აღსაარებად ცოდვათა შენთა, რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 12

აღსაარებისათვისვე

მოვიხსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი, საყვარელნო, და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსაარებითა და სინანულითა. რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმერთსა აღსაარებისათვის, ვითარცა იტყვის:

1. „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რათა განმართლდე”[ეს. 43,26]. და კვალად იტყვის: „უსჯულოება ჩემი გითხრა შენ და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩემისა”[ფს. 31,5], რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსაარებაჲ მათი და ხსენება.

2. და კვალად არს სხუაცა წამალი ახოცისა მათისა, რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა, არამედ შეუნდობდეთ.

3. გნებავსაა, რათა მესამეცა გითხრა? ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რაჲსა იტყვის: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა ახოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა”[დან. 4,27].

4. და კვალად არს სხუაცა გზაჲ ცოდვათა აღხოცისა, ესე იგი არს, ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღმრთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინისცემასა შენდობისასა.

5. ხოლო მარხვაცა, რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდეს, დაშრეტს მოწყინარეობასა რისხვისა ღმრთისასა, რამეთუ ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი.

ამათ უკუჱ, ყოველთა გზათა ვიდოდეთ, რამეთუ, უკეთუ ამათ შინა ვჰყოთ სლვაჲ ჩვენი, არათუ ოდენ გარდასრულნი ცოდვანი განვიბანოთ, არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი. არა ვსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა, რამეთუ ესეცა ამისგან მოიწევის, რაჟამს არა გვაქვნდეს საქმე სათნოებისა, არამედ მოცალებით ვიყვნეთ.

ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ვისწრაფოთ სათნოყოფად ღმრთისა აღსაარებითა და სინანულითა, რათა მცირედსა  ამას ჟამსა დავშვრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 13

აღსაარებისათვისვე

მოვედით, საყვარელნო ძმანო, და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ  გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისსა, არამედ  გვეშინოდენ ღმრთისაგან, რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არარაჲ დაეფარვის და მუნ სტანჯავს  უნანელთა.

რამეთუ ჩვენ, რომელსა იგი ეგულების სჯაჲ, არა გვეშინის მისგან. ხოლო გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა  უწყით, ვითარმედ, რომელმან არა აღიაროს და შეინანოს  თვისნი  ბოროტნი, მას დღესა  არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა, არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადებიან. რამეთუ მუნ დასჯდების მართლმსაჯული იესო და თვითოეულისა საქმენი , ვითარნიცა იყვნენ  კეთილნი ანუ ბოროტნი.

გულისჴმა ჰყავ, ჵ, კაცო, თუ რაჲ გიქმნიეს ბოროტი, ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე, გარნა  ღმერთსა ვერ დაუფარავ, და შენ კაცისაგან  გრცხვენის  და ღმრთისა შიშსა არა მოიგონებ?!

გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ ვერცა კაცთა  დაეფარო მას დღესა შინა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი, ვითარცა გამოხატულნი , დასდგენ წინაშე ჩვენსა, რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ, ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თუალთა მისთა ; და რომელი იგი საძაგელ უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევიდეთ  თვითოეული  გონებასა ჩვენსა და დავსდგათ სამსჯავროჲ და წარმოვადგინნეთ  შორის ცოდვანი ჩვენნი. და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვიკურნნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსაარებითა და  დავსდვათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი, რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნება  წყლულებათა ჩვენთა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „უკეთუ მიუტევნეთ, მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი”[მთ. 6,14], ეგრეთ ვიქმნეთ, უკეთუ გვენებოს აღსაარებისა და სინანულისა მიერ .

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რათა პირველად განვეშორნეთ  ქმნისაგან ბოროტთასა  და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსაარებითა . და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა .

და უკეთუ მიგიტაცებიეს , განეშორე მისგან და დაიდევ  წამალი მოწყალებისა. და უკეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისა. უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა, აჩვენე კვალად სიყვარული .

და ესრეთ ვიქმოდეთ თვითოეულსა  ზედა საქმესა და ნუმცა თანაწარ­ვხდებით ცოდვათა ჩვენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა. ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს”(ფილ. 4,5). ნუ ზრუნავთ, რომელნი მოღვაწებათა და ჭირთა შინა  ხართ, ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქვენ ესრეთ გეტყვი: „უფალი ახლოს არს, ჰზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული”(ფილ. 4,5); [1 პეტ. 4,7].

და უკეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს”, არა აწ უფროსად ახლოს არსა? უკეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?

არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღმრთისათა და განვი­წმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსაარებითა. რამეთუ ოდეს არა უწყოდეთ და უზრუნველ  ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა , ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს”[ლკ.17,26-29]. რამეთუ მყისსა  შინა მოიწიოს, ვითარცა სალმობა შობადისა, უცნაურად მყისსა შინა ეწიოს  დედაკაცსა, რაჟამს არა მოელოდის მრავალჟამ .

და ამისთვის გლოცავ და გევედრები, ძმანო, ვიყვნეთ მარადის მზაჲ აღსაარებითა, რამეთუ  მრავალგზის არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ”(ფს. 6,5). არამედ აქავე შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი, რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვჰპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 14. თავი ე [5]

წმიდისა ზიარებისათვის

საყვარელნო , გულისჴმა ვჰყოთ, თუ რაჲ არს საკვირველი ესე საიდუმლო ამის ზიარებისა . ესე არს ფრიადისა სიყვარულისა სახე , რომელ ქრისტემან ჰქმნა, რათა უმტკიცესად სიყვარულად მისსა  მოგვიყვანნეს  ჩვენ და თვისიცა სიყვარული გვიჩვენოს, რომელი აქვს ჩვენდა მომართ.

და ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ : „ჴორცითა ჩემითა გზრდი თქვენ და თავსა ჩემსა წინაშე თქვენსა დაგიგებ , რამეთუ მნებავს, რათამცა თქვენ ყოველნი მთავარ და დიდებულ იქმნნეთ, და მიგცემ თქვენ სასოებათა კეთილთა საუკუნოსათა, რამეთუ  რომელსა ესე აქავე თავი ჩემი მიმიცემიეს თქვენდა, არა უფროს მას საუკუნესა ვჰყოა  ესე?! რომელმან ესე ვინებე ძმად თქვენდა ყოფად, ზიარ ვიქმენ თქვენთვის ჴორცთა და სისხლთა; კვალად ჴორცსა და სისხლსა მას მიგცემ თქვენვე, რამეთუ თქვენთვის ვიქმენ  ზიარ მათდა”.

აწ უკუჱ, საყვარელნო ძმანო, ესე სისხლი ხატსა  მას სამეუფოსა კეთილად გამოსახავს და განაბრწყინვებს ჩვენ შორის. ესე პატიოსნებასა მას სულისასა და მთავრობასა გვირგვინოსან ჰყოფს . ესე სისხლი იოტებს  ეშმაკთა და შორს ჰყოფს ჩვენგან და მოუწოდს ანგელოსთა ჩვენდა და მეუფესა მას ანგელოსთასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი ესე  სამეუფო, ივლტიან ეშმაკნი და მიისწრაფიან მუნ ანგელოსნი.

ესე სისხლი დაითხია რა, ყოველივე სოფელი განიბანა . ამან სისხლმან განსწმიდნა ცოდვანი . ესე არს ცხოვრება სულთა ჩვენთა, ამით განიბანების სული, ამით შეიმკობის , ამით გამოიხსნების ; ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა; ესე ოქროჲსა უწმიდეს ჰყოფს სულსა; ესე სისხლი დაითხია და ცანი სავალად  კაცთა იქმნა . ჭეშმარიტად საშინელ არს საიდუმლო ესე ეკკლესიისა .

ესე სისხლი არს სასყიდელი ყოვლისა სოფლისა; ამით მოიყიდა ქრისტემან ეკკლესია, ამით შეამკო იგი ყოვლით კერძო, რამეთუ ვითარცა კაცი, რომელი მოიყიდნ მონათა, ოქროჲ მისცის და უკეთუ შემკობა მათი ჰნებავნ, ოქროჲთავე შეამკვნის. ეგრეთვე ქრისტემან ჰქმნა: სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა და კვალად  შემამკვნა ჩვენ სისხლითავე თვისითა.

და რომელნი ამის სისხლისაგან ეზიარებოდენ , იგინი ანგელოსთა თანა და მთავარანგელოსთა და ძალთა ზეცისათა მდგომარე არიან, და  შეუმოსიეს სამეუფო იგი სამოსელი  და საჭურველი იგი სულიერი და რად ესრეთ ვიტყვი, რამეთუ თავადი იგი მეუფე ყოველთა შეუმოსიეს.

ხედავაა, ვითარ დიდ არს საქმე ესე და დიდებულ? აწ უკუჱ უწყოდე, ვითარმედ რაოდენ  ესე დიდ არს და საკვირველ, ეგრეთვე, უკეთუ სიწმიდით და ღირსებით მოუხდე  მას, ცხოვრებად თავისა შენისა მისრულ ხარ. უკეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუხდე, დასასჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მოუხდები , რამეთუ „რომელი სჭამდეს და სმიდეს უღირსებით, იგი დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სვამს მას” [1 კორ. 11,27-29]. იხილე ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე , ვითარმედ : რომელთა არაწმიდითა გონებითა მიიღონ ჴორცი და სისხლი ქრისტესი, დაისჯებიან ბოროტად.

აწ უკუჱ, საყვარელნო , გულისჴმა ვჰყოთ, თუ ვითართა კეთილთა ღირს უქმნიეთ ჩვენ ქრისტესა ვმადლობდეთ მას და ვადიდებდეთ და ღირსებით ვეზიარებოდეთ წმიდათა საიდუმლოთა მისთა, ნუ  სარწმუნოებითა  ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, რათა  ღირს ვიქმნეთ კეთილთა მათ საუკუნეთაცა  მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 15

წმიდისა ზიარებისათვისვე

აჰა, ესერა, საყვარელნო , ჴორცი და სისხლი ქრისტესი  წინამდებარე არს ჩვენდა; არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმელადცა და სასმლად, უკეთუ გვენებოს მოუცემიეს ჩვენდა.

მოუხდეთ უკუჱ სარწმუნოებით, რათა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩვენნი. უკეთუ „რომელნი ფესუსა სამოსლისა მისისასა შეეხნეს, ესრეთ სარგებელ ეყო“[მთ. 14,36]. რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოს, რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორის თვისთა, უკეთუ ოდენ ღირს იქმნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად? რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტესა მოუხდებით, დაღაცათუ ჴმაჲ მისი არა გვესმის და უფროსღა გვესმის ჴმაცა მისი დღითი დღედ  სახარებისა მიერ.

აწ უკუჱ შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობა იგი არს, რომელსა შინა თავადი ინახით მჯდომარე იყო, და არა რაჲთა განყოფილ არს ესე მისგან, – რამეთუ, ვითარცა იგი მაშინ ქრისტემან  შემზადა, ეგრეთვე აწ ამას, იგივე შემზადებს.

ამისთვის გეტყვი, საყვარელო: ოდეს იხილო, რომელ მღუდელი გაზიარებდეს წმიდასა საიდუმლოსა, ნუ  ჰგონებ, თუ  მღუდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ჴელი ქრისტესი განმარტებულ  არს მოცემად შენდა, ჴორცსა და სისხლსა მისსა.

რამეთუ ვითარცა იგი ნათელ იღებდე რა, არათუ  მღუდელი იგი ნათელ გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი და არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი, არცა სხუა ვინ იკადრებს მიახლებად. ეგრეთვე აქაცა იგი  არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა.

რამეთუ არა ანგელოსთადა ურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი: რამეთუ, რომელმან უმეტესი ჰქმნა, უდარესიმცა უღირს იჩინაა? რომელმან თავი თვისი მოგვცა საჭ­მლად, ჴელითამცა თვისითა არა ჯერიჩინაა განყოფად პატიოსნისა მის ჴორცისა და სისხლისა მისისა მოყვარეთა მისთა ?

ვისმინოთ უკუჱ მღუდელთაცა და ყოველმან ერმან, თუ ვითარსა პატივსა ღირს ქმნულ ვართ და  შევძრწმუნდეთ. წმიდისა ჴორცისა და სისხლისა მისისა ზიარ მყვნა ჩვენ, თავი თვისი დაკლული წინაშე დაგვიდვა.

რაჲმე  უკუჱ მიუგოთ, რომელნი ესევითარსა საიდუმლოსა ზიარ ქმნულ  ვართ და ესრეთ წარმდებებით ვსცოდავთ? რომელნი კრავსა მას ღმრთისასა მოვიღებთ და არა შევიკდემთ . მგელთა მიმსგავსებულად, რომელნი ტარიგსა მას მოვიქვამთ ამხმელსა ცოდვათა სოფლისათა და ვართ  მხეც მტაცებელ.

ესე საიდუმლო ნიჭი არს მშვიდობისა, განმწმედელი ყოველთა ცოდვათაგან, ღირსად მიმღებელთა მისთა და არა ჰნებავს, რათა ყოვლადვე უფლებულ  ვიყვნეთ  ვნებათაგან შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაჰარებისა, ანუ თუ გულისთქმისაგან ბოროტისა .

რამეთუ, უკეთუ ქრისტემან ცხოვრებისათვის  სულთა ჩვენთასა არა ჰრიდა თავსა თვისსა სიკუდილად მიცემად, ჩვენ ვითარ უგულებელს ვჰყოფთ ცხოვრებასა ჩვენსა? არამედ, საყვარელნო ძმანო, წმიდითა გულითა ვეზიარებოდეთ წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, რათა საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 16

წმიდისათვისვე ზიარებისა

საყვარელნო, განიცადეთ და იხილეთ, თუ რაბამ ტკბილ და სახიერ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე; რამეთუ ჴორცითა თვისითა გუზრდის და სისხლსა თვისსა არა ჰრიდებს დათხევად ჩვენთვის.

ხოლო ჩვენ არცათუ პურსა მივსცემთ მისთვის, არცა სასმელსა წყლისასა. ქრისტემან წიაღთა თვისთა შეგვიტკბო და შეგვიწყნარა, ხოლო ჩვენ არცათუ ძმათა ჩვენთა უცხოთა შევიწყნარებთ სახლთა. ჵ, ესე უწყალოებაჲ! ღმერთმან ძე თვისი მისცა სიკუდილად ჩვენთვის და ჩვენ პურსაცა არა მივსცემთ მისთვის! ჩვენისა სიყვარულისათვის ჯვარს ეცვა ძე ღმრთისა და ჩვენ არა გვნებავს  ძმათათვის სიყვარულისა ყოფაჲ.

ჵ, ესე უგუნურებაჲ ! ქრისტესთვის თანაგვედვა სიკუდილი და ჩვენ არცა მოწყალებასა მივსცემთ და არავე უკუდავ ვართ, რომლისა ნებსით არა გვნებავს მიცემაჲ, ესე უნებლიეთ დაუტეოთ. რაჲმე სიტყვა მიუგოთ ქრისტესა, რამეთუ მან ჴორცი და სისხლი თვისი ყოვლითურთ მოგუცა ?! ხოლო ჩვენ უმტკიცეს ქვისა ვართ და სიხარბესავე შინა დავადგრებით.

გარნა იგი ტკბილი ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ: „არარაჲსა  ვითხოვ დიდსა, არამედ ჴორცსა და სისხლსა ჩემსა მიგცემ თქვენ და პურსა და წყალსა ვითხოვ. სასუფეველსა აღგითქვამ და შეწყნარებასა ვითხოვ თქვენგან. არა გეტყვი შენ, ჵ, კაცო, ვითარმედ: დაიხსენ სიგლახაკე ჩემი და მომეც სიმდიდრე შენი, არამედ ვითხოვ მცირედსა  პურსა ნუგეშინის საცემელად სიყმილისა ჩემისა. საპყრობილესა რა ვიყო, არა გაიძულებ შენ განხსნად საკრველთა და გამოყვანებად, არამედ გთხოვ , რათა მოხვიდე და მიხილო მე ტკბილად. სნეულ რა ვიყო, არა გეტყვი, თუ: განმკურნე და აღმადგინე, არამედ მოვედ და მიხილე ტკბილითა სიტყვითა ნუგეშინისცემისათა. უფროს ამით სახითა მნებავს სასყიდლისა  მიცემად შენდა და გვირგვინოსან ყოფად. ამათ უნდოთა  წილ მნებავს, რათა წინაშე ყოვლისა სოფლისა გაქო გამომზრდელი ჩემი და კურთხეულ გიწოდო მამისა ჩემისა მიერ და შორის ანგელოსთა და მთავარანგელოსთა განვაწესო სავანე შენი, რამეთუ მე ფრიად მიყვარ შენ.“

ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და ვეძიებდეთ წყალობასა თვისისა ცხოვრებისასა. ამათ ესევითართა კეთილთა საქმეთა მიერ შევამკვნეთ თავნი ჩვენნი და გულითა წმიდითა ვეზიარნეთ უკუდავმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რათა ღირს ვიქმნეთ მის თანა დგომად, ვითრცა იტყვის: „რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა”(იო. 6,56). რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 17. თავი ვ [6]

ღმრთის სიყვარულისათვის

საყვარელნო ძმანო ჩემნო, შევიყვაროთ ღმერთი ყოვლითა სულითა და ყოვლითა გულითა ჩვენითა , რათა ღირს ვიქმნეთ ცნობად მისა. სიყვარული არა გონებითა  ოდენ ჯერ არს, არამედ საქმითაცა, რათა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ .

და უკეთუ განვარისხებდეთ მას, ვინაჲ  გამოჩნდეს, თუ გვიყვარს იგი და გვიხარის მისთვის? არა ხედავაა , ვითარ რაჟამს მეგობარი ვინმე მოვიდის ჩვენდა და გვიხაროდის მისთვის, ვისწრაფით  ყოვლით კერძო ნებისა მისისა აღსრულებად. ხოლო უკეთუ ნებასა მისსა არა აღვასრულებდეთ, დაღაცათუ  ბევრეულგზის ვიტყოდეთ , თუ გვიხარის მოსლვისა მისთვის , არა ჰრწმენეს  მას სიტყვა იგი.

ეგრეთვე, უკეთუ გამოვაჩინოთ, ვითარმედ ჭეშმარიტად გვიხარის მოსლვაჲ ქრისტესი, ნუმცა  რას ზედა განვარისხებთ მას: შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოუდგათ სერი, რომელი მას ჰნებავს.

ხოლო რაჲ არს სერი იგი? ვითარცა მან  თავადმან სთქუა, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რათა ვჰქმნე ნება მომავლინებელისა ჩემისა”[იო. 4,34]. ვიხილოთ თუ მშიარად, გამოვზარდოთ იგი, და უკეთუ წყურიელად , ვასვათ მას, დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩვენი, შეიწირავს იგი, გინათუ გრილსა წყალსა, ანუ თუ ორთა მწვლილთა, რამეთუ ვინათგან არა ეხმარების მას, ამისთვის არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა ოდენ .

გამოვაჩინოთ, ვითარმედ გვიყვარს ქრისტე და გვიხარის  მოსლვა  მისი. ვიხილოთ თუ ვითარ არს სიყვარული მისი ჩვენდა მომართ, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და  შემდგომად ამისსა ჩვენვე გვთხოვს მოწყალებასა. და უკეთუ მის მიერ მოცემული მასვე მივსცეთ, ესრეთ შეიწირავს, ვითარმცა ჩვენი მიგვეცა .

ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყვიან, ვითარმედ: „ვის არა უყვარს ქრისტე?“ სიტყვით და გონებით  არავინ უარ ჰყოფს მას. არამედ არა სიტყვით ოდენ ჯერ არს სიყვარული, რამეთუ, უკეთუ სიტყვით ვიტყოდეთ – თუ გვიყვარს ღმერთი და საქმითა არა ვიქმოდეთ მცნებათა მისთა, ესე კიცხევა  არს არათუ ღმრთისა ოდენ , არამედ კაცთაცა.

არამედ, საყვარელნო, საქმით ვაჩვენოთ სიყვარული ღმრთისა, რათა  მანცა აღგვიარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თვისისა აღიარებდეს ღირსთა მისთა და ჩვენცა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა კეთილთა, რომელი განუმზადა მოყვარეთა მისთა, რამეთუ  მისი არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 18

ქრისტეს სიყვარულისათვის

საყვარელნო, ყოვლადვე შევიყვაროთ ქრისტე და  ვისწრაფოთ ხილვად პირისა მისისა ბრწყინვალებისა ტკბილად, დღესა მას განკითხვისასა .

გევედრები, ძმანო, ნუმცა უკუჱ დავემხობით ესევითარისა დიდებისა და ბრწყინვალებისაგან, – რამეთუ  არა ძნელ არს საქმე ესე, არცა მძიმე, უკეთუ ოდენ ჩვენ გვენებოს და მოვითმენდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველსავე, რათა მისთანაცა ვსუფევდეთ და ვიდოდეთ აქა  იწროსა მას შინა გზასა, რამეთუ დაღაცათუ იწროდ სჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩვენდა.

აღვიხილნეთ უკუჱ ზეცად თუალნი ჩვენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისა სიხარულით თავს ვიდვათ და ვერარამან საქმემან სოფლისამან დაგვიმონნეს. და რად ვიტყვი, თუ დაგვიმონნეს? უკეთუ  ქრისტე შევიყვაროთ, არცაღათუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყვარულისა ძალი და ვსთქუათ  ჩვენცა : „ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან”[რომ. 8,35] და შემდგომი ამისი.

რამეთუ იხილე, ვითარ მოციქულმან არა სთქუა საფასენი , ანუ გულისთქმაჲ, ანუ სხუა ესევითარი რაჲმე. რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათვის სთქუა  სიკუდილისათვის და დევნულებათა და ცეცხლისა და მახვილისა. და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არად შერაცხა სიყვარულისათვის ქრისტესისა .

ხოლო ჩვენ საფასეთათვის და გულისთქმათა  ბილწთა განვვარდებით ცხოვრებისაგან და ნათლისა. ხოლო პავლეს სიკუდილი და ცხოვრება და საწუთო და საუკუნო და ყოველივე არარად შეერაცხა ქრისტეს სიყვარულისა თანა.

ხოლო ჩვენ მცირე გულისთქმაჲ ყოველსა მას დაგვავიწყებს და ვფუცავთ და ვიტაცებთ და ვახშსა მივსცემთ და ჴორცთა ბილწებასა  ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიხსენებთ, არამედ თვითო  ფერთა გზათა წარწყმედისათა ვეძიებთ. ხოლო მართალი იგი გზაჲ ცხოვრებისა დაგვიტევებიეს და არა მოვიხსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, რომელთა შთავარდებით, არცა კეთილთა მათ, რომელთაგან დავაკლდებით .

რაჲსა იტყვის უფალი: „უკეთუ არა  გარდაემატოს  სიმართლე ჩვენი უფროს მწიგნობართა და ჶარისეველთასა, გეენიად მივალთ”[მთ. 5,20]. რაჲ სიტყვა უგოთ , უკეთუ მათ ოდენიცა არავე  იყოს?

არამედ ნუ, საყვარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფით! გარნა ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყვარნა ჩვენ, რათა ვჰპოვოთ საუკუნო განსვენება მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 19

ქრისტეს სიყვარულისათვისვე

საყვარელნო, ვინათგან უკუჱ დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა  ჩვენ. აწ ვინათგან მეგობარ ქმნილ ვართ, დავადგრეთ მეგობრობასა შინა ქრისტესსა და სიყვარულსა .

ქრისტემან გვიწოდა, ხოლო ჩვენ არა შეუდეგით მას. არა თავისად სარგებელად უყვართ, რამეთუ  არარაჲ ვისგან ეხმარების, არამედ ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხოლო ჩვენ თავთავე ჩვენთა სარგებელისათვის არა შევიყვაროთა ქრისტე? ჩვენ  მტერ ვიყვენით და მან შემიყვარნა. ხოლო ჩვენ, რომელსა იგი უყვართ, არა შევიყვაროთა სახიერი იგი ტკბილი მეუფე?

არამედ, აწ ესერა, წინააღმდგომსა  ვიქმთ, რამეთუ მარადღე ჩვენ მიერ ღმერთი იგმობის მტაცებლობითა და ანგაჰარებითა ჩვენითა .

და ნუუკუჱ ვინმე თქვენგანმან მრქუას მე, ვითარმედ: „აჰა , ესერა მარადღე ანგაჰარებისათვის გვეტყვი ჩვენ.“ არამედ ნეტარ, თუმცა არა მე ოდენ გეტყოდე, არამედ მეუღლენიცა და მეგობარნიცა  და შვილნი და მონანი და მეზობელნი; და კედელნი და ქვანი, უკეთუმცა შესაძლებელ იყო , ღაღადებდეს ამის საქმისათვის, რათა მცირედ რაჲმე დავსცხერით. რამეთუ ყოველი სოფელი დაიპყრა ანგაჰარებისა  სენმან და ყოველთავე სულნი დააბნელნა და დიდ არს მძლავრება იგი მამონასი.

ეჰა, საკვირველი! ქრისტემან შემიყვარნა და ქრისტეს მიერ ვიხსნენით, და ჩვენ ოქროჲ შევიყვარეთ და ოქროსა  ვჰმსახურებთ ! ქრისტეს მეუფებასა ვქადაგებთ და ოქროსა ვჰმონებთ და რაჲცა  გვიბრძანოს ოქრომან, ყოველსავე  მოსწრაფებით ვიქმთ და ვმორჩილებთ. ხოლო მეგობრობაჲ ქრისტესი და სიყვარული და სჯული ღმრთისა, ყოველივე  უგულებელს ვჰყავთ.

ამისთვის არავინ აღიხილავს ზეცად, არავინ  მოიხსენებს საუკუნესა მას სასჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყვათაგან იყოს სარგებელი, „რამეთუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს  შენ”(ფს. 6,5).

სასურველ არს ოქროჲ და საშვებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ქრისტე და ზეცისა  სასუფეველი. რამეთუ მდიდარი ამის სოფლისა მრავალთა მიერ საძულველ არს, ხოლო რომელი სათნოებასა შინა იყოს, პატივ სცემენ  ყოველნი და უყვარს .

უკეთუ კულა  ვინ სთქუას, ვითარმედ: „გლახაკი საკიცხველ არს ყოველთა მიერ, დაღათუ სათნო იყოს“, არამედ გულისჴმა ჰყავ , ვითარმედ არა კაცთა მიერ, არამედ პირუტყვთა მიერ არს საკიცხელ, ხოლო კაცისა ბრძნისა უფროსად საქებელ.

რამეთუ , უკეთუ ქვეყანისა მეფე გვაქებდეს ჩვენ, არღარა ვისგან ვეძიებთ სხუასა ქებასა ; ხოლო უკეთუ ანგელოსთა მეუფე გაქებდეს შენ, ჵ, კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიებაა ქებასა?! რამეთუ ამათსაცა უდარეს არიან კაცნი იგი მოყვარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი.

ვიდრემდის ვიქცევით მწვირესა შინა , ვიდრემდის ვჰყოფთ თავთა ჩვენთა საქებელ კაცთა ნაყროვანებითა სავსეთა ? – რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე მეცნიერ არიან, ხოლო სათნოებისა მიმართ უგულისჴმო. ხოლო შენ, ჵ, კაცო , რომელსა გნებავს სათნოებისა ქებაჲ , კაცთა უმეცართა სათნოებითა ეჩვენებიაა? ამისთვის  ვეროდეს წარემართები.

არამედ გევედრები, საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ  ესე ყოველი, მოვიძულოთ ოქროჲ და შევიყვაროთ ქრისტე, ვეძიებდეთ  ქებასა ღმრთისაგან და ნუ ვეძიებთ საფასეთა ცუდთა, ნუმცა ბოროტად შეგვირაცხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის სიგლახაკე, რამეთუ ყოვლისავე სიბრძნისა და მოთმინებისა მასწავლელ გვექმნების .

რამეთუ ლაზარეცა გლახაკობასა შინა იყო და მიიღო გვირგვინი ღმრთისაგან; და იაკობს  პურითა ოდენ განძღომად სუროდა, და იოსებ უკანასკნელსა სიგლახაკესა შინა იყოფოდა და არა მონა ოდენ იყო, არამედ პყრობილიცა, და ამისთვის უკუჱ გვიკვირს საქმე მისი. და არა ესრეთ ვაქებთ, რაჟამს იგი განუყოფდა იფქლსა, ვითარ რაჟამს  იგი იყო საპყრობილესა შინა, არცა რაჟამს გვირგვინი ემოსა, არამედ რაჟამს ჯაჭვი; არცა რაჟამს საყდართა  ზედა მჯდომარე იყო, არამედ რაჟამს განისყიდებოდა.

აწ უკუჱ, ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ , საყვარელნო, და ჩვენცა ყოველივე მოვითმინოთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რათა დავთხზათ  გვირგვინი იგი სათნოებათა. ნუ სიმდიდრესა და შვებასა და პატივსა და ძლიერებასა ვეძიებთ , არამედ სიგლახაკესა და ჭირსა და მოთმინებასა სათნოებისასა  ქრისტეს სიყვარულისათვის .

რამეთუ  აღსასრული მათი სავსე არს შფოთითა და ამბოხებითა ფრიადითა. ხოლო აღსასრული სათნოებათა არს ცაჲ და კეთილნი იგი ცათანი, რომელი „არცა თუალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუხდა, რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“(1 კორ. 2,9), რომელსა  ღირსმცა ვართ ყოველნი  მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 20. თავი ზ [7]

სიყვარულისათვის მოყვსისა

ღირსი უკუჱ ესევითარისა მის ქრისტეს სიყვარულისა პატივისა მოქალაქობა ვაჩვენოთ, საყვარელნო ძმანო, და  ნუმცა რაჲ გვაქვს ზიარებაჲ ქვეყანისა თანა, რამეთუ ამისთვის ქრისტემან ზეცით მოგვართვა ჩვენ სწავლა კაცთმოყვარებისა, რათა  მოძღვრისა მის სწავლასა შეუდგეთ ძალისაებრ ჩვენისა და ვემსგავსნეთ.

ხოლო მსგავსება ქრისტესი ესრეთ  იქმნების, რათა არა თვისთა თავთასა ვეძიებდეთ ყოვლადვე, არამედ მოყვასთასა, ვითარცა იგი ქრისტემან ჰქმნა. და რაჟამს კაცი არა თვისსა ეძიებდეს, არამედ მოყვსისასა, მაშინ ეძიებს თვისსა ჭეშმარიტებით, რამეთუ მოყვსისა ყოველი ჩვენი  არს, ვინათგან ერთ გუამ ვართ და ურთიერთას ასოებ.

ნუმცა უკუჱ ვინ იტყვის, თუ: „იგი ვინმე არა არს მეგობარ ჩემდაო, არცა ნათესავ, და ვითარ  მიყვარდეს იგი ვითარცა ჩემნიო?“ ამისთვის გულისჴმა ჰყავ, საყვარელო, დაღაცათუ არა არს მეგობარი და  ნათესავი, არამედ კაცი არს შენისავე ბუნებისა და მისვე ქრისტეს მეუფისა  მონაჲ, რომლისაცა შენ ხარ და შენ თანა მკვიდრი, რამეთუ ყოველნი ერთსა სოფელსა შინა მკვიდრ ვართ, და ვინათგან სარწმუნოებისა შენისა ზიარი არს, აჰა, ესერა ასოცა არს შენი, რამეთუ რომელი მეგობრობა იქმს ესოდენსა თვისებასა ვითარ ერთობა იგი წმიდისა სარწმუნოებისა , რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი ერთ გუამ ვართ.

ნუმცა უკუჱ უგულებელს ვჰყოფთ ერთი ერთსა, რამეთუ არავინ თვისი გუამი და ასონი უგულებელს ჰყვნის, არამედ ჰფუფუნებნ და იღვწინ .

ამისთვის ერთი სახლი მოგვცა ღმერთმან: სოფელი ესე და ყოველივე ზოგად განგვიყო და ერთსა მზესა ყოველთა აღმოგვიბრწყინვებს და ერთი სართული გარდაართხა  ჩვენ ზედა – ცაჲ და ერთი საყოფელი – ქვეყანა, და ერთი ტაბლა ცხოვრებისა  – ტაბლა იგი შესაწირავისა, ერთი სახე შობისა მოგვცა ყოველთა – წმიდა ნათლისღებაჲ, და ერთი არს ყოველთა მამული, სასუფეველი ცათა და ერთისა სასმელისაგან  ვსუამთ ყოველნი. არათუ მდიდართა უმეტესად მისცემიეს  საიდუმლო იგი და გლახაკთა უდარესად, არამედ ყოველთა სწორად უწდია სისხლი თვისი ქრისტემან და ყოველთა სწორად განუყო ჴორცი თვისი საცხოვრებელად ყოველთა სულთა.

აწ უკუჱ ვინაჲ არს უწესოება ესე, რომელ არა გვიყვარან ძმანი? გარნა  ანგაჰარებისაგან მდიდართასა და ამპარტავანებისაგან მათისა. არამედ ნუღარა იყოფინ ესე, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნუმცა განგვყოფენ  ჴორციელნი ესე საქმენი, რომელნი სულიერად ერთ ვართ, რამეთუ ყოველი ჴორცი აჩრდილი არს და აჩრდილისა უუძლურესი.

ხოლო ჩვენ, ძმანო, საკრველი  იგი სიყვარულისა მტკიცედ დავიცვათ და ვერარაჲ ვნებათაგანი შეგვემთხვიოს განყოფად ესევითარისა მის ერობისაგან და სულიერისა სიყვარულისა, რომლისა მიერ ყოველნივე ერთობით საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ, მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 21

სიყვარულისათვისვე მოყვსისა

გევედრები, საყვარელნო ძმანო , რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ შეყვარებად ძმათა, რათა არა მტყუვრად გამოვაჩინოთ სიყვარული ღმრთისა, რამეთუ იტყვის: „რომელმან სთქუას, მიყვარს ღმერთი და ძმაჲ არა უყვარდეს, იგი მტყუარ არს ”[1 იო. 4,20].

არამედ ვიღვწიდეთ სულთა ჩვენთა და ვისწრაფდეთ შეყვარებად მოყ­ვსისა. და ნუმცა  განვეშორებით გუამნი თავსა, რომელ არს ქრისტე, და ნუმცა განვეყოფით  ასოთა ჩვენთა, რომელ ესე საქმე არს განცოფებულთა . არამედ უფროსღა ვისწრაფდეთ კვალსა ქრისტესსა შედგომად, და ვჰკურნებდეთ ასოთა  ჩვენთა, უკეთუ უძლურნი იყვნენ.

რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა  უკეთუ ვიხილით ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად; და უკეთუ ვერ შეუძლოთ, არავე უგულებელს ვჰყოფთ .

ეგრეთვე უკუჱ, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძმათ მოყვარება და კეთილისყოფა, რათა „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ  აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტეს სიყვარულისა ”[გალ. 6,2] და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა , მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 22

სიყვარულისათვის ძმათასა

საყვარელნო, არა მოციქულთა ოდენ ამცნებდა უფალი ურთიერთას სიყვარულსა, არამედ  ყოველთა, რომელთა ეგულებოდა სიტყვითა მათითა რწმუნება მისა მიმართ. და არარაჲ სხვა  დააბრკოლებს წარმართთა ჩვენდა მომართ, გარნა ესე, რომელ სიყვარული არა გვაქვს ურთიერთას .

ხოლო მოციქულნი ძლიერად იყვარებოდეს ურთიერთას, ვითარცა იგი იხილეთ პეტრე და იოანე ვითარ იყვნეს. და კვალად პავლე ვითარ იყო მათდა მიმართ სიყვარულითა, რომელთა იგი ყოველივე სათნოება აქუნდა, არამცა უფროსად დედა იგი სათნოებათა სიყვარული აქუნდაა? რამეთუ  ესე საქმე სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების. ხოლო სადა უკეთურება იყოს, ესე ნერგი განხმების, რამეთუ: „რაჟამს განმრავლდეს უსჯულოება, განხმეს სიყვარული მრავალთა “[მთ. 24,12].

და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვითარ საქმენი კეთილნი და ცხოვრება სათნოჲ. ხოლო ცხოვრებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყვარული ძმათა. რამეთუ, რაჟამს ქადაგება იგი არღა განვრცელებულ იყო , სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი. ხოლო აწ უფროსად საქმეთა კეთილთა, ჯერ არს მოგებაჲ, რომელ არს ძმათ სიყვარული.

რამეთუ  ვერარაჲ ესრეთ შეარცხვენს წარმართთა, ვითარ სათნოება, ვერცარაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურება. რამეთუ რაჟამს იხილონ  მასწავლელი სიყვარულისა სიძულილსა  შინა და ანგაჰარებასა და ტაცებასა, არა ტყუილად შერაცხონა  სწავლა იგი და ჩვენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა?! რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩვენი ესე ჭეშმარიტება უყვარს, არამედ საქმეთა ჩვენთა მიერ დაჲხრწევის, რაჟამს არა გვიყვარდენ ძმანი .

ხოლო უკეთუ იტყვით, ვითარმედ: „პირველთა მამათა რად  არა ჰბაძვენ“, არამედ იგინი ჩვენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გვხედვენ და იტყვიან: „გვიჩვენეთ სარწმუნოება თქვენი საქმეთა მიერ კეთილთა“, და  რაჟამს გვიხილნენ ჩვენ ბოროტთა შინა, თვისსავე წესსა ზედა დაადგრებიან . ამისთვის უკუჱ მოგვეხადების ჩვენ სასჯელი, არა ბოროტთა მათთვის ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთვისცა, რომელ სახელი ღმრთისა ჩვენ მიერ იგმობის. ამისთვის  მეშინის, ნუუკუჱ დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვჰპოვოთ სასჯელი საუკუნო.

არამედ გევედრები, საყვარელნო, ჴელ ვჰყოთ სათნოებასა და აღვასრულოთ ჰსჯული სიყვარულისა, რამეთუ: „აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს“(რომ. 13,10). და ძმათ მოყვარებითა ვსწყალობდეთ ყოველთავე, რათა  საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 23. თავი ჱ [8]

მოწყალებისათვის

საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ: „ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა” (იო. 9,5). რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულისჴმა ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა  სანთლისა ნათელსა მზის ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს, ესოდენ და ფრიად უმეტესცა, იგი ნათელი, მზის ნათელსა უმჯობეს არს და უდიდებულეს. ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ მზე დაბნელდეს მის ნათლისა დიდებულებისაგან .

ხოლო უკეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შვენიერთათვის ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ არსა სრულიად ჴორცნიცა ჩვენნი  მოვაკვდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რათა საუკუნესა მას მოვიგოთ საყოფელი  დიდებული, სადა იგი ნათელი თუალთშეუდგამი არს?

რამეთუ აქა ჭირი გვიხმს და შფოთნი, და სასჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ხდომა, არცა სარჩელი საზღვართათვის . და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭველად დატევება თანაგვაძს, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარხდეს, ხოლო იგი დაუძველებელ არს; და ამას , გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს, ხოლო მისი ორითა დანგითა  შესაძლებელ არს მოგებაჲ, ვითარცა მან ქვრივმან ჰქმნა .

ამისთვის მწუხარე ვარ, რომელ, ესოდენნი კეთილნი ჩვენდა წინამდებარე არიან და ჩვენ ესრეთ უდებ ვართ. და რათამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენნეთ  მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გვნებავს, რათამცა მცირე  საყოფელი მოვიგეთ.

რამეთუ სადა  გიყვარს ყოფაჲ შენ სოფელსა ამას – ქალაქსა სამეუფოსა, ანუ ადგილსა უდაბნოსა? არა სამეუფოთა მათ საყოფელთა შინა გირჩევიესა ყოფაჲ? ხოლო მე წარგიყვანო  შენ ქალაქად, რომლისა ჴელოვანი და აღმაშენებელი ღმერთი არს. მუნ გევედრები, საყვარელო, რათა აღიშენო საყოფელი მცირედითა  საფასითა და მცირედითა შრომითა სახლისა მის, რომელსა გლახაკთა ჴელნი  აღაშენებენ და იგი არს ჭეშმარიტი მონაგები, ხოლო ამის სოფლისა ყოველივე ცუდ არს და ამაო, და საქმე  უგულისჴმოებისა .

მითხარღა, უკეთუმცა ვინ ქვეყანასა სპარსეთსა მიგიყვანა ხილვად ქვეყანისა  მის, და მასვე ჟამსა მოქცევად, და მერმემცა გეტყოდა მუნ აღშენებად  სახლთა და ტაძართა დიდთა, არამცა აბრალეა უგუნურებასა მისსა, რამეთუ ესრეთ ამაოსა წარსაგებელისა ყოფასა გაწვევს, ვითარ უკუჱ აქა იქმ, სოფელსა შინა, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად ხარ ამიერ?!

ნუ  იტყვი, თუ: „შვილთა დაუტეოო “, არამედ მათცა დატევებაჲ თანა­აძსთ ყოვლისავე მცირედისა  შემდგომად შენსა. და ნუუკუჱ უწინარეს შენსაცა დაუტევონ; და არს ესე ყოველი შრომა ცუდი. ხოლო მუნ ესევითარი არარაჲ  არს, არამედ შეურყეველ არს მონაგები იგი, რომელმან  იგი მოიგოს, მის მონაგებისა მმარხველი ქრისტე არს, მას მონაგებსა ზრუნვანი და საურავნი არა უხმან, რამეთუ, რაჟამს ღმერთი იყოს მოქმედი საქმისა, რადღა სახმარ არს ზრუნვაჲ და ჭირი?

ღმერთი  ყოველსა საფასესა შენსა, რომელი მისცე გლახაკთა, აღიხვამს  და აღგიშენებს მუნ სახლსა. და არა ესე ოდენ არს საკვირველი, არამედ უფროსად ესეცა, რომელ ესევითართა აღგიშენებს , ვითარი შენდა სათნო იყოს, რამეთუ ჴელოვანი არს კეთილი და ფრიად ეწყალვი შენ.

და უკეთუ გლახაკი იყო და აღაშენებდე შენ სახლსა  მას, არა მოიწიოს შენ ზედა სხუათა მიერ შური, რამეთუ არავინ ჰხედავს მას, მოშურნეთაგანი, არამედ ანგელოსნი ხედვენ მას, რომელთა ფრიად უხარის კეთილი შენი; და მეზობელ შენდა არა არიან კაცნი ბოროტნი, არამედ წმიდანი იგი და კეთილნი პეტრე და პავლე და იოანე და მსგავსნი მათნი წინასწარმეტყველნი, მოწამენი, ანგელოსნი, მთავარანგელოსნი და ყოველნი ზეცისა მხედრობანი, და რომელნი მოწყალებისა მიერ განბრწყინდენ.

ამისთვის გევედრები, ჵ, ძმანო საყვარელნო, წარვაგოთ  ჩვენი ყოველივე გლახაკთა ზედა, რათა ესევითარნი იგი საყოფელნი ვჰპოვნეთ სასუფეველსა ცათასა, რომელსა  ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 24

მოწყალებისათვისვე

საყვარელნო, ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა ზედა, რათა არა  დავშრეტდეთ  ლამპართა ჩვენთა, არამედ დავიცვნეთ იგინი ბრწყინვალედ მოწყალებისა მიერ; რამეთუ მოწყალებისა ნათელი უშრეტელ არს და განმწმედელ სულისა უფროს ოქროჲსა ბრწყინვალისა. რამეთუ იტყვის: „მიეცით მოწყალება და აჰა, თქვენი ყოველი წმიდა არს”(ლკ. 11,41).

განვაბნივოთ საფასე და შევიკრიბოთ  ჭურჭელთა ჩვენთა ზეთი წყალობისა ვიდრეღა  აქა ვართ. რამეთუ მუნ არღარა არს სავაჭროჲ, არცა ვინ მიიღოს სხვისა ვისგან, გარნა ჴელისაგან გლახაკთასა შევიკრიბოთ უკუჱ აქავე მდიდრად, უკეთუ გვენებოს  სიძისა მის თანა შესლვაჲ და არა გარე დაშთომაჲ. რამეთუ დაღაცათუ ბევრეული სათნოება წარვმართოთ თვინიერ მოწყალებისა, ვერ შევიდეთ სასუფეველსა.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, მოსწრაფედ მოვიგოთ  მოწყალებაჲ , რომელი მსგავს ღმრთისა ჰყოფს მომგებელთა მისთა, რამეთუ იტყვის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს”[ლკ. 6,36], და მოწყალენი შეიწყალებიან ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 25

მოწყალებისათვისვე

ისმინეთ, საყვარელნო, ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა“[იგ. 19,17] და ვერავინ შემძლებელ არს მიტაცებად მისსა, არამედ იქმნების კეთილ დამარხულ მისთვის და გან­მრავლებულ, რამეთუ არცა კაცი უგულებელს ჰყოფს და შესწორებულად მიაგებს ნიჭსა. არა უფროსად და უმეტესად ქრისტემან მიანიჭოსა? რამეთუ რომელი არა ავასხებს, მასცა მისცემს, ხოლო რომელმან ავასხოს, მას არა მისცესა?

ისმინე სოლომონისი, თუ ვითარ იტყვის: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა”. ჰხედავა საქმესა ყოვლადდიდებულსა ვასხისასა? სხუა არს, რომელი აღიღებს და სხუა არს, რომელი ავასხებს და ჴელთ უდებს, რამეთუ არა სთქუა, თუ რომელი სწყალობდეს გლახაკსა, მისცემს ღმერთსა, არამედ – ავასხებს ღმერთსაო, რათა არა ლიტონად თვისი მიიღოს, არამედ მრავლითა სარგებელითა.

ხოლო ჩვენ მათ ვავასხებთ, რომელნი უფროს მოგვაგებენ. და ვეძიებთ მშვიდთა, და დაუტეობთ მშვიდსა და კეთილმეცნიერსა ღმერთსა, სამწილად მომგებელსა და უფროსღა ათასწილად, და ცხოვრებისა საუკუნოსა მომნიჭებელსა იესოს. და მივანდობთ მიწასა, რამეთუ რაჲ მოგვაგოს ჩვენ მატლმან მრავალთა განმხრწნელმან, ანუ თოხმან, ბარმან და წერაქვმან?

ხოლო რაჲ არიან ცუდად მზუაობრობაჲ, გარნა შური და სიბოროტე. რაჲ არს გემოთმოყვარებაჲ, გარნა მწუხარება და ამაოებაჲ. ხოლო რაჲ არს სიძვაჲ, გარნა გეენია და მატლნი დაუძინებელი . ესე არიან მდიდართა და უწყალოთა ღირსნი: აქაცა ბოროტი მათი და მერმესა მას მწარე სატანჯველი.

რამეთუ არა ტყუილ არს მეტყველი, ვითარმედ: „ეძიებდით  პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ”(მთ. 6,33). ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიქმოდეთ მოწყალებასა და ვავასხოთ  ღმერთსა, რამეთუ იტყვის: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა”.

ამას ვასხსა შეიტკბობაა, უფალო, ჩვენ მიერ, რომელი გლახაკთა მიმართ ვჰყოთ  წყალობაჲ? არამედ ოდეს მომაგო ჩვენ, მომითხარ ესეცა, მეუფეო წმიდაო: „ოდეს დაჯდესო  ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა“[მთ. 19,28] და დაადგინნეს მოწყალენი მარჯვენით მისსა, ხოლო ანგაჰარნი და უწყალონი მარცხენით და ჰრქუას მოწყალეთა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისად, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე“(მთ. 25,34-36).

და რაჲსათვის, უფალო, არარასა სხუასა სახესა შემოიღებდ ხსენებად, გარნა მოწყალებისა? და ჰსთქუას: „არა ვსჯი შეცოდებულთა, არამედ უნანელთა; არა დავსაჯნე მდიდარნი, არამედ უწყალონი; და მათ ვამხილო, ვითარმედ აქუნდა ესევითარი შემწე ცხოვრებისა, ესე იგი არს მოწყალებაჲ , რომლითა ყოველნი ცოდვანი მოისპობიან, და ესოდენნი კეთილისა საქმენი უგულებელს ჰყვნეს .“

ისმინე და შეძრწუნდი, ჵ, კაცო! რამეთუ არა ესე სიმდიდრე მონაგებისა მოგიღებიეს, რათა ჭამასა და სიმთვრალესა შინა წარაგო იგი ყოველი, არამედ, რათა სწყალობდე გლახაკთაცა. უმჯობეს არს, რათა წარგზავნო ეგე მას საუკუნესა, ჴელითა გლახაკთათა და მოწყალებასა შინა განაბნიო.

ნუუკუჱ ჰგონებ, თუ შენი არს ეგე, არამედ გლახაკთა განსაყოფელად მოცემულ არს შენდა. ღმერთი თვის თვისად ჰყოფს მონაგებსა, ანუ არა ძალედვაა ღმერთსა მოღებად შენგან და მიცემად გლახაკთა? არამედ არა ჰყოს ეგრეთ, რათა შენ გყოს გლახაკთა მიმართ პატივის მოყვარე, და მოწყალებისა მიერ სასუფეველი დაგიმკვიდროს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 26 . თავი თ [9]

რათა არა ნატაცებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

ვისწრაფოთ, ძმანო, ყოვლითა ძალითა ჩვენითა, რათა აღვხოცოთ ყოველი ბილწება სულისაგან  ჩვენისა! რამეთუ განჰსწმედს პირველად ნათლისღებაჲ, ხოლო უკანასკნელ – სხუანი საქმენი კეთილნი. რამეთუ  ღმერთმან კაცთმოყვარებითა თვისითა მოგვცნა ჩვენ შემდგომად ნათლისღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი , რომელთაგანი არს პირველი  მოწყალებაჲ, რამეთუ: „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“(იგ. 15,27).

ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყვი, რომელი ტაცებისა მიერ და მონახვეჭილთა  მონაგებთაგან იქმნებოდის , რამეთუ იგი არა მოწყალება არს, არამედ უკეთურება. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცვაჲ და მეორისა შემოსაჲ?

რამეთუ, დაღაცათუ ყოველი  მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელი იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა. ხოლო ჩვენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროსად განრისხნების იგი.

რამეთუ მითხარღა, ჵ, კაცო, უკეთუ ვითარი მომკუდარი გზასა ზედა ჰპოვო  და მოითრივო  და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველი  შენ გეცინოდიანა? აწ უკუჱ მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალება ამისსა  უსაძაგელეს არს. რამეთუ ყოველივე ცოდვა სიმყრალე არს ბოროტი; და ისმინე წინასწარმეტყველისა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი”(ფს. 37,5).

ხოლო შენ სიტყვით ევედრები ღმერთსა  დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოიხსენებ. რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ; ანუ იტყვი შენ, ვითარმედ: „არა მოტაცებულსა მივსცემ, არამედ სხუასა, რომელნი თვით ჩემი იყოს“  და არა გულისჴმა ჰყოფ , ვითარმედ, დაღაცათუ სიმრავლესა საფასეთასა მცირედი უსჯულოებით მოგებული შთავარდეს, მას ყოველსა შეაბილწებს, – ვითარცა სკორე მცირე აღამღვრევს წყალსა  წმიდასა და აღაყროლებს.

და ჩვენ ჴელთა ვიბანთ, მირავიდოდეთ ეკკლესიად, ხოლო გულთა  –არა. და არა უწყით, ვითარმედ არათუ ჴელნი რას იტყვიან, არამედ სული იქმს ვედრებასა ღმრთისა მიმართ. რამეთუ ჩვენ  უნდოთა საქმეთა და მცირეთა ვისწრაფით ქმნად და დიდთა შეურაცხ ვჰყოფთ. რამეთუ, უკეთუ უბანელითა ჴელითა  ლოცვაჲ უწესოება არს, არა უფროსად შეგინებულითა სულითა ბოროტ არსა ლოცვაჲ? ამისთვის ჰურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ჴელთასა მოსწრაფე იყვნეს. ამისთვის ეტყვის მათ წერილი, ვითარმედ: „განიბანე უკეთურებისაგან სული შენი; ვიდრემდის იყვნენ შენთანა გულისსიტყვანი ბილწნი!”[იერ.4,14]

განვიბანოთ უკუჱ ნუ მწვირითა, არამედ წყლითა მოწყალებისათა, და ნუცა ანგაჰარებითა. პირველად განეყენე მოხვეჭასა  და ტაცებასა და მერმე ჰქმენ მოწყალებაჲ. „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი”(ფს. 33,14; 36,27); [1 პეტ. 3,11]. დააყენენ ჴელნი ანგაჰარებისაგან და მოხვეჭისა  და ესრეთ წარმართენ იგინი მოწყალებად.

უკეთუ მითვე ჴელითა, რომლითა ვსძარცვიდეთ სხუათა და სხუათა შევმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე ღმრთისა, რამეთუ კაენისათვისცა  უმჯობეს იყო, უკეთუმცა არა შეეწირა. ხოლო, უკეთუ რომელმან უდარესი შესწირა, განარისხა ღმერთი; ხოლო რომელი  სხვისასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსაა?! რამეთუ გრქვას შენ, ვითარმედ: „მე არა მოტაცება გასწავე და შენ მოტაცებულისა მიერ პატივმცემაა? ჰგონებ სამე, უსჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო?! აწ გამხილო  და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი”.

გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთისაცა ჩვენგანისა ამის ჴმისა. არამედ გევედრები, ძმანო, რათა  მოწყალება წმიდა ვჰქმნათ  და საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნეთ  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 27

რათა არა ანგაჰარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

საყვარელნო, იტყვის უფალი , ვითარმედ: „ეგრეთ ბრწყინვიდენ  ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და  ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა”(მთ. 5,16). რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს საქმეთა კეთილთასა , ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ”[იგ. 4,18]. ხოლო ჰნათობენ არა თავთა თვისთა ოდენ, არამედ სხვათაცა განათლებად.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა  არა დავაკლოთ ზეთი ლამპართა  ჩვენთა, რათა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მოწყალებისა მარადის  კეთილ არს, რამეთუ იტყვის: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი”(ოს. 6,6; მთ. 9,13; 12,7). რამეთუ მსხვერპლი ქებისა ესე არს, რომელი არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.

ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევსწიროთ  ესევითარი ესე მსხვერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი ესე უპატიოსნეს არს მარხვისაცა  და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათასა, რამეთუ ესევითარი უყვარს მსხვერპლი ღმერთსა.

არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰარებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგან, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიიქცევს  პირსა თვისსა მათგან . ამისთვის ვეკრძალნეთ, რათა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ ღმერთი. და უკეთუ კაინ , ვინათგან უდარესი შესწირა ღმერთსა, დაისაჯა, რაჲ ვჰყოთ ჩვენ, უკეთუ ანგაჰარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა .

ამისთვის გევედრები, რათა არა მოხვეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდეთ ქველისაქმესა . უკეთუ ერთი გვლოცვიდეს და ერთი გუწყევდეს , რაჲ სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაჲ. ხოლო უკეთუ ვეკრძალებოდეთ და ყოველსა ზედა ნებასა ღმრთისასა  აღსრულებად ვისწრაფდეთ, შეუძლოთ მიმთხვევად კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 28

რათა არა მონახვეჭთაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

საყვარელნო, ჩვენ რომელთა ესე სარწმუნოება  ვიცით, აღვსდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა; ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, თუ არა , არღარა დიდება არს, არამედ გმობაჲ, უკეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ ვჰყოფთ . რამეთუ არა ესრეთ იგმობის ღმერთი წარმართთაგან  ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე, თუ ბოროტი იყოს და უკეთური.

ამისთვის უკუჱ გევედრები, ძმანო, რათა  ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა. რამეთუ იტყვის: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისა იგმობოდის ”[მთ. 26,24; მრკ. 14,21]. რამეთუ რაჲ წყალობა ვჰპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რათა სხუათა მივსცემდეთ მოწყალებასა და ჩვენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ – და უკეთუ უგლახაკეს ჩვენსაცა იყვნენ, და უფროსღა ქვრივ და ობოლ ?!

აწ უკუჱ ნუმცა ვითარცა ბნელსა შინა ვართ, არამედ ყოვლისაგან ცოდვისა ვივლტოდეთ , რამეთუ, უკეთუ ღმერთი სტანჯავს მათ, რომელთა მშიარი არა გამოზარდონ და რომელთა შიშველი არა შემოსონ, დასჯის . რაჲმე ყოფად არს მათთვის, რომელთა შემოსილი განსძარცვონ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვონ და გლახაკთაგან მიიხვეჭდენ და მით მოწყალებასა და შესაწირავსა ჰყოფდენ? მსგავს არს ესევითარი, რომელმან შვილი ვისმე მისტაცოს და მასვე მამასა წინაშე დაუკლას და შესწიროს.

ამათ  ესევითართა სიტყვათა თქმად არა დავსცხრები, ნუუკუჱ რომელთა დღეს არა გვისმინონ, ხვალე გვისმინონ და რომელნი ხვალე ურჩ იქმნენ, სხუასა დღესა ისმინონ და უკეთუ კულა ვიეთნიმე ურჩებასა შინა დაადგრენ, ჩვენ უბრალო ვიყვნეთ, რამეთუ ჩვენ ჩვენი  გვიქმნიეს.

არამედ ნუმცა ვინ იქმნების თქვენგანი ურჩ, რათა არცა ჩვენ გვრცხვენეს, არცა თქვენ დაისაჯნეთ, არამედ ყოველნი კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ღმრთისასა, და ჩვენ ვიქადოდეთ  თქვენთვის და ჩვენთა ბრალთა ნუგეშინისმცემელად გვაქვნდეს თქვენი  სათნოება და ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 29. თავი ი [10]

სათნოებისათვის

საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ , რამეთუ, რომელთა  იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მორაიღეს სული წმიდა, მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახვილისა და ცეცხლისა და მხეცთა და ზღუათა და ყოვლისა ჭირისა. და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესევითარი სიბრძნე და კადნიერება მოიღეს, ვიდრეღა ყოველი განაკვირვნეს, რამეთუ თიხისანი იყვნეს და რკინად გარდააქცივნა იგინი სულმან წმიდამან და ვერარამან სძლია  მათ, რამეთუ ესევითარი არს მადლი სულისა წმიდისა .

უკეთუ დაჰხსნილებაჲ ჰპოვოს, განიოტებს; უკეთუ გულისთქმა ბოროტი ჰპოვოს, განლევს; უკეთუ მოშიშება ჰპოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა, და ამისთვისცა არღარა ვის მათგანსა აქუნდა რაჲ თვისად, არამედ ყოველნი იყვნეს ლოცვასა შინა  სიხარულითა გულისათა, რამეთუ: „ნაყოფი სულისა ესე არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სარწმუნოება, სიმშვიდე“[გალ. 5,22].

მოვიგოთ უკუჱ, საყვარელნო, სათნოება, რათა ჩვენზედაცა მოვიდეს უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისა წმიდისა, დამარხვითა  მცნებათათა. და არცა ანგელოსთა უდარეს ვიყვნეთ, რამეთუ ანგელოსთაცა თვისისა გონებისა სიკეთითა აქუს  ესევითარი  დიდება და არათუ მათ არა უხმს  კრძალულებაჲ, უკეთუმცა არარადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი მათგანი . გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონება თვისი, უარეს კაცთა უკეთურთასა და პირუტყვთასა იქმნა.

და კვალად ყოველთა წმიდათა ქვეყანასა  ზედა მყოფთა ჴორცთა შინა ჰქმნეს, რა იგი ჰქმნეს კეთილი და სათნოება, – რამეთუ , ვითარცა მწირნი და უცხონი, იყვნეს ქვეყანასა ზედა, და მოქალაქობა მათი იყო ცათა შინა.

ამისთვის უკუჱ ნუ იტყვი, თუ : „ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტვირთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა.“ ნუ აბრალებ ამათ სიტყვათა მიერ შემოქმედსა. რამეთუ იხილენ  ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა შინა იყვნეს, რაჲ ჰყვეს: რამეთუ პავლე არა დააყენეს ჴორცთა ყოფად რაჲ იგი ჰქმნა, არცა პეტრე დააყენეს მიხმად კლიტეთა სასუფეველისთა და ენუქ ჴორცითა მიიცვალა და ილია ეგრეთვე ჴორცითა აღიტაცა და აბრაჰამ და შვილი მისი ისაკ, და იაკობ, ძე ისაკისი ჴორცითა გამობრწყინდეს მოქმედ სათნოებათა და  იოსებ ჴორცითა ბრძოლა უყო სიძვის მოყვარესა მას დედაკაცსა. და რად ვიტყვი ჴორცთა ოდენ, რამეთუ დაღაცათუ ჯაჭვიცა  ვინ შემუსროს  ჴორცითა, არას ევნების მოგებად სათნოებათა და რად ჯაჭვსა ვიტყვი? ვერცა საპყრობილე, ვერცა საკრველნი ძლიერნი დამხრწეველ  ექმნებიან სათნოებათა ! რამეთუ საკრველი სულისა არა რკინისა არს, არამედ – გულისთქმა ბოროტი, შიში უჯეროჲ და სხუანი ყოველნი ვნებანი; იგინი შეჰკვრენ სულსა! დაღაცათუ ჴორცნი ხსნილ  იყვნენ.

არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ: „ესეცა ვნებანი ჴორცთაგან იშვებიანო.“ გარნა ამაოება არს ესე სიტყვა და მიზეზი ცუდი, რამეთუ, უკეთუმცა ჴორცთა  იყო ცთომაჲ, ყოველთა ზედამცა მოიწეოდეს იგინი, რამეთუ ვითარცა ჭამა და სმაჲ და ძილი ყოველთა ზედა არს, ეგრეთვე ესემცა იყო ყოველი, ვინათგან მრავალნი განერნეს მათ. საცნაურ არს, ვითარმედ არა სადმე ჴორცთაგან არს, არამედ უდებებისაგან სულისა.

ხოლო ჩვენ უდებება მოვიწყვიდოთ, საყვარელნო, და გულსმოდგინედ ვიქმოდეთ სათნოებასა. და  ნუმცა ჴორცთა ზედა დავსდებთ მიზეზსა, არამედ დაუმორჩილნეთ ჴორცნი  სულსა, რათა ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი  უკუნისამდე.

 

სწავლა 30

ვითარმედ სათნოება განაბრძნობს კაცსა

საყვარელნო , ვისწრაფოთ, რათა ყოველი უკეთურება განვსდევნოთ სულთაგან  ჩვენთა და არა ოდეს ვიქმოდეთ ზაკვასა. რამეთუ გულარძნილთა მიმართ გულარძნილნი გზანი მიავლინნეს უფალმან ღმერთმან და წმიდა იგი სული ღმრთისა ივლტის ზაკვისაგან და ზრახვათა ბოროტთა.

რამეთუ არარაჲ ესრეთ ცოფ ჰყოფს კაცსა, ვითარ უკეთურებაჲ და არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ. რამეთუ ჰყოფს კაცსა სათნოება მადლიერ, კაცთმოყვარე, მშვიდ და ტკბილ და რაჲმცა იყო ესევითარისა მის უბრძნეს? რამეთუ წყაროჲ და ძირი სიბრძნისა სათნოება არს, ვითარცა იგი ყოვლისა უკეთურებისა დაწყებაჲ უგუნურებისაგან არს.

რამეთუ ამპარტავანი და მრისხანე ნაკლულევანებისაგან ცნობისა იძლევის ვნებათაგან . ამისთვისცა წინასწარმეტყველი იტყოდა: „არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა პირისაგან უგუნურებისა ჩემისა”[ფს. 37,3]. რათამცა გვიჩვენა , ვითარმედ: ყოველი ცოდვა დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს.

ხოლო სათნოებით შემოსილი კაცი და მოშიში  უფლისა, უბრძნეს ყოველთასა არს, რამეთუ: „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა“(იგ. 1,7; 9,10). ხოლო  უკეთურსა შიში უფლისა არა აქვს, სიბრძნისაგან სადამე  გამოხვებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა.

და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ, რამეთუ ავნებენ სხვათა  ჴელოვნად და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაჲ. რამეთუ, რომელი სხუასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თვისსა გულსა განიწონს  მახვილსა და ვერ გულისჴმა ჰყოფს და ესე არს დიდი  უგუნურებისა სასწაული.

არამედ ჩვენ ნუმცა ჭირვეულთა და სხუათაგან ვნებულთა სახელ ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა. რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნი ღმერთსა  მბრძოლად  აღიდგენენ თავთა თვისთათვის და ბევრეულთა შესმენათა პირსა აღუღებენ და დიდსა სასჯელსა განიმზადებენ ჯოჯოხეთს შინა.

ხოლო, რომელნი ჭირვეულნი იყვნენ და მოითმენდენ, მათ ღმერთიცა ჰსწყალობს და ყოველნი კაცნი, და ამასცა სოფელსა სიბრძნესა თვისსა აჩვენებენ, და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ჰპოვებენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი  მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 31

სათნოებისათვისვე

გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოსწრაფე ვიქმნეთ  სათნოებათა მოგებად და სათნოყოფად  სახიერისა მის ღმრთისა. რომელნი  იგი სარგებელ ჩვენდა იყვნენ, ესე იგი არს, რათა სულთა ჩვენთათვის კეთილად ვზრუნვიდეთ, რამეთუ ესეცა მისისა კაცთმოყვარებისაგან არს. რომელ არარაჲ ეხმარების მას ჩვენგან  და ჩვენსა ოდენ კეთილსა და სათნოებასა ეძიებს, და იგი შეურაცხიეს, ვითარცა მისაგებელად მისთა კეთილთა , რაჟამს ჩვენ სულთა ჩვენთათვის ვზრუნვიდეთ.

ამისთვისცა უკუჱ ფრიადისა უგულისჴმოებისა სახე არს, რათა ვინათგან მეუფესა ჩვენსა ესრეთ  ჰნებავს ჩვენი ცხოვრება და ჩვენ არა ვჰქმნეთ  ძალისაებრ ჩვენისა კეთილი და სათნო ვეყვნეთ, რათამცა მივემთხვივნეთ ურიცხვთა  მათ კეთილთა.

ამის ყოვლისათვის უკუჱ შევსწიროთ მადლი კაცთმოყვარესა ღმერთსა; ნუ სიტყვით ოდენ, არამედ უფროსად საქმეთა მიერ კეთილთა, რათა საუკუნენი  იგი კეთილნი მოგვეცნენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 32. თავი ია [11]

წმიდათა წერილთა კითხვისათვის

საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ: „ყოველი მწიგნობარი, რომელსა უსწავლიეს სასუფეველისათვის ცათასა, მსგავს არს კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თვისისა ძველი და ახალი“[მთ. 13,52]. რამეთუ, მწიგნობარი არს, რომელი შრომითა და გულსმოდგინებითა კითხვასა ჰყოფს  სამღთოთა წერილთასა. რამეთუ ესე საუნჯესა დაიდებს მცნებათა ძველისა სჯულისა და ახლისა აღთქმისასა და მას ჟამსა შინა მოიღებს მისგან მოძღვრებასა.

და რაოდენნი არა დაიმარხვენ სწავლასა წმიდათა წერილთასა, ესენი არა არიან სახლისა უფალნი: არცა თვით მქონებელნი, არცა სხუათა მიმცემელნი, არამედ უგულებელს ჰყოფს თავსა თვისსა უმეცრებით და სიყმილით განიხრწნის  სულსა.

რამეთუ, ვითარცა ქვეყანასა უწვიმარსა, თუ ვინმე მრავალნი თესლნი დასთესნეს, აღორძინებად ვერ უძლებს, ეგრეთვე სულსა უკეთუ არა პირველ მოირწყოს წერილთაგან, არა ძალუძს ნაყოფისა კეთილისა ყოფად. რამეთუ დიდი ბოროტი არს, რომელნი არა ისმენენ წერილისასა და, ვითარცა პირუტყვნი ვლენან. და დიდი კეთილი არს წერილის კითხვა და სმენა, რამეთუ მისგან აღმოეცენებიან ყოველნი კეთილნი სწავლანი და წმიდათა მობაძავობა  და ისწავების ზეცისა მოქალაქობა.

ხოლო რომელნი არა ისმენენ წერილთა, მათგან იშობებიან  მრავალნი ძვირნი და არიან უდებსა ცხოვრებასა შინა, და სულითა ბრმანი, ვითარცა ნათლისაგან მოკლებულნი, სწორად ვერ ვლენან და ეშმაკი ფრიად უბრკმობს.

ამისთვის გვასწავებს მოციქული, ვითარმედ: „ეკრძალენით საკითხავსა და მოძღვრებასა ნუგეშინისცემითა”[1 ტიმ. 4,13]. ესე იგი არს, ვითარმედ: არა მომედგრდეთ, არამედ იკითხვიდეთ წიგნთა გულისჴმისყოფით და სხუათაცა ასწავებდეთ, რათა მრჩობლი სასყიდელი მოიღოთ ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 33

წმიდათა წერილთა კითხვისათვის

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და აღმოვიკითხვიდეთ გულისჴმისყოფით; არა ფიცარსა ზედა ქვისათა, არამედ ფიცარსა ზედა გულისა ჩვენისათა დავიწერდეთ და აღსრულებად საქმითცა სურვიელ ვიყვნეთ. და აღუხოცელად გონებათა შინა ჩვენთა შთავწერნეთ ძალნი და სიტყვანი წიგნთანი .

რამეთუ, უკეთუ სახლსა შინა, სადა წმიდა სახარება  იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყვათა დამკვიდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკსა, არამედ ყოველსა ბუნებასა ცოდვისასა .

ამისთვის, გევედრები, საყვარელო, წმიდა  ჰყავ სული შენი, წმიდა ჰყავ ჴორცნიცა ამით სამღთოთა სიტყვათა გულთა შინა , და პირსა შენსა დამ­კვიდრებითა. რამეთუ უკეთუ ბოროტთა სიტყვათა მეტყველებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, ხოლო სულიერთა სიტყვათა წურთამან და კითხვამან და სმენამან არა განსწმიდოსაა პირიცა და სული და გონება, და  დაამკვიდროს  მას შინა მადლი სულისა წმიდისა?!

სამღთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი. განვჰკურნეთ უკუჱ მათ მიერ სულნი ჩვენნი.

ხოლო ესევითარ  არა ბოროტ არს, რამეთუ  მოყვარეთა სოფლისათა იციან მონაგებთა თვისთა ყოველი ბუნება: და ცხენთა თვითოეულისა პაპის პაპანი და ბუნებანი. და რომელნი აქა  ეკკლესიასა შინა შემოჰკრბებით, არა იცით აქა შინა თქმულნი სიტყვანი, არცათუ რიცხვი და სახელი  წიგნთა .

არამედ გევედრები, განეშორენით  ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს იქმნნეთ გულისჴმისყოფასა სამღთოთა სიტყვათა და საქმეთა, რათა ნაყოფიცა კეთილი გამოიღოთ და ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად საუკუნეთა მათ კეთილთა სასუფეველისათა, მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 34

წმიდათა წერილთა კითხვისათვისვე

საყვარელნო, უკეთუ გულსმოდგინედ გამოვეძიებდეთ  წმიდათა წერილთა გამოწვლილვით და არა ლიტონად, შეუძლოთ პოვნად ცხოვრებაჲ სულთა ჩვენთა. უკეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყვათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისა და ცხოვრება კეთილი .

ვისმენდეთ უკუჱ სიტყვათა წერილისათა! ჵ, საყვარელნო, დაღაცათუ სხვისა წიგნისა მიერ განვნათლდეთ, არამედ უფროსღა წმიდასა სახარებასა  ვისმენდეთ და ზედას ზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყსეულად განრააღოთ წიგნი, იხილოთ მას შინა სახელი ქრისტესი დაწერილი. და გესმას მეყსეულად, იტყოდის  რა, ვითარმედ: „იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო”(მთ. 1,18).

და კვლავ იხილო და აღმოიკითხო, იტყოდის რა იგი, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). არა სურვიელ იქმნეა  ტკბილისა მის უღლისა? კვალად ისმინო, ვითარმედ : „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15), „და რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი“(იო. 14,21), „და მოვიდეთ მე და მამა ჩემი და მის თანა სავანე ვჰყოთ”(იო. 14,23).

არა გსუროდისა ამათ სიტყვათა  ტკბილისა მის მეუფისათა? და მერმეცა იხილო და აღმოიკითხო, ვითარმედ: შენთვის შეიკრა და ჯვარსა მოეკიდა და სიკუდილისა გემო იხილა. არა შეიკდიმოა და ლმობიერ იქმნა შენანებად ცოდვათა შენთა?

აჰა, ესერა ესოდენნი და უმრავლესნი კეთილნი და სარგებელნი აღმოეცენებიან წმიდათა წერილთა კითხვისა და სმენისაგან .

ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და მათთანა გულისჴმისყოფასაცა , რათა  გულისჴმა ვჰყოფდეთ სიტყვათა მათ და დავსწერდეთ მათ გონებათა შინა ჩვენთა დამტკიცებად სიტყვათა მათ, რათა ესრეთ შეუძლოთ ცხოვრებისა  ამის ჩვენისა წმიდა ყოფაჲ და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელნი მოცემულ­მცა არიან ჩვენდა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 35. თავი იბ [12]

ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის

გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ჴმაჲ მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მას ვმორჩილებდეთ. ხოლო  რაჲ არს ჴმა მისი: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი”[მთ. 5,3-8]. უკეთუ ამას ვიქმოდეთ, ქრისტესთანა ვართ და ეშმაკი ვერ  შემოგვეხოს და უკეთუ მოგვეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ ქრისტე მეუფე არს ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ, რომელ სულსა თვისსა დასდებს ჩვენთვის და ძლიერი ყოველთა მეუფე და უფალი .

ხოლო ვინათგან ძლიერიცა არს და უყვართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩვენდა ცხოვრებად? არარაჲ, გარნა ჩვენი უდებებაჲ და  იტყვის: „ვერ ძალგიძს ღმრთისა და მამონასა მონებაჲ ”[მთ. 6,24; ლკ. 16,13]. აწ უკეთუ ღმერთსა ვმონებდეთ, მამონასა  მძლავრება  არა მოიწიოს ჩვენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა – სიყვარული საფასეთა, რომელი სავსე არს შურითა და ხდომითა, ბილწებითა, ანგაჰარებითა და სიმთვრალითა და აზნაურთა ჰყოფს მონა – არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა.

ჵ , მონება საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან და დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მათსა , და უფროსად არა ნებავსთ  ცნობაჲ, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკეთუ ვის ენებოს ხსნაჲ მათი, განრისხებულ იქნებიან .

ჵ, კაცო! არათუ ამისთვის დაიბადე, რათა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არათუ ამისთვის შეგქმნა ღმერთმა ხატად თვისად, არამედ ამისთვის, რათა მარადის მას  სათნო ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოსთა თანა იშვებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკანასკნელსა მას უნდოებასა შინა  ესევითარისა პატივისა წილ?

რამეთუ ძმაჲ შენი, რომელი მისვე ემბაზისაგან შობილ არს, რომლისაგან შენ , იგი სიყმილითა განიხრწნების და შენ სიმაძღრითა განსქდები; იგი შიშველი განიყინების  და შენ სამოსელთა ზედა სამოსელთა შესძინებ საჭმელად  მატლთა? და არა უმჯობეს იყოა, უკეთუმცა გლახაკთა შემოსე, რათამცა განუხრწნელ და წარუპარველ იყო და საუკუნომცა ცხოვრება მოგენიჭა?

ანუ, არა გუამი ქრისტესი უპატიოსნეს არსა არტახისა და კიდობნისა? რამეთუ არათუ განუხრწნელად  ოდენ დამარხავს სამოსელთა, არამედ უბრწყინვალესცა ჰყოფს. არცა კართა და მოქლონთა გიხმს  შეკრძალვაჲ შიშისათვის მპარავთასა, რამეთუ ყოვლისაგანვე წარპარვისა უშიშ არს იგი, და არს დამარხულ ცათა შინა.

ამას ყოველსა მე არა დავსცხრები თქმად მარადის და თქვენ არა ისმენთ ! არამედ ნუმცა არს ესე თქვენ ყოველთა ზედა, გარნა ისმინეთ ჩემი, მდიდარნო და გლახაკნო, რამეთუ გლახაკთაცა ძალუძს ენებოს თუ ქმნად მოწყალებისა, პურითა და გრილითა წყლითა და ხილვითა უძლურთათა და სიტყვითა ნუგეშინისცემისათა, და დადგენითა  სახლსა შინა თვისსა უცხოჲსათა . რამეთუ არა სიმრავლესა საფასეთასა ვეძიებთ გლახაკთაგან, არამედ ამას მდიდართაგან ვეძიებთ, ხოლო გლახაკთაგან ქმნად ძალისაებრ  თვისისა თვითოეულმან ქველისსაქმე და შეიწირავს მას ღმერთი.

რაოდენნი ინატრიან, რათამცა პოვნილ იყვნეს მას ჟამსა, რაჟამს ქრისტე იქცეოდა ქვეყანასა ზედა, რათამცა შეეწყნარა იგი სახლად თვისა . ხოლო აჰა, ესერა, შესაძლებელ არს აწცა ამის საქმისა ქმნაჲ, უკეთუ ვის ენებოს, რათა მოუწოდოთ მას სახლად თქვენდა და მიიღოთ კურთხევა მისგან და გესმას მას დღესა: „მოვედით , კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქვენთვის უწინარეს სოფლის დაბადებისა, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი”(მთ. 25.34-35) და შემდგომი ამისი.

აწ უკუჱ, საყვარელნო, უკეთუ გვსურის ქრისტეს მცნებათა აღსრულებაჲ და უკეთუ გუნებავს, რათა ესე ჴმაჲ გვესმას , შევმოსოთ შიშველი, შევიწყნაროთ უცხოჲ, გამოვზარდოთ მშიარი, ვასვათ წყურიელსა, მივიდეთ სნეულისა და საპყრობილესა მყოფისა, რათა ვჰპოვოთ  მას დღესა კადნიერება და შენდობა ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 36

ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე

ქრისტესა მეუფესა  ვჰბაძვიდეთ , საყვარელნო, რომელმან არათუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ჰურიათაგან, არამედ  ბევრეულნი კეთილნიცა უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა მათთვის და ჯვარს აცვეს რა, მათთვის მამასა ევედრებოდა.

ჩვენცა უკუჱ, ძმანო, ვბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს ქრისტეს მცნებისა აღსრულებაჲ  და მოწაფე ყოფა მისი, რათა  კაცი მშვიდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშვიდე ვითარ მოვიგოთ, უკეთუ ცოდვათა ჩვენთა არა ვიხსენებდეთ და ვიგლოვდეთ და ვსტიროდეთ ? რამეთუ სადა გლოვა იყოს, მუნ მრისხანება ვერ დაიმკვიდრებს, სადა შემუსრვილება გულისა არს , მუნ გულფიცხელობა არა იპოვების. რამეთუ რაჟამს გონება იტანჯებოდინ  გლოვისა მიერ და ყოვლადვე ვერ შემძლებელ არნ განრისხებად, არამედ ქვედადრეკილი  იგლოვნ და სტირნ. რამეთუ ტირილისაცა არს საწუთო  ესე და გლოვისა, ვინათგან მრავალთა მიერ ცოდვათა შებღალულ ვართ საქმითცა და სიტყვით, რომელთათვის მიგველის გეენიაჲ ცეცხლისა და განვრდომა სასუფეველისაგან, რომელი ესე უბოროტეს  არს ყოვლისავე.

და ვინათგან ესე ესრეთ არს, ვითარ იკადრებ შენ სიცილსა და განცხრომასა, რომელსა ეგე რისხვა მეუფისა გესმის და სდგა უდებებით და არა სძრწი? არა გესმისაა, ვითარ იტყვის , ვითარმედ: „მას დღესა ჰრქუას მეუფემან მან მარცხენითთა, წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი”(მთ. 25,41-42) და შემდეგი ამისი.

ისმინე იგავი ქალწულთა  მათ, ვითარ განვარდეს სასძლოსა მისგან, ვინათგან ზეთი წყალობისა არა აქუნდა [მთ. 25,1-13].

ისმინე წინასწარმეტყველისა, ვითარ იტყვის: „შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა”(ფს. 50,1), რამეთუ ეგრეთვე ჩვენ თანაგვაძს მოწყალება მოყვსისა, ვითარცა ჩვენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ. რამეთუ  მოწყალება კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩვენისა  მივ­სცემდეთ. და უკეთუ კულა ნამეტნავისაგანცა  არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი წყალობა ჰპოვოთ მას  დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან .

რამეთუ უკეთუ ქალწულთა მათ ესოდენთა შრომათა და მოღვაწებათა შემდგომად არარაჲ ჰპოვეს ნუგეშინისცემაჲ, რაჲ ვჰყოთ ჩვენ  საწყალობელთა ამათ, რაჟამს ესრეთ გვაყვედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“(მთ. 25,42), „და რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთგანსა, არცა მე მიყავთ”[მთ. 25,45]. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირე ოდენ მორწმუნე იყოს და არა ვჰყოთ მის თანა წყალობაჲ, ესე სიტყვა გვესმას ჩვენ.

ძმანო, რაჲსა ძნელსა ეძიებს ჩვენგან მეუფე და არა იტყვის, თუ უძლურ ვიყავ და არა აღმადგინე, არამედ – არა მიხილეო. არა იტყვის , თუ საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ, არამედ – არა მოხვედით ჩემდაო. რაზომცა უკუჱ მსუბუქ არიან მცნებანი ესე ქრისტესნი, ესეზომცა მძიმე  არიან სატანჯველნი მათთვის, უკეთუ არა აღვასრულნეთ.

რამეთუ რაჲ არს უადვილეს საპყრობილესა მისლვისა, ანუ უმჯობეს, სადაცა  იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიარნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი , დაღაცათუ ქვაჲ იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რა საქმენი იგი კაცობრივნი, და საუკუნოცა სატანჯველი  მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომა და გულისთქმა და სიყვარული საწუთოჲსა და გულისჴმა ჰყო, ვითარმედ, უკეთუ კაცთა მიერ ესევითარნი შიშნი და ტანჯვანი და სასჯელნი არიან, რაჲმე ყოფად არს წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა? ამისთვისცა ბრძენი იგი იტყოდა : „კეთილ არს შესლვა სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიხარულისასა ”[ეკლ. 7,2].

გევედრები, საყვარელნო ძმანო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი და აღვასრულნეთ იგინი მიხედვითა სნეულთათა და შესლვად  საპყრობილესა, რათა გვესმას ჴმა იგი სანატრელი, ვითარმედ: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა”(მთ. 25,21; 25,23), რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 37

ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე

ჵ, ძმანო საყვარელნო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ იტყვის: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით”(იო. 14,15). რაჲ არს მცნება მისი? ესე იგი არს ჭმევა Iმშიართა, სმევა IIწყურიელთა, შემოსა IIIშიშველთა, შეწყნარება IVუცხოთა, ხილვა Vსნეულთა, მისლვა VIსაპყრობილესა მყოფთა .

უკეთუ კულა იტყვი, ვითარმედ: „საპყრობილესა შინა, არათუ კაცნი  სამღთონი  არიან, არამედ კაცის მკვლელნი და ავაზაკნი და მპარავნი.“ არამედ ჩვენდა არათუ ბრძანებულ არს, რათა კეთილნი გვეწყალოდენ და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ. რამეთუ იტყვის უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თვისსა ცოდვილთა ზედა და მართალთა”[ლკ. 6,36; მთ. 5,45].

და შენცა უკუჱ ნუ ხარ უწყალო მსაჯული, არამედ გულისჴმა ჰყავ, რამეთუ ჩვენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემ­ძლებელ არიან ჩვენდა შთაგდებად არა საპყრობილესა, არამედ ჯოჯოხეთსაცა! რამეთუ მრავალგზის ძმათა მიმართ „ცოფ და რაკა“[მთ. 5,22] გვითქვამს და დედათა მიმართ გულისთქმით მიგვიხედავნ, რომელ ესე მრუშება არს, და მრავალგზის უღირსებით  ვზიარებულვართ?! ესევითარითა ცოდვითა შებღალულნი, რომლისადა ანგელოსნი ვერ იკადრებენ შეხებად, რომელ ესე ჩვენთვის უძვირეს არს ყოვლისავე .

ნუმცა უკუჱ სხუათა ბრალთა გამოვეძიებთ, არამედ თავთა თვისთა ცოდვათა მოვიხსენებდეთ, რამეთუ  ქრისტე არა მართალთა თანა ოდენ იქცეოდა, არამედ ცოდვილთა თანაცა , ვითარცა იგი ქანანელსა და სამარიტელსა და მეძავსა მას და სხუათა მრავალთა. და ჩვენ, შებღალულნი მრავალთა მიერ ცოდვათა, შეურაცხ ვჰყოფთ მათ, რომელნი იგი მისვე მიწისაგან ქმნულ არიან, ვინაჲცა ჩვენ.

რაჲსა იტყვის საპყრობილესა შინა ბოროტნი კაცნი არიანა, ხოლო ქალაქსა შინა ყოველნი  კეთილნი არიანა? რამეთუ არა მცირედნი არიან უკეთურნი ქალაქთაცა  და ჩვენ ყოველნი ცოდვათა თანამდებ ვართ.

რაჲსათვის უკუჱ დაუტეობთ თვისთა ცოდვათა და სხუათასა ვხედავთ, და სადა კაცთმოყვარებისა ჟამი იყოს, გამოვეძიებთ  უკეთურებასა. არამედ ვიხილნეთღა თავნი ჩვენნი, თუ ვითარ ვიყვენით ოდესმე ჩვენცა  და ესრეთ ვიქმნნეთ  სახიერ, რამეთუ ჩვენცა ვიყვენით ოდესმე ურჩ, უგუნურ და შეცთომილ მონა თვითო  სახეთა  მათ გულისთქმათა, უკეთურ, მოძულე ძმათა და შვილ რისხვისა.

ხოლო ღმერთმან იხილა რა, ვითარსა საპყრობილესა შინა ვიყვენით და ვითარითა ჯაჭვითა შეკრულ, არა სირცხვილ იჩინა, არამედ მოვიდა საპ­ყრობილედ და ჩვენ გამოგვიყვანნა  მიერ და მიგვიყვანნა  სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რათა ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რა ეტყოდა, ვითარმედ: „უკეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღვარმან, თქვენცა თანაგაძსთ ურთიერთას ფერჴთა დაბანაჲ, რამეთუ სახე მიგეც თქვენ, რათა, ვითარცა მე ვჰქმენ, ეგრეთცა თქვენ იქმოდეთ”[იო. 13,14-15]. არათუ ფერჴთა დაბანისათვის ოდენ ჰსთქუა , არამედ ყოვლისათვისვე, რათა მარადის მას ვჰბაძვიდეთ და მცნებათა მისთა ვიქმოდეთ.

ეგრეთვე უკუჱ ჩვენ , გინათუ ბოროტი ვინ იყოს, გინათუ კეთილი, კეთილისყოფასა ნუ დავაცხრობთ  და  მრავალგზის იპოვისცა  კაცი დიდ წინაშე ღმრთისა. რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა და მერმე შეიწყნარნა ანგელოსნი. ეგრეთვე ჩვენცა მივემთხვივნეთ კაცთა მაღალთა. უკეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდეთ , დაღაცათუ აქა არა მივემთხვივნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცისა , თუ ვისთვის  ვიქმთ მოწყალებასა?!

ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და მარადის აღვასრულებდეთ ქრისტეს მცნებასა და ვიქმოდეთ  ქველისსაქმესა ჭირვეულთა ზედა და მივიდოდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, რათა  მათცა ვარგოთ და ჩვენცა ვირგოთ უმეტესი და ღმერთი იდიდოს ჩვენთა ზედა სათნოებათა და  ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 38. თავი იგ [13]

მოთმინებისათვის

საყვარელო, რაჟამს გესმას , ვითარმედ: მეუფე ყოველთა შეკრული განისჯებოდა, ნურარად  შეგირაცხიეს სოფლისა ამის საქმენი. უკეთუ  ქრისტემან ესოდენი ვნებანი თავს იდვა და მოითმინა შენთვის  და შენ სიტყვაცა არა თავს იდვაა მისთვის და მოითმინო სიხარულით?

არამედ ქრისტე თავს  იდებს ნერწყვასა, და შენ იმკობი სამოსლითა შვენიერითა და ბეჭდითა  აბრწყინვებ ჴელთა შენთა. ქრისტე იყვედრებოდა  და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს იდებ, არამედ ეძიებ პატივსა.

რაჟამს ვინმე გაგინოს, საყვარელო, მოიხსენე  ქრისტესი, ვითარ აგინებდეს. უკეთუ ვინ განგკიცხოს, მოიგონე , რამეთუ კიცხევით თაყვანის სცემდეს მას და ეცინოდეს. და არათუ ოდენ ბოროტი  არა უყო, არამედ სიმ­შვიდით და ტკბილად თავს იდებდა ყოველსავე.

მას უკუჱ ვჰბაძვიდეთ, ჵ, ძმანო! და რომელი მან ჩვენთვის თავს იდვა, ჩვენ ჩვენთვისვე არა მოვითმინოთა? რამეთუ რად განრისხნები მაგინებელისა შენისათვის? უკეთუ უსამართლოდ გაგინა, არა ჯერ არს განრისხება, არამედ უფროსად წყალობა მისი, რამეთუ შეცთომილ არს. უკეთუ კულა სამართლად გაგინა, მაშინ  ჯერ არს მყუდროებით მოთმენაჲ, რამეთუ სამართალსა იტყვის. რამეთუ  უკეთუ მდიდარიმცა იყავ და გლახაკად ვინ გიწოდა, რადმცა დაგეთმინა შენ სიტყვა იგი, ანუ თუ გლახაკი  იყო და გლახაკ გიწოდონ, ეგრეთვე არა განრისხნი, რამეთუ სამართალ არს .

ეგრეთვე უკუჱ გულისჴმა ჰყოფდი ყოველსავე და კეთილად მოითმინო. უკეთუ კულა სხვათა  წინაშე გაგინოს და გრცხვენოდეს მათ ყოველთაგან, გულისჴმა ჰყავ, რამეთუ უფროსად კეთილ არს, რათა იხილონ მათ ყოველთა მოთმინება შენი და გაქონ და მას აბრალონ.

ხოლო  უკეთუ არავინ იყოს მუნ ბრძენი, მაშინ უფროსად იხარებდ, რამეთუ ღმერთი ჰხედავს და წმიდანი ანგელოსნი მოთმინებასა შენსა და მუნ გაქებდენ. რამეთუ უმჯობეს არს ერთისა ანგელოსისა ქებაჲ, ვიდრე ყოვლისა სოფლისა. და  რად ვიტყვი ანგელოსთა, რამეთუ თვით თავადმან ღმერთ­მან გაქოს წინაშე ანგელოსთა და ყოველთა კაცთა .

ამათ ესევითართა გულისსიტყვათა მოვიგონებდეთ, საყვარელნო, და მადლობით მოვითმენდეთ ყოველსავე. რამეთუ, უკეთუ გვაგინოს  ვინ, იგი არს ბოროტ. არამედ უკეთუ შური ვიძიოთ მის ზედა და უკეთუმცა არა კეთილ იყო დუმილით თავსდებაჲ და მოთმინებაჲ, არამცა ეთქუა ქრისტესა , ვითარმედ: „უკეთუ ვინ გცეს  ყურიმალსა მარჯვენესა, მიუპყარ მეორეცა”[მთ. 5,39; ლკ. ლკ. 6,29]. არამედ ყოველი ბოროტი  ჩვენ ზედა ამისთვის არს, რამეთუ კაცობრივთა საქმეთა ვეძიებთ და არა ღმრთისათა.

გარნა ვისწრაფოთ ხსენება თვისთა ცოდვათა  და ესრეთ შემუსრვილად წარვლოთ ცხოვრება ესე, რათა მივიწივნეთ ზეცად მცირედ მცირედ, ვითარცა კიბითა, რამეთუ ამას მოასწავებდა კიბე იგი იაკობისი – ამაღლებასა სათნოებითი სათნოებად.

აღვიდოდეთ უკუჱ, საყვარელნო, კიბესა  მას, რათა მივიწივნეთ ცად და ვჰპოვნნეთ კეთილნი იგი საუკუნენი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი  უკუნისამდე.

 

სწავლა 39

მოთმინებისათვისვე

საყვარელნო, ვითარცა უფალმან ჰსძლო სოფელსა , შესაძლებელ არს უკუჱ ჩვენ მიერცა ძლევაჲ, უკეთუ გვენებოს სასოებითა წინამძღვრისა მის სარწმუნოებისა ჩვენისათა და ვიდოდეთ გზასა მას, რომელი მან წარვლო .

ვსძლოთ უკუჱ სოფელსა, მივივლტოდეთ უკუდავებად, შევუდგეთ მეუფესა, შეურაცხ  ვჰყოთ  გულისთქმანი, მივსცვალნეთ ზეცად სულნი ჩვენნი! ესრეთ იძლიოს ყოველი სოფელი ჩვენ მიერ: უკეთუ შეურაცხ ვჰყოთ, იგი ძლეულ არს. უცხო ვართ ჩვენ და წარმავალ, ნუმცა რას უკუჱ ზედა მწუხარე ვართ სოფლისა საქმესა, არამედ სიხარულით მოვითმენდეთ და ვმადლობდეთ ღმერთსა.

რამეთუ, დაღაცათუმცა  მდიდარი იყავ და დიდებული, და წარხვედმცა ქვეყანასა უცხოსა, სადა არავინ გიცნობს და მუნმცა გაგინეს, არამცა გეტკინა შენ, ვითარ შენსა მას ქალაქსა შინა, უკეთუ გაგინოს ვინ. არამედ მას უცხოსა ქვეყანასა თავს იდებ: შიმშილსაცა და წყურვილსა და ყოველსავე ჭირსა.

ეგრეთვე უკუჱ აწ მოიგონე, ვითარმედ უცხო ხარ და წარმავალი, და ნუმცა რაჲ შეგაწუხებს. არამედ ყოველივე მოითმინე, უცხოსა ამას შინა ქვეყანასა , რაჲცა მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ ქალაქი გაქუს, რომლისა ჴელოვანი  და შემოქმედი  ღმერთი არს, და მწირობა ესე მცირედ ჟამ არს. თავს იდებდე ულმობელად გინებასა და ცემასა  და ყოველსავე ჭირსა, რამეთუ უცხოებასა შინა ვართ . ბოროტი იგი არს, უკეთუ ჩვენსა მას ქვეყანასა და ჩვენთა ქალაქთა წინაშე ვიყვნეთ შეურაცხ. იგი არს ფრიადი უშვერებაჲ და დიდი დაჭირვებაჲ. ხოლო სადა მეცნიერი არავინ ესვას, მუნ ყოველსავე ადვილად თავს იდებს.

ამისთვის უკუჱ ნუმცა რად შეგირაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, არამედ მადლობით მოითმინე , რათა მუნ განსვენება ჰპოვო და ბრწყინვალითა გვირგვინითა იშვებდე. რამეთუ  მრავალნი ცოდვისათვის ფრიადსა  ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს იდებენ მას ყოველსა ეშმაკისათვის , ხოლო ჩვენ ღმრთისათვის არა თავს ვიდვათაა და სიხარულით მოვითმინოთ?

და  რამეთუ სათნოება სავსე არს ყოვლითა დაწყნარებითა, რამეთუ „ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება“(გალ. 5,22) და მსგავსნი ამათნი . არასადა გვიხმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყვედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ, დაღაცათუ სასმელი ერთი გრილი  წყლისა  წარვაგოთ ღმრთისათვის, სასყიდელი მისი არა დაგვჭირდების , არამედ გარდამატებულად მოგვეცეს და ღმერთი მადლიერ იყოს ჩვენდა.

ხოლო ვინათგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყვა მიუგოთ ჩვენ უფალსა? უკეთუ ამას დავუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას ვსდევდეთ , და ნებსით ჩვენით შთავთხევდეთ  თავთა ჩვენთა ცეცხლსა გეენიისასა.

ამისთვის გევედრები, ძმანო, განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქვენნი სენისა მისგან სულიერისა  და ნუ ვინ წარიკვეთს სასოებასა. რამეთუ შვილმან მანცა  უძღებმან ფრიადი ბოროტი ჰქმნა, არამედ, ვინათგან მოიქცა სახლადვე მამისა თვისისა, პირველივე პატივი მიეცა. და ჩვენცა უკუჱ, საყვარელნო, ვბაძვიდეთ  მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყვეობისა მისგან, რათა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა  მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 40

მოთმინებისათვის და მოწყალებისა

საყვარელნო, ჟამსა განსაცდელისასა ქრისტეს ვნებათა ვიხსენებდეთ  და „ვჰხედვიდეთ წინამძღვარსა მას და სრულმყოფელსა სარწმუნოებისა ჩვენისასა იესოს“[ებრ. 12,2]. და ვითარმედ სახელისა მისისათვის არს ყოველივე, და უკეთუ ამას ვიხსენებდეთ, ყოველივე ადვილად აღგვიჩნდეს და სიხარულით მოვითმინოთ.

რამეთუ , უკეთუ მეგობრისათვის  იჭირვინ კაცი და უხარინ, ხოლო რომელსა ღმრთისათვის ევნებოდეს, ვითარ არა უხაროდეს? რამეთუ უკეთუ ქრისტე ჯვარცმასა ჩვენთვის დიდებად თვისსა უწესს , არა უფროსად ჩვენ მისთვის სიკუდილი დიდებად შევრაცხოთა და სიხარულით მოვითმინოთ?

ხოლო უკეთუ ქრისტესთვის ტანჯვაჲ გვიღირს  თავსდებად და თავთა თვისთა უგულებელსყოფა, რაჲ ვჰყოთ ჩვენ, რომელნი არცათუ საფასეთა  და ანგაჰარებასა უგულებელს ვჰყოფთ მისთვის?

გვიღირს  უკუჱ, ძმანო, რათა , რაჟამს ჭირი რაჲმე იყოს ჩვენ ზედა, არა ჭირსა მას გულისჴმა ვჰყოფდეთ, არამედ მისისა მოთმინებისათვის მომავალსა  სასყიდელსა და გვირგვინსა, და სიხარულით მოვითმენდეთ. ვითარცა იგი ვაჭარნი  არა გზათა სიშორეთა იგონებენ, არამედ შესაძინელსაცა, ეგრეთვე ჩვენცა გვიღირს, რაჟამს მოიწიოს რაჲმე განსაცდელი, ვიგონებდეთ  სასუფეველსა ცათასა და ღმრთისა მიმართ კადნიერებასა და თავს ვიდებდეთ მოთმინებით.

ეგრეთვე, უკეთუ გულისთქმა ცოდვისა  მოგიხდეს რა, მოიხსენე სატანჯველი საუკუნო და მსწრაფლ წარხდეს შენგან. და კვალად უკეთუ ძნელ გიჩნდეს სათნოება, შემოსე პირსა შენსა საუკუნოსა მის განსვენებისა მოსაგებელი და ადვილად  აღგიჩნდეს .

ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუ  შეურაცხ ვჰყოფთ ძმათა ჩვენთა, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს”(მთ. 7,2; მრკ. 4,24).

ვიდრემდის, ჵ, კაცნო, მხეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩვენსა უმეცარ ვართ. გულისჴმა ვჰყოთ დღე იგი, რაჟამს წარვსდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა და შორის შემოიყვანნეს გლახაკნი ქრისტემან, რომელნი ჩვენ უგულებელს ვჰყვენით და არა ვჰყავთ  წყალობა მათ ზედა; და გურქვას ჩვენ, ვითარმედ: „რაჲ იგი არა უყავთ ერთსა ამათ ძმათა  ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ”[მთ.25,45].

რამეთუ მაშინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყვასა, არამედ მათ წილ ქრისტე გვეტყოდეს . ვითარცა იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ აბრაჰამ, ეგრეთვე ჰყოს გლახაკთათვის ქრისტემან. რომელთა ჩვენ აწ შეურაცხ ვჰყოფთ, აწ იგინი არიან გლახაკ, და მაშინ ჩვენ ვიყვნეთ გლახაკ და საწყალობელ; და ვითარცა აწ ჩვენ არა ვისმენთ ჴმასა გლახაკთასა, არცა მაშინ ქრისტემან ისმინოს ვედრება ჩვენი.

და რაჲმე  სიტყვა მიუგოთ ქრისტესა, რომელმან იგი ჩვენ ცად აღმიყვანნა ? ხოლო ჩვენ სახლთაცა შინა არა შევიყვანთ მას. რამეთუ ქრისტე პატიოსანსა ჴორცსა მისსა მოგვცემს, ხოლო ჩვენ პურსაცა  არა მივსცემთ მას. ქრისტე უხრწნელსა სისხლსა მისსა გვიწდევს, ხოლო  ჩვენ არცა სასმელსა ერთსა მიუპყრობთ მას.

არა ჰხედავაა, ვითარმედ ღმერთმან  ყოველივე ზოგად მოგვცა? და უკეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათვის არს, რათა მოწყალებითა გლახაკთათა აღიძარცონ ცოდვანი მათნი. ხოლო შენ, რომელსა ეგე არარაჲ გაქუს და ესრეთ უწყალო ხარ, საცნაურ  არს, ვითარმედ, უკეთუმცა უმეტესი რაჲმე ჴელმწიფება გაქუნდა, ბევრეულნიმცა კაცის კლვანი  ჰქმნენ და ნათელიცა და ცხოვრება  დაიშურვე სხუათათვის.

ვიდრემდის იყო შენ მდიდარ და იგი გლახაკ? ვიდრე მწუხრამდე , რომელ არს სიკუდილი, და მერმე არღარა, რამეთუ ესრეთ უნდოჲ არს ცხოვრება ესე და სიკუდილი კართა ზედა არს. რაჲ სარგებელ გვეყოფის მრავალთა მათ საუნჯეთა და მონაგებთაგან ? რად არა არიან ბევრეულნი ქადაგნი მოწყალებისა შენისანი? რამეთუ საფასეთა ეგე საუნჯენი მტერთა განგიმრავლებენ. ხოლო რომელი გლახაკთა  მისცე, იგი ღმრთისა ჴელთა მიიწიოს, და ცოდვათა დამხსნელ გექმნას და ღმრთისა მიერ დიდება და კაცთაგან პატივი მოგეტყვას.

რაჲსათვის უკუჱ ესრეთ ავნებ თავსა შენსა? რამეთუ მოწყალებითა თავსა შენსა არგებ უფროსად, ვიდრეღა გლახაკთა. რამეთუ მათ ჴორციელად არგებ, ხოლო თავსა შენსა სულიერად, და საუკუნესა დიდებასა და კადნიერებასა მოატყვებ , რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 41. თავი იდ [14]

არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, ქრისტეანეთა , რათა არა ძვირსა ვიხსენებდეთ ბოროტისმყოფელთა ჩვენთათვის, არამედ უფროსად ვსწუხდეთ მათთვის, რამეთუ ევნების უფროსად ბოროტისმყოფელთა და იგინი არიან ღირს ტირილისა ფრიადისა, ვიდრეღა რომელთა უყონ ბოროტი. რამეთუ ანგაჰარიცა და ცილისმწამებელი თავთა თვისთა ავნებენ დიდად, ხოლო ჩვენ, ფრიად გვარგებენ, უკეთუ ოდენ ჩვენ გვინდეს.

რამეთუ უკეთუ ვინ მიიტაცოს შენი და შენ მადლობდე ღმერთსა, მრავალი სარგებელი მიგიღებიეს, მადლობისა მიერ, ხოლო მან მრავალი  სასჯელი და ბრალი მოიგო. რამეთუ, დაღაცათუ  უძლურ იყო შენ და ვერ ძალგედვას ბოროტის ყოფად ბოროტისმყოფელისა შენისა, არამედ ძალგიძს განრისხებად და წყევად მისდა  და ძვირისხსენებად. და უკეთუ არა ჰქმნე ესე, არამედ უფროსად ულოცო მას და აკურთხო იგი, მიიღო სასყიდელი და ამის მიერ საცნაურ იქმნნეს, ვითარმედ დაღაცათუმცა ჴელგეწიფებოდა ჴორციელადცა ვნებად, არა  ავნებდი.

რამეთუ, უკეთუ ულოცვიდე და აკურთხევდე ბოროტისმყოფელსა შენსა, მიემსგავსები  ღმერთსა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „ულოცევდით ბოროტისმყოფელთა თქვენთა, რათა იყვნეთ მსგავს მამისა თქვენისა ზეცათასა”[მთ.5,44-45]. ხედავაა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკეთუ ვინებოთ ბოროტისმყოფელთა ჩვენთა მიერ? რამეთუ არარაჲ ესრეთ მხიარულ ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ არა მიგებაჲ ბოროტისა ბოროტისა წილ! რამეთუ არათუ ბოროტისა ოდენ არა ყოფაჲ , არამედ უფროსად ლოცვაცა და კურთხევა ბოროტისმყოფელთა ჩვენთა ბრძანებულ არს ჩვენდა.

რამეთუ ქრისტემან იხილე რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თვისსა იუდას: ფერჴნი  დაბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თვისსა ზიარ ჰყო, ამბორისყოფა მისცა და იგი არავე მოიქცეოდა . არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილისყოფად არა დასცხრებოდა.

არამედ გასწავო ძველისაცა სჯულისა მონათა მიერ ღმრთისათა . იხილეთ ნეტარი იოსებ, რომელი გამობრწყინდა სიწმიდითა და უფროს სულგრძელებითა. რამეთუ განიყიდა უბრალოჲ, რომელი იგი ჰმსახურებდა ძმათა თვისთა და კეთილსა უყოფდა; და შეასმინეს იგი ძმათა და იოსებ მერმეცა  წარვიდა უდაბნოს, და მიართუა ძმათა თვისთა საზრდელი  და ვერ ჰპოვნა რა ეძიებდა, და არა მოიწყინა, და  ვითარცა  ძმაჲ იყო. ხოლო უწყალოთა მათ ძმათა ამას ყოველსა ზედა განჰყიდეს იგი, და დაემკვიდრა იოსებ მათ  მიერ საპყრობილესა შინა და არავე რაჲ სთქუა ბოროტი ძმათათვის .

და ამისა შემდგომად , მიიღო რა უფლებაჲ იოსებ, გამოზარდნა ძმანი თვისნი და მრავალთაგან  ბოროტთა იხსნნა იგინი. ეგრეთვე, უკეთუ ჩვენ გვენებოს  მოყვსისა ბოროტი, ვერ დაგვახრწევს სათნოებასა; გარნა მათ არა ესრეთ ჰყვეს, არამედ ბოროტი დასწამეს იოსებს, და  ჩვენებისა მისთვის აყვედრებდეს და შთააგდეს მღვიმესა და იგინი სჭამდეს მის მიერ მოღებულსა საზრდელსა, ხოლო ძმასა თვისსა იოსებს ხედვიდეს  მღვიმესა მას შინა შიშველსა და არა ეწყალოდა.

რაჲმცა იყო ამის საქმისა უძვირეს, ანუ რომელთა კაცის მკვლელთასა არა იყვნეს უბოროტეს ? და მერმე აღიღეს და მისცეს კაცთა უსახურთა ბარბაროსთა. გარნა იოსებ იქმნა მეფე , არათუ ოდენ ბოროტი იგი შეუნდო, არამედ ცოდვისა მისგანცა ძალისაებრ თვისისა განათავისუფლნა, და „განგებულებად ღმრთისა უწოდა საქმესა მას“[დაბ. 45,5-8], და არა მათდა უკეთურებად. და რაჲ იგი უყო არათუ ძვირისხსენებით, არამედ ძმისათვის თვისისა სიყვარულით. და მერმე მოეხვია ძმათა თვისთა და ტიროდა მათ ზედა, მათ მიერ მოკლული იგი იოსებ, და ყოველნი  იგი ეგვიპტედ შთაიყვანნა და ბევრეული კეთილი უყო მათ.

ხოლო რაჲ სიტყვა გვაქვნდეს, რომელნი შემდგომად სჯულისა და ქრისტეს მოსლვისა, და უწინარეს სჯულისაცა ყოფილთა არა ვჰბაძვიდეთ? ვინ მიხსნეს  ჩვენ სატანჯველთაგან? რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს ძვირისხსენებისა და ნაცვლისა მიგებისა ბოროტის მყოფელთა, და ამას  გამოაჩინებს თანამდები იგი ბევრეულისა  ტალანტისა, რომელსა შეენდო და მერმე მიეხადა. რამეთუ შეენდო ღმრთისა კაცთმოყვარებისათვის და მიეხადა თვისისა უკეთურებისათვის.

ხოლო ჩვენ, საყვარელნო, მოყვასთა  ყოველივე ცთომა შეუნდოთ ყოვლითა გულითა ჩვენითა და კეთილიცა უყოთ მათ, რათა მივემთხვივნეთ ღმრთისა კაცთმოყვარებასა და ჩვენცა მოგვიტევნეს ყოველნი თანანადებნი ჩვენნი, და საუკუნენი კეთილნი  მოგვეცნენ მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის  და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 42

არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა

საყვარელნო, აღმოვიკითხვიდეთ რა ქრისტეს ვნებათა , გონებათაცა შინა ჩვენთა დავნერგოთ გვირგვინი ეკლისა, სამოსელი კიცხევისა, ლელწამი იგი და ყურიმლის ცემაჲ, ნერწყვა და კიცხევა, ფრიად სარგებელ გვეყოს, და არა განვრისხნეთ , რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩვენ ზედა, რამეთუ „არა არს მონა უფროს უფლისა თვისისა”(იო. 13,16; 15,20).

ვითარ ეტყოდეს ქრისტესა  ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელი ხარ და ეშმაკი არს შენთანა“(იო. 8,48) და სხუანი მრავალნი ესევითარნი. და ამისთვის თავს იდვა ესე ყოველი მეუფემან, რათა  ჩვენცა კუალსა მისსა შეუდგეთ. რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა და ჩვენ ყოველთა.

მოვიგოთ უკუჱ საქმე ესე, საყვარელნო, რამეთუ არარაჲ  ესრეთ მოწყალე ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ სიყვარული და მოთმინება და არა ბოროტის ყოფა მტერთა. რაჟამს ვინმე გაგინოს , ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი. ხოლო  მას უფროსად სწყალობდე, რამეთუ ქრისტეცა შესწუხნა იუდასთვის. რაჲსათვის შესწუხნა? მისისა წარწყმედისათვის .

ამისთვის ქრისტესა ჩვენცა ვჰბაძვიდეთ, რამეთუ უკეთუ  მას არა ვბაძვიდეთ, „უმჯობეს  იყო არა თუმცა შობილ ვიყვენით“[მთ. 26,24]. რამეთუ „სარწმუნოება ოდენ თვინიერ საქმეთასა, არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად ჩვენდა“[იაკ. 2,20], არამედ  უფროსად დასასჯელ იქმნების. „რამეთუ მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა იქმოდეს, იგვემოს ფრიად“[ლკ. 12,47].

რაჲ უკუჱ სიტყვა მიუგოთ მეუფესა? რომელნი  ესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ, და უხილავნი გვიხილავან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძვირეს წარმართთასა ვიყვნეთ . რამეთუ, უკეთუ მათ დიდებისათვის ამაოსა მოღვაწება აჩვენეს, ხოლო ჩვენ  სასუფეველისათვის და ღმრთისათვის, და უფროსღა სულთა ჩვენთათვის არა ვაჩვენოთაა ? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათვის სულნიცა თვისნი შეურაცხ ჰყვნეს, ხოლო ჩვენ მცირედისა ოქროჲსთვის სულსა წარვიწყმედთ , და არა შეურაცხ ვჰყოფთ ოქროსა ქრისტესთვის. და ამისთვის მრისხანენი  ვართ და საქმენი საძაგელნი გვიყვარან.

არამედ ნუმცა არს ესე ჩვენ ზედა! და განვაგდოთ უღელი ანგაჰარებისა ჩვენგან, უფროსღა  მიუტევნეთ შემცოდეთა ჩვენთა და ვაკურთხევდეთ მწყევართა ჩვენთა [მთ. 5,44; ლკ. 6,28], რათა ესრეთ კადნიერად წარმოუდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე  .

 

სწავლა 43

არა ბოროტის ყოფისათვის

ძმანო ჩემნო საყვარელნო , ნუმცა ოდეს განიზრახავთ  ბოროტსა სხვისათვის, რამეთუ გულსავსე იყვენით, რომელნი ამას იქმოდეთ, თავთა თვისთათვის ჰლესთ მახვილსა და უბოროტესად მოიწყლვით ჴელითა თქვენითა .

არამედ, უკეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვლის მიგებაჲ, ნუ მიაგებ ბოროტსა, და მიგიგიეს; უკეთუ კულა ბოროტი უყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყვი სიტყვასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკეთუ იტყვი: „თუ ვითარ იყოს ესე“, ისმინე თუ ვითარ:

რაჟამს არა ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების მიმგებელ ბოროტისმყოფელისა  მის შენისა. ხოლო რაჟამს შენ თვით იწყო ბოროტის ყოფად მისდა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰხსენ სიტყვა იგი წერილისა, რომელი იტყვის: „ჩემი არს სასჯელი  და მე მივაგო, იტყვის უფალი”[ებრ. 10,30].

რამეთუ, უკეთუ მონანი იყვნენ ჩვენნი და ურთიერთას შეშფოთნენ და არა ჩვენდა მოვიდენ სამართლისა სასჯელისა ყოფად, არამედ თვით იგინი განსჯიდენ, არა შევსწუხნეთა ? ხოლო უკეთუ ჩვენ ესრეთ ვართ, არა უფროსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე სასჯელისა მისდა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკეთუ ესოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩვენ ღმერთსა  არა ვაჩვენებდეთ, რაოდენსა  ჩვენ მონათა ჩვენთაგან ვეძიებდეთ?

ხოლო ამას ვიტყვი ჩვენთვის, რომელნი ესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის ყოფად, თუ არა ჭეშმარიტი ესე არს, რათა  არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროსღა კეთილსა უყოფდეთ, რათა ჩვენცა მოგვეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისა, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ.

რამეთუ მითხარღა, უკეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ, შენ რადღა სცოდავ და მასვე ბოროტსა შთავარდები? რამეთუ, უკეთუ გაგინა, შენ ნუღარა აგინებ მას; თუ არა – თავსა თვისსა აგინებ. უკეთუ შეგაწუხა შენ, ნუღარა შეაწუხებ; თუ  არა – არღარა გაქუს განყოფილება მისგან. უკეთუ რაჲმე გავნო, შენ ნუღარა ავნებ; თუ არა – სარგებელი არღარა იყოს შენდა , არამედ ხარ ყოვლითურთ მსგავს მისსა .

ესრეთ შემძლებელ ხარ შერცხვინებად მისა, უკეთუ ყოველივე სიმშვიდით თავს იდვა და მოითმინო. ესრეთ შეუძლო დაწყნარებად გულის­წყრომასა მისსა; მასცა დიდად არგო და თავსა შენსა უმეტესი სასყიდელი მოატყვა. რამეთუ  ვერვის ძალუძს ბოროტითა ბოროტისა განკურნებაჲ, არამედ კეთილითა განიკურნების ბოროტი .

ესრეთ ყოველთა მიმართ კეთილსა ვიქმოდეთ, საყვარელნო , რომელთა სული წმიდა მოგვიღებიეს, რომელნი სასუფეველსა ცათასა მოველით, რომელთადა  ბრძანებულ არს ანგელოს ყოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარი საიდუმლონი .

ამისთვის გევედრები, ძმანო, აღმოვფხვრათ ჩვენგან გულისწყრომა და მრისხანებაჲ და მიუტეოთ შემცოდეთა ჩვენთა და უფროსღა კეთილსა უყოფდეთ მათ, რათა ჩვენცა მოვიღოთ მოტევება ცოდვათა ჩვენთა და  მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 44. თავი იე [15]

სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა

ქრისტესგან ვისწავოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29).

ესევითარი სიმდაბლე და სიმშვიდე ჩვენცა მოვიგოთ და ვიქმნეთ შემუსრვილის გულით ლოცვისა შემწირველ ღმრთისა, რათა ვჰპოვოთ გან­სვენება სულთა ჩვენთა ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა .

შევიმოსოთ სიმდაბლე – დედა იგი ყოველთა სათნოებათა; დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა, რათა ზღვაცა ესე ამის სოფლისა დაუნთქმელად წარვლოთ  და მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესლვად.

ვიქმნეთ უკუჱ მდაბალ, საყვარელნო, რათა ავმაღლდეთ, რამეთუ ნამდვილვე აღამაღლებს სიმდაბლე კაცსა, სიმაღლითა მით სამღთოჲთა და უზესთაეს კამარათა ზეცისათა ჰყოფს. რამეთუ იტყვის: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (მთ. 23,12; ლკ. 18,14).

აწ უკუჱ, საყვარელნო, შევიტკბოთ სიმდაბლე, რომელი ქრისტესა მიამსგავსებს მომგებელთა მისთა და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 45

სიმდაბლისათვისვე

საყვარელნო, შევიმოსოთ სიმდაბლე, რათა ლოცვა ჩვენი ფრთოვან იყოს. გულისჴმა ვჰყოთ წერილი იგი, ბრძანება უფლისა, ვითარ იტყვის: „რომელსა უნდეს დიდ ყოფა , იყოს ყოველთა მსახურ და ყოველთა მონა“[მრკ. 10,43-44], რათა დიდ იქმნას.

ესერა გესმოდეს, საყვარელო, ყოვლითა ძალითა შენითა ისწრაფე მოგებად სიმდაბლისა; ნუ გეშინინ, თუმცა პატივსა შენსა რაჲმე ევნო სიმდაბლისაგან. რამეთუ, რაოდენცა დამდაბლდე, ვერ ძალგიძს ესოდენ დამდაბლებად, ვითარ იგი მეუფე ჩვენი დამდაბლდა. გარნა გარდამოსლვა იგი მისი, ჩვენ ყოველთა აღსლვა გვექმნა და მისიცა დიდება გამოაბრწყინვა კაცთა შორის, რამეთუ პირველ განკაცებისა, ანგელოსთა მიერ ხოლო საცნაურ იყო და კაცთა მცირედთა წმიდათა მათ წინასწარმეტყველთა და მამათმთავართა. ხოლო განკაცნა რა და ჯვარს ეცუა, ყოველმან სოფელმან იცნა იგი და არარაჲ დააკლდა დიდებასა მისსა, არამედ უფროსად შეიძინა ცხოვრება კაცთა.

ხოლო შენ, კაცო, რაჲსა  გეშინის და ჰგონებ, თუ სიმდაბლისაგან პატივსა შენსა ევნოს? არამედ უფროსღა უწყოდე, ვითარმედ: „რაოდენცა დაიმდაბლო თავი შენი, უფროსად ამაღლდების დიდება შენი“[ლკ. 12,11].

ესე სიმდაბლე არს  კარი სასუფეველისა. უკეთუ გვენებოს მუნ შესლვა, ესე გზაჲ ვიპყრათ სიმდაბლისა, რამეთუ ვინებოთ თუ გზასა მას ამპარტავანებისასა შესლვად , შორს ვიპოვნეთ სასუფეველისაგან და ვიქმნეთ უფროს ყოველთა შეურაცხ და წარწყმედულ.

და ვითარცა სხუასა ადგილსა ვიტყოდით, ვითარმედ: რაჲსათვის აჩვენებ კაცთა ქველისსაქმესა შენსა? რათა იდიდოა და საქებელ იქმნა? აწ უკუჱ ნუ ესრეთ იქმ, და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი დიდება და ქებაჲ.

კვალად ვიტყოდით, ვითარმედ: რაჲსათვის იუნჯებ, კაცო, რათა სიმდიდრე გაქუნდესა? აწ უკუჱ ნუ იუნჯებ და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი სიმდიდრე.

ეგრეთვე აქა ვიტყვი: რაჲსათვის გიყვარს დიდებაჲ და ზუაობაჲ? რათა პირველ სხუათასა და უდიდეს იყოა? აწ უკუჱ შეიმოსე სიმდაბლე და იყავ ყოველთა უდარეს, და მერმე იქმნა ჭეშმარიტად დიდ და ყოველთა პირველ.

ხოლო იყო თუ აქა ზუავ და ამპარტავან, იყო  ყოველთა უმცირეს და ნარჩევ და შეურაცხ. ესე სიტყვა არა ჩემი არს, არამედ ქრისტესი , ვითარცა იტყვის: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს ”[მთ. 23,12; ლკ. 18,14].

აწ უკუჱ, საყვარელნო, სიმდაბლე შევიტკბოთ, სიმდაბლე შევიყვაროთ, სიმდაბლე შევიმოსოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ და აქაცა  კეთილი გვეყოს და წარუვალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის  და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 46

სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა

საყვარელნო, ესე უპირატესნი სათნოებანი, სიმდაბლე და სიმშვიდე  აქუნდეს სანატრელსა მახარებელსა  იოანეს და მისთვის უყვარდა იგი უფალსა. რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზესთაეს? გარნა ნუმცა ოდენ ვნატრით მოციქულსა მას, ძმანო, არამედ ვისწრაფოთ ჩვენცა, რათა  მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა საყვარელსა მას იოანე ღმრთისმეტყველსა , და  ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათვის უფროს ყოველთასა უყვარდა იგი უფალსა. უკეთუ  დაუტევა მამა თვისი და შეუდგა უფალსა და ამას საქმესა ძმაცა თვისი  ზიარ ჰყო, და პეტრეცა და ანდრია, გარნა  ესე რაჲსათვის უყვარდა უფროს ყოველთასა? რამეთუ თვით არა სთქუა სიმდაბლისათვის მიზეზი იგი სიყვარულისა, არამედ მე ამას გულისჴმა ვჰყოფ; ამისთვის, რამეთუ ფრიად აქუნდა სიმშვიდე და სიმდაბლე და სიწრფოება. და მისთვის უყვარდა იგი უფალსა უმეტეს სხუათასა, რამეთუ თავადსა ჰბაძვიდა სიმშვიდით და სიმდაბლით, ვითარცა იტყვის: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა ”(მთ. 11,29).

ხოლო ესევითარი სათნოება მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ მოსე დიდსა საზომსა ამან სათნოებამან მიაწია , და არარაჲ არს სწორ სიმშვიდისა და სიმდაბლისა. ამისთვის ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ, ვითარცა საფუძველი სათნოებათა სიმდაბლე  ახსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა”(მთ. 5,3). ესე არს სიმდაბლე და შეუძლებელ არს თვინიერ სიმდაბლისა ცხოვნებაჲ .

გინათუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რაჲსაცა იქმოდეს ზუაობით, საძაგელ არს წინაშე უფლისა ; არამედ უკეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმე მისი პატიოსან არს და შეწირულ წინაშე უფლისა.

მოვიგოთ  უკუჱ, საყვარელნო, სიმდაბლე ; რამეთუ, უკეთუ გვინდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათვის ზუაობ, ჵ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა, გონებისა  ცთომილებასა?! მოიხსენენ ცოდვანი შენნი; უკეთუ კულა სათნოებანი გქონან და მისთვის ზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე; რამეთუ, უკეთუ გლახაკთა მისცემ და მისთვის ზუაობ, არა  შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა. და უფროსად სიმდაბლე გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვიდე და გულისჴმა  ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა.

რამეთუ უკეთუ დღეს მდიდარ ვართ და ხვალე შიშველნივე  განსლვად ვართ, ანუ რაჲ არს სიმდიდრე? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი თივისა და ყუავილისაცა უუძლურესი . რაჲსა უკუჱ ზუაობ, ჵ, კაცო, თივასა  ზედა? ანუ არა მეძავნიცა და ავაზაკნი მოიგებენა სიმდიდრესა?!

უკეთუ კულა პატივი და დიდება გიყვარს, ღმრთისამიერი მოიძიე, რომელი იგი არა ოდეს განქარდების. სიმდაბლე მოიგე და ამპარტავანება განაგდე, რათა, ესრეთ სათნოებითა შემკობილი, საუკუნოსა მას დიდებასა ღირს იქმნე, რომელსა ღირსმცა ვართ დამკვიდრებად ყოველნი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე, პატივი და თაყვანისცემა ყოვლად­წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 47. თავი ივ [16]

ამპარტავანებისათვის

ამპარტავანებისათვის ანგელოსნი ზეცით გარდამოსცვივნეს და ეშმაკად შეიცვალნეს. სიმდაბლე ზეცად აღვალს და ანგელოსთა თანა მოდასე იქმნების და ამპარტავანება ეშმაკთა თანა განიწესების. ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა და ვედრება ამპარტავანისა განარისხებს ღმერთსა.

ვითარცა სიმძიმე ნაყოფისა დასცემს რტოსა, ეგრეთვე ამპარტავანება წარსწყმედს სათნოებასა; ვითარცა ხე უფესო მოსწრაფედ დაეცემის, ეგრეთვე კაცი ამპარტავანი ადვილად ჯოჯოხეთისა ნახეთქსა შთავარდების . ვითარცა ნერგსა განუწმედელსა კუროსთავთაგან  არა ძალუძს აღორძინებად, ეგრეთვე კაცსა ამპარტავანსა არა ძალუძს წარმართებად კეთილის ცხოვრებად, უკეთუ არა სიმდაბლითა ამპარტავანება განიოტოს დამორჩილებითა სინანულისათა, რამეთუ მაღლად ჰრბის სული ამპარტავანისა და მუნითგან სიღრმესა შინა ჯოჯოხეთისასა შთაიჭრების.

ვითარცა ნაყოფი განრყვნილი უხმარ არს მუშაკისა, ეგრეთვე ლოცვაცა ამპარტავანისა არა შესაწყნარებელ ღმრთისა . სულსა ამპარტავანისასა არა აქუს ნაწილი ღმრთისა თანა, არამედ ეშმაკთა სახარულევან იქმნების.

რად მაღლოჲ, ჵ, კაცო? მიწა ხარ და ნაცარი და რად ამპარტავნებით მოიწყვლები, ჵ, უგუნურო! უკეთუ დიდ ვინმე ხარ, რომლისამე წესითა გაქუნდინ სიმდაბლე და არასადა იგმოს დიდება შენი. სხუათა ცოდვათა ნუ გამოეძიებ, რათა დიდებულ იქმნე დღესა მას სასჯელისასა . ნუ დაუტეობ შეჭირვებულსა მტირალსა და არა უგულებელს იქმნეს ლოცვა შენი.

ჵ, გლახაკო კაცო! ვინ შეგქმნა შენ ანუ სადათ  აღგიღო მიწაჲ? რაჲსა ესავ სიმდიდრესა და არა გეშინის ღმრთისა, რომელი მიწადვე მიქცევად ხარ, რად ამაოდ ჰშვრები  და ამპარტავნებ და მოქადულობითა ცუდითა ბოროტად წარსწყმდები? და რად განიბერები ვითარცა პერეული  წყლისა? ვითარმედ მიწა ხარ და არა მრავლისა შემდგომად მიწადვე შთახვიდე აწ ამპარტავანი და შემდგომად მცირედისა მატლთა თანა განისვენო.

ჵ, კაცო, გულისჴმა ჰყავ შენი უძლურება და ნუ ამპარტავნებ, რამეთუ დაბადებული ხარ ღმრთისა. ნუ უარ ჰყოფ დამბადებელსა შენსა, მიხედენ ბუნებასა შენსა და იხილენ თანამონათესავენი შენნი, რამეთუ იგინიცა მისვე ბუნებისანი არიან და ნუ განაგდებ ამპარტავანებისათვის შენისა ბუნებასა შენსა. უკეთუმცა დღეს შენ მდიდარ ხარ და იგი გლახაკ, არამედ წინაშე ღმრთისა იგი უფროს არს შენსა.

ჵ, კაცო ამაოო, ნუ ამპარტავნებ მრავლისათვის სიმდიდრისა, რამეთუ მწუხარება მისი განგყოფს ღმრთისაგან, და ცხოვრებასა მდიდართასა ნუ ნატრი, რამეთუ ძლიერნი ძლიერად გამოიძინეს. ვითარცა ფერჴშეკრულისა არა იქმნების სლვაჲ, ეგრეთვე მწუხარებით შეპყრობილისა ცად აღსლვაჲ.

ჵ, მდიდარო, ნუ ამპარტავნებ მონაგებთათვის შენთა და განხრწნადითა ნუ იქადი. ღმერთი არს მხოლოდ მდიდარი, რომელსა აქუს  უხრწნელი სიმდიდრე, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 48

ამპარტავანებისათვისვე

ამპარტავანებითა დაეცა პირველქმნული იგი ადამ  ნეტარისა  მისგან ცხოვრებისა. და კვალად ეშმაკიცა, რომელმან იგი აცთუნა, ამითვე სახითა დაეცა სიმაღლისა  მისგან დიდისა. ამისთვისცა იცოდა უკეთურმან მან ცოდვისა მის ძალი, ვითარმედ ზეცით გარდამოგდებადცა შემძლებელ არს. ამისთვის ადამს მითვე სახითა ებრძოლა  და დასცა, რამეთუ, აღაზუავა იგი აღთქმითა  მით სწორ ღმრთისა ყოფისათა, და ესრეთ დასცა და ჰშთახდა  ქვესკნელთა ჯოჯოხეთისათა, რამეთუ არარაჲ ესრეთ უცხო ჰყოფს ღმრთისაგან  და მისცემს გეენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაჲ.

რამეთუ რაჟამს ამპარტავნება  ჩვენთანა იყოს, ყოველივე ცხოვრება ჩვენი არაწმიდა არს, გინათუ ქალწულებასა ვიქმოდეთ, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხუასა რას. რამეთუ არაწმიდა არს და საძაგელ წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა.

დავაცხროთ უკუჱ ამპარტავნება ჩვენი და უკეთუ გვენებოს, რათა  ვიყვნეთ წმიდა და განვთავისუფლდეთ სასჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარმედ: „ნუ ახალნერგ, რათა არა აღზუავნე და სასჯელსა და საბრხესა ეშმაკისასა მიეცე , არამედ განერე ამის უსჯულოებისა საქმესა“[1 ტიმ. 3,6].

უკეთუ გულისჴმა ვჰყოთ ბუნება ჩვენი და ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე მოვიხსენოთ, და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოებაჲ, რომელი არათ უმჯობეს  არს თივისა და ყუავილთა მათ არისათა, უადვილესად დაჭნების. უკეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვბაძვიდეთ, ვერა ოდეს დაგვცეს  ეშმაკმან ამპარტავანებითა .

ხოლო ქრისტემან ღმერთმან  მდაბალმან, სახიერმან და ტკბილმან მოგვანიჭოს ჩვენცა და თქვენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რათა ესრეთ შეუძლოთ სხუათაცა სათნოებათა წარმართებად სადიდებელად  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა  თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 49

კვალად ამპარტავანებისათვისვე

საყვარელნო, უკეთუ იოანე ნათლისმცემელი არა ღირს იყო საბელთა ჴამლთა ქრისტესთა განხსნად , „იოანე, რომლისა უზესთაესი ნაშობთა შორის დედათასა არავინ აღდგომილ არს“[მთ. 11,11], ჩვენ სადა დავაწესოთ  თავნი ჩვენნი?

უკეთუ რომელი იგი უზესთაეს იყო ყოვლისა სოფლისა, მან სთქუა, ვითარმედ: „უკანასკნელთაცა მონათა მისთა შერაცხვად არა ღირს ვარო“[ლკ. 3,16; საქ. 13,25]. რაჲ ვსთქუათ ჩვენ, რომელნი ბევრეულითა ბოროტითა სავსე ვართ. რომელნი ესოდენ ნაკლულევან ვართ მისისა სათნოებისაგან, რომელ ცაჲ ქვეყანისაგან არა არს ესრეთ შორს. და  მან სთქუა, ვითარმედ: „საბელსა ხამლთა მისთასა განხსნად არა ღირს ვარო“[მრკ. 1,7].

ხოლო ჩვენ, რომელნი ამპარტავანებითაცა ძლეულ ვართ, რაჲმე ვსთქუათ? არა უწყი. არამცა გარდმოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკეთუმცა არა ამპარტავანებითა  შეპყრობილ იყო. ამან შთახადა იგი გეენიად. ამპარტავანება  იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ  ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყვნად, რამეთუ: „მაღალი იგი წინაშე კაცთა, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა”[ლკ. 16,15].

არა სამე სიძვაჲ ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ამპარტავანებაცა , რამეთუ სიძვასა, დაღაცათუ ბოროტ არს, აქვს  მიზეზად გულისთქმაჲ ჴორცთა, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისა, უგულისჴმოებისაგან შობილი, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა. დაღაცათუ ფრიად მდიდარი იყოს, არარაჲ არს უგლახაკეს  მისა, დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაცთა ესწავოს და ყოველი ძალი მისი აქუნდეს .

რამეთუ უკეთუ, რომელი სათნოებასა და მოღვაწებასა ზედა ზუაობდეს , ყოველსა მას სასყიდელსა თვისსა წარსწყმედს. ხოლო უკეთუ რომელი სიზმართა და აჩრდილსა ზედა ზუაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაჲ, მისთვის რაჲ ვსთქუათ? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიგლახაკითა და სიყმილითა მოკუდებოდეს, და უკეთუ სადა იხილოს სიზმარი რაჲმე კეთილი და მას ზედა მაღლოოდეს .

ჵ, უბადრუკო კაცო! სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს და შენ, რომელ ოქრო და ვეცხლი გაქვს, ამისთვის გონება ღრუბელთა უმაღლეს გიპყრიეს . არამედ სიმდიდრე ეგე არა შენი არს და უკეთუ ჩემი არა გრწამს, თვით საქმენი იხილენ. და უკეთუ ჯერეთ გთრავს  და არა გულისჴმა ჰყოფ სხუათა ზედა მოწევნულთა საქმეთაგან, მცირედ ელოდე და შენ ზედა მოწევნულისაგან სცან , ვითარმედ ესე ყოველი არას გერგების, რაჟამს იგი მოიწიოს სიკუდილი და ერთისაცა ჟამისა უფალ არა იყო, არამედ უნებლიეთ ყოველივე დაუტევო. და ნუუკუჱ ვიეთთა შენ არა გინდეს, მათ წარიღონ, რამეთუ მრავალთაცა სიტყვისა თქმად ვერ ჴელეწიფა.

არამედ ესე რათა არა მოიწიოს ჩვენზედაცა, ამისთვის, ვიდრეღა ცხოვრებასა ვართ, ჴელითა ჩვენითა წარვსცეთ ყოველი ჩვენი მონაგები მას ქალაქსა, რათა მუნ ვჰპოვოთ ყოვლითურთ. და მუნ  არა არს შიში წარწყმედისა, არცა სიკუდილისამიერი, არცა სხუა რაჲმე  განსაცდელისა, არამედ თვითოეული უკუნისამდე იშვებდეს თვისსა მას სიმდიდრესა ზედა.

მივსცვალოთ უკუჱ, საყვარელნო, სიმდიდრე ჩვენი ამიერ მუნ, რამეთუ არა სახმარ არიან ჩვენდა ამის მიცვალებისათვის კარაულნი, ანუ აქლემნი, ანუ ნავნი, არამედ გალახაკთა მიერ იქმნების საქმე ესე კეთილად, უძლურთა მიერ და მკელობელთა და ბრმათა; იგინი წარიღებენ მას ყოველსა მუნ ამიერ . იგინი მოწყალესა მას თანა შეგვიყვანებენ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 50. თავი იზ [17]

ცუდად მზუაობრობისათვის

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზუაობრობისაგან, რომელი ესე უძვირეს არს ყოველთა ვნებათასა. ცუდად მზუაობრობისაგან იშვების  ანგაჰარება და სახმართმოყვარებაჲ. ცუდად მზუაობრობისა მიერ იქმნების სიძულილი  და ბრძოლანი და შფოთნი. რამეთუ რომელი უმეტესსა დიდებასა ეძიებდეს, მარადის ბრძოლათა და ბოროტთა შინა არს და ვერაოდეს ჰპოვებს გულისთქმისა თვისისა დასასრულსა. ხოლო ესე ყოველი ცუდად მზუაობრობისაგან არს.

რამეთუ რაჲსაგან არს სიმრავლე სამკაულთა, მონათა და ტაძართა, რომელ ჰქონან მრავალთა? არათუ სახმარ მათდა  არს იგი ყოველი, არამედ რათა ამპარტავნებისა და ზუაობისა მათისა მოწამენი მრავალნი იყვნენ .

ხოლო უკეთუ ცუდად მზუაობრობასა ვსძლოთ, სხუანი მრავალნი ვნებანი  უჩინო ვჰყვნეთ მისთანა და არღარა იყოს დამაყენებელ, რათა ესრეთ ვიყოფოდეთ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცათა შინა. რამეთუ ესე ვნება არათუ ცოდვათა ოდენ შინა  არს, არამედ სათნოებათაცა შეერთვის და განმრყვნელი არს სათნოებისა ყოვლისა, რომელსაცა თანა იყოს. რამეთუ შრომათა თავსდებად გვაიძულებს და ნაყოფსა მოკრებად არა შეგვინდობს; რამეთუ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ყოვლისა შრომისა ცუდად მზუაობრობართა .

და რაჲმცა იყო ამის დაჭირვებისა უსაწყალობელეს ? რამეთუ შეუ­ძლებელ არს, თუმცა სოფლისაცა დიდებასა ვეძიებდით და ღმრთისასაცა, და ორივემცა ვჰპოვეთ. არამედ მაშინ ოდენ ვჰპოვოთ ორივე , რაჟამს  ერთსა ვეძიებდეთ ოდენ  ღმრთისამიერსა .

და ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა  ვივლტოდეთ დიდებისაგან კაცთასა და ვეძიებდეთ დიდებასა ღმრთისაგან , რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 51

ცუდად მზუაობრობისათვისვე

ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდად მზუაობრობაჲ. ამან მოიყვანა ჰურიანი შურად ქრისტესა და  ამან კვალად დაარწმუნა მათ და მოუხდეს იესოს და ჰრქუჱს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი”[მთ. 9,14; მრკ. 2,18]. ვივლტოდეთ უკუჱ, საყვარელნო, ცუდად მზუაობრობისა ვნებისაგან . და უკეთუ ამისგან ვივლტოდეთ , გეენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეენიისასა, და ყოველგან განუფენია თვისნი რტონი, და ყოველი ჰასაკი და ნათესავი დაუპყრიეს. ამან ეკკლესიანი ზედა ქვე ჰქმნა და ქალაქნი და ნათესავნი ამან ვნებამან  ცუდად მზუაობრობისამან.

ხოლო ვსძლოთ ვნებასა ცუდად მზუაობრობისასა, ესრეთ : უკეთუ წინააღუდგინოთ დიდებასა დიდებაჲ, რამეთუ სიმდიდრესა მაშინ შეურაცხ  ვჰყოფთ, რაჟამს სხვისა სიმდიდრისა მიმართ ვხედვიდეთ. და ცხოვრებასა ამას მაშინ შეურაცხ  ვჰყოფთ, რაჟამს საუკუნო ცხოვრება გულისჴმა ვჰყოთ. ეგრეთვე ცუდი დიდება მაშინ დავსთრგუნოთ , უკეთუ მერმისა მის დიდებისა სურვილი გვაქვნდეს.

და რამეთუ  კაცთა დიდება ამაო არს და ცუდი, ოდენ სახელი აქვს და საქმე – არა. ხოლო ზეცისა იგი დიდება ჭეშმარიტ არს; და არათუ კაცნი , არამედ ანგელოსნი და მთავარანგელოსნი და ანგელოსთა მეუფე იყოს მაქებელად  ესევითარისა.

უკეთუ იგი საუკუნო დიდება და  იგი მსაჯული გულისჴმა ჰყო, ვერარამან სოფლისა საქმემან გაცთუნოს შენ. რამეთუ  სოფელსაცა ამას ვინმცა აღირჩია წინაშე მეფისა მდგომარემან , რომელსა თვით მეფე და ყოველნი მხედარნი  მისნი აქებედ , რათამცა აღირჩია მან ქება ბუზთა და მუმლთა? ესრეთ არს კაცობრივი დიდება ღმრთისა თანა, ვითარცა ჴმაჲ  ბუზთა და მუმლთა ქებასა მას თანა მეფისა და მხედართასა .

არამედ რომელთა ესე უნდოებაჲ კაცობრივთა საქმეთა ვიცით, ყოვლითა ღონითა საუკუნო იგი და მიუწდომელი დიდება ვიძიოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 52

ცუდად მზუაობრობისათვისვე

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზუაობრისა მხეცისაგან  მარადის, რამეთუ მზაკვარი არს და მრავალფერი, და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თვისსა გესლსა და სახესაცა შინა და შვებასა და შვენიერებასა ჴორცთასა.

ცუდად მზუაობრობისათვის უმეტეს სახმართასა ვეძიებთ, ცუდად მზუაობრობისათვის არს შვენიერება სამოსელთა საძიებელ, ცუდად  მზუაობრობისაგან გარდაემატა  ჩვენ შორის ანგაჰარებაჲ.

არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჵ, ძმაო, და უკეთუ გნებავს, რათა დიდება გაქუნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა. მაშინ გაქონ შენ ანგელოსთა და კაცთა და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს .

რამეთუ ვიდრემდის ჴორცთა ამკობდე , ამაო არს შრომა შენი და ხარ ცუდად მზუაობრობასა შინა . ხოლო უკეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ ჰყო  ქება შენი.

რაჲსათვის ამკობ ჴორცთა შენთა, ჵ , კაცო, ცუდად მზუაობრობითა და სული შენი უდებ  გიყოფიეს და არაწმიდებითა სავსე არს? რამეთუ უმეტესი მოსწრაფება სულისა შემკობისათვის ჯერ იყო ქმნად, ხოლო ჩვენ დაღაცათუ  უმეტესი არა ვჰყოთ, გარნა სწორად ჴორცთა ვიღვაწოთ სულიცა .

მოაქციე, ძმაო, ესე  სამკაული შინაგან და შემოსე სულსა, რამეთუ ჴორცთა  არას არგებენ ძოწეულნი და პორჶირნი; არცა სიმრთელესა მისცემენ, არცა შვენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშვერსა ვერ განაშვენებს. ხოლო სულსა, უკეთუ შემოსო, მეყსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს და უკეთუ უშვერი იყოს, განაშვენებს. რამეთუ იტყვის უფალი: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი გავასპეტაკო”[ეს. 1,18].

„მიეც უკუჱ, ძმაო, მოწყალება და აჰა, შენი ყოველივე წმიდა იყოს“[ლკ. 11,41], და შვენიერ და კეთილ, რათა ესრეთ შემკობილი პორჶირითა გვირგვინოსანი  იქცეოდე სავანეთა მათ ზეცისათა, კეთილთა მათ მიუთხრობელთა, რომელთა ღირსმცა  ვართ ყოველნი პოვნად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 53. თავი იჱ [18]

ვეცხლის მოყვარებისათვის

საყვარელნო , შეუდგეთ იესოს და აღვიღოთ ჯვარი ჩვენი, რამეთუ იტყვის: „უარ ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე”(მთ. 16,24). ესე არს აღება ჯვარისა, რათა მოვაკუდინნეთ  ასონი ჩვენნი ქვეყანასა ზედა, დავშრიტოთ გულისთქმაჲ , მოვაკვდინოთ გულისწყრომაჲ, მოვკლათ შური. და ესე არს მსხვერპლი ცხოველი, რომელი არა მტვერ იქმნების, არცა კუამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უხმს და შეშაჲ და მახვილი, არამედ აქვს მახვილად და ცეცხლად სული  წმიდა.

ესე მახვილი აღიღე, ძმაო, და  მოიკვეთე ნამეტნავი იგი გულისა, განაღე  დაყოფილი სასმენელი, რამეთუ სენნი და ბოროტნი გულისთქმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყვასა ღმრთისასა. რამეთუ ვეცხლისმოყვარება რა მოიწიოს, არა უტეობს  შესლვად სიტყვათა მოწყალებისათა. და სიძულილი რა მოიწიოს, დაუყოფს შესავალსა სიყვარულისასა , და ყოველი ვნება ესრეთ არს. არამედ ჩვენ აღმოვფხვრნეთ ბოროტნი გულისთქმანი, რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს.

ხოლო ჩვენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩვენ ზედა. ნუ  მძლავრებასა ვეცხლისმოყვარებისასა ჰხედავ, არამედ გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაჲ. რამეთუ  არათუ ბუნებით არს ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ , რამეთუ ვინათგან ბუნებითნი ყოველნი პირველითგან იქმნეს, ხოლო ოქროჲ და ვეცხლი ვიდრე მრავლად ჟამადმდე ყოვლად  არა სჩნდეს.

სადაჲთ უკუჱ აღორძნდა ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ ? გარნა ცუდად მზუაობრობისაგან და დახსნილობისა.

რამეთუ გულისთქმანი  Iრომელნიმე საჭირო არიან, IIრომელნიმე ბოროტნი, და IIIრომელნიმე არცა ერთისა ამათგანისა. ესე  იგი არს, ვითარმედ: რაოდენნი არიან, რომელ თვინიერ მათსა მოკუდების კაცი. Iიგინი საჭირო არიან და ბუნებით – ვითარ არიან ჭამისა და სმისა და ძილისა გულისთქმაჲ. IIხოლო ტრფიალება იგი ჴორცთა – სიმხურვალისა ბუნებით არს, გარნა არა საჭიროჲ. რამეთუ მრავალთა სძლეს ჴორცთა მხურვალებასა და არა მოკუდეს. IIIხოლო ვეცხლისმოყვარებისა  გულისთქმაჲ – არცა ბუნებითი არს, არცა საჭიროჲ, არამედ ცუდი. და უკეთუ გვენებოს, არა შევიწყნარებთ ვეცხლისმოყვარებასა .

რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათვის სთქუა: „რომელთა ძალუძსო”[მთ. 19,12]. ხოლო სახმართმოყვარებისათვის სთქუა: „რომელმან არა დაუტეოს მონაგები  თვისი და შემომიდგეს მე, არა არს იგი ჩემდა ღირს”[მთ. 10,38]. რამეთუ რომელ ადვილ არს, ამას გვამცნებს. ხოლო, რომელი ვერ ყოველთა ძალუძს, მიუშვებს ნებასა  ზედა.

აწ უკუჱ რად ვჰყოფთ თავთა ჩვენთა უსიტყველ წინაშე ღმრთისა? რამეთუ  რაჲ ვსთქუათ, რაჟამს გვრქვას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიარი, და არა მეცით ჭამადი ”[მთ. 25,35]. ნუუკუჱ ქვრივისა მის უგლახაკეს ვართა, რათამცა სიგლახაკე ვიმიზეზოთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა და ესეცა მისისა კაცთმოყვარებისაგან არს.

ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩვენისა ქმნად კეთილისა და მოწყალებისა, რათა ჩვენცა შევიწყნარნეთ  და მივემთხვივნეთ  საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 54

ვეცხლის მოყვარებისათვისვე

ძმანო, ისმინეთ ჩემი , რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყვარება ბოროტი. და თუალთა და ყურთა დაუყოფს, და მხეცისა უფიცხეს ჰყოფს კაცსა: არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრობასა, არცა თვისისა სულისა ცხოვნებასა უტევებს გულისჴმისყოფად, არამედ ვინათგან სძლოს კაცსა ვეცხლისმოყვარებამან, სრულიად  დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რათა მადლიერცა მისდა  იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესზომცა  აღორძინდების გულისთქმა მათი და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მხეცი იგი უბრძოლველ.

ვეცხლისმოყვარებამან გეეზი განაკეთროვნა, ამან ანანია და საჶირა წარწყმიდნა, ამან იუდა ქრისტეს განმცემელ ჰყო , ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს.

ვეცხლისმოყვარებამან აღავსო სისხლითა გზანი, ვეცხლისმოყვარებამან აღავსო გლოვითა და გოდებითა ქალაქნი, ვეცხლისმოყვარებამან შეაგინნა  მრავალნი და ტაბლები ბილწებისა დააგო  და სანოვაგები უსჯულოებისა. ამისთვის ვეცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებად უწოდა პავლე .

ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ, რომელთამე აქუს საფასე და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვითარცა სიწმიდესა რასმე, რომლისა ვერ იკადრებენ კაცნი მიახლებად. და უკეთუ ოდესმე იიძულნენ მიახლებად მათდა , ესრეთ შეურაცხიეს, თუ – ბოროტი რაჲმე ჰქმნეს. და ვითარცა კერპთა, ესრეთ ჰმარხვენ  საფასეთა შეწყვდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა. და ტაძრისა წილ, აქუს მათ კიდობნები და ჰმარხვენ  ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა.

რაჲსა იქმ, ჵ, ვეცხლისმოყვარეო? არა თაყვანის ჰსცემაა ოქროსა  მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ, დაღაცათუ არა თაყვანის სცემ, არამედ ყოვლით კერძო მას პატივ სცემ . და ვითარცა კერპთმსახურსა  ურჩევიეს სულისა თვისისა აღმოსლვაჲ, ვიდრე კერპისა თვისისა წარგებაჲ, ეგრეთვე შენ, ვეცხლისმოყვარეო, გირჩევიეს სულისა აღმოსლვა, ვიდრე საფასეთა შენთა შეხებაჲ .

ხოლო ამას თუ იტყვი შენ, კაცო, ვითარმედ: „არა თაყვანის ვსცემ მე ოქროსაო“, არაცა იგი კერპსა თაყვანის სცემს, არამედ მას შინა დამკვიდრებულსა ეშმაკსა. ეგრეთვე  შენ, დაღაცათუ ოქროსა მას არა თაყვანის  სცემ, არამედ ეშმაკსა მას თაყვანის სცემ, რომელი ოქროჲსა მისგან და გულისთქმისა მისისაგან სულსა შინა შენსა შემოვალს. რამეთუ  ყოვლისა ეშმაკისა უბოროტეს არს გულისთქმა ვეცხლისმოყვარებისა, რომელი გასწავებს ყოველსა ბოროტსა და გეტყვის, ვითარმედ: მარადის  მბრძოლ ექმენ ყოველთა კაცთა და მტერ. უცხო ექმენ ბუნებასა შენსა, შეურაცხ ჰყავ ღმერთი, შემოსწირე თავი შენი ჩემდა! კერპთმსახურნი კერპსა უზორვენ და ცხოვარსა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყვარება იტყვის: „შემოსწირე სული შენი ჩემდაო “ და ისმენ მისსა.

ჰხედავა, ვითარნი ბომონნი  ჰქონან, ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ვერ  დაიმკვიდრებენ ანგაჰარნი”[1 კორ. 6,9-10] და არავე ეშინის. და ესე გულისთქმაჲ უუძლურეს არს ყოველთა გულისთქმათასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ  არს, თუ არა პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქრო და ვეცხლი არა იყო, არცა ვის უყვარდა .

არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თვითეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად და ესრეთ განეფინა სენი ესე. რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი, და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხვა ყოველივე სიმდიდრე, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რათა მათ წარხდენ და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა.

გარნა არცა ესრეთ აქუს  სიტყვა ვეცხლისმოყვარეთა წინაშე  ღმრთისა. რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთა შინა და უდაბნოთა. დაღაცათუ  უპოვარება ვერ ძალგიძს, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებ. რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნი არიან, რომელნი არა იტაცებენ, არამედ სამართლითა მოგებული აქუს  და მისგან ჰყოფენ მოწყალებასა.

რად არა უკუჱ მათ ვეშურებით და ვჰბაძავთ? მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი კაცნი. არა ცალიერნი სდგანანა ტაძარნი და აგარაკნი მათნი? და ოდენ სახელი მათი ეწოდების, ვითარმედ მის ვისიმე სახლი და მის ვისიმე სოფელი, არა სულთ ვითქვამთაა? ვიხილნეთ რა, თუ რაზომნი შრომანი და ჭირნი თავს ისხნა, რაზომნი ტაცებანი ჰქმნა მისთვის, და აწ არღარა სადა ჰსჩანს, არამედ მისთა ნაშრომთა  შინა იშვებენ სხვანი, რომელთასა არა ჰგონებდა. და ნუუკუჱ მტერნიცა მისნი იყვნენ მას შინა და იგი ბოროტითა სიკუდილითა მომკვდარ არნ.

და ესევე ჩვენ წინა გვიძს, რამეთუ უეჭველად მოკდომად ვართ, უეჭველად იგივე აღსასრული მოსლვად არს ჩვენ ზედა. რამეთუ, რაოდენნი მტერობანი სხუათანი ჰქმნეს მაშენებელთა ამის ტაძრისათა, რაოდენნი მიხვეჭანი , რაოდენნი წარსაგებელნი, და რაჲ იქმნა მის ყოვლისა სარგებელი? სატანჯველი საუკუნო და არცა ერთისა ნუგეშინისცემისა პოვნაჲ. და აქაცა, აწ ყოველნი უზრახვენ ძვირსა.

ანუ არა მრავალთა  კაცთა ჴელმწიფეთა ხატები გამოწერილები  სახლთა შინა მათთა, რაჟამს ვიხილნეთ , არა უფროსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად სთქუა წინასწარმეტყველმან, ვითარმედ: „ამაოდ ჰშფოთებს  ყოველი კაცი”[ფს. 38,6]. რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესევითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ.

არამედ სავანეთა მათ საყოფელთა ზეცისათა ჯერ არს მოგებაჲ; რამეთუ  აქა სხუამან  შვრის და სხუა განისვენებნ მას შინა. ხოლო მუნ თვითოეული  თვისსა ნაშრომსა ზედა უფალ არს და მრავალწილად მიიღოს მისაგებელი. მას მოსაგებელსა ვეძიებდეთ, ძმანო! მუნ  ვიშენოთ სახლები, რათა განვისვენოთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 55

ვეცხლის მოყვარებისათვისვე

ვინათგან უკუჱ იუდასთვის  გვასმიეს, ვისწრაფოთ ჩვენცა, ძმანო, განფრთხობად და მღვიძარე ყოფად მარადის. რამეთუ, უკეთუ რომელი  იგი წმიდასა მას მოციქულთა კრებულსა შინა იყოფოდა, ესოდენნი ნიჭნი მოეხვნეს  უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იყო ათორმეტთა მოციქულთაგანი, რომელნი  წარავლინნა იესო მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად.

ვინათგან უკუჱ ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყვარებისათა და მოძღვარი თვისი განჰყიდა. და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, და არცა  დაბანნაჲ იგი ფერჴთა, არცა ზიარება იგი ტაბლისა მისისა, არცა ტვირთვა იგი გვადრუცისა , არამედ უფროსად დასასჯელ ექმნა მას ესე ყოველი.

ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა  შევიშინოთ ჩვენცა, ნუუკუჱ მივემსგავსნეთ იუდას ვეცხლისმოყვარებითა. დაღაცათუ  ქრისტესა  არა განვსყიდით , არამედ, რაჟამს ვიხილოთ გლახაკი სიყმილითა მომწყდარი , ანუ სიცივითა შეჭირვებული და სიკუდილად მიახლებული და შეურაცხ ვჰყოთ იგი, მითვე სასჯელითა დავისაჯებით.

და კვალად ოდეს უღირსებით მოუხდეთ ზიარებად, წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა , ესრეთ წარვსწყმდებით, ვითარცა ქრისტეს მკულელნი.

და კვალად, რაჟამს მოვიტაცებდეთ და ვაჭირვებდეთ ქვრივთა და ობოლთა, ფრიადსა  სასჯელსა მოვაწევთ თავთა ზედა ჩვენთა და სამართლადცა.

ვიდრემდის შეუპყრიეთ ჩვენ ტრფიალებასა ვეცხლისმოყვარებისასა, ვიდრემდის შემსჭვალულ ვართ ამაოებისადა, ვიდრემდის არა მივხედავთ საქმეთა მათ ზეცისათა, არა განვიფრთხობთ, არცა განვიღვიძებთ საქმეთა ამათგან ქვეყანისათა .

მოვიხსენოთ  უწინარეს ჩვენსა განმდიდრებულნი იგი: არა ყოველივე დიდება მათი სიზმარ იქმნაა? არა აჩრდილ და ყუავილ დაჭნობილ იქმნაა? არა ზღაპარ და ამბავ იქმნაა ყოველივე, ვითარმედ: „იგი  ვინმე გან­მდიდრდაო“, და აწ სადა არს სიმდიდრე მისი? წარწყმდა და განიხრწნა და ცოდვანი იგი, რომელნი მის სიმდიდრისა მიერ ექმნნეს, ჰგიან და ცოდვათა მისთათვის სატანჯველი არს  უფროსად, დაღაცათუმცა არცა  სატანჯველი, არცა სასუფეველი წინამდებარე იყო, არამედ ბუნებისა  მისგან ნათესავისა ჩვენისა სირცხვილი ჯერ იყო, რომელ არიან გლახაკნი.

ხოლო აწ ჩვენგანნი მრავალნი ძაღლთა და ქორთა და ავაზათა  და სხუათა თითოსახეთა მხეცთა ჰზრდიან და კაცთა გლახაკთა შეურაცხ ჰყოფენ, შიმშილითა შეჭირვებულთა , რომელ არს ქრისტე.

გულისჴმა ჰყავ, ჵ, კაცო ვეცხლისმოყვარეო, ვითარმედ მაშინ ფრიად გევნოს, რაჟამს შემასმენელ შენდა იყვნენ გლახაკნი დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ შენ ოქროჲთა შემოსილ ხარ და გლახაკსა, რომელ არს ქრისტე, არცა მცირე სამოსელი აქუს . შენ სანოვაგისა სიმრავლითა განსქდები და ქრისტე მშიარი მიმოვალს .

ნუ, ძმანო, ნუ ესრეთ უგულისჴმო ვართ, არამედ ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა ზედა, რომელთა ქრისტე მიითვალავს და მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა მის საუკუნესასა.

ბერნი  ვიგონებდეთ, ვითარმედ: აჰა, ესერა მოახლებულ არს სიკუდილი; ჭაბუკნი ვგონებდეთ , ვითარმედ: უცნაურ არს ჟამი სიკუდილისა და ვითარცა მპარავი ღამისა , ესრეთ მოიწიოს დღე იგი სიკუდილისა.

ამისთვის უკუჱ გევედრები, ძმანო, ვეკრძალნეთ ყოველნი და ვისწრაფდეთ შეურაცხყოფად  წარმავალთა ამათ და წარუვალთა მათ ზეცისათა ვეძიებდეთ, რათა  ღირს ვიქმნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 56. თავი ით [19]

მრისხანებისათვის

ძმანო ჩემნო , ჯერ არს ჩვენდა განშორებაჲ მრისხანებისაგან და ვეც­ხლისმოყვარებისა, რომელი იგი მიზეზი არს მრისხანებისა . რამეთუ რისხვა ვნება არს ბოროტი. მრავალღონე დამაბნელებელი სულისა და უშვერ-მყოფელი ჴორცთა. ამისთვის  ჯერ არს, რათა ყოვლით კერძო ვეკრძალნეთ რისხვასა.

რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ მხეცთა დამშვიდებაჲ ძალგვედვას და გონებასა ჩვენსა განმხეცებულსა უგულებელს ვჰყოფდეთ. რამეთუ გულის­წყრომა ცეცხლი არს შემწველი სულისა და მავნებელი ჴორცთა და უშვერმყოფელი; და უკეთუმცა მრისხანესა ჟამსა რისხვისასა ძალედვა თავისა თვისისა ცნობაჲ, თუ ვითარი არს, არამცა სახმარ იყო სხუათა სწავლაჲ,  რამეთუ არარაჲ არს უუშვერეს  მრისხანისა, მთვრალობა არს ბოროტი მრისხანება და უფროს მთვრალობისა უბოროტეს, და ეშმაკეულისა  უძვირეს.

არამედ მოვიწყვიდოთ, ძმანო, ჩვენგან  რისხვა და ჴმამაღლობა სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, და ჟამსა განრისხებისასა მოვიხსენებდეთ ცოდვათა ჩვენთა.

და რაჟამს მონასა შენსა ჰრისხვიდე და ჰპეროოდე , და იგი ჰსდგეს მდუმრიად და ბრძნად, იგი კმა იყავნ შენდა სწავლად. დაღაცათუ  მონა არს, არამედ კაცი არს და სული აქუს უკუდავი, და იგივე ნიჭნი ჰქონან ღმრთისაგან, ვითარ ეგე შენ.

და უკეთუ რომელი იგი სულიერითა პატივითა სწორ ჩვენდა არს და ჴორციელისა ამის და არარაჲსა ჴელმწიფებისათვის, ესრეთ სიმშვიდით თავს ისხამს სიტყვათა ჩვენთა. ხოლო ჩვენ , რომელი სიტყვა მიუგოთ ღმერთსა, რაჟამს შიშისა მისისათვის ესრეთ არა აღვირ ვასხმიდეთ გონებათა ჩვენთა, ვითარ იგი მონანი ჩვენთვის?

ამას ყოველსა  გულისჴმა ვჰყოფდეთ და ცოდვათა ჩვენთა ვიხსენებდეთ; და ბოროტისა ამის მრისხანებისა ვნებისაგან განვეშორნეთ და ქრისტესმიერი სიმშვიდე შევიმოსოთ, რათა  ვჰპოვოთ განსვენება სულთა ჩვენთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 57

მრისხანებისათვისვე

ჭეშმარიტისა ქრისტეანისა ჯერ არს, ძმანო ჩემნო, ბრწყინვალე ყოფად სოფელსა შინა და ყოველსავე საქმესა სიმშვიდით საცნაურ: სლვისაგან და ხედვისა, სახისაგან და ჴმისა, ჯდომისაგან და დგომისა, რათა ყოველსავე შინა ქრისტესმიერი სიმშვიდე ბრწყინვიდეს.

ხოლო, უკეთუ განრისხნები და მხეცთა ბოროტთა მიემსგავსები: ბრდღვინავ, ვითარცა კურო ; ხუივი , ვითარცა ცხენი დედათა ზედა; ნაყროვნებ, ვითარცა დათვი; განსუქნები, ვითარცა ღორი; მოიხსენებ ძვირსა, ვითარცა აქლემი; იტაცებ, ვითარცა მგელი; სცბი, ვითარცა მელი; უცემ  კაცსა, ვითარცა გველი; გესლსა სთხევ, ვითარცა ღრიანკალი; განრისხნები, ვითარცა ვეშაპი; იცავ გესლსა, ვითარცა ასპიტი; ჰსძულობ კაცსა, ვითარცა ფოცხვერი; ემტერები, ვითარცა ეშმაკი. ესე ყოველი თვითოეული მხეცთა ჰქონან ბუნებით, ხოლო შენ უძვირეს ყოველთასა იქმნები. და ვითარ გეწოდოს შენ ქრისტეანე ამათ ესევითართა მოქმედსა?!

არამედ ნუმცა ვინ არს თქვენგანი ესრეთ, ჵ, ძმანო! უფროსღა მოვიგოთ სიმშვიდე, სახე ჭეშმარიტისა, რათა დავიმკვიდროთ ქვეყანა იგი მშვიდთა, რამეთუ იტყვის: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”(მთ. 5,5), რომელსა შინა ღირსმცა ვართ ყოველნი განსვენებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 58

მრისხანებისათვისვე

ვისწავოთ უკუჱ, ძმანო, უფლისა მიერ, სახიერება და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის , ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). ესრეთ ვისწავოთ და აღვირ ვასხნეთ ყოველსავე უკეთურებასა. უკეთუ ვინ ამაღლდეს ჩვენ ზედა, ხოლო ჩვენ დავმდაბლდეთ და ნუ შურის მეძიებელ ვართ და ნუცა მოვიკლავთ  სულთა ჩვენთა.

რამეთუ მრისხანება მხეცი არს, მხეცი ბოროტი  და ფიცხელი. ვეტყოდეთ უკუჱ თავთა ჩვენთა, ჟამსა მას რისხვისასა  სიტყვათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარი”[დაბ. 18,27]. და კვალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისა დაცემა მისდა“(ზირ. 1,22). და  ვითარმედ კაცი მრისხანე უშვერ არს, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშვერეს. ხოლო უკეთუ პირისა უუშვერეს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშვერეს რაჲმე იყოს? რამეთუ, ვითარცა სკორესა რა  ურევნ ვინ, უფროსად აღიძრის  სუნი სიმ­ყრალისა მისისა; ეგრეთვე სული, გულის­წყრომისა მიერ რა შეშფოთებულ არნ და ზამთარი ფრიადი არნ  შორის მისსა.

ანუ იტყვი, თუ: „ვერ თავს ვიდებო, რაჟამს სხვა მაგინებდეს.“ გარნა რაჲსათვის  ვერ თავს იდებ? რამეთუ უკეთუ ჭეშმარიტსა გეტყვის სიტყვათა მათ გინებისათა, თვით მისსა პირველცა თანაგაძს უფროსად ბრალობაჲ თავისა შენისა. ხოლო უკეთუ  კულა სტყუის, ნუ განრისხნები, არამედ უფროსად ეცინოდე და სულთ ითქუჱნ  მისთვის, რამეთუ: „რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეენიისა ”(მთ. 5,22).

რამეთუ, რაჟამს გაგინოს, გულისჴმა ჰყავ სატანჯველი იგი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთვის და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთვის. რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა მოწყლულისა  არავინ განრისხნების, არამედ უფროსღა ეწყალის იგი. და სულიცა განრისხებული ესრეთ არს.

დაღაცათუ ბოროტის ყოფა მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, ვითარმედ მოგიწყლავს იგი ძლიერად. უკეთუ კულა  გინება გინებასა ზედა დართო, უფროსად ცეცხლსა მას აღატყინებ. ნუ იტყვი, ვითარმედ: „უკეთუ დავიდუმო , მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ.“ გარნა გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ: არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყვიან შენთვის და განკვირვებულ იქმნებიან.

უკეთუ კულა იგინო რა, განრისხნე და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თვით, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყვანი იგი გინებისანი, რომელნი მან გრქუა, ჭეშმარიტ  არიან, რამეთუ უკეთუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა განრისხენ? რამეთუ მდიდარსა უკეთუ ვინ ჰრქუას, თუ: „გლახაკ ხარ“, რად არა განრისხნების? არამედ უფროსად ეცინის, ამისთვის, რამეთუ იცის, ვითარმედ: არა გლახაკ არს. აწ უკეთუ ჩვენცა ვიგინნეთ რა, ვიცინოდეთ გინებასა მას ზედა, დავამტკიცებთ, ვითარმედ: არარაჲ იპოვების ჩვენთანა სიტყვათა მათგანი .

და კვალად, დაღაცათუ ესე არა ესრეთ არს, ჩვენ ვიდრემდის გვეშინის სიტყვათაგან კაცთასა? ვიდრემდის შეურაცხ ვჰყოფთ მეუფესა მას ყოველთასა და შემსჭვალულ ვართ ქვეყანისადა. რამეთუ, ვინათგან არს ჩვენთანა შური და ხდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელ ვართაა? ვიქმნეთ უკუჱ სულიერ და აღვირ ვასხნეთ ბოროტსა მას მხეცსა მრისხანებისასა. რამეთუ არარაჲ არს განყოფილება მრისხანებისა და სიცოფისა , არამედ ეშმაკი არს ესე მძვინვარე და უფროსად ეშმაკეულისა უვარეს ჰყოფს კაცსა.

რამეთუ ეშმაკეული საწყალობელ არს, ხოლო მრისხანე ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს. რამეთუ ნებსით შთააგდებს თავსა თვისსა მთხრებლსა მას წარწყმედისასა და უწინარეს საუკუნოსა მის გეენიისა, აქავე დასჯილ არს. რამეთუ ამბოხებასა და შფოთსა ბოროტსა, ღამე და დღე მოაწევს თუალთა ზედა სულიერთა.

აწ, უკუჱ, ძმანო, განვსდევნოთ ჩვენგან ბოროტი ესე ვნებაჲ მრისხანებისა და  ვაჩვენოთ ყოვლით კერძოვე სიმშვიდე, რათა ამასცა საწუთოსა ვიხსნნეთ თავნი ჩვენნი ბოროტისაგან და მას საუკუნესა სატანჯველთა მათგან მწარეთა განვერნეთ და ვჰპოვოთ აქაცა განსვენება სულისა და მერმესა მასცა საუკუნესა, სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირს­მცა ვართ  ყოველნი მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 59. თავი კ [20]

შურისათვის

იხილეთ უკუჱ, ძმანო, ვითარ  ბოროტ არს შური და ვითარ თუალთა დაუბრმობს  მის მიერ ძლეულთა, რამეთუ, ვითარცა განცოფებულნი, მრავალგზის თავთა თვისთა მოიკლვენ, ეგრეთვე მოშურნე  თვისსა ცხოვრებასა წარსწყმედს .

კაცი მოშურნე უბოროტეს მხეცისა არს: რამეთუ მხეცნი ბოროტისა წილ მიაგებენ ბოროტსა, ხოლო მოშურნე კეთილისა წილ იქმს ბოროტსა. და ესრეთ  მხეცთაცა უძვირეს არს და სწორ ეშმაკთა. და ნუუკუჱ ეშმაკთაცა უძვირეს, რამეთუ ეშმაკთა ჩვენდა  მომართ დაუგებელი  ბრძოლა აქუს , ხოლო ურთიერთას არა იბრძვიან. არამედ მოშურნე არა ერიდების ზიარებასა  ბუნებისასა , და არა აქვს სიტყვაჲ ამის ბოროტისა მოქმედსა, რამეთუ წუხილი გვიხმს ჩვენ ბოროტთათვის და არა სხვისა კეთილისათვის.

მეძავსა  აქვს მიზეზად გულისთქმაჲ, და მპარავსა – სიგლახაკე, და კაცის მკულელსა – გულისწყრომაჲ. დაღაცათუ ცუდ  არიან მიზეზნი ესე, გარნა არიან რაჲმე მიზეზ. ხოლო შენ, ჵ, მოშურნეო , მითხარ, თუ რომელ მიზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქვს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლე.

რამეთუ უკეთუ მტერთაცა სიყვარული ბრძანებულ არს ჩვენდა, ხოლო რაჟამს მოყვარენიცა გვძულდენ, რაჲ სიტყვა მიუგოთ? და ვითარცა უფალი იტყვის, ვითარმედ: „რომელი  მეგობართა ოდენ ჰყვარობდეს, არარაჲთ უმჯობეს არს წარმართთასა”[მთ. 5,47]. მაშა რომელი კეთილის მყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი სასჯელი მიიღოს მან?

ესე ვნება შურისა, სიძვისაცა უძვირეს არს და მრუშებისა. რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა სიბოროტემან ეკ­კლესიანი დიდნი დააქცივნა და სოფელი განხრწნა; შურისა მიერ მოკლა კაენმა აბელი, შურისა მიერ  ეძიებდა მოკლვად ესავ  იაკობს, შურისა მიერ განჰყიდეს იოსებ ძმათა, შურისა მიერ ჰბრძავს  ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძვირესი ესე არს, რომელ ცოდვა ესე ბოროტი მსუბუქად  შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს.

დაღაცათუ იტყვი, ჵ, მოშურნეო, თუ: „მე არა მოვკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა.“ გარნა უკეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოება მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.

არამედ  იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა და შერისხეს მას და მოიქცა სინანულად. ხოლო ეშურებოდა აბელს კაენი და არა მიიღო კურნება, არამედ ღმერთი ზედას ზედა ეტყოდა, და იგი უმეტესად განძვინდებოდა. ესრეთ უძვირეს არს შური  და ძნიად საკურნებელ, უკეთუ არა ვისწრაფოთ სრულიად  ძირითურთ აღმოფხვრად მისა.

ხოლო აღმოვფხვრათ ესრეთ, უკეთუ ვიგონებდეთ, ვითარმედ განვარისხებთ ღმერთსა, უკეთუ ვეშურებოდეთ მოყვსისა  კეთილსა. ხოლო ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩვენზედა, უკეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყვსისასა. ამისთვის პავლე გვამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა და ტირილსა მტირალთა თანა, რათა ორკერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა. დაღაცათუ ჩვენ არა დავშვრეთ, თანაზიარ შრომისა  მათისა ვიქმნეთ, რომელთათვის გვიხაროდეს.

ესრეთ უკუჱ ვიღვაწოთ, ძმანო, აღმოფხვრად  ჩვენგან შურისა, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 60

შურისათვისვე

ვჰსთქუ და კვლავდცა ვიტყვი , ბოროტ არს შური და ორგულებითა სავსე. შურმან  აღავსო სოფელი ბევრეულითა ბოროტითა: შურისა მიერ არიან  კაცის კულანი, ვეცხლისმოყვარებანი, ცუდად მზუაობრობანი. შურისა მიერ არიან ავაზაკობანი და მპარაობანი, შურისა მიერ  ევნო ფრიადი იგი ვნება ნათესავსა ჩვენსა. რომელიცა ბოროტი იხილო, შურისაგან  ნაშობი არს.

აჰა, ესერა ეკკლესიათაცა მოიწია და მრავალნი ბოროტნი ჰქმნა. შურისა სენმან ჰშვა ვეცხლისმოყვარება, შურმან ყოველივე ზედაჲ ქვე ჰქმნა, შურმან დაამხუა  სიმართლე, შურმან აზნაურნი მონა ჰყვნა.

ამისთვის გასწავებ  მარადღე და არარაჲ იქმნების სარგებელი. მხეცთა უძვირეს ვიქმნებით: ობოლთასა მოვიტაცებთ, ქვრივთა ვავნებთ, გლახაკთა ვაჭირვებთ , ვაებაჲ ვაებასა ზედა გვიქმნიეს! „ვაჲმე, რამეთუ წარწყმდა ღმრთისმოშიში ქვეყანით“[მიქ. 7,2] და  ჯერ არს გლოვაჲ, რამეთუ ვერცარაჲ ლოცვითა ვჰქმენით და ვერცა სწავლითა! აწ ტირილი ოდენ გვიხმს, ვითარცა ჰყო ქრისტემან, რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალიმელთა. და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ სცრემლეოდა მათთვის. ვითარცა წინასწარმეტყველნიცა იქმოდეს, ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ აწ, რამეთუ „ჟამი ტირილისა და გოდებისა არს “[ეკლ. 3,4].

ვიგლოვდეთ ისაიასთანა და ვსთქუათ : „ვაჲ მათდა, რომელნი შეაერთებენ სახლსა სახლსა და მიიახლებენ აგარაკსა აგარაკსა, რათამცა მოყვსისა მიიტაცეს რაჲ ”[ეს. 5,8]. და უფროსღა ქრისტეს მეუფისა თანა ვსთქუათ, ვითარმედ: „ვაჲ თქვენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინისცემა თქვენი”(ლკ. 6,24).

არა ყოველთა მდიდართა, რომელნი მოწყალებასა ჰყოფენ, არამედ მათდა არს ვაებაჲ, რომელნი ვეცხლისმოყვარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ხმარებაჲ სიმდიდრისა, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ. ხოლო ანგაჰარება არს წარწყმედულ  და ბოროტ .

ვიგლოვდეთ ანგაჰართათვის, ვითარცა წინასწარმეტყველმან სთქუა, ვითარმედ : „ნუ იგლოვთ მკუდართათვის“[იერ. 22,10], არამედ – მტაცებელისათვის, ანგაჰარისა და ვეცხლისმოყვარისა  და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკუდართათვის, რომელთა არღარა  ეგების მოქცევაჲ, არამედ ვიგლოვდეთ ამათ ვნებათა მიერ ძლეულთათვის და მოშურნისა, რათა მოიქცენ სინანულად .

და შურისა წილ მოვიგოთ სიყვარული და სიხარული მოყვსისა კეთილსა  ზედა, რათა ესრეთ ყოველნივე ღირსმცა ქმნულ ვართ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 61

კვალად შურისათვისვე

გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა  ვიდრემდის გვაქვს სასოება ცხოვრებისა, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ცხოვნებად სულთა ჩვენთა .

რამეთუ მოშურნე სხუასა არარას ჰხედავს, არამედ ამას ოდენ, რათამცა გულისთქმა თვისი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვა წინა ედვას მოშურნესა , ანუ მებრ სიკუდილი, იგი ოდენ ვნებისა თვისისა ისწრაფის აღსრულებად. ეგრეთვე – სიძვისმოყვარე და ეგრეთვე – ვეცხლისმოყვარე.

ხოლო უკეთუ ვნებათა ესეზომი მძლავრება აქუს , არა უმეტესი ძალი აქუნდესაა  სათნოებასა, უკეთუ ოდენ გვინდეს? და უკეთუ ცოდვისათვის სიკუდილსა შეურაცხ ჰყოფენ, არა უფროსად სათნოებისათვის შეურაცხ ვყოთაა? უკეთუ ბოროტის მოყვარენი სულთა თვისთა უგულებელს ჰყოფენ, რათამცა ბოროტი ჰქმნეს, არა უფროსად ცხოვნებისათვის სულთასა  ჯერ არსაა უგულებელსყოფაჲ თავთა თვისთა?!

რაჲ  სიტყვა გვაქვნდეს წინაშე ღმრთისა, რაჟამს ვხედვიდეთ, ვითარმედ წარწყმედადნი იგი ესრეთ ისწრაფიან  წარწყმედისათვის მათისა ყოვლითა ღონისძიებითა და ჩვენ არა ვისწრაფდეთ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, არამედ მარადის შურსა და ხდომასა შინა ვიყოფოდეთ ?

არარაჲ არს უძვირეს შურისა, რამეთუ ისწრაფის მოშურნე, რათამცა მეორეცა წარწყმიდა  და თავიცა თვისი მისთანა შთახადა ჯოჯოხეთს. თუალი მოშურნისა დადნების მწუხარებითა, სიკუდილსა შინა არს სამარადისოსა, ყოველნივე მტერად შეურაცხიან, რომელთა არარაჲ ევნოს მისდა; მწუხარე არს, რაჟამს ღმერთი პატივ იცემებოდეს და უხარის: „სადა ეშმაკთა უხაროდის, იგი ვინმე პატივცემულ იქმნა კაცთა მიერო.“ არამედ ნუ ეშურები, ჵ, კაცო , რამეთუ არა პატივი არს პატივი იგი, არამედ, უკეთუ ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმნას, ეშურებოდე და იქმნე მსგავს მისა; და უკეთუ არა  გნებავს ესე, რაჲსათვის უკუჱ გნებავს თავისაცა შენისა წარწყმედაჲ შურითა ბოროტითა? რაჲსათვის  დააგდებ მაგასაცა, რომელი გაქუს  კეთილი? უკეთუ  ვერ ძალგიძს სწორ მისსა ყოფად და კეთილის მოგებად, ბოროტსა რადღა მოიგებ?

არა ჯერ არს ესრეთ ყოფა, ძმანო ჩემნო, არამედ  აღმოვფხვრათ შურისა ვნებაჲ ძირითურთ და დავნერგოთ სიყვარული ძმათა, რათა  ყოველთაგან ბოროტთა განვერნეთ  და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით  წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 62. თავი კა [21]

ნაყროვანებისათვის

ნაყროვანება  წყლისა მსგავს არს: აღმოივსის მუცელი თვისი ძლიერად და მყის დაცალიერდის; ხოლო ხრწნილებაჲ , ვითარცა წყალსა, უჩინო ჰყოფს მას, და მან მეყსეულად კვალად აღმოივსის და მარადის, ვითარცა წყალი, სდინ იგი.

ხოლო  შვება და ნაყროვანება არა თვით ოდენ განიხრწნების, არამედ მისთანა ძლიერებასაცა  და სიწმიდესა სულისასა წარღვნის და ჴორცთა სიმრთელესა დაჰხსნის. რამეთუ მდინარე მძაფრი არა შესჭამს კიდეთა თვისთა. ესრეთ, ვითარცა მრავალნი ჭამადნი სიმრთელესა დაჰხსნიან. და  უკეთუ სამკურნალოდ მიხვიდე და ჰკითხო, გესმას, ვითარმედ: ყოველი მიზეზი სენთა ჭამისაგან არს, ხოლო ტაბლა  ლიტონი სიმრთელისა დედა არს. ამისთვისცა მკურნალთა არა განძღომასა სიმრთელედ უწოდეს და წერილ არს წიგნთა  მათთა , ვითარმედ: „არა განძღომაჲ ჭამადითა არს სიმრთელე ”.

აწ უკუჱ ნაკლულევანება ჭამადთა, დედა არს სიმრთელისა , ხოლო სიმაძღრე დედა  არს ყოვლისა სენისა. რამეთუ ნიკრისი  და სიბრმენი, და თრთოლანი, და სიცოფენი და მამაცნი, და თავქედნი , გრძელნი და სხვა მრავალი არა ნაკლულევანებისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან არს.

ხოლო იხილეთ სულისაცა სენნი, რომელნი ნაყროვანებისაგან  იშვებიან: ანგაჰარება, უდებება, ბილწება და ძილი და სხუა მრავალი  ბოროტი; და კვალად გემოჲცა არა არს ჭამასა შინა ნაყროვნებითსა , რამეთუ მარხვა დედა არს გემოვანად ჭამისა, ხოლო სიმაძღრე დაჰხსნის და განრყვნის გემოსა ჭამადთასა.

ამისთვის უკუჱ, ვინათგან ესრეთ ბოროტ არს ნაყროვანებაჲ, ვივ­ლტოდეთ, ძმანო, სიმთვრალისაგან  და სიმაძღრისა და ვიშვებდეთ უფლისა მიმართ, რამეთუ მან მოგვცეს ჩვენ თხოვაჲ გულისა ჩვენისა და საუკუნენი კეთილნი მოგვანიჭნეს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 63

ნაყროვანებისათვის და მთვრალობისა

ჵ, ძმანო ჩემნო , რაჲმცა იყო ბოროტი , რომელი არა იქმნებოდის ნაყროვანებისაგან და მთვრალობისა?! რამეთუ კაცსა უძვირეს ღორთასა გამოაჩინებენ: ღორი მწვირესა შინა ინწუპების და საჭმელ მისა არიან სიმყრალე, ხოლო მომთვრალე და ნაყროვანი უძვირეს მისა არს .

რამეთუ გულისთქმათა მოიპოვებს უცხოთა ბუნებისაგან და ტრფიალებათა უსჯულოთა ფრიად საძაგელთა. და უფროსღა ვსთქუა, თუ ეშმაკეულთაგან არარაჲთ განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა  ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე ყოველთა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა და თუალთა და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა უსაძაგელეს მწვირისა.

ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოვო სული იგი, ვითარცა იგი ზამთარსა  შინა და ნეფხვასა  ძნელსა განყინული და უხმარი ყოველსავე საქმესა ზედა  კეთილსა. ხოლო ბოროტთა საქმეთა მიმართ – მხურვალე და მოსწრაფე.

მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: „ნუმცა არს ღვინოჲ, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონიო ”.

ჵ, უგუნურება ესე! სხუანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღმრთისათა აბრალებაა? კაცო უგულისჴმოო, არათუ ღვინომან ჰქმნა უჯეროებაჲ, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: „ნუმცა არს მთვრალობაჲ, ნუმცა არს უძღებებაჲ”.

ხოლო უკეთუ იტყვი: „ნუმცა არს ღვინოჲ, რამეთუ მისგან იქმნების მთვრალობაჲ”, კვალად სხუასა ჟამსა სთქუა: „ნუმცა არს რკინაჲ, რამეთუ მით იქმნებიან  კაცის კულანი; ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი; ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი”. და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დაჰხსნა სთქუა შენ.

გარნა ნუ ესრეთ იქმ შენ, რამეთუ  ესე საქმე საეშმაკო არს. ნუმცა აბრალებ ღვინოსა, არამედ მთვრალობასა, რამეთუ ღვინოჲ მოგვეცა სიხარულად წესიერად, არა უშვერებად და უწესოდ. ღვინოჲ მოგვეცა  სენთა საკურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ღვინოჲ მოგვეცა ჴორცთა  განმაძლიერებელად, არათუ ჴორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ.

ისმინე, რაჲსა ეტყვის პავლე ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომანქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა ”(1 ტომ. 5,23). ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაჲ ღვინისა, ვიდრემდე უბრძანა მოძღვარმან, რაჲმცა სიტყვა  მიუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმრთელესა შინა ვითვრებით?

ღვინოჲ სიხარულად მოგვეცა. ვითარცა იტყვის დავით: „ღვინომან  ახარის გულსა კაცისასა”[ფს. 103,15]. ხოლო შენ, ჵ, მომთვრალეო ! ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდეს და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს და თუალნი მისნი ბნელ იყვნენ; და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა  დაკრებულ იყოს და სული მისი დანთქმულ იყოს მწვირესა ცოდვისასა.

არამედ გევედრები, მორწმუნენო , ვიჯმნათ უზომოსა შვებისაგან და მთვრალობისა და ვზრუნვიდეთ  წესიერებისათვის, რათა ჴორციელიცა სიმრთელე მოვიგოთ და სულნი ჩვენნი ვიხსნნათ  ნაწილისა მისგან მდიდრისა, რომელი  დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა. უფროსღა ვიღვაწოთ, ძმანო, ლაზარესთანა გლახაკისა, წიაღთა მათ აბრაჰამისთა მისლვად და საუკუნეთა კეთილთა მკვიდრ ყოფად მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა  მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 64

მთვრალობისათვისვე

იტყვის მოციქული პავლე: „ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე”(ეფეს. 5,18). რამეთუ მომთვრალენი  დაითვრნენ რა, იმწუპებიან, ვითარცა ღორნი სიმყრალესა შინა და გარდააბნევენ , რაჲცა აქუნდეს კეთილი: გინათუ სიწმიდე ჴორცთა, გინათუ კრძალულებაჲ, გინათუ გონიერება , გინათუ სიბრძნე, ანუ თუ სიმშვიდე, გინა სიმდაბლე.

ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ: „მთვრალობითა სასუფეველი ცათა ვერვინ იხილოს”, ვითარცა იტყვის: „ნუ  ჰსცდებითო, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა ჩუკენთა , არცა მპარავთა, არცა ანგაჰართა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ”[1 კორ. 6,9-10).

აჰა, ესერა იხილეთ, რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მოციქულმან მთვრალობაჲ, რამეთუ ნამდვილვე მათ  ყოველთა მოყვასი არს და მიზეზი.

აწ უკუჱ, ჵ, კაცო! გულისჴმა ვჰყოთ და არარაჲსა ამის და უსარგებლოჲსა საქმისათვის ნუ მივსცემთ თავთა ჩვენთა ესევითართა ბოროტთა სულისა წარმწყმედელსა. არამედ გევედრები, ძმანო, განვეშორნეთ  შვებისაგან და მთვრალობისა, და მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღმრთისათა აღვასრულნეთ დღენი ჩვენნი, რათა ვჰპოვოთ მოტევება ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა  ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 65. თავი კბ [22]

მარხვისათვის

საყვარელნო, მარხვა სამოთხესა შინა განიწესა . რამეთუ ადამ არა დააკლო ღმერთმან მარხვასა, რომელსაცა ჰრქუა: „ყოვლისაგან ხისა, რომელ არიან სამოთხესა შინა, სჭამოთ, ხოლო ხისა მისგან, რომელ არს ცნობად კეთილისა და ბოროტისა, არა სჭამოთ მისგან”[დაბ. 2,16-17]. და ესე არს სახე მარხვისა.

ხოლო უკეთუ სამოთხესა შინა იყო მარხვაჲ, რაბამ უფროს გარე სამოთხისა სარგებელ არს? უკეთუ პირველ წყლულებისა იყო წამალ, რაბამ უფროს წყლულებასა ზედა? უკეთუ არღარა შემოსრულ იყო ჩვენ ზედა ბრძოლა გულისთქმისა  და სახმარ იყო საჭურველი მარხვისა, რაბამ უფროს აწ შორის ბრძოლათა გულისთქმათასა მდგომარეთა საჭირო არს მარხვაჲ.

ხოლო ესეცა სცანით, თუ ვითარ განურისხნების ღმერთი შეურაცხის­მყოფელთა მარხვისათა და რაბამ უფროს უყვარს მისი პატიოსან ყოფაჲ? არა  პატივ სცა ადამ მარხვასა, ვინაცა ესმა ჴმაჲ უფლისა მეტყველი, ვითარმედ: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც”[დაბ. 3,19]. ხოლო ამის მიერ გულისჴმა ვჰყოთ, ვითარ არა სათნო უჩნს ღმერთსა, ვინ მარხვასა ჰგმობდეს, რამეთუ მუნვე მეყსეულად სიკუდილსა შეიმოსს შეურაცხის­მყოფელი მარხვისა.

და გულისჴმა ჰყავთ ძალი მარხვისა, რამეთუ მარხვა გვასწავებს ჩვენ მოქცევასა სინანულად, ვითარცა დიდი იგი ქალაქი ნინევისა წარწყმედისაგან იხსნა მარხვამან და სინანულმან და ცხოვრებად მოაქცივნნა.

ხოლო მოსეს და ილიას ოდეს უნებდათ მიახლება ღმრთისა მიმართ და ზრახვად, პირველ უკუჱ მარხვისა მიმართ მიივლტოდეს და ლოცვითა მარხვისათა მიახლებულ იქმნებოდეს მისსა.

ხოლო იმარხა თვით თავადმანცა ღმერთმან და უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ორმეოცი დღე, არა მოხამსემან მარხვისამან, არამედ სახედ მოგვცა ჩვენ და სძლო ყოველსა ძალსა ეშმაკთასა. და ჩვენცა გვამცნებს მარხვასა მეტყველი, ვითარმედ: „არარაჲთ განვალს ნათესავი ეშმაკისა, გარნა ლოცვითა და მარხვითა”[მთ. 17,21].

ამისთვის ვიმარხვიდეთ, საყვარელნო, რათა განვერნეთ ბრძოლათა ეშმაკისათა და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ზეცისათა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 66

მარხვისათვისვე

საყვარელნო, მარხვა და ლოცვაჲ კაცსა ანგელოს ჰყოფენ და ზეცისა მხედრობათა მობაძავად გამოაჩენენ . აწ უკუჱ, რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვისა და მარხვისა მოგებად და წარმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი. რამეთუ ესევითარსა მას არა უხმს მრავალი საფასე, და რომელსა არა უხმდეს  მრავალი საფასე, არა იქმნების ანგაჰარ. რომელი განეშოროს ანგაჰარებასა, იგი შემძლებელ იქმნების წარმართებად მოწყალებისა.

კაცი მმარხველი მსუბუქად მდგომარე არნ ლოცვასა; გულისთქმათა ბოროტთა დაშრეტს, ზუაობასა და სილაღესა გულისასა დაამდაბლებს, ლმობიერად შეუვრდების ღმერთსა, და ითხოვს წყალობასა.

ამისთვისცა მოციქულნი მარადის მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდენ დღეთა მათთა. რომელი ილოცვიდეს მარხვითურთ, ფრთოვან არს ლოცვა მისი, და უმხურვალეს ცეცხლისა საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?

უკეთუ ქვრივმან მან მოწყალე ჰყო მსაჯული იგი, „რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხვენოდა”[ლკ. 18,2] უწყინოდ ვედრებითა თვისითა, რავდენ უმეტესად მოწყალე ჰყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკეთუ მარხვითა შემზადოს თვისი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისათა და განაგდოს თავისა თავისაგან ნაყროვანეობაჲ და სიმთვრალე.

ხოლო  უკეთუ მარხვა ფრიადი ვერ ძალგიძს, კაცო, უძლურებისათვის ჴორცთასა, მოიწყვიდენ  შვებანი და სანოვაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვანებისა. და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა და ესეცა შემძლებელ არს დახსნად სიბორგილესა ეშმაკისასა. რამეთუ არარაჲ არს საყვარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ ნაყროვანებაჲ და მთვრალობაჲ . და არარაჲ არს ესრეთ სანატრელ და სწორ ანგელოსთა მყოფელ, ვითარ მარხვა და სიწმიდე და მიმაახლებელ ანგელოსთა და მეუფისა.

აწ უკუჱ შევიტკბოთ, საყვარელნო, მარხვა და სიწმიდე და ვაჩვენოთ სინანული, რათა მოგვიტევნეს  ცოდვანი ჩვენნი და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 67

მარხვისათვისვე

საყვარელნო, მარხვა დედა არს სიწმიდისა და წინამძღვარი ლოცვისა. მარხვა ცხადმყოფელი არს სინანულისა და ყუავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა.

მარხვა არა ჭამადთა ზედა ოდენ გამოისახვის , არამედ ყოველთა ვნებათაგან ჯერ არს მარხვაჲ. და უფროსად ჭეშმარიტი მარხვა ესე არს, და სათნო ღმრთისა, რათა მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მშიართა და შევმოსდეთ შიშველთა, რათა მუნ გამოგვზარდნეს ჩვენცა ქრისტემან  და შეგვმოსოს სამოსელი უხრწნელებისა.

უკეთუ აქა დავიმარხნეთ ქრისტეს მცნებანი და ვასვათ წყურიელსა, მუნ არღარა ვსთქუათ, ვითარცა მან მდიდარმან, შვებასა შინა მყოფმან, თუ: „მოავლინე ლაზარე, რათა განმიგრილოს სასაჲ ჩემი” [ლკ. 16,24].

უკეთუ აქა შევიწყნაროთ უცხოჲ, მუნ ქრისტე სავანეთა  მრავალთა განგვიმზადებს.

უკეთუ მივიდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, ქრისტემანცა გვიხსნნეს  საპყრობილისაგან საუკუნოჲსა.

უკეთუ  უცხოჲ შევიწყნაროთ, ქრისტემანცა შეგვიწყნარნეს  უცხო ქმნილნი ესე სასუფეველისაგან ცათასა.

უკეთუ უძლური ვიხილოთ, ქრისტემანცა ადრე განგვათავისუფლნეს უძლურებისაგან ჩვენისა .

და ამისთვის, გევედრები, საყვარელნო ძმანო, აქა მივსცეთ  მცირედნი დიდთა მათ ნიჭთათვის, ვიდრეღა ჟამი გვაქუს . ვსთესოთ ცრემლითა, რათა მოვიმკოთ სიხარულითა. რამეთუ აწ არს ჟამი თესვისა და რომელმან არა სთესოს, საწყალობელ არს იგი.

ნუმცა უკუჱ  უდებ ვიქმნებით, ძმანო, არამედ ვიმარხოთ მარხვა კეთილი და შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი; ვსთესოთ თესლი მოწყალებისა ჴელთა შინა გლახაკთასა, რათა მოვიღოთ ნაყოფი მდიდრად და გვირგვინი ჴელისაგან ქრისტესისა. და ესრეთ  ბრწყინვალებითა სასუფეველსა ცათასა მკვიდრ ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 68. თავი კგ [23]

სინანულისათვის

საყვარელნო, სინანული არს  მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა. ვითარცა იტყვის , ვითარმედ: „ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა”(მთ. 3,8; ლკ. 3,8). რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა.“ რათა წინააღმდგომი ცოდვისა ჩვენისა სათნოება აღვასრულოთ.

ესე იგი, უკეთუ მოგიტაცებიეს სხვისა , მიეც შენიცა გლახაკთა.

უკეთუ სიძვითა  შებღალულ  ხარ, განეშორე სრულიად გულისთქმათა; განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა; მოიგენ  მარხვაჲ, მოისპენ გულისსიტყვანი ცოდვისანი გულისაგან შენისა; განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულთქმითა.

უკეთუ გიგინებიეს  და შეურაცხ გიყოფიეს მოყვასი, პატივ ეც და კეთილი უყავ. თავს იდევ შეურაცხება და გინება შენცა, და აკურთხევდ მაგინებელთა და ძვირის მეტყველთა შენთა  [მთ. 5,44].

ესე არს ნაყოფი ღირსი სინანულისა, მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა [მთ. 3,8; ლკ. 3,8; ფს. 33,15], რამეთუ არა კმა არს აღმოწუდა ხოლო ისრის პირისა წყლულებისა  მისგან, არამედ წამლისაცა ჯერ არს დადებაჲ.

უკეთუ შვებითა და მთვრალობითა წარგიხდიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე  მარხვაჲ და წყალსა იხმევდე, რათა ვნება იგი მთვრალობისა აღმოჰფხვრა.

უკეთუ თუალითა ვნებულითა მიგიხედავნ განცდად სიკეთესა პირისასა, აღვირ ასხენ თუალთა ყოვლადვე  არა ხედვად ბოროტად  დედათა .

ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყვისა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი”(ფს. 33,14; 36,27; 1 პეტ. 3,11). და კვალად „დააცხვრე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა”[ფს. 33,13; 1 პეტ. 3,10]. ესრეთ შეიწირავს ღმერთი სინანულსა შენსა და არა გარემიიქცევს პირსა მისსა შენგან.

ხოლო რაჲ არიან  პირისა მისისა მიმქცეველი ჩვენგან? ესე იგი არს: ამპარტავანება, ზუაობა, ანგაჰარება, მრისხანება, შური, ნაყროვანება და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათგან გარემიიქცევის უფალი და მტერობა ღმრთისა არს ესევითარნი საქმენი.

აწ უკუჱ, საყვარელნო, გარე მიმქცეველნი პირისა მისისა საქმენი ჩვენგან  გარე მივაქცივნეთ და სინანულითა შეუვრდეთ უფალსა. და ვევედრებოდეთ ცრემლითა მხურვალითა, რათა მოგვიტევნნეს ცოდვანი ჩვენნი და ღირს ვიქმნეთ განრინებად სატანჯველთა მათ საუკუნეთა, რომელნი მიელიან  ცოდვილთა უნანელთა; და უფროსად ღირს ვიქმნეთ განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელსა და საუკუნეთა კეთილთა  მივემთხვივნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 69

სინანულისათვისვე

ჵ , კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, ნუ წარიკვეთ სასოებასა, არამედ სთქუ , ვითარმედ: „კაცთმოყვარე არს ღმერთი და ნებავს ცხოვრება ჩვენი.“ რამეთუ იტყვის: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვესპეტაკო”(ეს. 1, 18). ესე სთქუ და განეშორე ცოდვასა და მოიქეც სინანულად, და მზაჲ არს ღმერთი შეწყნარებად შენდა.

აწ უკუჱ ნუ სასოწარკვეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს ცოდვითა დაცემაჲ, ვითარ დაცემულისა არა აღდგომაჲ სინანულითა; არცა ესრეთ ძნელ არს მოწყლვაჲ, ვითარ წყლულისა  მის კურნებისა და წამლისა არა ძიებაჲ .

რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქმად, თუ: „წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა.“ არამედ სინანულითა განვიკურნნეთ ცოდვანი, რამეთუ დიდი წამალი არს სინანული. და მზა  არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა. და ამას რა ვიტყვი, არა ამისთვის, რათა უდებებად მოგიყვანნე , ნუ იყოფინ! არამედ რათა არავინ მოვიდეს სასოწარკვეთილებად.

გნებავსა ცნობად, თუ ვითარ სახიერ არს და შეიწირავს სინანულსა მეუფე ჩვენი ? წარსდგაო  ოდესმე მეზვერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა და სთქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას”(ლკ. 18,3) – და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორ ამის კაცთმოყვარებისა?

არამედ ესე არს სიბოროტე  ჩვენი, რომელ არცათუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩვენებთ, არცა ჴელ ვჰყოფთ მცნებათა ღმრთისათა  აღსრულებად. ამისთვის უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩვენნი. ხოლო უკეთუ მოვიქცეთ  სინანულად, არა ძალუძს სიმრავლესა ცოდვათა ჩვენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ! არამედ, ჵ, ჩვენი ესე გულფიცხელობაჲ; ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰარებასა, ვეცხლისმოყვარებასა, ნაყროვანებასა, უდებებასა  და სხვათა ბოროტთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო , დავსდვათ თვითეულსა  ამათ ცოდვათაგან მოწყლულსა წყლულებასა ზედა წინააღდგომისა მათისა სათნოებისა  წამალი და განიკურნოს. ესე იგი არს: მოწყალება, ლოცვა, ლმობიერება , მარხვა, სინანული, ცრემლნი, სიმდაბლე გულისა, შემუსრვილება სულისა, შეურაცხება  სოფლისა, მიტევება ბრალთა მოყვსისათა, მადლობა ღმრთისა ყოველსავე ზედა განსაცდელსა , ვედრება ღმრთისა სამარადისო, ხსენება  სიკუდილისა და სასჯელისა, განშორება ყოველთავე ამაოთა და ბოროტთა გულისსიტყვათა, განწმედა გულისა ყოვლისაგან ბიწისა. რამეთუ მრავალნი გზანი უჩვენებიან ღმერთსა სინანულისა და ცხოვნებისანი , უკეთუ ვინებოთ სლვაჲ .

ვიღვაწოთ უკუჱ, ძმანო, სლვად  მათ შინა, რათა მივიწივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 70

კვალად სინანულისათვისვე

სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის კაცისა. სინანული განმწმედელი არს სულისა. სინანული აღდგომა არს დაცემულისა. აწ უკუჱ  ვიცნათ, ძმანო, თავნი ჩვენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენნი, რათა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ. რამეთუ რომელი წყლულებათა თვისთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ, არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან. უკეთუ გვენებოს, რამეთუ ჯერეთ სავაჭრო სდგას , და ქადაგება სინანულისა იქადაგების, ვითარმედ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა”(მთ.3,2; 4,17).

უკეთუ  დაბერებულ ხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკუდილისათა, ნუ ჰგონებ თუ განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკვეთ სასოებასა შენისა ცხოვნებისასა. არამედ გულისჴმა ჰყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯვარსა ზედა წამსა შინა ერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან. რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს იგი ეკიდა ჯვარსა ზედა, არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლდა  ცოდვათაგან.

უკეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდობი სიჭაბუკესა შენსა და იტყვი, ვითარმედ: „შორს არს ჟამი იგი სიკუდილისაო“, „რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა მოიწიოს“[1 თესალ. 5,2]. ამისთვის  უცნაურ ჰყო  ჟამი აღსასრულისა ჩვენისა უფალმან, რათა საცნაურ და ჭეშმარიტ ვჰყოთ მოსწრაფება ჩვენი, და მოქცევა ცოდვათაგან არა ვადროოთ. არა ჰხედავა , ვითარ ჩჩვილნიცა წარიტაცებიან სიკუდილისაგან და ჭაბუკნი უცნაურად მოსწყდებიან? ამისთვის წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა ჰსდროებ დღითი დღედ, ნუუკუჱ ვიდრე იგი ჰყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წარმყვანებელისათა”[ზირ. 5,7].

ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა ისწავენ კაცად კაცადმან მოძღვრება ესე, რათა არცა ვინ ჭაბუკი უზრუნველ იყოს, არცა ბერი სასოწარკვეთილ . რამეთუ დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩვენნი, არამედ უკეთუ შევინანოთ ღირსად, არა  მოტევება ხოლო ვპოვოთ, არამედ ცხოვრებაცა საუკუნო დავიმკვიდროთ და გვირგვინი სასუფეველსა მოგვეცეს.

რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთმოყვარე არს. უკეთუ შევინანოთ, ყოველივე აღგვიხოცოს  ცოდვანი ჩვენნი.

ამისთვის გევედრები, ძმანო, პირველნი ცოდვანი ჩვენნი შევინანნეთ ჯეროვნად და მომავალთაგან დავიცვნეთ თავნი ჩვენნი, რათა საუკუნეთა მათ სატანჯველთა განვერნეთ და გვირგვინი დაუჭნობელი მოვიღოთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო  ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 71. თავი კდ [24]

საქმეთათვის კეთილთა

ვილოცოთ, საყვარელნო , ღმრთისა მიმართ, რათა გულისჴმისყოფასა თანა სამღთოთა სიტყვათასა და სარწმუნოებასა თანა მართალსა, საქმენიცა კეთილნი გვაქუნდენ  და მოქალაქობა წმიდა და ბრწყინვალე. რამეთუ, უკეთუ საქმენი კეთილნი არა გვაქუნდენ, ამათგან სარგებელი არა გვაქუნდეს. დაღაცათუ სარწმუნოება გვაქუნდეს და ყოველთა  წერილთა გულისჴმისყოფაჲ და საქმეთაგან კეთილთა ოხერ ვიყვნეთ, არარაჲ არს დამაყენებელ მისლვად ჩვენდა ცეცხლსა მას გეენიასა, დაუშრეტელსა სახმილსა შინა გუჱმაჲ .

და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა ცხოვრებისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი აღდგომასა სასჯელისასა სატანჯველად დაუსრულებელად.

ამის ყოვლისათვის უკუჱ ვისწრაფოთ, რათა არა წარვსწყმიდოთ სარგებელი იგი, რომელი სარწმუნოებითა მართლითა მოგვეგოს; არამედ რათა საქმეთა მიერ კეთილთა ღირს ვიქმნეთ კადნიერებით ქრისტეს ხილვასა. რამეთუ არარაჲ არს მსგავს ამისი ნეტარებისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმხვევად საქმეთა მიერ კეთილთა; და დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 72

საქმეთათვის კეთილთა

ნუმცა უკუჱ ვჰგონებთ ჩვენ, საყვარელნო, თუ კმა გვეყოს სარწმუნოება ოდენ ცხოვრებად ჩვენდა. უკეთუ არა ვჰქმნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა და ჩვენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ იგი უბადრუკსა ზედა  მოიწია.

რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ ღმერთმან და მეუფემან არა უღირს იჩინოს უნდოთა ამათ და საწყალობელთა კაცთა სერობასა  თვისსა წოდებაჲ და ჩვენ ესრეთ უგულისჴმო ვიქმნეთ . რამეთუ ესოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთა და მოვიქცეთ უმჯობესისა მიმართ? ანუ  შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთაა ?

არათუ ამისთვის გვიწოდს ჩვენ მეუფე საშინელისა  მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რათა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდეთ, არამედ – რათა აღვიძარცვოთ  უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ იგი ჰშვენის  შემოსად  წოდებულთა მეუფისათა, ესე იგი არს საქმენი კეთილნი სიწმიდისანი.

ხოლო უკეთუ უღირსითა სამოსლითა მოვიდეთ  ქორწილსა მას, რომელ არიან არაწმიდანი საქმენი, გვესმას ჩვენცა, ვითარმედ: „მონაო ბოროტო, ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?”[მთ. 22,12] რომელ არიან საქმენი კეთილნი სიწმიდისანი. არამედ ნუმცა ვის ჩვენგანსა ზედა მოწევნულ არს ჴმა ესე .

რამეთუ, ამისთვის უწინარეს მოწევნისა, წერილ არს ესე ყოველი, რათა შევიკდიმოთ  და განვეკრძალნეთ, რათა არა შთავარდეთ საქმეთა მათ შინა ბოროტთა, არამედ საქმეთა მიერ კეთილთა და ბრწყინვალითა  სამოსლითა, მივიდეთ ქორწილსა მას საუკუნოსა სიხარულისასა, რომელსა ღირს­მცა ვართ ყოველნი მადლითა  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 73

საქმეთათვის კეთილთა

საყვარელნო, ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა  და ვადიდებდეთ ძესა ღმრთისასა მხოლოდშობილსა; არა ოდენ  მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა. რამეთუ: „მართლმორწმუნოება ოდენ, თვინიერ საქმეთა კეთილთა, არარად  სარგებელ არს“[იაკ. 2,26]. რამეთუ: „უკეთუ შენ ჰურია გეწოდების  და განისვენებ სჯულსა ზედა, და იქადი ღმრთისა მიერ, აწ უკუჱ რომელი ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავებაა ? რომელი ეგე, სჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა სჯულისათა ღმერთსა შეურაცხ ჰყოფ“[რომ. 2,17-23].

აწ უკუჱ, ძმანო, ვიხილოთ ჩვენცა, ნუუკუჱ სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდეთ და არა ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა, რომელნი სარწმუნოებასა ამას ჩვენსა შეეტყვებოდენ  და ამისთვის განვარისხებდეთ ღმერთსა ჩვენ ზედა და ჩვენ მიერ იგმობოდეს სახელი მისი წმიდა.

რამეთუ  ჯერ არს, რათა ქრისტეანე მოძღვარი იყოს ყოვლისა სოფლისა და ნათელ და მარილ და საფუარ  კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყვის. ხოლო რაჲ არს ნათელ ყოფაჲ? ესე იგი არს ცხოვრება ბრწყინვალე და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იყოს  სიბნელე, რამეთუ ნათელი არა თავისა თვისისა სახმარ არს, არცა მარილი, არცა საფუარი, არამედ სხუათა მიერ გამოაჩინებენ სახმარობასა თვისსა. ეგრეთვე უკუჱ ჩვენცა , არა თავთა ჩვენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა. „რამეთუ მარილი უკეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ“[მთ. 5,13; მრკ. 9,50; ლკ.14,34].

და კვალად ესეცა გულისჴმა ვჰყოთ, ვითარმედ: უკეთუ ჩვენ წარვმართოთ კეთილი საქმე, მოსლვად არიან სხუანიცა ჩვენსა მას კეთილსა საქმესა ზედა. ხოლო  უკეთუ ჩვენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?

ნუმცა არს უკუჱ ჩვენ შორის, ჵ, ძმანო, დრკუ  რაჲმე და დახსნილობისა და სიცოფისა სახე, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი და ესევითარნი  არიან ზრუნვანი ამაოსა ამის ცხოვრებისანი. ამისთვის ეწოდა ქალწულთა მათ „ცოფ“, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ იყო შეკრებაჲ; და სადა სიმდიდრე კეთილ იყო, მუნ გლახაკ იყვნეს.

შიშ არს უკუჱ და ძრწოლა, ნუუკუჱ წარვიდეთ ჩვენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებულები სამოსლები.

არარაჲ  არს ცოდვისა უბილწეს და უსაძაგელეს. ამისთვისცა ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმანებდა წინასწარმეტყველი და იტყოდა: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი”(ფს. 37,5).

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვეყენნეთ ცოდვასა და ბოროტთა საქმეთა და მარადის ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთა , რომელნი ნათელ გვყოფენ ამას სოფელსა წინაშე კაცთა, ვითარცა იტყვის: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი”(მთ. 5,16). ხოლო მას საუკუნესა „ვითარცა მზე გამოვ­ბრწყინდეთ სასუფეველსა ღმრთისასა”[მთ. 13,43], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 74. თავი კე [25]

გლახაკთ მოყვარებისათვის

საყვარელნო ძმანო ჩემნო , შევიკდიმოთ სიყვარულისა მისგან ღმრთისა და დიდისა მის კაცთმოყვარებისა მისისა! რამეთუ მან სახიერმან მხოლოდშობილსა  ძესა თვისსა არა ჰრიდა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ საფასეთა ვშურობთ მისთვის და უფროსად თავთა ჩვენთათვის. არა ფრიადისა სასჯელისა ღირს ვართა?

რამეთუ უკეთუ კაცმან, ვინ ჩვენთვის შრომაჲ და ჭირი თავს იდვას, ჩვენცა გვიხმს მისთვის  თავსდებაჲ ჭირისა; და ყოველი ჩვენი მისა  მინიჭებად არა გვშურს. ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია , რომელნი ესე მტერ მისა  ვიყვენით და საუკუნოჲსა სატანჯველისაგან გვიხსნნა და ჩვენ აწ არცათუ უნდოსა სახმარსა მივსცემთ მას, ვინ მიხსნნეს ჩვენ საუკუნოსა  ცეცხლისაგან!

არა ჩვენ თვით დავსჯითა თავთა ჩვენთა? არა საუკუნოსა გეენიასა ნებსით მივეცემითა? რამეთუ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ  არა საფასენი, არამედ სულიცა ჩვენი თუ მიგვეცა, არამცა ღირსვე იყო ქველისმოქმედებისა  მისისა. არამედ არა გულისჴმა ვჰყოფთ ამას ყოველსა, გარნა ვართ უგულისხმო და უკეთურ.

რამეთუ  მონათა და ცხენთა ოქროჲთა შევამკობთ, ხოლო ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, არცათუ პურსა მივსცემთ  მრავალგზის; და შიშველი თუ იყოს, არა შევმოსთ და  უფროსად რისხვით განვსდევნით. და იგი სახიერი სიგლახაკესა თავს იდებს, რათამცა  ჩვენ მიზეზი ვეცით მრავლისა წყალობისა მისისა ჩვენზედა მოფენად. და შიშველი მიმოვალს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვსცეთ შემოსად ჩვენდა სამოსელი  უხრწნელებისა.

გარნა შენ, ჵ, კაცო, სამოსელნი შენნი, რომელნიმე  მღილთა მიერ შეჭმულ არიან, რომელნიმე ამაოდ  სხენან და რომლითამე შენ იმკობი, რათამცა  უბნისა კაცთა გიხილეს, და სულისა შენისა შემკობაჲ არა გნებავს. რასა ესრეთ მოსწრაფე ხარ შემკობად თავისა შენისა? რაჲ კეთილი არს მაგას შინა? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკობიან და უმეტესცა . არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოება არს, რომელი შვენიერ ჰყოფს სულსა.

ამას მარადის ვიტყვი და თქმად არა დავსცხრები, რამეთუ არა ესეზომ მიყვარან და მეწყალვიან მე გლახაკნი, რაზომ თქვენი სული . იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს, ანუ თვით მას მდიდარსა. ეგრეთვე  თქვენ უმეტესი გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა და მათვე სიტყვათა მდიდრისათა იტყოდეთ ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოვოთ წყალობაჲ.

არამედ ნუმცა ვის ასმია ჴმა იგი! გარნა შევიყვაროთ, ძმანო, გლახაკი, რომელ არს ქრისტე და ვაჩვენოთ წყალობაჲ, რათა წიაღთამცა აბრაჰამისთა მივიწივნეთ ყოველნი  მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 75

გლახაკთ მოყვარებისათვისვე

ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, საყვარელნო , რათა სრულ იყოს კაცი ღმრთისა ყოვლისა კეთილისა მიმართ, რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკეთუ ილოცვიდეს ფრიად, ხოლო  მოწყალება არა აქუნდეს; ანუ მოწყალება აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან იქმოდეს, ანუ მაჩვენებლობით კაცთათვის; ანუ კეთილად იქმოდეს მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს; ანუ მდაბალი  იყოს, გარნა ვეცხლისმოყვარება აქუნდეს. დედა იგი ყოველთა ბოროტთა ვეცხლისმოყვარება არს, რომელი მოაძულებს გლახაკთა.

ვივლტოდეთ უკუჱ, საყვარელნო, ბოროტისა მისგან ვეცხლისმო­ყვარებისა, რამეთუ ამან  სოფელი ყოველი დაუწყნარებელ ჰყო. ესე  მონებისაგან ქრისტესისა განგვაშორებს, რამეთუ: „შეუძლებელ არს მონება ღმრთისა და მამონასი“[მთ. 6,24; ლკ. 16,13].

რამეთუ ქრისტე გვამცნებს გლახაკთ მოყვარებასა და მოწყალებასა, ხოლო იგი – მტაცებლობასა და უწყალოებასა. ქრისტე  გვიბრძანებს, რათა შეუნდოთ  თანამდებთა ჩვენთა [მთ. 6,12], ხოლო იგი – რათა რომელთა არა ევნოს ჩვენდა, მათცა  ვავნებდეთ.

ქრისტე იტყვის, ვითარმედ: „მოწყალე იყავ”[ლკ. 6,36], ხოლო იგი იტყვის, ვითარმედ: „უწყალო იყავ და გულფიცხელ და ნურად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთანი, რათა დღესა მას სასჯელისასა უწყალო იყოს  უფალი ჩვენ ზედა.“

რამეთუ მაშინ ყოველი საქმე ჩვენი წინაშე თუალთა ჩვენთა წარმოგვიდგეს  და ჩვენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძვირხილულნი  და ყოველსა სიტყვასა ჩვენგან მიგვიღებდენ . რამეთუ, უკეთუ ლაზარეს არარაჲ ვნებოდა მდიდრისაგან, გარნა ოდენ მის მიერ მოწყალება არა მიეღო, და იყო იგი შემასმენელ მისა და პირის დამყოფელ. ხოლო რაჲმე ეყოს  მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ ?

უკეთუ რომელთა მშიარი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა  ბოროტსა შთაცვივნეს . ხოლო რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცონ , იგინი რაჲსა ღირს იქმნენ? ანუ რაჲ ნუგეშინისცემა ჰპოვონ?

ვივლტოდეთ უკუჱ, ძმანო, ამის ბოროტისაგან. მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი ანგაჰარნი. არა საფასენი მათნი აწ სხუათა  ჰქონანა? ხოლო იგინი ცეცხლსა შინა იგვემებიან. ვითარ უკუჱ არა სიცოფე არს ესევითარი უბადრუკებაჲ, რომელ სიცოცხლესა, შრომასა  და ბოროტსა შინა ვიყვნეთ და წარრავიდეთ ამიერ  საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ.

გევედრები, საყვარელნო, შევიყვაროთ გლახაკი და ვსწყალობდეთ მათ, რომელი ქრისტესდა მიიწევის. რამეთუ იტყვის: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ”[მთ. 25,40]. რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ  სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ. რამეთუ ვითარცა ცოდვა, პირველ გეენიისაცა აქავე ჰსტანჯავს, მხილებითა მით გონებისათა, მოქმედთა მისთა; ეგრეთვე, სათნოება პირველ სასუფეველისაცა  აქავე მოქმედთა  მისთა სასოებითა კეთილითა ახარებს.

ვიღვაწოთ, ძმანო, რათა ჩვენცა ესევითარი  მოქალაქობა გვაქვნდეს, რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 76

გლახაკთ მოყვარებისათვისვე

ჵ, საყვარელო, მითხარღა:  ერთსა დღესა უმჯობეს არსა გვირგვინოსნობაჲ, ანუ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა? ამისთვის გეტყვი, ძმაო: მოიძულე საფასე და შეიყვარე გლახაკი. მიეც გლახაკსა და ნუ მისცემ მომღერალსა და მროკველსა , რათა  არა საფასესა თანა შენსა სულიცა შენი წარსწყმიდო და მათიცა. რამეთუ შენ ხარ წარწყმედისა მათისა მიზეზი, რომელი ეგე ბოროტთა მათთვის  პატივ სცემ. რამეთუ უკეთუმცა იცოდეს მგოსანთა და მომღერალთა, ვითარმედ: უსარგებლო არს ჴელოვნება მათი, ადრემცა დაცხრომილ იყვნეს საქმეთა მათგან . ხოლო ოდეს გხედვიდენ, ვითარმედ: გიყვარს საქმე იგი და მისცემ მათ­თვის ფრიად, დაღაცათუ არა უნდეს, გულისთქმაჲ საფასეთა აქმნევს.

განვეშორნეთ უკუჱ უსარგებლოჲსა მის წარსაგებელისაგან. ვსცნათ და გულისჴმა ვჰყოთ, თუ სადა ჯერ არს წარგებაჲ, რათა არა ორკერძოვე ღმერთი განვარისხოთ: რაჟამს, სადაჲთ არა ჯერ იყოს, შევკრებდეთ და სადა არა ჯერ იყოს, განვაბნევდეთ.

რამეთუ, ვითარ არა უსჯულოებაჲ  არს, ჵ, კაცო, რაჟამს  გლახაკსა თანაწარხდე  და მეძავსა მისცე. დაღაცათუ სიმართლით მოგეგოს საფასე ეგე , ბოროტვე არს  საქმე ესე. სასყიდლად ბოროტისა მისცემაა? რომლისათვის ტანჯვაჲ ჯერ იყო, მისთვის პატივ სცემ. ხოლო ოდეს ობოლთა განსძარცვიდე და ქვრივთა მძლავრობდე და გლახაკთა მიხვეჭდე და სასყიდლად ცოდვისა  მისცემდე, გულისჴმა ჰყავ, თუ ვითარ სახედ ცეცხლსა მოაწევ შენ  ზედა.

რამეთუ, უკეთუ აქებ მომღერალსა და სათნო გიჩნს საქმე მისი, უვარეს მისსა ხარ. რამეთუ, მას დაღაცათუ არარაჲ  აქვს სიტყვაჲ, გარნა სიგლახაკე მიზეზად აქუს . ხოლო შენ რომელი მიზეზი სთქუა, გარნა წარწყმედა სულისა. რაჲ სთქუა სამსჯავროსა მას ზედა დიდსა, სადა იგი გულისსიტყვათა  თვისცა სიტყვის მიცემაჲ  თანაგედვას? რომლითა თუალითა იხილი მართლმსაჯული იგი, რაჲ მიზეზი სთქუა? გარნა  სატანჯველი საუკუნო დაუსრულებელი.

ნუმცა არს ესევითარი რაჲმე ერსა ამას ზედა! არამედ ჩვენ ვისწრაფოთ, საყვარელნო, სიმართლით მოგებაჲ და ჯეროვნად წარგებაჲ, გლახაკთა სიყვარული და მათდა მიმართ წყალობაჲ, რათა გლახაკთა წყალობითა დავშრიტოთ  ცეცხლი იგი უწყალოთათვის განმზადებული და ღირს ვიქმნეთ მოწყალებისა გვირგვინითა სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად ყოველნი  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 77. თავი კვ [26]

ღმრთისა სათნოყოფისათვის

საყვარელნო, ამისთვის დაგუბადნა ჩვენ ღმერთმან და მოგვიყვანა სოფელსა ამას და შთაგუბერნა სული, რათა მარადის ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ და საუკუნოსა მისთვის ცხოვრებისა სურვიელ ვიყვნეთ და არათუ საწუთოსა ამისთვის ვიყოფოდეთ. რამეთუ  ამის საწუთოსათვის პირუტყვნი ოდენ არიან, ხოლო ჩვენ ამისთვის გვაქუს  სული უკუდავი, რათა საუკუნოსა მისთვის ვზრუნვიდეთ და მუნ გამოვბრწყინდეთ და ანგელოსთა თანა ვიყოფოდეთ და წინაშე მეუფისა ყოველთასა ვსდგეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა. ამისთვის მოგვეცა სული უკუდავი და ჴორცნი მოგვეცნენ მაშინ უკუდავნი.

ხოლო უკეთუ ჩვენ ზეცისა შეურაცხ ვჰყოთ და ქვეყანისასა ვზრუნვიდეთ და ღმრთისა სათნოყოფასა არა ვისწრაფდეთ, იხილეთ ვითარ შეურაცხ ვჰყოფთ მომცემელსა მას. რამეთუ, რაჟამს ღმერთი ზეცისასა  მოგვიპყრობდეს, ხოლო  ჩვენ არარად შეგვერაცხოს იგი, არა მისი შეურაცხება არსა? ამისთვის გეენიაცა განმზადა შეურაცხისმყოფელთა მისთათვის, რათა ვსცნათ, თუ, ვითართა კეთილთაგან გამოვახვებთ თავთა ჩვენთა. არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა ხილვად გემოჲ  მწარეთა მათ სატანჯველთა.

ამისთვის გევედრები, ძმანო, მარადის სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა და პირველითგანვე ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი ცათა და საუკუნენი კეთილნი დავიმკვიდრნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 78

ღმრთისა სათნოყოფისათვისვე

საყვარელნო, სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა, და გვირგვინოსან ვჰყოთ სული ჩვენი შიშითა ღმრთისათა და მოწყალებითა, სიწმიდითა და სიმართლითა, რამეთუ ესევითარნი სათნოებანი შვენიერ ჰყოფენ და შეამკობენ სულსა და სათნო არს წინაშე ღმრთისა .

ხოლო ნუმცა შევამკობთ, ძმანო, ჴორცთა ჩვენთა ოქროჲთა და სამკაულითა წარმავალითა, რამეთუ ამას სამკაულსა სიგრძე ჟამისა განხრწნის  და სხუანი მრავალნი მიზეზნი წარსწყმედენ. ხოლო სულისა იგი სამკაული შორს არს ამის ყოვლისაგან, და ჴორცთა სამკაული სხუათა შურსა  და ხდომასა შთაუთესავს . ხოლო სულისა სამკაული ამის ყოვლისაგან წმიდა არს, რაჟამს ოქროჲ არა გუამთა ზედა ჩვენთა და თითთა მდებარე იყოს, არამედ გლახაკთადა მიცემულ. რამეთუ რაჲ არს სარგებელი ოქროქსოვილითა სამოსლითა შემოსისა , ვინათგან: „ყოველივე ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი ველისა “[1 პეტ. 1,24].

ამას ყოველსა ვიტყვი, რათამცა გასწავე სათნოყოფა ღმრთისა და შემოსად ბრწყინვალე იგი სამკაული სულისა, რომელი  გვასწავა დიდმან მოციქულმან პავლე: „არა ოქროჲ ანუ ვეცხლი, არამედ საქმენი ღმრთის მსახურებისანი”[1 ტიმ. 2,9-10], რომელნი იგი უკუნისამდე ჰგიან და მომგებელთა მათთა გვირგვინითა ბრწყინვალითა შემოსილ ჰყოფენ.

ხოლო, უკეთუ კულა კაცთამიერსა დიდებასა ეძიებ, ეგრეთცა ღმრთისა სათნოყოფა მოიგე, და კაცთაცა შორის ბრძენთა დიდებულ იყო და პატიოსან, ხოლო  ჴორციელისა სამკაულისათვის არავინ გაქებს. დაღაცათუ გაქონ უგუნურთა და სოფლის მოყვარეთა, და  უფროსად იგინიცა არა გაქებენ, არამედ გებრძვიან და გეშურებიან .

ხოლო ღმრთისა სათნოყოფისათვის კეთილნიცა და ბოროტნიცა გაქებენ და ფრიადი მიიღო ქებაჲ  და ღმრთისაგან – სასყიდელი და ანგელოსთა შორის – დიდებაჲ დღესა მას სასჯელისასა, ოდეს მუნ იყვნენ ყოველნი დაბადებულნი, და წინაშე ანგელოსთა და კაცთა ცხად იყოს ქება და დიდება შენი .

ესრეთ სათნოყოფა ღმრთისა მოვიგოთ, ძმანო , და ესევითარი ბრწყინვალე სამკაული სულისა შევიმოსოთ , რათა აქაცა კეთილად ვიყოფოდეთ და მუნ საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით  წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 79

ღმრთისა სათნოყოფისათვისვე

ვისწრაფოთ, საყვარელნო, ღმრთისა სათნოყოფაჲ , რათა ესრეთ შეუძლოთ წმიდა ყოფად ცხოვრებისა ჩვენისა, რამეთუ სულიერნი საქმენი მსგავს არიან მარგარიტისა და სადაჲთცა  მოაქციო, შვენიერ და საყვარელ არს. რამეთუ, უკეთუ ვინ ჰქმნას მოწყალებაჲ, ანუ სიწმიდე, ანუ სიმართლე, ანუ ლოცვაჲ და სხუა სათნოებაჲ, არათუ ოდენ საუკუნოსა სასოებითა იხარებს, არამედ აქაცა მხიარულ არს .

და უკეთუ ვინ სძლოს გულისთქმასა ბოროტსა, ანუ გულისწყრომასა, ანუ რისხვასა, ანუ შურსა, პირველ სასუფეველისა აქავე ნაყოფი აქუს . რამეთუ, რომელი  იქების და იდიდების ყოველთა მიერ, და უფროსად თვისისა სვინიდისისაგან, რომელ არს გონება შინაგანი, და ყოველი სათნოება ეგრეთ არს.

ხოლო ბოროტნი საქმენი, პირველ ჯოჯოხეთისა, აქავე საძაგელ და საჭირველ არიან, და დასასჯელ გონებისა მიერ. რამეთუ, რომელი ცოდვასა შინა იყოს, უკეთუ საუკუნო იგი მოიგონოს, ძრწის და საწყალობელ არნ . უკეთუ საწუთოსა მიხედნეს, მრავალ არიან მტერნი მისნი და სიმწარით სცხოვრებს. და ესრეთ გონება ჩვენი გვამხილებენ, კაცნი გვაყვედრებენ, ღმერთი განრისხებულ არს ჩვენ ზედა, გეენია მიგველინ. რამეთუ ბოროტი და მძიმე ტვირთი არს ცოდვაჲ და უმძიმეს ბრპენისა  და რომელსა იგი აქუნდეს, მარადის ქვე დადრეკილ არნ .

არამედ ჩვენ უკეთუ გვიცოდავს, დავსთხივნეთ ცრემლნი, ვიგლოვოთ ჯეროვნად, აღვიძარცვნეთ ცოდვანი, ვითარცა ზაქე, მივაგოთ ოთხწილად, რომელთაგან მოვიანგარეთ. უკეთუ  პირველად ჴელნი ჩვენნი არა დავაყენნეთ ანგაჰარებისაგან, ყოველივე ამაო არს: რამეთუ დაღაცათუ მივსცეთ მოწყალებაჲ, ანუ სხუა რაჲმე კეთილი ვქმნეთ და კვალად ანგაჰარებასა შინა ვიყვნეთ, კვალად შევიგინებით მის მიერ და უძვირეს პირველისა ვიქმნებით.

დავსცხრეთ უკუჱ, ძმანო, ანგაჰარებისაგან და ტაცებისა და ესრეთ ვჰქმნეთ მოწყალებაჲ, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. და უკეთუ  ვინ დაეცემოდის სიმაღლისა დიდისაგან, და ერთსა ზეით ემჭიროს, და მეორე ქვეით ზიდვიდეს , არარაჲ სხუაჲ იქმნების გარნა განკვეთაჲ კაცისა მის. ხოლო რათა არა ჩვენზედაცა ესევითარი  მოიწიოს და სიმძიმისაგან ანგაჰარებისა დაგვიტეოს მოწყალებამან.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ განშორება ბოროტთაგან, და რათა  კეთილთა საქმეთა მიერ სრულ ვიქ­მნეთ და ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ; და სათნომყოფელნი მისნი მივემთხვივნეთ  საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა  მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 80. თავი კზ [27]

სიმართლისათვის

საყვარელნო, ქადაგება იგი წმიდისა სახარებისა  არა მაშინდელთა კაცთა  მიმართ ოდენ თქმულ არს, არამედ ჩვენდა მომართცა, რათა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათვის ვისწრაფდეთ. გინათუ გლახაკი ვინ იყოს, გინა მდიდარი , არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ წერილ არს: „არა  შეიწყალო გლახაკი სასჯელსა შინა”. ხოლო რაჲ არს სიტყვა ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძოსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლოჲ.

აწ უკუჱ , უკეთუ გლახაკისა წყალობისათვის სიმართლისა გარდაქცევა არა ჯერ არს, არა უფროსად მდიდართათვის არა ჯერ არსაა? ხოლო ამას ვიტყვი, არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რათა არა ოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოვლადვე კეთილად დავიმარხოთ იგი, რამეთუ უფალსა უყვარს სამართალი, ხოლო „რომელსა უყვარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი“(ფს. 10,5).

აწ უკუჱ, ძმანო, ნუმცა  მოვიძულებთ სულთა ჩვენთა, ნუმცა შევიყვარებთ სიცრუვესა, რამეთუ არარაჲ  არს სარგებელი სიცრუისა. რამეთუ დაღაცათუ იყოს ჴორცთა რაჲმე სარგებელი, მცირე არს და არარაჲ, და უკანასკნელ ბოროტად წარვსწყმდეთ და უფროსად აქაცა არარაჲ ვირგოთ სიცრუვისაგან . რამეთუ, რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშვებდეთ, არა სასჯელ არსაა და სატანჯველ საქმე ესე?

შევიყვაროთ უკუჱ, საყვარელნო, სიმართლე  და ნუმცა სადა შეურაცხ ვჰყოფთ ამას სჯულსა, რამეთუ რაჲ შევიძინოთ ამის ცხოვრებისაგან, უკეთუ სათნოება არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოჲსა მის? ანუ მუნ რაჲ გვერგოს მეგობართაგან და ნათესავთა  და მომადლება ვისიმე სიცრუვესა ზედა. და რად ამას ვიტყვი, არამედ გინათუ ნოე, ანუ იობ, ანუ დანიილ იყვნენ მამად  ჩვენდა, არარაჲვე გვერგების, უკეთუ საქმენი  ჩვენნი ბოროტ იყვნენ.

გარნა ერთი  ოდენ საქმე სახმარ არს ჩვენდა: „სათნოება სულისა სიმართლით ქმნილი.“ ესე  შემძლებელ არს ხსნად ჩვენდა და განრინებად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან. ესევე მიმიყვანებს ჩვენ  სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 81

სიმართლისათვისვე

საყვარელნო ძმანო ჩემნო , ვიქმნეთ ჩვენცა წმიდა, ვისწრაფოთ  ქმნაჲ კეთილისა. ხოლო რაჲ არს კეთილი? ჰსჯაჲ ობლისა და განმართლება ქვრივისა. რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყვა ესე ობოლთა და ქვრივთა, არამედ  ჩვენ არა დიდად გვაქვს იგი , რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო , და უკეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო”[ეს. 1,18].

ამისთვის უკუჱ ვისწრაფოთ ჴელის აპყრობად  ობოლთა და ქვრივთა, რამეთუ არა მცირე ძალი აქუს  ცრემლთა ქვრივისა, ობლისა და გლახაკისათა . არამედ შემძლებელ არიან ცათა განხმად და ჯოჯოხეთისა ცეცხლთა დაშრეტად. ამისთვის უკუჱ ნუმცა ბოროტსა უყოფთ მათ და ნუმცა უსავმართლოებთ, არამედ ვსწყალობდეთ და ჴელსა აღუპყრობდეთ და ესე არს სამართალ, რათა ფრიადი  ვჰპოვოთ ჩვენცა წყალობაჲ ამასცა საწუთოსა და მერმესაცა საუკუნოსა .

რამეთუ მრავალთა ცოდვათა ვჰპოვოთ ამის საქმისა მიერ შენდობაჲ, და კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა, და ღირს ვიქმნნეთ ყოველთა მართალთა თანა სასუფეველსა ცათასა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 82

კვალად სიმართლისათვისვე

საყვარელნო, ქრისტემან ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, თქვენ ვერ ძალგიძსთ მოსლვად ”(იო. 7,34). ხოლო მეშინის ნუუკუჱ ჩვენდა მომართცა ითქუას ესე ცხოვრებისა ამის ჩვენისთვის, სავსისა ცოდვითა და სიცრუვითა . რამეთუ, ვინათგან არა გვაქვს ჩვენ სიმართლე, ვერ მივიდეთ სადა იგი არს, რამეთუ  მოწაფეთათვის იტყვის, ვითარმედ: „მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ”(იო. 17,24). ხოლო მეშინის ჩვენთვის, თუ  წინააღმდგომი ითქუას. ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა  მე ვიყო, თქვენ ვერ ძალგიძსთ  მოსლვად”.

რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად , რამეთუ ამასცა სოფელსა მხედარი, რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა.

ხოლო ქრისტე გვამცნებს სიმართლესა და ჩვენ ცრუ ვიყვნეთ და მტყუარ; ქრისტე გვამცნებს მოწყალებასა და ჩვენ მტაცებელ ვიყვნეთ და ანგაჰარ; ქრისტე გვიბრძანებს სიყვარულსა და ჩვენ მოძულე ვიყვნეთ და უწყალო; – ვითარ შეუძლოთ მუნ მისთანა შესლვად . და იხილენით  ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელეწიფა შესლვად, სადა იგი სიძე იყო, რომელთა დაეხშა კარი წყალობისა .

არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ჴმისა მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქვენ”(მთ. 25,12). ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისა მის, თუ: „არა გიცნი თქვენ”? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რა გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არარაჲ გვეხილვა. და რაჟამს ჩვენ არა გვეწყალოდეს გლახაკი და მშიარი , რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვითარ შეგვიწყალნეს ჩვენ, რაჟამს წყალობა გვიხმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ ჰყოს ჭირვეული და არა მისცეს თვისისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არა თვისი იგი?

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა ყოვლით კერძო ვიქმოდეთ სიმართლესა და სიმართლისა მიერ მონაგებისა  მოწყალებასა, რათა არა მოგვაკლდეს ჩვენ ზეთი იგი, არამედ შევამკოთ ლამპარი ჩვენი ბრწყინვალედ, და შევიდეთ  სიძესა მას თანა, უკუდავსა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე , მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.

 

სწავლა 83. თავი კჱ [28]

კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

საყვარელნო , ნუმცა უკუჱ ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების , რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: „თქვენ ქრისტესნი ხართ”(გალ. 3,29).

გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა  ამის სიმაღლე, რამეთუ, უკეთუ ვისმე  მეფისად, ანუ ერისთავისად ეწოდებოდეს, დიდად აქუს პატივად, რომელ მისდა ეწოდების. მაშა ჩვენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოსისა, არცა  მთავარანგელოსისა, ანუ ხერუვიმისა, არამედ თავადისა – ყოველთა მეუფისა ღმრთისა, არა დავსდვათა სული ჩვენი სიკუდილად, რათა არა შეურაცხად გამოსჩნდეს ჩვენი ესე სახელი?!

არა ჰხედავთაა  მხედართა მათ გარემოს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს ? ხოლო ჩვენ ღირს ქმნულ ვართ მახლობელ ღმრთისა ყოფად, არა ვითარცა იგინი მეფისა , არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავისა, და არა ყოვლით კერძო ჯერ არსაა მოსწრაფება, რათა მსგავს ქრისტესსა ვიქმნეთ?

ხოლო უკეთუ ქრისტეს ბაძვაჲ  გვნებავს, ისმინეთ, რაჲსა იტყვის იგი, ვითარმედ: „მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა – სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს”(მთ. 8,20; ლკ.9,58). რამეთუ ჯერ  იყო ჩვენდაცა ესრეთ ყოფაჲ. არამედ რათა ესე დაუტეოთ  თქვენისა უძლურებისათვის, და ვითხოვო თქვენგან მსუბუქი საქმე, რათა არა ესრეთ ფრიად მოყვარე იყვნეთ საფასეთა მაგათ. და, ვითარცა უძლურებისა  თქვენისათვის, სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქვენგან, ეგრეთვე თქვენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა. და ნუ მონა მონაგებთა თქვენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იყვენით. რამეთუ სახმარ ამისთვის ეწოდების საფასეთა, რათა ვიხმარებდეთ და არა ვმარხვიდეთ. რამეთუ  დამარხვა მონისა  არს, ხოლო ხმარებაჲ უფლისა.

არათუ ამისთვის მოგვეცნეს საფასენი, რათა დავფლათ ქვეყანასა შინა, არამედ, რათა განუყოთ, რომელთა უხმდეს . და უკეთუმცა  უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსა, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქვეყანისათა.

ხოლო მოგვცა იგი, რათა ურთიერთას მივსცემდეთ. უკეთუ კულა ვმარხვიდეთ ოქროსა , არღარა უფალ მისსა ვართ, არამედ მონაჲ. და უკეთუ ამისთვის ჰმარხავ, რათა განმრავლდეს, იხილე, რამეთუ ვაჭარნიცა განაბნევენ ოქროსა, რათა უმეტესი შემოიკრიბონ; და ნავად შევლენ და შორთა ქვეყანათა წარვლენ, რათა განაბნიონ ოქროჲ მათი და უმეტესი შეიძინონ. და მუშაკნიცა  განაბნევენ იფქლსა  მიწასა შინა, რათა მრავლად  მოიღონ, და ჰშვრებიან მას ზედა მრავალჟამ.

ხოლო შენდა, ძმაო, არცა  ნავი სახმარ არს, რათა უცხოთა ქვეყანათა წარხვიდე, არცა შეუღლება ჴართა , მოხვნად ქვეყანისა, არცა ზრუნვად წვიმისათვის, ანუ შიში სეტყვისა, გინა აღძვრისა  ზღვისა, ანუ შიში კლდეთაგან ზღვისათა, არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უხმს: „რათა განაბნიო საფასე შენი ჴელთა შინა გლახაკთასა“ და სხუა  ყოველივე მან მუშაკმან ჰქმნას, რომლისათვის იტყვის ქრისტე, ვითარმედ: „მამა ჩემი მუშაკი არს”[იო. 5,17; 14,10; 15,1].

ვითარ უკუჱ არა ბოროტ არს, უკეთუ – სადა ესრეთ უშრომელად მოგვეცემის ყოველივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა იგი ფრიადი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, და უცნაურ არს, თუ  ჰქმნას  თუ არა, და მუნ ყოველსა მოსწრაფებასა ვაჩვენებთ .

ნუ, გევედრები, საყვარელნო, ნუ  ვართ ესრეთ უდებ ჩვენისა ცხოვრებისათვის. არამედ სადა ესე შრომა არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რათა საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით  წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 84

კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

ისმინეთ, საყვარელნო, მაცხოვრისა, ვითარმედ: „არავის  ძალუძს მსახურებად Iღმრთისა  და IIმამონასა, არამედ ერთისა უხმს შეყვარებაჲ და მეორისა მოძულებაჲ ”[მთ. 6,24; ლკ. 16,13]. და რომელნიცა მძლე ექმნნენ ვეცხლისმოყვარებასა, მათცა შეიყვარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ არს; ხოლო რომელნი იძლივნეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს. და რამეთუ ვეცხლისმოყვარებისა მიერ ძლეული ადრე იძლევის  ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღმრთისათა, ვინათგან მონა არს ყოვლისა ბოროტის მოყვარისა.

არამედ განიფრთხვეთ  და აღსდეგით და გულისჴმა ჰყავთ, თუ ვისი სახელი წოდებულ არს ჩვენ ზედა და ვისი ვართ მონაჲ ? და მისი ოდენ მეუფება ვადიდოთ. ვსტიროდეთ და ვიგლოვდეთ პირველთა მათ  ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონასა, განვაგდოთ ჩვენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტვირთოთ ტკბილი იგი და მსუბუქი უღელი ქრისტესი.

რამეთუ ქრისტე  არარას გვიბრძანებს ესევითარსა, ვითარ იგი მამონაჲ. რამეთუ იგი გვეტყვის, რათა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო ქრისტე  უფროსად გვამცნებს სიყვარულსა. იგი თიხასა შინა და მწვირესა დაგუფლავს, რამეთუ ოქრო და ვეცხლი თიხა  არს და მწვირე. ხოლო ქრისტე აღგვამაღლებს ნივთთაგან ქვეყანისათა და  გვიბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთვის ზეცათასა. იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხოვრებასა ჩვენსა და მუნ თანამდებ გვყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა. ხოლო ქრისტე  სასმელისათვისცა ერთისა გრილისა წყლისა მოგუცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროსად მრავალწილად.

ვითარ უკუჱ არა სირცხვილ არს ესევითარისა სახიერისა და ტკბილისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურისა მძლავრისა მონებაჲ ?! რომელი იგი არცა აქა რას მოგვცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უმეტესად  ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთს მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქროჲ შეიყვარეს და გლახაკნი არა შეიწყნარეს.

რომელი იგი რათა ჩვენ  ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ, ძმანო, საფასე და  მივსცეთ გლახაკთა და განვათავისუფლნეთ სულნი ჩვენნი აქაცა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან. და დავიუნჯნეთ ზეცისა კეთილთა სიმრავლე: ოქროჲსა წილ – ბრწყინვალენი გვირგვინნი, საფასეთა წილ – საუნჯენი ცათა შინა მოუკლებელნი .

რათა წარმოსდგენ მოწყალებანი ჩვენნი წინაშე საყდრისა და მოწყალე ჰყონ ჩვენ ზედა მსაჯული და ჴელი აღგვიპყრან და აღვფრინდეთ ფრთითა უბრწყინვალეს ოქროჲსათა. და ესრეთ სავანეთა მათ სასუფეველისათა განვისვენოთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 85

კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

ჵ , კაცო ამაოო, წარმავალთათვის  გსურის და წარუვალთა არა ეძიება? და შენ, უკეთუ ვინ იხილო, ვითარმედ: დრაჰკანსა ოქროსასა დააგდებდეს და ტყვივისასა აღირჩევდეს, ფრიად აბრალებ მისსა უმეცრებასა. ხოლო შენ ამისსაცა უუნდოესსა შეჰკრებ და გგონიეს, ვითარმედ სიმდიდრე გაქვს. არამედ მე მდიდრად მას ვიტყვი: „რომელსა სოფლისა საქმენი შეურაცხ ექმნენ.“ რამეთუ  არავინ შეურაცხ ჰყოფს უნდოთა მათ საქმეთა, უკეთუ სურვილი უზესთაესისა მის არა აქუნდეს, ვითარცა ტყვიასა  არა ვინ უგულებელს ჰყოფს, უკეთუ არა იცნას ოქროჲ.

და შენცა, უკეთუ იხილო კაცი, რომელი ყოველსა სოფელსა თანა წარვლიდეს, სცან, ვითარმედ: საუკუნოსა მის სურვილი დამკვიდრებულ არს მისთანა. ეგრეთვე მუშაკი მცირესა იფქლსა შეურაცხ ჰყოფს, რაჟამს უმეტესსა მოელოდეს ნაყოფსა. და უკეთუ სადა ესე უცნაურ  არს, თუ მოვიღოთ ნაყოფი, ანუ არა, და ესრეთ შეურაცხ ვჰყოფთ მონაგებსა ჩვენსა, არა უფროსად, სადა იგი მტკიცე არს და უეჭველი მოღება ნაყოფისა, დავთესოთა თესლი მოწყალებისა?!

ამისთვის გევედრები, ძმანო, ნუმცა  დავიმჭირვებთ კეთილთა მათ ზეცისათა. მოვიხსენოთ სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა , ვითარმედ: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღიხოცენ ”[დან.4,27], არამედ ნუ ესრეთო, რათამცა: „დღეს ჰქმნეო და ხუალე დასცხრე.“ რამეთუ ვითარცა ჴორცთა ამათ მარადღე საზრდელი უხმს, ეგრეთვე არს სულიცა. რამეთუ უფროსად სულსა  ეხმარების და უკეთუ არა მივსცეთ – მოუძლურდების.

და ნუმცა უკუჱ შეურაცხ ვჰყოფთ, რამეთუ ჭირსა შინა მოიშთობის  მარადღე, და მრავალნი  წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქმათაგან, გულისწყრომისაგან, ძვირისზრახვისა, უდებებისა, ძვირისხსენებისა და შურისა. ჯერ არს უკუჱ, რათა წამალნიცა დავასხნეთ მას  ზედა. ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისა, ყოველთათვის წყლულებათა, რამეთუ იტყვის: „მიეცით  მოწყალება და ყოველივე თქვენი წმიდა იყოს ”[ლკ. 11,41].

მოწყალება დასდევით თქვენ  ზედა, საყვარელნო, და ნუ ანგაჰარებასა დასდებთ. ხოლო მოწყალება  ჯერ არს, რათა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკეთუ არა, მოწყალება ანგაჰარებისაგან  ქმნილი, არად სარგებელ  არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა და შვენიერ ჰყოფს და განაპოხებს.

ვიცხოთ უკუჱ, ძმანო, ესე  ზეთი ჴელთა ჩვენთა, რათა კეთილად შეუძლოთ ეშმაკისა წინააღდგომად, რამეთუ ყოველივე ვნება დაიხსნების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარადღე უძლურთა თანა იქცეოდეს, დამდაბლდების, უკეთუ გულისჴმა ჰყოფდეს ბუნებასა  მას კაცობრივსა. ეგრეთვე ჩვენ, უკეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდეთ და ვსწყალობდეთ  მარადის, ფრიადი სიბრძნე მოვიგოთ ამის საქმისაგან, და ყოველი სოფელი შეურაცხ ვჰყოთ, და ავმაღლდეთ ზეცად და მუნ ანგელოსთა თანა ვიშვებდეთ და ყოველთა მეუფესა ვადიდებდეთ საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამასა და სულით  წმიდითურთ  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 86. თავი კთ [29]

სასუფეველის დიდებისათვის

საყვარელნო , ამისთვის მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა საუკუნო იგი დიდება მისი ვიხილოთ, რომლისათვისცა იტყვის , ვითარმედ: „მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ  და ჰხედვიდენ  დიდებასა ჩემსა”[იო. 17,24]. რამეთუ, უკეთუ აქა დიდება მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რომელ მთასა თაბორსა მოციქულთა თუალთშედგმად ვერ იკადრეს, რაჲ ვინ სთქუას მერმისა მისთვის დიდებისა , რომელი გამოჩინებად არს ესოდენითა  ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყვით ვერვინ გამოაცხადებს.

ჵ, სანატრელნი სამგზის და მრავალგზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს  დიდებისა მისისა ხილვად. ამისთვის  იტყვის წინასწარმეტყველი, ვითარმედ: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს მან დიდება იგი ღმრთისა”[ეს. 26,10]. არამედ ჩვენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს . ჵ, უფალო, უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან.

რამეთუ უკეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩვენთვისცა თქმად, ვითარმედ: „უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით“[მთ. 26,24]. და რაჲსათვის  ცხოველ ვართ, ანუ რაჲსათვის ვიქცევით, უკეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩვენსა ვერ ვიხილავთ.

რამეთუ, უკეთუ რომელნი ამის მზის ნათელსა ვერ ხედვენ, მწარესა ცხოვრებასა შინა არიან, რაჲ  ყოფად არს მათდა , რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი ნათელი ამის მზისა უბრწყინვალეს არს ბნელისა შეუმსგავსებელად . და კვალად ესეცა არს, რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენა კბილთა.

ნუმცა უკუჱ შთავცვივით მწარითა მით სულმოკლებითა საუკუნოსა მას სატანჯველსა. არამედ განვიფრთხოთ და ვიღვაწოთ, რათა განსვენებასა მას მივემთხვივნეთ, და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი ჰსდიოდის, საშინელითა ოხრვითა, წინაშე საყდრისა მის დიდებისა. რამეთუ რომელი მუნ შთავარდეს ერთგზის, ვერღარავინ იხსნის მიერ, ვერცა მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმაჲ, ვითარცა წინასწარმეტყველნი  ღაღადებენ, რამეთუ დავით იტყვის: „ძმამან ვერ იხსნას, კაცმან იხსნასაა ?”[ფს. 48,7] ხოლო ეზეკიელ ამისსა უმეტესიცა სთქუა, ვითარმედ: „დასდგენ ნოე და იობ და დანიილ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იხსნენ”[ეზეკ. 14,14-18], რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნა არს ჩვენი (საქმეთა ჩვენთა მიერ კეთილთა) და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუა არარაჲ ეპოების  მას.

ამას უკუჱ ვიხსენებდეთ მარადის, საყვარელნო, და  განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი, რათა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნო იგი დიდება დავიმკვიდროთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება  თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 87

სასუფეველის დიდებისათვისვე

საყვარელნო, უფალი დიდებისა იტყვის: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა, დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (იო. 17,5). ესევითარი უკუჱ დიდებაჲ ჩვენცა ვჰპოვოთ, ძმანო, საზომისაებრ  ჩვენისა, უკეთუ ვიღვაწოთ. ამისთვისცა მოციქული იტყვის: „უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ”(რომ. 8,17).

ხოლო ჩვენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინა გვიძს ესოდენი დიდებაჲ და ჩვენ უდებებისათვის ჩვენისა  დავიჭირვებთ ამას ყოველი , რამეთუ დაღაცათუმცა არა იყო გეენიაჲ, საწყალობელვე  ვართ, რომელთა ესე გვაქვს ჴელმწიფება, რათა უკეთუ გვენებოს, ვსუფევდეთ ძისა თანა ღმრთისასა და ჩვენ დაკლებულ ვყვნეთ თავნი ჩვენნი მის ყოვლისაგან. რამეთუ, დაღაცათუმცა ჯერ იყო ასოეულად  დაჭრაჲ და ბევრეულითამცა სიკუდილითა სიკუდილი და ბევრეულთა სულთა მიცემაჲ, და ესეზომთავე ჴორცთა, მის დიდებისათვის არარაჲვე იყო.

ხოლო აწ ჩვენ  საფასეთაცა არა შეურაცხ ვჰყოფთ მის დიდებისათვის , რომელთაგან შემდგომად მცირედისა უნებლიეთცა განშორებად ვართ. არა უგულებელს ვჰყოფთ საფასეთა, რომელნი იგი ბევრეულთა ბოროტთა შინა შთამთხევენ ჩვენ და რომელნი აქავე დარჩებიან  და არა ჩვენნი არიან.

ხოლო ვინათგან არა მის დიდებისა ოდენ დაჭირვება წინამდებარე არს, არამედ გეენიაცა და „მატლი დაუსრულებელი, ცეცხლი დაუშრეტელი, ღრჭენა  კბილთა“[მრკ.9,46; მთ. 8,12] და ყოველი სატანჯველი, ვითარმე  თავს ვიდვათ იგი ყოველი.

ვიდრემდის არა აღვიხილავთ თუალთა ჩვენთა, არამედ მარადღე შფოთთა შინა ვართ და მხილებათა და სიტყვათა ამაოთა. მიწასა ვზრდით, რამეთუ ჴორცნი ესე ჩვენნი მიწანი არიან, რომელთა ვაპოხებთ და სული უდებ გვიყოფიეს და ჭეშმარიტსა დიდებასა არა ვეძიებთ. ხოლო ურგებთა დიდებათათვის ვზრუნავთ , და ბრწყინვალებსა საყოფლებსა  აღვაშენებთ და მოვიგებთ ტაძართა მრავალფასისათა და სიმრავლესა მონათასა, და მნეთა დავადგინებთ და ყოველთა  ზედა მთავართა და მთავრის მთავართა, ხოლო სული ჩვენი ოხრად სდგას, და ყოვლადვე არა ვზრუნავთ მისთვის , რაჲმე  ყოფად არს ამის ყოვლისა დასასრული? არა ერთსა მუცელსა აღვავსებთაა , ერთსა გუამსა შევმოსთაა? რაჲ არს ესეოდენი ესე ამბოხებაჲ, რად აღვაოხრებთ ერთსა მას სულსა, რომელნი ხდომილ არს ჩვენდა და შევაგინებთ მას და ბოროტსა მონებასა შინა ჴორცთასა შთავაგდებთ ?

რამეთუ რომელი მრავალსა ეძიებდეს, მრავალთა მონა არს , და  ანგელოსნი ამისთვის სანატრელ არიან, რომელ არარაჲ ეხმარებიან ესევითარნი ზრუნვანი. და ჩვენცა რაოდენ ნაკლულევანებით ვიყვნეთ, ანგელოსთა ცხოვრებასა მივეახლებით . არა ამისთვის ვნატრითაა ადამს, რამეთუ არარაჲ ეხმარებოდა სამოთხესა რა იყო, არცა სახლი, არცა სამოსელი, არცა სხუა რაჲ ამის სოფლისაგანი? ხოლო ჩვენ რაჲსათვის აღვაორძინებთ  ანგაჰარებასა და დავაკლდებით ზეცისა დიდებისა აზნაურებასა?

განვიფრთხოთ უკუჱ, საყვარელნო, და განვაგდოთ მონაგებთა ჩვენთა მონებაჲ, რათა მოვიგოთ ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ, და ღირს ვიქმნეთ ზეცისა დაუსრულებელსა დიდებასა დამკვიდრებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 88

სასუფეველის დიდებისათვისვე

ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად. და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ .

ხოლო  ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომელი „თუალმან  არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა”(1 კორ. 2,9), რომელი  იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, შევიტკბოთ სათნოება და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვსჩნდეთ, რათა ზეცისა იგი დიდება დავიმკვიდროთ .

ნუ დიდებისა ამის წარმავალისა მოყვარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისჴმა ვჰყოთ, რომელთა აქა მონაგებთა თვისთა მონებაჲ მოუგიესთ  და მუნ სიგლახაკე ბოროტი, და ბნელსა შინა გარესკნელსა ყოფაჲ .

ნუ ვჰხედავთ  მათ, რომელნი შვებასა შინა არიან და განცხრომასა და გულისთქმათა ბოროტთა აღასრულებენ , არამედ იგი მოვიხსენოთ, თუ რაჲ არს აღსასრული მათი. აქა სიზრქე ჴორცთა და სიმყრალე და მას საუკუნესა ცეცხლი და მატლი დაუსრულებელი  და სხუანი იგი სატანჯველნი.

კვალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისჴმა ვჰყოთ: აქა ზრუნვანი და შიშნი და ურვანი და მუნ საკრველნი განუხსნელნი.

უკეთუ ამას ესევითარსა ვიხსენებდეთ და წინა აღუდგებოდეთ ბოროტთა მათ გულისთქმათა ჩვენთა, ადრე მძლე ვექმნეთ მათ მადლითა ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი საუკუნოჲსა  მის დიდებისა.

ჰე, გევედრები, საყვარელნო, დიდებისა მის სურვილი  მოვიგოთ, რამეთუ ხსენებაცა მისი მებრ სახარულევან არს. ხოლო მიმთხვევაჲ მის დიდებისა რომელმანმე  ენამან გამოთქუას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაზომ ტკბილ არს და საწადელ.

განვეყენნეთ აქა, ძმანო, ცუდისა დიდებისაგან და ნუ ვიჯმნით ქრისტესმიერისა სიგლახაკისა , რათა სასუფეველისა დიდება დავიმკვიდროთ, რომელსა  ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 89. თავი ლ [30]

ქრისტეანეთათვის ჭეშმარიტისა

ქრისტეანესა უხმს, საყვარელნო, რათა იყოს ნათელი სოფლისა და მარილ, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „თქვენ ხართ ნათელნი და მარილნი სოფლისანი”[მთ. 5,13-14]. ქრისტეანე იცნობების საქმეთაგან კეთილთა, რათა აღიძარცვოს ძველი იგი კაცი ცოდვისა და შეიმოსოს ახალი მადლი და მოიგოს ცხოვრება განათლებული და სხუათაცა ანათლებდეს, ვითარცა ნათელი .

ხოლო უკეთუ კულა ვერცა თავსა თვისსა უნათობდე, ჵ, ქრისტეანეო, ვინა გიცნა, თუ ქრისტეანე ხარ ჭეშმარიტი? ვინაჲ გულისჴმა ვჰყო, თუ განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოსასა? რამეთუ უკეთუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდე, სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი, რამეთუ სიმაღლე პატივისა მაგის შენისა ფრიად არს .

ქრისტეანესა უხმს, რათა ყოვლით კერძო საიდუმლოდ ღმრთისა იყოს და სარგებელ ეყოს ყოველთა საქმით, სიტყვით, ხედვით, სლვით და ყოვლითავე სახითა .

ხოლო ესე ვსთქუ, არათუ რათამცა მაჩვენებლობით რასმე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა , არამედ რათა ყოველი ცხოვრება ჩვენი სახილველად ღმრთისა და სათნოყოფად მისა შევმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვეყოფოდეთ და ვანათლებდეთ, ვითარცა ნათელი. არა თავთა თვისთა ოდენ არს ნათელი, არამედ ყოველთა მიმართ.

ქრისტეანისა ჯერ არს, რათა ჰბაძვიდეს ქრისტესა, ვითარცა იგი არა თავსა თვისსა სათნო ეყო, არამედ ყოველთა. და პავლეცა არა თავისა თვისისათვის ოდენ ზრუნვიდა, არამედ „ყოველთა ექმნა ყოვლად, რათა ყოველნი აცხოვნნეს“[1 კორ. 9,22] და იტყვის: „მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი”(1 კორ. 11,1).

და უფროსღა მაშინ ზრუნავს კაცი თავისა თვისისასა , ოდეს მოყვასთათვის ზრუნვიდეს, რამეთუ: „მოყვსისა ყოველივე ჩვენი არს“ და თანა­გვაძს „შეყვარებად მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“[მთ. 22,39; მრკ. 12,31].

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, თავთა თვისთა განვანათლებდეთ საქმეთა მიერ კეთილთა და სხუათაცა სარგებელ ვეყოფოდეთ, რათა მივემთხვივნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 90

ქრისტეანეთა ქცევისათვის

გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, ვაჩვენოთ  მოქალაქობა კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რათა უფროსად იდიდოს  ღმერთი ჩვენ მიერ, რამეთუ ესრეთ ჰშვენის ქრისტეანეთა; და სათნო ვეყოფოდეთ ქრისტესა , რამეთუ სათნოება მარადის უბრწყინვალეს მზისა არს.

მოვიგოთ უკუჱ, ძმანო, სათნოება . ვიქმნეთ მშვიდ და მდაბალ სულითა, ვიქმნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშვიდობისმყოფელ ყოველთა მიმართ. უკეთუ ესრეთ ვიყვნეთ, უმეტესღა  სასწაულთა საქმისა მრავალნი მოვიდენ ჩვენ  მიერ დიდებად ღმრთისა.

დაღაცათუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებელ ჩვენდა იქმნან , ვერარაჲ გვავნონ, არამედ უფროსად იგინიცა გულთა შინა მათსა მაქებელ ჩვენდა იქმნენ ჭეშმარიტებისათვის. იხილეთ , ვითარ ნაბუქოდონოსორ , მტერი იგი და მბრძოლი, სამთა ყრმათა მაქებელ და მადიდებელ მათდა იქმნა, იხილნა რა იგინი ახოვნად სიყვარულსა შინა ღმრთისასა .

გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, მტკიცე იყავნ და აღუხოცელ გულთაგან ჩვენთა სამღთონი წერილნი. მივემსგავსნეთ მცირეთა ყრმათა, ვითარცა მათ  პირველ იწყიან ანბანი, მერმე აღმოკითხვაჲ ასოეულად და შემდგომად  წარემართნიან კეთილად კითხვასა, და ესრეთ იწყიან სწავლად სიბრძნისა და მცირედ მცირედ იქმნიან ჶილოსოჶოს.

ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ, ძმანო, განვჰყვნეთ სათნოებანი: პირველად უკუჱ ვისწავოთ  არა ტყუილი , არა ფიცი, არა ძვირის ხსენება .

მერმე კვალად სხვასა მუხლსა ჴელ ვჰყოთ წურთად , აღმოვფხვრნეთ გულისსიტყვანი და გულის­თქმანი ბოროტნი. აღმოვფხვრათ  შური, ჴდომა , დიდების მოყვარება; მოვიძულოთ ნაყროვანებაჲ, მთვრალობაჲ და უდებებაჲ, რათა ამიერ კვალად სიმაღლეთა მიმართ საქმეთასა  სწავლად აღვიდეთ მარხვისა და სიწმიდისა, სიმართლისა და სიმდაბლისა.

მერმე შეუძლოთ ლმობიერად  ლოცვაჲ, მდინარენი ცრემლთანი, „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება“[გალ. 5,22].

მერმე შეუძლოთ მადლითა და შეწევნითა უფლისათა ჯვარცმად ჴორცთა ჩვენთა, ვნებითურთ და გულისთქმით და ცხოველ ვიყვნეთ სულითა და სულითაცა ვეგნეთ.

და ესრეთ ვიქმნნეთ იფქლ წმიდა შესაკრებელ  საუნჯეთა მათ ზეცისათა და მოქალაქე ზეცისა იერუსალიმისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი ქრისტეანენი მიმთხვევად  მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 91

კვალად ქრისტეანეთათვისვე

საყვარელნო, ქრისტეანესა ჰშვენის, რათა იყოს მარადის აღმასრულებელ მცნებათა ქრისტესთა, აქუნდეს გულისჴმისყოფა და წურთა სამღთოთა წერილთა, ხსენება სიკუდილისა და სასჯელისა, მოწყალება, სახიერება, სიწმიდე  და ხსენება ქრისტეს ვნებათა.

უკეთუ ესენი მოვიგნეთ, და ამათ მიერ წმიდა იქმნას სული და ღირს შეწყნარებად უდიდესსა საიდუმლოსა, რომლისა ძლით შემძლებელ არს კაცი ყოველთაგან ვნებათა განთავისუფლებად.

ხოლო რაჲ არს საიდუმლო იგი, რომლისათვის  უხმს პირველვე განმზადებაჲ და განწმედაჲ სულისა, რათა შეუძლოს მოღებად მისსა? ესე იგი არს ყოვლად პატიოსანი და უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტესი. უკეთუ ჰპოვოს მან სული კეთილად განმზადებული და ღირსებით შეწ­ყნარებად მისა , ყოველი ვნება იოტოს მისგან, ყოველი სიმყრალე განასუნნელოს, ყოველი ბნელი  მისი განანათლოს, და მერმე  ცხოვრებდეს სული იგი ცხოვრებითა მით სამღთოჲთა და იქმნას სამკვიდრებელ ქრისტესა და უფროსღა ქრისტეშემოსილ.

აწ უკუჱ, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი და მოსწრაფე ვიყვნეთ აღსრულებად ქრისტეს მცნებათა და ზიარ ყოვლადდიდებულთა საიდუმლოთა მისთა, საგზლად ცხოვრებისა მის საუკუნოსა და განმზადებულ თანაწარუვალისა სიკუდილისათვის, რათა მივემსგავსნეთ ქრისტესა. და ესრეთ ჭეშმარიტ ქრისტეანე ვიქმნეთ, „მისთანა ვივნოთ და მისთანაცა ვიდიდნეთ“(რომ. 8,17) დიდებასა მას ზეცისასა, „რომლისა მსგავსი თუალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა“[1 კორ. 2,9], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 92. თავი ლა [31]

ქრისტეანეთა მიცვალებისათვის

საყვარელნო, ქრისტეანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მიუწოდენ მონასა მას ღმრთისასა.

ჵ, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, ვითარ  საშინელი და შესაძრწუნებელი და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა სამღთოჲსა.ვითარ განვალს სული ჴორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანმე და მივალს მეუფისა თვისისა.

ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაცა კაცისა შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა , რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან; განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან, განვალს დილეგისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან და მივალს განსვენებად.

რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს  რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ჴორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავნ; და ვითარცა მეფე  შარავანდითა  შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს  სული განმავალი ჴორცთაგან და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკუჱ ესევითარსა საქმესა სამღთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის  ქველისსაქმესა და სამღთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა.

ესე არს წესი ქრისტეანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 93

მიცვალებულთა  პატივისათვის

საყვარელო, უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივისცემაჲ, აღასრულენ მისთვის ვედრებანი და ლოცვანი. მიეც გლახაკთა და ჭირვეულთა, დაასხი  წყალი მოწყალებისა ცეცხლსა გეენიისასა , შემოჰკრიბენ გლახაკნი, არქუ სახელი მის მიცვალებულისა, აღადგინენ მრავალნი მეხვაიშნენი , და ისმენს უფალი მათსა ვედრებასა .

და ესეცა მისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისა საქმე არს, რომელ  ლოცვითა და ვედრებითა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთათა ულხენს შესვენებულთა მათ, რათა უმეტესი პატივი ჰპოვონ ცხოვრებასა მას .

ნუ იტყვი, თუ: „გლახაკი ვარ და არა მაქვს საფასე.“ მრავალგზის მითქვამს, ვითარმედ მოწყალებასა არა საზომისა მისებრ მიცვალებულისა შერაცხავს  ღმერთი, არამედ ძალისაებრ და გონებისა მიმცემელისა. ძალისაებრ შენისა ჰქმენ, ძმანო, მოწყალებაჲ , მოუწოდე მღუდელთა, რათა აღასრულონ მისთვის უსისხლო იგი მსხვერპლი.

არათუ ცუდად აღესრულების წმიდა ჟამისწირვაჲ შესვენებულთათვის, ანუ ვედრებანი და მოწყალებანი მათთვის ქმნილნი, არამედ ესე ყოველი სულმან წმიდამან განაწესა, რათა ურთიერთას სარგებელ ვეყოფოდეთ. მიცვალებულსა შენ  მიერ სარგებელ ეყოფის და შენ მის მიერ, რომელ წესსა და მცნებასა სიყვარულისასა აღასრულებ.

ამისთვის ღაღადებს  დიაკონი და იტყვის: „ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და რომელნი ხსენებასა მათსა აღასულებენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.“ არა დიაკონი ღაღადებს ამას, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისა.

წინამდებარე არს მსხვერპლი იგი დიდებული. მუნ მდგომარე არიან ანგელოსნი და მთავარანგელოსნი, წინაშე ძისა ღმრთისა ძრწოლით ჰმსახურებენ. და მაშინ ღაღადებს დიაკონი ამას ვედრებასა, და ყოველივე ჭეშმარიტ არს და სარწმუნო, რამეთუ დიდი პატივი არს ესე მსხვერპლი ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და ჰპოვებენ ლხინებასა.

აწ უკუჱ, საყვარელნო, სარწმუნოებით აღვასრულებდეთ ხსენებასა შესვენებულთათვის, და ამით სახითა ნუგეშინის ვსცემდეთ მიცვალებულთა მათ ჩვენთა. უწესოთა გლოვათა და უსარგებლოთა ცრემლთა და სამარეთა შემკობისა წილ, აღვასრულებდეთ მათთვის სამღთოსა წირვასა, ლოცვასა  და მოწყალებასა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა მიმართ, რათა იგინიცა და ჩვენ ყოველნი ღირს ვიქმნეთ საუკუნესა ცხოვრებასა მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 94

რათა არა უზომოდ ვიგლოვდეთ მიცვალებულთათვის

გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო ძმანო, რამეთუ  ჩვენთა ცოდვათა თანა ესეცა ბოროტი არს უზომოჲ იგი გლოვაჲ მიცვალებულთა ზედა . რამეთუ რომელნიმე ჰგოდებენ ჴმითა და დაიბძარვენ პირსა და იფხვრიან თმათა, და შეეყენებიან სახლსა ბნელსა, რომელნიმე გოდებისათვის და რომელნიმე  მაჩვენებლობისათვის.

რაჲსა იქმ, ჵ, კაცო მორწმუნეო, საქმესა ურწმუნოთასა? რამეთუ მწყობრთა შემოჰკრებ და განწესებულად იქმ ტირილსა და დედათა ჴმითა და კილოჲთა მტირალთა მოიყვანებ. არა სიცოფე არსა ესე ყოველი? ანუ არა გვეცინოდიანაა წარმართნი და ყოველი  საიდუმლო ქრისტეანობისა ზღაპრად შეჰრაცხონ?!

ხოლო უფალი იტყვის, ვითარმედ: „ნეტარ  იყვნენ მგლოვარენიო”(მთ. 5,4). და მას გლოვასა არავინ იგლოვს თვისისა სულისა ცხოვნებისათვის, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩვენდა, მას ვიგლოვთ.

არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ: „ვის ძალუძს კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა  თვისისათვის, ანუ სხვისა რაჲსამე ესევითარისა.“ გარნა არათუ მეცა ამას ვის ვაყენებ , ანუ თუ ვიტყვი, ვითარმედ: არა ჯერ არს, რათა ელმოდეს, არამედ უშვერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მხეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ; ვიცი, რამეთუ ბუნება იიძულების და არა ეგების არა შეწუხებაჲ, რამეთუ ესე ქრისტემან აჩვენა, ჰსცრემლეოდა რა ლაზარეს ზედა.

და შენცა უკუჱ, საყვარელო, სცრემლეოდე  შიშითა ღმრთისათა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკეთუ ესრეთ სცრემლეოდე, არა უწესოებისა  სახე არს ესე და არცა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისა იგლოვ, არამედ ვერ იტვირთავ განყოფასა მას საყვარელისა შენისასა, რამეთუ, რაჟამს  გზასაცა წარვიდიან თვისნი ჩვენნი, მწუხარე ვიყვნით.

ეგრეთვე შენ სცრემლეოდე, ძმაო, ვითარმცა  შორსა გზასა წარგზავნიდე. და ამასცა არათუ სჯულსა დაგიდებ, არამედ შეგინდობ და ვიტყვი, ვითარმედ: არა ბრალი არს, თუ  იქმოდე  ამას საქმესა ესრეთ წესიერად.

არამედ, უკეთუ ცოდვილი იყო, რომელი აღესრულა , მისთვის ჯერ არს წუხილი და ტირილი, – და უფროსად არა ტირილი ოდენ, რამეთუ ესე არას ერგების მას, არამედ რათა ვიქმოდეთ მისთვის მოწყალებასა და შესაწირავთა, და ჟამის წირვათა. და რათა ვჰმადლობდეთ ღმერთსა , რომელმანცა იცოდა, ვითარმედ არა მოვალს იგი სინანულად და მისთვის ადრე წარიყვანა, რათა არღარა ჰსცოდვიდეს.

და უკეთუ მართალი იყო , ეგრეთცა ჯერ არს სიხარული, რამეთუ განერა საბრხეთაგან სოფლისათა და შევიდა ნავთსაყუდელსა დაუნთქმელად.

და უკეთუ ჭაბუკი იყოს, ესრეთ  ვიხარებდეთ, რამეთუ ადრე განეშორა  ბოროტთაგან სოფლისათა.

და უკეთუ მოხუცებული იყოს, რამეთუ მოსცა ღმერთმან ჟამი ფრიად კეთილისყოფად და ესრეთ წარიყვანა.

ხოლო შენ ამას ყოველსა არა იგონებ, არამედ მტირალთა შემოჰკრებ, ვითარმცა მიცვალებულსა მას პატივ სცემდი, რომელ ესე უკანასკნელი  უპატიოება არს. რამეთუ შესვენებულისა პატივი არა ცრემლნი არიან და მტირალთა ჴმანი, არამედ გალობანი და ლოცვანი და ფსალმუნებანი. და უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივისცემაჲ, სხვითა სახითა პატივ-ეც: მოწყალება ჰქმენ, მშიართა პური ეც, შიშველთა – სამოსელი და ყოველი სახე მოწყალებისა ჰყავ მისთვის, თუ  არა , ესოდენისა გოდებისა მიერ, რაჲ სარგებელი იქმნების?

ვიდრემდის ვართ მიწა და ნაცარ, ვიდრემდის ვართ სისხლ და ჴორც, აღვიხილნეთ ზეცად, გულისჴმა ვჰყოთ საქმე სულიერი. ვითარ ნუგეშინის ვსცეთ წარმართთა? ვითარ ვეტყოდეთ აღდგომისათვის მკუდართასა? რაჟამს ჩვენ ესრეთ  ვიყვნეთ, ანუ ჩვენ თვით ვითარ ვიყოფოდეთ? რამეთუ უზომოჲ მწუხარება დააბნელებს თუალთა სულისათა და არარას უმჯობესსა შეუნდობს ხილვად და ღმერთსა შევაწუხებთ უთმინოებითა, და  მიცვალებულსა მას ვერას ვარგებთ და თავთა ჩვენთა დიდად ვავნებთ.

ხოლო ესრეთ თუ ვიქმოდეთ, ვითარ ვსთქუთ, ღმერთსაცა მოვიმადლებთ და მიცვალებულსა მას ზედა სიყვარულისა წესსა აღვასრულებთ და ჩვენთაცა თავთა ვარგებთ.

და უკეთუ ვინ იტყოდეს: „ვითარ არა შევსწუხნეო შვილისა, ანუ მამისათვის?“ არამედ არა ვიტყვი მე, ვითარმედ: ნუ შესწუხდები, არამედ ნუ უზომოდ ჰგოდებ, და უშვერად იგლოვ. რამეთუ უკეთუ გულისჴმა ვჰყოთ, ვითარმედ: ღმერთმან მიგვიღო და ვითარმედ მოკუდავ იყო მამაცა და ძეცა  ჩვენი, ესრეთ ვჰპოვოთ განსვენებაჲ. რამეთუ კაცი იშვა მოკუდავი, და მოკუდავი იგი მოკუდა. რად უკუჱ მწუხარე ხარ ბუნებითისა საქმისათვის?

ნუუკუჱ მწუხარე ხარაა, რომელ სჭამს შვილი შენი? რომელი იგი ბუნებითი საქმე არს, ეგრეთვე უკუჱ არს სიკუდილიცა .

ნუ ეძიებ უკუდავებასა მოკუდავისა მის თანა, ნუცა ჰგოდებ, არამედ თავს იდევ სჯული ბუნებასა ზედა კაცობრივსა დადებული და ჰგოდებდე ცოდვისათვის.

ესე გლოვა კეთილ არს, ესე სახე არს სიბრძნისა ფრიადისა. ესე გლოვაჲ მოვიგოთ, საყვარელნო, რათა მუნ სიხარული საუკუნო ვჰპოვოთ , მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითუ უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 95. თავი ლბ [32]

შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, არს უკანასკნელად აღმოვფშვინვადმდე მოწყალებაჲ ღმრთისა სათნომყოფელი , და შემდგომად სიკუდილისაცა. გარნა არა ეგრეთ, ვითარცა ცხოველყოფასა , არამედ უკეთუ ჭეშმარიტად ჰქმნე რომლითამე სახითა, მუნვე აღუწერიეს ქრისტესა.

მიეც მას ნაწილი მონაგებთაგან შენთა. უკეთუ არა გამოზარდე ცოცხალმან მშიარი, მაშა განსლვასა შენსა ჰყავ ესე. ოდეს არღარა უფალ საქონლისა შენისა ხარ, სთქუ და მიეც ქრისტესა ნაწილი რაჲმე მაშინ და დაჰხსენ  ვნებაჲ უწყალოებისა შენისა და მით მიემთხვიო წყალობასა.

ვინათგან არა გამოზარდე ქრისტე ცოცხალ  მყოფმან, აწ მიეც იგი ნებსით, რომელი მას მოუცემიეს შენდა, რომელი არღარა არს შენი. რამეთუ მრავალნი კაცნი მეყსა შინა მოსწყდეს, ხოლო შენ მოგანიჭა ღმერთ­მან განგება მონაგებისა შენისა. უკეთუ არა ჰქმენ ცხოვრებასა შენსა სარგებელი სულისა შენისათვის, აწ ჰყავ კეთილი ჟამსა სიკუდილისა შენისასა.

უკეთუ არცაღა  აწ ჰყო, ვინ იყოს შემწე შენდა წინამოსაჯულისა შენისა? რამეთუ ოდეს იყავ ცხოველ, ვითარცა უკუდავსა გეპყრნეს მონაგებნი შენნი, ხოლო აწ განაგდე ბოროტი ჩვეულება, რამეთუ მოკუდავ ხარ.

კვალად მნებავს თქმად, უკეთუ ისმინო შენ ეგრეთ შეპყრობილმან ძრწოლითა, ვითარმედ: აღრაცხე მონათა შენთა თანა  მეუფეცა შენი. რაოდენი აწ გნებავს მიცემა მონათა, მიეც ქრისტესაცა, რათა შიმშილისაგან და წყურვილისა და შიშვლოებისა და საპყრობილისა განთავისუფლდე, ვინათგან არა ჰქმენ სიცოცხლესა.

არა შეიკდემაა აქა აწ თქმულთაგან? ხოლო აჰა, ესერა განხვიდე და ფრიად უძვირესი ამისა ისმინო მუნ და მიიღო მოუთმენელი სატანჯველი. რამეთუ გეგულების თქმად, ვითარმედ: „ვისა მიმართ მივივლტოდეო და ვისამე ვხადოდე შემწედ ჩემდა? აბრაჰამსა? არა ისმინოს. ანუ მამასა, გინა პაპასა? არამედ ესენი უკუჱ ვერ შემძლებელ არიან ხსნად ჩემდაო.“

გარნა უკეთუ აქამომდე იყავ ფიცხელ და უწყალო, ხოლო აწ იქმენ ლმობიერ და მოწყალე გლახაკთა მიმართ, და იგინი ევედრნენ შენთვის და მიემთხვიო ცხოვრებასა საუკუნესა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 96

შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, მოწყალება ჩვენი, ოდეს მოვჰკუდეთ, მაშინ გამოჩნდების და წარმოდგების  ბრწყინვალედ და  ჴელთაგან წარწყმედისათა  გვიხსნის და საუკუნესა მას ცხოვრებასა შეგვიყვანებს და აღგვიშენებს სავანეთა მათ და საყოფელთა საუკუნეთა ცათა შინა. ლამპართა  ჩვენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსელთა ხენეშთა  შეგვინდობს შემოსად და შესლვად სასძლოსა მას, არამედ განგუბანს და უფროს თოვლისა განგვასპეტაკებს . არა შეგვინდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყვათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩვენ წიაღთა აბრაჰამისთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო, ვისწრაფოთ მოწყალებაჲ, ვიდრე სიკუდილადმდე, რამეთუ  უმჯობეს არს ამის წარმართებაჲ, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქვეყანისათა. და ასწავებს მოყვარეთა თვისთა, თუ ვითარ განერნენ უკუდავისა მისგან სიკუდილისა და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა ჰყოფს სულსა ყოვლისა შეგინებისაგან .

და რად სახმარ არს თვითოეულად წარმოთქმაჲ საქმეთა მოწყალებისათა? არამედ ერთიღა მიგითხრა და კმა არს: მოწყალება გასწავებს , თუ  ვითარ იქმნა მსგავს ღმრთისა, რომელ ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთა.

არა უხმს მოწყალებასა  შრომაჲ, არცა სიგრძე ჟამისა, არცა სხუა რაჲმე სიძნელე. არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების კეთილად, და თუ დაჰბერდე ეგრეთვე. და განრახვიდე სოფლით , თანამოგზაურ გექმნების, და არაოდეს დაგიტევებს და  შეგიყვანებს წინაშე საყდარსა ქრისტესსა და თანაშეგეწევის და განგამართლებს. დაღაცათუ ფრიად შეცოდებული იყო, მოწყალება შენი ღირს გყოფს წყალობასა  და გვირგვინოსნობასა.

და უკანასკნელსა მას დღესა, სიხარულით აღგადგინებს და მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა დაგადგინებს, და წინაშე მსაჯულისა შენთვის მეოხი არს დიდი. და მოწყალებისა მიერ ისმენ ჴმასა მას სანატრელსა მეუფისასა, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი და წყურიელსა მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, და საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა”[მთ. 25,34-36].

ესე ყოველი მოწყალებისა მიერ იქმნებიან, ძმანო. შევიტკბოთ მოწყალება და ვიქმოდეთ მარადის ცხოვრებასა შინა ჩვენსა, და შემდგომად სიკუდილისაცა იქმნებოდეს ჩვენთვის ქველისსაქმეჲ, რომელი ესე ფრიად კეთილ არს, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 97

შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, მივემსგავსნეთ  მენელსაცხებლეთა დედათა და ნუ დაუტეობთ იესოს ჟამსა განსაცდელისა. და შემდგომად სიკუდილისაცა, მათ სული  თვისი დასდვეს ქრისტესთვის, და შემდგომად აღსრულებისაცა ჰმსახურებდეს  მას. ხოლო  ჩვენ, არცათუ მშიარი, რა ვიხილოთ უფალი, მიუპყრობთ საზრდელსა. და რაჲმე იყოს შემწე ჩვენდა, ჟამსა მებრ სიკუდილისასა და შემდგომად სიკუდილისა, ვინათგან არა გვაქვს წყალობაჲ?

ვიცი , იტყვის კაცად კაცადი ჩვენ შორის, ვითარმედ: „უკეთუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემიო ?“ და არა იციან, ვითარმედ: აწცა მას თავადსა ვხედავთ, რამეთუ მან სთქუა, ვითარმედ: „მე ვარ“(იო. 10,9; 11,25), და „რაოდენი უყოთ  ერთსა ამას მცირეთაგანსა, ძმათა ჩემთასა, იგი მე  მიყავთო”[მთ. 25,40]. აწ უკუჱ რად არა მისცემთ მონაგებთა თქვენთა?

უკეთუ შეიწყალო გლახაკი, ჵ, კაცო , და კეთილი უყო, არარაჲთა უდარეს ხარ მენელსაცხებლეთა მათ, რომელნი ჰმსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათდა.

ამისთვის, ძმაო, იხილო რა გლახაკი, მოიხსენენ სიტყვანი უფლისანი, რომელ სთქუა, ვითარმედ: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“ და შემდგომი ამისი. და მოსწრაფებით ჰქმენ ქველისსაქმე. ხოლო უკეთუ არა გრწამს აწ ჩემი, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი  არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“[მთ. 25,45].

გარნა ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგვეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩვენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა მწოდებელსა ჩვენდა სასუფეველად.

ჰე, გევედრები საყვარელნო, შევიტკბოთ  მოწყალებაჲ, რათა ჩვენცა მივემთხვივნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახვეჭისაგან და ნატაცებისა  ვიქმთ, რამეთუ იტყვის წინასწარმეტყველი: „ვითარცა ვინ მოკლას  ძე წინაშე თუალთა მამისა თვისისათა, ეგრეთვე, რომელმან შეწიროს შესაწირავი საფასეთაგან გლახაკთასა”.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27], რათა სიმართლით მონაგებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა მარადის. და შემდგომად სიკუდილისაცა იყვნენ მრავალნი გლახაკნი მლოცველ ჩვენთვის.

და ესრეთ, მოწყალებისა მიერ განბრწყინვებულნი, წარვსდგეთ კადნიერებით წინაშე საშინელსა მას საყდარსა ქრისტესსა და მართალთა თანა გვესმას ტკბილი იგი და ყოვლადსაწადელი ჴმაჲ კურთხევისა და გვირგვინითა შემკობილნი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 98. თავი ლგ [33]

მეორედ მოსლვისათვის და სასჯელისა

საყვარელნო , ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდეს დიდებითა მამისათა, ურიცხვთა ზეცისა მხედრობათა თანა – ანგელოსთა და მთავარ­ანგელოსთა, ხერუვიმთა და სერაჶიმთა და სხუათა მათ დასთა თანა, ცანი განეხვნენ და „დასჯდეს საყდართა  დიდებისათა და ყოველი ბუნება კაცთა წარმოსდგეს  წინაშე მისსა“[მთ. 19,28].

ვინმცა უძლო მითხრობად, ანუ გონებითაცა მიწდომად მაშინდელსა დიდებასა  და ბრწყინვალებასა მისსა? რამეთუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოსნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა და რომელთამე  ეტყოდეს: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო”(მთ. 25,34), და სხუათა ჰრქუას: „ეჰა, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ , მრავალსა ზედა დაგადგინო შენ”(მთ. 25,21; 25,23).

და კვალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს „ცეცხლად საუკუნოდ“[მთ. 25,41], და რომელსამე უწოდდეს: „მონად ბოროტად, უკეთურად და მედგრად“[მთ. 25,26]. სხუათა ნაწილსა : „ორგან განკვეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს“[მთ. 24,51; ლკ. 12,46]. სხუათა კვალად უბრძანებდეს: „შეკრვად ჴელით და ფერჴით, და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა“[მთ. 22,13]. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდეს  ჟამისა მისგან?

„მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე”(მთ. 13,43) და ფრიად უბრწყინვალეს  მზისა! არამედ არარაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალეს მზისა. ამისთვის მას მოვიღებთ სახედ მაშინდელისა მის მართალთა ბრწყინვალებისა.

რამეთუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ სთქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე”(მთ. 17,2). ამისთვის ესრეთ სთქუა, რამეთუ: არარაჲ  იპოვა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალეს მზისა, რათამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკეთუ არა ესე ცხად არს, თუ რაზომ უმეტეს იყო ბრწყინვალება იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ აჰა, ესერა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა. რამეთუ მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალება იგი ნათლისა მზისასა , რომელ ყოვლადვე ვერ იტვირთეს მოწაფეთა, არამედ დაცვივნეს  პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკუჱ გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსლვისასა უმეტეს  მზისა.

ხოლო, ვაჲ ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე და შიში და ძრწოლა შეედვას მათ, რაჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდინ. მაშინ რად სახმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაჲ? რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან.

ყოველივე შიშველ და ქედდადრეკილ იყოს წინაშე მისსა. არა არს მუნ მდიდარი და გლახაკი და უძლური , არამედ  ესე წესნი და სახენი დაიხსნებიან , და გამოძიება საქმეთა თუალუხუავი იხილვების და მოქმედნი უსჯულოებისანი სირცხვილეულნი გამოსჩნდებიან.

ამისთვის, საყვარელნო, გევედრები: აღვიძარცვნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა, რათა დიდება უფლისა გამობრწყინდეს ჩვენ ზედა. ჴელ ვჰყოთ  მცნებათა უფლისათა აღსრულებად, რამეთუ არარაჲ შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველივე მცნება მისი ადვილ  და შესაძლებელ არიან.

ისმინე , რაჲსა იტყვის: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა”(მთ. 25,35-36). არცა ერთი არს ამათგანი შეუძლებელ, უკეთუ ოდენ ვინებოთ .

აწ უკუჱ გევედრები, ძმანო, მოვიწყვიდნეთ ბოროტნი ჩვეულებანი, განვდევნოთ  ანგაჰარებანი, განვჰხსნათ  ყოველი  კრულება სიცრუვისა, განვხეთქოთ გულარძნილებაჲ ყოვლისავე ცოდვისა, განუტევნეთ პყრობილნი მიტევებითა და ყოველი ჴელით წერილი სიცრუვისა განვხეთქოთ. ვსცეთ მშიარსა პური და გლახაკნი უსართულონი  შევიყვანნეთ სახლად ჩვენდა. ვიხილოთ თუ შიშველი, შევმოსოთ იგი, და თვისი ნათესავისა ჩვენისა არა უგულებელს ვჰყოთ. ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ წმიდისა ნათლისღებისა ძმანი ჩვენნი.

მოვიგოთ სიყვარული, სახიერება, კაცთმოყვარება, სიწმიდე, სიმდაბლე და ლმობიერება . უცხო ვჰყვნეთ თავნი ჩვენნი ყოველისავე ცოდვისაგან, შევინანნეთ პირველ ქმნულნი უსჯულოებანი, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა “[ფს. 36,27]  .

ესრეთ თუ ვჰყოთ, ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „ნამდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურება უნაკლულოებით, რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; სჩანს, რამეთუ არცა განღებად რაჲ ჴელგვეწიფების, გარნა საქმენი ჩვენნი, გინათუ კეთილნი, გინათუ  ბოროტნი”(1 ტიმ. 6,6-7);[2 კორ. 5,10].

აწ უკუჱ, საყვარელნო , კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რათა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდად შვენიერებასა მას უფლისასა, მორავიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თვისითა განკითხვად ყოველთა კაცთა. და დავსდგეთ მარჯვენით მისსა და გვესმას ჴმა იგი კურთხევისა. და მივემთხვივნეთ მკვიდრობასა სასუფეველსა ცათასა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 99

საშინელისა მისთვის სასჯელისა

გულისჴმა ვჰყოთ, ჵ, საყვარელნო , რამეთუ ყოველთავე წარდგომა გვიხმს წინაშე საშინელსა საყდარსა  ქრისტესსა და სიტყვის მიცემაჲ საქმეთა ჩვენთათვის. გამოვისახოთ  გონებათა ჩვენთა იგი სამსჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს და სიტყვისგება თანაგვაძს. შევედინღა კაცად კაცადი გონებასა თვისსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს.

არა შეძრწუნდითაა თითოეული? არა განცვიფრდითაა? „მე მოვიხსენე  და ძრწოლა შემედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემთანა“[ფს. 54,4-5].

ხოლო უკეთუ აწ ხსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲმე ვჰყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოსნი და ანგელოსთ მთავარნი განწყობილ იყვნენ, ოდეს საყვირთა მათ საშინელთა სცემდენ და მკუდარნი აღსდგებოდენ, რომელნიმე აღიტაცებოდენ ღრუბლითა და რომელნიმე დაშთებოდენ! ოდეს წიგნი იგი მატიანენი განეხმოდენ და საქმენი  კაცად კაცადისანი წამოდგებოდენ და მდინარე ცეცხლისა დიოდეს, ვითარცა  პეტრე მოციქული იტყვის: „ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწვნენ და დაზულენ  და ქვეყანა და მას შინა საქმენი დაიწვნენ”(2 პეტ. 3,11).

მაშინ მეუფე ყოველთა და ღმერთი  იესო ქრისტე დიდებითა დიდითა დასჯდეს საყდართა მათ შესაძრწუნებელთა და მართალნი დასდგენ მარ­ჯვენით მისსა და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი ჰხუდეს. და მერმე დასჯილნი წარივლინნეს ცეცხლად საუკუნოდ.

ვაჲმე ! ვაჲმე! დაღაცათუმცა ცეცხლად არა მივივლინებოდეთ : ესე მებრ, რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცვივენით  შეურაცხად, რაზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს .

ხოლო ოდეს ამას  ყოველსა ზედა, ბნელსაცა მივეცემოდეთ გარესკნელსა და ღრჭენასა კბილთასა და საკრველთა განუხსნელთა და მატლსა დაუძინებელსა და ცეცხლსა დაუშრეტელსა და ჭირსა მიუთხრობელსა. ვაჲმე! ვაჲმე! რაჲ ვჰყოთ, ოდეს ენანი ჩვენნი შეიწვებოდენ , ვითარცა მდიდრისა მის? ვჰგოდებდეთ და არავინ ისმენდეს, სულთ ვითქმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა და არავინ მოგვხედვიდეს, აქა და იქი ვხედვიდეთ და ნუგეშინისცემაჲ არასადა  იყოს. ჵ, გლახაკთა  და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მივეცნეთ.

აჰა, საყვარელნო, გევედრები და გლოცავ, პირველ დღისა  მის მოწევნადმდე, შევიწყალნეთ სულნი ჩვენნი, რამეთუ აწ გვაქვს ჟამი სინანულისა, დავსცხრეთ ცოდვისაგან და ვიქმოდეთ სათნოებასა. მოვიძულოთ ანგაჰარებაჲ და შევიყვაროთ  მოწყალებაჲ, ვისმინნეთ ჴმანი გლახაკთანი, რათა შესმენილ იქმნეს ვედრებანიცა ჩვენნი წინაშე ღმრთისა. და ნუ უგულებელს ვჰყოფთ ქვრივთა და ობოლთა, რათა არცა ჩვენ უგულებელს ვიქმნეთ მსაჯულისა მიერ მართლისა.

და, ესრეთ აქა სათნოებითა შემკობილნი, მუნ წარმოუდგეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა წინაშე საყდარსა ქრისტესსა და გვესმას ჴმა მისი ტკბილი და ყოვლად საწადელი, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი”[მთ. 25,34], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 100

საშინელისა მისთვის სასჯელისა

ჵ, ჩემდა დღისა მისთვის საშინელისა! ჯერ იყო ჩვენდა, საყვარელნო, სიხარული , ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ხსენებაჲ. ხოლო აწ ჩვენ, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა უფროსად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქნებით, ოდეს ვახსენოთ იგი, ანუ თუ მე  შემემთხვევის ესე, ხოლო თქვენ მოხარულ ხართ ხსენებითა მისითა.

ესე უწყი, ვითარმედ ოდეს სიტყვანი ესე მესმოდინ, ძრწოლა შემედვის და მწარედ ვჰგოდებ, და სიღრმეთაგან  გულისად  სულთ ვითქუამ, რამეთუ უწყი, ვითარმედ: არა მაქვს ნაწილი მათთანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოსნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ, არამედ სხუათა მათ თანა ზიარ ყოფად ვარ, რომელნი იხსენებიან  სულელთა მათ თანა ქალწულთა, და მონისა მის, რომელმან დაფლა ქანქარი უფლისა თვისისა, და სხუათა მათ თანა ცოდვილთა.

ამისთვის ვიგლოვ  და ვსცრემლოჲ, ოდეს მოვიხსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვარდებით  ჩვენ ცოდვილნი და ვითართა  კეთილთა და საშვებელთაგან საუკუნეთა და წარუალთა, მცირედისა და უნდოჲსა შრომისათვის.

რამეთუ უკეთუმცა ჭირი დიდი გვიხმდა, და სჯულიმცა მძიმე დადებულ იყო, ჯერ იყო ეგრეთცა დადებაჲ თავისა თვისისა  სიკუდილად და არა გამოხვებად დიდებისა მისგან. გარნა ვსთქუა, თუ გვაქვნდა  მცირედ რაჲმე მიზეზი, რათამცა ვსთქუთ, თუ: „ფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ, რამეთუ შრომა  დიდ იყო და ჟამი გრძელ და ტვირთი მძიმე.“ მიზეზი  ესე არა რაჲმე არს, გარნა ვსთქუათ  თუ მცირედ რაჲმე სიტყვა გვეპოებოდა

ხოლო ესევითარი  სიტყვა და მიზეზი არარაჲ გვეპოების. და ესე არს მწარე და ძნელ. და ამას საქმესა ეგულების უძვირეს გეენიისა  წერტაჲ  მაშინ გულთა ჩვენთა. ოდეს მცირედისა ჟამისათვის და კნინოდენისა  შრომისათვის, სასუფეველი ცათა დაგვჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქმელნი და მოუგონებელნი. რამეთუ ნამდვილვე ჟამი მცირე არს და მოკლე, და შრომა კნინოდენი და ფრიად მსუბუქი . ხოლო ჩვენ დახსნილ ვართ და სრულიად ქვე მწოლარე.

ჵ, კაცო!  მოღვაწება შენი ქვეყანასა ზედა არს და გვირგვინი – ცათა შინა. ჭირი შენი კაცთა შორის არს და პატივი – ღმრთისაგან. სრბაჲ შენი ორ დღე არს და სასყიდელი – საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა. ბრძოლა ჴორცითა ამით განხრწნადითა არს და ნიჭი  იგი – უხრწნელ და წარუვალ.

აწ უკუჱ, დაღაცათუ ქრისტესთვის არა ვინებოთ მოღვაწებაჲ, თავთა თვისთათვის  იგივე შეგვემთხვევის, რამეთუ დაღაცათუ ქრისტესთვის არა თავს იდვა სიკუდილი, თვით ბუნებით სიკუდილი თანაგაძს. უკეთუ ქრისტესთვის არა დაუტევნე საფასენი მცირედღა, და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცალიერი  განხვიდე.

აწ უკუჱ სახიერი იგი და ტკბილი უფალი მას ეძიებს შენგან, რომელსა იგი თვინიერ ნებისა  შენისა სიკუდილი მიგიღებს და მას გენუკვის  ნებსით თქმად , რა იგი უნებლიეთცა შემთხვევად არს შენდა. ამას ოდენ გეტყვის, რათა უნებელი იგი თანანადები ნებსით ჰქმნა მისისა სიყვარულისათვის.

ხედავაა, ძმაო, ვითარ  ადვილ არს ღვაწლი ესე და ტვირთი ესე მსუბუქ? რომელი იგი უეჭველად შემთხვევად არს შენდა, იგი ნებსით ჰქმენ ჩემ­თვისო, გეტყვის ტკბილი იგი  და სახიერი მეუფე, და კმა არს ესე ჩემდა მორჩილებად. რომელი ეგე  სხუასა ავასხებ  საფასესა, მე მავასხე და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე. ჴორცთა მაგათ, რომელთა სხუასა დაამონებ, მე დამამონე და შრომაჲ შენი არა იქმნას ცუდ, რამეთუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლისა გარდახდითა.

აწ, საყვარელო, ესე სიტყვანი მეუფისანი ყურად იხვენ და გულისჴმა ჰყავ. რაჲ არს ესე, რომელ ყოველსა საქმესა ზედა მას პატივ სცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს, გინათუ Iსესხება იყოს, გინათუ IIვაჭრობაჲ, გინათუ IIIმხედრობაჲ.

Iუკეთუ სესხება იყოს , რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ; IIუკეთუ ვაჭრობა იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდეს, მას ეზავები; IIIუკეთუ მხედრობა იყოს, რომელიცა უხვი და კეთილად მიმნიჭებელი მეფე იყოს , მას შეეწყნარები .

ხოლო ქრისტე, უმეტეს ყოველთასა მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა, მცირედისა და არარაჲსა შრომისა წილ, და უნდოჲსა წარსაგებელისა წილ. არა გთნავსა სესხებაჲ ესე, გინა ვაჭრობაჲ, გინა მხედრობა მისი? რაჲ არს ესე სისულელე და რაჲ არს ესე უგუნურებაჲ!

კვალად გეტყვის ტკბილი უფალი: „რაჲსათვის ქვე  დაჰფლავ საფასესა შენსა და მიწასა არწმუნებ საუნჯესა შენსა? მომეც მე ნამარხევად , არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქვეყანაჲ? მან მრავალგზის არცათუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებითურთ მოგცე, და რომელ მე მარწმუნე, ამის ჯერისათვის დიდი კეთილი გიყო, რამეთუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყვარებ მათ.

აწ უკუჱ ჩემდა მომართ დასდევ ნაწილი შენი და რაჲსაცა იქმოდე, ჩემ მიერ ჰქმენ  და ნეტარ იყოს შენდა. უკეთუ  სესხებაჲ გნებავს, მე მავასხე; უკეთუ შენებაჲ გნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე, მე მიგცე ადგილი უსასყიდლოდ; უკეთუ სამკაული გნებავს, ჩემი  მიიღე; უკეთუ საჭურველი გიხმს, ჩემი შეიმოსე; უკეთუ შიშველ ხარ, ჩემი შთაიცუ; უკეთუ საზრდელი გიხმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ; უკეთუ სლვაჲ გნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე; უკეთუ სამკვიდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკვიდრო; უკეთუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ჴელოვანი და მაშენებელი მე ვარ. რამეთუ მე, რომელსაცა მოგცემ, სასყიდელსა არა ვეძიებ, არამედ უფროსღა სასყიდელი მიგცე. ამისთვის  მებრ, უკეთუ ყოველი ჩემი იხმარო, და სხვისა არავისი იქმნა მოქენე.

ამის სიყვარულისა უმეტესი რაჲ ეგების , ჵ, კაცო! მე გექმნა მამაჲ, მე ძმაჲ, მე სიძე უხრწნელებისა, მე მეგობარ სარწმუნო, მე სადგურ , მე სამკაულ, მე საფასე, მე საფუძველ. რაჲცა გნებავს , ყოველი კეთილი გეპოვოს  ჩემთანა.

ნუ სადა იჭირვი. მოვედ ჩემდა, მე განგისვენო, მე შენთვის მონებად  მოვედ, მე შეგიყვარე, მე ასოდ ჩემდა გიწოდე და ძმად  და დად და დედად. მე შენთვის დავგლახაკენ, შენთვის ჯვარსა ვეცვი , შენთვის სიკუდილი თავს ვიდევ, და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქვესკნელით ზეცას. შენთვის მეოხ ვარ მამისა მიმართ. ქვეყანად  შენთვის მოვედ, მამისა მიერ, შუამდგომელად.

აწ უმეტესი ამისი რაჲ გიხმს, ანუ რაჲსათვის მელტვი  მე, რომელმან ესრეთ შეგიყვარე? რად დამიტეობ  მე და სოფელსა ამას ჰმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რაჲსათვის ჭურსა განხვრეტილსა შთაასხამ? რამეთუ ესრეთ არს, რომელი სოფელსა ამას ჰმონებდეს. რაჲსათვის ცეცხლად შთააბნევ შრომათა შენთა? რაჲსათვის ჰაერსა სცემ? რაჲსათვის ამაოდ ჰრბი? არა ყოვლისავე ჴელოვნებისა აღსასრული არსაა ? ჰე, ჭეშმარიტად!

აწ უკუჱ მიჩვენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა  სოფლიოთა აღსასრული . გარნა ვერარაჲ ძალგიძს ჩვენებად, რამეთუ „ამაოება ამაოებისა – ყოველივე ამაო არს”[ეკლ. 1,2]. ხოლო უკეთუ ჩემთანა დასდვა ნაწილი შენი, და ჩემთვის იყოს შრომა შენი, მიგცე შენ სამკვიდრებელად სასუფეველი ცათა და ჰსუფევდე ჩემთანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.“

ძმანო ჩემნო საყვარელნო, არა გესმისაა  სიტყვანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად, ამას ყოველსა მეტყვის ჩვენ და ფრიად უმრავლესსა. უკეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩვენდა; უკეთუ ურჩ ვიქმნეთ, ვაებაჲ საუკუნო მოგვეცეს.

ეჰა, საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისა და გულისთქმანი ბილწებისანი, საწადელ არიან ჩვენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი!

განვიდეთ, ჵ, კაცო , სამაროვანად  , მიჩვენე მამა შენი და დედა შენი, ანუ სხუა თვისთაგანი. გულისჴმა ჰყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა! სადა არს აწ, რომელი იგი ოქროჲთა შემკულ  იყო და ოქროქსოვილი ემოსა? რომელი იგი ეტლთა ზედა ოქრო ქანდაკებულთა ამხედრებულ იყო და მხედრობა  ათასეული წინაშე უვიდოდა? და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთამე სცემდა, რომელთამე მოსწყვედდა, რომელთამე შეაწყუდევდა, სხუათა ანიჭებდა, სხვათა ადიდებდა და სჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისა.

აწ შთახედეღა საფლავსა მისსა და მიჩვენე დიდება მისი. ვერარასა  ვხედავ, გარნა მატლთა და წუთხსა , ძვალთა და ნაცარსა და მტვერსა! იგი ყოველივე  დიდება აჩრდილი  იყო და წარხდა, ზღაპარი იყო, და  საკიცხველ იქმნა. ჰე , თუმცა აქამომდე იყო სიძნელე მათი, ამაოება ოდენ და დავიწყებაჲ.

ხოლო უძვირესი ესე არს, რომელ დიდება იგი და პატივი და შვება და ბრწყინვალება აჩრდილი იყო და განქარდა. ხოლო მათ  მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ჩვენთა  ცოდვაჲ, არა აჩრდილებრ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩვენთანა ჰგიეს საუკუნესა მას და გამოსცხადდებიან წინაშე ქრისტესა: მტაცებლობანი ჩვენნი და ანგაჰარებანი , სიძვანი და მრუშებანი და სხუანი იგი ბოროტნი, ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოსდგენ წინაშე ჩვენსა.

რომლითამე თუალითა მივხედნეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა? რამეთუ წარდგომა გვიხმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა და შესაძრწუნებელისა, და ყოველთავე  საქმეთა ჩვენთა გამოძიება ყოფად არს გამოწვლილვით, ჭეშმარიტებით და მართლმსაჯულობით .

აწ უკუჱ, საყვარელნო, ესე  ყოველი გულისჴმა ვჰყოთ და სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი ჩვენნი, რათა  არა სირცხვილეულ ვიქმნეთ წინაშე ღმრთისა და ანგელოსთა და კაცთა, არამედ კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა  ქრისტესსა.

ჰე, გევედრები, ძმანო, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, ვიღვაწოთ  დამარხვად, რა იგი გვამცნო უფალმან, რათა იყოს იგი ჩვენთანა, ვითარცა აღუთქუა მოციქულთა, ვითარმედ : „აჰა, ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”(მთ. 28,20).

ჵ , უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყვარეო, ნუ განმეშორები ჩვენგან, ნუცა დამიტევებ, ნუცა  დაგუაგდებ  ჩვენ, არამედ ჩვენთანა ჯერიჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩვენ ზედა.

აღხოცენ  ჴელით წერილნი ცოდვათა ჩვენთანი, გვიხსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩვენ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ქმნად ყოვლადწმიდასა ნებასა შენსა და  ღირს გუყვენ ყოველნი მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რათა მივემთხვივნეთ კეთილთა  მათ, მოუგონებელთა და გამოუთქმელთა ზეცისა სასუფეველსა .

რამეთუ შენ ხარ „რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა  მოსლვა“(1 ტიმ. 2,4) და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, და შენდა ჰშვენის ყოველი პატივი, მადლობა და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოთ მამით შენით და  ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

შესხმა და ვედრება

წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა

ჵ, ყოვლადსაწადელო წმიდაო მამაო იოანე ოქროპირო, ოქრო სიტ­ყვაო, ოქროს მდინარეო, ოქროს წყაროო, ოქროვანითა სწავლითა შენითა მომრწყველო  ყოვლისა სოფლისაო, ოქროსა ჴმაო, სინანულისა ქადაგო, ოქროსა ნესტო, ჴმატკბილად მეტყველო, ოქროსა ქნარო პირმეტყველთა ცხოვართაო.

გევედრებით, წმიდაო მამაო, განამტკიცენ ეკკლესიანი, განაშვენე მღუდელობაჲ, განაბრწყინვე მეფეობაჲ, განაძლიერე მხედრობაჲ, განანათლე მართლმადიდებლობაჲ.

ხოლო სწავლისა შენისა მოსურნეთა მოგვფინე მადლი ლოცვათა შენთა და მოგუმადლე აღსრულება  ღმრთივშვენიერთა ქადაგებათა შენთა , რათა შენ მთესველი და ჩვენ მუშაკნი ერთბამად ვიხარებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა. რამეთუ მამასა ჰშვენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყვანისცემა, პირველ საუკუნეთა  აწ და უკუნისამდე, ამინ!

 

თავი ა [1]

სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა ქრისტეს მსგავსისა

 

თხრობა სულიერი ა [1]
სიმდაბლით განათლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო აღმოსავლეთისა ეკკლესიისანო, ღმერთმან სთქუა: „იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი“(დაბ. 1,3). კვალად სთქუა მამამან ძისა და სულისა წმიდისა მიმართ: „ვჰქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა“[დაბ. 1,26].
საყვარელნო ღმრთისანო, ხატება ღმრთისა მოგვიღებიეს თავისუფლებითა, ხოლო მსგავსება ღმრთისა სათნოებით არს. იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ, თუ რაოდენნი სათნოებანი არიან მსგავს ღმრთისა მყოფელნი ჩვენდა, რომელთაგანი ერთი არს ღმრთივსანატრელი ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, ვითარცა ბრძანებს მზე სიმართლისა, უფალი და ღმერთი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“(მთ. 11,29). არა ანგელოსთაგან, არცა მთავარანგელოსთაგან და არცა წინასწარმეტყველთაგან, არამედ ჩემგან, რომელი ესე სიყვარულითა თქვენითა, ჵ, კაცნო, გარდამოვხედ ზეცით, სიმდაბლე შევიმოსე თქვენთვის და ფერჴნი დაგბანენ, რამეთუ სახე მიგეც ჭეშმარიტისა სიმდაბლისა და აწ თქვენ გამცნებ სიყვარულით: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, რათა ჰპოვოთ საუკუნო განსვენება სულთა თქვენთა“[მთ. 11,29].
აწ უკუჱ საყვარელნო, ვისმინოთ შემოქმედისა ჩვენისა, მორჩილ ვექმნეთ დამბადებელსა ჩვენსა და შეუდგეთ წინამძღვარსა ცხოვრებისა ჩვენისასა იესოს. შევიმოსოთ ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, ძმანო! რამეთუ სიმდაბლე ღმრთისა სათნო არს, ანგელოსთაგან პატივცემულ და კაცთაგან ბრძენთა სანატრელ, აქაცა დიდებულ და მუნ უბრწყინვალეს მზისა საჩინო.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, განშორებული ქალაქთაგან, ფრიად მდაბალი გონებითა და ყოვლითა სათნოებითა შემკობილი და მარადის მლოცველი ღმრთისა მიმართ. ამას ღირსსა მამასა გამოუცხადა ანგელოსმან, ვითარმედ ქალაქსა შინა წმიდათაგანი ვინმე მიიცვალების უფლისა მიმართ, მივედ და იხილე იგი, რათა გესმას სანატრელი ჴმაჲ უფლისა, ვითარმედ: „უძლურ ვიყავ და მიხილე მე“[მთ. 25,36].
ხოლო წმიდა იგი ბერი არა წარვიდა დღისით, რათა არა იდიდებოდეს კაცთაგან, არამედ ღამით გამოვიდა ქვაბისა მისგან და წარვიდა სიმდაბლით. ხოლო ყოველთა გულთა მეცნიერმან ღმერთმან სათნო იყო სიმდაბლე გონებისა მისისა და მოუვლინა ორნი ანგელოსნი, რომელთა ეპყრათ ლამპარნი, წინაუძღოდეს ღირსსა მას ბერსა და უნათობდეს. რამეთუ კაცთამიერსა დიდებასა ევლტოდა, ხოლო ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნა სანატრელი იგი. და მის ზედა საქმით აღესრულა ბრძანება იგი მაცხოვრისა, ვითარმედ: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“(ლკ. 18,14).
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა სანატრელი სიმდაბლე და დავნერგოთ გულთა შინა ჩვენთა, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. შევიმოსოთ პატიოსანი სიმდაბლე, რათა ქრისტე შევიმოსოთ! რამეთუ სიმდაბლე საფუძველი არს და მშობელი ყოველთა სათნოებათა, – ვითარ იგი უფალმან ამისგან იწყო ქადაგებად და სწავლად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“(მთ. 5,3).
შევიტკბოთ, ძმანო, ქრისტეს ტკბილი უღელი სიმდაბლისა და შემუ­სრვილის გულით, მსგავსად მეზვერისა ვიტყოდეთ: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“(ლკ. 18,13). და მივემსგავსნეთ ამით სათნოებითა ქრისტესა მეუფესა ჩვენსა.
და განვაგდოთ ჩვენგან საძაგელი უღელი ამპარტავანებისა, რომელი ეშმაკთა თანა დაგვსჯის ბოროტად, რამეთუ კაცთა შორის მაღალი, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. და ნუცა ვიქადით ორისა დღისა მარხვასა ზედა მსგავსად ჶარისეველისა, რამეთუ „უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“(იგ. 3,34; 1 პეტ. 5,5).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, დავიმდაბლოთ თავნი ჩვენნი, რათა აღვიმაღლოთ სულნი ჩვენნი. და სიმდაბლითა გულისათა ვილოცვიდეთ, რათა შეისმინოს ღმერთმან ლოცვა ჩვენი, ვითარცა საკმეველი, და ავმაღლდეთ სასუფეველსა ცათასა და ქრისტეს თანა ვსუფევდეთ მადლითა და კაცთ­მოყვარებითა მისითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ბ [2]
სათნოებით განათლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ბრწყინვალება მამისა, მზე სიმართლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს“(იო. 12,46). და ჩვენცა გვამცნებს მეტყველი: „ეგრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“(მთ. 5,16).
საყვარელნო, ნათელმყოფელნი სულთა ჩვენთანი არიან საქმენი კეთილნი სათნოებისანი. ესე იგი არს: სიმდაბლე, სიმშვიდე, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, სიმართლე და მოწყალება. რომელნი ამათ ესევითართა ღმრთივშვენიერთა სათნოებათა მოიგებენ, აქაცა განათლებულ იქმნებიან და მას საუკუნესა უფროს მზისა განბრწყინდებიან.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი: მშვიდი, მდაბალი, წრფელი, უმანკო, მმარხველი, მლოცველი და მოწყალე, რომელიცა დღე და ღამე სამარადისოდ ილოცვიდა და ხელითა თვისითა მოქმედებდა და მით მოწყალებასა იქმოდა. და ყოვლადსახიერმან ღმერთმან ესე მადლი მოანიჭა ღირსსა მას და წმიდასა ბერსა, რომელ სენაკი მისი ყოვლადვე განათლებულ იყო. და ვითარცა დღისით იკითხვიდა წმიდათა წიგნთა და იქმოდა ჴელთსაქმარსა, ეგრეთვე ღამით განათლებულ იყო სენაკი მის ნეტარისა და უფროსღა გული და გონება მისი სამღთოს ბრწყინვალებითა. უგალობდა და აქებდა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა განმანათლებელსა თვისსა უფალსა, ვითარცა იტყვის: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა“(იო. 1,9).
იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ სათნოებისა მოქმედნი აქავე პატივცემულ არიან და განათლებულ ღმრთისა მიერ, მომასწავებელად მერმისა მის დიდებულისა ბრწყინვალებისა. ვითარ იგი მზე სიმართლისა, უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა“(მთ. 13,43).
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა სათნოება ნათელ­მყოფელი სულთა ჩვენთა: სიმდაბლე და სიმშვიდე გულისა, სიწმიდე სულისა და ჴორცთა, სიბრძნე და მეცნიერება გონებისა, სიმართლე და ჭეშმარიტება სიტყვისა, სრული სიყვარული ღმრთისა და მოყვსისა, მოწყალება და სიტკბოება ძმათა მიმართ.
ხოლო ესენი რა ვჰქმნეთ კეთილითა გონებითა, საყვარელნო, აქაცა კეთილითა ცხოვრებითა წარვლოთ დღენი ჩვენნი და მუნ საუკუნოსა ბრწყინვალებასა და ნათელსა დაუღამებელსა შინა წმიდათა თანა ვიშვებდეთ, ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ, ღირსთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და მართალთა თანა სავანეობით ღმრთისა ბრწყინვალებითა განვნათლდეთ.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სიწმიდე გულისა და მოვიღოთ ღმრთისა მიერ ნეტარებაჲ, ვითარცა ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მთ. 5,8). და გულის წმიდით ვილოცვიდეთ, ძმანო, რათა ღმერთი ჩვენ შორის გამობრწყინდეს მცხინვარებითა ელვარებისა თვისისათა და ჩვენცა გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა მისსა. და განათლებულის გულით, ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვაკურთხევდეთ ჭეშმარიტსა ნათელსა თუალთშეუდგამსა, ელვარებასა განუცდელსა და ბრწყინვალებასა გამოუთქმელსა, მზესა მას სიმართლისასა, უფალსა და მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი გ [3]
სიმშვიდით წარმატებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მზე მამისა აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“[მთ. 5,45].
საყვარელნო, ვითარცა ხილული ესე მზე აღმოვალს რა, განანათლებს ყოველთავე შარავანდედითა თვისითა კეთილთაცა და ბოროტთაცა, ეგრეთვე მზე იგი სიმართლისა, ბრწყინვალება მამისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გამობრწყინდა რა, ყოველნივე განგვანათლნა და ყოველთავე ზოგად გვიწოდს მეტყველი: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მე განგისვენო თქვენ“[მთ. 11,28]. განუმარტებიეს წიაღი თვისი სახიერებითა და გვიწოდს სიტკბოებითა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა სიმდაბლით და სიმშვიდით, არა განვაძო გარე“[იო. 6,37], არამედ შევი­ტკბობ სიყვარულით და განუსვენებ წიაღთა ჩემთა სიხარულით, ტკბილისა უღლისა ჩემისა მტვირთელთა.
აწ უკუჱ, საყვარელნო, ქრისტეს ტკბილი უღელი სიმშვიდე არს, რამეთუ, ვითარცა „კრავმან უმანკომან და ტარიგმან ცოდვათა ამღებელმან“[იო. 1,29] იესო, სიმშვიდე ამცნო მოწაფეთა მეტყველმან: „აჰა, ვითარცა კრავთა მიგავლინებ შორის მგელთა“[მთ. 10,16]. და ვითარცა თვითცა ტკბილი და მშვიდი უფალი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა, ეგრეთვე ჰშვენის ჩვენდა ქრისტიანეთა, მსგავსად ქრისტესა სიმშვიდით თავსდება და სიტკბოებით სულთა სარგებელ ყოფა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ფრიად მშვიდი, მდაბალი და ძვირუხსენებელი, რომელიცა დღესა ერთსა ვიდოდა იგი მოწაფითურთ თვისით. და შესცთენ გზასა და უნებლიეთ გარდალახეს ყანაჲ. გამოვიდა მუშაკი იგი ყანისა მის, აგინებდა მათ და ეტყოდა: „ვითარ თქვენ მონაზონნი ხართ და ვითარ გეშინისთ ღმრთისა? უკეთუმცა გაქუნდათ წინაშე თუალთა თქვენთა შიში ღმრთისა, არამცა იქმოდით დათრგუნვასა ამის ყანისასა“. მიუგო ბერმან ფრიადითა სიმშვიდითა და სიტკბოებითა: „კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს შენ ღმერთმან! გარნა მცნებისათვის უფლისა შეგვინდევ ჩვენ, ძმაო საყვარელო, რამეთუ შევსცეთით უნებლიეთ“. ხოლო იგი კვალად განრისხებული აგინებდა. და წმიდა იგი ბერი კვალადცა ჰლოცვიდა და ეტყოდა: „მართლიად იტყვი მაგას, შვილო საყვარელო, უკეთუმცა ვიყვენით ჩვენ მონაზონ, არამცა ამას ვიქმოდით; გარნა შემინდევ ჩვენ უფლისათვის, რამეთუ ვსცოდეთ“.
ამას ზედა განჰკვირდა და ლმობიერ იქმნა კაცი იგი – მოვიდა და დააგდო თავი თვისი ფერჴთა ქვეშე მის წმიდისა ბერისათა და ჰსთქუა: „ნამდვილვე ღმრთისა კაცნი ხართ და შემინდევით თქვენ შორის დამკვიდრებულისა ღმრთისა სიყვარულისათვის და წარმიყვანეთ მეცა თქვენ თანა“. მეყსეულად დაუტევა ყანა იგი და ყოველი მონაგები თვისი და შეუდგა მათ ნეტართა და იქმნა მონაზონ პატიოსან და წარჩინებულ.
იხილეთ, საყვარელნო, აჰა, ესერა სიმშვიდემან და სიტკბოებამან, ვითარცა კრავისამან, ვითარ მოამდოვრა განძვინებული მგელი და აცხოვნა სული კაცისა – ხატად ღმრთისა დაბადებულისა, რამეთუ: „უფროს სათნო უჩნს ღმერთსა ცხოვნება ერთისა სულისა, ვიდრე ბევრეულნი ცანი და ქვეყანა“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ტკბილი იგი და სანატრელი სიმშვიდე და დავიმკვიდროთ ქვეყანა მშვიდთა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“(მთ. 5,5).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიმოსოთ იესოს მსგავსი, ძვირ­უხსენებელი სიმშვიდე, და ყოველთავე შემაწუხებელთა ჩვენთა მიუტეოთ თანანადები მათი, რათა ჩვენცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი და გვრქუას ტკბილმან მან მეუფემან სახიერმან და კაცთმოყვარემან: „ვინათგან თქვენ შეიწყნარეთ ტკბილი იგი უღელი ჩემი სიმშვიდისა, მეცა შეგიწყნარებ თქვენ სასუფეველსა, რომელი განგიმზადე თქვენ პირველ სოფლის დაბადებისა, რათა მობაძავნი ჩემნი ჩემთანა იხარებდეთ დაუსრულებელად“.
ჩვენცა გევედრებით, მეუფეო სახიერო და მოწყალეო, ტკბილო მაცხოვარო ჩვენო იესო! ამას საწადელსა ნეტარებასა ღირსყოფა ჩვენი სათნო იჩინე, რომელი დიდებულ ხარ წმიდათა შორის შენთა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი დ [4]
ძვირუხსენებელისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ვიდრე ნათელი გაქვს, გრწმენინ ნათელი, რათა ძე ნათლისა იყვნეთ“(იო. 12,36).
საყვარელნო, ჭეშმარიტი ნათელი და ბწრყინვალება ქრისტე არს. და უკეთუ ჩვენცა იესოს მსგავსითა სათნოებითა ვიქცეოდეთ, ძე ნათლისა ვიქმნებით: სიმშვიდითა, სიმდაბლითა, სიტკბოებითა, სახიერებითა და ძვირუხსენებლობითა, ვითარცა ქრისტემან მეუფემან არავის აყვედრა, არცა ამხილა, არამედ ყოველივე თავს იდვა სიტკბოებით, ცხოვნებისათვის ჩვენისა.
და აწ ჩვენცა, საყვარელნო, თანაგვაძს მსგავსად ქრისტესა, მოთმინება სულთა ჩვენთა ცხოვნებისათვის. და რომელმან დაჰფაროს შეცოდება ძმისა და არა განაცხადოს, დიდსა მადლსა და სასყიდელსა მიიღებს ღმრთისაგან და ქებასა კაცთა მიერ წმიდათა, და პატივსა ანგელოსთაგან, და იქმნების შვილ ნათლისა და მკვიდრ სასუფეველისა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი ღირსი და პატიოსანი, მშვიდი, მდაბალი, წრფელი და ძვირუხსენებელი ყოვლადვე, ყოველთა მიმართ ტკბილი და მოყვარე ძმათა სულიერთა.
დღესა ერთსა კაცმან ვინმე ცთომილმან ეშმაკისაგან, იპარა ვისგანმე ჭურჭლები და ბერსა მას მიაბარა ნამარხევად და თვით წარვიდა, რომელიცა არარაჲ უწყოდა ბერმან მან მართალმან. და შემდგომად გამოსჩნდა ჭურჭლები იგი ბერსა მას თანა და ეტყოდეს: „ბერო, შენ მოგიპარავს ჭურჭლები ესე!“ ხოლო მან თავს იდვა სიმშვიდით და მიუგის სიტკბოებით: „შემინდევით ღმრთისათვის, რამეთუ შევსცეთ“. და ოდეს მოვიდა, რომელმანცა იპარა ჭურჭლები, იგიცა აყვედრებდა ბერსა მას და ეტყოდა: „ბერო, შენ მოგიპარავს ჭურჭლები!“ ხოლო სანატრელმან ბერმან ქრისტეს მსგავსი სიმშვიდე და ძვირუხსენებლობა შეიმოსა – შეუვრდა მასცა და ჰრქუა: „შემინდევ, ძმაო საყვარელო, რამეთუ შევსცეთ“.
ესე სათნოება რა იხილა კაცმან მან, ლმობიერ იქმნა და მოეგო თავსა თვისსა. შესტირა ღმერთსა და შეუვრდა წმიდასა მას ბერსა და შეინანა ჯეროვნად. და ჰმადლობდა სულგრძელებასა მის ბერისასა და ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.
ისმინეთ, საყვარელნო, და გულისჴმა ჰყავთ სათნოებათა ძალი, თუ ვითარ სიმშვიდითა და სიტკბოებითა ულმობელთა და უგუნურთა მოაქცევენ წმიდანი ღმრთისა კაცნი და კეთილითა სძლევენ ბოროტსა მას და უკეთურებასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ჩვენცა სიმშვიდე, სიმდაბლე, ძვირუხსენებლობა და სიტკბოება, რათა სათნოებითა ვერეოდეთ სიბოროტესა და მარადის კეთილსა ვიქმოდეთ. და ნუ ვსცემთ ბოროტსა ადგილ ჩვენ შორის, და რამეთუ ცეცხლი ზეთითა არა დაივსების, არამედ ცეცხლი წყლითა დაშრტების. და მრისხანება შურითა და ხდომითა არა განიკურნების, არამედ ამპარტავანება სიმდაბლითა განიდევნების და სინანულითა განთავისუფლდების სული მდაბალი.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიქმოდეთ სათნოებასა და ვიყვნეთ შვილ ნათლისა! ვიქმნეთ მდაბალ გულითა წინაშე კაცთა, რათა გამოვბრწყინდეთ ღმრთივშვენიერად წინაშე ანგელოსთა ღმრთისათა. და ჩვენცა, ყოველთა სათნოებითა შემოსილთა, წმიდათა თანა ვადიდებდეთ ანგელოსთა მეუფესა, კაცთმოყვარესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადტკბილსა იესოს, მზესა მას სიმართლისასა, ბრწყინვალებასა დიდებისასა და ნათელსა ჭეშმარიტსა, ღმრთივშვენიერსა, რომლისა არს დიდება და სიმ­ტკიცე, თანა დაუსაბამოთ მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ, პირველ საუკუნეთა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ე [5]
ძვირუხსენებლობისათვისვე

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა, რათა იყვნეთ შვილ მამისა თქვენისა ზეცათასა“[მთ. 5,44-45].
საყვარელნო, ძვირუხსენებლობა ქრისტეს მსგავსება არს და შვილ ღმრთისა ჰყოფს მადლითა მომგებელთა მისთა, ანგელოსთა წინაშე პატიოსან არს და კაცთა შორის ბრძენთა ფრიად სათნო და ჩინებულ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, სახიერი სულითა, წრფელი გულითა და ყოვლადვე ძვირუხსენებელი სიტყვითა.
დღესა ერთსა წარვიდა რა ეკკლესიად ჩვეულებისაებრ, მეზობელი ვინმე მისი ძლეულ იქმნა ეშმაკისაგან და შევიდა სახლსა მის ბერისასა და წარიპარა წიგნები მისი. ხოლო მორავიდა ბერი ეკკლესიით, იხილა სახლი თვისი განკრეხული. და შევიდა მეზობლისა მიმართ თვისისა, რათამცა ჰრქუას განსაცდელი თვისი. და იხილა ყოველი იგი წიგნები თვისი მას შინა, რამეთუ მას წარეპარა და ჯერეთ არა დაეკრძალა. ხოლო ბერმან ტკბილმან და სახიერმან არა ამხილა, არამედ მიზეზ ჰყო გარე განსლვაჲ საქმისა რაჲსათვისმე, ვიდრე აკრიბოს ნაპარევი იგი. და მერმე შევიდა და იწყო სხუასა სიტყვასა თხრობად.
და შემდგომად შეაჩნდა მპარაობა კაცსა მას და მისცეს იგი საპყრობილესა. და ძვირუხსენებელსა მას ბერსა ესმა ოდენ, ვითარმედ იგი ვინმე საპყრობილესა არს და სთხოვა წინამძღვარსა წმიდა პური და კვერცხი და წარვიდა ხილვად მისა, მცნებისაებრ უფლისა, ვითარცა ბრძანებს: „საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“(მთ. 25,36). მივიდა და მიართუა ნუგეშინისცემად მისა, ხოლო მპარავმან იწყო ტირილად და აღსარებად, ვითარმედ: „მე ვარ, მამაო პატიოსანო, რომელმან წარვიპარე წიგნები შენი და მისთვის ვზი აქა შეყენებული“. და მან, სანატრელმან, მიუგო: „გრწმენინ ჩემი, ძმაო საყვარელო, მე არა უწყოდი ეგე, გარნა აწ წარვიდე და გიხსნა შენ მადლითა ღმრთისათა. რამეთუ წიგნთა ამისთვის მოვიგებთ, რათა მათ მიერ ვისწაოთ: სიმშვიდე, სიმდაბლე, ძვირუხსენებლობა, მოწყალება და კეთილისყოფა ყოველთა მიმართ“.
ესერა ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან, წარვიდა და ევედრა დიდებულთა და განათავისუფლა პყრობილი იგი სათნოყოფად ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ძვირუხსენებლობაჲ და მოძულეთა მიმართ ვაჩვენოთ სიყვარული: ბოროტისმყოფელთა ჩვენთა კეთილსა უყოფდეთ და მწყევართა ჩვენთა ვაკურთხევდეთ; და ყოველთა თანა მშვიდობასა ვჰყოფდეთ, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ მადლითა და სახიერებითა მისითა, რომელი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“(მთ. 5,9).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიყვარნეთ ესევითარნი სათნოებანი, რომელნიცა შვილ ღმრთისა გვყოფენ და ქრისტეს მობაძავ მადლითავე მისითა, და წინაშე კაცთა ბრძენთა – სათნო და პატიოსან. აქაცა მშვიდობით წარვლით ცხოვრებასა ჩვენსა და ვიქმნებით ყოველთა მიერ საყვარელ და მას საუკუნესა ანგელოსთა თანა ვიხარებთ, წმიდათა თანა ვიდიდებით და მართალთა თანა გვირგვინოსან ვიქმნებით.
ხოლო მპარავნი და ბოროტისმოქმედნი – აქაცა შიშსა და ტანჯვასა შინა არიან და მას საუკუნესა დიდებისაგან ღმრთისა განვარდებიან, ვითარცა იტყვის: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს დიდება ღმრთისა“(ეს. 26,10).
არამედ ჩვენ, საყვარელნო, ვიქმოდეთ სიმართლესა და მშვიდობასა, რათა ღმერთი მშვიდობისა იყოს ჩვენთანა და ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად ქვეყანასა მას მშვიდთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ვ [6]
სიმდაბლით ამაღლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს დიდებით მოსლვისათვის თვისისა, ვითარმედ: „მზე დაბნელდეს და მთუარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი“(მთ. 24,29).
საყვარელნო, არათუ ხილულსა ამას მზესა ნათელი თვისი მოაკლდების, არამედ ესოდენ გარდაემატების მზისა მის სიმართლისა იესოს ნათელი და ბრწყინვალება, რომელ ამას მზესა ბნელად აღმოაჩენს; და ნეტარ ვინმე ღირს იქმნების მის დიდებულისა ნათლისა ხილვად. და ვის მიხედავს ყოვლადბრწყინვალე ქრისტეს ღმრთივშვენიერი პირი მაკურთხეველად, გარნა მშვიდსა და მდაბალსა და რომელნი სძრწიან სიტყვათაგან ღმრთისათა და კეთილად აღასრულებენ მცნებათა მისთა.
რამეთუ ესევითარი იყო მზე იგი დაყუდებისა, ღმერთშემოსილი მამა ჩვენი დიდი არსენი: მშვიდი, მდაბალი, მყუდრო, მარადის მლოცველი და საკვირველებათა მხილველი, რომელიცა დღესა ერთსა ილოცვიდა რა, განკვირვებასა მიეცა.
1. და იხილა შავი ვინმე, რომელი სჭრიდა შეშასა და შეჰკრვიდა ტვირთად. ენების აღკიდება და ვერ შეუძლის სიმძიმისაგან. და არა მოაკლის, არამედ უფროსად სჭრის და დამატის მასვე.
2. და იხილა სხუა კაცი, რომელი ჯურღმულისაგან წყალსა აღმოივსებდა და შთაასხმიდა ჭურსა განხვრეტილსა და მყრალსა.
3. და კვალად იხილა ტაძარი დიდი და შვენიერი. და ორთა კაცთა ეტვირთად ძელი, და ენებათ შესლვად ტაძარსა მას. და მივიდიან ორნივე სწორად და არა დაუმდაბლდეს ერთი მეორესა, რათამცა პირველ ერთი შევიდეს და მერმე მეორე და ორნივე გარეგან ტაძრისა დაშთეს.
ესე საკვირველება იხილა მამამან არსენი და ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რაჲ არს ხილვა იგი; და, აჰა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა:
1. „კაცი იგი შეშის მჭრელი არს ცოდვილი, რომელსა არა ჰნებავს სინანული, არამედ უფროსღა დამატის ცოდვასა ზედა ბოროტი.
2. ხოლო რომელი აღმოივსებდა წყალსა, იგი არს, რომელსა აქუნდის კეთილნი საქმენი და შეურივის ბოროტიცა საქმე და მით წარსწყმიდის კეთილიცა თვისი.
3. და რომელთა ძელი ეტვირთად, იგინი არიან, რომელთა უტვირთავს უღელი სიმართლისა ამპარტავანებით და არა დაიმდაბლებენ თავთა მათთა, რათამცა შეუდგენ ჭეშმარიტსა მას გზასა, ქრისტეს სიმდაბლისასა და ამისთვისცა დაშთებიან გარეგან სასუფეველისა ღმრთისა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ ვითარ ბოროტ არს ამპარტავანება და განგდებულ სასუფეველისაგან და საძაგელ წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა; და ვითარ შვენიერ არს ღმრთივსანატრელი სიმდაბლე მსგავს ქრისტესა მყოფელი ჩვენდა და საქებელ ანგელოსთაგან.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიძულოთ ამპარტავანება, რომელმან ეშმაკნი ზეცით გარდმოჰყარნა და ჯოჯოხეთსა შინა დასაჯნა, რომლისათვის იტყვის დავით: „მიაგოს მათ უფალმან, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა“[ფს. 30,24]. არამედ შევიყვაროთ, ძმანო, და შევიტკბოთ ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, რომლისათვის იტყვის: „დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე“(ფს. 114,6). რამეთუ სიმდაბლისა მიერ ავმაღლდებით ზეცისა სასუფეველსა და ქრისტეს მიერ საყვარელ ვიქმნებით და გვიბრძანებს ტკბილითა და ყოვლადსაწადელითა ჴმითა: „მოვედ, სულო მდაბალო, და დაიმკვიდრე მაღალი საყდარი დიდებისა და გვირგვინითა ბრწყინვალითა იხარებდ საუკუნოდ!“
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევიმოსოთ სიმდაბლე ქვეყანასა ზედა, რათა გვირგვინშემოსილთა განვისვენოთ ცათა შინა და სასუფეველსა ღმრთისასა, ვითარცა მზე, გამოვბრწყინდეთ სავანესა მართალთასა. და ღმრთივშვენიერად განვნათლდეთ მწყობრსა წმიდათასა და სიხარულით ვჰგალობდეთ გუნდსა თანა ანგელოსთასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, პატივი და სუფევა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ზ [7]
სიმდაბლისათვის შვენიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხემდეთ“[მრკ. 16,17].
საყვარელნო, ყოვლადძლიერი და ღმრთივშვენიერი სახელი ქრისტესი ძალსა მრავალსა იქმს სარწმუნოებით მოსავთა მიერ. სახელი ქრისტესი ეშმაკთა განასხამს, სიმდაბლე იესოსი ძალსა მათსა მოაუძლურებს და სრულიად უჩინო ჰყოფს.
რემეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ფრიად მდაბალი გონებითა და მაღალი სათნოებითა, მლოცველი მარხვითა, გულისჴმისმყოფელი სიბრძნითა და განშორებული სოფლისაგან. და მარტოებით მხოლოჲ მხოლოსა ღმერთსა ზრახვიდა სამარადისოჲთა ლოცვითა და ადიდებდა ყოვლად­წმიდასა სახელსა მისსა. და მოეცა ღმრთისა მიერ ძალი და ჴელმწიფება განსხმად ეშმაკთა.
მადლითა ღმრთისათა შეჭურვილმან ამან ბერმან, დღესა ერთსა ჰკითხა ეშმაკსა და ჰრქუა: „გეტყვი შენ, ბოროტო სულო! ვიცი, რომელ მტყუარ ხარ დასაბამითგან და რამეთუ მამაცა შენი მტყუარი არს, გარნა აწ ჭეშმარიტი სთქუ, თუ რომლითა საქმითა შეხვალთ თქვენ კაცთა შორის?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ კაცთა შორის შესლვისა ჴელმწიფება არა გვაქვს, არცაღათუ ღორთა. არამედ, რაჟამს კაცნი იქმან ცოდვასა – ამპარტავნებასა, არაწმიდებასა, კაცის კულასა, გმობასა და სხუასა რომელსამე უკეთურებასა, მაშინ ჩვენცა შევალთ მათ შინა“. ჰრქუა მას ბერმან: „და რომელი სათნოება გძლევს თქვენ – მარხვაა?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ ყოვლადვე არცა ვსჭამთ და არცა ვსუამთ“. ჰრქუა მას ბერმან: „მღვიძარებაა?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ ყოვლადვე არა დავიძინებთ“. ჰრქუა მას ბერმან: „განშორებაა?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ ყოვლადვე უდაბნოთა შინა ვიქცევით“. ჰრქუა მას ბერმან: „თვით შენ სთქუ: რომელი სათნოება განგასხამს თქვენ?“ მაშინ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ გვძლევს და განგვასხამს სიმდაბლე ჭეშმარიტი. გარნა შენცა მომითხარ, ბერო, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ თიკანნი?“ მიუგო კეთილგონიერმან ბერმან და ჰრქუა: „ესე უწყი, რომელ თიკანი მე ვარ, ხოლო ცხოვარი ქრისტემან უწყის“.
ესმა რა ეშმაკსა სახელი ქრისტესი და სიმდაბლე ბერისა, ვითარმედ თიკანი მე ვარო, უჩინო იქმნა ეშმაკი იგი ძალითა ქრისტესითა. ხოლო ბერმან უმეტესად შესძინა სიმდაბლესა თვისსა და ადიდებდა ყოვლად­წმიდასა სახელსა ღმრთისასა.
იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ ეშმაკნიცა სძრწიან სიმდაბლისაგან და აღიარებენ პატიოსნებასა მისსა. და ანგელოსნიცა ჴმითა მაღლითა და ბრწყინვალითა ჰქადაგებენ ყოვლადშვენიერებასა სიმდაბლისასა. და ყოველნი წმიდანი მოგვითხრობენ კეთილობასა სანატრელისა სიმდაბლისათვის. და თვით თავადი ღმერთი სიმდაბლესა გვამცნებს საცხოვნებელად სულთა ჩვენთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ჩვენცა ღმრთივშვენიერი და სულთა ჩვენთა გვირგვინით და პატივით აღმამაღლებელი სიმდაბლე. და ქრისტეს თანა მეინახე ვიქმნეთ და სულისა წმიდისა სავანე. სათნოებითა და შემუსრვილის გულით ვილოცვიდეთ მამისა მიმართ სახიერისა. და რაჲცა ვითხოოთ სახელითა მისითა, უეჭველად მოგვეცემის, ვითარცა ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ“(მთ. 7,7). ვითხოოთ სარწმუნოებით, საყვარელნო, სასუფეველი ცათა, რომლისათვის ჰგალობს დავით: „ერთი ვითხოვე უფლისაგან და ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა“(ფს. 26,4), რომელ არს სასუფეველი ღმრთისა.
ჰე, გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ვითხოოთ სასუფეველი სიმდაბლით და არა უგულებელს გუყოფს ღმერთი სახიერებით, არამედ წყალობით და კაცთმოყვარებით მოგვანიჭებს ყოვლადდიდებულსა, ფრიად ბრწყინვალესა და ღმრთივშვენიერსა ნათლისა სავანესა, რომლისათვის ბრძანებს ქრისტე: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“(იო. 14,2). რომელი განუმზადებიეს იესო ტკბილსა მსგავსად თვისისა სიმდაბლისა შემტკბობელთათვის და მოყვარეთა სახელისა მისისათა, ვითარ იგი აღგვითქვა მეტყველმან: „მე წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი… რათა, სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ“(იო. 14.2-3) და ჰხედვიდეთ დიდებასა ჩემსა და ადიდებდეთ მამასა სულით წმიდითურთ, რომელი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჱ [8]
სიმშვიდით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“(მთ. 5,5).
საყვარელნო, სიმშვიდით მოთმინება ღმრთისა სათნო არს, ანგელოსთაგან საქებელ, კაცთაგან ბრძენთა სანატრელ, ძმათა შორის საყვარელ და წმიდათა წერილთა შინა პატივცემულ, ხოლო ეშმაკთა შემაძრწუნებელ და უჩინომყოფელ.
რამეთუ ორნი ძმანი იყვნეს ჴორციელნი, ურთიერთას მოყვარენი, სათნოებათა მუშაკნი და მრავალთა კეთილთა მოქმედნი: მარხვისა, ლოცვისა, ჴელთსაქმარისა, მოწყალებისა, შეწყნარებისა და ყოველსავე სათნოებასა მოსწრაფე იყვნეს აღსრულებად გულსმოდგინებითა კეთილითა.
შეშურდა უკეთურსა ეშმაკსა კეთილი მათი და სიყვარული. და ივერაგა რათამცა განჰყარნეს იგინი სიძულილით. ღამესა ერთსა ვითარცა აღსდგეს იგინი ლოცვად და ჴელსაქმედ, აღანთო უმრწემესმან ძმამან ბაზმაკი. ხოლო კეთილის მოძულემან ეშმაკმან გარდააქცივა და შემუსრა საბაზმაკე იგი. განრისხნა უხუცესი იგი ძმა და ჰგვემა უმრწემესი ძმა თვისი. ხოლო მან სიმშვიდით მოითმინა და გონებითა მადლობდა ღმერთსა. და სიმდაბლით მუხლნი მოუდრიკნა მეტყველმან: „სულგრძელ იქმენ, ძმაო საყვარელო, და კვალად აღვანთო ეგე მადლითა ქრისტესითა“.
ხოლო კაცთმოყვარემან ღმერთმან, სიმშვიდისათვის მისისა და მოთმინებისა, მოავლინა ანგელოსი თვისი ძლიერი ძალითა და სტანჯა ეშმაკი იგი ვიდრე განთენებადმდე. და ვითარცა განთენა, წარვიდა ეშმაკი იგი ბომონსა კერპთასა და მიუთხრა მთავარსა მათსა სატანას საქმე ესე. და ესმოდა თხრობა იგი ეშმაკისა ქურუმსა მას, მღუდელსა კერპთასა. გამოვიდა მასვე ჟამსა ქურუმი იგი და იქმნა ქრისტეანე. და ფრიად შეიტკბო სიმშვიდე და სიმდაბლე, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა, მობაძავ ყოფად ქრისტესა. და იგი იტყოდა ვითარმედ: „სიმდაბლე დაჰხსნის ძალსა მტერისა სულთა ჩვენთასა, ვითარცა თვით მესმა მე პირისაგან ეშმაკთასა; იტყოდეს რა იგინი, ვითარმედ: „ჩვენ მივალთ ვერაგობითა და აღვაშფოთებთ ქრისტეანეთა და ჩვენ ვაქმნევთ ცოდვასაცა. და იგინი წარვლენ და მოუდრეკენ მუხლსა ერთი მეორესა სიმდაბლით და შემუსრვენ ყოველსავე ძალსა ჩვენსა და უჩინო-ჰყოფენ მანქანებასა. და ცოდვასა თუ შთავაგდოთ იგინი, მივლენ და აღუარებენ მოძღვარსა და მიიღებენ სინანულსა. ხოლო მეუფე მათი სახიერი არს, მიუტევებს მათ და ჩვენ უღონო ვიქმნებით“.
ისმინეთ, ქრისტეს მოყვარენო, თუ ვითარ თვით ეშმაკნი აღიარებენ სათნოებათა კეთილობასა და სანატრელისა სიმდაბლისა პატიოსნებასა?!
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, შევიტკბოთ სიმდაბლე სანატრელი, რომელი დიდებულთა ექმნების გვირგვინ და დიდებითი დიდებად აღმამაღლებელ და ცათა შინა განმსვენებელ. ხოლო მდაბალთა გლახაკთა ექმნების პატიოსნისა სამკაულისა შემმოსელ და თანამეინახე ქრისტესა ყოველთა მეუფისა. და ფრიად კეთილ არს ყოველსავე შინა სანატრელი სიმდაბლე, რამეთუ მით განვიოტებთ ეშმაკისა საცთურსა და სიბოროტესა მათსა. და სიმდაბლისათვის ჩვენისა მოვლენ მცველნი ჩვენნი ანგელოსნი და დაიბანაკებენ ჩვენ თანა და ფრთოვან ჰყოფენ ლოცვასა ჩვენსა წმიდასა, სიმდაბლით ღმრთისა მიმართ აღვლენილსა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, შევიჭურნეთ სიმდაბლითა და სიმშვიდითა, და სულგრძელებით მოთმინებითა. და თუ სადამე ეშმაკი გვებრძოლოს, სიმდაბლესა შინა ჩვენსა მომიხსენოს ჩვენ უფალმან. და ჩვენ წილ იგი ყოვლადძლიერი ჰბრძოდეს და სძლევდეს და სტანჯოს იგი. და წმიდათა ანგელოსთა აღსწერონ ღვაწლნი ჩვენნი და ქველისსაქმენი, რომელნიცა წარმოგვიდგინონ ბრწყინვალედ და საჩინოდ დღესა მას სასჯელისასა. და ჩვენ განმართლებულნი გამოვბრწყინდეთ ძლევისა გვირგვინითა სასუფეველსა ღმრთისასა. და ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა, ვიშვებდეთ დაუსრულებელად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი თ [9]
მშვიდობის მყოფელისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“(მთ. 5,9).
ეჰა, საყვარელნო ძმანო, რაჲმცა იყო უპატიოსნეს ამის ნეტარებისა, რომელ კაცი ძედ ღმრთისა იწოდებოდეს მადლითა, ნამდვილვე სანატრელ არს და სასურველ, ესევითარი სათნოება და საქებელ ანგელოსთაგან და პატიოსან წინაშე ღმრთისა და კაცთა.
რამეთუ ძმა ვინმე შურითა ეშმაკისათა შეწუხებულ იყო ძმისა ვისთვისმე. და ვითარცა ესმა მეორესა მას ძმასა, ვითარმედ იგი ვინმე ძმაჲ გულკლებულ არს ჩემდა, წარვიდა, რათამცა ჰყოს მშვიდობა მისთანა. ხოლო მან არა განუღო კარი და უკმოიქცა მიერ ძმა იგი. და მივიდა მოძღვრისა თვისისა მიმართ და ჰრქუა: „პატიოსანო მამაო, იგი ვინმე ძმაჲ გულძვირ რაჲმე არს ჩემდა. მე მივედ დაგებად მისა, თხოვად შენდობისა მცნებისაებრ უფლისა და მან არა განმიღო კარი, და მაუწყე გზა ცხოვრებისა თუ რაჲ ვჰყო?“
ხოლო ღმერთმან განუცხადა მოძღვარსა მას და მან მიუგო ძმასა: „იხილე, შვილო! ნუუკუჱ ზუაობდე გულსა შინა შენსა, ვითარმედ მან სცოდა შენდა მომართ და განიმართლებდე თავსა შენსა და მას ბრალეულ ჰყოფდე, და მისთვის არა გულსავსე ჰყო იგი ღმერთმან შენდობად შენდა“. ხოლო მან აღიარა ვითარმედ: „ჰე, ეგრეთ არს, მამაო“.
მაშინ ჰრქუა კეთილად, გულისჴმიერმან მოძღვარმან: „წარვედ, შვილო, და დაიმდაბლე გული შენი და დააჯერე გონებასა შენსა, ვითარმედ შენ სცოდე მისა მიმართ და მას ულოცე, და დააგდე თავი შენი წინაშე ღმრთისა და შეინანე გულისსიტყვა შენი ზუაობისა. და ღმერთმან გულსავსე ჰყოს იგი სიყვარულად და მშვიდობად შენდა“.
წარვიდა ძმაჲ იგი და ჰყო მცნებისაებრ მოძღვრისა თვისისა. და მერმე მივიდა ძმისა მიმართ მშვიდობის ყოფად და ჰრეკა კარსა. ხოლო მან ვითარცა აგრძნა შინათ კერძო, მეყსეულად სიხარულით მიეგება და განუღო კარი, და პირველად მან მოუდრიკნა მუხლნი და ითხოვდა შენდობასა. და განიდევნა ეშმაკი იგი შურისა და ღმერთი მშვიდობისა დაემკვიდრა მათ შორის. და იქმნა დიდი მშვიდობა და სიყვარული სულიერი და მადლობით ადიდებდეს ყოვლისა კეთილისა მიზეზსა ღმერთსა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო! თუ ვითარ კეთილ არს მშვიდობის ყოფა ძმათა თანა. და რაოდენ პატიოსან არს მოძღვართა მიმართ სულიერთა განცხადება გულისსიტყვათა და მათთა სწავლათა სარწმუნოდ შეწყნარება.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა მშვიდობისმყოფელობა კაცთა მიმართ და მოვიღოთ ნეტარება ღმრთისა მიერ. პირველად განვეკრძალნეთ, ძმანო, რათა არავის ვსცეთ მიზეზი ბოროტისა და არცა ვინ კაცთაგანი შევაწუხოთ, რომლისათვის ქრისტე მოკუდა. და უკეთუ შურითა ბოროტისა ეშმაკისათა იქმნას ლალვა რაჲმე ჩვენ შორის, განვიწმიდოთ გული ჩვენი ძვირისხსენებისაგან. და სიმდაბლით შეუვრდეთ ძმასა მას და ვითხოვოთ შენდობა, რათა მოვიღოთ გვირგვინი ღმრთისა მიერ და შევიძინოთ ძმა იგი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს ჩვენი, უთხრათ მოძღვარსა მისსა და ჩვენსა და მათ მიერ ვჰყოთ მშვიდობა. და უკეთუ მათიცა არა ისმინოს, განუცხადოთ ეკკლესიისა სავსებასა და ესრეთ ყოვლითა ღონისძიებითა ვჰყოთ ქრისტესმიერი მშვიდობა ჩვენ შორის. და ღმერთი მშვიდობისა და მამა მოწყალებისა დაემკვიდროს ჩვენ თანა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიქმნეთ მშვიდ, მდაბალ და შემუსრვილ გულითა, რათა იქმნას ლოცვა ჩვენი მსხვერპლ ღმრთისა, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე, ვითარმედ: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული და გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ ჰყოს“(ფს. 50,19), არამედ შეიწიროს წმიდასა შინა წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა, ლოცვა ჩვენი, ვითარცა საკმეველი წინაშე მისა და იყნოსოს სუნად სუნნელებისად, ვითარ იგი ნოეს მსხვერპლი. და ესრეთ სიმდაბლით ავმაღლდეთ ზეცად და ანგელოსთა თანა უგალობდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელი დიდებულ არს საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ი [10]
სიმდაბლისათვის, სიმშვიდისა და სიწრფოებისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი და ღმერთი იტყვის: „ვის მივხედნე, გარნა მშვიდსა და მდაბალსა, და რომელნი სძრწიან სიტყვათაგან ჩემთა“[ეს. 66,2].
საყვარელნო ღმრთისანო, კაცი მშვიდი, მდაბალი და წრფელი ფრიად კეთილ არს. მამისა სათნო არს, ძისა მიერ საყვარელ და სულისა წმიდისა სადგურ. და მიხედვითა ყოვლადბრწყინვალებითა და ღმრთივშვენიერებითა ღმრთისათა განათლდების: ანგელოსნი შეასხმენ, წმიდანი აქებენ და ბრძენნი ჰნატრიან, და რაჲმცა იყო უპატიოსნეს ამისსა. და რომელმან მოიგოს სამნი ესე სათნოებანი, სამებისა სათნონი, იქმნების ყოველთა სათნოებათა საუნჯე.
რამეთუ იყო ვინმე მწიგნობარი ალექსანდრიისა ეკკლესიისა, სახელით კოზმან. კაცი ღმრთისა ყოვლადსაკვირველი და შემკული ყოვლითა სათნოებითა, რამეთუ შეეტკბო მას ნეტარსა პირველითგანვე სიმდაბლე, დედა იგი სათნოებათა, სიმშვიდე და სიწრფოება და აღმოცენებულ იყო მის შორის ყვავილი სათნოებისა და აღორძინებულ ნაყოფი სულისა: მარხვა, ლოცვა, მოთმინება, მოწყალება, შეწყნარება, სიმართლე, სიწმიდე, სარწმუნოება და სიყვარული.
და ჰყვანდა ვინმე მეგობარი სარწმუნო და გულითადი, რომელმანცა ჰკითხა მას მეტყველმან: „გევედრები, საყვარელო, უფალო და ძმაო ჩემო, მარქუ მე, თუ რაოდენი წელი გაქუს ამას ესევითარსა სიმდაბლესა და სათნოებასა შინა?“ ხოლო იგი მცირედ სდუმნა და მერმე ჰრქუა: „ოცდაათი წელი არს, საყვარელო ძმაო, ვინათგან მიცნობიეს თავისა ჩემისა უნდოებაჲ და ვჰმონებ ქრისტესა, მეუფესა ჩემსა“.
კვალად ჰკითხა მეტყველმან: „ჰყავ სრული სიყვარული, უფალო ჩემო და მომითხარ, თუ რომელი სათნოება წარგიმართებიეს სიმდაბლისა მიერ შენისა ესოდენთა წელთა შინა?“ ხოლო მან სულთ ითქუნა სიღრმით გულისათ და სთქუა სიმდაბლით: „რაჲ ძალმიძს წარმართებად, ძმაო საყვარელო, მე გლახაკსა ამას კაცსა ერისაგანსა და უფროსღა სოფელსა შინა მყოფსა?“ ხოლო იგი შეუვრდა და ეტყოდა: „უწყის პატიოსნებამან შენმან, უფალო ჩემო, რომელ სარგებელისათვის სულისა გკითხავ და ნუ დაჰფარავ ჩემგან, გევედრები“.
და ვითარცა ფრიად იძულებულ იქმნა, მაშინ ჰრქუა მას: „შემინდევ, ძმაო საყვარელო, რამეთუ სამი ესე ვიცი, რომელ წარმიმართებიეს მადლითა ქრისტესითა: არავისი განკითხვა ყოვლადვე, არცა ფიცი და არცა ტყუილი გამოსრულ არს პირით ჩემით“. ხოლო მსმენელი ამისი ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: „ეჰა, სახიერო და კაცთმოყვარეო ღმერთო, რაოდენნი საიდუმლო მონანი გყვანან დიდებად შენდა, კურთხეულო“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო! მოვიგოთ ჩვენცა სამნი ესე დიდნი და პატიოსანნი სათნოებანი: სიმდაბლე, სიმშვიდე და სიწრფოება. და სათნო ვეყვნეთ ყოვლად­წმიდასა სამებასა, რათა მან ყოვლადსახიერმან, ტკბილმან და მოწყალემან გან­გვისვენოს ყოვლადნეტარსა სავანესა მართალთასა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! შევიტკბოთ ღმრთისა სათნო სიმდაბლე, მორჩილებისა მშობელი და ყოველთა სათნოებათა საფუძველი. და შევიყვაროთ ქრისტეს მსგავსი ტკბილი სიმშვიდე. და დავიმკვიდროთ ესეცა ქვეყანა მშვიდობით და ქვეყანაცა იგი მშვიდთა და მართალთა. და შევიმოსოთ სანატრელი სიწრფოება, და სათნო ვეყვნეთ სულსა წმიდასა. და იგი სახიერი მიგვიძღვეს ქვეყანასა მას წრფელსა. და ვითარცა მზე, გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა, ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვაქებდეთ და მართალთა თანა ვადიდებდეთ ყოვლად­ბრწყინვალესა ნათელსა მამასა, ყოვლადშვენიერსა სიმართლისა მზესა, იესო ქრისტესა და ყოვლად­წმიდასა სულსა ცხოველსმყოფელსა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი პირველისა თავისა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


თავი b [2]

მორჩილებისათვის იესოს ტკბილის უღლისა

 

 


თხრობა სულიერი ია [11]
მორჩილებისათვის გვირგვინოსანისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „გარდამოვხედ ზეცით არა რათა ვჰყო ნება ჩემი, არამედ ნება მამისა ჩემისა“[იო. 6,38]. და სამღთო მოციქული იტყვის ქრისტესთვის: „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ, ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯვარისათა“[ფილ. 2,8].
საყვარელნო, ჭეშმარიტი მორჩილება მამისა სულიერისა, ქრისტეს მსგავსება არს, ვითარცა წერილ არს იესოსთვის, ვითარმედ: „და იყო დამორჩილებულ მათდა“(ლკ. 2,51). ამისთვის მორჩილება კეთილი ღმრთისა მიერ პატივცემულ არს, ანგელოსთაგან საქებელ და კაცთა მიერ სანატრელ და წმიდათა მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და მრავალგზის საკვირველებათა მხილველი. დღესა ერთსა ილოცვიდა რა სანატრელი იგი, აღიტაცა გონებითა და იხილა ოთხი მწყობრი წმიდათა კაცთა ცათა შინა დიდითა დიდებითა და ბრწყინვალებითა განათლებულნი. და ჰკითხა ანგელოსსა, რომელი სდგა მახლობელ მისსა მეტყველმან: „ვინ არიან წმიდანი ესე? მომითხარ, გევედრები ღმრთისათვის“. და ჰრქუა ანგელოსმან:
a. „ერთი მწყობრი არს, რომელნი უძლურებასა შინა არიან, და მადლობითა ღმრთისათა ითმენენ, და რომელნი უძლურთა მსახურებენ, ვითარცა იტყვის უფალი: „უძლურ ვიყავ და მიხილეთ მე“[მთ. 25,36].
b. მეორე მწყობრი არს მათი, რომელნი უცხოთა და გლახაკთა შეიწყნარებენ, ვითარცა იტყვის: „უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“(მთ. 25,35).
g. მესამე მწყობრი არს, რომელნი მარადის ილოცვენ ღმრთისა მიმართ, ვითარცა იტყვის მოციქული: „მოუკლებელად ილოცევდით“(1 თესალ. 5,17).
d. ხოლო მეოთხე მწყობრი არს მათი, რომელნი ჭეშმარიტნი მორჩილნი არიან მამისა მათისა სულიერისა, ვითარცა იტყვის: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა“(ებრ. 13,17).
მიუგო ღირსმან მან ბერმან ანგელოსსა და ჰრქუა: „რაჲსათვის მეოთხე ესე მწყობრი უმეტეს არს სხუათა მათ დიდებითა და ბრწყინვალებითა? რამეთუ ჰმოსიეს მანიაკი ოქროჲსა და ზოსტერი ოქროჲსა და გვირგვინი შვენიერი“. ჰრქუა მას ანგელოსმან: „ამისთვის, რამეთუ სხუანი იგი თვისითა ნებითა ჰყოფენ სათნოებასა და სათნო არს წინაშე უფლისა, გარნა მორჩილება სხვისა ნებისა არს მყოფელი და მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი ღმრთისა მიერ“.
ესერა ესმა წმიდასა მას ბერსა, მოეგო თავსა თვისსა და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ უცილობელი და უდრტვინველი მორჩილება მოძღვრისა და მამისა ჩვენისა სულიერისა, რამეთუ მათი მორჩილება ჭეშმარიტებით ღმრთისა მორჩილება არს და მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი უოხჭნო. რამეთუ ქრისტეს მცნებისათვის და იესოს სიყვარულისათვის დაემორჩილება მოწაფე მოძღვარსა, სწავლასა ზედა სულიერსა და კეთილსა და არა ვნებასა. მორჩილებასა არა მას ვიტყვი, რომელი ცოდვისათვის იყოს წარსაწყმედელად სულისა, ნუ იყოფინ! რამეთუ წერილ არს: „მორჩილება ჯერ არს ღმრთისა, ვიდრეღა რა კაცთა ამაოთა“[საქ. 5,29]. არამედ მორჩილებასა ვაქებ ჭეშმარიტსა, კაცთა მიმართ სულიერთა და მოძღვართა სახიერთა მასწავლელთა კეთილისათა, საცხოვნებელად სულისა ჩვენისა და გვირგვინისა მინიჭებად სულთა მათთასა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ესევითარი მორჩილება მოვიგოთ: მეუფესა ჩვენსა ვმსახურებდეთ და წმიდათა მოწამეთა შორის გვირგვინითა ბრწყინვალითა შემკობილნი ვზატიკობდეთ განათლებულნი, და ყოველთა წმიდათა თანა ვდღესასწაულობდეთ, რომელთა მორჩილებითა დაიმკვიდრეს ზეცისა სასუფეველი. ჩვენცა, ძმანო, კუალსა მათსა შეუდგეთ და სრბა ჩვენი კეთილად აღვასრულოთ. და მათ თანა სავანეობასა ღირს ვიქმნეთ და საუკუნოდ ვიხარებდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი იბ [12]
სიყვარულით მორჩილებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან ჰყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“(მთ. 5,19). და წმიდა მოციქული იტყვის: „ძმანო, მოიხსენენით წინამძღვარნი თქვენი და ერჩდით მათ, რომელნი გეტყოდენ თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა“[ებრ. 13,7].
აწ უკუჱ საყვარელნო, მოძღვართაგან ჯერ არს სიყვარულით სწავლა მოწაფეთა და მოწაფეთა მიერ სიყვარულითავე მორჩილება მოძღვრისა, ვითარცა ანგელოსნი მორჩილ არიან ღმრთისადა და რათა მადლი მისცეს მსმენელთა მათ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და კეთილგონიერი და სწავლის მოყვარე, სიტყვამადლიან. და ესვა მოწაფე მორჩილი, რომელსაცა ყოველსა მიმწუხრსა ასწავებდა სიტყვათა სულიერთა სიყვარულით და ლოცვითა წარგზავნიდა და იგიცა მორჩილებით და სიყვარულით ჰყოფდა სწავლასა მისსა.
დღესა ერთსა მოვიდა ვინმე მთავარი ქრისტეს მოყვარე და მიიღო სწავლა სულიერი მამისა მის მიერ პატიოსნისა. და მივიდა მოწაფეცა იგი მორჩილი ჩვეულებისაებრ. და ვითარცა წარვიდა მთავარი იგი, ენება მამასა მას სულიერსა სწავლა ძმისა, გარნა მიეძინა. ხოლო მოწაფე იგი სდგა და ელოდა განღვიძებად და ლოცვისა მიღებად. და შუაღამესა, ოდენ განიღვიძა, იხილა რა მოწაფე მუნვე მდგომარე, ჰრქუა მას: „რად არა განმაღვიძე, შვილო საყვარელო?“ ხოლო მან მიუგო: „რამეთუ ვეკრძალებოდი სიწმიდესა შენსა, პატიოსანო მამაო“. ლოცვა ჰყო და განუტევა ძმა იგი და თვით დასდგა ლოცვად. და, აჰა, მიეცა განკვირვებასა და იხილა პალატი დიდად შვენიერი და საყდარი შემკობილი კეთილად, და საყდარსა მას ზედა შვიდნი გვირგვინნი ბრწყინვალენი. და იკითხვიდა, თუ: „ვისნი არიან ესე ნეტარისანი?“ და აუწყა მას ანგელოსმან, ვითარმედ: „ესე პალატი შენ მოგანიჭა ღმერთმან, ვინათგან სიყვარულით ჰმოძღვრი მოწაფესა შენსა. და ეგე საყდარი მოწაფესა შენსა მიმადლა, რამეთუ მორჩილებით ისმენს სწავლასა შენსა. ხოლო შვიდნი ესე გვირგვინნი ამას ღამესა მოიგნა მოწაფემან შენმან მოთმინებითა“.
ესერა იხილა ღირსმან ბერმან, მოეგო თავსა თვისსა და მოუწოდა მოწაფესა და ენება ცნობად თუ რაჲ ჰქმნა, რომელ შვიდნი გვირგვინნი მოიგნა. და ჰრქუა: „ღმრთივსულიერო შვილო ჩემო საყვარელო, რაჲსა ჰყოფდი ამას ღამესა საქმით, ანუ სიტყვით, გინა გონებით?“ ხოლო მან მიუგო: „სხუასა არარას, ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, გარნა ესე რომელ შვიდ­გზის ვიიძულე წარსლვად თვინიერ ლოცვისა შენისა და შვიდგზის წინააღუდეგ გონებასა ჩემსა და არა წარვედ“.
ესერა ესმა კაცსა მას ღმრთისასა, გულისჴმა ჰყო ვითარმედ შვიდგზის იბრძოლა ეშმაკისაგან და არა იძლია. ხოლო მოთმინებისათვის და მორჩილებისა მიანიჭა ღმერთმან შვიდნი გვირგვინნი, და ადიდებდა კაცთმოყვარებასა მეუფისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, სიყვარულით ვმორჩილებდეთ მამათა სულიერთა და ვისმენდეთ სწავლათა მოძღვრისათა და აღვასრულებდეთ გონებითა კეთილითა, რათა ავმაღლდეთ ზეცისა სასუფეველსა და გვირგვინითა ბრწყინვალითა ვიხარებდეთ, დიდებითა და ელვარებითა განათლებულნი ვიშვებდეთ.
განვეკრძალნეთ, ძმანო და ნუ ვერჩით მანქანებათა ეშმაკისათა, რათა არა ცოდვითა შევი­ბღალნეთ და შეკრულნი ჴელით და ფერჴით, მივეცნეთ „ბნელსა მას გარესკნელსა, სადაცა არს ტირილი თუალთა და ღრჭენა კბილთა და სატანჯველი საუკუნო“[მთ. 8,12; 22,13].
არამედ გევედრები, საყვარელნო, მორჩილ ვექმნეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა და მისისა სიყვარულითა დავემორჩილნეთ კაცთაცა სულიერთა. და აღვასრულებდეთ სამღთოთა მცნებათა ღმრთივშვენიერთა, რათა ბრწყინვალებითა შემოსილნი, ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ, და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და თაყვანისვსცემდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, დაუსრულებელად. ამინ.

 


თხრობა სულიერი იგ [13]
მორჩილებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“(მთ. 5,41).
ესე არს საყვარელნო, უდვრტვინელი მორჩილება, ვითარცა მოციქული იტყვის: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა… რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის“(ებრ. 13,17).
მორჩილება მამისა სულიერისა ყოველსა კეთილსა ზედა, ანგელოსთა მსგავსება არს, ძმანო! რამეთუ ვითარცა ანგელოსნი მსწრაფლ მორჩილ არიან წამისყოფასა ღმრთისასა, ეგრეთვე მოწაფეთა ჯერ არს მორჩილება მოძღვრისა მათისა ჭეშმარიტებასა ზედა. და ჭეშმარიტნი მორჩილნი საყვარელ არიან ღმრთისა, საქებელ ანგელოსთა და სანატრელ კაცთა მიერ ბრძენთა და მეცნიერთა.
რამეთუ იყო ვინმე წინამძღვარი ღმერთშემოსილი, რომელსა ჰყვანდა ათნი ოდენ მოწაფენი და ერთი მათგანი ფრიად მორჩილ იყო ყოველთავე. და იყო იგი ჴელოვნებით მწერალი, სახელით მარკოზ და მორჩილებისათვის მისისა ყოველთავე საყვარელ იყო და უმეტესად წინამძღვრისადა.
დღესა ერთსა მოვიდნენ სხვისა მონასტრისა ბერნი და ჰრქუჱს წინამძღვარსა: „ღმერთშემოსილო მამაო, ვითარ კეთილად მორჩილ არს სიწმიდისა შენისა ძმა იგი მარკოზ?“ ხოლო მან ჰრქუა: „მოვედით, ღმრთივსულიერნო შვილნო, და იხილეთ მორჩილება მისი“. და ვითარცა მივიდენ კარსა მარკოზ მორჩილისასა, ჴმა უყო წინამძღვარმან ნელიად: „მარკე“.მუნთქვესვე მსწრაფლ გამოვიდა და თაყვანი სცა წინამძღვარსა, ხოლო მან წარგზავნა იგი საქმისა რაჲსათვისმე და თვით შევიდენ სენაკად მისსა და იხილეს ჴელთსაქმარი მისი, რამეთუ „ონი“ დაეწყო დასმად და ესმა რა ხმაჲ წინამძღვრისა, არღარა განასრულა „ონი“ იგი, არამედ მსწრაფლ დაუტევა კალამი და მორჩილ ექმნა მამასა თვისსა სულიერსა.
ესერა იხილეს ძმათა მათ, განკვირვებულნი იტყოდეს: „ნამდვილვე სამართლად გიყვარს, მამაო წმიდაო, ძმა ეგე მარკოზ. და ჩვენცა გვიყვარს ჭეშმარიტად, რამეთუ ღმრთისაცა საყვარელი არს ეგევითარი მორჩილება, და ანგელოსნი გვირგვინსა შეუმზადებენ. და ნეტარ ხარ, მამაო პატიოსანო, რამეთუ ახარებს სულსა შენსა“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა უცილობელი მორჩილება მამისა მიმართ სულიერისა და მოძღვრისა ჩვენისა სახიერისა. რამეთუ იგინი გვეტყვიან სიტყვათა მათ ცხოვრებისათა და მღვიძარებით ევედრებიან ზესთა სახიერსა ღმერთსა სულთა ჩვენთა ცხოვნებისათვის.
და მორჩილ ვექმნეთ წმიდათა წერილთა, რამეთუ მათ მიერ აღმოეცენების ჭეშმარიტი მცნება, წყარო ცხოვრებისა და ყოველივე სამღთო მოძღვრება მაუწყებელი სასუფეველისა სიტკბოებისა და განმაკრძალებელი ჯოჯოხეთისა სიმწარისაგან. ვევლტოდეთ, ძმანო, ურჩებასა სამღთოთა წერილთა და კაცთა სულიერთასა, რათა არა ვიქმნეთ შვილ გეენიისა, რომელთათვის მოიწევის რისხვა ღმრთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა.
არამედ მორჩილ ვექმნეთ ყოველთავე, საყვარელნო, კეთილთა საქმეთა ზედა; და ვისმენდეთ სიმდაბლით, რათა უფალმანცა ტკბილმან და სახიერმან შეისმინოს ლოცვა ჩვენი და იყვნენ ყურნი მისნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩვენისასა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მონანი ვერჩდეთ უფალთა ჩვენთა და უფალნი მორჩილ იყვნენ წმიდათა წერილთა. და ყოველნივე ურთიერთას ვმორჩილებდეთ შიშითა ღმრთისათა და ქრისტეს მიერ სიყვარულითა, რათა ყოველნივე ერთობით ვიხარებდეთ ზეცისა სასუფეველსა, მოციქულთა თანა ვიშვებდეთ, მოწამეთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და მართალთა თანა ვსუფევდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 


თხრობა სულიერი იდ [14]
მორჩილებისათვის ჩინებულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15).
საყვარელნო, მცნებანი მაცხოვრისანი არიან: სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, მოთმინება, მოწყალება და სხვანი, რომელთა წმიდანი წერილნი მოგვითხრობენ.
აწ, უკუჱ, ძმანო, ჯერ არს ჩვენდა, ქრისტეანეთა, მორჩილება წმიდათა წერილთა, რომელთაგან აღმოეცენებიან ყოველნი კეთილნი და ცხოვნება სულისა.
უკეთუ ღმერთმან რაჲდგან დაჰბადა დიდი ესე მნათობი, მზე, მფლობელად დღისა, მიერითგან მორჩილებს ბრძანებასა მისსა და უცთომელად წესისაებრ და განწესებისა ღმრთისა აღმობრწყინდების განთიად და დავალს მიმწუხრი, ვითარცა ჰგალობს დავით: „მზემან სცნა ჟამი დასლვისა თვისისა“(ფს. 103,19). რაოდენ უფროსად ჩვენ, ხატად ღმრთისა დაბადებულთა სიტყვიერთა სულთა და გონიერთა, თანაგვაძს მორჩილება შემოქმედისა ჩვენისა და აღსრულება მცნებათა მისთა.
ხოლო მორჩილება არა ნებისაებრ ჩვენისა ჯერ არს, ძმანო, არამედ ნებისაებრ მოძღვართა ჩვენთასა. დაღაცათუ მცირე იყოს ბრძანებაჲ, განუკითხველად ვმორჩილებდეთ, ვითარცა უფალი ბრძანებს: „მცირესა ზედა სარწმუნო, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“[ლკ. 16,10].
რამეთუ წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი, დიდი ვასილი, მზე იგი კესარიისა და მნათობი ეკკლესიისა, აღვიდა ოდესმე მონასტრად, საღმრთოთა სურვილითა, და განანათლნა მონაზონნი სწავლითა და მოძღვრებითა ღმრთივშვენიერითა. მერმე ჰრქუა წინამძღვარსა: „მამაო პატიოსანო, გყავსაა მოწაფე, რომელსა აქუნდეს ჭეშმარიტი მორჩილება?“ ხოლო მან მიუგო: „ჰე, ყოველნივე მონანი არიან სიწმიდისა შენისანი, მეუფეო წმიდაო“. და მოიყვანა ძმა ერთი და დაადგინა წინაშე მისა და ინება წმიდამან ვასილი გამოცდა ძმისა მის.
ხოლო შემდგომად სერობისა უსხა წყალი ძმამან მან წმიდასა ვასილის და დააბანინა ჴელნი. მერმე ჰრქუა წმიდამან ვასილი ძმასა მას: „მომეც აწ, შვილო, წყალი ეგე, რათა მე გისხა და შენ დაიბანე ჴელნი“. ხოლო მან, ყოველსა შინა ჭეშმარიტმან მორჩილმან, მისცა წყალი უცილობელად და ვასილი უსხმიდა და ძმა იგი იბანდა ჴელთა.
მაშინ ჰრქუა, წმიდამან ვასილი ძმასა მას: „ოდეს აღვიდე, საკურთხეველად მსხვერპლისა შეწირვად, მოვედ შენცა, შვილო, რათა გაკურთხო, რამეთუ სული ღმრთისა განისვენებს შენ ზედა, მორჩილებისათვის შენისა“. და აკურთხა იგი ქრისტეს მიერ დიაკონად მორჩილებისათვის და პატიოსნად მღუდლადცა, ღმრთივშვენიერად სადიდებელად ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჭეშმარიტი მორჩილება წმიდათა მღუდელთ­­მთავართა და ეკკლესიისა წინამძღვართა და მამისა ჩვენისა სულიერისა მოძღვრისა, რამეთუ ღმერთი მათ მიერ გვამცნებს ჭეშმარიტებასა ყოველსა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა, და ღირს ვიქმნებით სამღთოსა კურთხევასა, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34).
და სარწმუნოებით დავემორჩილნეთ წმიდათა წერილთა, რამეთუ წერილნი გვაუწყებენ ნებასა ღმრთისასა და მოგვითხრობენ ცხოვრებასა წმიდათასა და გვამცნებენ სათნოებათა სარგებელსა და განგვაკრძალებენ ეშმაკისა საბრხეთაგან.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მორჩილებად, ვჰსცეთ ყურნი ჩვენნი გლახაკთა და ვისმინოთ ვედრება მათი, რათა ღმერთმანცა ისმინოს ლოცვა ჩვენი და მოგვანიჭოს სასუფეველისა დიდება და დიდადშვენიერი ბრწყინვალება, რომელი განუმზადებიეს მორჩილთა სამღთოთა წერილისათა და მოყვარეთა ყოვლადწმიდისა სახელისა მისისათა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე დამკვიდრებად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი იე [15]
მორჩილებისათვის ქებულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქმნა მორჩილ, ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „და იყო დამორჩილებულ მათდა“(ლკ. 2,51). და ჩვენ მორწმუნეთა მისთა სახე გვექმნა და წინამძღვარ მორჩილებისა.
ამისთვის, საყვარელნო, მორჩილებისა უღელი ტკბილ არს და საწადელ, ვითარცა ბრძანებს ყოვლადტკბილი იესო: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ“(მთ. 11,30). და დიდი მადლი და გვირგვინი ბრწყინვალე მოენიჭების ღმრთისაგან, მორჩილებასა შინა მყოფთა, და აქავე ნაყოფსა სულიერსა წარმოაჩენენ, ცხადმყოფელად მერმისა მის ნაყოფმრავლობისა და პირად პირადთა ყვავილოვან ღმრთივშვენიერისა გვირგვინისა მისაღებელად.
რამეთუ იყო ვინმე ძმათაგანი, სიმდაბლით მშვიდი, სიყვარულით სრული, სიწრფოებით უმანკო, მორჩილებით უზაკველი და უდრტვინელი გულითა, რომელიცა სამღთოს სურვილით წარვიდა მონასტრად და დაემოწაფა ბერსა ვისმე სულიერსა, დიდთა წმიდათაგანსა, და გულსმოდგინებით მორჩილებდა ყოველსავე ბრძანებასა მამისა მის სულიერისასა.
ხოლო წმიდამან ბერმან ინება ცნობა, თუ ვითარსა საზომსა მიწევნილ არს მორჩილებისა მიერ. მოიღო შეშა ხმელი და დანერგა ქვეყანასა და ჰრქუა მოწაფესა მას: „ყოველთა დღეთა მორწყვიდე ამას, შვილო, ვიდრემდის გამოიღოს ნაყოფი“. ხოლო იყო წყალი ფრიად შორს ადგილისა მისგან, რომელ მწუხრი წარვიდის მოწაფე იგი და განთიად მოვიდის, და დაასხის თითო ლაგვინი წყალი დღესა შინა.
ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო, რამეთუ შემდგომად სამისა წლისა, წყალობითა ღმრთისათა და მორჩილებითა მის მოწაფისათა, განედლდა ხე იგი და ჰყო ნაყოფი. და აღიღო წმიდამან ბერმან ნაყოფი იგი ხისა მის და მოიღო წმიდად ეკკლესიად. და ჰრქუა ძმათ სავსებასა: „მიიღეთ და სჭამეთ ნაყოფი ესე მორჩილებისა“. ხოლო მხილველნი ამის საკვირველებისანი, ადიდებდეს სახიერებასა ღმრთისასა და ჰნატრიდენ სიწრფოებით მორჩილებასა ძმისა მის საყვარელისასა.
იხილეთ, საყვარელნო ძმანო, უკეთუ ჭეშმარიტმან მორჩილებამან ხმელი ხე განანედლა და ნაყოფი გამოიღო, რაოდენ უფროსად მადლმან მორჩილებისამან, ცოდვისა მიერ განმხმარი და უნაყოფო სული, ლმობიერ ჰყოს; და ცრემლთა მიერ მორწყულმან ნაყოფი სულისა წარმოაჩინოს, რომელ არიან: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა და მოთმინება“(გალ. 5,22), სიტყვისაებრ მოციქულისა.
ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ მორჩილება მამისა მიმართ სულიერისა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და სიყვარულად ქრისტესა, რამეთუ მოძღვართა მორჩილება ქრისტეს სიყვარულით იქმნების. ვითარცა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა და სახიერსა მოძღვარსა, სიყვარულით მორჩილებდენ წმიდანი მოციქულნი, ეგრეთვე ჩვენდა, ქრისტეანეთა, ჯერ არს მორჩილება მოძღვართა მიმართ სულიერთა, ვინათგან, ქრისტეშემოსილნი იგი, ქრისტეს საყდართა მსხდომარე არიან და ქრისტეს მცნება მოაქვთ სამოძღვრებელად ჩვენდა; და სული წმიდა იტყვის, პირითა მათით ღმრთივშვენიერთა სიტყვათა მათ მადლისათა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მორჩილებითა წმიდათა წერილისათა ლმობიერ ვჰყოთ გული ჩვენი, რათა დასთესოს სიტყვამან ღმრთისამან სიტყვა წმიდისა სახარებისა. და ჩვენ, ნაკადულითა ცრემლთათა მოვრწყოთ იგი, რომელსა ზედა მოჰფინოს მზემან სიმართლისამან შარავანდედი თვისი და სულმან წმიდამან აღაორძინოს. პირველად აღმოაცენოს პირად პირადნი ბრწყინვალენი ყვავილნი სათნოებათანი კეთილსუნნელნი. და მერმე წარმოაჩინოს ღმრთივშვენიერნი ნაყოფნი სულისანი უტკბილესნი მანანაჲსა, რომელიცა მამამან ზეცათამან სათნო იყოს და შეიწიროს. და ჩვენ, მორჩილებით შრომისათვის და სათნოებათა მუშაკობისა, გვირგვინი დიდებისა მოგვანიჭოს. და ესრეთ, ბრწყინვალებითა განათლებულნი, ვიხარებდეთ დაუსრულებელთა მათ კეთილთა ზეცისათა, სადიდებელად ღმრთისა, რომელი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ივ [16]
მორჩილებისათვის კეთილისა

ღმრთივსულირნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“[მრკ. 8,34].
საყვარელნო, უარყოფა თავისა თვისისა ესე არს, რათა კაცმან ნება თვისი დაუტეოს და მოძღვრის ნებასა შეუდგეს, და მორჩილებდეს კეთილითა გონებითა და შეუორგულებელითა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგება და გვირგვინი პირად პირადითა ყვავილითა შეთხზული, ჰაეროვანი და ფრიად შვენიერი.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და კეთილად გუ­ლისჴმისმყოფელი, დამკვიდრებული უდაბნოსა, რომელსაც ძმა ვინმე ქრისტეს სიყვარულით შეუდგა და სიმდაბლით დაემორჩილა მას ნეტარსა. და ჰმსახურებდა უცილობელითა მორჩილებითა და სასოებითა დაუჭნობელისა გვირგვინისათა.
და იყო უდაბნოსა ველსა ადგილსა მხალი კეთილი და მახლობელად მის მხლისა მკვიდრობდა აფთარიცა. დღესა ერთსა ჰრქუა მამამან სულიერმან მოწაფესა: „შვილო, წარვედ ადგილსა მას და მოიღე მხალი, რათა ვისეროთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, ყოვლისა კეთილის მომცემელსა“. მიუგო მოწაფემან: „და რაჲ უყო, მამაო პატიოსანო, აფთარსა მას?“ ხოლო მან ჰრქუა გამოსაცდელად: „შეკარ იგი და მოიყვანე აქა“.
წარვიდა უკუჱ ძმა იგი უშიშითა გონებითა მიმწუხრი და ვითარცა იხილა აფთარმან, მოვიდა შეჭმად მისა. ხოლო მან მინდობითა ლოცვათა მამისათა, ჴელჰყო შეკრვად მისა. და ივლტოდა აფთარი იგი და ძმა იგი სდევდა და ეტყოდა: „სახელითა იესო ქრისტესითა გეტყვი შენ, დასდეგ, რამეთუ მამასა ჩემსა უბრძანებიეს, რათა შეგკრა და მიგიყვანო მისა“. დაეწია, შეიპყრა და შეკრა იგი.
ხოლო მამა მისი, წმიდა იგი ბერი, შეწუხებულ იყო დაყოვნებასა მისსა და დასდგა ლოცვად მისთვის. და აჰა, ესერა მოვიდა მოწაფე იგი და მოიყვანა აფთარიცა შეკრული.
მაშინ გულისჴმა ჰყო კეთილგონიერმან ბერმან, ვითარმედ დიდსა საზომსა მიწევნილ არს ძმა იგი მორჩილებითა თვისითა. და რათა არა აღზუავნეს, ინება დამდაბლება მისი და ჰრქუა: „სულელო, ძაღლი ცოფი მოგიყვანიეს აქა და რად სახმარ არს ჩემდა!“ მეყსეულად განხსნა ძმამან და განუტევა იგი მშვიდობით. და თვით გულისა სიმდაბლითა ადიდებდა ღმერთსა.
ესევითარი საკვირველება ამის მიერ იქმნების, საყვარელნო, უკეთუ ვინ პირველისა ადამის საზომსა მიიწიოს სათნოებითა და უვნებელობითა, მას ყოველნი მხეცნი დაემორჩილებიან, მეორისა ადამისა მადლითა, ვითარცა პირველსა ადამს მორჩილებდენ უწინარეს ცთომისა. ხოლო, უკეთუ მხეცნი დაემორჩილებიან წმიდათა კაცთა, რაოდენ უფროსად სათანადო არს ჩვენდა, რათა დავემორჩილნეთ ღმერთშემოსილთა კაცთა ღმრთისათა, სწავლასა ზედა კეთილსა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვინათგან პირველი ადამ ურჩებისათვის ექსორია იქმნა სამოთხისაგან საშვებელისა, აწ ჩვენ, საყვარელნო, გულითა წრფელითა დავემორჩილნეთ მეორესა ადამს, და მის მიერ დადგინებულს მოძღვარსა სულიერსა და შევიდეთ სამოთხესა ზეცისასა.
და უკეთუ დავიმორჩილნეთ პირუტყულნი ვნებანი ჴორციელნი, წარმწყმედელნი სულისანი, ვიქმნებით უვნებელ და არღარა დაგვაყენებს ჩვენ შესლვად სამოთხესა ხერუვიმი მოტყინარე და მახვილი იქცევისი. რამეთუ უფალი და მეუფე ჩვენი გვიბრძანებს: „შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21).
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მორჩილებითა ქრისტესითა შევიდეთ, ადამის ურჩებით დახშულსა სამოთხესა შვენიერსა და საწადელსა; და მორჩილებასა შინა დამაშვრალთა განვისვენოთ საშვებელთა მათ სიტკბოებისათა; და ვიყნოსდეთ კეთილსუნნელთა ყვავილითა სამოთხისათა და ვიგემებდეთ ნაყოფთა ყოვლადსაწადელთა და ტკბილთა; და მუნ განვიცადოთ და ვიხილოთ ტკბილი უფალი. და ყოველთა მართალთა თანა ვიქცეოდეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა და ანგელოსთა თანა უგალობდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი იზ [17]
მორჩილებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს ყოველთა მსახურ“[მრკ. 9,35].
საყვარელნო, სიმდაბლით და მორჩილებით მსახურება ძმათა, ქრისტეს მსგავსება არს, ვითარცა თვით ბრძანებს: „არა მოვიდა ძე კაცისა რათამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28]. ამისთვის სურვილით საწადელ არს, ძმანო, შვენიერ და პატიოსან სიმდაბლით მსახურება და მორჩილებით მოთმინება. და არს ესე ნამდვილვე ღმრთისმსახურება, ანგელოსთა მიერ საქებელ, წმიდათა გზაჲ უცთომელი და კაცთაგან ბრძენთა სანატრელ.
რამეთუ იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე, დიდებული, ბრძენი და მეცნიერი, რომელმან მიიღო წმიდათა წერილთა კითხვითა სამღთო გულისჴმისყოფა და ყოველი მონაგები თვისი განჰყიდა და გლახაკთა განუყო, რათა ზეცისა დიდება დაიმკვიდროს. და წარვიდა მონასტრად და ბერსა ვისმე ღმერთშემოსილსა დაემორჩილა სიმდაბლით და ჰმსახურებდა სასოებითა საუკუნო განსვენებისათა. და ჰრქუა მას წმიდამან ბერმან: „მნებავს, შვილო ჩემო, რათა ჰმსახურებდე ძმათა დუმილით. ხოლო კაცმა მან საკვირველმან ესრეთ დაიდუმა ენა თვისი, რომელ ხუთსა წელიწადსა ყოვლადვე არარაჲ სთქუა სიტყვაჲ. და გონებითა მარადის ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და ყოველსა მსახურებასა ძმათასა ჰყოფდა უცონელად.
დღესა ერთსა წინამძღვარმან მონასტრისამან წარგზავნა იგი საქმისა რაჲსათვისმე იმიერ კერძო მდინარისა. და წარავლინა სხუა ძმაცა შემდგომად მისა, რათა იხილოს, თუ რაჲსა იქმს და ვითარ განვალს მდინარესა მას დიდსა. და ვითარცა მივიდა წიაღ მდინარესა, მოიდრიკნა მუხლნი და ჰყო ლოცვაჲ. და აჰა, ესერა მოვიდა ხვითქი (რომელ არს დიდი თევზი), და იტვირთა მორჩილი იგი კაცი ღმრთისა და განიყვანა იმიერ. და მან ჰყო საქმე იგი, რომელისათვის წარგზავნილ იყო, და კვალად იტვირთა ხვითქმან და მოიყვანა ამიერ კერძო. და მოვიდა ძმა იგი, რომელი წარვლენილ იყო ხილვად მისა და მოუთხრა ესე ყოველი წინამძღვარსა და ძმათა ყოველთა. და უკვირდათ მსმენელთა, და მრავალნი ჰნატრიდეს და ჰბაძვიდეს მორჩილებასა და სიმდაბლესა მისსა.
ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა აღესრულა პატიოსნად სანატრელი იგი, და მივიდა ანგელოსთა წინამძღვრებითა წინაშე უფლისა, რომლისა სიყვარულით იყო დამორჩლებულ კაცთა, და გვირგვინი ბრწყინვალე მიიღო ღმრთისა მიერ დიდებად საუკუნოდ.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, დავიმდაბლოთ თავი ჩვენი, რათა აღვიმაღლოთ სული ჩვენი [მთ. 23,12; ლკ. 14,11; 18,14]. ქრისტეს მცნებისათვის ვმორჩილებდეთ ურთიერთას შიშითა ღმრთისათა კეთილთა ზედა და სიმდაბლით ვჰმსახურებდეთ უპირატესთა. და უმეტესად სასოებითა ვჰმსახურებდეთ უძლურთა, რომელთა ქრისტემან ძმად თვისად უწოდა, ვითარმედ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“(მთ. 25,40). ამისთვის უცხოთა უძლურთა მსახურება ქრისტესდა მიიწევს და წინაშე ყოვლადდიდებულისა მის საყდრისა ცხადად წარმოსდგების სახილველად ყოველთა ანგელოსთა და კაცთა. და მაშინ მათ მაგიერად მადლობასა ქრისტე გვიბრძანებს ღმრთივშვენიერითა პირითა და ყოვლადბრწყინვალითა ჴმითა, ვითარმედ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34), დამაშვრალნო უძლურთა, უცხოთა მსახურებითა და განისვენეთ სასუფეველსა. ვინათგან საქმეთა აბრაჰამისთა იქმოდით, წიაღთამცა აბრაჰამისთა განისვენეთ და იხარებდეთ საუკუნოდ.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ნუ დავაკლდებით ამას სანა­ტრელსა და საწადელსა ჴმატკბილობასა, არამედ ვიქმნეთ მდაბალ გულითა, მორჩილ სმენითა, მსახურ სნეულთა მოთმინებითა და ნუგეშინის ვსცემდეთ პყრობილთა ტკბილითა სიტყვითა. კურთხევით ვსთესოთ სათნოება და კურთხევითცა მოვიმკოთ ნაყოფი სულისა. და დავიუნჯოთ ცხოვრებად საუკუნოდ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი იჱ [18]
კეთილგონიერებით მორჩილებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მეცნიერ იყვენით, ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი“[მთ. 10,16].
საყვარელნო, ჰშვენის ჩვენდა, ქრისტიანეთა ღმრთივსწავლულთა წმიდათა წერილისათა, რათა მარადის მღვიძარე ვიყვნეთ გონებითა და მეცნიერ გულისჴმისყოფითა. რათა არა გველისა მსგავსმან ეშმაკმან გვაცთუნოს ჩვენ ვერაგობითა თვისითა, ვითარ იგი ძველ ოდესმე აცთუნა ევაჲ. არამედ უმანკო ვიყვნეთ, ვითარცა ანგელოსნი და ვნებათაგანი ვერარაჲ შემოგვეხოს. უკეთუ უმანკოებითა და სიწრფოებითა გულისათა ვმორჩილებდეთ წმიდათა კაცთა და სამღთოთა წერილთა მოძღვრებასა და ვერცა რაჲ გვავნოს ეშმაკმან მანქანებითა თვისითა.
რამეთუ ძმა ვინმე მართალი, წრფელი, უმანკო და მორჩილი მივიდა ბერისა ვისმე თანა, წმიდისა და კეთილგონიერისა და ჰრქუა: „ღმერთ­შემოსილო მამაო პატიოსანო, მარქუ მე სიტყვა ცხოვრებისა“. მიუგო წმიდამან ბერმან: „წარვედ, შვილო, იქმოდე ჴელთსაქმარსა შენსა მყუდროებით და მწუხრითი მწუხრად მიიღებდე საზრდელსა“. და მან ჰყო მცნებისაებრ მამისა მის სულიერისა.
ხოლო ბერმან, ვითარცა იხილა გულს­მოდგინება მისი და სიწრფოებით მორჩილება სათნოებისა მიმართ, მიუთხრა მას სხუაცა წესი და განგება ანგელოსებრივისა მოქალაქობისა, უვნებელისა მარხვისა, კანონიერისა ლოცვისა, ზომიერისა ჴელთსაქმრისა, უდრტვინელისა მორჩილებისა და გონებით მღვიძარედ ყოფნისა. ხოლო სიწრფოებით მსმენელი ამათი კეთილად წარემატა სათნოებითა, მადლითა ღმრთისათა და მორჩილებითა მის წმიდისა მამისათა.
შემდგომად ამისა შურითა ეშმაკისათა იწყეს გულისსიტყვათა მისთა სიმაღლედ, ვითარმედ: „აჰა, ესერა ამაღლდი სათნოებითა და დიდ იქმენ პატივითა“. ხოლო მან კეთილგონიერებით მოიხსენნის თვისნი ბრალნი და ცოდვანი და დამდაბლდის.
კვალად ეტყვიედ მას გულისსიტყვანი, ვითარმედ: „დიდად ცოდვილ ხარ და არა ეგების ცხოვნება შენი“. ხოლო მან სიბრძნით სასოება შეიმოსის და იტყვინ: „ვინათგან ფრიად ცოდვილ ვარ, ვჰყოფდე მცირესა მას ლოცვასა ჩემსა წინაშე ღმრთისა; და ვესავ ურიცხვთა მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელ შემიწყალოს მე ცოდვილი“.
და ვითარცა ამით მეცნიერებითა ორკერძოვე იძლივნეს მტერნი იგი სულისა ჩვენისანი, გამოუჩნდეს მას ცხადად ეშმაკნი და ეტყოდეს: „მოგვეწყინა შენთანა, კაცო“. ხოლო მან ჰრქუა: „რად, ანუ რაჲსათვის?“ და მათ მიუგეს: „უკეთუ აღგამაღლოთ ზუაობად, შენ ივლტი სიმდაბლედ; და უკეთუ დაგამდაბლოთ სასოწარკვეთილებად, შენ აღისწრაფებ სიმაღლედ“.
და ესრეთ მადლითა ღმრთისათა განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლათაგან ეშმაკისათა და წარემატა სათნოებითა და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ მორჩილებისა მიერ ადვილად წარემატებიან სათნოებასა შინა ღმრთისმოშიშნი; რამეთუ სიმდაბლე საფუძველი არს სათნოებათა, ხოლო მორჩილება – კარი. და „რომელი შევალს კარით, იგი ჭეშმარიტ არს, და მეკარემანცა განუღის“[იო. 10,2-3], და შევიდის სასუფეველად სიხარულსა უფლისა თვისისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, პირველად მოვიგოთ სიმდაბლე, მტკიცე იგი საფუძველი სათნოებათა. და შევიმოსოთ მორჩილება, ვითარცა კარი ჭეშმარიტებისა, რომელისთვის ბრძანებს მწყემსი იგი კეთილი: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ჰსცხოვნდეს“(იო. 10,9).
ჰე, გევედრები ძმანო, იესოს მიერ შევიდეთ მორჩილებასა შინა და აღვაშენოთ სიმდაბლისა საფუძველსა ზედა სახლი სათნოებათა და ყოვლითა სამკაულითა შევამკოთ და ლამპრითა ბრწყინვალითა განვანათლოთ, მოვირტყნეთ წელნი ჩვენნი ჭეშმარიტებითა, და აღვანთნეთ სანთელნი ჩვენნი სიწმიდითა და დავმატოთ ლამპართა ჩვენთა ზეთი მოწყალებითა; რათა, რაჟამს გვირეკოს უკუდავმან სიძემან, სიხარულით მივეგებნეთ მეტყველნი: „მოვედ, სიხარულო ჩემო, და მიხსენ მათგან, რომელთა გარემოუცავ მე“. ხოლო მან ტკბილმან და სახიერმან მეუფემან გვიბრძანოს: „ეჰა, კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო… შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21) და იხარებდ საუკუნოდ. ესე ყოველი იქმნების, საყვარელნო, მორჩილებითა იესო ქრისტესითა, რომელისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 


თხრობა სულიერი ით [19]
სიმხნისათვის და გულსმოდგინებისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, მიგცემ თქვენ ჴელმწიფებასა და ძალსა მტერსა ზედა“[ლკ. 10,19].
საყვარელნო, მტერნი სულისა ჩვენისანი არიან ბოროტნი ეშმაკნი, რომელნი ყოველსა კეთილსა ზედა გვებრძვიან და ჰნებავსთ დახრწევა ჩვენი კეთილისაგან. ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, ძმანო, სიმხნე და გულსმოდგინებით ლოცვა ღმრთისა მიმართ, და იგინი მსწრაფლ განიდევნებიან ყოვლადძლიერითა ძალითა ქრისტესითა.
რამეთუ იყო ვინმე ძმათაგანი დამორჩილებულ დიდისა ვისმე ბერისა სწავლასა ზედა სულიერსა. და ოდეს დასდგის ლოცვად, შეექმნის მრავალფერი სალმობა მანქანებითა ეშმაკისათა: სტკივინ თავი და წელი, და ახურვებნ. ხოლო კეთილგონიერმან ძმამან შეიმოსის სიმხნე და გულს­მოდგინება. და იტყვინ თავსა შორის თვისსა: „აჰა, ესერა ფრიად უძლურ ვარ და სიკუდილი ახლოს არს, აღვსდგე და ვჰყო მცირე იგი ლოცვა ჩემი საგზლად გზისა მისთვის საუკუნოჲსა“. და ამით კეთილითა გულისსიტყვითა განძლიერდის უძლურებისაგან და ილოცის გულსმოდგინედ. ხოლო ოდეს დასცხრის ლოცვისაგან, დასცხრის ყოველივე სალმობაცა მისი. და ოდეს მოიწიის ჟამი ლოცვისა, მოვიდის სენიცა იგი ხურვებისა. გარნა სანატრელი იგი ამითვე გულისსიტყვითა აღასრულებდა ლოცვასა თვისსა კეთილად.
ამას ძმასა წარმოუდგა ეშმაკი და ჰრქუა ლიქნით: „რად იჭირვი, კაცო? მცირედ განისვენე, რამეთუ უძლურ ხარ და მოჰკუდები“. ხოლო მან კეთილგონიერებით მიუგო: „მეცა ამისთვის ვიჭირვი, რამეთუ ვიცი, რომელ მოვჰკუდები და უკეთუმცა არა მაქუნდა შიში სიკუდილისა, არამცა ვიჭირვოდე“.
ამის ესევითარისა სასოებისაგან სირცხვილეულ იქმნა ეშმაკი, და განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლისაგან და ადიდებდა ღმერთსა.
გულისჴმა ვჰყოთ საყვარელნო, რამეთუ, რომელნი კეთილად დაიმწყ­სებიან მამისა მათისა მიერ სულიერისა და მოძღვრისა მორჩილებითა, იგინი ადვილად მძლე ექმნებიან საცდურთა ეშმაკისათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო, სიწრფოებით დავემორჩილნეთ მამათა ჩვენთა სულიერთა და ჭეშმარიტებისა მოძღვართა სახიერთა. და სარწმუნოებით ვისმენდეთ და მორჩილებით აღვასრულებდეთ მათ მიერ ქადაგებულსა მცნებასა ღმრთისასა, რამეთუ სული წმიდა იტყვის პირით მათით.
და გულსმოდგინებით ვიკითხვიდეთ და ვისმენდეთ სამღთოთა და წმიდათა წერილთა მოძღვრებასა, თაფლისა გოლეულისა უტკბილესთა მცნებათა ღმრთისათა, რომლისათვის ფსალმუნებს დიდი იგი მგალობელი დავით და იტყვის: „შევიყვარენ მცნებანი შენნი უფალო, უფროს ოქროსა და ანთრაკისა… და რამეთუ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა“[ფს. 118,127; 118,103].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მხნე ვიყვენეთ და განვძლიერდეთ! დაღაცათუ უძლურ ვიყვენეთ ჴორცითა, გარნა გულსმოდგინე ვიქმნეთ სულითა. სიმხნით და სურვილით აღვასრულებდეთ ლოცვასა და სათნოებასა და მოსწრაფე ვიყვნეთ ყოველსავე კეთილსა, ვითარცა გვიქადაგებს ეკკლესიისა ჴმაშვენიერი მოძღვარი პავლე მოციქული, ვითარმედ: „სწრაფასა ნუ მცონარე ხართ“(რომ. 12,11). სადა ჯერ იყოს, საყვარელნო, სწრაფაჲ სათნოებისათვის, ნუ მომედგრდებით. და სადა ჰშვენოდეს მოთმინება, ნუ სულმოკლე ვიქმნებით. და ესრეთ წარვემატნეთ ყოველსა შინა კეთილსა მადლითა ქრისტესითა. და სათნო ვეყვნეთ ყოვლისა კეთილისა მიზეზსა და წარმმართებელსა ღმერთსა, რომელი იგი მამა არს მოწყალებისა და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინისცემისა. „რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს და სახიერ და მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“[ლკ. 6,35; მთ. 5,45].
ჵ, საყვარელნო ძმანო ჩემნო, ვიქმნეთ კეთილ და მოგვეფინოს შარავანდედი მზისა მის სიმართლისა და მოგვეცეს სიმხნე და ძალი, ვითარცა ჰგალობს დავით: „უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი“(ფს. 29,7). და მაშინ ვიქმნეთ ჰაერ კეთილოვან, ღმრთივშვენიერ ყვავილოვან, სულითა ნაყოფიერ და ელვარედ განათლებულ ბრწყინვალებითა იესო ქრისტესითა, რომელისა არს დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება, რომელსაცა თაყვანისვსცემთ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

თხრობა სულიერი კ [20]
ღმრთისა სახიერებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე უბრძანებს მოშურნესა: „თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ“(მთ. 20,15).
საყვარელნო, ღმერთი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე ყოვლადსახიერ არს და ზესთა სახიერი და არავინ არს მისებრ სახიერ, გარნა იგი მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი. და სიყვარულითა მისითა ჯერ არს ჩვენდა მორჩილება ღმერთშემოსილთა კაცთა, ცხოვრებისა მიმართ წინამძღვართა, ვითარცა ეკკლესიათა წინამძღვარი პავლე გვამცნებს მეტყველი: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა… რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის“(ებრ. 13,17). ამით სიტყვითა მოწაფეთა მორჩილება განუჩინა სამღთომან მოციქულმან და მოძღვართა მღვიძარედ ლოცვა დაუმტკიცა მორჩილთათვის. და ესე არს სამართალ და სათნო ღმრთისა.
რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი და წინამძღვარი ღმერთშემოსილი, კაცი ღმრთისა და განათლებული მადლითა სულისა წმიდისათა, რომელსა ჰყვანდეს ღმრთივსულიერნი შვილნი კეთილად დამწყსილი. და ერთი მათგანი იყო ფრიად მორჩილ ყოველსა შინა საქმესა, და წარგზავნეს იგი სოფლად საჭიროსა საქმისათვის; და მუნ ყოფასა მისსა, შურითა ეშმაკისათა, შეემთხვია ცოდვა რაჲმე დიდი და მსწრაფლ მოვიდა მონასტრად; და ვითარცა აღიარა, მეყსეულად მოკუდა, თვინიერ სინანულისა; და პირი მის მკუდრისა ესრეთ განშავდა, ვითარცა ფსკერი ტაფისა.
მაშინ ღირსმან და სულთმოყვარემან წინამძღვარმან შეჰკრიბნა ყოველნი ძმანი ეკკლესიად და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, ყოველთავე უწყით, რომელ ამას, ძმასა ჩვენსა, მორჩილებისათვის ჩვენისა შეემთხვია ცოდვაჲ, და ჩვენ ვართ მიზეზი ამის წარწყმედისა. ამისთვის ჯერ არს ჩვენდა ფრიადი შრომა და ლოცვა მისთვის წინაშე სახიერისა და კაცთმოყვარისა ღმრთისა“.
ყოველნივე დასცვივნეს პირსა ზედა მათსა და მხურვალითა ცრემლითა სტიროდეს, სამ დღე და სამ ღამე არარაჲსა გემოჲ იხილეს ყოვლადვე, არამედ სტიროდეს და ჰგოდებდეს საყვარელისა ძმისა სულისათვის.
და ყოვლადღირსი იგი წინამძღვარი მიეცა განკვირვებასა, და იხილა ყოვლადსახიერი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოწყალე ქმნილად ღვაწლსა და ვედრებასა ზედა მათსა. ხოლო ეშმაკნი შეასმენდეს მიცვალებულსა მას და იტყოდეს: „მეუფეო მართლმსაჯულო, ჩვენი არს ესე, რამეთუ ჩვენ შევაცთუნეთ და ვაქმნიეთ ცოდვაჲ“. და გამობრწყინდა მაცხოვრისაგან ბრძანება ესევითარი, ვითარმედ: „ვინათგან მართლმსაჯულ ვარ, ჰშვენის ჭეშმარიტებისა ჰსჯაჲ და სამართალ არს – არა უგულებელსყოფაჲ ესოდენთა კაცთა წმიდათა ვედრებისა და ცრემლთა, რომელთა თავნი თვისნი სიკუდილად მიუცემიესთ ძმისათვის. ამისთვის ჯერ არს სმენა მათი, რამეთუ მოწყალე ვარ, სახიერ და კაცთმოყვარე“. ესერა ესმათ მეუფისაგან ეშმაკთა, ივლტოდეს სირცხვილეულნი.
და მოეგო წინამძღვარი თავსა თვისსა განკვირვებისა მისგან და მოუთხრა ესე ყოველი ძმათა მათ. და კვალად განთეთრდა პირი მკუდრისა მის. და სარწმუნო იქმნეს, რომელ აცხოვნა ღმერთმან მოწყალებითა თვისითა და ლოცვითა წმიდათა მათ კაცთათა, ვითარცა წერილ არს: „არს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“[რომ. 10,12]. და მადლობით ადიდებდეს სახიერებასა მისსა.
აჰა, საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ: სიმდაბლით მორჩილებამან ძმისამან და სიყვარულით ლოცვამან მამათამან და სახიერებით მოწყალებამან ღმრთისამან, თუ ვითარი დიდებული საკვირველება გამოგვიცხადა, რამეთუ წყალობამან ღმრთისამან დასძლო სჯასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ სიმდაბლით მორჩილება მოძღვართა მიმართ სულიერთა და ეკკლესიისა წინამძღვართა. და სასოება გვაქუნდეს, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა ჩვენთათვის და ჩვენცა მორჩილებასა შინა ვილოცვიდეთ, და მათთა მღვიძარედ ლოცვასა თანა შევერთნეთ.
და უკეთუ სხუათა ჩვენ უბრძანებდეთ მორჩილებასა, ჰშვენის ჩვენდა მათთვის მღვიძარება და მხურვალედ ლოცვაჲ, რათა ორკერძოვე გვირგვინი ბრწყინვალე მოვიღოთ მადლითა ქრისტესითა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მოვიხსენოთ, თუ რაოდენნი პირუტყვნი ველისანი და მფრინველნი ცისანი დამორჩილებულ არიან ჩვენდა ბრძანებითა დამბადებლისათა. ხოლო ჩვენ, საყვარელნო, პირმეტყველნი, ხატად ღმრთისა დაბადებულნი, დავემორჩილნეთ მცნებათა ღმრთისა ჩვენისათა, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. რამეთუ იგი სახიერი სიტკბოებით გვამცნებს ურთიერთას სიყვარულით მორჩილებასა, რათა ღმრთივშვენიერთა მცნებათა მისთა აღმასრულებელნი, ჩვენცა, ყოველთა მართალთა თანა, ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა, და ვადიდებდეთ ყოვლადსახიერსა მამასა და თანამოსაყდრესა ძესა, და თანა­მფლობელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეორისა თავისა

 

 

 

 

 


თავი g [3]

აღსარებისათვის და სინანულისა
ანგელოსთა მხიარულმყოფელისა

 


თხრობა სულიერი კა [21]
აღსაარებისათვის ჭეშმარიტისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, აღსარებისა პატიოსნება პირველივე მოასწავა წინასწარმეტყველმან დავით, რომელ სთქუა: „აღუარო უფალსა ბრალი ჩემი და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩვენისა“[ფს. 31,5]. და იოანე ნათლისმცემელმან გამოაცხადა ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „ნათელს იღებდეს იოანესგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა“[მრკ. 1,5]. ხოლო ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან დაამტკიცა და წმიდათა მოციქულთა ჰქადაგეს, ვითარცა იტყვის იოანე ღმრთისმეტყველი: „უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი, სარწმუნო არს და მართალ, რათა მოგვეტევნეს ცოდვანი ჩვენნი და განვსწმდეთ ყოვლისაგან სიცრუისა“[1 იო. 1,9]. და წმიდათა მამათა ღმრთივშვენიერად განფინეს ყოველსა ეკკლესიასა შინა, და სულისა ცხონებისათვის ნამდვილ საჭიროდ აღმოაჩინეს.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, კეთილგონიერი და გულისჴმისმყოფელი, და ჰყვა მას მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მანქანებითა ეშმაკისათა, იპარებდა პაქსიმადსა და იდუმალ სჭამდა უჟამოდ. ყოველსავე ცოდვასა აღუარებდა მოძღვარსა თვისსა, ხოლო ცოდვასა მას პარავობისასა დაუფარვიდა.
დღესა ერთსა იწყო ბერმან სწავლად მოწაფისა თვისისა და განგებითა ღმრთისათა მოვიდა სიტყვა აღსაარებისათვის და სთქუა ვითარმედ: „ყოველი ცოდვა მიეტევების კაცთა სახიერებითა ღმრთისათა, ხოლო აღსაარებისა დაფარვა მოძღვრისა წინაშე არა მიეტევების: არცა ამას სოფელსა, არცა მას საუკუნესა. რამეთუ იუდაცა ყოველსავე იტყოდა, წინაშე მოძღვრისა მის ყოვლადსახიერისა, გარნა ცოდვა იგი განმცემელობისა არა აღიარა, და მისთვის, მიიღო რა უღირსად საიდუმლო წმიდისა ზიარებისა, შევიდა მისა ეშმაკი“.
ესერა ესმა მოწაფესა მას, შეძრწუნდა სულითა და შეუვრდა ფერჴთა სულიერისა მის მამისათა და ცრემლითა დაალტობდა. და აღუარა ცოდვა იგი პარავობისა და აღმოიღო უბეთაგან პაქსიმადი და უჩვენა. და გამოვიდა წიაღთაგან მისთა შავი კუამლი, სავსე სიმყრალითა, ვითარცა წუნწუბისა. და ცრემლით ევედრებოდა მოტევებასა, და ითხოვდა ლოცვასა შემდგომად კრძალულებისათვის.
მაშინ ჰრქუა მას მამამან სულიერმან: „ჵ, შვილო, ქრისტემან განგათავისუფლა ტყვეობისაგან ეშმაკისა აღსაარებისა ამის მიერ. ამისთვის სასწაულიცა გიჩვენა დასამტკიცებელად სიტყვათა ჩემთა. ამიერითგან ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაჲმე გეყოს შენ, არამედ აწ ყოველნივე მოგიტევნეს უფალმან ღმერთმან ჩვენმან კაცთმოყვარებითა თვისითა, რომელსა „არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვნება მისი“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47].
აწ უკუჱ საყვარელნო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნათესავი ეშმაკთა განვალს კაცისაგან ლოცვითა და მარხვითა“[მრკ. 9,29]. ხოლო აღსაარებითა, ვითარცა კუამლი, განქარდების და სინანულითა, ვითარცა სიმყრალე, უჩინო იქმნების. რამეთუ ჭეშმარიტისა აღსაარებითა და ლმობიერითა სინანულითა და კანონისა აღსრულებითა, მადლი ყოვლად­­წმიდისა სულისა დაემკვიდრების ჩვენ შორის, და ეშმაკთაგან სრულიად განვთავისუფლდებით.
ამისთვის, გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, სრულიად აღვიარეთ ცოდვანი ჩვენნი წინაშე სულიერისა მამისა და მოძღვრისა ჩვენისა, რათა არა სირცხვილეულ ვიქმნეთ წინაშე ქრისტესა და ყოველთა ანგელოსთა და კაცთა, და იუდას თანა დავისაჯნეთ აღსაარებისა დაფარვითა და ზაკვით ზიარებითა სიწმიდისა მპარავ ვიქმნეთ, და ეშმაკთა თანა ვიტანჯებოდეთ ჯოჯოხეთსა შინა საუკუნოდ.
არამედ გევედრები, ძმანო, განვიბანოთ სული ჩვენი სინანულისა ცრემლითა და განწმედილნი შემუსრვილის გულით ვეზიარნეთ უკუდავ­მყოფელთა ქრისტეს საიდუმლოთა, და მისითა მადლითა განმღრთობილნი ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად ზეცისა სასუფეველსა. და ნაყოფიერნი სულითა მართალთა თანა ვიყვარებოდეთ, მონანულთა თანა ვიხარებდეთ, ვინათგან ნაყოფი სულისა არს სიყვარული ჭეშმარიტი, სიხარული უოხჭნო. ღირსთა თანა ვიშვებდეთ, წმიდათა თანა ვზატიკობდეთ და ღმრთისა ბრწყინვალებითა განათლებულნი მარადის უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანისვსცემდეთ დაუსაბამოსა მამასა, მხოლოდშობილსა ძესა და ცხოველსმყოფელსა სულსა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი კბ [22]
აღსაარებისა დამფარველისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტრე ბრძანებს: „ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა“(იო. 3,20).
საყვარელნო, ნათელმყოფელი სულისა ჩვენისა, ჭეშმარიტი აღსაარება არს. ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ყოველი განცხადებული ნათელ არს“[ეფ. 5,13]. და რომელი ნათელსა აღსაარებისასა არა მოვალს, იგი ბნელსა შინა არს. და ბნელმან ცოდვისამან დაუბრძნეს თუალნი გონებისა მისისანი, და ემხილების სიბოროტე თვისი ჟამსა სასჯელისასა.
რამეთუ კაცმან ვინმე ბოროტ ჴელოვანმან შექმნა ნაცვალი კლიტისა და განაღებდა კარსა ბერისა ვისმე ღირსისა და პატიოსნისასა, რომელსა აქუნდა ჴელთსაქმრითა თვისითა მოგებული მცირედი ოდენ კერმა (რომელ არს ფარა), რათა მით გამოზარდოს თავი თვისი, და უმრავლესსა მისცემდა გლახაკთა მოწყალებად. და იწყო კაცმან მან პარვად კერმასა მისსა. ხოლო ბერმან დასწერა ქარტასა ზედა, ვითარმედ: „უფალო და ძმაო ჩემო, რომელიცა ხარ, ჰყავ სიყვარული და ნახევარი კერმისა ამის შენ წარიღე და ნახევარი მე დამიტევე, სახმრად სიგლახაკისა ჩემისა“. და განჰყო კერმა იგი ორად და დასდვა მას ზედა ქარტა იგი. და ვითარცა მოვიდა ჩვეულებისაებრ მპარავი იგი, იხილა ქარტა, აღმოიკითხა და განხივა იგი და ყოველივე კერმა წარიღო სრულიად. და ოდეს იხილა ძვირუხსენებელმან ბერმან, აკურთხა და ულოცა ბოროტისმყოფელსა თვისსა, ვითარცა უფალი ბრძანებს: „კეთილსა უყოფდით ბოროტისმყოფელთა თქვენთა და ულოცევდით, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ“[მთ. 5,44].
ხოლო ყოვლადსახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენი, სულგრძელ ექმნა მპარავსა მას და ელოდა სინანულსა მისსა. და ვინათგან ნებსით არა შეიგონა და არცა აღიარა აღსაარებასა შინა, მიეცა იგი სალმობასა სასტიკსა და მიიწია სიკუდილად. და მრავალჟამ განისჯებოდა და არა განვიდა სული მისი ჴორცთაგან. და მაშინღა შეინანა და მოუწოდა წმიდასა მას ბერსა და ჰრქუა ვედრებით: „შემინდევ, მამაო პატიოსანო, და შემიწყალე ჟამსა ამას ჭირისასა და ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რამეთუ მე ვარ, რომელი ვიპარავდი კერმასა შენსა“. მიუგო მას ბერმან: „საყვარელო შვილო, მე მაშინვე მიგიტევე, გარნა შენ რად არა აღიარე აქამომდე?“ და ჰყო ბერმან ლოცვა მისთვის მხურვალითა გულითა. და სახიერი ღმერთი სულგრძელ ექმნა, ვიდრემდის შეინანა და მერმეღა მიიცვალა, ვითარცა თვით ბრძანებს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული მისი“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47], დიდება კაცთმოყვარებასა მისსა.
იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ ბოროტ არს ცოდვისა ჩვეულებაჲ და უბოროტეს არს აღსაარებასა შინა დაფარვაჲ და სიბნელესა შინა ყოფაჲ.
ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, პირველად განვეკრძალნეთ, რათა არა შთავარდეთ ცოდვასა შინა. და უკეთუ შეგვემთხვიოს ვნება რაჲმე ეშმაკის მანქანებითა, ანუ სოფლისა საცთურითა, გინა ჴორცთა უძლურებითა, მეყსეულად აღვიარნეთ წინაშე მამისა ჩვენისა სულიერისა მოძღვრისა, რამეთუ არავინ უწყის დღე სიკუდილისა თვისისა. ამისთვის მოსწრაფედ შევინანოთ, ძმანო, და აღსაარებითა განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი და სრულიად განვიკურნეთ წყლულებანი სულისა ჩვენისანი. და ნურარას დაუტეობთ ნაოჭ-ბრძვილისა. ყოველნივე აღვიარნეთ ბრალი ჩვენნი საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი. და განვთავისუფლდეთ ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან; რამეთუ უფალი ბრძანებს: „რომელმან ჰქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა“(იო. 8,34) და ეშმაკისაცა.
ხოლო ესრეთ იქმნების განთავისუფლება, რათა ცოდვა მოვიძულოთ და ყოვლითურთ აღვიარნეთ. და მოძღვრისა მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შევიწყნაროთ და აღვასრულოთ და არღარა მივიქცეთ ცოდვისა მიმართ, რათა არა იქმნეს უძვირეს პირველისა.
ჰე, გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მოვიძულოთ ცოდვაჲ და განვაგდოთ ბოროტი უღელი მისი ჩვენგან. და განვხეთქოთ აპაური მისი და შევიყვაროთ სათნოება და შევიტკბოთ ქრისტეს ტკბილი უღელი და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მისითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი კგ [23]
სასოებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელი იქმს ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად“(იო. 3,21).
საყვარელნო, კეთილითა სასოებითა აღსაარებაჲ ნათელი არს გულისა ჭეშმარიტი. ხოლო სიბოროტე შეუნანებელი, ბნელი არს საუკუნო, რომლისათვის გვამცნებს მოციქული: „განვიშორნეთ ძმანო, საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა“(რომ. 13,12). საჭურველი ნათლისა არს ჭეშმარიტი აღსაარება. რათა სასოება მტკიცე გვაქუნდეს, რომელ, აღსაარებისა მიერ და სინანულისა, ცოდვანი ჩვენნი მოგვეტევებიან ღმრთისა მოწყალებითა უეჭველად, და ესე სარწმუნო არს და მართალ ყოველთა წმიდათა მამათა წამებითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი, წმიდა და ღმრთისა მიერ განათლებული სულითა და კეთილად გულისჴმისმყოფელი გონებითა. მივიდა მისა მთავარი ვინმე დიდებული და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, უკეთუ ვინმე შთავარდეს ცოდვასა დიდსა, კვალად შეიწყნარებსაა ღმერთი სინანულისა მიერ და აღსაარებისა?“ ხოლო წმიდამან ბერმან მრავალთაგან იგავთა და სახეთა სამღთოთა წერილისათა გულისჴმა უყო მეტყველმან: „ჰე, ჭეშმარიტად შეიწყნარებს სახიერი ღმერთი და არა უგულებელს ჰყოფს მონანულსა. მითხარღა, საყვარელო შვილო, უკეთუ განიხიოს ქლამინდი შენი, განაგდებაა მას?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა, არამედ კვალადცა შევკერამ და შევიმოს, წმიდაო ღმრთისაო“. ჰრქუა მას ბერმან: „უკეთუ შენ, შვილო, სამოსელსა შენსა ჰრიდებ, არა უფროსად ქველისმოქმედმან ღმერთმან ჰრიდოსაა?! ხატად თვისად დაბადებულსა თვისსა სულსა, რომელმან აურაცხელითა წყალობითა თვისითა ძესაცა თვისსა არა ჰრიდა ცოდვათა ჩვენთა ხსნისათვის“.
ჰრქუა მას მთავარმან: „ცოდვა დიდი სამ წელ შეინანებისაა, ღმერთ­შემოსილო მამაო?“ მიუგო ბერმან: „მე მრწამს, საყვარელო შვილო, კაცთმოყვარისა ღმრთისა მიერ, უკეთუ აღიარნეს ვინმე ცოდვანი თვისნი, ვითარცა ჯერ არს და შეინანოს გულითა ჭეშმარიტითა, და არღარა მიიქცეს ცოდვისა მიმართ, სამთა შინა დღეთა მიეტეოს ყოველნი ცოდვანი მისნი წყალობითა ღმრთისათა. რამეთუ მოწამე არს ამას ზედა პეტრე მოციქული, რომელმან სამგზის უარ ჰყო რა ქრისტე, განვიდა გარე და სტიროდა მწარედ. და შემდგომად სამისა დღისა სამგზის კითხვითა ვითარმედ, გიყვარმეა? მიუტევა და ცხოვართა თვისთა მწყემსობაცა არწმუნა. და კვალად ავაზაკი, რომელმან აღიარნა ბრალეულება თვისი და სამთა შინა ჟამთა შეინანა და სამოთხე დაიმკვიდრა“.
ამათ ესევითართა სარწმუნოთა სიტყვათა მიერ სასოება შეიმოსა მთავარმან და ლმობიერ იქმნა, აღიარნა მანცა ცოდვანი თვისნი ყოველნივე და შეინანა ჭეშმარიტებით და მადლობით ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, აღვიარნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი წინაშე მოძღვრისა ჩვენისა სასოებითა მტკიცითა და შემუსრვილითა გულითა. და გვრწმენეს უეჭველად, რომელ აღსაარებითა ლმობიერითა და სინანულითა ჭეშმარიტითა, ცოდვანი ჩვენნი მოგვეტევებიან ღმრთისა მიერ და განთავისუფლდებით ვნებათაგან, რამეთუ უფალი ბრძანებს: „უკეთუ ძემან განგათავისუფლნესთ ცოდვისაგან, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“(იო. 8,32). და ლმობიერითა სინანულითა, ვითარცა წამლითა კეთილითა სრულიად განვიკურნებით, ვითარ იგი იტყვის იაკობ მოციქული: „აღუარებდით ცოდვათა, რათა განიკურნეთ“[იაკ. 5,16]. ჰე, ნამდვილვე ჭეშმარიტად! აღსაარება კურნება არს სულისა, ეშმაკთა მიერ მოწყლულისა და თავისუფლება არს ქრისტეს მიერ ჭეშმარიტისა მონანულისა.
და ნუ დავფარავთ ცოდვათა ჩვენთა, ძმანო, წინაშე მოძღვრისა ჩვენისა სირცხვილისა მიზეზითა, რათა არა დაფარულნი გულისა ჩვენისანი ცხად იქმნენ წინაშე ანგელოსთა და კაცთა; მეტყველისამებრ, ვითარმედ: „არა არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს“(ლკ. 12,2). და უკეთუ გვრცხვენეს აქა აღსაარებაჲ ცოდვათა ჩვენთა წინაშე მოძღვრისა, ქრისტეცა გარემიიქცევს ღმრთივშვენიერსა პირსა თვისსა ჩვენგან და უმეტესად გვრცხვენეს წინაშე ყოველთა დაბადებულთა, ვითარცა თვით ბრძანებს: „რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემდა მომართ, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თვისითა“[მრკ. 8,38].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, აქავე აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი და აღვხოცოთ უსჯულოებანი ჩვენნი სინანულითა, რათა მუნ უბიწონი წარვიდეთ და განწმედილნი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 


თხრობა სულიერი კდ [24]
რათა არა სასოწარკვეთილ ვიქმნეთ

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“(მთ. 9,12; მრკ. 2,17); [ლკ. 5,31].
საყვარელნო, სულისა წყლულება ცოდვა არს და კურნება მისი არს აღსაარება და სინანული. მომწყვლელი არს ბოროტი ეშმაკი და კეთილი მკურნალი არს იესოს მსგავსი მოძღვარი, სახიერი და ტკბილი. ხოლო სასოწარკვეთილება სრულიად სიკუდილი არს თავისა თვისისა და სულისა ჯოჯოხეთად შთაგდება. და რომელმან აღმოიყვანოს ესევითარისა სიღრმისაგან სული დაბრკოლებული, მიემსგავსების იესოს და დიდსა მადლსა შეიძენს სულისა თვისისათვის, ვითარცა წერილ არს: „რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან“(იაკ. 5,20).
რამეთუ კაცი ვინმე შესცდა ეშმაკისა საცთურითა და შეემთხვია ცოდვა რაჲმე დიდი; და სასოება ცხოვრებისა წარიკვეთა, ვინათგან გამოუცდელ იყო კაცთმოყვარებასა ღმრთისასა. და უკანასკნელ ლმობიერ იქმნა და იწყო სინანულად. წარვიდა მოძღვრისა მიმართ თვისისა და ცოდვა იგი არა აღუარა პირველად, არამედ ჰრქუა: „მამაო სულიერო, უკეთუ ესევითარსა ცოდვასა შინა შთავარდეს ვინმე, არსღაა სასოება ცხოვრებისა მისისა სინანულითა ფრიადითა, ანუ არა?“ ხოლო იგი მამა ბრძენ იყო და კეთილგონიერ, ვითარცა ჰშვენის მოძღვართა. აღაღო განათლებული პირი თვისი აღსავსე მადლითა სულისა წმიდისათა და იწყო უწყებად მისა სამღთოთა წერილთაგან და ღმრთივსულიერთა თხრობათა მიერ, სამოთხისა უშვენიერესთა. და განანათლა გონება მისი მეტყველმან: „შვილო ჩემო საყვარელო, არა არს ცოდვა მძლე მოწყალებათა ღმრთისათა, რამეთუ ბუნებით ტკბილ არს სახიერი იგი. ვითარცა გალობს მეფსალმუნე: „ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობა შენი“(ფს. 68,17). და მან მხოლომან უცოდველმან ტარიგმან უბიწომან აღიხვნა ცოდვანი სოფლისანი და კაცთმოყვარებით შეიწყნარებს მონანულთა, დაღათუ ოდენ ვინ ღირსად შეინანოს“.
ესერა ესმა კაცსა მას, სასოება დიდი მიეცა და მრავლითა ლმობიერებითა აღიარნა ყოველნივე ცოდვანი თვისნი. ხოლო სანატრელი იგი მამა სულიერი არა შეჭმუნდა, არამედ, ვითარცა ბრძენმან მკურნალმან, შეუხვია წყლული სულისა მისისა, და ვითარცა წამალი კეთილი დასდვა სინანულისა. და ყოვლითურთ განცხოველებული ძღვნად პატიოსნად წარუდგინა ღმერთსა, და ვითარცა ვარსკულავი განათლებული, ადიდებდა სახიერებასა მისსა.
ამისთვის ჰშვენის ჩვენდა, საყვარელნო, რათა კეთილგონიერი მოძღვარი მოვიძიოთ, შემძლებელი დაცემულისა სულისა აღდგინებად და არა გარეწარობით უმეცრისა და გამოუცდელისა მოძღვრისა აღსაარებად. და ჯერ არს მოწაფეთაგან მოძღვართა მიმართ სრული სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, ვითარცა ქრისტე მეუფისადა. და მაშინ ქრისტე მაცხოვარი ჩვენი პირითა მოძღვრისათა მოგვიტევებს ყოველთავე ცოდვათა ჩვენთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, რაგვარიცა ცოდვა შეგვემთხვიოს, ნუ წარვიკვეთთ სასოებასა, რამეთუ არავინ არს უცოდველ თვინიერ ღმრთისა. არამედ სასოებით შეუვრდეთ ფერჴთა მოძღვრისა ჩვენისათა და ცრემლითა ლმობიერითა აღუაროთ ბრალნი ჩვენნი. და გულთმეცნიერმან იესო მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი, რომელსა აქუს ჭეშმარიტებით ჴელმწიფება მიტევებად ცოდვათა. და სულგრძელებით ელის სინანულსა ჩვენსა, და მზა არს მოწყალებად ჩვენდა ძვირუხსენებელი იგი, რათა ჩვენ ცოდვანი შევინანნეთ და მან შეგვიწყნაროს. და უმეტესი მადლიცა მოგვანიჭოს, უმეტესად შემნანებელთა, ვითარცა წერილ არს: „სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი ღმრთისა“[რომ. 5,20]. ამას რა ვიტყვი, არათუ გნვაადვილებ ცოდვასა, – ნუ იყოფინ! არამედ განვაკრძალებ, რათა არავინ სასოწარკვეთილებად მოვიდეს.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, სარწმუნოებით აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი მოძღვართა ჩვენთა კეთილთა და სარწმუნოთა. და გულსმოდგინედ შევინანოთ ბრალნი გულისა ჩვენისანი, ვითარცა იტყვის: „რაჲცა სთქუათ გულთა შინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ“(ფს. 4,5). და ნუ შეურაცხ ვჰყოფთ მოძღვართა ჩვენთა, ნუცა ძვირსა უზრახავთ ყოვლადვე, რათა არა ცოდვანი ჩვენნი შეორკეცდენ და უმეტესი სასჯელი მიგვეხადოს და იუდასთან დავისაჯნეთ, რომელმან მოძღვარსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ სასოებითა და სიყვარულითა პატივს ვცემდეთ მოძღვართა, ვითარცა ქრისტესა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და პატივი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

თხრობა სულიერი კე [25]
ღმრთისა განგებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვსჭამოთ, ანუ რა ვსუათ, ანუ რა შევიმოსოთ, რამეთუ იცის მამამან თქვენმან ზეცათამან, რაჲ გიხმს ამათ ყოველთაგანი“[მთ. 6,31-32].
საყვარელნო, ღმერთი ჩვენი, მამა მოწყალებისა, ყოველსავე კეთილად განაგებს სიბრძნითა თვისითა, კაცად კაცადისა ცხოვრებასა და იცის გულთ­მეცნიერებით და წინასწარმცნობელობით, თუ რომელსამე კაცსა ვითარი ცხოვრება ჰშვენის საუკუნოსა ცხოვრებისა პოვნისათვის, და ეგრეთცა განაგებს სახიერებითა თვისითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი პატიოსანი მლოცველი, განშორებული სოფლისაგან და მარტოებით დაყუდებული მთასა შინა. და ევედრებოდა ღმერთსა დღე და ღამე სულისა თვისისა ცხოვნებისათვის. ამან ღირსმან იხილის კაცი ერთი, რომელი მოვიდის დღე ყოველ ძირსა მის მთისასა ტყესა შინა, და ჴელითა თვისითა მოსტეხდა შეშასა. და შეკრის მცირე ტვირთი, განჰყიდდა და მით გამოზრდიდა სიგლახაკესა თვისსა. ხოლო ბერი იგი ლმობიერ იქმნა წყალობად მისა, და ევედრა ღმერთსა, რათა შეიწყალოს და ნუგეშინის სცეს კაცსა მას. და აჰა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „ბერო, ვითარ იგი არს კაცი ეგე, კეთილად არს, რამეთუ ყოველთათვის უმჯობესად განაგებს ღმერთი“. მიუგო ბერმან: „ვევედრები კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომლისა წყალობითა მრავალნი მდიდარნი დიდებულად სცხონდებიან, ამასცა კაცსა ერთი წალდი მიანიჭოს, რათა არა ჴელითა მოსტეხდეს შეშასა“. ჰრქუა მას ანგელოსმან: „აჰა, ესერა მიეცემის მას წალდი, გარნა შენ იხილე და იზრუნე უკანასკნელი მისი“.
და ვითარცა წარვლიდა კაცი იგი, ჰპოვა წალდი გზასა ზედა და მხიარულ იქმნა. და იწყო მოსწრაფედ მოკვეთად შეშისა მრავლისა და განსყიდვად.
ამისა შემდგომად ერთი სხუა კაცი, უგლახაკესი მისსა, მოსტეხდა ჴელითა შეშასა. ვითარცა იხილა იგი წალდის მქონებელმან, მიუხდა და ჰრქუა: „ვინ ხარ შენ და რად მოსტეხ შეშასა, რამეთუ ჩემდა ჯერ არს მოკვეთად წალდითა?“ ხოლო მან ჰრქუა: „უფალო ჩემო, ესე ტყე ღმრთისა განგებით არს, შენ წალდი გაქვს, უმრავლესსა მოჰკვეთ, ხოლო მე ჴელითა უმცირესსა, რათა ნუგეშვცე სიგლახაკესა ჩემსა“. მსმენელი ამისი განრისხნა და მოჰკვეთა თავი მისი წალდითა.
ესერა იხილა დაყუდებულმან ბერმან, დააგდო თავი თვისი ქვეყანასა ზედა და იწყო ტირილად მწარედ. და მოიყვანა კაცი იგი და მრავლითა სწავლითა და შრომითა ლმობიერ ჰყო და განუწესა კანონი სინანულისა. და თვითცა უმრავლესთა ჟამთა ძლიერად ინანდა. და ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა და აღსაარებითა ვიდრემდის გულსავსე ჰყო იგი ანგელოსმან ნუგეშინისცემითა მიტევებისათვის და განისწავლა მადლობით შეწყნარებად განგებულებისა ღმრთისა.
ისმინეთ და გულისჴმა ჰყავთ საყვარელნო, თუ ვითარ ღმერთი ყოველთათვის უმჯობესად, სიბრძნით განაგებს ცხოვრებასა ჩვენსა. რამეთუ რომელნი ღირს არიან, განამდიდრებს გლახაკთ მოწყალებისათვის და რომელთამე სიგლახაკით ამყოფებს, მადლობით მოთმინებისათვის. გარნა ყოველსავე უმჯობესად იქმს სულთა ჩვენთა ცხოვნებისათვის, რათა მდიდარი მოწყალებითა და გლახაკი მოთმინებითა ადიდებდეს სიბრძნით განგებულებასა ღმრთისასა.
ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, ღმრთის განგებულებასა თაყვანისცემით ვმადლობდეთ. უკეთუ მდიდარ ვიყვნეთ საფასითა, მდაბალ ვიყვნეთ გულითა და ნაყოფიერ ვიქმნეთ გლახაკთა წყალობითა. და უკეთუ გლახაკ ვიყვნეთ და ნაკლულევან, ღმრთის მადლობით მოვითმენდეთ.
ხოლო უკეთუ მართალ ვიყვნეთ და გვაქუნდეს სათნოებათა სიმრავლე, სიმდაბლით ვიქცეოდეთ ძმათა შორის და ღმერთსა ვმადლობდეთ, რამეთუ მის მიერ არს ყოველი ნიჭი კეთილი. და უკეთუ ცოდვა რაჲმე შეგვემთხვიოს ეშმაკისა საცთურითა, რამეთუ მის მიერ არს ყოველი სიბოროტე, მეყსეულად შევინანოთ გულსმოდგინებითა და განვიწმიდნეთ სულნი ჩვენნი აღსაარებითა და ცრემლითა მხურვალითა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, ესრეთ ყოვლით კერძო, განკრძალულ ვიყვნეთ ცოდვისაგან, რათა განვერნეთ სატანჯველთა საუკუნეთა, ეშმაკთა და ცოდვილთათვის უნანელთა განმზადებულთა. არამედ შემკობილ ვიყვნეთ ყოვლითა სათნოებითა, რათა ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა, მართალთათვის განჩინებულსა ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი კვ [26]
რათა არა განვიკითხვიდეთ კაცთა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ“(მთ. 7,2).
აწ უკუჱ საყვარელნო, განკითხვა კაცისა ცოდვასა ზედა, დიდი შეცოდება არს წინაშე ღმრთისა. და რომელიცა განიკითხავს მოყვასსა, თვითცა მისისა ბრალისა თანამდებ იქმნების.
რამეთუ იყო ვინმე კაცი, ღმრთისმოშიში და მართალი და ილოცვიდა მარადღე ღმრთისა მიმართ. დღესა ერთსა იხილა ერთი ძმათაგანი, რომელი სცთა, ვითარცა კაცი ჴორციელი. და მლოცველმან კაცმან განიკითხა იგი. და ოდეს მივიდოდა ეკკლესიად, მოვიდა ანგელოსი უფლისა და დასდგა წინაშე მისა და ჰრქუა: „არა შეგიშვებ შენ ეკკლესიად, რამეთუ არა ღირს ხარ“. ხოლო კაცი იგი შეიპყრა შიშმან და ზარმან, და ძრწოლით ევედრებოდა ანგელოსსა და ეტყოდა: „გევედრები, რაჲ არს საქმე ესე?“ მიუგო ანგელოსმან: „ღმერთმან მომავლინა შენდა მეტყველმან, ვინათგან პირველ ჩემსა შენ განიკითხე ძმა იგი ცთომილი, შენვე განაჩინე ადგილი, სადა დავაწესო სული მისიო“.
ესერა ესმა კაცსა მას ღმრთისმოშიშსა, უმეტესად შეძრწუნდა, დავარდა პირსა ზედა თვისსა და თავსა ქვეყანად სცემდა და მხურვალითა ცრემლითა იტყოდა: „ვსცოდე ენითა ჩემითა, ვსცოდე, უფალო! უფალო, სახიერო და ძვირუხსენებელო, შემინდევ წყალობისა შენისათვის, კაცთმოყვარეო“.
მაშინ ჰრქუა მას ანგელოსმან: „აღსდეგ, შეგინდო შენ ღმერთმან სინანულისა მაგისთვის და ცრემლთა მაგათ შენთა. გარნა ამიერითგან ნუღარავის განიკითხავ, ვიდრემდის ქრისტემან განიკითხოს კაცად კაცადი, მორავიდეს დიდებითა თვისითა, რამეთუ მისდა მოცემულ არს ჴელმწიფება სასჯელისა ყოფად“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, განვე­კრძალნეთ ენასა ჩვენსა, რათა არავინ კაცთაგანი განვიკითხოთ, რამეთუ დიდი შეცოდება არს ღმრთისა განკითხვა მოყვსისა. და ნუცა ძვირსა უზრახავთ ძმასა, და ნუცა რას ბოროტსა ვიტყვით ვისთვისმე, რამეთუ იტყვის სული წმიდა: „დააცხვრე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა“(ფს. 33,14); [1 პეტ. 3,10]. და თუ ოდესმე გვითქუამს უგუნურებით, აწ „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27]. რამეთუ კეთილისმოქმედნი აღსდგებიან და საუკუნოსა ცხოვრებისა მიმართ ამაღლდებიან. ხოლო ბოროტის­მოქმედნი საუკუნოსა სასჯელითა ჯოჯოხეთად შთაითხევიან და ვითარცა უწყალო იგი მდიდარი, შემწუარი ცეცხლისა ალითა, ინატრიდენ ნაწვეთსა წყლისასა განსაგრილებელად ენისა კაცთა განმკითხველისა [ლკ. 16,24]. და ესეცა მცირე ვედრება არა შეისმინების წინაშე ღმრთისა, ვინათგან აქა ჩვენ არა ვისმენთ ბრძანებასა ღმრთისასა, ვითარმედ: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“[მთ. 7,1].
არამედ ჵ, საყვარელნო, პირველ მის დღისა მოწევნადმდე გევედრები და გამცნებ, აღვირ ვასხნეთ ენასა ჩვენსა დაუპყრობელსა და განვეკრძალნეთ მოყვსისა განკითხვისაგან, ძმისა მიმართ ძვირისზრახვისაგან, კაცთა წყევისაგან და ღმრთის სახელის ფიცისაგან, არამედ მოვიგოთ ჶსალმუნება ენითა, დიდებისმეტყველება ღმრთისა, ლოცვა და კურ­თხევა მოყვსისა, მარადის ვედრება ცხოვნებისათვის სულისა ჩვენისა, რათა ყოველნი ერთბამად ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა, წმიდათა თანა ვიხარებდეთ, მართალთა თანა ვიშვებდეთ, ღირსთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და ანგელოსთა თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მართლმსაჯულსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი კზ [27]
სინანულისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“(მთ. 4,17).
საყვარელნო, სინანული გან­მწმედელი არს სულისა, სინანული განმანათლებელი არს გულისა, სინანული აღდგომა არს დაცემულისა, სინანული განმდევნელი არს ეშმაკთა და მხიარულმყოფელი ანგელოსთა. ვითარცა ანგელოსთა მეუფე ბრძანებს: „სიხარული იქმნების ცათა შინა წინაშე ანგელოსთა ღმრთისა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“[ლკ. 15,10].
რამეთუ იყო ვინმე ძმათაგანი კეთილკრძალული და სამღთოთა საქმეთა მოსწრაფე, ხოლო შურითა ბოროტისა ეშმაკისათა შეემთხვეოდა ძილსა შინა დაცემაჲ. და მსწრაფლ აღსდგის და ცრემლითა ლმობიერითა შეუვრდის ღმერთსა და იტყვინ შემუსრვილითა გულითა: „ვსცოდე, ღმერთო ჩემო, ცად მიმართ და წინაშე შენსა. შემიწყალე მე, ვითარცა უძღები იგი შვილი, რამეთუ მიწა ვარ და ნაცარი; მარადის ვსცოდავ უდებებითა ჩემითა, ვითარცა კაცი უძლური, არამედ შემინდევ შენ, ვითარცა ხარ ღმერთი სახიერი და მოწყალე“.
ესრეთ ლმობიერად ინანდა ძმა იგი სანატრელი. ხოლო იხილა რა ეშმაკმან სასოებისა მისისა სიმდიდრე, ენება რათამცა სასოწარკვეთილებად მოიყვანა იგი, რომელი უძვირეს არს ყოველისავე. გამოუჩნდა მას და ჰრქუა: „ცუდად ჰშვრები, კაცო, ვერ სცხონდები! რამეთუ შებღალულ ხარ ცოდვითა“. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „დაღაცათუ ვერ ვსცხონდე, არამედ თავსა ზედა შენსა ვიპოვები და გიხილავ შენ ფერჴთა ქვეშე ჩემთა დასჯილად, გარნა მე არა დავსცხრები ვედრებად ღმრთისა ჩემისა, რამეთუ იგი სახიერ არს და კაცთმოყვარე“.
მაშინ უჩინო იქმნა სირცხვილეული ეშმაკი, და განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლისაგან და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პირველად განვეკრძალნეთ ყოველსავე ცოდვასა და უკეთუ ეშმაკისა მანქანებითა შეგვემთხვიოს ვნება რაჲმე საქმით, ანუ სიტყვით, გინა გონებით, მსწრაფლ შევინანოთ ცრემლითა მხურვალითა და აღსაარებითა კეთილითა. და ვითარცა უძღები იგი შვილი, ვიტყოდეთ: „ვსცოდე, მამაო, ყოვლადსახიერო, ცად მიმართ და წინაშე შენსა“[ლკ. 15,21] და მომიტევე ტკბილო, მოწყალევ კაცთმოყვარებითა შენითა. „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27]. და შესწორებულად ცოდვათა ჩვენთა შევინანოთ და ნაყოფი გამოვიღოთ სიწმიდისა, ვითარცა ჴმა ბრწყინვალე ღაღადებს სინანულისა ქადაგი იოანე ნათლისმცემელი: „ჰყავთ უკუჱ ნაყოფი ღირსი სინანულისა“(მთ. 3,8; ლკ. 3,8). რათა განვერნეთ მერმისა მისგან რისხვისა, რომელნი მიელიან ცოდვილთა და უნანელთა, ჯოჯოხეთსა შინა სატანჯველი საუკუნო: „ღრჭენა კბილთა, ტირილი თუალთა, მატლი დაუძინებელი, ცეცხლი დაუშრეტელი, ვაება ულხინებელი და გოდება დაუსრულებელი“[მთ. 22,13; მრკ. 9,43-48].
არამედ გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, ღირსად შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი: საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი. და ნაცულად ვნებულებისა ღმრთივშვენიერთა სათნოებათა ვიქმოდეთ, რათა სინანულითა განწმედილნი და ნაყოფთა სულისათა გამომღებელნი, ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა. და ჩვენსა მოქცევასა ზედა გამხიარულებულთა, ანგელოსთა თანა უგალობდეთ ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიუთხრობელსა სიტკბოებასა. და თუალთშეუდგამითა ელვარებითა მისითა განვნათლდეთ სამარადისოდ, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნი მართლმადიდებელნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისათა, „რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47] და ცხოვრება საუკუნო, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი კჱ [28]
სხვათა სულისა ცხოვნებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ჩემი ჭამადი არს, რათა ვჰყო ნება მამისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი“[იო. 4,34].
საყვარელნო, ესე არს ნება ღმრთისა, რომელ ჩვენცა ვსცხონდეთ და სხუანიცა ვაცხოვნოთ, ვითარცა იტყვის მოციქული: „ნუ ვინ ხოლო თავისასა ეძიებნ, არამედ მოყვსისასაცა სულისა ცხოვნებასა“[1 კორ. 10,24; ფილ. 2,4].
ესე არს ჭეშმარიტი სიყვარული, სათნო უფლისა, ესე არს მსხვერ­პლი ცხოველი ღმრთისა მიმართ შეწირული, ესე არს ძღვენი პატიოსანი და მსგავსება ქრისტესი.
რამეთუ, ვითარცა მაცხოვარი, ყოველთა უფალი იესო მოვიდა და სამარიტელი იგი დედაკაცი აცხოვნა. ეგრეთვე იყო ვინმე ბერი, წმიდა და პატიოსანი, რომელსა ესვა დაჲ ქალაქსა შინა ბოროტად მქცევი. წარვიდა მისისა სულისა ცხოვნებისათვის და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, დაო ჩემო საყვარელო, რომელ მრავალთა სულთა დააბრკოლებ და ექმნები მიზეზ წარწყმედისა?! და ვითარ თავს იდებ საუკუნოსა ტანჯვასა ჯოჯოხეთსა შინა?“
ესერა ესმა დასა მას, შეძრწუნდა სულითა და იწყო ტირილად, მეტყველმან: „უფალო ჩემო ძმაო, არსღაა სინანული?“ ჰრქუა მას ბერმან: „ჰე, არს ჭეშმარიტად, უკეთუ ღირსად შეინანო, რამეთუ ღმერთი ჩვენი მოწყალე არს და კაცთმოყვარე, და ნებავს ყოველთა ცხოვრება“[ფს. 102,8; 144,8; 1 ტიმ. 2,4].
მეყსეულად შეუდგა ძმასა თვისსა თავშიშველი და ფერჴთშიშველი, და წარვიდენ უდაბნოდ. და მგზავრ ასწავებდა სინანულსა, და იგი ლმობიერად ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა. და სლვასა მათსა, იხილნეს კაცნი მომავალნი და ჰრქუა ძმამან: „დაო ჩემო პატიოსანო, ვინათგან არა ყოველთა უწყიან თუ დაჲ ხარ ჩემი, მცირედ მივეფარნეთ, რათა არა დაბრკოლდენ ჩვენ ზედა და ჩვენ ვექმნათ მიზეზ ვნებისა მათისა“.
და ვითარცა დასხდენ ერთსა ადგილსა, ვიდრე მათ წარვლეს და ჰრქუა მას ძმამან: „აღსდეგ, დაო, და წარვიდეთ“. ხოლო იგი არა აღსდგა, რამეთუ მომკუდარ იყო. იხილა ბერმან შუბლი მისი შესვარული ოფლითა, თუალნი ცრემლითა, და ფერჴნი შეღებულ სისხლითა, დასდგა ლოცვად და ევედრა ღმერთსა მხურვალედ, რათა გამოუცხადოს საქმე მისი. და აჰა, მოუთხრა მას ანგელოსმან: „ვინათგან სრულიად უგულებელს ჰყო თავი თვისი და ჭეშმარიტის გულით მოიქცა და შეუდგა ქრისტესა, შეიწირა სინანული და აცხოვნა ეგე და მწყობრსა მართალთასა დააწესა სულითა“. ესერა ესმა ღირსსა მას ბერსა, მადლობით ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.
ისმინეთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო და გულისჴმა ჰყავთ, სახიერება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რამეთუ ვითარცა ავაზაკი მცირედსა ჟამსა აცხოვნა, ეგრეთვე ამისიცა სინანული და აღსაარება მიითვალა. და ცხოვნებისა მისისა მიზეზსა, ბერსა, უხრწნელი გვირგვინი განუმზადა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, უფალნო ჩემნო, რათა ჩვენი ცხოვრება კეთილად წარვმართოთ და სხუათა სულთა ცხოვნებისათვისცა ვზრუნვიდეთ, ვითარცა იტყვის პავლე, ვითარმედ: „ქრისტე არა თავსა თვისსა სათნო ეყო“(რომ. 15,3), „არამედ ყოველთა ექმნა ყოვლადვე, რათა ყოველნი აცხოვნნეს“[1 კორ. 9,22].
ეგრეთვე ჩვენცა, საყვარელნო, ეკკლესიად რა მოვიდოდეთ ლოცვად, სხუათაცა გულსმოდგინე ვჰყოფდეთ. და რაჲსაცა სათნოებასა სულთა ჩვენთა ცხონებისთვის ვიქმოდეთ, მასვე ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთა ვასწავებდეთ და წარუმართებდეთ. და ესე არს ჭეშმარიტი სულიერი სიყვარული და მსგავსება ქრისტესი, რამეთუ ბრძანებს: „ვითარცა მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენ ჰყოფდეთ… და ნეტარ ხართ უკეთუ ჰყოფდეთ ამას“[იო. 13,15-17].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ნეტარებასა სამღთოსა ნუ დავაკლდებით და ვისწრაფოთ სულთა ჩვენთა ცხოვნებად და მოყვასთაცა, რათა ყოველნი ერთბამად გვირგვინითა ბრწყინვალითა ვიხარებდეთ სასუფეველისა დიდად შვენიერსა დიდებასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი კთ [29]
ღმრთისა მოწყალებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“[მთ. 9,13]; (მრკ. 2,17).
საყვარელნო, სინანული, ღმრთისა კაცთმოყვარებისაგან უსაზღვრო მოწყალებისა ნიჭი არს, რომელ ჭეშმარიტისა სინანულისა მიერ იქმნების ცხოვნება ცოდვილთა, მოწყალეყოფა ღმრთისა, მხიარულება ანგელოსთა და უჩინოყოფა ეშმაკთა.
რამეთუ იყო ვინმე დედაკაცი ქალაქსა შინა მრავლითა სიბოროტითა შებღალული მრავალთა წელთა და ცოდვისა მიერ დამონებული ეშმაკთა. და ყოვლადსახიერმან ღმერთმან, რომელსა არავისი ჰნებავს წარწყმედა, მოდრიკა გული მისი სინანულად. და მოიხსენა დედაკაცმან დღე სიკუდილისა თვისისა და ჟამი მეორედ მოსლვისა უფლისა. და შეძრწუნდა გულითა და აღუარნა ყოველნი ცოდვანი თვისნი მოძღვარსა ლმობიერად. განვიდა ქალაქით და წარვიდა მონასტერსა ქალწულთასა სინანულად. და ვითარცა მიიწია ბჭეთა მონასტრისათა, მეყსეულად მოკუდა.
და ღმერთმან გამოუცხადა წმიდასა ვისმე ეპისკოპოსსა, რომელმან იხილნა წმიდანი ანგელოსნი, მოსრულნი წარყვანებად სულისა მის მონანულისა; და მოვიდეს ეშმაკნიცა. წმიდანი ანგელოსნი იტყოდეს, ვითარმედ: „სინანულად მოვიდა ესე და ჩვენი არს“. ხოლო ეშმაკნი იტყოდეს: „ესოდენთა წელთა ჩვენ გვმონებდა ცოდვითა და არცაღათუ მოიწია მონასტრად და ვითარ იტყვით თუ სინანულად მოვიდა?“ მიუგეს წმიდათა ანგელოსთა: „რაჲთგან მოაქცია მაგან გული თვისი სინანულად და ჭეშმარიტებით ყოველნივე აღუარნა მოძღვარსა თვისსა, მიერითგან გულთმეცნიერმან ღმერთმან იხილა გულსმოდგინება მაგისი და შეიწირა სინანული. და რამეთუ მოქცევისა და სინანულისა უფალ ეგე იყო, რომელსაცა შეუდგა ჭეშმარიტებით; ხოლო ჟამთა და წელთა ცხოვრებისა უფალ ღმერთი არს და მეუფე ყოველთა“.
სიტყვასა ამას ზედა ჰრცხვენა ეშმაკთა და უჩინო იქმნეს და ანგელოსთა ნათლისათა წარიყვანეს სული იგი მონანული დიდებად ღმრთისა.
იხილეთ, საყვარელნო, უსაზღვრო მოწყალება ღმრთისა და სახიერი კაცთმოყვარება, თუ ვითარ ტკბილი იგი წყალობითა მცირედისა ჟამისა სინანულითა მრავალთა და დიდთა ცოდვათა მოგვიტევებს. და ყოვლითა ღონისძიებითა წადიერ არს ცხოვნებად ჩვენდა, უკეთუ ჩვენ ჭეშმარიტის გულით მოვიქცეთ და შევინანნეთ ბრალნი ჩვენნი ურიცხუნი.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27], რამეთუ არავინ უწყის ჟამი აღსასრულისა თვისისა; არამედ, რაოდენჯერმე ვართ ჴორცთა ამათ შინა, მოსწრაფედ შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი, ვიდრე დღე არსღა ცხოვრებისა ჩვენისა, რათა არა გვეწიოს ჩვენ ღამე სიკუდილისა, რომელსა შინა ვერვის ჴელეწიფების საქმედ სინანულისა.
ვინათგან აღსაარება არს დასაბამი სინანულისა, ძმანო, ზედას ზედა აღსაარებითა ჭეშმარიტითა განვიწმიდოთ სვინიდისი და ბიწი სულისა ჩვენისა. და გულითა ლმობიერითა შევინანნეთ ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი, რათა მოწყალე ვჰყოთ ჩვენ ზედა კაცთმოყვარე ღმერთი, რომელი განვარისხეთ მცნებათა მისთა გარდასლვითა. და კვალად შეგვიწყნარებს სახიერი იგი ტკბილი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ნუგეშინისცემისა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ლმობიერითა ცრემლითა შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი ქვეყანასა ზედა, რათა ღმერთმან შეგვიწყნარნეს ცათა შინა და ანგელოსნი მხიარულ იქმნენ მოქცევასა და სინანულსა ჩვენსა ზედა, ვითარ იგი უფალი და მეუფე ანგელოსთა ბრძანებს: „სიხარული იქმნების წინაშე ანგელოსთა ღმრთისათა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“[ლკ. 15,7].
ჵ, საყვარელნო, მოვიქცეთ და ნუღარა ვჰყოვნით ბოროტსა შინა. ღირსად და შესწორებულად ცოდვათა ჩვენთა სინანული ვაჩვენოთ, რათა ჩვენთვის განმხიარულებულნი ანგელოსნი მშვიდობისანი გამოგვიჩნდენ ჟამსა ჩვენისა მიცვალებისასა მხიარულითა პირითა და ტკბილითა ნუგეშინისცემისა სიტყვითა შეგვიწყალონ. და ჩვენცა სასოებითა მათ შევვედრნეთ სულნი ჩვენნი. და წინამძღვრებითა მათითა უვნებელად განვერნეთ ჴელთაგან ჰაერის მცველთასა, და სირცხვილეულ იქმნენ ეშმაკნი. და სასუფეველად ავმაღლდეთ დიდებად და თაყვანისცემად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 


თხრობა სულიერი ლ [30]
ღმრთისა კაცთმოყვარებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა“[მთ. 18,11]; (ლკ. 19,10).
საყვარელნო, ესე არს უსაზღვრო ღმრთისა მოწყალება კაცთა ზედა, რომელ არა მოიძაგებს ცოდვილთა, არამედ სულგრძელებით მოელის სინანულსა მათსა და განმზადებულ არს შეწყნარებად მონანულთა. და უკეთუ მოვიქცეთ და ჭეშმარიტის გულით სინანული ვაჩვენოთ, არღარა მოიხსენებს შეცოდებათა ჩვენთა ძვირუხსენებელი იგი და სახიერი, არამედ ურიცხვთა მოწყალებათაცა მოგვანიჭებს, კაცთმოყვარებით ტკბილი უფალი ჩვენი.
რამეთუ იყო ვინმე კაცი, მოშიში ღმრთისა და კეთილთა საქმეთა მოქმედი. ხოლო კეთილის მოძულისა ეშმაკისა საცთურითა მოიკიცხა და შთავარდა ცოდვასა შინა. და იგი მამასა თვისსა სულიერსა მოძღვარსა აღუარა ლმობიერად და მოძღვრისა მიერ განწესებული კანონი გულითა კეთილითა შეიწყნარა. განვიდა უდაბნოდ და ნაპრალსა კლდისასა დაემკვიდრა, რათა სრულ ჰყოს კანონი თვისი და ინანდა ლმობიერად. შეემთხვია დაცემა კლდესა ზედა და მოიწყლა ფერჴი ძლიერად, რომლისაგან ფრიადი სისხლი გამოხდა, სულმოკლე იქმნა ტკივილისა მისგან და სული წარხდა.
მოვიდეს უკეთურნი ეშმაკნი წარყვანებად სულისა მისისა. ჰრქუა მათ ანგელოსმან უფლისამან, რომელი აღსწერდა ღვაწლსა მის მონანულისასა: „მიხედენითღა კლდესა იმას და იხილეთ სისხლი მაგისი, რომელი სინანულსა შინა დასთხია და შეიწირა ღმერთმან სინანული მაგისი!“
ესერა ესმათ ეშმაკთა, არარაჲ აქუნდათ სიტყვაჲ ყოვლადვე, არამედ უჩინო იქმნეს სირცხვილეულნი. და წმიდამან ანგელოსმან წარიყვანა სანატრელი იგი სული სინანულისა მიერ განწმედილი.
რომელიცა ესე იხილა წმიდამან ვინმე და ღმერთშემოსილმან ბერმან დაფარულთ მცნობელმან და მოგვითხრა სადიდებლად ღმრთისა კაცთმოყვარისა.
იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ, საყვარელნო, კაცთმოყვარება ღმრთისა, თუ ვითარ მოწყალე არს და შეიწყნარებს ცოდვილთა მონანულთა. და არავისსა შრომასა უგულებელ ჰყოფს, არცა სისხლსა, არცა ცრემლთა და არცა ოფლთა და არცათუ ერთსა სასმელსა წყალსა გრილსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ამათ ყოველთა სამღთოთა სიტყვათა და სარწმუნოთა კეთილთა თხრობათა მიერ, ვსცნათ კაცთმოყვარება ღმრთისა და მოვიღოთ სასოება ცოდვათა ჩვენთა შენდობისა. და ღირსად შევინანნეთ ბრალნი ჩვენნი, და სრულიად შევიყვაროთ კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ ჩვენ, გლახაკნი ესე მონანი, რომელ სულიცა თვისი ჩვენთვის დასდვა, რათა ჩვენ ყოველნი გამოგვიხსნეს სატანჯველისაგან და გვიზიაროს დიდებასა თვისსა ღმრთივშვენიერსა. და ესე არათუ ჩვენისა ღირსებისათვის, რამეთუ ყოველი სიმართლე ჩვენი არარაჲ არს მის წინაშე, არამედ მისისა უსაზღვროსა კაცთმოყვარებისა ნიჭი არს. და იგი სახიერი ტკბილი მოწყალე გვამცნებს: „უკეთუ თქვენ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი მცირედნი, მეცა მოგიტევნე შეცოდებანი თქვენნი მრავალნი… და უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან დღესა შინა შვიდ­გზის და მოიქცეს და გრქუას: შევინანე, მიუტევე მას“[მთ. 6,14; ლკ. 17,3-4].
ეჰა, სახიერებასა ღმრთისასა, საყვარელნო, უკეთუ მაცხოვარი ჩვენი ესრეთ გვამცნებს, ჩვენ უძლურთა და უმადლოთა, რაოდენ უფროსად თვით ტკბილმან და ­მოწყალემან ჰყოს მოტევება შეცოდებათა ჩვენთა უკეთუ შევინანოთ. გარნა ვაჲ უნანელთა, რამეთუ დიდი სატანჯველი მიელისთ.
ჰე, გევედრები, ჵ, საყვარელნო ღმრთისანო, პატიოსანნო ძმანო, გულს­მოდგინეთ შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი და ყოვლითა გულითა მიუტეოთ შემაწუხებელთა ჩვენთა ცთომანი მათნი, რათა ღმერთმანცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი და განვერნეთ სატანჯველთა საუკუნეთა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა და ყოველთა წმიდათა თანა ღვაწლისა გვირგვინითა შემკობილნი და ანგელოსთა შორის მოხარულნი, ვადიდებდეთ ყოვლადმოწყალესა მამასა და ვმადლობდეთ კაცთმოყვარესა ძესა და თაყვანისვსცემდეთ ნუგეშინისმცემელსა სულსა წმიდასა, რამეთუ მისი არს დიდება და სიმტკიცე საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მესამისა თავისა

 

 

 

 

 

 

 

თავი d [4]

მოთმინებისათვის სულთა ჩვენთა მაცხოვრისა

 


თხრობა სულიერი ლა [31]
მოთმინებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენნი“(ლკ. 21,19).
საყვარელნო, თვით თავადმან მაცხოვარმან ჩვენმან მოთმინება დიდი აჩვენა: ჯვარსა ზედა რა მოეკიდა ჴორცითა. ვითარცა იტყვის იაკობ, ძმა უფლისა: „აჰა, ესერა ვნატრით მოთმინეთა მათ, მოთმინება იობისა გასმიესთ და აღსასრული უფლისა იესოსი იხილეთ“[იაკ. 5,11]. და მოთმინებასა ზედა ჩვენსა, ძმანო, ღმერთი იდიდების, ანგელოსნი იხარებენ და ეშმაკნი იდევნებიან და იტანჯებიან.
რამეთუ იყო ვინმე ღმრთისმოყვარე და წმიდათა კაცთა ფრიად მოსურნე და მსასოებელი მთავარი დიდებული, რომელსა ესუა ასული ეშმაკეული. და სთქუა თავსა შორის თვისსა, ვითარმედ: „არავის ძალუძს კურნება ასულისა ჩემისა ეშმაკისაგან, თვინიერ წმიდათა მონაზონთა და უკეთუ ვევედრო მათ, არა თავს იდებენ სასწაულისა ქმნასა სიმდაბლით. გარნა ესე ვჰყო: ოდეს მოვიდენ ქალაქად განსყიდვად ჴელთსაქმისა მათისა, მაშინ ვევედრო მათ ლოცვისა ყოფად და მრწამს ღმრთისა, რომელ მათ, წმიდათა ლოცვითა განიკურნოს ასული ჩემი“.
და იხილა მონაზონი ვინმე, რომელი განჰყიდდა სფირიდებსა და ჰრქუა მას მთავარმან ღმრთისმოყვარემან: „მამაო პატიოსანო, რაოდენის მისცემ?“ ხოლო მან მიუგო: „ესოდენის, უფალო ჩემო“. და ჰრქუა მთავარმან: „მოვედ სახლად ჩემდა და მიიღე ფასი მაგისი, ღმერთშემოსილო მამაო“. და ვითარცა მივიდა სახლსა მის მთავრისასა, გამოვიდა ასული მისი ეშმაკეული და სცა ყურიმალსა მის ბერისასა. ხოლო წმიდამან ბერმან მოითმინა კეთილითა გონებითა და მცნებისაებრ უფლისა მიუპყრა მას ერთკერძოცა. მაშინ ჴმა ჰყო ეშმაკმან: „ჵ, იძულებაღა ესე, რამეთუ მცნება იესოსი განმსდევნის მე“. და განიკურნა ასული იგი მიერითგან და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა დავიმარხნეთ მცნება იესოსი და მოვიგოთ მოთმინება, რომელი აცხოვნებს სულსა ჩვენსა და მობაძავ გვყოფს ქრისტესა, ვითარ იგი იტყვის მოციქული: „მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი“[1 კორ. 11,1]. მოვითმინოთ ძმანო შიმშილი, წყურვილი და შიშლოება სახელისათვის ქრისტესისა. და „უკეთუ ვინმე ყურიმალსა გვცეს, მიუპყრათ ერთკერძოცა სიმდაბლით“[მთ. 5,39].
და ოდეს განსაცდელი რაჲმე, ანუ სნეულება, გინა შეურაცხება მოიწიოს ჩვენ ზედა, ყოველივე მადლობითა ღმრთისათა მოვითმინოთ, რათა ვსცხონდეთ სულითა, ვითარცა ბრძანებს უფალი: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი სცხონდეს“(მთ. 10,22; 24,13; მრკ. 13,13). ხოლო ესე არს სრული მოთმინება, საყვარელნო: რაჟამს გვავნოს ვინმე, გინა შეგვაწუხოს საქმით, ანუ სიტყვით და ჩვენ ძალგვედვას ნაცვლისა მიგებაჲ და არა მივაგოთ, არამედ მოვითმინოთ, კეთილიცა უყოთ და ულოცოთ. მაშინ ვიქმნებით შვილ მამისა ჩვენისა ზეცათასა, ვითარცა იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა.
ნუ იტყვი, ძმაო, თუ უკეთუ ესრეთ მოვითმინო, კაცნი უღონოებასა დამწამებენ. არამედ გულისჴმა ჰყავ, საყვარელო, რამეთუ მოთმინებასა შენსა ღმერთი შეიწირავს, ანგელოსნი გვირგვინს განგიმზადებენ და კაცნი ბრძენნი გაქებენ და გადიდებენ და უსწავლელნიცა საქმით იხილვენ მოთმინებასა შენსა და მობაძავ სათნოებისა შენისა იქმნებიან.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ყოველსა შინა მოთმინებაჲ, რათა აქაცა მშვიდობით და კეთილად წარვლოთ ცხოვრება ჩვენი და მუნ სასუფეველსა ღირს ვიქმნეთ. და სანატრელისა იობის თანა მოთმინებისა გვირგვინითა ვიხარებდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ლბ [32]
ძვირუხსენებლობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მიუტევეთ და მოგეტევნენ“(ლკ. 6,37).
საყვარელნო, ძვირუხსენებლობა ქრისტეს მსგავსება არს, ვითარცა თვით იესო ჯვარის მცმელთათვის ილოცვიდა და იტყოდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“(ლკ. 23,34). და ჩვენ საქმით გვიჩვენა ძვირუხსენებლობა, რათა ვბაძვიდეთ სიტკბოებასა და სახიერებასა მისსა. და თვინიერ მრავლისა შრომისა ძვირუხსენებლობით მოგვეტევების ცოდვანი ჩვენნი, ვითარცა გვამცნებს უფალი: „უკუეთუ თქვენ მიუტევნეთ შეცოდებანი მოყვასსა, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან“[მთ. 6,14].
ამის სამღთოსა მცნებისა კეთილად აღმასრულებელი იყო ვინმე მთავარი დიდებული, ღმრთისმოყვარე, კაცთმოწყალე, მშვიდი, ტკბილი და სახიერი გულითა, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა. და ჰყვა ვინმე მსახური, რომელმანცა მანქანებითა ბოროტისა ეშმაკისათა, მოჰპარა მრავალი ოქროჲ და ივლტოდა შორსა ქვეყანასა. ხოლო მუნ შეიპყრეს იგი ავაზაკთა, განძარცვეს და თვითცა განჰყიდეს უშორესსა ადგილსა.
და ვითარცა ესმა მთავარსა მას ქრისტეს მოყვარესა ტყვეობა მსახურისა თვისისა, შეეწყალა და ლმობიერ იქმნა, წარგზავნა ოთხმეოცდაათი დრაჰკანი და გამოიხსნა იგი. და ოდეს მოიყვანეს, სიყვარულით მიეგება, და ამბორს უყო და არარაჲ ძვირი უხსენა, არცა აყვედრა, არცა ამხილა შეცოდება მისი, რამეთუ განიზრახვიდა თავსა შორის თვისსა: „უკეთუ მე არა მიუტევო ძმასა ამას ცთომანი თვისნი ყოვლითა გულითა, არცა მე მომიტევებს ღმერთი შეცოდებათა ჩემთა“[მთ. 6,15; 18,35; მრკ. 11,26], ვითარცა მართლმსაჯული უფალი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა მონისა მისთვის: „რომელსა თანაედვა ბევრი ტალანტი უფლისა თვისისა“[მთ. 18,24].
ხოლო ღმერთმან უმეტესად ადიდა კეთილგონიერი იგი მთავარი ძვირუხსენებლობისათვის მისისა, ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა მართალთა თანა ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა, ვითარცა მზე განაბრწყინვა სადიდებელად თვისსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ძვირუხსენებლობა და მიუტეოთ ყოვლითა გულითა ცთომანი მოყვსისანი, რათა კადნიერება გვაქუნდეს წინაშე ღმრთისა თქმად: „მამაო ჩვენო ზეცათაო, მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“[მთ. 6,12]. და უკეთუ ჩვენ არა მიუტევნეთ ბრალნი ძმათა ჩვენთა, არცა ღმერთი მოგვიტევებს შეცოდებათა ჩვენთა.
არამედ გევედრები, საყვარელნო, კეთილითა გონებითა მიუტევნეთ მცნებისათვის უფლისა და სიყვარულისათვის იესოსა და უფროსად ცხოვნებისათვის სულთა ჩვენთასა. რამეთუ ყოვლადტკბილმან, სახიერმან და ძვირუხსენებელმან მეუფემან ჰრქუა პეტრეს: „არა გეტყვი შენ შვიდგზის დღესა შინა მიტევებად ძმათა ცთომასა, არამედ სამეოცდაათ შვიდგზის“[მთ. 18,22](რომელი ესე იქმნების ოთხას­ოთხმეოცდაათი).
ხოლო ჩვენცა საყვარელნო ძმანო, მიუტევოთ მოყვასსა საქმით, სიტყვით და გონებით ყოველნი ცთომანი მათნი, ვსწყალობდეთ და ულოცვიდეთ მაჭირვებელთა ჩვენთა, მცნებისათვის უფლისა, რათა იგინიცა და ჩვენცა ყოველნივე ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა, რამეთუ უფალი ჩვენი ტკბილ არს კაცთმოყვარებითა და „მზესა თვისსა აღმოუბრწყინვებს მართალთა და ცოდვილთაცა“[მთ. 5,45], რომელთა შეინანონ.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიტკბოთ ძვირუხსენებლობა, მიუტეოთ მოყვასთა, შეუნდოთ მაჭირვებელთა, სიყვარული ვაჩვენოთ მოძულეთა, რათა თავთაცა ჩვენთა ვარგოთ და სხვათაცა. და ურთიერთას აღვაშენებდეთ სათნოებითა, ვითარცა იტყვის მოციქული: „კაცად კაცადი მოყვასსა თვისსა სათნო ეყოფოდეთ კეთილისათვის აღსაშენებელად“[რომ. 15,2]. და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ლგ [33]
ღმრთისა სათნოყოფისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ ნათელი სოფლისა. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა“(იო. 8,12). და კვალად ბრძანებს: „თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი“(მთ. 5,14).
საყვარელნო, იგი ჭეშმარიტი ნათელი არს გამოუთქმელი, ხოლო ჩვენი ნათელყოფა ესე არს, რათა მარადის ღმრთისა სათნოყოფასა ვიქმოდეთ საქმეთა მიერ კეთილთა, ვითარცა ბრძანებს: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი“(მთ. 5,16). რამეთუ რომელიცა სათნოყოფასა ღმრთისასა იქმოდეს, იგი მარადის ნათელსა შინა არს, დაღაცათუ ჴორციელითა თუალითა ბრმა იყოს, გარნა სული მისი უბრწყინვალეს მზისა ჰნათობს.
რამეთუ იყო ვინმე ალექსანდრიისა ქალაქსა შინა ბრმა გლახაკი, რომელი არაოდეს განეშორებოდა ეკკლესიისა ლოცვასა და ისმენდა სამღთოსა მოძღვრებასა, რამეთუ აქუნდა გულისჴმისყოფა კეთილი, ვითარცა წერილ არს: „უფალმან განაბრძვნის ბრმანი“(ფს. 145,8).
დასჯდის შიშველი კართა ეკკლესიისათა და ითხოვნ მოწყალებასა. და რომელთაგან მიიღის სიყვარული, იგი ილოცავნ მისთვის ღმრთისა მიმართ. და რაჲსაცა შვიდეულსა შინა შეჰკრებდა, დღესა კვირიაკესა იყიდდა ვაშლსა, ბროწეულსა და ლეღვსა, და მიიღებდა სასნეულოდ და ყოველსავე სნეულთა მათ განუყოფდა და თვით შიმშილითა, წყურვილითა ნაკლულევანი, ჭირვეული მადლობდა ღმერთსა.
ამას სათნოებასა და მოთმინებასა შინა დაჰყო ორმოცდარვა წელი. და ესევითარსა საზომსა მიიწია, რომელ ეკკლესიისა განმგე დასნეულდა ფიცხლად და გამოუჩნდა მას მარკოზ მახარებელი და ჰრქუა: „იგი ბრმა გლახაკი მოიყვანე, რათა ილოცოს შენთვის და განიკურნო“. და ვითარცა ილოცა, მსწრაფლ განთავისუფლდა ლოცვითა მის ბრმისათა. ვითარცა წერილ არს: „ამან გლახაკმან ჴმა ჰყო და უფალმან ისმინა მისი“(ფს. 33,7).
და ოდეს მიიცვალა ბრმა იგი უფლისა მიმართ, მრავალნი სასწაულნი იქმნნეს გუამისა მის მიერ კეთილმოღვაწისა. და დამარხეს დიდითა პატივითა და დიდებისმეტყველებითა ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ღმრთისა სათნოყოფასა ვიქმოდეთ მარადის, რათა ვიდრემდის ვართ სოფელსა შინა, ნათელ ვიყვნეთ, ვითარცა უფალი ბრძანებს. და ოდეს ამიერ საწუთოჲთ საუკუნოსა ნათლისა მიმართ მივიცვალნეთ, უბრწინვალეს მზისა გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა მამისა ჩვენისა ზეცათასა.
ხოლო სათნოყოფა ღმრთისა ესე არს, საყვარელნო, რათა მოვიგოთ: სიყვარული, სიწმიდე, სიტკბოება, სიმართლე, მოთმინება და მოწყალება გლახაკთა მიმართ, ქვრივთა და ობოლთა, სნეულთა და პყრობილთა, მშიართა და შიშველთა და ყოველთავე შეჭირვებულთა და შეწუხებულთა შევეწეოდეთ ქრისტეს სახელისათვის და იგი სახიერი და ტკბილი, მოწყალე ყოველსავე შეიწირავს და არცა ერთსა მცირესა უგულებელს ჰყოფს, ვითარცა ბრძანებს: „რომელმან ასვას სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად ჩემდა, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“[მთ. 10,42; მრკ. 9,41].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ესე ადვილნი და ყოველთა მიერ შესაძლებელნი მცნებანი სურვილით აღვასრულნეთ და ყოვლადსახიერსა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ, რათა დიდსა და დიდებულსა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა მივემთხვივნეთ; ნათელსა თუალთშეუდგამსა, ელვარებასა განუცდელსა, სუფევასა გამოუთქმელსა, ფუფუნებასა დაუსრულებელსა და გვირგვინოსნობასა უოხჭნოსა, რომელთა ღირსმცა ქმნილ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 


თხრობა სულიერი ლდ [34]
ღმრთისა მადლობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, სამღთო მოციქული იტყვის: „მოუკლებლად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით“(1. თესალ. 5,17-18).
საყვარელნო ძმანო ჩემნო, ვითარცა კეთილ არს სათნოება, რომელ ვიქმოდეთ გლახაკთ მოწყალებასა, უცხოთ შეწყნარებასა, შიშველთ შემოსასა, ძმათ მოყვარებასა, მარხვასა და ლოცვასა და ყოველსავე ქველისსაქმესა, ესე ყოველი სათნო არს უფლისა და ვითარცა ძღვენი პატიოსანი შეწირულ წინაშე ღმრთისა, და ეგრეთვე უპატიოსნეს არს და სანატრელ მსხვერპლი კეთილითა გონებითა, მადლობა ღმრთისა მიმართ ნაკლულევანებისათვის, ანუ სიგლახაკისა, გინა სნეულებისა და განსაცდელსა შინა.
რამეთუ იყო ვინმე გლახაკი ბრმა, რომელი დასჯდის წინაშე კართა ეკკლესიისათა და ითხოვდა მოწყალებასა; არა კაცთაგან, არამედ ღმრთისა მიერ, რამეთუ იტყოდა მარადის: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ვითარცა გნებავს, შემიწყალე მე, სახიერო მეუფეო“.
და ვისგანცა მიიღებდა სიყვარულსა, რაჲცა კმა ეყვის მას დღესა, თვით მიიღის და მიმცემელისათვის ილოცის, ხოლო ნამეტნავი წარუღის სნეულთა, გლახაკთა და საპყრობილესა მყოფთა. და მწუხრი მივიდის სადგურსა თვისსა, სადაცა აქუნდა ერთი ძველი ჭილობი, ნახევარი ქვეშე დაიფინის და ნახევარი ზედა კერძო. და სამარადისოდ მადლობისა გულით ილოცის მეტყველმან: „გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ესოდენისა განსვენებისა ჩემისათვის, რამეთუ რაოდენნი დიდებულნი არიან სნეულნი და რაოდენნი საპყრობილესა შინა დაკრძალულ ჯაჭვითა, რომელ არა ძალ­უძსთ გარდაქცევად, ანუ აღდგომად. ხოლო მე უღირსი ესოდენისა მოწყალებისა შენისა, მენებოს ფერჴსა განვიწვდი, მენებოს აღვსდგები, მენებოს თუ წარვალ სადამე. ამათ ყოველთათვის ვმადლობ ურიცხვთა მოწყალებათა შენთა, მეუფეო, და გევედრები, ნუ დამსჯი სულითა, განსვენებისა ამისთვის ჴორცთასა, კაცთმოყვარეო, ღმერთო ჩემო“.
ესე ნეტარი იხილეს მონაზონთა სკიტისათა და მიუთხრეს მონასტერსა შინა ძმათა და ყოველნი განკვირვებულ იყვნეს გონებისა მისისა სიმდაბლესა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელსა მრავალნი ესევითარნი დაფარულნი მონანი ჰყვანან სადიდებელად სახიერებისა თვისისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ყოველსავე ზედა საქმესა კეთილსა ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ იგი სახიერი არს მიზეზი ყოველთა კეთილთა და მომნიჭებელი. და უმეტესად მაშინ ჯერ არს მადლობა ღმრთისა გულითა კეთილითა, ოდეს ნაკლულევანებასა შინა ვიყვნეთ, ანუ სნეულებასა, გინა მწუხარებასა რასმე, გინა განსაცდელსა. ყოვლადვე ყოველსა შინა ვმადლობდეთ განგებულებასა ღმრთისასა, რამეთუ იგი კაცთმოყვარე მარადის კეთილსა განიზრახავს ჩვენთვის, რამეთუ უწყის ყოველთა გულთა მეცნიერმან და რაჲცა უმჯობეს არს სულისა ჩვენისათვის, და კურთხეულ იყავნ სახელი მისი უკუნისამდე.
ხოლო უკეთუ არა ვმადლობდეთ ღმერთსა, არამედ ვსდრტვინვიდეთ მწუხარებასა შინა, არავე განიკურნის სალმობა ჩვენი უთმინოებითა და დრტვინვითა.
გარნა უფროსღა ვმადლობდეთ კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა შეჭირვებისა მისთვის ცოდვანი მოგვეტევნენ და მადლობით მოთმინებისათვის გვირგვინი უოხჭნო მოგვეცეს.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ყოველსავე თავს ვიდებდეთ მადლობითა ღმრთისათა, რათა ამასცა სოფელსა კეთილი მოგვანიჭოს ღმერთმან და მას საუკუნესა მოწამეთა და მართალთა თანა გვირგვინითა ბრწყინვალითა ვიხარებდეთ სასუფეველსა ცათასა. და მაშინ უცხადესად ვმადლობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანისვსცემდეთ ყოველთათვის კეთილის მნებებელსა ჭეშმარიტსა მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და მადლობა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ლე [35]
სიმშვიდით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყვნედ წელნი თქვენი მორტყმულ და სანთელი თქვენი აღნთებულ, და ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თვისსა“(ლკ. 12,35-36).
საყვარელნო, ესე არს სიმხნე და მოთმინება ყოველსა შინა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ყოველი მოღვაწე ყოველსავე მოითმენნ“[1 კორ. 9,25]. უკეთუ კაცმან, სიბრძნით სიმხნე და სიმშვიდით მოთმინება შეიმოსოს, ყოველსავე ადვილად და შეუწუხებელად მოითმენს, მერმისა მისთვის გვირგვინისა და პატივისა; ღმერთსა მოიმადლებს, ანგელოსთაგან იქების და კაცთაგან ბრძენთა ნეტარებასა მიიღებს.
რამეთუ იყო ვინმე ბერი სათნო უფლისა, მშვიდი, მდაბალი, წრფელი, უმანკო, ტკბილი, სახიერი, ძვირუხსენებელი და მომთმინე ყოვლადვე; ჭაბუკი ჰასაკითა, მხცოვანი გონებითა და ჴელოვნება მისი იყო ბოსტნისა მუშაკობა, სიმხნითა და მოთმინებითა ჭირთა შინა და ურვათა, რამეთუ ღამე იღვიძებდა ლოცვისათვის და დღე მუშაკობდა სათნოებისათვის, რომლისაგან თვით იზარდებოდა და უმრავლესითა ძმათა მიმართ სულიერთა სიყვარულსა აღასრულებდა.
ესმა ვისმე სხუასა ბერსა სამღთო მოქალაქობა მისი, სათნოებით წარმატება და გონებისა მისისა უმანკოება. და წარვიდა გამოცდად მისა და შევიდა ბოსტანსა მისსა იდუმალ, აღიღო კვერთხი და იწყო შემუსრვად და შელეწვად ყოველსავე ნაყოფსა და ნამუშაკევსა მისსა. ხოლო ყოვლადმშვიდი და მომთმინე ბერი იგი, ბოსტნისა უფალი, მუნ დაჰხვდა, გარნა დაიმალა და შორით ჰხედვიდა. და ვითარცა მან ყოველივე შემუსრა და დაშთა ერთი ოდენ ძირი მხალი, მაშინ გამოსჩნდა და ჰრქუა ფრიად სიმშვიდით და სიტკბოებით: „უფალო ჩემო და პატიოსანო მამაო, უკეთუ სათნო გიჩნდეს, უტევე ერთი ეგე ნაყოფი, რათა მაგას ზედა ვჰყოთ დღეს სიყვარული და პირი ვიხსნათ სადიდებელად ღმრთისა“.
ესერა ესმა ბერსა მას, განაგდო კვერთხი და მოწლედ, სიყვარულით შეიტკბო ნამდვილ საყვარელი ძმა იგი და ჰრქუა: „გაკურთხენ შენ უფალმან სიონით გამო, შვილო სასურველო, რამეთუ სიმშვიდით, მოთმინებისათვის შენისა, განისვენებს სული ღმრთისა შენზედა“.
იხილეთ, საყვარელნო, გონებისა მისისა სიკეთე და სიბრძნე, თუ ვითარ სიმხნით, წინ აღუდგა გულისსიტყვასა თვისსა და სიმშვიდით მოითმინა. ამისათვის წერილ არს, ვითარმედ: „უადვილეს არს ქალაქისა გამოღება, ვიდრე გულისსიტყვათა დამჭირვა მოთმინებით“. არათუ გულისსიტყვა არა ჰქონდა მას ნეტარსა, ანუ არა ელმოდა ნაშრომთა თვისთა შემუსრვაჲ, გარნა სიმხნით მოითმინა ღმრთისა მცნებისა აღსრულებისათვის.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა შევიმოსოთ ესევითარი სიმხნე და მოთმინება. უკეთუ წმიდათა კაცთა მოქალაქობა და სათნოება გვიამების და სათნო გვიჩნს, ჩვენცა მივემსგავსნეთ მოთმინებასა მათსა, და სათნო ვეყვნეთ მეუფესა ჩვენსა, რამეთუ რაჲცა მათ ნეტართა სასყიდელი მიიღეს ღმრთისაგან, ჩვენთვისცა იგივე გვირგვინი შვენიერი და საყდარი მაღალი განუმზადებიეს ყოვლადსახიერსა და თუალუხუავსა მეუფესა. უკეთუ მათნი სათნოებანი გამოვისახნეთ გულთა შინა ჩვენთა და მათებრ მოვითმინოთ, მათთანავე მივიღოთ გვირგვინი მოთმინებისა ბრწყინვალე და განათლებულნი ავმაღლდეთ ხარისხთა ზედა დიდებულთა და შვენიერთა.
ჰე, გევედრები, პატიოსანნო ძმანო, წმიდათა და პატიოსანთა მამათა მსგავსად მოვითმინოთ ყოველივე და მათი სანატრელი მოქალაქობა მოვიგოთ, რათა მათთანაცა ვიდიდნეთ ღმრთივშვენიერად გვირგვინოსანსა მწყობრსა მათსა თანა შეერთებულნი, და ანგელოსებრივისა გალობითა უგალობდეთ სათნოებასა და მოთმინებისა წინამძღვარსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელი გვექმნა ჭეშმარიტებისა გზა, მოთმინებისა სახე და სათნოებათა სარკე, რათა მისა მიმართ ხედვითა წარვმართოთ ყოველივე კეთილი, რომელსა უგალობენ ყოველნი ზეცისა ძალნი, რამეთუ მისი არს დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ლვ [36]
მოთმინებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყვა და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა“(ლკ. 8,15).
საყვარელნო, მოთმინება მრავალსა ნაყოფსა სულისა სარგებელსა გამოიღებს. ვითარცა სამღთო მოციქული იტყვის: „ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა და მოთმინება“[გალ. 5,22]. ესევითარი ღმრთივშვენიერი არს მოთმინებისა მადლი.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი: მმარხველი, მლოცველი, მოღვაწე, მოწყალე და მომთმინე ფრიად, სახელით ზენონ.რომელიცა დღესა ერთსა წარვიდოდა პალესტინედ, რათა განჰყიდოს ჴელთსაქმარი თვისი და შესწიროს უფალსა ნაღვაწი თვისი გლახაკთა მიმართ მოწყალებითა.
და ვითარცა დაჰშვრა გზისა სლვისაგან, დასჯდა ქვეშე ლეღოვანსა ჭამად პურისა. მერმე ჰრქუა მას გულისსიტყვამან მისმან: „აღიღე აქაჲთ ერთი ლეღვი და შესჭამე, რამეთუ არარაჲ არს საურავი“. მიუგო კეთილგონიერმან ბერმან გულისსიტყვასა თვისსა: „არა ­უწყი­აა, რამეთუ ადამ ერთისა ხისა ნაყოფისა ჭამისათვის ექსორია იქმნა სამოთხისა მისგან საშველებისა და აწ მე რაჲ ვჰყო, რომელი არა არს ჩემი, ვითარ აღვიღო?! რამეთუ მპარავნი სატანჯველად მივლენ. გამოვსცადო უკუჱ თავი ჩემი, უკეთუ ძალმიძს დათმენად აქავე სატანჯველთა“. მეყსეულად დასჯდა სიცხესა ქვეშე მზისასა მრავალჟამ და შესწვა თავი თვისი ერთისა ხილისა გულისთქმისათვის. მერმე ჰრქუა თავსა თვისსა: „გლახაკო და უთმინო კაცო, ვინათგან ვერ ძალგიძს დათმენად აქა სიცხისა, ვითარ დაუთმო ცეცხლსა გეენიისასა? მაშა ნუცაღა იპარავ და სჭამ, რათა არა მიეცე მუნ სატანჯველთა მოუთმენელთა“.
ესრეთ სიბრძნისა ჴელოვნებით განიოტა ეშმაკისა მიერ მოვლინებული გულისსიტყვა და დასთრგუნა გულისთქმა ჭამადისა. ამისათვისცა მოთმინებისა მიერ პატიოსნისა გვირგვინი შვენიერი მიიღო და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ პატიოსანნო მსმენელნო, თუ ვითარ უმცირესადმდე იღვწიან მოთმინებასა ღმრთისა სათნომყოფელნი კაცნი წმიდანი, რამეთუ მცირედისა ნაბერწყლისა მიერ აღეგზნების დიდი სახმილიცა, ვითარცა მცირისა გულისთქმისა მიყოლითა ჯოჯოხეთისა ცეცხლი უშრეტი. ამისთვისცა ეკრძალებიან ვნებათა და მოითმენენ ყოველსავე, ვინათგან: „მცირესა ზედა ურწმუნო, მრავალსა ზედაცა ურწმუნო არს“[ლკ. 16,10] სიტყვისაებრ მაცხოვრისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა მოთმინება კეთილი და პატიოსანი ყოველსა შინა, რამეთუ მოთმინება შემკრებელი არს ყოველთა სათნოებათა, ნაყოფიერმყოფელი სულისა და მაცხოვარი, ვითარმედ: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი სცხონდეს“(მთ. 10,22).
თუალნი ჩვენნი შევიკრძალოთ უჯეროსა ხედვისაგან, ენასა ჩვენსა აღვირ ვასხათ უქმის მეტყველებისაგან, საყნოსელნი ჩვენნი დავიცვათ უშვერისა ყნოსისაგან, სასმენელნი ჩვენნი დავკრძალოთ ამაოსა სმენისაგან და ჴელნი ჩვენნი დავაყენნეთ ვნებულად შეხებისაგან. და ესრეთ იქმნების, ყოველთავე საგრძნობელთა ჩვენთა მოთმინება, სათნო ღმრთისა. და უფროსად წარმოვაჩინოთ ნაყოფი სულისა საცნობელთა მიერ ჩვენთა: თუალნი აღვიხილნეთ ღმრთისა ხედვად, ენა ჩვენი ფსალმუნებად, საყნოსელი სულისა მადლთა ყნოსად, სასმენელნი სამღთოთა სიტყვათა სმენად და ჴელნი ჩვენნი კეთილმოქმედებად და მოწყალებისა მიცემისათვის განმარტებად.
და მათ მიერ იქმნების კეთილი მოთმინება და ესე ყოველნი გონებისაგან სამღთოჲსა, ნაყოფიერება სულისა, ვითარცა ყვავილთა მიერ შემკობილისა სამოთხისა, რომელი განშვენდების მზისა მისგან სიმართლისა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ესევითარი სიბრძნით მოთმინება შევიმოსოთ, სათნოებით აღყვავებულნი, სულით ნაყოფიერნი განვნათლდეთ სამღთოსა ელვარებითა და სასუფეველსა, ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ, მადლისა და შარავანდედისა მოფენითა მზისა მის სიმართლისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და თუალთშეუდგამი ბრწყინვალება თანა მამით და სულით წმიდითურთ, დაუსრულებელად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

თხრობა სულიერი ლზ [37]
მოთმინებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“(მთ. 10,22).
საყვარელნო, მოთმინება მრავალსა საქმესა ზედა გამოისახვის, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და ურვათა“(2 კორ. 6,4).
მოთმინება წმიდათა კაცთა საქმე არს, ანგელოსთაგან საქებელ და ღმრთისა მიერ გვირგვინოსან. ხოლო უთმინოება მრავალთა არს სავნებელ, ვითარცა ადამს თუმცა მოეთმინა ხისა მის გემოს ხილვაჲ, არამცა ექსორია ქმნილ იყო სამოთხით. და აწ ჩვენ, საყვარელნო, მოთმინება შეგვიყვანს სამოთხედვე. ხოლო მოთმინება ყოველსავე საქმესა ზედა გამოისახვის.
რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი და მას შინა ღმრთის სიყვარულით შეკრებულნი ძმანი და ჰყვათ წინამძღვარი კაცი ღმერთშემოსილი, რომელსაცა მიართო ვინმე ყურძენი. ხოლო მას ენება ჭამა მისი, გარნა მოითმინა და არა შეეხო, რამეთუ შეიტკბო მარხვისა პატიოსნება და წარგზავნა სხვისა ძმისა უძლურისა სიყვარულად. და ვითარცა იხილა უძლურმან, გულმან უთქუა, გარნა მოითმინა. და მანცა წარგზავნა სხვისა სნეულისა, რომელსა ვერცაღა ძალედვა პურისა ჭამაჲ. ხოლო მანცა სთქუა: „ვინათგან ფრიად უძლურ ვარ, ნუუკუჱ ამას ღამესა მივიცვალო“ და მოითმინა და წარუგზავნა სხუასა ვისმე. ესრეთ მოვლო ყურძენმან ყოველი ძმათ სავსება, და უკანასკნელ მივიდა კვალად წინამძღვრისადა. და ვითარცა გულისჴმა ჰყო წინამძღვარმან მოთმინება მათ ყოველთა, რამეთუ ყოველთავე სუროდა ჭამაჲ, გარნა მოთმინება აჩვენეს, ჰმადლობდა ღმერთსა და მიიღო ეკკლესიად, აკურთხა და ყოველთავე განუყო, ვითარცა ევლოგია. მაშინღა მიიღეს ყოველთა სადიდებელად ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა მოთმინება სიბრძნით და კეთილგონიერებით, რომლისაგან არს ცხოვნება სულისა. და ნუ ვიქმნებით უთმინო უგუნურებითა, ვითარცა მდიდარი იგი უგუნური, რომელი განიზრახვიდა მრავალთა წელთა განსვენებასა მცონარებითა ჭამასა ნაყროვანებითა და სუმასა მთვრალობითა და სიხარულსა სიბილწითა და მას ღამესა მიეღო სული მისი [ლკ. 12,17-20].
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ნუ ვიქმნებით მისებრ უგუნურ, არამედ სიბრძნით მოვითმინოთ ყოველივე მადლობითა ღმრთისათა და სათნოებით მზა ვიყვნეთ ყოველსა ჟამსა აღსასრულისათვის, ვითარცა იტყვის მგალობელი: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“(ფს. 118,60). და ნუ ვიქმნებით უთმინო, ვითარცა უგუნური, არამედ ვიყვნეთ მომთმინე, ვითარცა ბრძენი და კეთილად გულისჴმა ვჰყოთ ნება ღმრთისა. და ნუ დავითვრებით ღვინითა, რათა არა დამძიმდენ გულნი ჩვენნი შვებითა და მთვრალობითა, არამედ აღვივსნეთ სულითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ გალობითა და შესხმითა სულიერითა უფალსა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიტკბოთ მოთმინება და ამითცა სათნოებითა მივემსგავსნეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, რომელმან ჩვენისა ცხოვნებისათვის მრავალი დაითმინა. და სახე გვექმნა მოთმინებისა მეტყველი: „ვითარცა მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენ ჰყოფდეთ… და სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ და ხედვიდეთ დიდებასა ჩემსა“[იო. 13,15; 17,24].
გევედრები, ჵ, ძმანო ჩემნო, საყვარელნო, ვიღვაწოთ მცირედ ჟამ. ვიღვაწოთ, რათა გვირგვინი მოთმინებისა მრავალყვავილოვანი დავიდგათ საუკუნოდ. აქა მცირედ მოვითმინოთ და მუნ ღმრთისა მიერ განვმდიდრდეთ და საუნჯეთა ჩვენთა ზედა ვსუფევდეთ ყოველთა წმიდათა თანა ვიხარებდეთ დაუსრულებელად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ლჱ [38]
სულგრძელებით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალმან ჩვენმან, იესო ქრისტემან, მოითმინა ჯვარი და სიკუდილი და ჩვენ სახე გვექმნა მოთმინებისა, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პეტრე: „ქრისტემანცა ივნო ჩვენთვის და თქვენ დაგიტევა ჴელით წერილი, რათა შეუდგეთ კუალსა მისსა“[1 პეტ. 2,21].
ამისთვის, საყვარელნო, მოთმინება ჩვენდა სულგრძელებით სათანადო არს და სანატრელცა, რათა მივემსგავსნეთ მაცხოვარსა ჩვენსა, იესო ქრისტესა. გინათუ უძლურებასა შინა ვიყვნეთ ვიდრე სიკუდილადმდეცა, მოთმინებით ვმადლობდეთ ღმერთსა, რათა საუკუნო დიდება და უკუდავება მოვიგოთ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ჯვარშემოსილი, მრავლისა მოღვაწებისა მომთმინე და სათნოებით შემკობილი; ტკბილი, მოწყალე, გულისჴმისმყოფელი და დუმილის შემტკბობელი, რომელიცა მრავლისა მისგან მოღვაწებისა დასნეულდა და ვერ ეძლო საზრდელისა მიღება მრავალთა დღეთა. გარნა იგი ყოველსავე უძლურებასა თვისსა ღმრთის მადლობით ითმენდა და იხსენებდა ნეტარისა იობის მოთმინებასა, რაჟამს იყო იგი წყლულებათა შინა დიდთა.
დღესა ერთსა ჰრქუა მოწაფემან მის წმიდისა ბერისამან: „მამაო პატიოსანო, უკეთუ გნებავს მცირედ გბოლვილსა შევიქმ თაფლითა ზავებულსა, ნუუკუჱ მოგაშვნდეს უძლურებასა შინა შენსა“. მიუგო ბერმან: „ეგრეთ ჰყავ შვილო, საყვარელო, რამეთუ მშიის ფრიად“.
ხოლო წარვიდა და შექმნა მოწაფემ გბოლვილი და ორი ჭურჭელი აქუნდა ბერსა: ერთი თაფლისა და მეორე ზეთისა, რომელი სახმარ იყო მათდა საგზნელად ბაზმაკისა. შესცთა უკუჱ მოწაფესა და თაფლისა წილ ურთო გბოლვილსა მას მწარე იგი ზეთი და თვით არა იხილა გემოჲ მარხულობისა მიზეზითა. და ოდეს მიართუა მამასა მას სულიერსა და მან გემო რა იხილა, გულისჴმა ჰყო და ვერ შეუძლო ჭამად სიმწარისაგან. გარნა ესეცა მოითმინა დუმილით და არა ამხილა ძმასა მას, რამეთუ უწყოდა უნებლიეთი საქმე იგი. ხოლო მოწაფე ევედრებოდა მეტყველი: „სჭამე, მამაო წმიდაო, რამეთუ კეთილ არს და თაფლითა ზავებულ“. მიუგო ტკბილმან მან ბერმან: „კმა არს ჩემდა, შვილო საყვარელო“. და ენება მოწაფესა, რათა გულსმოდგინე ჰყოს იგიცა ჭამად და ჰრქუა: „აჰა, ესერა მეცა ვსჭამო შენთანა, მამაო წმიდაო, რამეთუ კეთილ არს“. და ვითარცა იხილა გემოჲ, მოწაფემანცა სცნა, თუ რაჲ იგი იყო. დავარდა პირსა ზედა თვისსა და იწყო ტირილად მეტყველმან: „ვაჲმე, მამაო პატიოსანო, რამეთუ მოგაკუდინე და შენ ბრალი ცოდვისა დაჰკრიბე ჩემ ზედა, რომელ არა მამხილე“. მიუგო სიტკბოებით ბერმან: „ნუ გულს გაკლს, შვილო ჩემო, საყვარელო, უკეთუმცა ყოფილ იყო ნება ღმრთისა, თაფლითამცა გექმნა ჭამადი, გარნა ყოველსავე ზედა მოთმინებით ვმადლობდეთ სახიერებასა მისსა“.
იხილეთ საყვარელნო, თუ ვითარ ვიდრე სიკუდილადმდეცა იღვწიან წმიდანი კაცნი მოთმინებითა, და არავის შეაწუხებენ და ამხილებენ უვნებელნი იგი და სათნონი ღმრთისანი.
აწ უკუჱ გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, უკეთუ ჩვენზედაცა მოიწიოს სნეულება რაჲმე, ღმრთის მადლობით მოვითმინოთ. და უკეთუ სადამე ჩვენი უნებური ჭამადი მოგვივიდეს, არა ვიდრტვინოთ და არცა რასმე ზედა საქმესა შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ ხატად ღმრთისა დაბადებული სული კაცისა, რომლისათვის ქრისტე მოკუდა, რათა არა შევაწუხოთ სული წმიდა, რომლითა აღვიბეჭდენით. არამედ მოვიგოთ ყოველსა შინა მოთმინება სულგრძელებით და კრძალულება სიფრთხილით, რათა მოვიგოთ ქრისტე ჩვენ შორის დამკვიდრებულად და ვიქმნეთ ქრისტეშემოსილ სათნოებითა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მოთმინებისა სათნოებითა მივემსგავსნეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა და ყოველნივე მოთმინებისა მისისა ვნებანი: ჯვარი, სამსჭვალნი და ლახვარი გულსა შინა ჩვენსა გამოვისახოთ, და სიყვარულითა მისითა ჩვენცა ყოველივე მოვითმინოთ კეთილითა გონებითა. მისთანა ვივნოთ და მისთანაცა ვიდიდნეთ ღმრთივბრწყინვალესა და სამგზის სანატრელსა დიდებასა მისსა, მადლითა და წყალობითა მისითა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ლთ [39]
მარხვით და ლოცვით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „განვალს კაცთაგან ეშმაკი ლოცვითა და მარხვითა“[მთ. 17,21].
საყვარელნო, ვინათგან ლოცვა და მარხვა განმდევნელი არს ეშმაკთა, ამისთვისცა უფროსად ისწრაფიან ეშმაკნი დახსნად ლოცვისა და მარხვისა ჩვენისა. გარნა მოთმინებით მარხვა და ლოცვა განაქარვებს უძლურსა ძალსა მათსა შეწევნითა ქრისტესითა, ხოლო მომთმინესა გვირგვინი დიდებისა მოენიჭების ძლევისა მათისათვის.
რამეთუ იყო ვინმე ძმა კეთილმოღვაწე და ფრიად მლოცველი მარხვითურთ და ჴელთსაქმართა მოქმედი და მით გლახაკთა მიმართ მოწყალე. და განწესებულად აქუნდა ღამე ლოცვაჲ და დღისი ჴელთსაქმარი და მეცხრესა ჟამსა პურის ჭამაჲ, სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა იტყვის მოციქული: „გინათუ სჭამდეთ, გინათუ სმიდეთ… ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ“(1 კორ. 10,31).
დღესა ერთსა განთიად შეემშია ძმასა მას მანქანებითა ეშმაკისათა და სულმოკლე იქმნა, გარნა ახოვნებით მოითმინა ვიდრე მესამე ჟამადმდე. და ვითარცა მოიწია მესამე ჟამი, კვალადცა აიძულა თავსა თვისსა და მოითმინა მეექვსე ჟამადმდე, და მეექვსესა ჟამსა დაალბო პაქსიმადი და ენება ჭამაჲ. გარნა ბრძოლა გულისსიტყვასა თვისასა და მოითმინა სიმხნით, ვიდრე მეცხრე ჟამადმდე. და მეცხრესა ჟამსა დასდგა ლოცვად ჩვეულებისაებრ და გულსმოდგინედ ილოცა და მეყსეულად იხილა ძალი რაჲმე საეშმაკო, ვითარცა კუამლი განმავალი სენაკისაგან მისისა.
და ესრეთ დასცხრა უწესო იგი სიმშილი მისი მოთმინებითა და კეთილად წარემატა მარხვითა და ლოცვითა, ანგელოსებრივ მოქალაქობად და ადიდებდა ძლიერებასა ღმრთისასა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ ვითარ კეთილისა სათნოებისა დამახრწეველ ექმნებიან სულთა ღმრთისმოყვარეთა ბოროტნი ეშმაკნი მანქანებითა თვისითა, გარნა ვერარას ავნებენ მოთმინებით მმარხველთა და სიწმიდით მლოცველთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიჭურვოთ მოთმინებითა და ჴელად ვიპყრათ მარხვა უვნებელი და პირთა ჩვენთა ლოცვა წმიდა. და ესრეთ რა ვჰბრძოდეთ მბრძოლთა მათ სულისა ჩვენისა ეშმაკთა, ადვილად ვსძლოთ ძალითა ქრისტესითა. და ძლევაშემოსილთა ძლევისა გვირგვინი მოვიღოთ, და ძლევისა გალობასა უგალობდეთ უფალსა მეტყველნი: „წმიდაო წმიდათაო, მეუფეო ძალთაო, შეგვმოსე ძალი და სიმხნე, რათა მოთმინებითა, მარხვითა და ლოცვითა ვსძლოთ მანქანებათა ეშმაკისათა, რამეთუ „შენ მოგიცემიეს სათნომყოფელთა შენთათვის ძალი და ჴელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა“[ლკ. 10,19].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიმოსოთ გულსმოდგინება და მოვითმინოთ რაჲცაგვარი ბრძოლა ეშმაკისა მოიწიოს ჩვენ ზედა. გინათუ ცოდვისა მრავალფერი გულისთქმა, ანუ მავნებელი გულისსიტყვა ბოროტი, გინა გულისწყრომა, ანუ მრისხანება და შური. და რომლისაცა ვნებისა სახითა, გვებრძოლოს ეშმაკი, ჩვენ სიმხნით მოვითმინოთ და წინა აღუდგინოთ საუკუნეთა კეთილთა სურვილი; ანუ მოვიხსენოთ საუკუნო სატანჯველი და მისთვის მოვითმინოთ და ნუ ვიძლევით ეშმაკთა მიერ კაცთ­მოძულისა. არამედ სათნოებით ვმონებდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა კაცთმოყვარესა და მოთმინებით ვბრძოდეთ წინამდებარესა ღვაწლსა, და ვსთქუათ ჩვენცა დავითის თანა: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე“(ფს. 39,2). რათა აღწერონ ღვაწლი ჩვენი წმიდათა ანგელოსთა და წარმოადგინონ დღესა განკითხვისასა. და ჩვენ განმართლებულნი გვირგვინითა ბრწყინვალითა, ღმრთივშვენიერად შემკობილნი ვიდიდებოდეთ საუკუნეთა მათ საშვებელთა შინა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა. მადლობისა გალობასა უგალობდეთ ყოველთა კეთილთა მიზეზსა და წარმ­მართებელსა ღმერთსა, რომელსა ღირსმცა ვართ, მადლითა და კაცთ­მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

თხრობა სულიერი მ [40]
კრძალულებისათვის შვენიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ეკრძალენით ნუუკუჱ ვინმე შეურაცხ ჰყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი, რამეთუ ანგელოსნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“[მთ. 18,10].
საყვარელნო, კრძალულება უფლისა სათნო არს და სულთა ჩვენთა დიდად სარგებელ, რათა არავინ დავაბრკოლოთ, ანუ შევაწუხოთ, გინა განვიკითხოთ, არამედ ყოველთავე „სათნო ვეყოფოდეთ კეთილისა აღსაშენებლად“[რომ. 15,2]. კრძალულება ყოველსავე შინა კეთილ არს და უმეტესად მარხვასა და ლოცვასა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ლოცვასა განკრძალულ იყვენით“(რომ. 12,12). ხოლო მარხვასა რა მოვითმენდეთ, არა მმარხველთა ნუ დავაბრკოლებთ. ვითარცა წერილ არს: „მჭამელი მმარხველსა ნუ შეურაცხ ჰყოფ და მმარხველი მჭამელსა ნუ განიკითხავნ“[რომ. 14,3].
რამეთუ იყო ვინმე ბერი მმარხველი, მლოცველი, მომთმინე, ღმრთისა მადლითა სათნოებათა წარმმართებელი და ზეგარდამო გამოცხადებისა მხილველი, რომელსა განწესება ესევითარი აქუნდა, რომელ მრავლითა მოთმინებითა იმარხვიდა და ილოცვიდა ღმთისა მიმართ და მეცხრესა ოდენ ჟამსა სჭამდა სამსა პაქსიმადსა და სმიდა ლიტონსა წყალსა სადიდებელად ღმრთისა.
დღესა ერთსა მივიდა ვინმე ძმაჲ და მან სიყვარულით შეიწყნარა და ლოცვა წართქვეს, ვითარცა ჩვეულება არს ღმრთისმსახურთა. და უბნობდენ თაფლისა უტკბილესითა სიტყვითა, მადლით შეზავებულითა, სარგებელად სულისა. და მოიწია რა მეცხრე ჟამი, დააგო ბერმან ტაბლა სიყვარულისა და ძმასა მასცა მიართვა სამი პაქსიმადი, ვითარცა შესჭამნა იგინი ძმამან, სცნა ბერმან, ვითარმედ კვალადცა ჰნებავს ჭამად და მოართუა სხუაცა სამი პაქსიმადი. და ვითარცა სრულ ჰყვეს ჭამაჲ, მადლობა შესწირეს ღმერთსა.
მერმე გულსა შინა თვისსა განიკითხა ძმა იგი მოსრული ბერმან და ჰრქუა მას: „არა ხამს, ძმაო, ესრეთ შედგომა ჴორცთა განსვენებისა“. ხოლო ძმამან მან მიითვალა მხილება იგი მადლობით და შენდობა ითხოვა და წარვიდა.
ხოლო ხვალისა დღე მოიწია რა მეცხრე ჟამი, ილოცა ბერმან და შესჭამნა სამნი პაქსიმადნი, და კვალადცა ჰშიოდა ძლიერად, გარნა მოითმინა იძულებით. ესრეთვე უკუჱ სხუასაცა დღესა შეემთხვია უმეტესი შიმშილი და კვალადცა მოითმინა მრავლითა სულმოკლებითა.
მაშინ სცნა, ვითარმედ დატევებულ იქმნა ღმრთისა შეწევნისაგან და დააგდო თავი თვისი წინაშე ღმრთისა და ცრემლით ევედრა, რათა გამოუცხადოს მიზეზი დატევებისა მისისა. და აჰა, ესერა წარმოუდგა მას ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „ამისთვის შეგემთხვია შენ ეგე, რომელ განიკითხე ძმა იგი და დააბრკოლე. უწყოდე, ვითარმედ ვისცა რაჲ ძალუძს მარხვა, ანუ მოთმინება, გინა რაჲცა კეთილი საქმე, არა თვისითა ძალითა შემძლებელ არს, არამედ სახიერისა ღმრთისა მადლითა, რამეთუ იგი განაძლიერებს კაცსა მოთმინებად, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე“.
ხოლო ღირსი იგი ბერი განისწავლა ანგელოსისა მიერ და შეინანა ცთომა თვისი და კვალად მოეგო წესსავე ზედა თვისსა და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიღოთ სამღთო გულისჴმისყოფა წმიდათა წერილთაგან და კრძალულება ყოველსა შინა, რათა არა თავთა ჩვენთა მივენდვნეთ და უთმინოებითა ჩვენითა წარვსწყმიდოთ სასყიდელი ჩვენი. არამედ ჩვენ გულსმოდგინე ვიქმნეთ და ზეგარდამო ვითხოოთ მოთმინებისა და ყოვლისა სათნოებისა მადლი, რამეთუ მის მიერ არს ყოველი ნიჭი სრული მოცემად მამისაგან ნათლისა და საყვარელისა ძისა მისისა, რომელი არს ხატი და ბრწყინვალება, მზე სიმართლისა, და ყოვლადწმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისა. და ესრეთ მის მიერ მონიჭებულითა სათნოებათა მადლითა მისსავე მეუფებასა ვჰმსახურებდეთ, რამეთუ „თვინიერ მისსა არარაჲ ძალ­გვიძს ყოფად, არცაღათუ თქმად – უფალი იესო, გარნა სულითა წმიდითა“[1 კორ. 12,3].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, გულსმოდგინედ შევიკრძალოთ სათნოება და მოვიგოთ სათნოებათა შემკრებელი მოთმინება. და აღმოვაცენოთ მოთმინებისა ყუავილი – მარხვა უვნებელი და წარმოვაჩინოთ მარხვისა ნაყოფი – ლოცვა წმიდა. და ესრეთ სათნო ვეყვნეთ ამათ ყოველთა კეთილთა მიზეზსა და მომნიჭებელსა ღმერთსა და ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა. და დაუსრულებელად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეოთხისა თავისა

 

 

 

 

 

 

თავი e [5]

მარხვისათვის და ლოცვისა ღმრთისა თანა მზრახველისა

 

 

თხრობა სულიერი მა [41]
მარხვისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „შევედით იწროსაგან ბჭისა, რამეთუ იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა“[მთ. 7,13-14].
საყვარელნო, ესე არს ესე მარხვისა მოღვაწებისათვის მცნება, დაღაცათუ საჭირველად ჴორცთა სჩანს მარხვაჲ, გარნა ფრიადი განსვენება არს სულისა და სასოებითა კეთილითა სახარულევან გულისა და სიმრთელე ჴორცთა. მარხვა დედა არს სიწმიდისა, ყუავილი სათნოებისა, ნაყოფი ლოცვისა, საუნჯე სასუფეველისა, სათნო უფლისა, მსგავსება ანგელოსთა, საქმე წმიდათა და ძღვენი არს პატიოსანი შეწირულ წინაშე ღმრთისა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, განათლებული გულითა, ბრძენი გონებითა, მოღვაწე ჴორცითა, განშვენებული მოწყალებითა და განბრწყინვებული სულითა, სახელით მარკოზ. რომელსა ესევითარი კანონი და განწესება ეპყრა, რომელ სამეოცსა წელიწადსა, ყოველსა შვიდეულსა იმარხვიდა უვნებელად, თვინიერ წმიდისა კვირიაკისა. ვიდრეღა საგონებელ იყო თუ უჴორცო არს და საკვირველ ყოველთა შორის ანგელოსებრივი მოქალაქობა მისი. და ილოცვიდა ყოვლადგანათლებულისა გულითა და ლოცვა მისი წმიდა აღვიდოდა, ვითარცა საკმეველი წინაშე ღმრთისა.
ხოლო დღისით და ღამით იქმოდა ჴელთსაქმარსა ლოცვითურთ და განუყოფდა მას გლახაკთა მოწყალებად და არაოდეს რაჲ მიიღის ვისგანმე, რამეთუ იხსენებდა სიტყვასა მას მოციქულისასა, ვითარმედ: „უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა“[საქ. 20,35].
ამის ნეტარისა სათნოება ესმა ვისმე ქრისტეს მოყვარესა ერისკაცსა. და მოართუა მას მცირეოდენ ვეცხლი და ჰრქუა: „მიიღე ესე, მამაო პატიოსანო, სახმრად სიწმიდისა შენისა“. ხოლო მან არა მიიღო, არამედ ჰრქუა: „გაკურთხენ შენ უფალმან, შვილო საყვარელო, ეგე წარიღე და მიეც გლახაკთა სიყვარულად, რამეთუ ჴელთსაქმარი ჩემი კმა არს ჩემდა გამოსაზარდელად და მათდაცა, რომელნი მოვიდოდიან ჩემდა ღმრთისათვის“. და ესრეთ უვნებელობით ადიდებდა ღმერთსა.
იხილეთ, საყვარელნო, წმიდისა ამის მამისა სათნოებათა სიმაღლე, და ჩვენ რაჲმე ვჰყოთ უძლურთა და გლახაკთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა ვიმარხოთ მარხვა – პატიოსანი ძღვენი და უვნებლი სათნოება. და ჴელითა ჩვენითა ვმუშაკობდეთ და ნაშრომთაგან სიმართლისა ჩვენისათა გლახაკთა შევიწყნარებდეთ, მშიართა გამოვზრდიდეთ, შიშველთა შევმოსდეთ, უძლურთა შევეწეოდეთ, ქვრივსა და ობოლსა ჴელსა აღუპყრობდეთ, მკუდართა დაფლვასა ზედა შეწევნასა ნუ უღირს ვიჩენთ, სიმართლით და სიწმიდით ვიქცეოდეთ, ეკკლესიასა ნუ დავაკლდებით, მღუდელთა პატივ ვსცემდეთ.
ხოლო ამათ სათნოებათა რა ვიქმოდეთ კეთილითა გონებითა, არა შორს ვიყვნეთ ჩვენცა სასუფეველისაგან ღმრთისა და წმიდათა მამათა თანა სავანეობისა.
რამეთუ მარხვა ჯერ არს ჩვენდა, საყვარელნო, ყოველთაგან ვნებათა განშორება სულისა წარმწყმედელთა და შეკრძალვა საცნობელთა ჩვენთა და კეთილად წარმართება ცხოვრებისა ჩვენისა და სხუათაცა სულთა სარგებელ ყოფა. და ესე არს ჭეშმარიტი ქრისტეანებრივი მარხვა, სათნო უფლისა და მომატყვებელი ჩვენდა უოხჭნოსა გვირგვინისა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ქრისტესა მეუფესა ჩვენსა მივემსგავსნეთ მარხვისა სათნოებითაცა, ვითარცა მან თავადმან იმარხა ორმოცი დღე და ჩვენ სახედ მოგვცა საქმითი მცნება მარხვისა, რათა ვჰბაძვიდეთ სათნოებასა მისსა კეთილსა. ამისთვის სიხარულით შევიტკბოთ, ჵ, ძმანო, მარხვა უვნებელი, საუნჯეთა ჩვენთა განმამრავლებელი, გლახაკთა ჴელთა განმაშვენებელი, ლოცვისა წმიდისა შემწირველი, სასუფეველსა შინა გვირგვინისა განმზადებელი, ანგელოსთაებრ ცხოვრებითა განმანათლებელი და უფლისა სიყვარულითა განმაბრწყინვებელი, რათა უფლისა მობაძავნი, უფლისა თანა ვიხარებდეთ დაუსრულებელად, ქრისტე იესოს მიერ მაცხოვრისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი მბ [42]
მარხვისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ ხართ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ“[ლკ. 6,21].
საყვარელნო, ესე სამღთო ნეტარება არს პატიოსნება მარხვისა, რამეთუ თვით თავადმან, მაცხოვარმან ჩვენმან, იმარხა ორმეოცი დღე და მერმე შეემშია, რათა ჩვენ გვასწაოს უვნებელობა მარხვისა. რამეთუ მარხვა არს მშობელი სიწმიდისა, მარხვა არს ყუავილი სათნოებისა, მარხვა საუნჯე არს მოწყალებისა და მარხვა ლოცვისა თანა შეერთებული, ძღვენი არს პატიოსანი წინაშე ღმრთისა შეწირული, საყნოსელად სუნად სუნნელად, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „წარემართე ლოცვა ჩემი მარხვითა, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, უფალო“[ფს. 140,2].
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელიცა ხუთ-ხუთით Iიმარხვიდა და IIლოცვასა მხურვალესა აღავლენდა ღმრთისა მიმართ და IIIჴელთსაქმისაგან არაოდეს დასცხრებოდა და სიმართლით მოგებულსა თვისსა IVმოწყალებად მისცემდა გლახაკთა.
ოთხითა ამით სათნოებითა წმიდა იქმნა და საუკუნო ნეტარება მიიღო. და პატიოსნებით ამაღლებული ზეცისა სასუფეველისა დიდებასა განისვენა და უკუდავებითა იხარებს დაუსრულებელსა საშვებელსა შინა ბრწყინვალებითა ღმრთისათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ ჩვენცა მარხვა უბიწო, სამოთხისა ყვავილთაებრ შვენიერმყოფელი სულისა. დაღაცათუ ხუთ-ხუთით არა ძალგვედვას მარხვაჲ, არამედ გულს­მოდგინება ვაჩვენოთ შეძლებისაებრ ჩვენისა და მოვიგოთ Iმარხვა უვნებელი, IIლოცვა წმიდა, IIIჴელთსაქმარი – სიმართლით და IVმოწყალება – სიყვარულით, რათა ჩვენცა წმიდა ვიქმნეთ სულითა.
და ვითარცა გან­რღვეული ზე კიდებული ოთხთაგან მოიღეს იესოსა, ეგრეთვე ჩვენცა ვნებათა მიერ განრღვეული სული ჩვენი ოთხითა ამით სათნოებითა მივიღოთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა. და გვესმას ყოვლადტკბილი და საწადელი ჴმა მისი, ვითარმედ: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“[მთ. 9,2; მრკ. 2,5], და ოდეს მოგვეტევნენ ცოდვანი ჩვენნი, მაშინ წმიდა ვიქმნეთ და განწმედილთა შორის ღმერთი დაემკვიდრების. ვითარ იგი იტყვის წმიდა მოციქული: „თქვენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ“[1 კორ. 3,16], ვითარცა სთქუა ღმერთმან: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდე მათ შორის“[2 კორ. 6.16; ლევ. 26.12]. და დავით ჰგალობს: „უფალო, წმიდასა შინა არს გზაჲ შენი“[ფს. 76,14].
საყვარელნო, მარხვა არა ჭამადთა ზედა ოდენ გამოისახვის, არამედ ყოველთა ზედა ვნებათა. რამეთუ რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკეთუ პურსა არა სჭამდეს და ძმისა ჴორცსა სჭამდეს, რომელ არიან: განკითხვა მოყვსისა, ცილისწამება, შური, მტერობა, მიუტევებლობა და ყოველითავე შეწუხება ძმათა, რომელთათვის ქრისტე მოკუდა, ვითარცა ჰურიანი იმარხვიდენ ხენეშად, რომელნი იტყოდეს: „არა ვსჭამოთ პური, ვიდრე არა მოვჰკლათ პავლე“[საქ. 23,14]. ჵ, სიბოროტეღა ესე.
არამედ ჩვენ, საყვარელნო ქრისტეანენო, ვიმარხოთ მარხვა უვნებელი, განშორებელი ყოვლისაგანვე ცოდვისა და შეწუხებისაგან მოყვსისა. და მოვიგოთ ლოცვა უბიწო ბრალისაგან, ესე იგი არს, რომელთა ჩვენდა მომართ აქუნდეს ბრალი რაჲმე, მიუტევოთ სრულის გულითა ცთომანი მათნი, რათა ჩვენცა მოგვიტევნეს ყოვლადსახიერმან ღმერთმან შეცოდებანი ჩვენნი.
და რომელნი გვთხოვდენ მოწყალებასა, ვისმინოთ მათი და მივსცეთ ქველისსაქმე, რათა ლოცვაცა ჩვენი შეისმინოს ყოვლადმოწყალემან ღმერთმან და მოგვცეს თხოვაჲ გულისა ჩვენისა, ერთისა წილ ასი და ცხოვრება საუკუნო. და დაუსრულებელად ვიშვებდეთ ბრწყინვალითა გვირგვინითა სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი მგ [43]
მარხვისათვის და ლოცვისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა პურითა ხოლო სცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“(2 სჯ. 8,3; მთ. 4,4); [ლკ. 4,4].
საყვარელნო, ვითარცა საზრდელი აცოცხლებს სხეულსა, ეგრეთვე მარხვა ზრდის სულსა და ნაყოფიერ ჰყოფს ლოცვა წმიდა. ამისთვისცა მმარხველისა ლოცვა ფრთოვან არს და ამაღლდების უბიწოჲ და მიიწევის სასმენელთა უფლისა საბაოთისთა და ჰგალობს: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო“(ფს. 50,12). და განწმედილი გულითა იხილავს პირსა ღმრთისა იაკობისსა და მის მიერ გამობრწყინვებულითა სიტყვითა იშვებს, და განათლდების სულითა და ექმნების საზრდელ სულიერ. ხოლო ესევითარი კაცი ღმრთისა მარადის განიცდის სამსჯავროსა და შემსჭუალულ არს ღმრთისადა გულითა და გონებითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი ყოვლადსანატრელი: წმიდა, უმანკო, წრფელი, უვნებელი, მმარხველი, მლოცველი და მოშიში ღმრთისა, რომელსა ესევითარი აქუნდა მოქალაქობა, რომელ ოცსა წელიწადსა არა დასწვა ცხედარსა ზედა, არამედ სკამსა ზედა, სადა იგი ზინ და იქმან ჴელთსაქმარსა, რომლისაგან ჰყოფდა მოწყალებასა. მჯდომარემან მცირედ მიირულის და მეყსეულად აღსდგის დიდებისმეტყველებად ღმრთისა.
და იმარხვიდა იგი ოდესმე ორ-ორით და ოდესმე ოთხ-ოთხით და ოდესმე ხუთ-ხუთით. და ოდესცა მიიღებდა საზრდელსა, ერთი ჴელი აღიპყრის ლოცვად ღმრთისა მიმართ და მეორითა ჴელითა სჭამნ. ჰკითხა მას მოწაფემან მისმან, ვითარმედ: „რაჲსათვის ესრეთ ჰყოფ, ღმერთ­შემოსილო მამაო პატიოსანო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ამისთვის ვჰყოფ, შვილო საყვარელო, რამეთუ სასჯელი ღმრთისა სდგას წინაშე თუალთა ჩემთა და მეშინის“.
იხილა ოდესმე ამან წმიდამან ბერმან მოწაფე თვისი გართხმით მწოლარე და მძინარე. დასდგა და იწყო ტირილად მეტყველმან, ნეტარ სადამე არს გულისსიტყვა ამისი, რომელ ესრეთ უზრუნველად სძინავს.
და იქმნა ოდესმე, ჰყვეს ლოცვა ზოგად და შესცილდა მოწაფესა სიტყვა რაჲმე ფსალმუნისა. და ვითარცა აღასრულეს ლოცვაჲ, მაშინ ჰრქუა წმიდამან ბერმან სიტკბოებით: „ღმრთივსულიერო შვილო ჩემო საყვარელო, მე უღირსი ესე ოდეს ვჰყოფდე ლოცვასა ჩემსა, ესრეთ ვჰგონებ თუ ცეცხლსა შინა ვსდგავარ და ვიწვები და ამის მიზეზით ვერ ძალუძს გონებასა ჩემსა მიდრეკად მარჯულ, გინა მარცხულ. და სადა უკუჱ იყო, საყვარელო, გონება შენი, ვჰყოფდით რა ლოცვასა ჩვენსა, რამეთუ შეგცილდა სიტყვა ფსალმუნისა?! ანუ არა უწყიაა, შვილო, რომელ წინაშე ღმრთისა წარვსდგებით და თავადსა ღმერთსა ვზრახავთ პირისპირ, რომლისა შიშით და ზარით სძრწიან ხერუვიმ-სერაჶიმნი, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ მარხვისა და ლოცვისა ძალი და სიმაღლე საზომისა მისისა პატიოსნებისა. და შევიტკბოთ ჩვენცა, ძმანო, მარხვა უვნებელი და ლოცვა წმიდა, რომელ ორნი ესე კეთილნი სათნოებანი, ფრთე ექმნებიან სულსა ჩვენსა, რომლითა ავმაღლდებით ზეცისა სიმაღლესა. და უკეთუ მუნ გვეპოვოს ჩვენ მიერ ქმნილი მოწყალება დაუნჯებული და იგი გან­გვაბრწყინვებს უფროს ოქროჲსა და ვეცხლისა ათასეულისა და ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა განგვანათლებს უფროს მზისა შარავანდედისა, რამეთუ თვით თავადი მზე იგი სიმართლისა, ბრწყინვალება დიდებისა, ხატი არსებისა, ბეჭედი უცვალებელი, ძე საყვარელი მამისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ტკბილი მაცხოვარი, იქმნების თანამეინახედ ჩვენდა, ვითარ იგი თვით ჭეშმარიტი სახიერი და კაცთმოყვარე ტკბილი უფალი ბრძანებს: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“(იო. 12,26).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სიწმიდით და ღირსებით ვჰმსახუროთ უფალსა ჩვენსა, რათა მის თანა ვჰსუფევდეთ. და უკეთუ გვსურის მისთანა სუფევა, შევიტკბოთ სათნოებათა ყუავილი – მარხვაჲ და მარხვისა ნაყოფი – წმიდა ლოცვაჲ, რათა აქაცა ანგელოსებრივი მოქალაქობა გვაქუნდეს და მუნცა ანგელოსთა თანა უგალობდეთ ზოგადსა მეუფესა, დაუსრულებელად, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი მდ [44]
ჯეროვანისა მარხვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან ჰყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“(მთ. 5,19).
საყვარელნო, ესე არს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომელ კაცმან პირველად თვით ჰყოს სამღთო მცნება საქმით და ესრეთ სხუათაცა ასწაოს ტკბილითა სიტყვითა, და მსგავსება არს ესე ქრისტესი. ვითარცა წერილ არს: „ხოლო იესო იწყო ყოფად და სწავლად“[საქ. 1,1], რამეთუ თვით თავადმანცა ჰყო ღმრთივშვენიერი სათნოებანი და ჩვენცა გვასწავებს კეთილი მწყემსი, სახიერი მოძღვარი და ტკბილი უფალი, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და იტყვის: „ნეტარ ხართ უკეთუ ყოფდეთ ამას… გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა“(იო. 13,17; მთ. 5,12).
რამეთუ ესევითარი ტკბილი მოძღვარი იყო წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი დიდი ანტონი, ვარსკულავი უდაბნოსა, მნათობი მონასტერთა, კანონი მონაზონთა, სანთელი გულისჴმისყოფისა და ლამპარი დაფარულთ­მცნობელობისა. რომელიცა ჯეროვანად იმარხვიდა ოდესმე ორ-ორით, ოდესმე სამ-სამით, ოდესმე ოთხ-ოთხით და ოდესმე ხუთ-ხუთით, ვითარცა ჰშვენოდა ეკკლესიასა ღმრთისასა. და ეგრეთვე თვის მიერ ქმნულთა სათნოებათა, ასწავებდა შვილთა თვისთა სულიერთა, საქმითა და ჭეშმარიტებითა მოძღვრიდა.
და იყო ვინმე ერისკაცი მონადირე ღმრთისმოშიში, ეკკლესიათა პატივისმცემელი, წმიდათა მსასოებელი და სათნოებათა მოსურნე, რომელიცა მივიდა მონასტერსა წმიდისა ანტონისასა დღესასწაულსა ეკკლესიისა მიერ პატივცემულსა. შემდგომად ლოცვისა და სამღთოსა წირვისა, ისადილეს ძმათა სიყვარული, და ვითარცა ჰშვენოდა ჯეროვნად ნუგეშინის იცეს სადიდებელად ღმრთისა. რომელიცა ესე იხილა რა ერისკაცმან, განიზრახა გულსა შინა თვისსა, ვითარმედ: „აჰა, ესერა მონაზონნიცა ნუგეშინისცემასა შინა არიან“. ხოლო მამამან ანტონი გულისჴმა ჰყო, დაფარულთმცნობელობისა მადლითა და ჰრქუა კაცსა მას: „ძმაო, შედევ ისარი შენი შვილდსა მაგას შინა და მოიზიდე“. ხოლო მან ჰყო ეგრეთ. ჰრქუა მას ანტონი: „კვალად მოსწიე“. და მან კვალადცა მოსწია. ჰრქუა მას ანტონი: „და კვალადცა მოსწიე“. მიუგო კაცმან მან: „წმიდაო ღმრთისაო, უკეთუ უმეტეს ზომისა მოვსწიო, განტყდების“. ჰრქუა მას წმიდამან ანტონი: „ეგრეთვე ჩვენცა, შვილო, უკეთუ უმეტეს ზომისა ვიმარხოთ და ვიღვაწოთ, განვტყდებით და შევიმუსრვით“.
ხოლო მან შეინანა გულისსიტყვა თვისი ცთომილი, და წმიდამან ასწავა კეთილწესიერება მარხვისა და წარგზავნა მშვიდობით დიდებად ღმრთისა.
ვისწაოთ ჩვენცა, საყვარელნო, ჯეროვანი მარხვა პატიოსანი და წესიერი, ნუგეშინისცემა უვნებელი, რამეთუ ხუთთა დღეთა შინა ჰშვენის კაცად კაცადსა ძალისაებრ და გულსმოდგინებისა მარხვაჲ. ხოლო შაბათ-კვირიაკეთა და ჩინებულთა წმიდათა დღესასწაულთა, უცოდველი ნუგეშინისცემაჲ; ორკერძოვე დიდებად ღმრთისა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „გიხაროდენ მოხარულთა თანა სულისა ნაყოფითა და სტიროდეთ მტირალთა თანა ჟამიერითა მარხვითა“[რომ. 12,15].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ჟამიერი მარხვა ჴელთსაქმრისა თანა, რომლითა ვიქმოდეთ მოწყალებასა. და ვიხმიოთ უცოდველი ნუგეშინისცემა გონებით ლოცვისა თანა, სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ნაყროვნება და მთვრალობა ყოველსა ჟამსა ბოროტ არს, ხოლო მარხვისა პატიოსნება და ყოველსა შინა კრძალულება, სამარადისოდ კეთილ არს. ყოველსავე კეთილსა თვისი ჟამი აქუს. ხოლო სიბოროტისათვის და ცოდვისა ჟამი არაოდეს განჩინებულ არს.
ჰე, გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მარადის კეთილსა ვიქმოდეთ და ვნებისათვის, ნურაოდეს მოვაცალებთ გონებასა ჩვენსა. არამედ სათნოებითა და სულიერისა სიხარულითა ვიხარებდეთ, ვითარცა იტყვის: „მარადის გიხაროდენ, მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა მადლობდით“(1 თესალ. 5, 16-18). დაღაცათუ პურის ჭამასა შინა ვიყვნეთ, გარნა გონებითა ვილოცვიდეთ, და ღმრთისა ხედვითა განათლებულნი მადლობასა აღვავლენდეთ, რათა ესრეთ კეთილითა ცხოვრებითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა და დაუსრულებელსა სიხარულსა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი მე [45]
საზრდელისა მიღებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხოვრებად საუკუნოდ“(იო. 6,27). და სამღთო მოციქული იტყვის: „გინათუ სჭამდეთ, გინათუ სუმიდეთ, გინათუ რაჲსაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ“(1. კორ. 10,31).
ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, საყვარელნო, ჭამასაცა პურისასა კრძალულებით ლოცვა და მადლობა სახიერებათა ღმრთისათა, რომელ ესე ფრიად კეთილ არს, და ჰშვენის იესოს მოყვარეთა ქრისტეანეთა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, განათლებული სულითა, განწმედილი გულითა და საკვირველებათა მხილველი. რომელიცა დღესა ერთსა სჯდა რა ტაბლასა ძმათა თანა პურისა ჭამად, სადიდებელად ღმრთისა დუმილითა ბაგისათა, გონებითა ილოცვიდა და ღმრთისა ხედვითა ამაღლდა და იხილა ტაბლასა მას ზედა, რომელნიმე თაფლსა ჰსჭამდენ, რომელნიმე პურსა და რომელნიმე უშვერსა რასამე. განცვიფრებულ იყო თავსა შორის თვისსა და განიზრახვიდა, თუ ვითარ ყოველთავე ერთი სანოვაგე დაგებულ არს და განყოფილ არიან ჭამადნი? და ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს ძალი ხილულისა მის. და მოიღო ზეგარდამო გამოცხადება ანგელოსისა მიერ, ვითარმედ:
ა. რომელნი შიშითა ღმრთისათა და კრძალულებით სჭამენ პურსა და გონებითა ილოცვენ, ლოცვა მათი აღვალს, ვითარცა საკმეველი წინაშე ღმრთისა, იგინი არიან რომელნი თაფლსა სჭამენ.
ბ. ხოლო რომელნი ჰმადლობენ ღმრთისა მოწყალებათა, რომელ საზრდელი მიიღეს სადიდებელად ღმრთისა და განსამტკიცებელად სხეულისა, იგინი არიან, რომელნი პურსა სჭამენ.
გ. და რომელნი სდრტვინვენ ჭამადთა ზედა და თუალბოროტ არიან და არა ჰმადლობენ ღმერთსა, იგინი არიან, რომელნი უშვერსა რასმე სჭამენ.
ესერა ეუწყა ღირსსა მას ბერსა ანგელოსისა მიერ, ჰმადლობდა და აკურთხევდა განგებულებასა ღმრთისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჭამასაცა შინა პურისასა ვადიდებდეთ სახიერსა ღმერთსა ჩვენსა და გონებისა თუალითა სიტკბოებასა მისსა განვიცდიდეთ. და შემდგომად ჭამისა მადლობასა შევსწირვიდეთ, მოწყალებისა მომნიჭებელსა და ქველისმოქმედსა ღმერთსა, ვითარცა მოციქულნი იქმოდეს, რომელ წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „გალობა წარსთქუჱს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა“(მთ. 26,30). გალობა იგი იყო, ძმანო, შემდგომად სერობისა, მადლობისა შეწირვისა, რამეთუ ესრეთ ჰშვენის ღმრთისმსახურთა ქრისტეანეთა.
და უფროსად ქრისტეს სათნო სერობა და პურისა ჭამა ესე არს, საყვარელნო, რომელ ოდეს დავსხდეთ საზრდელისა მიღებად, მოუწოდოთ და დავსხათ ჩვენთანა: გლახაკნი, უცხონი, ბრმანი, მკელობელნი, მშიარ-მწყურვალენი, რომელნი არიან ქრისტეს ძმად წოდებულნი და მათ შორის იხარებდეს სული ჩვენი; და ნეტარ იყოს მაშინ ჩვენი სერობა. არათუ გლახაკნი არიან სტუმარ, საყვარელნო ძმანო, არამედ თვით თავადი ქრისტე, მეუფე ჩვენი, არს სტუმარიცა და მასპინძელიცა და ყოვლისა ნიჭისა მომცემელი. რამეთუ იგი კაცთმოყვარე ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ძმათა ჩემთასა, იგი ყოველივე მე მიყავთ“[მთ. 25,40]. და ღმერთი იდიდების ამით კეთილითა საქმითა, და ანგელოსნი გვირგვინსა შეგვიმზადებენ და მცველი ჩვენი ანგელოსი დასწერს ქველისსაქმესა ჩვენსა წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა და ნაცვალი მოგვენიჭების ღმრთისა მიერ ერთისა წილ – ასი და ცხოვრება საუკუნო.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვიქმოდეთ ამას სათნოებასა კეთილითა გონებითა, რათა გულთმეცნიერმან იესომ შეიწიროს გულსმოდგინება ჩვენი და გვიზიაროს წმიდასა და უწმიდესსა სერობასა თვისსა, რომლისათვისცა ანგელოსთა გული უთქუამსთ ჭვირობად [I პეტ. 1,12]. და წმიდის გულით ვეზიარნეთ ქრისტეს საიდუმლოთა და მის მიერ ზიარ ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა: ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ, მამათმთავართა თანა ვიშვებდეთ, წინასწარმეტყველთა თანა ვზატიკობდეთ, მოციქულთა თანა ვსუფევდეთ და ყოველთა წმიდათა თანა ვგალობდეთ და ვადიდებდეთ და თაყვანისვსცემდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

თხრობა სულიერი მვ [46]
წმიდისა ზიარებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელი ზეცით გარდამოვხედ; უკეთუ ვინმე სჭამოს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ სცხონდეს უკუნისამდე“[იო. 6,51].
საყვარელნო, ამის საიდუმლოჲსათვის გული უთქუამსთ ანგელოსთა ჭვირობად [I პეტ. 1,12], ამის საიდუმლოჲსაგან სძრწიან ხერუვიმ-სერაჶიმნი; ამის საიდუმლოჲსა ღირსებით ზიარებულნი, ქრისტესა მივეახლებით, და მისითა მადლითა განმღრთობილნი, წმიდათა კაცთა მივემსგავსებით, რომელი ესე ყოველთავე ღირსთათვის სურვილით სანატრელ არს, სასოებით საძიებელ და სარწმუნოებით საწადელ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი ყოვლადღირსი და პატიოსანი მლოცველი, რომელი იყოფოდა მრავლითა მოღვაწებითა პირსა იორდანისასა. მოიდრიკა მუნ ასი მუხლი და წარვიდა სინა მთასა. სრულ ჰყო შვიდეული და აღსაარებით განწმედილი, შაბათსა ეზიარა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, და მიიღო საზრდელი. და მუნცა ჰყო მეტანია და წარვიდა მარხული, ვიდრე ალექსანდრიად მინა წმიდასა. და მეორესა შაბათსა ეზიარა ღირსებით ყოვლადპატიოსანსა ქრისტეს სისხლსა და ჴორცსა, და მიიღო საზრდელი.
და კვალად მუნცა ჰყო მეტანია და წარვიდა მარხული წმიდად იერუსალიმად, და მესამესა შაბათსა ეზიარა სიწმიდითა გულისათა ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, და მიიღო საზრდელი.
ესრეთ გულსმოდგინე იყო ნეტარი იგი და განძლიერებულ ღმრთისა სიყვარულითა, და ყოვლად­ტკბილი იესო დამკვიდრებულ იყო მის შორის განმხნობად, რომელ ესოდენსა გზისა სიშორესა, ვლო ფერჴივ და სლვასა შინა ლოცვისაგან არა დასცხრებოდა. და მეტანიით მაშვრალი, სამსა შვიდეულსა შინა წმიდათა მარხვათასა, სამგზის ეზიარა ღმერთმყოფელთა საიდუმლოთა და სამგზის მიიღო საზრდელი სადიდებელად ღმრთისა.
აწ უკუჱ საყვარელნო, ვინათგან წელიწადი ორმეოცდარვა შვიდეული არს, ეგრეთვე წმიდა და პატიოსანი დიდმარხვა ორმეოცდარვა დღე არს.და ჯერ არს ჩვენდა, რათა თვითოეულსა შვიდეულსა შინა ქმნილნი შეცოდებანი ჩვენნი, თვითოეულსა დღესა მარხვისათა შევინანნეთ გულსმოდგინებითა ჩვენითა, და მოწყალე გვექმნეს მოტევებად კაცთმოყვარე ღმერთი სახიერებითა თვისითა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გულსმოდგინე ვიქმნეთ, წმიდათა მარხვათა შინა უმეტესად და ნუ დავაკლდებით სამღთოსა მოქალაქობასა. ეკკლესიათა ღმრთისათა პატივს ვსცემდეთ სანთლითა, საკმეველითა და შესაწირავითა. სასოებით ვისმენდეთ წირვასა, ლოცვასა და მოძღვრებასა. აღსაარებითა განვიწმიდოთ სული ჩვენი, და გულითა კეთილითა შევიწყნაროთ და აღვასრულოთ კანონი მოძღვრისა მიერ მოცემული, და სინანულითა განწმედილნი ვეზიარნეთ ქრისტეს სერობასა. არა იუდასებრ დავისაჯნეთ უღირსად მიღებითა, არამედ იოანე ღმრთისმეტყველისაებრ განვნათლდეთ წმიდის გულით ზიარებითა.
რამეთუ თვინიერ წმიდისა ზიარებისა ვერვინ იხილავს დიდებასა ღმრთისასა. ვითარცა უფალი ბრძანებს: „უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდესთ ცხოვრება თავთა შორის თქვენთა“(იო. 6,53).
გარნა არა ლიტონად ჯერ არს მიახლებად, ძმანო, საშინელთა მათ საიდუმლოთა, არამედ მრავლითა კრძალულებითა და სიწმიდითა, რამეთუ იტყვის მოციქული: „გამოღაიცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან სჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ, ხოლო რომელი არა ღირსად სჭამდეს და სმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი“(1 კორ. 11,28-29).
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, გულითა წმიდითა და სულითა შემუსრვილითა და გონებითა მდაბლითა განკრძალულნი ვეზიარნეთ წმიდათა საიდუმლოთა, რათა მსხვერპლ ღმრთისა ვიქმნეთ ყოვლად შეწირულ, ვითარცა იტყვის: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული და გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ ჰყოს“[ფს. 50,19]. არამედ წიაღთა თვისთა შეგვიტკბოს და შეგვიერთოს და სუფევასა თვისსა ზიარ­გვყოს მეტყველმან: „მე თქვენ შორის, და თქვენ ჩემ თანა“[იო. 15,4]. მისსა დიდება, პატივი და თაყვანისაცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი მზ [47]
წმიდისა ლოცვისათვის ღმრთისა თანა მზრახველისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ესრეთ ილოცვიდეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“(მთ. 6,9) და შემდგომი ამისი.
საყვარელნო ძმანო, ლოცვა ღმრთისა შვილებასა დაგვიმტკიცებს, ლოცვა ანგელოსთა მიგვამსგავსებს, რამეთუ ვითარცა ანგელოსნი უგალობენ ღმერთსა: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ!“(ლიტურგია) ეგრეთვე ჩვენცა ვიტყვით: „წმიდა იყავნ სახელი შენი, ღმერთო“[მთ. 6,9; ლკ. 11,2]. ლოცვა ჭეშმარიტი ყოველსავე კეთილსა მოგვანიჭებს, ბოროტთაგან გვიხსნის და ეშმაკთა განგვაშორებს.
რამეთუ წმიდა და სანატრელი ღმერთშემოსილი, მამა ჩვენი მაკარი, მივიდა მონასტერსა რომელსამე განგებითა ღმრთისათა. და იხილა ერთისა ძმისა სენაკი ეშმაკთაგან აღსავსე და სცნა ეშმაკნი იგი, რომელ ულოცაობისანი იყვნეს. და შევიდა სენაკსა მას და მუხლთმოდრეკით შეუვრდა მას შინა მყოფსა ძმასა და ჰრქუა: „გევედრები, ღმრთივსულიერო ძმაო, ვნებათაგან ვიმძლავრები ფრიად, ჰყავ სიყვარული მცნებისათვის უფლისა, და ღამესა შინა ერთი მამაო ჩვენო ჩემთვის ილოცე“. ხოლო ძმამან მან აღუთქუა ყოფად ესე მრავლისა მისთვის ვედრებისა. და აღსდგა მას ღამესა და ილოცა ერთი მამაო ჩვენო მისთვის. მერმე ჰსთქუა: „უბადრუკო თავო ჩემო, წმიდისა მის ბერისათვის ილოცავ და სულისა შენისათვის არა ილოცავაა?!“ და მეორეცა მამაო ჩვენო ილოცა სულისა თვისისათვის.
ხოლო შემდგომად ერთისა შვიდეულისა, მოვიდა მამა მაკარი და იხილა, რომელ არღარა არიან ეშმაკნი სენაკსა მას შინა, არამედ გარეგან კარით ებრძვიან. შევიდა და დიდი მადლობა აღუარა ძმასა მას, ვითარმედ: „დიდად მელხინაო ლოცვითა შენითა, ძმაო საყვარელო და გევედრები, ერთი მამაო ჩვენო კვალად შესძინე და ღამესა შინა ორი მამაო ჩვენო ილოცე ჩემთვის“. ხოლო იგი აღსდგის და ილოცავნ ორსა მამაო ჩვენოსა მისთვის და ორსაცა სულისა თვისისათვის.
და შემდგომად კვირიაკისა მივიდა მამა მაკარი და იხილნა ეშმაკნი იგი სიმაღლესა ჰაერისასა განშორებულნი და მუნით ებრძოდენ. შევიდა და უდიდესად მადლობა აღუარა ძმასა მას, და უფროსად ევედრა, ერთისაცა, მამაო ჩვენოსა შეძინებად. ხოლო ძმა იგი აღსდგის და სამი მამაო ჩვენო მისთვის ილოცის ღამესა შინა და სამი თავისა თვისისათვის. და მივიდა რა მამა მაკარი, არღარა სადა იხილნა ეშმაკნი იგი, რამეთუ სრულიად უჩინო ეყვნეს ძალსა ლოცვისა მის მამაო ჩვენოსასა.
მაშინ განუცხადა ესე ყოველი ძმასა მას და ასწავა ჯეროვანი ლოცვაჲ. ხოლო მან მორჩილებითა ისმინა და წარემატა ლოცვითა და იქმნა პატიოსან და წარჩინებულ მლოცველ მადლითა ღმრთისათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მარადღე ვილოცვიდეთ გულითა წმიდითა, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. პატიოსანი მარხვა სიხარულით შევიტკბოთ, და მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მოწყალებად, რამეთუ ლოცვა და მარხვა წმიდა ჰყოფენ სულსა და მოწყალება სიმართლით ფრთე ექმნებიან და აღამაღლებენ სასუფეველად და უფალ ჰყოფენ საუნჯეთა ზედა თვისთა, ვითარცა ბრძანებს, უფალი: „იუნჯებდეთ საუნჯეთა თქვენთა ცათა შინა… რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი“[მთ. 6,20-21]. და სადაცა ილოცვიდეს გული ჩვენი უეჭველად მუნცა სუფევდეს სული ჩვენი.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ლოცვა სიწმიდით, მარხვა უვნებელობით და მოწყალება სიმართლით, რათა სამითა ამით პატიოსნითა სათნოებითა ავმაღლდეთ და დავემკვიდრნეთ ზეცისა სასუფეველსა და ანგელოსთა თანა სამწმიდაარსობით უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, და თუალთშეუდგამითა, მისგან გამომკრთოლვარე ბრწყინვალებითა და ელვარებითა, განვნათლდეთ და მარადის ვმადლობდეთ, ვაკურთხევდეთ და თაყვანისვსცემდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რამეთუ მისი არს სუფევა, ძალი და დიდება საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი მჱ [48]
ღმრთის სიყვარულით ლოცვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ესე არს დიდი და პირველი მცნება, რათა შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, ყოვლითა ძალითა, და ყოვლითა გონებითა შენითა“[მთ. 22,37-38].
საყვარელნო, სრულსა სიყვარულსა ღმრთისასა გამოაჩენს ჭეშმარიტი და სამარადისო ლოცვაჲ ღმრთისა ტრფიალებითა, ვითარცა ანგელოსთა უყვარსთ უფალი ძალთა და მარადის დაუცხრომელად სამწმიდაარსობით უგალობენ და ღმრთივშვენიერად ჴმატკბილობით აქებენ და ადიდებენ ალილუიითა. ეგრეთვე კაცნი, რომელთა ყოვლადვე უყვარსთ ღმერთი, გულითა წმიდითა ფსალმუნებენ, მარადის ილოცვენ სურვილით და ღაღადებით ეზრახებიან საყვარელსა თვისსა უფალსა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და გონებითა განათლებული, რომელსა დიდის სურვილით უყვარდა ღმერთი და სიყვარულითა მისითა მარადის ილოცვიდა და იქმოდა ყოვლადვე სათნოყოფასა მისსა.
დღესა ერთსა მივიდენ მისა ძმანი სულიერნი და ჰრქუჱს: „გევედრებით, ღმერთშემოსილო მამაო, გამოგვიცხადე თუ, ვითარ არს სიტყვა იგი მოციქულისა, ვითარმედ: „მოუკლებელად ილოცევდით“(1 თესალ. 5,17). გვარქუ სარგებელისათვის სულისა, სულთმოყვარეო მამაო, და ნუ დაფარავ ჩვენგან მცნებისათვის უფლისა, წმიდაო ღმრთისაო“.
ხოლო მიუგო ყოვლადპატიოსანმან ბერმან და ჰრქუა: „მე გლახაკი ესე ესრეთ ვჰყოფ, ღმრთივსულიერნო შვილნო საყვარელნო: პირველად ვილოცავ გულითა მხურვალითა ძალისაებრ ჩემისა განწესებულთა ლოცვათა და მერმე დავსჯდები ჴელთსაქმრად და გამოვისახავ ჯვარსა მეტყველი: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა“(ფს. 50,3). პირითა და გონებითა ვილოცავ და ვფსალმუნებ, ხოლო ჴელითა ვმოქმედებ და ვშვრები ჴელთსაქმარსა ჩემსა. და ოდეს მოიწიოს ჟამი ლოცვისა, აღვსდგები და ვილოცავ და კვალად დავსჯდები და ვჰყოფ საქმესა ლოცვითურთ. და ნაშრომსა ჴელთა ჩემთასა განვჰყიდი და ვჰყოფ თავისა ჩემისა საზრდელსა და უმრავლესსა მივსცემ მოწყალებად გლახაკთა სიყვარულად, რათა ოდეს მეძინოს მე, ანუ ვერ ძალმედვას ლოცვაჲ, მაშინ ჩემ წილ, ჩემ მიერ ქმნილი მოწყალება ილოცვიდეს და ღაღადებდეს ღმრთისა მიმართ ჩემთვის. და ესრეთ სრულ იქმნების მოუკლებელი ლოცვა სიტყვისაებრ მოციქულისა მადლითა სახიერისა ღმრთისათა“.
ესმათ რა ესე სიბრძნითი მცნება კეთილმოსურნეთა ძმათა, მათცა ეგრეთ ისწავეს და ჰყოფდენ სამარადისოსა ლოცვასა სიყვარულითა ღმრთისათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიყვაროთ ყოვლადვე უფალი ღმერთი ჩვენი, რომელმან პირველ შემიყვარნა ჩვენ კაცთმოყვარებითა თვისითა. და სიყვარულითა მისითა ვილოცვიდეთ გულითა მხურვალითა, სულითა მდუღარითა. ჴელთსაქმარსა თუ ვშვრებოდეთ, გინა რაჲსაცა ვიქმოდეთ, ნუ დავსცხრებით ლოცვისა და ხსენებისაგან ღმრთისა და ნაშრომთაგან ჩვენთა ვიქმოდეთ მოწყალებასა. და სიყვარული ვაჩვენოთ ქრისტეს მიერ ძმათა, „რამეთუ თვინიერ ძმათ სიყვარულისა, ღმრთისა სიყვარული არა ეგების“[1 იო. 2,9]. არამედ შევიყვაროთ ღმერთი სრულითა სიყვარულითა [მთ. 22,37] და ნურარას სხუასა პატივს ვცემთ უფროს ღმრთისა სიყვარულისა, და „მოყვასი შევიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი“[ლევ. 19,18; მთ. 22,39], „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ შჯული იგი ქრისტესმიერისა სიყვარულისა“[გალ. 6,2]. და მან სახიერმან, ტკბილმან და მოწყალემან ჰსთქუას მამისა მიმართ: „მამაო, შეიყვარენ ესენი, ვითარცა მე შემიყვარე“[იო. 17,23].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, სურვილით შევიყვაროთ ღმერთი ტრფიალებითა გულისათა და ჭეშმარიტებით შევიყვაროთ მოყვასი, ვითარცა სული ჩვენი და სულთა მათთა ცხოვრებისათვის ვილოცვიდეთ გულითა წმიდითა, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველნი ზეცისა სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა და მცნებათა თვისთა აღმასრულებელთა, ქრისტე იესოს მიერ უფალისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი მთ [49]
განსაცდელსა შინა ლოცვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა“(მთ. 26,41).
საყვარელნო, ლოცვამან მოსესმან ზღვა განაპო, ლოცვამან ილიასამან ცაჲ დახშა და კვალად განახუნა, ლოცვამან სახმილი დაშრიტა, ლოცვამან მხეცნი მოამშვიდნა, ლოცვამან ეშმაკნი განსდევნნა და განსაცდელთაგან მრავალნი იხსნნა. ლოცვა წმიდა მახვილი არს ეშმაკთა გულსა განსაწონი, და მანქანებათა მათთა ცეცხლებრ შემწველი და უჩინომყოფელი.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ყოვლადპატიოსანი, მლოცველი, დამკვიდრებული უდაბნოსა შინა. ოდეს ივლიანე განდგომილმან ეშმაკი წარგზავნა დასავლეთს მანქანებისათვის და ვერაგობისა, მაშინ პატიოსანი იგი ბერი ილოცვიდა, აღეპყრნეს ჴელნი და გონება ზეცად მიმართ და პირისაგან მის წმიდისა გამოვიდოდეს სიტყვანი ღმრთისა დიდებისმეტყველებისანი, მსგავსად ცეცხლისა აღვიდოდეს ღმრთისა მიმართ, და ვერ შეუძლო ბოროტმან ეშმაკმან წარსლვად ლოცვისა მისგან წმიდისა და უკუნ იქცა უქმად სირცხვილეული. და განაცხადა უძლურება თვისი, რომელიცა ესმა მთავარსა ვისმე ღმრთისმოყვარესა. და განუკვირდა ლოცვისა მისისა სიწმიდისა ძალი.
ხოლო ეშმაკთა ჭურჭელი იგი ივლიანე, განრისხებული აღსთქუჱმდა აღსპოლვად ყოველთა მლოცველთა. გარნა ლოცვამან წმიდათამან მოსპო იგი ცხოვრებისაგან და მოიკლა ბოროტად და განთავისუფლდა ყოველი ეკკლესია განსაცდელისაგან დიდისა.
და მთავარი იგი ღმრთისმოყვარე წარვიდა და ჰპოვა პატიოსანი იგი ბერი და ჴელითა მისითა იკურთხა და შეიმოსა სახე ანგელოსებრივისა მოქალაქობისა და იქმნა მონაზონ რჩეულ და პატიოსან მლოცველ დიდებად ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ოდეს მოიწიოს ჩვენ ზედაცა განსაცდელი რაჲმე: სულიერი, გინა ჴორციელი, ჩვენ მივისწრაფოთ ღმრთისა მიმართ ლოცვისა მიერ და განვამრავლოთ მხურვალე ლოცვაჲ მარხვითურთ, რომელითა მსწრაფლ განვთავისუფლდეთ ყოველთაგან განსაცდელთა, და კეთილთაცა დაგვიუნჯებს ცათა შინა ლოცვაჲ და ვიხსნებით საბრხეთაგან ეშმაკისათა. ვითარცა უფალი ბრძანებს: „ნათესავი ესე არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“(მთ. 17,21). რამეთუ კაცისა თანა მლოცველისა და მმარხველისა სული წმიდა დაემკვიდრების და ეშმაკი განიდევნების, მისდა მონიჭებულითა ძალითა და ჴელმწიფებითა, დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა.
საყვარელნო, დაღაცათუ ეშმაკნი გვებრძვიან მანქანებითა, გარნა ვერარაჲ ძალუძსთ ეშმაკთა ყოფად თავით თვისით, უკეთუ ჩვენ არა მივსცეთ მათ თავნი ჩვენნი მონად ცოდვისა ქმნითა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „რომელმან ჰქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა და ეშმაკისაცა“[იო. 8,34].
და განასხა რა უფალმა ლეგეონი ეშმაკთა კაცისაგან, ევედრებოდეს ეშმაკნი იგი და იტყოდეს: „უკეთუ განმასხამ ჩვენ ამიერ, მაშა გვიბრძანე რათა ღორთა მათ შინა შევიდეთ“[მთ. 8,31]. რამეთუ თავით თვისით ვერცაღათუ ღორთა შესლვად ძალუძსთ და ჩვენდა მომართ ვითარ შემოვლენ?! გარნა ჩვენ მიერ ქმნილი ცოდვაჲ მისცემს მათ ადგილსა ჩვენ შორის დამკვიდრებად და არღარა განიდევნების, თვინიერ ჯეროვანისა სინანულისა და ჭეშმარიტითა ლოცვითა და უვნებელითა მარხვითა.
ამისთვის გევედრები, ჵ, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ჭეშმარიტი ლოცვაჲ, უვნებელი მარხვაჲ და ღირსი სინანული ძლიერი ძალითა გან­მდევნელი და უჩინომყოფელი უძლურებათა მათ ეშმაკისათა და მხიარულმყოფელი ანგელოსთა, ძღვენი პატიოსანი წინაშე ღმრთისა და აღმყვანებელი ჩვენი სასუფეველად და საუკუნოდ მადიდებელი, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნ [50]
ეკკლესიასა შინა ლოცვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო წმიდისა ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი… და მე განგისვენო თქვენ“(მთ. 11,28).
საყვარელნო, დავშვრეთ ლოცვისათვის მხურვალითა ცრემლითა, რათა ქრისტემან განგვისვენოს წიაღთა თვისთა ყოვლად­წმიდათა, რომელი იგი კაცთმოყვარე არს ტკბილი უფალი და ყოვლადსახიერი მეუფე.
ხოლო ლოცვა ყოველსა ადგილსა კეთილ არს და სათნო უფლისა, და უმეტესად ეკკლესიასა შინა განწესებული ლოცვა, რომლისათვისცა იტყვის სული წმიდა პირითა დავითისითა: „ეკკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა“(ფს. 67,27). ამისთვის საყვარელნო, ეკკლესიისა ლოცვა და სამღთო წირვა ფრიად პატიოსან არს და ღმრთივშვენიერ, და სათანადო არს ყოველთა ქრისტიანეთა, რამეთუ ქრისტემან სისხლითა თვისითა მოიყიდა ეკკლესია და განსწმიდა იგი. და მას შინა აღსრულებული სამღთო წირვა და ლოცვა, არს ვითარცა სვეტი ნათლისა ღმრთივბრწყინვალე, ცადმდე აღწევნილი და ზეცისა საკურთხეველსა თანა შეერთებული, ანგელოსთაგან პატივცემული და თვით თავადისა ღმრთისა მიერ დამტკიცებული, სათნო მსხვერპლი ქებული და დიდებული, რომლისათვისცა ყოველთავე ღმრთისმოყვარეთა გული უთქუამსთ და სურისთ ეკ­კლესიასა შინა სამღთოსა წირვისა და წმიდისა ლოცვისა შეწირვა და სმენაჲ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, დიდად მოყვარე ღმრთისა და ფრიად მოსურნე სამღთოსა წირვისა და ლოცვისა, დამკვიდრებული უდაბნოსა შინა მარტოებით, და მარადის მღაღადებელი ღმრთისა მიმართ ფსალმუნითა და მხურვალითა ლოცვითა, რომლისაგან ესრეთ შორს იყო ეკკლესია, ვითარ ათორმეტ მილიონ, გარნა კვირიაკეთა და დღესასწაულთა მივიდის წმიდად ეკკლესიად სმენად სამღთოსა წირვისა და პატიოსნისა ლოცვისა.
და ოდეს მოხუცდა ნეტარი იგი, განიზრახა თავსა შორის თვისსა, რათა მივიდეს და მახლობელად ეკკლესიისა დაემკვიდროს, რათა არა უმეტესად დაშვრებოდეს. და ვითარცა მოვიდოდა ჩვეულებისაებრ წმიდად ეკკლესიად, მიიქცა და იხილა ვინმე ღმრთივშვენიერი ხილვითა, რომელი შესდგომოდა ბერსა. ჰკითხა მას ბერმან: „ვინა ხარ შენ და რაჲსა ჰყოფ?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე ანგელოსი ვარ უფლისა და მოვივლინე აღრაცხვად ნაბიჯსა შენსა, რათა მოგეცეს სასყიდელი შრომისათვის სამღთოჲსა“.
ესერა იხილა ნეტარებისა ღირსმან ბერმან, ნუგეშინის ეცა ფრიად და უმეტესად გულსმოდგინე იქმნა ღმრთის მსახურებად. წარვიდა და განაშორა სენაკი თვისი სხუასა ხუთსა მილიონსა. და უმოსწრაფეს ვიდოდა ეკკლესიად, რათა უმეტესი მადლი და სასყიდელი მიიღოს ღმრთისაგან შრომისათვის და აკურთხევდა ყოვლადდიდებულსა სახელსა მისსა წმიდასა.
ისმინეთ, საყვარელნო, თუ ვითარ სათნო არს უფლისა სამღთოსა საქმისათვის შრომისა თავსდება და სათნოებისათვის მაშვრალთა განუსვენებს იესო ტკბილი წიაღთა თვისთა წმიდათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შე­ყვარებულნო, შევიდეთ ეკკლესიად და თაყვანისვსცეთ მეუფესა ჩვენსა, რომელსა განუ­პყრიან წმიდანი ჴელნი თვისნი, ვითარ იგი ჯვარსა ზედა და განუმარტებიეს კაცთმოყვარე წიაღი თვისი და გვიწოდს წყალობისა ჴმითა ტკბილითა მეტყველი: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი სათნოებითა, რათა შეგიტკბო წიაღთა ჩემთა, ვითარცა ძმანი ჩემნი საყვარელნი და მე განგისვენო თქვენ“[მთ. 11,28]. ვითარ იგი სახედ ჩემდა ჰქმნა ძველ ოდესმე შვენიერმან იოსებ. და უკეთუ რომელნიმე ტვირთმძიმეცა იყვნეთ ცოდვისა მიერ, მე არა უღირს ვიჩენ სინანულსა და არცა უკუნ ვაქცევ ცრემლთა თუალთა თქვენთასა, არამედ ვითარცა ნელსაცხებელსა მივითვალავ და წიაღთა ჩემთა შეგიტკბობ და გვერდისა ჩემისა სისხლით და წყლითა განგწმედ და სრულიად უბიწო გყოფ და თავსა ჩემსა თანა შეგიერთებ, საყვარელ ძმად და სარწმუნო მეგობრად ჩემდა გიწოდ [იო. 15,14]. და ვჰხმობ მამისა მიმართ: „მამაო ჩემო ბუნებით, მამა ექმენ ძმათა ამათ ჩემთა მადლითა და სული წმიდა სახიერი შენგან გამომავალი მოჰფინე, რათა ნუგეშინისმცემელი იგი უძღოდეს ქვეყანასა წრფელსა და სიყვარულით ვიდოდენ წმიდად ეკკლესიად ლოცვად და წმიდის გულით იტყოდენ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი“(მთ. 6,9-10), რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

დასასრuლი მეხuთისა თავისა

 

 

 

 

 

 

თავი v [6]

მოწყალებისათვის კაცთა ღმრთისა
მსგავს მყოფელისა

 

 

თხრობა სულიერი ნა [51]
მოწყალებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“(მთ. 5,7).
საყვარელნო, მოწყალება ჭეშმარიტი ღმრთისა მსგავს ჰყოფს კაცსა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს“[ლკ. 6,36]. მოწყალება განსწმედს კაცსა ცოდვისაგან, ვითარცა ბრძანებს: „მიეცით მოწყალება და, აჰა, თქვენი ყოველი წმიდა არს“(ლკ. 11,41).
ეჰა, სიმაღლე ამის სათნოებისა, რამეთუ გლახაკთა მიმართ ქმნილსა მოწყალებასა, ქრისტე თვისად მიითუალავს, ვითარ იგი თვით ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ“[მთ. 25,40]. ესე იგი არს: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“(მთ. 25,35-36).
ესე ყოველი მოწყალისა გულისაგან იქმნებიან, ძმანო, და ყოველსავე ქრისტე თვისად მიითვალავს. ხოლო მოქმედსა მიანიჭებს მადლსა და გვირგვინსა ბრწყინვალესა და ღმრთივ­შვენიერსა.
რამეთუ იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე და მცნებათა მისთა აღმასრულებელი კეთილად და გლახაკთა მიმართ ფრიად მოწყალე. დღესა ერთსა შეემთხვია გლახაკი შიშველი, განიძარცვა სამოსელი თვისი კაცმან მან ღმრთისამან და მისცა გლახაკსა მას მცნებისათვის უფლისა. ხოლო გლახაკმან არა შეიმოსა იგი დიდფასობისათვის, არამედ განჰყიდა გამოსაზრდელად სახლეულთა თვისთა. და კაცი იგი მოწყალე შესწუხდა, რომელ არა შეიმოსა სამოსელი მისი გლახაკმან.
და გულსავსე ყოფად მისა გამოუჩნდა მას ჩვენებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ჰრქუა სახიერითა და ყოვლად­ტკბილითა ჴმითა: „მშვიდობა შენთანა, ძმაო, რად შეწუხებულ ხარ? აჰა, ესერა, მე მმოსიეს სამოსელი შენი, რომელი კეთილითა გონებითა მიეც ძმასა მას ჩემსა. სიყვარული მე მივითვალე და მოგცე შენ სასყიდელი ასწილად მას საუკენესა“.
მოეგო კაცი იგი თავსა თვისსა, განკვირვებული ჰმადლობდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა და ადიდებდა სახიერებასა მისსა. და უფროსად შესძინა მოწყალებასა თვისსა სიყვარული გლახაკთა და მხიარულითა გულითა მისცემდა, ვინათგან „მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა“(2 კორ. 9,7). და სასოებით მოელოდა სასყიდელსა სასუფეველსა შინა ღმრთისა მიერ ყოვლადმოწყალისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქმოდეთ ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა მოწყალებასა, კეთილითა გონებითა: მშიარი გამოვზარდოთ, წყურიელთა ვასუათ, შიშველი შევმოსოთ, უცხო შევიწყნაროთ, სნეულსა მივხედოთ, საპყრობილესა მყოფნი ვიხილოთ და ნუგეშინის ვსცეთ, რათა ამათ ნაცვლად მოგვენიჭოს უკუდავება, უხრწნელება, ნათლით შემოსა, გვირგვინოსნობა და საუკუნო დიდება და სუფევა.
ხოლო უკეთუ არა ვჰქმნეთ აქა ესე ადვილნი მცნებანი უფლისანი, ძნელი და მოუთმენელი სასჯელი მიგველის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობა“(იაკ. 2,13). და ქრისტე, მეუფე ჩვენი გვეტყვის მეორედ მოსლვასა თვისსა მართლმსაჯულებით: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“[მთ. 25,45]. ამისთვის „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის“[მთ. 25,41].
არამედ გევედრები, ჵ, საყვარელნო, ვიდრემდე ცხოვრებასა შინა ვართ, ვიქმოდეთ მოწყალებასა, რათა გვესმას ჴმა იგი ფრიად სანატრელი და ყოვლადსაწადელი და ღმრთივშვენიერი, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“[მთ. 25,34]. შევედით სიხარულსა უფლისა თქვენისასა, განბრწყინდით უფროს მზისა ელვარებისა, დაიდგით გვირგვინი დიდებისა და მიიღეთ სასყიდელი მოწყალებისა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი, წყალობითა და მოწყალებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნბ [52]
მოწყალებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს“[ლკ. 6,36].
საყვარელნო, ჭეშმარიტი მოწყალება ღმრთისა მსგავს ჰყოფს მომგებელსა მისსა, ანგელოსთაგან საქებელ და წმიდათა მწყობრსა თანა მოდასე, ცათა შინა საუნჯეთა განუმრავლებს და გვირგვინითა ღმრთივბრწყინვალითა ახარებს და ქვეყანასა ზედა უმეტესად განამდიდრებს და საფასეთა არა მოაკლებს, კაცთა მოიმადლებს და ღმერთსა სათნო ეყოფის.
რამეთუ იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე სიმართლითა და გლახაკთ მოწყალე გონებითა კეთილითა, რომელსა მოენიჭა ღმრთისა მიერ ზეგარდამო მადლი მოწყალებისა და რაოდენ მისცემდა მოწყალებად, აკურთხა ღმერთმან, რომელ არა მოაკლდებოდა საფასესა მისსა, რამეთუ ჭურჭელსა შინა შთაჰყარის ოქრო, ვეცხლი და რვალი. შეემთხვის რა გლახაკი, რომელიცა ჰხვდის ჴელსა მისსა განგებითა ღმრთისათა, სიხარულით მისცემდა.
დღესა ერთსა შეემთხვია დედაკაცი ვინმე, რომელსა ემოსა სამოსელი ფრიად ძველი და დაბებკილი და ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო კაცმან ღმრთისამან ჴელ ჰყო, რათა მისცეს მრავალი და ძვირფასი. გარნა შეუღრვა ჴელი და აღმოიღო მცირედი რვალი და მისცა მას. და შემდგომად მოვიდა სხუა ვინმე დედაკაცი კეთილითა სამოსლითა მოსილი და ითხოვდა წყალობასა. და ენება კაცსა მას ღმრთისმოყვარესა, რათამცა მისცა მას მცირედი. და ჰხუდა ჴელსა მისსა მრავალი ოქრო და ვეცხლი და მისცა მას.
ხოლო კაცი იგი განკვირვებულ იყო საქმესა ამას ზედა და შევიდა სალოცველსა თვისსა და ევედრა ღმერთსა მხურვალედ, რათა გამოუცხადოს. და აჰა, მოვიდა მცველი მისი ანგელოსი და ჰრქუა: „ღმერთმან სამართლად განბჭო, რამეთუ რომელსა იგი ძველი ემოსა, მრავალი აქუნდა და სიხარბით ითხოვდა, რომელიცა არა სახმარ იყო მისდა. ხოლო, რომელსა იგი კეთილი ემოსა, მდიდართა შვილი იყო დაგლახაკებული და სამოსელიცა იგი სხუათაგან ეთხოვა სირცხვილისათვის, და ღმერთმან მას უმეტესი მისცა ჴელითა შენითა, რამეთუ ესევითარი მოწყალება უფროსად სათნო არს წინაშე უფლისა.
ესერა ესმა კაცსა მას ანგელოსისაგან, ჰმადლობდა განგებულებასა ღმრთისასა და ადიდებდა კაცთმოყვარებასა მისსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქმოდეთ ჩვენცა მოწყალებასა კეთილსა და ჭეშმარიტსა, რომელი დიდად სათნო არს მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა და ბრძანებს: „მიეცით მოწყალება და აჰა, თქვენი ყოველი წმიდა არს“(ლკ. 11,41).
აწ უკუჱ შევიტკბოთ, საყვარელნო, წმიდამყოფელი ჩვენი, მოწყალება; შევიწყნაროთ უცხო და მწირი, ქვრივი და ობოლი, უძლური და უღონო და შემწე ვექმნეთ ყოველთავე ჭირვეულთა; დაღაცათუ ჩვენცა გლახაკ ვიყვნეთ საფასეთაგან, არამედ გულითა მოწყალე ვიქმნეთ და სულთქმითა ღმერთსა შევავედროთ შეჭირვებული იგი და ტკბილითა სიტყვითა, მადლითა, ვითარცა მარილით შეზავებულითა, ნუგეშინისვსცეთ და გულთმეცნიერმან ღმერთმან შეიწიროს გონებისა ჩვენისა კეთილობა, და ვიქმნეთ ძე მაღლისა მამისა, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს და სახიერ [ფს. 33,8; 99,5; 144,9].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, მოწყალე ვიქმნეთ გულითა და ვილოცვიდეთ განწმედილითა სულითა. და ორითავე ჴელითა ვიქმოდეთ ქველისსაქმესა, რათა ორ ფრთე გვექმნას ფერითა ოქროჲსათა და ვითარცა ტრედი უმანკო, აღვფრინდეთ და ავმაღლდეთ მოწყალებისა მიერ ვიდრე მესამედ ცადმდე, და მივიტაცნეთ ზეცისა სამოთხე, რომელ არს სასუფეველი. ვიხილოთ დიდება ღმრთისა, ვისმინოთ გალობა ანგელოსთა და გვირგვინითა ღმრთივბრწყინვალითა შემკობილნი ვიხარებდეთ საუკუნოდ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნგ [53]
მოწყალებისათვის რჩეულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მიეცით და მოგეცეს თქვენ, საწყაული კეთილი და ზედაგარდათხეული“[ლკ. 6,38]. და სული წმიდა იტყვის პირითა სოლომონისათა: „რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი ავასხებს ღმერთსა“[იგ. 19,17].
ეჰა, საყვარელნო, საკვირველი სახიერება და კაცთმოყვარება ღმრთისა, რომელ გლახაკთა მიმართ წყალობასა ღმერთი ვალად თვისად მიითვალავს, და ოდესცა სახმარ იყოს ჩვენდა, მრავლითა სარგებლითა მოგვცემს აქავე ერთისა წილ ასსა და მერმესა მას მიგველის ცხოვრება საუკუნო და სიმართლისა იგი გვირგვინი ყოვლადბრწყინვალე და ღმრთივ­შვენიერი დიდებად ღმრთისა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ტკბილი, სახიერი და ფრიად მოწყალე გულითა, რომელსა აქუნდა პური ჴელთსაქმრითა თვისითა მოგებული. და იქმნა მას ქვეყანასა სიყმილი, და მოვიდოდეს მისა გლახაკნი მშიარნი და ითხოვდეს სიყვარულსა. ხოლო ბერსა მას ფრიად ეწყალვოდეს გლახაკნი იგი და ჰრქვის მოწაფესა თვისსა: „მიეც, შვილო ჩემო საყვარელო, მომავალთა ამათ ძმათა პური“. და იგი მისცემდა უშურველად. და ყოვლადსახიერმა ღმერთმან იხილა გონებისა მისისა სიკეთე, სათნო იყო და აკურთხა პური მისი და არა მოაკლდებოდა მოწყალებისა მიცემითა.
და შემდგომ იქმნა იაფობა პურისა. გარნა კვალადცა მოვიდოდეს გლახაკნი თხოვად სიყვარულისა ჩვეულებისაებრ და იგი კვალადცა უშურველად მისცემდა.
დღესა ერთსა მოვიდეს გლახაკნი მოწყალებისათვის, და ჰრქუა ბერმან მოწაფესა: „მიეც, შვილო, ძმათა ამათ სიყვარული“. ხოლო მან მიუგო: „გრწმენინ ჩემი, ღმერთშემოსილო მამაო, არღარა არს პური საპურესა ჩვენსა“. ჰრქუა მას წმიდამან ბერმან: „შევედ შვილო და ძიება ჰყავ, რამეთუ ღმერთი ჩვენი სახიერ არს და არა უგულებელს ჰყოფს მონათა თვისთა“. და ვითარცა შევიდა მოწაფე იგი, იხილა, რამეთუ სახლი იგი საპურე აღსავსე იყო პურითა ვიდრე კარადმდე, მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა და სარწმუნოებით ლოცვითა ღირსისა მის მამისათა. ხოლო იგი სიხარულით მისცემდა გლახაკთა მათ და ადიდებდა ღმრთისა საკვირველთმოქმედებასა.
ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მივსცემდეთ გლახაკთა მოწყალებასა კეთილითა გონებითა, რათა აკურთხოს ღმერთმან სული და გონება ჩვენი და უმეტესად განანათლოს მადლითა და ბრწყინვალებითა ღმრთაებისა თვისისათა. და ვითარცა აკურთხა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ხუთნი პურნი და ხუთი ათასნი განაძღნა, ეგრეთვე აკურთხოს ყოველი საცხოვრებელი ჩვენი, რომელთაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა რჩეულსა და პატიოსანსა. და მოგუეცეს ერთისა წილ ასი და ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროთ.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვავასხოთ ღმერთსა გლახაკთა მიმართ მოწყალებისა ქმნითა, რათა სარგებელითა ფრიადითა მოვიღოთ მაშინ, ოდეს მართლმსაჯული იესო დასჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა, მოიხილოს ჩვენდა ღმრთივშვენიერითა პირითა და გვიბრძანოს ყოვლადტკბილითა და ფრიად საწადელითა ჴმითა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34), გამომზრდელნო ძმათა ჩემთანო და მოწყალენო გლახაკთანო და მიიღეთ მრავლითა სარგებლითა, რომელი მავასხეთ მე: გლახაკთა წყალობისა წილ მეფობა მიიღეთ; მშიარ-მწყურიელთა გამოზრდისათვის, უკუდავებითა იშვებდეთ; შიშველთ შემოსისათვის, ნათელი ბრწყინვალე შეიმოსეთ; უცხოთ შეწყნარებისათვის, წიაღთა აბრაჰამისთა განისვენეთ; სნეულთ მიხედვისათვის, სიხარულით სუფევდეთ და საპყრობილესა მისლვისათვის ზეცისა სასუფეველი დაიმკვიდრეთ, რომელი განგიმზადე პირველ სოფლის დაბადებისა და იხარებდეთ დაუსრულებელად.
ესევითარი უწყის, საყვარელნო, უფალმან ვასხის გარდახდა სარგებლითა, რამეთუ მისა ჰშვენის მადლობა, კურთხევა და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნდ [54]
მოწყალებისათვის ქებულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი, ამისთვის დაიმკვიდროთ სასუფეველი ცათა“[მთ. 25,34-35].
საყვარელნო, კაცთა მიმართ ქმნილი მოწყალება ღმრთისა მიმართ მიიწევის. და კაცი მოწყალე გულითა ღმრთისა მიერ პატივცემულ არს, ანგელოსთაგან საქებელ და კაცთა შორის ბრძენთა სანატრელ და საყვარელ ყოველთა მიერ. და ყოველივე მოქმედება კაცისა მოწყალისა ძღვენი არს პატიოსანი წინაშე ღმრთისა შეწირული.
რამეთუ ძმამან ვინმე სულიერმან და ღმრთისმოყვარემან წარიღო პური თვისი მირთმად ბერისა ვისმე დიდისა და ღმერთშემოსილისა, რომელი მკვიდრ იყო უდაბნოსა და იზარდებოდა მწვანვილთა მიერ ველისათა. და მირააქუნდა პური მოწყალებად გზასა ზედა, წარსცა ფერჴი ქუასა და სისხლი გამოუხდა, და უკ მოიხედა, იხილა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „ვინ ხარ შენ?“ ხოლო მან მიუგო: „მე ანგელოსი ვარ ღმრთისა მიერ მოვლინებული, რათა აღვრაცხო ბიჯი შენი და მიუთვალო უფალსა. და აჰა, ესერა წინაშე თუალთა შენთა აღვიღებ სისხლსა, რომელი გამოხდა ფერჴისაგან შენისა და მიუპყრობ შენ მიერ ძღვნად ღმერთსა“.
იხილა რა ძმამან, რამეთუ წარიღო სისხლი იგი, აღივსო სიხარულითა, მიართუა მოხუცებულსა მას პური და მიუთხრა სახიერება და სიტკბოება ღმრთისა. და მიერითგან მარადის წარუღის პური თვისი ძმამან მან ნეტარმან წმიდასა მას კაცსა ღმრთისასა.
და სხუაცა ვინმე, ძმა კეთილმოსურნე, მობაძავ იქმნა ქველისსაქმისა მისისა. და მიართმიდა იგიცა პურსა მასვე მოხუცებულსა მოწყალებად.
დღესა ერთსა ერთბამად შეიმთხვივნეს გზასა ზედა ორნივე მოწყალენი. და სულიერითა სიყვარულითა ზრახვიდენ მოწყალებისა პატიოსნებისათვის, ქებასა და სიტკბოებასა ღმრთისასა ადიდებდენ. მაშინ წარმოუდგა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა მათ: „ნეტარ ხართ ორნივე, რამეთუ კეთილმეტყველება თქვენი სუნად სუნნელად აღიწევის წინაშე ღმრთისა“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქმოდეთ მოწყალებასა ძალისაებრ ჩვენისა კეთილითა გონებითა, რომელი სათნო არს უფლისა და საქებელ ანგელოსთაგან. და არათუ საზომით ეძიებს ღმერთი მოწყალებასა, არამედ გონებისა სიკეთესა, რათა მხიარულებით ვიქმოდეთ მოწყალებასა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა“(2 კორ. 9,7). და არცა სიმდიდრესა ფრიადსა ითხოვს ჩვენ გლახაკთაგან ღმერთი, არამედ შეძლებისაებრ ქმნასა მოწყალებასა გვამცნებს. თვით მოწყალე და სახიერი უფალი არა ბრძანებს, თუ, რომელი არა გაქუს, იგი მომეც, არამედ: „რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, ერთი მიეცით, რომელსა არა აქუნდეს და ეგრეთვე საზრდელი ჰყავნ“[ლკ. 3,11]. არა გვეტყვის თუ უძლურ რა ვიყო განმკურნე, რომელი ესე არა ყოველთა ძალუძს, არამედ: „უძლურ რა ვიყო, მიხილეო“[მთ. 25,36]. რომელი ესე ყოველთა მიერ შესაძლებელ არს, თუალითა ხილვა უძლურისა და სიტყვითა ნუგეშინისცემა პყრობილისა.
ხოლო უკეთუ ვინმე ნაკლულევანებისაგან იქმოდეს მოწყალებასა, რომელ თვით მოითმენდეს მადლობითა ღმრთისათა და მოწყალებად მისცემდეს, ამისი გულსმოდგინება უმეტესად სანატრელ არს და საქებელ, ვითარცა ქვრივმან მან გლახაკმან ჰქმნა, შესწირა რა ორი მწვლილი და უმეტესად აქო იგი ქრისტემან.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, ვიქმოდეთ ძალისებრ ჩვენისა მოწყალებასა კეთილითა გონებითა, რათა მცველმან ჩვენმან ანგელოსმან აღსწეროს ქველისსაქმე ჩვენი და უფალმან შეიწიროს გულსმოდგინება და მოგვანიჭოს სასუფეველი მოწყალეთათვის აღთქმული. და შეგვამკოს სამეფოჲთა პორჶირითა და ბრწყინვალითა გვირგვინითა, სადიდებელად მეუფებისა თვისისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ნე [55]
მოწყალებისათვის სულიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“(ოს. 6,6; მთ. 9,13; 12,7).
საყვარელნო, მოწყალება ყოველივე კეთილი არს და სათნო უფლისა, გარნა ჭეშმარიტი მოწყალება ესე არს უპატიოსნეს და უზესთაეს ყოვლისა, რათა კაცმან სული კაცისა გამოიხსნას წარწყმედისაგან. ვითარცა მაცხოვარი სულთა ჩვენთა ბრძანებს: „არა მოვედ რათამცა ვიმსახურო, არამედ მსახურებად და მიცემად სული ჩემი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28]. ხოლო უკეთუ უფალმან სული თვისი მისცა სახსრად მრავალთა სულთათვის და ჩვენ მონათა ვითარ დავხშათ ნაწლევი წყალობისა კაცთა სულისა ცხოვნებისათვის, რომლისათვის ქრისტე მოკუდა, და წარწყმედისაგან გამოიხსნა სული ჩვენი და დიდებასა თვისსა გვიზიარა. და რომელნი აწ კაცთა სულისა ცხოვნებისათვის იღვწიან, ფრიად უდიდესსა მადლსა შეიძენენ ღმრთისა მიერ და უბრწყინვალეს მზისა შარავანდედისა განათლდებიან სულითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ღმრთისა სათნომყოფელი, კაცთა სულისა ცხოვრებისათვის მლოცველი, დაფარულთმცნობელი და ყოველთა მიერ პატივცემული სახელით ლონგინოს.
კაცმან ვინმე ღმრთისმოყვარემან და მოწყალემან მიართუა მას ფრიადი ოქროჲ სახმრად. ვითარცა იტყვის მოციქული: „სახმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ“(რომ. 12,13). და ჰრქუა: „ესე შეიწირე ღმერთშემოსილო მამაო და გევედრები ლოცვა ჰყავ სულისა ჩემისა ცხოვნებისათვის“.
ხოლო წმიდამან ბერმან დაფარულთმცნობელმან მიუგო: „გაკურთხენ შენ უფალმან, ღმრთივსულიერო შვილო საყვარელო, ეგე ჩემდა არად სახმარ არს, არამედ ჰყავ სიყვარული და ადრე მიისწრაფე ბჭეთა ქალაქისათა და შეგემთხვიოს შენ ჭაბუკი ვინმე, რომელსა ჰმოსიეს ესევითარი სამოსელი. მას მიეც ოქრო ეგე და ჰკითხე საქმე მისი, რათა სცნა, თუ ვითარი მადლი ჰპოვე შენ წინაშე ღმრთისა საცხოვნებელად სულისა შენისა“.
ხოლო იგი მეყსეულად მივიდა და იხილა ჭაბუკი იგი და მისცა ოქროჲ და ჰრქუა: „ესე მამამან ლონგინოს წარმოსცა შენდა ძმაო, მეტყველმან, რაჲ არს საქმე შენი?“ ხოლო მან მიუგო: „გრწმენინ, უფალო ჩემო, მე მრავალთა ვახ­შთა თანამდებ ვიქმენ და ვინათგან უღონო ვარ გარდახდისა, აჰა, ესერა საბელი სარჩობელი, რამეთუ განვიდოდი მოშთობად თავისა ჩემისა. არამედ აწ ესერა მოწყალებითა თქვენითა იხსნა ღმერთმა სული ჩემი წარწყმედისაგან“.
ესმა რა ესე კაცსა მას ჭეშმარიტსა მოწყალესა, განკვირვებული ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა და უმეტესად ჰყოფდა მოწყალებასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მარადის ვიქმოდეთ მოწყალებასა და უფროსად სულსა ზედა კაცისასა. რამეთუ ესევითარი მოწყალება უფროს სათნო უჩნს ღმერთსა, ვიდრე ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა. და ამისთვის ღმერთი ქვეყანად მოვიდა, რათა სული კაცისა წარწყმედისაგან გამოიხსნას, აცხოვნოს და ზეცას აღიყვანოს და ანგელოსთა შორის ადიდოს.
და აწ ჩვენცა, საყვარელნო, მივემსგავსნეთ მეუფესა ჩვენსა სულთმოყვარესა, და სულიერსა მოწყალებასა და სიყვარულსა ვიქმოდეთ ძმათა მიმართ, რამეთუ ვითარცა „სული უფროს არს ჴორცთასა“[მთ. 6,25; ლკ. 12,23], ეგრეთვე სულიერი მოწყალება უფროსად სათნო არს ღმრთისა, ვიდრე ჴორციელისა.
და ფრიად ვეკრძალნეთ, ძმანო, რათა არა შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ სული კაცისა ხატად ღმრთისა დაბადებული, რომლითა მივემსგავსებით ეშმაკსა სულთმოძულესა და მივეცემით საუკუნოსა სატანჯველსა, რამეთუ უფალი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს გამოთუმცაიბა წისქვილის ქვა ვირით საფქველი ქედსა და შთაიგდო უფსკრულსა ზღვისასა“[მთ. 18,6; მრკ. 9,42].
არამედ გევედრები, ჵ, ქრისტეს მოყვარენო, ყოველთა კაცთა თანა კეთილსა ვიქმოდეთ, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ და სულიერი ნუგეშინისცემა მოვიღოთ და გვიბრძანოს ქრისტემან ყოვლადტკბილითა ჴმითა: „ნუ გეშინის, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“(მთ. 9,2).
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ესრეთ სათნოებითა და სიტკბოებითა ვიქცეოდეთ, რათა აქაცა ყოველი კეთილი მოგვენიჭოს და მას საუკუნესა გვირგვინითა ღმრთივბრწყინვალითა სასუფეველსა შინა ვიხარებდეთ დაუსრულებელად, ქრისტე იესოს მიერ უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 


თხრობა სულიერი ნვ [56]
უცხოთ მოყვარებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“(მთ. 25,35). და სამღთო მოციქული იტყვის აბრაჰამისთვის, ვიეთმე: „არა უწყოდეს და ანგელოსნი ისტუმრნეს“(ებრ. 13,2). ამისთვის დიდ არს წინაშე ღმრთისა, საყვარელნო, უცხოთშეწყნარება და სტუმართმოყვარება, ანგელოსთაგან პატივცემულ და კაცთა მიერ ბრძენთა და მეცნიერთა სანატრელ და ქებულ და წმიდათა მამათა მიერ განშვენებულ.
რამეთუ კაცმან ვინმე ღმრთისმოყვარემან დაუტევა სოფელი და შეუდგა ქრისტესა. წარვიდა უცხოსა მონასტერსა და ესმა დიდნი და მაღალნი სათნოებანი დიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა არსენისათვის.
დღესა ერთსა მივიდა ხილვად მისსა სურვილით და სასოებით, რათა იხილოს რაჲმე სათნოება მისი. ხოლო მამა არსენი განათლებულ იყო სულითა წმიდითა და მაღალთა ხედვათა შექცეულ და არარაჲ ჰრქუა უცხოსა მას ძმასა.
და ვითარცა გამოვიდა მიერ, წარვიდა ხილვად ნეტარისა მამისა მოსესა. ხოლო იგი სიხარულითა ფრიადითა მიეგება უცხოსა მას ძმასა და ისტუმრა კეთილად და წარგზავნა პატივით.
ესე საქმე იხილა სხუამან ვინმე წმიდამან ბერმან და ევედრა უფალსა და სთქუა: „მეუფეო კაცთმოყვარეო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მამა არსენი სიყვარულითა შენითა დუმილსა იმარხავს და მამა მოსე სიყვარულითავე შენითა სტუმართა პატივ სცემს ტკბილითა ნუგეშინისცემითა. გევედრები, ყოველთა გულთმეცნიერო უფალო, გამომიცხადე ესე, ვითარ არს შენ წინაშე დიდებად სახელისა შენისა წმიდისა“.
ესერა ილოცა ღმერთშემოსილმან ბერმან, მიეცა განკვირვებასა და იხილნა ორნი ნავნი ზღვასა ზედა: ერთსა ნავსა შინა იყო სული წმიდა და მამა არსენი დუმილით და მყუდროებით, ხოლო მეორესა ნავსა შინა იყვნეს ანგელოსნი და მამა მოსე; დაუგებდა ტაბლასა და თაფლსა გოლეულსა და ისტუმრებდა მათ კეთილად და შვენიერად.
ესერა იხილა წმიდამან და ყოვლადღირსმან ბერმან, ადიდებდა სახიერსა ღმერთსა.
ისმინეთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო, და გულისჴმა ვჰყოთ ესე ორნივე პატიოსანნი სათნოებანი. და ამისთვის გლოცავ და გევედრები, უფალნო ჩემნო, მოვიგოთ ჟამიერი დუმილი ბაგეთა და გონება ღმრთისა მხედველი და ყოვლადვე ნურას ვიტყვით ჴორციელსა ჟამსა ლოცვისა და წირვისა სმენისასა. და გარეშე ლოცვისა წესიერად ვზრახვიდეთ ტკბილითა სიტყვითა, მადლითა, ვითარცა მარილითა შეზავებულითა, რათა მადლი სულისა წმიდისა გუფარვიდეს.
და შევიტკბოთ უცხოთმოყვარებაჲ, რათა წმიდათა ანგელოსთა აღწერონ საქმენი ჩვენნი კეთილნი წიგნსა მას ცხოვრებისასა. და ჟამსა მეორედ მოსლვისასა ქრისტემან წარმოაყენოს ჩვენ მიერ ქმნილნი ქველისსაქმენი, ანგელოსთაგან აღწერილნი. და აღმოიკითხოს ყოვლადბრწყინვალითა ჴმითა სასმენელად ყოველთა დაბადებულთა, ვითარმედ: „უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“(მთ. 25,35).
და სადაცა მდგომარე იყვნენ შიშით და ძრწოლით ანგელოსნი და ყოველნი კაცნი, მაშინ წარმოადგინნეს ჩვენ მიერ შეწყალებულნი უცხონი, გლახაკნი, შიშველნი, მშიარ-წყურვალენი, სნეულნი და პყრობილნი ჩვენ მიერ ნუგეშინისცემულნი. მათდა მიმართ მიიღოს ღმრთივშვენიერი ჴელი ქრისტემან და ჩვენდა მომართ ყოვლადნათელი და ბრწყინვალე პირი მეტყველი: „რაოდენი უყავთ ამათ ძმათა ჩემთა, იგი ყოველი მე მიყავთ“[მთ. 25,40]. და ამათ მცირედთა ნაცვლად: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34) და მიიღეთ დიდად დიდებული და ყოვლადშვენიერი სასუფეველი და იხარებდეთ ბრწყინვალითა გვირგვინითა და დიადიმითა საუკუნოდ.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიტკბოთ სათნოებათა თუალი – მოწყალება. და მოვიგოთ უცხოთმოყვარება, რომელი არს მოწყალებისა რტოჲ კეთილნაყოფიერი, რათა აქაცა სანატრელ ვიყვნეთ და ყოველთა კაცთაგან საყვარელ და ანგელოსთა მიერ პატივცემულ. საქმეთამცა აბრაჰამისთა ვიქმოდეთ, ძმანო, და წიაღთამცა აბრაჰამისთა განვისვენოთ, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და დიდად შვენიერი და ყოვლადპატიოსანი სუფევა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნზ [57]
უძლურთა ხილვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უძლურ ვიყავ და მომხედეთ მე“[მთ. 25,36], ამისთვის დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა.
საყვარელნო, უძლურთა მოხილვასა ჩვენ მიერ, ქრისტე, თვისად მიითვალავს, რამეთუ ფრიად ეწყალვიან უძლურნი კაცთმოყვარებით და ძმად თვისად უწოდებს მეტყველი, ვითარმედ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირედთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ“[მთ. 25,40].
ესრეთ უყვარან უფალსა უძლურნი და რომელნი შეჭირვებასა შინა არიან და მადლობითა ღმრთისათა ითმენენ, რომელ მრავალგზის ანგელოსიცა თვისი მოუვლინის ნუგეშინისმცემელად განწირულთა და სასყიდლისაცა მინიჭებად სასოებით მომთმინეთა.
რამეთუ იყო ვინმე გლახაკი უცხოჲ, რომელიცა დასნეულდა ძლიერად და არავინ მახლობელთაგანმან სცნა უძლურება მისი. ხოლო იგი რაჲსაცა ჰპოებდა სახლსა შინა საზრდელსა, კრძალულებით იხმევდა და მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და ურვათა მადლობდა და ადიდებდა სულ­გრძელებასა ღმრთისასა.
ესევითარითა იწროებითა მოითმინა დღენი ოცდაათნი. შეიწირა და მიითვალა ღმერთმან მადლობით მოთმინება მისი და მოუვლინა ანგელოსი თვისი ნუგეშინისაცემელად და ახარებდა ბრწყინვალებითა ელვარებისა მისისათა, და დაჰყო ანგელოსმან უფლისამან სნეულისა მისთანა შვიდი დღე. და მაშინღა მოეხსენათ მახლობელთა მისთა მეზობელთა უცხოჲ იგი გლახაკი და მივიდეს ხილვად მისა. ხოლო მან იწყო შინა კერძო ჴმობად, ვითარმედ: „ნუ მოხვალთ, წარვედით, ნუ მოხვალთ!“ გარნა იგინი შევიდეს მცნებისათვის უფლისა და იხილეს ფრიად უძლურად და მოიკითხეს ტკბილითა სიტყვითა ნუგეშინისცემისათა. მერმე ჰკითხეს ვითრმედ: „რაჲსათვის ჴმობდი, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, თუ ნუ მოხვალთ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ამისთვის, უფალნო ჩემნო, რამეთუ ოცდაათნი დღენი წარხდეს და არავინ კაცთაგანმან მიხილა მე და შვიდი ოდენ დღე არს, რომელ ყოვლადსახიერმან ღმერთმან მომივლინა ანგელოსი თვისი ნუგეშინისმცემელად უძლურებისა და მწირობისა ჩემისა და აწღა მოსლვასა თქვენსა იგი მიმეფარა თუალთაგან ჩემთა“.
ესერა სთქუა ნეტარმან მან, განწმედილი სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისა შევედრა და ანგელოსისა წინამძღვრებითა ზეცისა სასუფეველსა განისვენა დიდებად ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოწყალე და ლმობიერ ვიქმნეთ გულითა და მოწლედ, სიყვარულით უძლურთა მოვიხილვიდეთ და გულსმოდგინედ ვმსახურებდეთ. ვითარცა უფალი ბრძანებს: „არა მოვედ რათამცა ვიმსახურო სხვათაგან, არამედ მსახურებად თავით ჩემით და მიცემად სული ჩემი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28].
საყვარელნო, ესე მადლი და მსგავსება ქრისტესი აქუს უძლურთა მხილველსა და მსახურსა, რომელი ესე იქმნების გულისაგან მოწყალისა. და არს ესეცა ერთი რტოჲ ფრიად კეთილი და მრავალნაყოფიერი მოწყალებისა.
და უკეთუ ჩვენ ვიყვნეთ, ძმანო, უძლური, მადლობითა ღმრთისათა და გულითა კეთილითა მოვითმინოთ, რათა უძლურებისა და სნეულებისათვის ცოდვანი მოგვეტევნენ, და მადლობით მოთმინებისათვის გვირგვინი მოგვეცეს და განვისვენოთ წიაღთა აბრაჰამისთა, ვითარცა გლახაკი ლაზარე კეთილად მომთმინე.
და ნუმცა თანაწარვხდებით, საყვარელნო, უცხოთა, უძლურთა, სნეულთა, გლახაკთა და ჭირვეულთა, რათა არა მდიდრისა მისთანა უწყალოსა დავისაჯნეთ ჯოჯოხეთსა შინა, საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ და ვინატრიდეთ მცირესა წყალსა განსაგრილებელად ენისა ჩვენისა ცეცხლისა მიერ შემწვრისა.
არამედ გევედრები, ჵ, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიდრეღა ცხოველ ვართ და ჟამი გვაქვს კეთილისყოფად, ვიქმოდეთ ძალისაებრ ჩვენისა წყალობასა: უცხოთა, უძლურთა, უღონოთა, მშიართა, მწყურვალთა, შიშველთა, პყრობილთა და უფროსად მიცვალებულთა ზედა, რამეთუ ესე ყოველნი კეთილნი ნაყოფნი აღმოეცენებიან გულისაგან მოწყალისა, დაღაცათუ მცირედ საგონებელ არიან, ვითარცა მარცვალი მდოგვისა, გარნა იქმნებიან ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდენ მფრინველნი ცისანი, რომელ არიან ანგელოსნი ღმრთისანი და დაადგრებიან რტოთა მისთა და მოისთვლებენ ყუავილსა და ნაყოფსა სათნოებათა ჩვენთასა და შესწირვენ წინაშე ღმრთისა და დაგვიუნჯებენ ზეცისა წარუპარველსა დიდებასა შინა, რათა ოდეს მივიდეთ ჩვენცა ვჰპოვოთ მუნ სავსებით და ნაშრომთა ჩვენთა ზედა ვიხარებდეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა ყოველთა წმიდათა ანგელოსთა თანა ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნჱ [58]
სათნოებისათვის შვენიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე სათნოებას მამისასა ვიქმ მარადის“[იო. 8,29]. და სამღთო მოციქული იტყვის: „კაცად კაცადი მოყვასსა თვისსა სათნო ეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებელად“[რომ. 15,2].
საყვარელნო, სათნოება განაბრძნობს გონებასა და განანათლებს სულსა, ღმერთსა მოწყალე ჰყოფს ჩვენ ზედა და კაცთა შორის საყვარელ გვყოფს სულიერად და ვიქმნებით ქრისტეს მცნებათა აღმასრულებელ კეთილად და ღმრთივშვენიერად.
რამეთუ იყო ვინმე დიდებულთა შვილი, ყოველითავე სათნოებითა შემკობილი: სიმშვიდითა, სიმდაბლითა, კაცთმოყვარებითა, გლახაკთმოწყალებითა, სახიერებითა და სიტკბოებითა, რომელმანცა სიტყვისაებრ წმიდისა სახარებისა: „ყოველი საფასე თვისი განუყო გლახაკთა“[მრკ. 10,21; ლკ. 18,22], უცხოთა, უძლურთა, ქვრივთა და ობოლთა, და ეკკლესიათა ღმრთისათა და თვით აღირჩია ქრისტესთვის უპოვარება, და წარვიდა უდაბნოსა იერუსალიმისასა და შეუდგა ქრისტესა. ყოველითა სათნოებითა ჰმონებდა მეუფესა კეთილითა გონებითა, უვნებელითა მარხვითა, წმიდითა ლოცვითა, სიმართლით მუშაკობდა და ჴელითა თვისითა იზარდებოდა და უმრავლესსა მოწყალებად მისცემდა.
დღესა ერთსა შთავიდა ქალაქად იერუსალიმად, განსყიდვად ჴელთსაქმრისა თვისისა: რომელიმე განუყო გლახაკთა და რომლითამე იყიდა პაქსიმადი, და მივიდოდა უდაბნოდვე და გზასა ზედა ჰპოვა კოლოფი, რომელსა შინა იდვა ათასი დრაჰკანი. განიზრახა ვითარმედ, რომელმან წარსწყმიდა ესე, აქავე მოსლვად არს ძიებად. დასჯდა მუნ და ელოდა. და შემდგომად მცირედისა იხილა უფალი მის ოქროჲსა მომავალი ტირილით, ხოლო წმიდამან ბერმან განიყვანა თვისგან და მისცა კოლოფი იგი ყოვლითურთ. და კაცსა მას ენება ზოგისა რაჲმე მიცემად მისდა, გარნა მან ნეტარმან არცაღათუ მოისმინა სიტყვა მისი, არამედ ივლტოდა კაცთა დიდებისაგან, და ღმერთმან ადიდა სათნომყოფელი და მადიდებელი თვისი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველისა მიერ: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“[1 მეფ. 2,30].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ სათნოება, რათა სათნო ვეყვნეთ მეუფესა. შევიმოსოთ, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა სიყვარული, მოწყალება, შეწყნარება, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელება და ყოველივე სათნოება, რათა ღმერთი მშვიდობისა და ყოველთა კეთილთა მიზეზი იყოს ჩვენთანა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო, ქრისტეს მოძღვრებასა შეუდგეთ და წმიდათა კაცთა ვბაძვიდეთ. ჴელითა ჩვენითა ვმუშაკობდეთ და ნაშრომთაგან ჩვენთა მოწყალებასა ვიქმოდეთ, ვინათგან სათნოებათა შორის თუალი არს პატიოსანი მოწყალება. და სიმდაბლითა გულისათა ვილოცვიდეთ, რამეთუ ესევითარნი სათნოებანი სათნო არიან უფლისა და პატიოსანი ძღვენი არს წინაშე ღმრთისა და ცხოვნებად მიმყვანებელი სულთა ჩვენთა.
და ვეკრძალებოდეთ, ძმანო, უკეთურებასა, უგუნურებასა, გულარძნილებასა, ანგაჰარებასა, მზაკვარებასა, მაჩვენებლობასა და ცუდითა დიდებითა ზუაობასა და სიცრუესა ზედა პირმოთნებასა, რომელთათვის იტყვის მოციქული: „უკეთუ კაცთა სათნო ვეყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“[გალ. 1,10]. და წინასწარმეტყველი იტყვის: „განაბნივნის უფალმან ძვალნი კაცთა მოთნეთანი“[ფს. 52,6].
ხოლო ჩვენ, საყვარელნო ღმრთისანო, პატიოსანნო მსმენელნო, მოვიგოთ მართლმეტყველება და ჭეშმარიტება ბაგეთა, სიმართლე გულისა, სიწმიდე სულისა, სიმდაბლე თავისა, მოწყალება ჴელთა, მორჩილება ფერჴთა, რათა ესრეთ ყოვლით კერძო სათნოებით შემკობილ ვიყვნეთ და ბრწყინვალითა გვირგვინითა განშვენებულნი შევიდეთ ზეცისა იერუსალიმსა. ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ, წმიდათა თანა ვიდიდნეთ, ღირსთა თანა ვიშვებდეთ, მადლითა და სათნოყოფითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ნთ [59]
უმანკოებისათვის სათნოჲსა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უმანკო იყვენით, ვითარცა ტრედნი“[მთ. 10,16].
საყვარელნო, უმანკოება და სიწრფოება ტრედის მსგავსება არს, რომლისა სახედ გამოსჩნდა სული წმიდა, რომლისათვისცა ილოცავს მგალობელი: „სული წრფელი განმიახლენ გუამსა ჩემსა“(ფს. 50,12). ნამდვილვე უმანკონი და წრფელნი საყვარელ არიან ღმრთისა მიერ, საქებელ ანგელოსთა და სანატრელ კაცთაგან.
რამეთუ იყო ვინმე კაცი უმანკო და წრფელი, რომელმან სიტყვისაებრ წმიდისა სახარებისა: „განჰყიდა ყოველი მონაგები თვისი და მისცა გლახაკთა“[მთ. 19,21], და თვით გლახაკ იქმნა ქრისტესთვის და შეუდგა მას ჭეშმარიტებით. და ვინათგან გლახაკ იყო სანატრელი იგი, ითხოვა ოდესმე ძმისაგან სესხებით ერთი დრაჰკანი. და იყიდა სელი ჴელთსაქმრად. და მოვიდა ვინმე ძმათაგანი და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, მომეც მე მცირედი სელი სიყვარულად, რათა ვქმნე კვართი“. ხოლო მან სიხარულით მისცა ნახევარი სელისა მის. და კვალად სხუა ძმა მოვიდა და ჰრქუა: „მამო წმიდაო, ჰყავ სიყვარული და მომეც მე მოწყალებად მცირედ სელი ჴელთსაქმრად ჩემდა“. და ნახევარიცა იგი მას მისცა უდრტვინველად მან ნეტარმან.
და შემდგომად მოვიდა უფალი დრაჰკნისა მის და სთხოვდა. ხოლო იგი, ვინათგან უღონო იყო მიცემად, წარვიდა წინამძღვრისადა, რათა სთხოვოს მას მოწყალებად. და იხილა გზასა ზედა ერთი დრაჰკანი. ილოცა და არა აღიღო, რამეთუ საცთურსა ჰგონებდა ეშმაკისასა და უკმოიქცა.
კვალად სხუასა დღესა სთხოვდა უფალი იგი დრაჰკანისა, ვითარმედ სახმარ ჩემდა არსო. ხოლო იგი წარვიდა წინამძღვრისად და იხილა იგივე დრაჰკანი მასვე ადგილსა. ილოცა და არა აღიღო.
კვალადცა ითხოვდა უფალი დრაჰკანისა. წარვიდა და იხილა იგივე დრაჰკანი, ჰყო ლოცვა და აღიღო და მიართუა წინამძღვარსა მეტყველმან: „ღმერთშემოსილო მამაო, მოვიდოდი სიწმიდისა მომართ შენისა და ესე დრაჰკანი ვჰპოვე გზასა ზედა, ნუუკუჱ დავარდა ვისმე? და მიუმცენ ძმათა. უკეთუ საცნაურ იქმნას უფალი მისი, წარიღოს“. ხოლო სამ დღე ჰქადაგებდენ მონასტერსა შინა და არავინ იპოვა, რომელსაცა წარეწყმიდა დრაჰკანი იგი. მერმე ჰრქუა უმანკომან და წრფელმან კაცმან ღმრთისამან: „წმიდაო ღმრთისაო, ვინათგან არავინ არს უფალი მისი, მომეც მე ეგე სიყვარულად, რათა მივსცე ძმასა მას, რომლისა თანამაძს ერთი დრაჰკანი და მისთვის მოვიდოდი ვედრებად შენდა, ღმრთივსულიერო მამაო“.
ესერა ესმათ ყოველთა, დაუკვირდათ უმანკოება და სიწრფოება და გონებისა მისისა სიკეთე და ადიდებდენ ღმრთისა სახიერებასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა უმანკოება და სიწრფოება, რათა მივიწივნეთ უვნებელობასა და უვნებელობისა მიერ აღვიდეთ თავსა სათნოებათა სრულებასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს“(მთ. 5,48).
ვიქმნეთ, საყვარელნო, უმანკო სულითა, წრფელ გონებითა და მოწყალე გულითა, საქმითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მოწყალენი, ვითარცა ტრედნი, ფრთითა ოქროჲსა ფერისათა აღფრინდებიან და ზეცისა კამარათა უზესთაეს ამაღლდებიან და შინაგან სამყაროსა სასუფეველსა ღმრთისასა დაიმკვიდრებენ საუკუნოდ. რამეთუ „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“(ლკ. 18,27), ყოვლადსახიერისა, ტკბილისა და კაცთმოყვარისა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სათნოებათა ტრფიალნო, შევიმოსოთ: მოწყალება, შეწყნარება, სახიერება, სიტკბოება, სიწრფოება და უმანკოება. რომელი „გვთხოვდეს მივჰსცეთ და რომელსა უნდეს სესხებად ჩვენგან, ნუ გარე მივიქცევით“[მთ. 5,42]. და ესრეთ ყოვლით კერძო ქრისტეს მცნებათა აღვასრულებდეთ კეთილად და ღმრთივშვენიერად. და სათნო ვეყვნეთ იესო ტკბილსა, მზესა მას სიმართლისასა, რათა ღირს ვიქნეთ დამკვიდრებად დიდად დიდებულსა დიდებასა, და ყოვლადნათელსა ბრწყინვალებასა და ფრიად სანატრელსა ელვარებასა, რომელი განმზადებულ არს მეუფისა მიერ ჭეშმარიტთა მოწყალეთათვის, რომელსა ღირს­მცა ქმნულ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჲ [60]
მოწყალებისათვის ბრწყინვალისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღვიდა რა მთასა თაბორსა, „განბრწინდა პირი მისი, ვითარცა მზე და სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა ნათელი“[მთ. 17,2].
საყვარელნო, უკეთუ ჩვენცა აღვიდეთ მთასა სათნოებათასა – უბრალონი ჴელითა და წმიდანი გულითა, ვიხილოთ ღმერთი და გნვბრწყინდეთ სულითა, ვითარცა მზე და განვნათლდეთ გულითა, ვითარცა ნათელი.
ხოლო მზეებრ განმაბრწყინვებელი ჩვენი არს სათნოებათა თუალი პატიოსანი – ღმრთივშვენიერი მოწყალება. რამეთუ დასაბამსაცა ღმრთისა მიერ ჩვენდა მომართ წყალობისა მიზეზი მოწყალება არს. და დასასრულსაცა ჩვენი მაცხოვარი და ბეჭედი მოწყალებავე არს. მით, რამეთუ რომელმან „დასაბამსა ჰრქუა ადამს, ყოველისაგან ხისა ჰსჭამო“[დაბ. 2,16], ესე მოწყალება იყო კაცთა მომართ. და იგივე გვეტყვის დასასრულსა: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“(მთ. 25,35), და შემდგომი ამისი. რომელნიცა მოწყალისაგან გულისა იქმნებიან, საყვარელნო და თვინიერ მოწყალებისა ვერვინ იხილავს ყოვლადბრწყინვალესა პირსა უფლისასა მაკურთხეველად. და ყოველნი ძველნი და ახალნი წერილნი მოწყალებასა ჰქადაგებენ, და წმიდანი ღმერთშემოსილნი მამანიცა მოწყალებისა მიერ განათლებასა გვამცნებენ, და სასწაულითაცა დაგვიმტკიცებენ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი, წმიდა და ღმერთშემოსილი ყოვლითა სათნოებითა შემკობილი: სიმდაბლითა, სიმშვიდითა, სიტკბოებითა, მოწყალებითა, სიბრძნითა, მეცნიერებითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისათა, დაფარულთ მცნობელობითა, წინასწარ მოსწავებითა და ნიშებ-სასწაულითა შემოსილი, სახელით იოსებ.
ამის ნეტარისა მამისა მოვიდენ ორნი პატიოსანნი ძმანი სულიერნი, სასოებითა ღმრთივმოცემულისა სწავლისა მისისათა. და აჰა, ზრახვასა მათსა სულიერსა მოვიდა ქრისტეს მოყვარე ვინმე ერისკაცი და მოართუა წმიდასა მას ბერსა სამი დრაჰკანი, მეტყველმან: „გევედრები, ყოვლად­პატიოსანო მამაო წმიდაო, ლოცვა ჰყავ სულისა ჩემისათვის“. ხოლო მან არცაღათუ მიხედნა ოქროსა მას და ჰრქუა: „ჩემდა არად სახმარ არიან ეგენი, ძმაო საყვარელო, არამედ გლოცავ შენ, განუყავ ეგე გლახაკთა, რამეთუ, გლახაკთა მიმართ ქმნილი მოწყალება კეთილითა გონებითა, ძღვნად პატიოსნად შეიწირვის ღმრთისა მიმართ, და გონებისაებრ მიმცემელისა, მადლი და სასყიდელი დიდი მოენიჭების საცხოვნებელად სულისა“.
და სხუაცა მრავალი კეთილი სწავლა წარმოუთხრა მათ, მოწყალებისათვის მან ნეტარმან. და მერმე აღსდგა და აღიპყრნა თუალნი და ჴელნი ზეცად და სთქუა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, ღმერთო ჭეშმარიტო! უკეთუ ტყუილ არიან სიტყვანი ესე ჩემნი მოწყალებისათვის თქმულნი ძმათა მიმართ, უვნებელად ეგენინ ლოდი ესე მდებარე, ხოლო უკეთუ მართალ და სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან სიტყვანი ჩემნი, განხეთქინ და განიპენ ლოდი ესე“.
ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! რამეთუ მეყსეულად განსქდა ლოდი იგი დიდი მარმარილოჲსა, ხუთ ნაკვეთად, რომელსა აქუნდა სისქე ოთხი მტკაველი. ხოლო მათ ესე სასწაული რა იხილეს, განკვირვებულნი ადიდებდეს ღმერთსა.
და ვითარცა წარგზავნიდა მათ წმიდა იგი ბერი, ჰრქუა: „გამცნებ თქვენ, შვილნო საყვარელნო, რათა მომავალსა შაბათსა მოხვიდეთ და მიხილოთ მე“. და მოიწია რა შაბათი, მივიდეს მესამესა ჟამსა და ჰპოვეს წმიდა იგი მამა აღსრულებული. და მრავლითა ლმობიერებითა ამბორს უყვეს და დამარხეს მადიდებელთა ღმრთისათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და ქრისტეს ძმათა მოწყალენო, რომელ არიან გლახაკნი. შევიმოსოთ მოწყალება, რათა ნათელი შევიმოსოთ და ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა. და რაჟამს მზე იგი სიმართლისა, ბრწყინვალება მამისა, იესო ქრისტე, მოვიდეს დიდებითა თვისითა, მაშინ ჩვენცა მივეგებნეთ ნათლისა ღრუბელითა და მოიხილოს ჩვენ ზედა, ყოვლადბრწყინვალითა პირითა და გვიბრძანოს ღმრთივშვენიერითა ჴმითა ტკბილითა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი და იხარებდეთ საუკუნოდ“[მთ. 25,34].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მოსწრაფე ვიქმნეთ აღსრულებად მცნებათა ღმრთისათა, რათა ბრწყინვალითა გვირგვინითა ვიხარებდეთ დაუსრულებელსა დიდებასა ღმრთისასა. ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ჩვენცა უგალობდეთ, ვადიდებდეთ და ვაკურთხევდეთ წყალობისა ჯერმჩინებელსა მამასა, კაცთმოყვარესა ძესა და ცხოველსმყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეექვსისა თავისა

 

 

 

 

 

 

თავი z [7]

სიმართლისათვის სათნოებათა საუნჯისა

 

 

თხრობა სულიერი ჲა [61]
სიმართლისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“(მთ. 5,10).
საყვარელნო, სიმართლე საუნჯე არს შემკრებელი ყოველთა სათნოებათა. ნამდვილვე ნეტარ არიან მომგებელნი სიმართლისანი და ღირს სასუფეველისა და თავისუფალ სატანჯველთაგან, ვითარცა იტყვის სული წმიდა: „მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“(სიბრძ. 3,1). არამედ ანგელოსთა მიერ ქებულ არიან, კაცთაგან წმიდათა პატივცემულ და სანატრელ, ხოლო ღმრთისა მიერ დიდებულ.
რამეთუ წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი დიდი ანტონი ილოცვიდა რა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და გამოუცხადა, ვითარმედ: „არს ქალაქსა შინა ერისკაცი მართალი, რომელი რაჲსაცა მოიგებს, ყოველსავე განუყოფს: უცხოთა, უღონოთა, უძლურთა და ყოველთა ჭირვეულთა და ჰგალობს სამ­წმიდაარსობით, ვითარცა ანგელოსნი ცათა შინა. და ლოცვა მდაბლისა მისგან გონებისა აღიწევის წინაშე ღმრთისა სუნად სუნნელად შეწირული“.
ესერა ეუწყა მამასა ანტონის, წარვიდა ძიებად და ჰპოვა იგი და ჰრქუა: „მშვიდობა შენთანა, შვილო სულიერო! ჰყავ სიყვარული მცნებისათვის უფლისა და გამომიცხადე, თუ რაჲსა ილოცავ, ანუ რასა იგონებ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთშემოსილო მამაო, მე ცოდვილი ესე და გლახაკი, შემდგომად მცირედისა ლოცვისა ჩემისა, დავსჯდები ჴელთსაქმარსა ჩემსა და ვიგონებ, ვითარმედ ყოველნი ესე აქა მყოფნი სასუფეველად შევლენ სიმართლისათვის მათისა და მხოლოდ მე დამკვიდრებად ვარ სატანჯველსა საუკუნესა, ცოდვათა ჩემთათვის“.
ვითარცა ესმა ესე მამასა ანტონის, განჰკვირდა გონებისა მისისა სიმდაბლესა და სიწრფოებასა და ჰრქუა მას: „ნამდვილვე ნეტარ ხარ შენ, შვილო საყვარელო, რამეთუ შორის ქალაქსა ეგევითარი სათნოება და სიმართლე მოგიგიეს, გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან სიონით, რომელი კურთხეულ არს უკუნისამდე“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიმართლე და გონებისა სიმდაბლე, რათა სთნდეს უფალსა მოქალაქობა ჩვენი და ლოცვა ჩვენი შეწირულ იქმნას წინაშე უფლისა ღმრთისა ჩვენისა, ვითარცა მართლისა მის ნოეს მსხვერპლი და იყნოსოს სუნად სუნნელებისად და შეისმინოს ვედრება ჩვენი, ვითარმედ: „ჴმა ჰყო მართალმან და უფალმა ისმინა მისი“[ფს. 33,18]. და სიმართლით მონაგებთა ჩვენსა მივსცემდეთ ქველისსაქმედ, რათა გვაქუნდეს საუნჯე ცათა შინა. და ოდეს მივიცვალნეთ, განვისვენოთ სასუფეველსა ღმრთისასა, აბრაჰამ, ისააკ და იაკობისთანა, რამეთუ იტყვის სული წმიდა: „მართალი თუ აღესრულოს, განსვენებასა შინა იყოს“(სიბრძ. 4,7).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიყვაროთ სიმართლე და მოვიძულოთ უსჯულოება, და ნუ მოვიძულებთ მართალსა, რათა არა უსჯულოდ გვიწოდოს წერილმან, ვითარმედ: „რომელთა სძულდენ მართალნი, უსჯულოებენ“(ფს. 33,22). და მივეცნეთ ჯოჯოხეთსა, ბნელსა გარესკნელსა, სადაცა არს ტირილი თუალთა, ღრჭენა კბილთა და ვაება დაუსრულებელი.
არამედ გევედრები, ჵ, ძმანო, ვილოცოთ ღმრთისა მიმართ, ვილოცოთ, რათა გვიხსნეს სატანჯველთაგან. და ვიდრემდის ვართ სოფელსა შინა, სიმართლით და ჭეშმარიტებით ვსცხონდებოდეთ და დღესა მას განკითხვისასა, მარჯვენით ქრისტესა მართალთა თანა დგომად ღირს ვიქმნეთ, და ღრუბლითა აღტაცებულნი ზეცისა იერუსალიმსა, ვიხარებდეთ უფლისა მიმართ, ვითარცა იტყვის: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა ჰშვენის ქება“[ფს. 32,1]. და ღმრთისა ნათლითა ყოვლადშვენიერითა და ღმრთივდიდებულითა განვბრწყინდეთ მსგავსად მზისა, რამეთუ მზე იგი სიმართლისა იესო ბრძანებს: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა“[მთ. 13,43]. რომელსა ღირს­მცა ქმნულ ვართ ყოველნი მოყვარენი სიმართლისანი მადლითა და კაცთმოყვარებითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჲბ [62]
სტუმართ მოყვარებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე უბრძანებს მოციქულთა: „რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინოს“[ლკ. 10,16]. და წმიდა მოციქული პავლე იტყვის: „სტუმართმოყვარებასა შეუდეგით“[რომ. 12,13].
საყვარელნო, სტუმრის მოყვარება აბრაჰამ მამათმთავრის მსგავსება არს, რომელი ყოველთავე სტუმართა შეიწყნარებდა და ანგელოსნიცა ესტუმრნეს ყოვლადკეთილისა გონებითა ქმნილსა სათნოებასა ზედა მისსა და აკურთხა ღმერთმან იგი და მამად მრავალთა სახელ სდვა. სტუმართმოყვარება ღმრთისა სათნო არს, ძმანო, ანგელოსთაგან პატივცემულ და კაცთა მიერ საქებელ, სურვილით საძიებელ და სანატრელ.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, ღმრთისმოყვარე, წმიდათა მოსურნე, ყოველთავე სათნოებათა მუშაკი და უმეტესად სტუმართმოყვარებისად შედგომილი მცნებისათვის უფლისა, ვითარცა ბრძანებს: „უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“(მთ. 25,35). რომელმანცა სახლი თვისი აღაშენა გზასა ზედა უდაბნოსასა და რაჲსაცა მოიგებდა, ყოველსავე სტუმართმოყვარებისათვის წარაგებდა კეთილად. რამეთუ სადაცა იხილის გლახაკი, ანუ უცხოჲ, წარიყვანის სიხარულით სახლად თვისად და კეთილად ისტუმრნის. და ოდეს მოვიდიან მონაზონნი უდაბნოჲთ განსყიდვად ჴელთსაქმრისა მათისა, მან სურვილით და სასოებით შეიწყნარის სახლსა თვისსა, დაბანნის ფერჴნი და განუსვენის კეთილად და ლოცვასა მათსა დაევედრის.
დღესა ერთსა მოვიდა ვინმე მონაზონი და კაცმან მან ღმრთისამან შეიწყნარა ჩვეულებისაებრ თვისისა კეთილისმოქმედებისა და განუმზადა ტაბლა სიყვარულისა. ხოლო ბერსა მას არა ენება პურისა ჭამაჲ, ვიდრე მიმწუხრადმდე მარხვისა მიზეზითა, რამეთუ ეტყოდა: „მე მაქვს კანონი თავსა შორის ჩემსა აწ არა ჭამა პურისა, არამედ შენ მიიღე, საყვარელო ძმაო“. მიუგო ქრისტეს მოყვარემან კაცმან და ჰრქუა: „გევედრები, პატიოსანო მამაო, დღეს ზოგად მივიღოთ საზრდელი და ვმადლობდეთ წყალობის მომცემელსა ღმერთსა. და უკეთუ არა ისმენ ვედრებასა სიგლახაკისა ჩემისასა, აჰა, ესერა ხე, რომელი სდგას წინაშე ჩვენსა ვილოცოთ ორთავე და ვისცა თაყვანისცემასა ხემანცა თაყვანი სცეს, მისსა ნებასა დავემორჩილნეთ“.
ილოცა ბერმან და იქმნა არარაჲ. ხოლო ილოცა სტუმრის­მოყვარემან და თაყვანისსცა ღმერთსა და ეგრეთვე ხემანცა თაყვანისსცა. და მაშინღა მიიღეს საზრდელი და იტყოდეს სიტყვათა სულიერთა წმიდათა მამათასა და ადიდებდენ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომელმან ჰყვის საკვირველი მონათა თვისთათანა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა შევიტკბოთ სტუმრის მოყვარებაჲ. და რაჲცა გვაქუნდეს, ღმრთისა მიერ ნიჭებული, კეთილითა გონებითა დაუგოთ უცხოთა. დაღაცათუ მცირე პური გვაქუნდეს და ლიტონი წყალი, შეიწირავს ღმერთი გულსმოდგინებასა ჩვენსა და არა დაგვიშურვებს დიდსა წყალობასა თვისსა, რამეთუ თვით ბრძანებს: „რომელმან ასუას სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად ჩემდა, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“[მრკ. 9,41].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიწყნაროთ უცხოჲ, მწირი, გლახაკი, შეჭირვებული, უღონოჲ, ქვრივი და ობოლი და ყოველივე შეწუხებული; და ძალისაებრ ჩვენისა ნუგეშინისვსცეთ, რამეთუ უმეტეს ძალისა ჩვენისა შეუძლებელსა არარას ეძიებს ღმერთი ჩვენგან. არამედ შეძლებისაებრ ჩვენისა გვამცნებს წყალობასა კეთილითა და მხიარულითა გონებითა, და ამათ მცირედთა ნაცვლად სასუფეველისა დიდსა დიდებასა მოგვანიჭებს მეტყველი: „გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“[მთ. 5,12].
პურისა წილ უკუდავებითა გამოგვზრდის, წყლისათვის წყარო ცხოვრებისა გვექმნება, შიშველთ შემოსისა ნაცვლად ნათლითა შეგვმოსს, უცხოთ შეწყნარებისათვის სავანესა წმიდათასა შეგვიწყნარებს და ყოველთავე სათნოებათათვის გვაკურთხევს და სასყიდელსა მოგვცემს მეტყველი: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34) და განისვენეთ წიაღთა აბრაჰამისთა, ვინათგან საქმეთა აბრაჰამისთა იქმოდით, მისთანაცა იდიდენით საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარდის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჲგ [63]
ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15).
საყვარელნო, ამით იქმნების ქრისტეს მცნებათა დამარხვა და აღსრულებაჲ, რათა მარადის წმიდათა წიგნთა ვიკითხვიდეთ და მათ შინა წერილთა მოძღვრებათა აღვასრულებდეთ, რომელთაგან არს ცხოვნება სულისა და სათნოყოფა ღმრთისა.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, ქრისტეს მოყვარე, გულითა მოწყალე, ტკბილი და სახიერი და ჴელოვნებით მწერალი, რომელიცა ქრისტეს სიყვარულითა მარადღე იკითხვიდა წმიდათა წერილთა გულისჴმისყოფით. და მიემთხვია თხრობასა მას სულიერსა, რომელი წერილ არს წიგნსა მამათასა „სამოთხედ“ წოდებულსა, ვითარმედ: „მოვიდა ანგელოსი უფლისა დიდისა მამისა ანტონისა განმართებად, და იქმოდა ჴელთასაქმარსა, დაუტევის ჴელთსაქმარი, აღსდგის და ილოცის, და ოდეს დასცხრის ლოცვისაგან, დასჯდის და შვრებოდა ჴელთსაქმარსა. კვალადცა აღსდგის და ილოცის. და ჰრქუა ანგელოსმან მამასა ანტონის: „ესრეთ იქმოდე და სცხონდე“.
ესერა აღმოიკითხა ძმამან მან სანატრელმან, გულსმოდგინე იქმნა და მუშაკობდა მარადღე. პირველად ილოცის კეთილად და მერმე დასჯდის და იწყის წერად. აღსდგის და ილოცის. კვალად დასჯდის და იწყის წერად. კვალადცა აღსდგის და ილოცის. და დასწერნა მრავალნი პატიოსანნი წიგნები, რომელსამე მათგანსა განჰყიდდა სახმრად თავისა თვისისა და უმრავლესსა გლახაკთა მოწყალებად მისცემდა ქრისტეს სიყვარულითა და რომელსამე თვით იკითხვიდა მცნებათა დამარხვისათვის.
და უკეთუ ვინმე შეაწუხის იგი, ანუ აგინის, ხოლო მან მიუგის სიმშვიდით: „საყვარელო ძმაო, ეგე სიტყვა მეცა ძალმიძს თქმად, გარნა ქრისტეს მცნება დაჰკრამს პირსა ჩემსა“ და მოითმინის კეთილად.
და იხილა რა ამაოება სოფლისა, განჰყიდა ყოველი წიგნები თვისი მონაგარი და განუყო გლახაკთა და წარვიდა უდაბნოდ. შეემთხვია მას დიდთა წმიდათაგანი ვინმე და ჰრქუა: „სადა წარხვალ, შვილო საყვარელო?“ ხოლო მან მიუგო: „მამაო პატიოსანო, ოცი წელი არს ვინათგან წმიდათა წერილთა ვიკითხავ და ქრისტეს მცნებათა ვიწვრთი. აწ მსურის, რათა რაჲცა გულისჴმა ვჰყავ, ჴელ ვჰყო აღსრულებადცა“. ჰრქუა მას წმიდამან ბერმან: „გაკურთხენ შენ უფალმან, შვილო, რამეთუ კეთილ არიან სიტყვანი და უმჯობეს საქმენი“.
და იქმნა მონაზონ პატიოსან და წარჩინებულ და ანგელოსებრივი მოქალაქობა შეიტკბო, დღე და ღამე უგალობდა და ადიდებდა ღმერთსა ლოცვისა მიერ წმიდისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიყვაროთ იესო ქრისტე ჭეშმარიტითა სიყვარულითა და აღვასრულებდეთ მცნებათა მისთა ღმრთივშვენიერთა და მარადღე ვისმენდეთ წმიდათა წერილთასა, რომელთაგან არს მიმსგავსება წმიდათა კაცთა, განათლება გონებისა და ცხოვნება სულისა. და არათუ ლიტონად ვისმენდეთ, არამედ საქმითცა ვიქმოდეთ მათ შინა წერილთა მცნებათა, რამეთუ იტყვის მოციქული: „არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდენ, არამედ მყოფელნი“[რომ. 2,13].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვისმენდეთ ქრისტეს მცნებათა და ვიქმოდეთ სიმართლესა და მოწყალებასა კეთილითა გონებითა, რომელი ჰნებავს ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, ვითარცა ბრძანებს: „რომელმან ჰყოს ნება ჩემი, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“[მთ. 12,50]. რომელი ესე იქმნების კეთილმსახურებით ქრისტეს მცნებათა დამარხვითა და ნებისა მისისა აღსრულებითა და სადაცა ქრისტე არს, მუნცა ჩვენ ვიყვნეთ, რამეთუ თვით ბრძანებს: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“(იო. 12,26). მოსწრაფე ვიქმნეთ, საყვარელნო, მსახურებად მისა ღირსებით და სიწმიდით, რათა მისთანა ვსუფევდეთ, უგალობდეთ და ვადიდებდეთ მეუფებასა მისსა, თანა მამით და სულით წმიდითურთ დაუსრულებელად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჲდ [64]
სამართლისათვის ჭეშმარიტისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნუ ჰსჯით თუალთღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ“(იო. 7,24).
საყვარელნო, სამართალი ჭეშმარიტი ჰშვენის ჩვენდა ქრისტეანეთა, რათა ამითცა სათნოებითა მივემსგავსნეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, რომელი იგი მართლმსაჯულ არს და არავის თუალ აღებს პირსა კაცისასა. და ჩვენცა არა რომლითამე სახითა გარდავაქცევდეთ სამართალსა, არამედ ჭეშმარიტებით ვსჯიდეთ ღმრთისმოშიშებით და მართლმსაჯულებით.
რამეთუ წმიდასა მთავარეპისკოპოსსა ეპიჶანეს ჰყვანდა კრებულად ოთხმეოცი მონაზონი და შორის მათსა იყო ვინმე პატიოსანი და კეთილგონიერი, სახელით საბიანე, რომელიცა ესე დაადგინა ეპიჶანემ სჯად საეკ­კლესიოთა საქმეთათვის.
დღესა ერთსა მოვიდენ ორნი მოჩივარნი: ერთი მდიდარი იყო და მეორე გლახაკი. და სამართალი მდიდარსა მას შესწევდა. გარნა საბიანე გლახაკთ წყალობისათვის ინება გლახაკისა მის განმართლება და მცირედ სამართალი გარდააცილა. ხოლო წმიდა ეპიჶანე სდგა ადგილსა ფარულსა და ისმენდა ბჭობასა მათსა. ესერა იხილა, მაშინ შევიდა ცხადად და თვით გან­ბჭო საქმე იგი, მდიდარი განამართლა, ვინათგან მართლეოდა და გლახაკსა მას მოწყალება მისცა საიდუმლოდ და განუტევა.
მერმე საბიანეს ამხილა სიყვარულით და ჰრქუა: „შვილო ჩემო საყვარელო, სამღთო წერილი იტყვის: „არა შეიწყალო გლახაკი სასჯელსა შინა“[გამოს. 23,3]. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო, რომელთადა მოწყალება ბრძანებულ არს ჩვენდა, ნუ მისდრკებიო სამართლისაგან. არამედ სამართალი ჭეშმარიტი ჰშვენის და გლახაკთა მიმართ მოწყალება საიდუმლოდ.
ესრეთ განსწავლა ღირსი იგი საბიანე და მიერითგან მართლიად სჯიდა სამართალსა და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეთ, პატიოსანნო მსმენელნო, უკეთუ გლახაკთა წყალობისათვის არა ჯერ არს სამართლისა გარდაქცევა, გლახაკთათვის, რომელნი ქრისტეს ძმად წოდებულ არიან, რომელთადა წყალობაცა ფრიადი თანაგვაძს. და უკეთუ ვინმე მდიდართა კაცთა სათნოყოფისათვის, ანუ ქრთამისა, გინა რომლითამე საქმითა თუალთღებით სამართალი გარდააქციოს, არა ვუწყი, თუ ვითარი სასჯელი მოიწიოს მის ზედა, რაჟამს მართლმსაჯული იესო სჯიდეს ყოველთავე და მიაგებდეს კაცად კაცადსა საქმეთა, სიტყვათა და გონებათა მათთაებრ.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სამართალსა ჭეშმარიტსა ვსჯიდეთ. და უკეთუ ვისიმე მომადლება და სიყვარული გვენებოს, გინა გლახაკთა წყალობაჲ, ნუ სამართლისა გარდაქცევით მოვიმადლებთ დასასჯელად სულთა ჩვენთა, არამედ სხვითა სახითა აღვასრულოთ პატივისცემა მათი და სიყვარული, კეთილად და ღმრთივშვენიერად. და სამართალი ჭეშმარიტი დავამტკიცოთ უცილობელად, ვითარცა წერილ არს: „უკეთუ იქმოდეთ სიმართლესა, ჭეშმარიტებასამცა ზრახევდით, ძენო კაცთანო“.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვინათგან სამართალი ჭეშმარიტი ჯერ არს, მაშა ამას ზედაცა ჭეშმარიტი სამართალი ჰშვენის ჩვენდა, რომელ სული ჩვენი გლახაკ და უწყალო დაგვიტევებიეს, და ჴორცნი შვებით და პატივით შეგვიმკიეს, რომლისათვის უფალი ბრძანებს: „ანუ არა რაჲსათვის თავით თვისით არა სჯის სამართალსა“[ლკ. 12,57].
ვჰსაჯოთ, საყვარელნო, თავსა შორის ჩვენსა ჭეშმარიტი სამართალი! და ვითარცა „სული უფროს არს ჴორცთასა“[მთ. 6,25; ლკ. 12,23], ეგრეთვე უმთავრესიცა ნაწილი, სულსა ჰშვენის მიცემად, ვინათგან ყოველივე სულიერი საუკუნო არს და ჴორციელი საწუთო, „რამეთუ ყოველი ჴორცი თივა არს და ვითარცა ყვავილი ველისაჲ“[ეს. 40,6; 1 პეტ. 1,24].
სულისა ნაწილი არს მოწყალება, ხოლო ჴორცთა – შემკობა. სულისა ცხოვრება არს მარხვა, ხოლო ჴორცთა – ჭამა. სულისა სარგებელი არს მოღვაწება, ხოლო ჴორცთა – განსვენება. სულისა სათნო არს ლოცვა, ხოლო ჴორცთა – ძილი.
არამედ განვჰყოთ საცხოვრებელი ჩვენი, საყვარელნო, და მივჰსცეთ ღმრთისა ღმერთსა, ლოცვა და სათნოება სულითა, ხოლო კეისრისა – კეისარსა, ძილი და ჭამა უცოდველი – ჴორცთა. და სიმართლით კეთილად წარვლოთ წუთ-ჟამისა ესე ცხოვრება, რათა საუკუნოსა ცხოვრებასა მივიწივნეთ. და ვითარცა სულ არს ღმერთი, ეგრეთვე სულითა და ჭეშმარიტებითა თაყვანისვსცემდეთ მამასა და მართლ­მსაჯულსა ძესა და სულსა ყოვლადწმიდასა, რომელი ჰსუფევს და იდიდების უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჲე [65]
მართლისა მეტყველებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ბრძანებს: „ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისა“(იო. 18,37).
საყვარელნო, ვისმინოთ ღმრთივშვენიერი ქადაგება იესო ტკბილისა წმიდისა სახარებისა მიერ, რათა ვისმინოთ ყოვლადსაწადელი და ყოვლად­ტკბილი ჴმა მისი კურთხევისა და მშვიდობისა, სიხარულისა და ცხოვრებისა, რამეთუ „იგი არს ჭეშმარიტება და ცხოვრება“[იო. 14,6].
ესე არს ჴმისა მისისა სმენა, ძმანო, რათა შევიყვაროთ სიმართლე და მოწყალება, შევიტკბოთ სიმდაბლე და სიმშვიდე, შევიკრძალოთ სიწმიდე და სიყვარული, და ყოველივე სათნოება, რომელთა მიერ არს ცხოვნება სულისა და მარადის სურვილით ვეძიებდეთ სათნოყოფასა ღმრთისასა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმრთისა მადლითა განათლებული, კეთილად გულისჴმიერი, სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკობილი და უფროსად სამღთოს მოქალაქობითა და სათნოებით ამაღლებული და მართლგამომეტყველი სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა. რომლისადა მივიდნენ ქრისტეს მიერ ძმანი სულიერნი და ჰკითხეს სიტყვა სამღთოსა წერილისა მეტყველთა: „რაჲ არს, ღმრთივგანბრძობილო მამაო პატიოსანო, სიტყვა იგი, რომელი წერილ არს იობს შინა, ვითარმედ: „ცანიცა არავე წმიდა არიან წინაშე შენსა, უფალო“[იობ. 25,5]. ხოლო სანატრელმან მამამან სულთ ითქუნა და სთქუა: „ვაჲ ჩემდა, რამეთუ დაუტევეს ძმათა ზრუნვა ცოდვათა და ქმნა სათნოებათა, რომელნი არიან ნამდვილ საჭირო სულისა ცხოვნებისათვის, და ცათასა გამოეძიებენ. გარნა ცხადი ძალი სიტყვისა მაგის ესე არს, საყვარელნო შვილნო, ვითარმედ: მხოლო ოდენ ღმერთი არს სრულიად წმიდა და ზესთა ყოველთა წმიდათა, და ვერარაჲ დაბადებულთაგანი შეესწორების ყოვლადწმიდასა მასთანა სიწმიდესა ღმრთისასა, და ამისთვის იტყვის თუ: „ცანიცა ვერ წმიდა არიან წინაშე შენსა, უფალო“.
გარნა ჭეშმარიტი საძიებელი არს, ღმრთივსულიერნო შვილნო საყვარელნო, პატიოსანი სათნოება, რამეთუ თვინიერ სათნოებისა, ვერვინ იხილოს ცაჲ, და ვერცა ცისა შინანი, დიდება ღმრთისა. არამედ სათნოება იძიეთ, ვითარცა წმიდანი მამანი იტყვიან: „აბრაჰამ უცხოთმოყვარე იყო და ღმერთი იყო მისთანა; ილია ლოცვისმოყვარე იყო და ღმერთი იყო მისთანა; დავით მშვიდი იყო და ღმერთი იყო მისთანა; იობ მართალი იყო და ღმერთი იყო მისთანა“.
ესევითარითა სათნოებითა მოიგების ღმერთი, ღმრთისა მიერ საყვარელნო შვილნო წმიდისა ემბაზისანო. და რომელნი სათნოებათა შეიტკბობენ, ღმერთი დაემკვიდრების მათ შორის და ამაღლდებიან ცასა ცათასა და განათლდებიან ღმრთისა თანა, ვითარცა თვით უფალი ბრძანებს: „მე მოყვარეთა ჩემთა შორის და იგინი ჩემ თანა“[იო. 14,3].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ ჩვენცა სათნოება და მოვიგოთ სათნოებათა საუნჯე – სიმართლე, და სათნო ვეყვნეთ სახიერსა უფალსა და ავმაღლდეთ ცასა ცათასა. და დავემკვიდრნეთ სასუფეველსა ღმრთისასა, სადაცა არს ბრწყინვალება თუალთ­შეუდგამი, ელვარება განუცდელი და შვენიერება გამოუთქმელი, მართალთა ბანაკი, წმიდათა მწყობრი და ღირსთა გვირგვინოსნება.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო, შევიმოსოთ სიმართლე და წმიდა ვიქმნეთ, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „მღუდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“[ფს. 131,9]. ვიტყოდეთ მარადის მართალსა და ნუ ოდეს ვიცრუებთ, რამეთუ: „ცრუთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ“[1 კორ. 6,9], სიტყვისაებრ მოციქულისა და სული წმიდა იტყვის: „ვის უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი“(ფს. 10,5). არამედ შევიტკბოთ სიმართლე და შევიყვაროთ სული ჩვენი და დავადგრეთ ჭეშმარიტებასა, რათა ვსცხონდეთ იესოს თანა, ვითარცა ბრძანებს: „მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება“(იო. 14,6). და მართლიად ვიტყოდეთ სიტყვასა ჭეშმარიტებისასა, სიბრძნითა და გონიერებითა, ვითარცა წერილ არს: „პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდეს მსჯავრსა“(ფს. 36,30).
უკეთუ სიმართლით ვიქცეოდეთ, ჵ, ძმანო, ესეცა ქვეყანა კეთილითა ცხოვრებითა და მშვიდობით წარვლოთ და ნამდვილ ჭეშმარიტი ცხოვრება და საუკუნო დიდება სასუფეველისა დავიმკვიდროთ და ყოველთა წმიდათა და მართალთა თანა ვსუფევდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჲვ [66]
უვნებელობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სანთელი გუამისა არს თუალი, უკეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს“(მთ. 6,22).
საყვარელნო, ვითარცა ოდეს ჴორციელნი თუალნი ჩვენნი განმარტებულ იყვნენ, ყოველსავე კეთილად ვხედავთ. ეგრეთვე, უკეთუ საცნობელნი სულისა ჩვენისანი განათლებულ იყვნენ, კეთილად ვიხილავთ ყოველსავე ვნებასა და სულსა ჩვენსა დავიცავთ წარწყმედისაგან, ვითარცა გუგასა თუალისასა. და უფროსად აღვირჩევთ სათნოებასა და მივიწევით უვნებელობასა და ავმაღლდებით სრულსა საზომსა სათნოებათასა, რომლისა მიერ იქმნების გამოცხადება საიდუმლოთა, სარგებელად მსმენელთა და სადიდებელად ღმრთისა.
რამეთუ ესევითარი იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი: მართალი, წრფელი, უმანკო, უზაკველი, განუკითხველი, გულისჴმიერი, გან­კრძალული და ზესთა საკვირველებათა მხილველი, სახელით პაჶნოტი.
ვიდოდა ოდესმე სანატრელი იგი მამა გზასა და მიიწია მახლობელად დაბისა. და იხილნა კაცნი ვიეთნიმე, რომელნი ზრახვიდეს ურთიერთას – განიკითხვიდენ მოყვასსა. ხოლო წმიდა იგი ბერი დასდგა ლოცვად, რათა არა შეიწყნაროს სასმენელმან მისმან განკითხვა კაცთა. და ლოცვასა შინა მოიხსენა ჯვარცმა ქრისტესი და თვისნი ცოდვანი, ჟამი სიკუდილისა და დღე განკითხვისა. და აჰა, ესერა გამოუჩნდა მას ანგელოსი უფლისა, რომელსა ჴელთა აქუნდა ლახვარი ცეცხლისა და ჴმა უყო ღირსსა მას ბერსა: „პაჶნოტი, პაჶნოტი! ყოველნივე ცოდვისა მოქმედნი და განმკითხველნი ძმათა, ლახვრითა ამით მოისრვიან და საუკუნო ცეცხლად მიეცემიან! ხოლო შენ, ვინათგან არა განიკითხენ, არცა თანაეყავ ზრახვასა ცოდვისასა, არამედ უფროსად ილოცე ღმრთისა მიმართ, ამისთვისცა სახელი შენი დაიწერა წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა საუკუნოდ“.
ესე საკვირველება განუცხადა წმიდამან და უვნებელმან ბერმან მოწაფესა თვისსა სარგებელად სულისა. და ჰკითხა მოწაფემან, თუ: „სადა იყო, მამაო წმიდაო, მაშინ გონება შენი, ოდეს იგი ილოცევდი?“ ჰრქუა მას ბერმან: „ჩემი გონება მუნ იყო, საყვარელო შვილო ჩემო, სადა იგი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა ჴორცითა, ვითარმცა აწღა ქმნილ იყო ჯვარცმა ქრისტესი. და წინაშე მისა ვსდეგ გონებითა და შემუსრვილის გულით ვილოცევდ და ვსტიროდი ცოდვათა ჩემთა. და ვიხსენებდი ჩემებრ ცოდვილთათვის სატანჯველთა და მართალთათვის განმზადებულსა საუკუნო დიდებასა და ვევედრებოდი ღმერთსა, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე.
ვისმინოთ საკვირველება ესე, საყვარელნო და შევსძრწუნდეთ, განვეკრძალნეთ უკუჱ ვნებათა სულისა წარმწყმედელთა და ვიქმოდეთ სიმართლით სათნოებათა, რათა მივიწივნეთ უვნებელობასა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ მღვიძარება გონებისა და განვანათლნეთ თუალნი სულისანი, რათა კეთილად მცნობელ ვიყვნეთ წინამოსაჯულისა მის ჩვენისა, რომელ არს საცთური ეშმაკისა, რომელიცა მიმოვალს, ვითარცა ლომი მყვირალი და ეძიებს სულსა კაცისასა, რათამცა შთანთქას იგი და ჰშთახადოს ნაყროვანსა ჯოჯოხეთსა საუკუნო სატანჯველად. არამედ განვეკრძალნეთ, ჵ, საყვარელნო, და თუალნი გულისა ჩვენისანი განვანათლნეთ ლოცვითა წმიდითა, და ენასა ჩვენსა აღვირ ვასხნეთ შიშითა ღმრთისათა. და საქმედ მივსცეთ ფსალმუნება, რათა იხარებდეს ენაჲ ჩვენი სიმართლესა ღმრთისასა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, დავსდვათ პირსა ჩვენსა საცო დუმილისა და კარი ძნიად განსაღებელი ბაგეთა ჩვენთა კრძალულებისა, რათა არა ვსცოდოთ ენითა ჩვენითა დაუპყრობელითა ბოროტითა და დავსწვათ სული ჩვენი ცეცხლითა მით უშრეტელითა.
არამედ ყოველსა შინა საქმესა და სიტყვასა მოვიგოთ: განათლება გონებისა, სიმართლე ენისა, ჭეშმარიტება სიტყვისა, ჟამიერი დუმილი პირისა, წესიერი ზრახვა სათნოებისა, კეთილმოქმედება ჴელთა და მით ქმნა მოწყალებისა, რამეთუ ამათ მიერ იქმნების ცხონება სულისა. და ესრეთ, ყოვლით კერძო შემკობილნი სათნოებითა, ვიქმნებით შვილ ზეცათა მამისა და მკვიდრ სასუფეველისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჲზ [67]
განუკითხველობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ, ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ, მიუტევნეთ და მოგეტევნენ, მიეცით და მოგეცეს თქვენ“(ლკ. 6,37-38).
საყვარელნო, განუკითხველობა ფრიადისა სიბრძნისა და გულის­ჴმის­ყოფისა სახე არს, სიმართლისა ნაყოფი კეთილი და სათნოებისა ყუავილი შვენიერი; დიდად სარგებელ და ადვილი გზა წრფელი სულისა ცხოვნებისათვის, ღმრთისა წინაშე სათნო, ანგელოსთაგან საქებელ და კაცთა მიერ სანატრელ.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, კეთილგონიერი და სამღთოსა სიბრძნისა მოყვარე, რომელმან შეიტკბო: სიმშვიდე, სიმდაბლე, სიტკბოება, ძმათმოყვარება, ძვირუხსენებლობა, განუკითხველობა და სულგრძელება. ესევითარითა სათნოებითა შემკობილი სიმარტივითა გულისათა და სიწრფოებითა ცხონდებოდა. არავის განიკითხვიდა ყოვლადვე და არაოდეს გამოვიდის პირით მისით სიტყვა უშვერი. არამედ, რა იგი არს სათნო უფლისა, მას ზრახვიდა შიშითა ღმრთისათა. და უკეთუ ვინმე შეაწუხის იგი, ხოლო მან მიუტევის გონებითა სახიერითა, მივიდის და დაეგის ვიდრე დასლვადმდე მზისა, მცნებისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „მზე ნუ დავალნ განრისხებასა თქვენსა“(ეფეს. 4,26), რათა არა განარისხოს მზე იგი სიმართლისა, უფალი დიდებისა, იესო მაცხოვარი ჩვენი.
ესრეთ სრული იყო სათნოებითა სანატრელი იგი კაცი ღმრთისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომელი სიტყვითა არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს“(იაკ. 3,2).
ხოლო ოდეს მოიწია ჟამი მიცვალებისა მისისა, შემოკრბენ მისა ძმანი სულიერნი და სწუხდენ, ხოლო იგი მხიარულებითა მრავლითა და ბრწყინვალითა პირითა გავიდოდა. და ჰრქუჱს მას ძმათა: „რაჲ არს ესე, ღმრთივსულიერო ძმაო საყვარელო, რომელ ჩვენ ვსწუხთ შენთვის და შენ მხიარულ ხარ?“ და მან ნეტარმან მიუგო: „ამისთვის, საყვარელნო ძმანო პატიოსანნო, რამეთუ ესრეთ დამიცვა მე მადლმან ღმრთისამან, რომელ არა მახსოვს ცხოვრებასა ჩემსა, რათამცა განმეკითხა კაცი. და უკეთუ ვინმე შემაწუხის ეშმაკისა მანქანებითა, პირველად მე დავეგი და ბრალი თავსა ზედა ჩემსა დავიკრიბი და მას ულოცი. და აწ მაქუს სიტყვა წინაშე მეუფისა თქმად, ვითარმედ: „შენ უფალო ტკბილო და სახიერო, კაცთმოყვარებით ჰბრძანე: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ, მიუტევეთ და მოგეტევნენ“(ლკ. 6,37). ამისთვის მოხარულ ვარ განსლვად ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა“.
ესერა სთქუა, სანატრელმან გამოისახა პატიოსანი ჯვარი პირსა თვისსა და განუტევა სული.
ხოლო ძმანი იგი ლმობიერნი გულითა ეტყოდეს: „ნეტარ ხარ შენ, ძმაო, და სამნეტარ, რამეთუ სრბა შენი უვნებელად აღასრულე, ღვაწლი სულიერი მოიღვაწე, სარწმუნოება მართალი დაიმარხე, ამიერითგან მიგელის სიმართლისა იგი გვირგვინი; წარვედ, წარვედ, სიხარულით, რამეთუ ანგელოსი მშვიდობისა მიგიძღვის შენ ცხოვრებად საკუნოდ“[2 ტიმ. 4,7-8].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ განუკითხველობა და ძვირუხსენებლობაჲ და უკეთუ ვიხილოთ, ანუ ვისმინოთ ძმისა არაკეთილი რაჲმე, ნუ განვიკითხავთ, არამედ ვსწუხდეთ და მას ულოცოთ. და თავნი ჩვენნი განვაკრძალნეთ ვნებათაგან და მის მაცთუნებელსა ეშმაკსა ვაბრალოთ, ვინათგან ყოვლისა ბოროტისა მომპოვნებელი ეშმაკი არს. და უკეთუ კეთილი რაჲმე ვიხილოთ, ანუ ვისმინოთ ძმათათვის, გვიხაროდენ, და ჩვენცა ვჰბაძვიდეთ კეთილსა მათსა. და ღმერთსა მივაჩემოთ და ვადიდებდეთ, რამეთუ ყოვლისა კეთილისა მიზეზი ღმერთი არს. რათა კეთილისა ზრახვითა და მოქმედებითა აქაცა ცხოვრება ჩვენი მშვიდობით და უვნებელად წარვლოთ და მას საუკუნესა დაუსრულებელსა კეთილსა მივემთხვივნეთ.
ჰე, გევედრები საყვარელნო ძმანო, სიმართლით ვიქცეოდეთ, რათა სიმართლისა მზე, მოგვეფინოს და შარავანდედითა მისითა სათნოება ჩვენი აღორძნდეს: ვითარცა შროშანი ველისანი განშვენდეს, და ყვავილთაებრ სამოთხისათა განბრწყინდეს, სიმართლე ჩვენი, ვითარცა ჶინიკი აღყუავდეს; ხოლო ნაყოფი სულისა, ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს და შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა, რომლისა არს დიდება და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

თხრობა სულიერი ჲჱ [68]
სიმართლისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ“[ლკ. 6,21].
საყვარელნო, პირველისა მამისა ჩვენისა ადამისთანა უწინარეს ცთომისა არა იყო ტირილი და არცაღა ყოფად არს შემდგომად ყოველთა აღდგომისა მართალთათვის ტირილი. არამედ, ცთომასა შინა მყოფთა, შეცოდებულთა მოგვეცა წამლად ტირილი და ცრემლნი, და დიდნი წამალნი არიან სულისა ჭეშმარიტნი ცრემლნი. და მისთვის ნეტარ არიან, რომელნი ცოდვათა სინანულისათვის სტირიან, და მათ უბრძანებს უფალი: „გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“[მთ. 5,12]. და რომელნი განწმედილ იყვნენ ცოდვისაგან, და მიელისთ საუკუნო სიხარული. მისთვის მრავალთა მართალთა სული მხიარულებით განვალს ჴორცთაგან, ცხად მყოფელად მერმისა მის სიხარულისა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, მართალი, წრფელი, ტკბილი, სახიერი, სათნო უფლისა, დუმილის შემტკბობელი და გონებაგანათლებული ლოცვისა მიერ საიდუმლოდ ღმრთისა მიმართ. და უკეთუ მცირეოდენ რაჲმე ვნება იხილის თავსა შორის თვისსა, მეყსეულად, მოსწრაფედ, მხურვალითა ცრემლითა შეინანის და არარაჲ დაუტევის თვის შორის მანკიერება სულისა. რამეთუ მარადღე განმზადებულ იყო გულისა სიმართლითა და მოელოდა თანაწარუვალსა სიკუდილსა, ჰსუროდა განსლვა ჴორცთაგან და მისლვად უფლისა.
ხოლო ოდეს სათნო იყო კაცთმოყვარემან ღმერთმან ამის ღირსისა საუკუნო სიხარულსა შინა მიცვალება, რათა მიანიჭოს შრომისათვის სასყიდელი და სათნოებისათვის გვირგვინი, მაშინ მცირედ ოდენ სალმობიერ იქმნა. და შემოჰკრბენ ძმანი მონასტრისანი, წარგზავნასა მის ნეტარისასა წესისაებრ მიცვალებადისა, ვითარცა ჰშვენის სიყვარულსა წმიდათა მამათასა. და იგი ნეტარი მდებარე იყო თუალდაწუხვილი უსიტყველად, გარნა გონებითა ზესთა საკვირველებათა ხედვიდა, სადაცა მიმავალ იყო. ხოლო ძმანი იგი სტიროდეს და სცრემლეოდეს და მან ნეტარმან აღიხილნა თუალნი თვისნი და განიცინა, და კვალად განიცინა და მესამედ კვალად განიცინა.
ჰლოცვიდეს მას ძმანი და ეტყოდეს: „პატიოსანო მამაო, ყოვლადსანატრელო, გევედრებით, გვაუწყე, თუ რაჲ არს საქმე ესე, რომელ ჩვენ ვსტირთ და შენ იცინი“. ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან: „პირველად ამისთვის განვიცინე, შვილნო, რომელ ყოვლადვე გეშინისთ სიკუდილისაგან; მეორედ ამისთვის განვიცინე, თუ რად არა ხართ თქვენ მზაჲ; ხოლო მესამედ ამისთვის განვიცინე, რამეთუ ჭირისაგან განსვენებად მივალ და საუკუნო სიხარულად მადლითა ღმრთისათა“.
ესე ვითარცა ჰსთქუა, მეყსეულად დაიძინა წმიდამან ბერმან ძილი იგი მართალთა და იხარებს დიდებასა შინა ღმრთისასა განსვენებული სავანესა მართალთასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიმართლე, სიწრფოება და უვნებელობა სულისა. და უკეთუ შეგვემთხვიოს რაჲმე ვნება ჴორცთა შინა მყოფთა, მოსწრაფედ განვიბანოთ ბიწი სულისა ჩვენისა ცრემლითა ლმობიერითა. და განმზადებულ ვიყვნეთ სათნოებითა თანანადებისა ჩვენისა გარდახდისათვის, რომელ არს სიკუდილი. აქა ვსტიროდეთ ცოდვათა ჩვენთა, რათა მუნ საუკუნოდ ვიხარებდეთ ყოველთა მართალთა თანა.
ლმობიერნი გულითა ვსცრემლეოდეთ დუმილით ქრისტეს მიერ შესვენებულთა ძმათათვის და ამითცა კეთილ-წესიერებით მივემსგავსნეთ მაცხოვარსა ჩვენსა იესოს, ვითარ იგი კაცობრივის ბუნებით სცრემლეოდა საყვარელისა მეგობრისა თვისისა მართლისა ლაზარესთვის. და არა უშვერად ჴმა-განტევებითა ვგოდებდეთ, რომელსა წმიდანი მამანი სძაგებენ.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, გულითა ლმობიერ ვიყვნეთ, სულითა – მდუღარე, სიტყვითა – მართალ, ჴელითა – მოწყალე, ფერჴითა – მორჩილ და ყოვლითა სათნოებითა შემოსილ. ხოლო პირითა ვფსალმუნებდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა ვაქებდეთ და ვაკურთხ­ევდეთ უფალსა მეტყველნი: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“(ფს. 118,12). და ესრეთ ყოვლითა კეთილითა საქმითა განმზადებულ ვიყვნეთ, რათა ოდეს მოვიდეს სიძე იგი უკუდავი, სიხარულით მივეგებნეთ ლამპარითა ბრწყინვალითა და ვიტყოდეთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“(ფს. 117,26; მთ. 23,39; ლკ. 13,35; იო. 12,13). ხოლო მან ტკბილმან და სახიერმან მეუფემან მოგვიგოს: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34), რათა შეხვიდეთ სიხარულსა უფლისა თქვენისასა და ჩემ თანა გიხაროდენ საუკუნოდ, დაუსრულებელად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 


თხრობა სულიერი ჲთ [69]
სიმართლისათვის სათნოჲსა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს“(მთ. 10,41). და სული წმიდა იტყვის, პირითა სოლომონისათა: „მართალი თუ აღესრულოს, განსვენებასა შინა იყოს“(სიბრძ. 4,7).
საყვარელნო, სიმართლით და სიწრფოებით ცხოვრება აქაცა კეთილ არს და პატიოსან და მას საუკუნესა ღმრთისა მიერ პატივცემულ, ანგელოსთაგან საქებელ და წმიდათა კაცთა სათნო, საწადელ და საყვარელ, ვითარცა გალობს მეფსალმუნე: „სიმართლე და სიწრფოება შეიყვარა პირმან შენმან“[ფს. 10,7].
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, გონებითა გან­წმედილი და სულითა მხილველი მრავალთა საკვირველებათა.
დღესა ერთსა გამოვიდა სენაკით და იხილა მკუდარი ვინმე მიაქუნდათ საფლავად. და სულიერითა თუალითა იხილა სული მის ნეტარისა ორთა ანგელოსთა პატივის­ცემით მიჰყვანდათ ზეცად. დასდგა წმიდა იგი ბერი ლოცვად და ევედრა ღმერთსა მხურვალედ, რათა გამოუცხადოს საქმე მის მიცვალებულისა. და აჰა, მოვიდა მცველი მისი ანგელოსი და ჰრქუა: „ამან, კაცმან მართალმან, სიწრფოებით და სიმართლით აღასრულა ცხოვრება თვისი, და ჴელითა თვისითა მუშაკობდა და მით ქველისსაქმესა ჰყოფდა. და რაჲთგან სცნა მან თავი თვისი, ოთხშაბათსა და პარასკევსა თვით იმარხვიდა და მშიართ გამოზრდიდა. და ორთა ამათ დღეთა პატივისათვის ორითა ანგელოსითა პატივსცა ღმერთმან სულსა მისსა.
ესერა ესმა ღირსსა მას ბერსა ანგელოსისა მისგან, განკვირვებული ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: „ეჰა, კურთხეულ არს სახელი შენი, უფალო, რომელსა მრავალნი ესევითარნი დაფარულნი მონანი გისხენ და არა ვისსა კეთილსა უგულებელს ჰყოფ. დიდება ურიცხვთა შენთა მოწყალებათა, კაცთმოყვარეო მეუფეო“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიმართლე და სიწრფოება, რათა საყვარელ და პატივცემულ ვიქმნეთ ღმრთისა მიერ. და სიმართლით მოგებულითა ჩვენითა ვიქმოდეთ მოწყალებასა და ვიმარხვიდეთ პატიოსანთა ამათ დღეთა: ოთხშაბათსა ამისთვის, ვინათგან ჯვარი ქრისტესი ოთხშაბათსა განმზადეს და სიკუდილი იესოსი განიზრახეს ურიათა. და პარასკევსა მისთვის, რომელ მაშინ ჯვარს ეცუა მეუფე ჩვენი მაცხოვარი, და ჯერ არს ჩვენდა მარხვაჲ, ვითარცა თვით უფალი ბრძანებს: „ოდესს ამაღლდეს ძე კაცისა, მაშინ იმარხვიდენ“[მრკ. 2,20; ლკ. 5,35]. რამეთუ პარასკევსა დღესა ამაღლდა ჯვარსა ზედა უფალი დიდებისა, მზე სიმართლისა იესო და განსწმიდა ჰაერი კერპთმსახურებისა ნაზორევითა კუამლითა შებინდებული. და სისხლი მისი გარდამოსდიოდეს ქვეყანად, რათა აღიხუნას ცოდვანი სოფლისანი, აბელ მართლისა სისხლისა შემწყნარებლისანი.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სიმართლითა გულისათა ვიქცეოდეთ და პატივს ვცემდეთ მარხვასა მოსეს პირის განმაბრწყინვებელსა, ისაიას ბაგეთა განწმედელსა, ილიას აღმამაღლებელსა, მოციქულთა სულითა წმიდითა აღმავსებელსა და ჩვენ შორის სათნოებათა ყუავილსა, სიწმიდისა მშობელსა. და შევიტკბობდეთ მოწყალებასა ქვეყანით ზეცად აღმამაღლებელსა ჩვენსა, და აღვასრულებდეთ წმიდასა ლოცვასა, ღმრთისა პირისპირ ზრახვით განმანათლებელსა.
რამეთუ მარხვა უვნებელი ცოდვასა განსწმედს, აღსაარება სინანულით სრულიად უჩინო ყოფს, მოწყალება სიმართლით ღმერთსა მოწყალე ჰყოფს ჩვენ ზედა, ლოცვა წმიდა ღმრთისა თანა მეტყველ გვყოფს; სიმდაბლე-სიმშვიდით გვირგვინ გვექმნება, სიყვარული ჭეშმარიტი ყოველსა შინა სრულ გვყოფს. ხოლო წმიდა ზიარება განგვაღმრთობს და ღმერთსა შეგვაერთებს და ვიქმნებით მადლით ღმერთ, ბუნებით ღმრთისა მადლითა.
ამას გევედრები, ჵ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ესე სათნოებანი მოვიგოთ და ყოველთა მართალთა თანა ჩვენცა სასყიდელი და გვირგვინი სიმართლისა მივიღოთ სასუფეველსა ცათასა და ვიხარებდეთ საუკუნოდ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ო [70]
მართალთა მიცვალებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა“[მთ. 13,43].
საყვარელნო, ნამდვილ ნეტარ არიან მართალნი და სამგზის სანატრელ მათი მიცვალებაჲ, ჭეშმარიტად, ვითარცა ბრძანებს უფალი: „ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი“(მთ. 24,46) და ჰპოვოს იგი ესრეთ მოქმედი, შემკული სათნოებითა და განმზადებული სიმართლითა.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, ღმრთისმოყვარე, რომელმან მცნებისაებრ მაცხოვრისა განჰყიდა მონაგები თვისი და განუყო გლახაკთა. ვითარცა ბრძანებს: „განჰყიდენით მონაგებნი თქვენნი, და მიეცით ქველისსაქმე და ჰყავთ თავისა თქვენისა საფასე… საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა“(ლკ. 12,33). განთავისუფლდა ზრუნვათაგან სოფლისათა და წარვიდა უცხოებად, და მუნ კეთილითა სათნოებითა იყოფოდა სიმდაბლითა, სიმშვიდითა, ბაგისა დუმილითა, გონებისა ლოცვითა და არავის განიკითხვიდა, არამედ მარადის მზა იყო სიკუდილისათვის და თვით მოელოდა განკითხვასა უფლისა მიერ.
და ოდეს მოიწია ჟამი მიცვალებისა მისისა, კეთილითა სასოებითა, ლოცვითა და პატიოსნებითა, მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცუალა. ვითარცა წერილ არს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს.115,6).
ხოლო დახუდა მიცვალებასა მის ნეტარისასა დიდთა წმიდათაგანი ვინმე, სულითა მხილველი, რომელმანცა იხილნა სიმრავლე ანგელოსთა მოსრულნი ნუგეშინისცემად მართლისა მის, და წინაუძღოდეს სულსა მას საყვარელსა ღმრთისასა. ამას ყოველსა ჰხედვიდა ღირსი იგი ბერი, ვიდრემდის აღიყვანეს ზეცად და განეხვნეს მას ცანი და შეიყვანეს ყოვლადსანატრელი იგი სული დიდებასა ღმრთისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიდრემდის ვართ ცხოვრებასა ამას, მოვიგოთ სიმართლით კეთილნი საქმენი, რათა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ჩვენსა, და მარადის მზა ვიყვნეთ თანაწარუვალისა სიკუდილისათვის და არა შევსძრწუნდეთ სიტყვისაებრ მგალობელისა.
ხოლო უკეთუ არა ვქმნეთ კეთილნი საქმენი და არა განვემზადნეთ ბუნებისა ჩვენისა თანანადებისა სიკუდილისათვის, უეჭველად „მოვიდეს დღესა, რომელსა არა მოველოდეთ და ჟამსა, რომელნი არა უწყოდეთ, და ორად განგვეკვეთოს ჩვენ – სული ჴორცთაგან განაშოროს და ნაწილი ჩვენი, რომელ არს სული დასდვას ორგულთა თანა“[მთ. 24,50-51], რომელ არიან ეშმაკნი.
ვაჲ, რამეთუ „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“(ფს. 33,22); ვაჲ რამეთუ ჰაერის მცველთაგან ტანჯვაჲ უბოროტეს არს; ვაჲ, რამეთუ წინაშე ღმრთისა წარდგომა საშინელ არს; და ვაჲ, რამეთუ ღმრთისა პირისაგან განვრდომა უსაშინელეს არს; ვაჲ, რამეთუ ჯოჯოხეთს შესლვა საწყალობელ არს; და ვაჲ, რამეთუ შესლვა და გამოუსვლელობა უკუნისამდე უსაწყალობელეს არს.
ამისთვის ვიტყვი, ვედრებით ვიღვაწოთ, ძმანო, ვიღვაწოთ, რათა არა მივეცეთ ბნელსა გარესკნელსა, არამედ სათნოებათა საუნჯე – სიმართლე შევიმოსოთ, რათა გვიხსნეს კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველნივე ქრისტეანენი. და მოგვმადლოს სახიერებითა თვისითა კეთილის მოქმედება, სათნოებით წარმატება, აღსაარებით განწმედა და ზიარებით განბრწყინვება, სათნოდ ღმრთისა მიცვალება და სასუფეველსა დამკვიდრება, საუკუნოდ მას შინა სუფევა და დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება და განათლება დაუსრულებელად.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო პატიოსანნო უფალნო ჩემნო, ესე ყოველნი სამღთონი მცნებანი და ღმრთივსულიერნი თხრობანი გულთა შინა ჩვენთა დავიუნჯნეთ, ვითარცა კეთილნი მარგარიტნი. და ოდესცა სახმარ იყვნენ სათნოებათათვის, ღმრთივშვენიერად ვიხმარნეთ და ნაყოფიერ ვიქმნეთ სულითა, ვითარცა უფალი ბრძანებს სახლისა უფლისათვის ყოვლადბრძნისა, ვითარმედ: „გამოიღის საუნჯისაგან გულისა თვისისა, ძველნი აღთქმანი და ახალნი მადლნი“[მთ. 13,52].
და გულსმოდგინე ვიქმნეთ, ჵ, საყვარელნო, კეთილთა შინა მოქმედებათა, ვინათგან: „სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ“(მთ. 26,41). და ესრეთ სათნოებით წარვლოთ მცირე ესე ჟამი ცხოვრებისა ჩვენისა, და მშვიდობით უფლისა მიმართ მივიცვალნეთ, და წმიდათა ანგელოსთა შეწევნითა უვნებელად განვერნეთ ჰაერის მცველთაგან. ხოლო დიდებით მოსლვასა უფლისასა მართალთა თანა აღვირაცხნეთ, და მათთანავე აღტაცებულნი ღრუბლითა, ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა და სამარადისოდ უგალობდეთ, ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეშვიდისა თავისა

 

 

 

 

 

 


თავი й [8]

სიწმიდისათვის ანგელოსთა მსგავსისა

 

 

თხრობა სულიერი ოა [71]
სიწმიდისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მთ. 5,8).
საყვარელნო, სიწმიდე ანგელოსთა მსგავსება არს და ღმრთისა სამკვიდრებელ და კაცთაგან სანატრელ. სიწმიდისა ყუავილნი ყოვლად­ბრწყინვალე არიან, ნათლითა შემოსილ, ღმრთივშვენიერ და სუნნელებითა მადლისათა აღსავსე. სადაცა სიწმიდე არს, მუნ ღმერთი იდიდების, ანგელოსნი იხარებენ და ეშმაკნი იდევნებიან.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელი შემკობილ იყო ყოვლითავე სათნოებითა: მარხვითა, ლოცვითა, სიწმიდითა, სიმართლითა, სიტკბოებითა, სახიერებითა და მოწყალებითა. და მოენიჭა ღმრთისა მიერ მადლი სასწაულთმოქმედებისა. ვინათგან ყოველთა უწყოდეს ღირსება მისი და პატიოსნება, მიიყვანეს მისა ეშმაკეული ვინმე და ევედრებოდეს განკურნებად მისა. ხოლო წმიდასა მას კაცსა ღმრთისასა შეეწყალა იგი, ილოცა მისთვის და გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა კაცსა მას ზედა და განსდევნა მისგან ეშმაკი იგი სახელითა იესო ქრისტესითა. მიუგო ეშმაკმან ბერსა მას და ჰრქუა: „ვინათგან განმდევნე მე საყოფელისაგან ჩემისა, უეჭველად შენ ზედა მოვიდე“. ჰრქუა მას ბერმან: „მოვედ, მე არა მეშინის შენგან“.
და ვითარცა მივიდა მისა ეშმაკი იგი, ხოლო ბერმან შესძინა მარხვასა და ლოცვასა თვისსა და უმეტესად განამრავლნა მოღვაწება ფრიად. და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, წარვიდოდა მისგან ეშმაკი იგი. ჰრქუა მას ბერმან: „რად წარხვალ, სულო ბოროტო?“ მიუგო ეშმაკმან: „ვერვის ძალ­უძს ყოფად შენთანა თვინიერ ღმრთისა, რამეთუ დამწვი მე სიწმიდითა შენითა“. ესე სთქუა და უჩინო იქმნა ეშმაკი იგი. ხოლო ბერი უმეტესად გულმოდგინედ ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სიწმიდე, რომელი ანგელოსთა მსგავსება არს და ღმრთისაცა, ვითარცა იტყვის უფალი წინასწარმეტყველისა მიერ: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“(ლევ. 19,2; 1 პეტ. 1,16). ძმანო, რომელიც კაცი სულით და ჴორცით წმიდა იქმნების, მის შორის მამა სათნო იყოფს, ძე დაიმკვიდრებს და სული წმიდა განისვენებს. ანგელოსნი იხარებენ და მარადის ღმრთისა დიდებასა განიცდის გონებისა თუალითა, გულის სიწმიდითა და სულის სიწრფოებითა და წმიდანი ღმრთისანი გვირგვინსა ყუავილოვანსა უმზადებენ და თვისთანა მიელიან საუკუნო სუფევად და დიდებად.
ხოლო სადა არაწმიდება იქმნების, მუნ ეშმაკნი იმწუპებიან, ვითარცა ღორნი სიმყრალესა შინა, და შეგინებული არს მათი სულიცა და გონებაცა. ამას საწუთოსა ბოროტად და ხენეშად გარდაიხდიან დღეთა თვისთა შიშით და ძრწოლით იტანჯებიან მხილებითა სვინიდისისაგან თვისისა. და მას საუკუნესა ცეცხლსა უშრეტსა, მატლსა დაუძინებელსა და ყოველსავე სიბოროტესა მიელიან.
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, განვეკრძალნეთ ყოველსავე სიბილწესა, რომელ საძაგელ არს სიტყვადცა და შემამწიკვლებელ გონებისაცა. არამედ შევიყვაროთ სიწმიდე გულისა, შევიტკბოთ სიწრფოება სულისა და მოვიგოთ უვნებელობა გულისსიტყვისა. ესევითარითა სიწმიდისა სათნოებითა მხიარულ ვჰყოთ მცველი ჩვენი ანგელოსი, რათა ლოცვა ჩვენი მან შესწიროს წინაშე ღმრთისა მსგავსად საკმეველისა სუნად სუნნელად, ვითარცა აბელის ძღვენი და ნოეს მსხვერპლი და ვითარცა შვილნი ზეცათა მამისანი ღირსებით ვიტყოდეთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“(მთ. 6,9).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვიღვაწოთ მოგებად სიწმიდისა, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დამკვიდრებად წმიდასა წმიდათასა ზეცისა სასუფეველსა, და შორის წმიდათა ანგელოსთა ვიხარებდეთ საუკუნოდ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ობ [72]
სიწმიდისათვის გვირგვინოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი საბაოთ იტყვის პირითა წინასწარმეტყველისათა: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“(ლევ. 19,2; 1 პეტ. 1,16).
საყვარელნო, სიწმიდე ღმრთისა მსგავსება არს, ანგელოსთა მოყვსობა, წმიდათა მოდასეობა, მართალთა მხიარულება. და მარგარიტოვან ბრწყინვალედ გვირგვინოსან იქმნების მომგებელი სიწმიდისა და ღმრთივშვენიერებით ადიდებს მეუფესა სერაჶიმთაებრ წმიდაარსობით.
რამეთუ ძმა ვინმე სიწმიდის მოყვარე წარვიდა ქალაქად მორჩილებითა მამისა სულიერისათა. და ბრძოლილ იქმნა ხუთგზის ეშმაკისაგან ბოროტისა გულისსიტყვითა. ხოლო იგი ილოცვიდა გონებითა ღმრთისა მიმართ და მოიხსენის ცეცხლი იგი გეენიისა, რომელი მიელის ცოდვილთა და არა­წმიდათა. და ესრეთ განთავისუფლდა ვნებისა მისგან ბოროტისა, მადლითა სახიერისა ღმრთისათა.
და მივიდა მამისა თვისისა სულიერისა ფრიად შეწუხებული, და აღუარა გულისსიტყვანი თვისნი ხენეშნი. ხოლო მოძღვარი იგი მისი დიდთა წმიდათაგანი იყო. და იხილნა მის ზედა ხუთნი გვირგვინნი, ყოვლადბრწყინვალენი და ფრიად შვენიერნი და ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო საყვარელო, რამეთუ ღმერთმან სათნო იყო და შეიწირა სიწმიდისმოყვარება შენი და გულს­მოდგინება და მისთვის მოგანიჭნა გვირგვინნი ძლევისანი მოთმინებისათვის, რომელ მხნე იქმენ და არა მისდრიკე გულისსიტყვა შენი ეშმაკისა ვერაგობასა, არამედ წინააღუდეგ ლოცვისა მიერ. და რამეთუ იოსებ შვენიერიცა მაშინ განბრწყინდა სიწმიდითა და გვირგვინოსან იქმნა, ოდეს არა იძლია დედაკაცისა მისგან, არცა ეშმაკისა მიერ ბოროტისა, არამედ დაიცვა უბიწოდ სიწმიდე თვისი შიშითა ღმრთისათა. და ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა მრჩობლი გვირგვინი მიიღო ზეგარდამო მადლითა ღმრთისათა. და აწცა რომელნი არა იძლევიან ეშმაკისაგან, არამედ დაიცვენ სიწმიდით თავთა თვისთა, მის თანა იდიდებიან გვირგვინითა ბრწყინვალითა საუკუნოდ. ესრეთ აღეშენა ძმა იგი დაბრკოლებული და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სიწმიდე სულისა და ჴორცთა და უკეთუ მოგვიხდეს რაჲმე გულისსიტყვა ბოროტი, შემამწიკვლებელი სვინიდისისა, მსწრაფლ განვიწმიდნეთ გული ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთასა. და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა და გვაქუნდეს რა სიწმიდე და სიმართლე, ღმერთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა ჩვენსა სიტყვისაებრ ისაიასა.
რამეთუ სიწმიდის მოყვარენი წმიდათათვის განმზადებულსა სასუფეველსა ცათასა დაიმკვიდრებენ და წმიდათა ანგელოსთა შორის განწყობილნი სერაჶიმებრთა გალობასა სამწმიდაარსობით დიდებულ ღმერთსა უგალობენ სამარადისოდ და ადიდებენ ღმრთივშვენიერად.
ხოლო სიბილწის მოქმედნი მიეცემიან სატანჯველსა საუკუნესა, ბნელსა გარესკნელსა, ტარტაროზსა ჯოჯოხეთისასა, რომელი განმზადებულ არს არაწმიდათა ეშმაკთათვის და მორჩილთა მათთათვის, სადა იგი ცეცხლი მათი არა დაშრტების და მატლი არა დაესრულების და გოდება მათი არა დაეცადების მეტყველთა: „ვაჲ ცოდვილთა, ვაჲ არაწმიდათა და ვაჲ უნანელთა შეგინებულთა სიბილწითა“.
არამედ ჩვენ, ჵ, საყვარელნო, ვიდრემდის ვართ ცხოვრებასა ამას, აღვიკრძალოთ თავნი ჩვენნი და განვიწმიდნეთ გულნი შიშითა ღმრთისათა, რათა განვნათლდეთ სიყვარულითა სიწმიდისა მისისათა და ღირს ვიქმნეთ ხილვად პირისა ღმრთისა იაკობისსა. და აღმობრწყინდეს ჩვენ შორის ჰაეროვანი მთიები იგი განთიადისა ვარსკულავი ბრწყინვალე და უფროსღა მზე სიმართლისა. და მცხინვარებითა ელვარებისა თვისისათა მიგვიზიდოს სიმაღლედ, ხოლო სიტკბოებითა საწადელითა და ღმრთივშვენიერითა მეუფებითა გვიბრძანოს: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო… შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21) და მიიღე სიმართლისა და სიწმიდისა იგი გვირგვინი ყოვლადბრწყინვალე და დიდებული, რომელი ღირს არს და მართალ სიწმიდის მოყვარეთა, რათა იდიდებოდეთ დაუსრულებელად ჩემთანა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“

 

თხრობა სულიერი ოგ [73]
შიშისათვის უფლისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, სული წმიდა იტყვის პირითა დავითისითა: „დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა“[ფს. 110,10]. და კვალად იტყვის: „შიში უფლისა წმიდა არს. და გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანება მოშიშთა მისთა“[ფს. 18,10; 33,10].
ამის ესევითარისა სამღთოსა მცნებისა შემტკბობელი იყო ვინმე ბერი წმიდა, საყვარელნო, კეთილგონიერი, მეცნიერებით განათლებული, ღმრთივგანბრძნობილი და მოშიში უფლისა, რომელიცა ევედრა ღმერთსა, რათა მომადლოს მას ნიჭი ესე, რომელ ჟამსა ლოცვისა, გინა სამღთოსა სწავლისა, ანუ სულიერთა თხრობისა და წმიდათა წერილთა კითხვისასა არა მიეძინოს. ხოლო უკეთუ სიტყვა ცუდი, უსარგებლო და ამაოჲ ითქმოდეს, მეყსეულად დაეძინოს, რათა არარაჲ ესევითარი შეიწყნაროს სასმენელმან მისმან, რამეთუ ეშინოდა ვნებათაგან. ხოლო ღმერთმან სახიერმან, ისმინა ვედრება მისი და მიანიჭა ესე მადლი, ვითარცა წერილ არს: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისა ისმინოს“(ფს. 144,19).
ხოლო დღესა ერთსა ჰქადაგებდა ღირსი იგი ბერი წმიდასა ეკკლესიასა შინა და მოუთხრობდა ღმრთივმოცემულითა მისდა სიბრძნითა ზეცისა მხედრობათათვის და სასუფეველისა დიდებისა და მსმენელთა სულთა ცხოვნებისათვის და მცირედ გაგრძელდა სიტყვაჲ, და მრავალთა მიეძინათ. ხოლო მან ღონედ იხმია ჴელოვნება და შორის შემოიღო სიტყვა მსოფლიო და ყოველთა განიღვიძეს.
მაშინ ჰრქუა მათ ნეტარმან: „ჵ, შვილნო საყვარელნო, გეშინოდენ უფლისა და ეკრძალენით ვნებათა და მანქანებათა ეშმაკისათა, რათა არა განვარდეთ პირისაგან ღმრთისა და გესმასთ: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს დიდება უფლისა“(ეს. 26,10). რამეთუ უღმრთო ეწოდების მსოფლიოთა საქმეთა მოყვარეთა, სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „რომელსა უყვარდეს სოფელი ესე, მტერად ღმერთსა აღუდგების“[იაკ. 4,4; 1 იო. 2,15]. და ძილი უჟამო, სიკუდილი არს სულისა და უნაყოფოება სიბნელესა შინა მყოფი, რომელისათვის ბრძანებს ქრისტე: „მონა ეგე უხმარი და უნაყოფო განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა“[მთ. 25,30]. არამედ ჩვენ მღვიძარე ვიყვნეთ, საყვარელნო, რამეთუ არა ვიცით, თუ რომელსა ჟამსა უფალი ჩვენი მოვიდეს, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე“.
ესრეთ განაკრძალებდა მსმენელთა წმიდა იგი და სანატრელი მამა და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის მეცა გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მღვიძარე ვიყვნეთ გონებითა და გვეშინოდენ უფლისა და გულს­მოდგინედ ვისმენდეთ მცნებათა მისთა. შიშით და კრძალულებით და მტკიცედ ვეგნეთ მოძღვრებასა ზედა ეკკლესიისასა. და გულისჴმისყოფით ვიკითხვიდეთ სამღთოთა წერილთა და კეთილსა ნაყოფსა გამოვიღებდეთ საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. და უკეთუ აქა არა გვეშინოდეს უფლისა და არა ვეკრძალებოდეთ ვნებათა, მუნ შეგვემთხვიოს ფრიადი შიში და ძრწოლა უსარგებლო, სადა იგი არად სახმარ იყოს შიში, და ვსძრწოდეთ შიშისაგან და მოლოდებისა.
არამედ ჩვენ, საყვარელნო, გვეშინოდენ უფლისა, რათა ჯეროვანითა შიშითა მივიწივნეთ სრულსა სიყვარულსა ღმრთისასა და სრულმან სიყვარულმან გარე განსდევნოს უჯერო იგი შიში, და შევერთნეთ ნამდვილ საყვარელსა, ჭეშმარიტსა სასურველსა და ფრიად სატრფიალოსა, სახიერსა, საწადელსა და სანატრელსა, ყოვლადტკბილსა იესო ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოშიშთა და მოყვარეთა თვისთა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვისმინოთ მეფსალმუნისა, ვითარცა იტყვის: „მოვედით შვილნო და ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწავო თქვენ“(ფს. 33,12). და ვევედრნეთ უფალსა მეტყველნი: „შიშითა შენითა უფალო განმსჭვალენ ჴორცნი ჩვენნი, და სურვილითა შენითა მოსწყლენ სულნი ჩვენნი, რათა შიშითა განვეკრძალნეთ ვნებათა“. ხოლო სურვილით აღვასრულებდეთ მცნებათა და ღირს ვიქმნეთ დიდსა დიდებასა და ღმრთივშვენიერსა ბრწყინვალებასა შენსა. რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ოდ [74]
კეთილის მეტყველებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღის კეთილი“[მთ. 12,35]. და წმიდა მოციქული იტყვის: „ძმანო, რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყვარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ მას ზრახევდით და ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენ თანა“[ფილ. 4, 8-9].
ამის ესევითარისა სანატრელისა კეთილობისა სურვილითა, საყვარელნო, შეკრბენ ოდესმე ღირსნი და პატიოსანნი მამანი და ზრახვიდენ სიტყვათა სულისა სარგებელთა, ანგელოსებრივისა მოქალაქობისათვის. და სამოთხისა უშვენიერესითა თხრობითა განათლდებოდეს და ურთიერთას სამღთოთა მადლითა განაპოხებდეს, ვითარცა წერილ არს: „თხრობამან კეთილმან განაპოხნის ძუალნი კაცთანი“[იგ. 15,30].
და იყო შორის მათ ნეტართასა ერთი მამა წმიდა და ღმერთშემოსილი და საკვირველებათა მხილველი. და ამაღლდა გონებითა, გაბრწყინდა სულითა და იხილნა წმიდანი ანგელოსნი ზეცით გარდამომავალნი, რომელთა ეპყრათ ღმრთივშვენიერი ყუავილნი კეთილსუნნელნი. და მოვიდეს ნეტართა მათ მამათა შორის, აქებდეს და შეასხმიდეს სანატრელთა მათ მამათა და აყნოსებდეს ყუავილთა მათ სუნნელთა სამღთოსა მისთვის მეტყველებისა მათისა.
და თუ ოდესმე შემოვიდის სიტყვა რაჲმე უსარგებლო, მსოფლიო და ამაო, განეშორნიან წმიდანი იგი ანგელოსნი ნათლისანი და წარმოსდგებოდიან შავნი ეშმაკნი ბოროტნი.
და კვალად იტყოდიან რა სიტყვათა სულიერთა, კვალადცა მოვიდიან ბრწყინვალენი იგი ანგელოსნი და რომელმანცა წარმოიწყის სიტყვა სულიერი, აყნოსებდიან ყუავილსა და შეასხმიდიან ქებით.
ესერა იხილა წმიდამან ბერმან, ადიდებდა და ჰმადლობდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა; თვითცა მარადის კეთილსა ზრახვიდა და სხუათაცა კეთილის მეტყველებად ასწავებდა საცხონებლად სულთა ღმრთისმოყვარეთა და სადიდებელად ღმრთისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პატიოსანნო მსმენელნო, მარადის კეთილსა ვზრახვიდეთ და სამღთოთა თხრობათა ვისმენდეთ და მოქალაქობათა ნეტართა მამათასა ვჰბაძვიდეთ, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და სადიდებელად ღმრთისა, რამეთუ ამისთვის ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა შექმნულნი და დაბადებულნი.
და ფრიად ვეკრძალნეთ, ძმანო, უშვერთა ზრახვათა, ვითარცა მოციქული გვამცნებს: „ყოველი სიტყვა უშვერი ნუ გამოვალნ პირით თქვენით, რამეთუ ზრახვა რაჲმე ცოდვისა მტერობა არს ღმრთისა და სიკუდილი სულისა ჩვენისა“[ეფეს. 4,29; რომ. 8,6-7]. ამისთვის ნურარას ვიტყვით, ძმანო, უჯეროსა და უსარგებლოსა, ვითარ იგი უფალიცა ბრძანებს: „ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყვიან კაცნი, მისცენ სიტყვისა მისთვის, სიტყვაჲ დღესა მას სასჯელისასა“[მთ. 12,36]. და უფროსად განვეკრძალნეთ, საყვარელნო ეკკლესიასა შინა მეტყველებისაგან ამაოსა, რათა არა შერისხულ ვიქმნეთ უფლისა მიერ, ვითარმედ: „წარვედ ჩემგან, სატანა… რამეთუ არა ზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“(მთ. 16,23).
ამისთვის გევედრები, ჵ, საყვარელნო ძმანო ჩემნო, მარადის კეთილსა და სამღთოსა ვზრახვიდეთ, მოსწავებასა წინასწარმეტყველთასა ვიგონებდეთ, ქადაგებათა მოციქულთასა ვიხსენებდეთ, წამებასა მოწამეთასა ვიწურთიდეთ, მოთხრობასა მამათასა ვიტყოდეთ და მოქალაქობასა მათსა ვბაძვიდეთ, სწავლასა მათსა ვისმენდეთ და გულითა კეთილითა და სახიერითა შევიწყნარებდეთ, რათა გულთა შინა ჩვენთა დათესული სამღთო სიტყვა თუალთაგან გარდამოდენილითა ცრემლთა მიერ ჩვენთა, მოვრწყოთ, რომელიცა ღმერთმან აღაორძინოს და ნაყოფი შვენიერი გამოვიღოთ მოთმინებითა, ოცდაათეული, სამოცეული და ასეული საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და სადიდებელად ღმრთისა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, განვაკრძალოთ პირი ჩვენი და გონება ამაოსა ზრახვისაგან. არამედ კეთილსა ვიტყოდეთ და სასუფეველსა ვიგონებდეთ და დიდებასაცა მისსა ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ოე [75]
სენთა კურნებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სახელითა ჩემითა სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდენ“[მრკ. 16,18].
საყვარელნო, სნეულთა კურნება და მკუდართა აღდგინება სამღთოთა მოციქულთა საქმე არს და სათნოებით მსგავსთა მათთა კაცთა წმიდათა და ღმრთისა მიერ განათლებულთა. ხოლო ჩვენდა ჯერ არს სასოებით შეწყნარება, სიმდაბლით თაყვანისცემა და სარწმუნოებით ვედრება მნათობთა მათ სოფლისათა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, ფრიად მდაბალი გონებითა და დიდად მაღალი სათნოებით, და განათლებული ღმრთისა მადლითა, სახელით პიმენ.
დღესა ერთსა მისთანა შეკრბენ ათორმეტნი ოდენ მამანი პატიოსანნი და გამოეძიებდენ სამღთოსა სიტყვასა წერილისასა და იტყოდენ თხრობათა სულიერთა და ზრახვიდენ ზეცისა მოქალაქობისათვის, და ურთიერთას განანათლებდენ თაფლისა უტკბილესითა სიტყვითა.
და ოდეს დააცადეს სიტყვაჲ, ერთი მათგანი განვიდა გარე და იხილა კაცი ვინმე ღმრთისმოშიში და სასოებით მორწმუნე წმიდათა კაცთა, რომელსა ჰყვა მისთანა ყრმა და სტიროდა. ჰკითხა მას ბერმან და ჰრქუა: „რაჲსა სტირ, ძმაო?“ ხოლო მან მიუგო: „ესე ყრმა შვილი ჩემი არს და მონა სიწმიდისა შენისა, პატიოსანო მამაო, ფრიად სალმობიერ არს და მიახლებულ სიკუდილსა, და დიდი სასოება მაქუს წმიდისა მამისა პიმენისადა, რომელ ძალუძს კურნება ამისი, მის შორის დამკვიდრებულისა ღმრთისა მადლითა, გარნა მეშინის, ნუუკუჱ არა ჰყოს სასწაული სიმდაბლით და არა უწყი, თუ რაჲ ვჰყო, წმიდაო ღმრთისაო“.
შეეწყალა ბერსა მას კაცი იგი და გამოართო ყრმა იგი და შევიდა შინა და ესე სიბრძნე იჴელოვნა მეტყველმან: „წმიდანო მამანო, ყრმასა ამას ყოველთავე ჯვარი დასწერეთ, სახელითა იესო ქრისტესითა“. პირველად არა მივიდა უპირატესისა მის მამისა პიმენისა, არამედ იწყო უკანასკნელთაგან და ყოველთავე ჯვარი დააწერინა. და შემდგომად ყოველთასა მივიდა წმიდისა მამისა პიმენისაცა. ხოლო მანცა მსგავსად მათსა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და სთქუა: „სახელითა იესო ქრისტესითა ცოცხალ იქმენ“. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო, რამეთუ მეყსეულად განმრთელდა ყრმა იგი და ფერჴითა თვისითა მივიდა მამისა მიმართ თვისისა. და ყოველნი ადიდებდენ სახიერსა ღმერთსა და სარ­წმუნოსა მონასა მისსა მამასა პიმენს.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გვაქუნდეს სარწმუნოება ჭეშმარიტი ღმრთისა მიმართ და მოვიგოთ სასოება მტკიცე წმიდათა კაცთა ღმრთის­მსახურთა. და ყოვლადსახიერი ღმერთი ყოველსავე სასწაულსა იქმს ლოცვითა მათითა და მოგვანიჭებს კურნებასა სულისა და ჴორცთასა. და რაჲცა კეთილი ვითხოოთ სასოებით წმიდათა კაცთაგან და მათ ნეტართა ილოცონ ღმრთისა მიმართ ჩვენთვის, უეჭველად მოგვეცემის სარწმუნოებით, რამეთუ უფალი ბრძანებს: „რაჲცა ითხოოთ სახელითა ჩემითა, გეყოს თქვენ“[იო. 14,13; 16,23].
და პატივს ვსცემდეთ, საყვარელნო, პატიოსანთა მღუდელთა ეკკლესიისათა, ვითარცა მოციქულთა მობაძავთა, რამეთუ მღუდელნი არიან მნენი და გამგენი სულთა ჩვენთანი და შუამდგომელნი შორის ღმრთისა და კაცთა და შემწირველნი ჩვენთვის მსხვერპლთა და ლოცვათა ღმრთისა მიმართ და მომღებელნი ჩვენდა მომართ ღმრთისა მიერ წყალობასა მადლსა და კურნებასა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ესრეთ კეთილითა სასოებითა და ყოვლით კერძო სათნოებით შემკობილნი ვიქცეოდეთ, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა, რათა აქაცა კეთილი ცხოვრება მოვიგოთ და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ზეცისა სასუფეველისათა და წმიდათა თანა სუფევასა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ოვ [76]
სიტკბოებისათვის სანატრელისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ“(მთ. 11,30).
ამისთვისცა წინასწარმეტყველი ჰგალობს: „ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი“(ფს. 118,68). და ჩვენცა გვასწავებს სიტკბოებასა და სახიერებასა ღმრთისასა მეტყველი: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“(ფს. 33,9). და კვალად იტყვის: „ტკბილსა კაცსა ეწყალის და ავასხის“(ფს. 111,5). რამეთუ თავადიცა უფალი ტკბილ არს ყოველთა მიმართ.
ამის ესევითარისა სანატრელისა სიტკბოებისა მომგებელი და შემ­ტკბობელი იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე, მშვიდი, მდაბალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, საწადელი და ტკბილი საქმითა და სიტყვითა. და მოსწრაფე იყო ყოველთა მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად და ლოცვასა განკრძალულ გულითა წმიდითა. და ესვა მას ასული მხოლოდშობილი ქალწული, მსგავსი თვისისა სათნოებისა, ვითარცა ბრძანებს სახიერი უფალი: „კეთილმან ხემან ნაყოფი კეთილი გამოიღის“[მთ. 7,17].
დღესა ერთსა მეცნიერი ვინმე მისი ესტუმრა კაცსა მას ღმრთისასა და წარრავიდოდა სტუმარი იგი, სამკაული რაჲმე დიდფასისა მისცა ქალწულსა მას ნამარხევად ვიდრემდის მოვიდეს. ხოლო კეთილკრძალულმან ქალწულმან დაფლა მიწასა შინა და არავის უთხრა ადგილი იგი უმეტესისა კრძალულებისათვის. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიიცუალა უფლისა მიმართ სანატრელი იგი ქალწული.
და ოდეს მოიქცა სამკაულისა უფალი, ითხოვდა თვისსა და ვერვინ შეუძლო პოვნად მისა. და ვინათგან დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა იყო მამა მისი, მიისწრაფა ღმრთისა მიმართ და ილოცა მხურვალითა გულითა წმიდითა და ფრიადითა სარწმუნოებითა. და შეისმინა ყოვლადსახიერმან და ტკბილმან უფალმან ლოცვა იგი მართლისა მის კაცისა. ვითარცა წერილ არს: „ჴმა ჰყო მართალმან და უფალმან ისმინა მისი“[ფს. 33,7].
ეჰა, დიდება კაცთმოყვარებასა შენსა, ღმერთო! რამეთუ აღსდგა ქალი იგი მკუდრეთით და მისცა სამკაული იგი უფალსა მისსა და კვალად მიიძინა, რათა უხრწნელად აღსდგეს ყოველთა აღდგომასა. და ყოველნივე განთავისუფლდენ მწუხარებისა მისგან და ადიდებდეს უსაზღვროსა მოწყალებასა და სახიერებასა ღმრთისასა, რომელმან ჰყვის ზესთა ბუნებისა საკვირველება წმიდათა შორის მისთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიტკბოება, სახიერება, მყუდროება, მარხვა და მოთმინება, რათა ღმრთივბრწყინვალე ნაყოფი სულისა გამოვიღოთ პატიოსნად, რომელ არიან: ლოცვა უვნებელი, შემუსრვა სულისა, სიწმიდე გულისა, და სრული სიყვარული ღმრთისა. და მიუთხრობელითა სიტკბოებითა ღმრთისათა განვნათლდეთ, რამეთუ სიტკბოება ღმრთისა სინანულად მოგვიყვანებს და ღმრთივშვენიერად განგვაბრწყინვებს და სახიერებასა მისსა შეგვაერთებს, ვითარცა თვით უფალი ბრანებს: „თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის“(იო. 14,20).
ესევითარისა სიტკბოებისა მოგება ამისგან იქმნების, საყვარელნო, რომელ მარადის თაფლისა უტკბილესთა სიტყვათა წმიდათა წერილისათა სურვილით ვიკითხვიდეთ და გულსმოდგინედ ვისმენდეთ, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფალო, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა“[ფს. 118,103]. და სიტკბოება ჰყავ მონისა შენისათანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა; სიტკბოება და სწავლულება მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენეს მე. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე, ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სულისა წმიდისა მიერ თქმულთა სიტყვათა წმიდათა წერილისათა ვიწურთიდეთ და ვისმენდეთ სურვილით და მათ შინა მდებარეთა მცნებათა ღმრთისათა აღვასრულებდეთ სიყვარულით და მათგან ვისწავოთ სიტკბოება და მოვიგოთ გული წმიდა, და ყოვლადტკბილსა და საწადელსა იესოს სათნო ვეყვნეთ, რათა დაუსრულებელსა სიტკბოებასა ზეცისა სასუფეველისასა ღირს ვიქმნეთ და უტკბილეს მანანაჲსა საშვებელითა ვიხარებდეთ, მართალთა თანა ვიდიდნეთ, ღირსთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და წმიდათა თანა ვგალობდეთ და ვადიდებდეთ სახიერებასა და სიტკბოებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

თხრობა სულიერი ოზ [77]
სიწმიდით განათლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“(მთ. 7,7; ლკ. 11,9).
აწ უკუჱ საყვარელნო, გულის წმიდით ვითხოვდეთ წყალობასა ღმრთისასა, სარწმუნოებით ვეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სასოებით ვრეკდეთ, რათა განგვეღოს მოწყალებისა კარი და შევიდეთ სიხარულსა უფლისა ჩვენისასა და ვიხილოთ დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება ღმრთისა, რომელი თუალსა მოშურნისასა არა უხილავს, ყურსა მჩურჩნავისასა არა სმენია და გულსა ულმობელსა არა მოსრულ არს.
არამედ საყვარელნო, განვიწმიდნეთ გულნი ჩვენნი ყოვლისაგან ბიწისა და ყოვლადწმიდა ღმერთი დაემკვიდრების ჩვენ შორის, და ვიქმნებით ჩვენ ტაძარ ღმრთისა ცხოველისა, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „წმიდა არს ტაძარი შენი, უფალო, საკვირველ არს სიმართლითა“[ფს. 64, 5-6].
რამეთუ ესევითარი იყო წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი ლონგინოს, რომელიცა დღესა ერთსა ვიდოდა ზღვის კიდესა სიმდაბლით და შეჰკრებდა შეშასა. იხილა იგი კეთილმორწმუნემან ვინმე დედაკაცმან და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, სადა მყოფ არს, წმიდა იგი კაცი ღმრთისა მამა ლონგინოს?“ რამეთუ ვერ იცნობდა მას. მიუგო ბერმან: „რაჲ გნებავს მისგან, ღმრთივსულიერო დედაო? რამეთუ არს იგი ცნობამიღებულ“. ხოლო მან იწყო ტირილად და ჰრქუა: „ძუძუ ჩემი მელმის ძლიერად სენისა მისგან, რომელსა უწოდიან კირჩხიბი და მოვედ მისა სასოებით კურნებად, რამეთუ მასმიოდა სიწმიდე მისი“.
და წმიდამან ბერმა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა მეტყველმან: „წარვედ, დედაო სულიერო, მშვიდობით და განიკურნო მადლითა ქრისტესითა, რამეთუ ლონგინოს არარა კეთილი ძალუძს ყოფად“.
ხოლო დედაკაცი იგი სარწმუნო ექმნა სიტყვათა მისთა და განთავისუფლდა სენისა მისგან ბოროტისა. და მიუთხრა საქმე ესე სხუათა, სახე და ნიშანი კაცისა მის აუწყა, რომელმან განჰკურნა. მაშინ სცნა და ისწავა, ვითარმედ თვით იგი იყო მამა ლონგინოს და ადიდებდა ღმერთსა.
კვალად მიიყვანეს ეშმაკეული ვინმე მამისა ლონგინოსისა, რათა გან­ჰკურნოს მის შორის დამკვიდრებულითა ღმრთისა მადლითა. და მან ჰრქუა მათ სიმდაბლით: „რაჲ ვჰყო, რამეთუ მე კაცი ვარ ცოდვილი? არამედ წარიყვანეთ ეგე ბერისა იმის, რომელი იყოფის მას სენაკსა“. და ვითარცა მიიყვანეს, იწყო ბერმან ოტებად ეშმაკისა, ჴმა ჰყო ეშმაკმან: „აწ ჰგონებ შენ, ბერო, თუ სიტყვითა შენითა განვალ?! არამედ მამა ლონგინოს ილოცავს და მეშინის ლოცვათაგან მისთა და ვსძრწი სიწმიდისაგან მისისა და მისთვის განვალ. თუ არა, არამცა მიგეცი შენ პასუხი სიტყვისა შენისა“.
ესერა სთქუა, ივლტოდა ეშმაკი და განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეთ საყვარელნო, ძალი სიწმიდისა მისისა და გულისჴმა ჰყავთ თუ ვითარ სიმდაბლით შემოსილ არიან წმიდანი ღმრთისა კაცნი.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიწმიდე სულისა, სიმდაბლე გულისა, უბიწოება ლოცვისა და რაჲცა ვითხოვოთ სარწმუნოებით ღმრთისა მიერ, ისმენს ჩვენსა და გვეტ­ყვის: „აჰა, ესერა აქა ვარ და მე მარადის თქვენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“[მთ. 28.20] და შემდგომად სოფლისაცა დაუსრულებელად არა განგეშორები. თქვენ ისმინეთ ჴმისა ჩემისა, რომელსა გამცნებ: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“(ლევ. 19,2; 1 პეტ. 1,16). და მე ვისმინო ლოცვისა თქვენისა და დაგამკვიდრნე წმიდასა შინა წმიდათასა ზეცისა სასუფეველსა, და გადიდნე წმიდათა შორის ჩემთა საკვირველებით.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ტკბილნი ესე სიტყვანი უფლისანი და ვეტრფიალნეთ სიკეთესა სიწმიდისასა და წმიდის გულით ვილოცვიდეთ მეტყველნი: „მამაო ჩვენო ზეცათაო, წმიდა იყავნ სახელი შენი ყოვლადწმიდა, რომელი დიდებულ ხარ წმიდათა შორის შენთა და სამწმიდაარსობით იგალობები წმიდათა სერაჶიმთა მიერ. და ჩვენცა წმიდა მყვენ ყოვლისაგან ბიწისა, რათა ვიტყოდეთ, წმიდა ხარ შენ, უფალო, გაქებს სული ჩემი, განაძლიერე გული ჩემი, მოგებად სრულისა სიწმიდისა, რომელი წმიდათა შენთა შორის განისვენებ, განანათლებ და განაბრწყინვებ, ღმრთივშვენიერითა ელვარებითა სიწმიდისა შენისათა და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

 

 

 

 


თხრობა სულიერი ოჱ [78]
სიწმიდისათვის და უბიწოებისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, მიგცემ თქვენ ჴელმწიფებასა, დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა“(ლკ. 10,19).
საყვარელნო, უკეთუ გვაქუნდეს სრული სიწმიდე სულისა და უბიწოება გულისა, არაწმიდანი ცხოველნი გესლიანნი ვერარას გვავნებენ და ვერცა გვეუფლოს არაწმიდა და სიბილწისმოყვარე ეშმაკი. ხოლო ესევითარისა სიწმიდისა მოგება ამით იქმნების, ძმანო, რათა შევიჭურნეთ მოღვაწებითა, მოთმინებითა, მარხვითა და ლოცვითა; და შევიტკბოთ სათნოება, სიმართლე, სიწმიდე, სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. ესრეთ რა შევიბეჭდნეთ საქმითა კეთილითა, ვერარაჲსა გვავნებენ ეშმაკნი და ვერცა მხეცნი ბოროტნი.
რამეთუ იყო ვინმე ბერი ღირსი და პატიოსანი, ჯვარშემოსილი, წმიდა, უბიწო, უმანკო, უვნებელი, სრულსა საზომსა მიწევნილი, ნიშებშემოსილი და სასწაულთმოქმედი, სახელით პავლე, დამკვიდრებული უდაბნოსა. და ესევითარი მადლი მოენიჭა ღმრთისა მიერ, რომელ სადაცა იხილის გველი და ღრიანკალი, გინა რაჲცა ქვეწამძრომელი გესლიანი, პირველად თვით გამოისახის სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და მერმე მასცა დასწერის ჯვარი და მეყსეულად უსულო ჰყვის ძალითა ჯვარისათა.
დღესა ერთსა წარვლიდა უშინაგანესსა უდაბნოსა ადგილსა, იხილა ვასილისკო და განიპყრნა ჴელნი ჯვარის სახედ და ჴმა ჰყო ღმრთისა მიმართ: „უფალო, უფალო, კაცთმოყვარეო, ანუ მე მოვჰკვდე, ანუ ესე!“ და მეყსეულად განსქდა ვასილისკო იგი ძალითა ქრისტესითა, და იგი ადიდებდა ღმერთსა, რომელმან მოციქულისა პავლეს მიერცა იქედნე ცეცხლითა დასწუა და მონა თვისი უვნებელად დაიცვა.
ხოლო წმიდა ესე ბერი იხილეს ძმათა სულიერთა ჟამსა აღსრულებისასა, შეუვრდეს ვედრებით და ეტყოდეს: „ჯვარშემოსილო მამაო, ყოვლადპატიოსანო, გვაუწყე თუ რომელი სათნოება წარგიმართებიეს, რომელ ესე მადლი მოგანიჭა შენ ღმერთმან?“ ხოლო მან არა დაჰფარა სარგებელისათვის სულისა, არამედ ჰრქუა სიწრფოებით: „შემინდევით მე, ღმრთივსულიერნო ძმანო, რამეთუ უკეთუ ვინ მოიგოს სიწმიდე და უბიწოება, დაემორჩილებიან მას ყოველნი მხეცნი, ვითარცა იგი პირველსა მამასა ჩვენსა ადამს, იყო რა იგი სამოთხესა უწინარეს ცთომისა და მცნებათა გარდასლვისა“.
ესერა სთქუა, ნიში პატიოსნისა ჯვარისა გამოისახა სანატრელმან და განწმედილი სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისათა შევედრა.
ისმინეთ, საყვარელნო, თუ ვითარ კეთილ არს და პატიოსან სიწმიდე და უბიწოება. და ესეცა გულისჴმა ვჰყოთ თუ ვითარი ძალა აქვს ცხოველს­მყოფელსა ჯვარსა ქრისტესსა სარწმუნოებით გამოსახულსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ჩვენცა სიწმიდე გულისა და უბიწოება სულისა. და სარწმუნოებით გამოვისახვიდეთ პატიოსანსა ჯვარსა შუბლსა და პირსა ზედა ჩვენსა, რათა გულის სიწმიდით ღმერთი ვიხილოთ, ვითარცა თვით უფალი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მთ. 5,8). და სულის უბიწოებითა ღმრთისა მახლობელობასა ღირს ვიქმნეთ, ვითარ იგი სული წმიდა იტყვის პირითა სიბრძნისმეტყველისათა, ვითარმედ: „მოვედ მახლობელო ჩემო… და ბიწი არა არს შენთანა“(ქებ. 2,10-13; 4,7). ხოლო სარწმუნოებით ჯვარის გამოსახვითა ამალეკი და უფროსღა ეშმაკი ვიოტოთ, ვითარ იგი ძველ ოდესმე მოსე, კაცმან ღმრთისამან განპყრობითა ჴელთათა ჯვარის სახედ უკუნ აქცივნა ამალეკი. ვინათგან აწ ჩვენდა არღარა არს ამალეკი, არამედ დავსცეთ უხილავი ეშმაკი, ძალითა ცხოველ­მყოფელისა ჯვარისათა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, შევამკოთ სული ჩვენი სათნოებითა და შევსჭურნეთ ჴორცნი ჩვენნი პატიოსნითა ჯვარითა, რათა სულით და ჴორცით წმიდა ვიქმნეთ. და უკეთუ გვებრძოლოს არაწმიდა, უხილავი ეშმაკი ბოროტის გულისსიტყვითა, ხოლო ჩვენ, ძმანო, ჯვარითა ქრისტესითა აღვიბეჭდნეთ გული და გონება ჩვენი და წმიდად დაგვიცვას მადლმან ჯვარისამან, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვადმდე ჩვენდა. და ნურაოდეს განვიშორებთ ჯვარსა იესო ქრისტესსა. და განწმედილი სული ჩვენი ჴელთა შინა ღმრთისა შევვედროთ, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

 


თხრობა სულიერი ოთ [79]
სათნოებით სიწმიდისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან მოიღოს ნაყოფი, განსწმიდოს იგი, რათა უფროსი ნაყოფი გამოიღოს“(იო. 15,2).
საყვარელნო, ნაყოფი სათნოებისა წმიდა ჰყოფს გულსა, განანათლებს გონებასა და განაბრწყინვებს სულსა, და ესევითარი კაცი ანგელოსთა მიემსგავსების, ღმერთსა ადიდებს და სასუფეველისა შვილებასა მიიღებს, და ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა იხარებს წმიდათა თანა დაუსრულებელად.
რამეთუ იყვნეს ორნი ძმანი დიდებულთა შვილნი კეთილგონიერნი, რომელთაცა შეიყვარეს იესო ტკბილი და სურვილითა საუკუნოსა დიდებისათა იქმნეს მონაზონ და ნაყოფი მრავალი გამოიღეს: სათნოებისა, სიმდაბლისა, სიმშვიდისა, მორჩილებისა, მოთმინებისა, მარხვისა და ლოცვისა წმიდისა. და მერმე წინამძღვრის შენდობით აღიშენეს შორს მონასტრისაგან თვის თვისად სენაკები და დასხდენ მათ შინა დაყუდებით. და სამღთოსა ტრფიალებით განათლებულთა ძლიერად იღვაწეს სათნოყოფად ღმრთისა და მრავალთა წელთა ურთიერთას არა იხილეს მოთმინებით, რათა საუკუნო დიდებასა შინა ზოგად იხარებდენ პატივითა.
შემდგომად მრავლისა ღვაწლისა ერთი მათგანი დასნეულდა. მივიდენ ძმანი მონასტრისანი და იხილეს იგი მცნებისაებრ უფლისა. ხოლო სნეული იგი მიეცა განკვირვებასა მყოვარჟამ და უსულო იქმნა, მერმე კვალად მოეგო თავადვე თვისად. და ჰკითხვიდეს ძმანი მოანასტრისანი, თუ: „რაჲ იხილე, პატიოსანო მამაო, განკვირვებასა შენსა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვიხილე, ღმრთივსულიერნო ძმანო, რამეთუ წმიდანი ანგელოსნი მოვიდეს და წარგვიყვანეს მეცა და ძმაცა ჩემი და აღგვიყვანეს ჩვენ ზეცად. და შეგვემთხვივნეს არაწმიდანი ეშმაკნი, ჰაერის მცველნი, და ვერ უძლეს მოახლებად ჩვენდა, რამეთუ მცველთა ჩვენთა წმიდათა ანგელოსთა იოტნეს იგინი, ხოლო ეშმაკნი იგი ჴმობდეს: „დიდ არს კადნიერება სიწმიდისა და სათნოებისა“.
ესერა სთქუა წმიდამან და სანატრელმან ბერმან, მეყსეულად დაიძინა. და წარგზავნეს ვინმე, რათა აუწყოს ძმასა მისსა მიცვალება მისი. და მისრულთა იხილეს იგიცა მასვე ჟამსა აღსრულებული და ორნივე დამარხნეს პატივითა და ადიდებდეს ღმერთსა.
იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ ორთავე ურთიერთას მოყვარეთა სულითა და კეთილად მოღვაწეთა გულისჴმისყოფითა, ნაყოფიცა სათნოებისა ზოგად გამოიღეს და კეთილი მგზავრობაცა ზოგად მიიღეს, ანგელოსთა წინამძღვრებითა, და ზოგადცა იხარებენ დიდებასა შინა ღმრთისასა დაუსრულებელად.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სათნოება, წმიდამყოფელი სულისა. და თავნი ჩვენნი დავიცვნეთ ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთასა და ბოროტის გულისსიტყვისგანცა არაწმიდათა, რომელნი საძაგელ არიან სიტყვადცა და შემამწიკვლებელ გონებისაცა. რომლისათვის იტყვის უფალი: „გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით… და არაწმიდასა ნუ შეეხებით და მე შეგიწყნარნე თქვენ და ვიყო მე თქვენდა მამა და თქვენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ“(2 კორ. 6,17-18). არამედ ვიქმოდეთ, საყვარელნო, რაჲ იგი არს სათნო ღმრთისა და აღვივსნეთ სულითა წმიდითა და „ვაქებდეთ უფალსა ფსალმუნითა და შესხმითა“[ფს. 150,3] სულიერითა გულთა შინა ჩვენთა, რათა გულიცა და გონებაცა ჩვენი წმიდა იქმნას, სიტყვითა ღმრთისათა და ლოცვითა წმიდითა და ჩვენ შორის დაემკვიდროს იესო ტკბილი მაცხოვარი ჩვენი და ჴმა ჰყოს მამისა მიმართ ზეცათასა: „მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა წმიდითა“.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, დავიცვნეთ ბაგენიცა ჩვენნი სიტყვათაგან უჯეროთა, და ყოველი სიტყვა უშვერი ნუ გამოვალნ პირით ჩვენით, რამეთუ ესეცა შეამწიკვლებს სულსა ჩვენსა, ვითარცა უფალი ბრძანებს: „პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“(მთ 15,11), და ვითარმედ: „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“(მთ. 12,37). არამედ პირით ჩვენით, ძმანო, ვიტყოდეთ მარადის სათნოსა ღმრთისასა და ჭეშმარიტებასა, რათა სთქუას ჭეშმარიტმან სიტყვამან ღმრთისამან მამისა მიმართ: „წმიდა ჰყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვა შენი ჭეშმარიტ არს და ამათთვის წმიდა ვჰყოფ თავსა ჩემსა, რათა ესენიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“[იო. 17,17-24].
ჵ, საყვარელნო ძმანო, შევიტკბოთ წმიდამყოფელი ჩვენი სათნოება და დავემკვიდროთ წმიდასა წმიდათასა, სასუფეველსა ცათასა, და ვიხილოთ დიდება ღმრთისა და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა და დიდად­შვენიერსა სახელსა მისსა, რამეთუ მისა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 


თხრობა სულიერი პ [80]
სიწმიდით სიყვარულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „თქვენ აწვე წმიდა ხართ სიტყვითა მით, რომელსა გეტყოდი თქვენ“(იო. 15,3).
საყვარელნო, ესე სიტყვა წმიდათა მოციქულთა უბრძანა უფალმან, გარნა ჩვენდაცა მოეზავების, რომელთა გვესმის მარადღე წმიდისა სახარებისაგან, ღმრთივშვენიერნი სიტყვანი მისნი, ვითარ იგი იტყვის მამისა მიმართ, ვითარმედ: „არა ოდენ მოციქულთათვის ხოლო ვიტყვი, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ“[იო. 17,20].
ამისთვის ძმანო, სიტყვა ღმრთისა არს წმიდამყოფელი ჩვენი, უკეთუ დავიმარხნეთ მცნებანი მისნი, რომელ არიან: სიწმიდე გულისა, სიყვარული ძმათა და სათნოყოფა ღმრთისა, რომელთა მიერ იქმნების ცხოვნება სულისა.
რამეთუ იყვნეს ორნი ძმანი ჴორციელნი, მშვიდნი, მდაბალნი, წრფელნი, უმანკონი, სიწმიდის მოსურნენი და ურთიერთას ფრიად მოყვარენი და ორნივე მონაზონ იქმნეს სკიტის მონასტერსა. მრავალი სათნოება აღასრულეს, ჭეშმარიტის სიწმიდით დაიცვნეს თავნი თვისნი და გულისიტყვანიცა, და ურთიერთას მორჩილ იყვნეს სრულისა სიყვარულითა.
ხოლო ერთი მათგანი დასნეულდა, წარვიდა მეორე იგი ძმა ეკკლესიად და აუწყა მღუდელსა, რათა მოიყვანოს წმიდა ზიარება და აზიაროს ძმა მისი. და ვითარცა ესმა მღუდელსა სნეულება მისი, ჰრქუა შვილთა თვისთა სულიერთა: „მოვედით, საყვარელნო შვილნო და ვიხილოთ ძმა იგი უძლური, რათა არა გვამხილოს ქრისტემან, ვითარმედ: „უძლურ ვიყავ და არა მიხილეთ მე“[მთ. 25,43].
წარვიდენ და იხილეს ძმა იგი უძლური და აზიარეს წმიდასა საიდუმლოსა ქრისტესსა, საგზლად ცხოვრებისა საუკუნოსა. და შემდგომ ამისა მიიტაცა გონებითა უძლური იგი და ხედვიდა საკვირველებათა ღმრთისათა. ხოლო მხილველნი მისნი განცვიფრებულ იყვნეს მეტყველნი: „ნეტარ, თუ სადამე არს გონება ამისი?“
მაშინ ჰრქუა მათ ძმამან მისმან: „გნებავსთაა ცნობის, თუ ვითარი ძალი აქვს სიწმიდესა?“ და მიექცა ძმასა თვისსა უძლურსა და ჰრქუა: „წარხვალაა, ძმაო ჩემო საყვარელო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, წარვალ, ძმაო, ლოცვა ჰყავთ ჩემთვის“. მიუგო ძმამან მისმან: „გრწმენინ ჩემი, ძმაო, არა გიტეო შენ უწინარეს ჩემსა“. მერმე მიექცა მუნ მყოფთა მათ და ჰრქუა: „მომეცით მე უკანასკნელი ამბორი მშვიდობისა, პატიოსანნო მამანო“. და დასწვა ჭილობსა ზედა და გამოისახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და ესრეთ უვნებელად მისცა განწმედილი სული თვისი უფალსა. და ძმამანცა უძლურმან შევედრა სული თვისი წმიდად ჴელთა შინა ღმრთისათა.
და ორნივე ზოგად აღფრინდეს ფრთითა სიწმიდისა და სიყვარულისათა, და წარვიდენ წინაშე ღმრთისა, ხოლო მუნ მყოფთა შემურნეს პატიოსნად და ორნივე ზოგად დამარხნეს სამარხოსა წმიდათა მამათასა და განკვირვებულნი ადიდებდეს ღმერთსა.
იხილეთ, საყვარელნო, კეთილგონიერებით მსმენელნო, თუ ვითარ სიწმიდით ურთიერთას მოყვარენი და სათნოებათა მუშაკნი, უჭირველად და პატიოსნად მიიცვალნენ უფლისა მიმართ, ვითარცა ჰგალობს დავით: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს. 115,6).
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ და შევიყვაროთ სათნოება სულისა – მაცხოვარი; და ჩვენცა წმიდა ვიქმნეთ, და სიწმიდითა გულისათა ვიყვარებოდეთ ურთიერთას, და წარუმართვიდეთ სათნოყოფად ღმრთისა. და უკეთუ ესრეთ ვიყვნეთ, სიყვარულითა, ბოროტი არა შემოგვეხოს ჩვენ, ვითარცა წერილ არს: „სიყვარული ბოროტსა არა იგონებს, არამედ უფროსღა აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს“[რომ. 13,10].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, გულსმოდგინე ვიქმნეთ და შევიკრიბოთ ყოველი სათნოება, ვითარცა ბრძენმან ფუტკარმან ყოველთაგან კეთილსუნნელი ყუავილი, და ვჰპოვოთ სანატრელი ცხოვრება უტკბილესი თაფლისა გოლეულისა. და აღმობრწყინდეს გულთა შინა ჩვენთა, ვითარცა მზე სიმართლისა, ყოვლადტკბილი და ფრიად საწადელი და ნამდვილ საყვარელი იესო, მაცხოვარი ჩვენი.
გევედრები, ჵ, საყვარელნო, სიწმიდით განვნათლდეთ, სარწმუნოებით ავმაღლდეთ, სასოებით განვბრწყინდეთ და სიყვარულით მივეახლნეთ ღმერთსა, რომელი არს ნამდვილ ჭეშმარიტი საყვარელი და სასურველი. და ღმრთივშვენიერსა სასუფეველსა მისსა, ბრწყინვალითა გვირგვინითა ვიხარებდეთ დაუსრულებელად და წმიდათა ანგელოსთა თანა უგალობდეთ ყოვლადსახიერსა მამასა, ყოვლადსაყვარელსა ძესა, და ყოვლადწმიდასა სულსა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეrvისა თავისა

 

 

 

 

 

 

თავი T [9]

სარწმუნოებისათვის
უფლისა სამკვიდრებელისა

 

 

თხრობა სულეირი პა [81]
სარწმუნოებისათვის მართლისა

ღმრთივსულიერნო შვილნო აღმოსავლეთისა ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იტყვის მამისა მიმართ: „ესე არს ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდენ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე – იესო ქრისტე“(იო. 17,3).
აწ უკუჱ საყვარელნო, ჰშვენის ჩვენდა ქრისტეანეთა, რათა მტკიცედ ვეგნეთ სარწმუნოებასა ამას ზედა ჩვენსა მართალსა და ჭეშმარიტსა, რომელი ესე წმიდათა მამათა, შვიდთა მსოფლიოთა კრებათა შინა დაამტკიცეს მადლითა სულისა წმიდისათა. და გვაქმნდეს საქმენიცა კეთილნი, განმაბრწყინვებელნი სულისა ჩვენისანი, რომელთა ძლით იპოვების ცხოვრება საუკუნო და აქაცა განათლება უფლისა მიერ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა იესრუსალიმის მონასტერსა შინა, ფრიად მშვიდი, მდაბალი, წრფელი, მართალი და უზაკველი სახელით იაკობ. და პატიოსნებისათვის და სათნოებისა მისისა ყოველთავე უყვარდათ იგი. და მონასტერსა მას შინა იყო ორი ეკკლესია, ერთი ბერძენთა და მეორე სომეხთა. სომეხნი ეტყოდეს: „ჩვენსა ეკკლესიასა ეზიარე, მამაო იაკობ, რამეთუ ესე ჭეშმარიტ არსო“. და ბერძენნი ეტყოდეს: „არ შეგაცთუნონ ჭეშმარიტებისაგან მწვალებელთაო“. ხოლო იგი, ორთაგან გულისსიტყვათა შეიწრდებოდა და არა უწყოდა, თუ რომელი ჰყოს.
აღსდგა უკუჱ და შეიმოსა თვისი სამკუდრო სამოსელი, რომელიცა მიეღო კურთხევასა სქემისასა და განვიდა გარე მონასტრისა და შეაწყვდია თავი თვისი სენაკსა მცირესა და ბნელსა. ორმეოც დღე იმარხა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რომელი არს ჭეშმარიტი. და ვითარცა მოუძლურდა ფრიადისა მარხვისა და ლოცვისაგან, აჰა, განათლდა სახლი იგი და გამოუჩნდა მას ღმრთივშვენიერად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჰრქუა მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ჴმითა: „მშვიდობა შენთანა, ბერო იაკობ! რაჲსა იქმ აქა?“ ხოლო იგი მეყსეულად განძლიერდა და განათლდა გულითა და ჰრქუა: „მეუფეო წმიდაო, ტკბილო და სახიერო, შენ უწყი, თუ რაჲსა ვიქმ აქა, ანუ რაჲ მიხმს. ორთა მათ ეკკლესიათათვის, გევედრები, უფალო, არა უწყი მე, თუ რომელსა ზედა ვეგო“. მაშინ ჰრქუა მას უფალმან: „სადაცა ხარ, კეთილად ხარ“.
ესერა ჰრქუა, მეყსეულად სიტყვასა მას თანა წამისყოფითა ღმრთისათა, იპოვა იგი ეკკლესიასა შინა ბერძენთასა, რამეთუ ჰგალობდენ რომელი ხერუვიმთასა და გამოასვენეს სიწმიდე შესაწირავისა. ხოლო ყოველნივე მსმენელნი მისნი ადიდებდეს საკვირველებასა ღმრთისასა და დაემტკიცნენ სარწმუნოებასა ზედა ჩვენსა ჭეშმარიტსა, უბიწოსა და მართალსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო მართლ­მადიდებელნო, ესე ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუორგულებელად გვაქმდეს და საქმეთაცა კეთილთა ვიქმოდეთ, რამეთუ იტყვის იაკობ მოციქული, ძმა უფლისა: „სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს, ეგრეთვე საქმენი თვინიერ სარწმუნოებისა“[იაკ. 2,20-26]. არამედ ჩვენ, საყვარელნო, ორნივე ესე მტკიცედ ვიპყრათ, ვითარცა წმიდათა და ღმრთივგანათლებულთა მამათა გვიქადაგეს და ჩვენდა ჯერ არს დამარ­ხვად და აღსრულებად.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მტკიცედ ვეგნეთ ამას სარწმუნოებასა მართალსა და მოვიგოთ საქმენიცა კეთილნი, რომელ არიან: სიმშვიდე, სიმდაბლე, სიწმიდე, სიწრფოება, სიმართლე, მარხვა, ლოცვა და მოწყალება, რათა ამათ კეთილთა მოქმედებითა ღირს ვიქმნეთ ამაღლებად ზეცისა სასუფეველსა და მოღებად ნიჭსა სულისა წმიდისასა, და მადლითა მისითა განათლებად და განბრწყინვებად უფროს მზისა მცხინვარებისა და საუკუნო დიდებად, მადლობად და გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა და ღმრთივშვენიერად შემკობად გვირგვინითა და პატივითა წმიდათა მამათა თანა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი პბ [82]
სარწმუნოებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ მე და ვრწმენე“[იო. 20,29].
აწ უკუჱ საყვარელნო, ჩვენ არა გვიხილავს იგი და გურწამს ჭეშმარიტად. და უფროსღა მარადის ვხედავთ იესოს გონებისა თუალითა და სიტკბოებისა მისისა გემოსა განვიცდით წმიდისა საიდუმლოსა ზიარებითა და მარადღე გვესმის ღმრთივშვენიერი ჴმა მისი წმიდისა სახარებისა ქადაგებითა, ვითარცა თვით ბრძანებს: „აჰა, ესერა, მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა… და ნეტარ არიან თუალნი თქვენნი, რამეთუ ხედვენ და ნეტარ არიან ყურნი თქვენნი რამეთუ ესმის“[მთ. 28,20; 13,16; ლკ. 10,23]. და რაჟამს ჩვენცა, ძმანო, სარწმუნოებითა კეთილითა და სიყვარულითა ჭეშმარიტითა ვჰხადოთ, იგი ისმენს, და ღმრთივბრწყინვალედ გამოგვიჩნდების უფალი იგი დიდებისა, ტკბილი იესო მაცხოვარი ჩვენი და ნუგეშინისცემითა მშვიდობასა მოგვფენს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, სარწმუნოებითა და სიყვარულითა ღმრთისა განმტკიცებული, რომელი მარადის ილოცვიდა სასოებითა და ჴელთსაქმისაგან არა დასცხრებოდა და მით მოწყალებასა იქმოდა.
ესე სანატრელი მამა დღესა ერთსა შევიდა უშიშად ტაძარსა საკერპოსა, იწყო მუნ ლოცვად და ჴელთსაქმედ. გამოეცხადნეს მას ეშმაკნი, რეცა კაცისა სახითა და ჰრქუჱს: „განვედ, ბერო, ადგილისაგან ჩვენისა“. და მან მიუგო: „თქვენ ადგილი არა გაქვსთ თვინიერ ჯოჯოხეთისა, რამეთუ უფლისა არს ყოველი ქვეყანა და სავსება მისი“. ხოლო ეშმაკთა განაბნივეს ჴელთსაქმარი მისი და იგი შეიპყრეს და გამოზიდვიდეს გარე. მაშინ ბერმან სარწმუნოებითა მხურვალითა გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და სთქუა: „უფალო ჩემო და ღმერთო, იესო ქრისტე, შემეწიე მე!“ და მეყსეულად უჩინო იქმნნეს და განიბნივნეს ეშმაკნი იგი ბოროტნი.
ხოლო ბერი დასდგა ლოცვად და იწყო ტირილად. და აჰა, ღმრთივშვენიერებით გამოუჩნდა მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჰრქუა მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ჴმითა: „მშვიდობა შენთანა, რაჲსა სტირ, ჵ, კაცო?“ მიუგო ბერმან და ჰრქუა სიმდაბლით: „ამისთვის, უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ ესრეთ უღირს ვარ ცოდვათა ჩემთა ძლით, რომელ ეშმაკნი არა მიტევებენ მონებად შენდა“. ჰრქუა მას სახიერმან უფალმან სიტკბოებით: „ნუ გეშინინ, იხილე თუ ვითარ მსწრაფლ შეგეწიე და გიხსენ მათგან, ჴმა ჰყავ რა ჩემდა მომართ, რამეთუ რომელი მხადოდეს მე სარწმუნოებით, არავის უგულებელს ვჰყოფ; და „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“(იო. 6,37).
ესერა ჰრქუა მაცხოვარმან, უფროსად განძლიერდა ბერი იგი და განათლებულის გულით, სარწმუნოებით ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, ყოველსა შინა საქმესა ჩვენსა, და უფროსად განსაცდელისა და შეჭირვებისა ჟამსა ჴმა ვჰყოთ მხურვალედ ღმრთისა მიმართ და მსწრაფლ განვთავისუფლდეთ, ვითარცა იტყვის სული წმიდა პირითა დავით მგალობელისათა: „ჭირსა მხადე და მე გიხსნა შენ“[ფს. 49,15]. და გულის წმიდით ვილოცვიდეთ მეტყველნი: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
და მართალსა ამას სარწმუნოებასა თანა მოვიგოთ საქმენიცა კეთილნი, რომელ არიან: სიწმიდე, სიმართლე, სიყვარული, სახიერება, სიტკბოება და მოწყალება, რათა სარწმუნოებითა მართლითა განვნათლდეთ, და საქმითა კეთილითა დამაშვრალნი, ვითარცა ტრედი უმანკო, ორითა ფრთითა ზეცად აღვფრინდეთ და ანგელოსთა შორის განვბრწყინდეთ და წმიდათა მოციქულთა თანა ვიდიდნეთ გვირგვინითა პატიოსნითა და გურქუას მეუფემან ტკბილმან და სახიერმან: „ნეტარ ხართ თქვენ, რომელნი სახელისა ჩემისათვის დაშვერით, „აწ მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი სათნოებისათვის და მე განგისვენო თქვენ წიაღთა ჩემთა სიყვარულით და სუფევდეთ უკუნისამდე“[მთ. 11,28].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიღვაწოთ სათნოყოფად ყოვლადბრწყინვალისა მეუფისა, რათა ამას ნეტარებასა ღირს ვიქმნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი პგ [83]
წინასწარმეტყველთა პატივისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს“(მთ. 10,41).
საყვარელნო, თანამდებ ვართ სარწმუნოებით შეწყნარებად და სასოებით პატივისცემად წმიდათა წინასწარმეტყველთა, რამეთუ მათ მიერ გვაუწყა სულმან წმიდამან მამისა მიერ გამობრწყინვება სიტყვისა ღმრთისა და ქალწულისაგანცა ჴორციელად შობაჲ. ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისასა“(ფს. 109,3-4).
მამათმთავარნი და წინასწარმეტყველნი პატივცემულ არიან ღმრთისა მიერ და ჩვენდაცა ჯერ არს, ძმანო, თაყვანისცემა მათი სარწმუნოებით.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, მშვიდი, მდაბალი, ფრიად წრფელი სულითა და მართალი, მრავალთა საკვირველებათა მხილველი და ყოველთა მიერ სარწმუნო. მივიდა ვინმე მის ნეტარისა და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, ორნი გულისსიტყვანი შემაიწრებენ მე, ვითარმედ: მელქისედეკ ძე არს ღმრთისა, ვინათგან მოციქული იტყვის: „უმამო, უდედო, ნათესავმოუხსენებელ“(ებრ. 7,3) მიმსგავსებულ არს ძესა ღმრთისასა. და მეორე გულისსიტყვა მეტყვის: მელქისედეკ კაცი არს მღუდელი ღმრთისა მაღლისა. ამის პირისათვის გევედრები, ღმერთ­შემოსილო მამაო, რათა სთხოვო ღმერთსა და გამოგიცხადოს შენ, თუ ვითარ არს ესე“. მიუგო წმიდამან ბერმან: „მაცადე მე, შვილო საყვარელო, სამ დღე და ჭეშმარიტი მოგითხრა მადლითა ღმრთისათა“.
წარვიდა ყოვლადღირსი იგი ბერი და ევედრა ღმერთსა გულითა წმიდითა. და შემდგომად სამისა დღისა, მოვიდა და ჰრქუა: „მელქისედეკ კაცი არს, შვილო საყვარელო“. ხოლო მან ჰრქუა: „ვითარ სცან, წმიდაო ღმრთისაო?“ მიუგო ბერმან: „ღმერთმან მიჩვენა მე, შვილო, ყოველნი მამათმთავარნი და წინასწარმეტყველნი ადამისითგან ვიდრე მელქისედეკადმდე და ვიდრე ქრისტესადმდე, ბრწყინვალებითა მრავლითა და დიდებითა მიუთხრობელითა განათლებულნი და მრქუა ანგელოსმან: „ესე არს მელქისედეკ, მღუდელი ღმრთისა მაღლისა და არა ვინ არს ძე ღმრთისა, თვინიერ იესო ქრისტესა“.
მაშინ სარწმუნო იქმნა იგიცა, და ადიდებდა საკვირველმოქმედსა ღმერთსა, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, სარწმუნოებით თაყვანისვსცემდეთ და ვადიდებდეთ ღმრთისა მიერ პატივცემულთა და დიდებულთა წმიდათა მამათმთავართა და წინასწარმეტყველთა, რამეთუ მათ მოასწავეს სულითა წმიდითა განათლებულთა ქრისტეს შობა ქალწულისაგან წმიდისა და სასოება ცხოვნებისა ჩვენისა.
და აწ ჩვენცა, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი მარხვითა, ლოცვითა, ცრემლითა, სინანულითა, წინაშე მოძღვრისა ჩვენისა აღსაარებითა და გლახაკთა მიმართ მოწყალებითა, რათა განწმედილნი გულითა, სრწმუნოებითა უეჭველითა, ღირს ვიქმნეთ ზიარებად ცხოველს­მყოფელთა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, და განბრწყინვებულითა სულითა ვდღესასწაულობდეთ მარადის.
და ვჰბაძვიდეთ, საყვარელნო ძმანო, სარწმუნოთა მონათა ღმრთისათა აბრაჰამს – სტუმართ მოყვარებითა, ისააკს – მამისა მიმართ მორჩილებითა, იაკობს – მოწყალებითა, დავითს – სიმშვიდითა, სოლომანს – სიბრძნითა, იოსებს – სიმართლითა, და ყოველთავე წმიდათა მოქალაქობასა ვემსგავსნეთ, რათა ჩვენცა წმიდა ვიქმნეთ და ზეცისა მოქალაქედ გამოვსჩნდეთ, მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა, რომლისა მიერ განწმდებიან ყოველნივე წინასწარმეტყველნიცა და მოციქულნიცა; რამეთუ მის მიერვე დაიბადნეს საყდარნიცა, ანუ თუ უფლებანი, გინათუ მთავრობანი, გინათუ ჴელმწიფებანი და ყოველნი ანგელოსნი.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მივემსგავსნეთ წინასწარმეტყველთა ჭეშმარიტის მეტყველებითა, რამეთუ მათ რაჲცა სთქვეს სულითა წმიდითა, ყოველივე ჭეშმარიტი იყო. და ჩვენცა, ძმანო, სარწმუნოებით შეუდგეთ საქმესა მამათა ჩვენთასა, და მივიწივნეთ მათთანა სავანეობასა სასუფეველსა ცათასა და განვისვენოთ წიაღთა აბრაჰამ, ისააკ და იაკობისთა. და ვხედვიდეთ დიდებასა და ბრწყინვალებასა ღმრთისასა და მცხინვარებითა ელვარებისა მისისათა განათლებულნი სამ­წმიდაარსობით უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და თაყვანისვსცემდეთ დაუსაბამოსა მამასა, თანამოსაყდრესა ძესა და თანამფლობელსა სულსა წმიდასა დაუსრულებელად, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი პდ [84]
სასწაულთ მოქმედებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ჰქმნეს და უფროსიღა ამისა ჰქმნეს“(იო. 14,12).
საყვარელნო, ამის გამო საცნაურ არს, ვითარმედ მართლისა სარწმუნოებისა მქონებელნი და საქმეთა კეთილთა მოქმედნი, ყოველსავე მიიღებენ მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა, გინათუ სასწაულთმოქმედებასა, გინათუ დაფარულთმცნობელობასა, ანუ წინასწარმცნობელობასა „და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო მოეცემის ღმრთისა მიერ ღირსთა კაცთა საქმეთათვის კეთილთა“[იაკ. 1,17].
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, მრავალთა სათნოებათა მოქმედი, დიდისა სარწმუნოებისა მქონებელი, და დღე და ღამე ღმრთისა მიმართ ლოცვისა ღაღადებით განათლებული, სახელით ვესარიონ.
დღესა ერთსა წარვიდოდა კიდესა ზღვისასა ნეტარი იგი და მოწაფე მისი მისთანა, ხოლო მოწაფესა მას მოეწყურვა ძლიერად და ჰრქუა მამასა მას სულიერსა: „მწყურის, მამაო პატიოსანო“. მიუგო ბერმან და ჰრქუა: „სახელითა იესო ქრისტესითა შესვი, შვილო, ზღვისა ამისგან“. და იქმნა მწარე იგი წყალი ზღვისა ტკბილ, ვითარცა წყაროჲ მადლითა მისითა. ხოლო ჰსუა რა მოწაფემან, ენება აღვსება ჭურჭლისაცა. ჰრქუა მას ბერმან: „რაჲსა ჰყოფ, ჵ, შვილო?“ და მან მიუგო: „შემინდევ, მამაო წმიდაო, ნუუკუჱ შემდგომადცა მწყუროდეს“. ჰრქუა მას წმიდამან ბერმან სიტკბოებით: „შვილო საყვარელო, ღმერთი რომელი აქა არს, იგივე ყოველგან არს და იქმს წყალობასა“.
და ვითარცა მივიდეს მდინარესა მას დიდსა, რომელსა ეწოდების ხრვისორია (რომელ არს თარგმანებით ოქრო მდინარე), ჰპოვეს მუნ მცირე ნავი და წარგზავნა მით მოწაფე იგი, ხოლო თვით დასდგა ლოცვად. და შემდგომად ლოცვისა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვრისა მდინარესა მას ზედა, და იწყო სლვად სარწმუნოებით, ვითარცა ხმელსა ზედა. და ვითარცა განვიდა იმიერ კიდესა უვნებელად, შეუვრდა მოწაფე იგი საკვირველთმოქმედსა მას მამასა სულიერსა და ჰრქუა: „გევედრები, ღმერთ­შემოსილო მამაო, მაუწყე თუ აგრძნობდიაა წყალსა მას, ანუ არა?“ ხოლო ჰრქუა მას წმიდამან ღმრთისამან: „შვილო საყვარელო, ვაგრძნობდი ვიდრე კოჭადმდე თუ წყალი არს, რამეთუ ვეტვირთე მე მადლსა ყოვლადსახიერისა ღმრთისასა“. და მსმენელი ამისი განკვირვებით ადიდებდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, სასოება მტკიცე და სიყვარული შეუორგულებელი, რამეთუ რომელსა სამნი ესე პატიოსანნი სათნოებანი აქუნდეს, ღმერთი ყოველსავე ლოცვასა მისსა ისმენს და ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, ვითარცა ბრძანებს უფალი: „ყოველსა, რომელსა ითხოვდეთ სარწმუნოებით ლოცვასა შინა, გრწმენესთ, რამეთუ მოიღოთ და გეყოს თქვენ. დაღაცათუ ჰრქუათ მთასა ამას: აღიფხვარ და შთავარდი ზღუასა, იყოს ეგრეთ, ვინათგან: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“[მთ. 21,21-22; ლკ. 18,27].
გარნა ჩვენ, საყვარელნო, ნუ ვეძიებთ სასწაულისა ქმნასა, არამედ ვეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და ვიქმოდეთ სიმართლესა მისთვის და სათნოებასა, და სარწმუნოებით ვითხოვოთ ლოცვათა შინა ჩვენთა და უეჭველად მოგვეცემის კაცთმოყვარებითა ღმრთისათა სასუფეველი, რომელი ჩვენთვის განმზადებულ არს, პირველ სოფლის დაბადებისა. რამეთუ ღმერთმან ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა. და ესე ფრიად უდიდეს არს ყოვლისავე სასწაულისა ქმნისა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ სარწმუნოება ლოცვასა შინა, სიწმიდე გულისა, სიყვარული ღმრთისა, სიტკბოება ძმათა, მოწყალება გლახაკთა და რაჲცა ვითხოვოთ ღმრთისაგან, ისმენს ჩვენსა. და ვედრებით ვითხოვოთ, საყვარელნო, რათა „ღრუბლითა აღვიტაცნეთ შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა, და მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ“[1 თესალ. 4,17] სასუფეველსა მისსა, რომელი ესე ნამდვილვე უდიდეს არს ყოველთა სასწაულთა და საკვირველებათა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მართლმორწმუნენი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი პე [85]
სარწმუნოებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რაჲსაცა ითხოვდეთ სარწმუნოებით ლოცვასა შინა გრწმენესთ, რამეთუ მოიღოთ და გეყოს თქვენ… რამეთუ მორწმუნისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“[მრკ. 11,24; 9,23].
საყვარელნო, სარწმუნოება კეთილი და პატიოსანი იგი არს, რომელიც აქო უფალმან და ჰსთქუა: „ჵ, დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“(მთ. 15,28). და განიკურნა ასული იგი მისი მასვე ჟამსა შინა.
ეგრეთვე იყო ვინმე, უფლისა იესო ქრისტეს მიმართ კეთილმორწმუნე დედაკაცი; დიდებული და პატიოსანი, რომელსა ფრიადის სარწმუნოებით უყვარდა უფალი, და აქუნდა სასოება წმიდათა კაცთა მიმართ და მცნებისაებრ იესოსა: უცხოთა შეიწყნარებდა, სნეულთა მსახურებდა და ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინის სცემდა.
დღესა ერთსა მოვიდენ სამნი პატიოსანნი ბერნი მას სოფელსა, წმიდად იერუსალიმად მიმავლნი მოლოცვად. ხოლო კეთილგონიერმან დედაკაცმან ისტუმრნა იგინი, ფერჴნი დაბანნა და განუსვენა კეთილად, და მრავალი ძღვენი შესწირა სასოებით და დიდის გულსმოდგინებით ევედრა, რათა მცირეოდენ ცხოველსმყოფელისა მის ძელისა მოუღონ მას იერუსალიმით, რომელსა ზედა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჴორცითა დაემსჭვალა. ხოლო მათ აღუთქვეს და წარვიდეს.
და ოდეს მოილოცეს ღირსთა მათ ბერთა წმიდა იერუსალიმი და უკ-მოიქცეს, მოართვეს მას დედაკაცსა მცირე ჯვარი, არა ძელისაგან ჭეშმარიტისა, არამედ სხვისა ხისაგან, მსგავსად ძელისა და ჰრქუჱს: „ესე არს, დედაო პატიოსანო, ძელი ჭეშმარიტიო“. ხოლო კეთილმორწმუნემან დედაკაცმან მიითვალა იგი დიდითა სარწმუნოებითა, მტკიცითა სასოებითა და ქრისტე იესოს სიყვარულითა შეიტკბო და ამბორს უყო ფრიადის სურვილითა.
და მოიღო სტამნითა წყალი და განბანა ჯვარი იგი და ასუა სნეულთა მათ, რომელთა ჰმსახურებდა და სცხო წყლულთა მათთა. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! რამეთუ მეყსეულად განმრთელდეს და ზე აღსდგეს ყოველნი იგი სნეულნი და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ბერნი იგი განკვირვებულ იყვნეს სარწმუნოებასა ზედა მის დედაკაცისასა და აკურთხ­ევდეს უფალსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი სარწმუნო მსახურნი საიდუმლოდ მადიდებელნი თვისნი.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პატიოსანნო მსმენელნო, მოვიგოთ ჩვენცა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული და ვიქმოდეთ მცნებათა უფლისათა: უცხოთა შევიწყნარებდეთ, სნეულთა მივხედვიდეთ და ყოველთა ჭირვეულთა ჴელსა აღუპყრობდეთ. წმიდათა კაცთა ვმსახურებდეთ და მართალთა შევიწყნარებდეთ, ვითარცა მაცხოვარი ბრძანებს: „რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს და რომელმან ასუას სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა… არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“(მთ. 10,42).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სარწმუნოებით ვილოცვიდეთ ღმრთისა მიმართ და ვიტყოდეთ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, შეიწყალე სული ჩვენი ეშმაკთა მიერ ვნებული“.
ხოლო მან ზესთა სახიერმან, ყოვლად­ტკბილმან და მოწყალემან, გურქუას კაცთმოყვარებით ყოვლადსაწადელითა და ღმრთივშვენიერითა ჴმითა ბრწყინვალითა: „მშვიდობა შენთანა, მცნებათა ჩემთა აღმასრულებელო. „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით“[ლკ. 7,50] ზეცად მიმართ და დაიმკვიდრე სასუფეველი, რომელი პირველითგან განგიმზადე საშვებელად შენდა და სადიდებელად ჩემდა, ვინათგან „მცირესა ზედა ეკ­კლესიასა სარწმუნო იქმენ, აჰა, ესერა დიდსა ზედა სასუფეველსა დაგადგინო შენ უფლად და მეფედ, განშვენებული გვირგვინ-დიადიმ და პორჶირითა, რათა სუფევდე და იხარებდე საუკუნოდ“[მთ. 25,21].
გულსმოდგინე ვიქმნეთ, ჵ, საყვარელნო ძმანო, ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი პვ [86]
კრძალულებისათვის შვენიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქვენნი ყოვლისაგან ვნებისა“[ლკ. 12,15].
საყვარელნო, კრძალულება მშობელი არს ყოველთა კეთილთა, კრძალულება საუნჯე არს სათნოებათა, კრძალულება პატიოსნება არს სულისა და კეთილად წარმმართებელი ცხოვრებისა. აქაცა მშვიდობისა შემტკბობელი და მას საუკუნესა დიდებისა მომატყვებელი, და არს სათნო უფლისა, მსგავსება ანგელოსთა და საქმე წმიდათა.
რამეთუ ილოცვიდა ოდესმე სანატრელი მამა ჩვენი მაკარი, და ესმა ჴმაჲ ანგელოსისაგან, ვითარმედ: „მას რომელსამე ქალაქსა არიან ორნი დედანი ფრიად კეთილკრძალულნი და სათნო უფლისა“.
ხოლო მივიდა მათდა მიმართ ღმერთშემოსილი იგი მამა მაკარი და ჰკითხა მეტყველმან: „მშვიდობა თქვენ თანა, ღმრთივსულიერნო ასულნო, გამომიცხადეთ მე საქმენი თქვენნი კეთილნი“. ხოლო მათ ჰრქუჱს სიმდაბლით: „ჩვენდა რაჲ კეთილ არს ცოდვილთა ამათ დედაკაცთა თანა, პატიოსანო მამაო?“ და იგი ეტყოდა: „მარქუთ მე, შვილნო სულიერნო, სათნოებანი თქვენნი მცნებისათვის უფლისა“. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუჱს: „ჩვენ, მამაო სანატრელო, უცხონი ვართ ურთიერთას, და ორთა ძმათა შევეყვენით ცოლად ამას სახლსა და მოგვიხდა გულსა სიწმიდით ცხოვრება და წარსლვა ქალწულთა მონასტერსა და არა გვიტევეს მეუღლეთა ჩვენთა, რამეთუ ქორწინებისა სჯულითა შეკრულ ვიყვენით. და ვინათგან ესე სურვილი ჩვენი არა იქმნა, ათხუთმეტი წელი არს, რომელ ვჰყავთ აღთქმაჲ, რათა ვეკრძალნეთ არა თქმად სიტყვა რაჲმე უშვერი და ამაო, არამედ მარადის ვილოცავთ პირითა ჴელთსაქმარსა თანა და მით ვიქმთ მოწყალებასა ქვრივთა და ობოლთა მიმართ, და ვჰმსახურებთ ეკკლესიათა, პატივს­ ვცემთ მღუდელთა და ვადიდებთ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა“.
ესერა ესმა წმიდასა მას ბერსა, ჰრქუა მათ: „კურთხევით გაკურთხენ თქვენ უფალმან და სრულ ჰყავნ კეთილი ეგე სრბა თქვენი საუკუნო ცხოვრებად“. და თავსა შორის თვისსა განკვირვებული ადიდებდა უფალსა, რომელსა მრავალნი ესევითარნი კეთილკრძალულნი და პატიოსანნი სულნი ჰყვანან სადიდებელად სახიერებისა მისისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პატიოსანნო მსმენელნო, მოვიგოთ კრძალულება და მყუდროება, რამეთუ იტყვის უფალი: „ვის მივხედნე, გარნა მშვიდსა და მყუდროსა“[ეს. 66,2]. და განვაგდოთ ჩვენგან კადნიერება და ლაღობა, რომელი ბილწად წოდებულ არს წერილთა შინა.
კრძალულება ყოველსავე შინა კეთილ არს, საყვარელნო და უმეტესად ლოცვასა შინა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ლოცვასა განკრძალულ იყვენით“(რომ. 12,12).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ლოცვასა განვეკრძალნეთ, რათა არა უჯერო რაჲმე სიტყვა გამოვიდეს პირით ჩვენით, არამედ რა იგი არს სათნო უფლისა, ყოველთა გულთა მეცნიერისა. და გულისსიტყვათაცა ჩვენთა ვეკრძალნეთ, ძმანო, აღკრძალვითა საცნობელთათა დავიმონნეთ იგინი, რათა არა ვსცეთ ადგილი ეშმაკთა, არამედ კეთილთა სამღთოთა წერილთა ვიწვრთიდეთ მარადის, ფსალმუნებითა უგალობდეთ უფალსა და ლოცვასა შინა ლმობიერი ცრემლი შევსწიროთ, ვითარცა ნელსაცხებელი ღირსთა დედათა. და ტკბილითა სიტყვითა ყოველთა კაცთა თანა კეთილსა ვჰყოფდეთ, ვითარცა შვენიერი მზრახველი იოსებ. და ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ძალისაებრ ჩვენისა გულსმოდგინებით ვმსახურებდეთ სათნოყოფად მისა. ქრისტესთანა ვივნოთ კეთილითა მოღვაწებითა, რათა მისთანაცა ვიდიდნეთ დიდებასა მას კაცთაგან გამოუთქმელსა, რომლისათვისცა ჴმობს იესო ტკბილი: „მამაო, მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“[იო. 17,24]. რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყვარებითა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი პზ [87]
სარწმუნოებით კურნებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ ძალგიძს რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“(მრკ. 9,23).
საყვარელნო, სარწმუნეობა კეთილი სულისა ბრწყინვალება არს, გონებისა ელვარება და გულისა ნათელი; ხოლო ლოცვისა წმიდისა – უეჭველი სრულყოფა, ვითარ იგი უფალი, ლოცვათა მსმენელი და თხოვათა აღმასრულებელი და ყოველთა გულთა და გონებათა მეცნიერი, იესო ტკბილი, ბრძანებს, ვითარმედ: „უკეთუ გაქუნდესთ სარწმუნოება, ვითარცა მარცუალი მდოგვისა და ჰრქუათ მთასა ამას – აღიფხვარ და შთავარდი ზღვად, იყოს ეგრეთ“[მთ. 21,21; ლკ. 17,6]. და რაჲმცა იყო უზესთაეს ამის პატიოსნებისა, რომელ უკეთუ ვინ სარწმუნოება შეიმოსოს, აქაცა ყოველსა კეთილსა სათხოველსა თვისსა მიიღებს და მას საუკუნესა, სასუფეველსა დაიმკვიდრებს, და ღმრთივშვენიერითა მარგარიტოვან გვირგვინითა იხარებს საუკუნოდ.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, წრფელი, ტკბილი, კეთილგონიერი და სარწმუნოებაშემოსილი ღმრთისა მიმართ და წმიდათა კაცთა ფრიად მსასოებელი. რომლისა ძე მხოლოდშობილი წყლით მანკიერ იქმნა და არარაჲ იპოებოდა მისთვის ლხინება. არამედ მხურვალითა სარწმუნოებითა წარიყვანა ძე იგი მონასტრად და დასდვა კარსა თანა გარე სენაკისა ღმერთშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა მამისა ჩვენისა მაკარისა და თვით განეშორა. ხოლო სიწმიდით სრულმან, ყოვლადნეტარმან მაკარი გარდამოიხილა სარკმლით და იხილა მდებარე იგი სნეული და ჰრქუა: „ვინ მოგიყვანა შვილო, შენ, აქა?“ მიუგო უძლურმან: „მამამან ჩემმან მომიყვანა აქა. დამაგდო, უფალო, და თვით წარვიდა“. ჰრქუა მას სასწაულთმოქმედმან ბერმან: „აღსდეგ, შვილო, ადრე და ეწიე მას“. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! რამეთუ, სიტყვასა მას თანა წმიდისასა, სრულიად განმრთელებული აღხლდნა სალმობიერი იგი და სრბით ეწია მამასა თვისსა.
ესერა იხილა კეთილმორწმუნემან მამამან მისმან, განკვირვებული ადიდებდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა და იტყოდა: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ წმიდათა შორის შენთა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“[ფს. 67,36].
იხილეთ, საყვარელნო, თუ კეთილმან სარწმუნოებამან მართლისა მის კაცისამან და სრულმან სიწმიდემან ღირსისა მის ბერისამან და ორთავე ზედა ღმრთის მოწყალებამან, ვითარი მსწრაფლი კურნება და საკვირველება დიდებული აღასრულა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიმოსოთ ჩვენცა სარწმუნოება ჭეშმარიტი და მოვიგოთ საქმენი კეთილნი. და ესრეთ, რაჲცა ვითხოოთ, ყოველივე შესაძლებელ იქმნების ჩვენ მიერცა უეჭველად. დაღაცათუ ძე არა გვყვანდეს სნეული, არამედ სული ჩვენი ცოდვისა მიერ სნეული განჰკურნოს, იესო ყოვლადსახიერმან. დაღაცათუ წმიდა მამა მაკარი არა იყოს აწ აქა, არამედ ქრისტე მეუფე ჩვენი არს უხილავად ყოველგან ღმრთაებითა თვისითა გარეშემოუწერელი იგი. უკეთუ ჩვენ სარწმუნოებით ჴმა ვჰყოთ მისა მიმართ, იგი სახიერი მსწრაფლ გვეპოების და გვიბრძანებს ყოვლადტკბილითა ჴმითა: „აჰა, ესერა მე თქვენ თანა ვარ“(მთ. 28,20).
ამისთვის ვიქმოდეთ, საყვარელნო, საქმეთა კეთილთა ქრისტეს მიმართ სარწმუნოებით. უკეთუ ქრისტესა ვერ ვჰხედავთ ჴორციელითა თუალითა, აჰა, ქრისტეს ძმათა მარადის ვხედავთ. მივსცეთ ამათ წყალობა სარწმუნოებით და ქრისტე მიითუალავს უეჭველად და ქრისტე მეუფე მოგუცემს ნაცვალსა ერთისა წილ ასსა და ცხოვრებასა საუკუნოსა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, ვითარცა მუშაკი სთესავს იფქლსა სარწმუნოებით და მოელის სასოებით, რათა უმრავლესი მოიმკოს, ეგრეთვე ჩვენცა, ძმანო, სარწმუნოებით ვთესოთ მოწყალება ჴელთა შინა გლახაკთასა. და სასოება გვაქუნდეს უეჭველად, რომელ ფრიად უმრავლესი მოვიღოთ ჴელისაგან ქრისტესისა და უბრწყინვალესი ოქროჲსა და უმრავლესი ვეცხლისა ათასეულისა დავიუნჯოთ დიდებაჲ და დიდად შვენიერი გვირგვინი ყვავილოვანი შევიმოსოთ და ღმრთივბრწყინვალედ ვიხარებდეთ დაუსრულებელად, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი პჱ [88]
სარწმუნოებით მოწყალებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მცირესა ზედა სარწმუნო, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“[ლკ. 16,10].
საყვარელნო, სარწმუნო ვექმნეთ მცნებათა ღმრთისათა და აღთქმასა იესო ტკბილისასა, ვითარმედ: „მიეცით და მოგეცესთ თქვენ საწყაული კეთილი და ზედა გარდათხეული“[ლკ. 6,38]. ამისთვის, ძმანო, მიცემა გლახაკთა მოწყალებისა აქაცა უვნებელად დაგვიცვამს და საუკუნო დიდებასაცა მოგვატყვებს. ხოლო უნჯება ოქროსა და ვეცხლისა, აქაცა მტერთა განგვიმრავლებს და შიშით გვაცოცხლებს და მუნ არას გვარგებს. გარნა სარწმუნოებით მიცემა გლახაკთა ზეცას წარუპარველად დაიუნჯების და საუკუნო სასოებითა გვახარებს.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, წრფელი, მუშაკი სათნოებისა და მოწყალე ფრიად. და რაჲსაცა მოირეწდა მუშაკობითა თვისითა, ყოველსავე გლახაკთ მისცემდა სარწმუნოებით და სასოება ქრისტესდა აქუნდა შემსჭვალული.
ხოლო კეთილის მოძულემან ეშმაკმან შთაუგდო გულსა მისსა ვეცხლისმოყვარება, ვითარმედ: „ოდეს დასნეულდე, სახმარ შენდა იყოსო“. და შეინახა ერთი დრაჰკანი, და შესძინა მეორეცა და მიუმატა მესამეცა, ვიდრე მეხუთედმდე. და ოდეს შეჰქმნა ხუთი დრაჰკანი, მაშინ შეემთხვია სალმობა ფერჴისა და განძლიერდა სენი მისი. გამოიღო ერთი დრაჰკანი და არარაჲ სარგებელ ეყო. წარაგო მეორეცა, ვიდრემდის ხუთივე წარაგო და ვერარაჲ ლხინება ჰპოვა. მერმე მოვიდა მკურნალი ვინმე კეთილჴელოვანი და გამოცდილი და ჰრქუა მას: „კაცო, ფერჴსა შენს მოკვეთა უნდა, თუ არა ყოველი გუამი შენი დალპოლვად არს“. და მოკვეთად განაჩინეს ფერჴი მისი ხვალისად.
და მას ღამესა იწყო ტირილად და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ გულითა მხურვალითა. და ტირილსა მას შინა და ლოცვასა, აჰა, ესერა წარმოუდგა მას ანგელოსი უფლისა და კაცი იგი განჰკრთა ბრწყინვალებისა მისგან. ხოლო ანგელოსმან მშვიდობისა სახითა და ტკბილითა ჴმითა ნუგეშინის სცა მას, და შეახო თითი მისი წმიდა ფერჴსა მისსა და განჰკურნა და ჰრქუა: „აწ რაჲსა იტყვი, ჵ, კაცო! შეჰქმნაღაა ხუთი დრაჰკანი და დასდვა სასოება შენი ვეცხლისა მიმართ, ვიდრე უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა?!“
ესერა ჰრქუა, უჩინო იქმნა ანგელოსი იგი და ვითარცა განთენა მოვიდა მკურნალი, რათა მოჰკვეთოს ფერჴი მისი და ურეკა კარსა. მაშინ თვით სნეულ ყოფილი იგი მიეგება და განუღო კარი. იხილა რა მკურნალმან, განცვიფრდა, და ვითარცა გამოიკითხა და ზედმიწევნით გულისჴმა ჰყო საკვირველება ღმრთისა, მეყსეულად მოიქცა მკურნალი იგი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, რამეთუ პირველ წარმართი იყო. და მის ძლით კაცმანცა მან ღმრთისამან და მკურნალმანცა, შესძინეს მოწყალებასა გლახაკთასა სარწმუნოებით და ადიდებდეს ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სარწმუნოებით განათლებულნო, სარწმუნოებასა ამას ჩვენსა თანა ჭეშმარიტსა მოვიგოთ სათნოებაცა და სასოება ჩვენი დავსდვათ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩვენისა და ნუ ვეცხლისა და ოქროჲსა. სარწმუნო მონა ვიქმნეთ უფლისა ღმრთისა ჩვენისა და ნუ დავამონებთ აზნაურებასა ჩვენსა მამონასა მას სიცრუისასა. არამედ ვიქმნეთ კეთილგონიერებით ბრძენ, სახიერებით – მოწყალე და სარწმუნოებით – განმგებელ, უფლისა ჩვენისა მიერ რწმუნებულსა ჩვენდა ყოველსავე ნიჭსა, რათა მორავიდეს ყოვლადსახიერი იგი და მართლმსაჯული უფალი დიდებისა და გვიბნრძანოს ყოვლადტკბილითა და ღმრთივშვენიერითა ჴმითა: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, ვინათგან მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, აჰა, ესერა მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა და განისვენე შენთვის განმზადებულსა საყდარსა ზედა“[მთ. 25,21], რამეთუ „სრბა მოღვაწებისა აღგისრულებიეს, სარწმუნოება მართალი დაგიმარხავს და მოწყალება პატიოსანი დაგიუნჯებიეს, რომლისათვის მიგელის ღმრთივბრწყინვალე ვარსკულოვოვანი გვირგვინი დიდებისა “[2 ტიმ. 4,7-8]. ვინათგან შენ სარწმუნო ექმენ სიტყვათა ჩემთა, მეცა სარწმუნო ვარ საქმეთა შენთა, რომელი ჰქმენ კეთილითა გონებითა ძმათა მიმართ ჩემთა. ამისთვის ღირს არს და მართალ, რათა ჩემთანა იხარებდე საუკუნოდ.
ჵ, ძმანო, ვისმინოთ ესე ტკბილნი სიტყვანი მაცხოვრისანი და სარწმუნოებით ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა მიმართ, და სასყიდელი მოვიღოთ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა და მის თანა ვიხარებდეთ დაუსრულებელად უკუნითი უკუისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

თხრობა სულიერი პთ [89]
დაფარულთ მცნობელობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ“(მთ. 9,29).
საყვარელნო, ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარიცა სარწმუნოება ჩვენ გვაქუნდეს ღმრთისა მიმართ, ანუ წმიდათა კაცთა, ეგოდენიცა მადლი და წყალობა მოგვეფინების ზეგარდამო. ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, ძმანო, სარწმუნოება უეჭველი და სასოება მტკიცე, წმიდათა და სათნოთა კაცთა ზედა. და რაჲსაცა ვსასოებდეთ, გამოგვიცხადდების მათ შორის დამკვიდრებულითა ღმრთისა მადლითა.
რამეთუ იყვნეს ორნი ძმანი სულიერნი, კათილმოსურნენი სათნოყოფად ღმრთისა, სამღთოსა მოქალაქობით წარმატებულნი და ეძიებდეს უაღრესსა სათნოებასა, მეტყველნი: „ნეტარ რაოდენი მადლი და წყალობა მოენიჭების ღმრთისა მიერ მოწყალეთა გლახაკთასა, რომელ ესრეთ უმეტესად და უზესთაესად მოწყალება არს პატივცემულ წმიდათა წერილთა შორის?“ და ჰსთქუჱს, წერილ არს, ვითარმედ: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა გასწავონ“[2 სჯ. 32,7].
წარვიდენ უკუჱ ღმრთივგანათლებულისა მამისა იოსებისა, რათა ჰკითხონ მას ამის პირისათვის. ხოლო ყოვლადღირსმან და პატიოსანმან ბერმან გულისჴმა ჰყო მადლითა სულის წმიდისათა და დასდგა ორი სკამი ამიერ და იმიერ, და მორავიდეს ძმანი იგი სულიერნი, სიხარულით შეიწყნარნა და დასხნა სკამთა მათ ზედა. და თვით შევიდა სენაკად და შეიმოსა სამოსელი საგლახაკო. გამოვიდა და ორთა მათ შორის განვლო და გამოვლო დუმილით. და კვალად განიძარცვა სამოსელი იგი საგლახაკო და შეიმოსა თვისივე. და მითცა განვლო შორის მათსა და გამოვლო.
იხილეს რა ესე ძმათა მათ, ჰრქუჱს მას: „რაჲ ესე ჰყავ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო პატიოსანო?“ მიუგო წმიდამან ბერმან: „ვიცვალეაა, საყვარელნო შვილნო, სამოსლითა მით საგლახაკოჲთა, ანუ სამოსლითა ამით ჩემითა?“ ხოლო მათ ჰრქუჱს: „არა იცვალე, ყოვლადსანატრელო მამაო, არამედ ორთავე შინა სამოსელთა იგივე ხარ წმიდა ეგე ღმრთისა“. მაშინ ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან: „ვითარცა ესე მე ორთავე შინა იგივე ვარ და ვერ მცვალეს სამოსელთა, ეგრეთვე, შვილნო ჩემნო საყვარელნო, მოწყალებისა ქმნაჲ, გინათუ ქრისტესა მისცე, ანუ თუ გლახაკსა, ორივე ერთ არს, რამეთუ თვით იესო ჭეშმარიტებისა წყარო ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“(მთ. 25,40).
ესერა იხილეს და ესმათ ძმათა მათ, ფრიად დაუკვირდათ, თუ ვითარ რა იგი გულსა მათსა აქუნდათ, წმიდამან ბერმან დაფარულთმცნობელმან სახითა ჭეშმარიტითა დაუმტკიცა და სიტყვითა მადლისათა სარწმუნო ჰყვნა. და მიერიდგან უმეტესის სარწმუნოებით იქმოდეს მოწყალებასა და ადიდებდეს ღმერთსა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ ვითარ სათნოებისა მოსურნეთა ღმერთი წმიდათა კაცთა მიერ განუმარტებს და განუცხადებს კეთილსა, რომლისათვისცა ჰგალობს მეფსალმუნე: „განცხადება სიტყვათა მათ შენთა, უფალო, განანათლებს და გონიერ ჰყოფს ჩვილთა“[ფს. 118,130].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ სათნოებათა თუალი – მოწყალება, რამეთუ ვითარცა თუალი პატიოსანი ოქროს ბუდესა შინა მჯდომარე და გარემოს მისა აქუნდენ მარგარიტნი კეთილნი, ეგრეთ შვენიერ არს და ბრწყინვალე სათნოებათა შორის მოწყალებაჲ. რამეთუ მოწყალებისა მიერ იქმნების გამობრწყინვება ჩვენი შორის სასუფეველისა და ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა შემკობა და საყდართა ზედა პატიოსანთა სუფევა და განათლება, და საუნჯეთა ზედა განმრავლებულთა უფლება. რამეთუ დაღაცათუ აქა ერთი მივსცეთ სარწმუნოებით გლახაკთა, ხოლო ქრისტე ასწილად სარგებლით განგვიმზადებს, რათა წინაშე ანგელოსთა და კაცთა მიგვიწოდოს ჴმითა მაღლითა და ღმრთივბრწყინვალითა მეტყველმან: „მოვედით, გამომზრდელნო და შემმოსელნო ჩემნო, და განისვენეთ ნაშრომთა თქვენთა ზედა და უფალ იყვენით საუნჯეთა დიდძალთა და დაიდგთ ოქროსა და ანთრაკისა უპატიოსნესი გვირგვინი შვენიერი მეფობისა, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“.
აჰა, ესერა გევედრები, ძმანო, „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა; აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისა“(2 კორ. 6,2), შევიმოსოთ მოწყალება გლახაკთა, შეწყნარება უცხოთა და შებრალება ტყვეთა. დავაშვრნეთ ჴელნი ჩვენნი კეთილმოქმედებითა და განვაშვენოთ მოწყალებითა, რათა ჴელისაგან ქრისტესისა მოვიღოთ გვირგვინი და პირისაგან იესოსა, ვისმინოთ კურთხევა და მისთანაცა ვსუფევდეთ მადლითა და წყალობითა მისითა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჟ [90]
წინასწარ მცნობელობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით“[ლკ. 7,50].
საყვარელნო, სარწმუნოებით ქმნილი ყოველივე კეთილი ფრიად შვენიერ არს და სათნო უფლისა. და თვინიერ სარწმუნოებისა არარაჲ არს კეთილ, ვითარცა სამღთო მოციქული იტყვის: „რომელი არა სარწმუნოებით იქმნების, იგი ცოდვა არს“[რომ. 14,23]. არამედ სარწმუნოებისაგან შეწევნილი სათნოება მტკიცე არს და შეურყეველ, გინათუ სიყვარული, გინათუ მორჩილება, გინათუ ცხოვრება, გინათუ სიკუდილი, ყოველივე სარწმუნოებისაგან აღორძინდების და სრულსა საზომსა უვნებელობისასა მიიწევის და სამღთოს მადლით განათლებული სულითა განბრწყინდების.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, მდაბალი, წრფელი, გულისჴმიერი, სათნოებათა მუშაკი, სარწმუნოებით განათლებული და სიყვარულით ამაღლებული. და უმეტესის მადლის შეძინებისათვის ჰბაძვიდა პირველსა ტობიას სათნოებათა და მკუდართა შემურვიდა კეთილად და გულსმოდგინებით. და ამით სახითა სრულ ჰყოფდა ჭეშმარიტსა სიყვარულსა, რომლითაცა შეიძენდა დიდსა მადლსა ღმრთისა მიერ.
და ჰყვანდა მას სანატრელს მამასა მსგავსი თვისისა სათნოებისა მოწაფე დამორჩილებული, ყოველსა შინა საქმესა კეთილსა და ძმა იგი სარწმუნოებით, სიყვარულით და უმანკოებით ჰმსახურებდა მამასა თვისსა სულიერსა. და წინასწარმცნობელობისა მადლითა სცნა კეთილმან მან მოწაფემან კეთილისა მოძღვრისამან აღსასრული თვისი და ჰრქუა მამასა თვისსა: „ღმერთ­შემოსილო მამაო პატიოსანო, მე რომ მოვჰკუდე კეთილად შემმურამაა და წარმგზავნი უფლისად მშვიდობით?“
ჰსცნა მანცა სულითა მხილველმან მამამან წინასწარმცნობელობისა მადლითა, ვითარმედ ახლოს არს აღსასრული მოწაფისა მის და ჰრქუა: „ჰე, შვილო საყვარელო, ესრეთ კეთილად შეგმურავ, რომელ თვით სთქუა თუ კეთილ არს“.
და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა მიიცვალა ღმრთივკურთხეული და ყოვლადსანატრელი ძმა იგი და საქმით აღესრულა წინასწარ სიტყვით გამოცხადებული მისი.
ხოლო წმიდამან ბერმან კეთილად შემურა, ვითარცა ჰშვენოდა პატიოსნებასა მისსა. და ოდეს მიიღეს ეკკლესიად და შემოჰკრბენ ძმანი ყოველნი წარგზავნასა მისსა, მაშინ ჰრქუა მიცვალებულსა მას მამამან მისმან სულიერმან: „შვილო საყვარელო, კეთილად შემურვილ ხარაა, ანუ თუ გაკლს რაჲმე?“ ხოლო მიცვალებულმან ჴმა ჰყო და მორჩილ ექმნა ამას ზედაცა მამასა თვისსა და ჰრქუა: „კეთილ არს და გულსავსე ვარ, ღმერთშემოსილო მამაო“.
ესერა ესმათ მუნ მყოფთა, ყოველთა განჰკვირდეს სარწმუნოებასა და სიწმიდესა ზედა მის მამისასა და მორჩილებასა და სიყვარულსა მის ძმისასა და ადიდებდეს საკვირველთმოქმედსა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. მოწაფენი სარწმუნოებით ვმორჩილებდეთ მოძღვართა ჩვენთა, და მოძღვარნი სიყვარულით ულოცვიდეთ კეთილად მორჩილთა, და სასოებითა ყოველნივე მოველოდეთ ღმრთისა მიერ მადლსა და სასყიდელსა.
ძმათა მიმართ ჩვენთა ვაჩვენოთ სიყვარული და წყალობა, და ნუცა მტერთა მიმართ და მოძულეთა ჩვენთა დავაყენებთ სიყვარულსა და კეთილისყოფასა მცნებისათვის უფლისა, ვითარ იგი ბრძანებს: „გიყვარდენ მტერნი თქვენნი… და კეთილსა უყოფდეთ მოძულეთა თქვენთა“(მთ. 5,44).
და უფროსად მიცვალებულთა ზედა ვაჩვენოთ სიყვარული და წყალობა, ძმანო, რომელ ესე არს ჭეშმარიტება და სათნო უფლისა, ვინათგან მათ მიერ არღარას მოველით ნაცვალსა ამას სოფელსა, და მათ მაგიერად ღმერთი მოგვანიჭებს, მადლსა და დიდსა წყალობასა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიმოსოთ ესევითარი სათნოება, რათა ქრისტე შევიმოსოთ და ქრისტეშემოსილნი ქრისტესა ვმსახურებდეთ. და ქრისტეს მსახურნი ქრისტეს თანა ინახიდ ყოფნასა ღირს ვიქმნეთ, ვითარცა თვით ბრძანებს: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს და ხედვიდეს დიდებასა ჩემსა“[იო. 12,26; 17,24].
ჵ, საყვარელნო, უკეთუ გვსურის ქრისტეს თანა ყოფაჲ, და დიდებისა მისისა ხილვაჲ, ესე სათნოებანი კეთილად და ღმრთივშვენიერად აღვასრულნეთ. და ჭეშმარიტისა სარწმუნოებითა სრულსა სიყვარულსა მივიწივნეთ და მადლითა ღმრთისათა განათლებულნი ზეცისა სასუფეველსა გამოვბრწყინდეთ. ვაქებდეთ, ვადიდებდეთ და უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეცხრისა თავისა

 

 

 

 

 


თავი i [10]

სიყვარულისათვის
ღმრთისა თანა შეერთებულისა

 


თხრობა სულიერი ჟა [91]
სიყვარულისათვის მოყვსისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყვარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ“(იო. 13,34). და სამღთო მოციქული იტყვის: „ძმანო, სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ. სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოჲს, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა მოითმენნ და სიყვარული არასადა დავარდების“[1 კორ. 13,4-8].
ამის ესევითარისა სამღთოსა და სანატრელისა სიყვარულისა შემ­ტკბობელი იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი მრავალთა სათნოებათა მოქმედი, სახელით აღათონ, რომელი რაჲსაცა მოქმედებდა ჴელითა თვისითა, ყოველსავე სიყვარულად მისცემდა.
ესე სანატრელი მამა, ანგელოსთა მსგავსი მოქალაქობითა, დღესა ერთსა წარვიდა ქალაქად განსყიდვად ჴელთსაქმისა თვისისა. და იხილა გზასა ზედა მდებარე განრღვეული ვინმე გლახაკი და ჰრქუა მას განრღვეულმან: „სადა წარხვალ, მამაო პატიოსანო?“ ხოლო მან მიუგო: „ქალაქად წარვალ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო“. ჰრქუა მას განრღვეულმან: „ჰყავ სიყვარული, ღმერთშემოსილო მამაო, და წარმიყვანე მეცა შენთანა ქალაქად“. ხოლო მან სიყვარულისათვის ქრისტეს მცნებათასა აღიკიდა და მიიყვანა ქალაქად. და ოდეს განჰყიდა ჴელთსაქმარი თვისი, ჰრქუა მას განრღვეულმან: „ღმრთივსულიერო მამაო, მიყიდე მე ესე და იგი რაჲმე“. ხოლო მან უდრტვინველად უყიდა მას, რაჲცა უნებდა.
მერმე ჰრქუა მას განრღვეულმან: „წარხვალაა მამაო პატიოსანო?“ ხოლო მან მიუგო: „ჰე, წარვალ, ღმრთივსულიერო ძმაო“. ჰრქუა მას განრღვეულმან: „ჰყავ სიყვარული კვალადცა, ღმერთშემოსილო მამაო, და წარმიყვანე მუნვე, სადაცა მპოვე“. ხოლო მან იტვირთა და მოიყვანა ადგილსა მასვე.
მაშინ ამაღლდა იგი და ჰრქუა მას: „კურთხეულ ხარ შენ ღმრთისა მიერ, მამაო აღათონ, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა!“
ესერა სთქუა, მიეფარა თუალთაგან მისთა, რამეთუ ანგელოსი იყო უფლისა და მოსრულ იყო გამოცდად მისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიყვაროთ ქრისტეს მიერ ძმანი, რომელნი ერთისა სარწმუნოებითა, ერთისა ემბაზისაგან აღმოშობილ ვართ და ერთისა ზეცათა მამისა შვილნი ვართ. გინათუ გლახაკი იყოს, გინათუ უძლური, ანუ კეთილისმყოფელი იყოს ჩვენი, ანუ ბოროტისმოქმედი, სრული სიყვარული და წყალობა ვაჩვენოთ მათ ზედა და ვიქმნეთ შვილ ღმრთისა, ვითარცა „იგი თავადი ტკბილ არს და სახიერ ყოველთა მიმართ და მზესა თვისსა აღმოუბრწყინვებს ყოველთავე“[ლკ. 6,35; მთ. 5,45].
ვემსგავსნეთ სათნოებითა ამით, მეუფესა ჩვენსა ქრისტესა, რამეთუ მან პირველვე შემიყვარნა და სული თვისი ჩვენთვის დასდვა. ვითარ იგი თვით ბრძანებს: „უფროსი ამისსა სიყვარული არა ვის აქუს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის. და თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ“(იო. 15,13-14).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიტკბოთ დიდის ესე და მაღალი სათნოება – სიყვარული მოყვსისა, რომელი არაოდეს იგონებს ბოროტსა, არამედ მარადის ყოველთათვის კეთილსა განიზრახავს, რამეთუ „აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს“(რომ. 13,10), ვითარმედ: „შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“(ლევ. 19,18; მთ 19,19; მრკ. 12,31; რომ 13,9; გალ. 5,14; იაკ 2,8).
მოვიგოთ საყვარელნო ჭეშმარიტი სიყვარული, რომელი აღამაღლებს კაცსა სასუფეველად და ღმრთისა თანა მდგომარე ჰყოფს. ვითარცა წერილ არს: „ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მისთანა ჰგიეს და იგი ღმრთისათანა“(1 იო. 4,16).
სიყვარულითა და მოწყალებითა, ვითარცა ორითა ფრთითა ოქროსფერითა, აღვფრინდებით და ავმაღლდეთ ზეცისა სავანეთა და ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ და წმიდათა თანა გვირგვინოსან ვიქმნებოდეთ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჟბ [92]
ძმათ მოყვარებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე შორის მათსა“(მთ. 18,20). და სულითა წმიდითა მეფსალმუნე გალობს: „რამე კეთილ, ანუ რამე შვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად სიყვარულითა სულიერითა“[ფს. 132,1].
საყვარელნო ღმრთისანო, არარაჲ არს უპატიოსნეს ურთიერთას სიყვარულისა და ღმერთი დაემკვიდრების ჭეშმარიტსა სიყვარულსა შორის და ანგელოსნი იხარებენ, პატიოსანსა ამას სათნოებასა ზედა სიყვარულისასა და კაცნი წმიდანი ადიდებენ და აქებენ ყოვლადსანატრელსა სიყვარულსა.
რამეთუ იყვნეს სამნი სულიერნი ძმანი: მართალნი, წრფელნი და ურთიერთას შეყვარებულნი, ერთსულად და ერთგულად შეერთებულნი, ლოცვითაცა და ყოვლითა სათნოებითა კეთილითა და ქველისსაქმითა.
წარვიდენ სანატრელნი იგი ზოგად და აღიღეს სამოცი ორნატეული ყანაჲ სამკალად, რათა ერთბამად აღიღონ სასყიდელი მისი და ჰყონ თავისა მათისა საზრდელი და მით ჰყოფდენ მოწყალებასაცა. ხოლო პირველსავე დღესა დასნეულდა ერთი მათგანი, გარნა ორთა მათ სთქუჱს ურთიერთას: „ძმაო საყვარელო, ჯერ არს ჩვენდა უმეტესი შრომაჲ, რათა ძმისა მის ჩვენისა სნეულისა, ნაწილიცა ჩვენ მოვმკოთ და ფასი სამთავე ზოგად იყოს, რამეთუ სახიერი ღმერთი, ლოცვითა და მოთმინებითა მის უძლურისათა, უმეტესად შემწე გვექმნების, ვითარცა წერილ არს: „თავს იდებდით ურთიერთას სიყვარულითა“(ეფეს. 4,2).
და ადრე სრულ ჰყვეს სამუშაკო იგი მადლითა ღმრთისათა, მიიღეს სასყიდელი და მიართვეს ძმასა მას სნეულსა. ხოლო იგი იჯმნიდა სიმდაბლით და იტყოდა: „მე არა მიმკიეს, საყვარელნო ძმანო, და არა მაქვს ნაწილი მაგისი“, და იცილობოდეს ურთიერთას სიყვარულითა.
წარვიდენ დიდისა ვისმე ბერისა წმიდათაგანისა და განუცხადეს სამღთო იგი ცილობა მათი. რამეთუ ერთი იგი იტყოდა: „არა მიმკიეს და ვითარ მივიღო სასყიდელი, პატიოსანო მამაო?“ ხოლო ორნი იგი იტყოდეს, ვითარმედ: „ლოცვითა და მოთმინებითა უძლურისათა შეგვეწია ჩვენ ღმერთი, თუ არა, ჩვენ ორთა ვერ ძალგვედვა ესრეთ ადრე სრულყოფად საქმე იგი, ღმერთშემოსილო მამაო“.
ესერა ესმა წმიდასა მას კაცსა, განკვირვებულ იყო სიყვარულსა და სათნოებასა ზედა მათ ნეტართასა. და ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს საქმე მათი. და ანგელოსისა მიერ მოიღო უწყება, ვითარმედ: ჭეშმარიტი სიყვარული არს მათ შორის. და სამთავე სიტყვაცა სიყვარულით არს და სათნო უფლისა და მიიღონ სამთავე სწორად, რამეთუ უძლურისა მის წილ შეეწია ღმერთი სიყვარულისათვის მათისა.
ესე ვითარცა გამოუცხადა ძმათა მათ წმიდამან ბერმან, სარწმუნო იქმნეს და ადიდებდეს ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, შევიტკბოთ ურთიერთას სამღთო სიყვარული. და ერთსულ და ერთზრახვა ვიყვნეთ ზეცისა მოქალაქობისათვის, ვითარცა ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება და ერთ არს ღმერთი, მამა ჩვენ ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ჩვენ ყოველთა შორის, ვითარ იგი ბრძანებს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელსა უყვარდე მე, მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მე და მამა და მისთანა სავანე ვჰყოთ“[იო. 14,23].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ყოვლადვე შევიყვაროთ ღმერთი და მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი თვისი, რამეთუ ქრისტემანცა ფრიად შემიყვარნა ჩვენ: უძლურებანი ჩვენნი იტვირთნა და სნეულებანი განჰკურნნა და მხართა თვისთა ზედა აღისუა ბუნება ჩვენი და მამასა მიგუარა. და კაცთ­მოყვარებით გვექმნა ძმა სულიერი, მეგობარ სარწმუნო, სიძე უხრწნელებისა. „და ყოველთა გვექმნა ყოვლადვე, რათა ყოველნი გვაცხოვნნეს“[1 კორ. 9,22].
აწ უკუჱ ჩვენცა შევიყვაროთ იგი და ძმანი მისნი, რომელ არიან: გლახაკნი, უძლურნი, უცხონი, მშიარნი, შიშველნი და ვაჩვენოთ მათ ზედა წყალობა და სიყვარული ჭეშმარიტი, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, რომელსა ღირს­მცა ვართ ყოველნი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჟგ [93]
ძმათ მოყვარებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ამას გამცნებ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას“[იო. 13,34].
საყვარელნო, ურთიერთას სიყვარულსა შორის წმიდასა ღმერთი დაემკვიდრების. ძმათმოყვარება უბიწოჲ ანგელოსთა მსგავსება არს და კაცთაგან ბრძენთა ფრიად სანატრელ, რომელიცა სამღთოსა სჯულსა აღასრულებს კეთილად და ღმრთივშვენიერად. და ძმათმოყვარებისა მიერ, ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ შეიწირვის და სათხოველი კეთილი მსწრაფლ აღუსრულდების.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ახოვნებით მოღვაწე, ძლიერებით მმარხველი, სიმხნით მლოცველი, ღმრთის სიყვარულით განათლებული და ძმათმოყვარებით განშვენებული, სახელით მოსე, მსგავსად ღმრთის მხილველისა მოსეს პირისა, გონებით განბრწყინვებული. რომელიცა წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა, რათა მყუდროებით ჰმსახურებდეს ღმერთ­სა. და იხილა ნაპრალი კლდისა და სათნო უჩნდა დამკვიდრებად მას შინა. გარნა საჭირველ იყო წყლისა მოღება და ვითარ იგი ზრუნვიდა თუ სადათ მოიღოს წყალი, მოიწია მისა ჴმაჲ ზეგარდამო: „მოსე, შევედ და ნუ ზრუნავ“. ხოლო იგი სარწმუნო ექმნა ჴმასა მას სამღთოსა და დაემკვიდრა მას შინა ანგელოსებრივისა მოქალაქობითა, და უმეტესად განბრწყინდა გონება მისი ღმრთისა სიყვარულითა.
დღესა ერთსა მოვიდნენ მის ნეტარისა ორნი ძმანი სულიერნი და პატიოსანნი. ხოლო მან სიყვარულითა სულისათა და სიხარულითა გულისათა შეიწყნარნა იგინი, თაფლისა უტკბილესითა სიტყვითა და სამოთხისა უშვენიერესითა თხრობითა განაპოხნა ძვალნი მათნი და დაუგო ტაბლაცა სიყვარულისა. გარნა ერთი ოდენ მცირე სარწყული წყალი აქუნდა და იგიცა დაელია. ხოლო მამა მოსე შევიდოდა და გამოვიდოდა მრავალგზის და ილოცვიდა დუმილით. და აჰა, ესერა ღრუბელი სავსე წყლითა მოვიდა კლდესა მას ზედა და აღავსნა ჭურჭელნი მისნი ყოველნი.
შემდგომად ამისა, ვითარცა სჭამეს სიყვარული, ჰკითხეს ძმათა მათ სულიერთა: „ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, რაჲსათვის ზედას ზედა შეხვიდოდი და გამოხვიდოდი?“ მიუგო წმიდამან ბერმან: „ამისთვის, საყვარელნო შვილნო, რომელ ლოცვასა ვჰყოფდი ღმრთისა მიმართ, ვითარმედ: „მოვედ სიყვარულითა შენითა, უფალო, ადგილსა ამას და აწ წყალი არა მაქვს, რათა ჰსუან მონათა შენთა, ძმათა ჩემთა სულიერთა, რომელნი მოსრულ არიან ჩემდა სიყვარულისათვის შენისა“. ამას ვევედრებოდი უფალსა, ვიდრემდის მომცა ჩვენ წყალი, ტკბილმან მეუფემან და კაცთმოყვარემან სახიერმან, რომელი აღაღებს ჴელსა თვისსა, და ყოველსავე განაძღებს სიტკბოებითა, და კურთხეულ არს ყოვლადწმიდა სახელი მისი უკუნისამდე“.
იხილეთ, საყვარელნო ძმანო, თუ ვითარ ყოვლადსახიერი ღმერთი ჩვენი მოშიშთა მისთა და მოყვარეთა სახელისა მისისათა, ვედრებასა მსწრაფლ შეისმენს და თხოვათა აღუსრულებს. ვითარცა იტყვის მგალობელი: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს უფალმან და ვედრებისა მათისა ისმინოს“[ფს. 144,19].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ძმათმოყვარება და სათნო ვეყვნეთ კაცთმოყვარესა ღმერთსა, რომელსა ჰნებავს ჩვენი ურთიერთას ჭეშმარიტი სიყვარული და ურთიერთას სათნოყოფა კეთილისა აღსაშენებელად, და არა თავთა თვისთა ოდენ სათნოყოფად, არამედ მოყვასთა სულთაცა სარგებელისა შეძინებად, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი და სათნო უფლისა სიყვარული, რათა მოყვასთა სულთათვის ვზრუნვიდეთ და სარგებელსა მათსა ვეძიებდეთ, ყოვლით კერძო, ვითარცა სულთა ჩვენთათვის.
აწ უკუჱ, საყვარელნო ძმანო ჩემნო, ყოვლისა უპირატესად შევიყვაროთ სრულის სიყვარულითა, ყოვლადსაყვარელი ღმერთი და შევიყვაროთ მოყვასიცა ჭეშმარიტითა სიყვარულითა, ვითარცა თავი თვისი. „და გვიყვარდენ მტერნიცა და ულოცვიდეთ მოძულეთა ჩვენთა“[მთ. 5,44], მცნებისაებრ უფლისა, „რათა ვიყვნეთ შვილ მამისა ზეცათასა“[მთ. 5,45]. და არავინ არს ჩვენ მიერ საძულველ, თვინიერ ბოროტი ეშმაკი და ნაყოფი მისი ცოდვაჲ.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, სრულიად მოვიძულოთ უკეთური ეშმაკი ცოდვითურთ, სულისა ჩვენისა წარმწყმედელი. და ყოვლადვე შევიყვაროთ ჭეშმარიტი ღმერთი და კეთილი მცნება მისი, რომელ არს ძმათ სიყვარული პატიოსანი, რომელი აცხოვნებს სულსა ჩვენსა და საუკუნო ნეტარებასა შინა განგვაბრწყინვებს და ღმრთივშვენიერად განგვანათლებს მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

თხრობა სულიერი ჟდ [94]
მოყვასთა სულის სიყვარულისთვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან ჰყოს ნება ჩემი, იგი არს ძმა ჩემი და დაჲ და დედა ჩემი“[მთ.12,50; მრკ. 3,35].
საყვარელნო, ესე არს ნება ღმრთისა, რათა მოვიგოთ სრული სიყვარული ღმრთისა და კაცთა. შევიმოსოთ სიწმიდე სულისა და ჴორცთა, შევიტკბოთ მოღვაწება და სათნოება და ყოვლადვე ვეკრძალებოდეთ ვნებასა და ცოდვასა სულისა ჩვენისა წარმწყმედელსა. და მოყვასთაცა სულთათვის ვზრუნვიდეთ და სარგებელსა მათსა სიტყვით და საქმით ვაჩვენებდეთ, რომელ ესე არს ნამდვილ ჭეშმარიტი სიყვარული კაცთა და სათნო ღმრთისა და უფროსად გვირგვინოსანმყოფელი სულთა ჩვენთა.
რამეთუ იყო ვინმე ქალწული ქრისტეს მოყვარე, სიწმიდის მოსურნე და განკრძალული ყოვლადვე, სახითა ფრიად შვენიერი, სახელით ალექსანდრია. რომელმან ზეცისა მოქალაქობისა სურვილითა დაუტევა ქალაქი და განვიდა უვნებელი და იშენა თავისა თვისისა სენაკი იწრო. და შეეყენა მას შინა და დაუტევა ერთკერძო მცირე სარკმელი, რათა მუნით მიიღებდეს საზრდელსა სადიდებელად ღმრთისა. ხოლო პირისპირ არავის იხილვიდა, არცა მამაკაცსა და არცა დედაკაცსა, თვინიერ მოძღვრისა თვისისა.
ამის სანატრელისა ქალწულისა მივიდა ყოვლადღირსი და პატიოსანი მელანია ჰრომაელი და ჰკითხა სარკმლით მეტყველმან: „ღმრთივსულიერო პატიოსანო დედაო, მომითხარ მე, თუ რაჲსთვის გამოხვედ ქალაქით და შეეყენე საფლავის მსგავსსა ამას სენაკსა უკაროსა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ამისთვის, ყოვლადსანატრელო დაო, რამეთუ ევნებოდა ვისმე ჭაბუკსა ჩემგან, რომელსა აქუნდა ბოროტი ტრფიალი ჩემთვის, და რათა არა ვექმნა მიზეზ წარწყმედისა და დავაბრკოლო სული, ხატად ღმრთისა დაბადებული, აღვირჩიე ამას სამარესა შინა სიკუდილი ჩემი, ვიდრე ვნება სულისა მისისა ხედვითა ჩემითა“.
კვალად ჰკითხა ღირსმან მელანია და ჰრქუა: „ვითარითა განწესებითა მოითმენ მარტოებასა, ჵ, მხევალო ქრისტესო?“ ხოლო მან ნეტარმან მიუგო: „ცისკრითგან ვიდრე მეცხრე ჟამადმდე ვილოცავ მოძღვრისა მიერ განწესებულთა ლოცვათა, და სხუათა მათ ნაშთთა ჟამთა ვიქმ ჴელთსაქმარსა და ვიწვრთი წმიდათა მამათა ცხოვრებასა და მოძღვრებასა. ხოლო მწუხრი რა მოიწიოს, შევსწირავ კვალად ლოცვასა სავედრებელად, და მოვიღებ საზრდელსა მმადლობელი ღმრთისა, მცირედ მივიძინი და აღვსდგები დიდებისმეტყველებად უფლისა, და მოველი აღსასრულსა ჩემსა, პატიოსანო დედაო“.
ესევითარითა ანგელოსებრივითა მოქალაქობითა და კეთილგონიერებით მოღვაწებითა დაჰყო სანატრელმან და ბრძენმან ქალწულმან სამარესა მას შინა ათი წელი და მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცუალა და მიეგება სიძესა მას უკუდავსა ლამპრითა ბრწყინვალითა და იხარებს ნათელსა მას შინა დაუღამებელსა საუკუნოდ და ანგელოსთა თანა უგალობს და ადიდებს ღმერთსა.
იხილეთ საყვარელნო, თუ დედანიცა უძლურისა ბუნებისა მქონებელნი, ვითარ განძლიერდებიან გულსმოდგინებითა და ზესთა ბუნებისა აღემატებიან ღმრთისა სიყვარულითა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სასუფეველის დიდებისა მეძიებელნო, მოვიგოთ ჩვენცა იესო ტკბილისა მიმართ სრული სიყვარული და სიყვარულითა მისითა განვეკრძალნეთ, რათა არავინ კაცთაგანი დავაბრკოლოთ კეთილისაგან და ვექმნეთ მიზეზ ვნებისა. არამედ უფროსად შევიყვაროთ მოყვასთა სული, ვითარცა სული ჩვენი [ლევ. 19,18; მთ. 19,19] და წარუმართებდეთ სათნოებისა მიმართ, რათა იგინიცა სცხონდენ შეწევნითა ჩვენითა. და ჩვენ მრჩობლი გვირგვინი მოვიღოთ ღმრთისა მიერ და ესე არს ნება ღმრთისა და ჭეშმარიტი სიყვარული კაცთა და მსგავსება ანგელოსთა მით, რამეთუ ვითარცა ანგელოსნი მარადის კეთილისა მიმართ ღმრთისა ტრფიალებითა წარემატებიან და ურთიერთას არას ავნებენ. ეგრეთვე ჩვენცა, საყვარელნო, მარადის კეთილსა ვიქმოდეთ სულთა ჩვენთათვის და მოყვასთაცა სულთათვის და ვეკრძალებოდეთ ვნებასა სულისა წარმწყმედელსა. და ნამდვილვე ანგელოსთა თანა ზეცისა მოქალაქობასა მოვიგებთ და მათთანა ვიხარებთ საუკუნოდ.
ჰე, გევედრები, პატიოსანნო მსმენელნო, მოვიგოთ სამღთო სიყვარული საქმითა და ჭეშმარიტებითა, და მოყვასთა სულთა პატივისცემაჲ, რათა ყოველნი ერთობით ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

თხრობა სულიერი ჟე [95]
ღმრთისა ტრფიალებისათვის სათნოჲსა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“(ლკ. 10,42).
საყვარელნო, კეთილი ნაწილი ესე არს, რათა ყოვლადის სიყვარულით გვიყვარდეს ყოვლადსახიერი ღმერთი და სიყვარულითა მისითა ცეცხლებრ აღგზებულნი სათნოებათა ტრფიალ ვიყვნეთ. და უკეთუ ვნება რაჲმე სულისა გვებრძოლოს, ვითარცა ცეცხლისაგან ცვილი დადნეს და ჩვენ უვნებელნი წარვემატნეთ და დღითი დღე ამაღლდეს ჩვენ შორის სიყვარულისა ალი და შეერთოს სამღთოსა ცეცხლსა, რომლისათვის იტყვის: „ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს ვნებათა“[ებრ. 12,29]. რომლისაგან სერაჶიმმან მოიღო მარწუხითა და შეახო ბაგეთა ისაიასთა, მოსპოლვად მისგან ყოველთა ვნებათა. და ესე არს კეთილი ნაწილი, რომელი არასადა მიეღოს მომგებელთა მისთაგან.
რამეთუ ესევითარი იყო ვინმე ქალწული, ჭაბუკი ჰასაკითა, მხცოვანი გონებითა, განათლებული სიბრძნითა, დაცული სიწმიდითა, აღტრფობილი ღმრთისა სიყვარულითა, კეთილშვენიერი სახითა და ფრიად უშვენიერესი სულისა ბრწყინვალებითა. რომელიცა არაოდეს დააკლდებოდა ეკ­კლესიისა ლოცვასა და ტრფიალებით ისმენდა სამღთოსა წირვასა.
ხოლო ესე სანატრელი ქალწული დასნეულდა ოდესმე ძლიერად და ვერ შემძლებელ იყო მისლვად ეკკლესიასა. და მოიწია დღესასწული ეკ­კლესიისა დიდი და საუფლო. ყოველნი წარვიდენ სამღთოსა წირვისა სმენად და იგი მარტო დაშთა სახლსა შინა უძლური მდებარე. ლმობიერ იქმნა გულითა და ილოცვიდა გონებითა მხურვალითა და განათლდა ღმრთისა სიყვარულითა და ამაღლდა სული მისი და მიეცა სამღთოსა განკვირვებასა. და იხილა ეკკლესია ფრიად მაღალი და ყოვლადშვენიერი და უბრწყინვალეს მზისა განათლებული, და მას შინა ურიცხვნი წმიდანი და უმრავლესნი ანგელოსნი. და შორის მათსა საყდარი მაღალი და საყდარსა მას ზედა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემოსილი გვირგვინითა და სამღვდელ­მთავრო სამკაულითა. ჭეშმარიტად დიდი იგი მღუდელმთავარი, რომელმან განვლნა ცანი და დასჯდა საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა. რომლისა ბრწყინვალება თუალთშეუდგამ იყო, და მისგან გამომკრთოლვარე ნათელი ბრწყინვალე მოეფინებოდა ყოველთავე მუნ მყოფთა და განანათლებდა. და მას ქალწულსაცა მოეფინა ნათელი, ვითარცა სანთლისა სხივი და განათლდა გული მისი უმეტესის სიხარულითა.
ესე ყოველი რა იხილა, მოეგო კვალად თავსავე თვისსა განკვირვებისა მისგან და ჰპოვა თავი თვისი ყოვლითურთ მრთელი და უვნებელი. და მოვიდენ რა მოყვასნი მისი ეკ­კლესიით და მან ნეტარმან ესე ყოველი მოუთხრა. და ყოვლნივე ადიდებდეს ღმრთისა კაცთმოყვარებასა.
იხილეთ, საყვარელნო, თუ ღმრთისა ტრფიალებით მოყვარენი ვითარ ზესთა საზომსა მიიწევიან, სურვილით წადიერნი.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, ჩვენცა სრულის გულით შევიყვაროთ პირველითგანვე შემყვარებელი ჩვენი ქრისტე და ტრფიალებითა მისითა სათნოყოფასა მისსა ვიქმოდეთ მარადის, რამეთუ იგი ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15). ხოლო მცნებანი მისნი მძიმე არა არიან, ძმანო, არამედ „სუბუქ ტვირთი და ტკბილი უღელი“[მთ. 11,30] მისი და სურვილით საწადელ არს მოყვარეთა მისთათვის ჭეშმარიტებით.
ჰე, გევედრები, პატიოსანნო უფალნო, სურვილით შევიყვაროთ იესო ტკბილი და სათნოყოფასა მისსა ვიქმოდეთ ყოველნივე – მამანიცა და დედანიცა: „რამეთუ არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, არამედ ყოველნივე ერთ ვართ წმიდის ნათლისღებისა მიერ შვილ ღმრთისა ყოფილნი“[გალ. 3,28]. ყოველთა შევიყვაროთ ქრისტე მეუფე ჩვენი, რათა მანცა სახიერმან და კაცთმოყვარემან შეგვიყვაროს და შეგვიტკბოს. და ჩვენ ზედა დასხნეს ყოვლადწმიდანი ჴელნი მისნი ჩვენთვის სამსჭვლისა მიერ განწონილნი და ჰსთქუას მამისა მიმართ: „მამაო წმიდაო და მართალო, შეიყვარენ ესენი, ვითარცა მე შემიყვარე. მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა საუკუნოდ“[იო. 17,23-24].
ჵ, ძმანო სასურველნო, გულსმოდგინე ვიქმნეთ, რათა ვიხილოთ ესე სანატრელი დიდება ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჟვ [96]
ღმრთის სიყვარულისათვის დიდებულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და მოვიდეთ მე და მამა და მისთანა დავადგრეთ“[იო. 14,23].
ეჰა, საყვარელნო ღმრთისანო, რაჲმცა იყო უზესთაეს ამის სათნოებისა და უპატიოსნეს ამის დიდებულებისა, რამეთუ რომელმან ღმერთი შეიყვაროს, ვითარცა ჯერ არს ნამდვილვე იგი, წარმართებს ყოველსავე სათნოებასა კეთილად და სათნოდ უფლისა. ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ღმრთისმოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად“(რომ. 8,28).
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელსა დიდის სურვილით და ფრიადის ტრფიალით უყვარდა ღმერთი. და სიყვარულითა მისითა ყოველსავე სათნოებასა იქმოდა კეთილად და ღმრთივშვენიერად სიწმიდითა გულისათა და სურვილითა სულისათა და უმეტესად მარხვასა და ლოცვასა განკრძალულ იყო. და მრავალგზის აღიტაცებოდა გონებითა და საკვირველებასა ღმრთისასა იხილვიდა.
ესე ყოვლადსანატრელი მამა დღესა ერთსა, განთიად დასდგა ლოცვად სენაკსა შინა. და მესამესა ჟამსა შევიდა მოწაფე მისი და იხილა იგი, რამეთუ აღეპყრნეს ჴელნი და გონება ზეცად და იყო განკვირვებასა შინა. დაუტევა და დახშა კარი.
კვალად შევიდა მეექვსესა ჟამსა და მეცხრესა და იხილა ეგრეთვე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა მივიდა და იხილა იგი მწოლარე ჭილობსა ზედა და ჰრქუა მას: „რაჲ გჭირს, მამაო ყოვლადპატიოსანო?“ ხოლო მან მიუგო: „უძლურ ვარ, შვილო საყვარელო“. და მოწაფე იგი შეუვრდა ფერჴთა მისთა და ეტყოდა: „გევედრები, ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო, მაუწყე თუ რაჲ იხილე განკვირვებასა მას შინა?“ მიუგო წმიდამან ბერმან და ჰრქუა: „ღმრთივსულიერო შვილო, მე ზეცას აღვიტაცე გონებითა და ვიხილე სულიერითა თუალითა დიდება ღმრთისა. რამეთუ ანგელოსნი ჰგალობდენ ჴმითა ტკბილითა და ყოვლადსაწადელითა, და მუნ ვიხილენ ყოველნი წმიდანი მიუთხრობელითა და თუალთშეუდგამითა ბრწყინვალებითა განათლებულნი. და მეცა მათ თანა მდგომარე ვიყავ ვიდრე აქა ჟამადმდე და აწღა განტევებულ ვიქმენ“.
ესერა სთქუა სანატრელმან და ყოვლადღირსმან ბერმან, გამოისახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და განწმედილი სული თვისი უფალსა შევედრა, რომლისადა სურვიელ იყო. და შეერთო ბანაკსა მას წმიდათასა და ღმრთივბრწყინვალედ იხარებს მათ თანა საუკუნოდ.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ღმრთისმოყვარენო, ყოვლითა გულითა და სულითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა, შევიყვაროთ ღმერთი და მცნებათა მისთა აღვასრულებდეთ, რამეთუ თვით ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15). და ესე არს მცნება მისი, ძმანო, რათა „ვიყვარებოდეთ ურთიერთას“[1 პეტ. 1,22]. ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული იოანე, სიყვარულისა მახარებელი, ვითარმედ: „ესე მცნება მოვიღეთ მისგან, რათა რომელსა უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ძმაცა თვისი“(1 იო. 4,21). რამეთუ ყოველი სჯული ორთა ამათ მცნებათა დამოკიდებულ არიან, რომელ არს: „სრული სიყვარული ღმრთისა და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვსისა, ვითარცა თავი თვისი“[მთ. 22,37-40].
რამეთუ ამათ მცნებათა მოასწავებდენ წმიდანი წინასწარმეტყველნი, ამათ ჰქადაგებდენ ყოვლადქებულნი მოციქულნი, ამით გვირგვინოსან იქმნნეს ღვაწლისა მძლენი მოწამენი და ამით გამობრწყინდეს ღმერთშემოსილი მამანი და ყოველნი წმიდანი.
და უფროსღა სიყვარულითა გამოსჩნდა ღმერთი კაცთა შორის და სიყვარულითავე იქმნების კაცთა ზეცად აღსლვა დიდებად ღმრთისა და დამკვიდრებად ყოველთა წმიდათა შორის.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ თავი და ბეჭედი ყოველთა სათნოებათა – სიყვარული ჭეშმარიტი და ამის მიერ განბრწყინვებულნი ავმაღლდეთ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა წმიდათა თანა ნათლით შემოსილნი, ვხედვიდეთ დიდებასა ღმრთისასა და ვიშვებდეთ საუკუნოდ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


თხრობა სულიერი ჟზ [97]
სასუფეველის სიყვარულისათვის შვენიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“(მთ. 6,33); [ლკ. 12,31].
აწ უკუჱ საყვარელნო, რად არა ვეძიებთ სასუფეველსა, რომელი ჩვენთვის განმზადებულ არს პირველ სოფლის დაბადებისა? რამეთუ, რომელთამე სასუფეველისა სიყვარულითა, ყოველი მონაგები მათი გლახაკთ განუყვეს, რომელთამე თავნიცა თვისნი განჰყიდეს და მოწყალებად მისცნეს. მრავალთა სისხლი დასთხიეს სასუფეველისა სურვილითა და უმრავლესთა: ცრემლითა, ოფლითა, შიმშილითა და წყურვილითა დაადვნეს თავნი თვისნი სასუფეველის ტრფიალებითა და მარადის შვენიერებასა მისსა იგონებდეს და შემსჭვალულ იყვნეს სულითა და გონებითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, სახელით სისო, რომელმან ყოველივე მსოფლიო ზრუნვა დაუტევა და მხოლოდ სასუფეველი ღმრთისა შეიყვარა. დიდებასა და დიდად შვენიერებასა სიკეთისა მისისასა განიცდიდა გონებისა თუალითა, და მარადის იგონებდა ბრწყინვალებასა და ელვარებასა მისსა, თუ ვითარ თუალთშეუდგამი იგი ნათელი ღმრთაებისა განაბრწყინვებს ხერუვიმთა და სერაჶიმთა, ანგელოსთა და მთავარანგელოსთა. და იგინი სამწმიდაარსობით უგალობენ ღმერთსა, და ძალნი ცათანი ალლილუიასა შესწირვენ ჴმითა ყოვლადსაწადელითა. და თუ ვითარ ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა შემკობილ არიან წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მამანი, ქალწულნი და ყოველნი წმიდანი და მართალნი. დღე ყოველ ამათ საწადელთა შვენიერებათა იგონებდა სანატრელი იგი მამა, რამეთუ სიყვარული ღმრთისა და სურვილი სუფევისა მისისა განფენილ იყო გულსა შინა მისსა. და ოდესმე გარდავლის მრავალი ჟამი უჭმელად და ჰრქვის მოწაფემან მისმან: „ღმრთივსულიერო მამაო პატიოსანო, ჭამადი მიიღე“. ხოლო მან მიუგის განკვირვებით, არა გვიჭამიესაა შვილო, დღეს პური?“ და ჰრქვის მოწაფემან: „არა მიგიღიეს, ყოვლადსანატრელო მამაო“. მაშინ ჰრქვის წმიდამან ღმრთისამან: „მაშა მოიღე და ვსჭამოთ სადიდებელად ღმრთისა“.
იხილეთ, ღმრთისმოყვარენო პატიოსანნო მსმენელნო და გულისჴმა ჰყავთ საზომი სიმაღლისა სათნოებისა მისისა, რომელ ღმრთის სიყვარულითა და სასუფეველის შვენიერების სურვილითა, დავიწყებულ იყო მისგან მიღება ბუნებითისა საზრდელისა, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: „დამავიწყდა მე ჭამად პური ჩემი“[ფს. 101,5]. და ჰგალობს ღმრთისა მიმართ: „ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო, ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა“(ფს. 83,2-3).
ვაშა, ვაშა, საყვარელნო! რაჲმცა იყო უსანატრელეს სასუფეველისა, რომლისა მსგავსი „თუალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა“(1 კორ. 2,9].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიყვაროთ ჩვენცა სასუფეველისა შვენიერება და ვეტრფიალნეთ სიკეთესა მისსა, ვეძიებდეთ გულსმოდგინედ და ვიქმოდეთ სიმართლესა მისსა, რათა დავიმკვიდროთ მას შინა.
უკეთუ გსურის სასუფეველისა პოვნად, ჵ, კაცო, გეტყვის ქრისტე: „მომეც მე მცირე პურის ნატეხი, ერთი სასმელი წყალი გრილი, უნდო სამოსელი, უცხო ვიყო – შემიწყნარე, სნეულ ვიყო – მომხედე, საპყრობილესა ვიყო – მოვედ ჩემდა“[მთ. 25,35-36] და მე ამათ მცირედთა წილ სასუფეველისა დიდსა დიდებასა მოგანიჭებ და იშვებდე ჩემთანა ბრწყინვალითა და შვენიერითა გვირგვინითა საუკუნოდ“.
აწ უკუჱ რაჲღა გვნებავს უფროსი ამისსა სიყვარული, სახიერება და მოწყალება ღმრთისა ჩვენდა მომართ?! ჵ, ძმანო, ვიქმოდეთ ამათ ადვილთა მცნებათა, რათა მივემთხვივნეთ ზეცისა სასუფეველსა. ანგელოსთა თანა ვგალობდეთ, წმიდათა თანა ვიშვებდეთ, ღირსთა თანა ვიხარებდეთ და ღმრთისა მიერ გვირგვინოსან ვიქმნეთ ღმრივშვენიერად და პატიოსნად.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, გულსმოდგინე ვიქმნეთ სათნოებისათვის: მოვიგოთ სიყვარული და სიწმიდე, შევიტკბოთ მარხვა და ლოცვა, და ვიქმოდეთ სიმართელსა და მოწყალებასა, რათა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა – საყვარელსა სასურველსა და საწადელსა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 


თხრობა სულიერი ჟჱ [98]
ღმრთის სიყვარულით მცნებათა დამარხვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს რომელსა უყვარ მე“(იო. 14,21).
საყვარელნო, ამით სრულ იქმნების სიყვარული ღმრთისა ჩვენ მიერ, რომელ მცნებანი მისნი ღმრთივშვენიერნი აღვასრულნეთ კეთილად და პატიოსნად, სიბრძნითა და გონიერებითა, ვითარცა იტყვის იაკობ, ძმა უფლისა, ვითარმედ: „ზეგარდამო სიბრძნე პირველად სიწმიდე არს, მშვიდობა, სახიერება, სავსე წყალობითა და ნაყოფითა კეთილთა საქმეთათა“[იაკ. 3,17].
აწ უკუჱ, ძმანო, შევიყვაროთ ღმერთი სიბრძნითა და მცნებათა მისთა აღსრულებითა. ხოლო სამღთო მცნება ესე არს, რათა კეთილითა გონებითა ვმუშაკობდეთ ჴელითა ჩვენითა და ნაშრომთაგან ჩვენთა ნაყოფიერ ვჰყოფდეთ სულსა ჩვენსა, რომელ არს: მიხედვა ქვრივთა და ობოლთა ჭირთა შინა მათთა და შეწევნა ნაკლულევანთა და შეწყნარება გლახაკთა.
რამეთუ იყო ნამდვილვე ესევითარი ვინმე კაცი ღმრთისა: მმარხველი, მლოცველი, ღმრთის სიყვარულითა განათლებული, მცნებათა მისთა მოსურნე და გლახაკთა მიმართ ფრიად მოწყალე, სახელით ჶილორომოს, ხოლო ჴელოვნებით კეთილი, და სათნო მწერალი, რომელიცა ღმრთის სიყვარულითა აღტრფობილ იყო და სათნოებითა წარმატებულ. და ესევითარი აქუნდა განწესება, რომელ ღამე უმრავლესსა ილოცვიდა და დღე ყოველ სწერდა წმიდათა წერილთა, ხოლო მარადღე სმენითა მათითა განათლებული აქუნდა გონება და საქმითაცა მოსწრაფე იყო აღსრულებად. და რაჲსაცა მოირეწდა ჴელთსაქმრისა მიერ თვისისა, გლახაკთა, უცხოთა, უძლურთა, ქვრივთა და ობოლთა განუყოფდა და თვით ნაკლულევანი იმარხვიდა სასოებითა და ითმენდა ღმრთისა მადლობითა.
ესევითარსა სანატრელსა მოქალაქობასა შინა იქმნა იგი ოთხმეოცის წლისა და არაოდეს განეშორა ჴელითა თვისითა წერასა. და ჟამსა მიცვალებისა მისისასა კითხულ იქმნა სარგებელად სულისა თუ: ესოდენთა წელთა რაჲ სათნოება წარუმართებიეს სანატრელსა მას. ხოლო მან არა დაჰფარა ძმათ სიყვარულისათვის და ჰრქუა: „არა ოდეს დაუტევე კანონი ლოცვისა ჩემისა და არცა გონება ჩემი ღმრთისა ხედვისაგან. და ჴელთსაქმრისა ჩემისა მიერ მივეც ორასორმოცდაათი დრაჰკანი უძლურთა და გლახაკთა“. ხოლო მსმენელნი ჰნატრიდეს სათნოებასა მისსა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ესრეთ განაძლიერა მონა თვისი მცნებათა მისთა აღსრულებად.
იხილეთ, საყვარელნო, გულსმოდგინებით და სურვილით მცნებათა ღმრთისათა აღსრულებითა, თუ რაოდენნი კეთილნი დაიუნჯნა ზეცისა სასუფეველსა, რომელთა ზედა აწ განისვენებს და იხარებს ოქროჲსა უბრწყინვალესითა გვირგვინითა საუკუნოდ.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მსგავსად სამოთხისა ღმრთივშვენიერნი ყუავილნი სათნოებათანი აღმოვაცენოთ და ნაყოფი სულისა ვაჩვენოთ სიმართლისა მზესა, უფალსა ჩვენსა იესოს. და მან სახიერმან და ტკბილმან შეიწიროს საყნოსელად სუნად სუნნელად და გან­გვიმზადოს გვირგვინი ყუავილოვანი დაუჭნობელი, სამოთხისა უშვენიერესი.
რამეთუ ვითარცა ხილულისა ამის მზისა მცხინვარებისა მოფენითა იქმნებიან ფერად-ფერადნი ჰაერკეთილოვანი ყვავილოვნება ნერგთა სამოთხისათა და კეთილსუნნელნი შროშანნი ველისანი და ნაყოფ დამატკბობელ მგემებელთანი. ეგრეთვე მზისა მის სიმართლისა შარავანდედისა მოფენითა იქმნებიან სულსა შინა ჩვენსა პირად პირადნი ყუავილოვნება სათნოებათა. და მსგავსად საკმეველისა კეთილსუნნელება სამღთოსა მადლისა და სულისა ნაყოფიერება უტკბილეს მანანაჲსა და სათნო მსხვერპლად სულისა წმიდისა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, ორ ფერჴად მოვიგოთ სიმდაბლე და მორჩილება, ორ ჴელად – სიმართლე და მოწყალება, ორ თუალად – სიწმიდე და სარწმუნოება, ხოლო სულად მაცოცხლებელად – სამღთო სიყვარული და ენად – ლოცვა წმიდა, რომლითა ღაღად ვჰყოთ: „ილი სავაოთ, ადონაჲ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ“.
ხოლო იგი სახიერი მეტყვის: „რაჲსა ღაღადებთ ჩემდა მომართ, უკეთუ შეწყნარებასა ითხოვთ, მე უმჯობესი თქვენთვის წინასწარ განვიგულე და სასუფეველი განგიმზადე, თქვენ შეიწყალეთ მოყვასი თქვენი და შეიწყნარებით სასუფეველსა და მაშვრალნი მცნებისათვის განისვენებთ საუკუნოდ“.
ჵ, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ მცნება მაცხოვრისა და აღვასრულოთ ნება მისი. და აღვსდგეთ აღდგომასა მას მართალთასა და ღრუბლითა აღტაცებულნი, ავმაღლდეთ სასუფეველად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმ­ტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

თხრობა სულიერი ჟთ [99]
სრულისა სიყვარულისათვის სამღთოჲსა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ვითარცა შემიყვარა მე მამამან, მეცა შეგიყვარენ თქვენ, დაადგერით სიყვარულსა ზედა ჩემსა“[იო. 15,9].
საყვარელნო, აჰა, უსაზღვრო კაცთმოყვარება ღმრთისა ჩვენდა მომართ მოფენილი, რომელ მსგავსად თავისა თვისისა უყვართ ჩვენ გლახაკნი და ჩვენცა სრულსა სიყვარულსა თვისსა გვამცნებს. და რომელმან ნამდვილ-ჭეშმარიტი სიყვარული ღმრთისა მოიგოს, არარას არსთაგანსა წინა პატივ სცემს უფროს ღმრთისა სიყვარულისა. მისი ოდენ სიყვარული ექმნების ნათელ, ბრწყინვალება, სიხარულ, ცხოვრება, საზრდელ და ყოვლისა ნუგეშინისმცემელ, და მარადის ღმრთისა მიმართ ზრახავს წმიდისა ლოცვისა მიერ განათლებული სულითა, ესევითარი კაცი ღმრთისა, არარაჲთ ნაკლულევანი ანგელოსთაგან მოქალაქობითა.
რამეთუ იყო ვინმე კეთილჴელოვანი მწერალი, რომელმან მოიგო ზესთა ბუნებისა ტრფიალება ღმრთისა და დაუტევა ყოველივე სოფლისა შინანი. და განვიდა უდაბნოდ და მხოლოდ ოდენ ღმერთი შეიყვარა სრულის გულითა, ვითარცა ჰშვენის წმიდათა. და მარადის საყვარელისა ღმრთისა მიმართ ჰზრახვიდა ლოცვითა წმიდითა და მის მიერ განათლდებოდა გონებითა. კაცობრივთა საზრდელთაგან განეყენა და მადლითა სულისა წმიდისათა იზარდებოდა. და ოდესმე ნაყოფსა ველისასა და მდელოსა მწვანვილისასა იხმევდა. და განბრწყინვებული სულითა შემსჭვალულ იყო სიყვარულსა ღმრთისასა.
დღესა ერთსა მოვიდენ მისა ძმანი მონასტრისანი და მოართვეს ქაღალდი ვედრებით, რათა დასწეროს წიგნები. ხოლო მას სანატრელსა არა აქუნდა მოცალება ღმრთისა ხედვისაგან, რამეთუ მრავალგზის აღუმაღლდის გონება და განიცდინ საკვირველებათა ღმრთისათა. და ჰხედავნ სასუფეველისა დიდებასა და იგონებნ ყოვლადშვენიერსა და ღმრთივბრწყინვალებასა ღმრთისმშობელისა მარიამისასა, ანგელოსთა ელვარებასა, ნათლისმცემლის დიდებულებასა, წინასწარმეტყველთა ბანაკსა, მოციქულთა გუნდსა, მოწამეთა მწყობრსა, მღუდელმთავართა დიდებასა, მამათა ღირსებასა, დედათა პატიოსნებასა და ყოველთა მართალთა სავანეობასა.
ამათ ესევითართა ღმრთივშვენიერებისა განცდისათვის დასდგის ლოცვად, ვითარცა სვეტი აღიმაღლის გონება მყოვარჟამ და შეექცის ღმრთისა ხედვასა, და არღარა აქუნდა მოცალება საქმედ მოქმედებისა.
და ოდეს მოვიდენ ქაღალდისა უფალნი, რათა წარიღონ წიგნები, იხილეს, რომელ არარაჲ დაეწერა, გარნა ნახევარ მუხლი ოდენ. და ჰრქუა წმიდამან ბერმან: „შემინდევით, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცალს წერად“. და მათ ჰრქუჱს: „წმიდაო ღმრთისაო, მუხლიცა ესე უსრული არს“. ხოლო მან ჰრქუა: „წარვედით შვილნო, პირველად საქმით აღასრულეთ წერილი ეგე და მერმე მოვედით და სხუაცა დაგიწერო თქვენ მადლითა ღმრთისათა“.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ რაოდენსა მადლსა და ბრწყინვალებასა მიიღებდა სასუფეველსა შინა სული მის ნეტარისა, რომელი აქავე ესრეთ განათლებულ იყო ღმრთისა სიყვარულითა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, მოვიგოთ ჩვენცა ყოვლისა უპირატესად ღმრთისა სიყვარული, ვითარცა სული და სამშვინელი ცხოვრებისა ჩვენისა და ამასთანავე სიყვარული ძმათა, ვითარცა მარჯვენა ჴელი, რამეთუ თვინიერ მეორისა ამის, პირველი იგი არა იქმნების. და შევიმოსოთ ძმათა მიმართ წყალობაჲ, რომელ ესე არს ჭეშმარიტი ხატი და სახე სიყვარულისა და არს თუალი მარჯვენე, და ბეჭედი მტკიცე სათნოებისა. და მოვიგოთ ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, რომლისა მიერ იქმნების ამაღლება ჩვენი სასუფეველად. და ვიღვაწოთ მოგებად გულის სიწმიდე, რომლისა ძლით ვიხილოთ ღმერთი ჩვენ შორის აღმობწრყინვებული, ვითარცა მზე სიმართლისა. ხოლო მან სახიერმან და ტკბილმან მოგვფინოს ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი თვისი და ჩვენ გავნათლდეთ, ვითარცა ქვეყანა სამღთოს მადლით პოხილნი და აღმოვაცენოთ სათნოებათა ყუავილი შვენიერი და წარმოვაჩინოთ სრული ნაყოფი სულისა, რომელიცა შეიწიროს სულმან წმიდამან და სათნო იყოს მზემან სიმართლისამან, რომლითა იდიდოს მამა ზეცათა, ვითარცა ბრძანებს იესო ტკბილი: „ამით იდიდოს მამა ჩემი, რათა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ, და იყვნეთ ჩემდა მოწაფე“(იო. 15,8).
ჰე, გევედრები, საყვარელნო, ვიდრემდის ვართ სოფელსა შინა ჴორცითა ამით, გულსმოდგინებით მოსწრაფე ვიქმნეთ სათნოებათა მუშაკობად და ნაყოფისა მრავლისა გამოღებად და ღმრთისა ძღვნად პატიოსნად შეწირვად, რათა ოდეს განვიდეთ სოფლისაგან ამაოსა და ჴორცთაგან დაუდგრომელთა, მუნ სავსებით დაუნჯებული ვჰპოვოთ ნაყოფი, ნაშრომი ჴელთა ჩვენთა, რომლისათვის მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან მოგუანიჭოს გვირგვინი დაუჭნობელი ყვავილოვანი, საყდარი დიდებისა, პორჶირი მეფობისა და სავანე ბრწყინვალებისა, რომელთა ზედა, ვიხარებდეთ, ვიშვებდეთ და ვსუფევდეთ საუკუნოდ. რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

თხრობა სულიერი რ [100]
სრულისა სიყვარულისათვის ღმრთისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ისმინე, ისრაილ, უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“[2 რჯ. 6,4]; (მრკ. 12,29) და შეყვარებად იგი ყოვლითა სულითა, გულითა, ძალითა და გონებითა შენითა [მთ. 22,37; მრკ. 12,30].
საყვარელნო, ჰშვენის ჩვენდა ღმრთივ სწავლულთა სათნოებისათა, სრულიად შეყვარება ღმრთისა და არარაჲსა შიშისათვის დაყენებად სათნოყოფასა მისსა, ვითარცა იტყვის საყვარელი მოწაფე, უსაყვარლესისა მოძღვრისა, ვითარმედ: „სრულმან სიყვარულმან გარე განსდევნის შიში“(1 იო. 4,18). და უკეთუ მოვიგოთ ნამდვილ-ჭეშმარიტი სიყვარული, ღმერთი ჩვენთანა დაადგრების და ჩვენ ღმრთისათანა.
ეჰა, უფსკრული სახიერება და კაცთმოყვარება ღმრთისა, რომელ დამბადებელი დაბადებულთა თვისთა თანა მეინახეობად სათნო იჩენს. და რაჲმცა იყო უზესთაეს ამის სათნოებისა, რომელი ესე იქმნების სრულითა ღმრთისა სიყვარულითა. და ესევითარისა სიყვარულისა მომგებელსა კაცსა ღმრთისასა არარაჲ ამის სოფლისაგანი სურის, არამედ მარადის ღმრთისა თანა იქცევის უმთავრესითა გონებითა და განათლდების სამღთოჲთა ხედვითა.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, წრფელი, უმანკო, უზაკველი და ღმრთისმოყვარე, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „აჰა, ისრაიტელი რომლისა თანა ზაკვა არა არს“[იო. 1,47]. ესევითარსა უზაკველსა და სანატრელსა კაცსა ესმა წმიდისაგან სახარებისა, ვითარმედ: „უკეთუ გნებავს სრულ ყოფა ერთიღა გაკლს შენ, წარვედ, განჰყიდე ყოველივე და მიეც გლახაკთა. მოვედ და შემომიდეგ მე“[მთ. 19,21].
ხოლო ესერა ესმა წმიდისაგან სახარებისა, მან საქმით აღასრულა მცნება ღმრთისა: ყოველივე დაუტევა და მხოლოდ მხოლოჲ ღმერთი შეიყვარა სრულის გულით. და მადლითა მისითა წარემატა სათნოებითა და აღვიდა თავსა სრულებისასა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს“(მთ. 5,48).
და ოდეს ილოცის მრავალგზის გონება მიეტაცის სამღთოთა ხედვათა მიმართ. და განიცდინ შვენიერებასა ზეცისასა, სავანეობასა წმიდათასა, გალობასა ანგელოსთასა, დიდებასა მთავარანგელოსთასა, ელვარებასა უსხეულოთა ძალთასა და ღმრთივშვენიერსა და ყოვლადბრწყინვალესა ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელი ჰსუფევს საყდართა ზედა ხერუვიმთასა, და სამწმიდაარსობით იგალობების სერაჶიმთა მიერ, რომლისაგან გამომკრთოლვარე ნათელი ბრწყინვალე განანათლებს და განაბრწყინვებს ყოველთავე გარემოს მისთა.
ამით ესევითარითა საცნაურებისა ხედვითა განათლებულ იყო სანატრელი იგი და მარადის ამათ იგონებდა, რამეთუ განფენილ იყო გულსა შინა მისსა სიყვარული ღმრთისა.
და მცირედ ოდენ საზრდელსა მიიღებდა მეცხრესა ჟამსა განსამტკიცებელად სხეულისა და სადიდებელად ღმრთისა. დღესა ერთსა მოწაფემან მისმან დააგო ტაბლაჲ მეცხრესა ჟამსა ჩვეულებისაებრ. იწყეს რა ლოცვად, მიეცა სანატრელი იგი მამა განკვირვებასა. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად და იქმნა კვალად მეცხრე ჟამი და მაშინღა მოეგო თავსა თვისსა გან­კვირვებისა მისგან, რამეთუ შეექცა სამღთოთა ხედვათა.
და მსგავსად პავლესა სუროდა განსლვად ჴორცთაგან და მისლვად უფლისა ნამდვილ საყვარელისა ღმრთისა. და ოდეს ინება სახიერმან ღმერთმან მიცვალება მისი, ლოცვასა და მაღალხედვასა შინა, სული თვისი განწმედილი ჴელთა ღმრთისათა შევედრა. და იხარებს დაუსრულებელად წინაშე ყოვლად­წმიდისა სამებისა, ბრწყინვალებითა მისითა განათლებული და დიდებული, რამეთუ რომელსა იგი აქაჲთ ხედვიდა სარკითა და სახითა გონებისათა, ხოლო აწ პირისპირ განცხადებულად განიცდის დიდებასა ღმრთისასა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, ესე ყოველნი მაცხოვრისა მიერ სიყვარულით ბრძანებულნი მცნებანი, წმიდათა მამათაგან საქმით აღსრულებულნი, და ჩვენდა სიტკბოებით მოხსენებულნი და წინადადებულნი სათნოებანი.
ვინაცა, ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიმართ მორწმუნენო, საყვარელნო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, სარწმუნოებით ვისმინოთ იესო ტკბილისა მოძღვრება, სასოებით შეუდგეთ საქმეთა მამათა ჩვენთასა და სიყვარულით აღვასრულოთ სათნოებითი ცხოვრება. და სათნო ვეყვნეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა სარწმუნოებით შეწყნარებისათვის ღმრთისა მცნებათა, მამამან შეგვიწყნაროს და სასოებით წმიდათა მიბაძვისათვის, ძემან შეგვიყვაროს, და სიყვარულით სათნოებისა აღსრულებისათვის, სულმან წმიდამან გვირგვინითა გვადიდოს.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო!
1. პირველად დავსდვათ, ვითარცა საფუძველი მტკიცე, ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე და სიმშვიდე;
2. და შევიტკბოთ იესოს ტკბილი უღელი მორჩილებისა;
3. განვსწმდეთ აღსაარებითა და განვამხიარულნეთ ანგელოსნი სინანულითა ჩვენითა;
4. ვაცხოვნოთ სული ჩვენი მოთმინებითა;
5. სათნოებათა ყვავილი გამოვიღოთ უვნებელითა მარხვითა, და ნაყოფი სულისა წარმოვაჩინოთ წმიდითა ლოცვითა;
6. ღმერთსა მივემსგავსნეთ კეთილის გულით მოწყალებითა;
7. სათნოება შევიკრიბოთ სიმართლისა მოქმედებითა;
8. ანგელოსთ მივემსგავსნეთ სიწმიდის ცხოვრებითა;
9. უფალი შევიწყნაროთ ჭეშმარიტისა სარწმუნოებითა და
10. ღმერთსა შევეთვისნეთ სამღთოსა სიყვარულითა, რომელისათვის წერილ არს: „შეიყვარნა თვისნი იგი… და სრულიად შეიყვარნა იგინი“(იო. 13,1).
ესრეთ სათნოებითი სათნოებად წარმატებულნი და დიდებითი დიდებად ამაღლებულნი, ვითარცა იაკობის კიბითა, თავსა სრულებისასა მიწევნილნი, შევერთნეთ სრულსა სიყვარულსა, რომელ არს ღმერთი და მისთანა ვჰსუფევდეთ დიდებითა და ბრწყინვალებითა დაუსრულებელად, მადლობად, გალობად და ქებად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ლოცვა
ჵ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, ბრწყინვალებაო დიდებისაო, მზეო სიმართლისაო! რომელი გამოგვიბრწყინდი კაცთა ნათესავსა მაცხოვრად და განანათლენ გულნი მორწმუნეთა და ნაყოფიერ ჰყვენ სულნი მოყვარეთა შენთანი.
შენ შეგივრდებით და გევედრებით, სახიერო მეუფეო, მოგვფინე ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი სიყვარულისა შენისა წმიდისა და მოგვმადლე გულსმოდგინება აღსრულებად ღმრთივშვენიერთა მცნებათა შენთა. და მივემსგავსნეთ ძალისაებრ ჩვენისა წმიდათა მამათა სათნოებასა, რათა უვნებელად წარვლოთ ცხოვრება ჩვენი და ჟამსა აღსრულებისა ჩვენისასა ანგელოსი მშვიდობისა მოგვივლინე. ხოლო მოსლვასა შენსა დიდებით, მარჯვენით, მართალთა თანა აღგვადგინე და ღრუბლითა აღტაცებულნი, სასუფეველსა, ვითარცა მზე განგვაბრწყინვე. და ყოველთა წმიდათა თანა გვირგვინითა, პატივითა და დიდებითა განგვისვენე, რათა მადლობასა, გალობასა და კურთხევასა აღვავლენდეთ სამარადისოდ, რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ პირველ საუკუნეთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეათისა თავისა

 

 

ბეჭედი
ღმრთივსულიერსა ამას წერილსა ეწოდების „სამოთხისა ყუავილი“; მით, რამეთუ წიგნისა მისგან მამათასა, რომელ არს „სამოთხე“ რჩევით აღმოწერილ არს და დატკბობილ სამღთოთა სიტყვებითა და განათლებულ სარგებელად სულთა ღმრთისმოყვარეთა. ვითარ იგი კაცი ბრძენი შერავალნ მტილსა წალკო­ტთასა და მოარჩევნ ყუავილთა შვენიერთა და შეჰკრავნ ერთად კეთილსუნნელთა, საყნოსელად მოსურნეთა.
და ვითარცა ნერგნი შვენიერნი ვარჯოვანნი, სამოთხისა შორის მზისა შარავანდედისა მოფენითა გამოიღებენ ჰაეროვანსა: 1. ყუავილსა, 2. ფურცელსა და 3. ნაყოფსა.
ეგრეთვე სიმართლის მზისა ბრწყინვალებისა მოფენითა ამის წიგნის სურვილით მკითხველნი: 1. გონებით გამოიღებენ ყუავილსა სათნოებათასა; 2. და რომელნი სხუათაცა ახარებენ სიტყვით წარმოაჩენენ ფურცელსა მადლთა შეძინებისათა; 3. ხოლო საქმით აღმასრულებელნი, შესწირვენ ღმერთსა ნაყოფსა სულისასა ცხოვრებად საუკუნოდ.
რომელსა ჰქონან თვის შორის თავნი ათნი მსგავსად ათთა მცნებათა მოსეანურთა პირგანბრწყინვებულისა. და თვითოეულსა თავსა შორის ათი თხრობაჲ, მებრ ათთა ნაყოფთა სულისათა პავლესთა სამ ცამდე აღწევნილისა. და ვინათგან ათგზის ათი შეკრბების ასად, მათ მიემსგავსების, რომელთა ნაყოფი გამოიღონ:
1. ოცდაათეული მკითხველთა, 2. სამოცეული სხუათაცა მეტყველთა და 3. ასეული საქმით აღმასრულებელთა.
1. ხოლო ასეულნი განბრწყინდებიან დიდებისაებრ მზისა, 2. სამოცეულნი განშვენდებიან დიდებისაებრ მთუარისა და 3. ოცდაათეულნი განათლდებიან დიდებისაებრ მთიებისა.
და ყოველნივე თვითოეულისა წილ მიიღებენ ასსა, ღმრთისა მიერ მადლსა და ცხოვრებასა საუკუნოსა დაიმკვიდრებენ, სადიდებელად ძისა ღმრთისა ცხოველისა. ამინ.

 

უკეთუ
ვისმე ენებოს მდაბალთა ერთა
მითხრობად, ესეგვარითა სარჩევითა კეთილ არს და შვენიერ!

კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისასა თხრობა 1
კვირიაკესა უძღებისასა თხრობა 27
კვირიაკესა ჴორცთა აკრებისასა თხრობა 51
კვირიაკესა ყველთა აკრებისასა თხრობა 47
კვირიაკესა 1. წმიდათა მარხვათასა თხრობა 41
კვირიაკესა 2. წმიდათა მარხვათასა თხრობა 42
კვირიაკესა 3. წმიდათა მარხვათასა თხრობა 78
კვირიაკესა 4. წმიდათა მარხვათასა თხრობა 21
კვირიაკესა 5. წმიდათა მარხვათასა თხრობა 46
კვირიაკესა 6. ბაიობისასა თხრობა 50
კვირიაკესა 1. ქრისტეს აღდგომასა თხრობა არა არს აქა
კვირიაკესა 2. თომასსა თხრობა 82
კვირიაკესა 3. მენელსაცხებლეთასა თხრობა 86
კვირიაკესა 4. განრღვეულისასა თხრობა 91
კვირიაკესა 5. სამარიტელისასა თხრობა 28
კვირიაკესა 6. შობითგან ბრმისა თხრობა 33
კვირიაკესა 7. წმიდათა მამათასა თხრობა 81
კვირიაკესა 8. მეერგასესა თხრობა 99
კვირიაკესა 1. ყოველთა წმიდათასა თხრობა 96
კვირიაკესა 2. ყოველთა წმიდათასა თხრობა 56
კვირიაკესა 3. ყოველთა წმიდათასა თხრობა 97
კვირიაკესა 4. ყოველთა წმიდათასა თხრობა 61
კვირიაკესა 5. ყოველთა წმიდათასა თხრობა 71
კვირიაკესა 6. ყოველთა წმიდათასა თხრობა 55
კვირიაკესა 7. ყოველთა წმიდათასა თხრობა 87
კვირიაკესა 8. ყოველთა წმიდათასა თხრობა 53
კვირიაკესა 9. ყოველთა წმიდათასა თხრობა 84
კვირიაკესა 10. ყოველთა წმიდათასა თხრობა 31
კვირიაკესა 11. ყოველთა წმიდათასა თხრობა 32
კვირიაკესა 12. ყოველთა წმიდათასა თხრობა 59
კვირიაკესა 13. ყოველთა წმიდათასა თხრობა 11
კვირიაკესა 14. ყოველთა წმიდათასა თხრობა 12
კვირიაკესა 15. ყოველთა წმიდათასა თხრობა 48
კვირიაკესა 16. ყოველთა წმიდათასა თხრობა 72
კვირიაკესა 17. ყოველთა წმიდათასა თხრობა 85
კვირიაკესა 18. ყოველთა წმიდათასა თხრობა 73
კვირიაკესა 19. ყოველთა წმიდათასა თხრობა 52
კვირიაკესა 20. ყოველთა წმიდათასა თხრობა 75
კვირიაკესა 21. ყოველთა წმიდათასა თხრობა 74
კვირიაკესა 22. ყოველთა წმიდათასა თხრობა 57
კვირიაკესა 23. ყოველთა წმიდათასა თხრობა 49
კვირიაკესა 24. ყოველთა წმიდათასა თხრობა 76
კვირიაკესა 25. ყოველთა წმიდათასა თხრობა 92
კვირიაკესა 26. ყოველთა წმიდათასა თხრობა 37
კვირიაკესა 27. ყოველთა წმიდათასა თხრობა 69
კვირიაკესა 28. ყოველთა წმიდათასა თხრობა 45
კვირიაკესა 29. ყოველთა წმიდათასა თხრობა 13
კვირიაკესა 30. ყოველთა წმიდათასა თხრობა 58
კვირიაკესა 31. ყოველთა წმიდათასა თხრობა 34
კვირიაკესა 32. ყოველთა წმიდათასა თხრობა 62
კვირიაკესა წინა ქრისტეს შობისა თხრობა 83
კვირიაკესა წინა განცხადებისასა თხრობა 74

 

 

 


და
ნაშთთა
კვირიაკეთა,
რომელნიც ამით
სარჩევით არა წარკითხულ
იყოს, თითო წარუკითხოს. ხოლო
ჰშვენის დ[…] სახელითა მამისათა სრულად
და ესრეთ ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლეს[იისანო].
და უკუჱთუ კვალადცა ჰსუროდეს ვისმე მადლისა შეძინება,
რომელნიცა ამათგანი სულიერნი თხრობანი დაშთენ წმიდათა დიდთა
მარხვათა, თითოეულსა დღესა წარუკითხვიდეს ერსა.
კეთილ არს და პატიოსან, რათა მკითხველთაცა
და მსმენელთა ყოველთავე მადლი
მოგუცეს ყოვლადსახიერმან
ღმერთმან, რომელი არს
კურთხეულ
უკუნისამდე.
ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრულ იქმნა სულისა ნაყოფიერმყოფელი „სამოთხისა ყუავილი“
დიდებად ქრისტესა. ამინ

 

 

წმიდა იოანე ოქროპირის სასულიერო ტექსტები X-XI საუკუნეში ქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა თარ­გმნა. XVIII საუკუნის მიწურულს კი, მათგან ასი სწავლა წმიდა გაბრიელ მცირემ ერთ წიგნად შეკრა და კრებულს „ოქროს წყაროჲ“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კრებული ქართული სასულიერო ლიტერატურის ოქროს ფონდს წარმოადგენს, მისი ფუნდამენტური, აკადემიური კვლევა არ იყო ჩატარებული. ამ ციფრული გამოცემით გთავაზობთ „ოქროს წყაროჲს“ აკადემიურად დადგენილ ტექსტს.

„ოქროს წყაროჲს“ ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერი ნუსხების ურთიერთშედარების საფუძველზე. ამასთანავე, გაბრიელ მცირისეული ტექსტი შედარებულია მის პირველწყაროს – ეფთვიმე ათონელისეულ X-XI საუკუნეების ქართულ თარგმანს.  ტექსტში გახსნილია ქარაგმები, გამართულია პუნქტუაცია. ბიბლიიდან მოტანილი ციტატები წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციასაა შედარებული. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად – კვადრატული.

2024 წელს დაისტამბა წიგნი: „წმინდა გაბრიელ მცირის შედგენილი კრებულის „ოქროს წყაროჲ“ აკადემიური გამოცემა“, რომელიც გამოსაცემად გიორგი კალანდაძემ მოამზადა. მის სქოლიოებში წარმოჩენილია ხელნაწერთა განსხვავებები, ტექსტის პირველწყაროსთან მიმართება, განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები.

„ოქროს წყაროჲს“ ამ აკადემიურ გამოცემაში ასევე განხილულია სხვა არაერთი მეცნიერულად გამოკვლეული საკითხი, რომელიც ხსენებულ ნაშრომს უკავშირდება. მონოგრაფიას ასევე ერთვის კვლევებით მიღებული შედეგების ინგლისური თარგმანი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების საზღვარგარეთ პოპულარიზებასა და საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

 

სწავლა 1

წმიდათა წერილთა ჴელად  მიღებისათვის

საყვარელო, იკითხვიდე რა სამღთოთა სიტყვათა, პირველად ევედრე ღმერთსა, რათა განგიხვნეს შენ თუალნი  გულისანი არა მხოლოდ კითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა, რათა არა ცუდად წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოიკითხვიდე. ხოლო ოდეს იკითხვიდე, წადიერად ყოვლითა გულითა და მრავლითა გულსმოდგინებითა აღმოიკითხენ სამღთონი სიტ­ყვანი და ნუ ისწრაფი ფურცელთა გადმოქცევად, არამედ ორგზის და სამ­გზის აღმოიკითხე და უმრავლესცა, რათა გულისჴმა ჰყო ძალი მისი. ოდეს გენებოს კითხვა , ანუ სმენა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყველმან:

„უფალო იესო ქრისტე, განმიხვენ მე თუალნი გულისა ჩემისანი სმენად სიტყვათა შენთა და გულისჴმისყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა, ნუ დაფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თუალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სჯულისა შენისასა. მაუწყენ  მე, უფალო, დაფარულნი საიდუმლოსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოება ჩემი, ღმერთო ჩემო, რათა განმინათლო გონება ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა  შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ  ყოფადცა მისა, რათა არა დასასჯელად თავისა თვისისა  წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებელად სიწმიდით და  საცხოვრებელად  სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული და შენდა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

 

სწავლა 2. თავი ა [1]

ეკკლესიასა შინა კრძალულებისათვის

აქა ეკკლესიად რა შემოვალთ , ცად შევალთ, საყვარელნო. არა  ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფნითა  ცათა შინა ყოფაჲ და მათთა  სიკეთეთა განცდაჲ.

აწ უკუჱ ქვეყანისასა ცათა შინა ნუ ვინ შემოიღებს. ნუცა ვინ აქა, ეკ­კლესიად მდგომარენი , სოფლისასა ზრუნავს  და სახლისა თვისისასა. რამეთუ მუნ რაჟამს მიხვიდეთ თანაგაძსთ, რათა აქაით  მიღებულსა სარგებელსა იტყოდეთ და არა მუნ ქმნილთა საქმეთა აქა ეკკლესიასა შინა ახსენებდეთ , რამეთუ ამისთვის შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რათა განვიბანნეთ ბიწნი ცოდვათანი. უკეთუ კულა აქა  მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოვლადვე  არა შემოსლვაჲ  აქა.

ნუმცა ვინ უკუჱ ეკკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს , არამედ უფროსად სოფელსა შინა ეკკლესიისასა იხსენებდეთ . უფროს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისა არს, ხოლო იგი – ჴორცთა. და უფროსად აქა თქმულნი სიტყვანი სამღთონი სულთაცა  და ჴორცთაცა სარგებელ არიან. ამისთვის ჯერ არს, რათა ესე იყოს საქმედ ჩვენდა შინაგანად , ხოლო სხუა იგი ყოველი – გარეწარად. რამეთუ ესე ამასცა ცხოვრებასა სარგებელ არს და მერმესაცა, ხოლო ვნებანი აქაცა მავნებელ არიან და მუნცა. რამეთუ სახლი ესე ეკკლესია სამკვიდრებელ უფლისა არს , რომელი არათუ საუკუნესა ოდენ გვასწავებს, არამედ საწუთოსაცა, თუ ვითარ ვიყოფოდეთ და რაჲცა გარე წყლულება მოგვეახლოს, აქა ეკკლესიისაგან განვიკურნებოდეთ .

უკეთუ კულა სულისა წმიდისა სიტყვათა არა ვისმენდეთ, არათუ ოდენ ვერ განვიკურნეთ წყლულებათა ჩვენთაგან, არამედ სხუაცა მოვიღოთ. ამისთვის, გევედრები, ძმანო, ვისმენდეთ სიტყვათა  წიგნთასა მოს­წრაფებით, რომელი მადლითა ღმრთისათა ყოველსავე გამოგვიცხადებს, და ძალგვიძს, უკეთუ გვენებოს, მცირედითა შრომითა ცნობად ძალსა მათსა  და პოვნად სამღთოსა გულისჴმისყოფასა. რამეთუ  ამისთვის მცირე მცირედ  გითხრობ თქვენ, რათა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდეს.

გვეშინოდენ უკუჱ, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისა მის, რომელი იტყვის: „უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდი მათ, ცოდვამცა არა აქუნდა”(იო. 15,22). რაჲ  არს სარგებელი სმენისა, უკეთუ წარხვიდეთ და ვითარმცა არა გასმიოდა ? ესრეთ არარაჲ იცოდეთ.

მოგვეცით უკუჱ ქვეყანა კეთილი, გულნი თქვენნი სათესველად , რათა ჩვენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად. და რომელსა ეკალნი ჰქონან, აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისა. რომელი გულფიცხელ  და წინააღ­მდგომ იყოს, განასუქენ  იგი და ლბილ ჰყავნ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარტაცებულ , რათა ყანანი თქვენნი შვებულ იყვნენ. და უკეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღათუ  მეყსა შინა არა, არამედ მცირედ მცირედ, ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუჱ, რათა არა ჩვენთვისცა ითქვას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუსანი არიან ყურნი მათნი”[ფს 57,4]. და ვითარ არა უარეს არს მხეცთა და პირუტყვთასა, რომელი სიტყვათა ღმრთისათა არა ისმენდეს? და უკეთუ კაცი იგი არს, რომელი სათნო ეყოფოდეს ღმერთსა. ხოლო რომელი ყოვლადვე  სათნოყოფისა მისისა სიტყვასა არა ისმენდეს, რაჲთა  განყოფილ არს მხეცთაგან?

იხილე უკუჱ, ვითარ ბოროტ არს, რომელ ქრისტეს ჰნებავს, რათამცა კაცთაგან ანგელოსად შეგვცვალნეს და ჩვენ კაცთაგან მხეცად შევიცვალებით, რამეთუ მუცლისა მონა  და ვეცხლისმოყვარებისა  მიერ უფლება და მრისხანება და სიძულილი, ესე ყოველი არა კაცისა არს, არამედ მხეცისა და უარესიცა არს მხეცთასა, რამეთუ მათ აქვს  თვითოეულსა სხუა და სხუაჲ ვნება, და იგიცა ბუნებით. ხოლო რაჟამს კაცმან გონება თვისი  წარიწყმიდოს და მოქალაქობისაგან სამღთოსა განვარდეს, არღარა ერთსა, არამედ ყოველთა ვნებათა ერევის და არა ერთსა მხეცსა მიემსგავსების, არამედ ყოველთა უბოროტეს იქმნების და არღარა აქვს წყალობაჲ, რამეთუ ნებსით შევიდა ბოროტსა.

გარნა ამასცა ერსა ზედა ნურარაჲ სმენილ არს ესევითარი, რამეთუ გუწადს თქვენთვის უმჯობესი და ამისთვის უმჯობესად  განგაკრძალებთ, რათა ყოველნი მივიწივნეთ თავსა სათნოებათასა, და მივემთხვივნეთ  კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 3

ეკკლესიასა შინა დუმილისათვის

ეკკლესია უკუჱ, საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებითა და ლოცვითა. ხოლო აწ ეკკლესია არარაჲსა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაჭროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებოს მითხრობად სიტყვისა, ვგონებცა  თუ არა აქუს სხვა ადგილი მოპოვნებად თვინიერ ეკ­კლესიისა. ხოლო უკეთუ ვინ ინებოს ვაჭრობისა ყოფად, ჰყოფენ ეკკლესიასა შინა. დაღათუ ვის უნდეს ლალვად , ანუ განგებად სახლთა მეტყველებისა, ანუ სამხედროსა წესისა სმენად, ანუ სასჯელი, ანუ ვითარნი  რაჲ სამკურნალო, ამას ყოველსავე ეკკლესიასა შინა ჰყოფენ. ვინაცა მარადღე ვიურვი  ამის ყოვლისათვის და მწუხარე ვიქმნები, რათამცა ვიქმენ მომპოვნებელ კეთილისა ეკკლესიასა შინა.

არამედ ესრეთ გპოვნენ თქვენ – საქენჯნელად და საცოდველად მოხვალთ მეტყველებად ეკკლესიასა შინა და არა ცოდვათა სინანულად. და ამას იტყვი: „ვერ გულისჴმა ვჰყოფ, რაჲ ითქმიან სიტყვანი, ანუ რაჲსათვის იკითხებიანო.“ შენ მეტყველებ ეკკლესიასა შინა და არა დასდგები შიშით და ამისთვის ვერ გულისჴმა ჰყოფ.

იხილე, ვითარ საჭურისი იგი, გზასა ზედა მყოფი, იკითხვიდა წიგნსა. და შენ, შორის მოძღვართა მდგომარე, მიზეზ ჰყოფ მეტყველი უმეცრებასა და უგულისჴმოებასა.

ამისთვის ევედრე უფალსა, რათა გულისჴმა ჰყო მცნებანი მისნი. ხოლო შენ გიხმს დუმილი ეკკლესიასა შინა, რათა მიითვალოს ღმერთმან დუმილი შენი და მყუდროება. უკეთუ არა ძალგიძს დუმილად, განვედ ეკკლესიით, რათა არა ექმნე სხუათა საწერტელ . რამეთუ ერთი ოდენ ჯერ არს ეკ­კლესიასა შინა გალობა და ლოცვაჲ ჟამსა ეკკლესიად შეკრებისასა და არა ჴმიანობად და ურთიერთას ზრახვად, არამედ დუმილით სმენად საკითხავისა, რამეთუ თვით ეპისკოპოსიცა სდუმს და მხოლოდ მგალობელნი გალობენ. რად უკუჱ ჭეშმარიტებასა უტევებთ და აჩრდილსა და სიზმარსა სდევთ?

ვინაცა, გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მტერისა საქმეთაგან განთავისუფლდით და იხსენით საბრხეთაგან მისთა და ანგაჰრებისა წილ შეიყვარეთ მოწყალება, ხოლო სიძულილისა წილ ძმათმოყვარება , რათა ესრეთ მყოფთა აწინდელიცა კეთილი და ყოფადიცა დაიმკვიდრნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 4

ეკკლესიასა შინა ლოცვისათვის

საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ  წმიდასა ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად სამღთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღმრთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ.

ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა, ანუ სამთავროსა მოიღებდეს ჴელ ქვეშეთა მისთა მოქალაქეთა და იგინი არა გამოეძიებენ ცხოვრებასა მომღებელისასა, თუ მდიდარი არს ანუ გლახაკი, მართალი ანუ ცოდვილი, არამედ აღმოიკითხვის რა იგი, ყოველნი ისმენენ კეთილად; უკეთუმცა ვერა ისმინოს რაჲმე ვინმე, მსმენელსა ჰკითხავნ.

ხოლო უკეთუ ქვეყნისა მთავრისა ესევითარი შიში არს თქვენ ზედა, რაოდენ უფროს აქა, ეკკლესიასა შინა? თვინიერ ცილობისა ჯერ არს სმენად თქვენდა, სადა შემოქმედისა ცათასა ძალსა გაზრახებთ  ჩვენ ცოდვილნი. ვინაცა, გლოცავ თქვენ, მოსრულთა აქა! ასწავებდით მცონართაცა მოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ თქვენ გემო იხილეთ მოძღვრებისა  სიტკბოებისა და მათ არასადა. ხოლო რომელიცა მცონარსა შიშად ღმრთისა მოიყვანებდეს, მიიღოს მრავალი სასყიდელი ღმრთისაგან.

ხოლო ესენი უკუჱ აღმოვსთქვენ და კვალად ლოცვისათვისცა გასწავლნე, ამის მიერ  სათნოებანიცა აღსრულდებიან. უკეთუმცა გულისაგან მდაბლისა და უმანკოჲსა შეიწირვოდეს ლოცვაჲ, ვითარცა საკმეველი ღმრთისა მიმართ აღვალს, რომლისათვის სთქუა წინასწარმეტყველმანცა: „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე“(ფს. 140,2). ხოლო, ვითარცა საკმეველი არს სუნნელი, ოდეს დაისხნეს ცეცხლსა ზედა, ეგრეთვე ლოცვაჲ, ოდეს აღტყინებულისაგან  გულისა იქმნებოდეს, შეიწირვის ღმრთისა მიმართ.

მოვედით უკუჱ, ძმანო საყვარელნო, და ისმინეთ სწავლა ესე ჩვენი, რომელი არს ცხოვრებად სულთა თქვენთა. უკეთუ ჰქმნნეთ და არა თანა­მდებ სასჯელისა იქმნეთ.

ხოლო რომელნი ამათ მოძღვრებათა არა ერჩდეთ , ვითარ იქმნეთ თქვენ ეგოდენთა გზათა მსლველ, რაოდენსაცა მოვიდა დედოფალი სამხრისა სმენად სიბრძნესა სოლომონისსა? ხოლო აქა, ეკკლესიასა შინა, უფროს სოლომონისსა არს და არა გზათა გრძელთა და შრომად; არცა გარემოს ზღვისა მოვლად, არცა მონაგებთა წარგებად, არცა სალმობათა ქვეშე პყრობად, რამეთუ ეკკლესია არს ყოველთა სადგურ და ყოველნი ისწრაფდით მისსა.

ხოლო უკეთუ ხარ მართალ, შევედ ეკკლესიად, რათა არა წარსწყმიდნე სიმართლე. უკეთუ ხარ ცოდვილ, მივედ ეკკლესიადვე, რათა სცხონდე. ხოლო მე არა თავით თვისით გაიძულებ თქვენ საქმედ და მოსლვად ეკკლესიად, რამეთუ ვარ ყოველთა  უცოდვილეს, არამედ რათა სწავლისა მსმენელთა იცხოვნნეთ სულნი თქვენნი.

ხოლო არამსმენელმან წმიდისა მოძღვრებისამან, ვითარ ვინ შეუძლოს წარმართებად სულისა თვისისა, რამეთუ „ნათელ“ ეწოდების სიტყვასა ღმრთისასა, და უფროს ხილულისა ნათლისა არს და ფრიად განანათლებს სულსა, რომლისათვის სთქუა წინასწარმეტყველმან ისაია, ვითარმედ: „ერმან მსხდომარემან ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი”[ეს. 9,2]. ესე იგი არს მოძღვრება ჭეშმარიტი.

რაოდენნი უკუჱ მოხვიდოდეთ აქა ეკკლესიად, აიძულებდით სხუათაცა – არამომსლველთა, და ნუ ვინ იტყვით, ვითარმედ: უცოდველ ვართო. მოიგონე, ძმაო, წოდებულთათვის სამეუფოსა ზედა სერსა, რომელნი არა მივიდეს, რომელნიმე სთქუა: „უღლეული ჴართა ვიყიდე, სხუამან აგარაკი, და სხუამან ცოლი შევირთეო ”[ლკ. 14,18-20], და განრისხნაცა მხოლოდ მათ ზედა მეუფე, და თქვენ არა ძალგიძსთ ერთსა ჟამსა მიახლებად ღმრთისა, რამეთუ რაჲმე სიმსივნე  არს ეკკლესიასა შინა სმენისაგან გალობისა. და მაშინ წარხვალთ საქმედ. უკეთუმცა  იქმნეთ მოსარგებლე, ანუ მარა­დღე განმყოფელ ვეცხლისა, გინა რვალისა, ანუ ღვინისა, ესრეთ არა თვით მიხვალთაა, არა მიწოდებულნი?!

ხოლო აქა ეკკლესიასა შინა ჟამ ყოველ სიტყვანი ღმრთისანი განიცემიან, უმჯობეს ოქროჲსა და უძვირფასეს ქვისა მრავალსასყიდლისა და უტკბილეს თაფლისა. ხოლო თქვენ ამათ მოაკლდებით, ვინათგან არა მოხვალთ მარადის ეკკლესიად მცონარებისა თქვენისათვის, გიზრახავ ამას ძვირსა და გაბრალებ.

და რაჟამს მოხვალთ ეკკლესიად უკრძალველად, მოხვალთ და თვით ნებსით დააკლდებით სულიერსა ამას სწავლასა, რომლისა მიერ იქმნების კეთილი ცხოვრება, სიხარული საუკუნო და დიდება  გამოუთქმელი და ცხოვნება სულისა, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 5. თავი ბ [2]

ლოცვისათვის

ყოველთა უკუჱ უწყოდეთ, საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა ლოცვა არს, ცხოვრება და ცხოვრებისა შუამდგომელი. სახმარ არს ჩემდა, რაოდენ შეუძლო, ვიტყოდე ლოცვისათვის, რათა გასწავო ლოცვათა შინა ცხოვრებულთა. და რომელნი ჰგიეთ საქმეთა შინა ღმრთისათა მარადის, უმოსწრაფეს გაქუნდესთ  თქვენ სიტყვა ესე.

ხოლო რომელნი მყოფ არიან დახსნილობათა შინა, დაუტეობენ სულსა უნაყოფოსა და ჰსცნან გარდასრულთა ჟამთა ამაოებაჲ და არა დააკლონ თავნი თვისნი ცხოვრებასა შემდგომთა ჟამთა.

ხოლო აწ მნებავს თქმად დიდი ესე სარგებელი ლოცვისათვის, რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღმრთისა თანა მზრახველობს. ხოლო თუ ვითარ არს კაცად მყოფისა ღმრთისა თანა ზრახვაჲ, ყოველთა უწყით და არა ძალმიძს პატივისა მის გამოთქმად, რამეთუ ესე პატივი ლოცვისა და დიდად შვენიერებაჲ ანგელოსთაცა აღემატების, რომელი უფროს მათ უწყიან. რამეთუ ერთი დიდებული წინასწარმეტყველი მოგვითხრობს მათთვის, რომელნი შიშით ლოცვასა შესწირვენ ღმრთისა , დამფარველნი პირთა და ფერჴთა თვისთა მრავლითა კრძალულებითა, რომელთა არა ძალუძსთ დადუმებად მრავლისათვის შიშისა [ეს. 6,2-3]. ხოლო შემდგომი ყოველი ბუნება, ცხოვრება, სიბრძნე, მეცნიერება და სხუა ყოველივე, რომელი უკეთუ ვინ  სთქუას.

ხოლო ლოცვა საზოგადო საქმე არს ანგელოსთა და კაცთა. არარაჲ არს განყოფილ შორის ორთა ბუნებისა ლოცვათა შინა, რამეთუ საიდუმლოდ შეირაცხების  მათდა მიმართ და მსწრაფლ ცხოვრებასა მათსა  მიეახლების მლოცველი პატივითა და აზნაურებითა და მეცნიერებისა ცხოვრებითა თვისითა.

ამისთვის გევედრები, ძმანო, ყოველსა შინა ადგილთა და ჟამთა ვის­წრაფოთ ღმრთისა მიმართ ლოცვაჲ, რამეთუ რაჲმე იყოს უბრწყინვალეს მზრახველთა ღმრთისათა და მვედრებელთა? რაჲმე უმართლეს, რაჲმე უბრძნეს და რაჲმეღა ჯერ არს თქმად თანამზრახველთა ღმრთისათა, რომელნი მარადის მისთანა არიან ლოცვისა მიერ და  მისთანავე იდიდებიან საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 6

ლოცვისათვისვე ყოველსა ადგილსა

საყვარელნო, ლოცვისათვის ნუ ვეძიებთ ადგილსა სავედრებელსა, ნუცა მრავლის მეტყველებასა ლოცვასა შინა და გრძელთა სიტყვათა, არამედ, ვითარცა ქანანელი იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს”(მთ. 15,22). ეგრეთვე შენცა იტყოდე: „უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ სული ჩემი ბოროტად იგვემების ეშმაკისაგან”.

დაღაცათუ მცირე არიან ესე სიტყვანი, არამედ უფროს კაცთმოყვარებანი ღმრთისანი. სადაცა არს წყალობა ღმრთისა, მუნ ყოველი კეთილი, და სადაცა იყო, ძმაო, ესრეთ  იტყოდე: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

უკეთუმცა არა აღძრნე ბაგენი, არამედ გონებითა გულსა შინა ესრეთ ღაღად ჰყავ, რამეთუ მდუმრიად  თქმულიცა ლოცვანი ისმინის ღმერთმან. ხოლო შენ თვით ტაძარი ხარ ღმრთისა ცხოველისა [1 კორ. 3,16; 6,19; 2 კორ. 6,16]. რად ეძიებ ადგილსა ლოცვისასა, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს?

იხილე, ვითარ მოსე ივლტოდა ეგვიპტით პირისაგან ჶარაოსა: ზღვა იყო პირით კერძო და ჶარაო ზურგით და შორის მოსე, და დიდი იწროება იყო მისა. არა იყო მისაყრდნობელ მისა ვედრებად ღმრთისა . და ჰრქუა მოსეს ღმერთმან: „რაჲსა ღაღადებ ჩემდამო?”[გამ. 14,15]

ხოლო ეგრეთვე სამნი ყრმანიცა შეთხეულნი სახმილსა შინა ილოცვიდეს და ლოცვამან მათმან დაშრიტა ალი ცეცხლისა, და საკრველნი მათნი დაჰხსნნა, და ცხოველნი გამოიყვანნა იგინი და დიდებულად გამოაჩინნა ძალმან ლოცვისამან [დან. 3,21-26].

ხოლო ეგრეთვე იობ სკორესა ზედა  ილოცვიდა და ღმერთი მოწყალე ჰყო [იობ. 2,8]. უკეთუ შენზედაცა მოვიდეს, ძმაო, განსაცდელი, შენ  ღმრთისა მიმართ მიივლტოდე ლოცვითა და ევედრებოდე, რათა გიხსნას შენ, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს და მახლობელ შენსა, რამეთუ ვიდრეღა შენ იტყოდე გულითა წმიდითა, გრქუას: „აჰა, ესერა მე შენთანა ვარ”[მთ. 28,20]. და არღარა აღგესრულებინოს ლოცვაჲ, მან მოგცეს შენ ლხინება და ცხოვრება საუკუნო, რამეთუ მისა ჰშვენის ლოცვა და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 7

ლოცვად აღდგომისათვის

მიიღე ფარი სიმტკიცისა, ჵ, ძმაო, საყვარელო, ესე იგი არს წმიდანი ლოცვანი და მით შეზღუდვილ იქმენ. აღსდეგ ძილისაგან და იხადე მახვილი ესე ლოცვისა და დასდეგ მტკიცედ ძალისაებრ შენისა და ევედრე ღმერთსა სურვილით, ყოვლითა სულითა შენითა და შეგეწიოს შენ ღმერთი მოს­წრაფედ, და მოგცეს შენ ძალი და ძლიერება ძლევად უხილავისა მტრისა შენ ზედა კადნიერისა.

რამეთუ არა მისთვის არს, ძმანო, ღამე ქმნილი , რათა მარადის გვეძინოს და უქმად ვიყვნეთ, არამედ ჯერ არს განყოფად ღამე, რომელნიმე უკუჱ საქმედ, ხოლო რომელნიმე განსვენებად. იხილეთ უკუჱ, ვითარ აღსდგებიან ჴელთმოქმედნი შუა ღამესა, მხუნელნი და ვაჭარნი.

ამისთვის გევედრები თქვენცა, ყოველნი აღსდგებოდეთ კაცად კაცადი ღამე და პირველ ყოველთა საქმეთა ჰყოფდეთ ლოცვასა ღმრთისა მიმართ, რათა მოწყალება თვისი მოგანიჭოს თქვენ. და ოდეს დასწვებოდეთ ძილად, ნუ უტევებთ ნუცა ერთსა ღამესა, რომელ არა თაყვანის სცემდეთ ღმერთსა. არამედ რაოდენი უკუჱ ძალგედვასთ ძალისაებრ თქვენისა, ჰყავთ თაყვანისცემაჲ, რამეთუ ლოცვითა და თაყვანისცემითა სძლევს კაცი ძალსა ეშმაკისასა და ლოცვისა მიერ იხსნები ცოდვათაგან , რომელი ჰსცოდე მას დღესა.

რამეთუ ღამით გონებაცა შენი უმსუბუქეს არს და მიახლებულ ღმრთისა მიმართ და ძალუძს შენი სინანულად მოქცევაჲ. ლოცვასა ღამისასა და ღამეულთა ლოცვათა უფროს ისმენს ღმერთი, რამეთუ მაშინ სულიცა შენი უპატიოსნეს არს მყუდროებითა და გონება შენი დაწყნარებულ ვედრებად ღმრთისა.

ვინაცა , საყვარელო, აღსდეგ ღამე და მოიდრიკენ მუხლნი და შეუვრდი ღმერთსა მვედრებელი: „მოყოს ყური თვისი ღმერთმან და ისმინოს ვედრება შენი“[ფს. 87,2].

მოიხსენე უკუჱ დავით მეფისა, ვითარ იტყოდა: „შვიდგზის დღესა  შინა გაქებდე შენ, უფალო”[ფს. 118,164], და კვალად: „შუაღამე აღვსდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლეთა შენთასა. და დავშვერი  მე სულთქმითა ჩემითა, ღამე ყოველ ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტე”(ფს.118,62); [ფს. 6,6].

გულისჴმა ვჰყოთ, ძმანო, უკეთუ მეფედ მყოფსა ესოდენი აქუნდა მწუხარება და ესრეთ ჰყოფდა ღამე ყოველ. ხოლო ჩვენ ვითარი პასუხი მივსცეთ ღმერთსა უდებებასა შინა მყოფთა? გევედრები თქვენ, ძმანო, აღვსდგეთ ვედრებად ღმრთისა ცოდვათათვის ჩვენთა და აღსაარებად მისა, რამეთუ ღამესა შინა არცა ცუდად მზუაობრობა აღსძრავს გონებასა და არცა ვის ეკდიმებინ  – რამეთუ არავინ გავნებს, არცა გქენჯნის.

იყავნ სახლი თქვენი, ვითარცა ეკკლესია ღამე ყოველ, ქმარნი ცოლთა თანა დადგინებულ ლოცვად, რამეთუ სთქუა უფალმან: „სადაცა არიან ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა”[მთ. 18,20]. კეთილ არს ღმრთისა ნებისა ყოფაჲ. უკეთუ თქვენგანთა ვისთანამე შვილნიცა არიან , განაღვიძეთ იგინი ვედრებად ღმრთისა და ასწავეთ მათ, რათა ილოცვიდენ ღამე და დღე. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ კეთილი სახლეულისა, ვითარ ღამე და დღე ლოცვა და ხსენება ღმრთისა. ისმინეთ რაჲსა იტყვის წინასწარმეტყველი: „უკეთუმცა მოგიხსენო შენ სარეცელსა ზედა ჩემსა  და ცისკარსამცა გევედრებოდე შენ, უფალო”(ფს. 62,7).

ვისწრაფოთ უკუჱ, ძმანო, ღამე ყოველ, რათა განვიხსნნეთ  საკრველნი ცოდვათა ჩვენთანი ლოცვითა. გეტყვი თქვენ – აღსდეგით ღამე; უკეთუ არა შუაღამ, მაშა განთიად ევედრებოდეთ ღმერთსა. რამეთუ ღამე ორად განყოფილ არს – ჴორცთა განსვენებად და სულისა ცხოვნებად ლოცვისა მიერ.

აღსდეგ უკუჱ ღამე და ევედრე ღმერთსა, შეუვრდი სულთქმით დამბადებელსა შენსა ცოდვათა მოტევებისათვის და საუკუნოსა დიდებისა პოვნისათვის, რომლისა მიმთხვევად ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 8. თავი გ [3]

ეპისკოპოსთა პატივისათვის

დაემორჩილენით ეპისკოპოსთა და პატივს სცემდით მღუდელნი ეკ­კლესიისანი, რათა მათ თანა ზიარ იქმნნეთ მადლსა ღმრთისა მიერ. რამეთუ სასმენელსა  ჩემსა არს, რომლისათვის უღელი მოვიღე და პირისაგან კაცთასა არა მიცნობიეს, არამედ სული მიქადებს მე ესრეთ მეტყველი, ვითარმედ: „თვინიერ ეპისკოპოსისა არარაჲსა ყოფად“, რამეთუ სადაცა გამოჩნდეს ეპისკოპოსი, მუნ სიმრავლე კეთილთა იყოს, და სადაცა სახელ იდვას ქრისტე, მუნ კრებულნი ეკკლესიისანი შევლენ . ვითარცა, სადაცა მწყემსნი ცხოვართანი ვლენ, მუნ იგინი სძოვენ და მწყემსნი ჰსცვენ. ხოლო თვინიერ მწყემსისა ცხოვარნი წარიტაცებიან მხეცთა მიერ და თვინიერ მღუდელმთავრისა არცა ნათლისღება იქმნების, არცა სხუა საიდუმლოთაგანი.

ესე უკუჱ ღმრთისა სათნო არს, რომელ პატივსცე მღუდელმთავართა და პატივისმცემელი მღუდელმთავართა ღმრთისაგან პატივცემულ იქმნების, და რომელი თვინიერ მღუდელმთავრისა რასმე ჰყოფდეს, არა შვენიერ არს.

ხოლო მღუდელთა უღირს  მორჩილება, ვითარცა რა მოციქულთა ქრისტესდა, სასოებისა ჩვენისა, რათა მსგავს მათდა ვიპოვნეთ.

ხოლო ჰშვენის დიაკონთაცა, ვიტყვი მსახურთა საიდუმლოთა ქრისტესთა ყოველსა შინა სათნოყოფად, ვინათგან არა საჭმელისა და სასმელისა არიან მსახურ, არამედ ღმრთისა ეკკლესიათა და საიდუმლოთა მისთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო, პატივ სცემდეთ ეპისკოპოსთა, ვითარცა თვით ქრისტესა, ხოლო მღუდელთა, ვითარცა თანამოსაყდრეთა და შეუღლებულთა მოციქულთასა , რამეთუ თვინიერ მათსა ეკკლესია არა განათლდების. ამისთვის ისმინებიან  სჯულისანი, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი გჰრქუას შენ მღუდელმან, ჰყავ და ნუ მიაქცევ მარცხენით, ნუცა მარჯვენით სიტყვათაგან. რომელმან არა უსმინოს მღუდელსა, თანამდებ არს სიკუდილისა“[2 რჯ. 17,11-12].

ხოლო სთქუა წინასწარმეტყველმანცა მალაქია სიტყვანი მღუდელთათვის ღირსნი, ვითარმედ: „დაიმარხენ მეცნიერება და სჯული პირისაგან მისისა, რამეთუ ქადაგი არს ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა და სოფლისა წარსამართებელად ვალს”[მალ. 2,7].

და სხუამან სთქუა: „ყოვლითა სულითა შენითა კეთილსა უყოფდი უფალსა და მღუდელთა მიმართ პატივ სცემდი და მსახურთა მისთა ნუ დაუტეობ, გეშინოდენ ღმრთისა, ადიდე მღუდელი”.

ხოლო პავლე ესრეთ მისწერს ტიმოთეს მიმართ, ვითარმედ: „შესძინებდი კეთილ ღირსყოფისათვის მღუდელთა ორკეცსა პატივსა”[1 ტიმ. 5,17].

და სთქუა კანონმან ესრეთ: „მღუდელნი განწმენდილ არიან უფლისა მიმართ ღმრთისა, რამეთუ მსხვერპლსა და ძღვენსა ღმერთსა შენთვის შესწირვენ და წმიდა არიან”[1 ეზრ. 6,20].

და კვალად სთქუა უფალმან ჰარონის  მიმართ: „იტყოდე  შენ მსახურთა მიმართ ჩემთა ტაძარსა შინა წამებისასა, იგინი მიიღებდენ ცოდვასა თვისთა ერთასა და მონაგებთა მათთაგან მისცემდენ ლევიტელთა, ვითარცა სასყიდელსა თქვენსა მსახურებისათვის”[რიც. 18,23-24].

ხოლო ისაია სთქუა: „თქვენ მღუდელთა გეწოდოს მსახურნი ღმრთისანი”[ეს. 61,6].

და იერემია სთქუა: „განვადიდო და გამოვზარდო სულნი მღუდელთანი”[იერ. 31,14].

ხოლო პავლეცა სთქუა: „რამეთუ ყოველი მღუდელმთავარი შეწირვად სოფლისა მსხვერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, რომელნი იგი სახედ აჩრდილისა მსახურებენ ზეცისასა”[ებრ. 8,3-5].

და ესევითარი დავითცა სთქუა, ვითარმედ: „მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ სიხარულითა ”[ფს. 131,9].

ხოლო აწ მე გლოცავ თქვენ, ძმანო , იცით რომელნი ჰშვრებიან  თქვენთვის. ჰყავთ სიყვარული მღუდელთა მიმართ და პატივისცემაჲ, რამეთუ შვენიერ არს. საყვარელნო, ვითარცა რა მეგობართა ღმრთისათა პატივისცემად მღუდელთა, რამეთუ გამოირჩინა უფალმან და ადიდნა მღუდელნი და არავინ თავით თვისით მიიღებს პატივსა, არამედ ჩინებულნი ღმრთისანი.

არა არს თქმული აწ არცა პირველ მღუდელთა წინა აღდგომაჲ, ხოლო წინა აღმდგომნი სასჯელსა თავისა თვისისასა მიიღებენ, რამეთუ წერილ არს: „მთავრისა მიმართ შენისა ნუ იტყვი ძვირსა”[იაკ. 4,11; იგ. 3,29].

და უფალი დიდი მთავარი ეტყვის : „რომელმან თქვენ შეგიწყნაროს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი მამა. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს”[მთ. 10,40-41]. დიდება ღმერთსა ჩვენსა აწ და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 9

მღუდელთა პატივისათვის

საყვარელნო ძმანო , ვისწრაფოთ ყოველთა, რათა მადლი სულისა წმიდისა იყოს ჩვენთანა  და მღუდელთა დიდითა პატივითა პატივს ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღუდელთა და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით წინა­მძღვართა  თქვენთა”(ებრ. 13,17).

რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა  და უკეთუ საქმენი შენნი ჰქმნე  კეთილად, სხუათათვის არარაჲ ზრუნვა გაქვს. ხოლო მღუდელი, დაღაცათუ თვით სათნო იყოს და შენსა ცხოვრებასა არა კეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეენიად წარვალს, და მრავალგზის თვით კეთილად არნ, – და თქვენთა საქმეთათვის  წარწყმდის, უკეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისა და არა ჰქმნას.

ამისთვის უკუჱ ჯერ არს, რათა პატივ სცემდეთ მღუდელთა, რამეთუ ესე მოასწავა მოციქულმან, ვითარმედ: „იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, რამეთუ სიტყვისა თანააძს მიცემაჲ“[ებრ. 13,17]. ამისთვის ჯერ არს, რათა პატივს ვცემდეთ მღუდელთა, რამეთუ  ესრეთ უმეტესად ძალუძს მოსწრაფება თქვენთვის.

უკეთუ კულა თქვენ  შეურაცხ ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფად არს საქმენი თქვენნი  და იგინიცა დაიხსნებიან შეწევნად თქვენდა. ისმინე, უფალი რაჲსა იტყვის, ვითარმედ: „საყდართა ზედა მოსესსა  დასხდენ მწიგნობარნი და ჶარისეველნი. ყოველსა უკუჱ რაოდენსა გეტყოდენ  ქმნად, იქმოდეთ”[მთ. 23,2-3]. ხოლო აწ ვერვინ  იტყვის, თუ: „მოსეს საყდარსა ზედა დასხდენ მღუდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლა აქუს.“

არა  ხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი მორჩილებენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ხოლო ღმრთისა დადგინებულთა არა უფროსად ჯერ არსა პატივისცემაჲ?

რაჲ უკუჱ  სიტყვა აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს, არა განკითხვა მოყვსისა, და იგინი მღუდელთა აგინებენ და შეასმენენ.

ხოლო ამას რა ვიტყვი, არათუ ამისთვის, ვითარმედ, რომელნი მოუხდებიან მღუდელობასა არა ღირსებით, კეთილმცა იყვნეს, არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტანჯვისა  არიან. არამედ მათთა სამწყსოთა არავე უხმს მათი შეურაცხყოფაჲ. რამეთუ უკეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან შენ არარაჲ  გევნების.

და უკეთუ ღმერთმან ვირისა  მიერ სწავლა გამოაჩინა და მოგვისა მიერ კურთხევა მოჰფინა, თქვენმცა არა მოგცაა მადლი მღუდელთა მიერ და სული წმიდა მოგანიჭა ?

რამეთუ არცა წმიდა სიწმიდითა თვისითა მოიყვანებს მადლსა მას, არამედ მადლი იგი იქმს ყოველსავე. რამეთუ არათუ კაცი, მღუდელი, არამედ არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი, რასა იქმს ნიჭთა მათ შინა ღმრთისათა, არამედ მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ არს, რომელი ყოველსავე  განაგებს. ხოლო მღუდელი თვისსა ენასა ავასხებს და ჴელსა მისცემს, რამეთუ რადმცა ეთნებოდა  მადლსა მას მღუდლისა მიერ მორწმუნეთა ზედა.

ამისთვის უკუჱ რომელთა ესე უწყით, ღმრთისაგანცა გვეშინოდენ და მღუდელთა პატივს ვსცემდეთ, რათა ესრეთ სასყიდელი მოვიღოთ ღმრთისაგან, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 10

მღუდელთა მიმართ

გეტყვი შენცა, ჵ, მღუდელო, მწყემსო ქრისტეს ცხოვართაო და მდგომარევ წინაშე საშინელსა მისსა ტრაპეზსა, ყოველთათვის მორწმუნეთა ვედრებისა შემწირველო ღმრთისა მიმართ.

განიშორე სიმთვრალე, რამეთუ შეამწიკვლებს ვედრებასა შენსა.

და ნუ აღრევ სიტყვასა შენსა ერისა მიმართ ლიტონისა. იხილე, რამეთუ ღმრთისა თანამზრახველ ხარ.

ჴორცნი შენნი წმიდად დაიმარხენ. უწყოდე, რამეთუ შუამდგომელი ხარ ღმრთისა და კაცთა.

სლვაჲ მშვიდი აქუნდინ ფერჴთა შენთა, ვინათგან ადგილსა წმიდასა სდგახარ.

დაიცავ ჴელი შენი ყოვლისაგან არაწმიდებისა, რამეთუ მათ მიერ მოიღებ ჴორცსა ქრისტესსა.

სიმდაბლე მიიღე, რამეთუ მდაბალთა მოხედავს ღმერთი.

წმიდად გაქვნდინ ენაჲ ყოვლისა კაცისა განკითხვისაგან, რამეთუ მით ადიდებ ღმერთსა ანგელოსთა თანა.

განეშორე შფოთსა ერისასა, რათა არა შემაშფოთებელ გექმნას გონებაჲ, არამედ წმიდასა ლოცვასა ღმრთისა მიმართ აღავლენდეს.

მოწყალე იქმენ გლახაკთა ზედა, რამეთუ მოწყალენი ჰპოვებენ წყალობასა ღმრთისა მიერ.

მოუხდე რა წმიდასა მას ტრაპეზსა , წარიხადენ, ვითარცა მოსე, შიში უჯერო და მწუხარება მსოფლიო და არაწმიდანი გულისსიტყვანი გულისაგან შენისა, რამეთუ „ადგილი, რომელსა ზედა შენ სდგა, წმიდა არს“[საქ. 7,33].

მოიხსენენ წმიდათა შესაწირავთა შინა ძმანი შენნი სულიერნი და ჴორციელნი.

ნუ სცვალებ ვედრებასა უჯეროდ, ნუცა ჴმასა უწესოდ.

იკითხვიდე გულსმოდგინებით ცხოვრებასა და მოძღვრებასა წმიდათა მამათასა. ნუ ლაღობით, არამედ მეცნიერებით ასწავებდ თავსაცა შენსა და სხუათაცა კეთილად.

და ბრძანებისაებრ უხუცესისა შენისა და ნუ შენ მიერ, რათა არა კადნიერებისა მახვილითა დაეცე.

ნუ განიძღებ მუცელსა შენსა ფრიად, რათა არა ოხრვიდე უშვერად და განსდევნო ფშვინვითა სული წმიდა გარდამომავალი ნიჭსა ზედა.

და დგომასა შენსა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, ნუ წამ-წამ იხედავ, არამედ ოდენ აღიხილევდი თუალთა მხოლოჲსა ღმრთისა მიმართ, რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, და თაყვანის სცემდ.

მშვიდობასა ჰყოფდე  უკანასკნელადმდე და ყოველთათვის კურთხევასა და წყალობასა ითხოვდე.

დასდეგ წინაშე საკურთხეველისა, თვინიერ განკითხვისა, აღიპყრენ ჴელნი ფრთეთაებრ სერაჶიმთასა.

კვალად გეტყვი შენ, ჵ, მსახურო ქრისტესო: ეკრძალე სასმელსა, რამეთუ სერაჶიმი ხარ ჴორციელი და უშვერ არს შენდა მიდევნება სასმელისა.

და უჯერო მონაგებთა სიყვარული და საძაგელ ამპარტავანებაჲ, განმკითხველობაჲ, ზუაობაჲ, სილაღე და გულისთქმა სიძვისა. ესე ყოველნი ანგელოსთა მხედრობათაგან  უცხო არიან, რომელთა წესი მოგიგიეს, ჵ, მღუდელო, და მსახურებ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა და უფროს მათსა შეერთები, რამეთუ იტყვი: „აწ ძალნი ცათანი უხილავად ჩვენთანა მსახურებენ”.

ამისთვის, მღუდელო, იყავ კეთილგონიერ და გულისჴმა ჰყავ, თუ რაჲ ხარ, ანუ რაჲსა ჰმსახურებ. ჰსცან თავი შენი და ჰმონე უფალსა შიშით და სიყვარულით, და ყოველი ჩვეულება ამაო განაგდე და ანგელოსებრივი მსახურება მოიგე.

შიშით და სიყვარულით და კრძალულებით იპყარ საიდუმლონი, რათა იქმნე  ცათა შინა მედღესასწაულე ანგელოსთა თანა და ყოველთა წმიდათა დაუსრულებელსა მას კეთილსა , რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად და დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა  თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 11. თავი დ [4]

აღსაარებისათვის ცოდვათასა

საყვარელნო, აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღსაარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ჴორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან.

ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრისა მიმართ დიდად სავნებელ არს – შემდგომად სიკუდილისა სულთა  შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების. ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსაარება ცოდვათა, ხოლო დაფარვა სიხარულ სატანასი. რამეთუ იგი ლიქნით ეტყვის, ვითარმედ: „დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანეო .“ არამედ, ჵ, კაცო, უწყიაა მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა? არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი, რათამცა უნანელი წარგიტაცოს ანასდითა  სიკუდილითა და წარგწყმიდოს.

უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს, ესრეთ შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი, ვითარმედ: „თვით უწყი, რაჲსაცა წერილი იტყვის კანონსა. ეგრეთ  ჰყავ შენცა და ნუ  იტყვი აღსაარებასა.“ არამედ, ჵ, საყვარელო, ნუ უსმენ ეშმაკსა და ნუცა ჰყოვნი აღსაარებად ცოდვათა შენთა, რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 12

აღსაარებისათვისვე

მოვიხსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი, საყვარელნო, და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსაარებითა და სინანულითა. რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმერთსა აღსაარებისათვის, ვითარცა იტყვის:

1. „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რათა განმართლდე”[ეს. 43,26]. და კვალად იტყვის: „უსჯულოება ჩემი გითხრა შენ და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩემისა”[ფს. 31,5], რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსაარებაჲ მათი და ხსენება.

2. და კვალად არს სხუაცა წამალი ახოცისა მათისა, რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა, არამედ შეუნდობდეთ.

3. გნებავსაა, რათა მესამეცა გითხრა? ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რაჲსა იტყვის: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა ახოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა”[დან. 4,27].

4. და კვალად არს სხუაცა გზაჲ ცოდვათა აღხოცისა, ესე იგი არს, ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღმრთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინისცემასა შენდობისასა.

5. ხოლო მარხვაცა, რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდეს, დაშრეტს მოწყინარეობასა რისხვისა ღმრთისასა, რამეთუ ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი.

ამათ უკუჱ, ყოველთა გზათა ვიდოდეთ, რამეთუ, უკეთუ ამათ შინა ვჰყოთ სლვაჲ ჩვენი, არათუ ოდენ გარდასრულნი ცოდვანი განვიბანოთ, არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი. არა ვსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა, რამეთუ ესეცა ამისგან მოიწევის, რაჟამს არა გვაქვნდეს საქმე სათნოებისა, არამედ მოცალებით ვიყვნეთ.

ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ვისწრაფოთ სათნოყოფად ღმრთისა აღსაარებითა და სინანულითა, რათა მცირედსა  ამას ჟამსა დავშვრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 13

აღსაარებისათვისვე

მოვედით, საყვარელნო ძმანო, და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ  გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისსა, არამედ  გვეშინოდენ ღმრთისაგან, რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არარაჲ დაეფარვის და მუნ სტანჯავს  უნანელთა.

რამეთუ ჩვენ, რომელსა იგი ეგულების სჯაჲ, არა გვეშინის მისგან. ხოლო გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა  უწყით, ვითარმედ, რომელმან არა აღიაროს და შეინანოს  თვისნი  ბოროტნი, მას დღესა  არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა, არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადებიან. რამეთუ მუნ დასჯდების მართლმსაჯული იესო და თვითოეულისა საქმენი , ვითარნიცა იყვნენ  კეთილნი ანუ ბოროტნი.

გულისჴმა ჰყავ, ჵ, კაცო, თუ რაჲ გიქმნიეს ბოროტი, ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე, გარნა  ღმერთსა ვერ დაუფარავ, და შენ კაცისაგან  გრცხვენის  და ღმრთისა შიშსა არა მოიგონებ?!

გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ ვერცა კაცთა  დაეფარო მას დღესა შინა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი, ვითარცა გამოხატულნი , დასდგენ წინაშე ჩვენსა, რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ, ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თუალთა მისთა ; და რომელი იგი საძაგელ უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევიდეთ  თვითოეული  გონებასა ჩვენსა და დავსდგათ სამსჯავროჲ და წარმოვადგინნეთ  შორის ცოდვანი ჩვენნი. და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვიკურნნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსაარებითა და  დავსდვათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი, რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნება  წყლულებათა ჩვენთა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „უკეთუ მიუტევნეთ, მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი”[მთ. 6,14], ეგრეთ ვიქმნეთ, უკეთუ გვენებოს აღსაარებისა და სინანულისა მიერ .

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რათა პირველად განვეშორნეთ  ქმნისაგან ბოროტთასა  და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსაარებითა . და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა .

და უკეთუ მიგიტაცებიეს , განეშორე მისგან და დაიდევ  წამალი მოწყალებისა. და უკეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისა. უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა, აჩვენე კვალად სიყვარული .

და ესრეთ ვიქმოდეთ თვითოეულსა  ზედა საქმესა და ნუმცა თანაწარ­ვხდებით ცოდვათა ჩვენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა. ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს”(ფილ. 4,5). ნუ ზრუნავთ, რომელნი მოღვაწებათა და ჭირთა შინა  ხართ, ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქვენ ესრეთ გეტყვი: „უფალი ახლოს არს, ჰზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული”(ფილ. 4,5); [1 პეტ. 4,7].

და უკეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს”, არა აწ უფროსად ახლოს არსა? უკეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?

არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღმრთისათა და განვი­წმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსაარებითა. რამეთუ ოდეს არა უწყოდეთ და უზრუნველ  ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა , ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს”[ლკ.17,26-29]. რამეთუ მყისსა  შინა მოიწიოს, ვითარცა სალმობა შობადისა, უცნაურად მყისსა შინა ეწიოს  დედაკაცსა, რაჟამს არა მოელოდის მრავალჟამ .

და ამისთვის გლოცავ და გევედრები, ძმანო, ვიყვნეთ მარადის მზაჲ აღსაარებითა, რამეთუ  მრავალგზის არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ”(ფს. 6,5). არამედ აქავე შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი, რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვჰპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 14. თავი ე [5]

წმიდისა ზიარებისათვის

საყვარელნო , გულისჴმა ვჰყოთ, თუ რაჲ არს საკვირველი ესე საიდუმლო ამის ზიარებისა . ესე არს ფრიადისა სიყვარულისა სახე , რომელ ქრისტემან ჰქმნა, რათა უმტკიცესად სიყვარულად მისსა  მოგვიყვანნეს  ჩვენ და თვისიცა სიყვარული გვიჩვენოს, რომელი აქვს ჩვენდა მომართ.

და ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ : „ჴორცითა ჩემითა გზრდი თქვენ და თავსა ჩემსა წინაშე თქვენსა დაგიგებ , რამეთუ მნებავს, რათამცა თქვენ ყოველნი მთავარ და დიდებულ იქმნნეთ, და მიგცემ თქვენ სასოებათა კეთილთა საუკუნოსათა, რამეთუ  რომელსა ესე აქავე თავი ჩემი მიმიცემიეს თქვენდა, არა უფროს მას საუკუნესა ვჰყოა  ესე?! რომელმან ესე ვინებე ძმად თქვენდა ყოფად, ზიარ ვიქმენ თქვენთვის ჴორცთა და სისხლთა; კვალად ჴორცსა და სისხლსა მას მიგცემ თქვენვე, რამეთუ თქვენთვის ვიქმენ  ზიარ მათდა”.

აწ უკუჱ, საყვარელნო ძმანო, ესე სისხლი ხატსა  მას სამეუფოსა კეთილად გამოსახავს და განაბრწყინვებს ჩვენ შორის. ესე პატიოსნებასა მას სულისასა და მთავრობასა გვირგვინოსან ჰყოფს . ესე სისხლი იოტებს  ეშმაკთა და შორს ჰყოფს ჩვენგან და მოუწოდს ანგელოსთა ჩვენდა და მეუფესა მას ანგელოსთასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი ესე  სამეუფო, ივლტიან ეშმაკნი და მიისწრაფიან მუნ ანგელოსნი.

ესე სისხლი დაითხია რა, ყოველივე სოფელი განიბანა . ამან სისხლმან განსწმიდნა ცოდვანი . ესე არს ცხოვრება სულთა ჩვენთა, ამით განიბანების სული, ამით შეიმკობის , ამით გამოიხსნების ; ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა; ესე ოქროჲსა უწმიდეს ჰყოფს სულსა; ესე სისხლი დაითხია და ცანი სავალად  კაცთა იქმნა . ჭეშმარიტად საშინელ არს საიდუმლო ესე ეკკლესიისა .

ესე სისხლი არს სასყიდელი ყოვლისა სოფლისა; ამით მოიყიდა ქრისტემან ეკკლესია, ამით შეამკო იგი ყოვლით კერძო, რამეთუ ვითარცა კაცი, რომელი მოიყიდნ მონათა, ოქროჲ მისცის და უკეთუ შემკობა მათი ჰნებავნ, ოქროჲთავე შეამკვნის. ეგრეთვე ქრისტემან ჰქმნა: სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა და კვალად  შემამკვნა ჩვენ სისხლითავე თვისითა.

და რომელნი ამის სისხლისაგან ეზიარებოდენ , იგინი ანგელოსთა თანა და მთავარანგელოსთა და ძალთა ზეცისათა მდგომარე არიან, და  შეუმოსიეს სამეუფო იგი სამოსელი  და საჭურველი იგი სულიერი და რად ესრეთ ვიტყვი, რამეთუ თავადი იგი მეუფე ყოველთა შეუმოსიეს.

ხედავაა, ვითარ დიდ არს საქმე ესე და დიდებულ? აწ უკუჱ უწყოდე, ვითარმედ რაოდენ  ესე დიდ არს და საკვირველ, ეგრეთვე, უკეთუ სიწმიდით და ღირსებით მოუხდე  მას, ცხოვრებად თავისა შენისა მისრულ ხარ. უკეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუხდე, დასასჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მოუხდები , რამეთუ „რომელი სჭამდეს და სმიდეს უღირსებით, იგი დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სვამს მას” [1 კორ. 11,27-29]. იხილე ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე , ვითარმედ : რომელთა არაწმიდითა გონებითა მიიღონ ჴორცი და სისხლი ქრისტესი, დაისჯებიან ბოროტად.

აწ უკუჱ, საყვარელნო , გულისჴმა ვჰყოთ, თუ ვითართა კეთილთა ღირს უქმნიეთ ჩვენ ქრისტესა ვმადლობდეთ მას და ვადიდებდეთ და ღირსებით ვეზიარებოდეთ წმიდათა საიდუმლოთა მისთა, ნუ  სარწმუნოებითა  ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, რათა  ღირს ვიქმნეთ კეთილთა მათ საუკუნეთაცა  მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 15

წმიდისა ზიარებისათვისვე

აჰა, ესერა, საყვარელნო , ჴორცი და სისხლი ქრისტესი  წინამდებარე არს ჩვენდა; არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმელადცა და სასმლად, უკეთუ გვენებოს მოუცემიეს ჩვენდა.

მოუხდეთ უკუჱ სარწმუნოებით, რათა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩვენნი. უკეთუ „რომელნი ფესუსა სამოსლისა მისისასა შეეხნეს, ესრეთ სარგებელ ეყო“[მთ. 14,36]. რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოს, რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორის თვისთა, უკეთუ ოდენ ღირს იქმნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად? რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტესა მოუხდებით, დაღაცათუ ჴმაჲ მისი არა გვესმის და უფროსღა გვესმის ჴმაცა მისი დღითი დღედ  სახარებისა მიერ.

აწ უკუჱ შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობა იგი არს, რომელსა შინა თავადი ინახით მჯდომარე იყო, და არა რაჲთა განყოფილ არს ესე მისგან, – რამეთუ, ვითარცა იგი მაშინ ქრისტემან  შემზადა, ეგრეთვე აწ ამას, იგივე შემზადებს.

ამისთვის გეტყვი, საყვარელო: ოდეს იხილო, რომელ მღუდელი გაზიარებდეს წმიდასა საიდუმლოსა, ნუ  ჰგონებ, თუ  მღუდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ჴელი ქრისტესი განმარტებულ  არს მოცემად შენდა, ჴორცსა და სისხლსა მისსა.

რამეთუ ვითარცა იგი ნათელ იღებდე რა, არათუ  მღუდელი იგი ნათელ გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი და არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი, არცა სხუა ვინ იკადრებს მიახლებად. ეგრეთვე აქაცა იგი  არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა.

რამეთუ არა ანგელოსთადა ურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი: რამეთუ, რომელმან უმეტესი ჰქმნა, უდარესიმცა უღირს იჩინაა? რომელმან თავი თვისი მოგვცა საჭ­მლად, ჴელითამცა თვისითა არა ჯერიჩინაა განყოფად პატიოსნისა მის ჴორცისა და სისხლისა მისისა მოყვარეთა მისთა ?

ვისმინოთ უკუჱ მღუდელთაცა და ყოველმან ერმან, თუ ვითარსა პატივსა ღირს ქმნულ ვართ და  შევძრწმუნდეთ. წმიდისა ჴორცისა და სისხლისა მისისა ზიარ მყვნა ჩვენ, თავი თვისი დაკლული წინაშე დაგვიდვა.

რაჲმე  უკუჱ მიუგოთ, რომელნი ესევითარსა საიდუმლოსა ზიარ ქმნულ  ვართ და ესრეთ წარმდებებით ვსცოდავთ? რომელნი კრავსა მას ღმრთისასა მოვიღებთ და არა შევიკდემთ . მგელთა მიმსგავსებულად, რომელნი ტარიგსა მას მოვიქვამთ ამხმელსა ცოდვათა სოფლისათა და ვართ  მხეც მტაცებელ.

ესე საიდუმლო ნიჭი არს მშვიდობისა, განმწმედელი ყოველთა ცოდვათაგან, ღირსად მიმღებელთა მისთა და არა ჰნებავს, რათა ყოვლადვე უფლებულ  ვიყვნეთ  ვნებათაგან შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაჰარებისა, ანუ თუ გულისთქმისაგან ბოროტისა .

რამეთუ, უკეთუ ქრისტემან ცხოვრებისათვის  სულთა ჩვენთასა არა ჰრიდა თავსა თვისსა სიკუდილად მიცემად, ჩვენ ვითარ უგულებელს ვჰყოფთ ცხოვრებასა ჩვენსა? არამედ, საყვარელნო ძმანო, წმიდითა გულითა ვეზიარებოდეთ წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, რათა საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 16

წმიდისათვისვე ზიარებისა

საყვარელნო, განიცადეთ და იხილეთ, თუ რაბამ ტკბილ და სახიერ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე; რამეთუ ჴორცითა თვისითა გუზრდის და სისხლსა თვისსა არა ჰრიდებს დათხევად ჩვენთვის.

ხოლო ჩვენ არცათუ პურსა მივსცემთ მისთვის, არცა სასმელსა წყლისასა. ქრისტემან წიაღთა თვისთა შეგვიტკბო და შეგვიწყნარა, ხოლო ჩვენ არცათუ ძმათა ჩვენთა უცხოთა შევიწყნარებთ სახლთა. ჵ, ესე უწყალოებაჲ! ღმერთმან ძე თვისი მისცა სიკუდილად ჩვენთვის და ჩვენ პურსაცა არა მივსცემთ მისთვის! ჩვენისა სიყვარულისათვის ჯვარს ეცვა ძე ღმრთისა და ჩვენ არა გვნებავს  ძმათათვის სიყვარულისა ყოფაჲ.

ჵ, ესე უგუნურებაჲ ! ქრისტესთვის თანაგვედვა სიკუდილი და ჩვენ არცა მოწყალებასა მივსცემთ და არავე უკუდავ ვართ, რომლისა ნებსით არა გვნებავს მიცემაჲ, ესე უნებლიეთ დაუტეოთ. რაჲმე სიტყვა მიუგოთ ქრისტესა, რამეთუ მან ჴორცი და სისხლი თვისი ყოვლითურთ მოგუცა ?! ხოლო ჩვენ უმტკიცეს ქვისა ვართ და სიხარბესავე შინა დავადგრებით.

გარნა იგი ტკბილი ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ: „არარაჲსა  ვითხოვ დიდსა, არამედ ჴორცსა და სისხლსა ჩემსა მიგცემ თქვენ და პურსა და წყალსა ვითხოვ. სასუფეველსა აღგითქვამ და შეწყნარებასა ვითხოვ თქვენგან. არა გეტყვი შენ, ჵ, კაცო, ვითარმედ: დაიხსენ სიგლახაკე ჩემი და მომეც სიმდიდრე შენი, არამედ ვითხოვ მცირედსა  პურსა ნუგეშინის საცემელად სიყმილისა ჩემისა. საპყრობილესა რა ვიყო, არა გაიძულებ შენ განხსნად საკრველთა და გამოყვანებად, არამედ გთხოვ , რათა მოხვიდე და მიხილო მე ტკბილად. სნეულ რა ვიყო, არა გეტყვი, თუ: განმკურნე და აღმადგინე, არამედ მოვედ და მიხილე ტკბილითა სიტყვითა ნუგეშინისცემისათა. უფროს ამით სახითა მნებავს სასყიდლისა  მიცემად შენდა და გვირგვინოსან ყოფად. ამათ უნდოთა  წილ მნებავს, რათა წინაშე ყოვლისა სოფლისა გაქო გამომზრდელი ჩემი და კურთხეულ გიწოდო მამისა ჩემისა მიერ და შორის ანგელოსთა და მთავარანგელოსთა განვაწესო სავანე შენი, რამეთუ მე ფრიად მიყვარ შენ.“

ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და ვეძიებდეთ წყალობასა თვისისა ცხოვრებისასა. ამათ ესევითართა კეთილთა საქმეთა მიერ შევამკვნეთ თავნი ჩვენნი და გულითა წმიდითა ვეზიარნეთ უკუდავმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რათა ღირს ვიქმნეთ მის თანა დგომად, ვითრცა იტყვის: „რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა”(იო. 6,56). რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 17. თავი ვ [6]

ღმრთის სიყვარულისათვის

საყვარელნო ძმანო ჩემნო, შევიყვაროთ ღმერთი ყოვლითა სულითა და ყოვლითა გულითა ჩვენითა , რათა ღირს ვიქმნეთ ცნობად მისა. სიყვარული არა გონებითა  ოდენ ჯერ არს, არამედ საქმითაცა, რათა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ .

და უკეთუ განვარისხებდეთ მას, ვინაჲ  გამოჩნდეს, თუ გვიყვარს იგი და გვიხარის მისთვის? არა ხედავაა , ვითარ რაჟამს მეგობარი ვინმე მოვიდის ჩვენდა და გვიხაროდის მისთვის, ვისწრაფით  ყოვლით კერძო ნებისა მისისა აღსრულებად. ხოლო უკეთუ ნებასა მისსა არა აღვასრულებდეთ, დაღაცათუ  ბევრეულგზის ვიტყოდეთ , თუ გვიხარის მოსლვისა მისთვის , არა ჰრწმენეს  მას სიტყვა იგი.

ეგრეთვე, უკეთუ გამოვაჩინოთ, ვითარმედ ჭეშმარიტად გვიხარის მოსლვაჲ ქრისტესი, ნუმცა  რას ზედა განვარისხებთ მას: შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოუდგათ სერი, რომელი მას ჰნებავს.

ხოლო რაჲ არს სერი იგი? ვითარცა მან  თავადმან სთქუა, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რათა ვჰქმნე ნება მომავლინებელისა ჩემისა”[იო. 4,34]. ვიხილოთ თუ მშიარად, გამოვზარდოთ იგი, და უკეთუ წყურიელად , ვასვათ მას, დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩვენი, შეიწირავს იგი, გინათუ გრილსა წყალსა, ანუ თუ ორთა მწვლილთა, რამეთუ ვინათგან არა ეხმარების მას, ამისთვის არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა ოდენ .

გამოვაჩინოთ, ვითარმედ გვიყვარს ქრისტე და გვიხარის  მოსლვა  მისი. ვიხილოთ თუ ვითარ არს სიყვარული მისი ჩვენდა მომართ, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და  შემდგომად ამისსა ჩვენვე გვთხოვს მოწყალებასა. და უკეთუ მის მიერ მოცემული მასვე მივსცეთ, ესრეთ შეიწირავს, ვითარმცა ჩვენი მიგვეცა .

ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყვიან, ვითარმედ: „ვის არა უყვარს ქრისტე?“ სიტყვით და გონებით  არავინ უარ ჰყოფს მას. არამედ არა სიტყვით ოდენ ჯერ არს სიყვარული, რამეთუ, უკეთუ სიტყვით ვიტყოდეთ – თუ გვიყვარს ღმერთი და საქმითა არა ვიქმოდეთ მცნებათა მისთა, ესე კიცხევა  არს არათუ ღმრთისა ოდენ , არამედ კაცთაცა.

არამედ, საყვარელნო, საქმით ვაჩვენოთ სიყვარული ღმრთისა, რათა  მანცა აღგვიარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თვისისა აღიარებდეს ღირსთა მისთა და ჩვენცა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა კეთილთა, რომელი განუმზადა მოყვარეთა მისთა, რამეთუ  მისი არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 18

ქრისტეს სიყვარულისათვის

საყვარელნო, ყოვლადვე შევიყვაროთ ქრისტე და  ვისწრაფოთ ხილვად პირისა მისისა ბრწყინვალებისა ტკბილად, დღესა მას განკითხვისასა .

გევედრები, ძმანო, ნუმცა უკუჱ დავემხობით ესევითარისა დიდებისა და ბრწყინვალებისაგან, – რამეთუ  არა ძნელ არს საქმე ესე, არცა მძიმე, უკეთუ ოდენ ჩვენ გვენებოს და მოვითმენდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველსავე, რათა მისთანაცა ვსუფევდეთ და ვიდოდეთ აქა  იწროსა მას შინა გზასა, რამეთუ დაღაცათუ იწროდ სჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩვენდა.

აღვიხილნეთ უკუჱ ზეცად თუალნი ჩვენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისა სიხარულით თავს ვიდვათ და ვერარამან საქმემან სოფლისამან დაგვიმონნეს. და რად ვიტყვი, თუ დაგვიმონნეს? უკეთუ  ქრისტე შევიყვაროთ, არცაღათუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყვარულისა ძალი და ვსთქუათ  ჩვენცა : „ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან”[რომ. 8,35] და შემდგომი ამისი.

რამეთუ იხილე, ვითარ მოციქულმან არა სთქუა საფასენი , ანუ გულისთქმაჲ, ანუ სხუა ესევითარი რაჲმე. რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათვის სთქუა  სიკუდილისათვის და დევნულებათა და ცეცხლისა და მახვილისა. და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არად შერაცხა სიყვარულისათვის ქრისტესისა .

ხოლო ჩვენ საფასეთათვის და გულისთქმათა  ბილწთა განვვარდებით ცხოვრებისაგან და ნათლისა. ხოლო პავლეს სიკუდილი და ცხოვრება და საწუთო და საუკუნო და ყოველივე არარად შეერაცხა ქრისტეს სიყვარულისა თანა.

ხოლო ჩვენ მცირე გულისთქმაჲ ყოველსა მას დაგვავიწყებს და ვფუცავთ და ვიტაცებთ და ვახშსა მივსცემთ და ჴორცთა ბილწებასა  ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიხსენებთ, არამედ თვითო  ფერთა გზათა წარწყმედისათა ვეძიებთ. ხოლო მართალი იგი გზაჲ ცხოვრებისა დაგვიტევებიეს და არა მოვიხსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, რომელთა შთავარდებით, არცა კეთილთა მათ, რომელთაგან დავაკლდებით .

რაჲსა იტყვის უფალი: „უკეთუ არა  გარდაემატოს  სიმართლე ჩვენი უფროს მწიგნობართა და ჶარისეველთასა, გეენიად მივალთ”[მთ. 5,20]. რაჲ სიტყვა უგოთ , უკეთუ მათ ოდენიცა არავე  იყოს?

არამედ ნუ, საყვარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფით! გარნა ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყვარნა ჩვენ, რათა ვჰპოვოთ საუკუნო განსვენება მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 19

ქრისტეს სიყვარულისათვისვე

საყვარელნო, ვინათგან უკუჱ დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა  ჩვენ. აწ ვინათგან მეგობარ ქმნილ ვართ, დავადგრეთ მეგობრობასა შინა ქრისტესსა და სიყვარულსა .

ქრისტემან გვიწოდა, ხოლო ჩვენ არა შეუდეგით მას. არა თავისად სარგებელად უყვართ, რამეთუ  არარაჲ ვისგან ეხმარების, არამედ ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხოლო ჩვენ თავთავე ჩვენთა სარგებელისათვის არა შევიყვაროთა ქრისტე? ჩვენ  მტერ ვიყვენით და მან შემიყვარნა. ხოლო ჩვენ, რომელსა იგი უყვართ, არა შევიყვაროთა სახიერი იგი ტკბილი მეუფე?

არამედ, აწ ესერა, წინააღმდგომსა  ვიქმთ, რამეთუ მარადღე ჩვენ მიერ ღმერთი იგმობის მტაცებლობითა და ანგაჰარებითა ჩვენითა .

და ნუუკუჱ ვინმე თქვენგანმან მრქუას მე, ვითარმედ: „აჰა , ესერა მარადღე ანგაჰარებისათვის გვეტყვი ჩვენ.“ არამედ ნეტარ, თუმცა არა მე ოდენ გეტყოდე, არამედ მეუღლენიცა და მეგობარნიცა  და შვილნი და მონანი და მეზობელნი; და კედელნი და ქვანი, უკეთუმცა შესაძლებელ იყო , ღაღადებდეს ამის საქმისათვის, რათა მცირედ რაჲმე დავსცხერით. რამეთუ ყოველი სოფელი დაიპყრა ანგაჰარებისა  სენმან და ყოველთავე სულნი დააბნელნა და დიდ არს მძლავრება იგი მამონასი.

ეჰა, საკვირველი! ქრისტემან შემიყვარნა და ქრისტეს მიერ ვიხსნენით, და ჩვენ ოქროჲ შევიყვარეთ და ოქროსა  ვჰმსახურებთ ! ქრისტეს მეუფებასა ვქადაგებთ და ოქროსა ვჰმონებთ და რაჲცა  გვიბრძანოს ოქრომან, ყოველსავე  მოსწრაფებით ვიქმთ და ვმორჩილებთ. ხოლო მეგობრობაჲ ქრისტესი და სიყვარული და სჯული ღმრთისა, ყოველივე  უგულებელს ვჰყავთ.

ამისთვის არავინ აღიხილავს ზეცად, არავინ  მოიხსენებს საუკუნესა მას სასჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყვათაგან იყოს სარგებელი, „რამეთუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს  შენ”(ფს. 6,5).

სასურველ არს ოქროჲ და საშვებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ქრისტე და ზეცისა  სასუფეველი. რამეთუ მდიდარი ამის სოფლისა მრავალთა მიერ საძულველ არს, ხოლო რომელი სათნოებასა შინა იყოს, პატივ სცემენ  ყოველნი და უყვარს .

უკეთუ კულა  ვინ სთქუას, ვითარმედ: „გლახაკი საკიცხველ არს ყოველთა მიერ, დაღათუ სათნო იყოს“, არამედ გულისჴმა ჰყავ , ვითარმედ არა კაცთა მიერ, არამედ პირუტყვთა მიერ არს საკიცხელ, ხოლო კაცისა ბრძნისა უფროსად საქებელ.

რამეთუ , უკეთუ ქვეყანისა მეფე გვაქებდეს ჩვენ, არღარა ვისგან ვეძიებთ სხუასა ქებასა ; ხოლო უკეთუ ანგელოსთა მეუფე გაქებდეს შენ, ჵ, კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიებაა ქებასა?! რამეთუ ამათსაცა უდარეს არიან კაცნი იგი მოყვარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი.

ვიდრემდის ვიქცევით მწვირესა შინა , ვიდრემდის ვჰყოფთ თავთა ჩვენთა საქებელ კაცთა ნაყროვანებითა სავსეთა ? – რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე მეცნიერ არიან, ხოლო სათნოებისა მიმართ უგულისჴმო. ხოლო შენ, ჵ, კაცო , რომელსა გნებავს სათნოებისა ქებაჲ , კაცთა უმეცართა სათნოებითა ეჩვენებიაა? ამისთვის  ვეროდეს წარემართები.

არამედ გევედრები, საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ  ესე ყოველი, მოვიძულოთ ოქროჲ და შევიყვაროთ ქრისტე, ვეძიებდეთ  ქებასა ღმრთისაგან და ნუ ვეძიებთ საფასეთა ცუდთა, ნუმცა ბოროტად შეგვირაცხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის სიგლახაკე, რამეთუ ყოვლისავე სიბრძნისა და მოთმინებისა მასწავლელ გვექმნების .

რამეთუ ლაზარეცა გლახაკობასა შინა იყო და მიიღო გვირგვინი ღმრთისაგან; და იაკობს  პურითა ოდენ განძღომად სუროდა, და იოსებ უკანასკნელსა სიგლახაკესა შინა იყოფოდა და არა მონა ოდენ იყო, არამედ პყრობილიცა, და ამისთვის უკუჱ გვიკვირს საქმე მისი. და არა ესრეთ ვაქებთ, რაჟამს იგი განუყოფდა იფქლსა, ვითარ რაჟამს  იგი იყო საპყრობილესა შინა, არცა რაჟამს გვირგვინი ემოსა, არამედ რაჟამს ჯაჭვი; არცა რაჟამს საყდართა  ზედა მჯდომარე იყო, არამედ რაჟამს განისყიდებოდა.

აწ უკუჱ, ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ , საყვარელნო, და ჩვენცა ყოველივე მოვითმინოთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რათა დავთხზათ  გვირგვინი იგი სათნოებათა. ნუ სიმდიდრესა და შვებასა და პატივსა და ძლიერებასა ვეძიებთ , არამედ სიგლახაკესა და ჭირსა და მოთმინებასა სათნოებისასა  ქრისტეს სიყვარულისათვის .

რამეთუ  აღსასრული მათი სავსე არს შფოთითა და ამბოხებითა ფრიადითა. ხოლო აღსასრული სათნოებათა არს ცაჲ და კეთილნი იგი ცათანი, რომელი „არცა თუალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუხდა, რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“(1 კორ. 2,9), რომელსა  ღირსმცა ვართ ყოველნი  მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 20. თავი ზ [7]

სიყვარულისათვის მოყვსისა

ღირსი უკუჱ ესევითარისა მის ქრისტეს სიყვარულისა პატივისა მოქალაქობა ვაჩვენოთ, საყვარელნო ძმანო, და  ნუმცა რაჲ გვაქვს ზიარებაჲ ქვეყანისა თანა, რამეთუ ამისთვის ქრისტემან ზეცით მოგვართვა ჩვენ სწავლა კაცთმოყვარებისა, რათა  მოძღვრისა მის სწავლასა შეუდგეთ ძალისაებრ ჩვენისა და ვემსგავსნეთ.

ხოლო მსგავსება ქრისტესი ესრეთ  იქმნების, რათა არა თვისთა თავთასა ვეძიებდეთ ყოვლადვე, არამედ მოყვასთასა, ვითარცა იგი ქრისტემან ჰქმნა. და რაჟამს კაცი არა თვისსა ეძიებდეს, არამედ მოყვსისასა, მაშინ ეძიებს თვისსა ჭეშმარიტებით, რამეთუ მოყვსისა ყოველი ჩვენი  არს, ვინათგან ერთ გუამ ვართ და ურთიერთას ასოებ.

ნუმცა უკუჱ ვინ იტყვის, თუ: „იგი ვინმე არა არს მეგობარ ჩემდაო, არცა ნათესავ, და ვითარ  მიყვარდეს იგი ვითარცა ჩემნიო?“ ამისთვის გულისჴმა ჰყავ, საყვარელო, დაღაცათუ არა არს მეგობარი და  ნათესავი, არამედ კაცი არს შენისავე ბუნებისა და მისვე ქრისტეს მეუფისა  მონაჲ, რომლისაცა შენ ხარ და შენ თანა მკვიდრი, რამეთუ ყოველნი ერთსა სოფელსა შინა მკვიდრ ვართ, და ვინათგან სარწმუნოებისა შენისა ზიარი არს, აჰა, ესერა ასოცა არს შენი, რამეთუ რომელი მეგობრობა იქმს ესოდენსა თვისებასა ვითარ ერთობა იგი წმიდისა სარწმუნოებისა , რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი ერთ გუამ ვართ.

ნუმცა უკუჱ უგულებელს ვჰყოფთ ერთი ერთსა, რამეთუ არავინ თვისი გუამი და ასონი უგულებელს ჰყვნის, არამედ ჰფუფუნებნ და იღვწინ .

ამისთვის ერთი სახლი მოგვცა ღმერთმან: სოფელი ესე და ყოველივე ზოგად განგვიყო და ერთსა მზესა ყოველთა აღმოგვიბრწყინვებს და ერთი სართული გარდაართხა  ჩვენ ზედა – ცაჲ და ერთი საყოფელი – ქვეყანა, და ერთი ტაბლა ცხოვრებისა  – ტაბლა იგი შესაწირავისა, ერთი სახე შობისა მოგვცა ყოველთა – წმიდა ნათლისღებაჲ, და ერთი არს ყოველთა მამული, სასუფეველი ცათა და ერთისა სასმელისაგან  ვსუამთ ყოველნი. არათუ მდიდართა უმეტესად მისცემიეს  საიდუმლო იგი და გლახაკთა უდარესად, არამედ ყოველთა სწორად უწდია სისხლი თვისი ქრისტემან და ყოველთა სწორად განუყო ჴორცი თვისი საცხოვრებელად ყოველთა სულთა.

აწ უკუჱ ვინაჲ არს უწესოება ესე, რომელ არა გვიყვარან ძმანი? გარნა  ანგაჰარებისაგან მდიდართასა და ამპარტავანებისაგან მათისა. არამედ ნუღარა იყოფინ ესე, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნუმცა განგვყოფენ  ჴორციელნი ესე საქმენი, რომელნი სულიერად ერთ ვართ, რამეთუ ყოველი ჴორცი აჩრდილი არს და აჩრდილისა უუძლურესი.

ხოლო ჩვენ, ძმანო, საკრველი  იგი სიყვარულისა მტკიცედ დავიცვათ და ვერარაჲ ვნებათაგანი შეგვემთხვიოს განყოფად ესევითარისა მის ერობისაგან და სულიერისა სიყვარულისა, რომლისა მიერ ყოველნივე ერთობით საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ, მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 21

სიყვარულისათვისვე მოყვსისა

გევედრები, საყვარელნო ძმანო , რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ შეყვარებად ძმათა, რათა არა მტყუვრად გამოვაჩინოთ სიყვარული ღმრთისა, რამეთუ იტყვის: „რომელმან სთქუას, მიყვარს ღმერთი და ძმაჲ არა უყვარდეს, იგი მტყუარ არს ”[1 იო. 4,20].

არამედ ვიღვწიდეთ სულთა ჩვენთა და ვისწრაფდეთ შეყვარებად მოყ­ვსისა. და ნუმცა  განვეშორებით გუამნი თავსა, რომელ არს ქრისტე, და ნუმცა განვეყოფით  ასოთა ჩვენთა, რომელ ესე საქმე არს განცოფებულთა . არამედ უფროსღა ვისწრაფდეთ კვალსა ქრისტესსა შედგომად, და ვჰკურნებდეთ ასოთა  ჩვენთა, უკეთუ უძლურნი იყვნენ.

რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა  უკეთუ ვიხილით ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად; და უკეთუ ვერ შეუძლოთ, არავე უგულებელს ვჰყოფთ .

ეგრეთვე უკუჱ, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძმათ მოყვარება და კეთილისყოფა, რათა „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ  აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტეს სიყვარულისა ”[გალ. 6,2] და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა , მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 22

სიყვარულისათვის ძმათასა

საყვარელნო, არა მოციქულთა ოდენ ამცნებდა უფალი ურთიერთას სიყვარულსა, არამედ  ყოველთა, რომელთა ეგულებოდა სიტყვითა მათითა რწმუნება მისა მიმართ. და არარაჲ სხვა  დააბრკოლებს წარმართთა ჩვენდა მომართ, გარნა ესე, რომელ სიყვარული არა გვაქვს ურთიერთას .

ხოლო მოციქულნი ძლიერად იყვარებოდეს ურთიერთას, ვითარცა იგი იხილეთ პეტრე და იოანე ვითარ იყვნეს. და კვალად პავლე ვითარ იყო მათდა მიმართ სიყვარულითა, რომელთა იგი ყოველივე სათნოება აქუნდა, არამცა უფროსად დედა იგი სათნოებათა სიყვარული აქუნდაა? რამეთუ  ესე საქმე სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების. ხოლო სადა უკეთურება იყოს, ესე ნერგი განხმების, რამეთუ: „რაჟამს განმრავლდეს უსჯულოება, განხმეს სიყვარული მრავალთა “[მთ. 24,12].

და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვითარ საქმენი კეთილნი და ცხოვრება სათნოჲ. ხოლო ცხოვრებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყვარული ძმათა. რამეთუ, რაჟამს ქადაგება იგი არღა განვრცელებულ იყო , სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი. ხოლო აწ უფროსად საქმეთა კეთილთა, ჯერ არს მოგებაჲ, რომელ არს ძმათ სიყვარული.

რამეთუ  ვერარაჲ ესრეთ შეარცხვენს წარმართთა, ვითარ სათნოება, ვერცარაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურება. რამეთუ რაჟამს იხილონ  მასწავლელი სიყვარულისა სიძულილსა  შინა და ანგაჰარებასა და ტაცებასა, არა ტყუილად შერაცხონა  სწავლა იგი და ჩვენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა?! რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩვენი ესე ჭეშმარიტება უყვარს, არამედ საქმეთა ჩვენთა მიერ დაჲხრწევის, რაჟამს არა გვიყვარდენ ძმანი .

ხოლო უკეთუ იტყვით, ვითარმედ: „პირველთა მამათა რად  არა ჰბაძვენ“, არამედ იგინი ჩვენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გვხედვენ და იტყვიან: „გვიჩვენეთ სარწმუნოება თქვენი საქმეთა მიერ კეთილთა“, და  რაჟამს გვიხილნენ ჩვენ ბოროტთა შინა, თვისსავე წესსა ზედა დაადგრებიან . ამისთვის უკუჱ მოგვეხადების ჩვენ სასჯელი, არა ბოროტთა მათთვის ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთვისცა, რომელ სახელი ღმრთისა ჩვენ მიერ იგმობის. ამისთვის  მეშინის, ნუუკუჱ დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვჰპოვოთ სასჯელი საუკუნო.

არამედ გევედრები, საყვარელნო, ჴელ ვჰყოთ სათნოებასა და აღვასრულოთ ჰსჯული სიყვარულისა, რამეთუ: „აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს“(რომ. 13,10). და ძმათ მოყვარებითა ვსწყალობდეთ ყოველთავე, რათა  საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 23. თავი ჱ [8]

მოწყალებისათვის

საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ: „ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა” (იო. 9,5). რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულისჴმა ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა  სანთლისა ნათელსა მზის ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს, ესოდენ და ფრიად უმეტესცა, იგი ნათელი, მზის ნათელსა უმჯობეს არს და უდიდებულეს. ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ მზე დაბნელდეს მის ნათლისა დიდებულებისაგან .

ხოლო უკეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შვენიერთათვის ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ არსა სრულიად ჴორცნიცა ჩვენნი  მოვაკვდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რათა საუკუნესა მას მოვიგოთ საყოფელი  დიდებული, სადა იგი ნათელი თუალთშეუდგამი არს?

რამეთუ აქა ჭირი გვიხმს და შფოთნი, და სასჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ხდომა, არცა სარჩელი საზღვართათვის . და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭველად დატევება თანაგვაძს, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარხდეს, ხოლო იგი დაუძველებელ არს; და ამას , გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს, ხოლო მისი ორითა დანგითა  შესაძლებელ არს მოგებაჲ, ვითარცა მან ქვრივმან ჰქმნა .

ამისთვის მწუხარე ვარ, რომელ, ესოდენნი კეთილნი ჩვენდა წინამდებარე არიან და ჩვენ ესრეთ უდებ ვართ. და რათამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენნეთ  მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გვნებავს, რათამცა მცირე  საყოფელი მოვიგეთ.

რამეთუ სადა  გიყვარს ყოფაჲ შენ სოფელსა ამას – ქალაქსა სამეუფოსა, ანუ ადგილსა უდაბნოსა? არა სამეუფოთა მათ საყოფელთა შინა გირჩევიესა ყოფაჲ? ხოლო მე წარგიყვანო  შენ ქალაქად, რომლისა ჴელოვანი და აღმაშენებელი ღმერთი არს. მუნ გევედრები, საყვარელო, რათა აღიშენო საყოფელი მცირედითა  საფასითა და მცირედითა შრომითა სახლისა მის, რომელსა გლახაკთა ჴელნი  აღაშენებენ და იგი არს ჭეშმარიტი მონაგები, ხოლო ამის სოფლისა ყოველივე ცუდ არს და ამაო, და საქმე  უგულისჴმოებისა .

მითხარღა, უკეთუმცა ვინ ქვეყანასა სპარსეთსა მიგიყვანა ხილვად ქვეყანისა  მის, და მასვე ჟამსა მოქცევად, და მერმემცა გეტყოდა მუნ აღშენებად  სახლთა და ტაძართა დიდთა, არამცა აბრალეა უგუნურებასა მისსა, რამეთუ ესრეთ ამაოსა წარსაგებელისა ყოფასა გაწვევს, ვითარ უკუჱ აქა იქმ, სოფელსა შინა, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად ხარ ამიერ?!

ნუ  იტყვი, თუ: „შვილთა დაუტეოო “, არამედ მათცა დატევებაჲ თანა­აძსთ ყოვლისავე მცირედისა  შემდგომად შენსა. და ნუუკუჱ უწინარეს შენსაცა დაუტევონ; და არს ესე ყოველი შრომა ცუდი. ხოლო მუნ ესევითარი არარაჲ  არს, არამედ შეურყეველ არს მონაგები იგი, რომელმან  იგი მოიგოს, მის მონაგებისა მმარხველი ქრისტე არს, მას მონაგებსა ზრუნვანი და საურავნი არა უხმან, რამეთუ, რაჟამს ღმერთი იყოს მოქმედი საქმისა, რადღა სახმარ არს ზრუნვაჲ და ჭირი?

ღმერთი  ყოველსა საფასესა შენსა, რომელი მისცე გლახაკთა, აღიხვამს  და აღგიშენებს მუნ სახლსა. და არა ესე ოდენ არს საკვირველი, არამედ უფროსად ესეცა, რომელ ესევითართა აღგიშენებს , ვითარი შენდა სათნო იყოს, რამეთუ ჴელოვანი არს კეთილი და ფრიად ეწყალვი შენ.

და უკეთუ გლახაკი იყო და აღაშენებდე შენ სახლსა  მას, არა მოიწიოს შენ ზედა სხუათა მიერ შური, რამეთუ არავინ ჰხედავს მას, მოშურნეთაგანი, არამედ ანგელოსნი ხედვენ მას, რომელთა ფრიად უხარის კეთილი შენი; და მეზობელ შენდა არა არიან კაცნი ბოროტნი, არამედ წმიდანი იგი და კეთილნი პეტრე და პავლე და იოანე და მსგავსნი მათნი წინასწარმეტყველნი, მოწამენი, ანგელოსნი, მთავარანგელოსნი და ყოველნი ზეცისა მხედრობანი, და რომელნი მოწყალებისა მიერ განბრწყინდენ.

ამისთვის გევედრები, ჵ, ძმანო საყვარელნო, წარვაგოთ  ჩვენი ყოველივე გლახაკთა ზედა, რათა ესევითარნი იგი საყოფელნი ვჰპოვნეთ სასუფეველსა ცათასა, რომელსა  ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 24

მოწყალებისათვისვე

საყვარელნო, ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა ზედა, რათა არა  დავშრეტდეთ  ლამპართა ჩვენთა, არამედ დავიცვნეთ იგინი ბრწყინვალედ მოწყალებისა მიერ; რამეთუ მოწყალებისა ნათელი უშრეტელ არს და განმწმედელ სულისა უფროს ოქროჲსა ბრწყინვალისა. რამეთუ იტყვის: „მიეცით მოწყალება და აჰა, თქვენი ყოველი წმიდა არს”(ლკ. 11,41).

განვაბნივოთ საფასე და შევიკრიბოთ  ჭურჭელთა ჩვენთა ზეთი წყალობისა ვიდრეღა  აქა ვართ. რამეთუ მუნ არღარა არს სავაჭროჲ, არცა ვინ მიიღოს სხვისა ვისგან, გარნა ჴელისაგან გლახაკთასა შევიკრიბოთ უკუჱ აქავე მდიდრად, უკეთუ გვენებოს  სიძისა მის თანა შესლვაჲ და არა გარე დაშთომაჲ. რამეთუ დაღაცათუ ბევრეული სათნოება წარვმართოთ თვინიერ მოწყალებისა, ვერ შევიდეთ სასუფეველსა.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, მოსწრაფედ მოვიგოთ  მოწყალებაჲ , რომელი მსგავს ღმრთისა ჰყოფს მომგებელთა მისთა, რამეთუ იტყვის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს”[ლკ. 6,36], და მოწყალენი შეიწყალებიან ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 25

მოწყალებისათვისვე

ისმინეთ, საყვარელნო, ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა“[იგ. 19,17] და ვერავინ შემძლებელ არს მიტაცებად მისსა, არამედ იქმნების კეთილ დამარხულ მისთვის და გან­მრავლებულ, რამეთუ არცა კაცი უგულებელს ჰყოფს და შესწორებულად მიაგებს ნიჭსა. არა უფროსად და უმეტესად ქრისტემან მიანიჭოსა? რამეთუ რომელი არა ავასხებს, მასცა მისცემს, ხოლო რომელმან ავასხოს, მას არა მისცესა?

ისმინე სოლომონისი, თუ ვითარ იტყვის: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა”. ჰხედავა საქმესა ყოვლადდიდებულსა ვასხისასა? სხუა არს, რომელი აღიღებს და სხუა არს, რომელი ავასხებს და ჴელთ უდებს, რამეთუ არა სთქუა, თუ რომელი სწყალობდეს გლახაკსა, მისცემს ღმერთსა, არამედ – ავასხებს ღმერთსაო, რათა არა ლიტონად თვისი მიიღოს, არამედ მრავლითა სარგებელითა.

ხოლო ჩვენ მათ ვავასხებთ, რომელნი უფროს მოგვაგებენ. და ვეძიებთ მშვიდთა, და დაუტეობთ მშვიდსა და კეთილმეცნიერსა ღმერთსა, სამწილად მომგებელსა და უფროსღა ათასწილად, და ცხოვრებისა საუკუნოსა მომნიჭებელსა იესოს. და მივანდობთ მიწასა, რამეთუ რაჲ მოგვაგოს ჩვენ მატლმან მრავალთა განმხრწნელმან, ანუ თოხმან, ბარმან და წერაქვმან?

ხოლო რაჲ არიან ცუდად მზუაობრობაჲ, გარნა შური და სიბოროტე. რაჲ არს გემოთმოყვარებაჲ, გარნა მწუხარება და ამაოებაჲ. ხოლო რაჲ არს სიძვაჲ, გარნა გეენია და მატლნი დაუძინებელი . ესე არიან მდიდართა და უწყალოთა ღირსნი: აქაცა ბოროტი მათი და მერმესა მას მწარე სატანჯველი.

რამეთუ არა ტყუილ არს მეტყველი, ვითარმედ: „ეძიებდით  პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ”(მთ. 6,33). ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიქმოდეთ მოწყალებასა და ვავასხოთ  ღმერთსა, რამეთუ იტყვის: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა”.

ამას ვასხსა შეიტკბობაა, უფალო, ჩვენ მიერ, რომელი გლახაკთა მიმართ ვჰყოთ  წყალობაჲ? არამედ ოდეს მომაგო ჩვენ, მომითხარ ესეცა, მეუფეო წმიდაო: „ოდეს დაჯდესო  ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა“[მთ. 19,28] და დაადგინნეს მოწყალენი მარჯვენით მისსა, ხოლო ანგაჰარნი და უწყალონი მარცხენით და ჰრქუას მოწყალეთა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისად, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე“(მთ. 25,34-36).

და რაჲსათვის, უფალო, არარასა სხუასა სახესა შემოიღებდ ხსენებად, გარნა მოწყალებისა? და ჰსთქუას: „არა ვსჯი შეცოდებულთა, არამედ უნანელთა; არა დავსაჯნე მდიდარნი, არამედ უწყალონი; და მათ ვამხილო, ვითარმედ აქუნდა ესევითარი შემწე ცხოვრებისა, ესე იგი არს მოწყალებაჲ , რომლითა ყოველნი ცოდვანი მოისპობიან, და ესოდენნი კეთილისა საქმენი უგულებელს ჰყვნეს .“

ისმინე და შეძრწუნდი, ჵ, კაცო! რამეთუ არა ესე სიმდიდრე მონაგებისა მოგიღებიეს, რათა ჭამასა და სიმთვრალესა შინა წარაგო იგი ყოველი, არამედ, რათა სწყალობდე გლახაკთაცა. უმჯობეს არს, რათა წარგზავნო ეგე მას საუკუნესა, ჴელითა გლახაკთათა და მოწყალებასა შინა განაბნიო.

ნუუკუჱ ჰგონებ, თუ შენი არს ეგე, არამედ გლახაკთა განსაყოფელად მოცემულ არს შენდა. ღმერთი თვის თვისად ჰყოფს მონაგებსა, ანუ არა ძალედვაა ღმერთსა მოღებად შენგან და მიცემად გლახაკთა? არამედ არა ჰყოს ეგრეთ, რათა შენ გყოს გლახაკთა მიმართ პატივის მოყვარე, და მოწყალებისა მიერ სასუფეველი დაგიმკვიდროს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 26 . თავი თ [9]

რათა არა ნატაცებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

ვისწრაფოთ, ძმანო, ყოვლითა ძალითა ჩვენითა, რათა აღვხოცოთ ყოველი ბილწება სულისაგან  ჩვენისა! რამეთუ განჰსწმედს პირველად ნათლისღებაჲ, ხოლო უკანასკნელ – სხუანი საქმენი კეთილნი. რამეთუ  ღმერთმან კაცთმოყვარებითა თვისითა მოგვცნა ჩვენ შემდგომად ნათლისღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი , რომელთაგანი არს პირველი  მოწყალებაჲ, რამეთუ: „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“(იგ. 15,27).

ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყვი, რომელი ტაცებისა მიერ და მონახვეჭილთა  მონაგებთაგან იქმნებოდის , რამეთუ იგი არა მოწყალება არს, არამედ უკეთურება. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცვაჲ და მეორისა შემოსაჲ?

რამეთუ, დაღაცათუ ყოველი  მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელი იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა. ხოლო ჩვენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროსად განრისხნების იგი.

რამეთუ მითხარღა, ჵ, კაცო, უკეთუ ვითარი მომკუდარი გზასა ზედა ჰპოვო  და მოითრივო  და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველი  შენ გეცინოდიანა? აწ უკუჱ მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალება ამისსა  უსაძაგელეს არს. რამეთუ ყოველივე ცოდვა სიმყრალე არს ბოროტი; და ისმინე წინასწარმეტყველისა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი”(ფს. 37,5).

ხოლო შენ სიტყვით ევედრები ღმერთსა  დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოიხსენებ. რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ; ანუ იტყვი შენ, ვითარმედ: „არა მოტაცებულსა მივსცემ, არამედ სხუასა, რომელნი თვით ჩემი იყოს“  და არა გულისჴმა ჰყოფ , ვითარმედ, დაღაცათუ სიმრავლესა საფასეთასა მცირედი უსჯულოებით მოგებული შთავარდეს, მას ყოველსა შეაბილწებს, – ვითარცა სკორე მცირე აღამღვრევს წყალსა  წმიდასა და აღაყროლებს.

და ჩვენ ჴელთა ვიბანთ, მირავიდოდეთ ეკკლესიად, ხოლო გულთა  –არა. და არა უწყით, ვითარმედ არათუ ჴელნი რას იტყვიან, არამედ სული იქმს ვედრებასა ღმრთისა მიმართ. რამეთუ ჩვენ  უნდოთა საქმეთა და მცირეთა ვისწრაფით ქმნად და დიდთა შეურაცხ ვჰყოფთ. რამეთუ, უკეთუ უბანელითა ჴელითა  ლოცვაჲ უწესოება არს, არა უფროსად შეგინებულითა სულითა ბოროტ არსა ლოცვაჲ? ამისთვის ჰურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ჴელთასა მოსწრაფე იყვნეს. ამისთვის ეტყვის მათ წერილი, ვითარმედ: „განიბანე უკეთურებისაგან სული შენი; ვიდრემდის იყვნენ შენთანა გულისსიტყვანი ბილწნი!”[იერ.4,14]

განვიბანოთ უკუჱ ნუ მწვირითა, არამედ წყლითა მოწყალებისათა, და ნუცა ანგაჰარებითა. პირველად განეყენე მოხვეჭასა  და ტაცებასა და მერმე ჰქმენ მოწყალებაჲ. „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი”(ფს. 33,14; 36,27); [1 პეტ. 3,11]. დააყენენ ჴელნი ანგაჰარებისაგან და მოხვეჭისა  და ესრეთ წარმართენ იგინი მოწყალებად.

უკეთუ მითვე ჴელითა, რომლითა ვსძარცვიდეთ სხუათა და სხუათა შევმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე ღმრთისა, რამეთუ კაენისათვისცა  უმჯობეს იყო, უკეთუმცა არა შეეწირა. ხოლო, უკეთუ რომელმან უდარესი შესწირა, განარისხა ღმერთი; ხოლო რომელი  სხვისასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსაა?! რამეთუ გრქვას შენ, ვითარმედ: „მე არა მოტაცება გასწავე და შენ მოტაცებულისა მიერ პატივმცემაა? ჰგონებ სამე, უსჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო?! აწ გამხილო  და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი”.

გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთისაცა ჩვენგანისა ამის ჴმისა. არამედ გევედრები, ძმანო, რათა  მოწყალება წმიდა ვჰქმნათ  და საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნეთ  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 27

რათა არა ანგაჰარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

საყვარელნო, იტყვის უფალი , ვითარმედ: „ეგრეთ ბრწყინვიდენ  ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და  ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა”(მთ. 5,16). რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს საქმეთა კეთილთასა , ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ”[იგ. 4,18]. ხოლო ჰნათობენ არა თავთა თვისთა ოდენ, არამედ სხვათაცა განათლებად.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა  არა დავაკლოთ ზეთი ლამპართა  ჩვენთა, რათა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მოწყალებისა მარადის  კეთილ არს, რამეთუ იტყვის: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი”(ოს. 6,6; მთ. 9,13; 12,7). რამეთუ მსხვერპლი ქებისა ესე არს, რომელი არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.

ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევსწიროთ  ესევითარი ესე მსხვერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი ესე უპატიოსნეს არს მარხვისაცა  და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათასა, რამეთუ ესევითარი უყვარს მსხვერპლი ღმერთსა.

არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰარებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგან, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიიქცევს  პირსა თვისსა მათგან . ამისთვის ვეკრძალნეთ, რათა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ ღმერთი. და უკეთუ კაინ , ვინათგან უდარესი შესწირა ღმერთსა, დაისაჯა, რაჲ ვჰყოთ ჩვენ, უკეთუ ანგაჰარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა .

ამისთვის გევედრები, რათა არა მოხვეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდეთ ქველისაქმესა . უკეთუ ერთი გვლოცვიდეს და ერთი გუწყევდეს , რაჲ სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაჲ. ხოლო უკეთუ ვეკრძალებოდეთ და ყოველსა ზედა ნებასა ღმრთისასა  აღსრულებად ვისწრაფდეთ, შეუძლოთ მიმთხვევად კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 28

რათა არა მონახვეჭთაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

საყვარელნო, ჩვენ რომელთა ესე სარწმუნოება  ვიცით, აღვსდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა; ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, თუ არა , არღარა დიდება არს, არამედ გმობაჲ, უკეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ ვჰყოფთ . რამეთუ არა ესრეთ იგმობის ღმერთი წარმართთაგან  ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე, თუ ბოროტი იყოს და უკეთური.

ამისთვის უკუჱ გევედრები, ძმანო, რათა  ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა. რამეთუ იტყვის: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისა იგმობოდის ”[მთ. 26,24; მრკ. 14,21]. რამეთუ რაჲ წყალობა ვჰპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რათა სხუათა მივსცემდეთ მოწყალებასა და ჩვენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ – და უკეთუ უგლახაკეს ჩვენსაცა იყვნენ, და უფროსღა ქვრივ და ობოლ ?!

აწ უკუჱ ნუმცა ვითარცა ბნელსა შინა ვართ, არამედ ყოვლისაგან ცოდვისა ვივლტოდეთ , რამეთუ, უკეთუ ღმერთი სტანჯავს მათ, რომელთა მშიარი არა გამოზარდონ და რომელთა შიშველი არა შემოსონ, დასჯის . რაჲმე ყოფად არს მათთვის, რომელთა შემოსილი განსძარცვონ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვონ და გლახაკთაგან მიიხვეჭდენ და მით მოწყალებასა და შესაწირავსა ჰყოფდენ? მსგავს არს ესევითარი, რომელმან შვილი ვისმე მისტაცოს და მასვე მამასა წინაშე დაუკლას და შესწიროს.

ამათ  ესევითართა სიტყვათა თქმად არა დავსცხრები, ნუუკუჱ რომელთა დღეს არა გვისმინონ, ხვალე გვისმინონ და რომელნი ხვალე ურჩ იქმნენ, სხუასა დღესა ისმინონ და უკეთუ კულა ვიეთნიმე ურჩებასა შინა დაადგრენ, ჩვენ უბრალო ვიყვნეთ, რამეთუ ჩვენ ჩვენი  გვიქმნიეს.

არამედ ნუმცა ვინ იქმნების თქვენგანი ურჩ, რათა არცა ჩვენ გვრცხვენეს, არცა თქვენ დაისაჯნეთ, არამედ ყოველნი კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ღმრთისასა, და ჩვენ ვიქადოდეთ  თქვენთვის და ჩვენთა ბრალთა ნუგეშინისმცემელად გვაქვნდეს თქვენი  სათნოება და ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 29. თავი ი [10]

სათნოებისათვის

საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ , რამეთუ, რომელთა  იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მორაიღეს სული წმიდა, მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახვილისა და ცეცხლისა და მხეცთა და ზღუათა და ყოვლისა ჭირისა. და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესევითარი სიბრძნე და კადნიერება მოიღეს, ვიდრეღა ყოველი განაკვირვნეს, რამეთუ თიხისანი იყვნეს და რკინად გარდააქცივნა იგინი სულმან წმიდამან და ვერარამან სძლია  მათ, რამეთუ ესევითარი არს მადლი სულისა წმიდისა .

უკეთუ დაჰხსნილებაჲ ჰპოვოს, განიოტებს; უკეთუ გულისთქმა ბოროტი ჰპოვოს, განლევს; უკეთუ მოშიშება ჰპოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა, და ამისთვისცა არღარა ვის მათგანსა აქუნდა რაჲ თვისად, არამედ ყოველნი იყვნეს ლოცვასა შინა  სიხარულითა გულისათა, რამეთუ: „ნაყოფი სულისა ესე არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სარწმუნოება, სიმშვიდე“[გალ. 5,22].

მოვიგოთ უკუჱ, საყვარელნო, სათნოება, რათა ჩვენზედაცა მოვიდეს უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისა წმიდისა, დამარხვითა  მცნებათათა. და არცა ანგელოსთა უდარეს ვიყვნეთ, რამეთუ ანგელოსთაცა თვისისა გონებისა სიკეთითა აქუს  ესევითარი  დიდება და არათუ მათ არა უხმს  კრძალულებაჲ, უკეთუმცა არარადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი მათგანი . გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონება თვისი, უარეს კაცთა უკეთურთასა და პირუტყვთასა იქმნა.

და კვალად ყოველთა წმიდათა ქვეყანასა  ზედა მყოფთა ჴორცთა შინა ჰქმნეს, რა იგი ჰქმნეს კეთილი და სათნოება, – რამეთუ , ვითარცა მწირნი და უცხონი, იყვნეს ქვეყანასა ზედა, და მოქალაქობა მათი იყო ცათა შინა.

ამისთვის უკუჱ ნუ იტყვი, თუ : „ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტვირთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა.“ ნუ აბრალებ ამათ სიტყვათა მიერ შემოქმედსა. რამეთუ იხილენ  ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა შინა იყვნეს, რაჲ ჰყვეს: რამეთუ პავლე არა დააყენეს ჴორცთა ყოფად რაჲ იგი ჰქმნა, არცა პეტრე დააყენეს მიხმად კლიტეთა სასუფეველისთა და ენუქ ჴორცითა მიიცვალა და ილია ეგრეთვე ჴორცითა აღიტაცა და აბრაჰამ და შვილი მისი ისაკ, და იაკობ, ძე ისაკისი ჴორცითა გამობრწყინდეს მოქმედ სათნოებათა და  იოსებ ჴორცითა ბრძოლა უყო სიძვის მოყვარესა მას დედაკაცსა. და რად ვიტყვი ჴორცთა ოდენ, რამეთუ დაღაცათუ ჯაჭვიცა  ვინ შემუსროს  ჴორცითა, არას ევნების მოგებად სათნოებათა და რად ჯაჭვსა ვიტყვი? ვერცა საპყრობილე, ვერცა საკრველნი ძლიერნი დამხრწეველ  ექმნებიან სათნოებათა ! რამეთუ საკრველი სულისა არა რკინისა არს, არამედ – გულისთქმა ბოროტი, შიში უჯეროჲ და სხუანი ყოველნი ვნებანი; იგინი შეჰკვრენ სულსა! დაღაცათუ ჴორცნი ხსნილ  იყვნენ.

არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ: „ესეცა ვნებანი ჴორცთაგან იშვებიანო.“ გარნა ამაოება არს ესე სიტყვა და მიზეზი ცუდი, რამეთუ, უკეთუმცა ჴორცთა  იყო ცთომაჲ, ყოველთა ზედამცა მოიწეოდეს იგინი, რამეთუ ვითარცა ჭამა და სმაჲ და ძილი ყოველთა ზედა არს, ეგრეთვე ესემცა იყო ყოველი, ვინათგან მრავალნი განერნეს მათ. საცნაურ არს, ვითარმედ არა სადმე ჴორცთაგან არს, არამედ უდებებისაგან სულისა.

ხოლო ჩვენ უდებება მოვიწყვიდოთ, საყვარელნო, და გულსმოდგინედ ვიქმოდეთ სათნოებასა. და  ნუმცა ჴორცთა ზედა დავსდებთ მიზეზსა, არამედ დაუმორჩილნეთ ჴორცნი  სულსა, რათა ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი  უკუნისამდე.

 

სწავლა 30

ვითარმედ სათნოება განაბრძნობს კაცსა

საყვარელნო , ვისწრაფოთ, რათა ყოველი უკეთურება განვსდევნოთ სულთაგან  ჩვენთა და არა ოდეს ვიქმოდეთ ზაკვასა. რამეთუ გულარძნილთა მიმართ გულარძნილნი გზანი მიავლინნეს უფალმან ღმერთმან და წმიდა იგი სული ღმრთისა ივლტის ზაკვისაგან და ზრახვათა ბოროტთა.

რამეთუ არარაჲ ესრეთ ცოფ ჰყოფს კაცსა, ვითარ უკეთურებაჲ და არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ. რამეთუ ჰყოფს კაცსა სათნოება მადლიერ, კაცთმოყვარე, მშვიდ და ტკბილ და რაჲმცა იყო ესევითარისა მის უბრძნეს? რამეთუ წყაროჲ და ძირი სიბრძნისა სათნოება არს, ვითარცა იგი ყოვლისა უკეთურებისა დაწყებაჲ უგუნურებისაგან არს.

რამეთუ ამპარტავანი და მრისხანე ნაკლულევანებისაგან ცნობისა იძლევის ვნებათაგან . ამისთვისცა წინასწარმეტყველი იტყოდა: „არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა პირისაგან უგუნურებისა ჩემისა”[ფს. 37,3]. რათამცა გვიჩვენა , ვითარმედ: ყოველი ცოდვა დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს.

ხოლო სათნოებით შემოსილი კაცი და მოშიში  უფლისა, უბრძნეს ყოველთასა არს, რამეთუ: „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა“(იგ. 1,7; 9,10). ხოლო  უკეთურსა შიში უფლისა არა აქვს, სიბრძნისაგან სადამე  გამოხვებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა.

და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ, რამეთუ ავნებენ სხვათა  ჴელოვნად და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაჲ. რამეთუ, რომელი სხუასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თვისსა გულსა განიწონს  მახვილსა და ვერ გულისჴმა ჰყოფს და ესე არს დიდი  უგუნურებისა სასწაული.

არამედ ჩვენ ნუმცა ჭირვეულთა და სხუათაგან ვნებულთა სახელ ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა. რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნი ღმერთსა  მბრძოლად  აღიდგენენ თავთა თვისთათვის და ბევრეულთა შესმენათა პირსა აღუღებენ და დიდსა სასჯელსა განიმზადებენ ჯოჯოხეთს შინა.

ხოლო, რომელნი ჭირვეულნი იყვნენ და მოითმენდენ, მათ ღმერთიცა ჰსწყალობს და ყოველნი კაცნი, და ამასცა სოფელსა სიბრძნესა თვისსა აჩვენებენ, და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ჰპოვებენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი  მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 31

სათნოებისათვისვე

გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოსწრაფე ვიქმნეთ  სათნოებათა მოგებად და სათნოყოფად  სახიერისა მის ღმრთისა. რომელნი  იგი სარგებელ ჩვენდა იყვნენ, ესე იგი არს, რათა სულთა ჩვენთათვის კეთილად ვზრუნვიდეთ, რამეთუ ესეცა მისისა კაცთმოყვარებისაგან არს. რომელ არარაჲ ეხმარების მას ჩვენგან  და ჩვენსა ოდენ კეთილსა და სათნოებასა ეძიებს, და იგი შეურაცხიეს, ვითარცა მისაგებელად მისთა კეთილთა , რაჟამს ჩვენ სულთა ჩვენთათვის ვზრუნვიდეთ.

ამისთვისცა უკუჱ ფრიადისა უგულისჴმოებისა სახე არს, რათა ვინათგან მეუფესა ჩვენსა ესრეთ  ჰნებავს ჩვენი ცხოვრება და ჩვენ არა ვჰქმნეთ  ძალისაებრ ჩვენისა კეთილი და სათნო ვეყვნეთ, რათამცა მივემთხვივნეთ ურიცხვთა  მათ კეთილთა.

ამის ყოვლისათვის უკუჱ შევსწიროთ მადლი კაცთმოყვარესა ღმერთსა; ნუ სიტყვით ოდენ, არამედ უფროსად საქმეთა მიერ კეთილთა, რათა საუკუნენი  იგი კეთილნი მოგვეცნენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 32. თავი ია [11]

წმიდათა წერილთა კითხვისათვის

საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ: „ყოველი მწიგნობარი, რომელსა უსწავლიეს სასუფეველისათვის ცათასა, მსგავს არს კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თვისისა ძველი და ახალი“[მთ. 13,52]. რამეთუ, მწიგნობარი არს, რომელი შრომითა და გულსმოდგინებითა კითხვასა ჰყოფს  სამღთოთა წერილთასა. რამეთუ ესე საუნჯესა დაიდებს მცნებათა ძველისა სჯულისა და ახლისა აღთქმისასა და მას ჟამსა შინა მოიღებს მისგან მოძღვრებასა.

და რაოდენნი არა დაიმარხვენ სწავლასა წმიდათა წერილთასა, ესენი არა არიან სახლისა უფალნი: არცა თვით მქონებელნი, არცა სხუათა მიმცემელნი, არამედ უგულებელს ჰყოფს თავსა თვისსა უმეცრებით და სიყმილით განიხრწნის  სულსა.

რამეთუ, ვითარცა ქვეყანასა უწვიმარსა, თუ ვინმე მრავალნი თესლნი დასთესნეს, აღორძინებად ვერ უძლებს, ეგრეთვე სულსა უკეთუ არა პირველ მოირწყოს წერილთაგან, არა ძალუძს ნაყოფისა კეთილისა ყოფად. რამეთუ დიდი ბოროტი არს, რომელნი არა ისმენენ წერილისასა და, ვითარცა პირუტყვნი ვლენან. და დიდი კეთილი არს წერილის კითხვა და სმენა, რამეთუ მისგან აღმოეცენებიან ყოველნი კეთილნი სწავლანი და წმიდათა მობაძავობა  და ისწავების ზეცისა მოქალაქობა.

ხოლო რომელნი არა ისმენენ წერილთა, მათგან იშობებიან  მრავალნი ძვირნი და არიან უდებსა ცხოვრებასა შინა, და სულითა ბრმანი, ვითარცა ნათლისაგან მოკლებულნი, სწორად ვერ ვლენან და ეშმაკი ფრიად უბრკმობს.

ამისთვის გვასწავებს მოციქული, ვითარმედ: „ეკრძალენით საკითხავსა და მოძღვრებასა ნუგეშინისცემითა”[1 ტიმ. 4,13]. ესე იგი არს, ვითარმედ: არა მომედგრდეთ, არამედ იკითხვიდეთ წიგნთა გულისჴმისყოფით და სხუათაცა ასწავებდეთ, რათა მრჩობლი სასყიდელი მოიღოთ ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 33

წმიდათა წერილთა კითხვისათვის

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და აღმოვიკითხვიდეთ გულისჴმისყოფით; არა ფიცარსა ზედა ქვისათა, არამედ ფიცარსა ზედა გულისა ჩვენისათა დავიწერდეთ და აღსრულებად საქმითცა სურვიელ ვიყვნეთ. და აღუხოცელად გონებათა შინა ჩვენთა შთავწერნეთ ძალნი და სიტყვანი წიგნთანი .

რამეთუ, უკეთუ სახლსა შინა, სადა წმიდა სახარება  იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყვათა დამკვიდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკსა, არამედ ყოველსა ბუნებასა ცოდვისასა .

ამისთვის, გევედრები, საყვარელო, წმიდა  ჰყავ სული შენი, წმიდა ჰყავ ჴორცნიცა ამით სამღთოთა სიტყვათა გულთა შინა , და პირსა შენსა დამ­კვიდრებითა. რამეთუ უკეთუ ბოროტთა სიტყვათა მეტყველებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, ხოლო სულიერთა სიტყვათა წურთამან და კითხვამან და სმენამან არა განსწმიდოსაა პირიცა და სული და გონება, და  დაამკვიდროს  მას შინა მადლი სულისა წმიდისა?!

სამღთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი. განვჰკურნეთ უკუჱ მათ მიერ სულნი ჩვენნი.

ხოლო ესევითარ  არა ბოროტ არს, რამეთუ  მოყვარეთა სოფლისათა იციან მონაგებთა თვისთა ყოველი ბუნება: და ცხენთა თვითოეულისა პაპის პაპანი და ბუნებანი. და რომელნი აქა  ეკკლესიასა შინა შემოჰკრბებით, არა იცით აქა შინა თქმულნი სიტყვანი, არცათუ რიცხვი და სახელი  წიგნთა .

არამედ გევედრები, განეშორენით  ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს იქმნნეთ გულისჴმისყოფასა სამღთოთა სიტყვათა და საქმეთა, რათა ნაყოფიცა კეთილი გამოიღოთ და ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად საუკუნეთა მათ კეთილთა სასუფეველისათა, მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 34

წმიდათა წერილთა კითხვისათვისვე

საყვარელნო, უკეთუ გულსმოდგინედ გამოვეძიებდეთ  წმიდათა წერილთა გამოწვლილვით და არა ლიტონად, შეუძლოთ პოვნად ცხოვრებაჲ სულთა ჩვენთა. უკეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყვათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისა და ცხოვრება კეთილი .

ვისმენდეთ უკუჱ სიტყვათა წერილისათა! ჵ, საყვარელნო, დაღაცათუ სხვისა წიგნისა მიერ განვნათლდეთ, არამედ უფროსღა წმიდასა სახარებასა  ვისმენდეთ და ზედას ზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყსეულად განრააღოთ წიგნი, იხილოთ მას შინა სახელი ქრისტესი დაწერილი. და გესმას მეყსეულად, იტყოდის  რა, ვითარმედ: „იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო”(მთ. 1,18).

და კვლავ იხილო და აღმოიკითხო, იტყოდის რა იგი, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). არა სურვიელ იქმნეა  ტკბილისა მის უღლისა? კვალად ისმინო, ვითარმედ : „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15), „და რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი“(იო. 14,21), „და მოვიდეთ მე და მამა ჩემი და მის თანა სავანე ვჰყოთ”(იო. 14,23).

არა გსუროდისა ამათ სიტყვათა  ტკბილისა მის მეუფისათა? და მერმეცა იხილო და აღმოიკითხო, ვითარმედ: შენთვის შეიკრა და ჯვარსა მოეკიდა და სიკუდილისა გემო იხილა. არა შეიკდიმოა და ლმობიერ იქმნა შენანებად ცოდვათა შენთა?

აჰა, ესერა ესოდენნი და უმრავლესნი კეთილნი და სარგებელნი აღმოეცენებიან წმიდათა წერილთა კითხვისა და სმენისაგან .

ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და მათთანა გულისჴმისყოფასაცა , რათა  გულისჴმა ვჰყოფდეთ სიტყვათა მათ და დავსწერდეთ მათ გონებათა შინა ჩვენთა დამტკიცებად სიტყვათა მათ, რათა ესრეთ შეუძლოთ ცხოვრებისა  ამის ჩვენისა წმიდა ყოფაჲ და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელნი მოცემულ­მცა არიან ჩვენდა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 35. თავი იბ [12]

ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის

გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ჴმაჲ მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მას ვმორჩილებდეთ. ხოლო  რაჲ არს ჴმა მისი: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი”[მთ. 5,3-8]. უკეთუ ამას ვიქმოდეთ, ქრისტესთანა ვართ და ეშმაკი ვერ  შემოგვეხოს და უკეთუ მოგვეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ ქრისტე მეუფე არს ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ, რომელ სულსა თვისსა დასდებს ჩვენთვის და ძლიერი ყოველთა მეუფე და უფალი .

ხოლო ვინათგან ძლიერიცა არს და უყვართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩვენდა ცხოვრებად? არარაჲ, გარნა ჩვენი უდებებაჲ და  იტყვის: „ვერ ძალგიძს ღმრთისა და მამონასა მონებაჲ ”[მთ. 6,24; ლკ. 16,13]. აწ უკეთუ ღმერთსა ვმონებდეთ, მამონასა  მძლავრება  არა მოიწიოს ჩვენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა – სიყვარული საფასეთა, რომელი სავსე არს შურითა და ხდომითა, ბილწებითა, ანგაჰარებითა და სიმთვრალითა და აზნაურთა ჰყოფს მონა – არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა.

ჵ , მონება საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან და დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მათსა , და უფროსად არა ნებავსთ  ცნობაჲ, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკეთუ ვის ენებოს ხსნაჲ მათი, განრისხებულ იქნებიან .

ჵ, კაცო! არათუ ამისთვის დაიბადე, რათა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არათუ ამისთვის შეგქმნა ღმერთმა ხატად თვისად, არამედ ამისთვის, რათა მარადის მას  სათნო ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოსთა თანა იშვებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკანასკნელსა მას უნდოებასა შინა  ესევითარისა პატივისა წილ?

რამეთუ ძმაჲ შენი, რომელი მისვე ემბაზისაგან შობილ არს, რომლისაგან შენ , იგი სიყმილითა განიხრწნების და შენ სიმაძღრითა განსქდები; იგი შიშველი განიყინების  და შენ სამოსელთა ზედა სამოსელთა შესძინებ საჭმელად  მატლთა? და არა უმჯობეს იყოა, უკეთუმცა გლახაკთა შემოსე, რათამცა განუხრწნელ და წარუპარველ იყო და საუკუნომცა ცხოვრება მოგენიჭა?

ანუ, არა გუამი ქრისტესი უპატიოსნეს არსა არტახისა და კიდობნისა? რამეთუ არათუ განუხრწნელად  ოდენ დამარხავს სამოსელთა, არამედ უბრწყინვალესცა ჰყოფს. არცა კართა და მოქლონთა გიხმს  შეკრძალვაჲ შიშისათვის მპარავთასა, რამეთუ ყოვლისაგანვე წარპარვისა უშიშ არს იგი, და არს დამარხულ ცათა შინა.

ამას ყოველსა მე არა დავსცხრები თქმად მარადის და თქვენ არა ისმენთ ! არამედ ნუმცა არს ესე თქვენ ყოველთა ზედა, გარნა ისმინეთ ჩემი, მდიდარნო და გლახაკნო, რამეთუ გლახაკთაცა ძალუძს ენებოს თუ ქმნად მოწყალებისა, პურითა და გრილითა წყლითა და ხილვითა უძლურთათა და სიტყვითა ნუგეშინისცემისათა, და დადგენითა  სახლსა შინა თვისსა უცხოჲსათა . რამეთუ არა სიმრავლესა საფასეთასა ვეძიებთ გლახაკთაგან, არამედ ამას მდიდართაგან ვეძიებთ, ხოლო გლახაკთაგან ქმნად ძალისაებრ  თვისისა თვითოეულმან ქველისსაქმე და შეიწირავს მას ღმერთი.

რაოდენნი ინატრიან, რათამცა პოვნილ იყვნეს მას ჟამსა, რაჟამს ქრისტე იქცეოდა ქვეყანასა ზედა, რათამცა შეეწყნარა იგი სახლად თვისა . ხოლო აჰა, ესერა, შესაძლებელ არს აწცა ამის საქმისა ქმნაჲ, უკეთუ ვის ენებოს, რათა მოუწოდოთ მას სახლად თქვენდა და მიიღოთ კურთხევა მისგან და გესმას მას დღესა: „მოვედით , კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქვენთვის უწინარეს სოფლის დაბადებისა, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი”(მთ. 25.34-35) და შემდგომი ამისი.

აწ უკუჱ, საყვარელნო, უკეთუ გვსურის ქრისტეს მცნებათა აღსრულებაჲ და უკეთუ გუნებავს, რათა ესე ჴმაჲ გვესმას , შევმოსოთ შიშველი, შევიწყნაროთ უცხოჲ, გამოვზარდოთ მშიარი, ვასვათ წყურიელსა, მივიდეთ სნეულისა და საპყრობილესა მყოფისა, რათა ვჰპოვოთ  მას დღესა კადნიერება და შენდობა ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 36

ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე

ქრისტესა მეუფესა  ვჰბაძვიდეთ , საყვარელნო, რომელმან არათუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ჰურიათაგან, არამედ  ბევრეულნი კეთილნიცა უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა მათთვის და ჯვარს აცვეს რა, მათთვის მამასა ევედრებოდა.

ჩვენცა უკუჱ, ძმანო, ვბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს ქრისტეს მცნებისა აღსრულებაჲ  და მოწაფე ყოფა მისი, რათა  კაცი მშვიდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშვიდე ვითარ მოვიგოთ, უკეთუ ცოდვათა ჩვენთა არა ვიხსენებდეთ და ვიგლოვდეთ და ვსტიროდეთ ? რამეთუ სადა გლოვა იყოს, მუნ მრისხანება ვერ დაიმკვიდრებს, სადა შემუსრვილება გულისა არს , მუნ გულფიცხელობა არა იპოვების. რამეთუ რაჟამს გონება იტანჯებოდინ  გლოვისა მიერ და ყოვლადვე ვერ შემძლებელ არნ განრისხებად, არამედ ქვედადრეკილი  იგლოვნ და სტირნ. რამეთუ ტირილისაცა არს საწუთო  ესე და გლოვისა, ვინათგან მრავალთა მიერ ცოდვათა შებღალულ ვართ საქმითცა და სიტყვით, რომელთათვის მიგველის გეენიაჲ ცეცხლისა და განვრდომა სასუფეველისაგან, რომელი ესე უბოროტეს  არს ყოვლისავე.

და ვინათგან ესე ესრეთ არს, ვითარ იკადრებ შენ სიცილსა და განცხრომასა, რომელსა ეგე რისხვა მეუფისა გესმის და სდგა უდებებით და არა სძრწი? არა გესმისაა, ვითარ იტყვის , ვითარმედ: „მას დღესა ჰრქუას მეუფემან მან მარცხენითთა, წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი”(მთ. 25,41-42) და შემდეგი ამისი.

ისმინე იგავი ქალწულთა  მათ, ვითარ განვარდეს სასძლოსა მისგან, ვინათგან ზეთი წყალობისა არა აქუნდა [მთ. 25,1-13].

ისმინე წინასწარმეტყველისა, ვითარ იტყვის: „შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა”(ფს. 50,1), რამეთუ ეგრეთვე ჩვენ თანაგვაძს მოწყალება მოყვსისა, ვითარცა ჩვენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ. რამეთუ  მოწყალება კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩვენისა  მივ­სცემდეთ. და უკეთუ კულა ნამეტნავისაგანცა  არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი წყალობა ჰპოვოთ მას  დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან .

რამეთუ უკეთუ ქალწულთა მათ ესოდენთა შრომათა და მოღვაწებათა შემდგომად არარაჲ ჰპოვეს ნუგეშინისცემაჲ, რაჲ ვჰყოთ ჩვენ  საწყალობელთა ამათ, რაჟამს ესრეთ გვაყვედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“(მთ. 25,42), „და რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთგანსა, არცა მე მიყავთ”[მთ. 25,45]. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირე ოდენ მორწმუნე იყოს და არა ვჰყოთ მის თანა წყალობაჲ, ესე სიტყვა გვესმას ჩვენ.

ძმანო, რაჲსა ძნელსა ეძიებს ჩვენგან მეუფე და არა იტყვის, თუ უძლურ ვიყავ და არა აღმადგინე, არამედ – არა მიხილეო. არა იტყვის , თუ საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ, არამედ – არა მოხვედით ჩემდაო. რაზომცა უკუჱ მსუბუქ არიან მცნებანი ესე ქრისტესნი, ესეზომცა მძიმე  არიან სატანჯველნი მათთვის, უკეთუ არა აღვასრულნეთ.

რამეთუ რაჲ არს უადვილეს საპყრობილესა მისლვისა, ანუ უმჯობეს, სადაცა  იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიარნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი , დაღაცათუ ქვაჲ იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რა საქმენი იგი კაცობრივნი, და საუკუნოცა სატანჯველი  მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომა და გულისთქმა და სიყვარული საწუთოჲსა და გულისჴმა ჰყო, ვითარმედ, უკეთუ კაცთა მიერ ესევითარნი შიშნი და ტანჯვანი და სასჯელნი არიან, რაჲმე ყოფად არს წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა? ამისთვისცა ბრძენი იგი იტყოდა : „კეთილ არს შესლვა სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიხარულისასა ”[ეკლ. 7,2].

გევედრები, საყვარელნო ძმანო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი და აღვასრულნეთ იგინი მიხედვითა სნეულთათა და შესლვად  საპყრობილესა, რათა გვესმას ჴმა იგი სანატრელი, ვითარმედ: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა”(მთ. 25,21; 25,23), რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 37

ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე

ჵ, ძმანო საყვარელნო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ იტყვის: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით”(იო. 14,15). რაჲ არს მცნება მისი? ესე იგი არს ჭმევა Iმშიართა, სმევა IIწყურიელთა, შემოსა IIIშიშველთა, შეწყნარება IVუცხოთა, ხილვა Vსნეულთა, მისლვა VIსაპყრობილესა მყოფთა .

უკეთუ კულა იტყვი, ვითარმედ: „საპყრობილესა შინა, არათუ კაცნი  სამღთონი  არიან, არამედ კაცის მკვლელნი და ავაზაკნი და მპარავნი.“ არამედ ჩვენდა არათუ ბრძანებულ არს, რათა კეთილნი გვეწყალოდენ და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ. რამეთუ იტყვის უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თვისსა ცოდვილთა ზედა და მართალთა”[ლკ. 6,36; მთ. 5,45].

და შენცა უკუჱ ნუ ხარ უწყალო მსაჯული, არამედ გულისჴმა ჰყავ, რამეთუ ჩვენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემ­ძლებელ არიან ჩვენდა შთაგდებად არა საპყრობილესა, არამედ ჯოჯოხეთსაცა! რამეთუ მრავალგზის ძმათა მიმართ „ცოფ და რაკა“[მთ. 5,22] გვითქვამს და დედათა მიმართ გულისთქმით მიგვიხედავნ, რომელ ესე მრუშება არს, და მრავალგზის უღირსებით  ვზიარებულვართ?! ესევითარითა ცოდვითა შებღალულნი, რომლისადა ანგელოსნი ვერ იკადრებენ შეხებად, რომელ ესე ჩვენთვის უძვირეს არს ყოვლისავე .

ნუმცა უკუჱ სხუათა ბრალთა გამოვეძიებთ, არამედ თავთა თვისთა ცოდვათა მოვიხსენებდეთ, რამეთუ  ქრისტე არა მართალთა თანა ოდენ იქცეოდა, არამედ ცოდვილთა თანაცა , ვითარცა იგი ქანანელსა და სამარიტელსა და მეძავსა მას და სხუათა მრავალთა. და ჩვენ, შებღალულნი მრავალთა მიერ ცოდვათა, შეურაცხ ვჰყოფთ მათ, რომელნი იგი მისვე მიწისაგან ქმნულ არიან, ვინაჲცა ჩვენ.

რაჲსა იტყვის საპყრობილესა შინა ბოროტნი კაცნი არიანა, ხოლო ქალაქსა შინა ყოველნი  კეთილნი არიანა? რამეთუ არა მცირედნი არიან უკეთურნი ქალაქთაცა  და ჩვენ ყოველნი ცოდვათა თანამდებ ვართ.

რაჲსათვის უკუჱ დაუტეობთ თვისთა ცოდვათა და სხუათასა ვხედავთ, და სადა კაცთმოყვარებისა ჟამი იყოს, გამოვეძიებთ  უკეთურებასა. არამედ ვიხილნეთღა თავნი ჩვენნი, თუ ვითარ ვიყვენით ოდესმე ჩვენცა  და ესრეთ ვიქმნნეთ  სახიერ, რამეთუ ჩვენცა ვიყვენით ოდესმე ურჩ, უგუნურ და შეცთომილ მონა თვითო  სახეთა  მათ გულისთქმათა, უკეთურ, მოძულე ძმათა და შვილ რისხვისა.

ხოლო ღმერთმან იხილა რა, ვითარსა საპყრობილესა შინა ვიყვენით და ვითარითა ჯაჭვითა შეკრულ, არა სირცხვილ იჩინა, არამედ მოვიდა საპ­ყრობილედ და ჩვენ გამოგვიყვანნა  მიერ და მიგვიყვანნა  სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რათა ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რა ეტყოდა, ვითარმედ: „უკეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღვარმან, თქვენცა თანაგაძსთ ურთიერთას ფერჴთა დაბანაჲ, რამეთუ სახე მიგეც თქვენ, რათა, ვითარცა მე ვჰქმენ, ეგრეთცა თქვენ იქმოდეთ”[იო. 13,14-15]. არათუ ფერჴთა დაბანისათვის ოდენ ჰსთქუა , არამედ ყოვლისათვისვე, რათა მარადის მას ვჰბაძვიდეთ და მცნებათა მისთა ვიქმოდეთ.

ეგრეთვე უკუჱ ჩვენ , გინათუ ბოროტი ვინ იყოს, გინათუ კეთილი, კეთილისყოფასა ნუ დავაცხრობთ  და  მრავალგზის იპოვისცა  კაცი დიდ წინაშე ღმრთისა. რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა და მერმე შეიწყნარნა ანგელოსნი. ეგრეთვე ჩვენცა მივემთხვივნეთ კაცთა მაღალთა. უკეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდეთ , დაღაცათუ აქა არა მივემთხვივნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცისა , თუ ვისთვის  ვიქმთ მოწყალებასა?!

ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და მარადის აღვასრულებდეთ ქრისტეს მცნებასა და ვიქმოდეთ  ქველისსაქმესა ჭირვეულთა ზედა და მივიდოდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, რათა  მათცა ვარგოთ და ჩვენცა ვირგოთ უმეტესი და ღმერთი იდიდოს ჩვენთა ზედა სათნოებათა და  ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 38. თავი იგ [13]

მოთმინებისათვის

საყვარელო, რაჟამს გესმას , ვითარმედ: მეუფე ყოველთა შეკრული განისჯებოდა, ნურარად  შეგირაცხიეს სოფლისა ამის საქმენი. უკეთუ  ქრისტემან ესოდენი ვნებანი თავს იდვა და მოითმინა შენთვის  და შენ სიტყვაცა არა თავს იდვაა მისთვის და მოითმინო სიხარულით?

არამედ ქრისტე თავს  იდებს ნერწყვასა, და შენ იმკობი სამოსლითა შვენიერითა და ბეჭდითა  აბრწყინვებ ჴელთა შენთა. ქრისტე იყვედრებოდა  და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს იდებ, არამედ ეძიებ პატივსა.

რაჟამს ვინმე გაგინოს, საყვარელო, მოიხსენე  ქრისტესი, ვითარ აგინებდეს. უკეთუ ვინ განგკიცხოს, მოიგონე , რამეთუ კიცხევით თაყვანის სცემდეს მას და ეცინოდეს. და არათუ ოდენ ბოროტი  არა უყო, არამედ სიმ­შვიდით და ტკბილად თავს იდებდა ყოველსავე.

მას უკუჱ ვჰბაძვიდეთ, ჵ, ძმანო! და რომელი მან ჩვენთვის თავს იდვა, ჩვენ ჩვენთვისვე არა მოვითმინოთა? რამეთუ რად განრისხნები მაგინებელისა შენისათვის? უკეთუ უსამართლოდ გაგინა, არა ჯერ არს განრისხება, არამედ უფროსად წყალობა მისი, რამეთუ შეცთომილ არს. უკეთუ კულა სამართლად გაგინა, მაშინ  ჯერ არს მყუდროებით მოთმენაჲ, რამეთუ სამართალსა იტყვის. რამეთუ  უკეთუ მდიდარიმცა იყავ და გლახაკად ვინ გიწოდა, რადმცა დაგეთმინა შენ სიტყვა იგი, ანუ თუ გლახაკი  იყო და გლახაკ გიწოდონ, ეგრეთვე არა განრისხნი, რამეთუ სამართალ არს .

ეგრეთვე უკუჱ გულისჴმა ჰყოფდი ყოველსავე და კეთილად მოითმინო. უკეთუ კულა სხვათა  წინაშე გაგინოს და გრცხვენოდეს მათ ყოველთაგან, გულისჴმა ჰყავ, რამეთუ უფროსად კეთილ არს, რათა იხილონ მათ ყოველთა მოთმინება შენი და გაქონ და მას აბრალონ.

ხოლო  უკეთუ არავინ იყოს მუნ ბრძენი, მაშინ უფროსად იხარებდ, რამეთუ ღმერთი ჰხედავს და წმიდანი ანგელოსნი მოთმინებასა შენსა და მუნ გაქებდენ. რამეთუ უმჯობეს არს ერთისა ანგელოსისა ქებაჲ, ვიდრე ყოვლისა სოფლისა. და  რად ვიტყვი ანგელოსთა, რამეთუ თვით თავადმან ღმერთ­მან გაქოს წინაშე ანგელოსთა და ყოველთა კაცთა .

ამათ ესევითართა გულისსიტყვათა მოვიგონებდეთ, საყვარელნო, და მადლობით მოვითმენდეთ ყოველსავე. რამეთუ, უკეთუ გვაგინოს  ვინ, იგი არს ბოროტ. არამედ უკეთუ შური ვიძიოთ მის ზედა და უკეთუმცა არა კეთილ იყო დუმილით თავსდებაჲ და მოთმინებაჲ, არამცა ეთქუა ქრისტესა , ვითარმედ: „უკეთუ ვინ გცეს  ყურიმალსა მარჯვენესა, მიუპყარ მეორეცა”[მთ. 5,39; ლკ. ლკ. 6,29]. არამედ ყოველი ბოროტი  ჩვენ ზედა ამისთვის არს, რამეთუ კაცობრივთა საქმეთა ვეძიებთ და არა ღმრთისათა.

გარნა ვისწრაფოთ ხსენება თვისთა ცოდვათა  და ესრეთ შემუსრვილად წარვლოთ ცხოვრება ესე, რათა მივიწივნეთ ზეცად მცირედ მცირედ, ვითარცა კიბითა, რამეთუ ამას მოასწავებდა კიბე იგი იაკობისი – ამაღლებასა სათნოებითი სათნოებად.

აღვიდოდეთ უკუჱ, საყვარელნო, კიბესა  მას, რათა მივიწივნეთ ცად და ვჰპოვნნეთ კეთილნი იგი საუკუნენი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი  უკუნისამდე.

 

სწავლა 39

მოთმინებისათვისვე

საყვარელნო, ვითარცა უფალმან ჰსძლო სოფელსა , შესაძლებელ არს უკუჱ ჩვენ მიერცა ძლევაჲ, უკეთუ გვენებოს სასოებითა წინამძღვრისა მის სარწმუნოებისა ჩვენისათა და ვიდოდეთ გზასა მას, რომელი მან წარვლო .

ვსძლოთ უკუჱ სოფელსა, მივივლტოდეთ უკუდავებად, შევუდგეთ მეუფესა, შეურაცხ  ვჰყოთ  გულისთქმანი, მივსცვალნეთ ზეცად სულნი ჩვენნი! ესრეთ იძლიოს ყოველი სოფელი ჩვენ მიერ: უკეთუ შეურაცხ ვჰყოთ, იგი ძლეულ არს. უცხო ვართ ჩვენ და წარმავალ, ნუმცა რას უკუჱ ზედა მწუხარე ვართ სოფლისა საქმესა, არამედ სიხარულით მოვითმენდეთ და ვმადლობდეთ ღმერთსა.

რამეთუ, დაღაცათუმცა  მდიდარი იყავ და დიდებული, და წარხვედმცა ქვეყანასა უცხოსა, სადა არავინ გიცნობს და მუნმცა გაგინეს, არამცა გეტკინა შენ, ვითარ შენსა მას ქალაქსა შინა, უკეთუ გაგინოს ვინ. არამედ მას უცხოსა ქვეყანასა თავს იდებ: შიმშილსაცა და წყურვილსა და ყოველსავე ჭირსა.

ეგრეთვე უკუჱ აწ მოიგონე, ვითარმედ უცხო ხარ და წარმავალი, და ნუმცა რაჲ შეგაწუხებს. არამედ ყოველივე მოითმინე, უცხოსა ამას შინა ქვეყანასა , რაჲცა მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ ქალაქი გაქუს, რომლისა ჴელოვანი  და შემოქმედი  ღმერთი არს, და მწირობა ესე მცირედ ჟამ არს. თავს იდებდე ულმობელად გინებასა და ცემასა  და ყოველსავე ჭირსა, რამეთუ უცხოებასა შინა ვართ . ბოროტი იგი არს, უკეთუ ჩვენსა მას ქვეყანასა და ჩვენთა ქალაქთა წინაშე ვიყვნეთ შეურაცხ. იგი არს ფრიადი უშვერებაჲ და დიდი დაჭირვებაჲ. ხოლო სადა მეცნიერი არავინ ესვას, მუნ ყოველსავე ადვილად თავს იდებს.

ამისთვის უკუჱ ნუმცა რად შეგირაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, არამედ მადლობით მოითმინე , რათა მუნ განსვენება ჰპოვო და ბრწყინვალითა გვირგვინითა იშვებდე. რამეთუ  მრავალნი ცოდვისათვის ფრიადსა  ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს იდებენ მას ყოველსა ეშმაკისათვის , ხოლო ჩვენ ღმრთისათვის არა თავს ვიდვათაა და სიხარულით მოვითმინოთ?

და  რამეთუ სათნოება სავსე არს ყოვლითა დაწყნარებითა, რამეთუ „ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება“(გალ. 5,22) და მსგავსნი ამათნი . არასადა გვიხმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყვედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ, დაღაცათუ სასმელი ერთი გრილი  წყლისა  წარვაგოთ ღმრთისათვის, სასყიდელი მისი არა დაგვჭირდების , არამედ გარდამატებულად მოგვეცეს და ღმერთი მადლიერ იყოს ჩვენდა.

ხოლო ვინათგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყვა მიუგოთ ჩვენ უფალსა? უკეთუ ამას დავუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას ვსდევდეთ , და ნებსით ჩვენით შთავთხევდეთ  თავთა ჩვენთა ცეცხლსა გეენიისასა.

ამისთვის გევედრები, ძმანო, განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქვენნი სენისა მისგან სულიერისა  და ნუ ვინ წარიკვეთს სასოებასა. რამეთუ შვილმან მანცა  უძღებმან ფრიადი ბოროტი ჰქმნა, არამედ, ვინათგან მოიქცა სახლადვე მამისა თვისისა, პირველივე პატივი მიეცა. და ჩვენცა უკუჱ, საყვარელნო, ვბაძვიდეთ  მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყვეობისა მისგან, რათა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა  მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 40

მოთმინებისათვის და მოწყალებისა

საყვარელნო, ჟამსა განსაცდელისასა ქრისტეს ვნებათა ვიხსენებდეთ  და „ვჰხედვიდეთ წინამძღვარსა მას და სრულმყოფელსა სარწმუნოებისა ჩვენისასა იესოს“[ებრ. 12,2]. და ვითარმედ სახელისა მისისათვის არს ყოველივე, და უკეთუ ამას ვიხსენებდეთ, ყოველივე ადვილად აღგვიჩნდეს და სიხარულით მოვითმინოთ.

რამეთუ , უკეთუ მეგობრისათვის  იჭირვინ კაცი და უხარინ, ხოლო რომელსა ღმრთისათვის ევნებოდეს, ვითარ არა უხაროდეს? რამეთუ უკეთუ ქრისტე ჯვარცმასა ჩვენთვის დიდებად თვისსა უწესს , არა უფროსად ჩვენ მისთვის სიკუდილი დიდებად შევრაცხოთა და სიხარულით მოვითმინოთ?

ხოლო უკეთუ ქრისტესთვის ტანჯვაჲ გვიღირს  თავსდებად და თავთა თვისთა უგულებელსყოფა, რაჲ ვჰყოთ ჩვენ, რომელნი არცათუ საფასეთა  და ანგაჰარებასა უგულებელს ვჰყოფთ მისთვის?

გვიღირს  უკუჱ, ძმანო, რათა , რაჟამს ჭირი რაჲმე იყოს ჩვენ ზედა, არა ჭირსა მას გულისჴმა ვჰყოფდეთ, არამედ მისისა მოთმინებისათვის მომავალსა  სასყიდელსა და გვირგვინსა, და სიხარულით მოვითმენდეთ. ვითარცა იგი ვაჭარნი  არა გზათა სიშორეთა იგონებენ, არამედ შესაძინელსაცა, ეგრეთვე ჩვენცა გვიღირს, რაჟამს მოიწიოს რაჲმე განსაცდელი, ვიგონებდეთ  სასუფეველსა ცათასა და ღმრთისა მიმართ კადნიერებასა და თავს ვიდებდეთ მოთმინებით.

ეგრეთვე, უკეთუ გულისთქმა ცოდვისა  მოგიხდეს რა, მოიხსენე სატანჯველი საუკუნო და მსწრაფლ წარხდეს შენგან. და კვალად უკეთუ ძნელ გიჩნდეს სათნოება, შემოსე პირსა შენსა საუკუნოსა მის განსვენებისა მოსაგებელი და ადვილად  აღგიჩნდეს .

ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუ  შეურაცხ ვჰყოფთ ძმათა ჩვენთა, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს”(მთ. 7,2; მრკ. 4,24).

ვიდრემდის, ჵ, კაცნო, მხეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩვენსა უმეცარ ვართ. გულისჴმა ვჰყოთ დღე იგი, რაჟამს წარვსდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა და შორის შემოიყვანნეს გლახაკნი ქრისტემან, რომელნი ჩვენ უგულებელს ვჰყვენით და არა ვჰყავთ  წყალობა მათ ზედა; და გურქვას ჩვენ, ვითარმედ: „რაჲ იგი არა უყავთ ერთსა ამათ ძმათა  ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ”[მთ.25,45].

რამეთუ მაშინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყვასა, არამედ მათ წილ ქრისტე გვეტყოდეს . ვითარცა იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ აბრაჰამ, ეგრეთვე ჰყოს გლახაკთათვის ქრისტემან. რომელთა ჩვენ აწ შეურაცხ ვჰყოფთ, აწ იგინი არიან გლახაკ, და მაშინ ჩვენ ვიყვნეთ გლახაკ და საწყალობელ; და ვითარცა აწ ჩვენ არა ვისმენთ ჴმასა გლახაკთასა, არცა მაშინ ქრისტემან ისმინოს ვედრება ჩვენი.

და რაჲმე  სიტყვა მიუგოთ ქრისტესა, რომელმან იგი ჩვენ ცად აღმიყვანნა ? ხოლო ჩვენ სახლთაცა შინა არა შევიყვანთ მას. რამეთუ ქრისტე პატიოსანსა ჴორცსა მისსა მოგვცემს, ხოლო ჩვენ პურსაცა  არა მივსცემთ მას. ქრისტე უხრწნელსა სისხლსა მისსა გვიწდევს, ხოლო  ჩვენ არცა სასმელსა ერთსა მიუპყრობთ მას.

არა ჰხედავაა, ვითარმედ ღმერთმან  ყოველივე ზოგად მოგვცა? და უკეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათვის არს, რათა მოწყალებითა გლახაკთათა აღიძარცონ ცოდვანი მათნი. ხოლო შენ, რომელსა ეგე არარაჲ გაქუს და ესრეთ უწყალო ხარ, საცნაურ  არს, ვითარმედ, უკეთუმცა უმეტესი რაჲმე ჴელმწიფება გაქუნდა, ბევრეულნიმცა კაცის კლვანი  ჰქმნენ და ნათელიცა და ცხოვრება  დაიშურვე სხუათათვის.

ვიდრემდის იყო შენ მდიდარ და იგი გლახაკ? ვიდრე მწუხრამდე , რომელ არს სიკუდილი, და მერმე არღარა, რამეთუ ესრეთ უნდოჲ არს ცხოვრება ესე და სიკუდილი კართა ზედა არს. რაჲ სარგებელ გვეყოფის მრავალთა მათ საუნჯეთა და მონაგებთაგან ? რად არა არიან ბევრეულნი ქადაგნი მოწყალებისა შენისანი? რამეთუ საფასეთა ეგე საუნჯენი მტერთა განგიმრავლებენ. ხოლო რომელი გლახაკთა  მისცე, იგი ღმრთისა ჴელთა მიიწიოს, და ცოდვათა დამხსნელ გექმნას და ღმრთისა მიერ დიდება და კაცთაგან პატივი მოგეტყვას.

რაჲსათვის უკუჱ ესრეთ ავნებ თავსა შენსა? რამეთუ მოწყალებითა თავსა შენსა არგებ უფროსად, ვიდრეღა გლახაკთა. რამეთუ მათ ჴორციელად არგებ, ხოლო თავსა შენსა სულიერად, და საუკუნესა დიდებასა და კადნიერებასა მოატყვებ , რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 41. თავი იდ [14]

არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, ქრისტეანეთა , რათა არა ძვირსა ვიხსენებდეთ ბოროტისმყოფელთა ჩვენთათვის, არამედ უფროსად ვსწუხდეთ მათთვის, რამეთუ ევნების უფროსად ბოროტისმყოფელთა და იგინი არიან ღირს ტირილისა ფრიადისა, ვიდრეღა რომელთა უყონ ბოროტი. რამეთუ ანგაჰარიცა და ცილისმწამებელი თავთა თვისთა ავნებენ დიდად, ხოლო ჩვენ, ფრიად გვარგებენ, უკეთუ ოდენ ჩვენ გვინდეს.

რამეთუ უკეთუ ვინ მიიტაცოს შენი და შენ მადლობდე ღმერთსა, მრავალი სარგებელი მიგიღებიეს, მადლობისა მიერ, ხოლო მან მრავალი  სასჯელი და ბრალი მოიგო. რამეთუ, დაღაცათუ  უძლურ იყო შენ და ვერ ძალგედვას ბოროტის ყოფად ბოროტისმყოფელისა შენისა, არამედ ძალგიძს განრისხებად და წყევად მისდა  და ძვირისხსენებად. და უკეთუ არა ჰქმნე ესე, არამედ უფროსად ულოცო მას და აკურთხო იგი, მიიღო სასყიდელი და ამის მიერ საცნაურ იქმნნეს, ვითარმედ დაღაცათუმცა ჴელგეწიფებოდა ჴორციელადცა ვნებად, არა  ავნებდი.

რამეთუ, უკეთუ ულოცვიდე და აკურთხევდე ბოროტისმყოფელსა შენსა, მიემსგავსები  ღმერთსა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „ულოცევდით ბოროტისმყოფელთა თქვენთა, რათა იყვნეთ მსგავს მამისა თქვენისა ზეცათასა”[მთ.5,44-45]. ხედავაა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკეთუ ვინებოთ ბოროტისმყოფელთა ჩვენთა მიერ? რამეთუ არარაჲ ესრეთ მხიარულ ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ არა მიგებაჲ ბოროტისა ბოროტისა წილ! რამეთუ არათუ ბოროტისა ოდენ არა ყოფაჲ , არამედ უფროსად ლოცვაცა და კურთხევა ბოროტისმყოფელთა ჩვენთა ბრძანებულ არს ჩვენდა.

რამეთუ ქრისტემან იხილე რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თვისსა იუდას: ფერჴნი  დაბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თვისსა ზიარ ჰყო, ამბორისყოფა მისცა და იგი არავე მოიქცეოდა . არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილისყოფად არა დასცხრებოდა.

არამედ გასწავო ძველისაცა სჯულისა მონათა მიერ ღმრთისათა . იხილეთ ნეტარი იოსებ, რომელი გამობრწყინდა სიწმიდითა და უფროს სულგრძელებითა. რამეთუ განიყიდა უბრალოჲ, რომელი იგი ჰმსახურებდა ძმათა თვისთა და კეთილსა უყოფდა; და შეასმინეს იგი ძმათა და იოსებ მერმეცა  წარვიდა უდაბნოს, და მიართუა ძმათა თვისთა საზრდელი  და ვერ ჰპოვნა რა ეძიებდა, და არა მოიწყინა, და  ვითარცა  ძმაჲ იყო. ხოლო უწყალოთა მათ ძმათა ამას ყოველსა ზედა განჰყიდეს იგი, და დაემკვიდრა იოსებ მათ  მიერ საპყრობილესა შინა და არავე რაჲ სთქუა ბოროტი ძმათათვის .

და ამისა შემდგომად , მიიღო რა უფლებაჲ იოსებ, გამოზარდნა ძმანი თვისნი და მრავალთაგან  ბოროტთა იხსნნა იგინი. ეგრეთვე, უკეთუ ჩვენ გვენებოს  მოყვსისა ბოროტი, ვერ დაგვახრწევს სათნოებასა; გარნა მათ არა ესრეთ ჰყვეს, არამედ ბოროტი დასწამეს იოსებს, და  ჩვენებისა მისთვის აყვედრებდეს და შთააგდეს მღვიმესა და იგინი სჭამდეს მის მიერ მოღებულსა საზრდელსა, ხოლო ძმასა თვისსა იოსებს ხედვიდეს  მღვიმესა მას შინა შიშველსა და არა ეწყალოდა.

რაჲმცა იყო ამის საქმისა უძვირეს, ანუ რომელთა კაცის მკვლელთასა არა იყვნეს უბოროტეს ? და მერმე აღიღეს და მისცეს კაცთა უსახურთა ბარბაროსთა. გარნა იოსებ იქმნა მეფე , არათუ ოდენ ბოროტი იგი შეუნდო, არამედ ცოდვისა მისგანცა ძალისაებრ თვისისა განათავისუფლნა, და „განგებულებად ღმრთისა უწოდა საქმესა მას“[დაბ. 45,5-8], და არა მათდა უკეთურებად. და რაჲ იგი უყო არათუ ძვირისხსენებით, არამედ ძმისათვის თვისისა სიყვარულით. და მერმე მოეხვია ძმათა თვისთა და ტიროდა მათ ზედა, მათ მიერ მოკლული იგი იოსებ, და ყოველნი  იგი ეგვიპტედ შთაიყვანნა და ბევრეული კეთილი უყო მათ.

ხოლო რაჲ სიტყვა გვაქვნდეს, რომელნი შემდგომად სჯულისა და ქრისტეს მოსლვისა, და უწინარეს სჯულისაცა ყოფილთა არა ვჰბაძვიდეთ? ვინ მიხსნეს  ჩვენ სატანჯველთაგან? რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს ძვირისხსენებისა და ნაცვლისა მიგებისა ბოროტის მყოფელთა, და ამას  გამოაჩინებს თანამდები იგი ბევრეულისა  ტალანტისა, რომელსა შეენდო და მერმე მიეხადა. რამეთუ შეენდო ღმრთისა კაცთმოყვარებისათვის და მიეხადა თვისისა უკეთურებისათვის.

ხოლო ჩვენ, საყვარელნო, მოყვასთა  ყოველივე ცთომა შეუნდოთ ყოვლითა გულითა ჩვენითა და კეთილიცა უყოთ მათ, რათა მივემთხვივნეთ ღმრთისა კაცთმოყვარებასა და ჩვენცა მოგვიტევნეს ყოველნი თანანადებნი ჩვენნი, და საუკუნენი კეთილნი  მოგვეცნენ მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის  და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 42

არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა

საყვარელნო, აღმოვიკითხვიდეთ რა ქრისტეს ვნებათა , გონებათაცა შინა ჩვენთა დავნერგოთ გვირგვინი ეკლისა, სამოსელი კიცხევისა, ლელწამი იგი და ყურიმლის ცემაჲ, ნერწყვა და კიცხევა, ფრიად სარგებელ გვეყოს, და არა განვრისხნეთ , რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩვენ ზედა, რამეთუ „არა არს მონა უფროს უფლისა თვისისა”(იო. 13,16; 15,20).

ვითარ ეტყოდეს ქრისტესა  ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელი ხარ და ეშმაკი არს შენთანა“(იო. 8,48) და სხუანი მრავალნი ესევითარნი. და ამისთვის თავს იდვა ესე ყოველი მეუფემან, რათა  ჩვენცა კუალსა მისსა შეუდგეთ. რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა და ჩვენ ყოველთა.

მოვიგოთ უკუჱ საქმე ესე, საყვარელნო, რამეთუ არარაჲ  ესრეთ მოწყალე ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ სიყვარული და მოთმინება და არა ბოროტის ყოფა მტერთა. რაჟამს ვინმე გაგინოს , ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი. ხოლო  მას უფროსად სწყალობდე, რამეთუ ქრისტეცა შესწუხნა იუდასთვის. რაჲსათვის შესწუხნა? მისისა წარწყმედისათვის .

ამისთვის ქრისტესა ჩვენცა ვჰბაძვიდეთ, რამეთუ უკეთუ  მას არა ვბაძვიდეთ, „უმჯობეს  იყო არა თუმცა შობილ ვიყვენით“[მთ. 26,24]. რამეთუ „სარწმუნოება ოდენ თვინიერ საქმეთასა, არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად ჩვენდა“[იაკ. 2,20], არამედ  უფროსად დასასჯელ იქმნების. „რამეთუ მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა იქმოდეს, იგვემოს ფრიად“[ლკ. 12,47].

რაჲ უკუჱ სიტყვა მიუგოთ მეუფესა? რომელნი  ესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ, და უხილავნი გვიხილავან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძვირეს წარმართთასა ვიყვნეთ . რამეთუ, უკეთუ მათ დიდებისათვის ამაოსა მოღვაწება აჩვენეს, ხოლო ჩვენ  სასუფეველისათვის და ღმრთისათვის, და უფროსღა სულთა ჩვენთათვის არა ვაჩვენოთაა ? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათვის სულნიცა თვისნი შეურაცხ ჰყვნეს, ხოლო ჩვენ მცირედისა ოქროჲსთვის სულსა წარვიწყმედთ , და არა შეურაცხ ვჰყოფთ ოქროსა ქრისტესთვის. და ამისთვის მრისხანენი  ვართ და საქმენი საძაგელნი გვიყვარან.

არამედ ნუმცა არს ესე ჩვენ ზედა! და განვაგდოთ უღელი ანგაჰარებისა ჩვენგან, უფროსღა  მიუტევნეთ შემცოდეთა ჩვენთა და ვაკურთხევდეთ მწყევართა ჩვენთა [მთ. 5,44; ლკ. 6,28], რათა ესრეთ კადნიერად წარმოუდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე  .

 

სწავლა 43

არა ბოროტის ყოფისათვის

ძმანო ჩემნო საყვარელნო , ნუმცა ოდეს განიზრახავთ  ბოროტსა სხვისათვის, რამეთუ გულსავსე იყვენით, რომელნი ამას იქმოდეთ, თავთა თვისთათვის ჰლესთ მახვილსა და უბოროტესად მოიწყლვით ჴელითა თქვენითა .

არამედ, უკეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვლის მიგებაჲ, ნუ მიაგებ ბოროტსა, და მიგიგიეს; უკეთუ კულა ბოროტი უყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყვი სიტყვასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკეთუ იტყვი: „თუ ვითარ იყოს ესე“, ისმინე თუ ვითარ:

რაჟამს არა ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების მიმგებელ ბოროტისმყოფელისა  მის შენისა. ხოლო რაჟამს შენ თვით იწყო ბოროტის ყოფად მისდა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰხსენ სიტყვა იგი წერილისა, რომელი იტყვის: „ჩემი არს სასჯელი  და მე მივაგო, იტყვის უფალი”[ებრ. 10,30].

რამეთუ, უკეთუ მონანი იყვნენ ჩვენნი და ურთიერთას შეშფოთნენ და არა ჩვენდა მოვიდენ სამართლისა სასჯელისა ყოფად, არამედ თვით იგინი განსჯიდენ, არა შევსწუხნეთა ? ხოლო უკეთუ ჩვენ ესრეთ ვართ, არა უფროსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე სასჯელისა მისდა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკეთუ ესოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩვენ ღმერთსა  არა ვაჩვენებდეთ, რაოდენსა  ჩვენ მონათა ჩვენთაგან ვეძიებდეთ?

ხოლო ამას ვიტყვი ჩვენთვის, რომელნი ესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის ყოფად, თუ არა ჭეშმარიტი ესე არს, რათა  არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროსღა კეთილსა უყოფდეთ, რათა ჩვენცა მოგვეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისა, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ.

რამეთუ მითხარღა, უკეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ, შენ რადღა სცოდავ და მასვე ბოროტსა შთავარდები? რამეთუ, უკეთუ გაგინა, შენ ნუღარა აგინებ მას; თუ არა – თავსა თვისსა აგინებ. უკეთუ შეგაწუხა შენ, ნუღარა შეაწუხებ; თუ  არა – არღარა გაქუს განყოფილება მისგან. უკეთუ რაჲმე გავნო, შენ ნუღარა ავნებ; თუ არა – სარგებელი არღარა იყოს შენდა , არამედ ხარ ყოვლითურთ მსგავს მისსა .

ესრეთ შემძლებელ ხარ შერცხვინებად მისა, უკეთუ ყოველივე სიმშვიდით თავს იდვა და მოითმინო. ესრეთ შეუძლო დაწყნარებად გულის­წყრომასა მისსა; მასცა დიდად არგო და თავსა შენსა უმეტესი სასყიდელი მოატყვა. რამეთუ  ვერვის ძალუძს ბოროტითა ბოროტისა განკურნებაჲ, არამედ კეთილითა განიკურნების ბოროტი .

ესრეთ ყოველთა მიმართ კეთილსა ვიქმოდეთ, საყვარელნო , რომელთა სული წმიდა მოგვიღებიეს, რომელნი სასუფეველსა ცათასა მოველით, რომელთადა  ბრძანებულ არს ანგელოს ყოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარი საიდუმლონი .

ამისთვის გევედრები, ძმანო, აღმოვფხვრათ ჩვენგან გულისწყრომა და მრისხანებაჲ და მიუტეოთ შემცოდეთა ჩვენთა და უფროსღა კეთილსა უყოფდეთ მათ, რათა ჩვენცა მოვიღოთ მოტევება ცოდვათა ჩვენთა და  მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 44. თავი იე [15]

სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა

ქრისტესგან ვისწავოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29).

ესევითარი სიმდაბლე და სიმშვიდე ჩვენცა მოვიგოთ და ვიქმნეთ შემუსრვილის გულით ლოცვისა შემწირველ ღმრთისა, რათა ვჰპოვოთ გან­სვენება სულთა ჩვენთა ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა .

შევიმოსოთ სიმდაბლე – დედა იგი ყოველთა სათნოებათა; დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა, რათა ზღვაცა ესე ამის სოფლისა დაუნთქმელად წარვლოთ  და მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესლვად.

ვიქმნეთ უკუჱ მდაბალ, საყვარელნო, რათა ავმაღლდეთ, რამეთუ ნამდვილვე აღამაღლებს სიმდაბლე კაცსა, სიმაღლითა მით სამღთოჲთა და უზესთაეს კამარათა ზეცისათა ჰყოფს. რამეთუ იტყვის: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (მთ. 23,12; ლკ. 18,14).

აწ უკუჱ, საყვარელნო, შევიტკბოთ სიმდაბლე, რომელი ქრისტესა მიამსგავსებს მომგებელთა მისთა და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 45

სიმდაბლისათვისვე

საყვარელნო, შევიმოსოთ სიმდაბლე, რათა ლოცვა ჩვენი ფრთოვან იყოს. გულისჴმა ვჰყოთ წერილი იგი, ბრძანება უფლისა, ვითარ იტყვის: „რომელსა უნდეს დიდ ყოფა , იყოს ყოველთა მსახურ და ყოველთა მონა“[მრკ. 10,43-44], რათა დიდ იქმნას.

ესერა გესმოდეს, საყვარელო, ყოვლითა ძალითა შენითა ისწრაფე მოგებად სიმდაბლისა; ნუ გეშინინ, თუმცა პატივსა შენსა რაჲმე ევნო სიმდაბლისაგან. რამეთუ, რაოდენცა დამდაბლდე, ვერ ძალგიძს ესოდენ დამდაბლებად, ვითარ იგი მეუფე ჩვენი დამდაბლდა. გარნა გარდამოსლვა იგი მისი, ჩვენ ყოველთა აღსლვა გვექმნა და მისიცა დიდება გამოაბრწყინვა კაცთა შორის, რამეთუ პირველ განკაცებისა, ანგელოსთა მიერ ხოლო საცნაურ იყო და კაცთა მცირედთა წმიდათა მათ წინასწარმეტყველთა და მამათმთავართა. ხოლო განკაცნა რა და ჯვარს ეცუა, ყოველმან სოფელმან იცნა იგი და არარაჲ დააკლდა დიდებასა მისსა, არამედ უფროსად შეიძინა ცხოვრება კაცთა.

ხოლო შენ, კაცო, რაჲსა  გეშინის და ჰგონებ, თუ სიმდაბლისაგან პატივსა შენსა ევნოს? არამედ უფროსღა უწყოდე, ვითარმედ: „რაოდენცა დაიმდაბლო თავი შენი, უფროსად ამაღლდების დიდება შენი“[ლკ. 12,11].

ესე სიმდაბლე არს  კარი სასუფეველისა. უკეთუ გვენებოს მუნ შესლვა, ესე გზაჲ ვიპყრათ სიმდაბლისა, რამეთუ ვინებოთ თუ გზასა მას ამპარტავანებისასა შესლვად , შორს ვიპოვნეთ სასუფეველისაგან და ვიქმნეთ უფროს ყოველთა შეურაცხ და წარწყმედულ.

და ვითარცა სხუასა ადგილსა ვიტყოდით, ვითარმედ: რაჲსათვის აჩვენებ კაცთა ქველისსაქმესა შენსა? რათა იდიდოა და საქებელ იქმნა? აწ უკუჱ ნუ ესრეთ იქმ, და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი დიდება და ქებაჲ.

კვალად ვიტყოდით, ვითარმედ: რაჲსათვის იუნჯებ, კაცო, რათა სიმდიდრე გაქუნდესა? აწ უკუჱ ნუ იუნჯებ და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი სიმდიდრე.

ეგრეთვე აქა ვიტყვი: რაჲსათვის გიყვარს დიდებაჲ და ზუაობაჲ? რათა პირველ სხუათასა და უდიდეს იყოა? აწ უკუჱ შეიმოსე სიმდაბლე და იყავ ყოველთა უდარეს, და მერმე იქმნა ჭეშმარიტად დიდ და ყოველთა პირველ.

ხოლო იყო თუ აქა ზუავ და ამპარტავან, იყო  ყოველთა უმცირეს და ნარჩევ და შეურაცხ. ესე სიტყვა არა ჩემი არს, არამედ ქრისტესი , ვითარცა იტყვის: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს ”[მთ. 23,12; ლკ. 18,14].

აწ უკუჱ, საყვარელნო, სიმდაბლე შევიტკბოთ, სიმდაბლე შევიყვაროთ, სიმდაბლე შევიმოსოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ და აქაცა  კეთილი გვეყოს და წარუვალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის  და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 46

სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა

საყვარელნო, ესე უპირატესნი სათნოებანი, სიმდაბლე და სიმშვიდე  აქუნდეს სანატრელსა მახარებელსა  იოანეს და მისთვის უყვარდა იგი უფალსა. რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზესთაეს? გარნა ნუმცა ოდენ ვნატრით მოციქულსა მას, ძმანო, არამედ ვისწრაფოთ ჩვენცა, რათა  მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა საყვარელსა მას იოანე ღმრთისმეტყველსა , და  ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათვის უფროს ყოველთასა უყვარდა იგი უფალსა. უკეთუ  დაუტევა მამა თვისი და შეუდგა უფალსა და ამას საქმესა ძმაცა თვისი  ზიარ ჰყო, და პეტრეცა და ანდრია, გარნა  ესე რაჲსათვის უყვარდა უფროს ყოველთასა? რამეთუ თვით არა სთქუა სიმდაბლისათვის მიზეზი იგი სიყვარულისა, არამედ მე ამას გულისჴმა ვჰყოფ; ამისთვის, რამეთუ ფრიად აქუნდა სიმშვიდე და სიმდაბლე და სიწრფოება. და მისთვის უყვარდა იგი უფალსა უმეტეს სხუათასა, რამეთუ თავადსა ჰბაძვიდა სიმშვიდით და სიმდაბლით, ვითარცა იტყვის: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა ”(მთ. 11,29).

ხოლო ესევითარი სათნოება მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ მოსე დიდსა საზომსა ამან სათნოებამან მიაწია , და არარაჲ არს სწორ სიმშვიდისა და სიმდაბლისა. ამისთვის ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ, ვითარცა საფუძველი სათნოებათა სიმდაბლე  ახსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა”(მთ. 5,3). ესე არს სიმდაბლე და შეუძლებელ არს თვინიერ სიმდაბლისა ცხოვნებაჲ .

გინათუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რაჲსაცა იქმოდეს ზუაობით, საძაგელ არს წინაშე უფლისა ; არამედ უკეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმე მისი პატიოსან არს და შეწირულ წინაშე უფლისა.

მოვიგოთ  უკუჱ, საყვარელნო, სიმდაბლე ; რამეთუ, უკეთუ გვინდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათვის ზუაობ, ჵ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა, გონებისა  ცთომილებასა?! მოიხსენენ ცოდვანი შენნი; უკეთუ კულა სათნოებანი გქონან და მისთვის ზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე; რამეთუ, უკეთუ გლახაკთა მისცემ და მისთვის ზუაობ, არა  შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა. და უფროსად სიმდაბლე გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვიდე და გულისჴმა  ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა.

რამეთუ უკეთუ დღეს მდიდარ ვართ და ხვალე შიშველნივე  განსლვად ვართ, ანუ რაჲ არს სიმდიდრე? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი თივისა და ყუავილისაცა უუძლურესი . რაჲსა უკუჱ ზუაობ, ჵ, კაცო, თივასა  ზედა? ანუ არა მეძავნიცა და ავაზაკნი მოიგებენა სიმდიდრესა?!

უკეთუ კულა პატივი და დიდება გიყვარს, ღმრთისამიერი მოიძიე, რომელი იგი არა ოდეს განქარდების. სიმდაბლე მოიგე და ამპარტავანება განაგდე, რათა, ესრეთ სათნოებითა შემკობილი, საუკუნოსა მას დიდებასა ღირს იქმნე, რომელსა ღირსმცა ვართ დამკვიდრებად ყოველნი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე, პატივი და თაყვანისცემა ყოვლად­წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 47. თავი ივ [16]

ამპარტავანებისათვის

ამპარტავანებისათვის ანგელოსნი ზეცით გარდამოსცვივნეს და ეშმაკად შეიცვალნეს. სიმდაბლე ზეცად აღვალს და ანგელოსთა თანა მოდასე იქმნების და ამპარტავანება ეშმაკთა თანა განიწესების. ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა და ვედრება ამპარტავანისა განარისხებს ღმერთსა.

ვითარცა სიმძიმე ნაყოფისა დასცემს რტოსა, ეგრეთვე ამპარტავანება წარსწყმედს სათნოებასა; ვითარცა ხე უფესო მოსწრაფედ დაეცემის, ეგრეთვე კაცი ამპარტავანი ადვილად ჯოჯოხეთისა ნახეთქსა შთავარდების . ვითარცა ნერგსა განუწმედელსა კუროსთავთაგან  არა ძალუძს აღორძინებად, ეგრეთვე კაცსა ამპარტავანსა არა ძალუძს წარმართებად კეთილის ცხოვრებად, უკეთუ არა სიმდაბლითა ამპარტავანება განიოტოს დამორჩილებითა სინანულისათა, რამეთუ მაღლად ჰრბის სული ამპარტავანისა და მუნითგან სიღრმესა შინა ჯოჯოხეთისასა შთაიჭრების.

ვითარცა ნაყოფი განრყვნილი უხმარ არს მუშაკისა, ეგრეთვე ლოცვაცა ამპარტავანისა არა შესაწყნარებელ ღმრთისა . სულსა ამპარტავანისასა არა აქუს ნაწილი ღმრთისა თანა, არამედ ეშმაკთა სახარულევან იქმნების.

რად მაღლოჲ, ჵ, კაცო? მიწა ხარ და ნაცარი და რად ამპარტავნებით მოიწყვლები, ჵ, უგუნურო! უკეთუ დიდ ვინმე ხარ, რომლისამე წესითა გაქუნდინ სიმდაბლე და არასადა იგმოს დიდება შენი. სხუათა ცოდვათა ნუ გამოეძიებ, რათა დიდებულ იქმნე დღესა მას სასჯელისასა . ნუ დაუტეობ შეჭირვებულსა მტირალსა და არა უგულებელს იქმნეს ლოცვა შენი.

ჵ, გლახაკო კაცო! ვინ შეგქმნა შენ ანუ სადათ  აღგიღო მიწაჲ? რაჲსა ესავ სიმდიდრესა და არა გეშინის ღმრთისა, რომელი მიწადვე მიქცევად ხარ, რად ამაოდ ჰშვრები  და ამპარტავნებ და მოქადულობითა ცუდითა ბოროტად წარსწყმდები? და რად განიბერები ვითარცა პერეული  წყლისა? ვითარმედ მიწა ხარ და არა მრავლისა შემდგომად მიწადვე შთახვიდე აწ ამპარტავანი და შემდგომად მცირედისა მატლთა თანა განისვენო.

ჵ, კაცო, გულისჴმა ჰყავ შენი უძლურება და ნუ ამპარტავნებ, რამეთუ დაბადებული ხარ ღმრთისა. ნუ უარ ჰყოფ დამბადებელსა შენსა, მიხედენ ბუნებასა შენსა და იხილენ თანამონათესავენი შენნი, რამეთუ იგინიცა მისვე ბუნებისანი არიან და ნუ განაგდებ ამპარტავანებისათვის შენისა ბუნებასა შენსა. უკეთუმცა დღეს შენ მდიდარ ხარ და იგი გლახაკ, არამედ წინაშე ღმრთისა იგი უფროს არს შენსა.

ჵ, კაცო ამაოო, ნუ ამპარტავნებ მრავლისათვის სიმდიდრისა, რამეთუ მწუხარება მისი განგყოფს ღმრთისაგან, და ცხოვრებასა მდიდართასა ნუ ნატრი, რამეთუ ძლიერნი ძლიერად გამოიძინეს. ვითარცა ფერჴშეკრულისა არა იქმნების სლვაჲ, ეგრეთვე მწუხარებით შეპყრობილისა ცად აღსლვაჲ.

ჵ, მდიდარო, ნუ ამპარტავნებ მონაგებთათვის შენთა და განხრწნადითა ნუ იქადი. ღმერთი არს მხოლოდ მდიდარი, რომელსა აქუს  უხრწნელი სიმდიდრე, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 48

ამპარტავანებისათვისვე

ამპარტავანებითა დაეცა პირველქმნული იგი ადამ  ნეტარისა  მისგან ცხოვრებისა. და კვალად ეშმაკიცა, რომელმან იგი აცთუნა, ამითვე სახითა დაეცა სიმაღლისა  მისგან დიდისა. ამისთვისცა იცოდა უკეთურმან მან ცოდვისა მის ძალი, ვითარმედ ზეცით გარდამოგდებადცა შემძლებელ არს. ამისთვის ადამს მითვე სახითა ებრძოლა  და დასცა, რამეთუ, აღაზუავა იგი აღთქმითა  მით სწორ ღმრთისა ყოფისათა, და ესრეთ დასცა და ჰშთახდა  ქვესკნელთა ჯოჯოხეთისათა, რამეთუ არარაჲ ესრეთ უცხო ჰყოფს ღმრთისაგან  და მისცემს გეენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაჲ.

რამეთუ რაჟამს ამპარტავნება  ჩვენთანა იყოს, ყოველივე ცხოვრება ჩვენი არაწმიდა არს, გინათუ ქალწულებასა ვიქმოდეთ, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხუასა რას. რამეთუ არაწმიდა არს და საძაგელ წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა.

დავაცხროთ უკუჱ ამპარტავნება ჩვენი და უკეთუ გვენებოს, რათა  ვიყვნეთ წმიდა და განვთავისუფლდეთ სასჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარმედ: „ნუ ახალნერგ, რათა არა აღზუავნე და სასჯელსა და საბრხესა ეშმაკისასა მიეცე , არამედ განერე ამის უსჯულოებისა საქმესა“[1 ტიმ. 3,6].

უკეთუ გულისჴმა ვჰყოთ ბუნება ჩვენი და ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე მოვიხსენოთ, და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოებაჲ, რომელი არათ უმჯობეს  არს თივისა და ყუავილთა მათ არისათა, უადვილესად დაჭნების. უკეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვბაძვიდეთ, ვერა ოდეს დაგვცეს  ეშმაკმან ამპარტავანებითა .

ხოლო ქრისტემან ღმერთმან  მდაბალმან, სახიერმან და ტკბილმან მოგვანიჭოს ჩვენცა და თქვენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რათა ესრეთ შეუძლოთ სხუათაცა სათნოებათა წარმართებად სადიდებელად  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა  თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 49

კვალად ამპარტავანებისათვისვე

საყვარელნო, უკეთუ იოანე ნათლისმცემელი არა ღირს იყო საბელთა ჴამლთა ქრისტესთა განხსნად , „იოანე, რომლისა უზესთაესი ნაშობთა შორის დედათასა არავინ აღდგომილ არს“[მთ. 11,11], ჩვენ სადა დავაწესოთ  თავნი ჩვენნი?

უკეთუ რომელი იგი უზესთაეს იყო ყოვლისა სოფლისა, მან სთქუა, ვითარმედ: „უკანასკნელთაცა მონათა მისთა შერაცხვად არა ღირს ვარო“[ლკ. 3,16; საქ. 13,25]. რაჲ ვსთქუათ ჩვენ, რომელნი ბევრეულითა ბოროტითა სავსე ვართ. რომელნი ესოდენ ნაკლულევან ვართ მისისა სათნოებისაგან, რომელ ცაჲ ქვეყანისაგან არა არს ესრეთ შორს. და  მან სთქუა, ვითარმედ: „საბელსა ხამლთა მისთასა განხსნად არა ღირს ვარო“[მრკ. 1,7].

ხოლო ჩვენ, რომელნი ამპარტავანებითაცა ძლეულ ვართ, რაჲმე ვსთქუათ? არა უწყი. არამცა გარდმოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკეთუმცა არა ამპარტავანებითა  შეპყრობილ იყო. ამან შთახადა იგი გეენიად. ამპარტავანება  იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ  ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყვნად, რამეთუ: „მაღალი იგი წინაშე კაცთა, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა”[ლკ. 16,15].

არა სამე სიძვაჲ ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ამპარტავანებაცა , რამეთუ სიძვასა, დაღაცათუ ბოროტ არს, აქვს  მიზეზად გულისთქმაჲ ჴორცთა, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისა, უგულისჴმოებისაგან შობილი, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა. დაღაცათუ ფრიად მდიდარი იყოს, არარაჲ არს უგლახაკეს  მისა, დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაცთა ესწავოს და ყოველი ძალი მისი აქუნდეს .

რამეთუ უკეთუ, რომელი სათნოებასა და მოღვაწებასა ზედა ზუაობდეს , ყოველსა მას სასყიდელსა თვისსა წარსწყმედს. ხოლო უკეთუ რომელი სიზმართა და აჩრდილსა ზედა ზუაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაჲ, მისთვის რაჲ ვსთქუათ? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიგლახაკითა და სიყმილითა მოკუდებოდეს, და უკეთუ სადა იხილოს სიზმარი რაჲმე კეთილი და მას ზედა მაღლოოდეს .

ჵ, უბადრუკო კაცო! სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს და შენ, რომელ ოქრო და ვეცხლი გაქვს, ამისთვის გონება ღრუბელთა უმაღლეს გიპყრიეს . არამედ სიმდიდრე ეგე არა შენი არს და უკეთუ ჩემი არა გრწამს, თვით საქმენი იხილენ. და უკეთუ ჯერეთ გთრავს  და არა გულისჴმა ჰყოფ სხუათა ზედა მოწევნულთა საქმეთაგან, მცირედ ელოდე და შენ ზედა მოწევნულისაგან სცან , ვითარმედ ესე ყოველი არას გერგების, რაჟამს იგი მოიწიოს სიკუდილი და ერთისაცა ჟამისა უფალ არა იყო, არამედ უნებლიეთ ყოველივე დაუტევო. და ნუუკუჱ ვიეთთა შენ არა გინდეს, მათ წარიღონ, რამეთუ მრავალთაცა სიტყვისა თქმად ვერ ჴელეწიფა.

არამედ ესე რათა არა მოიწიოს ჩვენზედაცა, ამისთვის, ვიდრეღა ცხოვრებასა ვართ, ჴელითა ჩვენითა წარვსცეთ ყოველი ჩვენი მონაგები მას ქალაქსა, რათა მუნ ვჰპოვოთ ყოვლითურთ. და მუნ  არა არს შიში წარწყმედისა, არცა სიკუდილისამიერი, არცა სხუა რაჲმე  განსაცდელისა, არამედ თვითოეული უკუნისამდე იშვებდეს თვისსა მას სიმდიდრესა ზედა.

მივსცვალოთ უკუჱ, საყვარელნო, სიმდიდრე ჩვენი ამიერ მუნ, რამეთუ არა სახმარ არიან ჩვენდა ამის მიცვალებისათვის კარაულნი, ანუ აქლემნი, ანუ ნავნი, არამედ გალახაკთა მიერ იქმნების საქმე ესე კეთილად, უძლურთა მიერ და მკელობელთა და ბრმათა; იგინი წარიღებენ მას ყოველსა მუნ ამიერ . იგინი მოწყალესა მას თანა შეგვიყვანებენ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 50. თავი იზ [17]

ცუდად მზუაობრობისათვის

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზუაობრობისაგან, რომელი ესე უძვირეს არს ყოველთა ვნებათასა. ცუდად მზუაობრობისაგან იშვების  ანგაჰარება და სახმართმოყვარებაჲ. ცუდად მზუაობრობისა მიერ იქმნების სიძულილი  და ბრძოლანი და შფოთნი. რამეთუ რომელი უმეტესსა დიდებასა ეძიებდეს, მარადის ბრძოლათა და ბოროტთა შინა არს და ვერაოდეს ჰპოვებს გულისთქმისა თვისისა დასასრულსა. ხოლო ესე ყოველი ცუდად მზუაობრობისაგან არს.

რამეთუ რაჲსაგან არს სიმრავლე სამკაულთა, მონათა და ტაძართა, რომელ ჰქონან მრავალთა? არათუ სახმარ მათდა  არს იგი ყოველი, არამედ რათა ამპარტავნებისა და ზუაობისა მათისა მოწამენი მრავალნი იყვნენ .

ხოლო უკეთუ ცუდად მზუაობრობასა ვსძლოთ, სხუანი მრავალნი ვნებანი  უჩინო ვჰყვნეთ მისთანა და არღარა იყოს დამაყენებელ, რათა ესრეთ ვიყოფოდეთ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცათა შინა. რამეთუ ესე ვნება არათუ ცოდვათა ოდენ შინა  არს, არამედ სათნოებათაცა შეერთვის და განმრყვნელი არს სათნოებისა ყოვლისა, რომელსაცა თანა იყოს. რამეთუ შრომათა თავსდებად გვაიძულებს და ნაყოფსა მოკრებად არა შეგვინდობს; რამეთუ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ყოვლისა შრომისა ცუდად მზუაობრობართა .

და რაჲმცა იყო ამის დაჭირვებისა უსაწყალობელეს ? რამეთუ შეუ­ძლებელ არს, თუმცა სოფლისაცა დიდებასა ვეძიებდით და ღმრთისასაცა, და ორივემცა ვჰპოვეთ. არამედ მაშინ ოდენ ვჰპოვოთ ორივე , რაჟამს  ერთსა ვეძიებდეთ ოდენ  ღმრთისამიერსა .

და ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა  ვივლტოდეთ დიდებისაგან კაცთასა და ვეძიებდეთ დიდებასა ღმრთისაგან , რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 51

ცუდად მზუაობრობისათვისვე

ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდად მზუაობრობაჲ. ამან მოიყვანა ჰურიანი შურად ქრისტესა და  ამან კვალად დაარწმუნა მათ და მოუხდეს იესოს და ჰრქუჱს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი”[მთ. 9,14; მრკ. 2,18]. ვივლტოდეთ უკუჱ, საყვარელნო, ცუდად მზუაობრობისა ვნებისაგან . და უკეთუ ამისგან ვივლტოდეთ , გეენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეენიისასა, და ყოველგან განუფენია თვისნი რტონი, და ყოველი ჰასაკი და ნათესავი დაუპყრიეს. ამან ეკკლესიანი ზედა ქვე ჰქმნა და ქალაქნი და ნათესავნი ამან ვნებამან  ცუდად მზუაობრობისამან.

ხოლო ვსძლოთ ვნებასა ცუდად მზუაობრობისასა, ესრეთ : უკეთუ წინააღუდგინოთ დიდებასა დიდებაჲ, რამეთუ სიმდიდრესა მაშინ შეურაცხ  ვჰყოფთ, რაჟამს სხვისა სიმდიდრისა მიმართ ვხედვიდეთ. და ცხოვრებასა ამას მაშინ შეურაცხ  ვჰყოფთ, რაჟამს საუკუნო ცხოვრება გულისჴმა ვჰყოთ. ეგრეთვე ცუდი დიდება მაშინ დავსთრგუნოთ , უკეთუ მერმისა მის დიდებისა სურვილი გვაქვნდეს.

და რამეთუ  კაცთა დიდება ამაო არს და ცუდი, ოდენ სახელი აქვს და საქმე – არა. ხოლო ზეცისა იგი დიდება ჭეშმარიტ არს; და არათუ კაცნი , არამედ ანგელოსნი და მთავარანგელოსნი და ანგელოსთა მეუფე იყოს მაქებელად  ესევითარისა.

უკეთუ იგი საუკუნო დიდება და  იგი მსაჯული გულისჴმა ჰყო, ვერარამან სოფლისა საქმემან გაცთუნოს შენ. რამეთუ  სოფელსაცა ამას ვინმცა აღირჩია წინაშე მეფისა მდგომარემან , რომელსა თვით მეფე და ყოველნი მხედარნი  მისნი აქებედ , რათამცა აღირჩია მან ქება ბუზთა და მუმლთა? ესრეთ არს კაცობრივი დიდება ღმრთისა თანა, ვითარცა ჴმაჲ  ბუზთა და მუმლთა ქებასა მას თანა მეფისა და მხედართასა .

არამედ რომელთა ესე უნდოებაჲ კაცობრივთა საქმეთა ვიცით, ყოვლითა ღონითა საუკუნო იგი და მიუწდომელი დიდება ვიძიოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 52

ცუდად მზუაობრობისათვისვე

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზუაობრისა მხეცისაგან  მარადის, რამეთუ მზაკვარი არს და მრავალფერი, და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თვისსა გესლსა და სახესაცა შინა და შვებასა და შვენიერებასა ჴორცთასა.

ცუდად მზუაობრობისათვის უმეტეს სახმართასა ვეძიებთ, ცუდად მზუაობრობისათვის არს შვენიერება სამოსელთა საძიებელ, ცუდად  მზუაობრობისაგან გარდაემატა  ჩვენ შორის ანგაჰარებაჲ.

არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჵ, ძმაო, და უკეთუ გნებავს, რათა დიდება გაქუნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა. მაშინ გაქონ შენ ანგელოსთა და კაცთა და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს .

რამეთუ ვიდრემდის ჴორცთა ამკობდე , ამაო არს შრომა შენი და ხარ ცუდად მზუაობრობასა შინა . ხოლო უკეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ ჰყო  ქება შენი.

რაჲსათვის ამკობ ჴორცთა შენთა, ჵ , კაცო, ცუდად მზუაობრობითა და სული შენი უდებ  გიყოფიეს და არაწმიდებითა სავსე არს? რამეთუ უმეტესი მოსწრაფება სულისა შემკობისათვის ჯერ იყო ქმნად, ხოლო ჩვენ დაღაცათუ  უმეტესი არა ვჰყოთ, გარნა სწორად ჴორცთა ვიღვაწოთ სულიცა .

მოაქციე, ძმაო, ესე  სამკაული შინაგან და შემოსე სულსა, რამეთუ ჴორცთა  არას არგებენ ძოწეულნი და პორჶირნი; არცა სიმრთელესა მისცემენ, არცა შვენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშვერსა ვერ განაშვენებს. ხოლო სულსა, უკეთუ შემოსო, მეყსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს და უკეთუ უშვერი იყოს, განაშვენებს. რამეთუ იტყვის უფალი: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი გავასპეტაკო”[ეს. 1,18].

„მიეც უკუჱ, ძმაო, მოწყალება და აჰა, შენი ყოველივე წმიდა იყოს“[ლკ. 11,41], და შვენიერ და კეთილ, რათა ესრეთ შემკობილი პორჶირითა გვირგვინოსანი  იქცეოდე სავანეთა მათ ზეცისათა, კეთილთა მათ მიუთხრობელთა, რომელთა ღირსმცა  ვართ ყოველნი პოვნად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 53. თავი იჱ [18]

ვეცხლის მოყვარებისათვის

საყვარელნო , შეუდგეთ იესოს და აღვიღოთ ჯვარი ჩვენი, რამეთუ იტყვის: „უარ ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე”(მთ. 16,24). ესე არს აღება ჯვარისა, რათა მოვაკუდინნეთ  ასონი ჩვენნი ქვეყანასა ზედა, დავშრიტოთ გულისთქმაჲ , მოვაკვდინოთ გულისწყრომაჲ, მოვკლათ შური. და ესე არს მსხვერპლი ცხოველი, რომელი არა მტვერ იქმნების, არცა კუამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უხმს და შეშაჲ და მახვილი, არამედ აქვს მახვილად და ცეცხლად სული  წმიდა.

ესე მახვილი აღიღე, ძმაო, და  მოიკვეთე ნამეტნავი იგი გულისა, განაღე  დაყოფილი სასმენელი, რამეთუ სენნი და ბოროტნი გულისთქმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყვასა ღმრთისასა. რამეთუ ვეცხლისმოყვარება რა მოიწიოს, არა უტეობს  შესლვად სიტყვათა მოწყალებისათა. და სიძულილი რა მოიწიოს, დაუყოფს შესავალსა სიყვარულისასა , და ყოველი ვნება ესრეთ არს. არამედ ჩვენ აღმოვფხვრნეთ ბოროტნი გულისთქმანი, რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს.

ხოლო ჩვენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩვენ ზედა. ნუ  მძლავრებასა ვეცხლისმოყვარებისასა ჰხედავ, არამედ გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაჲ. რამეთუ  არათუ ბუნებით არს ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ , რამეთუ ვინათგან ბუნებითნი ყოველნი პირველითგან იქმნეს, ხოლო ოქროჲ და ვეცხლი ვიდრე მრავლად ჟამადმდე ყოვლად  არა სჩნდეს.

სადაჲთ უკუჱ აღორძნდა ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ ? გარნა ცუდად მზუაობრობისაგან და დახსნილობისა.

რამეთუ გულისთქმანი  Iრომელნიმე საჭირო არიან, IIრომელნიმე ბოროტნი, და IIIრომელნიმე არცა ერთისა ამათგანისა. ესე  იგი არს, ვითარმედ: რაოდენნი არიან, რომელ თვინიერ მათსა მოკუდების კაცი. Iიგინი საჭირო არიან და ბუნებით – ვითარ არიან ჭამისა და სმისა და ძილისა გულისთქმაჲ. IIხოლო ტრფიალება იგი ჴორცთა – სიმხურვალისა ბუნებით არს, გარნა არა საჭიროჲ. რამეთუ მრავალთა სძლეს ჴორცთა მხურვალებასა და არა მოკუდეს. IIIხოლო ვეცხლისმოყვარებისა  გულისთქმაჲ – არცა ბუნებითი არს, არცა საჭიროჲ, არამედ ცუდი. და უკეთუ გვენებოს, არა შევიწყნარებთ ვეცხლისმოყვარებასა .

რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათვის სთქუა: „რომელთა ძალუძსო”[მთ. 19,12]. ხოლო სახმართმოყვარებისათვის სთქუა: „რომელმან არა დაუტეოს მონაგები  თვისი და შემომიდგეს მე, არა არს იგი ჩემდა ღირს”[მთ. 10,38]. რამეთუ რომელ ადვილ არს, ამას გვამცნებს. ხოლო, რომელი ვერ ყოველთა ძალუძს, მიუშვებს ნებასა  ზედა.

აწ უკუჱ რად ვჰყოფთ თავთა ჩვენთა უსიტყველ წინაშე ღმრთისა? რამეთუ  რაჲ ვსთქუათ, რაჟამს გვრქვას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიარი, და არა მეცით ჭამადი ”[მთ. 25,35]. ნუუკუჱ ქვრივისა მის უგლახაკეს ვართა, რათამცა სიგლახაკე ვიმიზეზოთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა და ესეცა მისისა კაცთმოყვარებისაგან არს.

ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩვენისა ქმნად კეთილისა და მოწყალებისა, რათა ჩვენცა შევიწყნარნეთ  და მივემთხვივნეთ  საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 54

ვეცხლის მოყვარებისათვისვე

ძმანო, ისმინეთ ჩემი , რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყვარება ბოროტი. და თუალთა და ყურთა დაუყოფს, და მხეცისა უფიცხეს ჰყოფს კაცსა: არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრობასა, არცა თვისისა სულისა ცხოვნებასა უტევებს გულისჴმისყოფად, არამედ ვინათგან სძლოს კაცსა ვეცხლისმოყვარებამან, სრულიად  დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რათა მადლიერცა მისდა  იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესზომცა  აღორძინდების გულისთქმა მათი და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მხეცი იგი უბრძოლველ.

ვეცხლისმოყვარებამან გეეზი განაკეთროვნა, ამან ანანია და საჶირა წარწყმიდნა, ამან იუდა ქრისტეს განმცემელ ჰყო , ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს.

ვეცხლისმოყვარებამან აღავსო სისხლითა გზანი, ვეცხლისმოყვარებამან აღავსო გლოვითა და გოდებითა ქალაქნი, ვეცხლისმოყვარებამან შეაგინნა  მრავალნი და ტაბლები ბილწებისა დააგო  და სანოვაგები უსჯულოებისა. ამისთვის ვეცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებად უწოდა პავლე .

ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ, რომელთამე აქუს საფასე და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვითარცა სიწმიდესა რასმე, რომლისა ვერ იკადრებენ კაცნი მიახლებად. და უკეთუ ოდესმე იიძულნენ მიახლებად მათდა , ესრეთ შეურაცხიეს, თუ – ბოროტი რაჲმე ჰქმნეს. და ვითარცა კერპთა, ესრეთ ჰმარხვენ  საფასეთა შეწყვდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა. და ტაძრისა წილ, აქუს მათ კიდობნები და ჰმარხვენ  ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა.

რაჲსა იქმ, ჵ, ვეცხლისმოყვარეო? არა თაყვანის ჰსცემაა ოქროსა  მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ, დაღაცათუ არა თაყვანის სცემ, არამედ ყოვლით კერძო მას პატივ სცემ . და ვითარცა კერპთმსახურსა  ურჩევიეს სულისა თვისისა აღმოსლვაჲ, ვიდრე კერპისა თვისისა წარგებაჲ, ეგრეთვე შენ, ვეცხლისმოყვარეო, გირჩევიეს სულისა აღმოსლვა, ვიდრე საფასეთა შენთა შეხებაჲ .

ხოლო ამას თუ იტყვი შენ, კაცო, ვითარმედ: „არა თაყვანის ვსცემ მე ოქროსაო“, არაცა იგი კერპსა თაყვანის სცემს, არამედ მას შინა დამკვიდრებულსა ეშმაკსა. ეგრეთვე  შენ, დაღაცათუ ოქროსა მას არა თაყვანის  სცემ, არამედ ეშმაკსა მას თაყვანის სცემ, რომელი ოქროჲსა მისგან და გულისთქმისა მისისაგან სულსა შინა შენსა შემოვალს. რამეთუ  ყოვლისა ეშმაკისა უბოროტეს არს გულისთქმა ვეცხლისმოყვარებისა, რომელი გასწავებს ყოველსა ბოროტსა და გეტყვის, ვითარმედ: მარადის  მბრძოლ ექმენ ყოველთა კაცთა და მტერ. უცხო ექმენ ბუნებასა შენსა, შეურაცხ ჰყავ ღმერთი, შემოსწირე თავი შენი ჩემდა! კერპთმსახურნი კერპსა უზორვენ და ცხოვარსა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყვარება იტყვის: „შემოსწირე სული შენი ჩემდაო “ და ისმენ მისსა.

ჰხედავა, ვითარნი ბომონნი  ჰქონან, ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ვერ  დაიმკვიდრებენ ანგაჰარნი”[1 კორ. 6,9-10] და არავე ეშინის. და ესე გულისთქმაჲ უუძლურეს არს ყოველთა გულისთქმათასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ  არს, თუ არა პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქრო და ვეცხლი არა იყო, არცა ვის უყვარდა .

არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თვითეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად და ესრეთ განეფინა სენი ესე. რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი, და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხვა ყოველივე სიმდიდრე, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რათა მათ წარხდენ და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა.

გარნა არცა ესრეთ აქუს  სიტყვა ვეცხლისმოყვარეთა წინაშე  ღმრთისა. რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთა შინა და უდაბნოთა. დაღაცათუ  უპოვარება ვერ ძალგიძს, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებ. რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნი არიან, რომელნი არა იტაცებენ, არამედ სამართლითა მოგებული აქუს  და მისგან ჰყოფენ მოწყალებასა.

რად არა უკუჱ მათ ვეშურებით და ვჰბაძავთ? მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი კაცნი. არა ცალიერნი სდგანანა ტაძარნი და აგარაკნი მათნი? და ოდენ სახელი მათი ეწოდების, ვითარმედ მის ვისიმე სახლი და მის ვისიმე სოფელი, არა სულთ ვითქვამთაა? ვიხილნეთ რა, თუ რაზომნი შრომანი და ჭირნი თავს ისხნა, რაზომნი ტაცებანი ჰქმნა მისთვის, და აწ არღარა სადა ჰსჩანს, არამედ მისთა ნაშრომთა  შინა იშვებენ სხვანი, რომელთასა არა ჰგონებდა. და ნუუკუჱ მტერნიცა მისნი იყვნენ მას შინა და იგი ბოროტითა სიკუდილითა მომკვდარ არნ.

და ესევე ჩვენ წინა გვიძს, რამეთუ უეჭველად მოკდომად ვართ, უეჭველად იგივე აღსასრული მოსლვად არს ჩვენ ზედა. რამეთუ, რაოდენნი მტერობანი სხუათანი ჰქმნეს მაშენებელთა ამის ტაძრისათა, რაოდენნი მიხვეჭანი , რაოდენნი წარსაგებელნი, და რაჲ იქმნა მის ყოვლისა სარგებელი? სატანჯველი საუკუნო და არცა ერთისა ნუგეშინისცემისა პოვნაჲ. და აქაცა, აწ ყოველნი უზრახვენ ძვირსა.

ანუ არა მრავალთა  კაცთა ჴელმწიფეთა ხატები გამოწერილები  სახლთა შინა მათთა, რაჟამს ვიხილნეთ , არა უფროსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად სთქუა წინასწარმეტყველმან, ვითარმედ: „ამაოდ ჰშფოთებს  ყოველი კაცი”[ფს. 38,6]. რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესევითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ.

არამედ სავანეთა მათ საყოფელთა ზეცისათა ჯერ არს მოგებაჲ; რამეთუ  აქა სხუამან  შვრის და სხუა განისვენებნ მას შინა. ხოლო მუნ თვითოეული  თვისსა ნაშრომსა ზედა უფალ არს და მრავალწილად მიიღოს მისაგებელი. მას მოსაგებელსა ვეძიებდეთ, ძმანო! მუნ  ვიშენოთ სახლები, რათა განვისვენოთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 55

ვეცხლის მოყვარებისათვისვე

ვინათგან უკუჱ იუდასთვის  გვასმიეს, ვისწრაფოთ ჩვენცა, ძმანო, განფრთხობად და მღვიძარე ყოფად მარადის. რამეთუ, უკეთუ რომელი  იგი წმიდასა მას მოციქულთა კრებულსა შინა იყოფოდა, ესოდენნი ნიჭნი მოეხვნეს  უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იყო ათორმეტთა მოციქულთაგანი, რომელნი  წარავლინნა იესო მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად.

ვინათგან უკუჱ ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყვარებისათა და მოძღვარი თვისი განჰყიდა. და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, და არცა  დაბანნაჲ იგი ფერჴთა, არცა ზიარება იგი ტაბლისა მისისა, არცა ტვირთვა იგი გვადრუცისა , არამედ უფროსად დასასჯელ ექმნა მას ესე ყოველი.

ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა  შევიშინოთ ჩვენცა, ნუუკუჱ მივემსგავსნეთ იუდას ვეცხლისმოყვარებითა. დაღაცათუ  ქრისტესა  არა განვსყიდით , არამედ, რაჟამს ვიხილოთ გლახაკი სიყმილითა მომწყდარი , ანუ სიცივითა შეჭირვებული და სიკუდილად მიახლებული და შეურაცხ ვჰყოთ იგი, მითვე სასჯელითა დავისაჯებით.

და კვალად ოდეს უღირსებით მოუხდეთ ზიარებად, წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა , ესრეთ წარვსწყმდებით, ვითარცა ქრისტეს მკულელნი.

და კვალად, რაჟამს მოვიტაცებდეთ და ვაჭირვებდეთ ქვრივთა და ობოლთა, ფრიადსა  სასჯელსა მოვაწევთ თავთა ზედა ჩვენთა და სამართლადცა.

ვიდრემდის შეუპყრიეთ ჩვენ ტრფიალებასა ვეცხლისმოყვარებისასა, ვიდრემდის შემსჭვალულ ვართ ამაოებისადა, ვიდრემდის არა მივხედავთ საქმეთა მათ ზეცისათა, არა განვიფრთხობთ, არცა განვიღვიძებთ საქმეთა ამათგან ქვეყანისათა .

მოვიხსენოთ  უწინარეს ჩვენსა განმდიდრებულნი იგი: არა ყოველივე დიდება მათი სიზმარ იქმნაა? არა აჩრდილ და ყუავილ დაჭნობილ იქმნაა? არა ზღაპარ და ამბავ იქმნაა ყოველივე, ვითარმედ: „იგი  ვინმე გან­მდიდრდაო“, და აწ სადა არს სიმდიდრე მისი? წარწყმდა და განიხრწნა და ცოდვანი იგი, რომელნი მის სიმდიდრისა მიერ ექმნნეს, ჰგიან და ცოდვათა მისთათვის სატანჯველი არს  უფროსად, დაღაცათუმცა არცა  სატანჯველი, არცა სასუფეველი წინამდებარე იყო, არამედ ბუნებისა  მისგან ნათესავისა ჩვენისა სირცხვილი ჯერ იყო, რომელ არიან გლახაკნი.

ხოლო აწ ჩვენგანნი მრავალნი ძაღლთა და ქორთა და ავაზათა  და სხუათა თითოსახეთა მხეცთა ჰზრდიან და კაცთა გლახაკთა შეურაცხ ჰყოფენ, შიმშილითა შეჭირვებულთა , რომელ არს ქრისტე.

გულისჴმა ჰყავ, ჵ, კაცო ვეცხლისმოყვარეო, ვითარმედ მაშინ ფრიად გევნოს, რაჟამს შემასმენელ შენდა იყვნენ გლახაკნი დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ შენ ოქროჲთა შემოსილ ხარ და გლახაკსა, რომელ არს ქრისტე, არცა მცირე სამოსელი აქუს . შენ სანოვაგისა სიმრავლითა განსქდები და ქრისტე მშიარი მიმოვალს .

ნუ, ძმანო, ნუ ესრეთ უგულისჴმო ვართ, არამედ ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა ზედა, რომელთა ქრისტე მიითვალავს და მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა მის საუკუნესასა.

ბერნი  ვიგონებდეთ, ვითარმედ: აჰა, ესერა მოახლებულ არს სიკუდილი; ჭაბუკნი ვგონებდეთ , ვითარმედ: უცნაურ არს ჟამი სიკუდილისა და ვითარცა მპარავი ღამისა , ესრეთ მოიწიოს დღე იგი სიკუდილისა.

ამისთვის უკუჱ გევედრები, ძმანო, ვეკრძალნეთ ყოველნი და ვისწრაფდეთ შეურაცხყოფად  წარმავალთა ამათ და წარუვალთა მათ ზეცისათა ვეძიებდეთ, რათა  ღირს ვიქმნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 56. თავი ით [19]

მრისხანებისათვის

ძმანო ჩემნო , ჯერ არს ჩვენდა განშორებაჲ მრისხანებისაგან და ვეც­ხლისმოყვარებისა, რომელი იგი მიზეზი არს მრისხანებისა . რამეთუ რისხვა ვნება არს ბოროტი. მრავალღონე დამაბნელებელი სულისა და უშვერ-მყოფელი ჴორცთა. ამისთვის  ჯერ არს, რათა ყოვლით კერძო ვეკრძალნეთ რისხვასა.

რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ მხეცთა დამშვიდებაჲ ძალგვედვას და გონებასა ჩვენსა განმხეცებულსა უგულებელს ვჰყოფდეთ. რამეთუ გულის­წყრომა ცეცხლი არს შემწველი სულისა და მავნებელი ჴორცთა და უშვერმყოფელი; და უკეთუმცა მრისხანესა ჟამსა რისხვისასა ძალედვა თავისა თვისისა ცნობაჲ, თუ ვითარი არს, არამცა სახმარ იყო სხუათა სწავლაჲ,  რამეთუ არარაჲ არს უუშვერეს  მრისხანისა, მთვრალობა არს ბოროტი მრისხანება და უფროს მთვრალობისა უბოროტეს, და ეშმაკეულისა  უძვირეს.

არამედ მოვიწყვიდოთ, ძმანო, ჩვენგან  რისხვა და ჴმამაღლობა სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, და ჟამსა განრისხებისასა მოვიხსენებდეთ ცოდვათა ჩვენთა.

და რაჟამს მონასა შენსა ჰრისხვიდე და ჰპეროოდე , და იგი ჰსდგეს მდუმრიად და ბრძნად, იგი კმა იყავნ შენდა სწავლად. დაღაცათუ  მონა არს, არამედ კაცი არს და სული აქუს უკუდავი, და იგივე ნიჭნი ჰქონან ღმრთისაგან, ვითარ ეგე შენ.

და უკეთუ რომელი იგი სულიერითა პატივითა სწორ ჩვენდა არს და ჴორციელისა ამის და არარაჲსა ჴელმწიფებისათვის, ესრეთ სიმშვიდით თავს ისხამს სიტყვათა ჩვენთა. ხოლო ჩვენ , რომელი სიტყვა მიუგოთ ღმერთსა, რაჟამს შიშისა მისისათვის ესრეთ არა აღვირ ვასხმიდეთ გონებათა ჩვენთა, ვითარ იგი მონანი ჩვენთვის?

ამას ყოველსა  გულისჴმა ვჰყოფდეთ და ცოდვათა ჩვენთა ვიხსენებდეთ; და ბოროტისა ამის მრისხანებისა ვნებისაგან განვეშორნეთ და ქრისტესმიერი სიმშვიდე შევიმოსოთ, რათა  ვჰპოვოთ განსვენება სულთა ჩვენთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 57

მრისხანებისათვისვე

ჭეშმარიტისა ქრისტეანისა ჯერ არს, ძმანო ჩემნო, ბრწყინვალე ყოფად სოფელსა შინა და ყოველსავე საქმესა სიმშვიდით საცნაურ: სლვისაგან და ხედვისა, სახისაგან და ჴმისა, ჯდომისაგან და დგომისა, რათა ყოველსავე შინა ქრისტესმიერი სიმშვიდე ბრწყინვიდეს.

ხოლო, უკეთუ განრისხნები და მხეცთა ბოროტთა მიემსგავსები: ბრდღვინავ, ვითარცა კურო ; ხუივი , ვითარცა ცხენი დედათა ზედა; ნაყროვნებ, ვითარცა დათვი; განსუქნები, ვითარცა ღორი; მოიხსენებ ძვირსა, ვითარცა აქლემი; იტაცებ, ვითარცა მგელი; სცბი, ვითარცა მელი; უცემ  კაცსა, ვითარცა გველი; გესლსა სთხევ, ვითარცა ღრიანკალი; განრისხნები, ვითარცა ვეშაპი; იცავ გესლსა, ვითარცა ასპიტი; ჰსძულობ კაცსა, ვითარცა ფოცხვერი; ემტერები, ვითარცა ეშმაკი. ესე ყოველი თვითოეული მხეცთა ჰქონან ბუნებით, ხოლო შენ უძვირეს ყოველთასა იქმნები. და ვითარ გეწოდოს შენ ქრისტეანე ამათ ესევითართა მოქმედსა?!

არამედ ნუმცა ვინ არს თქვენგანი ესრეთ, ჵ, ძმანო! უფროსღა მოვიგოთ სიმშვიდე, სახე ჭეშმარიტისა, რათა დავიმკვიდროთ ქვეყანა იგი მშვიდთა, რამეთუ იტყვის: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”(მთ. 5,5), რომელსა შინა ღირსმცა ვართ ყოველნი განსვენებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 58

მრისხანებისათვისვე

ვისწავოთ უკუჱ, ძმანო, უფლისა მიერ, სახიერება და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის , ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). ესრეთ ვისწავოთ და აღვირ ვასხნეთ ყოველსავე უკეთურებასა. უკეთუ ვინ ამაღლდეს ჩვენ ზედა, ხოლო ჩვენ დავმდაბლდეთ და ნუ შურის მეძიებელ ვართ და ნუცა მოვიკლავთ  სულთა ჩვენთა.

რამეთუ მრისხანება მხეცი არს, მხეცი ბოროტი  და ფიცხელი. ვეტყოდეთ უკუჱ თავთა ჩვენთა, ჟამსა მას რისხვისასა  სიტყვათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარი”[დაბ. 18,27]. და კვალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისა დაცემა მისდა“(ზირ. 1,22). და  ვითარმედ კაცი მრისხანე უშვერ არს, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშვერეს. ხოლო უკეთუ პირისა უუშვერეს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშვერეს რაჲმე იყოს? რამეთუ, ვითარცა სკორესა რა  ურევნ ვინ, უფროსად აღიძრის  სუნი სიმ­ყრალისა მისისა; ეგრეთვე სული, გულის­წყრომისა მიერ რა შეშფოთებულ არნ და ზამთარი ფრიადი არნ  შორის მისსა.

ანუ იტყვი, თუ: „ვერ თავს ვიდებო, რაჟამს სხვა მაგინებდეს.“ გარნა რაჲსათვის  ვერ თავს იდებ? რამეთუ უკეთუ ჭეშმარიტსა გეტყვის სიტყვათა მათ გინებისათა, თვით მისსა პირველცა თანაგაძს უფროსად ბრალობაჲ თავისა შენისა. ხოლო უკეთუ  კულა სტყუის, ნუ განრისხნები, არამედ უფროსად ეცინოდე და სულთ ითქუჱნ  მისთვის, რამეთუ: „რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეენიისა ”(მთ. 5,22).

რამეთუ, რაჟამს გაგინოს, გულისჴმა ჰყავ სატანჯველი იგი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთვის და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთვის. რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა მოწყლულისა  არავინ განრისხნების, არამედ უფროსღა ეწყალის იგი. და სულიცა განრისხებული ესრეთ არს.

დაღაცათუ ბოროტის ყოფა მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, ვითარმედ მოგიწყლავს იგი ძლიერად. უკეთუ კულა  გინება გინებასა ზედა დართო, უფროსად ცეცხლსა მას აღატყინებ. ნუ იტყვი, ვითარმედ: „უკეთუ დავიდუმო , მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ.“ გარნა გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ: არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყვიან შენთვის და განკვირვებულ იქმნებიან.

უკეთუ კულა იგინო რა, განრისხნე და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თვით, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყვანი იგი გინებისანი, რომელნი მან გრქუა, ჭეშმარიტ  არიან, რამეთუ უკეთუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა განრისხენ? რამეთუ მდიდარსა უკეთუ ვინ ჰრქუას, თუ: „გლახაკ ხარ“, რად არა განრისხნების? არამედ უფროსად ეცინის, ამისთვის, რამეთუ იცის, ვითარმედ: არა გლახაკ არს. აწ უკეთუ ჩვენცა ვიგინნეთ რა, ვიცინოდეთ გინებასა მას ზედა, დავამტკიცებთ, ვითარმედ: არარაჲ იპოვების ჩვენთანა სიტყვათა მათგანი .

და კვალად, დაღაცათუ ესე არა ესრეთ არს, ჩვენ ვიდრემდის გვეშინის სიტყვათაგან კაცთასა? ვიდრემდის შეურაცხ ვჰყოფთ მეუფესა მას ყოველთასა და შემსჭვალულ ვართ ქვეყანისადა. რამეთუ, ვინათგან არს ჩვენთანა შური და ხდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელ ვართაა? ვიქმნეთ უკუჱ სულიერ და აღვირ ვასხნეთ ბოროტსა მას მხეცსა მრისხანებისასა. რამეთუ არარაჲ არს განყოფილება მრისხანებისა და სიცოფისა , არამედ ეშმაკი არს ესე მძვინვარე და უფროსად ეშმაკეულისა უვარეს ჰყოფს კაცსა.

რამეთუ ეშმაკეული საწყალობელ არს, ხოლო მრისხანე ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს. რამეთუ ნებსით შთააგდებს თავსა თვისსა მთხრებლსა მას წარწყმედისასა და უწინარეს საუკუნოსა მის გეენიისა, აქავე დასჯილ არს. რამეთუ ამბოხებასა და შფოთსა ბოროტსა, ღამე და დღე მოაწევს თუალთა ზედა სულიერთა.

აწ, უკუჱ, ძმანო, განვსდევნოთ ჩვენგან ბოროტი ესე ვნებაჲ მრისხანებისა და  ვაჩვენოთ ყოვლით კერძოვე სიმშვიდე, რათა ამასცა საწუთოსა ვიხსნნეთ თავნი ჩვენნი ბოროტისაგან და მას საუკუნესა სატანჯველთა მათგან მწარეთა განვერნეთ და ვჰპოვოთ აქაცა განსვენება სულისა და მერმესა მასცა საუკუნესა, სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირს­მცა ვართ  ყოველნი მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 59. თავი კ [20]

შურისათვის

იხილეთ უკუჱ, ძმანო, ვითარ  ბოროტ არს შური და ვითარ თუალთა დაუბრმობს  მის მიერ ძლეულთა, რამეთუ, ვითარცა განცოფებულნი, მრავალგზის თავთა თვისთა მოიკლვენ, ეგრეთვე მოშურნე  თვისსა ცხოვრებასა წარსწყმედს .

კაცი მოშურნე უბოროტეს მხეცისა არს: რამეთუ მხეცნი ბოროტისა წილ მიაგებენ ბოროტსა, ხოლო მოშურნე კეთილისა წილ იქმს ბოროტსა. და ესრეთ  მხეცთაცა უძვირეს არს და სწორ ეშმაკთა. და ნუუკუჱ ეშმაკთაცა უძვირეს, რამეთუ ეშმაკთა ჩვენდა  მომართ დაუგებელი  ბრძოლა აქუს , ხოლო ურთიერთას არა იბრძვიან. არამედ მოშურნე არა ერიდების ზიარებასა  ბუნებისასა , და არა აქვს სიტყვაჲ ამის ბოროტისა მოქმედსა, რამეთუ წუხილი გვიხმს ჩვენ ბოროტთათვის და არა სხვისა კეთილისათვის.

მეძავსა  აქვს მიზეზად გულისთქმაჲ, და მპარავსა – სიგლახაკე, და კაცის მკულელსა – გულისწყრომაჲ. დაღაცათუ ცუდ  არიან მიზეზნი ესე, გარნა არიან რაჲმე მიზეზ. ხოლო შენ, ჵ, მოშურნეო , მითხარ, თუ რომელ მიზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქვს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლე.

რამეთუ უკეთუ მტერთაცა სიყვარული ბრძანებულ არს ჩვენდა, ხოლო რაჟამს მოყვარენიცა გვძულდენ, რაჲ სიტყვა მიუგოთ? და ვითარცა უფალი იტყვის, ვითარმედ: „რომელი  მეგობართა ოდენ ჰყვარობდეს, არარაჲთ უმჯობეს არს წარმართთასა”[მთ. 5,47]. მაშა რომელი კეთილის მყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი სასჯელი მიიღოს მან?

ესე ვნება შურისა, სიძვისაცა უძვირეს არს და მრუშებისა. რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა სიბოროტემან ეკ­კლესიანი დიდნი დააქცივნა და სოფელი განხრწნა; შურისა მიერ მოკლა კაენმა აბელი, შურისა მიერ  ეძიებდა მოკლვად ესავ  იაკობს, შურისა მიერ განჰყიდეს იოსებ ძმათა, შურისა მიერ ჰბრძავს  ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძვირესი ესე არს, რომელ ცოდვა ესე ბოროტი მსუბუქად  შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს.

დაღაცათუ იტყვი, ჵ, მოშურნეო, თუ: „მე არა მოვკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა.“ გარნა უკეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოება მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.

არამედ  იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა და შერისხეს მას და მოიქცა სინანულად. ხოლო ეშურებოდა აბელს კაენი და არა მიიღო კურნება, არამედ ღმერთი ზედას ზედა ეტყოდა, და იგი უმეტესად განძვინდებოდა. ესრეთ უძვირეს არს შური  და ძნიად საკურნებელ, უკეთუ არა ვისწრაფოთ სრულიად  ძირითურთ აღმოფხვრად მისა.

ხოლო აღმოვფხვრათ ესრეთ, უკეთუ ვიგონებდეთ, ვითარმედ განვარისხებთ ღმერთსა, უკეთუ ვეშურებოდეთ მოყვსისა  კეთილსა. ხოლო ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩვენზედა, უკეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყვსისასა. ამისთვის პავლე გვამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა და ტირილსა მტირალთა თანა, რათა ორკერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა. დაღაცათუ ჩვენ არა დავშვრეთ, თანაზიარ შრომისა  მათისა ვიქმნეთ, რომელთათვის გვიხაროდეს.

ესრეთ უკუჱ ვიღვაწოთ, ძმანო, აღმოფხვრად  ჩვენგან შურისა, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 60

შურისათვისვე

ვჰსთქუ და კვლავდცა ვიტყვი , ბოროტ არს შური და ორგულებითა სავსე. შურმან  აღავსო სოფელი ბევრეულითა ბოროტითა: შურისა მიერ არიან  კაცის კულანი, ვეცხლისმოყვარებანი, ცუდად მზუაობრობანი. შურისა მიერ არიან ავაზაკობანი და მპარაობანი, შურისა მიერ  ევნო ფრიადი იგი ვნება ნათესავსა ჩვენსა. რომელიცა ბოროტი იხილო, შურისაგან  ნაშობი არს.

აჰა, ესერა ეკკლესიათაცა მოიწია და მრავალნი ბოროტნი ჰქმნა. შურისა სენმან ჰშვა ვეცხლისმოყვარება, შურმან ყოველივე ზედაჲ ქვე ჰქმნა, შურმან დაამხუა  სიმართლე, შურმან აზნაურნი მონა ჰყვნა.

ამისთვის გასწავებ  მარადღე და არარაჲ იქმნების სარგებელი. მხეცთა უძვირეს ვიქმნებით: ობოლთასა მოვიტაცებთ, ქვრივთა ვავნებთ, გლახაკთა ვაჭირვებთ , ვაებაჲ ვაებასა ზედა გვიქმნიეს! „ვაჲმე, რამეთუ წარწყმდა ღმრთისმოშიში ქვეყანით“[მიქ. 7,2] და  ჯერ არს გლოვაჲ, რამეთუ ვერცარაჲ ლოცვითა ვჰქმენით და ვერცა სწავლითა! აწ ტირილი ოდენ გვიხმს, ვითარცა ჰყო ქრისტემან, რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალიმელთა. და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ სცრემლეოდა მათთვის. ვითარცა წინასწარმეტყველნიცა იქმოდეს, ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ აწ, რამეთუ „ჟამი ტირილისა და გოდებისა არს “[ეკლ. 3,4].

ვიგლოვდეთ ისაიასთანა და ვსთქუათ : „ვაჲ მათდა, რომელნი შეაერთებენ სახლსა სახლსა და მიიახლებენ აგარაკსა აგარაკსა, რათამცა მოყვსისა მიიტაცეს რაჲ ”[ეს. 5,8]. და უფროსღა ქრისტეს მეუფისა თანა ვსთქუათ, ვითარმედ: „ვაჲ თქვენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინისცემა თქვენი”(ლკ. 6,24).

არა ყოველთა მდიდართა, რომელნი მოწყალებასა ჰყოფენ, არამედ მათდა არს ვაებაჲ, რომელნი ვეცხლისმოყვარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ხმარებაჲ სიმდიდრისა, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ. ხოლო ანგაჰარება არს წარწყმედულ  და ბოროტ .

ვიგლოვდეთ ანგაჰართათვის, ვითარცა წინასწარმეტყველმან სთქუა, ვითარმედ : „ნუ იგლოვთ მკუდართათვის“[იერ. 22,10], არამედ – მტაცებელისათვის, ანგაჰარისა და ვეცხლისმოყვარისა  და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკუდართათვის, რომელთა არღარა  ეგების მოქცევაჲ, არამედ ვიგლოვდეთ ამათ ვნებათა მიერ ძლეულთათვის და მოშურნისა, რათა მოიქცენ სინანულად .

და შურისა წილ მოვიგოთ სიყვარული და სიხარული მოყვსისა კეთილსა  ზედა, რათა ესრეთ ყოველნივე ღირსმცა ქმნულ ვართ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 61

კვალად შურისათვისვე

გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა  ვიდრემდის გვაქვს სასოება ცხოვრებისა, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ცხოვნებად სულთა ჩვენთა .

რამეთუ მოშურნე სხუასა არარას ჰხედავს, არამედ ამას ოდენ, რათამცა გულისთქმა თვისი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვა წინა ედვას მოშურნესა , ანუ მებრ სიკუდილი, იგი ოდენ ვნებისა თვისისა ისწრაფის აღსრულებად. ეგრეთვე – სიძვისმოყვარე და ეგრეთვე – ვეცხლისმოყვარე.

ხოლო უკეთუ ვნებათა ესეზომი მძლავრება აქუს , არა უმეტესი ძალი აქუნდესაა  სათნოებასა, უკეთუ ოდენ გვინდეს? და უკეთუ ცოდვისათვის სიკუდილსა შეურაცხ ჰყოფენ, არა უფროსად სათნოებისათვის შეურაცხ ვყოთაა? უკეთუ ბოროტის მოყვარენი სულთა თვისთა უგულებელს ჰყოფენ, რათამცა ბოროტი ჰქმნეს, არა უფროსად ცხოვნებისათვის სულთასა  ჯერ არსაა უგულებელსყოფაჲ თავთა თვისთა?!

რაჲ  სიტყვა გვაქვნდეს წინაშე ღმრთისა, რაჟამს ვხედვიდეთ, ვითარმედ წარწყმედადნი იგი ესრეთ ისწრაფიან  წარწყმედისათვის მათისა ყოვლითა ღონისძიებითა და ჩვენ არა ვისწრაფდეთ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, არამედ მარადის შურსა და ხდომასა შინა ვიყოფოდეთ ?

არარაჲ არს უძვირეს შურისა, რამეთუ ისწრაფის მოშურნე, რათამცა მეორეცა წარწყმიდა  და თავიცა თვისი მისთანა შთახადა ჯოჯოხეთს. თუალი მოშურნისა დადნების მწუხარებითა, სიკუდილსა შინა არს სამარადისოსა, ყოველნივე მტერად შეურაცხიან, რომელთა არარაჲ ევნოს მისდა; მწუხარე არს, რაჟამს ღმერთი პატივ იცემებოდეს და უხარის: „სადა ეშმაკთა უხაროდის, იგი ვინმე პატივცემულ იქმნა კაცთა მიერო.“ არამედ ნუ ეშურები, ჵ, კაცო , რამეთუ არა პატივი არს პატივი იგი, არამედ, უკეთუ ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმნას, ეშურებოდე და იქმნე მსგავს მისა; და უკეთუ არა  გნებავს ესე, რაჲსათვის უკუჱ გნებავს თავისაცა შენისა წარწყმედაჲ შურითა ბოროტითა? რაჲსათვის  დააგდებ მაგასაცა, რომელი გაქუს  კეთილი? უკეთუ  ვერ ძალგიძს სწორ მისსა ყოფად და კეთილის მოგებად, ბოროტსა რადღა მოიგებ?

არა ჯერ არს ესრეთ ყოფა, ძმანო ჩემნო, არამედ  აღმოვფხვრათ შურისა ვნებაჲ ძირითურთ და დავნერგოთ სიყვარული ძმათა, რათა  ყოველთაგან ბოროტთა განვერნეთ  და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით  წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 62. თავი კა [21]

ნაყროვანებისათვის

ნაყროვანება  წყლისა მსგავს არს: აღმოივსის მუცელი თვისი ძლიერად და მყის დაცალიერდის; ხოლო ხრწნილებაჲ , ვითარცა წყალსა, უჩინო ჰყოფს მას, და მან მეყსეულად კვალად აღმოივსის და მარადის, ვითარცა წყალი, სდინ იგი.

ხოლო  შვება და ნაყროვანება არა თვით ოდენ განიხრწნების, არამედ მისთანა ძლიერებასაცა  და სიწმიდესა სულისასა წარღვნის და ჴორცთა სიმრთელესა დაჰხსნის. რამეთუ მდინარე მძაფრი არა შესჭამს კიდეთა თვისთა. ესრეთ, ვითარცა მრავალნი ჭამადნი სიმრთელესა დაჰხსნიან. და  უკეთუ სამკურნალოდ მიხვიდე და ჰკითხო, გესმას, ვითარმედ: ყოველი მიზეზი სენთა ჭამისაგან არს, ხოლო ტაბლა  ლიტონი სიმრთელისა დედა არს. ამისთვისცა მკურნალთა არა განძღომასა სიმრთელედ უწოდეს და წერილ არს წიგნთა  მათთა , ვითარმედ: „არა განძღომაჲ ჭამადითა არს სიმრთელე ”.

აწ უკუჱ ნაკლულევანება ჭამადთა, დედა არს სიმრთელისა , ხოლო სიმაძღრე დედა  არს ყოვლისა სენისა. რამეთუ ნიკრისი  და სიბრმენი, და თრთოლანი, და სიცოფენი და მამაცნი, და თავქედნი , გრძელნი და სხვა მრავალი არა ნაკლულევანებისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან არს.

ხოლო იხილეთ სულისაცა სენნი, რომელნი ნაყროვანებისაგან  იშვებიან: ანგაჰარება, უდებება, ბილწება და ძილი და სხუა მრავალი  ბოროტი; და კვალად გემოჲცა არა არს ჭამასა შინა ნაყროვნებითსა , რამეთუ მარხვა დედა არს გემოვანად ჭამისა, ხოლო სიმაძღრე დაჰხსნის და განრყვნის გემოსა ჭამადთასა.

ამისთვის უკუჱ, ვინათგან ესრეთ ბოროტ არს ნაყროვანებაჲ, ვივ­ლტოდეთ, ძმანო, სიმთვრალისაგან  და სიმაძღრისა და ვიშვებდეთ უფლისა მიმართ, რამეთუ მან მოგვცეს ჩვენ თხოვაჲ გულისა ჩვენისა და საუკუნენი კეთილნი მოგვანიჭნეს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 63

ნაყროვანებისათვის და მთვრალობისა

ჵ, ძმანო ჩემნო , რაჲმცა იყო ბოროტი , რომელი არა იქმნებოდის ნაყროვანებისაგან და მთვრალობისა?! რამეთუ კაცსა უძვირეს ღორთასა გამოაჩინებენ: ღორი მწვირესა შინა ინწუპების და საჭმელ მისა არიან სიმყრალე, ხოლო მომთვრალე და ნაყროვანი უძვირეს მისა არს .

რამეთუ გულისთქმათა მოიპოვებს უცხოთა ბუნებისაგან და ტრფიალებათა უსჯულოთა ფრიად საძაგელთა. და უფროსღა ვსთქუა, თუ ეშმაკეულთაგან არარაჲთ განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა  ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე ყოველთა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა და თუალთა და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა უსაძაგელეს მწვირისა.

ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოვო სული იგი, ვითარცა იგი ზამთარსა  შინა და ნეფხვასა  ძნელსა განყინული და უხმარი ყოველსავე საქმესა ზედა  კეთილსა. ხოლო ბოროტთა საქმეთა მიმართ – მხურვალე და მოსწრაფე.

მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: „ნუმცა არს ღვინოჲ, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონიო ”.

ჵ, უგუნურება ესე! სხუანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღმრთისათა აბრალებაა? კაცო უგულისჴმოო, არათუ ღვინომან ჰქმნა უჯეროებაჲ, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: „ნუმცა არს მთვრალობაჲ, ნუმცა არს უძღებებაჲ”.

ხოლო უკეთუ იტყვი: „ნუმცა არს ღვინოჲ, რამეთუ მისგან იქმნების მთვრალობაჲ”, კვალად სხუასა ჟამსა სთქუა: „ნუმცა არს რკინაჲ, რამეთუ მით იქმნებიან  კაცის კულანი; ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი; ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი”. და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დაჰხსნა სთქუა შენ.

გარნა ნუ ესრეთ იქმ შენ, რამეთუ  ესე საქმე საეშმაკო არს. ნუმცა აბრალებ ღვინოსა, არამედ მთვრალობასა, რამეთუ ღვინოჲ მოგვეცა სიხარულად წესიერად, არა უშვერებად და უწესოდ. ღვინოჲ მოგვეცა  სენთა საკურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ღვინოჲ მოგვეცა ჴორცთა  განმაძლიერებელად, არათუ ჴორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ.

ისმინე, რაჲსა ეტყვის პავლე ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომანქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა ”(1 ტომ. 5,23). ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაჲ ღვინისა, ვიდრემდე უბრძანა მოძღვარმან, რაჲმცა სიტყვა  მიუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმრთელესა შინა ვითვრებით?

ღვინოჲ სიხარულად მოგვეცა. ვითარცა იტყვის დავით: „ღვინომან  ახარის გულსა კაცისასა”[ფს. 103,15]. ხოლო შენ, ჵ, მომთვრალეო ! ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდეს და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს და თუალნი მისნი ბნელ იყვნენ; და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა  დაკრებულ იყოს და სული მისი დანთქმულ იყოს მწვირესა ცოდვისასა.

არამედ გევედრები, მორწმუნენო , ვიჯმნათ უზომოსა შვებისაგან და მთვრალობისა და ვზრუნვიდეთ  წესიერებისათვის, რათა ჴორციელიცა სიმრთელე მოვიგოთ და სულნი ჩვენნი ვიხსნნათ  ნაწილისა მისგან მდიდრისა, რომელი  დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა. უფროსღა ვიღვაწოთ, ძმანო, ლაზარესთანა გლახაკისა, წიაღთა მათ აბრაჰამისთა მისლვად და საუკუნეთა კეთილთა მკვიდრ ყოფად მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა  მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 64

მთვრალობისათვისვე

იტყვის მოციქული პავლე: „ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე”(ეფეს. 5,18). რამეთუ მომთვრალენი  დაითვრნენ რა, იმწუპებიან, ვითარცა ღორნი სიმყრალესა შინა და გარდააბნევენ , რაჲცა აქუნდეს კეთილი: გინათუ სიწმიდე ჴორცთა, გინათუ კრძალულებაჲ, გინათუ გონიერება , გინათუ სიბრძნე, ანუ თუ სიმშვიდე, გინა სიმდაბლე.

ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ: „მთვრალობითა სასუფეველი ცათა ვერვინ იხილოს”, ვითარცა იტყვის: „ნუ  ჰსცდებითო, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა ჩუკენთა , არცა მპარავთა, არცა ანგაჰართა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ”[1 კორ. 6,9-10).

აჰა, ესერა იხილეთ, რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მოციქულმან მთვრალობაჲ, რამეთუ ნამდვილვე მათ  ყოველთა მოყვასი არს და მიზეზი.

აწ უკუჱ, ჵ, კაცო! გულისჴმა ვჰყოთ და არარაჲსა ამის და უსარგებლოჲსა საქმისათვის ნუ მივსცემთ თავთა ჩვენთა ესევითართა ბოროტთა სულისა წარმწყმედელსა. არამედ გევედრები, ძმანო, განვეშორნეთ  შვებისაგან და მთვრალობისა, და მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღმრთისათა აღვასრულნეთ დღენი ჩვენნი, რათა ვჰპოვოთ მოტევება ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა  ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 65. თავი კბ [22]

მარხვისათვის

საყვარელნო, მარხვა სამოთხესა შინა განიწესა . რამეთუ ადამ არა დააკლო ღმერთმან მარხვასა, რომელსაცა ჰრქუა: „ყოვლისაგან ხისა, რომელ არიან სამოთხესა შინა, სჭამოთ, ხოლო ხისა მისგან, რომელ არს ცნობად კეთილისა და ბოროტისა, არა სჭამოთ მისგან”[დაბ. 2,16-17]. და ესე არს სახე მარხვისა.

ხოლო უკეთუ სამოთხესა შინა იყო მარხვაჲ, რაბამ უფროს გარე სამოთხისა სარგებელ არს? უკეთუ პირველ წყლულებისა იყო წამალ, რაბამ უფროს წყლულებასა ზედა? უკეთუ არღარა შემოსრულ იყო ჩვენ ზედა ბრძოლა გულისთქმისა  და სახმარ იყო საჭურველი მარხვისა, რაბამ უფროს აწ შორის ბრძოლათა გულისთქმათასა მდგომარეთა საჭირო არს მარხვაჲ.

ხოლო ესეცა სცანით, თუ ვითარ განურისხნების ღმერთი შეურაცხის­მყოფელთა მარხვისათა და რაბამ უფროს უყვარს მისი პატიოსან ყოფაჲ? არა  პატივ სცა ადამ მარხვასა, ვინაცა ესმა ჴმაჲ უფლისა მეტყველი, ვითარმედ: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც”[დაბ. 3,19]. ხოლო ამის მიერ გულისჴმა ვჰყოთ, ვითარ არა სათნო უჩნს ღმერთსა, ვინ მარხვასა ჰგმობდეს, რამეთუ მუნვე მეყსეულად სიკუდილსა შეიმოსს შეურაცხის­მყოფელი მარხვისა.

და გულისჴმა ჰყავთ ძალი მარხვისა, რამეთუ მარხვა გვასწავებს ჩვენ მოქცევასა სინანულად, ვითარცა დიდი იგი ქალაქი ნინევისა წარწყმედისაგან იხსნა მარხვამან და სინანულმან და ცხოვრებად მოაქცივნნა.

ხოლო მოსეს და ილიას ოდეს უნებდათ მიახლება ღმრთისა მიმართ და ზრახვად, პირველ უკუჱ მარხვისა მიმართ მიივლტოდეს და ლოცვითა მარხვისათა მიახლებულ იქმნებოდეს მისსა.

ხოლო იმარხა თვით თავადმანცა ღმერთმან და უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ორმეოცი დღე, არა მოხამსემან მარხვისამან, არამედ სახედ მოგვცა ჩვენ და სძლო ყოველსა ძალსა ეშმაკთასა. და ჩვენცა გვამცნებს მარხვასა მეტყველი, ვითარმედ: „არარაჲთ განვალს ნათესავი ეშმაკისა, გარნა ლოცვითა და მარხვითა”[მთ. 17,21].

ამისთვის ვიმარხვიდეთ, საყვარელნო, რათა განვერნეთ ბრძოლათა ეშმაკისათა და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ზეცისათა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 66

მარხვისათვისვე

საყვარელნო, მარხვა და ლოცვაჲ კაცსა ანგელოს ჰყოფენ და ზეცისა მხედრობათა მობაძავად გამოაჩენენ . აწ უკუჱ, რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვისა და მარხვისა მოგებად და წარმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი. რამეთუ ესევითარსა მას არა უხმს მრავალი საფასე, და რომელსა არა უხმდეს  მრავალი საფასე, არა იქმნების ანგაჰარ. რომელი განეშოროს ანგაჰარებასა, იგი შემძლებელ იქმნების წარმართებად მოწყალებისა.

კაცი მმარხველი მსუბუქად მდგომარე არნ ლოცვასა; გულისთქმათა ბოროტთა დაშრეტს, ზუაობასა და სილაღესა გულისასა დაამდაბლებს, ლმობიერად შეუვრდების ღმერთსა, და ითხოვს წყალობასა.

ამისთვისცა მოციქულნი მარადის მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდენ დღეთა მათთა. რომელი ილოცვიდეს მარხვითურთ, ფრთოვან არს ლოცვა მისი, და უმხურვალეს ცეცხლისა საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?

უკეთუ ქვრივმან მან მოწყალე ჰყო მსაჯული იგი, „რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხვენოდა”[ლკ. 18,2] უწყინოდ ვედრებითა თვისითა, რავდენ უმეტესად მოწყალე ჰყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკეთუ მარხვითა შემზადოს თვისი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისათა და განაგდოს თავისა თავისაგან ნაყროვანეობაჲ და სიმთვრალე.

ხოლო  უკეთუ მარხვა ფრიადი ვერ ძალგიძს, კაცო, უძლურებისათვის ჴორცთასა, მოიწყვიდენ  შვებანი და სანოვაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვანებისა. და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა და ესეცა შემძლებელ არს დახსნად სიბორგილესა ეშმაკისასა. რამეთუ არარაჲ არს საყვარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ ნაყროვანებაჲ და მთვრალობაჲ . და არარაჲ არს ესრეთ სანატრელ და სწორ ანგელოსთა მყოფელ, ვითარ მარხვა და სიწმიდე და მიმაახლებელ ანგელოსთა და მეუფისა.

აწ უკუჱ შევიტკბოთ, საყვარელნო, მარხვა და სიწმიდე და ვაჩვენოთ სინანული, რათა მოგვიტევნეს  ცოდვანი ჩვენნი და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 67

მარხვისათვისვე

საყვარელნო, მარხვა დედა არს სიწმიდისა და წინამძღვარი ლოცვისა. მარხვა ცხადმყოფელი არს სინანულისა და ყუავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა.

მარხვა არა ჭამადთა ზედა ოდენ გამოისახვის , არამედ ყოველთა ვნებათაგან ჯერ არს მარხვაჲ. და უფროსად ჭეშმარიტი მარხვა ესე არს, და სათნო ღმრთისა, რათა მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მშიართა და შევმოსდეთ შიშველთა, რათა მუნ გამოგვზარდნეს ჩვენცა ქრისტემან  და შეგვმოსოს სამოსელი უხრწნელებისა.

უკეთუ აქა დავიმარხნეთ ქრისტეს მცნებანი და ვასვათ წყურიელსა, მუნ არღარა ვსთქუათ, ვითარცა მან მდიდარმან, შვებასა შინა მყოფმან, თუ: „მოავლინე ლაზარე, რათა განმიგრილოს სასაჲ ჩემი” [ლკ. 16,24].

უკეთუ აქა შევიწყნაროთ უცხოჲ, მუნ ქრისტე სავანეთა  მრავალთა განგვიმზადებს.

უკეთუ მივიდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, ქრისტემანცა გვიხსნნეს  საპყრობილისაგან საუკუნოჲსა.

უკეთუ  უცხოჲ შევიწყნაროთ, ქრისტემანცა შეგვიწყნარნეს  უცხო ქმნილნი ესე სასუფეველისაგან ცათასა.

უკეთუ უძლური ვიხილოთ, ქრისტემანცა ადრე განგვათავისუფლნეს უძლურებისაგან ჩვენისა .

და ამისთვის, გევედრები, საყვარელნო ძმანო, აქა მივსცეთ  მცირედნი დიდთა მათ ნიჭთათვის, ვიდრეღა ჟამი გვაქუს . ვსთესოთ ცრემლითა, რათა მოვიმკოთ სიხარულითა. რამეთუ აწ არს ჟამი თესვისა და რომელმან არა სთესოს, საწყალობელ არს იგი.

ნუმცა უკუჱ  უდებ ვიქმნებით, ძმანო, არამედ ვიმარხოთ მარხვა კეთილი და შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი; ვსთესოთ თესლი მოწყალებისა ჴელთა შინა გლახაკთასა, რათა მოვიღოთ ნაყოფი მდიდრად და გვირგვინი ჴელისაგან ქრისტესისა. და ესრეთ  ბრწყინვალებითა სასუფეველსა ცათასა მკვიდრ ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 68. თავი კგ [23]

სინანულისათვის

საყვარელნო, სინანული არს  მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა. ვითარცა იტყვის , ვითარმედ: „ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა”(მთ. 3,8; ლკ. 3,8). რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა.“ რათა წინააღმდგომი ცოდვისა ჩვენისა სათნოება აღვასრულოთ.

ესე იგი, უკეთუ მოგიტაცებიეს სხვისა , მიეც შენიცა გლახაკთა.

უკეთუ სიძვითა  შებღალულ  ხარ, განეშორე სრულიად გულისთქმათა; განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა; მოიგენ  მარხვაჲ, მოისპენ გულისსიტყვანი ცოდვისანი გულისაგან შენისა; განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულთქმითა.

უკეთუ გიგინებიეს  და შეურაცხ გიყოფიეს მოყვასი, პატივ ეც და კეთილი უყავ. თავს იდევ შეურაცხება და გინება შენცა, და აკურთხევდ მაგინებელთა და ძვირის მეტყველთა შენთა  [მთ. 5,44].

ესე არს ნაყოფი ღირსი სინანულისა, მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა [მთ. 3,8; ლკ. 3,8; ფს. 33,15], რამეთუ არა კმა არს აღმოწუდა ხოლო ისრის პირისა წყლულებისა  მისგან, არამედ წამლისაცა ჯერ არს დადებაჲ.

უკეთუ შვებითა და მთვრალობითა წარგიხდიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე  მარხვაჲ და წყალსა იხმევდე, რათა ვნება იგი მთვრალობისა აღმოჰფხვრა.

უკეთუ თუალითა ვნებულითა მიგიხედავნ განცდად სიკეთესა პირისასა, აღვირ ასხენ თუალთა ყოვლადვე  არა ხედვად ბოროტად  დედათა .

ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყვისა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი”(ფს. 33,14; 36,27; 1 პეტ. 3,11). და კვალად „დააცხვრე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა”[ფს. 33,13; 1 პეტ. 3,10]. ესრეთ შეიწირავს ღმერთი სინანულსა შენსა და არა გარემიიქცევს პირსა მისსა შენგან.

ხოლო რაჲ არიან  პირისა მისისა მიმქცეველი ჩვენგან? ესე იგი არს: ამპარტავანება, ზუაობა, ანგაჰარება, მრისხანება, შური, ნაყროვანება და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათგან გარემიიქცევის უფალი და მტერობა ღმრთისა არს ესევითარნი საქმენი.

აწ უკუჱ, საყვარელნო, გარე მიმქცეველნი პირისა მისისა საქმენი ჩვენგან  გარე მივაქცივნეთ და სინანულითა შეუვრდეთ უფალსა. და ვევედრებოდეთ ცრემლითა მხურვალითა, რათა მოგვიტევნნეს ცოდვანი ჩვენნი და ღირს ვიქმნეთ განრინებად სატანჯველთა მათ საუკუნეთა, რომელნი მიელიან  ცოდვილთა უნანელთა; და უფროსად ღირს ვიქმნეთ განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელსა და საუკუნეთა კეთილთა  მივემთხვივნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 69

სინანულისათვისვე

ჵ , კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, ნუ წარიკვეთ სასოებასა, არამედ სთქუ , ვითარმედ: „კაცთმოყვარე არს ღმერთი და ნებავს ცხოვრება ჩვენი.“ რამეთუ იტყვის: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვესპეტაკო”(ეს. 1, 18). ესე სთქუ და განეშორე ცოდვასა და მოიქეც სინანულად, და მზაჲ არს ღმერთი შეწყნარებად შენდა.

აწ უკუჱ ნუ სასოწარკვეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს ცოდვითა დაცემაჲ, ვითარ დაცემულისა არა აღდგომაჲ სინანულითა; არცა ესრეთ ძნელ არს მოწყლვაჲ, ვითარ წყლულისა  მის კურნებისა და წამლისა არა ძიებაჲ .

რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქმად, თუ: „წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა.“ არამედ სინანულითა განვიკურნნეთ ცოდვანი, რამეთუ დიდი წამალი არს სინანული. და მზა  არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა. და ამას რა ვიტყვი, არა ამისთვის, რათა უდებებად მოგიყვანნე , ნუ იყოფინ! არამედ რათა არავინ მოვიდეს სასოწარკვეთილებად.

გნებავსა ცნობად, თუ ვითარ სახიერ არს და შეიწირავს სინანულსა მეუფე ჩვენი ? წარსდგაო  ოდესმე მეზვერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა და სთქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას”(ლკ. 18,3) – და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორ ამის კაცთმოყვარებისა?

არამედ ესე არს სიბოროტე  ჩვენი, რომელ არცათუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩვენებთ, არცა ჴელ ვჰყოფთ მცნებათა ღმრთისათა  აღსრულებად. ამისთვის უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩვენნი. ხოლო უკეთუ მოვიქცეთ  სინანულად, არა ძალუძს სიმრავლესა ცოდვათა ჩვენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ! არამედ, ჵ, ჩვენი ესე გულფიცხელობაჲ; ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰარებასა, ვეცხლისმოყვარებასა, ნაყროვანებასა, უდებებასა  და სხვათა ბოროტთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო , დავსდვათ თვითეულსა  ამათ ცოდვათაგან მოწყლულსა წყლულებასა ზედა წინააღდგომისა მათისა სათნოებისა  წამალი და განიკურნოს. ესე იგი არს: მოწყალება, ლოცვა, ლმობიერება , მარხვა, სინანული, ცრემლნი, სიმდაბლე გულისა, შემუსრვილება სულისა, შეურაცხება  სოფლისა, მიტევება ბრალთა მოყვსისათა, მადლობა ღმრთისა ყოველსავე ზედა განსაცდელსა , ვედრება ღმრთისა სამარადისო, ხსენება  სიკუდილისა და სასჯელისა, განშორება ყოველთავე ამაოთა და ბოროტთა გულისსიტყვათა, განწმედა გულისა ყოვლისაგან ბიწისა. რამეთუ მრავალნი გზანი უჩვენებიან ღმერთსა სინანულისა და ცხოვნებისანი , უკეთუ ვინებოთ სლვაჲ .

ვიღვაწოთ უკუჱ, ძმანო, სლვად  მათ შინა, რათა მივიწივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 70

კვალად სინანულისათვისვე

სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის კაცისა. სინანული განმწმედელი არს სულისა. სინანული აღდგომა არს დაცემულისა. აწ უკუჱ  ვიცნათ, ძმანო, თავნი ჩვენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენნი, რათა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ. რამეთუ რომელი წყლულებათა თვისთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ, არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან. უკეთუ გვენებოს, რამეთუ ჯერეთ სავაჭრო სდგას , და ქადაგება სინანულისა იქადაგების, ვითარმედ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა”(მთ.3,2; 4,17).

უკეთუ  დაბერებულ ხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკუდილისათა, ნუ ჰგონებ თუ განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკვეთ სასოებასა შენისა ცხოვნებისასა. არამედ გულისჴმა ჰყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯვარსა ზედა წამსა შინა ერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან. რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს იგი ეკიდა ჯვარსა ზედა, არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლდა  ცოდვათაგან.

უკეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდობი სიჭაბუკესა შენსა და იტყვი, ვითარმედ: „შორს არს ჟამი იგი სიკუდილისაო“, „რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა მოიწიოს“[1 თესალ. 5,2]. ამისთვის  უცნაურ ჰყო  ჟამი აღსასრულისა ჩვენისა უფალმან, რათა საცნაურ და ჭეშმარიტ ვჰყოთ მოსწრაფება ჩვენი, და მოქცევა ცოდვათაგან არა ვადროოთ. არა ჰხედავა , ვითარ ჩჩვილნიცა წარიტაცებიან სიკუდილისაგან და ჭაბუკნი უცნაურად მოსწყდებიან? ამისთვის წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა ჰსდროებ დღითი დღედ, ნუუკუჱ ვიდრე იგი ჰყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წარმყვანებელისათა”[ზირ. 5,7].

ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა ისწავენ კაცად კაცადმან მოძღვრება ესე, რათა არცა ვინ ჭაბუკი უზრუნველ იყოს, არცა ბერი სასოწარკვეთილ . რამეთუ დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩვენნი, არამედ უკეთუ შევინანოთ ღირსად, არა  მოტევება ხოლო ვპოვოთ, არამედ ცხოვრებაცა საუკუნო დავიმკვიდროთ და გვირგვინი სასუფეველსა მოგვეცეს.

რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთმოყვარე არს. უკეთუ შევინანოთ, ყოველივე აღგვიხოცოს  ცოდვანი ჩვენნი.

ამისთვის გევედრები, ძმანო, პირველნი ცოდვანი ჩვენნი შევინანნეთ ჯეროვნად და მომავალთაგან დავიცვნეთ თავნი ჩვენნი, რათა საუკუნეთა მათ სატანჯველთა განვერნეთ და გვირგვინი დაუჭნობელი მოვიღოთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო  ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 71. თავი კდ [24]

საქმეთათვის კეთილთა

ვილოცოთ, საყვარელნო , ღმრთისა მიმართ, რათა გულისჴმისყოფასა თანა სამღთოთა სიტყვათასა და სარწმუნოებასა თანა მართალსა, საქმენიცა კეთილნი გვაქუნდენ  და მოქალაქობა წმიდა და ბრწყინვალე. რამეთუ, უკეთუ საქმენი კეთილნი არა გვაქუნდენ, ამათგან სარგებელი არა გვაქუნდეს. დაღაცათუ სარწმუნოება გვაქუნდეს და ყოველთა  წერილთა გულისჴმისყოფაჲ და საქმეთაგან კეთილთა ოხერ ვიყვნეთ, არარაჲ არს დამაყენებელ მისლვად ჩვენდა ცეცხლსა მას გეენიასა, დაუშრეტელსა სახმილსა შინა გუჱმაჲ .

და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა ცხოვრებისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი აღდგომასა სასჯელისასა სატანჯველად დაუსრულებელად.

ამის ყოვლისათვის უკუჱ ვისწრაფოთ, რათა არა წარვსწყმიდოთ სარგებელი იგი, რომელი სარწმუნოებითა მართლითა მოგვეგოს; არამედ რათა საქმეთა მიერ კეთილთა ღირს ვიქმნეთ კადნიერებით ქრისტეს ხილვასა. რამეთუ არარაჲ არს მსგავს ამისი ნეტარებისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმხვევად საქმეთა მიერ კეთილთა; და დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 72

საქმეთათვის კეთილთა

ნუმცა უკუჱ ვჰგონებთ ჩვენ, საყვარელნო, თუ კმა გვეყოს სარწმუნოება ოდენ ცხოვრებად ჩვენდა. უკეთუ არა ვჰქმნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა და ჩვენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ იგი უბადრუკსა ზედა  მოიწია.

რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ ღმერთმან და მეუფემან არა უღირს იჩინოს უნდოთა ამათ და საწყალობელთა კაცთა სერობასა  თვისსა წოდებაჲ და ჩვენ ესრეთ უგულისჴმო ვიქმნეთ . რამეთუ ესოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთა და მოვიქცეთ უმჯობესისა მიმართ? ანუ  შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთაა ?

არათუ ამისთვის გვიწოდს ჩვენ მეუფე საშინელისა  მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რათა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდეთ, არამედ – რათა აღვიძარცვოთ  უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ იგი ჰშვენის  შემოსად  წოდებულთა მეუფისათა, ესე იგი არს საქმენი კეთილნი სიწმიდისანი.

ხოლო უკეთუ უღირსითა სამოსლითა მოვიდეთ  ქორწილსა მას, რომელ არიან არაწმიდანი საქმენი, გვესმას ჩვენცა, ვითარმედ: „მონაო ბოროტო, ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?”[მთ. 22,12] რომელ არიან საქმენი კეთილნი სიწმიდისანი. არამედ ნუმცა ვის ჩვენგანსა ზედა მოწევნულ არს ჴმა ესე .

რამეთუ, ამისთვის უწინარეს მოწევნისა, წერილ არს ესე ყოველი, რათა შევიკდიმოთ  და განვეკრძალნეთ, რათა არა შთავარდეთ საქმეთა მათ შინა ბოროტთა, არამედ საქმეთა მიერ კეთილთა და ბრწყინვალითა  სამოსლითა, მივიდეთ ქორწილსა მას საუკუნოსა სიხარულისასა, რომელსა ღირს­მცა ვართ ყოველნი მადლითა  უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 73

საქმეთათვის კეთილთა

საყვარელნო, ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა  და ვადიდებდეთ ძესა ღმრთისასა მხოლოდშობილსა; არა ოდენ  მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა. რამეთუ: „მართლმორწმუნოება ოდენ, თვინიერ საქმეთა კეთილთა, არარად  სარგებელ არს“[იაკ. 2,26]. რამეთუ: „უკეთუ შენ ჰურია გეწოდების  და განისვენებ სჯულსა ზედა, და იქადი ღმრთისა მიერ, აწ უკუჱ რომელი ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავებაა ? რომელი ეგე, სჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა სჯულისათა ღმერთსა შეურაცხ ჰყოფ“[რომ. 2,17-23].

აწ უკუჱ, ძმანო, ვიხილოთ ჩვენცა, ნუუკუჱ სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდეთ და არა ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა, რომელნი სარწმუნოებასა ამას ჩვენსა შეეტყვებოდენ  და ამისთვის განვარისხებდეთ ღმერთსა ჩვენ ზედა და ჩვენ მიერ იგმობოდეს სახელი მისი წმიდა.

რამეთუ  ჯერ არს, რათა ქრისტეანე მოძღვარი იყოს ყოვლისა სოფლისა და ნათელ და მარილ და საფუარ  კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყვის. ხოლო რაჲ არს ნათელ ყოფაჲ? ესე იგი არს ცხოვრება ბრწყინვალე და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იყოს  სიბნელე, რამეთუ ნათელი არა თავისა თვისისა სახმარ არს, არცა მარილი, არცა საფუარი, არამედ სხუათა მიერ გამოაჩინებენ სახმარობასა თვისსა. ეგრეთვე უკუჱ ჩვენცა , არა თავთა ჩვენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა. „რამეთუ მარილი უკეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ“[მთ. 5,13; მრკ. 9,50; ლკ.14,34].

და კვალად ესეცა გულისჴმა ვჰყოთ, ვითარმედ: უკეთუ ჩვენ წარვმართოთ კეთილი საქმე, მოსლვად არიან სხუანიცა ჩვენსა მას კეთილსა საქმესა ზედა. ხოლო  უკეთუ ჩვენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?

ნუმცა არს უკუჱ ჩვენ შორის, ჵ, ძმანო, დრკუ  რაჲმე და დახსნილობისა და სიცოფისა სახე, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი და ესევითარნი  არიან ზრუნვანი ამაოსა ამის ცხოვრებისანი. ამისთვის ეწოდა ქალწულთა მათ „ცოფ“, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ იყო შეკრებაჲ; და სადა სიმდიდრე კეთილ იყო, მუნ გლახაკ იყვნეს.

შიშ არს უკუჱ და ძრწოლა, ნუუკუჱ წარვიდეთ ჩვენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებულები სამოსლები.

არარაჲ  არს ცოდვისა უბილწეს და უსაძაგელეს. ამისთვისცა ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმანებდა წინასწარმეტყველი და იტყოდა: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი”(ფს. 37,5).

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვეყენნეთ ცოდვასა და ბოროტთა საქმეთა და მარადის ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთა , რომელნი ნათელ გვყოფენ ამას სოფელსა წინაშე კაცთა, ვითარცა იტყვის: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი”(მთ. 5,16). ხოლო მას საუკუნესა „ვითარცა მზე გამოვ­ბრწყინდეთ სასუფეველსა ღმრთისასა”[მთ. 13,43], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 74. თავი კე [25]

გლახაკთ მოყვარებისათვის

საყვარელნო ძმანო ჩემნო , შევიკდიმოთ სიყვარულისა მისგან ღმრთისა და დიდისა მის კაცთმოყვარებისა მისისა! რამეთუ მან სახიერმან მხოლოდშობილსა  ძესა თვისსა არა ჰრიდა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ საფასეთა ვშურობთ მისთვის და უფროსად თავთა ჩვენთათვის. არა ფრიადისა სასჯელისა ღირს ვართა?

რამეთუ უკეთუ კაცმან, ვინ ჩვენთვის შრომაჲ და ჭირი თავს იდვას, ჩვენცა გვიხმს მისთვის  თავსდებაჲ ჭირისა; და ყოველი ჩვენი მისა  მინიჭებად არა გვშურს. ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია , რომელნი ესე მტერ მისა  ვიყვენით და საუკუნოჲსა სატანჯველისაგან გვიხსნნა და ჩვენ აწ არცათუ უნდოსა სახმარსა მივსცემთ მას, ვინ მიხსნნეს ჩვენ საუკუნოსა  ცეცხლისაგან!

არა ჩვენ თვით დავსჯითა თავთა ჩვენთა? არა საუკუნოსა გეენიასა ნებსით მივეცემითა? რამეთუ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ  არა საფასენი, არამედ სულიცა ჩვენი თუ მიგვეცა, არამცა ღირსვე იყო ქველისმოქმედებისა  მისისა. არამედ არა გულისჴმა ვჰყოფთ ამას ყოველსა, გარნა ვართ უგულისხმო და უკეთურ.

რამეთუ  მონათა და ცხენთა ოქროჲთა შევამკობთ, ხოლო ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, არცათუ პურსა მივსცემთ  მრავალგზის; და შიშველი თუ იყოს, არა შევმოსთ და  უფროსად რისხვით განვსდევნით. და იგი სახიერი სიგლახაკესა თავს იდებს, რათამცა  ჩვენ მიზეზი ვეცით მრავლისა წყალობისა მისისა ჩვენზედა მოფენად. და შიშველი მიმოვალს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვსცეთ შემოსად ჩვენდა სამოსელი  უხრწნელებისა.

გარნა შენ, ჵ, კაცო, სამოსელნი შენნი, რომელნიმე  მღილთა მიერ შეჭმულ არიან, რომელნიმე ამაოდ  სხენან და რომლითამე შენ იმკობი, რათამცა  უბნისა კაცთა გიხილეს, და სულისა შენისა შემკობაჲ არა გნებავს. რასა ესრეთ მოსწრაფე ხარ შემკობად თავისა შენისა? რაჲ კეთილი არს მაგას შინა? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკობიან და უმეტესცა . არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოება არს, რომელი შვენიერ ჰყოფს სულსა.

ამას მარადის ვიტყვი და თქმად არა დავსცხრები, რამეთუ არა ესეზომ მიყვარან და მეწყალვიან მე გლახაკნი, რაზომ თქვენი სული . იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს, ანუ თვით მას მდიდარსა. ეგრეთვე  თქვენ უმეტესი გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა და მათვე სიტყვათა მდიდრისათა იტყოდეთ ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოვოთ წყალობაჲ.

არამედ ნუმცა ვის ასმია ჴმა იგი! გარნა შევიყვაროთ, ძმანო, გლახაკი, რომელ არს ქრისტე და ვაჩვენოთ წყალობაჲ, რათა წიაღთამცა აბრაჰამისთა მივიწივნეთ ყოველნი  მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 75

გლახაკთ მოყვარებისათვისვე

ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, საყვარელნო , რათა სრულ იყოს კაცი ღმრთისა ყოვლისა კეთილისა მიმართ, რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკეთუ ილოცვიდეს ფრიად, ხოლო  მოწყალება არა აქუნდეს; ანუ მოწყალება აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან იქმოდეს, ანუ მაჩვენებლობით კაცთათვის; ანუ კეთილად იქმოდეს მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს; ანუ მდაბალი  იყოს, გარნა ვეცხლისმოყვარება აქუნდეს. დედა იგი ყოველთა ბოროტთა ვეცხლისმოყვარება არს, რომელი მოაძულებს გლახაკთა.

ვივლტოდეთ უკუჱ, საყვარელნო, ბოროტისა მისგან ვეცხლისმო­ყვარებისა, რამეთუ ამან  სოფელი ყოველი დაუწყნარებელ ჰყო. ესე  მონებისაგან ქრისტესისა განგვაშორებს, რამეთუ: „შეუძლებელ არს მონება ღმრთისა და მამონასი“[მთ. 6,24; ლკ. 16,13].

რამეთუ ქრისტე გვამცნებს გლახაკთ მოყვარებასა და მოწყალებასა, ხოლო იგი – მტაცებლობასა და უწყალოებასა. ქრისტე  გვიბრძანებს, რათა შეუნდოთ  თანამდებთა ჩვენთა [მთ. 6,12], ხოლო იგი – რათა რომელთა არა ევნოს ჩვენდა, მათცა  ვავნებდეთ.

ქრისტე იტყვის, ვითარმედ: „მოწყალე იყავ”[ლკ. 6,36], ხოლო იგი იტყვის, ვითარმედ: „უწყალო იყავ და გულფიცხელ და ნურად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთანი, რათა დღესა მას სასჯელისასა უწყალო იყოს  უფალი ჩვენ ზედა.“

რამეთუ მაშინ ყოველი საქმე ჩვენი წინაშე თუალთა ჩვენთა წარმოგვიდგეს  და ჩვენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძვირხილულნი  და ყოველსა სიტყვასა ჩვენგან მიგვიღებდენ . რამეთუ, უკეთუ ლაზარეს არარაჲ ვნებოდა მდიდრისაგან, გარნა ოდენ მის მიერ მოწყალება არა მიეღო, და იყო იგი შემასმენელ მისა და პირის დამყოფელ. ხოლო რაჲმე ეყოს  მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ ?

უკეთუ რომელთა მშიარი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა  ბოროტსა შთაცვივნეს . ხოლო რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცონ , იგინი რაჲსა ღირს იქმნენ? ანუ რაჲ ნუგეშინისცემა ჰპოვონ?

ვივლტოდეთ უკუჱ, ძმანო, ამის ბოროტისაგან. მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი ანგაჰარნი. არა საფასენი მათნი აწ სხუათა  ჰქონანა? ხოლო იგინი ცეცხლსა შინა იგვემებიან. ვითარ უკუჱ არა სიცოფე არს ესევითარი უბადრუკებაჲ, რომელ სიცოცხლესა, შრომასა  და ბოროტსა შინა ვიყვნეთ და წარრავიდეთ ამიერ  საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ.

გევედრები, საყვარელნო, შევიყვაროთ გლახაკი და ვსწყალობდეთ მათ, რომელი ქრისტესდა მიიწევის. რამეთუ იტყვის: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ”[მთ. 25,40]. რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ  სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ. რამეთუ ვითარცა ცოდვა, პირველ გეენიისაცა აქავე ჰსტანჯავს, მხილებითა მით გონებისათა, მოქმედთა მისთა; ეგრეთვე, სათნოება პირველ სასუფეველისაცა  აქავე მოქმედთა  მისთა სასოებითა კეთილითა ახარებს.

ვიღვაწოთ, ძმანო, რათა ჩვენცა ესევითარი  მოქალაქობა გვაქვნდეს, რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 76

გლახაკთ მოყვარებისათვისვე

ჵ, საყვარელო, მითხარღა:  ერთსა დღესა უმჯობეს არსა გვირგვინოსნობაჲ, ანუ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა? ამისთვის გეტყვი, ძმაო: მოიძულე საფასე და შეიყვარე გლახაკი. მიეც გლახაკსა და ნუ მისცემ მომღერალსა და მროკველსა , რათა  არა საფასესა თანა შენსა სულიცა შენი წარსწყმიდო და მათიცა. რამეთუ შენ ხარ წარწყმედისა მათისა მიზეზი, რომელი ეგე ბოროტთა მათთვის  პატივ სცემ. რამეთუ უკეთუმცა იცოდეს მგოსანთა და მომღერალთა, ვითარმედ: უსარგებლო არს ჴელოვნება მათი, ადრემცა დაცხრომილ იყვნეს საქმეთა მათგან . ხოლო ოდეს გხედვიდენ, ვითარმედ: გიყვარს საქმე იგი და მისცემ მათ­თვის ფრიად, დაღაცათუ არა უნდეს, გულისთქმაჲ საფასეთა აქმნევს.

განვეშორნეთ უკუჱ უსარგებლოჲსა მის წარსაგებელისაგან. ვსცნათ და გულისჴმა ვჰყოთ, თუ სადა ჯერ არს წარგებაჲ, რათა არა ორკერძოვე ღმერთი განვარისხოთ: რაჟამს, სადაჲთ არა ჯერ იყოს, შევკრებდეთ და სადა არა ჯერ იყოს, განვაბნევდეთ.

რამეთუ, ვითარ არა უსჯულოებაჲ  არს, ჵ, კაცო, რაჟამს  გლახაკსა თანაწარხდე  და მეძავსა მისცე. დაღაცათუ სიმართლით მოგეგოს საფასე ეგე , ბოროტვე არს  საქმე ესე. სასყიდლად ბოროტისა მისცემაა? რომლისათვის ტანჯვაჲ ჯერ იყო, მისთვის პატივ სცემ. ხოლო ოდეს ობოლთა განსძარცვიდე და ქვრივთა მძლავრობდე და გლახაკთა მიხვეჭდე და სასყიდლად ცოდვისა  მისცემდე, გულისჴმა ჰყავ, თუ ვითარ სახედ ცეცხლსა მოაწევ შენ  ზედა.

რამეთუ, უკეთუ აქებ მომღერალსა და სათნო გიჩნს საქმე მისი, უვარეს მისსა ხარ. რამეთუ, მას დაღაცათუ არარაჲ  აქვს სიტყვაჲ, გარნა სიგლახაკე მიზეზად აქუს . ხოლო შენ რომელი მიზეზი სთქუა, გარნა წარწყმედა სულისა. რაჲ სთქუა სამსჯავროსა მას ზედა დიდსა, სადა იგი გულისსიტყვათა  თვისცა სიტყვის მიცემაჲ  თანაგედვას? რომლითა თუალითა იხილი მართლმსაჯული იგი, რაჲ მიზეზი სთქუა? გარნა  სატანჯველი საუკუნო დაუსრულებელი.

ნუმცა არს ესევითარი რაჲმე ერსა ამას ზედა! არამედ ჩვენ ვისწრაფოთ, საყვარელნო, სიმართლით მოგებაჲ და ჯეროვნად წარგებაჲ, გლახაკთა სიყვარული და მათდა მიმართ წყალობაჲ, რათა გლახაკთა წყალობითა დავშრიტოთ  ცეცხლი იგი უწყალოთათვის განმზადებული და ღირს ვიქმნეთ მოწყალებისა გვირგვინითა სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად ყოველნი  მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 77. თავი კვ [26]

ღმრთისა სათნოყოფისათვის

საყვარელნო, ამისთვის დაგუბადნა ჩვენ ღმერთმან და მოგვიყვანა სოფელსა ამას და შთაგუბერნა სული, რათა მარადის ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ და საუკუნოსა მისთვის ცხოვრებისა სურვიელ ვიყვნეთ და არათუ საწუთოსა ამისთვის ვიყოფოდეთ. რამეთუ  ამის საწუთოსათვის პირუტყვნი ოდენ არიან, ხოლო ჩვენ ამისთვის გვაქუს  სული უკუდავი, რათა საუკუნოსა მისთვის ვზრუნვიდეთ და მუნ გამოვბრწყინდეთ და ანგელოსთა თანა ვიყოფოდეთ და წინაშე მეუფისა ყოველთასა ვსდგეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა. ამისთვის მოგვეცა სული უკუდავი და ჴორცნი მოგვეცნენ მაშინ უკუდავნი.

ხოლო უკეთუ ჩვენ ზეცისა შეურაცხ ვჰყოთ და ქვეყანისასა ვზრუნვიდეთ და ღმრთისა სათნოყოფასა არა ვისწრაფდეთ, იხილეთ ვითარ შეურაცხ ვჰყოფთ მომცემელსა მას. რამეთუ, რაჟამს ღმერთი ზეცისასა  მოგვიპყრობდეს, ხოლო  ჩვენ არარად შეგვერაცხოს იგი, არა მისი შეურაცხება არსა? ამისთვის გეენიაცა განმზადა შეურაცხისმყოფელთა მისთათვის, რათა ვსცნათ, თუ, ვითართა კეთილთაგან გამოვახვებთ თავთა ჩვენთა. არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა ხილვად გემოჲ  მწარეთა მათ სატანჯველთა.

ამისთვის გევედრები, ძმანო, მარადის სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა და პირველითგანვე ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი ცათა და საუკუნენი კეთილნი დავიმკვიდრნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 78

ღმრთისა სათნოყოფისათვისვე

საყვარელნო, სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა, და გვირგვინოსან ვჰყოთ სული ჩვენი შიშითა ღმრთისათა და მოწყალებითა, სიწმიდითა და სიმართლითა, რამეთუ ესევითარნი სათნოებანი შვენიერ ჰყოფენ და შეამკობენ სულსა და სათნო არს წინაშე ღმრთისა .

ხოლო ნუმცა შევამკობთ, ძმანო, ჴორცთა ჩვენთა ოქროჲთა და სამკაულითა წარმავალითა, რამეთუ ამას სამკაულსა სიგრძე ჟამისა განხრწნის  და სხუანი მრავალნი მიზეზნი წარსწყმედენ. ხოლო სულისა იგი სამკაული შორს არს ამის ყოვლისაგან, და ჴორცთა სამკაული სხუათა შურსა  და ხდომასა შთაუთესავს . ხოლო სულისა სამკაული ამის ყოვლისაგან წმიდა არს, რაჟამს ოქროჲ არა გუამთა ზედა ჩვენთა და თითთა მდებარე იყოს, არამედ გლახაკთადა მიცემულ. რამეთუ რაჲ არს სარგებელი ოქროქსოვილითა სამოსლითა შემოსისა , ვინათგან: „ყოველივე ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი ველისა “[1 პეტ. 1,24].

ამას ყოველსა ვიტყვი, რათამცა გასწავე სათნოყოფა ღმრთისა და შემოსად ბრწყინვალე იგი სამკაული სულისა, რომელი  გვასწავა დიდმან მოციქულმან პავლე: „არა ოქროჲ ანუ ვეცხლი, არამედ საქმენი ღმრთის მსახურებისანი”[1 ტიმ. 2,9-10], რომელნი იგი უკუნისამდე ჰგიან და მომგებელთა მათთა გვირგვინითა ბრწყინვალითა შემოსილ ჰყოფენ.

ხოლო, უკეთუ კულა კაცთამიერსა დიდებასა ეძიებ, ეგრეთცა ღმრთისა სათნოყოფა მოიგე, და კაცთაცა შორის ბრძენთა დიდებულ იყო და პატიოსან, ხოლო  ჴორციელისა სამკაულისათვის არავინ გაქებს. დაღაცათუ გაქონ უგუნურთა და სოფლის მოყვარეთა, და  უფროსად იგინიცა არა გაქებენ, არამედ გებრძვიან და გეშურებიან .

ხოლო ღმრთისა სათნოყოფისათვის კეთილნიცა და ბოროტნიცა გაქებენ და ფრიადი მიიღო ქებაჲ  და ღმრთისაგან – სასყიდელი და ანგელოსთა შორის – დიდებაჲ დღესა მას სასჯელისასა, ოდეს მუნ იყვნენ ყოველნი დაბადებულნი, და წინაშე ანგელოსთა და კაცთა ცხად იყოს ქება და დიდება შენი .

ესრეთ სათნოყოფა ღმრთისა მოვიგოთ, ძმანო , და ესევითარი ბრწყინვალე სამკაული სულისა შევიმოსოთ , რათა აქაცა კეთილად ვიყოფოდეთ და მუნ საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით  წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 79

ღმრთისა სათნოყოფისათვისვე

ვისწრაფოთ, საყვარელნო, ღმრთისა სათნოყოფაჲ , რათა ესრეთ შეუძლოთ წმიდა ყოფად ცხოვრებისა ჩვენისა, რამეთუ სულიერნი საქმენი მსგავს არიან მარგარიტისა და სადაჲთცა  მოაქციო, შვენიერ და საყვარელ არს. რამეთუ, უკეთუ ვინ ჰქმნას მოწყალებაჲ, ანუ სიწმიდე, ანუ სიმართლე, ანუ ლოცვაჲ და სხუა სათნოებაჲ, არათუ ოდენ საუკუნოსა სასოებითა იხარებს, არამედ აქაცა მხიარულ არს .

და უკეთუ ვინ სძლოს გულისთქმასა ბოროტსა, ანუ გულისწყრომასა, ანუ რისხვასა, ანუ შურსა, პირველ სასუფეველისა აქავე ნაყოფი აქუს . რამეთუ, რომელი  იქების და იდიდების ყოველთა მიერ, და უფროსად თვისისა სვინიდისისაგან, რომელ არს გონება შინაგანი, და ყოველი სათნოება ეგრეთ არს.

ხოლო ბოროტნი საქმენი, პირველ ჯოჯოხეთისა, აქავე საძაგელ და საჭირველ არიან, და დასასჯელ გონებისა მიერ. რამეთუ, რომელი ცოდვასა შინა იყოს, უკეთუ საუკუნო იგი მოიგონოს, ძრწის და საწყალობელ არნ . უკეთუ საწუთოსა მიხედნეს, მრავალ არიან მტერნი მისნი და სიმწარით სცხოვრებს. და ესრეთ გონება ჩვენი გვამხილებენ, კაცნი გვაყვედრებენ, ღმერთი განრისხებულ არს ჩვენ ზედა, გეენია მიგველინ. რამეთუ ბოროტი და მძიმე ტვირთი არს ცოდვაჲ და უმძიმეს ბრპენისა  და რომელსა იგი აქუნდეს, მარადის ქვე დადრეკილ არნ .

არამედ ჩვენ უკეთუ გვიცოდავს, დავსთხივნეთ ცრემლნი, ვიგლოვოთ ჯეროვნად, აღვიძარცვნეთ ცოდვანი, ვითარცა ზაქე, მივაგოთ ოთხწილად, რომელთაგან მოვიანგარეთ. უკეთუ  პირველად ჴელნი ჩვენნი არა დავაყენნეთ ანგაჰარებისაგან, ყოველივე ამაო არს: რამეთუ დაღაცათუ მივსცეთ მოწყალებაჲ, ანუ სხუა რაჲმე კეთილი ვქმნეთ და კვალად ანგაჰარებასა შინა ვიყვნეთ, კვალად შევიგინებით მის მიერ და უძვირეს პირველისა ვიქმნებით.

დავსცხრეთ უკუჱ, ძმანო, ანგაჰარებისაგან და ტაცებისა და ესრეთ ვჰქმნეთ მოწყალებაჲ, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. და უკეთუ  ვინ დაეცემოდის სიმაღლისა დიდისაგან, და ერთსა ზეით ემჭიროს, და მეორე ქვეით ზიდვიდეს , არარაჲ სხუაჲ იქმნების გარნა განკვეთაჲ კაცისა მის. ხოლო რათა არა ჩვენზედაცა ესევითარი  მოიწიოს და სიმძიმისაგან ანგაჰარებისა დაგვიტეოს მოწყალებამან.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ განშორება ბოროტთაგან, და რათა  კეთილთა საქმეთა მიერ სრულ ვიქ­მნეთ და ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ; და სათნომყოფელნი მისნი მივემთხვივნეთ  საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა  მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 80. თავი კზ [27]

სიმართლისათვის

საყვარელნო, ქადაგება იგი წმიდისა სახარებისა  არა მაშინდელთა კაცთა  მიმართ ოდენ თქმულ არს, არამედ ჩვენდა მომართცა, რათა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათვის ვისწრაფდეთ. გინათუ გლახაკი ვინ იყოს, გინა მდიდარი , არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ წერილ არს: „არა  შეიწყალო გლახაკი სასჯელსა შინა”. ხოლო რაჲ არს სიტყვა ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძოსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლოჲ.

აწ უკუჱ , უკეთუ გლახაკისა წყალობისათვის სიმართლისა გარდაქცევა არა ჯერ არს, არა უფროსად მდიდართათვის არა ჯერ არსაა? ხოლო ამას ვიტყვი, არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რათა არა ოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოვლადვე კეთილად დავიმარხოთ იგი, რამეთუ უფალსა უყვარს სამართალი, ხოლო „რომელსა უყვარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი“(ფს. 10,5).

აწ უკუჱ, ძმანო, ნუმცა  მოვიძულებთ სულთა ჩვენთა, ნუმცა შევიყვარებთ სიცრუვესა, რამეთუ არარაჲ  არს სარგებელი სიცრუისა. რამეთუ დაღაცათუ იყოს ჴორცთა რაჲმე სარგებელი, მცირე არს და არარაჲ, და უკანასკნელ ბოროტად წარვსწყმდეთ და უფროსად აქაცა არარაჲ ვირგოთ სიცრუვისაგან . რამეთუ, რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშვებდეთ, არა სასჯელ არსაა და სატანჯველ საქმე ესე?

შევიყვაროთ უკუჱ, საყვარელნო, სიმართლე  და ნუმცა სადა შეურაცხ ვჰყოფთ ამას სჯულსა, რამეთუ რაჲ შევიძინოთ ამის ცხოვრებისაგან, უკეთუ სათნოება არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოჲსა მის? ანუ მუნ რაჲ გვერგოს მეგობართაგან და ნათესავთა  და მომადლება ვისიმე სიცრუვესა ზედა. და რად ამას ვიტყვი, არამედ გინათუ ნოე, ანუ იობ, ანუ დანიილ იყვნენ მამად  ჩვენდა, არარაჲვე გვერგების, უკეთუ საქმენი  ჩვენნი ბოროტ იყვნენ.

გარნა ერთი  ოდენ საქმე სახმარ არს ჩვენდა: „სათნოება სულისა სიმართლით ქმნილი.“ ესე  შემძლებელ არს ხსნად ჩვენდა და განრინებად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან. ესევე მიმიყვანებს ჩვენ  სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა  მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 81

სიმართლისათვისვე

საყვარელნო ძმანო ჩემნო , ვიქმნეთ ჩვენცა წმიდა, ვისწრაფოთ  ქმნაჲ კეთილისა. ხოლო რაჲ არს კეთილი? ჰსჯაჲ ობლისა და განმართლება ქვრივისა. რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყვა ესე ობოლთა და ქვრივთა, არამედ  ჩვენ არა დიდად გვაქვს იგი , რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო , და უკეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო”[ეს. 1,18].

ამისთვის უკუჱ ვისწრაფოთ ჴელის აპყრობად  ობოლთა და ქვრივთა, რამეთუ არა მცირე ძალი აქუს  ცრემლთა ქვრივისა, ობლისა და გლახაკისათა . არამედ შემძლებელ არიან ცათა განხმად და ჯოჯოხეთისა ცეცხლთა დაშრეტად. ამისთვის უკუჱ ნუმცა ბოროტსა უყოფთ მათ და ნუმცა უსავმართლოებთ, არამედ ვსწყალობდეთ და ჴელსა აღუპყრობდეთ და ესე არს სამართალ, რათა ფრიადი  ვჰპოვოთ ჩვენცა წყალობაჲ ამასცა საწუთოსა და მერმესაცა საუკუნოსა .

რამეთუ მრავალთა ცოდვათა ვჰპოვოთ ამის საქმისა მიერ შენდობაჲ, და კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა, და ღირს ვიქმნნეთ ყოველთა მართალთა თანა სასუფეველსა ცათასა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 82

კვალად სიმართლისათვისვე

საყვარელნო, ქრისტემან ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, თქვენ ვერ ძალგიძსთ მოსლვად ”(იო. 7,34). ხოლო მეშინის ნუუკუჱ ჩვენდა მომართცა ითქუას ესე ცხოვრებისა ამის ჩვენისთვის, სავსისა ცოდვითა და სიცრუვითა . რამეთუ, ვინათგან არა გვაქვს ჩვენ სიმართლე, ვერ მივიდეთ სადა იგი არს, რამეთუ  მოწაფეთათვის იტყვის, ვითარმედ: „მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ”(იო. 17,24). ხოლო მეშინის ჩვენთვის, თუ  წინააღმდგომი ითქუას. ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა  მე ვიყო, თქვენ ვერ ძალგიძსთ  მოსლვად”.

რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად , რამეთუ ამასცა სოფელსა მხედარი, რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა.

ხოლო ქრისტე გვამცნებს სიმართლესა და ჩვენ ცრუ ვიყვნეთ და მტყუარ; ქრისტე გვამცნებს მოწყალებასა და ჩვენ მტაცებელ ვიყვნეთ და ანგაჰარ; ქრისტე გვიბრძანებს სიყვარულსა და ჩვენ მოძულე ვიყვნეთ და უწყალო; – ვითარ შეუძლოთ მუნ მისთანა შესლვად . და იხილენით  ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელეწიფა შესლვად, სადა იგი სიძე იყო, რომელთა დაეხშა კარი წყალობისა .

არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ჴმისა მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქვენ”(მთ. 25,12). ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისა მის, თუ: „არა გიცნი თქვენ”? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რა გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არარაჲ გვეხილვა. და რაჟამს ჩვენ არა გვეწყალოდეს გლახაკი და მშიარი , რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვითარ შეგვიწყალნეს ჩვენ, რაჟამს წყალობა გვიხმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ ჰყოს ჭირვეული და არა მისცეს თვისისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არა თვისი იგი?

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა ყოვლით კერძო ვიქმოდეთ სიმართლესა და სიმართლისა მიერ მონაგებისა  მოწყალებასა, რათა არა მოგვაკლდეს ჩვენ ზეთი იგი, არამედ შევამკოთ ლამპარი ჩვენი ბრწყინვალედ, და შევიდეთ  სიძესა მას თანა, უკუდავსა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე , მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.

 

სწავლა 83. თავი კჱ [28]

კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

საყვარელნო , ნუმცა უკუჱ ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების , რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: „თქვენ ქრისტესნი ხართ”(გალ. 3,29).

გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა  ამის სიმაღლე, რამეთუ, უკეთუ ვისმე  მეფისად, ანუ ერისთავისად ეწოდებოდეს, დიდად აქუს პატივად, რომელ მისდა ეწოდების. მაშა ჩვენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოსისა, არცა  მთავარანგელოსისა, ანუ ხერუვიმისა, არამედ თავადისა – ყოველთა მეუფისა ღმრთისა, არა დავსდვათა სული ჩვენი სიკუდილად, რათა არა შეურაცხად გამოსჩნდეს ჩვენი ესე სახელი?!

არა ჰხედავთაა  მხედართა მათ გარემოს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს ? ხოლო ჩვენ ღირს ქმნულ ვართ მახლობელ ღმრთისა ყოფად, არა ვითარცა იგინი მეფისა , არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავისა, და არა ყოვლით კერძო ჯერ არსაა მოსწრაფება, რათა მსგავს ქრისტესსა ვიქმნეთ?

ხოლო უკეთუ ქრისტეს ბაძვაჲ  გვნებავს, ისმინეთ, რაჲსა იტყვის იგი, ვითარმედ: „მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა – სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს”(მთ. 8,20; ლკ.9,58). რამეთუ ჯერ  იყო ჩვენდაცა ესრეთ ყოფაჲ. არამედ რათა ესე დაუტეოთ  თქვენისა უძლურებისათვის, და ვითხოვო თქვენგან მსუბუქი საქმე, რათა არა ესრეთ ფრიად მოყვარე იყვნეთ საფასეთა მაგათ. და, ვითარცა უძლურებისა  თქვენისათვის, სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქვენგან, ეგრეთვე თქვენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა. და ნუ მონა მონაგებთა თქვენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იყვენით. რამეთუ სახმარ ამისთვის ეწოდების საფასეთა, რათა ვიხმარებდეთ და არა ვმარხვიდეთ. რამეთუ  დამარხვა მონისა  არს, ხოლო ხმარებაჲ უფლისა.

არათუ ამისთვის მოგვეცნეს საფასენი, რათა დავფლათ ქვეყანასა შინა, არამედ, რათა განუყოთ, რომელთა უხმდეს . და უკეთუმცა  უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსა, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქვეყანისათა.

ხოლო მოგვცა იგი, რათა ურთიერთას მივსცემდეთ. უკეთუ კულა ვმარხვიდეთ ოქროსა , არღარა უფალ მისსა ვართ, არამედ მონაჲ. და უკეთუ ამისთვის ჰმარხავ, რათა განმრავლდეს, იხილე, რამეთუ ვაჭარნიცა განაბნევენ ოქროსა, რათა უმეტესი შემოიკრიბონ; და ნავად შევლენ და შორთა ქვეყანათა წარვლენ, რათა განაბნიონ ოქროჲ მათი და უმეტესი შეიძინონ. და მუშაკნიცა  განაბნევენ იფქლსა  მიწასა შინა, რათა მრავლად  მოიღონ, და ჰშვრებიან მას ზედა მრავალჟამ.

ხოლო შენდა, ძმაო, არცა  ნავი სახმარ არს, რათა უცხოთა ქვეყანათა წარხვიდე, არცა შეუღლება ჴართა , მოხვნად ქვეყანისა, არცა ზრუნვად წვიმისათვის, ანუ შიში სეტყვისა, გინა აღძვრისა  ზღვისა, ანუ შიში კლდეთაგან ზღვისათა, არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უხმს: „რათა განაბნიო საფასე შენი ჴელთა შინა გლახაკთასა“ და სხუა  ყოველივე მან მუშაკმან ჰქმნას, რომლისათვის იტყვის ქრისტე, ვითარმედ: „მამა ჩემი მუშაკი არს”[იო. 5,17; 14,10; 15,1].

ვითარ უკუჱ არა ბოროტ არს, უკეთუ – სადა ესრეთ უშრომელად მოგვეცემის ყოველივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა იგი ფრიადი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, და უცნაურ არს, თუ  ჰქმნას  თუ არა, და მუნ ყოველსა მოსწრაფებასა ვაჩვენებთ .

ნუ, გევედრები, საყვარელნო, ნუ  ვართ ესრეთ უდებ ჩვენისა ცხოვრებისათვის. არამედ სადა ესე შრომა არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რათა საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით  წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 84

კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

ისმინეთ, საყვარელნო, მაცხოვრისა, ვითარმედ: „არავის  ძალუძს მსახურებად Iღმრთისა  და IIმამონასა, არამედ ერთისა უხმს შეყვარებაჲ და მეორისა მოძულებაჲ ”[მთ. 6,24; ლკ. 16,13]. და რომელნიცა მძლე ექმნნენ ვეცხლისმოყვარებასა, მათცა შეიყვარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ არს; ხოლო რომელნი იძლივნეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს. და რამეთუ ვეცხლისმოყვარებისა მიერ ძლეული ადრე იძლევის  ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღმრთისათა, ვინათგან მონა არს ყოვლისა ბოროტის მოყვარისა.

არამედ განიფრთხვეთ  და აღსდეგით და გულისჴმა ჰყავთ, თუ ვისი სახელი წოდებულ არს ჩვენ ზედა და ვისი ვართ მონაჲ ? და მისი ოდენ მეუფება ვადიდოთ. ვსტიროდეთ და ვიგლოვდეთ პირველთა მათ  ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონასა, განვაგდოთ ჩვენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტვირთოთ ტკბილი იგი და მსუბუქი უღელი ქრისტესი.

რამეთუ ქრისტე  არარას გვიბრძანებს ესევითარსა, ვითარ იგი მამონაჲ. რამეთუ იგი გვეტყვის, რათა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო ქრისტე  უფროსად გვამცნებს სიყვარულსა. იგი თიხასა შინა და მწვირესა დაგუფლავს, რამეთუ ოქრო და ვეცხლი თიხა  არს და მწვირე. ხოლო ქრისტე აღგვამაღლებს ნივთთაგან ქვეყანისათა და  გვიბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთვის ზეცათასა. იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხოვრებასა ჩვენსა და მუნ თანამდებ გვყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა. ხოლო ქრისტე  სასმელისათვისცა ერთისა გრილისა წყლისა მოგუცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროსად მრავალწილად.

ვითარ უკუჱ არა სირცხვილ არს ესევითარისა სახიერისა და ტკბილისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურისა მძლავრისა მონებაჲ ?! რომელი იგი არცა აქა რას მოგვცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უმეტესად  ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთს მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქროჲ შეიყვარეს და გლახაკნი არა შეიწყნარეს.

რომელი იგი რათა ჩვენ  ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ, ძმანო, საფასე და  მივსცეთ გლახაკთა და განვათავისუფლნეთ სულნი ჩვენნი აქაცა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან. და დავიუნჯნეთ ზეცისა კეთილთა სიმრავლე: ოქროჲსა წილ – ბრწყინვალენი გვირგვინნი, საფასეთა წილ – საუნჯენი ცათა შინა მოუკლებელნი .

რათა წარმოსდგენ მოწყალებანი ჩვენნი წინაშე საყდრისა და მოწყალე ჰყონ ჩვენ ზედა მსაჯული და ჴელი აღგვიპყრან და აღვფრინდეთ ფრთითა უბრწყინვალეს ოქროჲსათა. და ესრეთ სავანეთა მათ სასუფეველისათა განვისვენოთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 85

კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

ჵ , კაცო ამაოო, წარმავალთათვის  გსურის და წარუვალთა არა ეძიება? და შენ, უკეთუ ვინ იხილო, ვითარმედ: დრაჰკანსა ოქროსასა დააგდებდეს და ტყვივისასა აღირჩევდეს, ფრიად აბრალებ მისსა უმეცრებასა. ხოლო შენ ამისსაცა უუნდოესსა შეჰკრებ და გგონიეს, ვითარმედ სიმდიდრე გაქვს. არამედ მე მდიდრად მას ვიტყვი: „რომელსა სოფლისა საქმენი შეურაცხ ექმნენ.“ რამეთუ  არავინ შეურაცხ ჰყოფს უნდოთა მათ საქმეთა, უკეთუ სურვილი უზესთაესისა მის არა აქუნდეს, ვითარცა ტყვიასა  არა ვინ უგულებელს ჰყოფს, უკეთუ არა იცნას ოქროჲ.

და შენცა, უკეთუ იხილო კაცი, რომელი ყოველსა სოფელსა თანა წარვლიდეს, სცან, ვითარმედ: საუკუნოსა მის სურვილი დამკვიდრებულ არს მისთანა. ეგრეთვე მუშაკი მცირესა იფქლსა შეურაცხ ჰყოფს, რაჟამს უმეტესსა მოელოდეს ნაყოფსა. და უკეთუ სადა ესე უცნაურ  არს, თუ მოვიღოთ ნაყოფი, ანუ არა, და ესრეთ შეურაცხ ვჰყოფთ მონაგებსა ჩვენსა, არა უფროსად, სადა იგი მტკიცე არს და უეჭველი მოღება ნაყოფისა, დავთესოთა თესლი მოწყალებისა?!

ამისთვის გევედრები, ძმანო, ნუმცა  დავიმჭირვებთ კეთილთა მათ ზეცისათა. მოვიხსენოთ სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა , ვითარმედ: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღიხოცენ ”[დან.4,27], არამედ ნუ ესრეთო, რათამცა: „დღეს ჰქმნეო და ხუალე დასცხრე.“ რამეთუ ვითარცა ჴორცთა ამათ მარადღე საზრდელი უხმს, ეგრეთვე არს სულიცა. რამეთუ უფროსად სულსა  ეხმარების და უკეთუ არა მივსცეთ – მოუძლურდების.

და ნუმცა უკუჱ შეურაცხ ვჰყოფთ, რამეთუ ჭირსა შინა მოიშთობის  მარადღე, და მრავალნი  წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქმათაგან, გულისწყრომისაგან, ძვირისზრახვისა, უდებებისა, ძვირისხსენებისა და შურისა. ჯერ არს უკუჱ, რათა წამალნიცა დავასხნეთ მას  ზედა. ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისა, ყოველთათვის წყლულებათა, რამეთუ იტყვის: „მიეცით  მოწყალება და ყოველივე თქვენი წმიდა იყოს ”[ლკ. 11,41].

მოწყალება დასდევით თქვენ  ზედა, საყვარელნო, და ნუ ანგაჰარებასა დასდებთ. ხოლო მოწყალება  ჯერ არს, რათა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკეთუ არა, მოწყალება ანგაჰარებისაგან  ქმნილი, არად სარგებელ  არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა და შვენიერ ჰყოფს და განაპოხებს.

ვიცხოთ უკუჱ, ძმანო, ესე  ზეთი ჴელთა ჩვენთა, რათა კეთილად შეუძლოთ ეშმაკისა წინააღდგომად, რამეთუ ყოველივე ვნება დაიხსნების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარადღე უძლურთა თანა იქცეოდეს, დამდაბლდების, უკეთუ გულისჴმა ჰყოფდეს ბუნებასა  მას კაცობრივსა. ეგრეთვე ჩვენ, უკეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდეთ და ვსწყალობდეთ  მარადის, ფრიადი სიბრძნე მოვიგოთ ამის საქმისაგან, და ყოველი სოფელი შეურაცხ ვჰყოთ, და ავმაღლდეთ ზეცად და მუნ ანგელოსთა თანა ვიშვებდეთ და ყოველთა მეუფესა ვადიდებდეთ საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამასა და სულით  წმიდითურთ  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 86. თავი კთ [29]

სასუფეველის დიდებისათვის

საყვარელნო , ამისთვის მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა საუკუნო იგი დიდება მისი ვიხილოთ, რომლისათვისცა იტყვის , ვითარმედ: „მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ  და ჰხედვიდენ  დიდებასა ჩემსა”[იო. 17,24]. რამეთუ, უკეთუ აქა დიდება მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რომელ მთასა თაბორსა მოციქულთა თუალთშედგმად ვერ იკადრეს, რაჲ ვინ სთქუას მერმისა მისთვის დიდებისა , რომელი გამოჩინებად არს ესოდენითა  ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყვით ვერვინ გამოაცხადებს.

ჵ, სანატრელნი სამგზის და მრავალგზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს  დიდებისა მისისა ხილვად. ამისთვის  იტყვის წინასწარმეტყველი, ვითარმედ: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს მან დიდება იგი ღმრთისა”[ეს. 26,10]. არამედ ჩვენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს . ჵ, უფალო, უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან.

რამეთუ უკეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩვენთვისცა თქმად, ვითარმედ: „უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით“[მთ. 26,24]. და რაჲსათვის  ცხოველ ვართ, ანუ რაჲსათვის ვიქცევით, უკეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩვენსა ვერ ვიხილავთ.

რამეთუ, უკეთუ რომელნი ამის მზის ნათელსა ვერ ხედვენ, მწარესა ცხოვრებასა შინა არიან, რაჲ  ყოფად არს მათდა , რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი ნათელი ამის მზისა უბრწყინვალეს არს ბნელისა შეუმსგავსებელად . და კვალად ესეცა არს, რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენა კბილთა.

ნუმცა უკუჱ შთავცვივით მწარითა მით სულმოკლებითა საუკუნოსა მას სატანჯველსა. არამედ განვიფრთხოთ და ვიღვაწოთ, რათა განსვენებასა მას მივემთხვივნეთ, და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი ჰსდიოდის, საშინელითა ოხრვითა, წინაშე საყდრისა მის დიდებისა. რამეთუ რომელი მუნ შთავარდეს ერთგზის, ვერღარავინ იხსნის მიერ, ვერცა მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმაჲ, ვითარცა წინასწარმეტყველნი  ღაღადებენ, რამეთუ დავით იტყვის: „ძმამან ვერ იხსნას, კაცმან იხსნასაა ?”[ფს. 48,7] ხოლო ეზეკიელ ამისსა უმეტესიცა სთქუა, ვითარმედ: „დასდგენ ნოე და იობ და დანიილ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იხსნენ”[ეზეკ. 14,14-18], რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნა არს ჩვენი (საქმეთა ჩვენთა მიერ კეთილთა) და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუა არარაჲ ეპოების  მას.

ამას უკუჱ ვიხსენებდეთ მარადის, საყვარელნო, და  განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი, რათა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნო იგი დიდება დავიმკვიდროთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება  თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 87

სასუფეველის დიდებისათვისვე

საყვარელნო, უფალი დიდებისა იტყვის: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა, დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (იო. 17,5). ესევითარი უკუჱ დიდებაჲ ჩვენცა ვჰპოვოთ, ძმანო, საზომისაებრ  ჩვენისა, უკეთუ ვიღვაწოთ. ამისთვისცა მოციქული იტყვის: „უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ”(რომ. 8,17).

ხოლო ჩვენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინა გვიძს ესოდენი დიდებაჲ და ჩვენ უდებებისათვის ჩვენისა  დავიჭირვებთ ამას ყოველი , რამეთუ დაღაცათუმცა არა იყო გეენიაჲ, საწყალობელვე  ვართ, რომელთა ესე გვაქვს ჴელმწიფება, რათა უკეთუ გვენებოს, ვსუფევდეთ ძისა თანა ღმრთისასა და ჩვენ დაკლებულ ვყვნეთ თავნი ჩვენნი მის ყოვლისაგან. რამეთუ, დაღაცათუმცა ჯერ იყო ასოეულად  დაჭრაჲ და ბევრეულითამცა სიკუდილითა სიკუდილი და ბევრეულთა სულთა მიცემაჲ, და ესეზომთავე ჴორცთა, მის დიდებისათვის არარაჲვე იყო.

ხოლო აწ ჩვენ  საფასეთაცა არა შეურაცხ ვჰყოფთ მის დიდებისათვის , რომელთაგან შემდგომად მცირედისა უნებლიეთცა განშორებად ვართ. არა უგულებელს ვჰყოფთ საფასეთა, რომელნი იგი ბევრეულთა ბოროტთა შინა შთამთხევენ ჩვენ და რომელნი აქავე დარჩებიან  და არა ჩვენნი არიან.

ხოლო ვინათგან არა მის დიდებისა ოდენ დაჭირვება წინამდებარე არს, არამედ გეენიაცა და „მატლი დაუსრულებელი, ცეცხლი დაუშრეტელი, ღრჭენა  კბილთა“[მრკ.9,46; მთ. 8,12] და ყოველი სატანჯველი, ვითარმე  თავს ვიდვათ იგი ყოველი.

ვიდრემდის არა აღვიხილავთ თუალთა ჩვენთა, არამედ მარადღე შფოთთა შინა ვართ და მხილებათა და სიტყვათა ამაოთა. მიწასა ვზრდით, რამეთუ ჴორცნი ესე ჩვენნი მიწანი არიან, რომელთა ვაპოხებთ და სული უდებ გვიყოფიეს და ჭეშმარიტსა დიდებასა არა ვეძიებთ. ხოლო ურგებთა დიდებათათვის ვზრუნავთ , და ბრწყინვალებსა საყოფლებსა  აღვაშენებთ და მოვიგებთ ტაძართა მრავალფასისათა და სიმრავლესა მონათასა, და მნეთა დავადგინებთ და ყოველთა  ზედა მთავართა და მთავრის მთავართა, ხოლო სული ჩვენი ოხრად სდგას, და ყოვლადვე არა ვზრუნავთ მისთვის , რაჲმე  ყოფად არს ამის ყოვლისა დასასრული? არა ერთსა მუცელსა აღვავსებთაა , ერთსა გუამსა შევმოსთაა? რაჲ არს ესეოდენი ესე ამბოხებაჲ, რად აღვაოხრებთ ერთსა მას სულსა, რომელნი ხდომილ არს ჩვენდა და შევაგინებთ მას და ბოროტსა მონებასა შინა ჴორცთასა შთავაგდებთ ?

რამეთუ რომელი მრავალსა ეძიებდეს, მრავალთა მონა არს , და  ანგელოსნი ამისთვის სანატრელ არიან, რომელ არარაჲ ეხმარებიან ესევითარნი ზრუნვანი. და ჩვენცა რაოდენ ნაკლულევანებით ვიყვნეთ, ანგელოსთა ცხოვრებასა მივეახლებით . არა ამისთვის ვნატრითაა ადამს, რამეთუ არარაჲ ეხმარებოდა სამოთხესა რა იყო, არცა სახლი, არცა სამოსელი, არცა სხუა რაჲ ამის სოფლისაგანი? ხოლო ჩვენ რაჲსათვის აღვაორძინებთ  ანგაჰარებასა და დავაკლდებით ზეცისა დიდებისა აზნაურებასა?

განვიფრთხოთ უკუჱ, საყვარელნო, და განვაგდოთ მონაგებთა ჩვენთა მონებაჲ, რათა მოვიგოთ ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ, და ღირს ვიქმნეთ ზეცისა დაუსრულებელსა დიდებასა დამკვიდრებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 88

სასუფეველის დიდებისათვისვე

ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად. და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ .

ხოლო  ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომელი „თუალმან  არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა”(1 კორ. 2,9), რომელი  იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, შევიტკბოთ სათნოება და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვსჩნდეთ, რათა ზეცისა იგი დიდება დავიმკვიდროთ .

ნუ დიდებისა ამის წარმავალისა მოყვარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისჴმა ვჰყოთ, რომელთა აქა მონაგებთა თვისთა მონებაჲ მოუგიესთ  და მუნ სიგლახაკე ბოროტი, და ბნელსა შინა გარესკნელსა ყოფაჲ .

ნუ ვჰხედავთ  მათ, რომელნი შვებასა შინა არიან და განცხრომასა და გულისთქმათა ბოროტთა აღასრულებენ , არამედ იგი მოვიხსენოთ, თუ რაჲ არს აღსასრული მათი. აქა სიზრქე ჴორცთა და სიმყრალე და მას საუკუნესა ცეცხლი და მატლი დაუსრულებელი  და სხუანი იგი სატანჯველნი.

კვალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისჴმა ვჰყოთ: აქა ზრუნვანი და შიშნი და ურვანი და მუნ საკრველნი განუხსნელნი.

უკეთუ ამას ესევითარსა ვიხსენებდეთ და წინა აღუდგებოდეთ ბოროტთა მათ გულისთქმათა ჩვენთა, ადრე მძლე ვექმნეთ მათ მადლითა ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი საუკუნოჲსა  მის დიდებისა.

ჰე, გევედრები, საყვარელნო, დიდებისა მის სურვილი  მოვიგოთ, რამეთუ ხსენებაცა მისი მებრ სახარულევან არს. ხოლო მიმთხვევაჲ მის დიდებისა რომელმანმე  ენამან გამოთქუას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაზომ ტკბილ არს და საწადელ.

განვეყენნეთ აქა, ძმანო, ცუდისა დიდებისაგან და ნუ ვიჯმნით ქრისტესმიერისა სიგლახაკისა , რათა სასუფეველისა დიდება დავიმკვიდროთ, რომელსა  ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ .

 

სწავლა 89. თავი ლ [30]

ქრისტეანეთათვის ჭეშმარიტისა

ქრისტეანესა უხმს, საყვარელნო, რათა იყოს ნათელი სოფლისა და მარილ, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „თქვენ ხართ ნათელნი და მარილნი სოფლისანი”[მთ. 5,13-14]. ქრისტეანე იცნობების საქმეთაგან კეთილთა, რათა აღიძარცვოს ძველი იგი კაცი ცოდვისა და შეიმოსოს ახალი მადლი და მოიგოს ცხოვრება განათლებული და სხუათაცა ანათლებდეს, ვითარცა ნათელი .

ხოლო უკეთუ კულა ვერცა თავსა თვისსა უნათობდე, ჵ, ქრისტეანეო, ვინა გიცნა, თუ ქრისტეანე ხარ ჭეშმარიტი? ვინაჲ გულისჴმა ვჰყო, თუ განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოსასა? რამეთუ უკეთუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდე, სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი, რამეთუ სიმაღლე პატივისა მაგის შენისა ფრიად არს .

ქრისტეანესა უხმს, რათა ყოვლით კერძო საიდუმლოდ ღმრთისა იყოს და სარგებელ ეყოს ყოველთა საქმით, სიტყვით, ხედვით, სლვით და ყოვლითავე სახითა .

ხოლო ესე ვსთქუ, არათუ რათამცა მაჩვენებლობით რასმე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა , არამედ რათა ყოველი ცხოვრება ჩვენი სახილველად ღმრთისა და სათნოყოფად მისა შევმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვეყოფოდეთ და ვანათლებდეთ, ვითარცა ნათელი. არა თავთა თვისთა ოდენ არს ნათელი, არამედ ყოველთა მიმართ.

ქრისტეანისა ჯერ არს, რათა ჰბაძვიდეს ქრისტესა, ვითარცა იგი არა თავსა თვისსა სათნო ეყო, არამედ ყოველთა. და პავლეცა არა თავისა თვისისათვის ოდენ ზრუნვიდა, არამედ „ყოველთა ექმნა ყოვლად, რათა ყოველნი აცხოვნნეს“[1 კორ. 9,22] და იტყვის: „მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი”(1 კორ. 11,1).

და უფროსღა მაშინ ზრუნავს კაცი თავისა თვისისასა , ოდეს მოყვასთათვის ზრუნვიდეს, რამეთუ: „მოყვსისა ყოველივე ჩვენი არს“ და თანა­გვაძს „შეყვარებად მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“[მთ. 22,39; მრკ. 12,31].

ამისთვის გევედრები, საყვარელნო, თავთა თვისთა განვანათლებდეთ საქმეთა მიერ კეთილთა და სხუათაცა სარგებელ ვეყოფოდეთ, რათა მივემთხვივნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 90

ქრისტეანეთა ქცევისათვის

გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, ვაჩვენოთ  მოქალაქობა კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რათა უფროსად იდიდოს  ღმერთი ჩვენ მიერ, რამეთუ ესრეთ ჰშვენის ქრისტეანეთა; და სათნო ვეყოფოდეთ ქრისტესა , რამეთუ სათნოება მარადის უბრწყინვალეს მზისა არს.

მოვიგოთ უკუჱ, ძმანო, სათნოება . ვიქმნეთ მშვიდ და მდაბალ სულითა, ვიქმნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშვიდობისმყოფელ ყოველთა მიმართ. უკეთუ ესრეთ ვიყვნეთ, უმეტესღა  სასწაულთა საქმისა მრავალნი მოვიდენ ჩვენ  მიერ დიდებად ღმრთისა.

დაღაცათუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებელ ჩვენდა იქმნან , ვერარაჲ გვავნონ, არამედ უფროსად იგინიცა გულთა შინა მათსა მაქებელ ჩვენდა იქმნენ ჭეშმარიტებისათვის. იხილეთ , ვითარ ნაბუქოდონოსორ , მტერი იგი და მბრძოლი, სამთა ყრმათა მაქებელ და მადიდებელ მათდა იქმნა, იხილნა რა იგინი ახოვნად სიყვარულსა შინა ღმრთისასა .

გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, მტკიცე იყავნ და აღუხოცელ გულთაგან ჩვენთა სამღთონი წერილნი. მივემსგავსნეთ მცირეთა ყრმათა, ვითარცა მათ  პირველ იწყიან ანბანი, მერმე აღმოკითხვაჲ ასოეულად და შემდგომად  წარემართნიან კეთილად კითხვასა, და ესრეთ იწყიან სწავლად სიბრძნისა და მცირედ მცირედ იქმნიან ჶილოსოჶოს.

ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ, ძმანო, განვჰყვნეთ სათნოებანი: პირველად უკუჱ ვისწავოთ  არა ტყუილი , არა ფიცი, არა ძვირის ხსენება .

მერმე კვალად სხვასა მუხლსა ჴელ ვჰყოთ წურთად , აღმოვფხვრნეთ გულისსიტყვანი და გულის­თქმანი ბოროტნი. აღმოვფხვრათ  შური, ჴდომა , დიდების მოყვარება; მოვიძულოთ ნაყროვანებაჲ, მთვრალობაჲ და უდებებაჲ, რათა ამიერ კვალად სიმაღლეთა მიმართ საქმეთასა  სწავლად აღვიდეთ მარხვისა და სიწმიდისა, სიმართლისა და სიმდაბლისა.

მერმე შეუძლოთ ლმობიერად  ლოცვაჲ, მდინარენი ცრემლთანი, „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება“[გალ. 5,22].

მერმე შეუძლოთ მადლითა და შეწევნითა უფლისათა ჯვარცმად ჴორცთა ჩვენთა, ვნებითურთ და გულისთქმით და ცხოველ ვიყვნეთ სულითა და სულითაცა ვეგნეთ.

და ესრეთ ვიქმნნეთ იფქლ წმიდა შესაკრებელ  საუნჯეთა მათ ზეცისათა და მოქალაქე ზეცისა იერუსალიმისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი ქრისტეანენი მიმთხვევად  მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 91

კვალად ქრისტეანეთათვისვე

საყვარელნო, ქრისტეანესა ჰშვენის, რათა იყოს მარადის აღმასრულებელ მცნებათა ქრისტესთა, აქუნდეს გულისჴმისყოფა და წურთა სამღთოთა წერილთა, ხსენება სიკუდილისა და სასჯელისა, მოწყალება, სახიერება, სიწმიდე  და ხსენება ქრისტეს ვნებათა.

უკეთუ ესენი მოვიგნეთ, და ამათ მიერ წმიდა იქმნას სული და ღირს შეწყნარებად უდიდესსა საიდუმლოსა, რომლისა ძლით შემძლებელ არს კაცი ყოველთაგან ვნებათა განთავისუფლებად.

ხოლო რაჲ არს საიდუმლო იგი, რომლისათვის  უხმს პირველვე განმზადებაჲ და განწმედაჲ სულისა, რათა შეუძლოს მოღებად მისსა? ესე იგი არს ყოვლად პატიოსანი და უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტესი. უკეთუ ჰპოვოს მან სული კეთილად განმზადებული და ღირსებით შეწ­ყნარებად მისა , ყოველი ვნება იოტოს მისგან, ყოველი სიმყრალე განასუნნელოს, ყოველი ბნელი  მისი განანათლოს, და მერმე  ცხოვრებდეს სული იგი ცხოვრებითა მით სამღთოჲთა და იქმნას სამკვიდრებელ ქრისტესა და უფროსღა ქრისტეშემოსილ.

აწ უკუჱ, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი და მოსწრაფე ვიყვნეთ აღსრულებად ქრისტეს მცნებათა და ზიარ ყოვლადდიდებულთა საიდუმლოთა მისთა, საგზლად ცხოვრებისა მის საუკუნოსა და განმზადებულ თანაწარუვალისა სიკუდილისათვის, რათა მივემსგავსნეთ ქრისტესა. და ესრეთ ჭეშმარიტ ქრისტეანე ვიქმნეთ, „მისთანა ვივნოთ და მისთანაცა ვიდიდნეთ“(რომ. 8,17) დიდებასა მას ზეცისასა, „რომლისა მსგავსი თუალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა“[1 კორ. 2,9], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 92. თავი ლა [31]

ქრისტეანეთა მიცვალებისათვის

საყვარელნო, ქრისტეანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მიუწოდენ მონასა მას ღმრთისასა.

ჵ, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, ვითარ  საშინელი და შესაძრწუნებელი და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა სამღთოჲსა.ვითარ განვალს სული ჴორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანმე და მივალს მეუფისა თვისისა.

ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაცა კაცისა შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა , რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან; განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან, განვალს დილეგისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან და მივალს განსვენებად.

რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს  რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ჴორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავნ; და ვითარცა მეფე  შარავანდითა  შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს  სული განმავალი ჴორცთაგან და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკუჱ ესევითარსა საქმესა სამღთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის  ქველისსაქმესა და სამღთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა.

ესე არს წესი ქრისტეანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 93

მიცვალებულთა  პატივისათვის

საყვარელო, უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივისცემაჲ, აღასრულენ მისთვის ვედრებანი და ლოცვანი. მიეც გლახაკთა და ჭირვეულთა, დაასხი  წყალი მოწყალებისა ცეცხლსა გეენიისასა , შემოჰკრიბენ გლახაკნი, არქუ სახელი მის მიცვალებულისა, აღადგინენ მრავალნი მეხვაიშნენი , და ისმენს უფალი მათსა ვედრებასა .

და ესეცა მისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისა საქმე არს, რომელ  ლოცვითა და ვედრებითა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთათა ულხენს შესვენებულთა მათ, რათა უმეტესი პატივი ჰპოვონ ცხოვრებასა მას .

ნუ იტყვი, თუ: „გლახაკი ვარ და არა მაქვს საფასე.“ მრავალგზის მითქვამს, ვითარმედ მოწყალებასა არა საზომისა მისებრ მიცვალებულისა შერაცხავს  ღმერთი, არამედ ძალისაებრ და გონებისა მიმცემელისა. ძალისაებრ შენისა ჰქმენ, ძმანო, მოწყალებაჲ , მოუწოდე მღუდელთა, რათა აღასრულონ მისთვის უსისხლო იგი მსხვერპლი.

არათუ ცუდად აღესრულების წმიდა ჟამისწირვაჲ შესვენებულთათვის, ანუ ვედრებანი და მოწყალებანი მათთვის ქმნილნი, არამედ ესე ყოველი სულმან წმიდამან განაწესა, რათა ურთიერთას სარგებელ ვეყოფოდეთ. მიცვალებულსა შენ  მიერ სარგებელ ეყოფის და შენ მის მიერ, რომელ წესსა და მცნებასა სიყვარულისასა აღასრულებ.

ამისთვის ღაღადებს  დიაკონი და იტყვის: „ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და რომელნი ხსენებასა მათსა აღასულებენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.“ არა დიაკონი ღაღადებს ამას, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისა.

წინამდებარე არს მსხვერპლი იგი დიდებული. მუნ მდგომარე არიან ანგელოსნი და მთავარანგელოსნი, წინაშე ძისა ღმრთისა ძრწოლით ჰმსახურებენ. და მაშინ ღაღადებს დიაკონი ამას ვედრებასა, და ყოველივე ჭეშმარიტ არს და სარწმუნო, რამეთუ დიდი პატივი არს ესე მსხვერპლი ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და ჰპოვებენ ლხინებასა.

აწ უკუჱ, საყვარელნო, სარწმუნოებით აღვასრულებდეთ ხსენებასა შესვენებულთათვის, და ამით სახითა ნუგეშინის ვსცემდეთ მიცვალებულთა მათ ჩვენთა. უწესოთა გლოვათა და უსარგებლოთა ცრემლთა და სამარეთა შემკობისა წილ, აღვასრულებდეთ მათთვის სამღთოსა წირვასა, ლოცვასა  და მოწყალებასა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა მიმართ, რათა იგინიცა და ჩვენ ყოველნი ღირს ვიქმნეთ საუკუნესა ცხოვრებასა მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 94

რათა არა უზომოდ ვიგლოვდეთ მიცვალებულთათვის

გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო ძმანო, რამეთუ  ჩვენთა ცოდვათა თანა ესეცა ბოროტი არს უზომოჲ იგი გლოვაჲ მიცვალებულთა ზედა . რამეთუ რომელნიმე ჰგოდებენ ჴმითა და დაიბძარვენ პირსა და იფხვრიან თმათა, და შეეყენებიან სახლსა ბნელსა, რომელნიმე გოდებისათვის და რომელნიმე  მაჩვენებლობისათვის.

რაჲსა იქმ, ჵ, კაცო მორწმუნეო, საქმესა ურწმუნოთასა? რამეთუ მწყობრთა შემოჰკრებ და განწესებულად იქმ ტირილსა და დედათა ჴმითა და კილოჲთა მტირალთა მოიყვანებ. არა სიცოფე არსა ესე ყოველი? ანუ არა გვეცინოდიანაა წარმართნი და ყოველი  საიდუმლო ქრისტეანობისა ზღაპრად შეჰრაცხონ?!

ხოლო უფალი იტყვის, ვითარმედ: „ნეტარ  იყვნენ მგლოვარენიო”(მთ. 5,4). და მას გლოვასა არავინ იგლოვს თვისისა სულისა ცხოვნებისათვის, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩვენდა, მას ვიგლოვთ.

არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ: „ვის ძალუძს კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა  თვისისათვის, ანუ სხვისა რაჲსამე ესევითარისა.“ გარნა არათუ მეცა ამას ვის ვაყენებ , ანუ თუ ვიტყვი, ვითარმედ: არა ჯერ არს, რათა ელმოდეს, არამედ უშვერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მხეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ; ვიცი, რამეთუ ბუნება იიძულების და არა ეგების არა შეწუხებაჲ, რამეთუ ესე ქრისტემან აჩვენა, ჰსცრემლეოდა რა ლაზარეს ზედა.

და შენცა უკუჱ, საყვარელო, სცრემლეოდე  შიშითა ღმრთისათა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკეთუ ესრეთ სცრემლეოდე, არა უწესოებისა  სახე არს ესე და არცა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისა იგლოვ, არამედ ვერ იტვირთავ განყოფასა მას საყვარელისა შენისასა, რამეთუ, რაჟამს  გზასაცა წარვიდიან თვისნი ჩვენნი, მწუხარე ვიყვნით.

ეგრეთვე შენ სცრემლეოდე, ძმაო, ვითარმცა  შორსა გზასა წარგზავნიდე. და ამასცა არათუ სჯულსა დაგიდებ, არამედ შეგინდობ და ვიტყვი, ვითარმედ: არა ბრალი არს, თუ  იქმოდე  ამას საქმესა ესრეთ წესიერად.

არამედ, უკეთუ ცოდვილი იყო, რომელი აღესრულა , მისთვის ჯერ არს წუხილი და ტირილი, – და უფროსად არა ტირილი ოდენ, რამეთუ ესე არას ერგების მას, არამედ რათა ვიქმოდეთ მისთვის მოწყალებასა და შესაწირავთა, და ჟამის წირვათა. და რათა ვჰმადლობდეთ ღმერთსა , რომელმანცა იცოდა, ვითარმედ არა მოვალს იგი სინანულად და მისთვის ადრე წარიყვანა, რათა არღარა ჰსცოდვიდეს.

და უკეთუ მართალი იყო , ეგრეთცა ჯერ არს სიხარული, რამეთუ განერა საბრხეთაგან სოფლისათა და შევიდა ნავთსაყუდელსა დაუნთქმელად.

და უკეთუ ჭაბუკი იყოს, ესრეთ  ვიხარებდეთ, რამეთუ ადრე განეშორა  ბოროტთაგან სოფლისათა.

და უკეთუ მოხუცებული იყოს, რამეთუ მოსცა ღმერთმან ჟამი ფრიად კეთილისყოფად და ესრეთ წარიყვანა.

ხოლო შენ ამას ყოველსა არა იგონებ, არამედ მტირალთა შემოჰკრებ, ვითარმცა მიცვალებულსა მას პატივ სცემდი, რომელ ესე უკანასკნელი  უპატიოება არს. რამეთუ შესვენებულისა პატივი არა ცრემლნი არიან და მტირალთა ჴმანი, არამედ გალობანი და ლოცვანი და ფსალმუნებანი. და უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივისცემაჲ, სხვითა სახითა პატივ-ეც: მოწყალება ჰქმენ, მშიართა პური ეც, შიშველთა – სამოსელი და ყოველი სახე მოწყალებისა ჰყავ მისთვის, თუ  არა , ესოდენისა გოდებისა მიერ, რაჲ სარგებელი იქმნების?

ვიდრემდის ვართ მიწა და ნაცარ, ვიდრემდის ვართ სისხლ და ჴორც, აღვიხილნეთ ზეცად, გულისჴმა ვჰყოთ საქმე სულიერი. ვითარ ნუგეშინის ვსცეთ წარმართთა? ვითარ ვეტყოდეთ აღდგომისათვის მკუდართასა? რაჟამს ჩვენ ესრეთ  ვიყვნეთ, ანუ ჩვენ თვით ვითარ ვიყოფოდეთ? რამეთუ უზომოჲ მწუხარება დააბნელებს თუალთა სულისათა და არარას უმჯობესსა შეუნდობს ხილვად და ღმერთსა შევაწუხებთ უთმინოებითა, და  მიცვალებულსა მას ვერას ვარგებთ და თავთა ჩვენთა დიდად ვავნებთ.

ხოლო ესრეთ თუ ვიქმოდეთ, ვითარ ვსთქუთ, ღმერთსაცა მოვიმადლებთ და მიცვალებულსა მას ზედა სიყვარულისა წესსა აღვასრულებთ და ჩვენთაცა თავთა ვარგებთ.

და უკეთუ ვინ იტყოდეს: „ვითარ არა შევსწუხნეო შვილისა, ანუ მამისათვის?“ არამედ არა ვიტყვი მე, ვითარმედ: ნუ შესწუხდები, არამედ ნუ უზომოდ ჰგოდებ, და უშვერად იგლოვ. რამეთუ უკეთუ გულისჴმა ვჰყოთ, ვითარმედ: ღმერთმან მიგვიღო და ვითარმედ მოკუდავ იყო მამაცა და ძეცა  ჩვენი, ესრეთ ვჰპოვოთ განსვენებაჲ. რამეთუ კაცი იშვა მოკუდავი, და მოკუდავი იგი მოკუდა. რად უკუჱ მწუხარე ხარ ბუნებითისა საქმისათვის?

ნუუკუჱ მწუხარე ხარაა, რომელ სჭამს შვილი შენი? რომელი იგი ბუნებითი საქმე არს, ეგრეთვე უკუჱ არს სიკუდილიცა .

ნუ ეძიებ უკუდავებასა მოკუდავისა მის თანა, ნუცა ჰგოდებ, არამედ თავს იდევ სჯული ბუნებასა ზედა კაცობრივსა დადებული და ჰგოდებდე ცოდვისათვის.

ესე გლოვა კეთილ არს, ესე სახე არს სიბრძნისა ფრიადისა. ესე გლოვაჲ მოვიგოთ, საყვარელნო, რათა მუნ სიხარული საუკუნო ვჰპოვოთ , მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითუ უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 95. თავი ლბ [32]

შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, არს უკანასკნელად აღმოვფშვინვადმდე მოწყალებაჲ ღმრთისა სათნომყოფელი , და შემდგომად სიკუდილისაცა. გარნა არა ეგრეთ, ვითარცა ცხოველყოფასა , არამედ უკეთუ ჭეშმარიტად ჰქმნე რომლითამე სახითა, მუნვე აღუწერიეს ქრისტესა.

მიეც მას ნაწილი მონაგებთაგან შენთა. უკეთუ არა გამოზარდე ცოცხალმან მშიარი, მაშა განსლვასა შენსა ჰყავ ესე. ოდეს არღარა უფალ საქონლისა შენისა ხარ, სთქუ და მიეც ქრისტესა ნაწილი რაჲმე მაშინ და დაჰხსენ  ვნებაჲ უწყალოებისა შენისა და მით მიემთხვიო წყალობასა.

ვინათგან არა გამოზარდე ქრისტე ცოცხალ  მყოფმან, აწ მიეც იგი ნებსით, რომელი მას მოუცემიეს შენდა, რომელი არღარა არს შენი. რამეთუ მრავალნი კაცნი მეყსა შინა მოსწყდეს, ხოლო შენ მოგანიჭა ღმერთ­მან განგება მონაგებისა შენისა. უკეთუ არა ჰქმენ ცხოვრებასა შენსა სარგებელი სულისა შენისათვის, აწ ჰყავ კეთილი ჟამსა სიკუდილისა შენისასა.

უკეთუ არცაღა  აწ ჰყო, ვინ იყოს შემწე შენდა წინამოსაჯულისა შენისა? რამეთუ ოდეს იყავ ცხოველ, ვითარცა უკუდავსა გეპყრნეს მონაგებნი შენნი, ხოლო აწ განაგდე ბოროტი ჩვეულება, რამეთუ მოკუდავ ხარ.

კვალად მნებავს თქმად, უკეთუ ისმინო შენ ეგრეთ შეპყრობილმან ძრწოლითა, ვითარმედ: აღრაცხე მონათა შენთა თანა  მეუფეცა შენი. რაოდენი აწ გნებავს მიცემა მონათა, მიეც ქრისტესაცა, რათა შიმშილისაგან და წყურვილისა და შიშვლოებისა და საპყრობილისა განთავისუფლდე, ვინათგან არა ჰქმენ სიცოცხლესა.

არა შეიკდემაა აქა აწ თქმულთაგან? ხოლო აჰა, ესერა განხვიდე და ფრიად უძვირესი ამისა ისმინო მუნ და მიიღო მოუთმენელი სატანჯველი. რამეთუ გეგულების თქმად, ვითარმედ: „ვისა მიმართ მივივლტოდეო და ვისამე ვხადოდე შემწედ ჩემდა? აბრაჰამსა? არა ისმინოს. ანუ მამასა, გინა პაპასა? არამედ ესენი უკუჱ ვერ შემძლებელ არიან ხსნად ჩემდაო.“

გარნა უკეთუ აქამომდე იყავ ფიცხელ და უწყალო, ხოლო აწ იქმენ ლმობიერ და მოწყალე გლახაკთა მიმართ, და იგინი ევედრნენ შენთვის და მიემთხვიო ცხოვრებასა საუკუნესა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 96

შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, მოწყალება ჩვენი, ოდეს მოვჰკუდეთ, მაშინ გამოჩნდების და წარმოდგების  ბრწყინვალედ და  ჴელთაგან წარწყმედისათა  გვიხსნის და საუკუნესა მას ცხოვრებასა შეგვიყვანებს და აღგვიშენებს სავანეთა მათ და საყოფელთა საუკუნეთა ცათა შინა. ლამპართა  ჩვენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსელთა ხენეშთა  შეგვინდობს შემოსად და შესლვად სასძლოსა მას, არამედ განგუბანს და უფროს თოვლისა განგვასპეტაკებს . არა შეგვინდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყვათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩვენ წიაღთა აბრაჰამისთა.

აწ უკუჱ, საყვარელნო, ვისწრაფოთ მოწყალებაჲ, ვიდრე სიკუდილადმდე, რამეთუ  უმჯობეს არს ამის წარმართებაჲ, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქვეყანისათა. და ასწავებს მოყვარეთა თვისთა, თუ ვითარ განერნენ უკუდავისა მისგან სიკუდილისა და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა ჰყოფს სულსა ყოვლისა შეგინებისაგან .

და რად სახმარ არს თვითოეულად წარმოთქმაჲ საქმეთა მოწყალებისათა? არამედ ერთიღა მიგითხრა და კმა არს: მოწყალება გასწავებს , თუ  ვითარ იქმნა მსგავს ღმრთისა, რომელ ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთა.

არა უხმს მოწყალებასა  შრომაჲ, არცა სიგრძე ჟამისა, არცა სხუა რაჲმე სიძნელე. არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების კეთილად, და თუ დაჰბერდე ეგრეთვე. და განრახვიდე სოფლით , თანამოგზაურ გექმნების, და არაოდეს დაგიტევებს და  შეგიყვანებს წინაშე საყდარსა ქრისტესსა და თანაშეგეწევის და განგამართლებს. დაღაცათუ ფრიად შეცოდებული იყო, მოწყალება შენი ღირს გყოფს წყალობასა  და გვირგვინოსნობასა.

და უკანასკნელსა მას დღესა, სიხარულით აღგადგინებს და მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა დაგადგინებს, და წინაშე მსაჯულისა შენთვის მეოხი არს დიდი. და მოწყალებისა მიერ ისმენ ჴმასა მას სანატრელსა მეუფისასა, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი და წყურიელსა მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, და საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა”[მთ. 25,34-36].

ესე ყოველი მოწყალებისა მიერ იქმნებიან, ძმანო. შევიტკბოთ მოწყალება და ვიქმოდეთ მარადის ცხოვრებასა შინა ჩვენსა, და შემდგომად სიკუდილისაცა იქმნებოდეს ჩვენთვის ქველისსაქმეჲ, რომელი ესე ფრიად კეთილ არს, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 97

შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, მივემსგავსნეთ  მენელსაცხებლეთა დედათა და ნუ დაუტეობთ იესოს ჟამსა განსაცდელისა. და შემდგომად სიკუდილისაცა, მათ სული  თვისი დასდვეს ქრისტესთვის, და შემდგომად აღსრულებისაცა ჰმსახურებდეს  მას. ხოლო  ჩვენ, არცათუ მშიარი, რა ვიხილოთ უფალი, მიუპყრობთ საზრდელსა. და რაჲმე იყოს შემწე ჩვენდა, ჟამსა მებრ სიკუდილისასა და შემდგომად სიკუდილისა, ვინათგან არა გვაქვს წყალობაჲ?

ვიცი , იტყვის კაცად კაცადი ჩვენ შორის, ვითარმედ: „უკეთუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემიო ?“ და არა იციან, ვითარმედ: აწცა მას თავადსა ვხედავთ, რამეთუ მან სთქუა, ვითარმედ: „მე ვარ“(იო. 10,9; 11,25), და „რაოდენი უყოთ  ერთსა ამას მცირეთაგანსა, ძმათა ჩემთასა, იგი მე  მიყავთო”[მთ. 25,40]. აწ უკუჱ რად არა მისცემთ მონაგებთა თქვენთა?

უკეთუ შეიწყალო გლახაკი, ჵ, კაცო , და კეთილი უყო, არარაჲთა უდარეს ხარ მენელსაცხებლეთა მათ, რომელნი ჰმსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათდა.

ამისთვის, ძმაო, იხილო რა გლახაკი, მოიხსენენ სიტყვანი უფლისანი, რომელ სთქუა, ვითარმედ: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“ და შემდგომი ამისი. და მოსწრაფებით ჰქმენ ქველისსაქმე. ხოლო უკეთუ არა გრწამს აწ ჩემი, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი  არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“[მთ. 25,45].

გარნა ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგვეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩვენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა მწოდებელსა ჩვენდა სასუფეველად.

ჰე, გევედრები საყვარელნო, შევიტკბოთ  მოწყალებაჲ, რათა ჩვენცა მივემთხვივნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახვეჭისაგან და ნატაცებისა  ვიქმთ, რამეთუ იტყვის წინასწარმეტყველი: „ვითარცა ვინ მოკლას  ძე წინაშე თუალთა მამისა თვისისათა, ეგრეთვე, რომელმან შეწიროს შესაწირავი საფასეთაგან გლახაკთასა”.

ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27], რათა სიმართლით მონაგებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა მარადის. და შემდგომად სიკუდილისაცა იყვნენ მრავალნი გლახაკნი მლოცველ ჩვენთვის.

და ესრეთ, მოწყალებისა მიერ განბრწყინვებულნი, წარვსდგეთ კადნიერებით წინაშე საშინელსა მას საყდარსა ქრისტესსა და მართალთა თანა გვესმას ტკბილი იგი და ყოვლადსაწადელი ჴმაჲ კურთხევისა და გვირგვინითა შემკობილნი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

სწავლა 98. თავი ლგ [33]

მეორედ მოსლვისათვის და სასჯელისა

საყვარელნო , ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდეს დიდებითა მამისათა, ურიცხვთა ზეცისა მხედრობათა თანა – ანგელოსთა და მთავარ­ანგელოსთა, ხერუვიმთა და სერაჶიმთა და სხუათა მათ დასთა თანა, ცანი განეხვნენ და „დასჯდეს საყდართა  დიდებისათა და ყოველი ბუნება კაცთა წარმოსდგეს  წინაშე მისსა“[მთ. 19,28].

ვინმცა უძლო მითხრობად, ანუ გონებითაცა მიწდომად მაშინდელსა დიდებასა  და ბრწყინვალებასა მისსა? რამეთუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოსნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა და რომელთამე  ეტყოდეს: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო”(მთ. 25,34), და სხუათა ჰრქუას: „ეჰა, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ , მრავალსა ზედა დაგადგინო შენ”(მთ. 25,21; 25,23).

და კვალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს „ცეცხლად საუკუნოდ“[მთ. 25,41], და რომელსამე უწოდდეს: „მონად ბოროტად, უკეთურად და მედგრად“[მთ. 25,26]. სხუათა ნაწილსა : „ორგან განკვეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს“[მთ. 24,51; ლკ. 12,46]. სხუათა კვალად უბრძანებდეს: „შეკრვად ჴელით და ფერჴით, და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა“[მთ. 22,13]. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდეს  ჟამისა მისგან?

„მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე”(მთ. 13,43) და ფრიად უბრწყინვალეს  მზისა! არამედ არარაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალეს მზისა. ამისთვის მას მოვიღებთ სახედ მაშინდელისა მის მართალთა ბრწყინვალებისა.

რამეთუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ სთქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე”(მთ. 17,2). ამისთვის ესრეთ სთქუა, რამეთუ: არარაჲ  იპოვა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალეს მზისა, რათამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკეთუ არა ესე ცხად არს, თუ რაზომ უმეტეს იყო ბრწყინვალება იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ აჰა, ესერა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა. რამეთუ მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალება იგი ნათლისა მზისასა , რომელ ყოვლადვე ვერ იტვირთეს მოწაფეთა, არამედ დაცვივნეს  პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკუჱ გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსლვისასა უმეტეს  მზისა.

ხოლო, ვაჲ ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე და შიში და ძრწოლა შეედვას მათ, რაჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდინ. მაშინ რად სახმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაჲ? რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან.

ყოველივე შიშველ და ქედდადრეკილ იყოს წინაშე მისსა. არა არს მუნ მდიდარი და გლახაკი და უძლური , არამედ  ესე წესნი და სახენი დაიხსნებიან , და გამოძიება საქმეთა თუალუხუავი იხილვების და მოქმედნი უსჯულოებისანი სირცხვილეულნი გამოსჩნდებიან.

ამისთვის, საყვარელნო, გევედრები: აღვიძარცვნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა, რათა დიდება უფლისა გამობრწყინდეს ჩვენ ზედა. ჴელ ვჰყოთ  მცნებათა უფლისათა აღსრულებად, რამეთუ არარაჲ შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველივე მცნება მისი ადვილ  და შესაძლებელ არიან.

ისმინე , რაჲსა იტყვის: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა”(მთ. 25,35-36). არცა ერთი არს ამათგანი შეუძლებელ, უკეთუ ოდენ ვინებოთ .

აწ უკუჱ გევედრები, ძმანო, მოვიწყვიდნეთ ბოროტნი ჩვეულებანი, განვდევნოთ  ანგაჰარებანი, განვჰხსნათ  ყოველი  კრულება სიცრუვისა, განვხეთქოთ გულარძნილებაჲ ყოვლისავე ცოდვისა, განუტევნეთ პყრობილნი მიტევებითა და ყოველი ჴელით წერილი სიცრუვისა განვხეთქოთ. ვსცეთ მშიარსა პური და გლახაკნი უსართულონი  შევიყვანნეთ სახლად ჩვენდა. ვიხილოთ თუ შიშველი, შევმოსოთ იგი, და თვისი ნათესავისა ჩვენისა არა უგულებელს ვჰყოთ. ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ წმიდისა ნათლისღებისა ძმანი ჩვენნი.

მოვიგოთ სიყვარული, სახიერება, კაცთმოყვარება, სიწმიდე, სიმდაბლე და ლმობიერება . უცხო ვჰყვნეთ თავნი ჩვენნი ყოველისავე ცოდვისაგან, შევინანნეთ პირველ ქმნულნი უსჯულოებანი, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა “[ფს. 36,27]  .

ესრეთ თუ ვჰყოთ, ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „ნამდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურება უნაკლულოებით, რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; სჩანს, რამეთუ არცა განღებად რაჲ ჴელგვეწიფების, გარნა საქმენი ჩვენნი, გინათუ კეთილნი, გინათუ  ბოროტნი”(1 ტიმ. 6,6-7);[2 კორ. 5,10].

აწ უკუჱ, საყვარელნო , კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რათა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდად შვენიერებასა მას უფლისასა, მორავიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თვისითა განკითხვად ყოველთა კაცთა. და დავსდგეთ მარჯვენით მისსა და გვესმას ჴმა იგი კურთხევისა. და მივემთხვივნეთ მკვიდრობასა სასუფეველსა ცათასა მადლითა  და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე .

 

სწავლა 99

საშინელისა მისთვის სასჯელისა

გულისჴმა ვჰყოთ, ჵ, საყვარელნო , რამეთუ ყოველთავე წარდგომა გვიხმს წინაშე საშინელსა საყდარსა  ქრისტესსა და სიტყვის მიცემაჲ საქმეთა ჩვენთათვის. გამოვისახოთ  გონებათა ჩვენთა იგი სამსჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს და სიტყვისგება თანაგვაძს. შევედინღა კაცად კაცადი გონებასა თვისსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს.

არა შეძრწუნდითაა თითოეული? არა განცვიფრდითაა? „მე მოვიხსენე  და ძრწოლა შემედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემთანა“[ფს. 54,4-5].

ხოლო უკეთუ აწ ხსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲმე ვჰყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოსნი და ანგელოსთ მთავარნი განწყობილ იყვნენ, ოდეს საყვირთა მათ საშინელთა სცემდენ და მკუდარნი აღსდგებოდენ, რომელნიმე აღიტაცებოდენ ღრუბლითა და რომელნიმე დაშთებოდენ! ოდეს წიგნი იგი მატიანენი განეხმოდენ და საქმენი  კაცად კაცადისანი წამოდგებოდენ და მდინარე ცეცხლისა დიოდეს, ვითარცა  პეტრე მოციქული იტყვის: „ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწვნენ და დაზულენ  და ქვეყანა და მას შინა საქმენი დაიწვნენ”(2 პეტ. 3,11).

მაშინ მეუფე ყოველთა და ღმერთი  იესო ქრისტე დიდებითა დიდითა დასჯდეს საყდართა მათ შესაძრწუნებელთა და მართალნი დასდგენ მარ­ჯვენით მისსა და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი ჰხუდეს. და მერმე დასჯილნი წარივლინნეს ცეცხლად საუკუნოდ.

ვაჲმე ! ვაჲმე! დაღაცათუმცა ცეცხლად არა მივივლინებოდეთ : ესე მებრ, რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცვივენით  შეურაცხად, რაზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს .

ხოლო ოდეს ამას  ყოველსა ზედა, ბნელსაცა მივეცემოდეთ გარესკნელსა და ღრჭენასა კბილთასა და საკრველთა განუხსნელთა და მატლსა დაუძინებელსა და ცეცხლსა დაუშრეტელსა და ჭირსა მიუთხრობელსა. ვაჲმე! ვაჲმე! რაჲ ვჰყოთ, ოდეს ენანი ჩვენნი შეიწვებოდენ , ვითარცა მდიდრისა მის? ვჰგოდებდეთ და არავინ ისმენდეს, სულთ ვითქმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა და არავინ მოგვხედვიდეს, აქა და იქი ვხედვიდეთ და ნუგეშინისცემაჲ არასადა  იყოს. ჵ, გლახაკთა  და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მივეცნეთ.

აჰა, საყვარელნო, გევედრები და გლოცავ, პირველ დღისა  მის მოწევნადმდე, შევიწყალნეთ სულნი ჩვენნი, რამეთუ აწ გვაქვს ჟამი სინანულისა, დავსცხრეთ ცოდვისაგან და ვიქმოდეთ სათნოებასა. მოვიძულოთ ანგაჰარებაჲ და შევიყვაროთ  მოწყალებაჲ, ვისმინნეთ ჴმანი გლახაკთანი, რათა შესმენილ იქმნეს ვედრებანიცა ჩვენნი წინაშე ღმრთისა. და ნუ უგულებელს ვჰყოფთ ქვრივთა და ობოლთა, რათა არცა ჩვენ უგულებელს ვიქმნეთ მსაჯულისა მიერ მართლისა.

და, ესრეთ აქა სათნოებითა შემკობილნი, მუნ წარმოუდგეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა წინაშე საყდარსა ქრისტესსა და გვესმას ჴმა მისი ტკბილი და ყოვლად საწადელი, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი”[მთ. 25,34], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

სწავლა 100

საშინელისა მისთვის სასჯელისა

ჵ, ჩემდა დღისა მისთვის საშინელისა! ჯერ იყო ჩვენდა, საყვარელნო, სიხარული , ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ხსენებაჲ. ხოლო აწ ჩვენ, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა უფროსად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქნებით, ოდეს ვახსენოთ იგი, ანუ თუ მე  შემემთხვევის ესე, ხოლო თქვენ მოხარულ ხართ ხსენებითა მისითა.

ესე უწყი, ვითარმედ ოდეს სიტყვანი ესე მესმოდინ, ძრწოლა შემედვის და მწარედ ვჰგოდებ, და სიღრმეთაგან  გულისად  სულთ ვითქუამ, რამეთუ უწყი, ვითარმედ: არა მაქვს ნაწილი მათთანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოსნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ, არამედ სხუათა მათ თანა ზიარ ყოფად ვარ, რომელნი იხსენებიან  სულელთა მათ თანა ქალწულთა, და მონისა მის, რომელმან დაფლა ქანქარი უფლისა თვისისა, და სხუათა მათ თანა ცოდვილთა.

ამისთვის ვიგლოვ  და ვსცრემლოჲ, ოდეს მოვიხსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვარდებით  ჩვენ ცოდვილნი და ვითართა  კეთილთა და საშვებელთაგან საუკუნეთა და წარუალთა, მცირედისა და უნდოჲსა შრომისათვის.

რამეთუ უკეთუმცა ჭირი დიდი გვიხმდა, და სჯულიმცა მძიმე დადებულ იყო, ჯერ იყო ეგრეთცა დადებაჲ თავისა თვისისა  სიკუდილად და არა გამოხვებად დიდებისა მისგან. გარნა ვსთქუა, თუ გვაქვნდა  მცირედ რაჲმე მიზეზი, რათამცა ვსთქუთ, თუ: „ფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ, რამეთუ შრომა  დიდ იყო და ჟამი გრძელ და ტვირთი მძიმე.“ მიზეზი  ესე არა რაჲმე არს, გარნა ვსთქუათ  თუ მცირედ რაჲმე სიტყვა გვეპოებოდა

ხოლო ესევითარი  სიტყვა და მიზეზი არარაჲ გვეპოების. და ესე არს მწარე და ძნელ. და ამას საქმესა ეგულების უძვირეს გეენიისა  წერტაჲ  მაშინ გულთა ჩვენთა. ოდეს მცირედისა ჟამისათვის და კნინოდენისა  შრომისათვის, სასუფეველი ცათა დაგვჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქმელნი და მოუგონებელნი. რამეთუ ნამდვილვე ჟამი მცირე არს და მოკლე, და შრომა კნინოდენი და ფრიად მსუბუქი . ხოლო ჩვენ დახსნილ ვართ და სრულიად ქვე მწოლარე.

ჵ, კაცო!  მოღვაწება შენი ქვეყანასა ზედა არს და გვირგვინი – ცათა შინა. ჭირი შენი კაცთა შორის არს და პატივი – ღმრთისაგან. სრბაჲ შენი ორ დღე არს და სასყიდელი – საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა. ბრძოლა ჴორცითა ამით განხრწნადითა არს და ნიჭი  იგი – უხრწნელ და წარუვალ.

აწ უკუჱ, დაღაცათუ ქრისტესთვის არა ვინებოთ მოღვაწებაჲ, თავთა თვისთათვის  იგივე შეგვემთხვევის, რამეთუ დაღაცათუ ქრისტესთვის არა თავს იდვა სიკუდილი, თვით ბუნებით სიკუდილი თანაგაძს. უკეთუ ქრისტესთვის არა დაუტევნე საფასენი მცირედღა, და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცალიერი  განხვიდე.

აწ უკუჱ სახიერი იგი და ტკბილი უფალი მას ეძიებს შენგან, რომელსა იგი თვინიერ ნებისა  შენისა სიკუდილი მიგიღებს და მას გენუკვის  ნებსით თქმად , რა იგი უნებლიეთცა შემთხვევად არს შენდა. ამას ოდენ გეტყვის, რათა უნებელი იგი თანანადები ნებსით ჰქმნა მისისა სიყვარულისათვის.

ხედავაა, ძმაო, ვითარ  ადვილ არს ღვაწლი ესე და ტვირთი ესე მსუბუქ? რომელი იგი უეჭველად შემთხვევად არს შენდა, იგი ნებსით ჰქმენ ჩემ­თვისო, გეტყვის ტკბილი იგი  და სახიერი მეუფე, და კმა არს ესე ჩემდა მორჩილებად. რომელი ეგე  სხუასა ავასხებ  საფასესა, მე მავასხე და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე. ჴორცთა მაგათ, რომელთა სხუასა დაამონებ, მე დამამონე და შრომაჲ შენი არა იქმნას ცუდ, რამეთუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლისა გარდახდითა.

აწ, საყვარელო, ესე სიტყვანი მეუფისანი ყურად იხვენ და გულისჴმა ჰყავ. რაჲ არს ესე, რომელ ყოველსა საქმესა ზედა მას პატივ სცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს, გინათუ Iსესხება იყოს, გინათუ IIვაჭრობაჲ, გინათუ IIIმხედრობაჲ.

Iუკეთუ სესხება იყოს , რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ; IIუკეთუ ვაჭრობა იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდეს, მას ეზავები; IIIუკეთუ მხედრობა იყოს, რომელიცა უხვი და კეთილად მიმნიჭებელი მეფე იყოს , მას შეეწყნარები .

ხოლო ქრისტე, უმეტეს ყოველთასა მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა, მცირედისა და არარაჲსა შრომისა წილ, და უნდოჲსა წარსაგებელისა წილ. არა გთნავსა სესხებაჲ ესე, გინა ვაჭრობაჲ, გინა მხედრობა მისი? რაჲ არს ესე სისულელე და რაჲ არს ესე უგუნურებაჲ!

კვალად გეტყვის ტკბილი უფალი: „რაჲსათვის ქვე  დაჰფლავ საფასესა შენსა და მიწასა არწმუნებ საუნჯესა შენსა? მომეც მე ნამარხევად , არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქვეყანაჲ? მან მრავალგზის არცათუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებითურთ მოგცე, და რომელ მე მარწმუნე, ამის ჯერისათვის დიდი კეთილი გიყო, რამეთუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყვარებ მათ.

აწ უკუჱ ჩემდა მომართ დასდევ ნაწილი შენი და რაჲსაცა იქმოდე, ჩემ მიერ ჰქმენ  და ნეტარ იყოს შენდა. უკეთუ  სესხებაჲ გნებავს, მე მავასხე; უკეთუ შენებაჲ გნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე, მე მიგცე ადგილი უსასყიდლოდ; უკეთუ სამკაული გნებავს, ჩემი  მიიღე; უკეთუ საჭურველი გიხმს, ჩემი შეიმოსე; უკეთუ შიშველ ხარ, ჩემი შთაიცუ; უკეთუ საზრდელი გიხმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ; უკეთუ სლვაჲ გნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე; უკეთუ სამკვიდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკვიდრო; უკეთუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ჴელოვანი და მაშენებელი მე ვარ. რამეთუ მე, რომელსაცა მოგცემ, სასყიდელსა არა ვეძიებ, არამედ უფროსღა სასყიდელი მიგცე. ამისთვის  მებრ, უკეთუ ყოველი ჩემი იხმარო, და სხვისა არავისი იქმნა მოქენე.

ამის სიყვარულისა უმეტესი რაჲ ეგების , ჵ, კაცო! მე გექმნა მამაჲ, მე ძმაჲ, მე სიძე უხრწნელებისა, მე მეგობარ სარწმუნო, მე სადგურ , მე სამკაულ, მე საფასე, მე საფუძველ. რაჲცა გნებავს , ყოველი კეთილი გეპოვოს  ჩემთანა.

ნუ სადა იჭირვი. მოვედ ჩემდა, მე განგისვენო, მე შენთვის მონებად  მოვედ, მე შეგიყვარე, მე ასოდ ჩემდა გიწოდე და ძმად  და დად და დედად. მე შენთვის დავგლახაკენ, შენთვის ჯვარსა ვეცვი , შენთვის სიკუდილი თავს ვიდევ, და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქვესკნელით ზეცას. შენთვის მეოხ ვარ მამისა მიმართ. ქვეყანად  შენთვის მოვედ, მამისა მიერ, შუამდგომელად.

აწ უმეტესი ამისი რაჲ გიხმს, ანუ რაჲსათვის მელტვი  მე, რომელმან ესრეთ შეგიყვარე? რად დამიტეობ  მე და სოფელსა ამას ჰმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რაჲსათვის ჭურსა განხვრეტილსა შთაასხამ? რამეთუ ესრეთ არს, რომელი სოფელსა ამას ჰმონებდეს. რაჲსათვის ცეცხლად შთააბნევ შრომათა შენთა? რაჲსათვის ჰაერსა სცემ? რაჲსათვის ამაოდ ჰრბი? არა ყოვლისავე ჴელოვნებისა აღსასრული არსაა ? ჰე, ჭეშმარიტად!

აწ უკუჱ მიჩვენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა  სოფლიოთა აღსასრული . გარნა ვერარაჲ ძალგიძს ჩვენებად, რამეთუ „ამაოება ამაოებისა – ყოველივე ამაო არს”[ეკლ. 1,2]. ხოლო უკეთუ ჩემთანა დასდვა ნაწილი შენი, და ჩემთვის იყოს შრომა შენი, მიგცე შენ სამკვიდრებელად სასუფეველი ცათა და ჰსუფევდე ჩემთანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.“

ძმანო ჩემნო საყვარელნო, არა გესმისაა  სიტყვანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად, ამას ყოველსა მეტყვის ჩვენ და ფრიად უმრავლესსა. უკეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩვენდა; უკეთუ ურჩ ვიქმნეთ, ვაებაჲ საუკუნო მოგვეცეს.

ეჰა, საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისა და გულისთქმანი ბილწებისანი, საწადელ არიან ჩვენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი!

განვიდეთ, ჵ, კაცო , სამაროვანად  , მიჩვენე მამა შენი და დედა შენი, ანუ სხუა თვისთაგანი. გულისჴმა ჰყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა! სადა არს აწ, რომელი იგი ოქროჲთა შემკულ  იყო და ოქროქსოვილი ემოსა? რომელი იგი ეტლთა ზედა ოქრო ქანდაკებულთა ამხედრებულ იყო და მხედრობა  ათასეული წინაშე უვიდოდა? და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთამე სცემდა, რომელთამე მოსწყვედდა, რომელთამე შეაწყუდევდა, სხუათა ანიჭებდა, სხვათა ადიდებდა და სჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისა.

აწ შთახედეღა საფლავსა მისსა და მიჩვენე დიდება მისი. ვერარასა  ვხედავ, გარნა მატლთა და წუთხსა , ძვალთა და ნაცარსა და მტვერსა! იგი ყოველივე  დიდება აჩრდილი  იყო და წარხდა, ზღაპარი იყო, და  საკიცხველ იქმნა. ჰე , თუმცა აქამომდე იყო სიძნელე მათი, ამაოება ოდენ და დავიწყებაჲ.

ხოლო უძვირესი ესე არს, რომელ დიდება იგი და პატივი და შვება და ბრწყინვალება აჩრდილი იყო და განქარდა. ხოლო მათ  მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ჩვენთა  ცოდვაჲ, არა აჩრდილებრ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩვენთანა ჰგიეს საუკუნესა მას და გამოსცხადდებიან წინაშე ქრისტესა: მტაცებლობანი ჩვენნი და ანგაჰარებანი , სიძვანი და მრუშებანი და სხუანი იგი ბოროტნი, ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოსდგენ წინაშე ჩვენსა.

რომლითამე თუალითა მივხედნეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა? რამეთუ წარდგომა გვიხმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა და შესაძრწუნებელისა, და ყოველთავე  საქმეთა ჩვენთა გამოძიება ყოფად არს გამოწვლილვით, ჭეშმარიტებით და მართლმსაჯულობით .

აწ უკუჱ, საყვარელნო, ესე  ყოველი გულისჴმა ვჰყოთ და სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი ჩვენნი, რათა  არა სირცხვილეულ ვიქმნეთ წინაშე ღმრთისა და ანგელოსთა და კაცთა, არამედ კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა  ქრისტესსა.

ჰე, გევედრები, ძმანო, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, ვიღვაწოთ  დამარხვად, რა იგი გვამცნო უფალმან, რათა იყოს იგი ჩვენთანა, ვითარცა აღუთქუა მოციქულთა, ვითარმედ : „აჰა, ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”(მთ. 28,20).

ჵ , უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყვარეო, ნუ განმეშორები ჩვენგან, ნუცა დამიტევებ, ნუცა  დაგუაგდებ  ჩვენ, არამედ ჩვენთანა ჯერიჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩვენ ზედა.

აღხოცენ  ჴელით წერილნი ცოდვათა ჩვენთანი, გვიხსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩვენ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ქმნად ყოვლადწმიდასა ნებასა შენსა და  ღირს გუყვენ ყოველნი მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რათა მივემთხვივნეთ კეთილთა  მათ, მოუგონებელთა და გამოუთქმელთა ზეცისა სასუფეველსა .

რამეთუ შენ ხარ „რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა  მოსლვა“(1 ტიმ. 2,4) და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, და შენდა ჰშვენის ყოველი პატივი, მადლობა და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოთ მამით შენით და  ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

შესხმა და ვედრება

წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა

ჵ, ყოვლადსაწადელო წმიდაო მამაო იოანე ოქროპირო, ოქრო სიტ­ყვაო, ოქროს მდინარეო, ოქროს წყაროო, ოქროვანითა სწავლითა შენითა მომრწყველო  ყოვლისა სოფლისაო, ოქროსა ჴმაო, სინანულისა ქადაგო, ოქროსა ნესტო, ჴმატკბილად მეტყველო, ოქროსა ქნარო პირმეტყველთა ცხოვართაო.

გევედრებით, წმიდაო მამაო, განამტკიცენ ეკკლესიანი, განაშვენე მღუდელობაჲ, განაბრწყინვე მეფეობაჲ, განაძლიერე მხედრობაჲ, განანათლე მართლმადიდებლობაჲ.

ხოლო სწავლისა შენისა მოსურნეთა მოგვფინე მადლი ლოცვათა შენთა და მოგუმადლე აღსრულება  ღმრთივშვენიერთა ქადაგებათა შენთა , რათა შენ მთესველი და ჩვენ მუშაკნი ერთბამად ვიხარებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა. რამეთუ მამასა ჰშვენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყვანისცემა, პირველ საუკუნეთა  აწ და უკუნისამდე, ამინ!

 

თავი a [1]

მღუდელმოქმედებისათვის და საიდუმლოჲსა
გამოცხადებისა

 


თხრობა ა [1]
გამოცხადებისათვის წმიდისა საიდუმლოჲსა
და სიყვარულისა

„ღმერთი, რომელი სიყვარული არს; ნამდვილვე, რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“[1 იო. 4,16], რამეთუ „ესე არს დიდი და პირველი მცნება“(მთ. 22,38), ვითარცა აღუთქუა სახელითა მისითა შეკრებულთა – შორის ყოფაჲ და რაჲცა ითხოვონ, აღსრულებაჲ [იო. 14, 13-20].
ესევითარითა სიყვარულითა შეიყვარეს კაცთა ღმერთი; და სიყვარულითა მისითა შეიყვარნეს მოყვასნიცა, ვითარცა თავი თვისი; და სიყვარულისათვის ძმათასა სულიცა თვისი დასდვეს მცნებისაებრ უფლისა [მთ. 22,37-39; იო. 10,11].
ხოლო ყოველთა ზედა მხედველმან ღმერთმან იხილა გულსმოდგინება და შეიწირა სიყვარული მათი და სასწაული ესევითარი გამოუცხადა:
რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი და ღმრთის სიყვარულითა შეკრებული ძმათ სავსება და განწესება ესევითარი აქუნდათ მტკიცედ, რომელ, რაჟამს დარეკიან, უკეთუ ერთიცა ძმაჲ აკლდის, არა იწყიან ლოცვად სიყვარულითა მისითა.
დღესა ერთსა, წმიდასა კვირიაკესა, დარეკეს წირვისათვის და შეკრბენ ყოველნი. ხოლო ერთი ძმათაგანი არა მოვიდა, რამეთუ შურითა ეშმაკმან საბრხე უგო. მოელოდეს რა უმეტეს ჟამისა და არა მოვიდა, აღსდგეს იგინი და მივიდეს მისსა, რამეთუ სთქუჱს: „ნუუკუჱ სნეულ არს იგი, ანუ თუ მოკუდა?“ და ვითარცა მიიწივნეს სენაკად ძმისა, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: „რაჲსათვის არა მოხვედ, ძმაო საყვარელო, წმიდად ეკკლესიად?“ ხოლო მას ჰრცხვენოდა მითხრობად მათდა ზრახვა იგი მტერისა. გარნა აგრძნეს ძმათა, ვითარმედ: საცთური რაჲმე არს საეშმაკოჲ, ამისთვისცა მოუდრიკნეს მას მუხლნი და ეტყოდეს: „აღგვიარე ჩვენ, საყვარელო ძმაო, და განგვიცხადე გულარძნილებაჲ ეშმაკისა“.
ხოლო მან მიუთხრა მათ და ჰრქუა: „შემინდევით მე, წმიდანო მამანო, აღვსდეგ რა ჩვეულებისაებრ წარმოსლვად ეკკლესიად, მრქუა მე გულისსიტყვამან, ვითარმედ: არა არს ჴორცი და სისხლი უფლისა, რომელსა იგი მიხვალ ზიარებად, არამედ პური არს იგი და ღვინო. აწ უკეთუ გნებავსთ, რათა მოვიდე თქვენ თანა წმიდად ეკკლესიად, გულსავსე ჰყავთ გულისსიტყვა ჩემი წმიდისათვის ჟამისწირვისა“.
ხოლო მათ ჰრქუჱს მას: „აღსდეგ, ძმაო, და მოვედ ჩვენთანა ეკკლესიად და ჩვენ ვევედრნეთ ღმერთსა შენთვის, რათა გულსავსე გყოს შენ ძალისა მიერ ზეცით მოსრულისა“. და აღსდგა ძმა იგი და წარვიდა მათ თანა წმიდად ეკკლესიად. და იქმნა პირველად დიდი ვედრება ღმრთისა მიმართ ძმისა მისთვის და ესრეთღა იწყეს წმიდა ჟამისწირვაჲ. და დაადგინეს ძმა იგი შუა ოდენ ეკკლესიისა და ვიდრე განტევებადმდე ლოცვისა, არა დასცხრა ძმა იგი რწყვად ცრემლითა პირსა თვისსა და მკერდსა.
ხოლო შემდგომად წირვისა აღსრულებისა, მოუხდეს ყოველნი ძმანი მას და ეტყოდეს: „ნუცა ერთსა რას დაჰფარავ, ძმაო, რომელი გამოგიცხადა ღმერთმან, არამედ ყოველივე საცნაურ მიყავნ ჩვენცა, რათა სარგებელ გვეყოს“. ხოლო მან იწყო, აღვსებულმან ცრემლთა მიერ სიხარულისათა და სთქუა შიშით და მოწიწებით ესრეთ, ვითარმედ: „ოდეს აღმოკითხულ იქმნა მოძღვრება სამოციქულო და აღვიდა დიაკონი საჶსალმუნესა აღმოკითხვად წმიდისა სახარებისა, ვიხილე მე, რამეთუ განეღო სართული წმიდისა ეკკლესიისა ვიდრეღა სჩნდეს ცანი და წმიდისა მის სახარებისა სიტყვანი სასმენელად იხილვებოდეს. ხოლო დიაკონი იგი, რომელი იკითხვიდა წმიდასა სახარებასა, ვიხილე იგი, რამეთუ ყოვლად ცეცხლ იქმნა და სიტყვანი ცეცხლისანი გამოვიდოდეს პირით მისით, ვითარცა შანთნი ელვისანი. და ვიხილე კვალად, რამეთუ განეღო ქვეყანა, სადა სდგას წმიდა საკურთხეველი ვიდრეღა სჩნდა ქვესკნელი; ხოლო მღუდელნი იგი, რომელთა ეპყრა წმიდა საიდუმლოჲ, შიშით და ძრწოლით მდგომარე იყვნეს.
კვალად ვიხილენ ცანი განხმულნი და ცეცხლი ზეცით გარდამომავალი; და შემდგომად ცეცხლისა, სიმრავლე ანგელოსთა; და შორის მათსა სხუანი ორნი პირნი ფრიად შვენიერნი და საწადელნი, რომელთა შვენიერებასა და სახეკეთილობასა შეუძლებელ არს გამოთქმად; და რამეთუ იყო ნათელი მათი, ვითარცა ბრწყინვალება ელვისა, რომელი გამოჰკრთების ქუხილისაგან.
და შორის ორთა მათ პირთა დიდებულთა იხილვებოდა მჯდომარედ ყრმა მცირე. მოადგეს უკუჱ ანგელოსნი მგრგვლივ გარემოს წმიდასა ტრაპეზსა; ხოლო ორნი იგი პირნი წარჩინებულნი აღხდეს ზედა და ყრმა იგი სამეუფო შთაისუჱს შორის მათსა ზედა წმიდასა ტრაპეზსა. და ვითარცა შეეხნეს მღუდელნი განტეხად წმიდასა მას პურსა, ვიხილენ კვალად ორნი იგი პირნი, რომელნი სდგეს წმიდასა ზედა ტრაპეზსა, რამეთუ უპყრეს ჴელთა და ფერჴთა ყრმისათა. და აქუნდა მათ მახვილი, და დაჰკლეს ყრმა იგი, და სისხლი მისი შთაასხეს ბარძიმსა შინა, რომელი იგი სდგა წმიდასა ზედა ტრაპეზსა; ხოლო ჴორცნი მისნი დასჭრნეს და დააგეს ზედა პურსა მას და იქმნა პურიცა იგი ჴორცვე. და მომეხსენა მე მაშინ სიტყვა იგი მოციქულისა, ვითარმედ: „პასექად ჩვენდა დაიკლა ჩვენთვის ქრისტე“[1 კორ. 5,7].
ხოლო იწყეს რა ძმათა მისლვად და მიეახლნეს ზიარებად წმიდასა მას საიდუმლოსა, მიეცემოდა მათ ჴორცი და ოდეს ჰხადიან სახელსა უფლისასა და სთქვიან: ამინ! კვალად იქმნის ჴორცი იგი პურად ჴელთა შინა მათთა.
და ვითარცა მივედ მე და მივეახლე ზიარებად მსხვერპლსა მას წმიდასა, მომეცა მე ჴორცი და ვერ ძალმედუა შეჭმად მისა. და მესმა ჴმაჲ, რომელი იტყოდა ყურთა ჩემთა: „კაცო, რაჲსათვის არა ეზიარები? არა ესე არსაა რომელსა ეძიებდ?“ და მე ვსთქუ: „შემიწყალე, უფალო, ჴორცსა შეჭმად ვერ შემძლებელ ვარ“. და მან მრქუა მე: „უკეთუმცა ძალედვა კაცსა ჴორცისა შეჭმად, ჴორცადმცა ღმრთისა იპოვებოდა წმიდა საიდუმლო, ვითარცა შენ ჰპოვე, გარნა ვერ ძალუძს შეჭმად, ამისთვის უფალმან და ღმერთმან ჩვენმან პური შესაწირავი განაწესა. და ვითარცა ადამ ჴელითა ღმრთისათა შეიქმნა მიწა ჴორცად და ჰშთაბერა მას ღმერთმან სამშვინელი ცხოვრებისა და უკანასკნელ მიწაჲ მივიდა მიწადვე, ხოლო სული ეგო ესრეთვე, ქრისტემანცა მოგუცა წმიდა ჴორცი თვისი სულითურთ წმიდით. და რამეთუ ჴორცი შეიწირვის ზეცად, ხოლო სული დაადგრების გულთა შინა ჩვენთა. აწ უკუჱ, უკეთუ გრწმენა ესე, ეზიარე!“ და მე ვარქუ: „მრწამს, უფალო“. და ესერა ვსთქუ, იქმნა ჴორცი იგი, რომელი მაქუნდა ჴელთა შინა ჩემთა პურ წმიდა და მადლობა შევსწირე ღმერთსა და ვეზიარე წმიდათა საიდუმლოთა.
ხოლო აღესრულა რა შეწირვა იგი მსხვერპლისა და უკმოიქცეს მღუდელნი სადიაკონოდ, ვიხილე კვალად სართული ეკკლესიისა განღებულად და წმიდანი იგი ძალნი ზეცად აღმავალნი ყრმითურთ“.
ესე ყოველი რა ესმა ძმათა მათ, ფრიადი სიმდაბლე და მოღვაწება აჩვენეს ზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთასა და სარწმუნოება მტკიცე და სიყვარული. და წარვიდეს თითოეული სენაკად თვისად და ადიდებდეს ღმერთსა მეძიებელსა ყოველთა კაცთა ცხოვრებისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ბ [2]
გამოცხადებისათვის საიდუმლოჲსა

მოგვითხრობდეს დიოსპოლის შინა ქმნილსა სასწაულსა, ვითარმედ: მოვიდა ძმისწული სარკინოზთა მეფისა, სახელით – ნუნერა, ფრიადითა მხედრებითა ჭურვილითა. და იხილა ეკკლესია წმიდისა გიორგისა და მოიცვა გარეშემო მისი და აქლემნი შეაყენნა მას შინა ეკკლესიასა. და ევედრნეს მღუდელნი მის ეკკლესიისანი, რათა არა განერყვნათ ეკკლესია.და არა უსმინეს ვედრებაჲ და მოსწყდეს ყოველნი იგი აქლემნი ეკკლესიასა შინა.
ამისა შემდგომად იწყეს მღუდელთა წმიდისა ჟამისწირვისა მსახურებაჲ. და იხილა სარკინოზმან მან, რამეთუ მღუდელმან დაჰკლა ყრმა და სისხლი მისი შთაასხა ბარძიმსა და ჴორცი გაანაწილა ფეშხუმსა ზედა; და შემდგომად წირვისა აღსრულებისა, ყოველთა ერთა ასუა სისხლი და აჭამა ჴორცი იგი. ხოლო სარკინოზი აღივსო გულისწყრომითა და რისხვითა. და აღსრულებასა წირვისასა მიართუა მასცა სეფისკუერი და ჰრქუა: „მიიღე, უფალო, რამეთუ ამით ვმსახურებთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა“.
მიუგო სარკინოზმან და ჰრქუა: „ამით ჰმსახურებთაა, უბადრუკო, რომელმან დაჰკლენ ყრმა და ჴორცნი მისნი ფეშხუმსა ზედა გაანაწილენ და შესჭამენ იგინი?“ ხოლო მღუდელმან თაყვანი სცა უფალსა მეტყველმან: „დიდ ხარ შენ, უფალო, კაცთა შორის, ღმერთო ჩვენო, რომელმან გამოუცხადე ამას საიდუმლო შენი, რომელი მე ვერ ვიხილე, გარნა დიდნი წმიდანი იხილვიდეს: ვასილი, გრიგორი და იოანე ოქროპირი“.
ხოლო იკითხვიდა მისთვის სარკინოზი იგი, რომელი იხილა და უწყებულ იქმნა მღუდლისა მიერ. მოვიდა შიშსა ღმრთისასა სარკინოზი და დაუტევა სარწმუნოება სარკინოზთა და წარვიდა იერუსალიმს და ნათელიღო პატრიარხისაგან და მიერითგან წარვიდა მთასა სინასა და მონაზონ იქმნა და ჰსუროდა ქრისტესთვის წამებაჲ.
და შემდგომად ხუთთა წელთა კვალად მოვიდა დიოსპოლის და შევიდა ეკკლესიასა წმიდისა გიორგისასა და აღუარა პირველსავე მღუდელსა, რამეთუ უნებდა ქრისტესთვის წამებაჲ. ხოლო მან წარავლინა იგი ბიძისა მიმართ თვისისა, სარაცთა მეფისა, რომელ არიან სარკინოზნი, რათამცა აღიაროს წინაშე მისსა იესო ქრისტე ძედ ღმრთისა. და შევიდა ქალაქსა მას შინა, რომელსა იყოფოდა ბიძა მისი, სარაცთა მეფე, აღხდა გოდოლსა ზედა და იწყო მოწოდებად სარკინოზთა. ხოლო მორავიდეს იგინი, ჰრქუა მათ: „რაჲ გნებავსთ მოცემად ჩემდა, რათა მიგითხრა თქვენ, თუ სადა არს ძმისწული მეფისა?“ და ჰრქუა მეფემან: „უკეთუ ჭეშმარიტი მომითხრა, ფრიადი ოქრო და ვეცხლი მიგცე შენ“. მიუგო ბერმან და ჰრქუა: „მე ვარ. არამედ ნათელს ვიღე, და მრწამს მამა, ძე და სული წმიდა, და სარაცთა სარწმუნოებასა შევაჩვენებ და ცრუსა და წყეულსა მაჰმადს“. და ჰრქუა მეფემან: „რაჲ შენდა იქმნა, უბადრუკო, რამეთუ დაუტევე შენ სიმდიდრე და კეთილი სარწმუნოება სარაცთა და შებღალული ძაძაჲ შეგიმოსიეს და იარები მითა?“ მიუგო ბერმან და ჰრქუა: „ესე ძაძაჲ უმჯობეს არს ჩემდა უფროს სიმდიდრისა თქვენისა, და შევაჩვენებ მაჰმადს დაწყეულსა“. და ბრძანა მეფემან განგდება მისი გარე. ხოლო იტყოდეს მთავარნი, ვითარმედ: „არა ძალგვიძს ცოცხლისა ამის ხილვაჲ, რამეთუ შეაგინა სარწმუნოება ჩვენი და სთქუა ყოველთა წინაშე გმობა მაჰმადისა“. და განიყვანეს გარე ქალაქისა და ქუა დაკრიბეს, ვითარცა პირველმოწამე სტეჶანეს. და ეგრეთ ქრისტესთვის წამებისა სურვილითა შევედრა სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისათა, რომლისა წინაშე იხარებს დიდებით უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა გ [3]
გამოცხადებისათვის ძალი საიდუმლოჲსა

ქალაქსა, რომელსა ეწოდების თრაკე, იყო სოფელი ათ უტევან ოდენ და სოფლისა ამის ყრმანი მწყსიდენ ცხოვართა. და ვითარცა არს ყრმათა შორის ჩვეულებაჲ, რბიოდეს და იმღერდეს, ვითარცა კრავნი ცხოვართანი. ხოლო მღერასა შინა მათსა იტყოდეს: „მოვედით, შევსწირნეთ საუფლო კრავი და ვეზიარნეთ, ვითარცა ჭეშმარიტად მღუდელი ჰყოფს წმიდასა შინა ეკკლესიასა!“ და ესე სათნო უჩნდათ ყოველთა. ხოლო დაადგინეს ერთი თავისა თვისისა მღუდელთა წესითა და ორნი სხვანი ყრმანი – დიაკონთა წესითა და მოვიდეს ერთისა ლოდისა მიმართ. და ლოდსა მას, ვითარცა საკურთხეველსა ზედა, დასხნეს პური და ჭურჭელთა შინა შემზადეს ღვინო. ხოლო მოადგეს იგინი ამიერ და იმიერ, ვითარცა დიაკონნი, რომელნიმე სადიაკონოსა იტყოდეს და რომელნიმე ჰგალობდა; ეგრეთვე იყვნეს მსახურნი და ჰფარვიდეს. და ჰპოვეს ერთი მცოდნე წმიდისა მსახურებისა, ვინათგან ჩვეულ იყო ეკკლესიასა შინა მსახურებასა, და მას უწოდეს მღუდელ. ვითარცა ეხილვა, ჩვეულებისაებრ იტყოდა ასამაღლებელსა პატიოსნად.
და ვითარცა ყოველი განწესება ეკკლესიისა ჰყვეს, ვიდრე პირველ პურისა განაწილებადმდე და ვიდრე მათდა გემოს ხილვადმდე, გარდამოხდა ზეცით ცეცხლი და წინადაგებული იგი ყოველი შეჭამა და ქუაჲ იგი ყოვლადვე დასწუა, ვიდრეღა არარაჲ დაშთა ქვისა მის ადგილი, რომელსა ზედა შესწირეს.
ესერა იქმნა, ყრმანი იგი მეყსეულად ქვეყანად დაეცნეს, შიშისაგან კნინღა და არა მოსწყდეს; არცაღა ეძლოთ მცირისა სიტყვისაცა თქმად. ხოლო ვინათგან არღარა მივიდეს სახლად ჟამსა თვისსა, გამოვიდეს მშობელნი მათნი ძიებად და ჰპოვნეს ქვეყანასა ზედა მდებარენი ყრმანი. და ვერვინ მუნ მყოფთაგანი შემძლებელ იყვნეს ცნობად მიზეზსა და არცა მათ ძალედვათ სიტყვისგებაჲ და კნინღა არღა მომწყდარნი. და კაცად კაცადმან თვითოეული სახლად თვისად წარიხვნეს, რამეთუ დიდსა შეჭირვებასა შინა იხილნეს ყრმანი და განუკვირდებოდათ მიზეზი მათისა მოკლებისა და ვერ მიხვდებოდეს. მრავალგზის ჰკითხვიდეს და მათგან სიტყვის მიგებასა ვერ მიემთხვეოდეს. და შემდგომად მცირედისა, ყრმანი იგი მოეგნეს გონებასა და ყოველივე მათ მიერ ქმნილი მიუთხრეს; და ვითარ ყოფილიყო, ეტყოდეს ადგილსაცა, ანუ ვითარ შთამოხდა ცეცხლი.
ხოლო საკვირველი ესე საქმე, რომელთა ისმინეს და სარწმუნო იქმნეს, მირბიოდეს ქალაქად და ყოველივე ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა მიუთხრეს. და იგიცა განჰკვირდა დიდებულსა ამას საქმესა ზედა და განვიდა კრებულითურთ და იხილნა ყრმანი იგი და ისმინა მათგან ესე სასწაული და მისცა დიდება ღმერთსა. ხოლო ყრმანი იგი ყოველნი მონასტერსა შეიყვანნა და ადგილი იგი მდიდარ ჰყო და მონასტრად შემზადა; ხოლო ზედა ადგილსა ცეცხლისასა ეკკლესია აღაშენა და წმიდა საკურთხეველი დაამყარა. და მარადის აკურთხევდეს ღმერთსა საკვირველთმოქმედსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა დ [4]
რათა არა განვიკითხვიდეთ მღუდელთა

იყო მარკოზ მონაზონი მეგვიპტელი, რომელსა დაეყო სენაკსა შინა ოცდაათი წელი და არა გამოვიდოდა; არამედ აქუნდა მღუდელსა ჩვეულება მისლვად მისა აღსრულებად წმიდისა მსხვერპლისა და მისცემდა მას წმიდასა საიდუმლოსა.
ხოლო ეშმაკმან შურითა მისისა სათნოებისა და მოთმინებისათა, ინება განკითხვით გამოცდა მისი და მიიყვანა მისა მიმართ კაცი ერთი, რომელსა აქუნდა სული უკეთური, მიზეზითა ლოცვისა მიღებისათა. ხოლო სწავლული ეშმაკისაგან, პირველ ყოვლისა ეტყოდა ბერსა: „მღუდელი შენი სავსე არს ყოვლითა სულმყრალობითა და ნუღარა უტევებ მას შემოსლვად შენდა”. ხოლო კაცმან ღმრთივსულიერმან – მარკოზ ჰრქუა მას: „შვილო, წერილ არს, ვითარმედ: „ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხო“[მთ. 7,1], გარნა უკეთუ ცოდვილიცა არს; არამედ ღმერთმან აცხოვნოს იგი, რამეთუ წერილ არს: „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნეთ“[იაკ. 5,16]. ესე ჰრქუა და ჰყო ლოცვა და განჰსდევნა ეშმაკი კაცისა მისგან და განუტევა იგი მრთელი.
და ვითარცა მოვიდა მღუდელი, შეიწყნარა იგი სიხარულით ბერმან. ხოლო სახიერმან ღმერთმან, იხილა რა უმანკოება ბერისა, უჩვენა მას სასწაული: რამეთუ ენება რა მღუდელსა წარდგომად წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, იხილა ბერმან ანგელოსი უფლისა ზეცით გარდამოსრული და დას­დვა ჴელი თვისი თავსა ზედა მღუდლისასა; და მეყსეულად იქმნა მღუდელი ყოვლითურთ, ვითარცა სვეტი ცეცხლისა. და ვითარ განკვირვებულ იყო ბერი, ჰრქუა მას ანგელოსმან: „გიკვირსაა ხილვისა ამისთვის, ჵ, კაცო? რად განკვირვებულ ხარ ამას საქმესა ზედა? უკეთუ ქვეყნიერნი მეფენი არა უტევებენ შებღალულითა სამოსლითა დგომად წინაშე თვისსა, არათუ პატიოსნითა მოსილთა და დიდებითა მრავლითა, რაბამ უფროს ზეცათა მეუფემან არა განსწმიდოსაა მსახურნი წმიდათა საიდუმლოთანი და შემწირველნი გამოუთქმელისა მსხვერპლისა და განაბრწყინვოს დიდებითა ზეცისათა?!“
ესე უკუჱ საკვირველება იხილა ღირსმან მარკოზ და ყოველთა მოგვითხრა, რათა არა განვიკითხვიდეთ მღუდელთა, რამეთუ მდგომარე არიან წინაშე ღმრთისა და მსხვერპლისა შემწირველნი ზეცად და მიერ მადლის მომღებელნი ჩვენდა. ხოლო ყოველთა განმკითხველი და მსაჯული უფალი არს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ე [5]
რათა არა შევიწყნარებდეთ განკითხვასა
მღუდლისათვის

იყო ვინმე განშორებული უდაბნოსა და აქუნდა ჩვეულება მღუდელსა ეკკლესიისასა მისლვად მისთანა და შეწირვად მსხვერპლისა მის სამეუფოჲსა. მივიდა კაცი ვინმე განშორებულისა მიმართ, ძლეული ეშმაკისაგან და განიკითხა მღუდელი იგი. და შეიწყნარა განშორებულმან და დაბრკოლდა. და ოდეს მივიდა მღუდელი წესისაებრ სამღთოსა წირვისა, არღარა განუღო ბერმან კარი და წარვიდა სახიდ თვისად მწუხარედ მღუდელი იგი.
და ვითარცა დასდგა ბერი იგი ლოცვად, მოიწია მისა ჴმა ზეცით ვითარმედ: „აღიღეს კაცთა სამართალი ჩემი და მსჯავრი აღიღეს“. ესმა რა ესე ბერსა, შეიპყრა შიშმან და მიეცა განკვირვებასა. და იხილა ჯურღმული ოქროჲსა და საბელი ოქროჲსა და ამოსაღებელი ოქროჲსა და წყალი წმიდა და რჩეული. ხოლო აღმომღებელი იყო კაცი უშვერი. და აჰა, ანგელოსი უფლისა წარმოუდგა მას და ჰრქუა: „რაჲ ბიწი შეეხების, ჵ, კაცო, წყალსა მას წმიდასა აღმომღებელისაგან უშვერისა? ეგრეთვე ყოვლადწმიდასა მსხვერპლსა არარაჲ შეეხების უღირსისაგან შემწირველისა, არამედ თავსა თვისსა ოდენ დასჯის და სხუათა არარას ავნებს; ხოლო განმკითხველი უფალსა წინა აღუდგების“.
მოეგო რა ბერი თავსა თვისსა, შეძრწუნდა სულითა და შეინანა ცრემლითა. და მყის მოუწოდა მღუდელსა მას, შეუვრდა და ითხოვა მისგან შენდობაჲ და ევედრა, რათა სწირვიდეს ჩვეულებისაებრ, ვითარცა იყო პირველ და იგი ისმენდა უეჭველად.
და შემდგომად სხუათაცა ასწავებდა, ვითარმედ არავისი ჯერ არს განკითხვა ყოვლადვე, რამეთუ ღმერთი არს ყოველთა განმკითხველიო და გვამცნებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ (მთ. 7,1), ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ“. და უფროსღა არა ჯერ არს განკითხვა მღუდელთა, რომელნიცა მკვიდრ არიან ანგელოსთა თანა და ძღვნისა შემწირველ ღმრთისა მიმართ და მომწვეველ ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა ვ [6]
თუ ვითარი კრძალულება უხმსთ მწირველთა

მოგვითხრობდა წმიდათა მამათაგანი ვინმე და იტყოდა, ვითარმედ: სკიტის უდაბნოსა შინა, ოდეს მღუდელი შესწირვიდა მსხვერპლსა, გარდამოვიდოდა სული წმიდა სახედ ტრედისა; და ვერვინ იხილვიდა მას, გარნა მღუდელი და დიაკონიცა ერთკერძო ფრთეთა იხილვიდა.
ხოლო დღესა ერთსა ჰკითხვიდა ვინმე ძმაჲ დიაკონსა სიტყვასა სულისა სარგებელსა, და ჰრქუა დიაკონმან: „არა მოცალე ვარ აწ“. ხოლო ოდეს შევიდენ იგინი წირვად, არღარა იხილეს მსგავსება ტრედისა ჩვეულებისაებრ, და ჰრქუა მღუდელმან დიაკონსა: „რაჲ არს, შვილო, საქმე ესე? ანუ ჩემდა არს შეცოდებაჲ, ანუ შენდა? განმეშორე მცირედ და უკეთუ გარდამოჴდეს სახე ტრედისა, საცნაურ არს, ვითარმედ შენისა საქმისათვის არა გარდამოხდა სული წმიდა“. და განშორებასა დიაკონისასა მეყსეულად გარდმოხდა ყოვლადწმიდა სული სახედ ტრედისა.
ხოლო აღსრულებასა მსხვერპლისასა ჰრქუა მღუდელმან დიაკონსა: „მარქუ მე, შვილო, რაჲ გიქმნიეს?“ და ეტყოდა იგი მტკიცედ: „არა უწყი შეცოდება თავსა შორის ჩემსა, მამაო, გარნა მომეწია ძმა მომავალსა ეკ­კლესიად, და მკითხვიდა მე სიტყვასა სულთა სარგებელისასა. და მე ვარქუ მას, ვითარმედ: „არა არს ჩემდა ჟამი“. და ჰრქუა მას მღუდელმან: „შენთვის უკუჱ არა გარდამოხდა სული წმიდა, ვინათგან ძმამან მწუხარება მიიღო შენგან“. ხოლო წარვიდა დიაკონი ძმისა მიმართ და შეინანა. დიდება ღმერთსა ჩვენსა უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ზ [7]
თუ ვითარ ეკრძალებიან ანგელოსნიცა მწირველთა

იყო მღუდელი ვინმე წმიდა და ღირსი. და ოდეს ჰყოფდა მსახურებასა წირვისასა, ანგელოსსა იხილვიდა მარჯვენით თავისა თვისისა. ხოლო იყო ესე მწვალებელთაგან მიმღებელ ერთისა სიტყვისა საიდუმლოთა ლოცვათა შინა. და ოდეს შესაწირავსა შესწირვიდა, სიწრფოებითა და უმანკოებითა იტყოდა მასვე სიტყვასა, რომლისათვისცა სცთებოდა, და არა უწყოდა თუ ბოროტად მიეღო.
ხოლო განგებითა უკუჱ ღმრთისათა, მოვიდა მისსა დიაკონი ვინმე, რომელსა აქუნდა მეცნიერება სამღთოთა წერილთა და დაემთხვია მღუდლისა თანა, შესწირვიდა რა წმიდასა მსხვერპლსა. და ჰრქუა მღუდელსა დიაკონმან: „ამას, რომელსა იტყვი, მამაო, არა არს მართლისა სარწმუნოებისა, არამედ მწვალებელთაგან არს წინააღმდგომთა ქრისტესთა“. ხოლო მღუდელი იგი არა ერჩდა, რამეთუ ესვიდა წმიდასა ანგელოსსა, რომელსა იხილვიდა ჟამსა მსხვერპლისასა. კვალად წინაუყოფდა დიაკონი სიტყვასა მას და ეტყოდა: „მამაო, სცთები, რამეთუ არა შეიწყნარებს ამას სიტყვასა მართლმორწმუნე ღმრთისა ეკკლესია!“ და ვითარცა იხილა თავი თვისი მღუდელმან მხილებული ესრეთ დიაკონისა მიერ, და ოდეს იწყო წირვად, იხილა ჩვეულებისაებრ წმიდა ანგელოსი მარჯვენით თავისა თვისისა, და ჰკითხვიდა იგი მეტყველი: „ვინათგან დიაკონი ესე მამხილებს მე, ამისთვის რაჲმე ვჰყო?“ ხოლო ჰრქუა ანგელოსმან: „დასცხერ ამიერითგან, რამეთუ კეთილად მოგითხრობს“. და ჰრქუა მღუდელმან: „რად შენ არა მომითხარ მე?“ ეტყოდა ანგელოსი: „ღმერთმან განაგო კაცთათვის კაცნი წარსამართებელად, რამეთუ არცა ანგელოსნი ამხილებენ და არცა ასწავებენ არავის თვინიერ ღმრთისა ბრძანებისა“. მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ჱ [8]
ტყვისა ხსნისათვის წირვისა მიერ

იქმნა ვინმე ტყუჱ კვიპრიით და წარიყვანეს იგი სპარსეთად და შეაყენეს საპყრობილესა. ხოლო რომელნიმე მუნითგან ლტოლვილნი მოვიდეს კვიპრედ და ჰკითხვიდეს მშობელნი მისნი ვითარმედ: „გიხილავსთაა იგი მუნ?“ მიუგებდეს მათ და ეტყოდეს: „მომკუდარ არს და ჩვენ დავმარხეთ იგი“. ხოლო არა იგი იყო, რომლისა საქმესა ჰკითხვიდეს მათ, არამედ სხუა მსგავსი მისი და მიუთხრობდეს დღესა და თუჱსა სიკუდილისა მისისასა. ხოლო მშობელნი იგი, ვითარცა მკუდარსა ზედა, ჰყოფდეს ხსენებასა მისსა, სამსა წირვასა წელიწადსა შინა. ხოლო გარდახდეს რა ოთხნი წელნი, კაცი იგი ტყვე ივლტოდა სპარსეთით და მოვიდა კვიპრედ. ხოლო ეტყოდეს მას მშობელნი მისნი: „გვესმა ჩვენ, შვილო, ვითარმედ მკუდარ იყავ და ხსენებასა შენსა ვჰყოფდით სამგზის წელიწადსა შინა“. ესერა ესმა, ჰკითხვიდა იგი: „რომელსა თუჱსა შინა და რომელსა დღესა ჰყოფდით ხსენებასა ჩემსა, უფალნო?“ ხოლო იგინი ეტყოდეს: „წმიდასა ქრისტეს შობასა, და წმიდასა აღდგომასა, და წმიდასა სულის წმიდის მოსლვასა“.
ხოლო მან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „სამთა ამათ დღეთა შინა წლითი წლად მოვიდოდა ჩემდა ვინმე სპეტაკითა სამოსლითა მოსილი, ვითარცა მზე ბრწყინვალე და განმიტევებდა, და ვერვინ მხედვიდა მესაპყრობილეთაგანი და პყრობილნი; და ვიდოდი დღე ყოველ თავისუფალ და ვერავინ მცნობდა მე. ხოლო ხვალისად ვიპოვებოდი კვალად შეკრული ჯაჭვითავე და აწ მიხსნა მე მადლმან წირვისამან. დიდება ღმერთსა ჩვენსა საკვირველთმოქმედსა უკუნითი უკუნისამდე“.


თხრობა თ [9]
უღირსად მღუდელობისათვის

დღეთა ლეონ და ალექსანდრესთა მთავარმან ვინმე ღმრთისმოშიშმან მოიყიდა ყრმა, ნათესავით სკვითი; და მისცა იგი მღუდელსა, მწირველსა და მლოცველსა, სახლსა შინა მისსა, რათა განსწავლოს იგი წიგნითა. ხოლო ისწავა ყრმამან და ჰმსახურებდა ხუცესსა სახმარსა მისსა ზედა. და ვითარ იქმნა იგი წლისა ათორმეტისა, ჰკითხა მას უფალმან მისმან: „უკეთუ, ქრისტეანენი არიანა სკვითნი?“ ხოლო მიუგო ყრმამან: „არა, უფალო ჩემო, არა არიან ქრისტეანენი, და ვჰგონებ, მეცა არა ნათელღებულ ვარ“. ჰრქუა მას უფალმან მისმან: „და ვითარ ეზიარები უნათლისღებო?! მე ვჰგონებდი, ვითარმედ ქრისტეანე იყავ და მისთვის არა ვაყენებდი მღუდელსა მოცემად შენდა ცხოველსმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“. ხოლო ეტყოდა ყრმა: „მე, უფალო ჩემო, არა უწყოდი, არამედ, ვითარცა ვხედევდი სხუათა ყრმათა ზიარებულთა, მეცა ვეზიარებოდი“.
მაშინ მოუწოდა მთავარმან მან მღუდელსა და უბრძანა ნათლისღებად მისა. და ნათელ სცა ყრმასა და აღასრულა სამღთო ჟამისწირვაჲ. და მივიდა ყრმა უფლისა მიმართ თვისისა, მპყრობელი სანთლისა, და ჰრქუა მას უფალმან მისმან: „წარვედ და მოუწოდე მღუდელსა მას, რომელმან ნათელ გცა შენ“. და მეყსეულად წარვიდა ყრმა იგი და ჰპოვა მღუდელი იგი, რომელი ჰკრძალვიდა სიწმიდესა. მიიქცა და ჰრქუა უფალსა თვისსა: „არღარა არს, უფალო ჩემო, რომელმან ნათელ მცა მე“. და ჰრქუა მთავარმან: „ვითარ ესრეთ მოსწრაფედ განსრულ არს?“ და კვალად ეტყოდა ყრმასა: „წარვედ და მოუწოდე, რომელმან ნათელ გცა შენ“. ხოლო წარვიდა ყრმა კვალად და ჰპოვა მღუდელი კვალად მცველი წმიდისა ძღვნისა. კვალად მოვიდა უფლისა მიმართ თვისისა და ჰრქუა: „არა არს, უფალო ჩემო, რომელმან ნათელს მცა მე“. და ჰრქუა მთავარმან: „ვითარ ესრეთ მსწრაფლ განსრულ არს?“ და ეტყოდა ყრმასა მას: „წარვედ და მოუწოდე ნათლის­მცემელსა შენსა“. წარვიდა ყრმა და იხილა მღუდელი, და ჰრქუა მთავარსა: „არა არს მუნ, რომელმან ნათელ მცა მე“.
და განჰკვირდა მთავარი იგი და ჰრქუა სხუასა ყრმასა: „წარვედ და მოუწოდე მღუდელსა“. და წარვიდა მეორე იგი ყრმა და ჰპოვა ეკკლესიასა შინა მღუდელი მცველად სიწმიდისა და მოუწოდა მას. ხოლო შერავიდა იგი, მთავარმან ჰრქუა ყრმასა მას ახლად ნათელღებულსა: „რად სთქუ შენ, ვითარმედ, არა არს მუნ ნათლისმცემელი ჩემი? ვინ არს ესე?“ ხოლო ყრმამან ჰრქუა: „ჰე, უფალო ჩემო, ამას არა ნათელუცემიეს ჩემთვის, არამედ რომელმან ნათელმცა მე, ვითარცა ელუაჲ აქუნდა პირი მისი და ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, და მან ჰყო სამღთო მსახურებაჲ. და ოდეს სწირვიდა საკვირველი იგი მღუდელი, ესე ხუცესი იყო გარე ეკკლესიისა, შეკრული ჴელით და ფერჴით ჯაჭვითა რკინისათა და ეპყრათ ეგე ოთხთა შავთა მხეცთა საშინელთა, ვიდრემდე აღასრულებდა სამღთოსა ჟამისწირვასა, და ვიდრეღა იყო იგი ეკკლესიასა შინა, მე მოვედ შენდა, უფალო ჩემო, და შენ წარმგზავნე მე მოწოდებად მისსა და არღარა იყო მუნ“.
ხოლო ესმა რა ესე მთავარსა, დაუკვირდებოდა და შიშმან მოიცვა იგი ესევითარისა თქმისაგან, უპყრა ჴელი ხუცესსა მას და შეიყვანა იგი სალოცავსა სენაკსა თვისსა. და ჰრქუა მას: „რაჲ არს ესე, რომელსა ყრმა ესე იტყვის?“ ხოლო მღუდელი იგი შეუვრდა მთავარსა მას ფერჴთა ქვეშე და ეტყოდა: „ვინათგან უფალმან ღმერთმან ჩვენმან არა დაგიფარა, რომელი არს ჩემთვის, და მეცა ვსთქუა, უფალო ჩემო! რამეთუ, ოდეს მამულსა შინა ჩემსა ვიყავ, მტერმან სულისა ჩემისამან მიბრკმა მე და შთავარდი ცოდვასა. და სცნა ეპისკოპოსმან ჩემმან და მომცა მე კანონი, და ბრძანა განყენება ჩემი მღუდელობისაგან. ხოლო ვიყავ მე გლახაკ და თვინიერ მღუდელობისა შეუძლებელ ცხოვრებისა და მოვედ აქა. ხოლო შენ, უფალო ჩემო, მოწყალე ექმენ უცხოებასა ჩემსა და სიგლახაკესა და შემიწყნარე სახლსა შინა შენსა. ხოლო მე უბადრუკმან დავსთრგუნე თვისი სვინიდისი და კანონი ღმრთისა შეურაცხ ვჰყავ და საუკუნო საშინელი სატანჯველი დავივიწყენ და უჯეროდ ვმსახურებდი დღეინდელად დღედმდე. არამედ ვინათგან ღმერთმან გამომიცხადა მე, არღარა ვარ აწ ღირს მიხედვად შენდა, უფალო ჩემო“.
ხოლო ესმა რა ესე მთავარსა, ჰრქუა მას: „ჵ, კაცო! უმჯობეს იყო შენდა პური ლიტონი მიღებად ცხოვრებისათვის საწუთოჲსა, ვიდრეღა დათრგუნვა მცნებისა ღმრთისა – შეუხებელთა და საშინელთა საიდუმლოთა შეკადრებაჲ. რამეთუ ამისთვის იტყვის სამღთო მოციქული, ვითარმედ: „გული უთქუამსთ ანგელოსთა ჭვირობად”[I პეტ. 1,12] და ვითარ, შენ უღირსად მყოფსა, გიკადრებიეს?! გარნა ვინათგან კაცთმოყვარე არს უფალი ჩვენი და შეიწყნარებს ჭეშმარიტებით მონანულსა, წარვედ უკუჱ მონასტერსა და შეინანე მტკიცედ ამიერითგან, ვიდრე ცხოვრებისა შენისა, რათა მოწყალე გექმნას შენ, ღმერთი, ესევითარისა უღირსებისა შენისათვის. რამეთუ, ვჰგონებ მე, ვითარმედ არა არს სხუა ცოდვა უფროს და უმეტეს ამისსა, რომელ ოდეს მღუდელი უღირს იყოს და იკადროს მსხვერპლისა შეწირვა ღმრთისა”. ხოლო ეტყოდა რა იგი ამას, განუტევა იგი მონასტერსა სინანულად. ღმერთსა ჩვენსა დიდება, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ი [10]
თუ ვითარი ჴელმწიფება აქუსთ ეპისკოპოსთა

მოგვითხრობდა ვინმე, მონა ქრისტესი, ვითარმედ: პირველ დევნულებისა ქრისტეანეთასა, ეპისკოპოსმან ხუცესი ვინმე განაყენა მღუდელობისაგან რომლისამე მიზეზისათვის. და წარვიდა მღუდელი იგი სხუასა ქვეყანასა საქმისა რაჲთვისმე და მუნ შეპყრობილ იქმნა წარმართთაგან. და ფრიად სტანჯვიდეს უარისყოფად ქრისტესა და არა უარ ჰყო. და წარკვეთეს თავი და იქმნა მოწამე ქრისტესი.
და შემდგომად მცირედისა დასცხრა დევნულებაჲ და მთავარმან მის ქალაქისამან იხილა სასწაული წმიდისა მის მოწამისა და აღუშენა მას ეკკლესია. და აღმოიღო წმიდა ნაწილი იგი მისი და შთადუა ლუსკუმასა შინა, და დაასვენა შინაგან სიწმიდესა ეკკლესიისასა.
ხოლო მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეპისკოპოსსა და ენება კურთხევა ეკკლესიისა. ოდეს იწყო მღუდელმან ლოცვა მწუხრისა, პირველსავე დაწყებასა, შეიძრა ლუსკუმა იგი და გამოვიდა გარე ეკკლესიით, არავისგან ტვირთული. ხოლო შიშმან და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მუნ მყოფნი და კვალად მოიღეს ლუსკუმა იგი მუნვე ეკკლესიად ადგილსა თვისსა. და ოდეს ეპისკოპოსი მისცემდა ერსა მშვიდობასა, მეყსეულად გამოვიდა კვალად ლუსკუმა ეკკლესიით.
ხოლო მთავარმან იხილა რა ესე, შეეშინა და იწყო აღსაარებად და ტირილად ღმრთისა მიმართ და იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვათა ჩემთათვის არა ჰნებავს წმიდასა ამას მოწამესა დამკვიდრებაჲ ეკკლესიასა ამას შინა“. ეგრეთვე ყოველივე ერი იტყოდა. სტიროდენ და ჰგოდებდენ მხილველნი ამის საკვირველებისანი.
და მოწევნასა ღამისასა გამოუჩნდა წმიდა იგი მოწამე ეპისკოპოსსა და ეტყოდა: „რად შეიწუხებთ თქვენ თავთა თქვენთა? უწყითა თუ რად არა დავადგრები თქვენთანა ეკკლესიასა ამასა შინა?! არამედ ჰყავთ სიყვარული და წარვედით ეპისკოპოსისა მიმართ ჩემისა და აიძულეთ მოყვანებად აქა და განსხნად ჩემდა. რამეთუ განმაყენა მე მსახურებისაგან წირვისა და ამისთვის არა ძალმიძს თქვენთანა ყოფაჲ ეკკლესიასა შინა. და გამოვალ გარე, ვინათგან შეკრულ ვარ მისგან და ვერ შემძლებელ ხარ შენ განხსნად ჩემდა, რამეთუ იგი ცოცხალ არს; და არცა მეოხებად მე თქვენდა ძალმიძს, არცა ხილვად პირი ქრისტესი, რამეთუ წამებისა გვირგვინი მოვიღე და პირი ქრისტესი ვერ ვიხილე, რამეთუ მან თავადმან ბრძანა, თქვენ მღუდელმთავართათვის, ვითარმედ: „რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა“(მთ. 18,18). ესე სთქუა და უჩინო იქმნა.
და ხვალისად აღუარა ეპისკოპოსმა მთავარსა მას. ხოლო ესმა რა ესე ყოველი მთავარსა ეპისკოპოსისაგან, მხიარულ იქმნა. და წარვიდა ეპისკოპოსი კრებულითურთ და მიიწივნეს მსწრაფლ მის ეპისკოპოსისა მიმართ, რომელი წმიდისა მოწამისაგან უწყებულ იყო. და მიუთხრა მას ყოველივე წმიდისა მისთვის მოწამისა. და აღსდგა მსწრაფლ ეპისკოპოსი იგი და წარმოვიდა მათ თანა. მოვიდა და თაყვანის სცა წმიდასა მას მოწამესა და ჰრქუა: „ქრისტემან, შემკვრელმან შენმან სიმდაბლისა ჩემისა მიერ, ხსნილ გყოს შენ აწ დათხევითა სისხლთა შენთათა სახელისა მისისათვის, შემოვედ და ეგენ ჩვენთანა!“
და შეასვენეს ლუსკუმა ეკკლესიასა შინა და აღასრულეს სამღთო მსახურებაჲ და არღარა შეიძრა ლუსკუმა იგი ადგილისაგან თვისისა. და მიერითგან იქმნებოდა მრავალი სასწაული მის მიერ.
ამისთვის უკუჱ, ჵ, ღმრთისმოყვარენო, გულისჴმა ვჰყოთ, რამეთუ დიდ არს ძალი და ჴელმწიფება მღუდელმთავრობისა. რამეთუ: „რაოდენსა შეჰკრვენ ქვეყანასა ზედა, კრულ იქმნებიან ცათა შინა, და რაოდენსა განხსნიან ქვეყანასა ზედა, ხსნილ იქმნებიან ცათა შინა“[მთ. 18,18], ვითარცა უფალი და ღმერთი ჩვენი იტყვის და მოსცემს ჴელმწიფებასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 


თხრობა ია [11]
თუ ვითარი ძალი აქვსთ წმიდათა კაცთა

იყო ვინმე მონაზონი სკიტეს შინა, მორჩილებასა ქვეშე მამისა სულიერისასა მრავალთა წელთა. და შემდგომად რაოდენთამე ჟამთა, შურითა ეშმაკისათა განვარდა მორჩილებისაგან და განვიდა ჴელთაგან მოხუცებულისათა უმიზეზოდ, თვინიერ ყოვლისავე ბოროტისა და შეჭირვებისა და შერისხვისა. და რისხვეულ იქმნა ურჩებისა მიზეზისათვის და წარვიდა ალექსანდრიად და მუნ შეპყრობილ იქმნა ურწმუნოთა მთავართაგან. და განძარცვეს სახე მონაზონებისა და აიძულებდეს გებად კერპთა, ხოლო იგი არა ერჩდა მათ. და ჰგვემეს უწყალოდ ზროხისა ძარღუებითა. და ამისა შემდგომად ბრძანეს წარკვეთა თავისა მისისა და განაჩინეს გუამისა მისისა მიგდებად ძაღლთა.
ხოლო ქრისტეს მოყვარენი ვინმე მოვიდეს ღამე, აღიღეს გუამი მისი და სუნნელებითა წარგრაგნეს იგი და დასდვეს ლუსკუმასა შინა და მოიღეს ეკკლესიად, ვითარცა მოწამე. ხოლო ოდეს იქმნებოდა ჟამისწირვა და სამღთო ქადაგი ჴმობდა: „რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით“, მაშინ ყოველთა სახილველად, თვით ლუსკუმა იგი განვიდოდა გარე, თვინიერ კაცობრივისა ჴელისა შეხებისა; და იყოფებოდა ეკკლესიისა ბჭეთა წინაშე, ვიდრე განტევებადმდე ერისა. ეგრეთვე კვალად თვით ლუსკუმავე იგი შემოვიდოდა ადგილსავე თვისსა და იყოფებოდა, სადაცა აქუნდა ჩვეულება დგომისა. ხოლო ესრეთ რა იქმნებოდა, განჰკვირდებოდენ მხილველნი ამისნი.

იხილა უკუჱ ესე საკვირველება დიდთა წმიდათაგანმან ვინმე და ევედრა ღმერთსა ამისთვის. და წარმოუდგა მას ღირსსა ანგელოსი უფლისა და ეტყოდა: „რაჲსა განცვიფრებულ ხარ საქმისა ამისთვის? არა მიიღესაა მოციქულთა ჴელმწიფება შეკრვად და განხსნად, და მათგან შემდგომად მათსა კვალად მათთაცა მოწაფეთა?! ხოლო ამან უკუჱ ძმამან დასთხია სისხლი თვისი ქრისტესთვის და საკურთხეველსა შინა ვერ ძალუძს დგომად, რამეთუ ჟამსა წირვისა მსახურებისასა, განიდევნების ანგელოსთა მიერ ვიდრე წინა ბჭედმდე, რამეთუ ეგე მმარხველისა ვისიმე მოწაფე იყო და ურჩებისათვის შეიკრა მისგან და ეგრეთვე შეკრული ჰგიეს აქამომდე. რამეთუ ამან მოწამემან გვირგვინი უკუჱ წამებისა მიიღო, არამედ, ვინათგან შეკრული არს, არა ძალუძს მუნ დგომად სამღთოსა წირვისა მსახურებასა, არათუ შემკვრელმან განხსნას ეგე.
ხოლო სცნა რა ესე სამღთომან მან კაცმან, აღსდგა და წარვიდა მის მმარხველისა მიმართ და აუწყა მას ყოველივე წესისაებრ. და იგი შთავიდა ალექსანდრიად მისთანა და მივიდენ ეკკლესიად, სადაცა მდებარე იყო გუამი ახლისა მოწამისა. და შევიდენ და განაღეს ლუსკუმა იგი და შენდობა ჰყვეს ერთბამად და ამბორს უყვეს მას. და დასდგენ დიდებისმეტყველებად ღმრთისა და აღასრულეს ჟამისწირვაჲ. და მიერითგან ჰგიეს მოწამე საკურთხეველსა შინა შეუძრველად დღეინდელად დღედ­მდე. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა იბ [12]
შემდგომად მიცვალებისაცა შენდობისათვის

მღუდელი ვინმე შერისხულ იქმნა თვისისა ეპისკოპოსისა მიერ და განყენებულ მღუდელობისაგან. და განვიდა იგი რომელსამე სოფელსა სახმრისა რაჲსათვისმე და მუნ ყოფასა მღუდლისასა, შეემთხვია ეპისკოპოსსა მყის მიცვალებაჲ. ხოლო მღუდელი დაშთა შეკრული ეპისკოპოსისა მიერ და იყო მწუხარებასა შინა დიდსა; გარნა ვერარაჲსა მგონებელი, თუ რაჲმე ჰყოს.
აღვიდა კოსტანტინუპოლის და მივიდა მთავარეპისკოპოსისა მიმართ, კაცისა ღმრთისა და აღუარა მას საქმე თვისი. ხოლო მან ჰრქუა მღუდელსა: „მაუწყე მე, შვილო, შეცოდება შენი, უკეთუ თვინიერ სჯულისა შეკრულ ხარ შენ მის მიერ და მოგცე შენ განხსნაჲ შენდობისა“. ხოლო მან ჰრქუა: „მეუფეო წმიდაო, საქმისა რაჲსათვისმე წარმგზავნა მე ეპისკოპოსმან ჩემმან, წარვედ და ვერ შეუძლე საქმესა მას ქმნად. ამას ზედა განრისხნა და განმაყენა მე მღუდელობისაგან“. და ჰრქუა მას მთავარეპისკოპოსმან: „შეცოდება შენი, შვილო, ვითარ იტყვი, არარაჲ არს, და თვინიერ სჯულისა განუყენებიხარ; გარნა მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ: არა ჯერ არს, რათა ერთმან შეჰკრას და მეორემან განჰხსნას, არამედ, რომელი ენებოს უფალსა შენთვის, ეგრეთ იყავნ“.
და წარვიდა მთავარეპისკოპოსი მონასტერსა ერთსა და თანა წარიყვანა მღუდელი იგი და ჰრქუა წინამძღვარსა და ძმათა: „ამას მღუდელსა ესევითარი საქმე შემთხვევია. აწ გლოცავთ თქვენ, წმიდანო მამანო, ღმრთისათვის შრომა ჰყავთ მსგეფსსა ამას მარხვითა და მღვიძარებითა და ლოცვითა, რათა ღმერთმან ვედრებითა თქვენითა შეიწყალოს მღუდელი ესე უსამართლოდ შეკრვისაგან“. და მათ ჰრქუჱს: „ვჰყოთ ბრძანებისაებრ შენისა, მეუფეო წმიდაო“. ხოლო დაადგრა მთავარეპისკოპოსი მღუდლისა თანა მუნ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა და გულითა შემუსრვილითა. და აღსრულებასა მსგეფსისასა, საცისკროსა დიდება მაღალიანისა თქმასა ზედა, გამოსჩნდა ეპისკოპოსი იგი მთავარეპისკოპოსისა თანა. და ეტყოდა მღუდელსა მთავარეპისკოპოსი: „იცნობაა ამას, მდგომარესა ჩემთანა?“ მიუგო მღუდელმან: „ჰე, მეუფეო წმიდაო, ეპისკოპოსი ჩემი არს“. და მან ჰრქუა: „მოვედ და თაყვანის ეც და მიიღე შენდობაჲ“. მივიდა უკუჱ მღუდელი და დავარდა ქვეშე ფერჴთა მისთა და ევედრებოდა მეტყველი: „შემინდევ, უფალო ჩემო, ღმრთისათვის“. ხოლო გამოჩინებულმან მიუგო სამგზის: „ღმერთმან შეგინდვნეს შენ, შვილო!“ ესე სთქუა და უჩინო იქმნა.
ხოლო იხილეს რა მთავარეპისკოპოსმან, წინამძღვარმან და ძმათა ყოველთა ქმნილი ესე დიდებული სასწაული, ადიდებდეს ღმერთსა საკვირველთმოქმედსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა იგ [13]
უბრალოდ შესმენილისა ეპისკოპოსისათვის

მოგვითხრობდა ამბა თეოდორე ჰრომაელი, ვითარმედ: არს ოცდაათ სტადიონ ქალაქისაგან ჰრომისა მცირე ქალაქი, რომელსა ეწოდების რომულ. მას ქალაქსა შინა იყო ეპისკოპოსი ფრიად კეთილი და პატიოსნისა ჩვეულებისა მომგები.
ხოლო ერთგზის წარვიდა ვინმე რომულ ქალაქით აღაპისტოს ჰრომთა პაპისა მიმართ და შეასმენდა ეპისკოპოსსა, ვითარმედ: სიწმიდისა ფეშხუმსა ზედა სჭამსო. ხოლო ესმა რა ესე პაპასა, განუკვირდა და წარავლინნა ორნი მნენი და მოიყვანეს ეპისკოპოსი იგი წინაშე მისა და შეაყენეს სამ დღე პყრობილად სენაკსა ერთსა. და დამთხვევასა წმიდისა კვირიაკისასა, იხილა პაპამან ძილსა შინა ჩვენებაჲ განთიად წმიდისა კვირიაკისასა, ვითარმედ დიდებულმან ვინმე ჰრქუა: „ამას კვირიაკესა ნუ სწირავ შენ, ნუცა სხუა მნეთა შენთაგანი და ნუცა ეპისკოპოსი ამის ქალაქისა, არამედ ეპისკოპოსი, რომელი გყავს პყრობილად შეყენებული, მას არქუ, რათა შევიდეს და სწიროს“. ხოლო განიღვიძა რა, განუკვირდებოდა პაპასა ჩვენება იგი, რომელი იხილა; და იტყოდა თავსა შორის თვისსა: „ესევითარი შესმენა მესმა მისთვის და იგი სწირვიდესმეაა?“ და კვალად მოვიდა ჴმაჲ მისა მიმართ მეტყველი: „ძილსა შინა რა გარქუ შენ?! რომელი არს პყრობილად ეპისკოპოსი, მან სწიროს!“
ეგრეთვე მესამედ ეჩვენა მას და ვერარას სცნობდა; და წარგზავნა კაცნი ეპისკოპოსისა მიმართ და მოიყვანა იგი. ჰკითხვიდა მას და ეტყოდა: „ჵ, ეპისკოპოსო, რაჲ არს მოქმედება შენი?“ ხოლო ეპისკოპოსი არარას მიუგებდა სიმდაბლით, გარნა ჰრქუა: „ცოდვილ ვარ, მეუფეო წმიდაო“. ვითარცა არარას სხუასა ეტყოდა ეპისკოპოსი, მაშინ ჰრქუა მას პაპამან: „დღეს შენი ჯერ არს წირვაჲ!“
და აჰა, დგომასა მისსა წმიდისა შინა საკურთხეველისა და პაპაცა იყო მახლობელ მისა მდგომარე, და დიაკონნი გარემოსდგომოდეს წმიდასა ტრაპეზსა. იწყო მსახურებაჲ წმიდამან ეპისკოპოსმან და თქმად ლოცვისა და ასამაღლებელისა. და პირველ აღსრულებისა იწყო მეორედ მასვე ლოცვისა თქმად და კვალად მასვე ლოცვასა იტყოდა მესამედ. ხოლო ვინათგან ყოველნი განკვირდებოდეს და შეძრწუნდებოდეს, ჰრქუა მას პაპამან: „რაჲ არს ესე, რომელ მასვე ლოცვასა მეოთხედ იტყვი და არა აღასრულებ მას?“ მაშინ მიუგო ეპისკოპოსმან: „შემინდევ მე, წმიდაო მეუფეო, რამეთუ ვერ ვიხილე მოსლვა სულისა წმიდისა და ამისთვის არა აღვასრულე ლოცვაჲ, არამედ, წმიდაო მეუფეო, დიაკონი მახლობელ ჩემსა მდგომარე, წუთ ერთ განაშორე წმიდისა საკურთხეველისაგან, რამეთუ მე ვერ ვიკადრებ თქმად მისდა“. მაშინ ნეტარმან აღაპისტოს უბრძანა დიაკონსა მას და განეშორა. და იხილა ეპისკოპოსმან და პაპამან მოსლვა სულისა ყოვლადწმიდისა. და დიდი დაფარნა, რომელი ჰბურავს წმიდასა შესაწირავსა, თვით აღეხადა მრწამსის თქმაზე, ჰფარვიდა და აგრილობდა პაპასა და ეპისკოპოსსა და ყოველთა წინაშე ტრაპეზისა მდგომარეთა და წმიდასა საკურთხეველსა ვიდრე ჟამადმდე.
მაშინ სცნა ღირსმან აღაპისტოს, ვითარმედ: „დიდ არს და წმიდა ესე ეპისკოპოსი, არამედ უბრალოდ შესმენილ იქმნა“; და განუტევა იგი მშვიდობით თვისსა საეპისკოპოსოსა.
და ესრეთ შემნანებელმან დაიდვა გულსა თვისსა, რათა არა შეიწყნაროს შესმენაჲ და ძვირისხსენებაჲ, თვინიერ ჯეროვნისა და ჭეშმარიტისა გამოძიებისა. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა იდ [14]
უბრალოდ შესმენილისა მღუდლისათვის

სამარია ქალაქით არს რვა უტევან დაბაჲ, რომელსა აქუს ეკკლესია შვენიერი, რომლისა მღუდელი შესმენილ იქმნა ეპისკოპოსისა მიმართ. და არა გამოიძია მისთვის ეპისკოპოსმან, არამედ წარავლინნა და მოიყვანეს იგი და მისცა საპყრობილესა, სადაცა იყვნეს შეცოდებულნი მსახურნი. ხოლო ყოფასა მისსა საპყობილესა შინა მოიწია წმიდა კვირიაკე და მას ღამესა გამოუჩნდა მას ჭაბუკი ფრიად შვენიერი და ეტყოდა: „აღსდეგ, მღუდელო და წარვედ ეკკლესიად, რომელი არს მას დაბასა და აღასრულე ჟამისწირვაჲ!“ და ჰრქუა მას მღუდელმან: „არა ძალმიძს, რამეთუ შეკრულ ვარ“. და ეტყოდა მას ცხადად: „მე განგხსნი შენ; აღსდეგ და შემომიდეგ მე!“ და განახუნა კარნი და გამოიყვანა იგი და ვიდოდა წინაშე მისსა ვიდრე ერთ სტადიონადმდე და დაბადმდე ხუცისა – და იქმნა განთიად.
შევიდა მესაპყრობილე და ეძიებდა ხუცესსა და ვერ ჰპოვა იგი. ხოლო წარვიდა ეპისკოპოსისა მიმართ და ჰრქუა: „იყვნეს, უფალო, კარნი საპ­ყრობილისანი დახშულ და კლიტენი მეპყრნეს მე; და შევედ რა, ვერღარა ვიხილე ხუცესი მუნ“. წარგზავნა ეპისკოპოსმან ერთი ყრმათა თვისთაგანი და ეტყოდა: „წარვედ და იხილე მღუდელი იგი, უკეთუ არს თვისსა დაბასა, და ნურარას ეტყვი მას“. წარვიდა ყრმა იგი დაბასა და ჰპოვა მღუდელი ეკკლესიასა შინა წმიდისა წირვისა მოქმედად, მოიქცა და ჰრქუა ეპისკოპოსსა, ვითარმედ: „მუნ არს და ვიხილე შემწირველად მსხვერპლისა“. ხოლო ეპისკოპოსი უმეტესად განრისხნებოდა მისზედა და ჰფუცა, ვითარმედ: „ხვალისა დღედ ფრიადითა უპატიოებითა მოვიყვანო იგი“.
და მას ღამესა გამოუჩნდა მღუდელსა, რომელი იგი პირველ ეჩვენა და ეტყოდა: „წარმოვედ შენ, რათა წარგიყვანო, სადაცა იყავ შეწყვდეულ ეპისკოპოსისა მიერ საპყრობილესა“. და წარუძღვა იგი და მიიყვანა მუნვე საპრობილესა და ვერარაჲ სცნა მესაპყრობილემან. და დღესა მეორესა სცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ: ხუცესი მუნ არს საპყრობილესა შინა. მაშინ მოუწოდა ხუცესსა და ჰკითხვიდა მას: „ვითარ განხვედ საპყრობილით და ვითარ კვალად შეხვედ უცნაურად მესაპყრობილისა?“ და ჰრქუა ხუცესმან, ვითარმედ: „ყრმა, ფრიად სახეშვენიერი, მოვიდა შენ მიერ, მეუფეო წმიდაო; მიბრძანა მე წარსლვად დაბასა, ეკკლესიასა ჩემსა. და განმიღო მე საპყრობილე და განმიყვანა მუნით და ვიდოდა წინაშე ჩემსა ვიდრე ერთ სტადიონადმდე. და კვალად მეორესა მას ღამესა მანვე მომიყვანა მე და შემსვა საპყრობილესა“.
და მოიყვანნა ეპისკოპოსმან ყოველნი მსახურნი თვისნი და დაადგინნა წინაშე ხუცისა და ვერცა ერთი მათგანი სცნა მღუდელმან. მაშინ გულისჴმა ჰყო სულითა წმიდითა ეპისკოპოსმან, ვითარმედ ანგელოსმან ღმრთისამან ჰყო ესე, რათა არა დაიფაროს კეთილი ცხოვრება პატიოსნისა ამის მღუდლისა, არამედ ყოველთა სცნან ძალი ღმრთისა, რომელმან ადიდნის მონანი თვისნი.
ხოლო ეპისკოპოსსა სარგებელ ეყო და განუტევა მღუდელი ღმრთისა მშვიდობით; და ფრიად საჯა, რომელმან შეასმინა იგი და შერისხნა, რათა არა სხვამან მოიღოს შესმენაჲ მღუდლისათვის. ღმერთსა ჩვენსა დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა იე [15]
უბრალოდ შესმენილისა ბერისათვის

იყო ვინმე ბერი ქალაქსა შინა ალექსანდრიისასა და ვიდოდა ერთისა ჰასაკოვანისა ქალისა თანა და ითხოვდა დღე ყოველ ქველისსაქმესა. ხოლო რომელნიმე მხილველნი მათნი დაბრკოლდებოდეს და ჰგონებდეს თუ ცოლი მისი არს. შეასმინეს იგი იოანე მოწყალესა მეტყველთა: „მეუფეო ღმრთისმსახურებისაო, სწორ ანგელოსთა ცხოვრებასა მონაზონთა სახესა ჰბასრობს ბერი იგი, რამეთუ ჰყავს ქალი ვინმე ცოლად თავისა თვისისა.
ხოლო მსმენელმან ამისმან, ნეტარმან იოანე, ჰგონა, ვითარმედ: დააყენოს ესევითარისა ცოდვისაგან. და წარავლინნა კაცნი, რათა შეიპყრან ბერი იგი და ჰგვემონ და შეაგდონ საპყრობილესა შინა და ქალი იგი განუტეონ. და ჰყვეს ესე ბრძანებისაებრ იოანესსა.
და მას ღამესა ეჩვენა ბერი იგი იოანეს და უჩვენა წყლულებანი ორისავე ბეჭისანი და ეტყოდა მას: „ესრეთ სათნო გიჩნდაა, უფალო? ჭეშმარიტად სცთი, ვითარცა ერთი კაცთა შორის!“
და ხვალისად მოეხსენა იოანეს ბერი იგი და მოუწოდა მას საპყრობილით. და განიზრახა გულსა თვისსა: უკეთუ მსგავსი მისი არს გამოჩინებული იგი, და ძნიად მოვიდა დიდითა შრომითა ბერი იგი შეუძლებელი ფიცხელთაგან წყლულებათა. ხოლო იხილა რა იოანე, განცვიფრდა და აიძულა იგი, რათა განიხადოს სამოსელი თვისი, შეუკდემელად და იხილოს ბეჭნი მისნი იოანე, უკეთუ ეგრეთ არს, ვითარცა ძილსა შინა იხილა. და იწყო ბერმან განძარცვა სამოსლისა თვისისა – კვართი ნიფხავითურთ. და იხილეს იგი, რამეთუ საჭურისი იყო, არამედ ვინათგან ჭაბუკ იყო, ამისთვის არა ვისგან საცნაურ იყო. ხოლო იხილეს რა წმიდამან იოანე და მუნ მყოფთა ყოველთა, ევედრნეს ბერსა მას მიტევებისათვის, ვითარმედ უმეცრებით ვსცოდეთ ღმრთისა მიმართ და შენდა მომართცა, წმიდაო ღმრთისაო. და შემასმენელი იგი ბერისა შეაგდო საპყრობილესა, რათა კვალად არღარა იქმნეს შემასმენელ.
ამისა შემდგომად ტკბილითა სიტყვითა ჰსწავლა ბერიცა იგი იოანე და ეტყოდა: „ჵ, შვილო, არა ეგრეთ არს ცხოვრება თქვენითა გვირგვინითა შემოსილისა და წმიდათა ანგელოსთაებრ სახითა, თვინიერ კრძალულებისა, ქალაქსა შინა დედათა თანა სლვაჲ დასაბრკოლებელად მხილველთა“.
მაშინ ბერმან მრავლითა სიმდაბლითა მოახსენა წმიდასა პატრიარხსა, ვითარმედ: „გრწმემინ ჩემი, მეუფეო წმიდაო, ესე ყოველი მართლიად აღვიარო წინაშე სიწმიდისა შენისა. პირველ მცირედთა დღეთა განვიდოდი ქალაქით თაყვანისცემად წმიდისა ამბა კვირიკესა. შემემთხვია მე გარე ქალაქისა ქალი ესე და იყო მწუხრი. მოისწრაფა ჩემდა და შემომივარდა ფერჴთა ჩემთა და მევედრა ფრიად და მეტყოდა, ვითარმედ: „წარმიყვანე შენთანა“. და აღმიარა შვილ ყოფა ჰურიისა და უნებდა ქრისტეანედ ყოფაჲ. და იწყო სჯად სიტყვითა საშინელითა, რათა არა დაუტეო იგი წარსაწყმედელად. და შემეშინა მე ღმრთისა და წარმოვიყვანე იგი; ვჰგონებდი, ვითარმედ: ვერ შემძლებელ არს ეშმაკი განსაცდელისა მოვლენად საჭურისსა ზედა და არა უწყოდი თუ არავის ჰრიდებს. და მირავედ მე სიწმიდესა ღმრთისასა, ლოცვა ვჰყავ და ნათელ ვეც მას წმიდისა თანა ამბა კვირიკესსა. და ვიდოდი მის თანა სიმართლითა გულისათა და ვითხოვდი მცირესა საზრდელსა, რათა მივსცე იგი მონასტერსა შინა ქალწულთასა“.
და ოდეს ესმა პატრიარხსა ესე ყოველი, ჰრქუა მას: „ჵ, შვილო, რაოდენნი დაფარულნი ჰყვანან ღმერთსა და ჩვენ გლახაკთა ამათ არა უწყით“. და მიუთხრა მუნ მყოფთა ყოველთავე ჩვენებაჲ, რომელი იხილა ღამესა მას მისთვის და მოიღო ასი დრაჰკანი და თვისითა ჴელითა მისცა ბერსა. ხოლო ნეტარმან მან ბერმან არარაჲ აღიღო მისგანი არცა ერთი, არამედ ღირსმან ხსენებისამან ჰრქუა: „მე არა მიხმან ესენი, მეუფეო წმიდაო, რამეთუ უკეთუ აქუნდეს ბერსა სარწმუნოებაჲ, ესე არად სახმარ არს მისთვის. და უფროსად დაუმტკიცებდა პატრიარხი ყოველთა მსმენელთა, ვითარმედ: ჭეშმარიტი მონა ღმრთისა არს. ხოლო ბერმან თაყვანი სცა პატრიარხსა და წარვიდა გვირგვინითა ბრწყინვალითა.
და მიერითგან პატრიარხი უფროსად პატივ სცემდა მონაზონთა, მწირთა და მოწლედ, სიყვარულით, კეთილად მიითვალვიდა. და ადგილსა ერთსა მყუდროსა აღაშენა სამარტვილე სადგურად მწირთა ბერთა, რათა მუნ განისვენებდენ და ადიდებდენ ღმერთსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი დაფარულნი, რამეთუ მისა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ივ [16]
მღუდლისათვის მოწყალისა

წმიდა გენადიოს პატრიარხი მივიდოდა ნაწილთა მიმართ წმიდისა მოწამისა ანასტასიასსა და სიმრავლე ერისა წინაუძღოდა მას სან­თლებითა და საკმეველითა. და იყო მათ შორის მღუდელი ვინმე პატიოსანი სახელით მარკიანე. და იგიცა, მათ ყოველთა მღუდელთა თანა, წინაუძღოდა პატრიარხსა. და გლახაკი ვინმე ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო მღუდელმან მან ღმრთისამან არა უგულებელს ჰყო იგი, არამედ ყოვლითა გულითა უსმინა. და მიეფარა ადგილსა საიდუმლოსა და განიძარცვა სამოსელი თვისი და მისცა გლახაკსა მას და თვით იქმნა შიშველ, გარნა ფილონითა ოდენ შემოსილ. და ჰქმნა სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ: „ყოველი რომელნი გთხოვდეს შენ, მიეც და ნუ გარემიიქცევი“[მთ. 5,42]. ხოლო შერავიდენ ქალაქად და ეკკლესიასა წმიდისა მოწამისა ანასტასიასსა, არავინ უწყოდა ქმნილი მისი ქველისაქმე. და ლიტანიობდენ პატიოსანთა ნაწილთა და განემზადებოდენ სამღთოსა მსახურებასა. მოიწია რა ჟამი ფერჴთბანისა, დაიფარვიდა ფილონითა თვისითა სამღთო მარკიანე, რათა არავინ იხილოს იგი, ვითარმედ შიშველი არს. ხოლო დიაკონნი და მღუდელნი ყოველნი და პატრიარხიცა ხედვიდეს მას ეკკლესიასა შინა, ვითარმცა სამეუფოჲთა ბრწყინვალითა სამოსლითა მოსილსა ფილონსა ქვეშე მისსა; ეგრეთვე, ოდეს ეზიარებოდეს წმიდათა საიდუმლოთა, იხილა ვინმე მღუდელთაგანმან ესრეთ ბრწყინვალედ მოსილი და შეასმენდა მას პატრიარხსა. და ჰრქუა მან: „მეცა ეგრეთ ვიხილე“. და აღსრულებასა სამღთოსა წირვისასა, მიუწოდა მას პატრიარხმან გენადიოს საჭურჭლესა შინა და იწყო მხილებად და ყვედრებად მისა მეტყველმან: „რაჲ ეგე გიქმნიეს, ძმაო, გარეშე ეკკლესიურისა სჯულისა, ჯერ არსაა შენდა სამოსლითა სამეუფოჲთა წირვაჲ?!“ ხოლო იგი სიმდაბლით შეუვრდებოდა ფერჴთა მისთა და ეტყოდა: „შემინდევ, მეუფეო წმიდაო, რამეთუ არარაჲ ეგევითარი მიცნობიეს თავსა შორის ჩემსა“. ეტყოდა მას პატრიარხი: „ჩვენ ყოველთა გიხილეთ შენ და რად უარ ჰყოფ?“ და მოუჴდეს შემასმენელნი და აღადგინეს იგი და ახადეს ფილონი და იხილეს გუამი მისი შიშველი.
მაშინ სცნეს ყოველთა ჭეშმარიტებით ქმნილი მისი ქველისაქმე და ადიდებდეს ღმერთსა, რომელი მოსცემს საიდუმლოსა მადლსა მოყვარეთა მისთა. და მიერითგან საცნაურ იქმნა მრავალთა მიერ მოწყალებითა გლახაკთათა ცხოვრება მისი. და თვით სიგლახაკით და მოთმინებითა მადლობდა ღმერთსა.
ხოლო, ნაცვლად კეთილისა მის მოქალაქობისა მისისა, მოსცა მას ღმერთმან ნიჭი სასწაულთმოქმედებისა: ეშმაკთა განასხმიდა, სნეულთა ჰკურნებდა და უდაბნოსა ადგილსა ვიდოდა, და სადაცა ჰპოვის მკუდარი უღვაწი კაცთაგან, განბანის იგი და შესუდრის, და ეტყვინ: „აღსდეგ, ძმაო!“ და მყის აღსდგის მკუდარი იგი და ამბორს უყვის მას, და კვალად შეისვენის მკუდარმან მან.
ხოლო ესე ნეტარი მღუდელი, მარკიანე, ღმერთმან ადიდა – ანგელოსნი აქებდეს, კაცნი ეკრძალვოდეს, ეშმაკნი ძრწოდეს და ყოველი ერი განკვირდებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა იზ [17]
ეპისკოპოსისთვის მუშაკისა და მოწყალისა

მოგვითხრობდა ვინმე მამათაგანი ეპისკოპოსისა პავლესთვის, რომელმან დაუტევა ეპისკოპოსობა თვისი სიმდაბლით და მივიდა ანტიოქიას. და იზარდებოდა მუშაკობითა თვისითა და იქმოდა ქველისაქმესა ფრიადსა.
მას ჟამსა შინა იყო ვინმე კაცი ღმრთისმსახური და ფრიად მოწყალე, სახელით ეჶრემ და აშენებდა იგი ქალაქსა, რომელი იყო ძრვისაგან დაქცეულ. ხოლო დღესა ერთსა, ჟამსა სამხრობისასა, ოდეს განისვენებდეს მუშაკნი, იხილა ეჶრემ ეპისკოპოსი იგი მჯდომარე და მისგან ვიდრე ცადმდე აღემართოდა სვეტი ნათლისა ცეცხლებრ ბრწყინვალე, და მიერითგან იხილა მრავალგზის. ხოლო მხილველი ამისი ეჶრემ იყო განკვირვებასა შინა დიდსა, რამეთუ იყო სასწაული საშინელი და საკვირველებითა სავსე. და განიზრახვიდა თავსა შორის თვისსა, თუ რაჲმე იყოს ესე? რამეთუ ჰხედვიდა მას ზედა კვართსა უნდოსა და ფრიად მწიკვლოვანსა. და სული კაცისა მის ღმრთისა იყო შეშთობილ მრავლისაგან მარხვისა და შრომისა და მიუწოდა მას ეჶრემ, რამეთუ უნებდა ცნობა მისი, თუ ვინ არს კაცი იგი, ანუ რომლისა ქვეყანისაგანი არს. და იწყო გამოკითხვად მისდა, მეტყველმან: „სადათგან ხარ შენ, ძმაო, და რაჲ გეწოდების სახელად?“ ხოლო მან მიუგო: „მე ერთი უნდოთაგანი, ობოლი ვარ ქალაქისა ამის, უფალო, და არარაჲ ვიცი მოქმედებაჲ, რათა გამოვიზარდო მით, თვინიერ შენებისა ამის, და ღმერთი მზრდის ნაშრომთაგან ჩემთა“. ხოლო ეჶრემ ღმრთისა მიერ აღძრულმან, მიუგო მას: „გრწმენინ ჩემი, ძმაო, არა გიტეო შენ, ვიდრემდის საქმე შენი, ყოველივე ჭეშმარიტი, არა მაუწყო მე; და არცა ღმრთისა სათნო არს დაფარვად ჩემგან“. მიუგო პავლე: „მეც მე წინაშე ღმრთისა სიტყვაჲ, რათა არავის მიუთხრა, რომელი გაუწყო შენ“. მაშინ უკუჱ ეფუცა მას ნეტარი ეჶრემ, ვითარმედ: არავის მიუთხრას მისთვის, ვიდრემდის ცხოვრებასა შინა იყოს.
ამისა შემდგომად ჰრქუა პავლე: „მე უნდოჲ ესე ეპისკოპოსი ვიყავ და ღმრთისათვის დაუტევე ეპისკოპოსობა ჩემი და მოვედ აქა, რამეთუ არავისი მეცნიერ ვარ და მრავლითა ჭირითა ვმუშაკობ და ნაშრომთაგან ჩემთა ვჰყოფ თავისა ჩემისა საზრდელსა და უმრავლესსა გლახაკთა მივსცემ. უწყოდე მთავარო, რამეთუ ესევითარი მსხვერპლი სიმდაბლისა უფროს სათნო არს ღმრთისა“.
ხოლო მსმენელი ამისი, ნეტარი ეჶრემ, აკურთხევდა ღმერთსა და იტყოდა: „ჵ, რაოდენნი საიდუმლონი სათნონი მონანი ჰყვანან ღმერთსა და მისსა ოდენ საცნაურ არიან!“ და ჰრქუა მას ეჶრემ: „შესძინე მოწყალებასა შენსა, მეუფეო, რამეთუ მცირედთა დღეთა შინა იქმნე შენ ეპისკოპოს უფლისა მიერ და მჯდომარე მღუდელმთავრობისა საყდარსა ზედა, რათა კეთილად ჰმწყსიდე ერსა ამის ქალაქისასა და ეკკლესიასა ღმრთისასა, რომელი მოიყიდა სისხლითა თვისითა ქრისტემან“. და შემდგომად იქმნა ეპისკოპოს განგებითა ღმრთისათა.
ვისმინოთ ესე, ძმანო, რათა ქრისტეს სიყვარულითა დავმდაბლდეთ და მოწყალებასა კეთილად ვიქმოდეთ და მართლითა სარწმუნოებითა ვიღვწიდეთ და სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა, ყოვლისა კეთილისა მიზეზსა, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა იჱ [18]
ზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთა

იყო კაცი ვინმე ღმრთისმოყვარე და ფრიად მოსურნე სამღთოსა მოქალაქობისა. წარვიდოდა დღესა დიდსა ხუთშაბათსა თაყვანისცემად წმიდათა მონასტერთა. ხოლო სლვასა მისსა უდაბნოსა ადგილსა, მოეფინა სუნი სუნნელებისა მიუთხრობელი და გამოუთქმელი. და მიმოიხედვიდა, რათა სცნას, თუ ვინაჲ არს სუნი იგი სუნნელებისა. და იხილა ღრუბელი ნათლისა და ღრუბელსა მას ზედა, ვითარცა საყდარსა ზედა, მჯდომარე მოხუცებული მონაზონი, სპეტაკი თმითა, განათლებული პირითა და გან­ბრწყინვებული ხილვითა. და ამაღლდა ქვეყანით ღრუბელი იგი და წარვიდა აღმოსავალით კერძო. ხოლო კაცმან მან განცვიფრებულმან, თუალნი ზე შეადგნა და სულთ ითქუნა.
და ვითარცა მოიხილა მარჯვენით კერძო, იხილა განშორებული ვინმე, თმითა თვისითა სპეტაკითა შემოსილი. და მიისწრაფა მისდა და თაყვანის სცა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: „გევედრები შენ, ღმრთივსულიერო მამაო, მომითხარ მე, ღმრთისათვის, თუ ვინ ხარ შენ წმიდა ეგე ღმრთისა, ანუ ვინ იყო ღრუბლითა მავალი ღმერთშემოსილი იგი კაცი ღმრთისა?“ მიუგო წმიდამან ბერმან და ჰრქუა: „ვინათგან კაცთმოყვარემან ღმერთმან გამოგიცხადა შენ, რათა არა დაიფაროს მოწყალება მისი, ჩემებრ გლახაკთა ზედა ქმნილი, არამედ სარგებელ ეყოსთ მსმენელთა, გითხრობ შენ, შვილო.
მე კაცი ვარ ცოდვილი, ნათესავით ანტიოქელი. და ვიხილე ამაოება სოფლისა და გულისჴმა ვჰყავ საცთური ეშმაკისა და ვიჯმენ ყოველთაგან საქმეთა მისთა და მოვედ უდაბნოსა ამას ადგილსა. და ყოვლითა გულითა ჩემითა შეუდეგ ქრისტესა და ვევედრები სახიერებასა მისსა, ცხოვნებისათვის სულისა ჩემისა.
ვინათგან დღეს წმიდა და დიდი ხუთშაბათი არს, რომელსა შინა სათნო იჩინა განმაცხოველებელი სერობა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, და თავი თვისი შესწირა მამისა მიმართ, ცხოვრებისათვის ჩვენისა; და მოიღო პური წმიდათა მიერ ჴელთა თვისთა და სთქუა: „მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“[1 კორ. 11,23-24].
ამისთვის ყოველსა ქრისტეანესა სურისთ და უმეტესად დღეინდელსა დღესა, მიღებად საიდუმლო წმიდისა ზიარებისა. მეცა, უღირსი ესე, ვევედრე მაცხოვარსა ჩვენსა, იესო ქრისტესა, რათა ღირს მყოს წმიდასა ჴორცსა და სისხლსა მისსა ზიარებად, და არა უღირს იჩინა ვედრება ჩემი.
არამედ, ვითარცა მიცვალებასა ყოვლადუბიწოსა ღმრთის­მშობელისასა, წამისყოფითა თვისითა ღრუბლითა შემოჰკრიბნა კიდითგან სოფლისათ წმიდანი მოციქულნი მწრაფლ – სიონსა მარიამის თანა, ეგრეთვე მანვე ტკბილმან მეუფემან და სახიერმან მომივლინა ღრუბლითა სათნო თვისი, წმიდა ტიმოთე მესვეტე და თანა ჰყვა ღმერთმყოფელი საიდუმლო, რომელსაცა მაზიარა მე, უღირსი ესე, ცხოვრებად საუკუნოდ“.
ესერა სთქუა კაცმან მან ღმრთისამან, დადრკა ღრუბელი ნათლისა და მისცუალა იგიცა, ვითარცა სათნო უჩნდა უფალსა.
ხოლო კაცი იგი ქრისტეს მოყვარე, განკვირვებული ადიდებდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, – და წარვიდა მონასტერსა წმიდისა ტიმოთესსა. იხილა იგი და თაყვანის სცა მას ნეტარსა. ხოლო ტიმოთე, დაფარულთა მცნობელმან, გულისჴმა ჰყო სულითა წმიდითა მიზეზი მისლვისა მისისა და ამცნო მას, რათა არავის უთხრას, ვიდრე ცხოვრებასა შინა იყოს.
ხოლო კაცმან მან, ქრისტეს მოყვარემან, ჴელითა წმიდისა ტიმოთესითა მოიღო სურვილით წმიდა ზიარება და მადლობით თაყვანის სცემდა ღმერთსა, რომელმან სამღთოსა განგებულებითა თვისითა ღირს ჰყო ესევითართა წმიდათა კაცთა ხილვად და თაყვანისცემად. და შემდგომად ტიმოთეს აღსრულებისა, ყოველთა მოგვითხრა, რათა მსმენელნი ვადიდებდეთ ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ით [19]
წმიდისა ზიარებისათვის და წინასწარმცნობელობისა

იყო წინამძღვარი ვინმე მთასა სინასა სახელით გიორგი, ფრიად დიდი და მაღალი სათნოებითა და დიდად კრძალული მოღვაწებითა. ამან, ღმერთ­შემოსილმან კაცმან, დიდსა შაბათსა, სენაკსა შინა მჯდომარემან, განიზრახა თავსა შორის თვისსა ესრეთ მეტყველმან: „ნეტარ, თუმცა ღირს ვიქმნებოდე დღეს წმიდასა შინა იერუსალიმს ზიარებად წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, წმიდასა შინა ღმრთისა ეკკლესიასა“. და დღე ყოველ ამას იგონებდა. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა მოწაფე მისი და ეტყოდა: „მიბრძანე მე, მამაო პატიოსანო, კანონი წმიდისა ზიარებისა“. ხოლო ბერმან ჰრქუა მას: „განემზადე, შვილო, და ოდეს იქმნას ჟამი ზიარებისა, მომითხარ მე. მაშინ მოვიდე და გაზიარო შენ“. და ესრეთ ეგო ბერი სენაკსა შინა თვისსა.
ხოლო იქმნა რა ჟამი სამღთოსა წირვისა და ზიარებისა წმიდასა ღმრთისა ეკკლესიასა ქრისტეს აღდგომისასა, იპოვა ღირსი იგი ბერი, წამისყოფითა ღმრთისათა იერუსალიმს შინა ნეტარისა პეტრე პარტიარხისა თანა. და მისცა მას პატრიარხმან წმიდა ზიარება მღუდელთა მისთა თანა. ხოლო იხილა რა პატრიარხმან ღირსი იგი ბერი, ჰრქუა მთავარდიაკონსა თვისსა: „ოდეს მოსრულ არს წინამძღვარი მთისა სინისა – გიორგი?“ მიუგო მას მთავარდიაკონმან: „მეუფეო წმიდაო, მე არა მიხილავს იგი პირველ, გარნა აწ ვიხილე ლოცვითა შენითა წმიდითა“. ხოლო პატრიარხმან ჰრქუა დიაკონსა: „მიუთხარ მას, რათა არა განვიდეს, რამეთუ მნებავს, რათა ჩემ თანა ზოგად მივიღოთ საზრდელი“. ხოლო დიაკონი ეტყოდა მას, და მან ჰრქუა: „უკეთუ უფალსა ენებოს, იყავნ ეგრეთ“. და ვითარცა აღესრულა წირვაჲ, თაყვანის სცა ღირსმან ბერმან წმიდასა და ნათლით შემოსილსა საფლავსა, და ამბორს უყო მოწლედ და სურვილით, – და მეყსეულად იპოვა თვისსავე სენაკსა შინა სინას. და აჰა, მოწაფემან მისმან დაურეკა კარსა და ეტყოდა: „მოვედ, ღმრთივსულიერო მამაო, რათა მომცე წმიდა ზიარებაჲ“. მაშინ მივიდა ბერი ეკკლესიად და აზიარა მოწაფე თვისი.
ხოლო პატრიარხმან სურვილით მისწერა წიგნი წინამძღვრისა მიმართ და წარგზავნა სამნი ბერნი – სტეჶანე, ზოსიმე და დოვლედია. და მირავიდეს, მიუთხრეს ესე ყოველნი წინამძღვარსა. და მან, ნეტარმან, მიუგო: „ნუ იყოფინ ჩემდა შეურაცხება უფლისა თქვენისა და მეუფისა ჩემისა“. შესძინა მას ესეცა თქმად, ვითარმედ: „უწყოდეს შენმან ნეტარებამან, მეუფეო წმიდაო, შემდგომად ექვსთა თვეთასა, ორნივე ზოგად შემთხვევად ვართ მეუფისა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა თანა და მაშინ თაყვანისცემად და ურთიერთას ხილვად“.
ხოლო მიიქცეს რა ბერნი, მიუთხრეს პატრიარხსა თქმული ღმერთშემოსილისა მის მამისა, და ვითარმედ სამეოცდაათი წელი აქუს წმიდასა ამას ბერსა გამოუსლველად მთისაგან სინისა. ხოლო წმიდამან პატრიარხმან მოიყვანნა მოწამენი ეპისკოპოსნი და მგალობელნი, რომელთა მაშინ იხილეს იერუსალიმს ყოვლადღირსი ბერი, და იგინი იტყოდეს: „ჩვენ ყოველთა ამბორს უყავთ მას, ნეტარსა“.
და შემდგომად ექვსთა თვეთა, შეისვენა სანატრელმან მამამან გიორგი და წმიდამან პატრიარხმანცა, ვითარცა წინასწარმეტყველა სულითა მხილველმან ბერმან, და მივიდენ ზოგად ზეცისა იერუსალიმსა, დიდებასა შინა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა კ [20]
დაფარულთმცნობელობისათვის

იყო ვინმე მღუდელი ყოვლადპატიოსანი, სახელით ანასტასიოს დაბასა, რომელსა ჰქვიან სორინი. აქუნდა უკუჱ მღუდელობასა შინა ორმეოც წელ, მრავალნი სათნოებანი დაფარულად კაცთაგან, რათა „მამამან მისმან ზეცათამან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მიაგოს მას ცხადად“[მთ. 5,14].
ხოლო დღესა ერთსა, ვსხედით რა ერთბამად, სულითა წმიდითა ეუწყა საქმე მისი მამასა ჩვენსა დიდსა ვასილის და მრქუა ჩვენ: „ჵ, შვილნო ჩემნო, შემომიდეგით მე, რათა იხილოთ დიდება ღმრთისა“. და ვითარცა ჩვენ გამოვედით ქალაქით განთიად, ეუწყა ანასტასიოს მღუდელსაცა ძალითა სულისა წმიდისათა და ჰრქუა ცოლსა თვისსა, რომელი იგი იყო მისთანა, ვითარცა დაჲ: „დედოფალო ჩემო, მე წარვალ ხვნად და შენ აღსდეგ და მომზადე სახლი შენი. და მეცხრესა ოდენ ჟამსა აღანთენ სანთელნი და განვედ მარტოჲ მიგებებად მამისა ჩვენისა დიდისა ვასილი მთავარეპისკოპოსისა, რამეთუ მოვალს იგი სახლსა ჩვენ ცოდვილთასა განათლებად“.
ხოლო კეთილმან მან დედაკაცმან ჰყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ანასტასიოს მღუდელმან, შიშითა და სიხარულითა დიდითა. და იყო დედაკაცი იგი წმიდა და ქალწულად დაეცვა თავი თვისი ორმოც წელ ქმრისა თვისისაგან. ხოლო კაცთა ბერწ ეგონათ იგი.
და ვითარცა მივედით ჩვენ, მოგვეგება ღირსი იგი დედაკაცი ჯეროვნითა პატივითა და დავარდა იგი ქვეყანასა ზედა და თაყვანის სცა მიწადმდე. და აკურთხა იგი წმიდამან ვასილი და ჰრქუა: „ვითარ იყოფი შენ, დედაო ჩემო თეოღნია?“ და მას დიდად დაუკვირდა, რამეთუ სახელით უწოდა და მიუგო: „კეთილად ლოცვითა შენითა, წმიდაო ღმრთისაო“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „სადა არს ძმა შენი ანასტასიოს ხუცესი?“ ხოლო მან ჰრქუა: „ქმარი ჩემი არს, წმიდაო მეუფეო, და წარსრულ არს ჴვნად ველსა გარე; არამედ უკეთუ მიბრძანო, წარვიდე და ვაუწყო მას“. ხოლო წმიდამან ვასილი ჰრქუა მას: „ნუ დაშვრები, დედაო ჩემო, რამეთუ აჰა, მოსრულ არს იგი ვანად თვისსა“. და უფროსად დაუკვირდა დედაკაცსა მას, რამეთუ ესეცა ეუწყა, და სახელით უწოდა, და ქმარი მისი ძმად მისდა გამოაცხადა. და დავარდა იგი ქვეყანასა ზედა შიშით და ძრწოლით და ჰრქუა წმიდასა ვასილის: „ილოცე ჩემ ცოდვილისა ამის დედაკაცისათვის, წმიდაო მეუფეო, ღმრთისა მიმართ, რამეთუ ვხედავ შენ თანა საკვირველებათა დიდთა“. და ულოცა თეოღნიას და აკურთხა სახლი მისი.
ხოლო გამოვიდა მღუდელი იგი ღმრთისა მაღლისა და თაყვანის სცა მიწადმდე. და წმიდამან ვასილი მოიკითხა იგი სიყვარულით, ხოლო მღუდელმან ამბორს უყო ფერჴთა მისთა და ჰრქუა: „ვინაჲ ესე ჩემდა, რამეთუ მოვიდა ჩემდა წმიდა ღმრთისა“. და ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „კეთილად გპოვე, მწყემსო ქრისტესო, არამედ მოვედ და ვჰყოთ ლოცვაჲ“.
ხოლო მღუდელი იგი ღმრთისა იმარხვიდა ყოველთა დღეთა შაბათადმდე და არარაჲ სჭამის, გარნა შაბათსა და კვირიაკესა, პური და წყალი ოდენ მიიღის. და უბრძანა მას წმიდამან ვასილი, რათა სწიროს. ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, ვითარ ასწავებს სიწმიდე შენი? რამეთუ უმცირესი უფროსისაგან იკურთხოს, არამედ შენდა ჯერ არს წირვაჲ და კურთხევა ჩვენი“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „ყოველთა მაგათ სათნოებათა თანა, მოიგე მორჩილებაცა“. და იქმნა მორჩილ. და იწყო რა წირვად ღირსმან მან მღუდელმან ღმრთისამან და ჟამსა ჴელთა აპყრობისასა და მოწვევასა სულისა წმიდისასა, იხილა წმიდამან ღმრთისამან ვასილი სული წმიდა, გარდამოსრული და დადგრომილი სიწმიდესა მას ზედა.
და ვითარცა სრულ იქმნა სამღთო წირვაჲ, მადლი შევსწირეთ ღმერთსა და წარვედით სახლსა წმიდისა მის მღუდლისასა და მივიღეთ საზრდელი.
მერმე ჰრქუა წმიდამან ღმრთისამან ვასილი: „მითხარ მე, ძმაო პატიოსანო, თუ ვინაჲ გაქვს საფასე ესე, ანუ რაჲ არს საქმე შენი?“ მიუგო მღუდელმან მან და ჰრქუა: „ჵ, წმიდაო ღმრთისაო, მე კაცი ვარ ცოდვილი და ხარკი თანამაძს სამეფო და მიდგს ორი უღელი ჴართა. ერთითა უღლითა მე ვხნამ და მეორეითა – სასყიდლით დადგინებული ჩემი მუშაკი. ხოლო ერთი სახვნელი იქმან უცხოთათვის მომავალთა და მეორე იგი – ხარკისათვის“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „ეგე უწყოდი მე, ვითარცა არს, გარნა სხუანიცა სათნოებანი მომითხარ მე, პატიოსანო ძმაო“. მიუგო მღუდელმან მდაბალმან გულითა და ჰრქუა: „ყოვლადვე არარაჲ მაქვს კეთილი ქვეყანასა ზედა, წმიდაო მეუფეო, და უცხო ვარ ყოვლისაგან სათნოებისა“.
მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „აღსდეგ და მოვიდე მე შენთანა, ძმაო“. და მიიყვანა იგი ვასილიმ სახლსა ერთსა სახლისა მისისაგანსა და ჰრქუა: „განაღე, ძმაო, კარი სახლისა ამის“. ხოლო ჰრქუა მას მღუდელმან: „ნუ, წმიდაო ღმრთისაო, ნუ შეხვალ სახლსა ამას, რამეთუ სახლისა სახმარი სძევს მას შინა“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „მეცა ამის სახმარისათვის მოვედ აქა“. და ვითარ მან არა განუღო კარი იგი კლიტითა, მაშინ ვასილიმ განაღო ლოცვითა, რამეთუ გამოსახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და თვით დასცვივნეს კლიტენი. და იყო სახლსა მას შინა კაცი უძლური და ყოვლადვე დახსნილი ჴორცითა და არავინ იცოდა ადგილი მისი, გარნა მღუდელმან მან და დამან მისმან თეოღნია. მიუგო წმიდამან ვასილი და ჰრქუა: „რაჲსათვის ინებე, ძმაო საყვარელო, დაფარვად ჩემგან საიდუმლო ესე, ძვირფასი საუნჯე?“ ხოლო მან ჰრქუა: „რამეთუ არს ეგე, წმიდაო მეუფეო, გულფიცხელ და სულმოკლე ფრიად და მეშინოდა, ნუუკუჱ შესცთეს ეგე სიტყვითა რაჲთამე“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „კეთილად გიღვწიეს ამისთვის ძმაო, გარნა მაცადე, რათა მეცა ვჰმსახურო მცირედ და მაქვნდეს შენ თანა მადლი მაგისი“. და დადგრა წმიდა ვასილი განრღვეულსა მას თანა და ჰყო ლოცვაჲ მის ზედა მკურნალმან მან მადლითა ღმრთისათა. და გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და ზე აღსდა ქვემდებარე იგი უძლური და ადიდებდა ღმერთსა.
ხოლო მღუდელმან ჰრქუა: „რაჲ ესე ჰყავ ჩვენდა, წმიდაო მეუფეო?“ და ამბორს უყვეს ურთიერთას და წარვედით.
ხოლო მხილველნი დიდებულისა ამის სასწაულისანი ვიტყოდით: „დიდება შენდა, საკვირველთმოქმედო ღმერთო, რომელმან ჰყვი ნება მოშიშთა შენთა, უფალო! და საკვირველ ხარ წმიდათა შორის შენთა, მეუფეო, რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

დასასრuლი პირველისა თავისა

 

 

 

 

 

 


თავი b [2]

სასწაულმოქმედებათათვის და საკვირველებათა

 

 

თხრობა კა [21]
ეპისკოპოსისა მიერ სასწაული

იყო ეპისკოპოსი ვინმე სახელით აჶელი ქვეყანისაგან არაბიისა. ამას ჰყვანდა დაჲ ქალწულთა წინამძღვრად. ხოლო ერთგზის მივიდა წმიდა იგი ეპისკოპოსი მონასტერსა მას ქალწულთასა ხილვად დისა თვისისა. და შესლვასა მისსა ბჭეთა შინა მონასტრისასა იხილა ერთი დაჲ ეშმაკთა მიერ ტანჯული და ქვეყანად დაკვეთებული, და გარდამოსდიოდა პერული.
ხოლო მოუწოდა ეპისკოპოსმან დასა თვისსა და ეტყოდა მას: „ესოდენი ჟამი არს, რომელ დაჲ ესე შეუპყრიეს ეშმაკსა და სტანჯავს ფრიად, ანუ არა უწყიაა, რამეთუ ყოველთა ამათ დათა გიტვირთავს სასჯელი, ვინათგან ხარ წინამძღვარ?“ მიუგო მან და ჰრქუა: „მე რაჲ ვჰყო, ძმაო, ეშმაკისა მიმართ?“ ჰრქუა მას ეპისკოპოსმან: „ესოდენი წელნი დაგიყოფიან მონასტერსა შინა და ანგელოსებრივი სახე მოგიღიეს; არა უწყიაა, რამეთუ ბრძოლაჲ მონაზონთა ეშმაკთა მიმართ არს? და უკეთუ იგი აქავე არა იძლიოს განდევნად, მერმესა მას საუკუნესა უმეტესად განძლიერდეს მტანჯველად“. და ვითარცა ესე სთქუა, ილოცა წმიდამან ეპისკოპოსმან და სასწაული პატიოსნისა ჯვარისა გამოსახა დასა მას ზედა, და განსდევნა ეშმაკი და განიკურნა დაჲ იგი. ხოლო მხილველნი ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ჰრქუა: „სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ“(მრკ. 16,17). მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა კბ [22]
ბერმან ეშმაკი რა შეკრა ლოცვითა

იყო ვინმე ბერი წმიდა, სენაკსა შინა დამკვიდრებული. მივიდა მისსა ეშმაკი და ენება შესლვად სენაკად მისსა, ხოლო ბერმან ჰყო ლოცვაჲ და შეკრა იგი გარეგან კარისა. კვალად სხუაცა ეშმაკი მოვიდა და იგიცა შეკრა ბერმან ლოცვითა. და შესძინა სხვამანცა მისლვად და ვითარცა იხილნა ორნი იგი გარეგან კრულნი, ჰრქუა მათ: „რაჲსა სდგათ აქა გარეთ?“ და მათ ჰრქუეს მას: „ამისთვის, რამეთუ შინაგან ზის უძლიერესი და არა მიტევებს ჩვენ შესლვად“. ხოლო მან იხმია უმეტესი სიგლისპე და ჴელჰყო შესლვად. და ბერმან შეჰკრა იგიცა მადლითა ღმრთისათა, რომელმან „მოსცა ძალი და ჴელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა”[მრკ. 6,7]. მერმე შეეშინა მათ ლოცვისაგან მისისა და იწყეს ვედრებად მისსა და ეტყოდეს: „განგვიტევე, ბერო, რათა წარვიდეთ და არღარა მოგეახლნეთ შენ“. ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან: „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს თქვენთვის!“[მთ. 25,41] და იგინი კდემულნი ივლტოდეს. ხოლო ბერი მადლობდა და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა კგ [23]
თუ ვითარ სიტყვით განსდევნა ბერმან
ეშმაკი კაცისაგან

მოვიდა ოდესმე ერთი ეშმაკეული სკიტეს და იყო მისთვის ლოცვაჲ ეკკლესიასა შინა ღმრთისა მიმართ. და არა განვიდა ეშმაკი მისგან, რამეთუ იყო ფიცხელ და სასტიკ. ხოლო იტყოდეს მნენი ეკკლესიისანი: რაჲ შეუძლოთ ეშმაკსა ამას ბოროტსა? რამეთუ არავის ძალუძს განდევნა მისი, თვინიერ ამბა ბესარიონისა, გარნა უკეთუ ვევედრნეთ მას ამის პირისათვის, არცაღა ეკკლესიად შემოვალს იგი სიმდაბლით. არამედ ესე ვჰყოთ: დავსდვათ ეშმაკეული ესე ადგილსა მისსა; და იგი შემოვალს უწინარეს ყოველთასა ეკკლესიად ცისკრისა ლოცვად და დასდგების ადგილსა თვისსა, ვრქუათ მას: „მამაო, განაღვიძე ძმა ეგე“.
ხოლო ჰყვეს ესრეთ. შევიდა წმიდა იგი ბერი ცისკრად და დასდგა ადგილსა თვისსა. ეტყოდეს იგინი: „მამაო, განაღვიძე ძმა ეგე“. ჰრქუა მას ამბა ბესარიონ: „აღსდეგ და განვედ გარე!” და მეყსეულად განვიდა მისგან ეშმაკი. და მიერ ჟამითგან განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ძალი და ჴელმწიფება კაცთა ეშმაკთა ზედა. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა კდ [24]
მკუდრის აღდგინებისათვის ლიტონისა სიტყვითა

მოვიდოდა ერისკაცი ვინმე მთასა ანტონისასა მამისა სისოს მიმართ და ჰყვა მისთანა ძე და იგი მოუკუდა გზასა ზედა. და არა შეძრწუნდა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოება ფრიადი მამისა სისოს მიმართ. გარნა უწყოდა, უკეთუ განუცხადოს, არა ჰყოფს სასწაულსა სიმდაბლით. არამედ აღიკიდა ძე თვისი მომკუდარი და მოიღო სარწმუნოებით. და შეუვრდა ფერჴთა წმიდისა მის ბერისათა და თაყვანის სცა ძითურთ და ითხოვდა კურთხევასა, მეტყველი: „მამაო პატიოსანო, მაკურთხე მე და ძე ჩემი“. დაუტევა უკუჱ ძე წინაშე ფერჴთა მისთა და თვით გამოვიდა გარე, ხოლო ბერი ჰგონებდა, თუ თაყვანისცემად მისა ძევს. და ჰრქუა მას: „აღსდეგ, შვილო და წარვედ მამისა შენისა თანა“. რამეთუ არა უწყოდა თუ მკუდარ იყო. და მეყსეულად აღსდგა იგი და განვიდა გარე. ხოლო იხილა რა მამამან მისმან, განუკვირდა და დავარდა მიწასა ზედა და მადლობით თაყვანის სცემდა ღმერთსა და მონასა მისსა – მამასა სისოს. ხოლო მას რა ესმა, მწუხარე იქმნა, რამეთუ არა ენება გამოცხადებად სასწაული მისი. და ევედრა კაცსა მას, რათა არავის უთხრას, ვიდრე აღსასრულადმდე მისა. ღმერთსა ჩვენსა დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა კე [25]
ლოცვითა მკუდრის აღდგინებისათვის

მონასტერსა იორდანის პირისასა ძმათაგანი ვინმე აღესრულა. მოიღეს ეკკლესიად და დარეკეს ძელსა, რათა შემოკრბენ ყოველნი ძმანი წარგზავნასა და უკანასკნელსა ამბორისყოფასა მისსა. მოვიდა ვინმე მარტომყოფი მონაზონი, რომელსა არა ეცნობა უძლურებაჲ ძმისა მის. იხილა რა მკუდარი იგი, ილოცვიდა და განხურდა გული მისი, თავსა შორის თვისსა მეტყველი: „რაჲ პასუხი მიუგო ქრისტესა, რაჟამს მეტყოდეს, ვითარმედ: „უძლურ ვიყავ, და არა მიხილე მე“[მთ. 25,43]. და მივიდა მკუდრისა მის და ჰრქუა: „აღსდეგ, ძმაო, რათა მოგიკითხო!“ და მყის ზე წარმოჯდა მკუდარი იგი. და ჰრქუა მას ბერმან: „ვითარ ხარ, ძმაო, სულიერო?“ ხოლო მან მიუგო: „კეთილად ვარ ლოცვითა შენითა, პატიოსანო მამაო“. მერმე ჰრქუა მას ბერმან: „აწ მიიძინე, ძმაო, ვიდრემდის ქრისტემან აღგადგინოს, მორავიდეს დიდებითა თვისითა“. და კვალად მიიძინა ძმამან მან მშვიდობით. ხოლო რომელთა იხილეს საკვირველი ესე სასწაული, ადიდებდეს ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა კვ [26]
მკუდრის ლაპარაკისათვის

მოგვითხრობდა მამა სისო, მეტყველი: ოდეს ვიყავ სკიტეს მამისა მაკარის თანა, წარვედით ჩვენ შვიდნი მკად ყანისა. და აჰა, ერთი ქვრივი შეჰკრებდა თავსა ხუვილისასა და არა დასცხრებოდა ტირილისაგან. ხოლო მოუწოდა მამამან მაკარი უფალსა მის ყანისასა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „რაჲ არს ქვრივისა ამის, რამეთუ სტირს დაუცხრომელად?“ იგი ეტყოდა მას, ვითარმედ: „ქმარმან მისმან მიითვალა ნამარხევი ვისგანმე და მოკუდა მსთვად და არა უთქუამს ადგილი, თუ სადა დაუუნჯებია ოქრო იგი. და აწ უნებს უფალსა ოქროჲსასა წარყვანება მისი და შვილთა მისთა, სასყიდლად ოქროჲსა მისთვის“. და ეტყოდა მას მამა მაკარი: „არქუ მას, რათა მოვიდეს ჩვენდა, სადა განვისვენებდეთ“. და ვითარცა მოვიდა, ჰრქუა მას ბერმან: „რაჲსა ეგრე მარადის სტირ, დედაო?“ და მან ჰრქუა: „ქმარი ჩემი მოკუდა ანაზდად, და აღიღო ვისგანმე ოქროჲ და არა მითხრა მე, თუ სადა დასდუა ოქრო იგი, უფალო ჩემო“. ჰრქუა მას ბერმან: „წარმოვედ, დედაო, და მიჩვენე მე საფლავი ქმრისა შენისა“. და ვითარცა მივედით საფლავად, ილოცა ბერმან. და შემდგომად ლოცვისა უწოდა მკუდარსა სახელით და ეტყოდა: „შვილო ონუს, სადა უკუჱ დამარხე ნამარხევი იგი ოქროჲ?“ და მან ჴმა ჰყო მეტყველმან: „მამაო პატიოსანო, სახლსა შინა ჩემსა არს ფიცარსა ქვეშე, ცხედრისა ჩემისასა“. ჰრქუა მას ბერმან: „აწ მიიძინე, შვილო, ვიდრემდის იქმნას ყოველთა აღდგომა“.
ხოლო ჩვენ ვიხილეთ რა ესე საკვირველი სასწაული, შევსძრწუნდით შიშით და თაყვანის ვეცით ფერჴთა მისთა. და მან ნეტარმან მრქუა ჩვენ სიმდაბლით: „შემინდევით, ძმანო, მე ცოდვილსა, არათუ ჩემითა ძალითა იქმნა ესე, რამეთუ არარაჲ ვარ მე, არამედ ქვრივისა და ობოლთა მისთათვის ჰქმნა ესე ღმერთმან. ესე უწყი, უკეთუ სარწმუნოებით ვინ რაჲცა ითხოვოს ღმრთისაგან, ჭეშმარიტად მიიღოს“. და ვითარცა ესმა ესე ქვრივსა მას, ჰპოვა ოქრო იგი და მისცა უფალსა მისსა და განათავისუფლნა ძენი თვისნი. ხოლო მსმენელნი ამისნი ადიდებდეს ღმერთსა ჩვენსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა კზ [27]
ყრმის განცოცხლებისათვის

ლაოდიკიისა ქალაქსა, იყო ვინმე მღუდელი პატიოსანი. ღამესა ერთსა მოვიდა ვინმე მღუდლისა თანა და ევედრებოდა ნათლისღებად შვილისა თვისისა, რამეთუ იყო იგი ჩჩვილ და მყის ეგულებოდა სიკუდილი. აღსდგა მღუდელი იგი მსწრაფლ სარეცელისაგან თვისისა, მივიდა და იწყო კითხვად წიგნთა ნათლისღებისათა; და მოიღო წყალი და ზეთი, და კითხვასა მისსა აღესრულა ყრმა იგი პირველ ნათლისღებისა. და აღიღო იგი მღუდელმან და დასდვა წინაშე ემბაზისა და ჰსთქუა: „გეტყვი შენ, ჩემ თანა მსახურსა ღმრთისასა ანგელოსსა, ჴელმწიფებითა მით, რომელი მოსცა ქრისტემან მოწაფეთა თვისთა „შეკრვად და განხსნად ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“[მთ. 18,18], მოაქციე სული ყრმისა ამის გუამადვე ამისსა, ვიდრემდის ნათელს იღოს, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა უნათლავისა სულისა ამის წარყვანაჲ. და უწყის მეუფემან ჩემმან, რამეთუ არა მცონარებითა ჩემითა მიქმნიეს, არამედ მამცნეს რა, მეყსეულად ვიწყე განათლებად ამისა“.
ამას რა იტყოდა მღუდელი იგი ღმრთისა ანგელოსისა მიმართ, კვალად მოეგო სული ყრმისა გუამადვე თვისსა და ნათელ სცა მას ჯერისაებრ, და შემდგომად ნათლისღებისა მიიცვალა იგი. საყვარელნო ძმანო, ისმინეთ, უკეთუ ანგელოსთა მიმართ ძალუძს სიტყვა მოძღვარსა, რაბამ უფროს კაცთა მიმართ?! დიდება ღმერთსა ჩვენსა, საკვირველთმოქმედსა უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა კჱ [28]
ღმრთისმშობელისა მიმართ შევედრებულისათვის

იყო ვინმე კაცი, ქრისტეს მოყვარე, ალექსანდრიასა შინა, ღმრთისმოშიში, მოწყალე გლახაკთა და კეთილად შემწყნარებელი უცხოთა. ხოლო ესუა ცოლი ფრიად მშვიდი და მმარხველი მარადღე და ჰყვათ ასულიცა ექვსისა წლისა.
ხოლო დღესა ერთსა ქრისტეს მოყვარე კაცი იგი წარვიდოდა კოსტანტინუპოლის, ვინათგან იყო ვაჭარ. და დაუტევა სახლსა შინა ცოლი და ასული და მონა ერთი. და შერავიდოდა ნავად, ეტყოდა მას ცოლი მისი: „უფალო ჩემო, ვის შეგვედრებ ჩვენ?“ და ჰრქუა ქმარმან: „დედოფალსა ჩვენსა, ღმრთისმშობელსა”. და წარვიდა.
ხოლო დღესა ერთსა სჯდა რა დედაკაცი იგი ქმნად ჴელთსაქმრისა თვისისა და მის თანა ასულიცა მისი. ხოლო მონამან, ბირებულმან ეშმაკისაგან, განიზრახა სიკუდილი დედაკაცისა და ქალისა მისისა და წარღებად, რაჲცა აქუნდათ სიმდიდრე. და აღიღო მონამან ბოროტმან მახვილი სამზარეულოსი და მოვიდოდა სახლსა, სადა იყო დედოფალი მისი. ხოლო შესლვასა კარსა მის სახლისასა, იქმნა უხილავად შეპყრობილ და ვერღარა შეუძლებდა სახლისა მიმართ და ვერცა სამზარეულოსა შესლვად. იწყო ჴმობად დედოფლისა თვისისად, მეტყველმან: „მოვედ ჩემდამდე“. ხოლო იგი განჰკვირდა, რამეთუ სდგა მონა იგი შორის კარისა და უწოდს მას და უბრძანებდა: „შენ მოვედ, შვილო, აქა!“ – ვინათგან არა უწყოდა, თუ შეპყრობილ არს უხილავად. ხოლო იწყო მონამან ბორგვად და ჴმობად დედოფლისა მის, რათამცა მივიდა მახლობელად მისსა და იგი არა მივიდოდა. ხოლო ქალი იგი ეტყოდა: „მიტევე მე, დედაო, მისლვად“. და მან არცა იგი უტევა, არამედ ეტყოდა იგი სიმშვიდით: „უკეთუ გნებავს, ძმაო, შენ აქა მოვედ“.
მაშინ იხილა რა მონამან, რამეთუ ვერარას უძლო ქმნად, იცა მახვილი თავსა თვისსა და განიჭრა. ხოლო იხილა რა ესე დედოფალმან მისმან, მოუწოდა მეზობელთა. მოვიდეს და ჰპოვეს მონა ჯერეთ ცოცხალიღა და ესე ყოველი მისგან ეუწყათ. და მსმენელნი ადიდებდეს ღმერთსა და ყოვლად­წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, რომელმან აჩვენა ესევითარი საკვირველება და აცხოვნა მისდა შევედრებული დედაკაცი და ასული მისი და ვერარაჲ ავნო ეშმაკმან. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა კთ [29]
მარტვირისთვის, რომელმან იტვირთა ქრისტე

იყო ვინმე ბერი, ქრისტეს მოყვარე, გლახაკთ მოწყალე, ჭაბუკი ჰასაკითა და მხცოვანი გონებითა, წმიდა და უმანკო ცხოვრებითა, სახელით მარტვირი. ამას სანატრელსა აქუნდა უკუჱ ჩვეულება თვისით მონასტრით სხუად მონასტრად მისლვაჲ, სულიერისა მამისა მიმართ, ლოცვისა და კურთხევისა მოღებისათვის, რამეთუ აქუნდა მისდა მიმართ სასოება და სიყვარული ფრიადი.
ხოლო ერთგზის სლვასა მისსა ჰპოვა გზასა ზედა გლახაკი მდებარე, დაწყლულებული და დამბრმალი, მუნ მისლვად მნებებელი და ვერ შემძლებელი უძლურებითა. ხოლო ნეტარმან მარტვირი, იხილა რა იგი, შეეწყალა, და შეხვია ანაფორითა თვისითა და აღიკიდა იგი და მოიყვანა მონასტერსა მას. ხოლო ღმრთივსულიერმან მამამან მისმან წინასწარ იხილა სულიერითა თუალითა და ჴმა უყო თვისთა ბერთა: „მივედით და მსწრაფლ განუხვენით კარნი მონასტრისანი, რამეთუ საყვარელი ძმა, მარტვირი მოვალს ღმრთივ ტვირთული!“ და ვითარცა მოვიდა ბჭეთა თანა, მტვირთელი გლახაკისა და გარდამოიღო რა ბეჭთაგან თვისთა, მაშინ გამოუჩნდა მას სახითა, ვითარცა ხატი გამოწერილი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ამაღლდებოდა ცად. ხოლო მარტვირი ჰხედვიდა განცვიფრებით და თუალნი ზე შეადგნა. და აღმავალმან ჰრქუა მას: „ჵ, მარტვირი! შენ მე არა უგულებელს მყავ ქვეყანასა ზედა, მეცა შენ არა უგულებელს გყოფ ცათა შინა. შენ მოიხილე ჩემ ზედა წყალობით, ხოლო მე უკუნისამდე შეგიწყალო შენ“.
ამას რა ეტყოდა, უჩინო იქმნა თუალთაგან მისთა. და შერავიდა მონასტრად, ჰრქუა მას ღმერთშემოსილმან მამამან: „სულიერო ძმაო, მარტვირი, ვინ იყო, რომელი გეტვირთა შენ?“ ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „უკეთუმცა მეცნა, პატიოსანო მამაო, თუ ვინ იყო, მეპყრამცა ფერჴნი მისნი მტკიცედ და განმებანნა ცრემლითა“. მაშინ მიუთხრა ყოველთა ქმნილი იგი საკვირველი. და ჰკითხვიდა მას სულიერი იგი მამა: „მძიმე იყოა, შვილო საყვარელო?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა, პატიოსანო მამაო, ოდეს აღვიკიდე, ვერ ვაგრძენ სიმძიმე მისი, რამეთუ მეტვირთა მე უშრომელად, მტვირთველი ყოვლისა სოფლისა და მპყრობელი ცათა და ქვეყანისა, უფალი, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

 


თხრობა ლ [30]
მთის აღმფხურველისათვის

ალექსანდრიის ქალაქსა შინა, იყო ვინმე ოქრომჭედელი, სახელოვანი ფრიად და შემკობილი ყოვლითა სათნოებითა. მივიდა მისა დედაკაცი ვინმე და ევედრებოდა შექმნად სამკაულისა თავისა თვისისათვის. ხოლო სიტყვისგებასა შინა იწყო დედაკაცმან სიტყვა, მსგავსად მეძავისა და შებრკოლებად მისა. და მიხედა ოქრომჭედელმან თუალითა ვნებულითა და მყის მოეხსენა სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა იტყვის: „უკეთუ თუალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან; რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რათა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეენიასა“(მთ. 5,29).
ესერა მოიხსენა, ჰრქუა დედაკაცსა მას: „მცირედ განმეშორე მე, რამეთუ მნებავს ყოფად ბრძანებულისა ჩემდა“. აღიღო დანა და იკრა თუალსა თვისსა მარჯვენესა და ჰსთქუა: „იხილე უფალო, რამეთუ დამცველ მცნებათა შენთა ვარ მე; და, ოდეს მეცა მიხმდეს შეწევნა შენგან, ნუ განმეშორები მონასა შენსა“. და იხილა რა დედაკაცმან საქმე ოქრომჭედელისა, ივლტოდა იგი შიშითა. და მივიდა სახლსა თვისსა და ამის საქმისა ხილვითა მოიქცა და განერა ყოველისაგანვე ცოდვისა.
ხოლო იყო ბოროტად მტანჯველ ქრისტეანეთა, რომელსა ეპყრა ალექსანდრია. და ღმრთისა მიერ მიშვებითა უფლებდეს სარკინოზნი ეგვიპტეს და ყოვლითურთ სტანჯვიდეს ქრისტეანეთა და აიძულებდენ უარისყოფად ქრისტესა და ზიარებად შეგინებულისა მაჰმადისა სარწმუნოებასა. ხოლო განიზრახა ბოროტად მტანჯველმან ესრეთ – მოუწოდა ეპისკოპოსსა და მოძღვართა ქრისტეანეთასა და ეტყოდა: „ისმინე, ჵ, ეპისკოპოსო! ითქმის სიტყვათა ქრისტეს შენისათა, ვითარმედ: „უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება მართალი და ჩემ მიერ ჰრქუათ მთასა ამას, აღიფხუარ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრეთ“[მთ. 21,21].
ხოლო, აჰა, მთა არს აქა, ყოველთა სახილველ ქალაქისა ამის, რომლისა სახელი ადარ. აწ უკეთუ არს ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსა თქვენ ჰმონებთ, ქრისტესა და სარწმუნოება, რომელი გიპყრიესთ და უმჯობეს ჰგონებთ ყოველთასა, განვედით მთისა მიმართ ადარისა და არქუთ სახელი უფლისა ღმრთისა თქვენისა. უკეთუ ისმინოს თქვენი და აღიფხურას და შთავარდეს მდინარესა მას ნილოსისასა, მიერითგან განთავისუფლდეთ და კეთილად ჰმსახურეთ ქრისტესა ღმერთსა თქვენსა, და სასწაულისა მიერ ჩვენცა გურწმენეს იგი; უკეთუ არა, ყოველი სიმდიდრე თქვენი შეიღოს საუნჯესა მეფისასა და თქვენ ყოველნი გარე ქალაქისა ამის ზღუდისა განიყარნეთ სიმყრალესა შინა“.
მაშინ მიუგო ეპისკოპოსმან და ჰრქუა: „სიტყვასა, რომელსა იტყვი, ჭეშმარიტ არს და ჩვენ უღირსთა მიერ შეუძლებელ არს ეგევითარისა სასწაულისა ქმნად, არამედ გმობისათვის მაგის შენისა, რომელსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესზე იტყვი, გვიტევე ჩვენ დღე რვაჲ, რათა ვილოცოთ უფლისა და ღმრთისა ჩვენისა მიმართ. მრწამს, ვითარმედ: მონათა თვისთა ვედრება არა უგულებელს ჰყოს, რამეთუ წერილ არს: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრება მათი ისმინოს და აცხოვნნეს იგინი, ვითარცა ესვენ მას“[ფს. 144,19].
ხოლო ესმა რა ესე უსჯულოსა მას ბარბაროზსა, სიცილით ეტყოდა, ვითარმედ: „მე ვჰგონებდი, თუ ვედრებასა ყოფდით ჩემდა მომართ და ნაწილსა მონაგებისაგან თქვენისა მისცემდით მოლარესა მეფისასა, ხოლო თქვენ საქმესა ამას ზედა კადნიერ იქმნენით, რომლისა არა შესაძლებელ არს ყოფად, არცაღა მაჰმადისაგან, რომელსა ყოველი არაბისტანი და ბარბაროზნი სარწმუნოებით თაყვანის სცემენ“; და განუტევნა იგინი რისხვით და აღთქმულნი დღენი აღწერნა, რომელიცა ითხოვეს.
ხოლო ეპისკოპოსმან შემოიკრიბნა ყოველნი ქრისტეანენი, რაოდენნიცა იყვნეს ქალაქსა და ყოველთა საზღვართა მისთა, ვითარ სამ ათას ოდენ კაცნი თვინიერ ყრმებისა და დედებისა. მიუთხრა მათ მძლავრისა ჴელმწიფება და ბოროტჴელოვანი ზრახვაჲ. ხოლო იგი მიერითგან მთისათვის ილოცვიდა და უბრძანა ყოველთა ერთბამად მხურვალედ ვედრებად და ღამისთევით წარდგომად წინაშე ღმრთისა.
და შემდგომად ამისა მოვიდა დედაკაცი იგი ეპისკოპოსისა მიმართ და მიუთხრა მას ზემოთქმულისა მის ოქრომჭედლისათვის. და აღუარებდა მას: პირველ, თვისსა განზრახვასა ცოდვისასა და შემდგომად, მისსა მტკიცესა სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართ, რამეთუ: „არა სცთაო ჩემითა მეძავობითა და საცთურისა სიტყვითა და არა ჰრიდა თავსა თვისსა, და მარჯვენე თუალი თვისი აღმოიხადა“.
ხოლო ესერა ესმა ეპისკოპოსსა, განჰკვირდა და ვერ ჰპოვა იგი შემოკრებულსა მას კრებულსა შინა და წარგზავნა მისა კაცი მოყვანებად. ხოლო მორავიდა, ეტყოდა მას ეპისკოპოსი: „ძმაო, განსაცდელი დიდი აღდგომილ არს ჩვენ ზედა, მოძულეთაგან ჩვენთა“ და სრულიად აუწყა მძლავრისა მის განზრახვაჲ. და მან ჰრქუა: „წმიდაო მეუფეო, ჩვენ ყოველნი თანამდებ ვართ ლოცვისა და ვედრებისა და „რომელი შეუძლებელ არს კაცთაგან, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს”[ლკ. 18,27].
და დღესა მესამესა განვიდენ მთისა მიმართ ადარისა და მოვლეს იგი სამგზის გარემოს მისა ლიტანიითა. და მერმე დასდგენ წინაშე მთისა და მოუწოდა ეპისკოპოსმან ოქრომჭედელსა მას და ჰრქუა: „ჵ, შვილო, აწ ჯერ არს შენდა ჩვენებად სარწმუნოებისა, რათა ჰრცხვენეს მძლავრსა, მოქადულსა მაჰმადსა ზედა და რათა დაემტკიცნენ სვეტნი ქრისტეს ეკ­კლესიისანი და დასცხრეს მგლოვარება ქრისტეანეთა“.
მაშინ თაყვანის სცა სიმდაბლით ოქრომჭედელმან წმიდასა ეპისკოპოსსა და მიუხდა მთასა მას. ევედრებოდა ღმერთსა და იტყოდა: „უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეისმინე ვედრება მონათა შენთა და ნუ მისცემ წარსაწყმედელად სამწყსოსა შენსა მტერთა შენთა, რათა არა განმართლდენ მოძულენი ჩვენნი, მეტყველნი ჩვენდა ვითარმედ: „სადა არს ღმერთი თქვენი?“ რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან აღუთქუ თვისთა მოციქულთა, მეტყველმან: „უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცუალი მდოგვისა, და არა შეორგულდეთ და ჰრქუათ მთასა ამას აღიფხუარ და შთავარდი ზღუასა, და იყოს ეგრეთ“(მთ. 21,21). და აწ უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდება“. და ესრეთ თქმასა მისსა ზედა, ეჰა, საკვირველებათა შენთა ღმერთო! შეიძრა ადგილი იგი და აღიფხვრა მთა იგი ადარისა და დაეცნეს ყოველნი ერნი პირსა ზედა და იქმნა ღაღადება ფრიადი ქალაქსა შინა; რამეთუ შეიმუსრვოდეს პალატნი და დაეცემოდეს ზღუდენი და გამოვიდეს ბარბაროზნი და იხილეს საშინელი სასწაული ესრეთ – მთა მიმავალი თვისისა ადგილისაგან ნილოსის მდინარისა მიმართ. და ყოველნი ქვე დავარდებოდეს და ევედრებოდეს ქრისტეანეთა, დაყენებად მთისა მის სლვისაგან, რათა სხუანიცა ქალაქნი და პალატნი არა დაირღვენ.
მიუგო ეპისკოპოსმან და ჰრქუა: „არა, ძმანო, არა არს საქმე ჩვენი, არამედ თქვენისა ნებისა, ვითარცა იტყოდით გმობასა ცხოველისა ღმრთისასა, და შეურაცხ ვიქმნენით ჩვენ მაღალ ზრახვითა თქვენითა. და სიმდაბლესა შინა ჩვენსა, მომიხსენა ჩვენ უფალმან. რაჲმე ვჰყოთ, უკეთუ მოავლინოს რისხუა მისი? არათუ მხოლოდ ქალაქნი დაირღვენ, არამედ თქვენცა ყოველნი მოსწყდეთ“.
მაშინ აღუთქმიდეს ყოველნი ნათლისღებად. კნინღა და მიახლებულ იყო მთა იგი ნილოსის მდინარესა, ხოლო ეპისკოპოსი იგი ევედრა ღმერთსა და დასდგა მთაჲ და დასცხრა ძრვაჲ იგი ქვეყანისა. და მრავალთა ბარბაროზთა რწმენა იესო ქრისტე და ნათელ იღეს, და ცრუ მაჰმად შეაჩვენეს. ხოლო უღთოთა მათ აღუთქვეს ფიცით, რათა მიერითგან არღარა იტანჯნენ ქრისტეანენი მათგან, არამედ ადიდებდენ ქრისტესა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა ლა [31]
ეკკლესიისა განმღებელისათვის

მწიგნობარი ვინმე მეფისა და ფრიად მოყვარე ღმრთისა მოგვითხრობდა მეტყველი: მწუხრი პარასკევისა, წარვედ ეკკლესიად წმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნად. მენება სურვილით განძღომაჲ გალობითა, კითხვითა და კეთილ მდგომარეობითა ლოცვითა. და ვითარცა ვსდეგ მუნ, ვედრებასა და გალობასა შინა, აჰა, შუაღამეს ვიხილე კაცი ვინმე საგლახაკოსა სამოსლითა შემოსილი, გულსმოდგინედ მვედრებელი ცრემლითა მხურვალითა. და განვჰკვირდი ესევითარსა სიმდაბლესა და ლმობიერებასა მისსა ზედა. ხოლო ჟამსა ქათმის ჴმობისასა განვიდა და მეცა განვედ უკანით მისსა. და ვითარცა მივიდა ეკკლესიასა იოანე ღმრთისმეტყველისასა, კართა წინაშე მუხლი მოიდრიკნა და ილოცა. და დახშულნი იგი კარნი განეხვნეს მას და შევიდა შინა. ხოლო მე ვსდეგ გარე ადგილსა საიდუმლოსა და განკვირვებულ ვიქმენ ქმნილისათვის ამის სასწაულისა. ხოლო მან ილოცა და გამოვიდა ეკკლესიით. და მეყსეულად კვალად თვით დაიხშნეს კარნი ეკკლესიისანი. და იგი წარვლიდა უბანთა დიდისა ეკკლესიისა სოჶია წმიდისათა და მე შეუდეგ მას. და შევიდა რომელსამე უნდოსა სახლსა და დახშნა კარნი. ხოლო მე გამოვნიშნენ კარნი იგი და მოვიქეც თვისსავე საქმესა ზედა.
ხოლო შაბათსა და კვირიაკესა არა წარვედ ძიებად კაცისა მის ღმრთისა, არამედ წარვედ ორშაბათსა და ვჰპოვე ნიშანი, რომელი იყო ჩემ მიერ. და ვიხილე მუნ ცოლი მისი მჯდომარე, და ვკითხევდი მას: „დაო ჩემო, სადა არს კაცი იგი, რომელი იყოფის აქა?“ ხოლო მან მრქუა: „ქმრისა ჩემისათვის იტყვია, უფალო?“ და მე ვარქუ: „ჰე, მას ვიტყვი, რომელი ცხოვრებს აქა“. და მან მრქუა: „უფალო ჩემო, არავინ სხუა იყოფის აქა, გარნა მე და ქმარი ჩემი; და არს იგი მეხამლე და წარვიდა განსყიდვად ჴელთსაქმრისა თვისისა. და რაჲსათვის ეძიებ მას, უფალო ჩემო?“ ხოლო მე ვარქუ: „მნებავს, რათა მიქმნას მე ჴამლნი“. და მან მრქუა: „უკეთუ გნებავს, უფალო ჩემო, მოუცადე მცირედ და მოვიდეს იგი“. ხოლო მე აღმოვიღე სამი დრაჰკანი და მივეც მას და ვარქუ: „წარვედ, დაო ჩემო, და გვიყიდე ჩვენ საზრდელი, რათა ერთბამად ვისადილნეთ აქა.“ და მან მრქუა: „უფალო ჩემო, უნდოსა და მყრალსა ამას სახლსა შინა გნებავსაა სადილობად?“ და ვარქუ მას, ვითარმედ: „არარაჲ უჯერო არს აქა სადილობად, ვინათგან შორს არს სახლი ჩემი და არა ძალმიძს წარსლვად მუნ და კვალად აქავე მოსლვად“. წარვიდა იგი და იყიდა, რაოდენიცა ვარქუ მას და მოიღო. და აჰა, შემოვიდა ქმარი მისი, მიხილა მე და თაყვანის მცა და მრქუა: „რაჲსათვის მოსრულ ხარ, უფალო ჩემო, აქა?“ ხოლო მე ვარქუ: „მნებავს, ძმაო, შემზადებად ჩემდა ჴამლნი“. და მან მრქუა მე: „უფალო ჩემო, არა ვარ ეგევითარი ჴელოსანი, რათა გიქმნე შენ სათნონი“. და მე ვარქუ: „მსახურთა ჩემთათვის მიქმენ მე, ვითარიცა იყოს, გარნა ვისადილნეთ, ძმაო, ერთბამად აქა და შემდგომად სადილისა განვიზრახოთ“.
ხოლო სადილობასა ჩვენსა ზოგად ვზრახევდით სიტყვათა სულიერთა. და შემდგომად სადილისა ვარქუ ცოლსა მისსა: „განვედ შენ გარე, დაო ჩემო, მცირედ, რამეთუ მაქუს რაჲმე თქმად ამისდა თვისაგან“. და ვითარცა განვიდა იგი, ვარქუ მას: „ძმაო ჩემო საყვარელო, მე გიხილე შენ პარასკევსა გულსმოდგინედ მლოცველი ეკკლესიასა შინა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. და ვითარ გამოხვედ ჴმობასა ქათმისასა, გამოვედ მეცა უკანით შენსა და ვითარ მოხვედ ეკკლესიასა წმიდისა იოანე ღმრთისმეტყველისასა, გიხილე შენ სამგზის თაყვანისმცემელი. და განგეხვნეს შენ კარნი თვით და შეხვედ ეკკლესიასა და შემდგომად გამოსლვისა შენისა თვითვე დაიხშნეს. და ესე ყოველი რა ვიხილე, განვიზრახე, ვითარმედ მონა ღმრთისა ხარ შენ და ამისთვის აღვიძარ მოსლვად შენდა და გევედრები, ძმაო, რათა არა დაფარო სათნოება შენი ჩემგან, რათა მეცა ამათ მობაძავ ვიქმნე და მივემთხვიო მოტევებასა ცოდვათა ჩემთასა”. ხოლო იგი, მსმენელი ამისი ჩემგან, სდუმნა და შემდგომად მცირედისა მრქუა მე: „უფალო ჩემო, მე ყოველისა სათნოებისაგან უცხო ვარ, არამედ ვინათგან მაიძულებ მე თქმად შენდა, ვითარცა განუძლიერებივარ მე ღმერთსა, და რომელსა ვჰყოფ, არა დაუფარო კეთილნათესაობასა შენსა, გარნა გევედრები ღმრთისათვის, ნუვის მიუთხრობ ჩემთვის, ვიდრე მიმცვალოს მე ღმერთმან. აჰა, მხედავ მე, რომელი ჴელოვნებასა მეჴამლობისასა ვჰყოფ, ამის ნამუშაკევსა განვჰყოფ სამ წილად: ერთსა თვისად სახმარად, მეორესა მივსცემ გლახაკთა და მესამესა სასყიდლად საქმისა ჩემისა ვჰყოფ. ხოლო ვიმარხავ მარადღე მწუხრისა ლოცვადმდე, მცირედ მივირული და ვილოცავ ღამე ყოველ დაუცხრომელად. და არს ოცდაშვიდი წელი, რომელ შეუღლებულ ვართ და დაგვიცვნა ჩვენ უფალმან ღმერთმან ქალწულად. ამას ვჰყოფ მე მონა შენი, უფალო“.
ხოლო მე, ესე ყოველი რა მესმა, ვადიდებდი ღმერთსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი საიდუმლო მონანი. და შემდგომად აღსრულებისა მისისა, მიუთხარ ყოველთა სარგებელად სულისა. და მსმენელნი ადიდებდენ ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ლბ [32]
წვიმის მომყვანელისათვის

იყო ოდესმე ქვეყანასა კვიპრიისასა ფრიადი უწვიმრობაჲ და ევედრებოდა ღმერთსა მისთვის, მის ქვეყანის ეპისკოპოსი, რათა მოსცეს უფალმან წყალობა თვისი და გარდამოხდეს წვიმაჲ. და იყო მისა მიმართ ჴმაჲ ზეცით მეტყველი: „წარვედ განთიად ქალაქისა ბჭისად და რომელიცა იხილო პირველ შემომავალი, იპყარ იგი, რათა ილოცოს და მოვიდეს თქვენ ზედა წვიმაჲ“.
ხოლო ჰყო ესრეთ ეპისკოპოსმან და წარვიდა კრებულით თვისით და დასჯდა ქალაქისა ბჭისა წინაშე. და აჰა, ესერა შემოვიდა მოხუცებული ერთი, რომელსა ეკიდა ტვირთი შეშისა განსყიდვად. ხოლო აღსდგა ეპისკოპოსი და იპყრა იგი. და მეყსეულად განაგდო შეშა იგი ბეჭთაგან თვისთა მოხუცებულმან და თაყვანი სცა ეპისკოპოსსა და ეტყოდა: „შემინდევ მე, მეუფეო წმიდაო, და მაკურთხე გლახაკი ესე“. ხოლო ეპისკოპოსმანცა ამბორს უყო მას და ეტყოდა: „ამბა, მამაო, ღმრთისა მიმართ ილოცე, რათა მოგვივლინოს ჩვენ უფალმან თვისი წყალობა და იქმნას ქვეყანასა ზედა წვიმაჲ“. ხოლო იგი ჰყოფდა თავსა თვისსა უღირსად და ვერ შემძლებელ, გარნა აიძულებდა მას ეპისკოპოსი, რათა ილოცოს. და მორჩილებითა ეპისკოპოსისათა მოიდრიკნა მუხლნი მოხუცებულმან და ილოცა; და გარდამოხდა წვიმაჲ.
და კვალად ევედრებოდა მას ეპისკოპოსი და ეტყოდა: „ჰყავ სიყვარული, მამაო, და სარგებელისათვის გვარქუ ცხოვრება შენი, რათა ჩვენცა ვებაძვნეთ“. და ჰრქუა მოხუცებულმან: „შემინდევ მე, მეუფეო წმიდაო, რამეთუ ცოდვილ ვარ და სიგლახაკესა შინა შობილი და არარაჲთ განსვენებისა მქონებელი, რომლითამცა სულსა ჩემსა ნუგეშინის ვსცე. არამედ ვითარცა მხედავ მე, განვალ ქალაქისაგან და შევიკრებ ტვირთსა შეშისასა და განვჰყიდი მას და ვიყიდი პურსა საზრდელად ჩემდა, რათა ვსჭამო მწუხრი. და უმეტესსა მივსცემ გლახაკთა და არარას დაუტეობ ხვალისად. და უკეთუ იყოს ზამთარი, ანუ ნეფხუაჲ დღე ერთი, ანუ ორი, ვიქმნები მშიარ, მაქებელი და მადიდებელი ღმრთისა, ვიდრემდის იქმნას სიტფოჲ, და კვალად შეუძლო განსვლად და მოღებად შეშისა“.
ხოლო არა მცირედ სარგებელ ეყო ეპისკოპოსსა კრებულით თვისით და მსმენელნი ადიდებდეს ღმერთსა და ეტყოდეს მოხუცებულსა მას: „ჭეშმარიტად შენ ხარ აღმასრულებელი წერილისა მის, რომელი იტყვის: „მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა“(ფს. 118,19). და წარიყვანა ეპისკოპოსმან და გამოზარდა მოხუცებული იგი. და მისცა განსვენება კეთილად ვიდრე მიცვალებადმდე მისა ღმრთისა მიმართ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ლგ [33]
პურის განმამრავლებელისათვის

იყო წმიდა მამა ჩვენი, დიდი ევთიმი ლავრასა თვისსა ძმათა თანა ნაკლულევან და უპოვარებასა მრავალსა, ვინათგან ყოველთა განუყოფდა მოწყალებასა და მადლობით ითმენდა ღმრთისათვის სიგლახაკესა. ხოლო შეემთხვია ოთხასთა კაცთა იერუსალიმით იორდანედ სლვაჲ და მიიქცეს მარჯვენით კერძო და მივიდეს ლავრასა მამისა ევთიმისასა. ხოლო იხილა რა ბერმან, მოუწოდა კელარსა დომენტიანეს და ჰრქუა: „დაუგე კაცთა ამათ, შვილო, ჭამადი.“ ხოლო მან ჰრქუა: „არა მაქუს პური, მამაო, რათა ათთა კაცთა კმა ეყოს, და ვითარ შეუძლო ესოდენთა კაცთა დაგებად?!“ ხოლო წმიდამან ევთიმი უწყოდა მადლი უცხოთმოყვარებისა, და ჰრქუა წყალობისა ჴმითა: „წარვედ, შვილო, და ვითარცა გარქუ, ეგრეთ ჰყავ! რამეთუ ესრეთ იტყვის: „ჭამად აქუსთ და დაშთესცა“. და წარვიდა კელარი საპურედ და ვერღარა უძლო განღებად კარისა, რამეთუ მადლითა ღმრთისათა და ლოცვითა მამისა ევთიმისათა აღვსილ იყო სახლი იგი საპურე და ძლით უძლო შესლვად სიმრავლისაგან პურისა. ეგრეთვე მითვე ლოცვითა იქმნა ღვინო და ზეთი განმრავლებულ. სჭამეს ყოველთა და განძღეს და სამ თვე კმასაყოფელ იყო ძმათა.
ესე სასწაული ჰყო ღმერთმან, მონისა თვისისა ევთიმის მიერ უცხოთმოყვარებისათვის მიმადლა კურთხევა და განმრავლება პურთა. ხოლო დომენტიანე კელარი განკვირვებული ჰმადლობდა ღმერთსა და შეუვრდებოდა ფერჴთა წმიდისა ევთიმისათა და ითხოვდა შენდობასა. ხოლო ბერმან აღადგინა იგი და ჰრქუა: „შვილო, მთესავი კურთხევითა კურთხევითავე მოიმკის. უცხოთმოყვარება არა დავარდების. რამეთუ ჰსთქუა მოციქულმან ვითარმედ: „ამის გამო ვიეთმე არა უწყოდეს და რეცა ანგელოსნი ისტუმრნეს“[ებრ. 13,2]. გულსმოდგინე იქმენ, შვილო, მოწყალებასა და უცხოთმოყვარებასა ზედა, რამეთუ ესევითარსა მსხვერპლსა სათნოდ მიითუალავს ღმერთი, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

 

 

თხრობა ლდ [34]
საზრდელის განმრავლებისათვის

იყო ვინმე ბერი წმიდა მახლობელ იერუსალიმისა უდაბნოსა, სახელით თეოდოსი. სიყრმითგანვე სათნოდ ღმრთისა ცხოვრებდა, მარხვითა და ლოცვითა და მღვიძარებითა, და გარდამატებულსა მოწყალებასა ჰყოფდა გლახაკთა მიმართ. ხოლო მადიდებელთა მისთა მადიდებელმან ღმერთმან ჰყო იგი მამა მონასტრისა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, რომელსა შინა ნეტარი ესე დიდსა გულსმოდგინებასა ჰყოფდა გლახაკთა ზედა. რამეთუ იყო მუნ ერთა სიმრავლე და გლახაკთათვის სახმართა განაგებდა: რომელნიმე საზრდელსა, რომელნიმე სამოსელსა, ხოლო სხუანი სხუათა სახმართათვის მოვიდოდეს და ყოველთავე წმიდა იგი მოუკლებელად მისცემდა. და მრავალგზის ქალაქად მივიდოდა, მოხილვად სნეულთა და საპყრობილესა შინა მყოფთა; და ყოველთა სახმარსა მისცემდა მოუკლებელად, და სნეულთა სურვილით ამბორს უყოფდა. და ყოველთავე საზრდელსა თვისითა ჴელითა მიართმიდა და მკუდართა განჰბანდა თვისითა ჴელითა და მოწაფეთა თვისთა თანა საფლავად მიიღებდა. ობოლთა და ქვრივთა მიმართ, ვითარცა წყარო, მისდიოდა ჴელისაგან მისისა ნუგეშინისცემად ქველისსაქმე. ხოლო თქმა განმარტებული იყო, ჭეშმარიტად: თუალ ბრმათა, წინამძღვარ მკელობელთა, მკურნალ სნეულთა, სამოსელ შიშველთა და საზრდელ მშიართა, რამეთუ დასდგმიდეს ყოველსა დღესა მონასტერსა შინა ასსა ტრაპეზსა საზრდელად გლახაკთა.
ხოლო ერთგზის ინება ყოვლადსახიერმან ღმერთმან მონისა თვისისა სარწმუნოებისა გამოჩენაჲ და ნაკლულევანება ჰყო მონასტერსა შინა. და აჰა, სიმრავლე გლახაკთა მოვიდოდა მონასტრად, ჩვეულებისაებრ მოწყალებისა მიღებად. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა, შესწუხნეს და ეტყოდეს ნეტარსა, ვითარმედ: „საზრდელი არა გვაქუს“. ხოლო წმიდამან სიმშვიდით და სიყვარულით აყვედრა ურწმუნოება მათი და ჰრქუა: „მსწრაფლ განუხვენით კარნი, რათა შემოვიდენ!“
ხოლო იხილა ღმერთმან სარწმუნოება მონისა თვისისა თეოდოსისა და აღავსნა გოდორნი პურითა. და ვითარცა დასხდეს მწყობრად გლახაკნი, უბრძანა მოწაფეთა წინაშე მათსა დაგებად საზრდელისა; ხოლო იგინი მწუხარე მივიდოდეს საპურესა, არა მოსავნი რაჲსამე. და იხილეს სახლი სავსე პურითა და ადიდებდეს ღმერთსა და სარწმუნოებასა მონისა მისისა თეოდოსისასა.
და კვალად დღესა მიცვალებასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, ერისა სიმრავლე მოვიდა ეკკლესიად და არა იყო საზრდელი დაგებად თვინიერ მცირედისა. ხოლო წმიდამან აღიხილნა ცად და აკურთხნა მცირედნი იგი პურნი და წინა დაუგო. და განსძღა ყოველი იგი ერი და ნამუსრევისაგან აღავსეს მრავალი სფირიდი.
კვალად დღესასწაულსა დიდსა ქრისტეს აღდგომისასა, ყოვლადვე არარაჲ აქუნდათ მონასტერსა შინა: არცა პური, არცა ზეთი, არცა სხუა რაჲმე. ხოლო იგი ნეტარი მამა ნუგეშინის სცემდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა: „შვილნო ჩემნო, ღმერთმან მამათა ჩვენთა საკვირველებისა მოქმედმან გამოზარდნა ისრაილნი უდაბნოსა ზედა. მანვე, სახიერმან ჩვენ გლახაკთა ზედა ჰყოს წყალობა, გარნა დაითმინეთ მცირედ და არა დაგვიტეოს ჩვენ ღმერთმან.“ ხოლო დიდსა შაბათსა დასლვასა მზისასა, აჰა, ესერა ვინმე მოვიდა ორითა ჯორითა მონასტერსა და ეტვირთა ყოველივე სახმარი. მოიღეს ძმათა და მადლობდეს ღმერთსა დიდითა სიხარულითა და პატივ სცემდეს სარწმუნოსა მონასა მისსა თეოდოსის.
ესე არიან მორწმუნეთა ყუავილნი მოწყალებისანი და ნაყოფნი სიყვარულისანი. და ესრეთ ბრწყინვენ სასწაულნი სათნოთა კაცთანი, რამეთუ უწყის ღმერთმან ყოფად ნება მოშიშთა მისთა. დიდება და ქება საკვირველებათა მისთა უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ლე [35]
ხატის გამოწერისათვის

სამეუფოსა ქალაქისა მახლობელად იყო ვინმე ყრმა ობოლი სახელით ღუსარ და იყო საქმე მისი ბატთა მწყემსობაჲ. ხოლო იყო ბჭესა ზედა მის ქალაქისასა ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა ფერად-ფერადითა წამლითა შემზადებული. და დღე ყოველ განსდევნიდა ბატთა ყრმა იგი და ბჭისა მის წინაშე გამოსწერდა სილასა ზედა სახესა ხატისა ღმრთისმეტყველისასა და იტყოდა: „უფალო, მომეც მე სიბრძნე და გულისჴმისყოფა, რათა ვისწავლნე გამოხატვაჲ ამის სახისა, რამეთუ ჰსურის სულსა ჩემსა“.
ხოლო ოდესმე ჴელთა ვერ შეაწყობდა, ოდესმე თავსა, ანუ თუალთა და სხუათა ასოთა ვერ შეასრულებდა, კვალად განასწორებდა სილასა და გამოსწერდა; და წელსა სამსა ჰყოფდა ესრეთ.
ხოლო დღესა ერთსა, სწერდა რა ყრმა იგი, მოვიდა მისა იოანე მახარებელი, ცხადად, სახითა მხცოვანითა, ვითარცა იყო ბჭესა ზედა ქალაქისასა ხატი მისი გამოწერილი და ეტყოდა: „რაჲსა ჰყოფ, ყრმაო, სილასა ზედა წერასა?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „მიხედე, უფალო, და იხილე ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა, რამეთუ ამას სამსა წელსა მოცადინე ვარ სილასა ზედა წერასა და ვერ მისწავიეს. ეტყოდა მას წმიდა იოანე: „ნუუკუჱ გნებავსა გამოწერად ხატისა და სწავლად?“ ჰრქვა მას ყრმამან: „ჰე, უფალო, მსურის იგი“.
მაშინ აღიღო იოანე კალამი და მელანი და დასწერა წიგნი ესრეთ: „მე იოანე ღმრთისმეტყველი, მიყრდნობილი მკერდსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა და მსმელი საიდუმლოსა მისისა სასმელისა, შენდა მომართ მხატვრისა ზინარისა, წარმოვგზავნე ყრმა ესე ღუსარ და ასწავე ამას თავისა შენისა უმჯობეს გამოხატვა ხატთა“. ხოლო დაბეჭდა თითითა და მისცა ყრმასა მას და ჰრქუა: „შევედ სამეუფოსა ქალაქსა, რამეთუ არს მუნ ეკკლესიათა მხატვარი, სახელით ზინარ და იგი პალატთა ეკკლესიისათა ოქროჲთა სწერს, და განვალს მარადის განთიად სოჶია წმიდას. მუნ მიეც მას წიგნი ესე და არქუ, ვითარმედ: „მომცა ესე იოანე ღმრთისმეტყველმან და შეუდექ მას“. ხოლო ესერა ჰრქუა, უჩინო იქმნა. და მირბიოდა ყრმა იგი ქალაქად. და მივიდა რა განთიად, იხილა მხატვარი სოჶია წმიდას და მისცა მას წიგნი იგი, ხოლო მხატვარმან წარიკითხა და განჰკვირდა ნაწერისა მის შვენიერებასა. და ყრმამან მან მიუთხრა მას ყოველივე შემთხვეული მისდა. და შეიპყრა შურმან საეშმაკომან გული მხატვრისა, რათა არა ასწავლოს მას.
ხოლო მას ჟამსა კაცი ვინმე დადგინებულ იყო მეფისა მიერ, ეკკლესიისა ქვასა ზედა გამოწერად ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა ზინარის მიერ და წარვიდა ზინარ სამხატროჲსა რაჲსამე საქმისათვის და უბრძანა ყრმასა ლესვა წამალთა. ხოლო განგებითა ღმრთისათა დაეყოვნა მუნ, ვიდრე სადილობადმდე მხატვარსა მას და ვითარცა განასწორებდა თეთრსა წამალსა ყრმა იგი, მოვიდა მისა იოანე ღმრთისმეტყველი და ჰრქუა: „რაჲსა იქმ, ყრმაო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვლესავ წამალსა, უფალო, გამოსაწერად ხატისა იოანე ღმრთისმეტყველისა მასწავლელისა ჩემისასა“. და ჰრქუა მას იოანე: „აღსდეგ და გამოწერე“. ხოლო იგი შეძრწუნდა და ჰრქუა: „უფალო ჩემო, მე არცა წამალთაგან კალამი აღმიღიეს და არცა მისწავიეს“. და ჰრქუა იოანე: „მომხედე მე და გამოხატე“. ხოლო მან აღიღო კალამი და გამოსწერდა ფიცარსა ზედა სახესა იოანე ღმრთისმეტყველისასა და იოანე განვიდა მისგან და განბრწყინდა სახლი იგი ხატისა მის მიერ, ვითარცა რა მზისაგან. და იწყო ყრმამან მან ტირილად, ვითარმედ: „რაჲმე იყოს ჩემდა მოძღვრისა ჩემისა ზინარის მიერ?“ ხოლო მორავიდა ზინარ და იხილა ბრწყინვალება ხატისა, განჰკვირდა. და მიერითგან იქმნა ყრმა იგი უწარჩინებულეს ჴელოვან. და მიუთხრეს მეფესა, ვითარმედ: „არს მხატვრისა ზინარის თანა მოწაფე, დღე არს სამი, ვინათგან მოსრულ არს და გუშინ გამოუხატავს ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა; და ნათობს პალატი მისგან, ვითარცა რა მზისაგან და გონებასა კაცისასა არა მოსრულ არს“. იხილა მეფემან და განცვიფრებულ იქმნა ხატისა მის ბრწყინვალებისაგან. და იქმნა კდემულ მხატვარი მეფისა ზინარ. და რომელნიმე იტყოდეს: „მოწაფე უმჯობეს არს“ და სხუანი იტყოდეს: „მოძღვარი, ზინარ, უმჯობეს არს“.
და ბრძანა მეფემან: „მე ვსაჯო მართლიად, თუ რომელი უმჯობეს არს: გამოწერონ ორთავე რომელნიმე მფრინველნი პალატსა შინა ჩემსა კედელსა ზედა და მე აღვიყვანო ქორი და მოუტიო. და რომლისაცა გამოხატულისა მფრინველისა მიიწიოს შეპყრობად, იგი უმჯობეს იყოს“. და ჰსთქუჱს ყოველთა: „მართლიად ბრძანე, მეფეო!“ და შევიდენ და გამოსახეს ორთავე მფრინველნი და ყოველთა დაუკვირდებოდათ მრჩობლთავე მათ მფრინველთათვის, გარნა მეფემან აღიყვანა ქორი და მოუტივნა და იპყრა მოწაფისა გამოხატული ქორმან. და მიერითგან მიიყვანა მეფემან ყრმა იგი პალატსა შინა თვისსა, რამეთუ იყო გამოწერილი მისი ურჩეულეს.
ხოლო ხატი იგი იოანე ღმრთისმეტყველისა, სადაცა გამოიწერა, სახლი იგი შექმნეს ეკკლესიად და აკურთხეს სახელსა ზედა იოანე ღმრთისმეტყველისასა. და ხატიცა იგი, ყოვლადბრწყინვალე, დაასვენეს მას შინა, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა და სახსენებელად იოანე ღმრთისმეტყველისა მიერ ქმნილისა სასწაულისა. მისგან შეყვარებულსა ღმერთსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ლვ [36]
ხატისა მიერ ქმნილი სასწაული

ქალაქსა შინა ბივრინტისასა იყო ვინმე ქრისტეანე, დამკვიდრებული სახლსა შინა მახლობელ შესაკრებელისა ჰურიათასა. და აქუნდა ხატი, რომელსა ზედა იყო გამოხატული სახე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კაცობრივისა ბუნებისა. ხოლო შემდგომად მოიყიდა სხუა სახლი თავისა თვისისათვის და განვიდა სახლისა მისგან პირველისა. ხოლო განგებულებითა ღმრთისათა დაეშენა პირველსა სახლსა შინა ჰურია, სადაცა იყო ხატი უფლისა და არა უწყოდა, თუ ხატი უფლისა არს მუნ. ხოლო შემდგომად მოუწოდა მან სერობად სხუასა ჰურიასა, მეგობარსა თვისსა. და დასხდეს რა და სჭამდეს, მიხედა მიწოდებულმან ჰურია სართულსა სახლისასა და იხილა ხატი უფლისა მდგომარე და ჰსთქუა მიმწოდებელისა მიმართ თვისისა: „ვითარ ხარ შენ ჰურია, რამეთუ, აჰა, ესერა, სახე ჯვარცმულისა, სახლსა შენსა გიპყრიეს?!“ ხოლო მან იწყო მწუხარებით ფიცვად და ეტყოდა: „ვიდრე აქამომდე არა მიხილავს მე სახე ესე“. და განვიდა მიწოდებული ჰურია მღუდელთა მიმართ თვისთა შეასმენდა და ეტყოდა ვითარმედ: „ჰურიასა მას აქვს ხატი იესო ნაზარეველისა სახლსა შინა თვისსა“. და აღივსნეს ყოველნი რისხვითა. და ხვალისა დღე შეკრიბეს სიმრავლე ერისა, მღუდელთმოძღვართა და მოხუცებულთა და მოვიდენ სახლსა მას, სადა იყო ხატი უფლისა. და შევიდენ რა, ჰპოვეს ხატი იგი მდგომარე და გამოიხვნეს იგი შორის კრებულისა თვისისა, დაადგინეს და სთქვეს: „ვითარცა მამათა ჩვენთა განჰბასრეს იესო, ეგრეთვე უყოთ ჩვენცა სახესა ამას“. და იწყეს ნერწყვად ხატსა ზედა და ცემად მისვე სახისაებრ პირსა იესო ქრისტესსა ამიერ და იმიერ. და ჰსთქვეს: „გვასმიეს, ვითარმედ: ძელსა ზედა დამსჭვალეს იგი მამათა ჩვენთა, და ვჰყოთ ჩვენცა ეგრეთვე“. ხატი ესე აღიღეს და დამსჭვალეს სახედ მისსა ჴელნი და ფერჴნი მისნი. და აღავსეს ღრუბელი ძრმითა და მოიღეს ლელწამი და მიუპყრეს პირსა მისსა. და მოიღეს ლახვარი და უბრძანეს მხედართაგანსა ვისმე გუმერად გვერდსა. და ვითარცა უგმირეს ხატსა ლახვრითა, ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და იქმნა შიში დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა, რომელთა იხილეს სასწაული ესე ყოვლადდიდებული. და აღავსეს ჭურჭელი გარდმოცენებულითა მით სისხლითა და წყლითა. ხოლო ზრახვა ჰყვეს და იტყოდეს: „მოვიყვანნეთ ბრმანი, მკელობელნი და ეშმაკეულნი და ვსცხოთ ამით სისხლითა. და უკეთუ ვიხილნეთ სასწაულნი, ყოველთა გურწმენეს ჯვარცმულისა, რამეთუ შეგვიპყრა ჩვენ შიშმან საკვირველებისა ამის მიერ“. და მოიღეს ერთი მკელობელი შობითგან და ვითარცა სცხეს სისხლთაგან, მეყსეულად აღხლდნა და იქმნა ყოვლითურთ მრთელი. და კვალად მოიყვანნეს ბრმანი და სცხეს და მათცა აღიხილნეს თუალნი. და ეშმაკეულნი ურიცხვნი ცხებითა სისხლისათა განიკურნეს. და საცნაურ იქმნა ყოველსა შორის ქალაქსა. და მორბიოდეს ყოველნი გამოუთქმელისა მისთვის საკვირველებისა და მოაქუნდათ ყოველთაგან სნეულებათა: განრღვეულნი, კეთროვანნი, დაღრეკილნი, ქვემძრომელნი და ყოველნი კურნებასა მიიღებდენ.
მაშინ ყოველთა ჰურიათა ერთბამად ჰრწმენა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და დავარდენ წინაშე ხატსა უფლისასა და ღაღადებდენ, მეტყველნი ცრემლითა: „დიდება შენდა, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელი ჰყოფ ესევითარსა სასწაულსა! დიდება შენდა, ქრისტე, რომელი მამათა ჩვენთა ჯვარს გაცვეს, არამედ ჩვენ შენდამი გურწმენა, მიგვითვალენ ჩვენ შევრდომილნი შენნი, მეუფეო“.
ხოლო ყოველნი ჰურიანი ქალაქისა მის, მამანი და დედანი, და ყრმანი, მთავარეპისკოპოსისა მიმართ მირბიოდენ და ევედრებოდენ ნათლისცემად მათდა. და ხატსა უფლისასა უჩვენებდენ და აღიარებდენ ყოველსავე კიცხევასა, რომელი მას ზედა მიიღეს. და სისხლსა და წყალსა გარდამოცენებულსა უჩვენებდენ და მრავალსა სასწაულსა, რომელი იქმნებოდა მის მიერ, მიუთხრობდენ. და ყოველნივე მიითვალნა მთავარეპისკოპოსმან, მრავალთა დღეთა ასწავებდა კეთილსა სარწმუნოებასა და შემდგომად ყოველთა ნათელ სცა დედებით და ყრმებითურთ. და ყოველთავე ერთბამად აღაშენეს ეკკლესია სახელსა ზედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და იქმნა სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა, არათუ განკურნებისათვის ოდენ უძლურთა, არამედ ნათლისღებისათვისცა. და თვით ჰქადაგებდენ წმიდისა ჩვენისა სარწმუნოებისა ჭეშმარიტებასა და აღიარებდენ დიდსა და საკვირველსა ამას სასწაულსა, რომელი იქმნა ხატისა მიერ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა.
ხოლო ჩვენცა, ყოველნი ქრისტეანენი, სარწმუნოებით და სიყვარულით თაყვანის ვსცემთ პატიოსანსა ხატსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, და ყოვლადუბიწოსა დედისა მისისასა, და ყოველთა წმიდათასა, და ვადიდებთ საკვირველთმოქმედსა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ლზ [37]
ფიცისათვის უჯეროჲსა

იყო ალექსანდრიისა ქალაქსა ჰურია ვინმე ვაჭარი და იყოფოდა ქრისტეანისა ვისმე თანა. და აქუნდათ ურთიერთას სიყვარული. და განვიდოდა ოდესმე ჰურია იგი სავაჭროდ და დაუტევა ქრისტეანესა ნამარხევად ოქროჲთა კოლოფი დაბეჭდილი. და ოდეს მოიქცა ჰურია გზით, წარუგზავნა ქრისტეანესა ძღვენი მადლობისათვის ნამარხევისა დაცვისა. ხოლო ქრისტეანემან მიიღო ძღვენი ჰურიისაგან, და ეკიცხეოდა მას გულსა შინა თვისსა მეტყველი: „ჭეშმარიტად მივითვალო ძღვენიცა ესე და თვისიცა ვერ მიიღოს“. და ამცნო ცოლსაცა თვისსა, რათა ფიცით უარ ჰყონ ოქრო იგი ჰურიისა, ვითარმცა: „ფიცი ჰურიისა არარას მოაწევს ჩვენ ზედა“. და ხვალისა დღე მოვიდა ჰურია იგი ქრისტეანისა მიმართ და სთხოვდა თვისსა ოქროსა. და ბირებითა ეშმაკისათა ქრისტეანემან უარ ჰყო ფიცითა და იწყეს ცილობად. მერმე ჰრქუა ჰურიამან: „მოყვასო, მასმიეს წმიდისა მოწამისა მინასთვის, ვითარმედ: დიდ არს დიდება მისი და არცხვენს უსამართლოდ მფუცავსა”. ხოლო შეითქვნენ და წარვიდენ ეკკლესიად წმიდისა მინასსა. და ჰრქუა ჰურიამან ქრისტეანესა: „მოყვასო, შეიშინე ღმრთისაგან და შეიწყალე სული შენი! რაოდენიცა გნებავს, აღიღე ოქროჲსა მისგან და სხუანი მომეც მე, და ნუ ცუდად იფიცავ“. ხოლო ქრისტეანემან ჰრქუა: „არა ღირს ხარ შენ შემოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ ჰურია ხარ“. და ჰრქუა ჰურიამან: „უკეთუ მე უღირს ვარ შემოსლვად ეკკლესიასა, დავსდგე მე გარეთ და შენ შევედ შინაგან და ჰფუცე“. და მოიდრიკნა მუჴლნი ჰურიამან და ჰსთქუა ცრემლით: „ღმერთო, რომელმან ღირს მყავ მე მოსლვად ეკკლესიასა წმიდისა მოწამისა მინასსა, შენ იყავ მსაჯულ შორის ჩემსა და ქრისტეანისა ამის“. და ღაღად ჰყო ჴმითა მაღლითა: „ჵ, წმიდაო მოწამეო მინა! გამოაცხადე ჩემი და ქრისტეანისა ამის“. ხოლო ქრისტეანე ეფუცა მას ეკკლესიასა შინა და გამოვიდა, და ჰგონებდა ჰურია, თუ ევნოს რაჲმე. და წარვიდენ ორნივე ეკკლესიით. ხოლო იყვნეს რაჲ იგინი გზასა ზედა, აღშფოთდა ცხენი ქრისტეანისა და გარდამოაგდო ქვე და გამოვარდა უბითგან კლიტე იგი ჰურიის კოლოფისა და ეძიებდა მას ქრისტეანე და ვერა ჰპოვა. და მხიარულ იქმნა ქრისტეანე, ვითარმედ: გარდამოვარდა რა ცხენისა მისგან, ესე იქმნა მოსაგებელი იგი ფიცისა.
და მერმე აღსდგა და შესჯდა ცხენსა და წარვიდენ ორნივე ზოგად და შევიდენ ქალაქსა, რომელი იყო გზასა ზედა. და იყიდეს საზრდელი და იწყეს ჭამად. განიზრახა ჰურიამან და სთქუა: „მაქუნდა მე სარწმუნოება წმიდისა მოწამისა მინას სასწაულთაგან, რომელი მასმიოდა და არცა ერთი ვიხილე. უმჯობეს იყო ჩემდა, რათა არა მეფუცებინა ნუუკუჱ მცირე რაჲმე მოეცა ჩემთვის, არამედ სასოება ჩემი დავსდვავე ღმრთისა მიმართ“.
და ვითარცა სხდეს ორნივე ზოგად, აჰა, მოვიდა მონა ქრისტეანისა და აქუნდა ჴელთა მისთა კოლოფი იგი ოქროჲთა მით ჰურიისათა. და იხილეს ორთავე და დაუკვირდათ. ხოლო ქრისტეანესა შეეშინა ფრიად, შერისხვიდა და ჰკითხვიდა მონასა თვისსა, თუ სადათგან მოხვედ აქა და რად გიტვირთავს ეგე?“ მიუგო მონამან და ჰრქუა: „მოვედ შენდა, უფალო ჩემო, წარმოგზავნილი, აღსრულებად ბრძანებისა შენისა”. მიუგო ქრისტეანემან: „რაჲსა იტყვი შენ?” და კვალად ჰრქუა მონამან: „უფალო ჩემო, მოვიდა დღეს მხედარი დიდებული, ამხედრებული ცხენსა ზედა და ეპყრა კლიტე ჴელთა მისთა და ეტყოდა დედოფალსა ჩემსა, ცოლსა შენსა: „იცნობაა კლიტესა ამას?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე ვიცნობ“. და მისცა კლიტე იგი დედოფალსა და ჰრქუა, ვითარმედ: „ქმარი შენი მევედრა მე და მომავლინა შენდა, მეტყველმან: „წარმომიგზავნე მე ჴელითა მონისა ჩემისათა კოლოფი იგი, რომელი შემოგვედრა ჰურიამან, რამეთუ ვიტანჯები მე ფიცხლად ეკკლესიასა შინა წმიდისა მოწამისა მინასსა“. და მისთვის მოგართუ კოლოფი ესე და, უკეთუ არა გრწმენეს, იხილე: აჰა, კლიტეცა შენ მიერ წარმოგზავნილი, რომელი მოიღო მხედარმან მან დიდებულმან“.
ხოლო ჰურიამან მიიღო კოლოფი თვისი დაბეჭდილი და სიხარულით ღაღადებდა მეტყველი: „დიდ არს ღმერთი და წმიდა მოწამე მისი მინა და საკვირველ და ჭეშმარიტ სარწმუნოება ქრისტეანეთა! რამეთუ არა ვის მოსავსა შენსა, უფალო, ჰრცხვენეს, არცა მსასოებელთა წმიდათა შენთა ძალისა მინდობილთა! ამისთვის მეცა ვიქმნე ქრისტეანე ჭეშმარიტად“.
და მივიდა ეკკლესიად, წმიდისა მოწამისა მინასსა და შესწირა მესამე ნაწილი ოქროჲსა მის და ნათელს იღო ყოვლით სახლეულით თვისით და სასწაულისა ამის ძლით იქმნა მართლმადიდებელ.
ხოლო ქრისტეანემან აღიღო ნახევარი მონაგებისა თვისისა და შესწირა ეკკლესიასა წმიდისა მოწამისა მინასსა. და მუნ დაადგრა აღსრულებადმდე ცხოვრებისა თვისისა. ინანდა და სტიროდა ცოდვათა თვისთათვის და მიიცუალა სინანულითა და მიემთხვია მიტევებასა სრულიად, მეოხებითა წმიდისა მოწამისა მინასითა. ხოლო ჩვენ, მსმენელნი ამის საკვირველებისანი, ვადიდებდეთ ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ლჱ [38]
განსაცდელისაგან ხსნისათვის

იყო ვინმე ჰურია დიდ ვაჭარი. ვიდოდა იგი ოდესმე ქრისტეანეთა თანა გზასა ალექსანდრიით ასურეთისა მიმართ. და სადაცა დაივანიან, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა, მარადის სამღთოთა სიტყვათა და თხრობათა სულიერთა ზრახვიდიან და უმეტესად ღმრთისმშობელისა მიერ ქმნულთა სასწაულთა და მსწრაფლ შემწეობათა იტყოდეს. და ესმოდა ჰურიასა მასცა.
ხოლო საგრობასა მათსა, უდაბნოსა ადგილსა, ავაზაკნი დაესხნეს; ქრისტეანენი განერნეს და ჰურია იგი მხოლოდ შეიპყრეს. მონაგები მისი მისტაცეს და იგი არა მოკლეს, არამედ ერთსა ღრმასა ორმოსა შინა შთააგდეს და თვით წარვიდეს. ხოლო იხილა მან თავი თვისი ყოვლითურთ განწირული და სასოება წარიკვეთა ცხოვრებისაგან. გარნა მოეხსენა ქრისტეანეთა მიერ თქმული ღმრთისმშობელისა მოწყალებაჲ და მსწრაფლ შემწეობაჲ. და ღაღად ჰყო ცრემლითა და შემუსრვილითა გულითა იტყოდა: „ყოვლადუბიწოო დედოფალო, ღმრთისმშობელო, რომელსა მარიამ გეწოდების, რომელსა ყოველნი ქრისტეანენი გესვენ და თაყვანის გცემენ, შენ გევედრები განწირული ესე, დაღაცათუ პირველთა მამათა ჩემთა შეგცოდეს და ძე ღმრთისა, შენგან შობილი, იესო, ჯვარს აცვეს, ნუ მოიხსენებ მას, ძვირუხსენებელო, არამედ მე მხოლო გევედრები, შემიწყალე და მიხსენ განსაცდელისა ამისგან“.
და ვითარცა ამას იტყოდა, პირსა ზედა თვისსა მდებარე, აჰა, ესერა ესმა ჴმაჲ ეტლისა და ერისა მრავლისა მუნ მიმავალისა, და ნათელი დიდი გამოუბრწყინდა ორმოსა მას შინა. ხოლო ჰურია იგი განცვიფრებული ვერ იკადრებდა თუალთ შედგმად ბრწყინვალებასა მისსა. და ესმა ჴმაჲ შვენიერი ელვარებისა მისგან, ვითარმედ: „რაჲსა მიხმობ, ჵ, კაცო?“ ჰრქუა მას ჰურიამან: „ვინა იყოფი, უფალო, დიდებული ეგე?“ და მიუგო ტკბილითა ჴმითა გამოჩინებულმან მან: „მე ვარ, ღმრთისმშობელი, მარიამ, რომელსა შენ მხადი. რაჲ გნებავს?“ ჰრქუა მას ჰურიამან: „ჰე, დედოფალო დაბადებულთაო, მრწამს შენგან შობილი იესო, ღმერთად ჭეშმარიტად და შენ ღმრთისმშობლად აღგიარებ, მიხსენ განსაცდელისა ამისგან“.
მაშინ წამუყვნა ღმრთისმშობელმან ანგელოსთა და მყის იპოვა ჰურია იგი სახლსა შინა თვისსა. და განკვირვებული ადიდებდა ღმრთისმშობელსა და ნათელს იღო ათერთმეტით სულით სახლეულით თვისით და იქმნა მართლმადიდებელ და ცხადად ჰქადაგებდა სასწაულთა ღმრთისმშობელისათა და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ლთ [39]
მშვიდობისმყოფელისა მოწაფისათვის

იყო ვინმე მონაზონი განშორებული, ფრიად წარჩინებული სათნოებითა და მუშაკი ღმრთისა გულისჴმისყოფითა. მოვიდა იგი ოდესმე საკრებულოსა და არა ჰპოვა სენაკი. ხოლო იყო მუნ მეორე მონაზონი, რომელსა აქუნდა სენაკი მოცალედ. და ჰლოცვიდა მას ბერი მეტყველი: „მოვედ, პატიოსანო მამაო, და დასდეგ სენაკსა ამას შინა, ვიდრე ჰპოვებდე, სხუასა უკეთესსა“. დაემორჩილა მას წმიდა იგი ბერი და დასდგა.
ხოლო რომელთამე იწყეს მისლვად მისსა, ვითარცა ჩვეულ იყვნენ და მიართმიდენ მას სახმარსა და სულიერსა სარგებელსა შეიძენდენ, რამეთუ იყო იგი სიტყვამადლიან და შეიწყნარებდა მათ სიხარულით. ხოლო იწყო ბერმან, სენაკისა უფალმან, დრტვინვად და ძვირისზრახვად, ვითარმედ: „რაოდენნი წელნი დამიყოფიან მე აქა, მარხვითა და მოღვაწებითა, და არავინ მოვალს ჩემდამო, ხოლო ამას მცირედთა დღეთა შინა მყოფსა უფროს პატივ სცემენ“. და შურისა ეშმაკისა მიერ აღძრულმან ჰრქუა მოწაფესა თვისსა: „წარვედ და არქუ ბერსა მას: განვედ სენაკისაგან ჩემისა, რამეთუ სახმარ ჩემდა არს“. მივიდა მოწაფე იგი და თაყვანის სცა წმიდასა მას ბერსა და ჰრქუა: „მამა ჩემი იტყვის, ვითარ კეთილად ჰგიე, პატიოსანო მამაო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ადიდენ ღმერთმან მამა შენი, და არქუ მას: „გევედრები, ილოცე ჩემთვის ღმრთისა მიმართ, რამეთუ მცირედ სალმობიერ ვარ“. წარვიდა მოწაფე იგი და ჰრქუა მამასა თვისსა: „ვარქუ ბერსა და მომიგო, ვითარმედ: ვჰპოვო სხუა სენაკი და განვიდე ამიერ“. ხოლო შემდგომად ორისა დღისა, ეტყოდა მოწაფესა თვისსა: „წარვედ და არქუ მას, უკეთუ არა განხვიდე მოსწრაფედ, თვით მე მოვიდე და უნებლიედ განგდევნო შენ კვერთხითა ჩემითა“. კვალად წარვიდა ძმა იგი ბრძენი და ეტყოდა: „ესმა რა მამასა ჩემსა უძლურება შენი, ფრიად ლმობიერ იქმნა და წარმომგზავნა მე ხილვად შენდა. და აწ ვითარ კეთილად ჰგიე, ღმრთივსულიერო მამაო?“ ხოლო მან მიუგო: „არქუ მამასა შენსა, კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი, ყოვლადსანატრელო მამაო, აწ ლოცვითა შენითა წმიდითა უმოლხინეს ვარ მე“. წარვიდა ძმა იგი და ჰრქუა მამასა თვისსა, ვითარმედ: „შემდგომად კვირიაკისა განვიდე მე ამიერ ნებითა ღმრთისათა“.
და ვითარცა მოვიდა კვირიაკე და არა განვიდა, აღიღო ბერმან კვერთხი და წარვიდა გვემად მისსა და განდევნად. და ჰრქუა მას მოწაფემან: „მცირედ დაიყოვნე, მამაო, რათა პირველ მე მივიდე. ნუუკუჱ იყოს ვინმე მუნ მისთანა და დაბრკოლდეს“. წარვიდა მსწრაფლ მოწაფე იგი და ჰრქუა წმიდასა მას ბერსა, ვითარმედ: „მამა ჩემი მოვალს ხილვად შენდა, ღმერთშემოსილო მამაო, რათა წარგიყვანოს სენაკსა თვისსა და გისადილოს კეთილად“. ვითარცა ესმა ესე ბერსა, მოსწრაფედ გამოვიდა მიგებებად მისსა და შორით თაყვანის სცა, მეტყველმან: „მე მოვალ შენდა, ყოვლადსანატრელო მამაო, შენ ნუ დაშვრები უღირსებისა ჩემისათვის“.
ხოლო იხილა რა ღმერთმან მშვიდობისმყოფელობაჲ მოწაფისა მის, სათნო იყო და სიმდაბლითა მით მის ბერისათა, ეშმაკი იგი შურისა უჩინო ჰყო და ლმობიერ იქმნა ბერიცა იგი – სენაკისა უფალი. განაგდო კვერთხი თაყვანისმცემელმან და ამბორს უყო მას. და შემდგომად ამბორისყოფისა და მოკითხვისა, წარიყვანა იგი სენაკსა თვისსა. და იგი სულიერად და სიწრფოებით ზრახვიდა, ვითარცა არარაჲ ასმიოდა.
მაშინ ჰრქუა ბერმან მოწაფესა თვისსა, ვითარმედ: „არარაჲსა ეტყოდიაა ამას, რომელთა მე შენ გეტყოდი, შვილო?“ ჰრქუა მას მოწაფემან: „არარას ვეტყოდი, სულიერო მამაო“. განიხარა ბერმან და გულისჴმა ჰყო, ვითარმედ: „შურითა ეშმაკისათა ვიტყოდი ყოველსა მას“. და დავარდა წინაშე ფერჴთა მოწაფისა თვისისათა და ეტყოდა: „ამიერითგან – შენ მამაჲ ჩემი და მე – მოწაფე შენი, ვინათგან საკვირველი ესე სიბრძნე იხმიე და ჩვენ, ორთავე სულნი, შენ ძლით სცხონდნენ, და აღასრულე მცნება უფლისა, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“(მთ. 5,9).
ხოლო მსმენელნი ამის სიბრძნით ჴელოვნებისა, განკვირვებულ იყვნეს, და უდიდეს შერაცხეს ესე, ვიდრე მკუდართა აღდგინებისა სასწაულისა, რამეთუ მკუდარი რა აღდგეს ჴორციელად და კვალადცა მოკუდების, ხოლო ესე სულიერი აღდგომაჲ არღარა დაეცეს. და ეშმაკი შურისა დაეცემის ძალითა ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 

თხრობა მ [40]
მოწაფის მაცხოვნებელ ბერისათვის

გვითხრობდა ჩვენ ნეტარი პავლე, მღუდელმონაზონი, ვითარმედ: „იყო მოწაფე ჩემი უდებებასა შინა, თვინიერ ცნობისა ჩემისა და შეემთხვია მას სიკუდილი. და ვევედრე მისთვის ღმერთსა მხურვალედ და შეუვრდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, რათა ვიხილო, თუ რაჲსა შინა არს მოწაფე ჩემი შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და დავჰყვენ რა დღენი მრავალნი ლოცვასა შინა მისთვის, განკვირვება დამეცა ჩემ ზედა და ვიხილე მოწაფე ჩემი ტვირთული ორთა ვიეთგანმე, სრულიად ქვა ქმნილი, ვითარცა კეცი, თავითგან ვიდრე ფერჴთამდე, რომელსა არცათუ ყოვლად აქუნდა კნინ ოდენ ძრვაჲ რაჲმე, – არცა სულიერი, არცა ჴორციელი და არცა ზრახვიდა, არამედ იყო ყოვლითურთ სრულიად ქვაქმნილ.
ხოლო ვიხილე რა იგი ესრეთ, შევსწუხენ ფრიად, და მგლოვარე ვიქმენ, რამეთუ მომეხსენა მე სიტყვაჲ იგი უფლისა, რომელი სთქუა მისთვის, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე, ვითარმედ: „შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა; მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა“[მთ. 22,13]. და რამეთუ შეკვრა ჴელთა და ფერჴთა სხუასა არარას მოასწავებს, გარნა უდებებასა და უქმებასა, ყოველთავე საცნობელთა, რომელნი იგი არა ნებისაებრ უფლისა ღმრთისა იხმარონ სოფელსა ამას შინა.
და ვითარცა მოვეგე თავსა ჩემსა განკვირვებისა მისგან, ვიწყე ფრიად შეჭირვებად და ურვად ლოცვითა და მარხვითა, და მოწყალებისა ყოფად ძალისაებრ ჩემისა, და შეწირვად მსხვერპლისა მის წმიდისა. და ცრემლით შეუვრდებოდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, შეწყალებად მოწაფისა მის ჩემისა და მხურვალედ ვევედრებოდი კაცთმოყვარესა ღმერთსა ლხინებად მისსა. და ვიწყე რა შეჭირვებად თავისა ჩემისა, მოღვაწებითა და ხმელსა ჭამითა, ესევითარსა ღრმასა სიბერესა შინა.
შემდგომად უკუჱ დღეთა რაოდენთამე, ვიხილე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელი მეტყოდა მე: „რად მწუხარე ხარ და ურვეულ, მოხუცებულო?“ და მე ვარქუ: „ძმისათვის ჩემისა, ყოვლადუბიწოო დედოფალო, რამეთუ ვიხილე იგი ჭირსა შინა“. და მან მრქუა: „არა შენ ითხოვეა ხილვა მისი? აჰა, ესერა გულსავსე ქმნილ ხარ“. და მე ვარქუ მას: „ჰე, ყოვლადწმიდაო დედოფალო, მე გევედრე, გარნა არა მენება ესრეთ ხილვაჲ მისი და მისთვის აღვსებულ ვარ ცრემლითა და გლოვითა“. და მრქუა მე ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან: „წარვედ უკუჱ, რამეთუ სიმდაბლისათვის შენისა, და ღვაწლთა და სიყვარულისა, მე გიჩვენო იგი, რათა არღარა სწუხდე“.
და ხვალისა დღე კვალად ვიხილე ძმა იგი ჩემდა მომავალი მხიარულებით, რამეთუ თვით ვიდოდა და იცინოდა. და მრქუა მე: „ლოცვათა შენთა და მოწყალებათა, ღმრთივსულიერო მამაო, მოწყალე ჰყვეს ყოვლად­წმიდა ღმრთისმშობელი, რამეთუ შენ ფრიად უყვარ დედოფალსა ჩვენსა და ამისთვის ევედრა მაცხოვარსა ჩვენსა, იესო ქრისტესა, რათა გამხსნან მე საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა, რომლითა შეკრულ ვიყავ. ესერა მრქვა მე ძმამან, აღვივსე სიხარულითა და აჰა, ესერა კვალადცა ვიხილე მე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ქალწული მარიამ და მრქუა მე: „აწ გულსავსე იქმენა, მოხუცებულო ბერო?“ და მე ვარქუ: „ჰე, ყოვლადწმიდაო, დიდებულო დედოფალო ჩემო, ღმრთისმშობელო, და ფრიადცა მხიარულ ვიქმენ, რამეთუ ვიხილე მოწაფე ჩემი და მონა შენი ლხინებასა შინა“. მაშინ მრქუა მე ყოვლადუბიწომან ღმრთისმშობელმან: „წარვედ უკუჱ აწ, ჵ, მოხუცებულო, და იხსენებდი ძმასა მას ყოვლადვე ლოცვათა შენთა, და მოწყალებასა და წირვასა ნუ დააცადებ მისთვის, რამეთუ ფრიად შეეწევის მიცვალებულთა მოწყალება, და შეწირვა მათთვის უსისხლოჲსა მის და წმიდისა მსხვერპლისა“.
ესერა მრქუა, უჩინო იქმნა თუალთაგან ჩემთა, ყოვლადუბიწო და ზესთა კურთხეული დედოფალი ჩვენი. და მოვეგე რა თავსა ჩემსა, ვმადლობდი მარადის ღმრთისმშობელსა, მარიამს, რომელმან არა უღირს იჩინა ვედრება ჩემ ცოდვილისა და შემდგომად სიკუდილისაცა აცხოვნა ძმა იგი, რომელსა ყოველივე ყოვლადვე ძალუძს.
ხოლო ჩვენ, მსმენელნი ამის ყოვლადდიდებულისა საკვირველებისანი, თაყვანის ვსცემთ ყოვლად­წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს და ვადიდებთ ყოვლისა შემძლებელსა ღმერთსა, მეტყველნი ესრეთ: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი! რამეთუ შენ ჰყვი საკვირველი წმიდათა შორის შენთა“[გამოც. 15,3; ფს. 67,35]. შენდა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეორისა თავისა

 

 

 

 

 

 


თავი g [3]

ქველისმოქმედებათათვის და მოწყალებისა

 

 

 

 

 


თხრობა მა [41]
თუ ვითარ გლახაკთ მიმცემი ქრისტესა მისცემს

იყო კაცი ვინმე კოსტანტინუპოლის მდიდარი და ფრიად მოწყალე, რომელმან მარადის ჰყვის ქველისაქმე ყოველსა ადგილსა და უბანთაცა ქალაქისათა. სლვასა მისსა მისდევდიან რა სიმრავლე გლახაკთა, ხოლო იგი რეცა განსდევნიდა მათ და განიშორებდა, არამედ ჴელთა შინა მათსა შთაუდებდა მოწყალებასა. ამისათვის ჰყოფდა ამას, რამეთუ ენება კაცთაგან დაფარვა ქველისაქმისა თვისისა და ოდეს თვისაგან იხილის გლახაკი, ამბორს უყოფდა ჴელსა და ესრეთ მისცემდა მოწყალებასა.
ხოლო ჰყვა ვინმე მას სარწმუნო მეგობარი და ჰკითხვიდა მას, თუ: „ვითარ იქმენ შენ ეგრეთ მოწყალე?“ და მან მიუთხრა და ეტყოდა: „ოდეს ვიყავ მე მცირე, ვითარ ათისა წლისა, შევედ ეკკლესიასა ლოცვად; ვიხილე ბერი ვინმე სულიერი, რომელი ჰქადაგებდა და ასწავებდა ერსა მეტყველი, ვითარმედ: „რომელი მისცემდეს გლახაკსა, ქრისტესა ავასხებს“[იგ. 19,17]. ხოლო მესმა რა ესე მე, არა მრწმენა მოძღვრება მისი, რამეთუ განვიზრახე თავსა შორის ჩემსა, ვითარმედ: მასმიეს მე ქრისტე ცათა შინა ზის, მარჯვენით მამისა და ვითარ ქვეყანასა ზედა ივასხებს? და ამას რა ვიგონებდი, წარვედ სახიდ ჩემდა.
და ვიხილე გლახაკი დაბებკულითა მოსილი და მოარული. და თავსა მისსა სდგა საცნაურად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და ვითარ გლახაკი იგი ვიდოდა, მოწყალესა ვისმე შეემთხვია და მისცა მას პური. და ვითარცა განმარტა ჴელი გლახაკმან გამორთმევად პურისა, და აჰა, სახემანცა მაცხოვრისამან მიჰყო ჴელი თვისი ჴელისა მიმართ მიმცემელისა. და მოიღო ჴელისა მისისაგან პური და მისცა მას პირისპირ კურთხევა და ლოცვაჲ.
ხოლო ესერა ვიხილე მე, მრწმენა, რამეთუ – „რომელი მისცემს გლახაკსა, ქრისტესა მისცემს“[იგ. 19,17]. და აწცა ვხედავ სახესა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა თავთა ზედა გლახაკთასა მდგომარესა. და ამისთვის გარემოცულ ვარ შიშითა ღმრთისათა და შინაგან აღტრფობილ სიყვარულითა. და ესრეთ ვჰყოფ მოწყალებასა სურვილით ძალისაებრ ჩემისა, რამეთუ მოწყალება არა გლახაკთა არს მიცემაჲ, არამედ ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

 

 

თხრობა მბ [42]
თუ ვითარ მოწყალებისა ძლით მკუდარი აღსდგა

იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე, კეთილმორწმუნე და ფრიად მოწყალე და იყო იგი ვაჭარ. და რაოდენსაცა მისცემდა მას ღმერთი მოსაგებელსა, იგი ყოველსავე გლახაკთა განუყოფდა.
ხოლო დღესა ერთსა ჩვეულებისაებრ ვიდოდა რა იგი საგრობად, დაივანა სადგურსა ერთსა. და გლახაკი ვინმე ევედრებოდა და ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო ქრისტეს მოყვარემან მან ჰრქუა გლახაკსა: „აჰა, ვითარცა მხედავ მე გზასა ზედა, ძმაო, მარტოდ, რამეთუ ტვირთი ჩემი ყოველივე განმიტევებიეს და არარაჲ მაქვს აქა, რათამცა მიგცე შენ, არამედ ევედრე ღმერთსა ჩემთვის და ოდეს მოვიქცე, მოგცე შენ სახმარი”. და ეტყოდა გლახაკი: „ვითარ უკუჱ ვსცნა მოქცევა შენი, უფალო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვიდრე ამას დღედმდე მელოდე და უკეთუ მას შინა ვერ მპოვო მე, აჰა, ქვისა ფიქალი, რომელი აქა სძევს, ამას ქვეშე დავსდუა, რაჲცა მინებს შენდა მიცემად – აქა იძიე და ჰპოვო, გარნა ევედრე ღმერთსა ჩემთვის, ძმაო“.
ხოლო დაიყოვნა რა ვაჭარმან, მოვიდა გლახაკი პაემანისა ჟამსა და ქვეშე მის ფიქლისა ჰპოვა ფრიადი ოქროჲ დაუნჯებული ადრითგანვე. და წარიღო ყოველივე და განმდიდრდა ფრიად. და იყიდნა პალატნი მრავალფასისანი, მონანი და მხევალნი, დაბანი და ვენახნი, ჴარნი, აქლემნი, ცხენნი და ჯორნი, – ყოველნივე სავსებით, ვითარცა მდიდართა კმა ეყოფოდა; და მოიყვანა ცოლი მდიდართაგან და იწყო დიდებულად ცხოვრებად. და ჰყოფდა ქველისსაქმესა გლახაკთა, უცხოთა და ჭირვეულთა ზედა მოუკლებელად.
და შემდგომად ჟამისა, მოვიდა კეთილმორწმუნე იგი ვაჭარი ადგილსა მას და მოეხსენა გლახაკისადა, რაჲ იგი აღეთქუა, და აღიღო ოქროჲ ჴელითა თვისითა და ენება ქვისა მის ქვეშე დადება. და აღხადა რა ფიქალსა, მეყსეულად დასცა იგი ბოროტმან სულმან უკეთურმან. და დასდვა მას წყლულება თავითგან ვიდრე ფერჴთამდე, ვითარცა სანატრელსა იობს. და ესევითარითა წყლულებითა ეგო მრავალჟამ. და მოიყვანნა მკურნალნი და წარაგო ყოველივე მონაგები თვისი, ვიდრე არღარაჲ დაუშთა თავისა თვისისა და ვერ განიკურნა; არამედ, ვითარცა ერთი გლახაკთაგანი, ითხოვდა საზრდელსა და ქველისსაქმესა.
დღესა ერთსა მოვიდა სახლსა მის მდიდრისასა, რომელი იყო პირველ გლახაკ, რომელმან ამის განზრახვითა ჰპოვა საუნჯე და განმდიდრდა, და ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო მან მიითუალა, ვითარცა ერთი გლახაკთაგანი და უბრძანა გამოზრდა მისი სახლსა შინა თვისსა მარადის. შემდგომად ჰკითხა მას, თუ: „სადათ შეგემთხვია შენ, ძმაო, ბოროტი ესე სნეულებაჲ?“ ხოლო მან ყოველივე უნაკლულოდ განუცხადა. გულისჴმა ჰყო მდიდარმან მან, ვითარმედ ამის მიზეზითა მისცა მას ღმერთმან ესოდენი სიმდიდრე, და ჰრქუა მას: „შენ ხარაა იგი ვაჭარი, ძმაო?“ მიუგო გლახაკმან: „მე ვარ, უფალო ჩემო“. და ჰრქუა მას მდიდარმან: „ამას ყოველსა, რომელსა ჰხედავ, ძმაო, ყოველივე შენ მიერ მომანიჭა მე ღმერთმან, რამეთუ ფიქალსა მას ქვეშე ვპოვე სიმდიდრე ესე“. ხოლო მან გონიერად მიუგო: „მეცა შენ მიერ დამსდუა წყლულება ესე ეშმაკმან“. ჰრქუა მას მდიდარმან: „ვინათგან მიზეზითა ჩემითა შეგემთხვია შენ ბოროტი ესე სალმობა, ცხოველ არს უფალი, რომელ არღარა განგიშორო შენ მახლობელობისაგან ჩემისა, არცა ტრაპეზისაგან ჩემისა, არამედ განგისვენო წიაღთა ჩემთა, ვითარცა ძმაჲ საყვარელი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. და დაადგინა იგი სახლსა შინა თვისსა და არა მცირედ ზრუნვიდა მისთვის. იწყო მოყვანებად მკურნალთა, რომელთა აქუნდა კეთილჴელოვნებაჲ კურნებისა და ვერცა ერთითა ღონისძიებითა შეუძლეს განკურნებად მისა. და უკანასკნელ ყოველთასა მოვიდა ერთი მკურნალი და ეტყოდა: „არარაჲთა შესაძლებელ არს ვნებისა ამის კურნებაჲ, გარნა თუ ვინ დაჰკლას ყრმა პირმშოჲ თვისი და სისხლი მისი სცხოს ჴორცთა მისთა თავითგან ვიდრე ფერჴთამდე და მეყსეულად განიკურნოს სალმობისა მისგან“. ხოლო ესმა რა ესე მდიდარსა, დაიდვა გულსა თვისსა. და ესვა მას ყრმა პირმშოჲ მხოლოდშობილი და განიზრახა დაკლვა მისი, რათა განჰკურნოს მოყვასი იგი და სიყვარულისათვის მისისა არა ჰრიდა ძესა თვისსა.
ხოლო ჰპოვა ჟამი მარჯვე, რამეთუ ცოლი მისი წარვიდა აბანოსა და იხილა შვილი თვისი სარეცელსა ზედა მძინარე და დაბურვილი. მივიდა მოსწრაფედ და დაკლა ფარულად და შთაასხა სისხლი მისი ფიალასა და კვალად დასდვა მკუდარი ყრმა სარეცელსავე ზედა თვისსა და დაბურა იგი. და წარიყვანა სალმობიერი იგი კაცი ადგილსა ფარულსა, განსძარცვა მას სამოსელი და დაადგინა შიშველი. და სისხლი იგი ყრმისა სცხო მას ყოველსა გუამსა მისსა – თავითგან ვიდრე ფერჴთამდე. და მეყსეულად განიკურნა კაცი იგი, ვითარცა იყო პირველ. ესევითარი სიყვარული ჰქმნა მოყვსისათვის და საკვირველ იქმნა ღმრთისაგან, ვითარცა ძველ ოდესმე აბრაჰამ. და მოვიდა რა აბანოსაგან დედა მის ყრმისა, მსწრაფლ მივიდა მისა, რათა აწოოს ძუძუჲ. და ოდეს გარდახადა საბურველი პირსა, ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! იწყო ყრმამან ჩვეულებისაებრ ტირილად. ხოლო ესმა რა მამასა მისსა ტირილი ყრმისა, მირბიოდა შვილისა მიმართ განკვირვებული და იხილა შვილი თვისი ცოცხალი, რომელი დაეკლა ჴელითა თვისითა, განკურნებისათვის მოყვასისა. და ადიდებდა ღმერთსა ესევითარისა საკვირველებისა მოქმედსა, რამეთუ სალმობიერი განიკურნა და მკუდარიცა განცოცხლდა.
ხოლო ღმერთმან ყოველისა შემძლებელმან, ესე საკვირველი ორთა თვისვე სარწმუნოებისა – სიყვარულისა და მოწყალებისათვის ჰქმნა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა მგ [43]
მთავრისათვის დიდებულისა

იყო ვინმე ქრისტეს მოყვარე ალექსანდრიას შინა მთავარი დიდებული და მოშიში უფლისა, და ჰყოფდა ქველისსაქმესა მარადის გლახაკთა, უცხოთა და ყოველთა ჭირვეულთა ზედა. და ერთგზის თუჱსა შინა მოუწოდდა ბერთა, მღუდელთა, გლახაკთა, უცხოთა, ქვრივთა, ობოლთა და ყოველთა ჭირვეულთა სახლად თვისსა სადილობად, და წარგზავნნის იგინი საბოძვარითა. ამას ესრეთ ჰყოფდა ყოველთა შინა თუჱთა.
ხოლო ესე კეთილი, ქრისტეს მოყვარისა მის კაცისა, შეიშურვა კეთილის მოძულემან ბოროტმან ეშმაკმან და შევიდა ერთსა მთავართაგანისა გონებასა და შეასმინა იგი მეფესა უსამართლოდ. და უმსჯავროდ წარიღეს ყოველი სიმდიდრე მისი და სიმამრისაცა მისისა, რათა მოწყალება ვერღარა ჰყოს ვერა რომლითამე შეძლებითა.
გარნა ქრისტეს მოყვარე იგი დიდის მადლობით ითმენდა და არავე დასცხრებოდა ქველისმოქმედებისაგან, რამეთუ იტყოდა: „წერილ არს, ვითარმედ: „ერთისა სასმელისა წყლისა გრილისა სასყიდლისა მოგებაჲ“[მრკ. 9,41]. და ვითარცა მოვიდა თუჱ, მოვიდენ ჩვეულებისაებრ გლახაკნიცა მიღებად მოწყალებისა. ხოლო ქრისტეს მოყვარემან მოსწრაფებით და მხიარულითა გულითა და სულითა მისცა მათ რაჲცა აქუნდა და ითხოვდა მათგან სახლისა თვისისა კურთხევასა. და ესრეთვე ჰყო მეორესაცა თუჱსა ჩვეულებისაებრ მოწყალებაჲ მცირე მცირედ.
და ვითარცა მოიწია მესამეცა იგი თვე, ეტყოდეს გლახაკნი მონასა, ქრისტეს მოყვარისასა: „არქუ უფალსა შენსა, რათა მოგვცეს მოწყალება, ვითარცა არს ჩვეულება მისი“. ხოლო მონამან ჰრქუა უფალსა თვისსა: „რაჲსაღა მოვლენ გლახაკნი მცირისა ამის მიღებად, რომელი მიეცემის?“ და მიუგო უფალმან მისმან: „უკეთუ არა ვჰყოთ მოწყალებაჲ, ძმაო, და ვაყენებდეთცა მათ მოსლვად, ნუუკუჱ მოვიდეს ჩვენ ზედა რისხვა ღმრთისა?! არამედ ვიდრემდის გვაქვნდეს ერთიცა მწვლილი, განუყოთ იგიცა გლახაკთა“.
და იხილა ღმერთმან გული ესევითარისა მოწყალისა და მოშიშისა მისისა, არა უგულებელს ჰყო მონა თვისი, არამედ ეშმაკი იგი ბოროტი განიდევნა, ვითარცა ბნელი, ნათლისა მიერ. და შთაუთხრა ღმერთმან გულსა მეფისასა, რათა ჰყოს მსჯავრი ქრისტეს მოყვარისა მის და შემასმენელისა მისისა. და განმართლდა ესე კაცი ღმრთისა და დაისაჯა შემასმენელი მისი ღმრთისამიერითა სასჯელითა. და ბრძანა მეფემან ყოველივე მიცემად მისა, რაჲცა წარეღოთ.
ხოლო ღმერთმან უმეტესად განამდიდრა და აკურთხა სახლი მისი ქველისაქმისათვის მისისა და მიერითგან ჰყოფდა უმეტესსა მოწყალებასა, ვითარცა აქუნდა ჩვეულებაჲ და იხსენებდა სიტყვასა მას, ვითარმედ: „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს“(ლკ. 6,36).
ხოლო ჩვენცა უკუჱ, საყვარელნო, შეგვემთხვიოს რა განსაცდელი, მადლობითა ღმრთისათა დავითმინოთ. და ნუ დავსცხრებით კეთილისყოფად და ვედრებად ღმრთისა და წარგვემართნეს აქაცა და მას საუკუნესა – ცხოვრება ვჰპოვოთ მადლითა მისითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა მდ [44]
ევხარისტისთვის მწყემსისა

ორნი მანოზონნი იყოფოდეს უდაბნოსა შინა და ევედრნეს ღმერთსა, რათა აუწყოს მათ, თუ რომლისა წმიდათაგანისა სავანისანი არიან. და მოვიდა ჴმაჲ მათდა მეტყველი, ვითარმედ: „სოფელსა შინა ეგვიპტისასა არს კაცი ლიტონი ერისაგანი, სახელით ევხარისტ და ცოლი მისი მარიამ. ჯერეთ არღა მიწევნულ ხართ საზომსა მისსა“.
ხოლო იგინი აღსდგეს და წარვიდეს სოფელსა მას და იკითხვიდეს სახლსა მისსა. და ჰპოვეს ცოლი მისი და ეტყოდეს: „სადა არს, დედაო, ქმარი შენი?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „მწყემსი არს, უფალნო, და აძოებს ცხოვართა“. და შეიყვანნა სახლად თვისსა. და ვითარ იქმნა მწუხრი, მოვიდა ევხარისტ სამწყსოთ თვისით, იხილნა რა ბერნი, თაყვანის სცა მათ და მოიღო წყალი და დაბანნა ფერჴნი და განუმზადა მათ ტაბლაჲ.
ხოლო ეტყოდეს მას მოხუცებულნი იგი ბერნი: „არა ვსჭამოთ არარაჲ, უკეთუ არა მოგვითხრა ჩვენ საქმენი შენნი კეთილნი“. ხოლო ევხარისტ დიდითა სიმდაბლითა ეტყოდა მათ: „უფალნო ჩემნო, მე მწყემსი ვარ ცხოვართა და აჰა, ცოლი ჩემი და ვითარ შესაძლებელ არს ჩემგან კეთილი საქმე?!“ და არა შეიწყნარეს ბერთა, არამედ ევედრებოდეს მას თქმად, მეტყველნი: „გევედრებით, ძმაო, ღმრთისა მიერ მოვლინებულ ვართ ჩვენ შენდა, რათა გვითხრნე საქმენი შენნი კეთილნი“.
და ვითარცა ესმა მას სახელი ღმრთისა, შეეშინა და ჰრქუა მათ: „აჰა, ესერა, უფალნო ჩემნო, ცხოვარნი მყვანან მშობელთა ჩემთაგან და რაჲსაცა მომცემს ღმერთი ნაყოფსა მათგან, განვყოფ სამ წილად: ერთსა ნაწილსა გლახაკთა მივსცემ, მეორესა უცხოთ მოყვარებასა და მესამესა სახმრად ჩვენდა ვჰყოფთ. და რაჲთგან მომიყვანიეს ცოლი ესე ჩემი, არა შეგვიგინებიეს საწოლი ჩვენი, არამედ ქალწულებით დაგვიცვამს თავნი ჩვენნი და თვისად თვისად დაგვიძინია მცირედ. და ღამე შევიმოსთ ძაძასა და ვევედრებით ღმერთსა დაუცხრომელად. და დღე თვისსავე სამოსელსა შევიმოსთ და აქამომდე არავის კაცთაგანსა უცნობიეს“.
ხოლო მათ რა ესმა ესე, განუკვირდებოდათ ფრიად და ამბორს უყვეს მას და წარვიდენ უდაბნოდვე. და განიხილნეს თავნი თვისნი და ადიდებდენ ღმერთსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი დაფარულნი მონანი. მისსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა მე [45]
მესტვირისათვის, რომელი მოწყალებისა მიერ სცხონდა

იყო ვინმე მონაზონი უდაბნოსა შინა ქვეყანასა ირაკლი თებაიდისასა, სახელით პაჶნოტი, რომლისათვის მრავალნი ფრიადსა ქველისსაქმესა და მაღალთა სათნოებათა მოგვითხრობდენ. ესე პატიოსანი მამა, შემდგომად მრავალთა შრომათა, ევედრა ღმერთსა, გამოცხადებად მისა, თუ რომელთა წმიდათა მსგავს არს. ხოლო გამოუჩნდა მას ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „მსგავს ხარ შენ მესტვირისა ვისმე, რომელი ქალაქსა შინა იყოფის“.
ხოლო პაჶნოტი მოსწრაფედ წარვიდა მესტვირისა მიმართ და ეტყოდა: „ვინ ხარ შენ, ძმაო, და ვითარ არს ცხოვრება შენი?“ ხოლო მან ჰრქუა: „ფრიად ცოდვილ, მტაცებელ და მემთვრალე ვარ მე, მამაო პატიოსანო, და მცირედ ოდენ ჟამი არს ვინათგან მოვეგე თავსა ჩემსა და ავაზაკობისაგან გამოვედ“. კვალად გამოეძიებდა მისგან პაჶნოტი და ეტყოდა: „ნუუკუჱ კეთილი რაჲმე გიქმნიესაა, ძმაო?“ ხოლო მან ჰრქუა: „არარაჲ კეთილი მიქმნიეს, უფალო ჩემო, გარნა ამისა, რამეთუ ოდეს ავაზაკობასა შინა ვიყავ, ორნი ქრისტეს მოყვარენი შეიპყრნეს ავაზაკთა – მოყვასთა ჩემთა, ხოლო მე განვარინენ იგინი ღამით და სოფლადმდე წარუმართე მათ. და კვალად ოდესმე ვჰპოვე დედაკაცი ფრიად შვენიერი შეცთომილი უდაბნოსა ადგილსა და მტირალი მწარედ. ხოლო მე ვჰკითხევდი მიზეზსა ტირილისა მისისასა და მან მრქუა: „ნუ მკითხავ მე უბადრუკსა რაჲსამე, უფალო ჩემო, არამედ ვითარცა მხევალი შენი, წარმიყვანე სადაცა გნებავს, რამეთუ ქმარსა ჩემსა მრავალგზის ჰგვემდენ ორ წელ ვახშისათვის სამასისა ოქროჲსა, და შეაყენეს საპყრობილესა და სამთაცა შვილთა გან­მსყიდველ ვიქმნენით. და მისთვის ვიქმენ მე მავალ ადგილითი ადგილად. და აწ უდაბნოსა ამას ვრონინებ, რამეთუ მრავალგზის ვიპოვე მე მათგან და ვიგვემებოდი წამ და წამ. და აჰა, სამი დღე ვარ აწ უდაბნოსა ამას შინა უჭმელი”.
ხოლო მე ესერა მესმა, შევიწყალე იგი და წარვიყვანე ქვაბსა ჩემსა და დაუგე მას ჭამადი და მივეც სამასი ოქროჲ. და მივიყვანე იგი ქალაქადმდე და გავათავისუფლე იგი მოვახშეთაგან ქმრითა და შვილებითურთ.
მაშინ მიუგო მას პაჶნოტი: „მე თავით თვისით არარაჲ უწყოდი შენთვის, ძმაო, გარნა სასმენელ ჩემდა იქმნა, რამეთუ დიდებულ ხარ და არარაჲთ ჩემსა უდარეს ხარ, რომელსა მრავალნი წელნი ფრიადითა შრომითა უდაბნოსა შინა დამიყოფიან. აწ ნუ უდებ იქმნები, შვილო, რამეთუ გამომიცხადა მე ღმერთმან შენთვის, რათა არღარა შეაჭირვო შენ სულსა შენსა“.
ხოლო მან მეყსეულად განაგდო სტვირი და საგალობელი თვისი და შეუდგა მას და წარვიდა უდაბნოს და სამ წელ კეთილად შვრებოდა მოღვაწებითა; ლოცვითა და გალობითა ცხოვრება თვისი აღასრულა და სანატრელსა მას ცხოვრებასა საუკუნესა მიისწრაფა, და გუნდსა წმიდათასა შეეძინა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა მვ [46]
ათასისთავისათვის, რომელი მოწყალებამან
საპყრობილით იხსნა

ქალაქსა ტიბერიისასა იყო ვინმე ათასისთავი, კაცი სახელოვანი და დიდებული და მოშიში ღმრთისა. იგი მოგვითხრობდა და იტყოდა, ვითარმედ: „წარგზავნილ ვიყავ რომელსამე ქალაქსა საქმისა რაჲსათვისმე საჴელმწიფოჲსა. და მუნ ყოფასა ჩემსა მოვიდა ვინმე დედაკაცი შვენიერი და დიდებულთაგანი და ითხოვდა ჩემგან ქველისსაქმესა და ცრემლითა მხურვალითა იწყო ტირილად და იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, ღმრთისათვის, რამეთუ დიდსა ჭირსა შინა ვარ“. ხოლო მე ვიწყე კითხვად მისა მიზეზი ტირილისა მისისასა და მან კვალად ტირილით მრქუა მე, ვითარმედ: „ქმარი ჩემი ვაჭარი იყო, უფალო ჩემო, და ღელვათა შინა ზღვისათა წარუწყმდა მონაგები თვისი და სხუათაცა მრავალთა. და აწ მოვახშეთაგან არს იგი საპყრობილესა შინა და მე კარითი კარად მიმოვალ მოწყალებისათვის, რათამცა მოვითხოვო პური და გამოვზარდო“. ხოლო მე ვჰკითხე მას, ვითარმედ: „რაჲ არს თანანადები ქმრისა შენისა, დედაო?“ და მან მრქუა: „ხუთი ოდენ ლიტრა ოქროჲ, უფალო“. ხოლო მე აღვიღე ოქრო ხუთი ლიტრა და მივეც მას და ვარქუ: „მიიღე ოქრო ესე, დაო ჩემო და გამოიხსენ ქმარი შენი და ევედრე ღმერთსა ჩემ ცოდვილისათვის“.
და შემდგომად ერთისა წლისა იქმნა ჩემთვის ცილისწამებით შესმენა მეფისა მიმართ, ვითარმცა წარმეწყმიდოს ხარკი. წარმოიღეს ყოველი სიმდიდრე სახლისა ჩემისა და წარმომიყვანეს მეცა კოსტანტინუპოლეს და შემაგდეს საპყრობილესა. და ვიყავ მუნ ერთ წელ ერთითა ოდენ კვართითა. და მეტყოდენ დღე ყოველ, ვითარმედ: „ჰნებავს მეფესა სიკუდილი შენი სხვათა საწვრთელად“, და სასოწარკვეთილ ვიქმენ ცხოვრებისაგან ჩემისა და ვიწყე ტირილად.
ხოლო ტირილსა და გოდებასა შინა ჩემსა მიმეძინა. და ვიხილე დედაკაცი იგი, რომელსა მივეც ხუთი ლიტრა ოქროჲ და მრქუა მე: „რაჲ არს, უფალო ჩემო, და რაჲსათვის შეპყრობილ ხარ აქა?“ ხოლო მე ვარქუ: „შესმენილ ვარ და ვჰგონებ, სიკუდილი ნებავს ჩემი მეფესა“. და მან მრქუა მე: „წარვიდე მეფისა მიმართ, რათა განგიტეოს შენ“. და ვითარცა განმეღვიძა, ვერ მრწმენა ხილვა იგი და კვალად მწუხარე ვიყავ. და მეჩვენა მეორესაცა ღამესა იგივე და მეტყოდა: „ნუ გეშინინ, უფალო ჩემო, მე განგიტეო შენ“.
და ხვალისად ბრძანა მეფემან მიყვანება ჩემი წინაშე მისსა და მიმიყვანეს პალატსა მეფისასა. და ოდეს შევედ და ვიხილე მეფე, და აჰა, დედაკაციცა იგი მდგომარე მარჯვენით მეფისა და ჩემდა მომართ მხიარულად მხედველი. და ბრძანა მეფემან ყოვლისა მონაგებისა ჩემისა მოცემად ჩემდავე, რომელი წარმოიღეს სახლისაგან ჩემისა და სხვისაცა ნიჭისა მრავლისა ბოძება და განწესება ადგილსავე ჩემსა. და აღმიყვანეს პატივსაცა, რათა ვიყო მე ყოველთა ათასისთავთა განმგებელ.
ხოლო კვალად მას ღამესა მეჩვენა მე იგივე დედაკაცი და მრქუა: „უწყიაა, უფალო ჩემო, თუ ვინ ვარ მე? მე იგი ვარ, რომლისა თანა შენ ჰყავ წყალობაჲ და მომეც ხუთი ლიტრა ოქროჲ და გამოიხსენ ქმარი ჩემი საპყრობილისაგან. ამისთვის გიხსენ მეცა შენ საპყრობილისაგან და სიკუდილისა და მიგელის ცხოვრება საუკუნო“.
მიერითგან უმეტესსა ჰყოფდა მოწყალებასა გლახაკთა, პყრობილთა და ყოველთა ჭირვეულთა ზედა და იხსენებდა სიტყვასა მას, ვითარმედ: „საპყრობილესა ვიყავ და მიხსენით მე“[მთ. 25,36] და ადიდებდა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა მზ [47]
ჭეშმარიტისა მოწყალისათვის,
რომელმან იხსნა სული კაცისა წარწყმედისაგან

ალექსანდრიასა შინა პავლე პატრიარხისა ზე ქალი ვინმე დაშთა ობლად, ხოლო მშობელთა მისთა დაუტევეს მონაგები მრავალი. დღესა ერთსა ვენახოვანსა თვისსა ვიდოდა ქალი იგი და იხილა კაცი ვინმე განმზადებული მოშთობად თავისა თვისისა. მიისწრაფა და ჰრქუა: „რაჲსა ჰყოფ, ჵ, კაცო?“ და მან ჰრქუა მას: „ქალწულო, ნუ მკითხავ მე, რამეთუ, მრავალსა შეჭირვებასა შინა ვარ“. ეტყოდა მას ქალი იგი: „მითხარ მე, ძმაო, მიზეზი, უკეთუ შესაძლებელ იყოს ჩემდა“. ხოლო მან ჰრქუა: „მრავალთა ვახშთა თანამდებ ვარ, დედოფალო ჩემო, და ვიტანჯები მათგან. აწ მეგულების მოშთობად თავისა ჩემისა და მოსწრაფედ სიკუდილი“. ჰრქუა მას ქალმან: „წარმოვედ ჩემთანა, ძმაო, და რაოდენი მაქუს საფასე, აღიღე და მიეც მოვახშეთა შენთა და გევედრები, ძმაო, ნუ ეგრეთ წარიწყმედ თავსა შენსა სულითურთ“. წარიყვანა და მისცა ყოველივე, რაჲცა აქუნდა და განათავისუფლა იგი სრულიად სულისა და ჴორცთა წარწყმედისაგან. და თვით ნაკლულევან იქმნა და არცაღათუ დაუშთა რაჲმე, რომლითა გამოზრდილ იყო, არამედ წარვიდა მონასტერსა ქალწულთასა.
და შემდგომად მრავლისა ღვაწლისა, დასნეულდა იგი ფიცხელითა სალმობითა. და ამასცა რა მადლობით მოითმენდა, მოვიდა ანგელოსი უფლისა სახითა მის კაცისათა, რომელი იხსნა მოშთობისაგან და ჰმსახურებდა მას. ესე მრავალგზის იხილეს დათა მისთა სულიერთა და განუცხადეს პატრიარხსა. მოვიდა პატრიარხი და ჰრქუა მას: „მშვიდობა შენთანა, ასულო, მაუწყე მე, თუ რაჲ კეთილი გიქმნიეს?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე რაჲ კეთილი მიქმნიეს, გლახაკსა და ცოდვილსა, მეუფეო წმიდაო?” კვალად ეტყოდა მას პატრიარხი: „ყოვლადვე არარაჲ უწყიაა, შვილო, თავისა შენისა კეთილისა ქმნაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „არარაჲ, მეუფეო წმიდაო, თვინიერ ამისსა, რამეთუ ვიხილე ვინმე მოშთობად განმზადებული მძლავრებისაგან მოვახშეთასა და ყოველი მონაგები ჩემი მივეც მას და ვიხსენ იგი. და ვითარცა ესე სთქუა, სული თვისი განწმედილი ჴელთა შინა ღმრთისათა შევედრა და ანგელოსისა წინამძღვრებითა ზეცისა სავანესა განისვენა.
მაშინ პატრიარხი და რომელნი იყვნეს მისთანა, ადიდებდეს ღმერთსა და სთქუჱს: „მართალ ხარ შენ, უფალო, და სიმართლით არიან მსჯავრნი შენნი“[ფს. 118,117]“, რამეთუ არავის წარუწყმედ კეთილისა საქმესა, დიდება შენდა უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა მჱ [48]
მემტილისათვის, რომელი მოწყალებისა ძლით განიკურნა

იყო ვინმე მემტილე სახელით იოანე, ფრიად მოწყალე უცხოთა და გლახაკთა მიმართ; რამეთუ მუშაკობდა მტილსა შინა და ყოველსა ნაშრომსა თვისსა მისცემდა ქველისსაქმედ თვინიერ კმასაყოფელისა თვისისა.
ხოლო უკანასკნელ შთაუდვა ეშმაკმან გულსა მისსა, ვითარმედ: „შეიკრიბე მცირე ვეცხლი, რათა ოდეს დაბერდე, ანუ სალმობიერ იქმნე, გაქუნდეს სახმრად შენდა”. და ვითარცა შეიკრიბა მან ვეცხლი, შეემთხვია სალმობა ფერჴისა და სიმპალე და მისცა ვეცხლი იგი მკურნალთა და ვერ შეუძლეს კურნებაჲ. ხოლო უკანასკნელ მოვიდა ჴელოვანი მკურნალი და ჰრქუა: „უკეთუ არა მოიკვეთო ფერჴი ესე დამპალი, ყოველი გუამი შენი განირყვნას“. და ენებათ ხვალისად მოკვეთად ფერჴი იგი.
ხოლო მას ღამესა შესწუხნა ფრიად; შეინანა, რომელი ჰქმნა და სულთ ითქუნა და ტირილით იტყოდა: „მოიხსენენ, უფალო, პირველნი საქმენი ჩემნი, რომელთა ვიქმოდი და მივსცემდი ქველისსაქმედ, და შემიწყალე მე“. და ამას რა იტყოდა, წარმოუდგა მას ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „სადა არს ვეცხლი იგი, რომელი შეიკრიბე?“ მაშინ გულისჴმა ჰყო და სთქუა: „გცოდე, მოწყალეო უფალო, და მომიტევე მე, და ამიერითგან არღარა დავსდვა სასოება ჩემი ვეცხლისა მიმართ, არამედ უფლისა ღმრთისა ჩემისა“. მაშინ ანგელოსმან შეახო ფერჴსა მისსა და მეყსეულად განიკურნა.
ხოლო აღსდგა ხვალისად და წარვიდა მტილსა თვისსა სამუშაკოდ. და მივიდა მკურნალი მოკვეთად ფერჴისა და სთქუა: „სადა არს იოანე?“ და ჰრქუჱს მას: „განთიად წარვიდა თვისსა მტილსა სამუშაკოდ“. განცვიფრდა მკურნალი და წარვიდა ხილვად მისსა და იხილა იგი, რამეთუ ჰბარვიდა მიწასა ფერჴითა მით, რომლისა ეგულებოდა მოკვეთაჲ. და ადიდებდა ღმერთსა მეტყველი: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინიცა ღმერთმან შეიწყალნეს“[მთ. 5,7], რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 


თხრობა მთ [49]
მარტიანესთვის მოწყალისა

იყო ვინმე კაცი მართალი და მოწყალე სახელით მარტიანე. ხოლო ცხოვრება ესევითარი აქუნდა, რომელ არარაჲსა იუნჯებდა თვისად, არამედ ყოველსავე მისცემდა ქველისსაქმედ გლახაკთა და უცხოთა. და ოდეს არარაჲ დაუშთა მას თვინიერ დანაკისა და ერთისა სამოსლისა, და იყო მკსინვარება ზამთრისა და ყინელი დიდი, შეემთხვია მას გლახაკი შიშველი ბჭეთა თანა ქალაქისათა და ითხოვდა მოწყალებასა. იხილა რა იგი მარტიანე, შეწუხნა ფრიად, რამეთუ არარაჲ აქუნდა, რათამცა მისცა გლახაკსა მას თვინიერ ერთი იგი სამოსელი, რომლითა შემოსილ იყო თვით, რამეთუ ყოველი მონაგები თვისი განეყო გლახაკთათვის. და აღმოიღო დანაჲ და განჰსჭრა სამოსელი იგი შუა და ნახევარისა მისგან შემოსა გლახაკი იგი შიშველი და ნახევარითა მით თვით ვიდოდა და მრავალნი ჰბასრობდეს მას.
და მას ღამესა ეძინა რა, იხილა სამოსლითა მით თვისითა ქრისტე შემოსილი, რომლითა შემოსა გლახაკი იგი და წინაშე მრავალთა ანგელოსთასა ეტყოდა: „ჵ, მარტიანე, შენ ამით სამოსლითა შემმოსე მე, ხოლო მეცა წინაშე ყოვლისა სოფლისა სამოსლითა დიდებულითა შეგმოსო შენ და სასუფეველი ცათა დაიმკვიდრო“. ხოლო ესმა რა ესე მარტიანეს, აღსდგა ძილისაგან და ადიდებდა ღმერთსა. მუშაკობდა მარადის და იქმოდა გლახაკთა მიმართ მოწყალებასა. და იქმნა სათნო უფლისა და მიმადლა ღმერთმან მადლი სასწაულთმოქმედებისა: მკუდართა აღადგინებდა, სნეულთა ჰკურნებდა და ეშმაკთა განასხმიდა. და შემდგომად მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცვალა და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ნ [50]
შიშველთ შემოსისათვის

ბერსა ვისმე აქუნდა ორი სამოსელი – ერთი ახალი და მეორე ძველი. და მივიდა მისა გლახაკი ვინმე შიშველი ზამთარსა შინა და ითხოვდა მისგან მოსაბლარდნელსა რასმე. სდგა მტირალი და იტყოდა: „შემიწყალე მე, რამეთუ არარაჲ მაქვს შესამოსად“. ხოლო შეეწყალა ბერსა და შევიდა სენაკსა თვისსა, განიძარცვა ძველი სამოსელი და შეიმოსა ახალი, და მისცა გლახაკსა მას უძველესი. და შემდგომად მცირედისა განიზრახა, ვითარმედ: „არა ვჰყავ სიყვარული სრული, რამეთუ ვიპყარ მე უმჯობესი და მივეც მას უდარესი; არა ქრისტეს სიყვარულისათვის მთხოვა მეა? ვითარ მე უბადრუკმან უუნდოესი მივეც ქრისტესა, ყოველთა უმჯობესსა და ვიპყარ ჩემთვის უმჯობესი, ყოველთა უდარესმან?!“
მოუწოდა გლახაკსა და ეტყოდა მას: „მომეც მე იგი სამოსელი, რომელი მე მოგეც შენ, ძმაო, და მოგცე შენ სხუაჲ“. გამოართუა ძველი იგი და შეიმოსა თვითვე და მისცა მას ახალი სამოსელი. წარიღო გლახაკმან და განჰყიდა ქალაქსა შინა. და შემდგომად მივიდა ბერიცა იგი ქალაქსა მას განსყიდვად ჴელთსაქმისა თვისისა და იხილა სამოსელი თვისი, რომელი შეემოსა სხუასა ვისმე და არა გლახაკსა მას, რომელსაცა მისცა. და მწუხარე იქმნა მისთვის ბერი დიდად. და მოვიდა სენაკსა თვისსა, სტიროდა და იტყოდა: „არა ღირს იჩინა გლახაკმან სამოსელი ჩემი შემოსად, რათამცა შეწირულ იყო წინაშე ქრისტესა სურვილით მოწყალება ჩემი“. ხოლო ტირილსა მას შინა მიეძინა და აჰა, გამოუჩნდა მას ქრისტე, შემოსილი სამოსლითა მისითა. და კაცთ­მოყვარებისაებრ თვისისა უგრგინა თითითა გვერდსა მისსა და ეტყოდა: „ძმაო, ძმაო, მოიხილე ჩემდა“. და მან აღიხილნა და იხილნა იესო შემოსილი სამოსლითა მით, რომელი მიეცა გლახაკისათვის. და განათლდა სახლი იგი და ეტყოდა მას იესო: „იცნობაა, ამას, ძმაო?“ და ჰრქუა ბერმან: „ჰე, უფალო ჩემო, ვიცნობ, რამეთუ ჩემი არს“. და ჰრქუა მას ქრისტემან: „ნუ სტირ, ნუცა იურვი, რამეთუ ოდეს იგი ძმასა მას ჩემსა მიეც სამოსელი ესე, მე მივითვალე, ვითარმედ: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“[მთ. 25,40]. და განიღვიძა ბერმან და გულსავსებით განკვირვებული მადლობდა ღმერთსა და ადიდებდა კაცთმოყვარებასა მისსა უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ნა [51]
სერაპიონისთვის უპოვარისა

ღირსი მამა ჩვენი სერაპიონ იყო სიყრმითგან მონაზონ და არა იძია სოფლისა ამის სიმდიდრე, არამედ ესრეთ იყო ცხოვრება მისი, ვითარცა ერთისა მფრინველთაგანისა, რამეთუ სრულიად არარაჲსა მოიგებდა: არცა სახლსა, არცა სხუასა რასამე, არამედ საბლარდნელი ერთი ოდენ შეემოსა და მცირე სახარება ეტვირთა და ესრეთ ვიდოდა, ვითარცა უჴორცოჲ. ხოლო მრავალგზის იპოვის იგი გარე დაბისა გზასა ზედა მჯდომარე და მწარედ მტირალი და ჰკითხვიდეს მას მეტყველნი: „რაჲსა უკუჱ სტირ, ბერო?“ და იგი მიუგებდა მათ: „უფალმან ჩემმან მარწმუნა სიმდიდრე თვისი და წარვსწყმიდე იგი უდებებითა ჩემითა და ეგულების ტანჯვა ჩემი“. ხოლო მსმენელნი ჰგონებდეს, თუ ოქროსა იტყვის, ანუ ვეცხლსა და მისცემდეს მას პურისა ნატეხსა და ეტყოდეს: „მიიღე ესე, ძმაო, და სიმდიდრესა, რომელსა იტყვი, ძალუძს ღმერთსა წარწყმედულისაცა მოცემად შენდა!“ და მიუგებდა ბერი: „ამინ, ამინ!“
ხოლო ოდესმე წარვიდა ეგვიპტედ და შეემთხვია შიშველსა გლახაკსა ზამთრისაგან ათრთოლებულსა. დასდგა და იწყო განზრახვად: „ვითარ უკუჱ მე მონაზონი ვარ და მუშაკი ქრისტეს მცნებათა, რომელ სამოსელი მმოსიეს მე და ესე გლახაკი უფროსღა ქრისტე შიშველი, სიცივისა მიერ მოკუდების. ჭეშმარიტად, უკეთუ დაუტეო მოსიკუდიდ, ვითარცა კაცის მკლველი დავისჯები. და დღესა მას საშინელსა მეტყვის ქრისტე: „შიშველ ვიყავ და არა შემმოსე მეო“[მთ. 25,43]. და მსწრაფლ განიძარცვა სამოსელი თვისი და მისცა გლახაკსა და თვით შიშველმან იღლიითა იტვირთა წმიდა იგი სახარება. და შეემთხვია მას მეცნიერი ვინმე და იხილა იგი შიშველი და ჰრქუა მას: „მამაო სერაპიონ, ვინ განგძარცვა შენ?“ ხოლო მან გამოიღო წმიდა იგი სახარება და ჰრქუა: „ამან განმძარცუა მე, ძმაო“.
და შემდგომად ამისა შეემთხვია მას ერთი შეპყრობილი ვახშისათვის და არარაჲ აქუნდა მიცემად მისსა, და შეეწყალა ნეტარსა სერაპიონს, აღიღო წმიდა იგი სახარება და განჰყიდა და გამოიხსნა კაცი იგი შეჭირვებისაგან და მივიდა სენაკსა თვისსა. იხილა რა მოწაფემან მისმან შიშველი, ეტყოდა: „სადა არს, პატიოსანო მამაო, სამოსელი შენი?“ მიუგო ბერმან და ჰრქუა: „წინასწარ წარვგზავნე იგი, შვილო, სადაცა უფროს სახმარ იყო ჩემდა“. და ჰრქუა მოწაფემან: „სადა არს, მამაო, მცირე იგი სახარება?“ მიუგო ბერმან: „შვილო, მარადის იგი მეტყოდა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“[ლკ. 18,22], მე თვით იგი განვყიდე და მივეც ქველისსაქმედ და აწ მოხარულ ვარ მისთვის, „რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა“(2 კორ. 9,7), რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ნბ [52]
უცხოთ შეწყნარებისათვის

კაცი ვინმე იყო მდიდარი და ღმრთისმოყვარე. და ყოვლითა გულითა თვისითა მოსწრაფე იყო გლახაკთ მოყვარებისათვის და სურვიელ იყო გლახაკთა და უცხოთა თანა პურისა ჭამად. და დღე ყოველ ტრაპეზსა ზედა თვისსა გლახაკთა მოიყვანებდა და მათ თანა სჭამდა.
ხოლო დღესა ერთსა უცხო ვინმე სხუათა მრავალთა თანა გლახაკთა შეიწყნარა ტრაპეზსა ზედა თვისსა. და ოდეს, ჩვეულებისაებრ თვისისა სიმდაბლისა, ენება წყლისა დასხმაჲ ჴელთა ზედა მის უცხოსასა, მიიქცა რა აღებად ჭურჭლისა, და მუნ ვერღარა იხილა უცხოჲ იგი, რომლისა ენება ჴელთა ბანაჲ და საკვირველისა ამის საქმისათვის განცვიფრებულ იყო თავსა შორის თვისსა.
ხოლო მას ღამესა იხილა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჰრქუა მას: „ჵ, მოყვასო, სხუათა დღეთა ძმანი ჩემნი შეიწყნარენ, ხოლო გუშინ თვით თავადი მე შემიწყნარე. ესე გეთქვას შენ დღესა მას სასჯელისასა, ვითარმედ: „უცხო ვიყავ და შემიწყნარე მე და რავდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანთასა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავ“[მთ. 25,35; 25,40]. და განიღვიძა კაცმან მან და ჰმადლობდა სახიერებასა ღმრთისასა და იტყოდა: „ეჰა, უფალო, უკეთუ ესე მცირედნი გულსმოდგინებანი სათნო არიან შენდა, ტკბილო მეუფეო, ნეტარ მათდა, რომელნი დიდთა სათნოებათა იქმან შენ წინაშე. რაბამი მადლი მიიღონ შენ მიერ, რომელმან არავის წარუწყმიდი სასყიდელი ერთისაცა სასმელისა წყლისა გრილისა“. შენდა ჰშვენის დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ნგ [53]
მოწყალებისა შემნანებელისათვის

კაცი ვინმე იყო კოსტანტინუპოლის ფრიად მდიდარი, სალობიერ იქმნა და განწირულ მკურნალთაგან და შეეშინა სიკუდილისა და მისცა მოწყალება გლახაკთა ოცდაათი ლიტრა ოქროჲ. და მოწყალებისათვის მისისა განმრთელდა კაცი იგი, და მერმე იწყო შენანებად, ვითარმედ: „ცუდად წარვაგე ოქროჲ იგი“ – და ინანდა მოწყალებისათვის. და მიუთხრა ესე მოყვასსა თვისსა სხუასა ვისმე მდიდარსა, ხოლო იგი ეტყოდა მას: „ნუ შეიწყნარებ, ძმაო, განზრახვასა მაგას ბოროტისა ეშმაკისასა, რათა არა განარისხო ღმერთი, აღმადგინებელი შენი მოწყალებისა მისთვის“. ხოლო იგი არა უსმენდა მას, არამედ უფროსღა ჰრისხვიდა და დრტვინვიდა მოწყალებისათვის.
მერმე ჰრქუა მას მეგობარმან მან: „უკეთუ სიტყვათა ჩემთა არა ისმენ, ძმაო, მე გრქუა შენ მეორე განზრახვაჲ“. ხოლო მან ჰრქუა: „რომელი და ვითარ?“ მიუგო ჭეშმარიტმან მან მოწყალემან: „წარმოვედ ჩემ თანა ეკ­კლესიად და სთქუ: „არა ვარ მე, უფალო, მოქმედ მოწყალებისა, არამედ ესე არს“ და მე მოგცე შენ ოცდაათი ლიტრა იგი ოქროჲ“. და მან აღუთქვა ყოფად.
და მივიდენ ეკკლესიად და ჴელად მიიღო ოცდაათი ლიტრა ოქროჲ და სთქუა: „არა ვარ მე, უფალო, მოქმედ მოწყალებისა, არამედ ესე არს“. ხოლო ჭეშმარიტმან მან მოწყალემან სთქუა: „ამინ!“ და მოვიდა რა იგი ვიდრე კარადმდე ეკკლესიისა, ჴელთა შინა თვისთა ოქროჲსა მტვირთველი, დაეცა და მოკუდა. და მუნ ყოველნი მხილველნი მისნი შიშმან და ძრწოლამან შეიპყრნა და ადიდებდეს მართლმსაჯულებასა ღმრთისასა.
ხოლო მონანი იგი მკუდრისანი ეტყოდეს ჭეშმარიტსა მას მოწყალესა: „მიიღე, უფალო, ოქრო ესე შენი, რამეთუ იგი მოკუდა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნუ იყოფინ ჩემდა, ნუცა გონებად მოსლვა მაგისი, რამეთუ ჩემი იგი პირველ ქმნული მოწყალება არს, ხოლო მაგისი ეგე ოქროჲ. და უკეთუ გნებავსთ სარგებელ ყოფა მაგისი, აწ ოქროცა ეგე მიეცით მოწყალებად სულისა მაგისთვის. და ღმერთი ჩვენი კაცთმოყვარე არს და შეიწყალებს მოწყალებისა მიერ და განსწმედს ბრალისაგან, რამეთუ თვით იტყვის: „მიეცით მოწყალება და აჰა, ყოველი თქვენი წმიდა არს“(ლკ. 11,41), რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნება და მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

 

 

 

 


თხრობა ნდ [54]
თავისა თვისისა გამსყიდველისა
და მოწყალებად მიმცემელისათვის

აჶრიკეთს ჶრიგვიისასა იყო ვინმე პეტრე, მდიდარი, დიდად უწყალო; და არასადა შეეწყალა გლახაკი და არცა აქუნდა ხსენება ღმრთისა ეკკლესიასა შინა; და არა ისმენდა გლახაკთაგან თხოვასა წყალობისასა.
ხოლო სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთან, რომელსა „არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და სინანული“[ეზეკ. 18,32; 33,11], რომლითამცა მსჯავრითა უწყის თვითოეულისა ცხოვრება, ამისთვისცა ესევითარი განგება ჰყო:
დღესა ერთსა ისხდნენ გლახაკნი მცირედნი უბანთა ზედა და იწყეს ქებად მოწყალეთა კაცთა და შევედრებად ღმრთისა, ეგრეთვე უწყალოთა ჰგმობდენ. და მოვიდა სიტყვა პეტრემდეცა, რამეთუ უწყალო არს იგი სრულიად. ხოლო ერთი მათ გლახაკთაგანი იტყოდა ვითარმედ: „მე მოვიღო მისგან წყალობაჲ“. და ჰყვეს ურთიერთას ცილობა და ინებეს გამოცხადება ამისი. და წარვიდა ერთი იგი მათგანი და დასდგა კარსა სახლისა მისისასა. და მოვიდოდა პეტრე წისქვილით და მოაქუნდა ფქვილი კარაულითა. და იხილა იგი გლახაკმან, თაყვანის სცა და იწყო თხოვად მოწყალებისა და წადიერად ჰლოცვიდა. ხოლო იგი განრისხნა და ვერა ჰპოვა ქვაჲ, აღიღო პური ერთი და სტყორცა პირსა გლახაკისასა. ხოლო მან აღიღო პური იგი და მივიდა მოყვასთა მიმართ თვისთა და ეტყოდა: „აჰა, თვით ჴელისა მისისაგან მოვიღე ესე“. და შეავედრებდა ღმერთსა, რამეთუ მოწყალე არსო. და მცირედ მცირედ მის პურისაგან ყოველთავე მიიღეს და იტყოდეს: „ღმერთო, აცხოვნე პეტრე“.
და მეყსეულად დღესა მეორესა დაეცა პეტრე სენითა სასიკუდინოჲთა – კნინღა და არა დაშთა სული მისი მისთანა. და მოვიდეს ანგელოსნი საშინელნი ძიებად კეთილთა საქმეთა მისთათა. და ვერარაჲსა ჰპოვებდეს, რათამცა შეესწორათ ბოროტისადა თვინიერ ერთისა მის პურისა, რომელი მისცა გლახაკსა, იგიცა უნებლიეთ. და ჰრქუჱს მას ანგელოსთა: „წარვედ უკუჱ, ჵ, პეტრე, და შესძინე სხუაცა მოწყალება პურსა მას, რათა არა წარგიყვანონ შენ ბნელთა ეშმაკთა და შთაგაგდონ სატანჯველსა საუკუნესა, „რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობა“(იაკ. 2,13).
მაშინ მოეგო კვალად სული მისი გუამსავე თვისსა და მიერითგან იქმნა მოწყალე და განუყვნა ყოველთავე დავრდომილთა მონაგები თვისი და განათავისუფლნა მონანი თვისნი. და ჰრქუა ერთსა მონასა თვისსა, ვითარმედ: „მორჩილ მექმენ მე და რაჲცა გრქუა, ეგრეთ ჰყავ. მომეც მე ფიცი, რათა აღასრულო აღთქმული ჩემი.
წარვიდეთ იერუსალიმს და თაყვანის ვსცეთ ცხოველსმყოფელსა საფლავსა და წმიდასა ვნებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და მუნ განმყიდე მე და სასყიდელი ჩემი განუყავ გლახაკთა და იყავ შენ თავისუფალ“.
და წარვიდენ იერუსალიმს და თაყვანი სცეს წმიდათა ადგილთა. და მიჰყიდა უფალი თვისი პეტრე მონამან კაცსა ვისმე ღმრთისმოშიშსა, რომელსა ერქუა ზოილე და ფასი მისი განუყო გლახაკთა, ბრძანებისაებრ მისისა. და შეაყენა პეტრე სამზარეულოსა უფალმან მისმან, ზოილე, და ჰყოფდა მსახურებასა კეთილად. ოდესმე ვენახსა მუშაკობდა და სხვითაცა ყოვლითავე მსახურებითა გულსმოდგინედ ჰმონებდა უფალსა თვისსა. და სტანჯვიდა მოღვაწებითა ჴორცთა თვისთა განუ­სვენებელად, ვიდრემდის ღმერთი გამოაცხადებდა საქმეთა მისთა კეთილთა.
შემდგომად რავდენისამე ჟამისა, მოვიდეს აჶრიკეთითგან სტუმარნი და დასხდეს სერობად ზოილეს თანა. ხოლო პეტრე ჰმსახურებდა და მოიღებდა საჭმელთა. და კაცთა მათ სტუმართა იცნეს იგი და იწყეს თქმად: „ჭეშმარიტად ესე არს პეტრე, ქალაქისა ჩვენისა სიმდიდრითა განთქმული“. და იტყოდეს, ვითარმედ: „ამან მრავალნი თვისნი მონანი განათავისუფლნა და სიმდიდრე თვისი გლახაკთა განუყო და მიერითგან არავინ უწყის, თუ სადა წარვიდა“. ხოლო პეტრე სდგა გარე კარისა და ისმენდა სიტყვათა მათ. და ვინათგან გამოსცხადდა, მსწრაფლ განვიდოდა. ხოლო იყო მეკარე ყრუ და უტყუ, რომელ წამისყოფითა ოდენ განახმიდა კარსა და დახშვიდა. ჰრქუა მას პეტრე: „განმიღე მე კარი, ძმაო!“ და ესმა ყრუსა მას სიტყვა პეტრესი და მყის განუღო მას კარი და განვიდა სრბით პეტრე, რამეთუ ივლტოდა პატივისა და დიდებისაგან კაცთასა. ხოლო მეკარე იგი მსწრაფლ მირბიოდა უფლისა თვისისა ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: „პეტრე, მონა ღმრთისა, განვიდა ჩვენგან და მან მრქუა მე: „სახელითა იესო ქრისტესითა გეტყვი შენ, განმიხვენ კარნი!” და აჰა, ვიხილე მე ალი მსგავსად ცეცხლისა გამომავალი პირით მისით და შემეხო ყურთა და ენასა ჩემსა. და მაშინვე მესმა სიტყვა მისი და ვიტყოდი მეცა მადლითა მისითა და იგი განვიდა“. ხოლო იგინი სდევნიდენ უკანით და მოსწრაფედ ეძიებდენ მას და ვერღარა ჰპოვეს იგი. და განკვირვებულნი ადიდებდეს ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ნე [55]
დიდისა მეფისა კონსტანტინესთვის

მოგვითხრობდა წმიდათაგანი ვინმე, ვითარმედ: „წარვედ ოდესმე პაისიოს განშორებულისა მიმართ ლოცვისა და სამღთოსა სწავლისა მისისა მოღებისათვის. და ვითარცა მივეახლე კარსა ქვაბისა მისისასა, მესმა შინათ გამო ზრახვა ვისიმე მის თანა. და ველოდი რა უმეტეს ჟამისა და არავინ გამოვიდა, ვსთქუ წესისაებრ მონაზონთასა: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“. ხოლო მან სთქუა: „ამინ!“ და შერავედ შინა არავინ ვიხილე, გარნა მხოლოდ წმიდა იგი ბერი და განვკვირდი. და ვჰყავთ რა სიყვარული და მოვიღე სარგებელი სულისა ღმრთივმოცემულითა სწავლითა მისითა, მერმე ვჰკითხე მას და ვარქუ: „ვინ იყო, ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, შენ თანა, რომელი ზრახვიდა გარე დგომასა ჩემსა? მესმოდა ჴმა მისი“. ხოლო მან მრქუა: „ვგონებდი, ღმრთივსულიერო შვილო, ვითარმედ არა გიცნობიეს; და ვინათგან ღმერთმან გამოგიცხადა, არცა მე დაგიფარო:
იგი იყო, შვილო, დიდი და კეთილმორწმუნე მეფეთა შორის წმიდა კონსტანტინე. ზეცით მოვიდა ჩემდა მოწყინებულისა ნუგეშინისცემად და იტყოდა: „არა უწყოდიო თუ ესოდენი პატივი მოეცემოდა მონაზონთა სასუფეველსა ცათასა, რომელთა ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველი მონაგები მათი მისცეს გლახაკთა და თვით ნებსით დაგლახაკნეს. უკეთუ მეცნა ესევითარი დიდება მათი დამეტევებიამცა მცირეჟამეული მეფობა ჩემი და გვირგვინი, პორჶირი და სკიპტრაჲ მიმეცა გლახაკთა და შედგომილ ვიყავ ცხოვრებასა მონაზონთასა“.
ხოლო მე მიუგე მას და ვარქუ: „არა მოგენიჭაა შენ, უფალო ჩემო, ზეცათა მეუფისაგან დიდება და პატივი, რომელი განუმზადა წმიდათა თვისთა მართლისა სარწმუნოებისათვის და კეთილმსახურებით მეფობისა შენისა?“ და მან მრქუა: „ჰე, მოცემულ არს ჩემდა დიდება და პატივი, გარნა მონაზონთა ესე აქუსთ უმეტესი, რამეთუ ფრთენი ასხენ ოქროსფერნი და აღფრინდებიან და რომელთაცა სავანეთა ნებავსთ, მივლენ და თვით თავადისა ქრისტესსა მიიწევიან“.
ხოლო მე ვარქუ მას: „ღირს არს და მართალ, უფალო ჩემო, ესე პატივი ჭეშმარიტთა მათ მონაზონთათვის, რამეთუ შენ ამასცა სოფელსა შინა მეფობდი და შარავანდითა პალატსა შინა ბრწყინვალედ იხარებდი, და ქველისსაქმისათვისცა შენისა მიგიღიეს ცათა შინა გვირგვინი უოხჭნო და საუკუნო დიდება. ხოლო მათ ყოველი ნება ჴორციელი დაუტევეს და მონაგები მათი მისცეს გლახაკთა და თვით ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე [ებრ. 11,37-38], არამედ ნაპრალთა კლდისათა და ხვრელთა ქვეყანისათა დაითმინეს სიმშილითა და წყურვილითა და შიშვლოებითა“.
ხოლო ამას რა ვიტყოდი, ღმრთივსულიერო შვილო, შენ სთქუ ლოცვაჲ, იგი აღვიდა ზეცად და შენ შემოხვედ აქა.
ესე ამისთვის სათნო იჩინა კაცთმოყვარემან ღმერთმან, შვილო ჩემო საყვარელო, რათა უმეტესად დავმდაბლდეთ და კეთილგონიერებით ვიღვწიდეთ და ძალისაებრ ჩვენისა მოწყალებასა ვიქმოდეთ და არა დავაკლდეთ დიდებასა მისსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ნვ [56]
თეოდოსი მეფისათვის

დიდი თეოდოსი მეფე ფრიად მოსურნე იყო მონაზონთა და დიდად მოწყალე. და წარვიდა ოდესმე მოხილვად მონასტერთა და თაყვანისცემად თვითოეულთა მონაზონთა, რათა მათგან ლოცვა მიიღოს. და ვითარცა მიმოვიდოდა წმიდათა ადგილთა, იხილა შორით სენაკი ერთი მთასა შინა. და დაუტევნა ყოველნი ერნი და მივიდა თვისად მხოლოდ მეფე და ურეკა კარი მონაზონსა მას. ხოლო მან განუხვნა და ვერ სცნა, თუ ვინ არს, და შეიწყნარა იგი, ვითარცა ერთი მხედარი. და ვითარ შევიდა მეფე, ჰყო ბერმან ლოცვაჲ და დასხდენ. და იწყო მეფემან კითხვად: „ვითარ კეთილად იყოფიან მამანი ამის მთისანი, პატიოსანო მამაო?“ ხოლო ჰრქუა მას ბერმან: „ყოველნი ევედრებიან ღმერთსა ცხოვრებისათვის შენისა, ღმრთისმოყვარეო უფალო ჩემო, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“. და კვალად ჰრქუა ბერმან: „ვსჭამოთ, უფალო ჩემო, მცირედ სიყვარული“ და მოართვა მას თვისი პური და მარილი, და მხალი უმგბარი და წყალი. და სჭამდეს რა იგინი, ჰრქუა მეფემან: „მიცნობ მეა, მამაო პატიოსანო, თუ ვინ ვარ მე?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთი გიცნობს შენ, უფალო ჩემო“. მაშინ ჰრქუა მეფემან: „მე ვარ მეფე თეოდოსი!“ და მეყსეულად თაყვანის სცა მას ბერმან და ჰრქუა: „შემინდევ, უფალო, რამეთუ არა ვიცოდი“. ჰრქუა მას მეფემან: „ნეტარ თქვენ ნებსით გლახაკთა ქრისტეს სიყვარულისათვის, ჭეშმარიტად მეფობასა შინა შობილ ვარ და არასადა ესრეთ ტკბილად პურისა გემო ვიხილე, არცა წყალი ვჰსუ, ვითარცა დღეს შენ თანა ტკბილად ვსჭამე და ვჰსუ, წმიდაო მამაო“. ხოლო ჰრქუა ბერმან: „ვინათგან ჩვენ გლახაკნი მონაზონნი ყოველსა საჭმელსა ჩვენსა ლოცვითა ვჰყოფთ, უფალო ჩემო, მისთვის ტკბილ არს უნდოჲ ესე საჭმელი; და მადლობით თაყვანის ვსცემთ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომელი აღაღებს ჴელსა თვისსა და განგვაძღებს სიტკბოებითა“.
ხოლო მეფემან მისცა მას მოწყალება და ჰრქუა: „ლოცვა ჰყავ ჩემთვის, მამაო წმიდაო“ და წარვიდა. და მიერითგან პატივ სცემდა ბერსა მას ქველისსაქმითა. და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა ნზ [57]
მეფისა ზენონისთვის

მეფე ზენონ იყო კაცი ფრიად მოწყალე და მარადის ქველისმოქმედ გლახაკთა მიმართ.
ხოლო ქვრივსა ვისმე ასული მისტაცა იძულებით მხევლად თვისსა. და შევიდა ქვრივი იგი ტაძარსა შინა ღმრთისასა და მხურვალედ ევედრა ყოვლად­წმიდასა ღმრთისმშობელსა, ცრემლით მეტყველი: „დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო, შური აგე ჩემთვის მეფესა ზენონს“. ხოლო ამას ჰყოფდა მარადღე, დაუცხრომელად შესტიროდა ცხარითა ცრემლითა ღმრთისმშობელსა. და გამოეცხადა მას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, დედა იგი მოწყალისა ღმრთისა, და ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მრავალგზის ვინებე შურისგება შენ წილ ცრემლთა შენთათვის, გარნა ჴელნი მისნი მაყენებენ მე, რამეთუ არს იგი მოწყალე ფრიად, და ვითარცა წყაროჲ, ეგრეთ განვალს ჴელთაგან მისთა მოწყალება და არავის ძალუძს მოწყალესა კაცსა ზედა ძვირის ყოფაჲ“.
იხილეთ, ჵ, ძმანო, ძალი მოწყალებისა და გულისჴმა ჰყავთ სიმაღლე საზომისა მისისა, რომლისა მიერ იდიდების ღმერთი უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ნჱ [58]
თუ ვითარ მოწყალებისა მოქმედი შვიდწილად მიიღებს

იყო კაცი ვინმე მდიდარი და განიზრახვიდა: რაჲ ვჰყო, რათა უმრავლესი შევიძინო? და ჴელად მიიღო სიბრძნე სოლომონისი. და განაღო რა წიგნი, აღმოიკითხა ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს იგი ღმერთსა“[იგ. 19,17]. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და სთქუა: „ვინ იპოვოს უსარწმუნოესი ღმრთისა, რომელმან თავნთა თანა სარგებელიცა მომიზღოს, უკეთუ ვსწყალობდე გლახაკთა?!“ მაშინ ყოველივე განუყო გლახაკთა, რომელ არარაჲ დაიმჭირა თავისა თვისისა, თვინიერ ოდენ ოთხი დრაჰკანი სამკუდროდ საგრაგნელისათვის. ხოლო დაგლახაკნა იგი ფრიად და არცა ერთი ვინ მიაგო ნაცვალი. და ვითარცა გარდაჰხდეს რავდენიმე ჟამი და შეშჭირდებოდა კაცსა მას, უკანასკნელ სთქუა გულსა შინა თვისსა: „წარვიდე უკუჱ იერუსალიმს, უფლისა ღმრთისა ჩემისა და სამართალი მოვსთხოვო მას სიგლახაკისათვის ჩემისა, რამეთუ მომაცთუნა მე და განვაბნიე სიმდიდრე ჩემი“.
და ვითარცა მივიდოდა იერუსალიმს, იხილნა ორნი კაცნი იბრძოდეს ურთიერთას. და მან ჰრქუა მათ: „რაჲსა იბრძვით, ძმანო, ურთიერთას და ილალვით?“ ხოლო მათ ჰრქვეს მას: „უფალო, ქუაჲ ესე ვჰპოვეთ ჩვენ და არა უწყით, თუ რაჲ არს და ვიცილობით ამას ზედა“. ხოლო მან იხილა სიკეთე ქვისა მის და ჰრქუა მათ: „მომეცით მე, ძმანო, ეგე და მიიღეთ ოთხი დრაჰკანი და მშვიდობით იყვენით ურთიერთას“. ხოლო მათ სიხარულით მისცეს ქვაჲ იგი.
და ვითარცა შევიდა იერუსალიმად, უჩვენა ოქრომჭედელსა ქუაჲ იგი. და მან, ვითარცა იხილა თუალი იგი პატიოსანი, ჰრქუა მას: „სადა ჰპოვე შენ, ძმაო, თუალი ესე პატიოსანი? რამეთუ აჰა, ესერა სამი წელი არს, ვინათგან დიდსა ურვასა შინა არს ყოველი იერუსალიმი ამისთვის, რამეთუ ესე იგი თუალი არს, რომელი უსხდეს ომჶორსა ჰარონ მღუდელმთავრისასა. არამედ წარვედ და მიართუ ეგე პატრიარხსა და უეჭველად გამდიდრ­დე შენ“. და ვითარცა წარვიდოდა კაცი იგი ტაძრად, ანგელოსი უფლისა დადგრა პატრიარხსა და ჰრქუა: „ესერა მოვალს შენდა კაცი და აქვს მას თუალი იგი პატიოსანი, რომელი წარწყმედულ იყო შესამოსელთაგან ჰარონისთა. მიიღე იგი და მიეც მას ოქროჲ და ვეცხლი და ქვანი პატიოსანნი, რაოდენიცა უხმდეს. ამხილე მას და არქუ: „ნუ ორგულებ გულსა შინა შენსა, ნუცა ურწმუნო ხარ ღმრთისა, ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს იგი ღმერთსა“[იგ. 19,17].
მოვიდა კაცი იგი პატრიარხისა და მისცა მას პატრიარხმან რაოდენი რა უნდა. და მიიღო თუალი იგი ყოვლადპატიოსანი, ამხილა და ჰრქუა: „ნუ ორგულებ გულსა შინა შენსა, ჵ, კაცო და ნუცა ურწმუნო ხარ ღმრთისა, რამეთუ აჰა, ესერა მოგცა შენ ღმერთმან შვიდწილად სიმდიდრე შენი აქა, და მას საუკუნესა ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესოს მიერ, რომლისა თანა არა არს სიცრუვე, არცა წმიდათა წერილთა, არამედ ყოვლადვე ჭეშმარიტება. დიდება განგებულებასა მისსა უკუნითი უკუნისამდე“.

 

 

თხრობა ნთ [59]
ვითარმედ გლახაკთა მიმცემი მრავალწილად მიიღებს

იყო ვინმე დედაკაცი ქრისტეანე, რომელსა ჰყვა ქმარი წარმართი. ხოლო იყვნეს ორნივე გლახაკ და აქუნდათ ვეცხლი ვითარ ორმოცდაათი ოდენ. და ჰრქუა ქმარმან ცოლსა თვისსა: „მივსცეთ ვეცხლი ესე აღნადგინებად, რამეთუ უკეთუ ერთად შევსჭამოთ ყოველივე, არღარა დაგვიშთეს იგი“. და მიუგო კეთილმან მან დედაკაცმან: „უკეთუ გნებავს მიცემად აღნადგინებად, მიეც ეგე ღმერთსა ქრისტეანეთასა“. და ჰრქუა მას ქმარმან: „სადა არს ღმერთი ქრისტეანეთა, რათა მივსცეთ მას აღნადგინებად?“ ხოლო ეტყოდა მას დედაკაცი: „მე გიჩვენო შენ იგი, უკეთუ მისცე მას ვახშად რომელი, არა წარსწყმიდო, არამედ უმეტესად მოგაგოს შენ“. ხოლო მან ჰრქუა: „წარვიდეთ, მიჩვენე და მივსცე მას აღნადგინებად“. და მან წარიყვანა წმიდასა ეკკლესიასა და უჩვენნა გლახაკნი და ეტყოდა: „მიეც ამათ ვეცხლი ეგე და ღმერთმან ქრისტეანეთამან აღიხვნეს ეგენი ამათგან, რამეთუ ესე ყოველნი მისნი არიან“. ხოლო მან სიხარულით განუყო გლახაკთა ყოველივე ორმეოცდაათი იგი ვეცხლი და წარვიდენ სახიდ თვისად.
და შემდგომად სამთა თვეთა არარაჲ დაუშთა, რომელი აქუნდა მათ საზრდელი. და ჰრქუა ქმარმან: „ჵ, დედაკაცო, არა ჰნებავსაა აწ ღმერთსა ქრისტეანეთასა მოცემად ჩვენდა ვახშისაგან ჩვენგან მიცემულისა? რამეთუ არარაჲ გვაქვს ჩვენ საზრდელი“. ხოლო მან ჰრქუა: „წარვედ, სადაცა ავასხე მას და მოგცეს შენ, რაჲცა გიხმდეს და კმა გვეყოს ჩვენ“. და წარვიდა იგი ეკკლესიად, სადაცა ვეცხლი განეყო გლახაკთათვის. და მოვლიდა ყოველსა გარემოსა ეკკლესიისასა და ვერავინ იხილა მიმცემელი მისდა ვახშისა, გარნა ერთი ოდენ გლახაკი მჯდომარე. და ენება თქმად რაჲსამე მისდა მიმართ გამოძიებად. და იხილა წინაშე ფერჴთა მისთა მარმარილოსა ზედა მდებარე ვეცხლი ერთი, აღიღო იგი და წარვიდა სახიდ თვისად. და ჰრქუა ცოლსა თვისსა, ვითარმედ: „წარვედ ეკკლესიად თქვენდა, გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, ვერ ვიხილე, ვითარცა მეტყოდი მე, ღმერთსა ქრისტეანეთასა. და არცა რა მომცა მე, გარნა ერთი ესე ვეცხლი ვიხილე მდებარე, სადაცა განუყავ მე ორმოცდაათი“.
მაშინ ჰრქუა მას ბრძენმან მან დედაკაცმან: „იგი არს, რომელმან უხილავად მოგაგო შენ, რამეთუ უხილავ არს ღმერთი და უხილავითა ძალითა განაგებს სოფელსა. არამედ წარვედ, უფალო ჩემო, და მოიყიდე მაგით საზრდელი ჩვენდა, რათა ვისეროთ, და კვალად მანვე მოგცეს შენ“. ხოლო იგი წარვიდა და მოიყიდა ვეცხლითა მით პური, ღვინო და თევზი. მოიღო და მისცა ცოლსა თვისსა. ხოლო მან აღიღო თევზი და იწყო განრცხად და განაღო მუცელი და ჰპოვა მას შინა ქუაჲ დიდი და პატიოსანი. და ვერა ჰსცნობდა თუ რაჲმე არს და შეინახა იგი. და მოვიდა რა ქმარი მისი, უჩვენა მას ქუაჲ იგი და ჰრქუა: „უფალო ჩემო, ესე ვიხილე თევზისა მუცელსა შინა“. ხოლო მან რა იხილა, განჰკვირდა სიკეთესა მისსა, და არცა მან უწყოდა, თუ რაჲ არს იგი და იტყოდა: „წარვიდე და განვჰყიდო ესე“. მივიდა მეთვალეთა თანა და ჰრქუა: „გნებავსაა სყიდუა ქვისა ამის?“ ხოლო მან ჰრქუა: „რაჲ გნებავს, რათა მოგცე ფასი ამისი?“ და იგი ეტყოდა: „შენ უწყი რაჲ ჯერ არს ფასი“. და ჰრქუა მეთვალემან: „აღიღე ხუთი დრაჰკანი“. ხოლო იგი ჰგონებდა თუ ემღერის მას. და ჰრქუა: „ესოდენსა მომცემაა?!“ ხოლო მეთუალე ჰგონებდა თუ მცირედ აღუჩნდა და ჰრქუა: „აღიღე ათი დრაჰკანი“. და იგი ჰგონებდა თუ ეცინის მას. და დაუკვირდა და კვალად ჰრქუა მეთუალემან: „აღიღე ათხუთმეტი“. და მან არარაჲ მიუგო, არამედ იცინოდა ვიდრე ოცდაათამდე და ორმოცამდე და ორმოცდაათამდე მისცემდა მას დრაჰკანსა. მაშინ მიმსყიდველმან განიზრახა თავსა შორის თვისსა, უკეთუმცა არა იყო ქუაჲ ესე დიდისა რაჲსამე ფასისა, არამცა მოეცა ორმეოცდაათი დრაჰკანი ჩემდა და იწყო დამძიმება ფასისა მისისა. ხოლო მეთვალემან მოსცა მას სამასი დრაჰკანი და მაშინ მისცა ქვაჲ იგი მას და წარვიდა ცოლისა მიმართ თვისისა განმხიარულებული. და ჰკითხვიდა ცოლი, თუ: „რაოდენად განჰყიდე?“ ხოლო მან უჩვენა სამასის დრაჰკნისა ოქრო და ვეცხლი და ჰრქუა: „ესოდენად განვჰყიდე”.
ხოლო კეთილმორწმუნე დედაკაცი იგი კაცთმოყვარებასა ღმრთისასა განჰკვირდებოდა და ადიდებდა სახიერებასა მისსა. და ეტყოდა ქმარსა თვისსა: „ჰხედავაა ღმერთსა ქრისტეანეთასა რაბამ სახიერ არს და კაცთმოყვარე?! ვითარმედ არათუ ორმეოცდაათი, არამედ უმეტესიცა მოგცა შენ. უწყოდე, უფალო ჩემო, არა არს სხუა ღმერთი, არცა ცათა შინა, არცა ქვეყანასა ზედა, არამედ იგი მხოლო არს ღმერთი ჭეშმარიტი. და მიიღო ქმარმანცა ნათლისღება და იქმნა ქრისტეანე. და აღესრულა სიტყვა მოციქულისა, ვითარმედ: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“[1 კორ. 7,14]. და მიერითგან ჰყოფდენ გლახაკთა ზედა მოწყალებასა, რამეთუ მოწყალებისა მიერ ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და ადიდებდენ ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ჲ [60]
ვითარმედ გლახაკთ მოწყალე ასწილად მიიღებს

იყო ვინმე კაცი იერუსალიმს შინა სახელით სოზონ, რომელი ვიდოდა შორის ქალაქსა და ჰყოფდა ქველისსაქმესა გლახაკთა ზედა. და შეემთხვია გლახაკი შეჭირვებული, განიძარცვა სამოსელი თვისი და მისცა მას.
და მას ღამესა იხილა განკვირვება, ვითარმედ იყოფოდა სახლსა შინა საკვირველსა, ფრიად შვენიერსა, რომელსა შინა იყო ნათელი დიდი და ბრწყინვალება თუალთშეუდგამი. და იხილა სამოთხე შვენიერი, ნერგნი მრავალ რიგნი და პირად პირადნი ხილნი და ყუავილნი მრავალსუნნელნი. ხოლო ხენი ირხეოდეს და ჰფშოდეს კეთილსუნნელნი და ისმოდა გალობა ყოვლადშვენიერი, ტკბილი და საწადელი. არა იყო დუმილი გალობისა, არამედ სასმენელ იქმნებოდა ჴმაჲ იგი ქვეყანით ცადმდე. და აჰა, დიდებითა დიდითა მოვიდა ვინმე და ჰრქუა სოზონს: „შემომიდეგ მე!“ და მივიდენ გოდლისა მიმართ ოქროჲსა და უჩვენა მას სხუანი ბჭენი განხმულნი და პალატნი დიდად შვენიერნი და ძვირფასითა მარგარიტითა შემკობილნი. და მიხედნა რა მუნ სოზონ, აჰა, გამოვიდეს პალატით კაცნი, ვითარცა ოქროს ფრთოსანნი, მზეებრ მნათობნი და ეპყრათ კიდობანი ოქროჲსა. და დასდგეს პირისპირ წინაშე სოზონისა და ელოდენ უდიდებულესსა ვისმე მოსლვად. და აჰა, კაცი ყოვლადშვენიერი და ყოვლადდიდებული გამობრწყინდა და ურიცხვნი ანგელოსნი მის თანა. და უბრძანა დიდებულმან მან ანგელოსთა: „უჩვენეთ კაცსა ამას, რომელმან შეიწყნარა გლახაკი!“ და განაღეს კიდობანი იგი ოქროჲსა და აღმოიღებდეს პერანგთა და შესამოსელთა სამეუფოთა. და ჰრქუა სოზონს, რომელი იგი უბრძანებდა ანგელოსთა: „იცნობაა ამათ?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა ღირს ვარ აჩრდილთაცა მათთა მიხედვად, უფალო“. და იგი ეტყოდა: „აჰა, იხილე, რაოდენი კეთილნი განგიმზადე შენ, ერთისათვის საბლარდნელისა, რომლითა შემმოსე მე, რაჟამს მიხილე შიშველი. წარვედ უკუჱ და ჰყოფდი ეგრეთვე, და მოგეგოს შენ ასწილად და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდრო!“ და მიუგო შიშით და სიხარულით შეპყრობილმან სოზონ: „უფალო ჩემო, ესრეთ არსაა, რომელნი ჰყოფენ წყალობასა გლახაკთასა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, რამეთუ ყოველმან, რომელმან ჰყოს მოწყალებაჲ, ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს. ხოლო ამასაცა გეტყვი შენ, სოზონ, ნუ შეინანებ მოწყალებისათვის, ნუცა აყვედრებ გლახაკსა, რათა არა სასყიდელისა წილ ორკეცი ზღვევა მიიღო!“
ხოლო ესერა ესმა სოზონს, განიფრთხო ჩვენებისაგან და განჰკვირდებოდა თავსა შორის თვისსა საკვირველისა ამის ხილვისათვის და სთქუა: „ვინათგან ესრეთ მეტყოდა მე უფალი ჩემი, მეორეცა ესე სამოსელი მივსცე გლახაკსა“. და მეორესაცა ღამესა იგივე ჩვენება იხილა.
ხოლო აღსდგა ხვალისად და განუყო ყოველივე მონაგები თვისი გლახაკთა და იჯმნა სრულიად სოფლისაგან და იქმნა მონაზონ და აღასრულა ბრძანება უფლისა, ვითარმედ: „უკეთუ გნებავს სრულყოფა, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, რათა გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; და აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე“[ლკ. 18,22]. და დაჰყვნა დღენი ცხოვრებისა თვისისანი უდაბნოსა შინა მრავლითა მოღვაწებითა. სათნო ეყო უფალსა და სრულსა საზომსა მიწევნილმან მოიღო ღმრთისაგან მადლი სასწაულთ­მოქმედებისა. და ნიშებშემოსილი, პატიოსანი სოზონ, უფლისა მიმართ მიიცვალა. და ნამდვილვე ასწილად მიიღო სასყიდელი ქველისმოქმედებისა თვისისა და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდრა.
ხოლო მსმენელნი ამის საკვირველებისანი ვჰბაძვიდეთ ჩვენცა, ძმანო, სათნოებასა მისსა და ვიქმოდეთ ძალისაებრ ჩვენისა გლახაკთა ზედა მო­წყალებასა, რათა ჩვენცა შეწყალებულ ვიქმნეთ ღმრთისა მიერ. ერთისა წილ ასი მოვიღოთ და ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროთ და ვადიდებდეთ წყალობისა ჯერმჩინებელსა მამასა და მხოლოდშობილსა ძესა და ცხოველს­მყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მესამისა თავისა

 

 

 

 

 

 

 


თავი d [4]

სინანულით განათლებულთათვის და ლმობიერებისა

 

 

 


თხრობა ჲა [61]
მღუდლისათვის დაცემულისა

მღუდელი ვინმე იყო კოსტანტინუპოლის, მანქანებითა ეშმაკისათა შთავარდა სიძვასა. და შემდგომად რაოდენთამე დღეთა იწყო სინანულად და იტყოდა თავსა შორის თვისსა გოდებით: „ვაჲ ჩემდა შემამწიკვლებელსა სულისა და ჴორცთასა, აწ რაჲმე ვჰყო უბადრუკმან, რათა მივემთხვიო შენდობასა ცოდვათასა?“
აღსდგა და წარვიდა მთასა ულუმბოსასა და ჰპოვა მუნ ბერი მოხუცებული და აღუარა მას ყოველივე ცოდვა თვისი და შემდგომად ჰრქუა ცოდვაცა იგი მეძავობისა თვისისა. ხოლო ჰრქუა მას ბერმან: „შვილო, შემდგომად ბოროტისა მის ცოდვისა გიკადრებიესა წირვაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, წმიდაო მამაო, მიწირავს“. და ჰრქუა მას ბერმან: „უწყებულ იყავ, შვილო, უკეთუ შთავარდეს მღუდელი ეგევითართა ცოდვათა, არღარა არს მისი კურნება, არამედ უკეთუ დიდითა სინანულითა მიემთხვიოს კაცთმოყვარებასა ღმრთისასა. ამიერითგან ნუღარა იკადრებ შეწირვად და მსახურებად სიწმიდესა, გარნა აღიკვეცე, შვილო, მონაზონებისა წესითა და შეინანე ჭეშმარიტებით და ვესავ მადლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რათა ჰყოს წყალობა შენთანა, ვითარცა ყოველთა თანა მონანულთა“. ხოლო ესმა რა ესე მღუდელსა, შეუვრდა ფერჴთა ქვეშე მისთა და ეტყოდა: „ვინათგან უკუჱ ღმერთმან მომიყვანა ჴელთა შინა შენთა, წმიდაო მამაო, ნუ განმიშორებ შეცოდებულსა ამას“. და ბერმან იხილა რა მხურვალე ცრემლნი მისნი, ჰრქუა მას: „უკეთუ სათნო გიჩნს, არა განგიშორო შენ ჩემგან, რამეთუ ესრეთ ბრძანებს უფალი: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“(იო. 6,37 ).
და შემდგომად მცირედთა დღეთა აღიკუეცა იგი სახითა წმიდისა მონაზონებისათა და იყო მისთანა მარხვითა და ცრემლითა და სინანულითა ევედრებოდა ღმერთსა.
ხოლო აქუნდა ბერსა სახლისა თვისისა ქვეშე სამყოფი სამოღვაწო. და შემდგომად ერთისა წლისა იწყო მღუდელმან ვედრებად ბერისა, რათა უბრძანოს მას შინა დადგომაჲ. ხოლო მან მიუშვა ნებასა თვისსა და წარვიდა მღუდელი და მოიღო ჯაჭვი ერთი და მოიბა ქედსა და მოიხვია გარემოს მისსა, ხოლო მეორე წვერი ჯაჭვისა მოაბა კედელსა ზედა. და ვითარცა გარდახდეს დღენი სამნი და არღარა მივიდა ბერისა მიმართ, აღსდგა თვით ბერი და შთავიდა მისთანა. და იხილა იგი ჯაჭვითა შეკრული და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, შვილო, რომელ გიყოფიეს?“ ხოლო მან მიუგო: „ამას სატანჯველსა ღირს ვარ მე უსჯულოებათა ჩემთათვის, არამედ გევედრები, წმიდაო მამაო, ორით დღითგან, ანუ სამით მომიღებდინ მცირესა პურსა და წყალსა და ღმერთი მიძღოდეს წმიდითა ლოცვითა შენითა“. და მიითვალა ბერმან ვედრება მისი და მიართმიდა მას პურსა და წყალსა შემდგომად ორისა დღისა, ხოლო იგი დაალტობდა ცრემლითა და ეგრეთ სჭამდა.
ხოლო იყო ესევითარსა სინანულსა და ღვაწლსა შინა სამ წელ. და მოიღო უწყება ღმრთისა მიერ ბერმან, რამეთუ მოუთხრა ანგელოსმან, ვითარმედ: „ღმერთმან შეიწყნარა სინანული მისი და მცირესა ჟამსა შინა აღესრულების, შევედ და განხსენ იგი!“ შევიდა უკუჱ ბერი და მიეახლა განხსნად მისსა და ჰრქუა: „აწ არს აღსასრული შენი, ძმაო!“ ხოლო იგი ევედრებოდა განუხსნელობასა, რათა ჯაჭვითა მით მიიცვალოს. ჰრქუა მას ბერმან: „არა, შვილო, აწ არღარა ჯერ არს ესრეთ ყოფაჲ შენი, რამეთუ ხუცესი ხარ, არამედ ლოცვა ჰყავ ჩემთვისცა, შვილო“. და ჯერეთღა იყო ლოცვა პირსა შინა მისსა, ეგრეთ მისცა განწმედილი სული თვისი უფალსა, რომელსა „არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47], რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა ჲბ [62]
დიაკონისათვის შეცოდებულისა

დიაკონი ვინმე იყო წარჩინებული და ყოველთა მიერ პატივცემული. შურითა ბოროტისა ეშმაკისათა დაეცა იგი სიძვითა და იქმნა მხილებულ სვინიდისისაგან. და წარვიდა ბერისა ვისმე მიმართ სულიერისა და აღუარა მას ცოდვა თვისი.
ხოლო აქუნდა ბერსა შინაგან სენაკისა სახლი ბნელი ჩათხრილი და ევედრებოდა ბერსა მეტყველი: „გევედრები, წმიდაო მამაო, ცოცხლივ დამმარხე მე მას შინა და ნუვის აუწყებ ჩემთვის“. და შევიდა ბნელსა მას შინა მონანული იგი და ლმობიერი ცრემლითა, და დაჰყო მას შინა ფრიადითა მოღვაწებითა და სინანულითა წელნი მრავალნი.
ხოლო იქმნა წელსა ერთსა უწვიმრობაჲ სრულიად და ყოველნი ევედრებოდეს ღმერთსა და ლიტანიითა გარე მოვლიდეს, რათა მოსცეს წვიმაჲ. ხოლო ღმერთმან გამოუცხადა ერთსა წმიდათაგანსა, ვითარმედ: „უკეთუ არა მოვიდეს დაფარული იგი დიაკონი და ილოცოს, არა მოვიდეს ქვეყანასა თქვენსა ზედა წვიმაჲ“. და ესერა ესმათ, განჰკვირდენ და ადიდებდენ ღმერთსა. წარვიდენ და გამოიყვანეს ადგილისა მისგან, სადაცა სჯდა დიაკონი იგი. ილოცა და ევედრა ღმერთსა და მსწრაფლ გარდამოჴდა წვიმაჲ. და ამის საქმისა მიერ მრავალთა ცოდვილთა და სასოწარკვეთილთა სარგებელი მიიღეს სინანულისა მისისა მიერ. და ადიდებდეს ღმერთსა ცოდვილთა სინანულითა შემწყნარებელსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ჲგ [63]
დავით ავაზაკ ყოფილისათვის

ღირსი მამა ჩვენი დავით იყო პირველ ავაზაკი და იქცეოდა უდაბნოსა ადგილსა, და მრავალნი ბოროტნი ჰქმნა და მრავალნი მოკლნაცა, რამეთუ ჰყვანდა თავისა თვისისა თანა მოყვასნი უფროს ოცდაათისა და მათ თანა ავაზაკობდა.
ხოლო დღესა ერთსა, სჯდა რა მათ თანა სადილობად მთასა ზედა, შეიშინა ღმრთისა და განიზრახა ცხოვნება სულისა თვისისა. და დაუტევნა ყოველნი მოყვასნი მისნი და წარვიდა მონასტერსა. და რეკა კარსა, გამოვიდა მეკარე და ჰრქუა მეკარესა: „მნებავს თქვენ თანა ყოფაჲ“. წარვიდა მეკარე და მიუთხრა წინამძღვარსა. და გამოვიდა წინამძღვარი, იხილა იგი, რამეთუ მოხუცებული კაცი არს და ჰრქუა მას: „ვერ შემძლებელ ხარ, ძმაო, თავსდებად ძმათა ამათ თანა ღვაწლსა და შრომასა და კანონი მონასტრისა არა ძალგიძს აღსრულებად“. ხოლო იგი ვედრებით ეტყოდა: „ძალმიძს ძალითა ღმრთისათა, წმიდაო მამაო, უკეთუ ოდენ შემიწყნარო მე“. კვალად ეტყოდა წინამძღვარი: „არა ძალგიძს, შვილო, რამეთუ მოხუცებულ ხარ“.
მაშინ ჰრქუა დავით: „უწყოდე, წმიდაო მამაო, მე ვარ თავი ავაზაკთა. ჭეშმარიტსა გეტყვი შენ – მოსრულ ვარ სრულითა გულითა, რათა ვსტიროდე და ვინანდე ცოდვათა ჩემთა. უკეთუ არა გნებავს შეწყნარება ჩემი, მივიქცე და მოვიყვანნე მოყვასნი ჩემნი და მოგწყვიდნე თქვენ ყოველნი; და წარმოვსტყვენო მონასტერი ესე“. ესერა ესმა წინამძღვარსა, მეყსეულად შეიყვანეს იგი მონასტერსა. და შემდგომად მცირედისა აღკვეცეს იგი და შემოსეს სახე ანგელოსებრივი. და იწყო მოღვაწებად კრძალულებითა და იპყრობდა თავსა თვისსა სიმდაბლითა, და ყოველთა წარემატა სათნოებითა და სხუათაცა ასწავებდა მოსწრაფებასა.
ხოლო ერთგზის სჯდა რა სენაკსა შინა, ინანდა გულითა შემუსრვილითა და ლმობიერად სტიროდა ცოდვათა თვისთა. აჰა, წარმოუდგა მას გაბრიილ მთავარანგელოსი და ჰრქუა: „დავით, დავით! გიხაროდენ, რამეთუ მოგიტევნა შენ უფალმან ცოდვანი შენნი და გჰყო ამიერითგან სასწაულთა მოქმედად!“ მიუგო დავით და ჰრქუა: „არა ძალმიძს რწმუნება ესოდენთა ცოდვათა ჩემთა მოტევება მცირედთა ამათ ჟამთა შინა, რამეთუ უმრავლეს არიან ზღვის ქვიშისა“. ხოლო ჰრქუა ანგელოსმან: „დავით, დავით! მე უკუჱ ზაქარიასაცა ურწმუნოებისათვის მისა არა ვჰრიდე, არამედ შეუკარ ენაჲ მისი, რამეთუ არა ჰრწმენა სიტყვა ჩემი და აწ შენ გრიდოა? იქმენ ამიერითგან უტყვ“. ხოლო დავით თაყვანი სცა ანგელოსსა და ჰრქუა: „წმიდაო, ოდეს ვიყავ ავაზაკ და ბოროტთა საქმეთა მოქმედ და მრავალნი სისხლნი დავსთხიენ, მაშინ არა შემიკარ ენაჲ ჩემი და არცა დამიყენე ჴელნი და არცა მომაკუდინე მე, ხოლო ოდეს მნებავს მონება ღმრთისა სინანულითა და ქების შეწირვა და ვედრება ენითა, აწ ენასა ჩემსა შეჰკრავაა, რათა არა ვადიდებდე უფალსა?!“ ხოლო ჰრქუა მას ანგელოსმან: „იყავ მეტყველ, ოდესღა ღმერთსა ადიდებდე და ევედრებოდე კანონითა და თვინიერ მისა სდუმენ“. და წარვიდა ანგელოსი იგი.
ხოლო ამისა შემდგომად მრავალნი სასწაულნი ჰქმნა ღმერთმან მის მიერ: ბრმანი განანათლნა, მკელობელნი ავლინნა და ეშმაკეულნი გან­ჰკურნნა, და ჰგალობდა ეკკლესიასა შინა სავედრებელად. ხოლო სხვასა სიტყვასა, დიდსა, ანუ მცირესა, ვერ უძლებდა თქმად. და კეთილისა ცხოვრებისა აღმასრულებელმან განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ჲდ [64]
ყრმის მკვლელისა ავაზაკისათვის

იყო ვინმე ავაზაკი და მოვიდა მამისა ზოსიმეს მიმართ და აღუარნა მას ყოველნი ცოდვანი თვისნი და ევედრებოდა ცრემლითა მეტყველი: „ჰყავ, მამაო, წყალობა ჩემ ზედა ღმრთისათვის, რამეთუ მრავლისა ცოდვისა მოქმედი ვარ მე და მომეც სახე მონანულთა, ნუუკუჱ შემიწყალოს სახიერმან ღმერთმან თვისითა კაცთმოყვარებითა“.
ხოლო შემოსა მას სახე მონაზონებისა და ასწავა წესი და კანონი სინანულისა. და შემდგომად ჰრქუა: „წარმოვედ, შვილო, უშინაგანესსა უდაბნოსა, რათა მუნ აღასრულო ჯეროვანი სინანული და ჰპოვო წყალობა ღმრთისა“. წარვიდა და დაჰყო მუნ ოცდაცხრა წელი სინანულსა, გოდებასა და ცრემლით ვედრებასა შინა. და შემდგომად მოვიდა მამისა მიმართ თვისისა და ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ჰყავ წყალობა ჩემ ზედა და მომეც მე სამოსელი საერისკაცო და ამხადე სამოსელი ესე მონაზონებისა“. ჰრქუა მას ბერმან: „რაჲსათვის ჰყოფ, შვილო, ამას?“ მიუგო მონანულმან და ჰრქუა: „აჰა, ვითარცა შეგიმოსიე მე უღირსი ესე და მოგიყვანივარ ანგელოსებრივსა მოქალაქობასა შინა, ოცდაცხრა წელი არს, და რაოდენ შეუძლე, ვიმარხე და ვინანე ყოვლითა შიშითა ღმრთისათა. და მრწამს სახიერებისაგან მისისა და კაცთმოყვარებისა, რამეთუ წყალობისა ჯერმჩინებელ არს, ვითარმედ: მომეტევნენ ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. გარნა სიმრავლესა ცოდვათა ჩემთა თანა ესე დაშთომილ არს, რომელ: ოდესცა ეკკლესიასა მივიდე ზიარებად და სმენად სამღთოსა წირვისა, მოვალს ყრმა იგი ჩემგან მოკლული და მეტყვის: „რად მომკალ მე უწყალოდ და რად მომსპე ცხოვრებისაგან უჟამოდ?“ და არცა ერთსა დღესა დამიტკბა მე მამხილებელი ჩემი და ამისთვის მნებავს წარსლვად, წმიდაო მამაო, რათა მოვჰკუდე მეცა ყრმისა წილ, რომელი მოვჰკალ უგუნურებითა ჩემითა“. და ახადა მას სამოსელი სამონაზონო და შემოსა საერისკაცო. და წარვიდა დიოსპოლის ქალაქად და ქრისტე ცხადად აღიარა და წარმართთა მიერ ქვითა განიტვინა. და წამებისა გვირგვინითა სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

თხრობა ჲე [65]
მკუდრის მძარცველისათვის

მოგვითხრობდა წინამძღვარი გიგას მთის მონასტრისა, ვითარმედ: „მოვიდა ჩემდა ჭაბუკი ვინმე მეტყველი ცრემლითა – ღმრთისათვის შემიწყალე მე, მამაო წმიდაო, და შემიწყნარე, რამეთუ მნებავს სინანული“. და ვიხილე რა იგი ფრიად შემუსრვილი, ვეტყოდი: „რაჲსათვის მოსრულ ხარ, ესოდენითა სიმდაბლითა? მომითხარ მე, შვილო, მიზეზი შენისა აქა მოსლვისა და ძალუძს ღმერთსა შეწევნად შენდა“. ხოლო მან მრქუა: „უფალო ჩემო, ჭეშმარიტად ფრიად ცოდვილ ვარ“. და მე ვარქუ: „მრავალნი არიან, შვილო, ცოდვათა განყოფილებანი და მრავალნი წამალნი და შეწევნანი. არამედ უკეთუ გნებავს კურნება, აღმიარე მე ჭეშმარიტებით ქმნილნი შენნი, რათა მეცა შემსგავსებული მიგცე კანონი სინანულისა, რამეთუ სხვითა განიკურნების მეძავი და სხვითა ავაზაკი და სხვითა მპარავი და ანგაჰარი და სხვითა ცილისმწამებელი და ძვირისმზრახველი. ვითარცა ჴორციელთა სალმობათა ფერად ფერადნი საკურნებელნი ჰქონან, ეგრეთვე სულიერთა ვნებათათვისცა მრავალ არიან წამალნი“. ხოლო მან დიდად სულთ ითქუნა ცრემლითა და იცემდა მკერდსა და შეურვებულისაგან გულისა ინთხეოდა ცრემლთა მიერ, აღმოხჩვინვითა გულისათა, და ვერ ეძლო რაჲმე თქმად. ხოლო მე ვიხილე იგი ესოდენსა ლმობიერებასა შინა და ვარქუ: „შვილო ისმინე ჩემი და იტყოდე ქმნულსა შენსა, რამეთუ ჰნებავს ღმერთსა ჩვენსა კურნება ჩვენი. და თავადმან უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან კაცთმოყვარებითა თვისითა ცხოვრებისათვის ჩვენისა ყოველივე თავს იდვა: მეზვერეთა თანა განისვენებდა, მეძავთა არა გარემიაქცევდა, ავაზაკი შეიწყალა და მეგობარ ცოდვილთა იქმნა. და შენ თვისითა სახიერებითა არა მიგითვალოსაა მოქცეული სინანულად?! „რომელსა არა ნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ ელის სინანულსა“[1 ტიმ. 2.4].
მაშინ, შეპყრობილმან სიმწარისა მისგან ცრემლთასა, იწყო ჩემდა მომართ თქმად: „წმიდაო მამაო, მე ყოვლითა ცოდვითა აღსავსე ვარ, უღირსი ცისა და ქვეყანისა. და ვიყავ რა მე ქალაქსა ჩემსა, ქალი უხუცესისა მის ქალაქისა ქალწული მიიცვალა და დამარხეს მრავალფასისა სამკაულითა გარე ქალაქისა. ხოლო მე განვედ საფლავისა მის და მოვთხარე. და აღმოვიღე მკუდარი იგი და ვიწყე განძარცვად ყოვლითურთ, რომელ არარაჲ დაუტევე მის თანა სამოსელთაგანი და მენება მკუდრისაცა საფლავით გარდაგდებაჲ. ხოლო იგი წარმოსდგა და მიპყრა მარჯვენე ჴელი მარცხენითა ჴელითა თვისითა და მრქუა: „ჵ, კაცო, ესრეთ სათნო გიჩნსაა განშიშვლება ჩემი? არა გეშინისაა შენ ღმრთისა, ანუ არა სძრწიაა მერმისა სასჯელისაგან და საქმეთაებრ მიგებისა?! რად საზოგადოჲსა ბუნებისა არა გრცხვენის? ვითარი ქრისტეანე ხარ შენ?! რამეთუ წარმოდგომად ხარ წინაშე ქრისტესა და მე მოსაჯულ ვარ შენი. რაჲ სიტყვა მიუგო ღმერთსა, ჵ, უბადრუკო, საშინელსა მას დღესა სასჯელისასა? რამეთუ ოდეს ცხოველ ვიყავ, არა უხილავს პირი ჩემი კაცსა. და აწ შემდგომად სიკუდილისა განმაშიშვლე მე, ბოროტ არს შენდა საქმე ესე, ჵ, კაცო გულარძნილო, ესოდენსა ცოდვასა შინა შთავრდომაჲ! ანუ ვითარღა მიიღო ყოვლად­პატიოსანი ჴორცი და სისხლი ქრისტესი?“ განმარკრთობდა მე სიტყვითა და განმაკვირვებდა მტკიცედ პყრობა ჴელისა და ფრიად შეურვებული ვეტყოდი მას: „მიტევე მე, კეთილო სძალო ქრისტესო, და ამიერითგან არღარა ოდეს ვჰყო ესე“. და მან მრქუა: „ვითარ ინებე შემოსლვა აქა, ეგრეთ ვერღარა განხვიდე ამიერ, არამედ საფლავი ესე იყოს საზოგადოდ ჩვენდა. ნუ ჰგონებ, თუ მოჰკუდე ადრე, არამედ მრავალთა დღეთა შინა იტანჯო ბოროტად და შემდგომად განუტეო სული შენი“. ხოლო მე ვეფუცე ღმერთი არღარა ქმნად ამისა და დავსთხიენ ცრემლნი მრავალნი წინაშე მისა. და მან მრქუა: „უკეთუ გნებავს განთავისუფლება ამის შეჭირვებისაგან, მეც მე სიტყვა, რათა განგიტეო რა შენ, არა ხოლო ცოდვისა ამისგან ოდენ დასცხრე, არამედ სოფელიცა უარ ჰყო და იქმნე მონაზონ, და შეინანო სხუანიცა ცოდვანი შენნი, რომელნი გიცოდავს და ამიერითგან ჰმონებდე შიშითა ქრისტესა“. ხოლო მე ვეფუცე, ვითარმედ: „უკეთუ ღირს მყოს მე ღმერთმან სინანულსა, არღარა ვიხილო სახლი ჩემი, არამედ აწვე წარვიდე მონასტრად“. მაშინ მრქუა მე ქალწულმან: „შემმოსე მე ეგრეთ, ვითარცა მიხილე“. ხოლო მე შევმოსე იგი, ვითარცა იყო პირველ. მეყსეულად მიწვა და მიიძინა. ესე არს აღსარება ჩემი, წმიდაო მამაო“.
ესე ყოველი რა მომითხრა მე ჭაბუკმან მან, ვამცენ მას სინანული, აღვჰკვეცე და შევმოსე სახე მონაზონებისა და დავაყენე იგი ქვაბსა შინა. დიდად ინანდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა და ფრიად იღვწიდა სულისათვის. და სიკუდილადმდე ეგო სინანულსა შინა და მიიღო მიტევება ცოდვათა კაცთმოყვარისა ღმრთისაგან. და მცირედ სალმობიერი მიიცვალა უფლისა მიმართ საუკუნოდ ცხოვრებად და ადიდებს ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ჲვ [66]
მკუდრისა აღდგომილისათვის

ქვეყანასა აფრიკეთისასა იყო კაცი ვინმე მრავალთა ცოდვათა მოქმედი და სიკუდილითაცა მრავალნი მოეკლნეს. და შემდგომად სინანულად მოვიდა და აღიარა არღარა ქმნაჲ ცოდვისა. და განვიდა ქალაქისაგან ცოლითურთ თვისით და დაივანა სოფელსა შინა კაცისა ვისმე თანა მუშაკისა. ხოლო შურითა ბოროტისა ეშმაკისათა შთავარდა მუნცა მრუშებასა ცოლსა თანა მის მუშაკისასა და მცირედთა დღეთა სალმობიერ იქმნა და მოკუდა.
ხოლო იყო მონასტერი მახლობელ სოფლისა მისგან ერთ სტადიონ და მიისწრაფა ცოლმან მისმან და ევედრა მონაზონთა მის მონასტრისათა. მოვიდეს და აღიღეს და დაფლეს იგი მონასტერსა შინა. და ჟამი იყო დღისა მესამე და მეცხრესა ჟამსა ისმა საფლავისაგან ჴმაჲ მეტყველი: „შემიწყალეთ, შემიწყალეთ!“ და მსწრაფლ განაღეს საფლავი და ჰპოვეს კაცი იგი ცოცხალი. და ჰკითხვიდეს, ვითარმედ: „რაჲ იხილე, ძმაო, ანუ რაჲ შეგემთხვია?“ ხოლო იგი ტირილისაგან ვერ შემძლებელ იყო თხრობად მათდა, არამედ ევედრებოდა, რათა მიიყვანონ იგი მონისა ღმრთისა თალასესა. და მიიყვანეს რა მუნ, სამ დღე ქვემდებარე სტიროდა მწარედ. და ჰკითხვიდა მას წმიდა იგი, თუ: რაჲ იხილა. მეოთხესა დღესა ძლით უძლო თქმად ტირილითა და გოდებითა იტყოდა: „მამაო პატიოსანო, ოდეს მოვჰკუდებოდი მე, ვიხილენ შავნი ეშმაკნი ფრიად საშინელნი, ძრწოდა და იმალებოდა მათგან სული ჩემი. და კვალად ვიხილენ ორნი შვენიერნი და ბრწყინვალენი ანგელოსნი. გამოხლდა სული ჩემი ჴორცთაგან და შევარდა ჴელთა შინა მათთა. და ვითარცა აღფრინდებოდეს ქვეყანისაგან და აღვიდოდეს ჰაერად, ვიხილენ ჰაერის მცველნი და მუნ სდგეს ყოვლისა კაცისა თვითოეულისა ცოდვისა განმკითხველნი: რომელნიმე ტყუილისა, რომელნიმე ამპარტავნებისა, რომელნიმე განკითხვისა და რომელნიმე სიძვისათვის ბოროტისა. ხოლო წინამძღვართა მათ ჩემთა ანგელოსთა აქუნდათ ჭურჭელი რაჲმე, რომელსა შინა იყვნეს საქმენი ჩემნი კეთილნი და მისგან აღმოიღიან და შეუწონდენ ბოროტთა მათ საქმეთა ჩემთა. და ესრეთ მივიწიენით მახლობელ ბჭეთა ცისათა, სადაცა არიან განმკითხველნი მსიძავთანი. და შემიპყრეს მუნ და განმიკითხვიდეს მე ყოვლისათვისივე ცოდვისა, რომელნი მექმნა ათორმეტ წლითგან, ვიდრე დღედმდე მიცვალებისა ჩემისა. და ეტყოდეს წინამძღვარნი ჩემნი ანგელოსნი: „ყოველნი ცოდვანი, რომელნი უქმნიეს ქალაქსა შინა, შეუნდო ღმერთმან, რამეთუ შეინანა და აღუთქუა ღმერთსა“. მიუგეს ეშმაკთა და ჰრქუჱს: „ჭეშმარიტად ეგრეთ არს, გარნა შემდგომად გამოსლვისა ქალაქით და აღთქმისა, კვალად დაეცა ეგე მრუშებითა ცოლსა თანა მუშაკისასა“. ხოლო ესერა ესმა ანგელოსთა, ვერარაჲ ჰპოვეს საქმენი ჩემნი კეთილნი ამის შესაწონელად და დამიტევეს მე და წარვიდეს“. შემიპყრეს მე შავთა მათ ეშმაკთა და იწყეს გვემად ჩემდა და გარდამომიყვანეს მე ქვეყანადვე. და განაპეს ქვეყანა და შთამაგდეს შეკრული ბნელსა, იწროსა, საშინელსა მწვირესა, მყრალსა ქვესკნელსა ჯოჯოხეთსა, სადაცა არს საპყრობილე სულთა ცოდვილთა და სატანჯველი საუკუნო: ტირილი დაუცადებელი, ღრჭენა კბილთა, გოდება გამოუთქუმელი. მუნ მარადის ღაღადებენ და იტყვიან: „ვაჲ ჩვენ და ჵ, ვაჲ“, რამეთუ არა არს შესაძლებელ გამოთქმად ჭირისა მის, რომელი მუნ არს. არცა შესაძლებელ სალმობისა მათისა, რომელი ვიხილე: კვნესიან გულითა და არავინ შეიწყალებს მათ, სტირიან და არავინ არს ნუგეშინისმცემელ მათი, ევედრებიან და არავინ არს მხსნელ მათდა, და არცა შემწე. რომელთა თანა მეცა დახშულ ვიქმენ და ვეგე მტირალი შეპყრობილი მესამით ჟამითგან ვიდრე მეცხრე ჟამადმდე. და აჰა, ვიხილენ ორნი იგი ანგელოსნი ბრწყინვალენი მუნ შემოსრულნი. და ვიწყე მათდა მიმართ ვედრებად, რათა შემიწყალონ და გამომიყვანონ ჭირისა მისგან, რათა შევინანო და შეუვრდე ღმერთსა ცოდვათა ჩემთათვის. ხოლო იგინი მეტყოდეს: „უჯერო არს ვედრება შენი, რამეთუ არავინ განვიდეს ამიერ, ვიდრემდის არა იქმნას ყოველთა აღდგომაჲ“. ხოლო მე კვალად ვევედრებოდი დიდად და სინანულსა აღუთქმიდი. და იტყოდა ერთი მეორისა მიმართ: „თავსდებ იქმნებიაა ამისი, რამეთუ სულითა და გულითა აღსთქუამს სინანულსა?“ და ჰრქუა მეორემან ანგელოსმან: „ჰე, თავსმდებ ვიქმნები და მისცა ჴელი თავდებობისათვის“. მაშინ მიპყრეს და გამომიყვანეს მე მუნითგან და მომიყვანეს საფლავად გუამისა ჩემისა და მეტყოდეს: „შევედ, რომლისაგან გამოხვედ!“ და მივხედე და ვიხილე სულისა ჩემისა ბუნება, ვითარცა რა მარგარიტი ბრწყინვალე. და მივხედენ ბუნებასა ჴორცთასა და ვიხილე, ვითარცა მწვირე მყრალი და შავი, – და მძაგდა შესლვად მას შინა. და მეტყოდეს მე ანგელოსნი: „შეუძლებელ არს შენდობად შენდა, უკეთუ არა ჴორცითა, რომლითა სცოდე, მითვე შეინანო“. ხოლო მე ვევედრებოდი, რათა არა შევიდე ჴორცთა შინა ჩემთა. და იგინი მეტყოდეს: „შევედ, უკეთუ არა შეხვიდე, მიგაქციოთ მუნვე, სადათ აღმოგიყვანეთ შენ. არამედ შევედ, რათა სხუათაცა სარგებელ ეყოსთ, და მიუთხარ, რა იგი იხილე და შეგემთხვია“. მაშინ შევედ პირით ჩემით და ვიწყე ღაღადებად: „შემიწყალეთ! შემიწყალეთ!“ და გამომიყვანეს გარე“.
და ვითარცა წარმოუთხრა ესე ყოველი წმიდასა მამასა, განკრთეს ყოველნი და სარგებელ ეყო მსმენელთა. და აღიარნეს თვისნი ცოდვანი და შეინანეს. ხოლო იგი დადგრა ეკკლესიასა შინა ადგილსა ერთსა, და იდვა პირსა ზედა თვისსა სტიროდა მწარედ და სინანულითა აღუარებდა მარადის ღმერთსა და სულთქმით იტყოდა: „ვაჲ ცოდვილთა, ვაჲ უნანელთა, რამეთუ სატანჯველნი საუკუნენი მიელიან მათ! უფროსად ვაჲ მათდა, რომელთა შეაგინეს ჴორცნი მათნი არაწმიდებითა!“ და იყო ორმეოც დღე ესევითარითა სინანულითა. და უწინარეს სამისა დღისა აღსრულებისა მისისა, გამოუცხადა ღმერთმან, ვითარმედ: განსლვად არს ამის ცხოვრებისაგან. და სინანულითა და ცრემლითა განწმედილი, უფლისა მიმართ მიიცუალა, რომელი იტყვის: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვნება მისი”[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47], რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 


თხრობა ჲზ [67]
მსწრაფლ შემნანებელისათვის

ღირსი მამა ჩვენი პავლე მოგვითხრობდა, ვითარმედ: „ოდესმე წარვედ მონასტრისა ძმათა მოხილვად და იგინი შევიდოდენ ეკკლესიად ლოცვისათვის ჩვეულებისაებრ. ხოლო მე ვხედევდი თუალითა სულისათა თვითოეულსა მათსა, თუ რომელი მადლი მინიჭებულ არს ღმრთისა მიერ. რომელნიმე ვიხილე ბრწყინვალითა პირითა და რომელნიმე განათლებულითა სულითა და ანგელოსნი ღმრთისანი მახლობელ მათსა ვიდოდეს.
ხოლო ერთი ვინმე ვიხილე დაშავებულითა სულითა და ეშმაკნი იმიერ და ამიერ ვიდოდეს მის თანა და უპყრობდენ პირსა ცხვირითურთ და მიიზიდვიდენ თვისად. და ანგელოსი მისი მცველი, ზურგით კერძო შესდგომოდა მას მწუხარე.
ხოლო მე ფრიად მწუხარე ვიქმენ და მკერდსა ვიცემდი და დავსჯედ წინაშე ეკკლესიისა მტირალი მისთვის. ხოლო რომელნი მხედვიდეს მე სალმობიერად მტირალსა, მეტყოდეს: „შემოვედ ეკკლესიასა შინა, მამაო“. გარნა მე არა უსმინე მათ, არამედ ვსდეგ წინაშე ეკკლესიისა ცრემლითა მხურვალითა მვედრებელი ღმრთისა, ძმისა მისთვის. და შემდგომად ლოცვისა და გალობისა, გამოვიდოდეს რა ყოველნი უმეტესად განბრწყინვებულნი. და ვიხილე ძმაცა იგი განსპეტაკებული სულითა და განათლებული პირითა, და წმიდა მცველი მისი ანგელოსი მახლობელად მისა მხიარული.

ხოლო მე ფრიად მხიარულ ვიქმენ მმადლობელი ღმრთისა და ვიტყოდი: „ეჰა, დიდება ურიცხვსა კაცთმოყვარებასა შენსა, მეუფეო, და სახიერებასა გამოუთქმელსა!“
მაშინ მკითხვიდეს ყოველნი ძმანი პირველ მწუხარებისა მიზეზსა და მერმე მხიარულებასა. და მე ვარქუ ბრწყინვალითა ჴმითა: „მოვედით, ძმანო, და იხილეთ საქმენი ღმრთისანი, ვითარ საკვირველ არიან და განკრთომისა ღირს, რომელსა ჰნებავს „ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“[1 ტიმ. 2,4]. მოვედით თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვსთქუათ: „შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, რომელსა გაქვს ჴელმწიფება მიტევებად ცოდვათა“.
და მიუთხარ მათ გამოცხადება იგი, ჩემ მიერ ხილული. და მოუწოდე ძმასაცა მას და ვიწყე სწავლად მისდა ჯეროვნად ტკბილითა სიტყვითა და ვჰკითხევდი ვითარებასა ცხოვრებისა მისისასა. და იგი, მხილებული სვინიდისისაგან, მოგვითხრობდა ესრეთ: „მე უკუჱ, უფალნო ჩემნო, კაცი ვარ ცოდვილი და ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი არაწმინდებასა შინა განვლენ აქამომდე. და სასოწარკვეთილ ვიყავ ცხოვრებისა და აწ შევედ რა ეკკლესიად, მესმა საკითხავი დიდისა წინასწარმეტყველისა ისაიასი უფლისა მიერ თქმული, ვითარმედ: „განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ უკეთურება სულთაგან თქვენთა წინაშე თუალთა ჩემთა, ისწავეთ კეთილისყოფა, უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ღებილნი, ვითარცა მატყლი, განვესპეტაკო და უკეთუ ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქვეყანისასა სჭამდეთ“[ეს. 1,16-19].
ხოლო მე ცოდვილმან შევინანე ყოვლითა სულითა და გულითა ჩემითა და დიდად სულთ ვითქვენ ცრემლითა მეტყველმან: „შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, რომელი მოხვედ ქვეყანად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთა პირველი მე ვარ. შენ, მეუფეო, აღგითქუამ პირითა და აღგიარებ გულითა არღარა ქმნად სიბოროტისა და ვიჯმნა ყოვლისაგან უსჯულოებისა და გმონო შენ სიწმიდითა სვინიდისისათა. გევედრები, მეუფეო, შემიწყალე მონანული და დამონებული, ყოვლისაგან ბოროტისა განმათავისუფლე, სახელისა შენისათვის წმიდისა“. ესენი ვსთქვენ გონებითა ტკივნეულითა და მხურვალითა ცრემლითა და გამოვედ ეკკლესიით. ვსაჯე სულითა ჩემითა არღარა ქმნად ცოდვისა, არამედ ვინანდე წინაშე ღმრთისა, აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისა“.
ხოლო ესე ყოველი რა გვესმა ჩვენ, ყოველთა ვღაღად ვყავთ: „ვითარ განსდიდენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“(ფს. 103,24). დიდება ურიცხვსა კაცთმოყვარებასა შენსა უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ჲჱ [68]
თუ ვითარ სარწმუნოებით მიიტევა ცოდვაჲ

პატიოსანი მღუდელმონაზონი ნეოჶიტე იყო სათნომყოფელი ღმრთისა, რომელმან მრავლითა მოღვაწებითა აღასრულა ცხოვრება თვისი. იგი მოგვითხრობდა, ვითარმედ: „კეთილმორწმუნემან ვინმე დედაკაცმან დიდებულმან, შემდგომად ქმრისა მისისა სიკუდილისა, შემოიკრიბა გონებითა თვისნი ცოდვანი და მოიგონა ჟამი სიკუდილისა და საშინელი სამსჯავრო და წარვიდა ღირსისა ნეოჶიტეს მიმართ, თაყვანის სცა და ჰრქუა მას: „მოვედ სიწმიდისა შენისა, პატიოსანო მამაო, აღსაარებად ცოდვათა ჩემთა“. ხოლო მან, არა მნებებელმან, მიუგო: „არა არს შესაძლებელ ჩემდა, შვილო, დედობრივთა საქმეთა სმენად“. ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან, რომელმან შეიმოსა სახე სიმდაბლისა ჩვენისა, არა განაგდო მოსრული მისდა მეძავი ამბორისმყოფელი ყოვლადპატიოსანთა ფერჴთა მისთა, აღმსაარებელი ცოდვათა თვისთა და შენ განმდევნია სინანულისა მნებებელსა?!“
ესმა რა ესე ბერსა, ჰრქუა მას: „უკეთუ ესრეთ სარწმუნოებით მოსრულ ხარ, შვილო, ჩემისა უღირსებისა მომართ, წარვიდეთ ეკკლესიად და აღმიარე შემუსრვილითა გულითა წინაშე კაცთმოყვარისა ღმრთისა ცოდვანი შენნი“. და წარვიდენ ზოგად ეკკლესიად და აღუარა ყოვლითა გულითა სრულიად ცოდვანი თვისნი და თაყვანის სცა ბერსა ლოცვისა მიმღებელმან სარწმუნოებით და განვიდა დედაკაცი იგი დიდებული.
ხოლო ვიდოდა რა უბანთა ზედა, იხილა ვინმე მოხუცებული გლახაკი განრღვეული, ქვემდებარე, სრულიად უღვაწი და ჰრქუა მას: „გნებავსაა, მამაო, რათა წარგიყვანო შენ სახლსა ჩემსა და განგისვენო კეთილად? და შენ ევედრო ღმერთსა უღირსებისა ჩემისათვის“. ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, მნებავს, დედოფალო ჩემო, უკეთუ ჰყო წყალობა სიგლახაკესა ზედა ჩემსა“. ხოლო იგი წარვიდა სახლსა თვისსა და მოუმზადა სარეცელი და წარგზავნა მონანი და მოიყვანა იგი. და განბანა აბანოსა თვისსა და შემოსა ახალი სამოსელი და განუსვენა კეთილად. და მიერითგან მსახურებდა მას ჴელითა თვისითა და სცხებდა წამალსა წყლულთა მისთა.
ხოლო მოიწია რა დიდი ხუთშაბათი და ვნება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ჰრქუა დედაკაცმან ბრძენმან მოხუცებულსა მას გან­რღვეულსა: „მნებავს საქმე რაჲმე ყოფად შენდა, მამაო, არამედ დამითმინე და ნურარას იტყვი შენ“. ხოლო მან ჰრქუა: „ვითარცა ბრძანო, დედოფალო ჩემო, ეგრეთცა ვჰყო“. ხოლო მოიწია რა ჟამი სამღთოსა წირვისა და მღუდელი სახლისა მისისა ეკკლესიასა შინა სწირვიდა, და იწყო რა წარკითხვა წმიდისა სახარებისა, ვითარმედ: „იყო რა იესო ბეთანიას სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუხდა მას დედაკაცი ვინმე, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებლისა მრავალსასყიდლისა და ჰსცხო ფერჴთა იესოსთა“[მთ. 26,6-7; მრკ. 14,3].
ამას რა იტყოდა მღუდელი, მოიღო დედაკაცმან მან კეთილმორწმუნემან ჭურჭელი ნელსაცხებელისა, მოუხდა მოხუცებულსა მას განრღვეულსა და დაასხა ფერჴთა მისთა, და ამბორს უყოფდა და დაალტობდა ცრემლითა და თმითა თვისითა წარხოცდა. და მეყსეულად შეიძრა სახლი იგი მხოლოდ და ჴმა იყო ზეცით, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!”[ლკ. 7,48-50] და შემდგომად ჴმისა მის აღსდგა განრღვეულიცა იგი ყოვლითურთ მრთელი და არღარაჲსა წყლულებისა ნაბრძვილისა მქონებელი. ეჰა, დიდება შენდა საკვირველთა სასწაულთა მოქმედო, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო!
ხოლო ნეტარმან მან დედაკაცმან სარწმუნოებით მიიღო შენდობა ცოდვათა თვისთა გამოუთქმელისა ღმრთისა კაცთმოყვარებისა მიერ, და შემდგომი ჟამი სინანულითა, მოწყალებითა და კეთილითა ცხოვრებითა აღასრულა და მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცვალა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ჲთ [69]
თუ ვითარ სიმდაბლით მიიტევა ცოდვაჲ

იყო ვინმე ეპისკოპოსი რომლისამე ქალაქისა, შურითა ბოროტისა ეშმაკისათა შეემთხვია ცოდვა რაჲმე. ხოლო იყო იგი ფრიად განკრძალული ღმრთის მოშიშებითა და მდაბალი გულითა და მცირისა ცოდვისათვის დიდად ბრალეულ ჰყოფდა თავსა თვისსა და შემუსრვილითა გულითა ინანდა.
დღესა ერთსა შეჰკრიბა ეკკლესიასა შინა სამრევლო თვისი და წინაშე ყოველთასა აღიარა და სთქუა: „შემინდევით მე, ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, არღარა ძალმიძს ეპისკოპოსობა თქვენი ამიერითგან, არამედ იძიეთ თავისა თქვენისა მწყემსი, რამეთუ მე ცოდვასა შინა შთავარდი და თანამდებ ვარ სინანულისა“.
ხოლო მათ ყოველთა სიყვარულითა მისითა ღაღად ჰყვეს ცრემლით მეტყველთა: „ცოდვა შენი იყავნ ჩვენ ზედა, წმიდაო მეუფეო, გარნა გევედრებით შენ, ეგენ ეპისკოპოსადვე და მწყემს სულისა ჩვენისა“. და ვითარცა მრავალსა ევედრებოდეს ერნი იგი, რამეთუ მშვიდ იყო და მდაბალ გულითა და საყვარელ ყოველთა მიერ, მერმე ჰრქუა მათ ეპისკოპოსმან: „უკეთუ გნებავსთ და მაიძულებთ, რათა ვიყო ეპისკოპოსად თქვენ ზედა, რაჲცა გრქუა, თქვენცა მორჩილ მექმენით და ჰყავთ იგი“. და უბრძანა დახშვა კართა ეკკლესიისათა და დავარდა პირსა ზედა თვისსა ერთისა კარისა საშუალ და ჰრქუა ერსა თვისსა: „ნუ გაქვსთ ნაწილი ღმრთისა თანა, უკეთუ ვინმე გარდახვიდეთ და არა დამთრგუნოთ მე ფერჴითა თქვენითა“. და ყოველთა ჰყვეს სიტყვისაებრ მისისა. ხოლო ოდეს სრულ იქმნა დათრგუნვაჲ, მაშინ მოიწია ზეცით ჴმაჲ ესრეთ მეტყველი: „დიდისა მაგის სიმდაბლისათვის, ჵ, ეპისკოპოსო, მიგეტევნენ შენ ცოვანი შენნი“. ესმა ყოველსა მას სიმრავლესა ჴმაჲ იგი სამღთოჲ და ადიდებდეს ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 

 


თხრობა ო [70]
რათა არა თავთა თვისთა განვიმართლებდეთ
სინანულისა ჟამსა, არამედ დავმდაბლდებოდეთ

ორნი ერის კაცნი ღმრთისმოშიშნი შეითქუნეს ერთად და იქმნნეს მონაზონ. ხოლო ეშურნეს ჴმასა წმიდისა სახარებისასა და უმეცრებით გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათასა.
ესმა ესე მთავარეპისკოპოსსა ალექსანდრიისასა და განაყენნა იგინი ეკკლესიით. ხოლო იგინი თავთა თვისთა განიმართლებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ჩვენ კეთილად ვჰყავთ, რამეთუ გამოვისაჭურისენით სასუფეველისათვის ღმრთისა და მან შურითა განგვაყენა ჩვენ, არამედ წარვიდეთ და მიუთხრათ მისთვის მთავარეპისკოპოსსა იერუსალიმისასა“. წარვიდენ და მიუთხრეს ესე ყოველი და ჰრქუა მათ მთავარეპისკოპოსმან: „მეცა განგაყენებ თქვენ უჯეროებისათვის მაგის საქმისა“. ხოლო იგინი მწუხარებამან შეიპყრნა და მისთვისცა დრტვინვიდენ. და წარვიდენ ანტიოქიისა მთავარეპისკოპოსისა მიმართ და მოახსენეს მას, ხოლო მანცა განაყენნა იგინი. და ჰსთქუჱს: „წარვიდეთ ჰრომს პაპისა მიმართ და მან შური აგოს ჩვენთვის ამათ ყოველთა”. და მირავიდეს პაპისა, მიუთხრეს ყოველივე, ხოლო მან ჰრქუა: „მეცა განმიყენებიხართ, ვითარცა განუყენებიხართ ძმათა ჩემთა“. ხოლო მათ ჰსთქუჱს, ვითარმედ: „ესენი შეთქმულ არიან ურთიერთას, არამედ წარვიდეთ კვიპრეს ეპიჶანე მთავარეპისკოპოსისა მიმართ და მიუთხრათ მას, რამეთუ მადლი წინასწარმეტყველებისა არს მის თანა და არავის თვალაღებს პირსა კაცისასა“. და ოდეს მიეახლნენ ქალაქსა მისსა, ეუწყა ღმრთისა მიერ წმიდასა მას კაცსა ღმრთისასა და განუტევნა კაცნი განდევნად მათდა მეტყველმან: „ნუცაღა ქალაქსა ამას შემოხვალთ“.
მაშინ დამდაბლდენ და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ვსცოდეთ ჩვენ, რად უკუჱ თავთა თვისთა განვიმართლებდით? უკეთუ მათ უსამართლოებით ანუ შურით განგვაყენეს, ხოლო ამან წმიდამან რადღა განგვდევნა?! არამედ ღმერთმან განუცხადა საქმენი ჩვენნი“. და იხილნეს თავნი თვისნი ცთომისა თანამდებ და ინანდენ წინაშე ღმრთისა. მაშინ გულთმეცნიერმან ღმერთმან იხილნა გონებანი მათნი, რამეთუ ჭეშმარიტებით დამდაბლდენ და ინანიან და აუწყა მასვე ეპიჶანე ეპისკოპოსსა, ვითარმედ: „აწ შეიწყნარენ იგინი!“ ხოლო მან წარავლინნა კაცნი და მოუწოდა მათ; ნუგეშინის სცა და შეიწყნარნა ზიარებად. და მისწერა მთავარეპისკოპოსსა ალექსანდრიისასა, ვითარმედ: „მიითვალენ შვილნი შენნი, რამეთუ ჭეშმარიტად შეინანეს გულითა მხურვალითა და დიდ არს ძალი სინანულისა, რომელსა ღმერთი არ უგულებელს ჰყოფს, არამედ შეიწყნარებს მონანულთა, რომელნი ჰხადიან მას ჭეშმარიტებით“. რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ოა [71]
ჭეშმარიტისა სიყვარულისათვის

ორნი ძმანი სულიერნი წარვიდენ მონასტრით განსყიდვად ჴელთსაქმისა მათისა და ვითარცა მცირედ მოსცილდენ ურთიერთას, შურითა ბოროტისა ეშმაკისათა ერთი იგი დაეცა სიძვითა. და შემდგომად მოვიდა მეორე ძმა იგი და ჰრქუა: „წარვიდეთ, ძმაო, თვისთავე სენაკთა“. და მან ჰრქუა: „არღარა წარმოვალ მე”. ხოლო მან ჰრქუა: „რაჲსათვის, ძმაო საყვარელო?“ და იგი მიუთხრობდა, ვითარმედ: „განგეშორე რა შენ, დავეცი სიძვითა და მისთვის არა მნებავს წარმოსლვაჲ“. ხოლო მან ჭეშმარიტითა სიყვარულითა ინება მოქცევა მისი და ჰრქუა: „მეცა ოდეს განვედ შენგან, ეგრეთვე შემემთხვია, ძმაო, არამედ წარვიდეთ და შეუვრდეთ ღმერთსა სინანულითა და მრწამს კაცთმოყვარებისაგან მისისა, რათა მოგვიტევნეს ცოდვანი ჩვენნი, რომელმან აღიხვნა ყოვლისა სოფლისა ცოდვანი და მზა არს შეწყნარებად მონანულთა“. ესრეთ ძმა იგი ლმობიერ ჰყო და წარვიდენ თვისთავე მონასტერსა და აღუარეს მოძღვარსა შემთხვეული მათი და მიიღეს კანონი სინანულისა. ხოლო ერთი იგი ძმა მეორისათვის ინანდა, ვითარცა თვით შეცოდებული მხურვალედ ევედრებოდა ღმერთსა მოტევებისათვის ცოდვისა ძმისა მისისა. ესრეთ დასდვა სული თვისი სიყვარულისათვის ძმისა და მსწრაფლ მოიღეს ერთმან შენდობა ცოდვათა, ხოლო მეორემან გვირგვინი სიყვარულისა ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.


თხრობა ობ [72]
ცრემლით ცოდვის ამხოცელთათვის

ორნი ძმანი ჴორციელნი იჯმნეს სოფლისაგან და მონაზონ იქმნნეს მთასა ნიტრიისასა და შევიდენ მორჩილებასა ქვეშე მამისა სულიერისასა. ხოლო მიმადლა ღმერთმან ორთავე მადლი ლმობიერებისა და ცრემლთა.
დღესა უკუჱ ერთსა იხილნა მამამან მათმან სულიერმან ჩვენებით ორნივე იგი ძმანი მდგომარენი ლოცვასა შინა; და აქუნდათ მათ ჴელთა ქარტები დაწერილნი და ჰრცხიდეს მათ ცრემლთა მიერ თვისთა. ხოლო ქარტა იგი ერთისა მის ადვილად აღიხოცებოდა და მეორისა მის შრომით, რამეთუ აჩნდა კვალადცა ნაწერისა სიშავე.
ხოლო ბერი იგი ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რაჲ არს ჩვენება იგი. და აჰა, ანგელოსი უფლისა ეჩვენა მას და ჰრქუა: „ქარტანი იგი დაწერილნი ცოდვანი არიან ორთა მათ ძმათანი და ერთმან მან სცოდა ბუნებითნი ცოდვანი და მისთვის ადვილად აღიხოცებიან, ხოლო მეორემან სცოდა ბუნებისა გარეშენი ცოდვანი და მისთვის შრომით აღიხოცებიან და უმეტესი ღვაწლი უხმს ამას მოგებად სინანულისა და ფრიადი სიმდაბლე”.
მიერითგან ეტყოდა ბერი ძმასა მას: „დაშვერ ძმაო, რამეთუ მრავლითა შრომითა გვიღირს ჩვენ შესლვად სასუფეველსა, რომლისა „იწრო და საჭირველ არს გზაჲ“[მთ. 7,4]. ხოლო ძმა იგი უმეტესად გულსმოდგინე იქმნის სინანულისა და ლმობიერებისათვის და ორთავე მიეტევნათ ცოდვანი მათნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა ოგ [73]
აღსაარებით ცოდვათა ახოცისათვის

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი მთასა ულუმბოსასა და მივიდენ მისსა ძმანი სმენად სიტყვათა სულიერთა და იგი ზრახვიდა ტკბილითა სიტყვითა მადლით შეზავებულითა ცხოვნებისათვის სულთა მათთასა.
მას ჟამსა ერთი ვინმე ლიტონი ერისკაცი მოვიდა და თაყვანის სცა წმიდასა მას ბერსა, ხოლო ბერმან მიხედა მას და ჰკითხა: „რაჲ გნებავს, ძმაო?“ მან მიუგო და ჰრქუა: „მოვედ შენდა, წმიდაო მამაო, აღსაარებად ურიცხვთა მათ ცოდვათა ჩემთა“. ხოლო მან ჰრქუა: „სთქუ, ძმაო, წინაშე ამათ მამათასა და ნუ გრცხვენის, უკეთუ ჭეშმარიტებით მოგიძულებიეს ცოდვანი შენნი“. და მან იწყო თქმად სრულითა გულითა ყოვლისავე და არცა ერთი დაფარა, რომელნი არა ჯერ არიან კაცთა სმენად. და იტყოდა ცრემლითა მხურვალითა და შემუსრვილითა გულითა ქვემდებარე და შემდგომად ჰრქუა მას ბერმან: „გნებავსაა, შვილო, ანგელოსებრივისა სახისა შემოსაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, წმიდაო მამაო, მსურის და მაქვს ეგევითარი სამოსელიცა განმზადებული ჩემთვის“. ხოლო ასწავა მას წმიდამან ბერმან და შემდგომად შემოსა წმიდა იგი სახე მონაზონებისა და უჩვენა მას ქვაბი და ჰრქუა: „წარვედ, შვილო, მუნ მშვიდობით და იღვაწე ცხოვნებისათვის სულისა შენისა“. ხოლო მან თაყვანის სცა მდაბლად და წარვიდა მადიდებელი ღმრთისა.
ხოლო ძმანი იგი განკვირვებულნი ეტყოდეს: „წმიდაო მამაო, ვითარ ესოდენთა ცოდვათათვის არა ეც მას სინანული, არცა კანონი?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „ჵ, საყვარელნო შვილნო, მე ვიხილე ხილვა საშინელი და დიდებული, რამეთუ აღმსაარებელისა მის მარჯვენით კერძო მდგომარე იყო ანგელოსი, რომლისა პირი იყო ვითარცა ელვაჲ და სამოსელი სპეტაკ, ვითარცა ნათელი, და ჴელთა შინა მისთა აქუნდა ქარტა აღწერილი. და ვითარცა აღიარებდა მონანული ცრემლითა წინაშე თქვენსა, და ანგელოსიცა იგი ბრწყინვალე აღჴოცდა ქარტასა მას შინა ცოდვათა მისთა ჴელით წერილსა. და უკეთუ კაცთმოყვარემან ღმერთმან ესრეთ მიუტევა მას, აწ უკუჱ ვითარ ძალმიძს მე ცოდვილსა მიცემად მისა სინანულისა და კანონისა? არამედ იგი მხილებული სვინიდისისაგან თვისისა მარადის შემუს­რვილითა გულითა თვით ინანის დაუცხრომელად“. ხოლო ძმანი იგი ამას რა ისმენდეს, განკვირვებულნი მადლობდენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა და ადიდებდენ სახიერებასა კაცთმოყვარებისა მისისასა უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა ოდ [74]
ჴორცთა ტანჯვითა ცოდვათა ახოცისათვის

ძმა ვინმე კეთილმონანული მკვიდრ იყო მთასა ზედა ზეთისხილთასა. დღესა ერთსა განხურდა გული მისი სინანულითა და სვინიდისისა მხილებითა, აღსდგა და ჩამოვიდა წმიდად ქალაქად იერუსალიმად. მოუხდა მთავარსა ქალაქისასა და აღუარნა მას ცოდვანი თვისნი მპარავობისა განცხადებულად წინაშე ყოვლისა ერისა და ჰრქუა: „მტანჯე მე აქა სჯულისაებრ სამეფოჲსა“.
შეელმა უკუჱ მთავარსა და ჰრქუა მას: „ნამდვილვე, ჵ, კაცო, ვინათგან შენ თვით აღიარენ ცოდვანი შენნი, ვერმკადრე ვარ აწ პირველ ღმრთისა ტანჯვად შენდა, რამეთუ შეგინდვნა შენ ღმერთმან ბრალნი და შეცოდებანი შენნი“.
აღსდგა უკუჱ ძმა იგი და წარვიდა და შეიჭედა თავი თვისი რკინითა და დაიდვა ჯაჭვი ქედსა და ფერჴთა მისთა და შეაწყვდია თავი თვისი სენაკსა შინა მცირესა. და უკეთუ ვინ მოვიდის მისა და ჰკითხავნ მას: „ძმაო, ვინ შეგაგდო შენ ესევითარსა განსაცდელსა და შეგბეჭდა რკინითა?“ მან მიუგის: „მთავარმან შემაგდო“.
ესევითარითა მხურვალითა სინანულითა მოითმინა მრავალჟამ. და უწინარეს დღისა ერთისა მიცვალებისა მისისა, განეხვნეს თვით თავით თვისით რკინანი იგი და დასცვივნეს ჯაჭვნი. მოვიდა მსახური მისი და იხილა იგი ესრეთ, დაუკვირდა და ჰრქუა მას: „ვინ განგხსნა შენ, მამაო, რკინათაგან შენთა?“ ხოლო მან ჰრქუა: „რომელმან იგი დაჰხსნნა საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, მანვე განმხსნა მე საკრველთაგანცა რკინისათა. რამეთუ გამომიჩნდა მე გუშინ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და მრქუა: „სინანულისათვის მაგის და მოთმინებისა შენისა დავსხნი მე ყოველთავე ცოდვათა შენთა!“ და შეახო ყოვლად­წმიდა თითი თვისი საკრველთა ამათ რკინისათა და მეყსეულად დასცვივნეს ჩემგან”.
ესე სთქუა ძმამან მან სანატრელმან და კურთხეულმან და განვიდა ჴორცთაგან და წარვიდა წინაშე უფლისა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ოე [75]
უდებებისა შემნანებელისათვის

კაცსა ვისმე ენება განშორება სოფლით და მონაზონ ყოფაჲ და არა უტევებდა მას დედა თვისი, ხოლო იგი ეტყოდა დედასა თვისსა: „განმიტევე, დედაო, მშვიდობით, რამეთუ ცხოვნება მნებავს სულისა ჩემისა“. უკანასკნელ განუტევა იგი მშობელმან, წარვიდა იგი და მონაზონ იქმნა და უდებებით განვლნა დღენი თვისნი.
იქმნა სიკუდილი დედისა მისისა და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა დასნეულდა იგიცა სასიკუდინედ და განწირული იქმნა განკვირვებასა შინა, და მეყსეულად აღიტაცა იგი და მივიდა სულითა სასჯელად. და იხილა მუნ დედა თვისი დასჯილთა თანა. და დედამანცა იხილა ძე თვისი მუნვე მისრული, განცვიფრდა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, შვილო, შენცა ადგილსა ამას დაისაჯეა? სადა არიან სიტყვანი იგი, რომელთა მეტყოდი, ვითარმედ: „ცხოვნება მნებავს სულისა ჩემისაო?” სირცხვილეულ იქმნა ამას ზედა შვილი მისი და შეურვებული მდგომარე იყო და არა აქუნდა სიტყვაჲ თუ რაჲ მიუგოს.
მერმე ისმა ჴმაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წარიყვანეთ ესე მონაზონი ამიერ, რამეთუ არა ამისი იყო ბრძანება, არამედ სხვისა მონაზონისა, რომელსა ეწოდების ამისივე სახელი; იგი მოიყვანეთ“.
და მოეგო ძმა იგი თავსავე თვისსა და მოგვითხრა მუნ მყოფთა ესე ყოველი და წარავლინეს ჭეშმარიტებისა დამტკიცებისათვის სხვისა მის მონაზონისა, რომელსა ეწოდა სახელი მისი და იხილეს იგი მიცვალებული მას ჟამსა შინა.
ხოლო ვინათგან მოეგო ძმა იგი თავსავე თვისსა და აღსდგა რა უძლურებისაგან, მიერითგან შეაწყვდია თავი თვისი სენაკსა შინა. დასჯდა და ზრუნვიდა სულისა თვისისა ცხოვნებისათვის, სტიროდა მარადის და ლმობიერად ჰგოდებდა და ეტყებდა თავსა თვისსა და ინანდა გარდასრულთა მათ დღეთა უდებებისათვის. ესოდენ იქმნა ლმობიერება მისი და დაუცადებელი გლოვაჲ, ვიდრეღა მრავალნი ლოცვიდეს მას და ევედრებოდეს მეტყველნი: „მცირედ ლხინება მიეც თავსა შენსა, ძმაო საყვარელო, რათა არა ვნება რაჲმე შეგემთხვიოს უზომოსა მაგის ტირილისაგან“. ხოლო იგი არა ინებებდა დაცხრომად ტირილისაგან, არამედ მიუგებდა მათ: „უკეთუ ყვედრებასა დედისა ჩემისასა ვერ დაუთმე, უფალნო ჩემნო, რაოდენ უფროს ვერ დაუთმო ყვედრებასა ქრისტესსა, რაჟამს იგი მამხილებდეს უდებებისათვის წინაშე ანგელოსთა და კაცთა?!“
ესრეთ ლმობიერად სინანულითა აღასრულა ცხოვრება თვისი და მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცვალა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ოვ [76]
უნებლიეთ შემცოდისათვის

იყო ვინმე ძმა ჭაბუკი და მორჩილებითა სულიერისა მამისათა მონასტრისა ჯორთა ჰმსახურებდა. დღესა ერთსა მივიდოდა კარაულებითა დაბასა მონასტრისასა და შეემთხვია ყრმა მცირე. და მანქანებითა ეშმაკისათა დათრგუნა ჯორმან ყრმა იგი ფერჴითა და მოკლა თვინიერ ყოვლად მეცნიერებისა ბერისა. ხოლო რაჟამს აგრძნა ბერმან სიკუდილი ყრმისა მის, შესწუხნა ფრიად; მსწრაფლ განეშორა და წარვიდა მთასა შინა და იქმნა მუნ განშორებულ. ეტყებდა თავსა თვისსა მარადის და სტიროდა ყოვლადვე და იტყოდა ლმობიერი შემუსრვილითა გულითა: „მე მოვკალ ყრმა იგი ჴელითა ჩემითა და ვითარცა კაცის მკვლელი დასჯად ვარ დღესა მას საშინელსა განკითხვისასა, არამედ, მეუფეო, მე ვითარცა კაცმან, უგუნურებით შეგცოდე, შენ ვითარცა ღმერთმან სახიერებით შემინდევ“.
ესევითარსა სინანულსა შინა იყო ბერი იგი მრავალჟამ უნებლიეთ ცოდვისათვის და იყო მთასა მას შინა ჴევი და მას შინა მკვიდრობდა ლომი. და დღე ყოველ მივიდის ბერი იგი ჰსცემნ და აიძულებნ ლომსა მას, რათა განაძვინოს და შეჭამოს იგი. ხოლო ლომი ყოვლადვე არა შეეხო მას. კვალად დასწვა ბერი იგი შიშველი გზასა ლომისასა და ვითარცა წარმოვლიდა ლომი ახლდა და გარდაახლდა ბერსა და არარაჲ ავნო მას.
მაშინ გულსავსე იქმნა ბერი, ვითარმედ: მიუტევა ღმერთმან ცოდვა იგი. ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ოზ [77]
იძულებით მტირალისათვის

ძმა ვინმე მონაზონ იქმნა და დაემკვიდრა მთასა ნიტრიისასა. ხოლო იყო სენაკი მისი მახლობელად სხვისა ძმისა და ესმოდა მას, რამეთუ სტიროდა იგი დღე და ღამე ცოდვათა თვისთა და ინანდა დაუცხრომელად. ხოლო ოდეს არა მოვიდიან ცრემლნი, ეტყოდა იგი თავსა თვისსა: „არა სტირაა, უბადრუკო და საწყალობელო? გრწმენინ ჩემი, უკეთუ არა გნებავს ტირილი, მე გყო შენ, რათა სტიროდე და ინანდე ცოდვათა შენთა!“ და იცემდა იგი ფიცხლად თავსა, პირსა და მკერდსა, ვიდრემდის ტკივილისა მისგან გუამისა შეელმის ფრიად და იწყის ტირილად და იხსენებდა ცოდვათა თვისთა.
ხოლო უკვირდა მახლობელსა მისსა ბერსა და ილოცა ღმრთისა მიმართ, რათა გამოუცხადოს მას, უკეთუ კეთილად ჰყოფს ძმა იგი, რომელ სტანჯავს თავსა თვისსა, ანუ არა? ერთსა უკუჱ ღამესა იხილა ჩვენებით, რამეთუ მდგომარე იყო ძმა იგი თავისა თვისისა მგვემელი მწყობრსა თანა წმიდათა მოწამეთასა და გვირგვინი ბრწყინვალე ედგა თავსა მისსა და იხილა ანგელოსიცა მეტყველი: „ჰხედავაა, კეთილსა მას მოღვაწესა, რომელი აჭირვებს თავსა თვისსა ქრისტესთვის, თუ ვითარ მწყობრსა თანა მოწამეთასა მდგომარე არს გვირგვინოსანი ბრწყინვალებითა. რამეთუ, რომელი არა სტიროდეს აქა ცოდვათა თვისთა, მუნ მიელის საუკუნო ტირილი“.
ესერა გამოუცხადა ღმერთმან ბერსა, თვითცა ჰბაძვიდა ძმასა მას და ადიდებდა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ოჱ [78]
ძმისათვის ლმობიერისა

ძმა ვინმე შემუსრვილი გულითა მკვიდრ იყო სენაკსა, რომელსა აქუნდა მადლი ლმობიერებისა მდიდრად. დღესა ერთსა შეემთხვია მას უმეტესი გულისკლება და მოეცა უმდიდრესად წყარო ცრემლთა. და ვითარცა იხილა ესე ძმამან მან, სთქუა თავსა შორის თვისსა, ვითარმედ: „ჭეშმარიტად ნიში არს და სასწაული ესე სიკუდილისა ჩემისა და ნამდვილვე დასტურად მოახლებულ არს დღე აღსასრულისა ჩემისა. ამას რა იგონებდა, უმეტესადღა განმრავლდებოდა მის შორის ნეკტარი იგი და ნაკადული ცრემლთა. და კვალად იხილის რა მან ცრემლნი განმრავლებულად, მასვე სიტყვასა იტყვინ, ვითარმედ: „ჭეშმარიტად მოახლებულ არს ჟამი სიკუდილისა ჩემისა. და რაჲ ყოფად არს, არა უწყი, ვითარ განვლი ჴელთაგან ჰაერის მცველთასა, ანუ ვითარ წარდგომად ვარ წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა საყდრისა?“ და ესრეთ დღითი დღედ უმეტეს და უმეტეს გოდებდა და სტიროდა ძმა იგი სანატრელი. და მის ზედა აღსრულდებოდა ბრძანება იგი უფლისა, ვითარმედ: „ნეტარ ხართ თქვენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ შემდგომად“[ლკ. 6,21]. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ოთ [79]
ძმისათვის მგლოვარისა

სხუა ძმა მჯდომარე იყო მარტოებით, და იყო საქმე მისი ლოცვა და გლოვა სამარადისოდ დღე და ღამე. და ყოვლადვე ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა მრავლითა სიმდაბლითა გულისათა და მარხვითა მიმდემითა. ხოლო იტყოდა თვისაგან თავსა შორის თვისსა: „ნეტარ რაჲმე არს სიტყვა იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა იტყვის, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“(მთ. 5,4).
დღესა ერთსა სჯდა იგი სენაკსა თვისსა და სტიროდა ჩვეულებისაებრ გულითა მხურვალითა და მრავლისა მისგან ურვეულობისა მიეძინა. და აჰა, ესერა წარმოუდგა მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ჴმითა ჰრქუა: „რაჲ გჭირს, ჵ, კაცო, და რაჲსათვის ხარ ესრეთ?“ ჰრქუა მას ძმამან: „რამეთუ დავეცი, უფალო“. ჰრქუა მას უფალმან: „უკეთუ დაეცი, აღსდეგ!“ კვალად მიუგო მდებარემან: „ვერ ძალმიძს აღდგომა, უფალო, უკეთუ შენ არა მომცე ჴელი“. და მეყსეულად მიჰყო ჴელი მაცხოვარმან, მისცა მას და აღადგინა იგი და ყოვლადნათლითა პირითა ჰრქუა მას: „რაჲსა სტირ, ჵ, კაცო, და რაჲსა შეწუხებულ ხარ?“ მიუგო ძმამან და ჰრქუა: „არა გნებავსაა, უფალო, რათა ვსტიროდე და ვსწუხდე? რამეთუ ესოდენ შეგცოდე შენ და განგარისხე“. მაშინ მიჰყო სახიერი ჴელი თვისი მეუფემან და შეახო თავსა მისსა და ჰრქუა: „ნუ შეწუხებულ ხარ, რამეთუ ფრიად წყალობით ვარ შენ ზედა. და ვინათგან შენ შეწუხებულ ხარ ჩემთვის, მე არღარა შეწუხებულ ვარ შენთვის, რამეთუ ცხოვრებისა შენისათვის სისხლი ჩემი მივსცენ. რაოდენ უფროსღა მივსცე კაცთმოყვარება ჩემი თვითოეულსა სულსა მონანულსა“.
და ვითარცა განიფრთხო ჩვენებისა მისგან ძმამან მან, მოეგო თავსა თვისსა და ჰპოვა სული თვისი აღვსებული ყოვლითა სიხარულითა და გულსავსე იქმნა მტკიცედ, ვითარმედ ჰყო უფალმან მის ზედა წყალობა. და დადგრა მიერითგან ფრიადსა ზედა სიმდაბლესა და ლმობიერად უფლისა მიმართ მიიცვალა ლოცვასა შინა თვისსა და სამარადისოდ იხარებს უფლისა თანა მსმენელი ჴმისა მის, ვითარმედ: „კეთილ მონაო სახიერო და სარწმუნოო… შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21), რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა პ [80]
მაღალმხედველისათვის ბერისა

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და მრავალგზის მაღალ ხედვათა შინა აღტაცებული და საკვირველებისა მხილველი. ესე სანატრელი დღესა ერთსა სჯდა ძმათა თანა და მიეცა განკვირვებასა. მერმე დავარდა პირსა ზედა თვისსა მყოვარჟამ მდებარე და სტიროდა მწარედ. და აღსდგა რა კვალადცა სტიროდა ფიცხლად შეურვებული გულითა.
ხოლო ძმანი იგი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და ევედრებოდეს მეტყველნი: „რაჲ იხილე, მამაო პატიოსანო, გვაუწყე ჩვენცა ღმრთისათვის“. ხოლო იგი სტიროდა დუმილით და ვითარ აიძულებდეს მას მეტად, ჰრქუა მათ ცრემლითა: „მე სასჯელად მივიტაცე, შვილნო, და მუნ ვიხილენ მრავალნი მონაზონნი უდებნი ჯოჯოხეთად მიმავალნი და ერისკაცნი მოწყალენი სასუფეველად აღმავალნი“. და ამას ზედა სტიროდა წმიდა იგი ბერი ფრიად.
კვალად სხუასა დღესა აღტაცებულ იქმნა გონებითა, ილოცვიდა რა, და ვითარცა მოეგო თავად თვისად, ჰკითხვიდეს მას ძმანი და ეტყოდეს ვედრებით: „სადა იყო გონება შენი, ილოცვიდი რა, ყოვლადსანატრელო მამაო?“ ხოლო მან სიყვარულითა მოწაფეთა მისთათა არა დაფარა სარგებელისათვის და ჰრქუა: „შვილნო ჩემნო საყვარელნო, მუნ იყო გონება ჩემი, სადა იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამ მდგომარე იყო და სტიროდა წინაშე ჯვარცმისა ძისა თვისისასა და იოანე ღმრთისმეტყველი შემწვარის გულითა ჰგოდებდენ. ვინებე მეცა, რათა მათ თანა მგლოვარე ვსტიროდე მწარედ და ცრემლით ამბორს უყოფდი ყოვლადწმიდათა ფერჴთა მაცხოვრისათა“.
ესრეთ მგლოვარე და ლმობიერი მჯდომარე იყო და არღარა ენება გამოსლვა სენაკით, ხოლო უკეთუ სადამე იძლიის საჭიროდ გამოსლვად, დაიბურის ბარტყულითა პირი თვისი და იტყვინ: „რა სარგებელ არს ხილვად ნათლისა ამის წარმავალისა?“ და იწყის ტირილად.
და ლოცვასა შინა მდგომარემან განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა, რომლისადა სურვიელ იყო და მივიდა დიდებასა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, დაუსაბამოსა ნათელსა მამასა, მხოლოდშობილსა ძესა და ცხოველს­მყოფელსა სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეოთხისა თავისა

 

 

 

 

 

 

 


თავი e [5]

სულთა, საზომით სრულთა, მიცვალებისათვის

 

 

თხრობა პა [81]
ეპისკოპოსისათვის განშორებულისა

მოგვითხრობდა ეპისკოპოსი სუხენის ქალაქისა, ვითარმედ: „ოდეს ვიყავ მე უდაბნოსა შინა მონაზონ, დღესა ერთსა ვინებე უშინაგანესთა უდაბნოთა წარსლვაჲ, უკეთუმცა ვჰპოვო მუნ მსახური ქრისტეს მეუფისა და ვიკურთხო მის მიერ. და აღვიღე ოთხისა დღისა პური და წყალი და წარვედ უდაბნოდ. და ვითარცა ვლე ოთხი დღე, არღარა დამიშთა მე საზრდოჲ. ვიგულსმოდგინე სხვისაღა ოთხისა დღისა უშორეს წარსლვად და მოვუძლურდი უწყლოობითა, ვიდრემდის სრულიად დავარდი და დავსწევ ქვეყანასა ზედა. და აჰა, მოვიდა ბრწყინვალე ვინმე და შემახო პირსა ჩემსა თითითა და მეყსეულად განვძლიერდი. და ეგრეთ ვიქმენ, ვითარმცა არცა გზა მევლო, და არცა დამაშვრალ ვიყავ და არცა მომშეოდა და მომწყურვებოდა. აღვსდეგ და ვიდოდი უდაბნოდ და ვლე სხუაღა ოთხი დღე. კვალად დავშვერ და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი ცად მიმართ და აჰა, იგივე კაცი შვენიერი და სპეტაკი, რომელმან პირველ განმაძლიერა, კვალად მცხო თითითა პირსა ჩემსა და განმამტკიცა და ვიდოდი, ვიდრე იქმნა ათრვამეტ დღე.
და ამისა შემდგომად ვჰპოვე მცირე ტალავარი ფინიკი და წყალი და კაცი მდგომარე. და იყო თმაჲ თავისა მისისა სამოსლად მისდა სპეტაკ. და ვითარ მიხილა მე, ვიწყე ლოცვად, ხოლო მან სთქუა: „ამინ“. მომეგება კარად და მიპყრა ჴელითა თვისითა და დავსხედით. მკითხვიდა და მეტყოდა: „ვითარ მოხვედ აქა, ძმაო, და ვითარ ჰგიეს სოფელი – მშვიდობით, ანუ კვალადღა სდევნიანაა მძლავრნი ქრისტეანეთა?“ ხოლო მე ვარქუ, ვითარმედ: „მე ლოცვითა შენითა, წმიდაო ღმრთისაო, უდაბნოსა ამას მოვლი ძიებად შენებრ ღმერთშემოსილისა კაცისა და ღმერთმან არა დამაკლო სასურველსა ჩემსა, და ტანჯვაჲ დასცხრა ქრისტეანეთა ზედა“. ხოლო მე ვჰკითხევდ: „სადათგან ხარ შენ, მამაო წმიდაო, და ვითარ მოხვედ აქა?“ და მან სულთ ითქვნა და იწყო ტირილით თქმად: „მე ვიყავ, ძმაო, ეპისკოპოსი და მუნ მყოფთა მტარვალთაგან მრავალი სატანჯველი მოვიღე ქრისტესთვის და ვერღარა შეუძლე დათმენად სატანჯველთა. ხოლო უკანასკნელ ვსცან უძლურება ჩემი და მივეც თავი ჩემი სიკუდილად უდაბნოსა ამას შინა. და არს წელი ჩემისა აქა ყოფისა ოცდაათცხრამეტი, აღსაარებითა და ვედრებითა ღმრთისათა, რათა მომიტევნეს მე ცოდვანი ჩემნი. და მომეცა მე საზრდო ამის ფინიკისაგან და ნუგეშინისცემა მოტევებისა ვერა მოვიღე“.
ესერა სთქუა, აღსდგა და განვიდა გარე და დასდგა ლოცვად მრავალჟამ. და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ, მოვიდა და ვიხილე პირი მისი ბრწყინვალე და განვცვიფრდი. და მან მრქუა მე: „ნუ გეშინინ, ძმაო, რამეთუ მოგავლინა შენ უფალმან დამარხვად გუამისა ჩემისა, რამეთუ აწღა ვსცან, ვითარმედ: მომეტევა მე ცოდვა ჩემი“. ხოლო ესერა სთქუა, განიპყრნა ჴელნი და ნიში პატიოსნისა ჯვარისა გამოისახა და აღსასრული ცხოვრებისა მიიღო.
და განვხიე მე სამოსელი ჩემი, ნახევარი დავიტევე ჩემდა და ნახევარითა წარვგრაგნე გუამი წმიდისა მის და დავმარხე იგი. და მეყსეულად განხმა ფინიკი იგი და დაიქცა ტალავარიცა. ხოლო მე ცრემლით ვევედრე ღმერთსა, რათა მომცეს ფინიკი იგი და ვიყო მუნ მეცა და ვადიდებდე სახიერებასა მისსა. და ვითარ არა ინება ღმერთმან, მოვიქეც მშვიდობით და აჰა, იგივე კაცი, რომელმან პირველ გამოჩინებით განმაძლიერა მე გზასა ზედა, ეგრეთვე აწცა განვლე უდაბნოჲ და მოვედ ძმათავე ჩემთა თანა და მიუთხარ მათ ესე ყოველი. ხოლო მსმენელნი ამისნი ადიდებდენ ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 

 

 

 

თხრობა პბ [82]
თუ ვითარ პატივ სცემს ღმერთი წმიდათა მისთა

წმიდა და ყოვლადსანატრელი მამა ჩვენი სისო ცხოვრებდა მთასა შინა უდაბნოსა სამეოც წელ ყოვლითა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილი. და ოდეს ინება ღმერთმან მიცვალება მისი ამიერ, ესრეთ ადიდა, რამეთუ: სხდეს მის თანა მონაზონნი და განათლდა პირი მისი, ვითარცა ნათელი და ეტყოდა მათ: „აჰა, დიდი ანტონი და წმიდა ათანასე მოვიდნენ!“ და მცირედ დადუმნა. და კვალად ჰრქუა მათ: „აჰა, გუნდი წინასწარმეტყველთა მოვიდა!“ და უფროსად განათლდა პირი მისი და ჰსთქუა: „აჰა, მწყობრი მოციქულთა მოვიდა!” და მრჩობლ კეც განათლდა პირი მისი და იწყო მათდა მიმართ ზრახვად. ხოლო მოწაფენი მისნი ევედრებოდეს და ეტყოდეს: „გვარქუ ჩვენ, თუ ვიეთდა ზრახავ, წმიდაო მამაო?“ და მან ჰრქუა: „ანგელოსნი მოვიდენ წარყვანებად ჩემდა, ძმანო, და მე ვევედრები, რათა მიტევონ მცირედღა სინანულად“. და ეტყოდეს მოწაფენი: „არა გიხმს შენ სინანული, ღმერთშემოსილო მამაო“. ჰრქუა მათ ბერმან სიმდაბლით: „ჭეშმარიტად არა უწყი, შვილნო, თავისა ჩემისა, თუ შესაწყნარებელ ვარ, ანუ არა“. გარნა ყოველთა უწყოდეს სრულება მისი. და იქმნა ელვაჲ საშინელი და მოეფინა სუნი სუნნელებისა მიუთხრობელი. და მეყსეულად განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე და შეშინდეს ყოველნი ხილვისაგან საკვირველისა და ეტყოდა მათ: „აჰა, იხილეთ, იხილეთ, უფალი მოვიდა და იტყვის: „მომგუარეთ მე ჭური ეგე რჩეული უდაბნოჲსა!“ და მყის მისცა სული თვისი განწმედილი სასურველსა თვისსა და ყოვლადსაყვარელსა ტკბილსა მეუფეს მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა. ესრეთ ადიდა ღმერთმან მადიდებელი თვისი სისო და მხილველნი ადიდებდეს კაცთმოყვარებასა მისსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა პგ [83]
თუ ვითარ ანგელოსნი მოიკითხვენ ღირსთა

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი უდაბნოსა შინა მრავალთა სათნოებათა აღმასრულებელი. ხოლო რაჟამს ეგულებოდა მიცვალებაჲ, სამ დღე ახმულ იყვნეს თუალნი მისნი, რომელ ყოვლადვე არა იძრვოდეს, რამეთუ საკვირველთა ხედვათა შემსჭვალულ იყო. და ჰრქუჱს მას ძმათა: „სადა ხარ, მამაო წმიდაო, ანუ რაჲსა ხედავ?“ ხოლო მან ჰრქუა: „სამსჯავროსა მას ღმრთისასა წინაშე მდგომარე ვიყავ, ძმანო“. ჰრქუჱს მას ძმათა: „შენცა გეშინისაა, მამაო ყოვლადპატიოსანო, რამეთუ აღგისრულებიეს ყოველი სათნოებაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტსა იტყვით, ძმანო, რამეთუ ძალისაებრ ჩემისა ვიღვაწე დაცვად მცნებათა ღმრთისათა, გარნა ყოველსავე ზედა, კაცი ვარ მეცა და ვერ მინდობილ ვარ, ვიდრემდის წარვსდგე წინაშე ღმრთისა, რამეთუ სხვებრ არიან სასჯელნი ღმრთისანი და სხვებრ კაცთანი“. და კვალად ენებათ ძმათა სხვისაცა სიტყვისა კითხვად, არამედ ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან, ვითარმედ: „ჰყავთ სიყვარული, ძმანო, და ნუ მეუბნებით მე ჟამსა ამას, რამეთუ ვერა მცალს აწ“. და სხვით კერძო მიიხილა, ზრახვიდა და ეუბნებოდა წმიდათა ანგელოსთა, რომელნი იგი მოსრულ იყვნეს მოკითხვად მისსა, ვითარცა მეგობარნი მეგობრისადა. და ზრახვასა შინა მათსა მისცა ყოვლადგანწმედილი სული თვისი ღირსმან ნეტარებისამან. და გზა ჰყვებოდეს ანგელოსნი სანატრელსა მას სულსა და მიიყვანეს წინაშე მეუფისა და ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომლისადა სურვიელ იყო, რამეთუ მისსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

თხრობა პდ [84]
სიკუდილადმდე სიმდაბლისათვის

წმიდა და ყოვლადსანატრელი მამა ჩვენი დიდი არსენი მარადის ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ცრემლითა ლმობიერითა. ხოლო შაბათსა მიმწუხრი, რომელი განთენდებოდა წმიდად კვირიაკედ, დაუტევის მზე ზურგით კერძო მისა და აღიპყრნის ჴელნი ზეცად და ილოცავნ ცრემლითა, ვიდრემდის კვალად აღმოხდის მზე პირისპირ მისა და მაშინღა დას­ჯდის. და ეკკლესიად რა მივიდის, დასდგის იგი უკანით სვეტისა და გარდამოსდიოდეს თუალთაგან მისთა წყარო იგი ცრემლთა. ხოლო ოდეს დასჯდის ჴელთსაქმრად, მჩვარი აქუნ წიაღთა მისთა ცრემლთა მათთვის, რომელნი გარდამოსდიოდეს თუალთაგან მისთა ხსენებითა სიკუდილისათა, რამეთუ ესრეთ მარადის იგლოვდა თავსა თვისსა დაუცხრომელად.
ხოლო ოდეს ეგულებოდა მიცვალებაჲ ყოვლადსანატრელსა მამასა არსენის, შესწუხნეს მოწაფენი მისნი ფრიად. ჰრქუა მათ ბერმან: „არღა მოწევნულ არს ჯერეთ ჟამი იგი, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და ოდეს მოვიდეს, სცნობთ თქვენ; გარნა გევედრები, ძმანო, რათა არავის მისცნეთ ჴორცნი ჩემნი“. ჰრქუჱს მას მოწაფეთა: „რაჲ უკუჱ ვჰყოთ, ღმერთშემოსილო მამაო? რამეთუ ვერ ვიცით ჩვენ შემურვა ღირსებისა შენისა“. ხოლო მან ჰრქუა სიმდაბლით შემოსილმან: „არა იცითაა, ძმანო, მობმა საბლისა ფერჴთა ჩემთა, გათრევა და გარდაგდება მთასა გარე?!“
და ვითარცა მოიწია ჟამი იგი, ილოცვიდა ლმობიერად და სტიროდა მხურვალედ. იხილეს რა ძმათა, რამეთუ სტიროდა, ჰრქუჱს მას: „შენცა გეშინისაა, ღმრთივსულიერო მამაო, სიკუდილისაგან?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტად, შვილნო ჩემნო, შიში ესე, რომელი არს აწ ჩემ თანა, მარადის ჩემ თანა იყო ყოვლადვე, მორავედ მონაზონებად.“ ესერა სთქუა, ლოცვასა შინა თვისსა ლმობიერსა ყოვლადგანწმედილი სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისათა შევედრა და დაიძინა ძილი იგი მართალთა ნეტარმან მან.
ესმა რა უკუჱ მამასა პიმენს, ვითარმედ: დაიძინა მამამან არსენი, აღსტირდა და სთქუა ცრემლითა: „ნეტარ ხარ შენ, მამაო არსენი, რამეთუ დაიტირე თავი შენი ამა სოფელსა; რამეთუ, რომელი აქა არა სტიროდეს თავსა თვისსა სიკუდილად, წინაუძს მას მუნ საუკუნო ტირილი სატანჯველთაგან, რომლისაგან გვიხსნეს ღმერთმან, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე”.

 

 

თხრობა პე [85]
შემდგომად სიკუდილისაცა სიმდაბლისათვის

იყო ვინმე ძმა მოსწრაფე, მოვიდა მთასა სინასა და დაემკვიდრა სენაკსა განშორებულსა. და პირველსა დღესა შესლვასა მისსა სენაკად, ჰპოვა მცირე ფიცარი დაწერილი უწინარეს მას შინა მყოფისა ძმისაგან. ხოლო ეწერა ფიცარსა მას ზედა, ვითარმედ: „თეოდორე ვსწამებ – მოსეს თანა ვარ!“ ამას დაიდებნ წინაშე თუალთა მისთა ძმა იგი სანატრელი, სამარადისოდ ჰკითხავნ იგი მწერალსა მას, ვითარცა მახლობელსა და ეტყვინ: „სადა ხარ აწ, ჵ, თეოდორე! რომელი იტყვი თუ მოსეს თანა ვარ? აწ უკუჱ სადამე ხარ თეოდორე, ანუ სადაღა არიან ჴელნი შენნი, რომლითა დასწერე ესე?“ ამას იტყვინ ყოველთა დღეთა და იხსენებნ სიკუდილსა და სტირნ სამარადისოდ ლმობიერად.
ამის ნეტარისა მახლობელად მკვიდრ იყო სხუა ძმაჲ მებოსტნე. და ოდეს ეგულებოდა მიცვალებაჲ მგლოვარესა მას და კეთილად მოღვაწესა, ევედრა მეზობელსა მას თვისსა მებოსტნესა და ჰრქუა: „ჰყავ სიყვარული, ძმაო სულიერო, და ნუვის უთხრობ თუ სნეულ ვარ მე, არამედ დაადგერ დღეს ჩემ თანა და ოდეს მოვჰკუდე, აღიღე მძოვრი ჩემი და განაგდე იგი უდაბნოსა ადგილსა, რათა შეჭამონ იგი მხეცთა ველისათა და მფრინველთა ცისათა; ამისთვის, რამეთუ ფრიად შევსცოდე ღმერთსა და არა ღირს არს გუამი ჩემი დაფლვად საფლავსა შინა“. ჰრქუა მას ძმამან მან მებოსტნემან: „გრწმენინ ჩემი, მამაო პატიოსანო, ურვეულ არს სული ჩემი ყოფად საქმისა მაგისთვის, რათა არა ბრალეულ ვიქმნე წინაშე ღმრთისა“. ჰრქუა მას უძლურმან: „ბრალი ესე ჩემ ზედა იყავნ, ძმაო საყვარელო, და მე მივსცე ამისთვის სიტყვა ღმერთსა, უკეთუ მერჩდე და აღმისრულო ვედრება ჩემი და ჰყო ესრეთ, ვითარცა გამცნებ და უკეთუ ძალმედვას, მეცა შეგეწიო შენ წინაშე ღმრთისა“.
ესე სთქუა და იწყო ლოცვად ლმობიერად და ლოცვასა შინა განუტევა სული თვისი განწმედილი. ხოლო ძმამან მან ჰყო განწესებისაებრ მისისა, აღიღო გუამი მისი და დააგდო უდაბნოსა ადგილსა.
მესამესა დღესა გამოუჩნდა ძილსა შინა ძმასა მას მებოსტნესა ძმა იგი სანატრელი მიცვალებული და ჰრქუა: „ღმერთმან შეგიწყალენ შენცა, ძმაო, ვითარცა შენ მე შემიწყალე. გრწმენინ ჩემი, დიდი წყალობა ჰყო ჩემ თანა ღმერთმან ამისთვის, რამეთუ ეგდო გუამი ჩემი დაუმარხავად და მრქუა მე ღმერთმან: „აჰა, ესერა დიდისა მაგისთვის სიმდაბლისა შენისა, მიბრძანებიეს ყოფა შენი დიდისა ანტონის თანა და აჰა, ესერა მეცა ვედრებულ ვარ შენთვის, ძმაო, გარნა შენცა დაუტევე ბოსტანი ეგე და იზრუნე სულისა შენისათვის ცრემლითა, რამეთუ ჟამსა მას, ოდეს გამოვიდა სული ჩემი ჴორცთაგან, ვიხილე ცეცხლი ძლიერი, გარნა ცრემლთა ჩემთა დაშრიტეს იგი და ღირს ვიქმენ დიდებასა ღმრთისასა, რამეთუ მისა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე”.

 


თხრობა პვ [86]
ცოდვილისა და მართლისა სიკუდილისათვის

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და სრულსა საზომსა მიწევნილი. დღესა ერთსა ევედრა ღმერთსა და სთქუა: „უფალო, მნებავს, რათა ვიხილო სული ცოდვილისა და მართლისა, თუ ვითარ განვალს ჴორცთაგან“.
ხოლო წყალობააურაცხველმან ღმერთმან ისმინა ვედრება მისი და განგებულებითა კაცთმოყვარებისა თვისისათა მოიყვანა იგი ერთსა ქალაქთაგანსა. და დაჰსჯდა ბერი იგი გარეშე ქალაქისა მის, სადა იგი იყო მონასტერი, რომელსა შინა იყო მონაზონი ვინმე დიდად სახელოვანი და ფრიად განთქმული ერსა შორის, ხოლო საქმით – ხენეში. და იყო იგი სნეულ და მოელოდა ჟამსა სიკუდილისასა.
იხილა ბერმან ფრიადი განმზადებულება კეროვნებისა და ლამპრებისა მრავლისა. და ყოველი იგი ქალაქი სტიროდა მისთვის და იგლოვდეს მეტყველნი, ვითარმედ: „პურსაცა და წყალსა ამისითა ლოცვითა მოგუცემდა ჩვენ ღმერთი”.
და ვითარცა მოიწია ჟამი ჭირისა, იხილა ბერმან მან განგებითა ღმრთისათა, რამეთუ განეღო ტარტაროზი ჯოჯოხეთისა და აჰა, ესერა მოიწივნეს ლახვროსანნი ცეცხლისანი, რომელთა აქუნდათ სამპირები ლახვარნი ცეცხლისანი ჴელთა მათთა. და ჴმაჲ ისმა ზეცით, ვითარმედ: „ვითარცა არაოდეს განმისვენა სულმან მაგისმან ერთსაცა ჟამსა, ნუცა შენ მაგას შეიწყალებ, არამედ სტანჯე ეგე და სასტიკებით აღმოსწოდე სული მაგისი და არცაღა ოდეს განისვენოს მაგან ყოველთა მათ საუკუნეთა“.
მაშინ ჰშთასცა სამპირი ლახვარი ცეცხლისა პირსა მისსა ანგელოსმან რისხვისამან უწყალოდ და მრავალჟამ სტანჯა იგი გუამსა შინავე. და მერმეღა აღმოსწოდა სასტიკებითა საშინელითა სული იგი უბადრუკი. ვითარცა იხილა ესე ბერმან, შეძრწუნდა და განცვიფრებული სტიროდა და იტყოდა: „ნამდვილვე „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“(ფს. 33,22), ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით.
ამისა შემდგომად შევიდა ბერი იგი ქალაქად და აჰა, ესერა იხილა სხუა სახილველი, რამეთუ: ძმა ვინმე უცხოჲ ქვემდებარე იყო უბანთა ზედა სნეული და არცა ერთი ვინ აქუნდა მოღვაწედ მისა. და დაადგრა მის თანა ბერი იგი დღე ერთ და მოიწია რა ჟამი მიცვალებისა მისისა, იხილნა ბერმან მიხაილ და გაბრიილ ერისმთავარნი, ძალთა მათ ზეცისათანი, რამეთუ მოვიდეს განყვანებად სულისა მისისა და დაუსხდეს იგინი ერთი მარჯვენით მისსა და ერთი მარცხენით და სთხოვდეს ტკბილად სულსა მას წარყვანებად. ხოლო მას არა ენება წუთღა დატევებაჲ ჴორცთა. ჰრქუა მიხაილ მთავარანგელოსმან გაბრიილ მთავარ­ანგელოსსა: „აღმოსწოდე სული ეგე და წარვიდეთ“. ჰრქუა მას გაბრიილ მთავარანგელოსმან: „ბრძანებულ ვართ მეუფისაგან ჩვენისა, რათა უტკივრად განვიყვანოთ ეგე, და აწ ვერ ძალგვიძს იძულებად მაგისა“. მაშინ ღაღად ჰყო მიხაილ უფლისა მიმართ ძალთასა ჴმითა შვენიერითა: „უფალო ძალთაო, რაჲ ბრძანო სულისა ამისთვის, რამეთუ არა ჰნებავს გამოსლვის?“ და მოიწია ჴმაჲ მეტყველი: „აჰა, ესერა მე მოვავლინო დავით ქნარითა და ანგელოსნი გალობითა, რათა განაწყონ მათ გუნდი გალობისა. და ესმას სიჰამე ჴმატკბილობისა მის და გამოვიდეს სიხარულით სული მაგისი. და ესრეთ ყოვლითა პატივითა მოიყვანეთ ეგე ჩემდა და ნუცა ერთსა რას იძულებასა შეამთხვევთ“.
და მეყსა შინა გარდამოხდა დავით და მის თანა ყოველნი მგალობელნი. და გარემოადგეს სულსა მას სანატრელსა და იწყეს ქებად მისა და გალობად ჴმითა ყოვლადსაწადელითა და ტკბილითა, რომლისა სიაჰმოვნისაგან და ზატიკობისა გამოჰკრთა სული იგი სიხარულით და შევარდა ჴელთა მიხაილისთა. და ესრეთ დიდებითა მით გამოუთქმელითა და ბრწყინვალებითა თუალთშეუდგამითა და ქებითა საკვირველითა აღიყვანეს ზეცად სული იგი ყოვლადსანატრელი, რომელსა ქვეყანით ვიდრე ცადმდე მოეგებოდეს დასნი და დასნი ბანაკნი ანგელოსთანი და ეტყოდეს: „გიხაროდენ, სულო მართალო! „შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21), რამეთუ მიგელის შენ სიმართლისა იგი გვირგვინი“. ესევითარითა დიდებითა და პატივითა აღიყვანეს წინაშე მეუფისა ყოველთასა. ამისთვის იტყვის დავით: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს. 115,6) მისსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა პზ [87]
კვალად მართლისა და ცოდვილისა სიკუდილისათვის

იყო მონაზონი ვინმე წმიდა განშორებული სოფლით ნიშებითა და საკვირველებითა განბრწყინვებული და მარადის სათნოყოფითა ღმრთისათა განათლებული. და ჰყვა მის თანა მოწაფე ერთი. ხოლო დღესა ერთსა შთავიდა ქალაქად მოწაფე იგი განსყიდვად ჴელთსაქმისა, რათა იყიდოს პური და მიართუას მოძღვარსა თვისსა. და იყო ქალაქსა მას შინა მთავარი ვინმე, რომელსა „ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხვენოდა“[ლკ. 18,2], რომელიცა იხილა მოწაფემან მომკუდარი. და შესდგომოდა მას ერი მრავალი ლამპრებითა და საკმეველითა და პატივითა დიდითა მიუძღოდეს საფლავად.
ხოლო მოიქცა რა მუნით განკვირვებული უდაბნოდვე, ჰპოვა მოძღვარი თვისი პატიოსანი და სასწაულთმოქმედი ბერი აფთრისა მიერ შეჭმული. და იწყო ტირილად და გოდებად ბერისათავის და ვედრებად ღმრთისა მიმართ მეტყველმან: „უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, ვითარ ძვირისმოქმედი იგი მთავარი მოკუდა დიდებულად, რომლისა მიერ ყოველი კაცი იტანჯებოდა, ხოლო ესე წმიდა სულიერი მამა მარადის სათნომყოფელი შენი, მხეცთა მიერ შეჭმულ იქმნა”. და ესევითარსა რა სიტყვასა იტყოდა შემუსრვილითა გულითა, პირსა ზედა თვისსა მდებარე ცრემლით მვედრებელი, და აჰა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „აღსდეგ ბერო! რად შეწუხებულ ხარ და სტირ მოძღვრისა შენისათვის? მას მთავარსა ბოროტნი საქმენი აქუნდეს მრავალნი და კეთილი ერთი ოდენ. და მისთვის მიიღო პატიოსანი დამარხვა თვისისა მის ერთისა კეთილისა სასყიდლად და წარვიდა მუნ ტანჯვად საუკუნოდ. ხოლო მოძღვარსა შენსა ყოვლადპატიოსანსა, ყოველსა შინა სათნომყოფელსა ღმრთისასა და ყოვლითა კეთილითა შემკობილსა, აქუნდა მცირე რაჲმე ვნებაჲ, ვითარცა კაცსა ჴორციელსა და ესევითარითა მწარითა სიკუდილითა მიეტევა მას იგიცა. და წარვიდა იგი ყოვლითურთ განწმედილი და უბიწო ცხოვრებასა მას საუკუნესა“.
ესერა ესმა მოწაფესა მას, გულსავსე იქმნა და ადიდებდა მართლმსაჯულებით განგებულებასა ღმრთისასა, რომლისა წინაშე არცა კეთილი დაივიწყების, არცა ბოროტი. მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 


თხრობა პჱ [88]
მამასახლისისათვის მოწყალისა

იყო ვინმე ბერი წმიდა, მეუდაბნოე, სახელით პაჶნოტი. ესე პატიოსანი კაცი ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რომელთა წმიდათა მსგავს არს იგი. და მოვიდა მისა სამღთო ჴმაჲ მეტყველი, ვითარმედ: „მსგავს ხარ შენ მამასახლისისა მის მახლობელად დაბასა მას შინა მყოფისა“. ხოლო იგი შეწუხებული მივიდა მისა მიმართ და ურეკა კარსა, და მეყსეულად გამოვიდა მამასახლისი ჩვეულებისაებრ თვისისა უცხოთ შეწყნარებისა. დაბანნა ფერჴნი და დაუდგა ტაბლაჲ. ხოლო პაჶნოტი ჰკითხვიდა საქმესა მისსა და ეტყოდა: „ჵ, კაცო ღმრთისაო, მომითხარ მე ცხოვრება შენი, რამეთუ მაუწყა მე ღმერთმან მოსლვად შენდა“. და იგი იტყოდა: „მე ყოვლადვე ცოდვილ ვარ და არაღირსი და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა; გარნა ვინათგან ღმრთისა მიერ მოვლინებასა მეტყვი, მეცა აღგიარო შენ, მამაო სულიერო.
აწ უკუჱ არს წელი ოცდაათი, ვინათგან განყენებულ ვარ მე მეუღლესა ჩემსა, გარნა სამ წელ ვსცხოვრებდი მის თანა და სამნი ძენი მესხნეს მისგან, რომელნი აწ სახმარსა მომიღებენ მე. და არა დავსცხერ უცხოთმოყვარებისაგან დღეინდელად დღედმდე. და ვერცა ვინ იქადის სოფელსა შინა პირველ ჩემსა უცხოთ შეწყნარებასა, არა განმიშორებიეს გლახაკი სახლისაგან ჩემისა, არცა უცხო და გლახაკი განმიტევებიეს ცარიელი ჴელითა, არცა უგულებელს მიყოფიეს დავრდომილი და გლახაკი განწირული, არამედ მივსცი მათ კმასაყოფელი ნუგეშინისსაცემელი. არცა დაუტევნი ქვრივნი და ობოლნი, არცა ორგულ ვექმენ შვილთა ჩემთა, არცა დაიდვა სახლსა ჩემსა ნაყოფთაგან უცხოთა და არცა იქმნა ლალვაჲ, რომელნი არა დავაგენ ურთიერთას. არცავინ მგმობდა ბოროტთათვის საქმეთა ჩემთა; ხოლო შვილნი ჩემნი არა შეეხნეს უცხოთა ნაყოფსა, არცა დასთესეს პირველ თვისსა ორნატთა, არამედ პირველ მოხამსეთა მისცემენ და ნაშთსა თვისად დაითესენ და არა უტევე ძლიერთა მიმძლავრებად გლახაკისა, არცავინ შევაწუხენ ცხოვრებასა შინა ჩემსა, არცა სიცბილი ვისმე ზედა მივიღე. ესენი არა თავით ჩემით უწყოდი ყოფად, პატიოსანო მამაო, არამედ ნებითა ღმრთისათა“.
ხოლო ესმა რა ესე სათნოებანი პაჶნოტის, ამბორს უყო თავსა მისსა და ჰრქუა: „გაკურთხენ შენ უფალმან ღმერთმან სიონით გამო და იხილნე კეთილნი იერუსალიმისანი“[ფს. 127,5], ერთიცა არა დაგიშთა შენ, შვილო, კეთილთა საქმეთაგან, რომელნი მოგანიჭნა შენ უფალმან. მოგეცინ სიბრძნე და მეცნიერება, ნუღარა ჰყოვნი, რამეთუ მე გამომიცხადა ღმერთმან შენთვის; აღიღე ჯვარი ქრისტესი და შეუდეგ მას“.
ხოლო ვითარცა ესმა ესე მას, მეყსეულად დაუტევა ყოველივე და არავის თვისსა მიუთხრა და შეუდგა პაჶნოტის. და მიეახლნენ რა იგინი მდინარესა მას დიდსა, არა იპოვა ნავი და ჰრქუა პაჶნოტი: „ვილოცოთ, შვილო, და განვიდეთ მადლითა ღმრთისათა“. და ჰყვეს ლოცვაჲ და იწყეს განსლვად, ვიდრე კოჭადმდე შემოადგა მათ წყალი იგი დიდი. და ვითარცა მივიდენ ტალავარსა, შემოსა მას სახე ანგელოსებრივისა მოქალაქობისა და მარტოებით დაეყუდა მარადის დიდებისმეტყველებასა შინა ღმრთისასა. და მცირედთა დღეთა შემდგომად პაჶნოტი ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს მისთვის. და იხილა სული მისი ანგელოსთა მიერ აღყვანებული ზეცად და უგალობდენ ღმერთსა მეტყველნი: „ნეტარ არიან, რომელნი გამოირჩიენ და შეიწყალენ, უფალო, რათა დაიმკვიდრონ ეზოთა შინა შენთა“[ფს. 64,5]. და კვალად მართალნი უგალობდენ და იტყოდენ: „მრავალ არიან მშვიდობა მოყვარეთა სახელისა შენისათა, უფალო“[ფს. 118,132; 118,165].
ესერა იხილა პაჶნოტი, გულისჴმა ჰყო, ვითარმედ: კაცი იგი მიიცვალების ღმრთისა მიმართ და მსწრაფლ მივიდა ქვაბსა მისსა და იხილა აღსრულებული. და განკვირვებული ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 

 

 

თხრობა პთ [89]
ამონისათვის ნიტრიელისა

მოგვითხრობდეს, ვითარმედ: ესე ამონ დაშთა მშობელთა თვისთაგან ობლად. და იქმნა რა იგი წლისა ოცდაორისა, აიძულებდა მას მამის ძმა მისი, რათა იქორწინოს, ხოლო იგი ვერ წინააღუდგებოდა ბრძანებასა მისსა; ამისთვის თავს იდვა დადგმად გვირგვინი და წესი ქორწინებისა. და ვითარცა შევიდეს მარტონი საწოლსა მათსა, ჰრქუა მეუღლესა თვისსა: „მოვედ, დაო ჩემო და დედოფალო, რათა მიგითხრა საქმე, რომელი მეგულების თხრობად შენდა, რამეთუ ქორწინებასა ამას, რომელსა ჰხედავ, ესე არს სრული სიხარული და სხუა უმეტესი შესაძინელი არარაჲ აქუს. კეთილ არს უკუჱ ჩვენდა ამიერითგან, რათა თვითოეული თვისსაგან ვიყვნეთ და სიწმიდით დავიცვათ ქალწულება ჩვენი, შეუხებელად, რათა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა სათნო ვეყვნეთ“. ესერა სთქუა, გამოიღო უბისაგან თვისისა წიგნი, რომელსა შინა დაეწერნეს სიტყვანი წმიდისა სახარებისანი, რომელი ჰრქუა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა ქორწინებისათვის და ქალწულებისა და წარუკითხნა იგინი ქალსა მას. ვინათგან იყო იგი გამოუცდელ, წერილისა ძალსა სიტყვათასა განუმარტებდა მადლითა ღმრთივმოცემულითა მისდა სიბრძნისათა. და ყოვლითურთ მოსწრაფე იყო, რათა განამტკიცოს იგი ქალწულებით და სიწმიდით მოქალაქობად, ვიდრემდის გულსავსე იქმნა მადლითა ქრისტესითა ნეტარი იგი ქალი. და ჰრქუა მას: „გრწმენინ, უფალო ჩემო, რამეთუ ვიდრე მოაქამდე სიწმიდით წარმოვლენ დღენი ჩემნი და ამიერითგან ვითარცა ბრძანო, ეგრეთცა ვჰყო“. ხოლო მან ჰრქუა: „ამას გევედრები, დაო ჩემო, რათა თვითოეული ჩვენი თვისაგან ვიყოფოდეთ“. ესე უკუჱ არა თავს იდვა ქალმან მან, არამედ ჰრქუა: „ამასვე სახლსა შინა ვიყვნეთ, უფალო ჩემო, თვითოეული თვისსა ცხედარსა”.
და ესრეთ დაჰყვეს სახლსა მას შინა წელი ათრვამეტი, ესევითარითა სახითა. რამეთუ დღე ყოველ წარვიდის სანატრელი ამონ საქმედ ბოსტნისა და ვენახისა, დაშვრებინ იგი ვიდრე მიმწუხრამდე მრავლითა ღვაწლითა და მიმწუხრი მივიდის სახლად და ერთბამად მიიღიან საზრდელი. და აღასრულიან ლოცვანი ღამისანი და გალობა ცისკრისა. და განთენდის რა, კვალად წარვიდის თვისსავე საქმესა. ამას ესევითარსა მოქალაქობასა შინა, სიწმიდით და ქალწულებით ცხონდებოდეს.
ხოლო ლოცვითა წმიდისა ამონისათა წარემატა მოღვაწებითა და სათნოებითა ღირსი იგი დედაკაცი და ჰრქუა ესრეთ: „მაქუს რაჲმე სიტყვად შენდა, უფალო ჩემო, და უკეთუ მისმინო, მაშინღა უწყი, ვითარმედ: ღმრთისა მიერ გიყვარ მე“. ხოლო მან ჰრქუა: „სთქუ რაჲცა გნებავს, დედოფალო ჩემო“. და ნეტარმან მან მიუგო: „ვინათგან ხარ შენ მამაკაცი, უფალო ჩემო, ღმრთისმსახური და ჭეშმარიტებისა მოღვაწე, რომლისა სახედ და ბაძვად მეცა შემოდგომილ ვარ. ხოლო აწ ჯერ არს შენდა, რათა ამიერითგან თვისაგან იყოფოდე და მრავალთა სარგებელ ექმნებოდე, რამეთუ უჯერო არს ჩემ ძლით დაფარვაჲ შენისა მაგის სიბრძნისა და სათნოებისა“.
ესერა ესმა ნეტარსა ამონს, პირველად მადლი შესწირა ღმერთსა და ფრიად ემადრიელა მასცა. და ჰრქუა: „კეთილად ინებე ესე, დედოფალო და დაო ჩემო, გაქუნდინ შენ სახლი ესე, ხოლო მე წარვიდე და ვიშენო თავისა ჩემისა სხუა სახლი“.
გამოვიდა მიერ და წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა მთასა ნიტრიისასა, რამეთუ არღა შენებულ იყვნეს მუნ ჯერეთ მონასტერნი. პირველად მან აღაშენა სენაკნი ორნი კამარედად, რომელთა შინა დაჰყვნა მრავლითა მოღვაწებითა წელნი ოცდაორნი. ესრეთ უკუჱ მოღვაწებითა თავსა სათნოებათასა აღვიდა და მონაზონებისა მოქალაქობასა შინა წარმატებული განბრწყინდა და წინამძღვარ მრავალთა სულთა იქმნა.
ხოლო ნიშითა და სასწაულითა განათლებულმან ამონ ინება ოდესმე განსლვა მდინარესა, რომელსა ეწოდების მგელ და თანა ჰყვანდა თეოდორე, მოწაფე მისი. და ეკრძალვოდა მოწაფესა თვისსა განშიშვლებად. და ილოცა გონებითა ღმრთისა მიმართ და მეყსეულად ანგელოსმან უფლისამან აღიტაცა ღირსი იგი და იმიერ კიდესა მდინარისასა იპოვა თვინიერ ყოვლისა ჭირისა.
ესრეთ სასწაულთა მოქმედი და სრულსა საზომსა სათნოებათასა აღსრული, და ჰასაკსა სამეოცდაორისა წლისა ჟამთა მიწევნულმან, ყოვლადგანწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა და დაიძინა ძილი იგი მართალთა მშვიდობით უფლისა მიერ. ხოლო ყოვლადსანატრელმან დიდმან ანტონი იხილა სული ამის ნეტარისა ანგელოსთა მიერ ღაღადებითა და დიდითა ბრწყინვალებითა აღყვანებული ზეცად და ზეცისა სავანეთა განწესებული ადიდებს სახიერებასა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ჟ [90]
ორთა ძმათათვის კეთილმოსურნეთა

მოგვითხრობდა მამა მაკარი და იტყოდა, ვითარმედ: „ვსჯედ რა სენაკსა ჩემსა სკიტეს, მოვიდენ ორნი ძმანი ჭაბუკნი უცხონი, ერთი წვეროსანი და მეორე უწვერო. და იკითხვიდენ მეტყველნი: „სადა არს ტალავარი მამისა მაკარისა?“ ხოლო მე ვარქუ მათ: „რაჲ გნებავსთ, ძმანო, მისთანა?“ და მათ მრქუჱს: „გვესმა, მამაო, კეთილი ცხოვრება სკიტელთა და მოვედით ხილვად მისსა“. ხოლო მე ვარქუ: „მე ვარ, შვილნო“. და მათ თაყვანის მცეს მიწადმდე მეტყველთა: „გვნებავს აქა ყოფაჲ, პატიოსანო მამაო“. ხოლო მე ვიხილენ იგინი, რამეთუ ჭაბუკ იყვნეს და დიდებულთა შვილნი და ვარქუ: „არა ძალგიძსთ აქა ყოფაჲ, შვილნო“. და მომიგო უხუცესმან: „უკეთუ არა გნებავს, მამაო, აქა ყოფა ჩვენი, წარვიდეთ სხუაგან“. ხოლო მე განვიზრახე გონებასა ჩემსა, რად დავაბრკოლნე ესენი, არამედ მივსცე ამათ კანონად საქმე შრომისა. და უკეთუ ვერ უძლონ, თვით ნებსით ივლტოდენ. და ვარქუ მათ: „მოვედით, შვილნო და იშენეთ თავისა თქვენისა სადგურნი“. და მეტყოდეს იგინი: „გვიჩვენე ჩვენ, მამაო, ადგილი და ეგრეთ ვჰყოთ“. ხოლო მე მივეც მათ წერაქვი და სფირიდითა პაქსიმადი და მარილი, და უჩვენე მათ კლდე ფიცხელი და ვარქუ: „გამოჰკვეთეთ აქა სენაკნი და დასხედით მას შინა“. ხოლო მე ვჰგონებდი, თუ ივლტოდენ ძნელისა მის შრომისაგან. და იგინი მკითხვიდენ მე: „რაჲსა იქმან, მამაო, მონაზონნი?“ და მე ვარქუ: „წუნასა კალათისასა“. და მოიღეს წნელი და იწყეს წუნაჲ კალათისა და ვამცენ მათ: „ეგრეთ ჰქმენით, შვილნო, კალათნი და მიუღებდით მეგოდრესა და მოგცემს თქვენ პურსა და წყალსა“ და განვეშორე მიერითგან.
ხოლო მათ მოთმინებითა მრავლითა და გულსმოდგინებითა კეთილითა, რაოდენიცა ვამცენ, ჰყვეს ყოველივე და არღარა მოვიდენ ჩემდა ხილვად სამ წელ და განვიზრახე თავსა შორის ჩემსა, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელ არღარა მოვიდენ ძმანი იგი ხილვად ჩემდა? რამეთუ რომელნი უშორეს არიან მათგან, იგინი მოვლენ ჩემდა და ესენი – არა, გარნა ოდენ ეკკლესიად მოვლენ წმიდისა საიდუმლოსა ზიარებად. და ვევედრე ღმერთსა და ვიმარხე მსგეფსი ერთი, რათა მიჩვენოს მე ღმერთმან საქმე მათი. და შემდგომად კვირიაკისა წარვედ ხილვად მათდა და ურეკე კარსა და ვჰყავთ ლოცვაჲ და დავსხედით დუმილით. ხოლო წამუყვნა უხუცესმან უმრწემესსა განსლვად და თვით იწყო წვნაჲ კალათისა და არარაჲსა იტყოდა. ხოლო მეცხრესა ჟამსა აუწყა რეკისა მიერ და შემოვიდა უმრწემესი და განემზადა მცირე ჭამადი. მოიღო და დააგო ტრაპეზი და დასდუა სამი მცირე ნაჭერი პური და წყალი და თვით დასდგა მდუმრიად. ხოლო მე ვარქუ: „მოვედით, შვილნო, ვისეროთ და ვსჭამოთ სიყვარული“. ვსჭამეთ და მადლობა შევსწირეთ ღმერთსა თაყვანისცემით.
ხოლო ოდეს იქმნა მწუხრი, მეტყოდეს: „წარხუალაა ამიერ, ღმერთშემოსილო მამაო?“ ხოლო მე ვარქუ: „არა, არამედ აქა განვისვენო ღამესა ამას, ღმრთივსულიერნო ძმანო“. და დამიგეს მე ჭილობი ერთი და თვით ორთავე დაიგეს მეორე. და შეისხნეს სარტყელნი და დაწვეს ჭილობსა მას ზედა. ხოლო მე ვევედრებოდი ღმერთსა, რათა გამომიცხადოს საქმე მათი. და მეყსეულად განეხუნეს სართულნი სახლისანი და იყო განათლებულ სახლი იგი ყოვლადვე. ხოლო იგინი ვერა ხედვიდეს ნათელსა მას და ჰგონებდეს ჩემსა, თუ მძინავს. აღსდგა უხუცესი და ჰსცა თითითა გვერდსა უმრწემესისასა და აღადგინა იგიცა. და შეირტყეს წელნი და აღიპყრნეს ჴელნი ცად მიმართ და ილოცვიდეს დუმილით. და ვიხილენ ეშმაკნი მოსრულნი, ვითარცა ბუზნი უმრწემესსა მას ზედა: რომელთამე ენება დასხდომა პირსა მისსა, და რომელთამე თუალთა და ყურთა. და კვალად ვიხილე ანგელოსი ღმრთისა, რომელსა აქუნდა მახვილი ცეცხლისა. შეზღუდვიდა მას და განსდევნიდა მისგან ეშმაკთა. ხოლო უხუცესისა მიმართ ვერ იკადრებდენ მიახლებად ეშმაკნი და აღვიდოდა ლოცვა მათი წინაშე უფლისა. ხოლო განთიადისა ჟამსა კვალად დაწვნენ და მე ვჰყავ, ვითარცა რა განღვიძებაჲ. და მრქუა მე უხუცესმან: „გნებავსაა, ყოვლადპატიოსანო მამაო, რათა წარვსთქუათ ფსალმუნი მეოცე?“ და ვარქუ: „მნებავს, ძმანო სულიერნო“. და მეყსეულად იწყო უმრწემესმან: „უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე“, ვიდრე მეექვსე მუხლადმდე. და თვითოეულისა მუხლისა წართქმასა გამოხდებოდა ალი ცეცხლისა პირისაგან მისისა და აღვიდოდა ზეცად. ეგრეთვე უხუცესიცა შემდგომთა მუხლისა იტყოდა, რამეთუ: „მეფე ესავს უფალსა“ და შემდგომი ამისი. და აღაღებდა რა პირსა გალობად, აღვიდოდა ლოცვა მისი, ვითარცა ალი ცეცხლისა ცად მიმართ, ხოლო მე ვსცან, ვითარმედ: უხუცესი სრულსა საზომსა მიწევნულ იყო და უმრწემესსა კვალად ებრძოდეს ეშმაკნი. და ვითარცა აღასრულეს ლოცვაჲ, ვარქუ მათ: „ილოცეთ ჩემთვისცა, საყვარელნო ძმანო“. და მათ თაყვანის მცეს მიწადმდე დუმილით და მე წარვედ მმადლობელი ღმრთისა. და მცირედთა დღეთა შინა აღესრულა უხუცესი იგი და შემდგომად სამისა დღისა უმრწემესიცა მიიცვალა საუკუნოდ ცხოვრებად. ანგელოსისა წინამძღვრებითა ერთ სავანეობად მისრულნი ადიდებენ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

 

თხრობა ჟა [91]
ორთა ძმათათვის სხვითა და სხვითა სახითა
სათნომყოფელთა ღმრთისათა

იყო ვინმე კაცი ფრიად დიდებული და ესხნეს ორნი ძენი: ერთისა სახელი პაისიოს და მეორისა ისაია. შემდგომად სიკუდილისა მამისა მათისა, განიყვეს ყოველი სიმდიდრე მისი. განიზრახეს და სთქუჱს ურთიერთას, ვითარმედ: „ვითარსა მოქალაქობასა შეუდგეთ, ჵ, ძმაო საყვარელო, უკეთუ ვიქმნეთ ვაჭარ, ვითარცა მამა ჩვენი და ჩვენცა მისებრვე დატევებაჲ თანაგვაძს ნაშრომთა და მონაგებთა ჩვენთა. და ამას თანა განსაცდელიცა სოფლისა მრავალი წინა გვიძს. არამედ მოვედ, ძმაო საყვარელო, მონაზონებისა წესსა მოუხდეთ და სათნო ვეყვნეთ ღმერთსა, რათა მამასაცა ჩვენსა სულიერად სარგებელ ვეყვნეთ და სულნიცა ჩვენნი არავე წარვწყმიდოთ“.
ესერა ესრეთ განიზრახეს კეთილად, ორნივე მონაზონ იქმნნეს, გარნა სხვითა და სხვითა სახითა სათნო ეყვნეს ღმერთსა, რამეთუ პირველმან ძმამან ყოველივე იგი სიმდიდრე განაბნია და მისცა გლახაკთა, მონასტერთა, ეკკლესიათა და საპყრობილეთა. და თვით ჴელთსაქმარი ისწავა და მით მოირეწდა საზრდელსა და ესრეთ მოღვაწებასა და ლოცვასა მოსწრაფე იყო მარადის.
ხოლო მეორემან ყოვლადვე არარაჲ განაბნივა სიმდიდრისაგან მისისა, არამედ აღაშენა მონასტერი და შეკრიბნა ძმანი მწირველნი. ყოველთა უცხოთა შეიწყნარებდა, ყოველთა უძლურთა ჰმსახურებდა, ყოველთა მაშვრალთა განუსვენებდა, ყოველთა გლახაკთა ისტუმრებდა, შაბათსა და კვირიაკესა სამსა, გინა ოთხსა ტრაპეზსა განმზადებდა და ყოველთა ნაკლულევანთა ნუგეშინის ჰსცემდა. და ესრეთ წარვლო ცხოვრება თვისი.
ხოლო ესე ორნივე სანატრელნი რაჟამს აღესრულნეს პატიოსნად, ღირსებით და სიწმიდით, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს. 115,6). და თითოსახე ნეტარება მიეცემოდა მათ ძმათა მიერ, ვითარცა ორნივე სრულსა საზომსა სათნოებათასა მიწევნილთა. რამეთუ რომელთამე სათნო უჩნდათ, პირველი იგი, რომელმან თავისა თვისისა ოდენ ცხოვნება იზრუნა და ყოველივე დაუტევა. ხოლო რომელთამე მეორე იგი უზესთაეს უჩნდათ, რომელი ყოველთავე ზოგად მოურნე იყო და ესრეთ ცილობდენ ურთიერთას სათნოებათა სიყვარულისათვის.
ამის ჯერისათვის წარვიდეს ნეტარისა პამბო განშორებულისა მიმართ, განუცხადეს და ჰკითხვიდეს უზესთაესობასა მოქალაქობისა მათისასა და ეტყოდეს: „გევედრებით, ღმერთშემოსილო მამაო, ღირს გვყვენ ამის პასუხსა მადლითა შენ შორის დამკვიდრებულისათა“. ხოლო მან ჰრქუა: „ორნივე იგი სათნონი არიან წინაშე უფლისა, შვილნო, რამეთუ ერთმან მოიგო წინასწარმეტყველისა ილიასი შური ღმრთისა სათნოყოფისა და თავს იდვა მოღვაწებაჲ, ხოლო მეორემან აბრაჰამისი აღასრულა ყოველთა შეწყნარებაჲ“.
კვალად იგინი ევედრებოდეს და ეტყოდეს: „მამაო წმიდაო, მისთვის ვიტყვით, რომელმან სიტყვისაებრ წმიდისა სახარებისა, ყოველივე გლახაკთა განუყო და აღიღო ჯვარი და შეუდგა ქრისტესა“. ხოლო სხუანი კვალად იტყოდეს მისთვის: „გევედრებით, პატიოსანო მამაო, რომელმან მსგავსად ქრისტესა ყოველთა ჰმსახურა, ვითარცა ჰბრძანებს: „არა მოვედ, რათამცა ვიმსახურო ვისგანმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28].
მიუგო მათ წმიდამან პამბო და ჰრქუა: „გეტყვი თქვენ, შვილნო, ორნივე იგი სწორ არიან წინაშე ღმრთისა და თვითოეულნი თქვენნი გულსავსე იქმენით, რამეთუ ერთმან მან ტკბილი იგი უღელი ქრისტესი იტვირთა და მის მიერ განსვენება მიიღო, ხოლო მეორე იგი ყოველთა მსახურებითა ქრისტეს მობაძავ იქმნა და სასყიდელი ჰპოვა. გარნა მგებდით მცირედ, რათა ამის პირისათვის გამოცხადება ღმრთისა მიერ მოვიღო და შემდგომად მცირედისა მოვედით და გაუწყო თქვენ“. ხოლო წარვიდენ ძმანი იგი და შემდგომად მცირედისა მივიდენ და ევედრებოდენ. მიუგო წმიდამან ღმრთისამან და ჰრქუა, ვითარმედ: „მიჩვენა მე ღმერთმან, შვილნო, ორნივე იგი ერთბამად იქცეოდეს შორის სამოთხისა გვირგვინოსანნი მადიდებელნი ღმრთისა“. მაშინ გულსავსე იქმნეს ძმანი იგი და მადლობდეს წმიდასა მას და ადიდებდეს კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 


თხრობა ჟბ [92]
რათა არა კეთილისა საქმისათვის ვზუაობდეთ

იყო ვინმე მესვეტე ედესიას და მივიდა მისსა თეოდოსი, ეპისკოპოსი მის ქალაქისა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „მამაო წმიდაო, გევედრები, მომითხარ მე ღმრთისათვის, თუ რაოდენნი წელნი არიან, ვინათგან იყოფი სვეტსა ამას და რაჲ არს მიზეზი შენისა აქა მოსლვისა და დაყუდებისა? ნუ დაფარავ ჩემგან სარგებელისათვის სულისა“. ხოლო ბერმან მან წმიდამან სიღრმით გულისათ სულთ ითქუნა და მოცულ იქმნა ცრემლთაგან და ჰრქუა: „შიშისათვის უფლისა მოგითხრა, მეუფეო წმიდაო, გარნა გევედრები ნუვის განუცხადებ, ვიდრე ცხოვრებისა ამისგან განმიტევებდეს მე უფალი. მე სიყრმითგან უარ ვჰყავ სოფელი უხუცესისა ძმისა ჩემისა თანა. და მონასტერსა შინა სამ წელ ვმსახურებდით ძმათა და გვსუროდა დაყუდებაჲ განზრახვითა და მორჩილებითა სულიერისა მამისა ჩვენისათა. განვედით უშინაგანესსა უდაბნოსა და ვჰპოვეთ თავისა ჩვენისათვის ქვაბი და მუნ დავეყუდენით და მხლითა ვიზარდებოდით. ხოლო შაბათ-კვირიაკეთა ერთად ვილოცევდით და ერთად ვსჭამდით მხალსა. და კვალად თვის თვისად ვიყვენით ხუთთა დღეთა და ანგელოსი ღმრთისა იყო ნუგეშინისმცემელ ჩვენდა.
ხოლო დღესა ერთსა ძმა ჩემი ვიდოდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან და შეიკრებდა მხალსა და ვხედევდი მე – და მეყსა შინა აღხლდნა და ჯვარი გამოისახა და მსწრაფლ ივლტოდა. ხოლო მე განკვირვებულ ვიქმენ ფრიად და წარვედ მას ადგილსა ხილვად, თუ რაჲ ბოროტი იხილა ძმამან ჩემმან, რომელ ესრეთ ფიცხლად ივლტოდა. და ვიხილე ოქრო ფრიადი და ვჰყავ ლოცვაჲ და შევიკრიბე მაზარასა და წარმოვიღე იგი ფრიადითა შრომითა ქვაბსა ჩემსა. და წარვედ ქალაქად და მოვიყიდე სახლი კეთილი და პალატი მტკიცედ მოზღუდვილი, შინაგან მქონებელი კეთილისა წყლისა. და აღვაშენე ეკკლესია შვენიერი და ვჰყავ მონასტერ. შევკრიბენ მონაზონნი ორმეოცნი და ვჰპოვე კაცი სათნო ღმრთისა და დავადგინე წინამძღვრად და განვაწესე უცხოთ შესაწყნარებელი და სნეულთ მომლველი. და მივეც წინამძღვარსა ათასი ოქროჲ და ათასი სხუა განუყავ გლახაკთა. და არარაჲ დავიტევე თავისა ჩემისა და მივეც მშვიდობა წინამძღვარსა და ამბორს უყავ ძმათა და წარვედ უდაბნოდვე ძიებად ძმისა ჩემისა. და მომიხდა გონებისა სიმაღლე, ვითარმედ: ძმამან ჩემმან ჰპოვა სიმდიდრე და ვერ შეუძლო კეთილად განგებაჲ და მე კეთილად განვაგე, და ვადიდებდი თავსა ჩემსა უფროს მისსა. და ვერღარა ვიხილე ძმა ჩემი ქვაბსა თვისსა და შევსწუხენ ფრიად: და აჰა, ანგელოსი იგი, რომელი პირველითგან ჩემ თანა იყო, გულწყრომითა თუალითა მომხედა და მრქუა მე: „რად მაღლოჲ, ჵ, კაცო? გეტყვი შენ, რამეთუ ყოველივე შრომა შენი, რაოდენი ჰქმენ კეთილნი, არცაღა შეესწორების ერთსაცა უკუნ ხლდომასა ძმისა შენისასა. სადა იგი იპოვა ოქროჲ შეგროებული და უკუნ ჰხლდნა, არა ოქროსა უკუნ ჰხლდნა, არამედ ანგაჰარებისა ნახეთქსა, ვითარცა გლახაკი ლაზარე და მსუბუქად მივიდა წიაღთა აბრაჰამისთა. მან ისწრაფა სათნოყოფა ღმრთისა, ხოლო შენ კაცთა. ამისთვის ვერღარა იხილო პირი ძმისა შენისა ყოველსა შინა ცხოვრებასა შენსა; არცა მე მიხილო, ვიდრემდის ცრემლითა მრავლითა და გულითა შემუსრვილითა ევედრო ღმერთსა; მაშინ მიხილო მე და ნუგეშინის იცე“.
ესე მრქუა და უჩინო იქმნა თუალთაგან ჩემთა ანგელოსი იგი. ხოლო ვინათგან ვერღარა ვიხილე ძმა ჩემი, ღაღად ვჰყავ გულითა ლმობიერითა და სულითა დამდაბლებულითა, და მრავლისაგან ტირილისა არა დაშთა ძალი ჩემ თანა, რამეთუ შვიდსა შვიდეულსა ვიგლოვდი უდაბნოსა შინა და ვევედრებოდი წმიდასა ანგელოსსა შეწყალებად ჩემისა სულთქმისა და ტირილისა. და დღესა მეშვიდესა, კვირიაკესა, მოვიდა ჩემდა ჴმაჲ, ვითარმედ: „ჯერ არს შენდა, ჵ, კაცო, წარსლვა ქალაქად, ედესიად და აღსლვა მუნ სვეტსა ზედა, რომელი არს მახლობელ წმიდისა გიორგისა და მუნ შენანებად ზუაობისა, ვიდრემდის მოწყალე გექმნას შენ უფალი“.
ხოლო მე წარმოვედ ტირილით და ორმეოცსა დღესა აქა მოვედ და ამას სვეტსა ზედა აღმოვედ. აწ არს ორმეოცდაათცხრამეტი წელი ჩემისა აქა ყოფისა, ხოლო მეორმეოცდაათესა წელსა მწუხრი შაბათისასა ნათელმან ტკბილმან და საწადელმან განმინათლა გული და განსდევნა ნისლნი ვნებათანი. და ღამე ყოველ მღვიძარე ვიყავ ცრემლითა. და მესამესა ჟამსა კვირიაკისასა იქმნა ჴმაჲ ჩემდა მომართ ანგელოსისა მიერ და მრქუა: „მშვიდობა შენდა და ცხოვრება!“ ხოლო მე ნუგეშინისცემული გულითა, დავარდი ქვე და ვსტიროდი ცრემლითა და ვარქუ: „რად განმაგდე პირისაგან შენისა და განმაშორე ძმისაგან ჩემისა? და აჰა, ვიმყოფები მრავლითა განსაცდელითა მოცული“. ხოლო ანგელოსმან მიპყრა ჴელი, აღმადგინა და მრქუა: „მაღლისა გონებისა შენისათვის, ვინათგან შეურაცხ ჰყავ ძმა შენი, მისთვის განგიშორე პირისაგან ჩემისა, არამედ არა სრულიად დაგიტევე მცველმან შენმან, ვითარცა მიბრძანა მე ღმერთმან. და აწ მიბრძანა მე შენ თანა ყოფაჲ ამას სოფელსა და მერმესაცა მას საუკუნესა. და აჰა, მოგცა შენ ღმერთმან ნიჭი ხილვად მართალთა და ცოდვილთა. ხოლო ცოცხალ არს ძმაცა შენი და მას საუკუნესა იმყოფებოდეთ ერთბამად დიდებასა შინა ღმრთისასა“.
და მიერითგან ვხედავ, წმიდაო მეუფეო, ჩემ თანა ანგელოსსა მას და განსდევნის სულსა უკეთურსა. უკეთუ ვიხილო კაცი მართალი, ვხედავ, რამეთუ გარემოს მისსა არიან ანგელოსნი ბრწყინვალენი და ეშმაკნი შორს მდგომარენი და ვერ შემძლებელნი მიახლებად მისსა. უკეთუ იყოს გლახაკი სიმართლით, უფროს არს მადლი ღმრთისა მის ზედა. და უკეთუ იყოს კაცი მდიდარ და ცოდვილ, ვიხილავ მე მის ზედა ეშმაკთა მწყემსად, ხოლო წმიდასა ანგელოსსა მისსა შორს მდგომარეს და მწუხარესა წარწყმედისა მისისათვის. და უკეთუ ინებონ ეშმაკთა სული კაცისა წარწყმედად, არა აუფლებს მათ ანგელოსი მქონებელი საჭურველისა და განსდევნის მისგან. ხოლო მე, მხილველი ამათი, ვიხარებ მართალთათვის და ვჰგოდებ ცოდვილთათვის და ვევედრები ღმერთსა, რათა მოაქცივნეს ცოდვათაგან. და უმჯობეს იქმნენ სინანულითა, რამეთუ მოელის სახიერი ღმერთი მოქცევასა და სინანულსა ცოდვილთასა და მისცემს შეწყალებასა ცხოვრებისასა, ვიდრემდის აღესრულოს ჟამი ცხოვრებისა მისისა“.
ამას ყოველსა ზრახვიდა წმიდა იგი მესვეტე ბერი ეპისკოპოსისა თანა ღამე ყოველ და ვითარცა განთენა, მხიარულითა გულითა და ბრწყინვალითა პირითა, განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა. და ანგელოსისა წინამძღვრებითა ზეცისა სავანესა მიიწია და ერთ სუფევად ძმისა მისისა თანა ადიდებს ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ჟგ [93]
ვითარმედ ჰშვენის ჩვენდა ყოვლადვე სიმდაბლე

წმიდა და ყოვლადსანატრელი ღმერთშემოსილი მამა ჩვენი მაკარი, რაჟამს მიიცვალებოდა ამიერ სოფლით, მოვიდა მისა მცველი მისი ანგელოსი და ჰრქუა: „აღსდეგ, ჵ, მაკარი, რათა წარვიდეთ საუკუნეთა მათ საყოფელთა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა. აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე, თუ რაოდენი სიმრავლე უჴორცოთა წარმოვლენილ არს წინამავალად შენდა. მე მომეც სული შენი საყვარელი, რომელსა მერწმუნა ღმრთისა მიერ და მებრძანა თანამავალობა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. და აწცა განვარინო ჰაერის მცველთაგან წინააღმდგომთა ძალთა და აღვიყვანო ეგე დიდითა დიდებითა და ყოველთა მეუფესა ქრისტესა ღმერთსა წარუდგინო“. ხოლო სანატრელი იგი მაკარი აღივსო სიხარულითა დიდითა და მიისწრაფდა საყვარელისა თვისისა ღმრთისა და სურვიელ იქმნა განსლვად ჴორცთაგან და მისლვად უფლისა და არცა ერთი მწუხარება და ურვა შეემთხვია მხნესა მას, არამედ ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა. ჴელნი და გონება ზეცად აღიპყრნა და უკანასკნელი ჴმაჲ აღმოუტევა და სთქუა: „ჴელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“[ლკ. 23,46]. ესე სთქუა და განუტევა სული და ზეცისა ძალთა შეიწყნარეს იგი და აღყვანდათ ზეცად დიდებითა დიდითა.
ხოლო ძალნი იგი ეშმაკთანი, მცველნი ჰაერისანი, შორს სდგეს და იტყოდეს: „ჵ, რაბამსა დიდებასა მიემთხვიე, მაკარი, რამეთუ აჰა, განგვერი ჴელთაგან ჩვენთა“. გარნა მაკარი ჯერეთღა სიმდაბლითა, რომლითა ჩვეულ იყო ძლევასა ეშმაკთასა, ჰრქუა: „არა უწყი თუ განვერი, არამედ ჯერეთ მოშიშ ვარ“.
და შემდგომად უმაღლესთა რა აღვიდოდეს, კვალად მუნ მყოფნი ჰაერის მცველნი მასვე სიტყვასა ეტყოდეს, ხოლო სამღთო და საკვირველი მაკარი ეგრეთვე სიმდაბლით მიუგებდა: „არღა განრომილ ვარ, არამედ ჯერეთ მეშინის“. ხოლო რაჟამს მიეახლნეს ბჭეთა ცისათა, კვალად მუნცა ეტყოდეს უბოროტესნი იგი ეშმაკნი მასვე სიტყვასა, და წმიდა იგი კვალადცა უკუნ აქცევდა მითვე სიმდაბლისა ხმევითა. და ვითარცა შინაგან ცათასა შევიდა, სალმობიერად ჴმობდეს უკეთურნი ეშმაკნი, ვითარმედ: „აჰა, განგვერი მაკარი“. მაშინღა კადნიერებით ჰრქუა დიდმან მაკარი: „ჰე, კეთილად განვერი მზაკვარებათა თქვენთა, ბოროტნო, და ნამდვილვე მივიწიე თავისუფლებასა სასუფეველსა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესსა“.
ესრეთ წმიდა იგი და ყოვლადღირსი სული მაკარისა მიიყვანეს წმიდათა მათ ანგელოსთა წინაშე, საყდართა დიდებისა ღმრთისასა. და ადიდებს კაცთმოყვარებასა და სახიერებასა მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 


ღმრთივშვენიერნი თხრობანი სულიერნი
ღირსთა და პატიოსანთა დედათათვის

თხრობა ჟდ [94]
ქალწულისათვის განშორებულისა

მონაზონი ვინმე წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა და იხილა ვინმე კლდესა ზედა მაღალსა მჯდომარე და იწყო ჴმობად მისა, ვითარმედ: „ჩამოვედ, ძმაო, აქა, რათა ვზრახვიდეთ ურთიერთას“. ხოლო მან ჰრქუა: „რაჲ გნებავს, პატიოსანო მამაო, რამეთუ მე დედაკაცი ვარ შიშველი?“ და ჰრქუა მას ბერმან: „მიიღე, სულიერო დედაო, სამოსელი ჩემი, კუნკული და სარტყელი და ეგრეთ შთამოვედ“. ხოლო მან მიიღო, შთაიცუა და შთავიდა, და ჰრქუა ბერმან: „მომითხარ მე ღმრთისათვის, პატიოსანო დედაო, თუ ვინ ხარ შენ წმიდა ეგე?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე ვარ, პატიოსანო მამაო, ასული ათასისთავისა და ინებეს მშობელთა ჩემთა შეუღლება ქმრისა თანა და ქორწილი ჩემი. ხოლო მე განვიზრახე, ვითარმედ: ყოველივე სოფლისა ამის დიდება და შვებაჲ ამაოება არს, და ვივლტოდი ღამე უდაბნოდ და მოვედ კლდესა ამას და არს ჩემისა აქა ყოფისა წელი სამეოცი. ვიდრე დღეინდელად დღედმდე არა მიხილავს კაცი, გარნა დღეს შენ გიხილე და მაქვს სტამნითა წყალი და მეორითა სტამნითა ცერცვი დამბალი. და ყოვლადსახიერი ღმერთი წყალობითა თვისითა დღე ყოველ აღმივსებს მათ და მით ვიზარდები და ვადიდებ ღმრთისა კაცთმოყვარებასა“. და მიართუა ბერსა ცერცვისა მისგან და წყლისა. და ენება აღსლვად თვისსავე საყოფელსა და მიცემად სამოსლისა, ხოლო ბერმან ჰრქუა: „გევედრები, წმიდაო დედაო, რათა ესე გაქუნდეს თავისა შენისა”. და მან არა ინება იგი სამოსელი, არამედ ჰრქუა: „წარვედ, ღმრთივსულიერო მამაო, და მომიღე სხუა სამოსელი და კუნკული და სარტყელი და მსწრაფლ მოვედ ჩემდა“.
ხოლო ბერი იგი წარვიდა და მოიღო სახმარნი, და მსწრაფლ მოვიდა და იწყო ჴმობად და სიტყვად. და არღარა იყო ჴმაჲ, არცა სმენა, არამედ ლოდი დიდი მიგორვებულ იყო პირსა ზედა ქვაბისა მისისასა, და მხეცნი ველურნი იღრჭენდეს კბილთა ბერსა ზედა. და ბერმან ჰყო ლოცვაჲ და განეშორნეს მხეცნი იგი. და გარდამოაგორვა ლოდი და შევიდა ქვაბსა მას შინა და ჰპოვა იგი აღსრულებული. და შემოსა იგი სამოსლითა, კუნკულითა და სარტყლითა და დასდვა ქვაბსა მას შინა და ჰყო ლოცვაჲ და ამბორს უყოფდა წმიდასა მას.
ხოლო იყო ბერი იგი ერთითა თუალითა ბრმა სიყრმითგან და ვითარცა ამბორს უყო და შეემთხვია გუამსა მას სანატრელსა, აღეხილა თუალი ბერსა. და ადიდებდა ღმერთსა, რომელმან მოსცა მას ესევითარი მადლი მოთმინებისა. და კვალად ჰყო ლოცვაჲ და მიაგორვა ლოდი იგი პირსა მის ქვაბისასა და წარვიდა მადიდებელი ღმრთისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ჟე [95]
სხვათა სულთა ზრუნვისათვის

იყო ვინმე ქალი ქალწული იერუსალიმს, კეთილკრძალული და მოშიში ღმრთისა, სახელით მასთრიდია და ღმრთისა მიმართ ფრიად მოსწრაფე სათნოებითა.
ხოლო შურითა ბოროტისა ეშმაკისათა ჭაბუკსა ვისმე შეექმნა ქალისა მისთვის გულისთქმა ბოროტი. ხოლო საკვირველმან ქალმან სცნა რა ესე უგუნურება ჭაბუკისა, და რათა არა წარწყმდეს ჭაბუკი იგი, აღიღო ოსპი დამბალი და შთაყარა ქოთანსა შინა და წარვიდა იდუმალ უდაბნოდ. და მიერითგან იქმნა ჭაბუკისა მის გული განსვენებულ.
ხოლო შემდგომად მრავლისა ჟამისა, განგებითა ღმრთისათა, რათა არა დაფარულად დაშთეს კეთილი ცხოვრება მისი, მონაზონმან ვინმე დაფარულთმცნობელმან იხილა იგი უდაბნოსა იორდანისასა მავალი და ჰრქუა მას: „ჵ, დედაო სულიერო, რაჲსა იქმ უდაბნოსა ამას?“ ხოლო მან ჰრქუა: „შემინდევ, მამაო პატიოსანო, რამეთუ შეცთომილ ვარ გზასა, არამედ ჰყავ სიყვარული და მასწავე მე“. ხოლო ბერმან მან ღმრთისა მიერ გულისჴმა ჰყო საქმე მისი და ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, ქალწულო, არა შეცთომილ ხარ შენ და არცა ეძიებ გზასა, არამედ მომითხარ მე ჭეშმარიტი, შვილო, მიზეზი შენისა აქა ქცევისა, თუ რაჲსათვის მოსრულ ხარ?“ მაშინ ჰრქუა ქალმან: „შემინდევ, ღმერთშემოსილო მამაო, რამეთუ ჭაბუკისა ვისმე გონებამან იწყო ჩემ ზედა აღზრზენად მანქანებითა ეშმაკისათა. და მე ვსცან იგი, და მისთვის მოვედ უდაბნოსა ამას, – ვირჩიე აქა სიკუდილი ჩემი, ვიდრე მიზეზითა ჩემითა წარწყმედა სულისა მისისა“. და ჰრქუა მას ბერმან: „რაოდენნი წელნი გქონან, შვილო, უდაბნოსა ამას შინა ყოფასა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ათშვიდმეტნი წელნი არიან, ღმრთივსულიერო მამაო“. ჰრქუა მას ბერმან: „რაჲთა იზარდები, შვილო სულიერო?“ ხოლო მან მოიღო მცირე ჭურჭელი, რომელსა შინა იყო დამბალი ოსპი და ჰრქუა: „ამას, რომელსა ჰხედავ, მამაო პატიოსანო, წარმოვიღე ქალაქით და წყალობა ესევითარი ჰყო კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩემთანა, რომელ ესოდენსა წელსა მქონან ოსპი ესე საჭმელად ჩემდა და არა მოაკლდა მადლითა მისითა. უწყოდენ სიწმიდემან შენმან, მამაო სულიერო, რამეთუ ესრეთ დამიფარა მე, მხევალი შენი, განგებულებამან ღმრთისამან, რომელ ათშვიდმეტსა ამას წელსა არავინ კაცთაგანმან მიხილა, თვინიერ დღეს შენ, წმიდაო ღმრთისაო, მოგავლინა ღმერთმან, რათა დამარხო გვამი ჩემი“. ესერა სთქუა, გამოისახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და მიიცვალა უფლისა მიმართ მშვიდობით. ხოლო ბერმან მან მრავლითა ლმობიერებითა დამარხა წესისაებრ და ადიდებდა ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

თხრობა ჟვ [96]
მოხუცებულისათვის დედისა

ორნი ვინმე დიდთა წმიდათაგანნი ბერნი ვიდოდეს უდაბნოსა მას სკიტისასა და ესმათ ქვაბით კუნესა ვისიმე და სულთქმაჲ. და ძიება ჰყვეს კარი ქვაბისა მის და შერავიდეს, იხილეს დედათაგანი ვინმე, ფრიად მოხუცებული მდებარე და ჰრქუჱს: „ვინა მოხვედ აქა, დედაო პატიოსანო, ანუ ვინ არს, რომელი გმსახურებს შენ უძლურებასა შინა?“ უკვირდათ, რამეთუ ვერარაჲ ჰპოვეს ქვაბსა მას შინა კნინოდენიცა თვინიერ იგი, ოდენ მარტოდ სნეული და ქვეყანად მდებარე.
ხოლო მან ჰრქუა მათ: „მაქვს მე ოცდაათრვამეტი წელი ქვაბსა ამას შინა, წმიდანო მამანო, და კმა ვიყოფ მდელოთა ველისათა და ვმადლობ მეუფესა ჩემსა, იესო ქრისტესა. და არა მიხილავს სხუა კაცი, თვინიერ დღეს თქვენ, ღმერთშემოსილნო, მოგავლინა კაცთმოყვარებით აურაცხელმან ღმერთმან, რათა დამარხნეთ ჴორცნი ჩემნი“. და ესერა სთქუა, სასწაული პატიოსნისა ჯვარისა დაიწერა და დაიძინა ძილი იგი მართალთა. ხოლო წმიდანი იგი ბერნი განკვირვებულნი ჰმადლობდეს ღმრთისა სახიერებასა. და დამარხნეს ჴორცნი კეთილისა მის მოღვაწისანი. და ადიდებდეს ყოვლადძლიერსა ღმერთსა, რომელსა ყოველივე ყოვლადვე ძალუძს და მოსცემს უძლურსა ბუნებასა დედათასა ესევითარსა სიმხნესა და ძალსა, მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 


თხრობა ჟზ [97]
მიცვალებულისა დედისათვის

არს მონასტერი განშორებული იერუსალიმით ორმეოც უტევან, რომელსა ეწოდების სამფსალმუნისა. მონასტრისა მისგან წარვიდეს ორნი მამანი სულიერნი მოლოცვად სინა მთისა. და მოიქცენ რა მუნით, მოგვითხრობდენ მეტყველნი, ვითარმედ: „თაყვანის ვეცით წმიდასა მთასა სინასა და ვითარცა მოვიდოდით, შეგვემთხვია ჩვენ განგებითა ღმრთისათა შეცთომა გზისა და ვიქცეოდით უდაბნოსა შინა, ვითარცა სივრცესა ზედა ზღვისასა მრავალ დღე. ხოლო ერთსა ადგილსა ვიხილეთ ქვაბი მცირე და მივისწრაფეთ მისა. და მივეახლენით რა ქვაბსა, ვიხილეთ მუნ წყარო შვენიერი და გარემო წყაროჲსა მცირე რაჲმე მწვანვილოვანი და კვალი კაცისა. განვჰკვირდით და ვსთქუთ ურთიერთას: „ჭეშმარიტად მონა ღმრთისა არს აქა“. ხოლო შევედით და ვერავინ ვიხილეთ, გარნა გვესმა კუნესა და სულთქმაჲ ვისიმე. და ვითარ უმეტესად გულსმოდგინედ ვეძიებდით, ვჰპოვეთ ადგილი, ვითარცა ბაგაჲ და მწოლარე ვინმე მას შინა. და მივედით მონისა მის ღმრთისა და ვევედრებოდით, რათამცა გურქუა რაჲმე. და ვითარ არარაჲ მოგვიგო, მაშინ მივეახლეთ ცნობად მისა. და იყო გუამი მისი ჯერეთ ტფილ და სული მისი განსრულ ღმრთისა მიმართ. და გულისჴმა ვჰყავთ, ვითარმედ: ოდეს შევედით ქვაბსა და გვესმა სულთქმაჲ, მას ჟამსა ოდენ განუტევა სული და მიიძინა მშვიდობით. და აღვიღეთ გუამი წმიდისა მის ადგილისა მისგან და აღმოვკუჱთეთ ქვაბსა მას შინა და ძველითა სამოსლითა ჩვენითა შევგრაგნეთ იგი. და ვითარცა ვიწყეთ შემურვად, ვიხილეთ, რამეთუ იყო იგი ბუნებით დედაკაცი. და ვჰყავთ ლოცვაჲ და დავმარხეთ იგი მუნვე წესისაებრ და ვადიდებდით საკვირველთმოქმედსა ღმერთსა, რომელმან განგებითა თვისითა მიგვიყვანა დამარხვად მხევლისა მისისა, რომელსა უსხენ მრავალნი ესევითარნი საიდუმლოდ მადიდებელნი მისისა კაცთმოყვარებისანი, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

 

 

თხრობა ჟჱ [98]
სანატრელი და ლმობიერი

საჭურისი ვინმე მკვიდრობდა უშინაგანესსა უდაბნოსა სკიტისასა. ხოლო იყო სენაკი მისი შორს სკიტისაგან, ვითარ ათრვამეტ მილიონ და არავინ იცოდა იგი თვინიერ მამამან დანიილ და მოწაფემან მისმან. რამეთუ დაემცნო მამასა დანიილს მოწაფისა თვისისათვის, რათა შვიდეულსა შინა ერთგზის მიართმიდეს ჭურჭლითა წყალსა და დასდგმიდეს გარე სენაკისა დუმილით და აცნობებდეს მას რეკისა მიერ. და ესრეთ განეშორებოდეს ყოვლადვე არარაჲსა მეტყველი სიტყვისა. ხოლო ესეცა ემცნო ბერსა მოწაფისადა, რათა ოდესცა ჰპოვოს კეცი დაწერილი, მოართვას მას. ესრეთ ჰყოფდა მოწაფე იგი მამისა დანიილისა, ვითარცა განეწესა მისდა მოძღვარსა მისსა.
დღესა ერთსა ჰპოვა კეცი დაწერილი გარე კარსა მის ქვაბისასა მოწაფემან ბერისამან და მოართუა მამასა თვისსა, რომელსა ზედა წერილ იყო ესრეთ: „მამაო დანიილ, მოშვერ ვიდრე ჩემდამდე მარტო და მოწაფეცა შენი და თანა მოიტანე სათხროლი“. და ვითარცა აღმოიკითხა იგი ბერმან, იტირა ტირილითა დიდითა და ჰრქუა მოწაფესა თვისსა: „ეჰა, შვილო, ვითარიღა სვეტი ნათლისა დამიტევებს ჩვენ დღეს“. მერმე ჰრქუა: „აღიღე, შვილო, სათხროლი და შემომიდეგ მე და წარვიდეთ და მივასწრნეთ ბერსა, რათა არა დავაკლდეთ წმიდასა ლოცვასა მისსა, რამეთუ წარვალს იგი უფლისა“. იტირეს ორთავე ფრიად და წარვიდეს. და ჰპოვეს იგი ნეტარი მხურვალებითა ფიცხელითა შეპყრობილი. და დააგდო ბერმან თავი თვისი მის წინაშე და იტირა ფრიად და ჰრქუა: „ნეტარ ხარ შენ, რამეთუ მარადის ჟამისა ამისათვის იურვოდი და ზრუნევდი; და შეურაცხ ჰყავ სამეფო ქვეყანა და დაუტევენ ყოველნი კაცნი და ყოველივე დიდება მსოფლიო“.
ჰრქუა მას საჭურისმან მან: „ნეტარ ხარ შენ, ახალო აბრაჰამ, უცხოთ შემწყნარებელო, ქრისტესო, რამეთუ მრავალთა დაფარულთა მონათა შეიწირავს უფალი ჴელთაგან შენთა“. ჰრქუა მას მამამან დანიილ: „ჰყავ სიყვარული მამაო და ილოცე ჩემთვის“. ჰრქუა მას საჭურისმან: „მე მრავალთა ლოცვანი მიხმან აწ ჟამსა ამას, მამაო პატიოსანო“. ჰრქუა მას ბერმან: „უკეთუმცა მე უწინარეს შენსა წარვიდოდე, წმიდაო ღმრთისაო, მემცა ლოცვა ვჰყავ შენთვის“.
მაშინ წარმოსჯდა ჭილობსა ზედა საჭურისი იგი, უპყრა თავსა ბერისასა, ამბორს უყოფდა და ეტყოდა: „ღმერთმან, რომელმან მომიყვანა მე ადგილსა ამას, მან სახიერმან სრულ ჰყავნ სიბერესა ზედა შენსა, რა იგი სრულ ჰყო აბრაჰამსა ზედა“. და მოიყვანა ბერმან მოწაფეცა თვისი და დააგდო ფერჴთა თანა მის ნეტარისათა და ჰრქუა მას: „აკურთხე, მამაო წმიდაო, შვილიცა ესე ჩემი, აკურთხე“. ხოლო მან ნეტარმან აღადგინა იგი, ამბორს უყო და ჰრქუა: „ღმერთმან, რომელი აწ ესერა მდგომარე არს ჩემ ზედა, განყვანებად სულისა ჩემისა ჴორცთაგან, მან უწყის, თუ რაოდენი ბიჯი წარმოუდგამს ძმასა ამას წმიდისა სახელისა მისისათვის და მოსრულ არს სენაკად მწირობისა ჩემისა. მანვე სახიერმან ტკბილმან და კაცთმოყვარემან განსვენებულ ჰყოს სული მამისა თვისისა მაგას ზედა, ვითარცა ილიასი ელისეს ზედა“.
მერმე ჰრქუა საჭურისმან ბერსა: „მცნებისათვის უფლისა, ნუ განმძრცვით მე, რა ესე მმოსიეს, წმიდანო მამანო, არამედ ვითარ ესე ვარ, ესრეთვე წარმგზავნეთ უფლისა და მიეცით მიწაჲ მიწასა“. კვალად ჰრქუა ბერსა: „მომგუარეთ მე წმიდა იგი საიდუმლო, რათა ვეზიარო“. და ვითარცა ეზიარა ღირსი იგი წმიდასა მას საიდუმლოსა, ჰრქუა მათ: „მომეცით მე უკანასკნელი ამბორი იგი ქრისტესმიერისა სიყვარულისა, ღმრთივსულიერნო მამანო, და ლოცვა ჰყავთ ჩემთვის“.
და მიხედნა მარჯვენით კერძო და ჰსთქუა: „კეთილად მოხვედით, წმიდანო ანგელოსნო“. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა ლამპარი ნათლისა. და დაიწერა პირსა პატიოსანი ჯვარი და სთქუა: „ჴელთა შენთა, ღმერთო ჩემო, შევვედრებ სულსა ჩემსა“[ლკ. 23,46]. და ესრეთ მისცა ყოვლადგანწმედილი სული თვისი უფალსა.
ხოლო იტირეს ორთავე ზოგად ფრიად და აღმოთხარეს წინაშე კარსა ქვაბისასა საფლავი. და განიძარცვა ბერმან სამოსელი თვისი და ჰრქუა მოწაფესა: „შემოსე ესეცა, შვილო, ზედა კერძო სამოსელსა მისსა. ხოლო ემოსა მას შინაგან ჭილობი, თხზული ბაიათაგან და გარეგან ძაძაჲ. და ვითარცა ჰმოსდა მას ძმა იგი, მიხედნა და იხილნა, რამეთუ ძუძუნი მისნი იყვნეს ვითარცა დედაკაცისანი, რომელნი მსგავსად ორთა ფურცელთა გამხმარ იყვნეს, გარნა სდუმნა და არარაჲ სთქუა.
და ვითარცა დაფლეს და ჰყვეს ლოცვაჲ, ჰრქუა ბერმან მოწაფესა თვისსა: „დავხსნათ, შვილო, დღეს მარხვაჲ და ვჰყოთ სიყვარული საფლავსა ზედა ბერისასა“. და ჰპოვეს მცირე პაქსიმადი, ისერეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, მიზეზსა ყოველთა კეთილთასა. და აღიღეს ჴელთსაქმარი მისი სფირიდი და უკმოიქცეს სენაკად თვისსა.
ხოლო ვიდოდეს რა იგინი გზასა ზედა, ჰრქუა ბერსა მოწაფემან: ­„იციაა, მამაო პატიოსანო, რამეთუ საჭურისი იგი დედაკაცი იყო? რამეთუ ვმოსდი რა მას, ვიხილენ ძუძუნი მისნი, ვითარცა ფურცელნი დამჭნარნი, რომელ იყვნეს დედაკაცისანი“. ჰრქუა მას ბერმან: „ჰე, ვიცი, შვილო, რამეთუ დედაკაცი არს და უკეთუ გნებავს, მე გითხრა შენ მისთვის, ისმინე უკუჱ ცხოვრება მისი:
ესე ქალწული იყო პირველთაგანი და თავთა პალატისათა შვილი მშობელთა დიდთა და წარჩინებულთა. და მეფემან იუსტინიანე ინება აღყვანება მისი პალატად, ქმნულკეთილობისათვის მისისა და მრავლისა გონიერებისა. ხოლო ესერა სცნა მაგან ნეტარმან და ღმრთისა სიყვარულითა აღტრფობილმან, დაიმიზდა ნავი ღამით და აღიღო რაჲმე თვისთა საფასეთაგან და ალექსანდრიად მოიწია. და მუნ დაემკვიდრა და მონასტერი შვენიერი აღაშენა. და კვალადცა ენება მეფესა მუნითგან წარყვანება მისი. და სცნა რა ესე, კვალადცა ივლტოდა სრულიად მარტოჲ. და მოვიდა ჩემდა ღამით და მევედრა მე, რათა მივსცე მას სენაკი შორს სკიტისაგან და მითხრა მე ყოველივე წვლილად თავისა თვისისათვის. და მე მივეც მას ქვაბი ესე. და შეიმოსა მან სახე სამამაკაცო და საჭურისი უწოდე მას, რათა არავინ სცნას უწვეროობისათვის მისისა. და აჰა, ესერა დღეს არს ოცდარვა წელი, ვინათგან დაემკვიდრა ამას სენაკსა და არავინ იხილა და არცა ვინ სცნა, თვინიერ დღეს შენ, შვილო. რაოდენნი დიდებულნი, მალემსრბოლნი წარმოგზავნა მეფემან იუსტინიანე ძიებად მაგისა და ვერა ჰპოვეს ეგე, და არა ხოლო თუ მეფემან, არამედ პატრიარხმანცა ალექსანდრიისამან, და თვით სრულიად ყოველმან ალექსანდრიამან ფრიადი ძიება ჰყვეს და ვერსადა უძლეს პოვნად, რამეთუ ღმერთმან დაფარა სათნო თვისი სადიდებელად კაცთმოყვარებისა მისისა.
ჰხედავაა, შვილო ჩემო საყვარელო, თუ ვითარ, რომელნი იგი სუფევათა და დიდებათა შინა სამეფოთა აღზრდილ იყვნეს და ვითარსა მოღვაწებასა და სიგლახაკესა მისცნეს თავნი თვისნი ღმრთისათვის, და ვითარი ძლევა შეიმოსეს გულსმოდგინებითა და ჴორციელი ჭირი მოითმინეს ქრისტეს სიყვარულითა?!
ხოლო ჩვენ, უბადრუკნი, უნდოთა ადგილთა შინა შობილნი, რომელნი ვერცაღა თუ პურითა განვსძღებოდით სოფელსა შინა, მორავედით მონაზონებად, ვიშვებთ და განვისვენებთ, და ერთსაცა სათნოებასა მოგებად ვერ შეუძლებთ.
ვილოცოთ უკუჱ, ვილოცოთ ჩვენცა, საყვარელნო, რათა უფალმან ღმერთმან ღირს გვყვნეს სლვად სარბიელსა მას მართალთასა, რათა წმიდათა თანა მამათა და წმიდისა ანასტასია საჭურისისა თანა, რამეთუ ანასტასია ეწოდებოდა მას ნეტარსა, ჩვენცა ვჰპოვოთ წყალობა დღესა მას დიდსა სასჯელისასა ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

 

თხრობა ჟთ [99]
საკვირველი დედა ძითურთ განშორებულისათვის

მოგვითხრობდა ნეტარი მამა ჩვენი მღუდელმონაზონი მაკარი, ვითარმედ: „წარვიდოდით ოდესმე ჰრომით კოსტანტინუპოლის ნავითა და დავადგერით რომელსამე ჭალაკსა წინააღმდგომთა ქართაგან, უფროსღა განგებითა ღმრთისათა. და ვითარცა ვეგენით მრავალ დღე ჭალაკსა მას, დღესა ერთსა განვედ ნავისაგან და მიმოვიდოდი ჭალაკსა მას შინა. და ვიხილე შორით, ვითარცა აჩრდილი რაჲმე კაცისა შიშველისა. და ვისწრაფე სირბილად და მივეახლე გამოჩინებულსა მას. და მესმა ჴმაჲ ესევითარი: „ჵ, კაცო ღმრთისაო, უკეთუ გნებავს ხილვა ჩემისა უნდოებისა, მომიგდე მე ერთი სამოსელთა შენთაგანი, რამეთუ დედაკაცი ვარ შიშველი“. და ვითარცა მესმა მე სიტყვა ესე, განვიხადე ერთი სამოსელი ჩემი და გარდაუგდე მას. ხოლო მან აღიღო იგი და შეიმოსა და მიიქცა აღმოსავლეთად და მოიდრიკნა მუხლნი და თაყვანის სცა ღმერთსა. და აღიპყრნა ჴელნი ცად მიმართ და დიდითა ჴმითა იტყოდა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისაო, რომელმან გულისა წადილი ორთავე მონათა შენთა აღასრულე და ღირს მყვენ ხილვად მღუდლისა შენისა წმიდისა!“ ამას რა იტყოდა, მოიქცა ჩემდა მომართ და თაყვანის მცა მე და მეცა ეგრეთვე თაყვანის ვეც მას. და დავსხედით და ვეტყოდი მე: „სადათგან ხარ, დედოფალო ჩემო და დედაო სულიერო? და ვითარ მოხვედ აქა და რაოდენი წელი არს მიერითგან, რომელ ჭალაკსა ამას მკვიდრ ხარ?“ ხოლო იგი მომიგებდა მეტყველი: „მე, პატიოსანო მამაო, ელადის ქვეყანისაგან ვარ, ქალაქისა ლარასა, ასული გლახაკთა მშობელისა. რამეთუ მოსწყდეს მშობელნი ჩემნი და დამიტევეს მე ობლად და ღმრთისმოყვარემან ვინმე დიდებულმან წარმიყვანა სახლსა თვისსა და აღმზარდა მე ყოვლითა სწავლითა კეთილითა, ვითარცა თვისი ასული. და მივიწიე სრულსა ჰასაკსა. ხოლო ესვა ქრისტეს მოყვარესა მას კაცსა ძე მხოლოდშობილი და შემაუღლა მე მის თანა და არა უღირს იჩინა სიგლახაკე ჩემი. და ესერა იქმნა, დამამტკიცეს ქორწილითა.
ხოლო თანამონათესავენი და მეგობარნი ქმრისა ჩემისანი აყვედრებდეს მარადის მეტყველნი, ვითარმედ: „რაჲ ესე ჰყო მამამან შენმან შენდა? არა ეძლოაა შოვნად ასული მსგავსი თვისისა სიმდიდრისა?! არამედ ესე გლახაკი და უნდო მოგცა შენ ცოლად“. ხოლო იგი მიუგებდა: „მამამან ჩემმან სათნომან, ღმრთისა კაცმან, ინება ესე და საყვარელ არს ჩემდა, რამეთუ თვით აღზარდა ესე და სთნავს მდიდართა უმჯობესად. ამისთვის არა გამოირჩია სიმდიდრე, არცა კეთილნათესაობაჲ, არამედ კეთილსათნოებისათვის მისისა მომცა ესე ცოლად“. ესრეთ მიუგის ქმარმან ჩემმან მოყვასთა თვისთა. გარნა იგინი არავე განუსვენებდეს, არამედ აყვედრებდეს და ამხილებდეს მარადის. ხოლო მე, ვინათგან ვხედევდი მას, მარადის მეგობართაგან შეურაცხად, ვეტყოდი: „შემინდევ მე ღმრთისათვის, უფალო ჩემო, და განმიტევე, რათა წარვიდე მონასტერსა ქალწულთასა და შენ მოიყვანე მდიდრისა ასული, მსგავსი თავისა შენისა ცოლად“. ხოლო იგი მეტყოდა: „მე მათ არარას ვეკრძალები, არამედ უმჯობეს არს ჩემდა, რომელი სათნო იყო მამამან ჩემმან, კაცმან ღმრთისამან“. ხოლო ამას სიტყვასა მეცა და სხუათაცა ეტყოდა, გარნა იგინი არავე განუსვენებდეს და შეურაცხ ჰყოფდეს მას. ხოლო მე ვხედევდი შეურაცხად ყოველთაგან ქმარსა ჩემსა. და განვიზრახე მე ლტოლვად და ვჰყავცა სასოებითა ღმრთისათა. აღვსდეგ ღამესა ერთსა ყოველთაგან ფარულად და ვივლტოდი მარტო. და მოვედ კიდესა ზღვისასა და ვჰპოვე ნავი, შევედ მას შინა და ღმრთისა წინამძღვრებითა მოვედ ჭალაკსა ამას და ვევედრებოდი ღმერთსა.და მოუძლურებულმან სიყმილითა, ძლით უძლე შეკრება მხლისა გამოზრდად უბადრუკთა ჴორცთა ჩემთა. და აწ ვითარ მიგითხრა შენ, კაცო ღმრთისაო, რომელი იყო ჩემ ზედა, რამეთუ მე არა უწყოდი, თუ მუცელ ქმნულ ვიყავ. გარნა ოდეს იწყო აღორძინება ჰასაკითა ყრმამან მუცელსა ჩემსა, მაშინ ვსცან. და რაჟამს აღესრულნეს ცხრანი თვენი, ვშევ წული და განვხიენ სამოსელი ჩემი და შევხვიე იგი. და ვითარცა ღმერთმან ინება და წყალობა ჰყო, გამოვზარდე. და აწ არს წლისა ოცდაათისა და ჰგიეს ქვაბსა შინა შიშველი და უგალობს ღმერთსა ყოველსა ჟამსა ჩემ თანა და გონება აქვს მარადის ზეცად მიმართ აპყრობილი. და ვევედრებოდი ღმერთსა ყოველსა დღესა შეწყალებად ჩემისა სიმდაბლისა, რათა მომივლინოს მღუდელი და განანათლოს ძე ჩემი წმიდითა ნათლისღებითა. და აჰა, არა უგულებელს ჰყო სახიერმან ღმერთმან ვედრება ჩემ ცოდვილისა და მოგავლინა შენ, სათნო თვისი, აღსრულებად სურვილისა ჩემისა. და აწ გევედრები, პატიოსანო მამაო, წარვედ ნავად და მოიღე სამღუდელო სამკაული და პური შესაწირავისა, რათა ძე ჩემი განანათლო და სამღთო მსახურება აღასრულო, და ღირს გვყვნე პატიოსანსა და ყოვლადწმიდასა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და ამასაცა ვევედრები სიწმიდესა შენსა, პატიოსანო მამაო, რათა არავის მიუთხრა, არცა ერთსა კაცთაგანსა. და მე მოგიცადო ამასვე ადგილსა, ვიდრემდის მოიქცე და ერთბამად მივიდეთ ძისა ჩემისა თანა“.
ესე ყოველი რა მესმა, თაყვანის ვეცით ურთიერთას და წარვედ ნავად. და არარაჲ ვის ვარქუ, არამედ აღვიღე სამღუდელო სამკაული და პური იგი შესაწირავისა. წარვედ და ვჰპოვე იგი მუნვე, სადაცა დაუტევე. და მრქუა მე: „აწ წარვიდეთ, სულიერო მამაო, მონისა შენისა და ძისა ჩემისა მიმართ“. და ვითარცა მივეახლენით, მიხილა მე ძემან მისმან შორით და ნახეთქსა ქვაბისასა მიეფარა. და შევიდა დედა მისი და ჰრქუა მას: „რაჲსა ჰყოფ, ჵ, შვილო, არა გეტყოდია ვედრებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რათა მოგივლინოს შენ მღუდელი და ნათელ გცეს?! და აჰა, საყვარელო, ისმინა ღმერთმან ვედრებისა შენისა და მოგივლინა მღუდელი, სათნო თვისი, რათა აღასრულოს საწადელი შენი, გამოვედ უკუჱ, შვილო, და თაყვანის ეც მოსრულსა შენდა განათლებად“. ხოლო მას რა ესმა ესე, გამოვიდა და თაყვანის მცა მე და მეცა თაყვანის ვეც მას. და მრქუა დედამან მისმან: „უკეთუ სათნო გიჩნდეს, ღმერთშემოსილო მამაო, წარვიდეთ წყალთა მიმართ, რათა განანათლო ესე. და მოვედით წყაროსა ზედა და ყოველი მსახურება წესისაებრ აღვასრულე თანამოქმედებითა ღმრთისათა. და ნათელ ვეც მას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. და შევმოსე მას სამოსელი ახალი და ვჰყავ ლოცვაჲ და აღვასრულე სამღთო წირვისა მსახურებაჲ და ვაზიარენ ორნივე წმიდასა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და შემდგომად აღსრულებისა, ვსჭამეთ მცირე რაჲმე, რომელი მიმეღო და მრქუა მე ნეტარმან მან დედამან: „გევედრები, ღმრთივსულიერო მამაო, უფლისათვის დაითმინე და ნუვის უთხრობ ჩვენთვის, მირახვიდე ნავსა. ხოლო მიხვიდე რა კოსტანტინუპოლეს, უკეთუ გენებოს, მიუთხარ მათ, რომელი უფალმან ღმერთმან გიჩვენა შენ, არამედ ოდენ ამის ჭალაკისა მახლობელად დაიდუმე ჩვენთვის, ნუუკუჱ გვეძიოს ვინმე და გვპოვოს ჩვენ. რამეთუ ოცდაათი წელი არს, არა გვიხილავს ჩვენ კაცი, გარნა შენ მხოლო, და ღმერთმან მოგეცინ სასყიდელი სასუფეველსა თვისსა“.
და ამას რა იტყოდა, თაყვანის მცეს ორთავე და უშინაგანესსა უდაბნოსა ჭალაკისასა განეშორნეს დედა ძითურთ. ხოლო მე უფროს ცრემლითა ლმობიერითა აღვსილმან თაყვანის ვეც საკვირველთმოქმედსა ღმერთსა, რომელმან ღირს მყო მე ხილვად ესევითარნი ზესთა დიდებულნი წმიდანი თვისნი, და უზესთაეს მოგონებისა და განცვიფრებისა ღირსნი, რომელნი მონებენ ყოვლითა გულითა და ადიდებენ ღმერთსა კეთილად დაცვითა სამღთოთა მცნებათა მისთათა. ხოლო მოვიქეც რა ნავად, არავის მიუთხარ. და მყის მოგვეცა ჩვენ ქარი კეთილი და მოვედით კოსტანტინუპოლედ. და მაშინ მიუთხარ ყოველთა; და ადიდებდეს ზესთა საკვირველებასა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე”.

 

 

 

 

 

 

 

 

თხრობა რ [100]
სასურველი წმიდათა სამთა დედათა

მოგვითხრობდა პავლე ეპისკოპოსი, ვითარმედ: „წარვემართე აღმოსავლეთად მოხილვად წმიდათა ადგილთა და მივედ რომელსამე მონასტერსა. და გამოვიდა წინამძღვარი ბერებითურთ მოგებებად ჩემდა და მოვიკითხენით ურთიერთას და დავსხედით კართა ზედა მონასტრისათა. და იყვნეს მუნ ხენი მდგომარენი, რომელთა აქუნდა ნაყოფი და მოვიდეს მფრინველნი დიდნი და მოსტეხდეს რტოთა ხეთაგან ხილითურთ და განვიდოდენ მსწრაფლ. და ვჰკითხევდი წინამძღვარსა, ვითარმედ: „რად არა სჭამენ მფრინველნი ესე, პატიოსანო მამაო, არამედ წარიღებენ რტოთა ნაყოფითურთ?“ ხოლო მან მრქუა: „ესე ათერთმეტი წელი არს, ვითარცა დღეს იხილე, წმიდაო მეუფეო, ესრეთ ჰყოფენ მფრინველნი ესე“. და ვსთქუ მე: „ღმრთისა მიერ განგებით არს ესე და ვჰგონებ, თუ მთასა შინა წმიდანი კაცნი ანუ დედანი იმყოფებიან. და ბრძანებითა ღმრთისათა ესე მფრინველნი მიართმევენ ხილსა ამას მათ წმიდათა“.
ამას რა ვიტყოდი, აჰა, ესერა შემოფრინდა ყორანი, მოსტეხა ხეთაგან რტოჲ ნაყოფიერი და წარიღო. ვარქუ წინამძღვარსა: „მივჰყვეთ უკანა ამისა, წმიდაო მამაო“, და წარვედით. ხოლო ყორანი ფრინვიდა წინაშე ჩვენსა რტოჲთა მით ნაყოფითურთ და აღვიდა ბორცვსა ზედა და დასჯდა და დასდვა რტოცა იგი. ხოლო აღვედით ჩვენცა მთასა მას. და მეყსეულად აღიღო ყორანმან რტო იგი და შთაფრინდა ქვაბსა მას შინა კლდისასა, დაუტევა რტოჲ იგი და გამოვიდა ცარიელი. მივედით ჩვენცა ნაპრალსა ზედა და შთავედით დაბლა და ვეძიებდით.
და აჰა, ღაღად ჰყვეს მუნით გამომეტყველთა, ვითარმედ: „უკეთუ ხართ ქრისტეანენი, ნუ დაგვხოცთ ჩვენ!“ ხოლო ჩვენ ვარქუთ: „ვინანი ხართ თქვენ?“ და გვეტყოდეს იგინი: „უკეთუ გნებავსთ ხილვა ჩვენი, პირველ შთამოგვიგდენით ჩვენ სამნი სამოსელნი, რამეთუ დედანი ვართ შიშველნი; და მერმე მოვედით ძირსა ამის მთისასა და ჰპოვოთ გზაჲ იწრო სავალი და მოხვიდეთ ჩვენდა“.
ესერა გვესმა ჩვენ, მეყსეულად აღიძარცვეს სამთა ბერთა სამოსელი თვისი და შთადვეს ქვაჲ და შთაუტევეს მათდა მიმართ. და ვითარცა მოგვითხრეს, შთავძვერით მთით და ვჰპოვეთ იწრო გზაჲ და ძნიად სავალი; და მივედით მათდა მიმართ, სადაცა იყოფოდენ წმიდანი იგი. და აჰა, სამნი დედანი ვიხილეთ, და მათ თაყვანის გუცეს მიწადმდე. და ვჰყავთ ლოცვაჲ და დავსხედით, ხოლო ერთი მათგანი სჯდა და ორნი იგი წინა უდგეს.
მაშინ ჰრქუა წინამძღვარმან: „სადათგან ხარ, დედოფალო და დედაო ჩემო, და ვითარ მოხვედ აქ?“ ხოლო მან მოუგო და ჰრქუა: „მე, წმიდაო მამაო, კოსტანტინუპოლით ვარ. მესვა ქმარი ჭაბუკი, მხოლოდშობილი ძე მეფისა, და სიჭაბუკესავე თვისსა მიიცვალა. ხოლო მე, პატიოსანო მამაო, და მტირალ ვიყავ ორ თვე ქვრიობისათვის ჩემისა და უშვილოებისა. და შემდგომად რაოდენთამე დღეთა, დიდ შემძლებელსა ვისმე ესმა ჩემთვის და მოავლინნა მონანი თვისნი და ენებათ წარყვანება ჩემი იძულებით, რათამცა მიმათხოვეს ცოლად უფალსა მათსა. ხოლო მე ვევედრე უფალსა ჩემსა, იესო ქრისტესა, რათა მიხსნას მათგან, რომელთა ჰნებავს სულისა და ჴორცთა ჩემთა განხრწნაჲ და მოუწოდე მსახურთა მისთა და ვარქუ: „უფალნო ჩემნო, მეცა მიხარის, უფლისათვის თქვენისა, რამეთუ დიდებულ არს, არამედ არს სნეულება რაჲმე ჩემი ბოროტ, ვიდრემდის განვიკურნო, დრო მეცით მე“.
მაშინ წარვიდეს მისსა სიხარულით და განვიდეს ჩემგან მეტყველნი: „უკეთუ ეგრეთ არს, ორმეოცთა დღედმდეცა დაგითმინოს შენ უფალმან ჩვენმან“. და შემდგომად განსვლისა მათისა, ყოველნი მონანი ჩემნი განვათავისუფლენ და მივეც მათ ოქროჲ. და დავიშთინე ორნი ესე მხევალნი, რომელთა აწ ხედავთ. და სხუა ყოველი მონაგები ჩემი განუყავ გლახაკთა და მოუწოდე ქრისტეს მოყვარესა კაცსა ნათესავისაგან ჩემისა, და ვაფუცე, რათა შემდომად ჩემსა, განსყიდვად აგარაკისა ჩემისა და სახლისა და განყოფად იგიცა გლახაკთა და ვიქმენ უზრუნველ ყოველთათვის ჩემთა სოფელთა. და წარმოვიყვანენ ღამე ორნი ესე მხევალნი ჩემ თანა და აწ სულიერნი დანი ჩემნი. და შევედ ამათითურთ ნავსა და ღმრთისა მიერ წინამძღვრებითა მოვედით აქა, ადგილსა ამას. აჰა, ესერა ათერთმეტი წელი არს, ვინათგან კაცი არა გვიხილავს, გარნა დღეს თქვენ ოდენ გიხილეთ, წმიდანო ღმრთისანო. ხოლო სამოსელნი ჩვენნი შემდგომად წლისა მეორისა დაიპნეს და დაგვცვივნეს“.
მიუგო წინამძღვარმან და ჰრქუა: „სადათ გაქუნდათ, დედოფალო ჩემო, საზრდელი თავისა თვისისა?“. ხოლო მან ჰრქუა: „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, რომელმან გამოზარდა ერი ისრაილთა უდაბნოსა შინა ორმეოც წელ მანანაჲთა, იგივე მეუფე ტკბილი მოგვივლენს ჩვენცა საზრდელსა უღირსთა მხევალთა თვისთა. რამეთუ ყოველთა წელთა მფრინველნი მოგვიღებენ ყოველთაგან ხილთა, – არა ოდენ კმასაყოფელთა ჩვენთა, არამედ გარდამატებულსაცა, ყოვლადღირსო მამაო, ხოლო შიშველ მყოფთა გუფარავს და გვატფობს თვისითა მადლითა, რათა არა ზამთარსა შინა გვეშინოდეს ყინელისაგან და არცა ზაფხულსა შინა სიცხისა, და ვართ მყოფნი, ვითარცა სამოთხესა განსასვენებელსა დაუცხრომელად მადიდებელნი წმიდისა სამებისა“.
ხოლო ჩვენ გვესმოდა რა ესე, დაგვიკვირდებოდა ფრიად. და ჰრქუა მას წინამძღვარმან: „ღმრთივსულიერო დედაო, უკეთუ ინებო, წარვავლინო ბერნი ჩემნი მონასტერსა, რათა მოიღონ საზრდელი და ვსჭამოთ ერთად სიყვარული?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთშემოსილო მამაო, უკეთუ სათნო გიჩნს წყალობაჲ, უბრძანე, რათა მოვიდეს მღუდელიცა და პირველად აღასრულოს სამღთო მსახურებაჲ წირვისა, რათამცა ვეზიარნეთ ყოვლადპატიოსანთა ქრისტეს საიდუმლოთა. რამეთუ ვინათგან გამოსრულ ვართ ქალაქით, არღარა ღირს ქმნულ ვართ მოღებად სიწმიდესა“.
ესმა რა ესე წინამძღვარსა, წარავლინნა ბერნი მონასტერსა, მოიყვანეს მღუდელი და მოიღეს საზრდელიცა. პირველად აღასრულა მღუდელმან სამღთო წირვაჲ და აზიარნა ღირსი იგი სანატრელი დედა და მხევალნი მისნი ყოვლადწმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა. და შემდგომად ამისა ვისადილეთ ყოველთავე ერთბამად მადიდებელთა ღმრთისათა. მაშინ ნეტარმან დედამან ჰრქუა წინამძღვარსა: „ვევედრები სიწმიდესა შენსა, ყოვლადპატიოსანო მამაო, რათა სათნო იყოთ წყალობაჲ და ეგოთ სამ დღე აქა“. და მან აღუთქვა ყოფად მუნ.
ხოლო აღსდგა ყოვლადნეტარი იგი დედაჲ და გულსმოდგინედ ილოცვიდა. და ღმრთისა მიმართ მიიცვალა მასვე დღესა მიმწუხრი. ხოლო ჩვენ მივიღეთ ნეტარი იგი ლმობიერითა ცრემლითა და გალობითა საფლავად და დავმარხეთ იგი პატივით. ხოლო მეორემან დამან აღასრულა ლოცვაჲ ხვალისად და მიიცვალა იგიცა მშვიდობით უფლისა მიმართ. ეგრეთვე მესამეცა დაჲ დღესა მესამესა აღესრულა კეთილად. და ჩვენ დამმარხველნი მათ ნეტართანი, მივიქეცით მაქებელნი და მადიდებელნი ღმრთისა, რომელმან განგებულებითა თვისითა ღირს გუყვნა ხილვად ამის საკვირველებისა.
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ამათ ყოველთა დიდებულებათა ღმრთისათა მსმენელნი, განკვირვებულნი ვადიდებდეთ ყოვლისა კეთილისა მიზეზსა მამასა და ვმადლობდეთ ყოვლისა კეთილისა წარმმართებელსა ძესა და თაყვანის ვსცემდეთ ყოვლისავე სრულმყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, მადლობა და თაყვანისცემა საუკუნითგან აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”.

დასასრuლი მეხuთისა თავისა

 

 

 

ბეჭედი

ღმრთივსულიერსა ამას წერილსა ეწოდების „გჳრგჳნი“ ამათ ესევითართა მიზეზთათვის, რამეთუ ვითარცა გვირგვინი პატიოსანი შემკობილ არს მრავალფერთა პატიოსანთა ნივთთა და თუალ-მარგარიტთა მიერ, ეგრეთვე, ესე გვირგვინი სულისა შეწყობილ არს და შემკობილ მრავალთა სამღთო კეთილ თხრობათა მიერ.
იგი გვირგვინი შვენიერ ჰყოფს თავსა ღირსთა მისთასა და ესე აბრწყინვებს სულსა აღმასრულებელთა თვისთასა. რომელსა ჰქონან თვის შორის თავნი ხუთნი, მსგავსად ხუთ საგრძნობელთა ჩვენთა, რომელნი იპოვებიან თავსა შორის ჩვენსა. ხოლო სულიერთა თხრობათა რიცხვი არს ასი, მებრ იგავისა, რომელსა ედგა ასი ცხოვარი და მოსურნეთა ნაყოფიერ გვყოფს, ოცდაათეულად, სამოცეულად და ასეულად.

 

 

 

 

 

 

 

სრულ იქმნა სულისა გვირგვინი
სადიდებელად ძისა ღმრთისა ცხოველისა

ქრისტე, მეუფეო,
მაცხოვარო ყოველთაო,
წმიდასა ამას წიგნსა შინა წერილთა,
წმიდათა სათნომყოფელთა შენთა ღოღვითა,
შეიწყალე სული მონისა შენისა, ხუცეს-მონაზონისა გაბრიილისა.
აღიწერა მრავლის სურვილით და ფრიადის ტრფიალებით წმიდა
წერილი ესე მრავალმთის უდაბნოსა გარესჯისასა,
მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისასა,
წელსა განჴორციელებითგან სიტყვისა ღმრთისა 1794,
თთუჱსა ივლისსა,
რიცხვს 29.