The Crown

თავი 1

მღუდელმოქმედებისათვის და საიდუმლოჲსა გამოცხადებისა

თხრობა ა [1]
გამოცხადებისათვის წმიდისა საიდუმლოჲსა
და სიყვარულისა

„ღმერთი, რომელი სიყვარული არს; ნამდვილვე, რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“[1 იო. 4,16], რამეთუ „ესე არს დიდი და პირველი მცნება“(მთ. 22,38), ვითარცა აღუთქუა სახელითა მისითა შეკრებულთა – შორის ყოფაჲ და რაჲცა ითხოვონ, აღსრულებაჲ [იო. 14, 13-20].
ესევითარითა სიყვარულითა შეიყვარეს კაცთა ღმერთი; და სიყვარულითა მისითა შეიყვარნეს მოყვასნიცა, ვითარცა თავი თვისი; და სიყვარულისათვის ძმათასა სულიცა თვისი დასდვეს მცნებისაებრ უფლისა [მთ. 22,37-39; იო. 10,11].
ხოლო ყოველთა ზედა მხედველმან ღმერთმან იხილა გულსმოდგინება და შეიწირა სიყვარული მათი და სასწაული ესევითარი გამოუცხადა:
რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი და ღმრთის სიყვარულითა შეკრებული ძმათ სავსება და განწესება ესევითარი აქუნდათ მტკიცედ, რომელ, რაჟამს დარეკიან, უკეთუ ერთიცა ძმაჲ აკლდის, არა იწყიან ლოცვად სიყვარულითა მისითა.
დღესა ერთსა, წმიდასა კვირიაკესა, დარეკეს წირვისათვის და შეკრბენ ყოველნი. ხოლო ერთი ძმათაგანი არა მოვიდა, რამეთუ შურითა ეშმაკმან საბრხე უგო. მოელოდეს რა უმეტეს ჟამისა და არა მოვიდა, აღსდგეს იგინი და მივიდეს მისსა, რამეთუ სთქუჱს: „ნუუკუჱ სნეულ არს იგი, ანუ თუ მოკუდა?“ და ვითარცა მიიწივნეს სენაკად ძმისა, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: „რაჲსათვის არა მოხვედ, ძმაო საყვარელო, წმიდად ეკკლესიად?“ ხოლო მას ჰრცხვენოდა მითხრობად მათდა ზრახვა იგი მტერისა. გარნა აგრძნეს ძმათა, ვითარმედ: საცთური რაჲმე არს საეშმაკოჲ, ამისთვისცა მოუდრიკნეს მას მუხლნი და ეტყოდეს: „აღგვიარე ჩვენ, საყვარელო ძმაო, და განგვიცხადე გულარძნილებაჲ ეშმაკისა“.
ხოლო მან მიუთხრა მათ და ჰრქუა: „შემინდევით მე, წმიდანო მამანო, აღვსდეგ რა ჩვეულებისაებრ წარმოსლვად ეკკლესიად, მრქუა მე გულისსიტყვამან, ვითარმედ: არა არს ჴორცი და სისხლი უფლისა, რომელსა იგი მიხვალ ზიარებად, არამედ პური არს იგი და ღვინო. აწ უკეთუ გნებავსთ, რათა მოვიდე თქვენ თანა წმიდად ეკკლესიად, გულსავსე ჰყავთ გულისსიტყვა ჩემი წმიდისათვის ჟამისწირვისა“.
ხოლო მათ ჰრქუჱს მას: „აღსდეგ, ძმაო, და მოვედ ჩვენთანა ეკკლესიად და ჩვენ ვევედრნეთ ღმერთსა შენთვის, რათა გულსავსე გყოს შენ ძალისა მიერ ზეცით მოსრულისა“. და აღსდგა ძმა იგი და წარვიდა მათ თანა წმიდად ეკკლესიად. და იქმნა პირველად დიდი ვედრება ღმრთისა მიმართ ძმისა მისთვის და ესრეთღა იწყეს წმიდა ჟამისწირვაჲ. და დაადგინეს ძმა იგი შუა ოდენ ეკკლესიისა და ვიდრე განტევებადმდე ლოცვისა, არა დასცხრა ძმა იგი რწყვად ცრემლითა პირსა თვისსა და მკერდსა.
ხოლო შემდგომად წირვისა აღსრულებისა, მოუხდეს ყოველნი ძმანი მას და ეტყოდეს: „ნუცა ერთსა რას დაჰფარავ, ძმაო, რომელი გამოგიცხადა ღმერთმან, არამედ ყოველივე საცნაურ მიყავნ ჩვენცა, რათა სარგებელ გვეყოს“. ხოლო მან იწყო, აღვსებულმან ცრემლთა მიერ სიხარულისათა და სთქუა შიშით და მოწიწებით ესრეთ, ვითარმედ: „ოდეს აღმოკითხულ იქმნა მოძღვრება სამოციქულო და აღვიდა დიაკონი საჶსალმუნესა აღმოკითხვად წმიდისა სახარებისა, ვიხილე მე, რამეთუ განეღო სართული წმიდისა ეკკლესიისა ვიდრეღა სჩნდეს ცანი და წმიდისა მის სახარებისა სიტყვანი სასმენელად იხილვებოდეს. ხოლო დიაკონი იგი, რომელი იკითხვიდა წმიდასა სახარებასა, ვიხილე იგი, რამეთუ ყოვლად ცეცხლ იქმნა და სიტყვანი ცეცხლისანი გამოვიდოდეს პირით მისით, ვითარცა შანთნი ელვისანი. და ვიხილე კვალად, რამეთუ განეღო ქვეყანა, სადა სდგას წმიდა საკურთხეველი ვიდრეღა სჩნდა ქვესკნელი; ხოლო მღუდელნი იგი, რომელთა ეპყრა წმიდა საიდუმლოჲ, შიშით და ძრწოლით მდგომარე იყვნეს.
კვალად ვიხილენ ცანი განხმულნი და ცეცხლი ზეცით გარდამომავალი; და შემდგომად ცეცხლისა, სიმრავლე ანგელოსთა; და შორის მათსა სხუანი ორნი პირნი ფრიად შვენიერნი და საწადელნი, რომელთა შვენიერებასა და სახეკეთილობასა შეუძლებელ არს გამოთქმად; და რამეთუ იყო ნათელი მათი, ვითარცა ბრწყინვალება ელვისა, რომელი გამოჰკრთების ქუხილისაგან.
და შორის ორთა მათ პირთა დიდებულთა იხილვებოდა მჯდომარედ ყრმა მცირე. მოადგეს უკუჱ ანგელოსნი მგრგვლივ გარემოს წმიდასა ტრაპეზსა; ხოლო ორნი იგი პირნი წარჩინებულნი აღხდეს ზედა და ყრმა იგი სამეუფო შთაისუჱს შორის მათსა ზედა წმიდასა ტრაპეზსა. და ვითარცა შეეხნეს მღუდელნი განტეხად წმიდასა მას პურსა, ვიხილენ კვალად ორნი იგი პირნი, რომელნი სდგეს წმიდასა ზედა ტრაპეზსა, რამეთუ უპყრეს ჴელთა და ფერჴთა ყრმისათა. და აქუნდა მათ მახვილი, და დაჰკლეს ყრმა იგი, და სისხლი მისი შთაასხეს ბარძიმსა შინა, რომელი იგი სდგა წმიდასა ზედა ტრაპეზსა; ხოლო ჴორცნი მისნი დასჭრნეს და დააგეს ზედა პურსა მას და იქმნა პურიცა იგი ჴორცვე. და მომეხსენა მე მაშინ სიტყვა იგი მოციქულისა, ვითარმედ: „პასექად ჩვენდა დაიკლა ჩვენთვის ქრისტე“[1 კორ. 5,7].
ხოლო იწყეს რა ძმათა მისლვად და მიეახლნეს ზიარებად წმიდასა მას საიდუმლოსა, მიეცემოდა მათ ჴორცი და ოდეს ჰხადიან სახელსა უფლისასა და სთქვიან: ამინ! კვალად იქმნის ჴორცი იგი პურად ჴელთა შინა მათთა.
და ვითარცა მივედ მე და მივეახლე ზიარებად მსხვერპლსა მას წმიდასა, მომეცა მე ჴორცი და ვერ ძალმედუა შეჭმად მისა. და მესმა ჴმაჲ, რომელი იტყოდა ყურთა ჩემთა: „კაცო, რაჲსათვის არა ეზიარები? არა ესე არსაა რომელსა ეძიებდ?“ და მე ვსთქუ: „შემიწყალე, უფალო, ჴორცსა შეჭმად ვერ შემძლებელ ვარ“. და მან მრქუა მე: „უკეთუმცა ძალედვა კაცსა ჴორცისა შეჭმად, ჴორცადმცა ღმრთისა იპოვებოდა წმიდა საიდუმლო, ვითარცა შენ ჰპოვე, გარნა ვერ ძალუძს შეჭმად, ამისთვის უფალმან და ღმერთმან ჩვენმან პური შესაწირავი განაწესა. და ვითარცა ადამ ჴელითა ღმრთისათა შეიქმნა მიწა ჴორცად და ჰშთაბერა მას ღმერთმან სამშვინელი ცხოვრებისა და უკანასკნელ მიწაჲ მივიდა მიწადვე, ხოლო სული ეგო ესრეთვე, ქრისტემანცა მოგუცა წმიდა ჴორცი თვისი სულითურთ წმიდით. და რამეთუ ჴორცი შეიწირვის ზეცად, ხოლო სული დაადგრების გულთა შინა ჩვენთა. აწ უკუჱ, უკეთუ გრწმენა ესე, ეზიარე!“ და მე ვარქუ: „მრწამს, უფალო“. და ესერა ვსთქუ, იქმნა ჴორცი იგი, რომელი მაქუნდა ჴელთა შინა ჩემთა პურ წმიდა და მადლობა შევსწირე ღმერთსა და ვეზიარე წმიდათა საიდუმლოთა.
ხოლო აღესრულა რა შეწირვა იგი მსხვერპლისა და უკმოიქცეს მღუდელნი სადიაკონოდ, ვიხილე კვალად სართული ეკკლესიისა განღებულად და წმიდანი იგი ძალნი ზეცად აღმავალნი ყრმითურთ“.
ესე ყოველი რა ესმა ძმათა მათ, ფრიადი სიმდაბლე და მოღვაწება აჩვენეს ზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთასა და სარწმუნოება მტკიცე და სიყვარული. და წარვიდეს თითოეული სენაკად თვისად და ადიდებდეს ღმერთსა მეძიებელსა ყოველთა კაცთა ცხოვრებისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ბ [2]
გამოცხადებისათვის საიდუმლოჲსა

მოგვითხრობდეს დიოსპოლის შინა ქმნილსა სასწაულსა, ვითარმედ: მოვიდა ძმისწული სარკინოზთა მეფისა, სახელით – ნუნერა, ფრიადითა მხედრებითა ჭურვილითა. და იხილა ეკკლესია წმიდისა გიორგისა და მოიცვა გარეშემო მისი და აქლემნი შეაყენნა მას შინა ეკკლესიასა. და ევედრნეს მღუდელნი მის ეკკლესიისანი, რათა არა განერყვნათ ეკკლესია.და არა უსმინეს ვედრებაჲ და მოსწყდეს ყოველნი იგი აქლემნი ეკკლესიასა შინა.
ამისა შემდგომად იწყეს მღუდელთა წმიდისა ჟამისწირვისა მსახურებაჲ. და იხილა სარკინოზმან მან, რამეთუ მღუდელმან დაჰკლა ყრმა და სისხლი მისი შთაასხა ბარძიმსა და ჴორცი გაანაწილა ფეშხუმსა ზედა; და შემდგომად წირვისა აღსრულებისა, ყოველთა ერთა ასუა სისხლი და აჭამა ჴორცი იგი. ხოლო სარკინოზი აღივსო გულისწყრომითა და რისხვითა. და აღსრულებასა წირვისასა მიართუა მასცა სეფისკუერი და ჰრქუა: „მიიღე, უფალო, რამეთუ ამით ვმსახურებთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა“.
მიუგო სარკინოზმან და ჰრქუა: „ამით ჰმსახურებთაა, უბადრუკო, რომელმან დაჰკლენ ყრმა და ჴორცნი მისნი ფეშხუმსა ზედა გაანაწილენ და შესჭამენ იგინი?“ ხოლო მღუდელმან თაყვანი სცა უფალსა მეტყველმან: „დიდ ხარ შენ, უფალო, კაცთა შორის, ღმერთო ჩვენო, რომელმან გამოუცხადე ამას საიდუმლო შენი, რომელი მე ვერ ვიხილე, გარნა დიდნი წმიდანი იხილვიდეს: ვასილი, გრიგორი და იოანე ოქროპირი“.
ხოლო იკითხვიდა მისთვის სარკინოზი იგი, რომელი იხილა და უწყებულ იქმნა მღუდლისა მიერ. მოვიდა შიშსა ღმრთისასა სარკინოზი და დაუტევა სარწმუნოება სარკინოზთა და წარვიდა იერუსალიმს და ნათელიღო პატრიარხისაგან და მიერითგან წარვიდა მთასა სინასა და მონაზონ იქმნა და ჰსუროდა ქრისტესთვის წამებაჲ.
და შემდგომად ხუთთა წელთა კვალად მოვიდა დიოსპოლის და შევიდა ეკკლესიასა წმიდისა გიორგისასა და აღუარა პირველსავე მღუდელსა, რამეთუ უნებდა ქრისტესთვის წამებაჲ. ხოლო მან წარავლინა იგი ბიძისა მიმართ თვისისა, სარაცთა მეფისა, რომელ არიან სარკინოზნი, რათამცა აღიაროს წინაშე მისსა იესო ქრისტე ძედ ღმრთისა. და შევიდა ქალაქსა მას შინა, რომელსა იყოფოდა ბიძა მისი, სარაცთა მეფე, აღხდა გოდოლსა ზედა და იწყო მოწოდებად სარკინოზთა. ხოლო მორავიდეს იგინი, ჰრქუა მათ: „რაჲ გნებავსთ მოცემად ჩემდა, რათა მიგითხრა თქვენ, თუ სადა არს ძმისწული მეფისა?“ და ჰრქუა მეფემან: „უკეთუ ჭეშმარიტი მომითხრა, ფრიადი ოქრო და ვეცხლი მიგცე შენ“. მიუგო ბერმან და ჰრქუა: „მე ვარ. არამედ ნათელს ვიღე, და მრწამს მამა, ძე და სული წმიდა, და სარაცთა სარწმუნოებასა შევაჩვენებ და ცრუსა და წყეულსა მაჰმადს“. და ჰრქუა მეფემან: „რაჲ შენდა იქმნა, უბადრუკო, რამეთუ დაუტევე შენ სიმდიდრე და კეთილი სარწმუნოება სარაცთა და შებღალული ძაძაჲ შეგიმოსიეს და იარები მითა?“ მიუგო ბერმან და ჰრქუა: „ესე ძაძაჲ უმჯობეს არს ჩემდა უფროს სიმდიდრისა თქვენისა, და შევაჩვენებ მაჰმადს დაწყეულსა“. და ბრძანა მეფემან განგდება მისი გარე. ხოლო იტყოდეს მთავარნი, ვითარმედ: „არა ძალგვიძს ცოცხლისა ამის ხილვაჲ, რამეთუ შეაგინა სარწმუნოება ჩვენი და სთქუა ყოველთა წინაშე გმობა მაჰმადისა“. და განიყვანეს გარე ქალაქისა და ქუა დაკრიბეს, ვითარცა პირველმოწამე სტეჶანეს. და ეგრეთ ქრისტესთვის წამებისა სურვილითა შევედრა სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისათა, რომლისა წინაშე იხარებს დიდებით უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა გ [3]
გამოცხადებისათვის ძალი საიდუმლოჲსა

ქალაქსა, რომელსა ეწოდების თრაკე, იყო სოფელი ათ უტევან ოდენ და სოფლისა ამის ყრმანი მწყსიდენ ცხოვართა. და ვითარცა არს ყრმათა შორის ჩვეულებაჲ, რბიოდეს და იმღერდეს, ვითარცა კრავნი ცხოვართანი. ხოლო მღერასა შინა მათსა იტყოდეს: „მოვედით, შევსწირნეთ საუფლო კრავი და ვეზიარნეთ, ვითარცა ჭეშმარიტად მღუდელი ჰყოფს წმიდასა შინა ეკკლესიასა!“ და ესე სათნო უჩნდათ ყოველთა. ხოლო დაადგინეს ერთი თავისა თვისისა მღუდელთა წესითა და ორნი სხვანი ყრმანი – დიაკონთა წესითა და მოვიდეს ერთისა ლოდისა მიმართ. და ლოდსა მას, ვითარცა საკურთხეველსა ზედა, დასხნეს პური და ჭურჭელთა შინა შემზადეს ღვინო. ხოლო მოადგეს იგინი ამიერ და იმიერ, ვითარცა დიაკონნი, რომელნიმე სადიაკონოსა იტყოდეს და რომელნიმე ჰგალობდა; ეგრეთვე იყვნეს მსახურნი და ჰფარვიდეს. და ჰპოვეს ერთი მცოდნე წმიდისა მსახურებისა, ვინათგან ჩვეულ იყო ეკკლესიასა შინა მსახურებასა, და მას უწოდეს მღუდელ. ვითარცა ეხილვა, ჩვეულებისაებრ იტყოდა ასამაღლებელსა პატიოსნად.
და ვითარცა ყოველი განწესება ეკკლესიისა ჰყვეს, ვიდრე პირველ პურისა განაწილებადმდე და ვიდრე მათდა გემოს ხილვადმდე, გარდამოხდა ზეცით ცეცხლი და წინადაგებული იგი ყოველი შეჭამა და ქუაჲ იგი ყოვლადვე დასწუა, ვიდრეღა არარაჲ დაშთა ქვისა მის ადგილი, რომელსა ზედა შესწირეს.
ესერა იქმნა, ყრმანი იგი მეყსეულად ქვეყანად დაეცნეს, შიშისაგან კნინღა და არა მოსწყდეს; არცაღა ეძლოთ მცირისა სიტყვისაცა თქმად. ხოლო ვინათგან არღარა მივიდეს სახლად ჟამსა თვისსა, გამოვიდეს მშობელნი მათნი ძიებად და ჰპოვნეს ქვეყანასა ზედა მდებარენი ყრმანი. და ვერვინ მუნ მყოფთაგანი შემძლებელ იყვნეს ცნობად მიზეზსა და არცა მათ ძალედვათ სიტყვისგებაჲ და კნინღა არღა მომწყდარნი. და კაცად კაცადმან თვითოეული სახლად თვისად წარიხვნეს, რამეთუ დიდსა შეჭირვებასა შინა იხილნეს ყრმანი და განუკვირდებოდათ მიზეზი მათისა მოკლებისა და ვერ მიხვდებოდეს. მრავალგზის ჰკითხვიდეს და მათგან სიტყვის მიგებასა ვერ მიემთხვეოდეს. და შემდგომად მცირედისა, ყრმანი იგი მოეგნეს გონებასა და ყოველივე მათ მიერ ქმნილი მიუთხრეს; და ვითარ ყოფილიყო, ეტყოდეს ადგილსაცა, ანუ ვითარ შთამოხდა ცეცხლი.
ხოლო საკვირველი ესე საქმე, რომელთა ისმინეს და სარწმუნო იქმნეს, მირბიოდეს ქალაქად და ყოველივე ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა მიუთხრეს. და იგიცა განჰკვირდა დიდებულსა ამას საქმესა ზედა და განვიდა კრებულითურთ და იხილნა ყრმანი იგი და ისმინა მათგან ესე სასწაული და მისცა დიდება ღმერთსა. ხოლო ყრმანი იგი ყოველნი მონასტერსა შეიყვანნა და ადგილი იგი მდიდარ ჰყო და მონასტრად შემზადა; ხოლო ზედა ადგილსა ცეცხლისასა ეკკლესია აღაშენა და წმიდა საკურთხეველი დაამყარა. და მარადის აკურთხევდეს ღმერთსა საკვირველთმოქმედსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა დ [4]
რათა არა განვიკითხვიდეთ მღუდელთა

იყო მარკოზ მონაზონი მეგვიპტელი, რომელსა დაეყო სენაკსა შინა ოცდაათი წელი და არა გამოვიდოდა; არამედ აქუნდა მღუდელსა ჩვეულება მისლვად მისა აღსრულებად წმიდისა მსხვერპლისა და მისცემდა მას წმიდასა საიდუმლოსა.
ხოლო ეშმაკმან შურითა მისისა სათნოებისა და მოთმინებისათა, ინება განკითხვით გამოცდა მისი და მიიყვანა მისა მიმართ კაცი ერთი, რომელსა აქუნდა სული უკეთური, მიზეზითა ლოცვისა მიღებისათა. ხოლო სწავლული ეშმაკისაგან, პირველ ყოვლისა ეტყოდა ბერსა: „მღუდელი შენი სავსე არს ყოვლითა სულმყრალობითა და ნუღარა უტევებ მას შემოსლვად შენდა”. ხოლო კაცმან ღმრთივსულიერმან – მარკოზ ჰრქუა მას: „შვილო, წერილ არს, ვითარმედ: „ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხო“[მთ. 7,1], გარნა უკეთუ ცოდვილიცა არს; არამედ ღმერთმან აცხოვნოს იგი, რამეთუ წერილ არს: „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნეთ“[იაკ. 5,16]. ესე ჰრქუა და ჰყო ლოცვა და განჰსდევნა ეშმაკი კაცისა მისგან და განუტევა იგი მრთელი.
და ვითარცა მოვიდა მღუდელი, შეიწყნარა იგი სიხარულით ბერმან. ხოლო სახიერმან ღმერთმან, იხილა რა უმანკოება ბერისა, უჩვენა მას სასწაული: რამეთუ ენება რა მღუდელსა წარდგომად წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, იხილა ბერმან ანგელოსი უფლისა ზეცით გარდამოსრული და დას­დვა ჴელი თვისი თავსა ზედა მღუდლისასა; და მეყსეულად იქმნა მღუდელი ყოვლითურთ, ვითარცა სვეტი ცეცხლისა. და ვითარ განკვირვებულ იყო ბერი, ჰრქუა მას ანგელოსმან: „გიკვირსაა ხილვისა ამისთვის, ჵ, კაცო? რად განკვირვებულ ხარ ამას საქმესა ზედა? უკეთუ ქვეყნიერნი მეფენი არა უტევებენ შებღალულითა სამოსლითა დგომად წინაშე თვისსა, არათუ პატიოსნითა მოსილთა და დიდებითა მრავლითა, რაბამ უფროს ზეცათა მეუფემან არა განსწმიდოსაა მსახურნი წმიდათა საიდუმლოთანი და შემწირველნი გამოუთქმელისა მსხვერპლისა და განაბრწყინვოს დიდებითა ზეცისათა?!“
ესე უკუჱ საკვირველება იხილა ღირსმან მარკოზ და ყოველთა მოგვითხრა, რათა არა განვიკითხვიდეთ მღუდელთა, რამეთუ მდგომარე არიან წინაშე ღმრთისა და მსხვერპლისა შემწირველნი ზეცად და მიერ მადლის მომღებელნი ჩვენდა. ხოლო ყოველთა განმკითხველი და მსაჯული უფალი არს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ე [5]
რათა არა შევიწყნარებდეთ განკითხვასა
მღუდლისათვის

იყო ვინმე განშორებული უდაბნოსა და აქუნდა ჩვეულება მღუდელსა ეკკლესიისასა მისლვად მისთანა და შეწირვად მსხვერპლისა მის სამეუფოჲსა. მივიდა კაცი ვინმე განშორებულისა მიმართ, ძლეული ეშმაკისაგან და განიკითხა მღუდელი იგი. და შეიწყნარა განშორებულმან და დაბრკოლდა. და ოდეს მივიდა მღუდელი წესისაებრ სამღთოსა წირვისა, არღარა განუღო ბერმან კარი და წარვიდა სახიდ თვისად მწუხარედ მღუდელი იგი.
და ვითარცა დასდგა ბერი იგი ლოცვად, მოიწია მისა ჴმა ზეცით ვითარმედ: „აღიღეს კაცთა სამართალი ჩემი და მსჯავრი აღიღეს“. ესმა რა ესე ბერსა, შეიპყრა შიშმან და მიეცა განკვირვებასა. და იხილა ჯურღმული ოქროჲსა და საბელი ოქროჲსა და ამოსაღებელი ოქროჲსა და წყალი წმიდა და რჩეული. ხოლო აღმომღებელი იყო კაცი უშვერი. და აჰა, ანგელოსი უფლისა წარმოუდგა მას და ჰრქუა: „რაჲ ბიწი შეეხების, ჵ, კაცო, წყალსა მას წმიდასა აღმომღებელისაგან უშვერისა? ეგრეთვე ყოვლადწმიდასა მსხვერპლსა არარაჲ შეეხების უღირსისაგან შემწირველისა, არამედ თავსა თვისსა ოდენ დასჯის და სხუათა არარას ავნებს; ხოლო განმკითხველი უფალსა წინა აღუდგების“.
მოეგო რა ბერი თავსა თვისსა, შეძრწუნდა სულითა და შეინანა ცრემლითა. და მყის მოუწოდა მღუდელსა მას, შეუვრდა და ითხოვა მისგან შენდობაჲ და ევედრა, რათა სწირვიდეს ჩვეულებისაებრ, ვითარცა იყო პირველ და იგი ისმენდა უეჭველად.
და შემდგომად სხუათაცა ასწავებდა, ვითარმედ არავისი ჯერ არს განკითხვა ყოვლადვე, რამეთუ ღმერთი არს ყოველთა განმკითხველიო და გვამცნებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ (მთ. 7,1), ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ“. და უფროსღა არა ჯერ არს განკითხვა მღუდელთა, რომელნიცა მკვიდრ არიან ანგელოსთა თანა და ძღვნისა შემწირველ ღმრთისა მიმართ და მომწვეველ ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ვ [6]
თუ ვითარი კრძალულება უხმსთ მწირველთა

მოგვითხრობდა წმიდათა მამათაგანი ვინმე და იტყოდა, ვითარმედ: სკიტის უდაბნოსა შინა, ოდეს მღუდელი შესწირვიდა მსხვერპლსა, გარდამოვიდოდა სული წმიდა სახედ ტრედისა; და ვერვინ იხილვიდა მას, გარნა მღუდელი და დიაკონიცა ერთკერძო ფრთეთა იხილვიდა.
ხოლო დღესა ერთსა ჰკითხვიდა ვინმე ძმაჲ დიაკონსა სიტყვასა სულისა სარგებელსა, და ჰრქუა დიაკონმან: „არა მოცალე ვარ აწ“. ხოლო ოდეს შევიდენ იგინი წირვად, არღარა იხილეს მსგავსება ტრედისა ჩვეულებისაებრ, და ჰრქუა მღუდელმან დიაკონსა: „რაჲ არს, შვილო, საქმე ესე? ანუ ჩემდა არს შეცოდებაჲ, ანუ შენდა? განმეშორე მცირედ და უკეთუ გარდამოჴდეს სახე ტრედისა, საცნაურ არს, ვითარმედ შენისა საქმისათვის არა გარდამოხდა სული წმიდა“. და განშორებასა დიაკონისასა მეყსეულად გარდმოხდა ყოვლადწმიდა სული სახედ ტრედისა.
ხოლო აღსრულებასა მსხვერპლისასა ჰრქუა მღუდელმან დიაკონსა: „მარქუ მე, შვილო, რაჲ გიქმნიეს?“ და ეტყოდა იგი მტკიცედ: „არა უწყი შეცოდება თავსა შორის ჩემსა, მამაო, გარნა მომეწია ძმა მომავალსა ეკ­კლესიად, და მკითხვიდა მე სიტყვასა სულთა სარგებელისასა. და მე ვარქუ მას, ვითარმედ: „არა არს ჩემდა ჟამი“. და ჰრქუა მას მღუდელმან: „შენთვის უკუჱ არა გარდამოხდა სული წმიდა, ვინათგან ძმამან მწუხარება მიიღო შენგან“. ხოლო წარვიდა დიაკონი ძმისა მიმართ და შეინანა. დიდება ღმერთსა ჩვენსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ზ [7]
თუ ვითარ ეკრძალებიან ანგელოსნიცა მწირველთა

იყო მღუდელი ვინმე წმიდა და ღირსი. და ოდეს ჰყოფდა მსახურებასა წირვისასა, ანგელოსსა იხილვიდა მარჯვენით თავისა თვისისა. ხოლო იყო ესე მწვალებელთაგან მიმღებელ ერთისა სიტყვისა საიდუმლოთა ლოცვათა შინა. და ოდეს შესაწირავსა შესწირვიდა, სიწრფოებითა და უმანკოებითა იტყოდა მასვე სიტყვასა, რომლისათვისცა სცთებოდა, და არა უწყოდა თუ ბოროტად მიეღო.
ხოლო განგებითა უკუჱ ღმრთისათა, მოვიდა მისსა დიაკონი ვინმე, რომელსა აქუნდა მეცნიერება სამღთოთა წერილთა და დაემთხვია მღუდლისა თანა, შესწირვიდა რა წმიდასა მსხვერპლსა. და ჰრქუა მღუდელსა დიაკონმან: „ამას, რომელსა იტყვი, მამაო, არა არს მართლისა სარწმუნოებისა, არამედ მწვალებელთაგან არს წინააღმდგომთა ქრისტესთა“. ხოლო მღუდელი იგი არა ერჩდა, რამეთუ ესვიდა წმიდასა ანგელოსსა, რომელსა იხილვიდა ჟამსა მსხვერპლისასა. კვალად წინაუყოფდა დიაკონი სიტყვასა მას და ეტყოდა: „მამაო, სცთები, რამეთუ არა შეიწყნარებს ამას სიტყვასა მართლმორწმუნე ღმრთისა ეკკლესია!“ და ვითარცა იხილა თავი თვისი მღუდელმან მხილებული ესრეთ დიაკონისა მიერ, და ოდეს იწყო წირვად, იხილა ჩვეულებისაებრ წმიდა ანგელოსი მარჯვენით თავისა თვისისა, და ჰკითხვიდა იგი მეტყველი: „ვინათგან დიაკონი ესე მამხილებს მე, ამისთვის რაჲმე ვჰყო?“ ხოლო ჰრქუა ანგელოსმან: „დასცხერ ამიერითგან, რამეთუ კეთილად მოგითხრობს“. და ჰრქუა მღუდელმან: „რად შენ არა მომითხარ მე?“ ეტყოდა ანგელოსი: „ღმერთმან განაგო კაცთათვის კაცნი წარსამართებელად, რამეთუ არცა ანგელოსნი ამხილებენ და არცა ასწავებენ არავის თვინიერ ღმრთისა ბრძანებისა“. მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჱ [8]
ტყვისა ხსნისათვის წირვისა მიერ

იქმნა ვინმე ტყუჱ კვიპრიით და წარიყვანეს იგი სპარსეთად და შეაყენეს საპყრობილესა. ხოლო რომელნიმე მუნითგან ლტოლვილნი მოვიდეს კვიპრედ და ჰკითხვიდეს მშობელნი მისნი ვითარმედ: „გიხილავსთაა იგი მუნ?“ მიუგებდეს მათ და ეტყოდეს: „მომკუდარ არს და ჩვენ დავმარხეთ იგი“. ხოლო არა იგი იყო, რომლისა საქმესა ჰკითხვიდეს მათ, არამედ სხუა მსგავსი მისი და მიუთხრობდეს დღესა და თუჱსა სიკუდილისა მისისასა. ხოლო მშობელნი იგი, ვითარცა მკუდარსა ზედა, ჰყოფდეს ხსენებასა მისსა, სამსა წირვასა წელიწადსა შინა. ხოლო გარდახდეს რა ოთხნი წელნი, კაცი იგი ტყვე ივლტოდა სპარსეთით და მოვიდა კვიპრედ. ხოლო ეტყოდეს მას მშობელნი მისნი: „გვესმა ჩვენ, შვილო, ვითარმედ მკუდარ იყავ და ხსენებასა შენსა ვჰყოფდით სამგზის წელიწადსა შინა“. ესერა ესმა, ჰკითხვიდა იგი: „რომელსა თუჱსა შინა და რომელსა დღესა ჰყოფდით ხსენებასა ჩემსა, უფალნო?“ ხოლო იგინი ეტყოდეს: „წმიდასა ქრისტეს შობასა, და წმიდასა აღდგომასა, და წმიდასა სულის წმიდის მოსლვასა“.
ხოლო მან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „სამთა ამათ დღეთა შინა წლითი წლად მოვიდოდა ჩემდა ვინმე სპეტაკითა სამოსლითა მოსილი, ვითარცა მზე ბრწყინვალე და განმიტევებდა, და ვერვინ მხედვიდა მესაპყრობილეთაგანი და პყრობილნი; და ვიდოდი დღე ყოველ თავისუფალ და ვერავინ მცნობდა მე. ხოლო ხვალისად ვიპოვებოდი კვალად შეკრული ჯაჭვითავე და აწ მიხსნა მე მადლმან წირვისამან. დიდება ღმერთსა ჩვენსა საკვირველთმოქმედსა უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა თ [9]
უღირსად მღუდელობისათვის

დღეთა ლეონ და ალექსანდრესთა მთავარმან ვინმე ღმრთისმოშიშმან მოიყიდა ყრმა, ნათესავით სკვითი; და მისცა იგი მღუდელსა, მწირველსა და მლოცველსა, სახლსა შინა მისსა, რათა განსწავლოს იგი წიგნითა. ხოლო ისწავა ყრმამან და ჰმსახურებდა ხუცესსა სახმარსა მისსა ზედა. და ვითარ იქმნა იგი წლისა ათორმეტისა, ჰკითხა მას უფალმან მისმან: „უკეთუ, ქრისტეანენი არიანა სკვითნი?“ ხოლო მიუგო ყრმამან: „არა, უფალო ჩემო, არა არიან ქრისტეანენი, და ვჰგონებ, მეცა არა ნათელღებულ ვარ“. ჰრქუა მას უფალმან მისმან: „და ვითარ ეზიარები უნათლისღებო?! მე ვჰგონებდი, ვითარმედ ქრისტეანე იყავ და მისთვის არა ვაყენებდი მღუდელსა მოცემად შენდა ცხოველსმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“. ხოლო ეტყოდა ყრმა: „მე, უფალო ჩემო, არა უწყოდი, არამედ, ვითარცა ვხედევდი სხუათა ყრმათა ზიარებულთა, მეცა ვეზიარებოდი“.
მაშინ მოუწოდა მთავარმან მან მღუდელსა და უბრძანა ნათლისღებად მისა. და ნათელ სცა ყრმასა და აღასრულა სამღთო ჟამისწირვაჲ. და მივიდა ყრმა უფლისა მიმართ თვისისა, მპყრობელი სანთლისა, და ჰრქუა მას უფალმან მისმან: „წარვედ და მოუწოდე მღუდელსა მას, რომელმან ნათელ გცა შენ“. და მეყსეულად წარვიდა ყრმა იგი და ჰპოვა მღუდელი იგი, რომელი ჰკრძალვიდა სიწმიდესა. მიიქცა და ჰრქუა უფალსა თვისსა: „არღარა არს, უფალო ჩემო, რომელმან ნათელ მცა მე“. და ჰრქუა მთავარმან: „ვითარ ესრეთ მოსწრაფედ განსრულ არს?“ და კვალად ეტყოდა ყრმასა: „წარვედ და მოუწოდე, რომელმან ნათელ გცა შენ“. ხოლო წარვიდა ყრმა კვალად და ჰპოვა მღუდელი კვალად მცველი წმიდისა ძღვნისა. კვალად მოვიდა უფლისა მიმართ თვისისა და ჰრქუა: „არა არს, უფალო ჩემო, რომელმან ნათელს მცა მე“. და ჰრქუა მთავარმან: „ვითარ ესრეთ მსწრაფლ განსრულ არს?“ და ეტყოდა ყრმასა მას: „წარვედ და მოუწოდე ნათლის­მცემელსა შენსა“. წარვიდა ყრმა და იხილა მღუდელი, და ჰრქუა მთავარსა: „არა არს მუნ, რომელმან ნათელ მცა მე“.
და განჰკვირდა მთავარი იგი და ჰრქუა სხუასა ყრმასა: „წარვედ და მოუწოდე მღუდელსა“. და წარვიდა მეორე იგი ყრმა და ჰპოვა ეკკლესიასა შინა მღუდელი მცველად სიწმიდისა და მოუწოდა მას. ხოლო შერავიდა იგი, მთავარმან ჰრქუა ყრმასა მას ახლად ნათელღებულსა: „რად სთქუ შენ, ვითარმედ, არა არს მუნ ნათლისმცემელი ჩემი? ვინ არს ესე?“ ხოლო ყრმამან ჰრქუა: „ჰე, უფალო ჩემო, ამას არა ნათელუცემიეს ჩემთვის, არამედ რომელმან ნათელმცა მე, ვითარცა ელუაჲ აქუნდა პირი მისი და ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, და მან ჰყო სამღთო მსახურებაჲ. და ოდეს სწირვიდა საკვირველი იგი მღუდელი, ესე ხუცესი იყო გარე ეკკლესიისა, შეკრული ჴელით და ფერჴით ჯაჭვითა რკინისათა და ეპყრათ ეგე ოთხთა შავთა მხეცთა საშინელთა, ვიდრემდე აღასრულებდა სამღთოსა ჟამისწირვასა, და ვიდრეღა იყო იგი ეკკლესიასა შინა, მე მოვედ შენდა, უფალო ჩემო, და შენ წარმგზავნე მე მოწოდებად მისსა და არღარა იყო მუნ“.
ხოლო ესმა რა ესე მთავარსა, დაუკვირდებოდა და შიშმან მოიცვა იგი ესევითარისა თქმისაგან, უპყრა ჴელი ხუცესსა მას და შეიყვანა იგი სალოცავსა სენაკსა თვისსა. და ჰრქუა მას: „რაჲ არს ესე, რომელსა ყრმა ესე იტყვის?“ ხოლო მღუდელი იგი შეუვრდა მთავარსა მას ფერჴთა ქვეშე და ეტყოდა: „ვინათგან უფალმან ღმერთმან ჩვენმან არა დაგიფარა, რომელი არს ჩემთვის, და მეცა ვსთქუა, უფალო ჩემო! რამეთუ, ოდეს მამულსა შინა ჩემსა ვიყავ, მტერმან სულისა ჩემისამან მიბრკმა მე და შთავარდი ცოდვასა. და სცნა ეპისკოპოსმან ჩემმან და მომცა მე კანონი, და ბრძანა განყენება ჩემი მღუდელობისაგან. ხოლო ვიყავ მე გლახაკ და თვინიერ მღუდელობისა შეუძლებელ ცხოვრებისა და მოვედ აქა. ხოლო შენ, უფალო ჩემო, მოწყალე ექმენ უცხოებასა ჩემსა და სიგლახაკესა და შემიწყნარე სახლსა შინა შენსა. ხოლო მე უბადრუკმან დავსთრგუნე თვისი სვინიდისი და კანონი ღმრთისა შეურაცხ ვჰყავ და საუკუნო საშინელი სატანჯველი დავივიწყენ და უჯეროდ ვმსახურებდი დღეინდელად დღედმდე. არამედ ვინათგან ღმერთმან გამომიცხადა მე, არღარა ვარ აწ ღირს მიხედვად შენდა, უფალო ჩემო“.
ხოლო ესმა რა ესე მთავარსა, ჰრქუა მას: „ჵ, კაცო! უმჯობეს იყო შენდა პური ლიტონი მიღებად ცხოვრებისათვის საწუთოჲსა, ვიდრეღა დათრგუნვა მცნებისა ღმრთისა – შეუხებელთა და საშინელთა საიდუმლოთა შეკადრებაჲ. რამეთუ ამისთვის იტყვის სამღთო მოციქული, ვითარმედ: „გული უთქუამსთ ანგელოსთა ჭვირობად”[I პეტ. 1,12] და ვითარ, შენ უღირსად მყოფსა, გიკადრებიეს?! გარნა ვინათგან კაცთმოყვარე არს უფალი ჩვენი და შეიწყნარებს ჭეშმარიტებით მონანულსა, წარვედ უკუჱ მონასტერსა და შეინანე მტკიცედ ამიერითგან, ვიდრე ცხოვრებისა შენისა, რათა მოწყალე გექმნას შენ, ღმერთი, ესევითარისა უღირსებისა შენისათვის. რამეთუ, ვჰგონებ მე, ვითარმედ არა არს სხუა ცოდვა უფროს და უმეტეს ამისსა, რომელ ოდეს მღუდელი უღირს იყოს და იკადროს მსხვერპლისა შეწირვა ღმრთისა”. ხოლო ეტყოდა რა იგი ამას, განუტევა იგი მონასტერსა სინანულად. ღმერთსა ჩვენსა დიდება, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ი [10]
თუ ვითარი ჴელმწიფება აქუსთ ეპისკოპოსთა

მოგვითხრობდა ვინმე, მონა ქრისტესი, ვითარმედ: პირველ დევნულებისა ქრისტეანეთასა, ეპისკოპოსმან ხუცესი ვინმე განაყენა მღუდელობისაგან რომლისამე მიზეზისათვის. და წარვიდა მღუდელი იგი სხუასა ქვეყანასა საქმისა რაჲთვისმე და მუნ შეპყრობილ იქმნა წარმართთაგან. და ფრიად სტანჯვიდეს უარისყოფად ქრისტესა და არა უარ ჰყო. და წარკვეთეს თავი და იქმნა მოწამე ქრისტესი.
და შემდგომად მცირედისა დასცხრა დევნულებაჲ და მთავარმან მის ქალაქისამან იხილა სასწაული წმიდისა მის მოწამისა და აღუშენა მას ეკკლესია. და აღმოიღო წმიდა ნაწილი იგი მისი და შთადუა ლუსკუმასა შინა, და დაასვენა შინაგან სიწმიდესა ეკკლესიისასა.
ხოლო მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეპისკოპოსსა და ენება კურთხევა ეკკლესიისა. ოდეს იწყო მღუდელმან ლოცვა მწუხრისა, პირველსავე დაწყებასა, შეიძრა ლუსკუმა იგი და გამოვიდა გარე ეკკლესიით, არავისგან ტვირთული. ხოლო შიშმან და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მუნ მყოფნი და კვალად მოიღეს ლუსკუმა იგი მუნვე ეკკლესიად ადგილსა თვისსა. და ოდეს ეპისკოპოსი მისცემდა ერსა მშვიდობასა, მეყსეულად გამოვიდა კვალად ლუსკუმა ეკკლესიით.
ხოლო მთავარმან იხილა რა ესე, შეეშინა და იწყო აღსაარებად და ტირილად ღმრთისა მიმართ და იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვათა ჩემთათვის არა ჰნებავს წმიდასა ამას მოწამესა დამკვიდრებაჲ ეკკლესიასა ამას შინა“. ეგრეთვე ყოველივე ერი იტყოდა. სტიროდენ და ჰგოდებდენ მხილველნი ამის საკვირველებისანი.
და მოწევნასა ღამისასა გამოუჩნდა წმიდა იგი მოწამე ეპისკოპოსსა და ეტყოდა: „რად შეიწუხებთ თქვენ თავთა თქვენთა? უწყითა თუ რად არა დავადგრები თქვენთანა ეკკლესიასა ამასა შინა?! არამედ ჰყავთ სიყვარული და წარვედით ეპისკოპოსისა მიმართ ჩემისა და აიძულეთ მოყვანებად აქა და განსხნად ჩემდა. რამეთუ განმაყენა მე მსახურებისაგან წირვისა და ამისთვის არა ძალმიძს თქვენთანა ყოფაჲ ეკკლესიასა შინა. და გამოვალ გარე, ვინათგან შეკრულ ვარ მისგან და ვერ შემძლებელ ხარ შენ განხსნად ჩემდა, რამეთუ იგი ცოცხალ არს; და არცა მეოხებად მე თქვენდა ძალმიძს, არცა ხილვად პირი ქრისტესი, რამეთუ წამებისა გვირგვინი მოვიღე და პირი ქრისტესი ვერ ვიხილე, რამეთუ მან თავადმან ბრძანა, თქვენ მღუდელმთავართათვის, ვითარმედ: „რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა“(მთ. 18,18). ესე სთქუა და უჩინო იქმნა.
და ხვალისად აღუარა ეპისკოპოსმა მთავარსა მას. ხოლო ესმა რა ესე ყოველი მთავარსა ეპისკოპოსისაგან, მხიარულ იქმნა. და წარვიდა ეპისკოპოსი კრებულითურთ და მიიწივნეს მსწრაფლ მის ეპისკოპოსისა მიმართ, რომელი წმიდისა მოწამისაგან უწყებულ იყო. და მიუთხრა მას ყოველივე წმიდისა მისთვის მოწამისა. და აღსდგა მსწრაფლ ეპისკოპოსი იგი და წარმოვიდა მათ თანა. მოვიდა და თაყვანის სცა წმიდასა მას მოწამესა და ჰრქუა: „ქრისტემან, შემკვრელმან შენმან სიმდაბლისა ჩემისა მიერ, ხსნილ გყოს შენ აწ დათხევითა სისხლთა შენთათა სახელისა მისისათვის, შემოვედ და ეგენ ჩვენთანა!“
და შეასვენეს ლუსკუმა ეკკლესიასა შინა და აღასრულეს სამღთო მსახურებაჲ და არღარა შეიძრა ლუსკუმა იგი ადგილისაგან თვისისა. და მიერითგან იქმნებოდა მრავალი სასწაული მის მიერ.
ამისთვის უკუჱ, ჵ, ღმრთისმოყვარენო, გულისჴმა ვჰყოთ, რამეთუ დიდ არს ძალი და ჴელმწიფება მღუდელმთავრობისა. რამეთუ: „რაოდენსა შეჰკრვენ ქვეყანასა ზედა, კრულ იქმნებიან ცათა შინა, და რაოდენსა განხსნიან ქვეყანასა ზედა, ხსნილ იქმნებიან ცათა შინა“[მთ. 18,18], ვითარცა უფალი და ღმერთი ჩვენი იტყვის და მოსცემს ჴელმწიფებასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ია [11]
თუ ვითარი ძალი აქვსთ წმიდათა კაცთა

იყო ვინმე მონაზონი სკიტეს შინა, მორჩილებასა ქვეშე მამისა სულიერისასა მრავალთა წელთა. და შემდგომად რაოდენთამე ჟამთა, შურითა ეშმაკისათა განვარდა მორჩილებისაგან და განვიდა ჴელთაგან მოხუცებულისათა უმიზეზოდ, თვინიერ ყოვლისავე ბოროტისა და შეჭირვებისა და შერისხვისა. და რისხვეულ იქმნა ურჩებისა მიზეზისათვის და წარვიდა ალექსანდრიად და მუნ შეპყრობილ იქმნა ურწმუნოთა მთავართაგან. და განძარცვეს სახე მონაზონებისა და აიძულებდეს გებად კერპთა, ხოლო იგი არა ერჩდა მათ. და ჰგვემეს უწყალოდ ზროხისა ძარღუებითა. და ამისა შემდგომად ბრძანეს წარკვეთა თავისა მისისა და განაჩინეს გუამისა მისისა მიგდებად ძაღლთა.
ხოლო ქრისტეს მოყვარენი ვინმე მოვიდეს ღამე, აღიღეს გუამი მისი და სუნნელებითა წარგრაგნეს იგი და დასდვეს ლუსკუმასა შინა და მოიღეს ეკკლესიად, ვითარცა მოწამე. ხოლო ოდეს იქმნებოდა ჟამისწირვა და სამღთო ქადაგი ჴმობდა: „რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით“, მაშინ ყოველთა სახილველად, თვით ლუსკუმა იგი განვიდოდა გარე, თვინიერ კაცობრივისა ჴელისა შეხებისა; და იყოფებოდა ეკკლესიისა ბჭეთა წინაშე, ვიდრე განტევებადმდე ერისა. ეგრეთვე კვალად თვით ლუსკუმავე იგი შემოვიდოდა ადგილსავე თვისსა და იყოფებოდა, სადაცა აქუნდა ჩვეულება დგომისა. ხოლო ესრეთ რა იქმნებოდა, განჰკვირდებოდენ მხილველნი ამისნი.

იხილა უკუჱ ესე საკვირველება დიდთა წმიდათაგანმან ვინმე და ევედრა ღმერთსა ამისთვის. და წარმოუდგა მას ღირსსა ანგელოსი უფლისა და ეტყოდა: „რაჲსა განცვიფრებულ ხარ საქმისა ამისთვის? არა მიიღესაა მოციქულთა ჴელმწიფება შეკრვად და განხსნად, და მათგან შემდგომად მათსა კვალად მათთაცა მოწაფეთა?! ხოლო ამან უკუჱ ძმამან დასთხია სისხლი თვისი ქრისტესთვის და საკურთხეველსა შინა ვერ ძალუძს დგომად, რამეთუ ჟამსა წირვისა მსახურებისასა, განიდევნების ანგელოსთა მიერ ვიდრე წინა ბჭედმდე, რამეთუ ეგე მმარხველისა ვისიმე მოწაფე იყო და ურჩებისათვის შეიკრა მისგან და ეგრეთვე შეკრული ჰგიეს აქამომდე. რამეთუ ამან მოწამემან გვირგვინი უკუჱ წამებისა მიიღო, არამედ, ვინათგან შეკრული არს, არა ძალუძს მუნ დგომად სამღთოსა წირვისა მსახურებასა, არათუ შემკვრელმან განხსნას ეგე.
ხოლო სცნა რა ესე სამღთომან მან კაცმან, აღსდგა და წარვიდა მის მმარხველისა მიმართ და აუწყა მას ყოველივე წესისაებრ. და იგი შთავიდა ალექსანდრიად მისთანა და მივიდენ ეკკლესიად, სადაცა მდებარე იყო გუამი ახლისა მოწამისა. და შევიდენ და განაღეს ლუსკუმა იგი და შენდობა ჰყვეს ერთბამად და ამბორს უყვეს მას. და დასდგენ დიდებისმეტყველებად ღმრთისა და აღასრულეს ჟამისწირვაჲ. და მიერითგან ჰგიეს მოწამე საკურთხეველსა შინა შეუძრველად დღეინდელად დღედ­მდე. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა იბ [12]
შემდგომად მიცვალებისაცა შენდობისათვის

მღუდელი ვინმე შერისხულ იქმნა თვისისა ეპისკოპოსისა მიერ და განყენებულ მღუდელობისაგან. და განვიდა იგი რომელსამე სოფელსა სახმრისა რაჲსათვისმე და მუნ ყოფასა მღუდლისასა, შეემთხვია ეპისკოპოსსა მყის მიცვალებაჲ. ხოლო მღუდელი დაშთა შეკრული ეპისკოპოსისა მიერ და იყო მწუხარებასა შინა დიდსა; გარნა ვერარაჲსა მგონებელი, თუ რაჲმე ჰყოს.
აღვიდა კოსტანტინუპოლის და მივიდა მთავარეპისკოპოსისა მიმართ, კაცისა ღმრთისა და აღუარა მას საქმე თვისი. ხოლო მან ჰრქუა მღუდელსა: „მაუწყე მე, შვილო, შეცოდება შენი, უკეთუ თვინიერ სჯულისა შეკრულ ხარ შენ მის მიერ და მოგცე შენ განხსნაჲ შენდობისა“. ხოლო მან ჰრქუა: „მეუფეო წმიდაო, საქმისა რაჲსათვისმე წარმგზავნა მე ეპისკოპოსმან ჩემმან, წარვედ და ვერ შეუძლე საქმესა მას ქმნად. ამას ზედა განრისხნა და განმაყენა მე მღუდელობისაგან“. და ჰრქუა მას მთავარეპისკოპოსმან: „შეცოდება შენი, შვილო, ვითარ იტყვი, არარაჲ არს, და თვინიერ სჯულისა განუყენებიხარ; გარნა მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ: არა ჯერ არს, რათა ერთმან შეჰკრას და მეორემან განჰხსნას, არამედ, რომელი ენებოს უფალსა შენთვის, ეგრეთ იყავნ“.
და წარვიდა მთავარეპისკოპოსი მონასტერსა ერთსა და თანა წარიყვანა მღუდელი იგი და ჰრქუა წინამძღვარსა და ძმათა: „ამას მღუდელსა ესევითარი საქმე შემთხვევია. აწ გლოცავთ თქვენ, წმიდანო მამანო, ღმრთისათვის შრომა ჰყავთ მსგეფსსა ამას მარხვითა და მღვიძარებითა და ლოცვითა, რათა ღმერთმან ვედრებითა თქვენითა შეიწყალოს მღუდელი ესე უსამართლოდ შეკრვისაგან“. და მათ ჰრქუჱს: „ვჰყოთ ბრძანებისაებრ შენისა, მეუფეო წმიდაო“. ხოლო დაადგრა მთავარეპისკოპოსი მღუდლისა თანა მუნ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა და გულითა შემუსრვილითა. და აღსრულებასა მსგეფსისასა, საცისკროსა დიდება მაღალიანისა თქმასა ზედა, გამოსჩნდა ეპისკოპოსი იგი მთავარეპისკოპოსისა თანა. და ეტყოდა მღუდელსა მთავარეპისკოპოსი: „იცნობაა ამას, მდგომარესა ჩემთანა?“ მიუგო მღუდელმან: „ჰე, მეუფეო წმიდაო, ეპისკოპოსი ჩემი არს“. და მან ჰრქუა: „მოვედ და თაყვანის ეც და მიიღე შენდობაჲ“. მივიდა უკუჱ მღუდელი და დავარდა ქვეშე ფერჴთა მისთა და ევედრებოდა მეტყველი: „შემინდევ, უფალო ჩემო, ღმრთისათვის“. ხოლო გამოჩინებულმან მიუგო სამგზის: „ღმერთმან შეგინდვნეს შენ, შვილო!“ ესე სთქუა და უჩინო იქმნა.
ხოლო იხილეს რა მთავარეპისკოპოსმან, წინამძღვარმან და ძმათა ყოველთა ქმნილი ესე დიდებული სასწაული, ადიდებდეს ღმერთსა საკვირველთმოქმედსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა იგ [13]
უბრალოდ შესმენილისა ეპისკოპოსისათვის

მოგვითხრობდა ამბა თეოდორე ჰრომაელი, ვითარმედ: არს ოცდაათ სტადიონ ქალაქისაგან ჰრომისა მცირე ქალაქი, რომელსა ეწოდების რომულ. მას ქალაქსა შინა იყო ეპისკოპოსი ფრიად კეთილი და პატიოსნისა ჩვეულებისა მომგები.
ხოლო ერთგზის წარვიდა ვინმე რომულ ქალაქით აღაპისტოს ჰრომთა პაპისა მიმართ და შეასმენდა ეპისკოპოსსა, ვითარმედ: სიწმიდისა ფეშხუმსა ზედა სჭამსო. ხოლო ესმა რა ესე პაპასა, განუკვირდა და წარავლინნა ორნი მნენი და მოიყვანეს ეპისკოპოსი იგი წინაშე მისა და შეაყენეს სამ დღე პყრობილად სენაკსა ერთსა. და დამთხვევასა წმიდისა კვირიაკისასა, იხილა პაპამან ძილსა შინა ჩვენებაჲ განთიად წმიდისა კვირიაკისასა, ვითარმედ დიდებულმან ვინმე ჰრქუა: „ამას კვირიაკესა ნუ სწირავ შენ, ნუცა სხუა მნეთა შენთაგანი და ნუცა ეპისკოპოსი ამის ქალაქისა, არამედ ეპისკოპოსი, რომელი გყავს პყრობილად შეყენებული, მას არქუ, რათა შევიდეს და სწიროს“. ხოლო განიღვიძა რა, განუკვირდებოდა პაპასა ჩვენება იგი, რომელი იხილა; და იტყოდა თავსა შორის თვისსა: „ესევითარი შესმენა მესმა მისთვის და იგი სწირვიდესმეაა?“ და კვალად მოვიდა ჴმაჲ მისა მიმართ მეტყველი: „ძილსა შინა რა გარქუ შენ?! რომელი არს პყრობილად ეპისკოპოსი, მან სწიროს!“
ეგრეთვე მესამედ ეჩვენა მას და ვერარას სცნობდა; და წარგზავნა კაცნი ეპისკოპოსისა მიმართ და მოიყვანა იგი. ჰკითხვიდა მას და ეტყოდა: „ჵ, ეპისკოპოსო, რაჲ არს მოქმედება შენი?“ ხოლო ეპისკოპოსი არარას მიუგებდა სიმდაბლით, გარნა ჰრქუა: „ცოდვილ ვარ, მეუფეო წმიდაო“. ვითარცა არარას სხუასა ეტყოდა ეპისკოპოსი, მაშინ ჰრქუა მას პაპამან: „დღეს შენი ჯერ არს წირვაჲ!“
და აჰა, დგომასა მისსა წმიდისა შინა საკურთხეველისა და პაპაცა იყო მახლობელ მისა მდგომარე, და დიაკონნი გარემოსდგომოდეს წმიდასა ტრაპეზსა. იწყო მსახურებაჲ წმიდამან ეპისკოპოსმან და თქმად ლოცვისა და ასამაღლებელისა. და პირველ აღსრულებისა იწყო მეორედ მასვე ლოცვისა თქმად და კვალად მასვე ლოცვასა იტყოდა მესამედ. ხოლო ვინათგან ყოველნი განკვირდებოდეს და შეძრწუნდებოდეს, ჰრქუა მას პაპამან: „რაჲ არს ესე, რომელ მასვე ლოცვასა მეოთხედ იტყვი და არა აღასრულებ მას?“ მაშინ მიუგო ეპისკოპოსმან: „შემინდევ მე, წმიდაო მეუფეო, რამეთუ ვერ ვიხილე მოსლვა სულისა წმიდისა და ამისთვის არა აღვასრულე ლოცვაჲ, არამედ, წმიდაო მეუფეო, დიაკონი მახლობელ ჩემსა მდგომარე, წუთ ერთ განაშორე წმიდისა საკურთხეველისაგან, რამეთუ მე ვერ ვიკადრებ თქმად მისდა“. მაშინ ნეტარმან აღაპისტოს უბრძანა დიაკონსა მას და განეშორა. და იხილა ეპისკოპოსმან და პაპამან მოსლვა სულისა ყოვლადწმიდისა. და დიდი დაფარნა, რომელი ჰბურავს წმიდასა შესაწირავსა, თვით აღეხადა მრწამსის თქმაზე, ჰფარვიდა და აგრილობდა პაპასა და ეპისკოპოსსა და ყოველთა წინაშე ტრაპეზისა მდგომარეთა და წმიდასა საკურთხეველსა ვიდრე ჟამადმდე.
მაშინ სცნა ღირსმან აღაპისტოს, ვითარმედ: „დიდ არს და წმიდა ესე ეპისკოპოსი, არამედ უბრალოდ შესმენილ იქმნა“; და განუტევა იგი მშვიდობით თვისსა საეპისკოპოსოსა.
და ესრეთ შემნანებელმან დაიდვა გულსა თვისსა, რათა არა შეიწყნაროს შესმენაჲ და ძვირისხსენებაჲ, თვინიერ ჯეროვნისა და ჭეშმარიტისა გამოძიებისა. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა იდ [14]
უბრალოდ შესმენილისა მღუდლისათვის

სამარია ქალაქით არს რვა უტევან დაბაჲ, რომელსა აქუს ეკკლესია შვენიერი, რომლისა მღუდელი შესმენილ იქმნა ეპისკოპოსისა მიმართ. და არა გამოიძია მისთვის ეპისკოპოსმან, არამედ წარავლინნა და მოიყვანეს იგი და მისცა საპყრობილესა, სადაცა იყვნეს შეცოდებულნი მსახურნი. ხოლო ყოფასა მისსა საპყობილესა შინა მოიწია წმიდა კვირიაკე და მას ღამესა გამოუჩნდა მას ჭაბუკი ფრიად შვენიერი და ეტყოდა: „აღსდეგ, მღუდელო და წარვედ ეკკლესიად, რომელი არს მას დაბასა და აღასრულე ჟამისწირვაჲ!“ და ჰრქუა მას მღუდელმან: „არა ძალმიძს, რამეთუ შეკრულ ვარ“. და ეტყოდა მას ცხადად: „მე განგხსნი შენ; აღსდეგ და შემომიდეგ მე!“ და განახუნა კარნი და გამოიყვანა იგი და ვიდოდა წინაშე მისსა ვიდრე ერთ სტადიონადმდე და დაბადმდე ხუცისა – და იქმნა განთიად.
შევიდა მესაპყრობილე და ეძიებდა ხუცესსა და ვერ ჰპოვა იგი. ხოლო წარვიდა ეპისკოპოსისა მიმართ და ჰრქუა: „იყვნეს, უფალო, კარნი საპ­ყრობილისანი დახშულ და კლიტენი მეპყრნეს მე; და შევედ რა, ვერღარა ვიხილე ხუცესი მუნ“. წარგზავნა ეპისკოპოსმან ერთი ყრმათა თვისთაგანი და ეტყოდა: „წარვედ და იხილე მღუდელი იგი, უკეთუ არს თვისსა დაბასა, და ნურარას ეტყვი მას“. წარვიდა ყრმა იგი დაბასა და ჰპოვა მღუდელი ეკკლესიასა შინა წმიდისა წირვისა მოქმედად, მოიქცა და ჰრქუა ეპისკოპოსსა, ვითარმედ: „მუნ არს და ვიხილე შემწირველად მსხვერპლისა“. ხოლო ეპისკოპოსი უმეტესად განრისხნებოდა მისზედა და ჰფუცა, ვითარმედ: „ხვალისა დღედ ფრიადითა უპატიოებითა მოვიყვანო იგი“.
და მას ღამესა გამოუჩნდა მღუდელსა, რომელი იგი პირველ ეჩვენა და ეტყოდა: „წარმოვედ შენ, რათა წარგიყვანო, სადაცა იყავ შეწყვდეულ ეპისკოპოსისა მიერ საპყრობილესა“. და წარუძღვა იგი და მიიყვანა მუნვე საპრობილესა და ვერარაჲ სცნა მესაპყრობილემან. და დღესა მეორესა სცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ: ხუცესი მუნ არს საპყრობილესა შინა. მაშინ მოუწოდა ხუცესსა და ჰკითხვიდა მას: „ვითარ განხვედ საპყრობილით და ვითარ კვალად შეხვედ უცნაურად მესაპყრობილისა?“ და ჰრქუა ხუცესმან, ვითარმედ: „ყრმა, ფრიად სახეშვენიერი, მოვიდა შენ მიერ, მეუფეო წმიდაო; მიბრძანა მე წარსლვად დაბასა, ეკკლესიასა ჩემსა. და განმიღო მე საპყრობილე და განმიყვანა მუნით და ვიდოდა წინაშე ჩემსა ვიდრე ერთ სტადიონადმდე. და კვალად მეორესა მას ღამესა მანვე მომიყვანა მე და შემსვა საპყრობილესა“.
და მოიყვანნა ეპისკოპოსმან ყოველნი მსახურნი თვისნი და დაადგინნა წინაშე ხუცისა და ვერცა ერთი მათგანი სცნა მღუდელმან. მაშინ გულისჴმა ჰყო სულითა წმიდითა ეპისკოპოსმან, ვითარმედ ანგელოსმან ღმრთისამან ჰყო ესე, რათა არა დაიფაროს კეთილი ცხოვრება პატიოსნისა ამის მღუდლისა, არამედ ყოველთა სცნან ძალი ღმრთისა, რომელმან ადიდნის მონანი თვისნი.
ხოლო ეპისკოპოსსა სარგებელ ეყო და განუტევა მღუდელი ღმრთისა მშვიდობით; და ფრიად საჯა, რომელმან შეასმინა იგი და შერისხნა, რათა არა სხვამან მოიღოს შესმენაჲ მღუდლისათვის. ღმერთსა ჩვენსა დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა იე [15]
უბრალოდ შესმენილისა ბერისათვის

იყო ვინმე ბერი ქალაქსა შინა ალექსანდრიისასა და ვიდოდა ერთისა ჰასაკოვანისა ქალისა თანა და ითხოვდა დღე ყოველ ქველისსაქმესა. ხოლო რომელნიმე მხილველნი მათნი დაბრკოლდებოდეს და ჰგონებდეს თუ ცოლი მისი არს. შეასმინეს იგი იოანე მოწყალესა მეტყველთა: „მეუფეო ღმრთისმსახურებისაო, სწორ ანგელოსთა ცხოვრებასა მონაზონთა სახესა ჰბასრობს ბერი იგი, რამეთუ ჰყავს ქალი ვინმე ცოლად თავისა თვისისა.
ხოლო მსმენელმან ამისმან, ნეტარმან იოანე, ჰგონა, ვითარმედ: დააყენოს ესევითარისა ცოდვისაგან. და წარავლინნა კაცნი, რათა შეიპყრან ბერი იგი და ჰგვემონ და შეაგდონ საპყრობილესა შინა და ქალი იგი განუტეონ. და ჰყვეს ესე ბრძანებისაებრ იოანესსა.
და მას ღამესა ეჩვენა ბერი იგი იოანეს და უჩვენა წყლულებანი ორისავე ბეჭისანი და ეტყოდა მას: „ესრეთ სათნო გიჩნდაა, უფალო? ჭეშმარიტად სცთი, ვითარცა ერთი კაცთა შორის!“
და ხვალისად მოეხსენა იოანეს ბერი იგი და მოუწოდა მას საპყრობილით. და განიზრახა გულსა თვისსა: უკეთუ მსგავსი მისი არს გამოჩინებული იგი, და ძნიად მოვიდა დიდითა შრომითა ბერი იგი შეუძლებელი ფიცხელთაგან წყლულებათა. ხოლო იხილა რა იოანე, განცვიფრდა და აიძულა იგი, რათა განიხადოს სამოსელი თვისი, შეუკდემელად და იხილოს ბეჭნი მისნი იოანე, უკეთუ ეგრეთ არს, ვითარცა ძილსა შინა იხილა. და იწყო ბერმან განძარცვა სამოსლისა თვისისა – კვართი ნიფხავითურთ. და იხილეს იგი, რამეთუ საჭურისი იყო, არამედ ვინათგან ჭაბუკ იყო, ამისთვის არა ვისგან საცნაურ იყო. ხოლო იხილეს რა წმიდამან იოანე და მუნ მყოფთა ყოველთა, ევედრნეს ბერსა მას მიტევებისათვის, ვითარმედ უმეცრებით ვსცოდეთ ღმრთისა მიმართ და შენდა მომართცა, წმიდაო ღმრთისაო. და შემასმენელი იგი ბერისა შეაგდო საპყრობილესა, რათა კვალად არღარა იქმნეს შემასმენელ.
ამისა შემდგომად ტკბილითა სიტყვითა ჰსწავლა ბერიცა იგი იოანე და ეტყოდა: „ჵ, შვილო, არა ეგრეთ არს ცხოვრება თქვენითა გვირგვინითა შემოსილისა და წმიდათა ანგელოსთაებრ სახითა, თვინიერ კრძალულებისა, ქალაქსა შინა დედათა თანა სლვაჲ დასაბრკოლებელად მხილველთა“.
მაშინ ბერმან მრავლითა სიმდაბლითა მოახსენა წმიდასა პატრიარხსა, ვითარმედ: „გრწმემინ ჩემი, მეუფეო წმიდაო, ესე ყოველი მართლიად აღვიარო წინაშე სიწმიდისა შენისა. პირველ მცირედთა დღეთა განვიდოდი ქალაქით თაყვანისცემად წმიდისა ამბა კვირიკესა. შემემთხვია მე გარე ქალაქისა ქალი ესე და იყო მწუხრი. მოისწრაფა ჩემდა და შემომივარდა ფერჴთა ჩემთა და მევედრა ფრიად და მეტყოდა, ვითარმედ: „წარმიყვანე შენთანა“. და აღმიარა შვილ ყოფა ჰურიისა და უნებდა ქრისტეანედ ყოფაჲ. და იწყო სჯად სიტყვითა საშინელითა, რათა არა დაუტეო იგი წარსაწყმედელად. და შემეშინა მე ღმრთისა და წარმოვიყვანე იგი; ვჰგონებდი, ვითარმედ: ვერ შემძლებელ არს ეშმაკი განსაცდელისა მოვლენად საჭურისსა ზედა და არა უწყოდი თუ არავის ჰრიდებს. და მირავედ მე სიწმიდესა ღმრთისასა, ლოცვა ვჰყავ და ნათელ ვეც მას წმიდისა თანა ამბა კვირიკესსა. და ვიდოდი მის თანა სიმართლითა გულისათა და ვითხოვდი მცირესა საზრდელსა, რათა მივსცე იგი მონასტერსა შინა ქალწულთასა“.
და ოდეს ესმა პატრიარხსა ესე ყოველი, ჰრქუა მას: „ჵ, შვილო, რაოდენნი დაფარულნი ჰყვანან ღმერთსა და ჩვენ გლახაკთა ამათ არა უწყით“. და მიუთხრა მუნ მყოფთა ყოველთავე ჩვენებაჲ, რომელი იხილა ღამესა მას მისთვის და მოიღო ასი დრაჰკანი და თვისითა ჴელითა მისცა ბერსა. ხოლო ნეტარმან მან ბერმან არარაჲ აღიღო მისგანი არცა ერთი, არამედ ღირსმან ხსენებისამან ჰრქუა: „მე არა მიხმან ესენი, მეუფეო წმიდაო, რამეთუ უკეთუ აქუნდეს ბერსა სარწმუნოებაჲ, ესე არად სახმარ არს მისთვის. და უფროსად დაუმტკიცებდა პატრიარხი ყოველთა მსმენელთა, ვითარმედ: ჭეშმარიტი მონა ღმრთისა არს. ხოლო ბერმან თაყვანი სცა პატრიარხსა და წარვიდა გვირგვინითა ბრწყინვალითა.
და მიერითგან პატრიარხი უფროსად პატივ სცემდა მონაზონთა, მწირთა და მოწლედ, სიყვარულით, კეთილად მიითვალვიდა. და ადგილსა ერთსა მყუდროსა აღაშენა სამარტვილე სადგურად მწირთა ბერთა, რათა მუნ განისვენებდენ და ადიდებდენ ღმერთსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი დაფარულნი, რამეთუ მისა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ივ [16]
მღუდლისათვის მოწყალისა

წმიდა გენადიოს პატრიარხი მივიდოდა ნაწილთა მიმართ წმიდისა მოწამისა ანასტასიასსა და სიმრავლე ერისა წინაუძღოდა მას სან­თლებითა და საკმეველითა. და იყო მათ შორის მღუდელი ვინმე პატიოსანი სახელით მარკიანე. და იგიცა, მათ ყოველთა მღუდელთა თანა, წინაუძღოდა პატრიარხსა. და გლახაკი ვინმე ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო მღუდელმან მან ღმრთისამან არა უგულებელს ჰყო იგი, არამედ ყოვლითა გულითა უსმინა. და მიეფარა ადგილსა საიდუმლოსა და განიძარცვა სამოსელი თვისი და მისცა გლახაკსა მას და თვით იქმნა შიშველ, გარნა ფილონითა ოდენ შემოსილ. და ჰქმნა სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ: „ყოველი რომელნი გთხოვდეს შენ, მიეც და ნუ გარემიიქცევი“[მთ. 5,42]. ხოლო შერავიდენ ქალაქად და ეკკლესიასა წმიდისა მოწამისა ანასტასიასსა, არავინ უწყოდა ქმნილი მისი ქველისაქმე. და ლიტანიობდენ პატიოსანთა ნაწილთა და განემზადებოდენ სამღთოსა მსახურებასა. მოიწია რა ჟამი ფერჴთბანისა, დაიფარვიდა ფილონითა თვისითა სამღთო მარკიანე, რათა არავინ იხილოს იგი, ვითარმედ შიშველი არს. ხოლო დიაკონნი და მღუდელნი ყოველნი და პატრიარხიცა ხედვიდეს მას ეკკლესიასა შინა, ვითარმცა სამეუფოჲთა ბრწყინვალითა სამოსლითა მოსილსა ფილონსა ქვეშე მისსა; ეგრეთვე, ოდეს ეზიარებოდეს წმიდათა საიდუმლოთა, იხილა ვინმე მღუდელთაგანმან ესრეთ ბრწყინვალედ მოსილი და შეასმენდა მას პატრიარხსა. და ჰრქუა მან: „მეცა ეგრეთ ვიხილე“. და აღსრულებასა სამღთოსა წირვისასა, მიუწოდა მას პატრიარხმან გენადიოს საჭურჭლესა შინა და იწყო მხილებად და ყვედრებად მისა მეტყველმან: „რაჲ ეგე გიქმნიეს, ძმაო, გარეშე ეკკლესიურისა სჯულისა, ჯერ არსაა შენდა სამოსლითა სამეუფოჲთა წირვაჲ?!“ ხოლო იგი სიმდაბლით შეუვრდებოდა ფერჴთა მისთა და ეტყოდა: „შემინდევ, მეუფეო წმიდაო, რამეთუ არარაჲ ეგევითარი მიცნობიეს თავსა შორის ჩემსა“. ეტყოდა მას პატრიარხი: „ჩვენ ყოველთა გიხილეთ შენ და რად უარ ჰყოფ?“ და მოუჴდეს შემასმენელნი და აღადგინეს იგი და ახადეს ფილონი და იხილეს გუამი მისი შიშველი.
მაშინ სცნეს ყოველთა ჭეშმარიტებით ქმნილი მისი ქველისაქმე და ადიდებდეს ღმერთსა, რომელი მოსცემს საიდუმლოსა მადლსა მოყვარეთა მისთა. და მიერითგან საცნაურ იქმნა მრავალთა მიერ მოწყალებითა გლახაკთათა ცხოვრება მისი. და თვით სიგლახაკით და მოთმინებითა მადლობდა ღმერთსა.
ხოლო, ნაცვლად კეთილისა მის მოქალაქობისა მისისა, მოსცა მას ღმერთმან ნიჭი სასწაულთმოქმედებისა: ეშმაკთა განასხმიდა, სნეულთა ჰკურნებდა და უდაბნოსა ადგილსა ვიდოდა, და სადაცა ჰპოვის მკუდარი უღვაწი კაცთაგან, განბანის იგი და შესუდრის, და ეტყვინ: „აღსდეგ, ძმაო!“ და მყის აღსდგის მკუდარი იგი და ამბორს უყვის მას, და კვალად შეისვენის მკუდარმან მან.
ხოლო ესე ნეტარი მღუდელი, მარკიანე, ღმერთმან ადიდა – ანგელოსნი აქებდეს, კაცნი ეკრძალვოდეს, ეშმაკნი ძრწოდეს და ყოველი ერი განკვირდებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა იზ [17]
ეპისკოპოსისთვის მუშაკისა და მოწყალისა

მოგვითხრობდა ვინმე მამათაგანი ეპისკოპოსისა პავლესთვის, რომელმან დაუტევა ეპისკოპოსობა თვისი სიმდაბლით და მივიდა ანტიოქიას. და იზარდებოდა მუშაკობითა თვისითა და იქმოდა ქველისაქმესა ფრიადსა.
მას ჟამსა შინა იყო ვინმე კაცი ღმრთისმსახური და ფრიად მოწყალე, სახელით ეჶრემ და აშენებდა იგი ქალაქსა, რომელი იყო ძრვისაგან დაქცეულ. ხოლო დღესა ერთსა, ჟამსა სამხრობისასა, ოდეს განისვენებდეს მუშაკნი, იხილა ეჶრემ ეპისკოპოსი იგი მჯდომარე და მისგან ვიდრე ცადმდე აღემართოდა სვეტი ნათლისა ცეცხლებრ ბრწყინვალე, და მიერითგან იხილა მრავალგზის. ხოლო მხილველი ამისი ეჶრემ იყო განკვირვებასა შინა დიდსა, რამეთუ იყო სასწაული საშინელი და საკვირველებითა სავსე. და განიზრახვიდა თავსა შორის თვისსა, თუ რაჲმე იყოს ესე? რამეთუ ჰხედვიდა მას ზედა კვართსა უნდოსა და ფრიად მწიკვლოვანსა. და სული კაცისა მის ღმრთისა იყო შეშთობილ მრავლისაგან მარხვისა და შრომისა და მიუწოდა მას ეჶრემ, რამეთუ უნებდა ცნობა მისი, თუ ვინ არს კაცი იგი, ანუ რომლისა ქვეყანისაგანი არს. და იწყო გამოკითხვად მისდა, მეტყველმან: „სადათგან ხარ შენ, ძმაო, და რაჲ გეწოდების სახელად?“ ხოლო მან მიუგო: „მე ერთი უნდოთაგანი, ობოლი ვარ ქალაქისა ამის, უფალო, და არარაჲ ვიცი მოქმედებაჲ, რათა გამოვიზარდო მით, თვინიერ შენებისა ამის, და ღმერთი მზრდის ნაშრომთაგან ჩემთა“. ხოლო ეჶრემ ღმრთისა მიერ აღძრულმან, მიუგო მას: „გრწმენინ ჩემი, ძმაო, არა გიტეო შენ, ვიდრემდის საქმე შენი, ყოველივე ჭეშმარიტი, არა მაუწყო მე; და არცა ღმრთისა სათნო არს დაფარვად ჩემგან“. მიუგო პავლე: „მეც მე წინაშე ღმრთისა სიტყვაჲ, რათა არავის მიუთხრა, რომელი გაუწყო შენ“. მაშინ უკუჱ ეფუცა მას ნეტარი ეჶრემ, ვითარმედ: არავის მიუთხრას მისთვის, ვიდრემდის ცხოვრებასა შინა იყოს.
ამისა შემდგომად ჰრქუა პავლე: „მე უნდოჲ ესე ეპისკოპოსი ვიყავ და ღმრთისათვის დაუტევე ეპისკოპოსობა ჩემი და მოვედ აქა, რამეთუ არავისი მეცნიერ ვარ და მრავლითა ჭირითა ვმუშაკობ და ნაშრომთაგან ჩემთა ვჰყოფ თავისა ჩემისა საზრდელსა და უმრავლესსა გლახაკთა მივსცემ. უწყოდე მთავარო, რამეთუ ესევითარი მსხვერპლი სიმდაბლისა უფროს სათნო არს ღმრთისა“.
ხოლო მსმენელი ამისი, ნეტარი ეჶრემ, აკურთხევდა ღმერთსა და იტყოდა: „ჵ, რაოდენნი საიდუმლონი სათნონი მონანი ჰყვანან ღმერთსა და მისსა ოდენ საცნაურ არიან!“ და ჰრქუა მას ეჶრემ: „შესძინე მოწყალებასა შენსა, მეუფეო, რამეთუ მცირედთა დღეთა შინა იქმნე შენ ეპისკოპოს უფლისა მიერ და მჯდომარე მღუდელმთავრობისა საყდარსა ზედა, რათა კეთილად ჰმწყსიდე ერსა ამის ქალაქისასა და ეკკლესიასა ღმრთისასა, რომელი მოიყიდა სისხლითა თვისითა ქრისტემან“. და შემდგომად იქმნა ეპისკოპოს განგებითა ღმრთისათა.
ვისმინოთ ესე, ძმანო, რათა ქრისტეს სიყვარულითა დავმდაბლდეთ და მოწყალებასა კეთილად ვიქმოდეთ და მართლითა სარწმუნოებითა ვიღვწიდეთ და სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა, ყოვლისა კეთილისა მიზეზსა, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა იჱ [18]
ზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთა

იყო კაცი ვინმე ღმრთისმოყვარე და ფრიად მოსურნე სამღთოსა მოქალაქობისა. წარვიდოდა დღესა დიდსა ხუთშაბათსა თაყვანისცემად წმიდათა მონასტერთა. ხოლო სლვასა მისსა უდაბნოსა ადგილსა, მოეფინა სუნი სუნნელებისა მიუთხრობელი და გამოუთქმელი. და მიმოიხედვიდა, რათა სცნას, თუ ვინაჲ არს სუნი იგი სუნნელებისა. და იხილა ღრუბელი ნათლისა და ღრუბელსა მას ზედა, ვითარცა საყდარსა ზედა, მჯდომარე მოხუცებული მონაზონი, სპეტაკი თმითა, განათლებული პირითა და გან­ბრწყინვებული ხილვითა. და ამაღლდა ქვეყანით ღრუბელი იგი და წარვიდა აღმოსავალით კერძო. ხოლო კაცმან მან განცვიფრებულმან, თუალნი ზე შეადგნა და სულთ ითქუნა.
და ვითარცა მოიხილა მარჯვენით კერძო, იხილა განშორებული ვინმე, თმითა თვისითა სპეტაკითა შემოსილი. და მიისწრაფა მისდა და თაყვანის სცა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: „გევედრები შენ, ღმრთივსულიერო მამაო, მომითხარ მე, ღმრთისათვის, თუ ვინ ხარ შენ წმიდა ეგე ღმრთისა, ანუ ვინ იყო ღრუბლითა მავალი ღმერთშემოსილი იგი კაცი ღმრთისა?“ მიუგო წმიდამან ბერმან და ჰრქუა: „ვინათგან კაცთმოყვარემან ღმერთმან გამოგიცხადა შენ, რათა არა დაიფაროს მოწყალება მისი, ჩემებრ გლახაკთა ზედა ქმნილი, არამედ სარგებელ ეყოსთ მსმენელთა, გითხრობ შენ, შვილო.
მე კაცი ვარ ცოდვილი, ნათესავით ანტიოქელი. და ვიხილე ამაოება სოფლისა და გულისჴმა ვჰყავ საცთური ეშმაკისა და ვიჯმენ ყოველთაგან საქმეთა მისთა და მოვედ უდაბნოსა ამას ადგილსა. და ყოვლითა გულითა ჩემითა შეუდეგ ქრისტესა და ვევედრები სახიერებასა მისსა, ცხოვნებისათვის სულისა ჩემისა.
ვინათგან დღეს წმიდა და დიდი ხუთშაბათი არს, რომელსა შინა სათნო იჩინა განმაცხოველებელი სერობა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, და თავი თვისი შესწირა მამისა მიმართ, ცხოვრებისათვის ჩვენისა; და მოიღო პური წმიდათა მიერ ჴელთა თვისთა და სთქუა: „მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“[1 კორ. 11,23-24].
ამისთვის ყოველსა ქრისტეანესა სურისთ და უმეტესად დღეინდელსა დღესა, მიღებად საიდუმლო წმიდისა ზიარებისა. მეცა, უღირსი ესე, ვევედრე მაცხოვარსა ჩვენსა, იესო ქრისტესა, რათა ღირს მყოს წმიდასა ჴორცსა და სისხლსა მისსა ზიარებად, და არა უღირს იჩინა ვედრება ჩემი.
არამედ, ვითარცა მიცვალებასა ყოვლადუბიწოსა ღმრთის­მშობელისასა, წამისყოფითა თვისითა ღრუბლითა შემოჰკრიბნა კიდითგან სოფლისათ წმიდანი მოციქულნი მწრაფლ – სიონსა მარიამის თანა, ეგრეთვე მანვე ტკბილმან მეუფემან და სახიერმან მომივლინა ღრუბლითა სათნო თვისი, წმიდა ტიმოთე მესვეტე და თანა ჰყვა ღმერთმყოფელი საიდუმლო, რომელსაცა მაზიარა მე, უღირსი ესე, ცხოვრებად საუკუნოდ“.
ესერა სთქუა კაცმან მან ღმრთისამან, დადრკა ღრუბელი ნათლისა და მისცუალა იგიცა, ვითარცა სათნო უჩნდა უფალსა.
ხოლო კაცი იგი ქრისტეს მოყვარე, განკვირვებული ადიდებდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, – და წარვიდა მონასტერსა წმიდისა ტიმოთესსა. იხილა იგი და თაყვანის სცა მას ნეტარსა. ხოლო ტიმოთე, დაფარულთა მცნობელმან, გულისჴმა ჰყო სულითა წმიდითა მიზეზი მისლვისა მისისა და ამცნო მას, რათა არავის უთხრას, ვიდრე ცხოვრებასა შინა იყოს.
ხოლო კაცმან მან, ქრისტეს მოყვარემან, ჴელითა წმიდისა ტიმოთესითა მოიღო სურვილით წმიდა ზიარება და მადლობით თაყვანის სცემდა ღმერთსა, რომელმან სამღთოსა განგებულებითა თვისითა ღირს ჰყო ესევითართა წმიდათა კაცთა ხილვად და თაყვანისცემად. და შემდგომად ტიმოთეს აღსრულებისა, ყოველთა მოგვითხრა, რათა მსმენელნი ვადიდებდეთ ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ით [19]
წმიდისა ზიარებისათვის და წინასწარმცნობელობისა

იყო წინამძღვარი ვინმე მთასა სინასა სახელით გიორგი, ფრიად დიდი და მაღალი სათნოებითა და დიდად კრძალული მოღვაწებითა. ამან, ღმერთ­შემოსილმან კაცმან, დიდსა შაბათსა, სენაკსა შინა მჯდომარემან, განიზრახა თავსა შორის თვისსა ესრეთ მეტყველმან: „ნეტარ, თუმცა ღირს ვიქმნებოდე დღეს წმიდასა შინა იერუსალიმს ზიარებად წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, წმიდასა შინა ღმრთისა ეკკლესიასა“. და დღე ყოველ ამას იგონებდა. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა მოწაფე მისი და ეტყოდა: „მიბრძანე მე, მამაო პატიოსანო, კანონი წმიდისა ზიარებისა“. ხოლო ბერმან ჰრქუა მას: „განემზადე, შვილო, და ოდეს იქმნას ჟამი ზიარებისა, მომითხარ მე. მაშინ მოვიდე და გაზიარო შენ“. და ესრეთ ეგო ბერი სენაკსა შინა თვისსა.
ხოლო იქმნა რა ჟამი სამღთოსა წირვისა და ზიარებისა წმიდასა ღმრთისა ეკკლესიასა ქრისტეს აღდგომისასა, იპოვა ღირსი იგი ბერი, წამისყოფითა ღმრთისათა იერუსალიმს შინა ნეტარისა პეტრე პარტიარხისა თანა. და მისცა მას პატრიარხმან წმიდა ზიარება მღუდელთა მისთა თანა. ხოლო იხილა რა პატრიარხმან ღირსი იგი ბერი, ჰრქუა მთავარდიაკონსა თვისსა: „ოდეს მოსრულ არს წინამძღვარი მთისა სინისა – გიორგი?“ მიუგო მას მთავარდიაკონმან: „მეუფეო წმიდაო, მე არა მიხილავს იგი პირველ, გარნა აწ ვიხილე ლოცვითა შენითა წმიდითა“. ხოლო პატრიარხმან ჰრქუა დიაკონსა: „მიუთხარ მას, რათა არა განვიდეს, რამეთუ მნებავს, რათა ჩემ თანა ზოგად მივიღოთ საზრდელი“. ხოლო დიაკონი ეტყოდა მას, და მან ჰრქუა: „უკეთუ უფალსა ენებოს, იყავნ ეგრეთ“. და ვითარცა აღესრულა წირვაჲ, თაყვანის სცა ღირსმან ბერმან წმიდასა და ნათლით შემოსილსა საფლავსა, და ამბორს უყო მოწლედ და სურვილით, – და მეყსეულად იპოვა თვისსავე სენაკსა შინა სინას. და აჰა, მოწაფემან მისმან დაურეკა კარსა და ეტყოდა: „მოვედ, ღმრთივსულიერო მამაო, რათა მომცე წმიდა ზიარებაჲ“. მაშინ მივიდა ბერი ეკკლესიად და აზიარა მოწაფე თვისი.
ხოლო პატრიარხმან სურვილით მისწერა წიგნი წინამძღვრისა მიმართ და წარგზავნა სამნი ბერნი – სტეჶანე, ზოსიმე და დოვლედია. და მირავიდეს, მიუთხრეს ესე ყოველნი წინამძღვარსა. და მან, ნეტარმან, მიუგო: „ნუ იყოფინ ჩემდა შეურაცხება უფლისა თქვენისა და მეუფისა ჩემისა“. შესძინა მას ესეცა თქმად, ვითარმედ: „უწყოდეს შენმან ნეტარებამან, მეუფეო წმიდაო, შემდგომად ექვსთა თვეთასა, ორნივე ზოგად შემთხვევად ვართ მეუფისა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა თანა და მაშინ თაყვანისცემად და ურთიერთას ხილვად“.
ხოლო მიიქცეს რა ბერნი, მიუთხრეს პატრიარხსა თქმული ღმერთშემოსილისა მის მამისა, და ვითარმედ სამეოცდაათი წელი აქუს წმიდასა ამას ბერსა გამოუსლველად მთისაგან სინისა. ხოლო წმიდამან პატრიარხმან მოიყვანნა მოწამენი ეპისკოპოსნი და მგალობელნი, რომელთა მაშინ იხილეს იერუსალიმს ყოვლადღირსი ბერი, და იგინი იტყოდეს: „ჩვენ ყოველთა ამბორს უყავთ მას, ნეტარსა“.
და შემდგომად ექვსთა თვეთა, შეისვენა სანატრელმან მამამან გიორგი და წმიდამან პატრიარხმანცა, ვითარცა წინასწარმეტყველა სულითა მხილველმან ბერმან, და მივიდენ ზოგად ზეცისა იერუსალიმსა, დიდებასა შინა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კ [20]
დაფარულთმცნობელობისათვის

იყო ვინმე მღუდელი ყოვლადპატიოსანი, სახელით ანასტასიოს დაბასა, რომელსა ჰქვიან სორინი. აქუნდა უკუჱ მღუდელობასა შინა ორმეოც წელ, მრავალნი სათნოებანი დაფარულად კაცთაგან, რათა „მამამან მისმან ზეცათამან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მიაგოს მას ცხადად“[მთ. 5,14].
ხოლო დღესა ერთსა, ვსხედით რა ერთბამად, სულითა წმიდითა ეუწყა საქმე მისი მამასა ჩვენსა დიდსა ვასილის და მრქუა ჩვენ: „ჵ, შვილნო ჩემნო, შემომიდეგით მე, რათა იხილოთ დიდება ღმრთისა“. და ვითარცა ჩვენ გამოვედით ქალაქით განთიად, ეუწყა ანასტასიოს მღუდელსაცა ძალითა სულისა წმიდისათა და ჰრქუა ცოლსა თვისსა, რომელი იგი იყო მისთანა, ვითარცა დაჲ: „დედოფალო ჩემო, მე წარვალ ხვნად და შენ აღსდეგ და მომზადე სახლი შენი. და მეცხრესა ოდენ ჟამსა აღანთენ სანთელნი და განვედ მარტოჲ მიგებებად მამისა ჩვენისა დიდისა ვასილი მთავარეპისკოპოსისა, რამეთუ მოვალს იგი სახლსა ჩვენ ცოდვილთასა განათლებად“.
ხოლო კეთილმან მან დედაკაცმან ჰყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ანასტასიოს მღუდელმან, შიშითა და სიხარულითა დიდითა. და იყო დედაკაცი იგი წმიდა და ქალწულად დაეცვა თავი თვისი ორმოც წელ ქმრისა თვისისაგან. ხოლო კაცთა ბერწ ეგონათ იგი.
და ვითარცა მივედით ჩვენ, მოგვეგება ღირსი იგი დედაკაცი ჯეროვნითა პატივითა და დავარდა იგი ქვეყანასა ზედა და თაყვანის სცა მიწადმდე. და აკურთხა იგი წმიდამან ვასილი და ჰრქუა: „ვითარ იყოფი შენ, დედაო ჩემო თეოღნია?“ და მას დიდად დაუკვირდა, რამეთუ სახელით უწოდა და მიუგო: „კეთილად ლოცვითა შენითა, წმიდაო ღმრთისაო“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „სადა არს ძმა შენი ანასტასიოს ხუცესი?“ ხოლო მან ჰრქუა: „ქმარი ჩემი არს, წმიდაო მეუფეო, და წარსრულ არს ჴვნად ველსა გარე; არამედ უკეთუ მიბრძანო, წარვიდე და ვაუწყო მას“. ხოლო წმიდამან ვასილი ჰრქუა მას: „ნუ დაშვრები, დედაო ჩემო, რამეთუ აჰა, მოსრულ არს იგი ვანად თვისსა“. და უფროსად დაუკვირდა დედაკაცსა მას, რამეთუ ესეცა ეუწყა, და სახელით უწოდა, და ქმარი მისი ძმად მისდა გამოაცხადა. და დავარდა იგი ქვეყანასა ზედა შიშით და ძრწოლით და ჰრქუა წმიდასა ვასილის: „ილოცე ჩემ ცოდვილისა ამის დედაკაცისათვის, წმიდაო მეუფეო, ღმრთისა მიმართ, რამეთუ ვხედავ შენ თანა საკვირველებათა დიდთა“. და ულოცა თეოღნიას და აკურთხა სახლი მისი.
ხოლო გამოვიდა მღუდელი იგი ღმრთისა მაღლისა და თაყვანის სცა მიწადმდე. და წმიდამან ვასილი მოიკითხა იგი სიყვარულით, ხოლო მღუდელმან ამბორს უყო ფერჴთა მისთა და ჰრქუა: „ვინაჲ ესე ჩემდა, რამეთუ მოვიდა ჩემდა წმიდა ღმრთისა“. და ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „კეთილად გპოვე, მწყემსო ქრისტესო, არამედ მოვედ და ვჰყოთ ლოცვაჲ“.
ხოლო მღუდელი იგი ღმრთისა იმარხვიდა ყოველთა დღეთა შაბათადმდე და არარაჲ სჭამის, გარნა შაბათსა და კვირიაკესა, პური და წყალი ოდენ მიიღის. და უბრძანა მას წმიდამან ვასილი, რათა სწიროს. ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, ვითარ ასწავებს სიწმიდე შენი? რამეთუ უმცირესი უფროსისაგან იკურთხოს, არამედ შენდა ჯერ არს წირვაჲ და კურთხევა ჩვენი“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „ყოველთა მაგათ სათნოებათა თანა, მოიგე მორჩილებაცა“. და იქმნა მორჩილ. და იწყო რა წირვად ღირსმან მან მღუდელმან ღმრთისამან და ჟამსა ჴელთა აპყრობისასა და მოწვევასა სულისა წმიდისასა, იხილა წმიდამან ღმრთისამან ვასილი სული წმიდა, გარდამოსრული და დადგრომილი სიწმიდესა მას ზედა.
და ვითარცა სრულ იქმნა სამღთო წირვაჲ, მადლი შევსწირეთ ღმერთსა და წარვედით სახლსა წმიდისა მის მღუდლისასა და მივიღეთ საზრდელი.
მერმე ჰრქუა წმიდამან ღმრთისამან ვასილი: „მითხარ მე, ძმაო პატიოსანო, თუ ვინაჲ გაქვს საფასე ესე, ანუ რაჲ არს საქმე შენი?“ მიუგო მღუდელმან მან და ჰრქუა: „ჵ, წმიდაო ღმრთისაო, მე კაცი ვარ ცოდვილი და ხარკი თანამაძს სამეფო და მიდგს ორი უღელი ჴართა. ერთითა უღლითა მე ვხნამ და მეორეითა – სასყიდლით დადგინებული ჩემი მუშაკი. ხოლო ერთი სახვნელი იქმან უცხოთათვის მომავალთა და მეორე იგი – ხარკისათვის“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „ეგე უწყოდი მე, ვითარცა არს, გარნა სხუანიცა სათნოებანი მომითხარ მე, პატიოსანო ძმაო“. მიუგო მღუდელმან მდაბალმან გულითა და ჰრქუა: „ყოვლადვე არარაჲ მაქვს კეთილი ქვეყანასა ზედა, წმიდაო მეუფეო, და უცხო ვარ ყოვლისაგან სათნოებისა“.
მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „აღსდეგ და მოვიდე მე შენთანა, ძმაო“. და მიიყვანა იგი ვასილიმ სახლსა ერთსა სახლისა მისისაგანსა და ჰრქუა: „განაღე, ძმაო, კარი სახლისა ამის“. ხოლო ჰრქუა მას მღუდელმან: „ნუ, წმიდაო ღმრთისაო, ნუ შეხვალ სახლსა ამას, რამეთუ სახლისა სახმარი სძევს მას შინა“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „მეცა ამის სახმარისათვის მოვედ აქა“. და ვითარ მან არა განუღო კარი იგი კლიტითა, მაშინ ვასილიმ განაღო ლოცვითა, რამეთუ გამოსახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და თვით დასცვივნეს კლიტენი. და იყო სახლსა მას შინა კაცი უძლური და ყოვლადვე დახსნილი ჴორცითა და არავინ იცოდა ადგილი მისი, გარნა მღუდელმან მან და დამან მისმან თეოღნია. მიუგო წმიდამან ვასილი და ჰრქუა: „რაჲსათვის ინებე, ძმაო საყვარელო, დაფარვად ჩემგან საიდუმლო ესე, ძვირფასი საუნჯე?“ ხოლო მან ჰრქუა: „რამეთუ არს ეგე, წმიდაო მეუფეო, გულფიცხელ და სულმოკლე ფრიად და მეშინოდა, ნუუკუჱ შესცთეს ეგე სიტყვითა რაჲთამე“. ჰრქუა მას წმიდამან ვასილი: „კეთილად გიღვწიეს ამისთვის ძმაო, გარნა მაცადე, რათა მეცა ვჰმსახურო მცირედ და მაქვნდეს შენ თანა მადლი მაგისი“. და დადგრა წმიდა ვასილი განრღვეულსა მას თანა და ჰყო ლოცვაჲ მის ზედა მკურნალმან მან მადლითა ღმრთისათა. და გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და ზე აღსდა ქვემდებარე იგი უძლური და ადიდებდა ღმერთსა.
ხოლო მღუდელმან ჰრქუა: „რაჲ ესე ჰყავ ჩვენდა, წმიდაო მეუფეო?“ და ამბორს უყვეს ურთიერთას და წარვედით.
ხოლო მხილველნი დიდებულისა ამის სასწაულისანი ვიტყოდით: „დიდება შენდა, საკვირველთმოქმედო ღმერთო, რომელმან ჰყვი ნება მოშიშთა შენთა, უფალო! და საკვირველ ხარ წმიდათა შორის შენთა, მეუფეო, რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

დასასრuლი პირველისა თავისა


თავი 2

სასწაულმოქმედებათათვის და საკვირველებათა

თხრობა კა [21]
ეპისკოპოსისა მიერ სასწაული

იყო ეპისკოპოსი ვინმე სახელით აჶელი ქვეყანისაგან არაბიისა. ამას ჰყვანდა დაჲ ქალწულთა წინამძღვრად. ხოლო ერთგზის მივიდა წმიდა იგი ეპისკოპოსი მონასტერსა მას ქალწულთასა ხილვად დისა თვისისა. და შესლვასა მისსა ბჭეთა შინა მონასტრისასა იხილა ერთი დაჲ ეშმაკთა მიერ ტანჯული და ქვეყანად დაკვეთებული, და გარდამოსდიოდა პერული.
ხოლო მოუწოდა ეპისკოპოსმან დასა თვისსა და ეტყოდა მას: „ესოდენი ჟამი არს, რომელ დაჲ ესე შეუპყრიეს ეშმაკსა და სტანჯავს ფრიად, ანუ არა უწყიაა, რამეთუ ყოველთა ამათ დათა გიტვირთავს სასჯელი, ვინათგან ხარ წინამძღვარ?“ მიუგო მან და ჰრქუა: „მე რაჲ ვჰყო, ძმაო, ეშმაკისა მიმართ?“ ჰრქუა მას ეპისკოპოსმან: „ესოდენი წელნი დაგიყოფიან მონასტერსა შინა და ანგელოსებრივი სახე მოგიღიეს; არა უწყიაა, რამეთუ ბრძოლაჲ მონაზონთა ეშმაკთა მიმართ არს? და უკეთუ იგი აქავე არა იძლიოს განდევნად, მერმესა მას საუკუნესა უმეტესად განძლიერდეს მტანჯველად“. და ვითარცა ესე სთქუა, ილოცა წმიდამან ეპისკოპოსმან და სასწაული პატიოსნისა ჯვარისა გამოსახა დასა მას ზედა, და განსდევნა ეშმაკი და განიკურნა დაჲ იგი. ხოლო მხილველნი ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ჰრქუა: „სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ“(მრკ. 16,17). მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კბ [22]
ბერმან ეშმაკი რა შეკრა ლოცვითა

იყო ვინმე ბერი წმიდა, სენაკსა შინა დამკვიდრებული. მივიდა მისსა ეშმაკი და ენება შესლვად სენაკად მისსა, ხოლო ბერმან ჰყო ლოცვაჲ და შეკრა იგი გარეგან კარისა. კვალად სხუაცა ეშმაკი მოვიდა და იგიცა შეკრა ბერმან ლოცვითა. და შესძინა სხვამანცა მისლვად და ვითარცა იხილნა ორნი იგი გარეგან კრულნი, ჰრქუა მათ: „რაჲსა სდგათ აქა გარეთ?“ და მათ ჰრქუეს მას: „ამისთვის, რამეთუ შინაგან ზის უძლიერესი და არა მიტევებს ჩვენ შესლვად“. ხოლო მან იხმია უმეტესი სიგლისპე და ჴელჰყო შესლვად. და ბერმან შეჰკრა იგიცა მადლითა ღმრთისათა, რომელმან „მოსცა ძალი და ჴელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა”[მრკ. 6,7]. მერმე შეეშინა მათ ლოცვისაგან მისისა და იწყეს ვედრებად მისსა და ეტყოდეს: „განგვიტევე, ბერო, რათა წარვიდეთ და არღარა მოგეახლნეთ შენ“. ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან: „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს თქვენთვის!“[მთ. 25,41] და იგინი კდემულნი ივლტოდეს. ხოლო ბერი მადლობდა და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კგ [23]
თუ ვითარ სიტყვით განსდევნა ბერმან
ეშმაკი კაცისაგან

მოვიდა ოდესმე ერთი ეშმაკეული სკიტეს და იყო მისთვის ლოცვაჲ ეკკლესიასა შინა ღმრთისა მიმართ. და არა განვიდა ეშმაკი მისგან, რამეთუ იყო ფიცხელ და სასტიკ. ხოლო იტყოდეს მნენი ეკკლესიისანი: რაჲ შეუძლოთ ეშმაკსა ამას ბოროტსა? რამეთუ არავის ძალუძს განდევნა მისი, თვინიერ ამბა ბესარიონისა, გარნა უკეთუ ვევედრნეთ მას ამის პირისათვის, არცაღა ეკკლესიად შემოვალს იგი სიმდაბლით. არამედ ესე ვჰყოთ: დავსდვათ ეშმაკეული ესე ადგილსა მისსა; და იგი შემოვალს უწინარეს ყოველთასა ეკკლესიად ცისკრისა ლოცვად და დასდგების ადგილსა თვისსა, ვრქუათ მას: „მამაო, განაღვიძე ძმა ეგე“.
ხოლო ჰყვეს ესრეთ. შევიდა წმიდა იგი ბერი ცისკრად და დასდგა ადგილსა თვისსა. ეტყოდეს იგინი: „მამაო, განაღვიძე ძმა ეგე“. ჰრქუა მას ამბა ბესარიონ: „აღსდეგ და განვედ გარე!” და მეყსეულად განვიდა მისგან ეშმაკი. და მიერ ჟამითგან განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ძალი და ჴელმწიფება კაცთა ეშმაკთა ზედა. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კდ [24]
მკუდრის აღდგინებისათვის ლიტონისა სიტყვითა

მოვიდოდა ერისკაცი ვინმე მთასა ანტონისასა მამისა სისოს მიმართ და ჰყვა მისთანა ძე და იგი მოუკუდა გზასა ზედა. და არა შეძრწუნდა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოება ფრიადი მამისა სისოს მიმართ. გარნა უწყოდა, უკეთუ განუცხადოს, არა ჰყოფს სასწაულსა სიმდაბლით. არამედ აღიკიდა ძე თვისი მომკუდარი და მოიღო სარწმუნოებით. და შეუვრდა ფერჴთა წმიდისა მის ბერისათა და თაყვანის სცა ძითურთ და ითხოვდა კურთხევასა, მეტყველი: „მამაო პატიოსანო, მაკურთხე მე და ძე ჩემი“. დაუტევა უკუჱ ძე წინაშე ფერჴთა მისთა და თვით გამოვიდა გარე, ხოლო ბერი ჰგონებდა, თუ თაყვანისცემად მისა ძევს. და ჰრქუა მას: „აღსდეგ, შვილო და წარვედ მამისა შენისა თანა“. რამეთუ არა უწყოდა თუ მკუდარ იყო. და მეყსეულად აღსდგა იგი და განვიდა გარე. ხოლო იხილა რა მამამან მისმან, განუკვირდა და დავარდა მიწასა ზედა და მადლობით თაყვანის სცემდა ღმერთსა და მონასა მისსა – მამასა სისოს. ხოლო მას რა ესმა, მწუხარე იქმნა, რამეთუ არა ენება გამოცხადებად სასწაული მისი. და ევედრა კაცსა მას, რათა არავის უთხრას, ვიდრე აღსასრულადმდე მისა. ღმერთსა ჩვენსა დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კე [25]
ლოცვითა მკუდრის აღდგინებისათვის

მონასტერსა იორდანის პირისასა ძმათაგანი ვინმე აღესრულა. მოიღეს ეკკლესიად და დარეკეს ძელსა, რათა შემოკრბენ ყოველნი ძმანი წარგზავნასა და უკანასკნელსა ამბორისყოფასა მისსა. მოვიდა ვინმე მარტომყოფი მონაზონი, რომელსა არა ეცნობა უძლურებაჲ ძმისა მის. იხილა რა მკუდარი იგი, ილოცვიდა და განხურდა გული მისი, თავსა შორის თვისსა მეტყველი: „რაჲ პასუხი მიუგო ქრისტესა, რაჟამს მეტყოდეს, ვითარმედ: „უძლურ ვიყავ, და არა მიხილე მე“[მთ. 25,43]. და მივიდა მკუდრისა მის და ჰრქუა: „აღსდეგ, ძმაო, რათა მოგიკითხო!“ და მყის ზე წარმოჯდა მკუდარი იგი. და ჰრქუა მას ბერმან: „ვითარ ხარ, ძმაო, სულიერო?“ ხოლო მან მიუგო: „კეთილად ვარ ლოცვითა შენითა, პატიოსანო მამაო“. მერმე ჰრქუა მას ბერმან: „აწ მიიძინე, ძმაო, ვიდრემდის ქრისტემან აღგადგინოს, მორავიდეს დიდებითა თვისითა“. და კვალად მიიძინა ძმამან მან მშვიდობით. ხოლო რომელთა იხილეს საკვირველი ესე სასწაული, ადიდებდეს ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კვ [26]
მკუდრის ლაპარაკისათვის

მოგვითხრობდა მამა სისო, მეტყველი: ოდეს ვიყავ სკიტეს მამისა მაკარის თანა, წარვედით ჩვენ შვიდნი მკად ყანისა. და აჰა, ერთი ქვრივი შეჰკრებდა თავსა ხუვილისასა და არა დასცხრებოდა ტირილისაგან. ხოლო მოუწოდა მამამან მაკარი უფალსა მის ყანისასა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „რაჲ არს ქვრივისა ამის, რამეთუ სტირს დაუცხრომელად?“ იგი ეტყოდა მას, ვითარმედ: „ქმარმან მისმან მიითვალა ნამარხევი ვისგანმე და მოკუდა მსთვად და არა უთქუამს ადგილი, თუ სადა დაუუნჯებია ოქრო იგი. და აწ უნებს უფალსა ოქროჲსასა წარყვანება მისი და შვილთა მისთა, სასყიდლად ოქროჲსა მისთვის“. და ეტყოდა მას მამა მაკარი: „არქუ მას, რათა მოვიდეს ჩვენდა, სადა განვისვენებდეთ“. და ვითარცა მოვიდა, ჰრქუა მას ბერმან: „რაჲსა ეგრე მარადის სტირ, დედაო?“ და მან ჰრქუა: „ქმარი ჩემი მოკუდა ანაზდად, და აღიღო ვისგანმე ოქროჲ და არა მითხრა მე, თუ სადა დასდუა ოქრო იგი, უფალო ჩემო“. ჰრქუა მას ბერმან: „წარმოვედ, დედაო, და მიჩვენე მე საფლავი ქმრისა შენისა“. და ვითარცა მივედით საფლავად, ილოცა ბერმან. და შემდგომად ლოცვისა უწოდა მკუდარსა სახელით და ეტყოდა: „შვილო ონუს, სადა უკუჱ დამარხე ნამარხევი იგი ოქროჲ?“ და მან ჴმა ჰყო მეტყველმან: „მამაო პატიოსანო, სახლსა შინა ჩემსა არს ფიცარსა ქვეშე, ცხედრისა ჩემისასა“. ჰრქუა მას ბერმან: „აწ მიიძინე, შვილო, ვიდრემდის იქმნას ყოველთა აღდგომა“.
ხოლო ჩვენ ვიხილეთ რა ესე საკვირველი სასწაული, შევსძრწუნდით შიშით და თაყვანის ვეცით ფერჴთა მისთა. და მან ნეტარმან მრქუა ჩვენ სიმდაბლით: „შემინდევით, ძმანო, მე ცოდვილსა, არათუ ჩემითა ძალითა იქმნა ესე, რამეთუ არარაჲ ვარ მე, არამედ ქვრივისა და ობოლთა მისთათვის ჰქმნა ესე ღმერთმან. ესე უწყი, უკეთუ სარწმუნოებით ვინ რაჲცა ითხოვოს ღმრთისაგან, ჭეშმარიტად მიიღოს“. და ვითარცა ესმა ესე ქვრივსა მას, ჰპოვა ოქრო იგი და მისცა უფალსა მისსა და განათავისუფლნა ძენი თვისნი. ხოლო მსმენელნი ამისნი ადიდებდეს ღმერთსა ჩვენსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კზ [27]
ყრმის განცოცხლებისათვის

ლაოდიკიისა ქალაქსა, იყო ვინმე მღუდელი პატიოსანი. ღამესა ერთსა მოვიდა ვინმე მღუდლისა თანა და ევედრებოდა ნათლისღებად შვილისა თვისისა, რამეთუ იყო იგი ჩჩვილ და მყის ეგულებოდა სიკუდილი. აღსდგა მღუდელი იგი მსწრაფლ სარეცელისაგან თვისისა, მივიდა და იწყო კითხვად წიგნთა ნათლისღებისათა; და მოიღო წყალი და ზეთი, და კითხვასა მისსა აღესრულა ყრმა იგი პირველ ნათლისღებისა. და აღიღო იგი მღუდელმან და დასდვა წინაშე ემბაზისა და ჰსთქუა: „გეტყვი შენ, ჩემ თანა მსახურსა ღმრთისასა ანგელოსსა, ჴელმწიფებითა მით, რომელი მოსცა ქრისტემან მოწაფეთა თვისთა „შეკრვად და განხსნად ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“[მთ. 18,18], მოაქციე სული ყრმისა ამის გუამადვე ამისსა, ვიდრემდის ნათელს იღოს, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა უნათლავისა სულისა ამის წარყვანაჲ. და უწყის მეუფემან ჩემმან, რამეთუ არა მცონარებითა ჩემითა მიქმნიეს, არამედ მამცნეს რა, მეყსეულად ვიწყე განათლებად ამისა“.
ამას რა იტყოდა მღუდელი იგი ღმრთისა ანგელოსისა მიმართ, კვალად მოეგო სული ყრმისა გუამადვე თვისსა და ნათელ სცა მას ჯერისაებრ, და შემდგომად ნათლისღებისა მიიცვალა იგი. საყვარელნო ძმანო, ისმინეთ, უკეთუ ანგელოსთა მიმართ ძალუძს სიტყვა მოძღვარსა, რაბამ უფროს კაცთა მიმართ?! დიდება ღმერთსა ჩვენსა, საკვირველთმოქმედსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კჱ [28]
ღმრთისმშობელისა მიმართ შევედრებულისათვის

იყო ვინმე კაცი, ქრისტეს მოყვარე, ალექსანდრიასა შინა, ღმრთისმოშიში, მოწყალე გლახაკთა და კეთილად შემწყნარებელი უცხოთა. ხოლო ესუა ცოლი ფრიად მშვიდი და მმარხველი მარადღე და ჰყვათ ასულიცა ექვსისა წლისა.
ხოლო დღესა ერთსა ქრისტეს მოყვარე კაცი იგი წარვიდოდა კოსტანტინუპოლის, ვინათგან იყო ვაჭარ. და დაუტევა სახლსა შინა ცოლი და ასული და მონა ერთი. და შერავიდოდა ნავად, ეტყოდა მას ცოლი მისი: „უფალო ჩემო, ვის შეგვედრებ ჩვენ?“ და ჰრქუა ქმარმან: „დედოფალსა ჩვენსა, ღმრთისმშობელსა”. და წარვიდა.
ხოლო დღესა ერთსა სჯდა რა დედაკაცი იგი ქმნად ჴელთსაქმრისა თვისისა და მის თანა ასულიცა მისი. ხოლო მონამან, ბირებულმან ეშმაკისაგან, განიზრახა სიკუდილი დედაკაცისა და ქალისა მისისა და წარღებად, რაჲცა აქუნდათ სიმდიდრე. და აღიღო მონამან ბოროტმან მახვილი სამზარეულოსი და მოვიდოდა სახლსა, სადა იყო დედოფალი მისი. ხოლო შესლვასა კარსა მის სახლისასა, იქმნა უხილავად შეპყრობილ და ვერღარა შეუძლებდა სახლისა მიმართ და ვერცა სამზარეულოსა შესლვად. იწყო ჴმობად დედოფლისა თვისისად, მეტყველმან: „მოვედ ჩემდამდე“. ხოლო იგი განჰკვირდა, რამეთუ სდგა მონა იგი შორის კარისა და უწოდს მას და უბრძანებდა: „შენ მოვედ, შვილო, აქა!“ – ვინათგან არა უწყოდა, თუ შეპყრობილ არს უხილავად. ხოლო იწყო მონამან ბორგვად და ჴმობად დედოფლისა მის, რათამცა მივიდა მახლობელად მისსა და იგი არა მივიდოდა. ხოლო ქალი იგი ეტყოდა: „მიტევე მე, დედაო, მისლვად“. და მან არცა იგი უტევა, არამედ ეტყოდა იგი სიმშვიდით: „უკეთუ გნებავს, ძმაო, შენ აქა მოვედ“.
მაშინ იხილა რა მონამან, რამეთუ ვერარას უძლო ქმნად, იცა მახვილი თავსა თვისსა და განიჭრა. ხოლო იხილა რა ესე დედოფალმან მისმან, მოუწოდა მეზობელთა. მოვიდეს და ჰპოვეს მონა ჯერეთ ცოცხალიღა და ესე ყოველი მისგან ეუწყათ. და მსმენელნი ადიდებდეს ღმერთსა და ყოვლად­წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, რომელმან აჩვენა ესევითარი საკვირველება და აცხოვნა მისდა შევედრებული დედაკაცი და ასული მისი და ვერარაჲ ავნო ეშმაკმან. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა კთ [29]
მარტვირისთვის, რომელმან იტვირთა ქრისტე

იყო ვინმე ბერი, ქრისტეს მოყვარე, გლახაკთ მოწყალე, ჭაბუკი ჰასაკითა და მხცოვანი გონებითა, წმიდა და უმანკო ცხოვრებითა, სახელით მარტვირი. ამას სანატრელსა აქუნდა უკუჱ ჩვეულება თვისით მონასტრით სხუად მონასტრად მისლვაჲ, სულიერისა მამისა მიმართ, ლოცვისა და კურთხევისა მოღებისათვის, რამეთუ აქუნდა მისდა მიმართ სასოება და სიყვარული ფრიადი.
ხოლო ერთგზის სლვასა მისსა ჰპოვა გზასა ზედა გლახაკი მდებარე, დაწყლულებული და დამბრმალი, მუნ მისლვად მნებებელი და ვერ შემძლებელი უძლურებითა. ხოლო ნეტარმან მარტვირი, იხილა რა იგი, შეეწყალა, და შეხვია ანაფორითა თვისითა და აღიკიდა იგი და მოიყვანა მონასტერსა მას. ხოლო ღმრთივსულიერმან მამამან მისმან წინასწარ იხილა სულიერითა თუალითა და ჴმა უყო თვისთა ბერთა: „მივედით და მსწრაფლ განუხვენით კარნი მონასტრისანი, რამეთუ საყვარელი ძმა, მარტვირი მოვალს ღმრთივ ტვირთული!“ და ვითარცა მოვიდა ბჭეთა თანა, მტვირთელი გლახაკისა და გარდამოიღო რა ბეჭთაგან თვისთა, მაშინ გამოუჩნდა მას სახითა, ვითარცა ხატი გამოწერილი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ამაღლდებოდა ცად. ხოლო მარტვირი ჰხედვიდა განცვიფრებით და თუალნი ზე შეადგნა. და აღმავალმან ჰრქუა მას: „ჵ, მარტვირი! შენ მე არა უგულებელს მყავ ქვეყანასა ზედა, მეცა შენ არა უგულებელს გყოფ ცათა შინა. შენ მოიხილე ჩემ ზედა წყალობით, ხოლო მე უკუნისამდე შეგიწყალო შენ“.
ამას რა ეტყოდა, უჩინო იქმნა თუალთაგან მისთა. და შერავიდა მონასტრად, ჰრქუა მას ღმერთშემოსილმან მამამან: „სულიერო ძმაო, მარტვირი, ვინ იყო, რომელი გეტვირთა შენ?“ ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „უკეთუმცა მეცნა, პატიოსანო მამაო, თუ ვინ იყო, მეპყრამცა ფერჴნი მისნი მტკიცედ და განმებანნა ცრემლითა“. მაშინ მიუთხრა ყოველთა ქმნილი იგი საკვირველი. და ჰკითხვიდა მას სულიერი იგი მამა: „მძიმე იყოა, შვილო საყვარელო?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა, პატიოსანო მამაო, ოდეს აღვიკიდე, ვერ ვაგრძენ სიმძიმე მისი, რამეთუ მეტვირთა მე უშრომელად, მტვირთველი ყოვლისა სოფლისა და მპყრობელი ცათა და ქვეყანისა, უფალი, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა ლ [30]
მთის აღმფხურველისათვის

ალექსანდრიის ქალაქსა შინა, იყო ვინმე ოქრომჭედელი, სახელოვანი ფრიად და შემკობილი ყოვლითა სათნოებითა. მივიდა მისა დედაკაცი ვინმე და ევედრებოდა შექმნად სამკაულისა თავისა თვისისათვის. ხოლო სიტყვისგებასა შინა იწყო დედაკაცმან სიტყვა, მსგავსად მეძავისა და შებრკოლებად მისა. და მიხედა ოქრომჭედელმან თუალითა ვნებულითა და მყის მოეხსენა სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა იტყვის: „უკეთუ თუალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან; რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რათა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეენიასა“(მთ. 5,29).
ესერა მოიხსენა, ჰრქუა დედაკაცსა მას: „მცირედ განმეშორე მე, რამეთუ მნებავს ყოფად ბრძანებულისა ჩემდა“. აღიღო დანა და იკრა თუალსა თვისსა მარჯვენესა და ჰსთქუა: „იხილე უფალო, რამეთუ დამცველ მცნებათა შენთა ვარ მე; და, ოდეს მეცა მიხმდეს შეწევნა შენგან, ნუ განმეშორები მონასა შენსა“. და იხილა რა დედაკაცმან საქმე ოქრომჭედელისა, ივლტოდა იგი შიშითა. და მივიდა სახლსა თვისსა და ამის საქმისა ხილვითა მოიქცა და განერა ყოველისაგანვე ცოდვისა.
ხოლო იყო ბოროტად მტანჯველ ქრისტეანეთა, რომელსა ეპყრა ალექსანდრია. და ღმრთისა მიერ მიშვებითა უფლებდეს სარკინოზნი ეგვიპტეს და ყოვლითურთ სტანჯვიდეს ქრისტეანეთა და აიძულებდენ უარისყოფად ქრისტესა და ზიარებად შეგინებულისა მაჰმადისა სარწმუნოებასა. ხოლო განიზრახა ბოროტად მტანჯველმან ესრეთ – მოუწოდა ეპისკოპოსსა და მოძღვართა ქრისტეანეთასა და ეტყოდა: „ისმინე, ჵ, ეპისკოპოსო! ითქმის სიტყვათა ქრისტეს შენისათა, ვითარმედ: „უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება მართალი და ჩემ მიერ ჰრქუათ მთასა ამას, აღიფხუარ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრეთ“[მთ. 21,21].
ხოლო, აჰა, მთა არს აქა, ყოველთა სახილველ ქალაქისა ამის, რომლისა სახელი ადარ. აწ უკეთუ არს ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსა თქვენ ჰმონებთ, ქრისტესა და სარწმუნოება, რომელი გიპყრიესთ და უმჯობეს ჰგონებთ ყოველთასა, განვედით მთისა მიმართ ადარისა და არქუთ სახელი უფლისა ღმრთისა თქვენისა. უკეთუ ისმინოს თქვენი და აღიფხურას და შთავარდეს მდინარესა მას ნილოსისასა, მიერითგან განთავისუფლდეთ და კეთილად ჰმსახურეთ ქრისტესა ღმერთსა თქვენსა, და სასწაულისა მიერ ჩვენცა გურწმენეს იგი; უკეთუ არა, ყოველი სიმდიდრე თქვენი შეიღოს საუნჯესა მეფისასა და თქვენ ყოველნი გარე ქალაქისა ამის ზღუდისა განიყარნეთ სიმყრალესა შინა“.
მაშინ მიუგო ეპისკოპოსმან და ჰრქუა: „სიტყვასა, რომელსა იტყვი, ჭეშმარიტ არს და ჩვენ უღირსთა მიერ შეუძლებელ არს ეგევითარისა სასწაულისა ქმნად, არამედ გმობისათვის მაგის შენისა, რომელსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესზე იტყვი, გვიტევე ჩვენ დღე რვაჲ, რათა ვილოცოთ უფლისა და ღმრთისა ჩვენისა მიმართ. მრწამს, ვითარმედ: მონათა თვისთა ვედრება არა უგულებელს ჰყოს, რამეთუ წერილ არს: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრება მათი ისმინოს და აცხოვნნეს იგინი, ვითარცა ესვენ მას“[ფს. 144,19].
ხოლო ესმა რა ესე უსჯულოსა მას ბარბაროზსა, სიცილით ეტყოდა, ვითარმედ: „მე ვჰგონებდი, თუ ვედრებასა ყოფდით ჩემდა მომართ და ნაწილსა მონაგებისაგან თქვენისა მისცემდით მოლარესა მეფისასა, ხოლო თქვენ საქმესა ამას ზედა კადნიერ იქმნენით, რომლისა არა შესაძლებელ არს ყოფად, არცაღა მაჰმადისაგან, რომელსა ყოველი არაბისტანი და ბარბაროზნი სარწმუნოებით თაყვანის სცემენ“; და განუტევნა იგინი რისხვით და აღთქმულნი დღენი აღწერნა, რომელიცა ითხოვეს.
ხოლო ეპისკოპოსმან შემოიკრიბნა ყოველნი ქრისტეანენი, რაოდენნიცა იყვნეს ქალაქსა და ყოველთა საზღვართა მისთა, ვითარ სამ ათას ოდენ კაცნი თვინიერ ყრმებისა და დედებისა. მიუთხრა მათ მძლავრისა ჴელმწიფება და ბოროტჴელოვანი ზრახვაჲ. ხოლო იგი მიერითგან მთისათვის ილოცვიდა და უბრძანა ყოველთა ერთბამად მხურვალედ ვედრებად და ღამისთევით წარდგომად წინაშე ღმრთისა.
და შემდგომად ამისა მოვიდა დედაკაცი იგი ეპისკოპოსისა მიმართ და მიუთხრა მას ზემოთქმულისა მის ოქრომჭედლისათვის. და აღუარებდა მას: პირველ, თვისსა განზრახვასა ცოდვისასა და შემდგომად, მისსა მტკიცესა სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართ, რამეთუ: „არა სცთაო ჩემითა მეძავობითა და საცთურისა სიტყვითა და არა ჰრიდა თავსა თვისსა, და მარჯვენე თუალი თვისი აღმოიხადა“.
ხოლო ესერა ესმა ეპისკოპოსსა, განჰკვირდა და ვერ ჰპოვა იგი შემოკრებულსა მას კრებულსა შინა და წარგზავნა მისა კაცი მოყვანებად. ხოლო მორავიდა, ეტყოდა მას ეპისკოპოსი: „ძმაო, განსაცდელი დიდი აღდგომილ არს ჩვენ ზედა, მოძულეთაგან ჩვენთა“ და სრულიად აუწყა მძლავრისა მის განზრახვაჲ. და მან ჰრქუა: „წმიდაო მეუფეო, ჩვენ ყოველნი თანამდებ ვართ ლოცვისა და ვედრებისა და „რომელი შეუძლებელ არს კაცთაგან, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს”[ლკ. 18,27].
და დღესა მესამესა განვიდენ მთისა მიმართ ადარისა და მოვლეს იგი სამგზის გარემოს მისა ლიტანიითა. და მერმე დასდგენ წინაშე მთისა და მოუწოდა ეპისკოპოსმან ოქრომჭედელსა მას და ჰრქუა: „ჵ, შვილო, აწ ჯერ არს შენდა ჩვენებად სარწმუნოებისა, რათა ჰრცხვენეს მძლავრსა, მოქადულსა მაჰმადსა ზედა და რათა დაემტკიცნენ სვეტნი ქრისტეს ეკ­კლესიისანი და დასცხრეს მგლოვარება ქრისტეანეთა“.
მაშინ თაყვანის სცა სიმდაბლით ოქრომჭედელმან წმიდასა ეპისკოპოსსა და მიუხდა მთასა მას. ევედრებოდა ღმერთსა და იტყოდა: „უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეისმინე ვედრება მონათა შენთა და ნუ მისცემ წარსაწყმედელად სამწყსოსა შენსა მტერთა შენთა, რათა არა განმართლდენ მოძულენი ჩვენნი, მეტყველნი ჩვენდა ვითარმედ: „სადა არს ღმერთი თქვენი?“ რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან აღუთქუ თვისთა მოციქულთა, მეტყველმან: „უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცუალი მდოგვისა, და არა შეორგულდეთ და ჰრქუათ მთასა ამას აღიფხუარ და შთავარდი ზღუასა, და იყოს ეგრეთ“(მთ. 21,21). და აწ უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდება“. და ესრეთ თქმასა მისსა ზედა, ეჰა, საკვირველებათა შენთა ღმერთო! შეიძრა ადგილი იგი და აღიფხვრა მთა იგი ადარისა და დაეცნეს ყოველნი ერნი პირსა ზედა და იქმნა ღაღადება ფრიადი ქალაქსა შინა; რამეთუ შეიმუსრვოდეს პალატნი და დაეცემოდეს ზღუდენი და გამოვიდეს ბარბაროზნი და იხილეს საშინელი სასწაული ესრეთ – მთა მიმავალი თვისისა ადგილისაგან ნილოსის მდინარისა მიმართ. და ყოველნი ქვე დავარდებოდეს და ევედრებოდეს ქრისტეანეთა, დაყენებად მთისა მის სლვისაგან, რათა სხუანიცა ქალაქნი და პალატნი არა დაირღვენ.
მიუგო ეპისკოპოსმან და ჰრქუა: „არა, ძმანო, არა არს საქმე ჩვენი, არამედ თქვენისა ნებისა, ვითარცა იტყოდით გმობასა ცხოველისა ღმრთისასა, და შეურაცხ ვიქმნენით ჩვენ მაღალ ზრახვითა თქვენითა. და სიმდაბლესა შინა ჩვენსა, მომიხსენა ჩვენ უფალმან. რაჲმე ვჰყოთ, უკეთუ მოავლინოს რისხუა მისი? არათუ მხოლოდ ქალაქნი დაირღვენ, არამედ თქვენცა ყოველნი მოსწყდეთ“.
მაშინ აღუთქმიდეს ყოველნი ნათლისღებად. კნინღა და მიახლებულ იყო მთა იგი ნილოსის მდინარესა, ხოლო ეპისკოპოსი იგი ევედრა ღმერთსა და დასდგა მთაჲ და დასცხრა ძრვაჲ იგი ქვეყანისა. და მრავალთა ბარბაროზთა რწმენა იესო ქრისტე და ნათელ იღეს, და ცრუ მაჰმად შეაჩვენეს. ხოლო უღთოთა მათ აღუთქვეს ფიცით, რათა მიერითგან არღარა იტანჯნენ ქრისტეანენი მათგან, არამედ ადიდებდენ ქრისტესა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლა [31]
ეკკლესიისა განმღებელისათვის

მწიგნობარი ვინმე მეფისა და ფრიად მოყვარე ღმრთისა მოგვითხრობდა მეტყველი: მწუხრი პარასკევისა, წარვედ ეკკლესიად წმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნად. მენება სურვილით განძღომაჲ გალობითა, კითხვითა და კეთილ მდგომარეობითა ლოცვითა. და ვითარცა ვსდეგ მუნ, ვედრებასა და გალობასა შინა, აჰა, შუაღამეს ვიხილე კაცი ვინმე საგლახაკოსა სამოსლითა შემოსილი, გულსმოდგინედ მვედრებელი ცრემლითა მხურვალითა. და განვჰკვირდი ესევითარსა სიმდაბლესა და ლმობიერებასა მისსა ზედა. ხოლო ჟამსა ქათმის ჴმობისასა განვიდა და მეცა განვედ უკანით მისსა. და ვითარცა მივიდა ეკკლესიასა იოანე ღმრთისმეტყველისასა, კართა წინაშე მუხლი მოიდრიკნა და ილოცა. და დახშულნი იგი კარნი განეხვნეს მას და შევიდა შინა. ხოლო მე ვსდეგ გარე ადგილსა საიდუმლოსა და განკვირვებულ ვიქმენ ქმნილისათვის ამის სასწაულისა. ხოლო მან ილოცა და გამოვიდა ეკკლესიით. და მეყსეულად კვალად თვით დაიხშნეს კარნი ეკკლესიისანი. და იგი წარვლიდა უბანთა დიდისა ეკკლესიისა სოჶია წმიდისათა და მე შეუდეგ მას. და შევიდა რომელსამე უნდოსა სახლსა და დახშნა კარნი. ხოლო მე გამოვნიშნენ კარნი იგი და მოვიქეც თვისსავე საქმესა ზედა.
ხოლო შაბათსა და კვირიაკესა არა წარვედ ძიებად კაცისა მის ღმრთისა, არამედ წარვედ ორშაბათსა და ვჰპოვე ნიშანი, რომელი იყო ჩემ მიერ. და ვიხილე მუნ ცოლი მისი მჯდომარე, და ვკითხევდი მას: „დაო ჩემო, სადა არს კაცი იგი, რომელი იყოფის აქა?“ ხოლო მან მრქუა: „ქმრისა ჩემისათვის იტყვია, უფალო?“ და მე ვარქუ: „ჰე, მას ვიტყვი, რომელი ცხოვრებს აქა“. და მან მრქუა: „უფალო ჩემო, არავინ სხუა იყოფის აქა, გარნა მე და ქმარი ჩემი; და არს იგი მეხამლე და წარვიდა განსყიდვად ჴელთსაქმრისა თვისისა. და რაჲსათვის ეძიებ მას, უფალო ჩემო?“ ხოლო მე ვარქუ: „მნებავს, რათა მიქმნას მე ჴამლნი“. და მან მრქუა: „უკეთუ გნებავს, უფალო ჩემო, მოუცადე მცირედ და მოვიდეს იგი“. ხოლო მე აღმოვიღე სამი დრაჰკანი და მივეც მას და ვარქუ: „წარვედ, დაო ჩემო, და გვიყიდე ჩვენ საზრდელი, რათა ერთბამად ვისადილნეთ აქა.“ და მან მრქუა: „უფალო ჩემო, უნდოსა და მყრალსა ამას სახლსა შინა გნებავსაა სადილობად?“ და ვარქუ მას, ვითარმედ: „არარაჲ უჯერო არს აქა სადილობად, ვინათგან შორს არს სახლი ჩემი და არა ძალმიძს წარსლვად მუნ და კვალად აქავე მოსლვად“. წარვიდა იგი და იყიდა, რაოდენიცა ვარქუ მას და მოიღო. და აჰა, შემოვიდა ქმარი მისი, მიხილა მე და თაყვანის მცა და მრქუა: „რაჲსათვის მოსრულ ხარ, უფალო ჩემო, აქა?“ ხოლო მე ვარქუ: „მნებავს, ძმაო, შემზადებად ჩემდა ჴამლნი“. და მან მრქუა მე: „უფალო ჩემო, არა ვარ ეგევითარი ჴელოსანი, რათა გიქმნე შენ სათნონი“. და მე ვარქუ: „მსახურთა ჩემთათვის მიქმენ მე, ვითარიცა იყოს, გარნა ვისადილნეთ, ძმაო, ერთბამად აქა და შემდგომად სადილისა განვიზრახოთ“.
ხოლო სადილობასა ჩვენსა ზოგად ვზრახევდით სიტყვათა სულიერთა. და შემდგომად სადილისა ვარქუ ცოლსა მისსა: „განვედ შენ გარე, დაო ჩემო, მცირედ, რამეთუ მაქუს რაჲმე თქმად ამისდა თვისაგან“. და ვითარცა განვიდა იგი, ვარქუ მას: „ძმაო ჩემო საყვარელო, მე გიხილე შენ პარასკევსა გულსმოდგინედ მლოცველი ეკკლესიასა შინა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. და ვითარ გამოხვედ ჴმობასა ქათმისასა, გამოვედ მეცა უკანით შენსა და ვითარ მოხვედ ეკკლესიასა წმიდისა იოანე ღმრთისმეტყველისასა, გიხილე შენ სამგზის თაყვანისმცემელი. და განგეხვნეს შენ კარნი თვით და შეხვედ ეკკლესიასა და შემდგომად გამოსლვისა შენისა თვითვე დაიხშნეს. და ესე ყოველი რა ვიხილე, განვიზრახე, ვითარმედ მონა ღმრთისა ხარ შენ და ამისთვის აღვიძარ მოსლვად შენდა და გევედრები, ძმაო, რათა არა დაფარო სათნოება შენი ჩემგან, რათა მეცა ამათ მობაძავ ვიქმნე და მივემთხვიო მოტევებასა ცოდვათა ჩემთასა”. ხოლო იგი, მსმენელი ამისი ჩემგან, სდუმნა და შემდგომად მცირედისა მრქუა მე: „უფალო ჩემო, მე ყოველისა სათნოებისაგან უცხო ვარ, არამედ ვინათგან მაიძულებ მე თქმად შენდა, ვითარცა განუძლიერებივარ მე ღმერთსა, და რომელსა ვჰყოფ, არა დაუფარო კეთილნათესაობასა შენსა, გარნა გევედრები ღმრთისათვის, ნუვის მიუთხრობ ჩემთვის, ვიდრე მიმცვალოს მე ღმერთმან. აჰა, მხედავ მე, რომელი ჴელოვნებასა მეჴამლობისასა ვჰყოფ, ამის ნამუშაკევსა განვჰყოფ სამ წილად: ერთსა თვისად სახმარად, მეორესა მივსცემ გლახაკთა და მესამესა სასყიდლად საქმისა ჩემისა ვჰყოფ. ხოლო ვიმარხავ მარადღე მწუხრისა ლოცვადმდე, მცირედ მივირული და ვილოცავ ღამე ყოველ დაუცხრომელად. და არს ოცდაშვიდი წელი, რომელ შეუღლებულ ვართ და დაგვიცვნა ჩვენ უფალმან ღმერთმან ქალწულად. ამას ვჰყოფ მე მონა შენი, უფალო“.
ხოლო მე, ესე ყოველი რა მესმა, ვადიდებდი ღმერთსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი საიდუმლო მონანი. და შემდგომად აღსრულებისა მისისა, მიუთხარ ყოველთა სარგებელად სულისა. და მსმენელნი ადიდებდენ ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლბ [32]
წვიმის მომყვანელისათვის

იყო ოდესმე ქვეყანასა კვიპრიისასა ფრიადი უწვიმრობაჲ და ევედრებოდა ღმერთსა მისთვის, მის ქვეყანის ეპისკოპოსი, რათა მოსცეს უფალმან წყალობა თვისი და გარდამოხდეს წვიმაჲ. და იყო მისა მიმართ ჴმაჲ ზეცით მეტყველი: „წარვედ განთიად ქალაქისა ბჭისად და რომელიცა იხილო პირველ შემომავალი, იპყარ იგი, რათა ილოცოს და მოვიდეს თქვენ ზედა წვიმაჲ“.
ხოლო ჰყო ესრეთ ეპისკოპოსმან და წარვიდა კრებულით თვისით და დასჯდა ქალაქისა ბჭისა წინაშე. და აჰა, ესერა შემოვიდა მოხუცებული ერთი, რომელსა ეკიდა ტვირთი შეშისა განსყიდვად. ხოლო აღსდგა ეპისკოპოსი და იპყრა იგი. და მეყსეულად განაგდო შეშა იგი ბეჭთაგან თვისთა მოხუცებულმან და თაყვანი სცა ეპისკოპოსსა და ეტყოდა: „შემინდევ მე, მეუფეო წმიდაო, და მაკურთხე გლახაკი ესე“. ხოლო ეპისკოპოსმანცა ამბორს უყო მას და ეტყოდა: „ამბა, მამაო, ღმრთისა მიმართ ილოცე, რათა მოგვივლინოს ჩვენ უფალმან თვისი წყალობა და იქმნას ქვეყანასა ზედა წვიმაჲ“. ხოლო იგი ჰყოფდა თავსა თვისსა უღირსად და ვერ შემძლებელ, გარნა აიძულებდა მას ეპისკოპოსი, რათა ილოცოს. და მორჩილებითა ეპისკოპოსისათა მოიდრიკნა მუხლნი მოხუცებულმან და ილოცა; და გარდამოხდა წვიმაჲ.
და კვალად ევედრებოდა მას ეპისკოპოსი და ეტყოდა: „ჰყავ სიყვარული, მამაო, და სარგებელისათვის გვარქუ ცხოვრება შენი, რათა ჩვენცა ვებაძვნეთ“. და ჰრქუა მოხუცებულმან: „შემინდევ მე, მეუფეო წმიდაო, რამეთუ ცოდვილ ვარ და სიგლახაკესა შინა შობილი და არარაჲთ განსვენებისა მქონებელი, რომლითამცა სულსა ჩემსა ნუგეშინის ვსცე. არამედ ვითარცა მხედავ მე, განვალ ქალაქისაგან და შევიკრებ ტვირთსა შეშისასა და განვჰყიდი მას და ვიყიდი პურსა საზრდელად ჩემდა, რათა ვსჭამო მწუხრი. და უმეტესსა მივსცემ გლახაკთა და არარას დაუტეობ ხვალისად. და უკეთუ იყოს ზამთარი, ანუ ნეფხუაჲ დღე ერთი, ანუ ორი, ვიქმნები მშიარ, მაქებელი და მადიდებელი ღმრთისა, ვიდრემდის იქმნას სიტფოჲ, და კვალად შეუძლო განსვლად და მოღებად შეშისა“.
ხოლო არა მცირედ სარგებელ ეყო ეპისკოპოსსა კრებულით თვისით და მსმენელნი ადიდებდეს ღმერთსა და ეტყოდეს მოხუცებულსა მას: „ჭეშმარიტად შენ ხარ აღმასრულებელი წერილისა მის, რომელი იტყვის: „მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა“(ფს. 118,19). და წარიყვანა ეპისკოპოსმან და გამოზარდა მოხუცებული იგი. და მისცა განსვენება კეთილად ვიდრე მიცვალებადმდე მისა ღმრთისა მიმართ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლგ [33]
პურის განმამრავლებელისათვის

იყო წმიდა მამა ჩვენი, დიდი ევთიმი ლავრასა თვისსა ძმათა თანა ნაკლულევან და უპოვარებასა მრავალსა, ვინათგან ყოველთა განუყოფდა მოწყალებასა და მადლობით ითმენდა ღმრთისათვის სიგლახაკესა. ხოლო შეემთხვია ოთხასთა კაცთა იერუსალიმით იორდანედ სლვაჲ და მიიქცეს მარჯვენით კერძო და მივიდეს ლავრასა მამისა ევთიმისასა. ხოლო იხილა რა ბერმან, მოუწოდა კელარსა დომენტიანეს და ჰრქუა: „დაუგე კაცთა ამათ, შვილო, ჭამადი.“ ხოლო მან ჰრქუა: „არა მაქუს პური, მამაო, რათა ათთა კაცთა კმა ეყოს, და ვითარ შეუძლო ესოდენთა კაცთა დაგებად?!“ ხოლო წმიდამან ევთიმი უწყოდა მადლი უცხოთმოყვარებისა, და ჰრქუა წყალობისა ჴმითა: „წარვედ, შვილო, და ვითარცა გარქუ, ეგრეთ ჰყავ! რამეთუ ესრეთ იტყვის: „ჭამად აქუსთ და დაშთესცა“. და წარვიდა კელარი საპურედ და ვერღარა უძლო განღებად კარისა, რამეთუ მადლითა ღმრთისათა და ლოცვითა მამისა ევთიმისათა აღვსილ იყო სახლი იგი საპურე და ძლით უძლო შესლვად სიმრავლისაგან პურისა. ეგრეთვე მითვე ლოცვითა იქმნა ღვინო და ზეთი განმრავლებულ. სჭამეს ყოველთა და განძღეს და სამ თვე კმასაყოფელ იყო ძმათა.
ესე სასწაული ჰყო ღმერთმან, მონისა თვისისა ევთიმის მიერ უცხოთმოყვარებისათვის მიმადლა კურთხევა და განმრავლება პურთა. ხოლო დომენტიანე კელარი განკვირვებული ჰმადლობდა ღმერთსა და შეუვრდებოდა ფერჴთა წმიდისა ევთიმისათა და ითხოვდა შენდობასა. ხოლო ბერმან აღადგინა იგი და ჰრქუა: „შვილო, მთესავი კურთხევითა კურთხევითავე მოიმკის. უცხოთმოყვარება არა დავარდების. რამეთუ ჰსთქუა მოციქულმან ვითარმედ: „ამის გამო ვიეთმე არა უწყოდეს და რეცა ანგელოსნი ისტუმრნეს“[ებრ. 13,2]. გულსმოდგინე იქმენ, შვილო, მოწყალებასა და უცხოთმოყვარებასა ზედა, რამეთუ ესევითარსა მსხვერპლსა სათნოდ მიითუალავს ღმერთი, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა ლდ [34]
საზრდელის განმრავლებისათვის

იყო ვინმე ბერი წმიდა მახლობელ იერუსალიმისა უდაბნოსა, სახელით თეოდოსი. სიყრმითგანვე სათნოდ ღმრთისა ცხოვრებდა, მარხვითა და ლოცვითა და მღვიძარებითა, და გარდამატებულსა მოწყალებასა ჰყოფდა გლახაკთა მიმართ. ხოლო მადიდებელთა მისთა მადიდებელმან ღმერთმან ჰყო იგი მამა მონასტრისა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, რომელსა შინა ნეტარი ესე დიდსა გულსმოდგინებასა ჰყოფდა გლახაკთა ზედა. რამეთუ იყო მუნ ერთა სიმრავლე და გლახაკთათვის სახმართა განაგებდა: რომელნიმე საზრდელსა, რომელნიმე სამოსელსა, ხოლო სხუანი სხუათა სახმართათვის მოვიდოდეს და ყოველთავე წმიდა იგი მოუკლებელად მისცემდა. და მრავალგზის ქალაქად მივიდოდა, მოხილვად სნეულთა და საპყრობილესა შინა მყოფთა; და ყოველთა სახმარსა მისცემდა მოუკლებელად, და სნეულთა სურვილით ამბორს უყოფდა. და ყოველთავე საზრდელსა თვისითა ჴელითა მიართმიდა და მკუდართა განჰბანდა თვისითა ჴელითა და მოწაფეთა თვისთა თანა საფლავად მიიღებდა. ობოლთა და ქვრივთა მიმართ, ვითარცა წყარო, მისდიოდა ჴელისაგან მისისა ნუგეშინისცემად ქველისსაქმე. ხოლო თქმა განმარტებული იყო, ჭეშმარიტად: თუალ ბრმათა, წინამძღვარ მკელობელთა, მკურნალ სნეულთა, სამოსელ შიშველთა და საზრდელ მშიართა, რამეთუ დასდგმიდეს ყოველსა დღესა მონასტერსა შინა ასსა ტრაპეზსა საზრდელად გლახაკთა.
ხოლო ერთგზის ინება ყოვლადსახიერმან ღმერთმან მონისა თვისისა სარწმუნოებისა გამოჩენაჲ და ნაკლულევანება ჰყო მონასტერსა შინა. და აჰა, სიმრავლე გლახაკთა მოვიდოდა მონასტრად, ჩვეულებისაებრ მოწყალებისა მიღებად. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა, შესწუხნეს და ეტყოდეს ნეტარსა, ვითარმედ: „საზრდელი არა გვაქუს“. ხოლო წმიდამან სიმშვიდით და სიყვარულით აყვედრა ურწმუნოება მათი და ჰრქუა: „მსწრაფლ განუხვენით კარნი, რათა შემოვიდენ!“
ხოლო იხილა ღმერთმან სარწმუნოება მონისა თვისისა თეოდოსისა და აღავსნა გოდორნი პურითა. და ვითარცა დასხდეს მწყობრად გლახაკნი, უბრძანა მოწაფეთა წინაშე მათსა დაგებად საზრდელისა; ხოლო იგინი მწუხარე მივიდოდეს საპურესა, არა მოსავნი რაჲსამე. და იხილეს სახლი სავსე პურითა და ადიდებდეს ღმერთსა და სარწმუნოებასა მონისა მისისა თეოდოსისასა.
და კვალად დღესა მიცვალებასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, ერისა სიმრავლე მოვიდა ეკკლესიად და არა იყო საზრდელი დაგებად თვინიერ მცირედისა. ხოლო წმიდამან აღიხილნა ცად და აკურთხნა მცირედნი იგი პურნი და წინა დაუგო. და განსძღა ყოველი იგი ერი და ნამუსრევისაგან აღავსეს მრავალი სფირიდი.
კვალად დღესასწაულსა დიდსა ქრისტეს აღდგომისასა, ყოვლადვე არარაჲ აქუნდათ მონასტერსა შინა: არცა პური, არცა ზეთი, არცა სხუა რაჲმე. ხოლო იგი ნეტარი მამა ნუგეშინის სცემდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა: „შვილნო ჩემნო, ღმერთმან მამათა ჩვენთა საკვირველებისა მოქმედმან გამოზარდნა ისრაილნი უდაბნოსა ზედა. მანვე, სახიერმან ჩვენ გლახაკთა ზედა ჰყოს წყალობა, გარნა დაითმინეთ მცირედ და არა დაგვიტეოს ჩვენ ღმერთმან.“ ხოლო დიდსა შაბათსა დასლვასა მზისასა, აჰა, ესერა ვინმე მოვიდა ორითა ჯორითა მონასტერსა და ეტვირთა ყოველივე სახმარი. მოიღეს ძმათა და მადლობდეს ღმერთსა დიდითა სიხარულითა და პატივ სცემდეს სარწმუნოსა მონასა მისსა თეოდოსის.
ესე არიან მორწმუნეთა ყუავილნი მოწყალებისანი და ნაყოფნი სიყვარულისანი. და ესრეთ ბრწყინვენ სასწაულნი სათნოთა კაცთანი, რამეთუ უწყის ღმერთმან ყოფად ნება მოშიშთა მისთა. დიდება და ქება საკვირველებათა მისთა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლე [35]
ხატის გამოწერისათვის

სამეუფოსა ქალაქისა მახლობელად იყო ვინმე ყრმა ობოლი სახელით ღუსარ და იყო საქმე მისი ბატთა მწყემსობაჲ. ხოლო იყო ბჭესა ზედა მის ქალაქისასა ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა ფერად-ფერადითა წამლითა შემზადებული. და დღე ყოველ განსდევნიდა ბატთა ყრმა იგი და ბჭისა მის წინაშე გამოსწერდა სილასა ზედა სახესა ხატისა ღმრთისმეტყველისასა და იტყოდა: „უფალო, მომეც მე სიბრძნე და გულისჴმისყოფა, რათა ვისწავლნე გამოხატვაჲ ამის სახისა, რამეთუ ჰსურის სულსა ჩემსა“.
ხოლო ოდესმე ჴელთა ვერ შეაწყობდა, ოდესმე თავსა, ანუ თუალთა და სხუათა ასოთა ვერ შეასრულებდა, კვალად განასწორებდა სილასა და გამოსწერდა; და წელსა სამსა ჰყოფდა ესრეთ.
ხოლო დღესა ერთსა, სწერდა რა ყრმა იგი, მოვიდა მისა იოანე მახარებელი, ცხადად, სახითა მხცოვანითა, ვითარცა იყო ბჭესა ზედა ქალაქისასა ხატი მისი გამოწერილი და ეტყოდა: „რაჲსა ჰყოფ, ყრმაო, სილასა ზედა წერასა?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „მიხედე, უფალო, და იხილე ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა, რამეთუ ამას სამსა წელსა მოცადინე ვარ სილასა ზედა წერასა და ვერ მისწავიეს. ეტყოდა მას წმიდა იოანე: „ნუუკუჱ გნებავსა გამოწერად ხატისა და სწავლად?“ ჰრქვა მას ყრმამან: „ჰე, უფალო, მსურის იგი“.
მაშინ აღიღო იოანე კალამი და მელანი და დასწერა წიგნი ესრეთ: „მე იოანე ღმრთისმეტყველი, მიყრდნობილი მკერდსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა და მსმელი საიდუმლოსა მისისა სასმელისა, შენდა მომართ მხატვრისა ზინარისა, წარმოვგზავნე ყრმა ესე ღუსარ და ასწავე ამას თავისა შენისა უმჯობეს გამოხატვა ხატთა“. ხოლო დაბეჭდა თითითა და მისცა ყრმასა მას და ჰრქუა: „შევედ სამეუფოსა ქალაქსა, რამეთუ არს მუნ ეკკლესიათა მხატვარი, სახელით ზინარ და იგი პალატთა ეკკლესიისათა ოქროჲთა სწერს, და განვალს მარადის განთიად სოჶია წმიდას. მუნ მიეც მას წიგნი ესე და არქუ, ვითარმედ: „მომცა ესე იოანე ღმრთისმეტყველმან და შეუდექ მას“. ხოლო ესერა ჰრქუა, უჩინო იქმნა. და მირბიოდა ყრმა იგი ქალაქად. და მივიდა რა განთიად, იხილა მხატვარი სოჶია წმიდას და მისცა მას წიგნი იგი, ხოლო მხატვარმან წარიკითხა და განჰკვირდა ნაწერისა მის შვენიერებასა. და ყრმამან მან მიუთხრა მას ყოველივე შემთხვეული მისდა. და შეიპყრა შურმან საეშმაკომან გული მხატვრისა, რათა არა ასწავლოს მას.
ხოლო მას ჟამსა კაცი ვინმე დადგინებულ იყო მეფისა მიერ, ეკკლესიისა ქვასა ზედა გამოწერად ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა ზინარის მიერ და წარვიდა ზინარ სამხატროჲსა რაჲსამე საქმისათვის და უბრძანა ყრმასა ლესვა წამალთა. ხოლო განგებითა ღმრთისათა დაეყოვნა მუნ, ვიდრე სადილობადმდე მხატვარსა მას და ვითარცა განასწორებდა თეთრსა წამალსა ყრმა იგი, მოვიდა მისა იოანე ღმრთისმეტყველი და ჰრქუა: „რაჲსა იქმ, ყრმაო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვლესავ წამალსა, უფალო, გამოსაწერად ხატისა იოანე ღმრთისმეტყველისა მასწავლელისა ჩემისასა“. და ჰრქუა მას იოანე: „აღსდეგ და გამოწერე“. ხოლო იგი შეძრწუნდა და ჰრქუა: „უფალო ჩემო, მე არცა წამალთაგან კალამი აღმიღიეს და არცა მისწავიეს“. და ჰრქუა იოანე: „მომხედე მე და გამოხატე“. ხოლო მან აღიღო კალამი და გამოსწერდა ფიცარსა ზედა სახესა იოანე ღმრთისმეტყველისასა და იოანე განვიდა მისგან და განბრწყინდა სახლი იგი ხატისა მის მიერ, ვითარცა რა მზისაგან. და იწყო ყრმამან მან ტირილად, ვითარმედ: „რაჲმე იყოს ჩემდა მოძღვრისა ჩემისა ზინარის მიერ?“ ხოლო მორავიდა ზინარ და იხილა ბრწყინვალება ხატისა, განჰკვირდა. და მიერითგან იქმნა ყრმა იგი უწარჩინებულეს ჴელოვან. და მიუთხრეს მეფესა, ვითარმედ: „არს მხატვრისა ზინარის თანა მოწაფე, დღე არს სამი, ვინათგან მოსრულ არს და გუშინ გამოუხატავს ხატი იოანე ღმრთისმეტყველისა; და ნათობს პალატი მისგან, ვითარცა რა მზისაგან და გონებასა კაცისასა არა მოსრულ არს“. იხილა მეფემან და განცვიფრებულ იქმნა ხატისა მის ბრწყინვალებისაგან. და იქმნა კდემულ მხატვარი მეფისა ზინარ. და რომელნიმე იტყოდეს: „მოწაფე უმჯობეს არს“ და სხუანი იტყოდეს: „მოძღვარი, ზინარ, უმჯობეს არს“.
და ბრძანა მეფემან: „მე ვსაჯო მართლიად, თუ რომელი უმჯობეს არს: გამოწერონ ორთავე რომელნიმე მფრინველნი პალატსა შინა ჩემსა კედელსა ზედა და მე აღვიყვანო ქორი და მოუტიო. და რომლისაცა გამოხატულისა მფრინველისა მიიწიოს შეპყრობად, იგი უმჯობეს იყოს“. და ჰსთქუჱს ყოველთა: „მართლიად ბრძანე, მეფეო!“ და შევიდენ და გამოსახეს ორთავე მფრინველნი და ყოველთა დაუკვირდებოდათ მრჩობლთავე მათ მფრინველთათვის, გარნა მეფემან აღიყვანა ქორი და მოუტივნა და იპყრა მოწაფისა გამოხატული ქორმან. და მიერითგან მიიყვანა მეფემან ყრმა იგი პალატსა შინა თვისსა, რამეთუ იყო გამოწერილი მისი ურჩეულეს.
ხოლო ხატი იგი იოანე ღმრთისმეტყველისა, სადაცა გამოიწერა, სახლი იგი შექმნეს ეკკლესიად და აკურთხეს სახელსა ზედა იოანე ღმრთისმეტყველისასა. და ხატიცა იგი, ყოვლადბრწყინვალე, დაასვენეს მას შინა, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა და სახსენებელად იოანე ღმრთისმეტყველისა მიერ ქმნილისა სასწაულისა. მისგან შეყვარებულსა ღმერთსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლვ [36]
ხატისა მიერ ქმნილი სასწაული

ქალაქსა შინა ბივრინტისასა იყო ვინმე ქრისტეანე, დამკვიდრებული სახლსა შინა მახლობელ შესაკრებელისა ჰურიათასა. და აქუნდა ხატი, რომელსა ზედა იყო გამოხატული სახე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კაცობრივისა ბუნებისა. ხოლო შემდგომად მოიყიდა სხუა სახლი თავისა თვისისათვის და განვიდა სახლისა მისგან პირველისა. ხოლო განგებულებითა ღმრთისათა დაეშენა პირველსა სახლსა შინა ჰურია, სადაცა იყო ხატი უფლისა და არა უწყოდა, თუ ხატი უფლისა არს მუნ. ხოლო შემდგომად მოუწოდა მან სერობად სხუასა ჰურიასა, მეგობარსა თვისსა. და დასხდეს რა და სჭამდეს, მიხედა მიწოდებულმან ჰურია სართულსა სახლისასა და იხილა ხატი უფლისა მდგომარე და ჰსთქუა მიმწოდებელისა მიმართ თვისისა: „ვითარ ხარ შენ ჰურია, რამეთუ, აჰა, ესერა, სახე ჯვარცმულისა, სახლსა შენსა გიპყრიეს?!“ ხოლო მან იწყო მწუხარებით ფიცვად და ეტყოდა: „ვიდრე აქამომდე არა მიხილავს მე სახე ესე“. და განვიდა მიწოდებული ჰურია მღუდელთა მიმართ თვისთა შეასმენდა და ეტყოდა ვითარმედ: „ჰურიასა მას აქვს ხატი იესო ნაზარეველისა სახლსა შინა თვისსა“. და აღივსნეს ყოველნი რისხვითა. და ხვალისა დღე შეკრიბეს სიმრავლე ერისა, მღუდელთმოძღვართა და მოხუცებულთა და მოვიდენ სახლსა მას, სადა იყო ხატი უფლისა. და შევიდენ რა, ჰპოვეს ხატი იგი მდგომარე და გამოიხვნეს იგი შორის კრებულისა თვისისა, დაადგინეს და სთქვეს: „ვითარცა მამათა ჩვენთა განჰბასრეს იესო, ეგრეთვე უყოთ ჩვენცა სახესა ამას“. და იწყეს ნერწყვად ხატსა ზედა და ცემად მისვე სახისაებრ პირსა იესო ქრისტესსა ამიერ და იმიერ. და ჰსთქვეს: „გვასმიეს, ვითარმედ: ძელსა ზედა დამსჭვალეს იგი მამათა ჩვენთა, და ვჰყოთ ჩვენცა ეგრეთვე“. ხატი ესე აღიღეს და დამსჭვალეს სახედ მისსა ჴელნი და ფერჴნი მისნი. და აღავსეს ღრუბელი ძრმითა და მოიღეს ლელწამი და მიუპყრეს პირსა მისსა. და მოიღეს ლახვარი და უბრძანეს მხედართაგანსა ვისმე გუმერად გვერდსა. და ვითარცა უგმირეს ხატსა ლახვრითა, ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და იქმნა შიში დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა, რომელთა იხილეს სასწაული ესე ყოვლადდიდებული. და აღავსეს ჭურჭელი გარდმოცენებულითა მით სისხლითა და წყლითა. ხოლო ზრახვა ჰყვეს და იტყოდეს: „მოვიყვანნეთ ბრმანი, მკელობელნი და ეშმაკეულნი და ვსცხოთ ამით სისხლითა. და უკეთუ ვიხილნეთ სასწაულნი, ყოველთა გურწმენეს ჯვარცმულისა, რამეთუ შეგვიპყრა ჩვენ შიშმან საკვირველებისა ამის მიერ“. და მოიღეს ერთი მკელობელი შობითგან და ვითარცა სცხეს სისხლთაგან, მეყსეულად აღხლდნა და იქმნა ყოვლითურთ მრთელი. და კვალად მოიყვანნეს ბრმანი და სცხეს და მათცა აღიხილნეს თუალნი. და ეშმაკეულნი ურიცხვნი ცხებითა სისხლისათა განიკურნეს. და საცნაურ იქმნა ყოველსა შორის ქალაქსა. და მორბიოდეს ყოველნი გამოუთქმელისა მისთვის საკვირველებისა და მოაქუნდათ ყოველთაგან სნეულებათა: განრღვეულნი, კეთროვანნი, დაღრეკილნი, ქვემძრომელნი და ყოველნი კურნებასა მიიღებდენ.
მაშინ ყოველთა ჰურიათა ერთბამად ჰრწმენა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და დავარდენ წინაშე ხატსა უფლისასა და ღაღადებდენ, მეტყველნი ცრემლითა: „დიდება შენდა, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელი ჰყოფ ესევითარსა სასწაულსა! დიდება შენდა, ქრისტე, რომელი მამათა ჩვენთა ჯვარს გაცვეს, არამედ ჩვენ შენდამი გურწმენა, მიგვითვალენ ჩვენ შევრდომილნი შენნი, მეუფეო“.
ხოლო ყოველნი ჰურიანი ქალაქისა მის, მამანი და დედანი, და ყრმანი, მთავარეპისკოპოსისა მიმართ მირბიოდენ და ევედრებოდენ ნათლისცემად მათდა. და ხატსა უფლისასა უჩვენებდენ და აღიარებდენ ყოველსავე კიცხევასა, რომელი მას ზედა მიიღეს. და სისხლსა და წყალსა გარდამოცენებულსა უჩვენებდენ და მრავალსა სასწაულსა, რომელი იქმნებოდა მის მიერ, მიუთხრობდენ. და ყოველნივე მიითვალნა მთავარეპისკოპოსმან, მრავალთა დღეთა ასწავებდა კეთილსა სარწმუნოებასა და შემდგომად ყოველთა ნათელ სცა დედებით და ყრმებითურთ. და ყოველთავე ერთბამად აღაშენეს ეკკლესია სახელსა ზედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და იქმნა სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა, არათუ განკურნებისათვის ოდენ უძლურთა, არამედ ნათლისღებისათვისცა. და თვით ჰქადაგებდენ წმიდისა ჩვენისა სარწმუნოებისა ჭეშმარიტებასა და აღიარებდენ დიდსა და საკვირველსა ამას სასწაულსა, რომელი იქმნა ხატისა მიერ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა.
ხოლო ჩვენცა, ყოველნი ქრისტეანენი, სარწმუნოებით და სიყვარულით თაყვანის ვსცემთ პატიოსანსა ხატსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, და ყოვლადუბიწოსა დედისა მისისასა, და ყოველთა წმიდათასა, და ვადიდებთ საკვირველთმოქმედსა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლზ [37]
ფიცისათვის უჯეროჲსა

იყო ალექსანდრიისა ქალაქსა ჰურია ვინმე ვაჭარი და იყოფოდა ქრისტეანისა ვისმე თანა. და აქუნდათ ურთიერთას სიყვარული. და განვიდოდა ოდესმე ჰურია იგი სავაჭროდ და დაუტევა ქრისტეანესა ნამარხევად ოქროჲთა კოლოფი დაბეჭდილი. და ოდეს მოიქცა ჰურია გზით, წარუგზავნა ქრისტეანესა ძღვენი მადლობისათვის ნამარხევისა დაცვისა. ხოლო ქრისტეანემან მიიღო ძღვენი ჰურიისაგან, და ეკიცხეოდა მას გულსა შინა თვისსა მეტყველი: „ჭეშმარიტად მივითვალო ძღვენიცა ესე და თვისიცა ვერ მიიღოს“. და ამცნო ცოლსაცა თვისსა, რათა ფიცით უარ ჰყონ ოქრო იგი ჰურიისა, ვითარმცა: „ფიცი ჰურიისა არარას მოაწევს ჩვენ ზედა“. და ხვალისა დღე მოვიდა ჰურია იგი ქრისტეანისა მიმართ და სთხოვდა თვისსა ოქროსა. და ბირებითა ეშმაკისათა ქრისტეანემან უარ ჰყო ფიცითა და იწყეს ცილობად. მერმე ჰრქუა ჰურიამან: „მოყვასო, მასმიეს წმიდისა მოწამისა მინასთვის, ვითარმედ: დიდ არს დიდება მისი და არცხვენს უსამართლოდ მფუცავსა”. ხოლო შეითქვნენ და წარვიდენ ეკკლესიად წმიდისა მინასსა. და ჰრქუა ჰურიამან ქრისტეანესა: „მოყვასო, შეიშინე ღმრთისაგან და შეიწყალე სული შენი! რაოდენიცა გნებავს, აღიღე ოქროჲსა მისგან და სხუანი მომეც მე, და ნუ ცუდად იფიცავ“. ხოლო ქრისტეანემან ჰრქუა: „არა ღირს ხარ შენ შემოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ ჰურია ხარ“. და ჰრქუა ჰურიამან: „უკეთუ მე უღირს ვარ შემოსლვად ეკკლესიასა, დავსდგე მე გარეთ და შენ შევედ შინაგან და ჰფუცე“. და მოიდრიკნა მუჴლნი ჰურიამან და ჰსთქუა ცრემლით: „ღმერთო, რომელმან ღირს მყავ მე მოსლვად ეკკლესიასა წმიდისა მოწამისა მინასსა, შენ იყავ მსაჯულ შორის ჩემსა და ქრისტეანისა ამის“. და ღაღად ჰყო ჴმითა მაღლითა: „ჵ, წმიდაო მოწამეო მინა! გამოაცხადე ჩემი და ქრისტეანისა ამის“. ხოლო ქრისტეანე ეფუცა მას ეკკლესიასა შინა და გამოვიდა, და ჰგონებდა ჰურია, თუ ევნოს რაჲმე. და წარვიდენ ორნივე ეკკლესიით. ხოლო იყვნეს რაჲ იგინი გზასა ზედა, აღშფოთდა ცხენი ქრისტეანისა და გარდამოაგდო ქვე და გამოვარდა უბითგან კლიტე იგი ჰურიის კოლოფისა და ეძიებდა მას ქრისტეანე და ვერა ჰპოვა. და მხიარულ იქმნა ქრისტეანე, ვითარმედ: გარდამოვარდა რა ცხენისა მისგან, ესე იქმნა მოსაგებელი იგი ფიცისა.
და მერმე აღსდგა და შესჯდა ცხენსა და წარვიდენ ორნივე ზოგად და შევიდენ ქალაქსა, რომელი იყო გზასა ზედა. და იყიდეს საზრდელი და იწყეს ჭამად. განიზრახა ჰურიამან და სთქუა: „მაქუნდა მე სარწმუნოება წმიდისა მოწამისა მინას სასწაულთაგან, რომელი მასმიოდა და არცა ერთი ვიხილე. უმჯობეს იყო ჩემდა, რათა არა მეფუცებინა ნუუკუჱ მცირე რაჲმე მოეცა ჩემთვის, არამედ სასოება ჩემი დავსდვავე ღმრთისა მიმართ“.
და ვითარცა სხდეს ორნივე ზოგად, აჰა, მოვიდა მონა ქრისტეანისა და აქუნდა ჴელთა მისთა კოლოფი იგი ოქროჲთა მით ჰურიისათა. და იხილეს ორთავე და დაუკვირდათ. ხოლო ქრისტეანესა შეეშინა ფრიად, შერისხვიდა და ჰკითხვიდა მონასა თვისსა, თუ სადათგან მოხვედ აქა და რად გიტვირთავს ეგე?“ მიუგო მონამან და ჰრქუა: „მოვედ შენდა, უფალო ჩემო, წარმოგზავნილი, აღსრულებად ბრძანებისა შენისა”. მიუგო ქრისტეანემან: „რაჲსა იტყვი შენ?” და კვალად ჰრქუა მონამან: „უფალო ჩემო, მოვიდა დღეს მხედარი დიდებული, ამხედრებული ცხენსა ზედა და ეპყრა კლიტე ჴელთა მისთა და ეტყოდა დედოფალსა ჩემსა, ცოლსა შენსა: „იცნობაა კლიტესა ამას?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე ვიცნობ“. და მისცა კლიტე იგი დედოფალსა და ჰრქუა, ვითარმედ: „ქმარი შენი მევედრა მე და მომავლინა შენდა, მეტყველმან: „წარმომიგზავნე მე ჴელითა მონისა ჩემისათა კოლოფი იგი, რომელი შემოგვედრა ჰურიამან, რამეთუ ვიტანჯები მე ფიცხლად ეკკლესიასა შინა წმიდისა მოწამისა მინასსა“. და მისთვის მოგართუ კოლოფი ესე და, უკეთუ არა გრწმენეს, იხილე: აჰა, კლიტეცა შენ მიერ წარმოგზავნილი, რომელი მოიღო მხედარმან მან დიდებულმან“.
ხოლო ჰურიამან მიიღო კოლოფი თვისი დაბეჭდილი და სიხარულით ღაღადებდა მეტყველი: „დიდ არს ღმერთი და წმიდა მოწამე მისი მინა და საკვირველ და ჭეშმარიტ სარწმუნოება ქრისტეანეთა! რამეთუ არა ვის მოსავსა შენსა, უფალო, ჰრცხვენეს, არცა მსასოებელთა წმიდათა შენთა ძალისა მინდობილთა! ამისთვის მეცა ვიქმნე ქრისტეანე ჭეშმარიტად“.
და მივიდა ეკკლესიად, წმიდისა მოწამისა მინასსა და შესწირა მესამე ნაწილი ოქროჲსა მის და ნათელს იღო ყოვლით სახლეულით თვისით და სასწაულისა ამის ძლით იქმნა მართლმადიდებელ.
ხოლო ქრისტეანემან აღიღო ნახევარი მონაგებისა თვისისა და შესწირა ეკკლესიასა წმიდისა მოწამისა მინასსა. და მუნ დაადგრა აღსრულებადმდე ცხოვრებისა თვისისა. ინანდა და სტიროდა ცოდვათა თვისთათვის და მიიცუალა სინანულითა და მიემთხვია მიტევებასა სრულიად, მეოხებითა წმიდისა მოწამისა მინასითა. ხოლო ჩვენ, მსმენელნი ამის საკვირველებისანი, ვადიდებდეთ ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლჱ [38]
განსაცდელისაგან ხსნისათვის

იყო ვინმე ჰურია დიდ ვაჭარი. ვიდოდა იგი ოდესმე ქრისტეანეთა თანა გზასა ალექსანდრიით ასურეთისა მიმართ. და სადაცა დაივანიან, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა, მარადის სამღთოთა სიტყვათა და თხრობათა სულიერთა ზრახვიდიან და უმეტესად ღმრთისმშობელისა მიერ ქმნულთა სასწაულთა და მსწრაფლ შემწეობათა იტყოდეს. და ესმოდა ჰურიასა მასცა.
ხოლო საგრობასა მათსა, უდაბნოსა ადგილსა, ავაზაკნი დაესხნეს; ქრისტეანენი განერნეს და ჰურია იგი მხოლოდ შეიპყრეს. მონაგები მისი მისტაცეს და იგი არა მოკლეს, არამედ ერთსა ღრმასა ორმოსა შინა შთააგდეს და თვით წარვიდეს. ხოლო იხილა მან თავი თვისი ყოვლითურთ განწირული და სასოება წარიკვეთა ცხოვრებისაგან. გარნა მოეხსენა ქრისტეანეთა მიერ თქმული ღმრთისმშობელისა მოწყალებაჲ და მსწრაფლ შემწეობაჲ. და ღაღად ჰყო ცრემლითა და შემუსრვილითა გულითა იტყოდა: „ყოვლადუბიწოო დედოფალო, ღმრთისმშობელო, რომელსა მარიამ გეწოდების, რომელსა ყოველნი ქრისტეანენი გესვენ და თაყვანის გცემენ, შენ გევედრები განწირული ესე, დაღაცათუ პირველთა მამათა ჩემთა შეგცოდეს და ძე ღმრთისა, შენგან შობილი, იესო, ჯვარს აცვეს, ნუ მოიხსენებ მას, ძვირუხსენებელო, არამედ მე მხოლო გევედრები, შემიწყალე და მიხსენ განსაცდელისა ამისგან“.
და ვითარცა ამას იტყოდა, პირსა ზედა თვისსა მდებარე, აჰა, ესერა ესმა ჴმაჲ ეტლისა და ერისა მრავლისა მუნ მიმავალისა, და ნათელი დიდი გამოუბრწყინდა ორმოსა მას შინა. ხოლო ჰურია იგი განცვიფრებული ვერ იკადრებდა თუალთ შედგმად ბრწყინვალებასა მისსა. და ესმა ჴმაჲ შვენიერი ელვარებისა მისგან, ვითარმედ: „რაჲსა მიხმობ, ჵ, კაცო?“ ჰრქუა მას ჰურიამან: „ვინა იყოფი, უფალო, დიდებული ეგე?“ და მიუგო ტკბილითა ჴმითა გამოჩინებულმან მან: „მე ვარ, ღმრთისმშობელი, მარიამ, რომელსა შენ მხადი. რაჲ გნებავს?“ ჰრქუა მას ჰურიამან: „ჰე, დედოფალო დაბადებულთაო, მრწამს შენგან შობილი იესო, ღმერთად ჭეშმარიტად და შენ ღმრთისმშობლად აღგიარებ, მიხსენ განსაცდელისა ამისგან“.
მაშინ წამუყვნა ღმრთისმშობელმან ანგელოსთა და მყის იპოვა ჰურია იგი სახლსა შინა თვისსა. და განკვირვებული ადიდებდა ღმრთისმშობელსა და ნათელს იღო ათერთმეტით სულით სახლეულით თვისით და იქმნა მართლმადიდებელ და ცხადად ჰქადაგებდა სასწაულთა ღმრთისმშობელისათა და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ლთ [39]
მშვიდობისმყოფელისა მოწაფისათვის

იყო ვინმე მონაზონი განშორებული, ფრიად წარჩინებული სათნოებითა და მუშაკი ღმრთისა გულისჴმისყოფითა. მოვიდა იგი ოდესმე საკრებულოსა და არა ჰპოვა სენაკი. ხოლო იყო მუნ მეორე მონაზონი, რომელსა აქუნდა სენაკი მოცალედ. და ჰლოცვიდა მას ბერი მეტყველი: „მოვედ, პატიოსანო მამაო, და დასდეგ სენაკსა ამას შინა, ვიდრე ჰპოვებდე, სხუასა უკეთესსა“. დაემორჩილა მას წმიდა იგი ბერი და დასდგა.
ხოლო რომელთამე იწყეს მისლვად მისსა, ვითარცა ჩვეულ იყვნენ და მიართმიდენ მას სახმარსა და სულიერსა სარგებელსა შეიძენდენ, რამეთუ იყო იგი სიტყვამადლიან და შეიწყნარებდა მათ სიხარულით. ხოლო იწყო ბერმან, სენაკისა უფალმან, დრტვინვად და ძვირისზრახვად, ვითარმედ: „რაოდენნი წელნი დამიყოფიან მე აქა, მარხვითა და მოღვაწებითა, და არავინ მოვალს ჩემდამო, ხოლო ამას მცირედთა დღეთა შინა მყოფსა უფროს პატივ სცემენ“. და შურისა ეშმაკისა მიერ აღძრულმან ჰრქუა მოწაფესა თვისსა: „წარვედ და არქუ ბერსა მას: განვედ სენაკისაგან ჩემისა, რამეთუ სახმარ ჩემდა არს“. მივიდა მოწაფე იგი და თაყვანის სცა წმიდასა მას ბერსა და ჰრქუა: „მამა ჩემი იტყვის, ვითარ კეთილად ჰგიე, პატიოსანო მამაო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ადიდენ ღმერთმან მამა შენი, და არქუ მას: „გევედრები, ილოცე ჩემთვის ღმრთისა მიმართ, რამეთუ მცირედ სალმობიერ ვარ“. წარვიდა მოწაფე იგი და ჰრქუა მამასა თვისსა: „ვარქუ ბერსა და მომიგო, ვითარმედ: ვჰპოვო სხუა სენაკი და განვიდე ამიერ“. ხოლო შემდგომად ორისა დღისა, ეტყოდა მოწაფესა თვისსა: „წარვედ და არქუ მას, უკეთუ არა განხვიდე მოსწრაფედ, თვით მე მოვიდე და უნებლიედ განგდევნო შენ კვერთხითა ჩემითა“. კვალად წარვიდა ძმა იგი ბრძენი და ეტყოდა: „ესმა რა მამასა ჩემსა უძლურება შენი, ფრიად ლმობიერ იქმნა და წარმომგზავნა მე ხილვად შენდა. და აწ ვითარ კეთილად ჰგიე, ღმრთივსულიერო მამაო?“ ხოლო მან მიუგო: „არქუ მამასა შენსა, კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი, ყოვლადსანატრელო მამაო, აწ ლოცვითა შენითა წმიდითა უმოლხინეს ვარ მე“. წარვიდა ძმა იგი და ჰრქუა მამასა თვისსა, ვითარმედ: „შემდგომად კვირიაკისა განვიდე მე ამიერ ნებითა ღმრთისათა“.
და ვითარცა მოვიდა კვირიაკე და არა განვიდა, აღიღო ბერმან კვერთხი და წარვიდა გვემად მისსა და განდევნად. და ჰრქუა მას მოწაფემან: „მცირედ დაიყოვნე, მამაო, რათა პირველ მე მივიდე. ნუუკუჱ იყოს ვინმე მუნ მისთანა და დაბრკოლდეს“. წარვიდა მსწრაფლ მოწაფე იგი და ჰრქუა წმიდასა მას ბერსა, ვითარმედ: „მამა ჩემი მოვალს ხილვად შენდა, ღმერთშემოსილო მამაო, რათა წარგიყვანოს სენაკსა თვისსა და გისადილოს კეთილად“. ვითარცა ესმა ესე ბერსა, მოსწრაფედ გამოვიდა მიგებებად მისსა და შორით თაყვანის სცა, მეტყველმან: „მე მოვალ შენდა, ყოვლადსანატრელო მამაო, შენ ნუ დაშვრები უღირსებისა ჩემისათვის“.
ხოლო იხილა რა ღმერთმან მშვიდობისმყოფელობაჲ მოწაფისა მის, სათნო იყო და სიმდაბლითა მით მის ბერისათა, ეშმაკი იგი შურისა უჩინო ჰყო და ლმობიერ იქმნა ბერიცა იგი – სენაკისა უფალი. განაგდო კვერთხი თაყვანისმცემელმან და ამბორს უყო მას. და შემდგომად ამბორისყოფისა და მოკითხვისა, წარიყვანა იგი სენაკსა თვისსა. და იგი სულიერად და სიწრფოებით ზრახვიდა, ვითარცა არარაჲ ასმიოდა.
მაშინ ჰრქუა ბერმან მოწაფესა თვისსა, ვითარმედ: „არარაჲსა ეტყოდიაა ამას, რომელთა მე შენ გეტყოდი, შვილო?“ ჰრქუა მას მოწაფემან: „არარას ვეტყოდი, სულიერო მამაო“. განიხარა ბერმან და გულისჴმა ჰყო, ვითარმედ: „შურითა ეშმაკისათა ვიტყოდი ყოველსა მას“. და დავარდა წინაშე ფერჴთა მოწაფისა თვისისათა და ეტყოდა: „ამიერითგან – შენ მამაჲ ჩემი და მე – მოწაფე შენი, ვინათგან საკვირველი ესე სიბრძნე იხმიე და ჩვენ, ორთავე სულნი, შენ ძლით სცხონდნენ, და აღასრულე მცნება უფლისა, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“(მთ. 5,9).
ხოლო მსმენელნი ამის სიბრძნით ჴელოვნებისა, განკვირვებულ იყვნეს, და უდიდეს შერაცხეს ესე, ვიდრე მკუდართა აღდგინებისა სასწაულისა, რამეთუ მკუდარი რა აღდგეს ჴორციელად და კვალადცა მოკუდების, ხოლო ესე სულიერი აღდგომაჲ არღარა დაეცეს. და ეშმაკი შურისა დაეცემის ძალითა ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მ [40]
მოწაფის მაცხოვნებელ ბერისათვის

გვითხრობდა ჩვენ ნეტარი პავლე, მღუდელმონაზონი, ვითარმედ: „იყო მოწაფე ჩემი უდებებასა შინა, თვინიერ ცნობისა ჩემისა და შეემთხვია მას სიკუდილი. და ვევედრე მისთვის ღმერთსა მხურვალედ და შეუვრდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, რათა ვიხილო, თუ რაჲსა შინა არს მოწაფე ჩემი შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და დავჰყვენ რა დღენი მრავალნი ლოცვასა შინა მისთვის, განკვირვება დამეცა ჩემ ზედა და ვიხილე მოწაფე ჩემი ტვირთული ორთა ვიეთგანმე, სრულიად ქვა ქმნილი, ვითარცა კეცი, თავითგან ვიდრე ფერჴთამდე, რომელსა არცათუ ყოვლად აქუნდა კნინ ოდენ ძრვაჲ რაჲმე, – არცა სულიერი, არცა ჴორციელი და არცა ზრახვიდა, არამედ იყო ყოვლითურთ სრულიად ქვაქმნილ.
ხოლო ვიხილე რა იგი ესრეთ, შევსწუხენ ფრიად, და მგლოვარე ვიქმენ, რამეთუ მომეხსენა მე სიტყვაჲ იგი უფლისა, რომელი სთქუა მისთვის, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე, ვითარმედ: „შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა; მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა“[მთ. 22,13]. და რამეთუ შეკვრა ჴელთა და ფერჴთა სხუასა არარას მოასწავებს, გარნა უდებებასა და უქმებასა, ყოველთავე საცნობელთა, რომელნი იგი არა ნებისაებრ უფლისა ღმრთისა იხმარონ სოფელსა ამას შინა.
და ვითარცა მოვეგე თავსა ჩემსა განკვირვებისა მისგან, ვიწყე ფრიად შეჭირვებად და ურვად ლოცვითა და მარხვითა, და მოწყალებისა ყოფად ძალისაებრ ჩემისა, და შეწირვად მსხვერპლისა მის წმიდისა. და ცრემლით შეუვრდებოდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, შეწყალებად მოწაფისა მის ჩემისა და მხურვალედ ვევედრებოდი კაცთმოყვარესა ღმერთსა ლხინებად მისსა. და ვიწყე რა შეჭირვებად თავისა ჩემისა, მოღვაწებითა და ხმელსა ჭამითა, ესევითარსა ღრმასა სიბერესა შინა.
შემდგომად უკუჱ დღეთა რაოდენთამე, ვიხილე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელი მეტყოდა მე: „რად მწუხარე ხარ და ურვეულ, მოხუცებულო?“ და მე ვარქუ: „ძმისათვის ჩემისა, ყოვლადუბიწოო დედოფალო, რამეთუ ვიხილე იგი ჭირსა შინა“. და მან მრქუა: „არა შენ ითხოვეა ხილვა მისი? აჰა, ესერა გულსავსე ქმნილ ხარ“. და მე ვარქუ მას: „ჰე, ყოვლადწმიდაო დედოფალო, მე გევედრე, გარნა არა მენება ესრეთ ხილვაჲ მისი და მისთვის აღვსებულ ვარ ცრემლითა და გლოვითა“. და მრქუა მე ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან: „წარვედ უკუჱ, რამეთუ სიმდაბლისათვის შენისა, და ღვაწლთა და სიყვარულისა, მე გიჩვენო იგი, რათა არღარა სწუხდე“.
და ხვალისა დღე კვალად ვიხილე ძმა იგი ჩემდა მომავალი მხიარულებით, რამეთუ თვით ვიდოდა და იცინოდა. და მრქუა მე: „ლოცვათა შენთა და მოწყალებათა, ღმრთივსულიერო მამაო, მოწყალე ჰყვეს ყოვლად­წმიდა ღმრთისმშობელი, რამეთუ შენ ფრიად უყვარ დედოფალსა ჩვენსა და ამისთვის ევედრა მაცხოვარსა ჩვენსა, იესო ქრისტესა, რათა გამხსნან მე საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა, რომლითა შეკრულ ვიყავ. ესერა მრქვა მე ძმამან, აღვივსე სიხარულითა და აჰა, ესერა კვალადცა ვიხილე მე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ქალწული მარიამ და მრქუა მე: „აწ გულსავსე იქმენა, მოხუცებულო ბერო?“ და მე ვარქუ: „ჰე, ყოვლადწმიდაო, დიდებულო დედოფალო ჩემო, ღმრთისმშობელო, და ფრიადცა მხიარულ ვიქმენ, რამეთუ ვიხილე მოწაფე ჩემი და მონა შენი ლხინებასა შინა“. მაშინ მრქუა მე ყოვლადუბიწომან ღმრთისმშობელმან: „წარვედ უკუჱ აწ, ჵ, მოხუცებულო, და იხსენებდი ძმასა მას ყოვლადვე ლოცვათა შენთა, და მოწყალებასა და წირვასა ნუ დააცადებ მისთვის, რამეთუ ფრიად შეეწევის მიცვალებულთა მოწყალება, და შეწირვა მათთვის უსისხლოჲსა მის და წმიდისა მსხვერპლისა“.
ესერა მრქუა, უჩინო იქმნა თუალთაგან ჩემთა, ყოვლადუბიწო და ზესთა კურთხეული დედოფალი ჩვენი. და მოვეგე რა თავსა ჩემსა, ვმადლობდი მარადის ღმრთისმშობელსა, მარიამს, რომელმან არა უღირს იჩინა ვედრება ჩემ ცოდვილისა და შემდგომად სიკუდილისაცა აცხოვნა ძმა იგი, რომელსა ყოველივე ყოვლადვე ძალუძს.
ხოლო ჩვენ, მსმენელნი ამის ყოვლადდიდებულისა საკვირველებისანი, თაყვანის ვსცემთ ყოვლად­წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს და ვადიდებთ ყოვლისა შემძლებელსა ღმერთსა, მეტყველნი ესრეთ: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი! რამეთუ შენ ჰყვი საკვირველი წმიდათა შორის შენთა“[გამოც. 15,3; ფს. 67,35]. შენდა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეორისა თავისა


თავი 3

ქველისმოქმედებათათვის და მოწყალებისა


თხრობა მა [41]
თუ ვითარ გლახაკთ მიმცემი ქრისტესა მისცემს

იყო კაცი ვინმე კოსტანტინუპოლის მდიდარი და ფრიად მოწყალე, რომელმან მარადის ჰყვის ქველისაქმე ყოველსა ადგილსა და უბანთაცა ქალაქისათა. სლვასა მისსა მისდევდიან რა სიმრავლე გლახაკთა, ხოლო იგი რეცა განსდევნიდა მათ და განიშორებდა, არამედ ჴელთა შინა მათსა შთაუდებდა მოწყალებასა. ამისათვის ჰყოფდა ამას, რამეთუ ენება კაცთაგან დაფარვა ქველისაქმისა თვისისა და ოდეს თვისაგან იხილის გლახაკი, ამბორს უყოფდა ჴელსა და ესრეთ მისცემდა მოწყალებასა.
ხოლო ჰყვა ვინმე მას სარწმუნო მეგობარი და ჰკითხვიდა მას, თუ: „ვითარ იქმენ შენ ეგრეთ მოწყალე?“ და მან მიუთხრა და ეტყოდა: „ოდეს ვიყავ მე მცირე, ვითარ ათისა წლისა, შევედ ეკკლესიასა ლოცვად; ვიხილე ბერი ვინმე სულიერი, რომელი ჰქადაგებდა და ასწავებდა ერსა მეტყველი, ვითარმედ: „რომელი მისცემდეს გლახაკსა, ქრისტესა ავასხებს“[იგ. 19,17]. ხოლო მესმა რა ესე მე, არა მრწმენა მოძღვრება მისი, რამეთუ განვიზრახე თავსა შორის ჩემსა, ვითარმედ: მასმიეს მე ქრისტე ცათა შინა ზის, მარჯვენით მამისა და ვითარ ქვეყანასა ზედა ივასხებს? და ამას რა ვიგონებდი, წარვედ სახიდ ჩემდა.
და ვიხილე გლახაკი დაბებკულითა მოსილი და მოარული. და თავსა მისსა სდგა საცნაურად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და ვითარ გლახაკი იგი ვიდოდა, მოწყალესა ვისმე შეემთხვია და მისცა მას პური. და ვითარცა განმარტა ჴელი გლახაკმან გამორთმევად პურისა, და აჰა, სახემანცა მაცხოვრისამან მიჰყო ჴელი თვისი ჴელისა მიმართ მიმცემელისა. და მოიღო ჴელისა მისისაგან პური და მისცა მას პირისპირ კურთხევა და ლოცვაჲ.
ხოლო ესერა ვიხილე მე, მრწმენა, რამეთუ – „რომელი მისცემს გლახაკსა, ქრისტესა მისცემს“[იგ. 19,17]. და აწცა ვხედავ სახესა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა თავთა ზედა გლახაკთასა მდგომარესა. და ამისთვის გარემოცულ ვარ შიშითა ღმრთისათა და შინაგან აღტრფობილ სიყვარულითა. და ესრეთ ვჰყოფ მოწყალებასა სურვილით ძალისაებრ ჩემისა, რამეთუ მოწყალება არა გლახაკთა არს მიცემაჲ, არამედ ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა მბ [42]
თუ ვითარ მოწყალებისა ძლით მკუდარი აღსდგა

იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე, კეთილმორწმუნე და ფრიად მოწყალე და იყო იგი ვაჭარ. და რაოდენსაცა მისცემდა მას ღმერთი მოსაგებელსა, იგი ყოველსავე გლახაკთა განუყოფდა.
ხოლო დღესა ერთსა ჩვეულებისაებრ ვიდოდა რა იგი საგრობად, დაივანა სადგურსა ერთსა. და გლახაკი ვინმე ევედრებოდა და ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო ქრისტეს მოყვარემან მან ჰრქუა გლახაკსა: „აჰა, ვითარცა მხედავ მე გზასა ზედა, ძმაო, მარტოდ, რამეთუ ტვირთი ჩემი ყოველივე განმიტევებიეს და არარაჲ მაქვს აქა, რათამცა მიგცე შენ, არამედ ევედრე ღმერთსა ჩემთვის და ოდეს მოვიქცე, მოგცე შენ სახმარი”. და ეტყოდა გლახაკი: „ვითარ უკუჱ ვსცნა მოქცევა შენი, უფალო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვიდრე ამას დღედმდე მელოდე და უკეთუ მას შინა ვერ მპოვო მე, აჰა, ქვისა ფიქალი, რომელი აქა სძევს, ამას ქვეშე დავსდუა, რაჲცა მინებს შენდა მიცემად – აქა იძიე და ჰპოვო, გარნა ევედრე ღმერთსა ჩემთვის, ძმაო“.
ხოლო დაიყოვნა რა ვაჭარმან, მოვიდა გლახაკი პაემანისა ჟამსა და ქვეშე მის ფიქლისა ჰპოვა ფრიადი ოქროჲ დაუნჯებული ადრითგანვე. და წარიღო ყოველივე და განმდიდრდა ფრიად. და იყიდნა პალატნი მრავალფასისანი, მონანი და მხევალნი, დაბანი და ვენახნი, ჴარნი, აქლემნი, ცხენნი და ჯორნი, – ყოველნივე სავსებით, ვითარცა მდიდართა კმა ეყოფოდა; და მოიყვანა ცოლი მდიდართაგან და იწყო დიდებულად ცხოვრებად. და ჰყოფდა ქველისსაქმესა გლახაკთა, უცხოთა და ჭირვეულთა ზედა მოუკლებელად.
და შემდგომად ჟამისა, მოვიდა კეთილმორწმუნე იგი ვაჭარი ადგილსა მას და მოეხსენა გლახაკისადა, რაჲ იგი აღეთქუა, და აღიღო ოქროჲ ჴელითა თვისითა და ენება ქვისა მის ქვეშე დადება. და აღხადა რა ფიქალსა, მეყსეულად დასცა იგი ბოროტმან სულმან უკეთურმან. და დასდვა მას წყლულება თავითგან ვიდრე ფერჴთამდე, ვითარცა სანატრელსა იობს. და ესევითარითა წყლულებითა ეგო მრავალჟამ. და მოიყვანნა მკურნალნი და წარაგო ყოველივე მონაგები თვისი, ვიდრე არღარაჲ დაუშთა თავისა თვისისა და ვერ განიკურნა; არამედ, ვითარცა ერთი გლახაკთაგანი, ითხოვდა საზრდელსა და ქველისსაქმესა.
დღესა ერთსა მოვიდა სახლსა მის მდიდრისასა, რომელი იყო პირველ გლახაკ, რომელმან ამის განზრახვითა ჰპოვა საუნჯე და განმდიდრდა, და ითხოვდა მისგან მოწყალებასა. ხოლო მან მიითუალა, ვითარცა ერთი გლახაკთაგანი და უბრძანა გამოზრდა მისი სახლსა შინა თვისსა მარადის. შემდგომად ჰკითხა მას, თუ: „სადათ შეგემთხვია შენ, ძმაო, ბოროტი ესე სნეულებაჲ?“ ხოლო მან ყოველივე უნაკლულოდ განუცხადა. გულისჴმა ჰყო მდიდარმან მან, ვითარმედ ამის მიზეზითა მისცა მას ღმერთმან ესოდენი სიმდიდრე, და ჰრქუა მას: „შენ ხარაა იგი ვაჭარი, ძმაო?“ მიუგო გლახაკმან: „მე ვარ, უფალო ჩემო“. და ჰრქუა მას მდიდარმან: „ამას ყოველსა, რომელსა ჰხედავ, ძმაო, ყოველივე შენ მიერ მომანიჭა მე ღმერთმან, რამეთუ ფიქალსა მას ქვეშე ვპოვე სიმდიდრე ესე“. ხოლო მან გონიერად მიუგო: „მეცა შენ მიერ დამსდუა წყლულება ესე ეშმაკმან“. ჰრქუა მას მდიდარმან: „ვინათგან მიზეზითა ჩემითა შეგემთხვია შენ ბოროტი ესე სალმობა, ცხოველ არს უფალი, რომელ არღარა განგიშორო შენ მახლობელობისაგან ჩემისა, არცა ტრაპეზისაგან ჩემისა, არამედ განგისვენო წიაღთა ჩემთა, ვითარცა ძმაჲ საყვარელი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. და დაადგინა იგი სახლსა შინა თვისსა და არა მცირედ ზრუნვიდა მისთვის. იწყო მოყვანებად მკურნალთა, რომელთა აქუნდა კეთილჴელოვნებაჲ კურნებისა და ვერცა ერთითა ღონისძიებითა შეუძლეს განკურნებად მისა. და უკანასკნელ ყოველთასა მოვიდა ერთი მკურნალი და ეტყოდა: „არარაჲთა შესაძლებელ არს ვნებისა ამის კურნებაჲ, გარნა თუ ვინ დაჰკლას ყრმა პირმშოჲ თვისი და სისხლი მისი სცხოს ჴორცთა მისთა თავითგან ვიდრე ფერჴთამდე და მეყსეულად განიკურნოს სალმობისა მისგან“. ხოლო ესმა რა ესე მდიდარსა, დაიდვა გულსა თვისსა. და ესვა მას ყრმა პირმშოჲ მხოლოდშობილი და განიზრახა დაკლვა მისი, რათა განჰკურნოს მოყვასი იგი და სიყვარულისათვის მისისა არა ჰრიდა ძესა თვისსა.
ხოლო ჰპოვა ჟამი მარჯვე, რამეთუ ცოლი მისი წარვიდა აბანოსა და იხილა შვილი თვისი სარეცელსა ზედა მძინარე და დაბურვილი. მივიდა მოსწრაფედ და დაკლა ფარულად და შთაასხა სისხლი მისი ფიალასა და კვალად დასდვა მკუდარი ყრმა სარეცელსავე ზედა თვისსა და დაბურა იგი. და წარიყვანა სალმობიერი იგი კაცი ადგილსა ფარულსა, განსძარცვა მას სამოსელი და დაადგინა შიშველი. და სისხლი იგი ყრმისა სცხო მას ყოველსა გუამსა მისსა – თავითგან ვიდრე ფერჴთამდე. და მეყსეულად განიკურნა კაცი იგი, ვითარცა იყო პირველ. ესევითარი სიყვარული ჰქმნა მოყვსისათვის და საკვირველ იქმნა ღმრთისაგან, ვითარცა ძველ ოდესმე აბრაჰამ. და მოვიდა რა აბანოსაგან დედა მის ყრმისა, მსწრაფლ მივიდა მისა, რათა აწოოს ძუძუჲ. და ოდეს გარდახადა საბურველი პირსა, ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! იწყო ყრმამან ჩვეულებისაებრ ტირილად. ხოლო ესმა რა მამასა მისსა ტირილი ყრმისა, მირბიოდა შვილისა მიმართ განკვირვებული და იხილა შვილი თვისი ცოცხალი, რომელი დაეკლა ჴელითა თვისითა, განკურნებისათვის მოყვასისა. და ადიდებდა ღმერთსა ესევითარისა საკვირველებისა მოქმედსა, რამეთუ სალმობიერი განიკურნა და მკუდარიცა განცოცხლდა.
ხოლო ღმერთმან ყოველისა შემძლებელმან, ესე საკვირველი ორთა თვისვე სარწმუნოებისა – სიყვარულისა და მოწყალებისათვის ჰქმნა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მგ [43]
მთავრისათვის დიდებულისა

იყო ვინმე ქრისტეს მოყვარე ალექსანდრიას შინა მთავარი დიდებული და მოშიში უფლისა, და ჰყოფდა ქველისსაქმესა მარადის გლახაკთა, უცხოთა და ყოველთა ჭირვეულთა ზედა. და ერთგზის თუჱსა შინა მოუწოდდა ბერთა, მღუდელთა, გლახაკთა, უცხოთა, ქვრივთა, ობოლთა და ყოველთა ჭირვეულთა სახლად თვისსა სადილობად, და წარგზავნნის იგინი საბოძვარითა. ამას ესრეთ ჰყოფდა ყოველთა შინა თუჱთა.
ხოლო ესე კეთილი, ქრისტეს მოყვარისა მის კაცისა, შეიშურვა კეთილის მოძულემან ბოროტმან ეშმაკმან და შევიდა ერთსა მთავართაგანისა გონებასა და შეასმინა იგი მეფესა უსამართლოდ. და უმსჯავროდ წარიღეს ყოველი სიმდიდრე მისი და სიმამრისაცა მისისა, რათა მოწყალება ვერღარა ჰყოს ვერა რომლითამე შეძლებითა.
გარნა ქრისტეს მოყვარე იგი დიდის მადლობით ითმენდა და არავე დასცხრებოდა ქველისმოქმედებისაგან, რამეთუ იტყოდა: „წერილ არს, ვითარმედ: „ერთისა სასმელისა წყლისა გრილისა სასყიდლისა მოგებაჲ“[მრკ. 9,41]. და ვითარცა მოვიდა თუჱ, მოვიდენ ჩვეულებისაებრ გლახაკნიცა მიღებად მოწყალებისა. ხოლო ქრისტეს მოყვარემან მოსწრაფებით და მხიარულითა გულითა და სულითა მისცა მათ რაჲცა აქუნდა და ითხოვდა მათგან სახლისა თვისისა კურთხევასა. და ესრეთვე ჰყო მეორესაცა თუჱსა ჩვეულებისაებრ მოწყალებაჲ მცირე მცირედ.
და ვითარცა მოიწია მესამეცა იგი თვე, ეტყოდეს გლახაკნი მონასა, ქრისტეს მოყვარისასა: „არქუ უფალსა შენსა, რათა მოგვცეს მოწყალება, ვითარცა არს ჩვეულება მისი“. ხოლო მონამან ჰრქუა უფალსა თვისსა: „რაჲსაღა მოვლენ გლახაკნი მცირისა ამის მიღებად, რომელი მიეცემის?“ და მიუგო უფალმან მისმან: „უკეთუ არა ვჰყოთ მოწყალებაჲ, ძმაო, და ვაყენებდეთცა მათ მოსლვად, ნუუკუჱ მოვიდეს ჩვენ ზედა რისხვა ღმრთისა?! არამედ ვიდრემდის გვაქვნდეს ერთიცა მწვლილი, განუყოთ იგიცა გლახაკთა“.
და იხილა ღმერთმან გული ესევითარისა მოწყალისა და მოშიშისა მისისა, არა უგულებელს ჰყო მონა თვისი, არამედ ეშმაკი იგი ბოროტი განიდევნა, ვითარცა ბნელი, ნათლისა მიერ. და შთაუთხრა ღმერთმან გულსა მეფისასა, რათა ჰყოს მსჯავრი ქრისტეს მოყვარისა მის და შემასმენელისა მისისა. და განმართლდა ესე კაცი ღმრთისა და დაისაჯა შემასმენელი მისი ღმრთისამიერითა სასჯელითა. და ბრძანა მეფემან ყოველივე მიცემად მისა, რაჲცა წარეღოთ.
ხოლო ღმერთმან უმეტესად განამდიდრა და აკურთხა სახლი მისი ქველისაქმისათვის მისისა და მიერითგან ჰყოფდა უმეტესსა მოწყალებასა, ვითარცა აქუნდა ჩვეულებაჲ და იხსენებდა სიტყვასა მას, ვითარმედ: „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს“(ლკ. 6,36).
ხოლო ჩვენცა უკუჱ, საყვარელნო, შეგვემთხვიოს რა განსაცდელი, მადლობითა ღმრთისათა დავითმინოთ. და ნუ დავსცხრებით კეთილისყოფად და ვედრებად ღმრთისა და წარგვემართნეს აქაცა და მას საუკუნესა – ცხოვრება ვჰპოვოთ მადლითა მისითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მდ [44]
ევხარისტისთვის მწყემსისა

ორნი მანოზონნი იყოფოდეს უდაბნოსა შინა და ევედრნეს ღმერთსა, რათა აუწყოს მათ, თუ რომლისა წმიდათაგანისა სავანისანი არიან. და მოვიდა ჴმაჲ მათდა მეტყველი, ვითარმედ: „სოფელსა შინა ეგვიპტისასა არს კაცი ლიტონი ერისაგანი, სახელით ევხარისტ და ცოლი მისი მარიამ. ჯერეთ არღა მიწევნულ ხართ საზომსა მისსა“.
ხოლო იგინი აღსდგეს და წარვიდეს სოფელსა მას და იკითხვიდეს სახლსა მისსა. და ჰპოვეს ცოლი მისი და ეტყოდეს: „სადა არს, დედაო, ქმარი შენი?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „მწყემსი არს, უფალნო, და აძოებს ცხოვართა“. და შეიყვანნა სახლად თვისსა. და ვითარ იქმნა მწუხრი, მოვიდა ევხარისტ სამწყსოთ თვისით, იხილნა რა ბერნი, თაყვანის სცა მათ და მოიღო წყალი და დაბანნა ფერჴნი და განუმზადა მათ ტაბლაჲ.
ხოლო ეტყოდეს მას მოხუცებულნი იგი ბერნი: „არა ვსჭამოთ არარაჲ, უკეთუ არა მოგვითხრა ჩვენ საქმენი შენნი კეთილნი“. ხოლო ევხარისტ დიდითა სიმდაბლითა ეტყოდა მათ: „უფალნო ჩემნო, მე მწყემსი ვარ ცხოვართა და აჰა, ცოლი ჩემი და ვითარ შესაძლებელ არს ჩემგან კეთილი საქმე?!“ და არა შეიწყნარეს ბერთა, არამედ ევედრებოდეს მას თქმად, მეტყველნი: „გევედრებით, ძმაო, ღმრთისა მიერ მოვლინებულ ვართ ჩვენ შენდა, რათა გვითხრნე საქმენი შენნი კეთილნი“.
და ვითარცა ესმა მას სახელი ღმრთისა, შეეშინა და ჰრქუა მათ: „აჰა, ესერა, უფალნო ჩემნო, ცხოვარნი მყვანან მშობელთა ჩემთაგან და რაჲსაცა მომცემს ღმერთი ნაყოფსა მათგან, განვყოფ სამ წილად: ერთსა ნაწილსა გლახაკთა მივსცემ, მეორესა უცხოთ მოყვარებასა და მესამესა სახმრად ჩვენდა ვჰყოფთ. და რაჲთგან მომიყვანიეს ცოლი ესე ჩემი, არა შეგვიგინებიეს საწოლი ჩვენი, არამედ ქალწულებით დაგვიცვამს თავნი ჩვენნი და თვისად თვისად დაგვიძინია მცირედ. და ღამე შევიმოსთ ძაძასა და ვევედრებით ღმერთსა დაუცხრომელად. და დღე თვისსავე სამოსელსა შევიმოსთ და აქამომდე არავის კაცთაგანსა უცნობიეს“.
ხოლო მათ რა ესმა ესე, განუკვირდებოდათ ფრიად და ამბორს უყვეს მას და წარვიდენ უდაბნოდვე. და განიხილნეს თავნი თვისნი და ადიდებდენ ღმერთსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი დაფარულნი მონანი. მისსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მე [45]
მესტვირისათვის, რომელი მოწყალებისა მიერ სცხონდა

იყო ვინმე მონაზონი უდაბნოსა შინა ქვეყანასა ირაკლი თებაიდისასა, სახელით პაჶნოტი, რომლისათვის მრავალნი ფრიადსა ქველისსაქმესა და მაღალთა სათნოებათა მოგვითხრობდენ. ესე პატიოსანი მამა, შემდგომად მრავალთა შრომათა, ევედრა ღმერთსა, გამოცხადებად მისა, თუ რომელთა წმიდათა მსგავს არს. ხოლო გამოუჩნდა მას ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „მსგავს ხარ შენ მესტვირისა ვისმე, რომელი ქალაქსა შინა იყოფის“.
ხოლო პაჶნოტი მოსწრაფედ წარვიდა მესტვირისა მიმართ და ეტყოდა: „ვინ ხარ შენ, ძმაო, და ვითარ არს ცხოვრება შენი?“ ხოლო მან ჰრქუა: „ფრიად ცოდვილ, მტაცებელ და მემთვრალე ვარ მე, მამაო პატიოსანო, და მცირედ ოდენ ჟამი არს ვინათგან მოვეგე თავსა ჩემსა და ავაზაკობისაგან გამოვედ“. კვალად გამოეძიებდა მისგან პაჶნოტი და ეტყოდა: „ნუუკუჱ კეთილი რაჲმე გიქმნიესაა, ძმაო?“ ხოლო მან ჰრქუა: „არარაჲ კეთილი მიქმნიეს, უფალო ჩემო, გარნა ამისა, რამეთუ ოდეს ავაზაკობასა შინა ვიყავ, ორნი ქრისტეს მოყვარენი შეიპყრნეს ავაზაკთა – მოყვასთა ჩემთა, ხოლო მე განვარინენ იგინი ღამით და სოფლადმდე წარუმართე მათ. და კვალად ოდესმე ვჰპოვე დედაკაცი ფრიად შვენიერი შეცთომილი უდაბნოსა ადგილსა და მტირალი მწარედ. ხოლო მე ვჰკითხევდი მიზეზსა ტირილისა მისისასა და მან მრქუა: „ნუ მკითხავ მე უბადრუკსა რაჲსამე, უფალო ჩემო, არამედ ვითარცა მხევალი შენი, წარმიყვანე სადაცა გნებავს, რამეთუ ქმარსა ჩემსა მრავალგზის ჰგვემდენ ორ წელ ვახშისათვის სამასისა ოქროჲსა, და შეაყენეს საპყრობილესა და სამთაცა შვილთა გან­მსყიდველ ვიქმნენით. და მისთვის ვიქმენ მე მავალ ადგილითი ადგილად. და აწ უდაბნოსა ამას ვრონინებ, რამეთუ მრავალგზის ვიპოვე მე მათგან და ვიგვემებოდი წამ და წამ. და აჰა, სამი დღე ვარ აწ უდაბნოსა ამას შინა უჭმელი”.
ხოლო მე ესერა მესმა, შევიწყალე იგი და წარვიყვანე ქვაბსა ჩემსა და დაუგე მას ჭამადი და მივეც სამასი ოქროჲ. და მივიყვანე იგი ქალაქადმდე და გავათავისუფლე იგი მოვახშეთაგან ქმრითა და შვილებითურთ.
მაშინ მიუგო მას პაჶნოტი: „მე თავით თვისით არარაჲ უწყოდი შენთვის, ძმაო, გარნა სასმენელ ჩემდა იქმნა, რამეთუ დიდებულ ხარ და არარაჲთ ჩემსა უდარეს ხარ, რომელსა მრავალნი წელნი ფრიადითა შრომითა უდაბნოსა შინა დამიყოფიან. აწ ნუ უდებ იქმნები, შვილო, რამეთუ გამომიცხადა მე ღმერთმან შენთვის, რათა არღარა შეაჭირვო შენ სულსა შენსა“.
ხოლო მან მეყსეულად განაგდო სტვირი და საგალობელი თვისი და შეუდგა მას და წარვიდა უდაბნოს და სამ წელ კეთილად შვრებოდა მოღვაწებითა; ლოცვითა და გალობითა ცხოვრება თვისი აღასრულა და სანატრელსა მას ცხოვრებასა საუკუნესა მიისწრაფა, და გუნდსა წმიდათასა შეეძინა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მვ [46]
ათასისთავისათვის, რომელი მოწყალებამან
საპყრობილით იხსნა

ქალაქსა ტიბერიისასა იყო ვინმე ათასისთავი, კაცი სახელოვანი და დიდებული და მოშიში ღმრთისა. იგი მოგვითხრობდა და იტყოდა, ვითარმედ: „წარგზავნილ ვიყავ რომელსამე ქალაქსა საქმისა რაჲსათვისმე საჴელმწიფოჲსა. და მუნ ყოფასა ჩემსა მოვიდა ვინმე დედაკაცი შვენიერი და დიდებულთაგანი და ითხოვდა ჩემგან ქველისსაქმესა და ცრემლითა მხურვალითა იწყო ტირილად და იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, ღმრთისათვის, რამეთუ დიდსა ჭირსა შინა ვარ“. ხოლო მე ვიწყე კითხვად მისა მიზეზი ტირილისა მისისასა და მან კვალად ტირილით მრქუა მე, ვითარმედ: „ქმარი ჩემი ვაჭარი იყო, უფალო ჩემო, და ღელვათა შინა ზღვისათა წარუწყმდა მონაგები თვისი და სხუათაცა მრავალთა. და აწ მოვახშეთაგან არს იგი საპყრობილესა შინა და მე კარითი კარად მიმოვალ მოწყალებისათვის, რათამცა მოვითხოვო პური და გამოვზარდო“. ხოლო მე ვჰკითხე მას, ვითარმედ: „რაჲ არს თანანადები ქმრისა შენისა, დედაო?“ და მან მრქუა: „ხუთი ოდენ ლიტრა ოქროჲ, უფალო“. ხოლო მე აღვიღე ოქრო ხუთი ლიტრა და მივეც მას და ვარქუ: „მიიღე ოქრო ესე, დაო ჩემო და გამოიხსენ ქმარი შენი და ევედრე ღმერთსა ჩემ ცოდვილისათვის“.
და შემდგომად ერთისა წლისა იქმნა ჩემთვის ცილისწამებით შესმენა მეფისა მიმართ, ვითარმცა წარმეწყმიდოს ხარკი. წარმოიღეს ყოველი სიმდიდრე სახლისა ჩემისა და წარმომიყვანეს მეცა კოსტანტინუპოლეს და შემაგდეს საპყრობილესა. და ვიყავ მუნ ერთ წელ ერთითა ოდენ კვართითა. და მეტყოდენ დღე ყოველ, ვითარმედ: „ჰნებავს მეფესა სიკუდილი შენი სხვათა საწვრთელად“, და სასოწარკვეთილ ვიქმენ ცხოვრებისაგან ჩემისა და ვიწყე ტირილად.
ხოლო ტირილსა და გოდებასა შინა ჩემსა მიმეძინა. და ვიხილე დედაკაცი იგი, რომელსა მივეც ხუთი ლიტრა ოქროჲ და მრქუა მე: „რაჲ არს, უფალო ჩემო, და რაჲსათვის შეპყრობილ ხარ აქა?“ ხოლო მე ვარქუ: „შესმენილ ვარ და ვჰგონებ, სიკუდილი ნებავს ჩემი მეფესა“. და მან მრქუა მე: „წარვიდე მეფისა მიმართ, რათა განგიტეოს შენ“. და ვითარცა განმეღვიძა, ვერ მრწმენა ხილვა იგი და კვალად მწუხარე ვიყავ. და მეჩვენა მეორესაცა ღამესა იგივე და მეტყოდა: „ნუ გეშინინ, უფალო ჩემო, მე განგიტეო შენ“.
და ხვალისად ბრძანა მეფემან მიყვანება ჩემი წინაშე მისსა და მიმიყვანეს პალატსა მეფისასა. და ოდეს შევედ და ვიხილე მეფე, და აჰა, დედაკაციცა იგი მდგომარე მარჯვენით მეფისა და ჩემდა მომართ მხიარულად მხედველი. და ბრძანა მეფემან ყოვლისა მონაგებისა ჩემისა მოცემად ჩემდავე, რომელი წარმოიღეს სახლისაგან ჩემისა და სხვისაცა ნიჭისა მრავლისა ბოძება და განწესება ადგილსავე ჩემსა. და აღმიყვანეს პატივსაცა, რათა ვიყო მე ყოველთა ათასისთავთა განმგებელ.
ხოლო კვალად მას ღამესა მეჩვენა მე იგივე დედაკაცი და მრქუა: „უწყიაა, უფალო ჩემო, თუ ვინ ვარ მე? მე იგი ვარ, რომლისა თანა შენ ჰყავ წყალობაჲ და მომეც ხუთი ლიტრა ოქროჲ და გამოიხსენ ქმარი ჩემი საპყრობილისაგან. ამისთვის გიხსენ მეცა შენ საპყრობილისაგან და სიკუდილისა და მიგელის ცხოვრება საუკუნო“.
მიერითგან უმეტესსა ჰყოფდა მოწყალებასა გლახაკთა, პყრობილთა და ყოველთა ჭირვეულთა ზედა და იხსენებდა სიტყვასა მას, ვითარმედ: „საპყრობილესა ვიყავ და მიხსენით მე“[მთ. 25,36] და ადიდებდა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მზ [47]
ჭეშმარიტისა მოწყალისათვის,
რომელმან იხსნა სული კაცისა წარწყმედისაგან

ალექსანდრიასა შინა პავლე პატრიარხისა ზე ქალი ვინმე დაშთა ობლად, ხოლო მშობელთა მისთა დაუტევეს მონაგები მრავალი. დღესა ერთსა ვენახოვანსა თვისსა ვიდოდა ქალი იგი და იხილა კაცი ვინმე განმზადებული მოშთობად თავისა თვისისა. მიისწრაფა და ჰრქუა: „რაჲსა ჰყოფ, ჵ, კაცო?“ და მან ჰრქუა მას: „ქალწულო, ნუ მკითხავ მე, რამეთუ, მრავალსა შეჭირვებასა შინა ვარ“. ეტყოდა მას ქალი იგი: „მითხარ მე, ძმაო, მიზეზი, უკეთუ შესაძლებელ იყოს ჩემდა“. ხოლო მან ჰრქუა: „მრავალთა ვახშთა თანამდებ ვარ, დედოფალო ჩემო, და ვიტანჯები მათგან. აწ მეგულების მოშთობად თავისა ჩემისა და მოსწრაფედ სიკუდილი“. ჰრქუა მას ქალმან: „წარმოვედ ჩემთანა, ძმაო, და რაოდენი მაქუს საფასე, აღიღე და მიეც მოვახშეთა შენთა და გევედრები, ძმაო, ნუ ეგრეთ წარიწყმედ თავსა შენსა სულითურთ“. წარიყვანა და მისცა ყოველივე, რაჲცა აქუნდა და განათავისუფლა იგი სრულიად სულისა და ჴორცთა წარწყმედისაგან. და თვით ნაკლულევან იქმნა და არცაღათუ დაუშთა რაჲმე, რომლითა გამოზრდილ იყო, არამედ წარვიდა მონასტერსა ქალწულთასა.
და შემდგომად მრავლისა ღვაწლისა, დასნეულდა იგი ფიცხელითა სალმობითა. და ამასცა რა მადლობით მოითმენდა, მოვიდა ანგელოსი უფლისა სახითა მის კაცისათა, რომელი იხსნა მოშთობისაგან და ჰმსახურებდა მას. ესე მრავალგზის იხილეს დათა მისთა სულიერთა და განუცხადეს პატრიარხსა. მოვიდა პატრიარხი და ჰრქუა მას: „მშვიდობა შენთანა, ასულო, მაუწყე მე, თუ რაჲ კეთილი გიქმნიეს?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე რაჲ კეთილი მიქმნიეს, გლახაკსა და ცოდვილსა, მეუფეო წმიდაო?” კვალად ეტყოდა მას პატრიარხი: „ყოვლადვე არარაჲ უწყიაა, შვილო, თავისა შენისა კეთილისა ქმნაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „არარაჲ, მეუფეო წმიდაო, თვინიერ ამისსა, რამეთუ ვიხილე ვინმე მოშთობად განმზადებული მძლავრებისაგან მოვახშეთასა და ყოველი მონაგები ჩემი მივეც მას და ვიხსენ იგი. და ვითარცა ესე სთქუა, სული თვისი განწმედილი ჴელთა შინა ღმრთისათა შევედრა და ანგელოსისა წინამძღვრებითა ზეცისა სავანესა განისვენა.
მაშინ პატრიარხი და რომელნი იყვნეს მისთანა, ადიდებდეს ღმერთსა და სთქუჱს: „მართალ ხარ შენ, უფალო, და სიმართლით არიან მსჯავრნი შენნი“[ფს. 118,117]“, რამეთუ არავის წარუწყმედ კეთილისა საქმესა, დიდება შენდა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მჱ [48]
მემტილისათვის, რომელი მოწყალებისა ძლით განიკურნა

იყო ვინმე მემტილე სახელით იოანე, ფრიად მოწყალე უცხოთა და გლახაკთა მიმართ; რამეთუ მუშაკობდა მტილსა შინა და ყოველსა ნაშრომსა თვისსა მისცემდა ქველისსაქმედ თვინიერ კმასაყოფელისა თვისისა.
ხოლო უკანასკნელ შთაუდვა ეშმაკმან გულსა მისსა, ვითარმედ: „შეიკრიბე მცირე ვეცხლი, რათა ოდეს დაბერდე, ანუ სალმობიერ იქმნე, გაქუნდეს სახმრად შენდა”. და ვითარცა შეიკრიბა მან ვეცხლი, შეემთხვია სალმობა ფერჴისა და სიმპალე და მისცა ვეცხლი იგი მკურნალთა და ვერ შეუძლეს კურნებაჲ. ხოლო უკანასკნელ მოვიდა ჴელოვანი მკურნალი და ჰრქუა: „უკეთუ არა მოიკვეთო ფერჴი ესე დამპალი, ყოველი გუამი შენი განირყვნას“. და ენებათ ხვალისად მოკვეთად ფერჴი იგი.
ხოლო მას ღამესა შესწუხნა ფრიად; შეინანა, რომელი ჰქმნა და სულთ ითქუნა და ტირილით იტყოდა: „მოიხსენენ, უფალო, პირველნი საქმენი ჩემნი, რომელთა ვიქმოდი და მივსცემდი ქველისსაქმედ, და შემიწყალე მე“. და ამას რა იტყოდა, წარმოუდგა მას ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „სადა არს ვეცხლი იგი, რომელი შეიკრიბე?“ მაშინ გულისჴმა ჰყო და სთქუა: „გცოდე, მოწყალეო უფალო, და მომიტევე მე, და ამიერითგან არღარა დავსდვა სასოება ჩემი ვეცხლისა მიმართ, არამედ უფლისა ღმრთისა ჩემისა“. მაშინ ანგელოსმან შეახო ფერჴსა მისსა და მეყსეულად განიკურნა.
ხოლო აღსდგა ხვალისად და წარვიდა მტილსა თვისსა სამუშაკოდ. და მივიდა მკურნალი მოკვეთად ფერჴისა და სთქუა: „სადა არს იოანე?“ და ჰრქუჱს მას: „განთიად წარვიდა თვისსა მტილსა სამუშაკოდ“. განცვიფრდა მკურნალი და წარვიდა ხილვად მისსა და იხილა იგი, რამეთუ ჰბარვიდა მიწასა ფერჴითა მით, რომლისა ეგულებოდა მოკვეთაჲ. და ადიდებდა ღმერთსა მეტყველი: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინიცა ღმერთმან შეიწყალნეს“[მთ. 5,7], რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა მთ [49]
მარტიანესთვის მოწყალისა

იყო ვინმე კაცი მართალი და მოწყალე სახელით მარტიანე. ხოლო ცხოვრება ესევითარი აქუნდა, რომელ არარაჲსა იუნჯებდა თვისად, არამედ ყოველსავე მისცემდა ქველისსაქმედ გლახაკთა და უცხოთა. და ოდეს არარაჲ დაუშთა მას თვინიერ დანაკისა და ერთისა სამოსლისა, და იყო მკსინვარება ზამთრისა და ყინელი დიდი, შეემთხვია მას გლახაკი შიშველი ბჭეთა თანა ქალაქისათა და ითხოვდა მოწყალებასა. იხილა რა იგი მარტიანე, შეწუხნა ფრიად, რამეთუ არარაჲ აქუნდა, რათამცა მისცა გლახაკსა მას თვინიერ ერთი იგი სამოსელი, რომლითა შემოსილ იყო თვით, რამეთუ ყოველი მონაგები თვისი განეყო გლახაკთათვის. და აღმოიღო დანაჲ და განჰსჭრა სამოსელი იგი შუა და ნახევარისა მისგან შემოსა გლახაკი იგი შიშველი და ნახევარითა მით თვით ვიდოდა და მრავალნი ჰბასრობდეს მას.
და მას ღამესა ეძინა რა, იხილა სამოსლითა მით თვისითა ქრისტე შემოსილი, რომლითა შემოსა გლახაკი იგი და წინაშე მრავალთა ანგელოსთასა ეტყოდა: „ჵ, მარტიანე, შენ ამით სამოსლითა შემმოსე მე, ხოლო მეცა წინაშე ყოვლისა სოფლისა სამოსლითა დიდებულითა შეგმოსო შენ და სასუფეველი ცათა დაიმკვიდრო“. ხოლო ესმა რა ესე მარტიანეს, აღსდგა ძილისაგან და ადიდებდა ღმერთსა. მუშაკობდა მარადის და იქმოდა გლახაკთა მიმართ მოწყალებასა. და იქმნა სათნო უფლისა და მიმადლა ღმერთმან მადლი სასწაულთმოქმედებისა: მკუდართა აღადგინებდა, სნეულთა ჰკურნებდა და ეშმაკთა განასხმიდა. და შემდგომად მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცვალა და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნ [50]
შიშველთ შემოსისათვის

ბერსა ვისმე აქუნდა ორი სამოსელი – ერთი ახალი და მეორე ძველი. და მივიდა მისა გლახაკი ვინმე შიშველი ზამთარსა შინა და ითხოვდა მისგან მოსაბლარდნელსა რასმე. სდგა მტირალი და იტყოდა: „შემიწყალე მე, რამეთუ არარაჲ მაქვს შესამოსად“. ხოლო შეეწყალა ბერსა და შევიდა სენაკსა თვისსა, განიძარცვა ძველი სამოსელი და შეიმოსა ახალი, და მისცა გლახაკსა მას უძველესი. და შემდგომად მცირედისა განიზრახა, ვითარმედ: „არა ვჰყავ სიყვარული სრული, რამეთუ ვიპყარ მე უმჯობესი და მივეც მას უდარესი; არა ქრისტეს სიყვარულისათვის მთხოვა მეა? ვითარ მე უბადრუკმან უუნდოესი მივეც ქრისტესა, ყოველთა უმჯობესსა და ვიპყარ ჩემთვის უმჯობესი, ყოველთა უდარესმან?!“
მოუწოდა გლახაკსა და ეტყოდა მას: „მომეც მე იგი სამოსელი, რომელი მე მოგეც შენ, ძმაო, და მოგცე შენ სხუაჲ“. გამოართუა ძველი იგი და შეიმოსა თვითვე და მისცა მას ახალი სამოსელი. წარიღო გლახაკმან და განჰყიდა ქალაქსა შინა. და შემდგომად მივიდა ბერიცა იგი ქალაქსა მას განსყიდვად ჴელთსაქმისა თვისისა და იხილა სამოსელი თვისი, რომელი შეემოსა სხუასა ვისმე და არა გლახაკსა მას, რომელსაცა მისცა. და მწუხარე იქმნა მისთვის ბერი დიდად. და მოვიდა სენაკსა თვისსა, სტიროდა და იტყოდა: „არა ღირს იჩინა გლახაკმან სამოსელი ჩემი შემოსად, რათამცა შეწირულ იყო წინაშე ქრისტესა სურვილით მოწყალება ჩემი“. ხოლო ტირილსა მას შინა მიეძინა და აჰა, გამოუჩნდა მას ქრისტე, შემოსილი სამოსლითა მისითა. და კაცთ­მოყვარებისაებრ თვისისა უგრგინა თითითა გვერდსა მისსა და ეტყოდა: „ძმაო, ძმაო, მოიხილე ჩემდა“. და მან აღიხილნა და იხილნა იესო შემოსილი სამოსლითა მით, რომელი მიეცა გლახაკისათვის. და განათლდა სახლი იგი და ეტყოდა მას იესო: „იცნობაა, ამას, ძმაო?“ და ჰრქუა ბერმან: „ჰე, უფალო ჩემო, ვიცნობ, რამეთუ ჩემი არს“. და ჰრქუა მას ქრისტემან: „ნუ სტირ, ნუცა იურვი, რამეთუ ოდეს იგი ძმასა მას ჩემსა მიეც სამოსელი ესე, მე მივითვალე, ვითარმედ: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“[მთ. 25,40]. და განიღვიძა ბერმან და გულსავსებით განკვირვებული მადლობდა ღმერთსა და ადიდებდა კაცთმოყვარებასა მისსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნა [51]
სერაპიონისთვის უპოვარისა

ღირსი მამა ჩვენი სერაპიონ იყო სიყრმითგან მონაზონ და არა იძია სოფლისა ამის სიმდიდრე, არამედ ესრეთ იყო ცხოვრება მისი, ვითარცა ერთისა მფრინველთაგანისა, რამეთუ სრულიად არარაჲსა მოიგებდა: არცა სახლსა, არცა სხუასა რასამე, არამედ საბლარდნელი ერთი ოდენ შეემოსა და მცირე სახარება ეტვირთა და ესრეთ ვიდოდა, ვითარცა უჴორცოჲ. ხოლო მრავალგზის იპოვის იგი გარე დაბისა გზასა ზედა მჯდომარე და მწარედ მტირალი და ჰკითხვიდეს მას მეტყველნი: „რაჲსა უკუჱ სტირ, ბერო?“ და იგი მიუგებდა მათ: „უფალმან ჩემმან მარწმუნა სიმდიდრე თვისი და წარვსწყმიდე იგი უდებებითა ჩემითა და ეგულების ტანჯვა ჩემი“. ხოლო მსმენელნი ჰგონებდეს, თუ ოქროსა იტყვის, ანუ ვეცხლსა და მისცემდეს მას პურისა ნატეხსა და ეტყოდეს: „მიიღე ესე, ძმაო, და სიმდიდრესა, რომელსა იტყვი, ძალუძს ღმერთსა წარწყმედულისაცა მოცემად შენდა!“ და მიუგებდა ბერი: „ამინ, ამინ!“
ხოლო ოდესმე წარვიდა ეგვიპტედ და შეემთხვია შიშველსა გლახაკსა ზამთრისაგან ათრთოლებულსა. დასდგა და იწყო განზრახვად: „ვითარ უკუჱ მე მონაზონი ვარ და მუშაკი ქრისტეს მცნებათა, რომელ სამოსელი მმოსიეს მე და ესე გლახაკი უფროსღა ქრისტე შიშველი, სიცივისა მიერ მოკუდების. ჭეშმარიტად, უკეთუ დაუტეო მოსიკუდიდ, ვითარცა კაცის მკლველი დავისჯები. და დღესა მას საშინელსა მეტყვის ქრისტე: „შიშველ ვიყავ და არა შემმოსე მეო“[მთ. 25,43]. და მსწრაფლ განიძარცვა სამოსელი თვისი და მისცა გლახაკსა და თვით შიშველმან იღლიითა იტვირთა წმიდა იგი სახარება. და შეემთხვია მას მეცნიერი ვინმე და იხილა იგი შიშველი და ჰრქუა მას: „მამაო სერაპიონ, ვინ განგძარცვა შენ?“ ხოლო მან გამოიღო წმიდა იგი სახარება და ჰრქუა: „ამან განმძარცუა მე, ძმაო“.
და შემდგომად ამისა შეემთხვია მას ერთი შეპყრობილი ვახშისათვის და არარაჲ აქუნდა მიცემად მისსა, და შეეწყალა ნეტარსა სერაპიონს, აღიღო წმიდა იგი სახარება და განჰყიდა და გამოიხსნა კაცი იგი შეჭირვებისაგან და მივიდა სენაკსა თვისსა. იხილა რა მოწაფემან მისმან შიშველი, ეტყოდა: „სადა არს, პატიოსანო მამაო, სამოსელი შენი?“ მიუგო ბერმან და ჰრქუა: „წინასწარ წარვგზავნე იგი, შვილო, სადაცა უფროს სახმარ იყო ჩემდა“. და ჰრქუა მოწაფემან: „სადა არს, მამაო, მცირე იგი სახარება?“ მიუგო ბერმან: „შვილო, მარადის იგი მეტყოდა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“[ლკ. 18,22], მე თვით იგი განვყიდე და მივეც ქველისსაქმედ და აწ მოხარულ ვარ მისთვის, „რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა“(2 კორ. 9,7), რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნბ [52]
უცხოთ შეწყნარებისათვის

კაცი ვინმე იყო მდიდარი და ღმრთისმოყვარე. და ყოვლითა გულითა თვისითა მოსწრაფე იყო გლახაკთ მოყვარებისათვის და სურვიელ იყო გლახაკთა და უცხოთა თანა პურისა ჭამად. და დღე ყოველ ტრაპეზსა ზედა თვისსა გლახაკთა მოიყვანებდა და მათ თანა სჭამდა.
ხოლო დღესა ერთსა უცხო ვინმე სხუათა მრავალთა თანა გლახაკთა შეიწყნარა ტრაპეზსა ზედა თვისსა. და ოდეს, ჩვეულებისაებრ თვისისა სიმდაბლისა, ენება წყლისა დასხმაჲ ჴელთა ზედა მის უცხოსასა, მიიქცა რა აღებად ჭურჭლისა, და მუნ ვერღარა იხილა უცხოჲ იგი, რომლისა ენება ჴელთა ბანაჲ და საკვირველისა ამის საქმისათვის განცვიფრებულ იყო თავსა შორის თვისსა.
ხოლო მას ღამესა იხილა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჰრქუა მას: „ჵ, მოყვასო, სხუათა დღეთა ძმანი ჩემნი შეიწყნარენ, ხოლო გუშინ თვით თავადი მე შემიწყნარე. ესე გეთქვას შენ დღესა მას სასჯელისასა, ვითარმედ: „უცხო ვიყავ და შემიწყნარე მე და რავდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანთასა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავ“[მთ. 25,35; 25,40]. და განიღვიძა კაცმან მან და ჰმადლობდა სახიერებასა ღმრთისასა და იტყოდა: „ეჰა, უფალო, უკეთუ ესე მცირედნი გულსმოდგინებანი სათნო არიან შენდა, ტკბილო მეუფეო, ნეტარ მათდა, რომელნი დიდთა სათნოებათა იქმან შენ წინაშე. რაბამი მადლი მიიღონ შენ მიერ, რომელმან არავის წარუწყმიდი სასყიდელი ერთისაცა სასმელისა წყლისა გრილისა“. შენდა ჰშვენის დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნგ [53]
მოწყალებისა შემნანებელისათვის

კაცი ვინმე იყო კოსტანტინუპოლის ფრიად მდიდარი, სალობიერ იქმნა და განწირულ მკურნალთაგან და შეეშინა სიკუდილისა და მისცა მოწყალება გლახაკთა ოცდაათი ლიტრა ოქროჲ. და მოწყალებისათვის მისისა განმრთელდა კაცი იგი, და მერმე იწყო შენანებად, ვითარმედ: „ცუდად წარვაგე ოქროჲ იგი“ – და ინანდა მოწყალებისათვის. და მიუთხრა ესე მოყვასსა თვისსა სხუასა ვისმე მდიდარსა, ხოლო იგი ეტყოდა მას: „ნუ შეიწყნარებ, ძმაო, განზრახვასა მაგას ბოროტისა ეშმაკისასა, რათა არა განარისხო ღმერთი, აღმადგინებელი შენი მოწყალებისა მისთვის“. ხოლო იგი არა უსმენდა მას, არამედ უფროსღა ჰრისხვიდა და დრტვინვიდა მოწყალებისათვის.
მერმე ჰრქუა მას მეგობარმან მან: „უკეთუ სიტყვათა ჩემთა არა ისმენ, ძმაო, მე გრქუა შენ მეორე განზრახვაჲ“. ხოლო მან ჰრქუა: „რომელი და ვითარ?“ მიუგო ჭეშმარიტმან მან მოწყალემან: „წარმოვედ ჩემ თანა ეკ­კლესიად და სთქუ: „არა ვარ მე, უფალო, მოქმედ მოწყალებისა, არამედ ესე არს“ და მე მოგცე შენ ოცდაათი ლიტრა იგი ოქროჲ“. და მან აღუთქვა ყოფად.
და მივიდენ ეკკლესიად და ჴელად მიიღო ოცდაათი ლიტრა ოქროჲ და სთქუა: „არა ვარ მე, უფალო, მოქმედ მოწყალებისა, არამედ ესე არს“. ხოლო ჭეშმარიტმან მან მოწყალემან სთქუა: „ამინ!“ და მოვიდა რა იგი ვიდრე კარადმდე ეკკლესიისა, ჴელთა შინა თვისთა ოქროჲსა მტვირთველი, დაეცა და მოკუდა. და მუნ ყოველნი მხილველნი მისნი შიშმან და ძრწოლამან შეიპყრნა და ადიდებდეს მართლმსაჯულებასა ღმრთისასა.
ხოლო მონანი იგი მკუდრისანი ეტყოდეს ჭეშმარიტსა მას მოწყალესა: „მიიღე, უფალო, ოქრო ესე შენი, რამეთუ იგი მოკუდა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნუ იყოფინ ჩემდა, ნუცა გონებად მოსლვა მაგისი, რამეთუ ჩემი იგი პირველ ქმნული მოწყალება არს, ხოლო მაგისი ეგე ოქროჲ. და უკეთუ გნებავსთ სარგებელ ყოფა მაგისი, აწ ოქროცა ეგე მიეცით მოწყალებად სულისა მაგისთვის. და ღმერთი ჩვენი კაცთმოყვარე არს და შეიწყალებს მოწყალებისა მიერ და განსწმედს ბრალისაგან, რამეთუ თვით იტყვის: „მიეცით მოწყალება და აჰა, ყოველი თქვენი წმიდა არს“(ლკ. 11,41), რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნება და მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა ნდ [54]
თავისა თვისისა გამსყიდველისა
და მოწყალებად მიმცემელისათვის

აჶრიკეთს ჶრიგვიისასა იყო ვინმე პეტრე, მდიდარი, დიდად უწყალო; და არასადა შეეწყალა გლახაკი და არცა აქუნდა ხსენება ღმრთისა ეკკლესიასა შინა; და არა ისმენდა გლახაკთაგან თხოვასა წყალობისასა.
ხოლო სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთან, რომელსა „არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და სინანული“[ეზეკ. 18,32; 33,11], რომლითამცა მსჯავრითა უწყის თვითოეულისა ცხოვრება, ამისთვისცა ესევითარი განგება ჰყო:
დღესა ერთსა ისხდნენ გლახაკნი მცირედნი უბანთა ზედა და იწყეს ქებად მოწყალეთა კაცთა და შევედრებად ღმრთისა, ეგრეთვე უწყალოთა ჰგმობდენ. და მოვიდა სიტყვა პეტრემდეცა, რამეთუ უწყალო არს იგი სრულიად. ხოლო ერთი მათ გლახაკთაგანი იტყოდა ვითარმედ: „მე მოვიღო მისგან წყალობაჲ“. და ჰყვეს ურთიერთას ცილობა და ინებეს გამოცხადება ამისი. და წარვიდა ერთი იგი მათგანი და დასდგა კარსა სახლისა მისისასა. და მოვიდოდა პეტრე წისქვილით და მოაქუნდა ფქვილი კარაულითა. და იხილა იგი გლახაკმან, თაყვანის სცა და იწყო თხოვად მოწყალებისა და წადიერად ჰლოცვიდა. ხოლო იგი განრისხნა და ვერა ჰპოვა ქვაჲ, აღიღო პური ერთი და სტყორცა პირსა გლახაკისასა. ხოლო მან აღიღო პური იგი და მივიდა მოყვასთა მიმართ თვისთა და ეტყოდა: „აჰა, თვით ჴელისა მისისაგან მოვიღე ესე“. და შეავედრებდა ღმერთსა, რამეთუ მოწყალე არსო. და მცირედ მცირედ მის პურისაგან ყოველთავე მიიღეს და იტყოდეს: „ღმერთო, აცხოვნე პეტრე“.
და მეყსეულად დღესა მეორესა დაეცა პეტრე სენითა სასიკუდინოჲთა – კნინღა და არა დაშთა სული მისი მისთანა. და მოვიდეს ანგელოსნი საშინელნი ძიებად კეთილთა საქმეთა მისთათა. და ვერარაჲსა ჰპოვებდეს, რათამცა შეესწორათ ბოროტისადა თვინიერ ერთისა მის პურისა, რომელი მისცა გლახაკსა, იგიცა უნებლიეთ. და ჰრქუჱს მას ანგელოსთა: „წარვედ უკუჱ, ჵ, პეტრე, და შესძინე სხუაცა მოწყალება პურსა მას, რათა არა წარგიყვანონ შენ ბნელთა ეშმაკთა და შთაგაგდონ სატანჯველსა საუკუნესა, „რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობა“(იაკ. 2,13).
მაშინ მოეგო კვალად სული მისი გუამსავე თვისსა და მიერითგან იქმნა მოწყალე და განუყვნა ყოველთავე დავრდომილთა მონაგები თვისი და განათავისუფლნა მონანი თვისნი. და ჰრქუა ერთსა მონასა თვისსა, ვითარმედ: „მორჩილ მექმენ მე და რაჲცა გრქუა, ეგრეთ ჰყავ. მომეც მე ფიცი, რათა აღასრულო აღთქმული ჩემი.
წარვიდეთ იერუსალიმს და თაყვანის ვსცეთ ცხოველსმყოფელსა საფლავსა და წმიდასა ვნებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და მუნ განმყიდე მე და სასყიდელი ჩემი განუყავ გლახაკთა და იყავ შენ თავისუფალ“.
და წარვიდენ იერუსალიმს და თაყვანი სცეს წმიდათა ადგილთა. და მიჰყიდა უფალი თვისი პეტრე მონამან კაცსა ვისმე ღმრთისმოშიშსა, რომელსა ერქუა ზოილე და ფასი მისი განუყო გლახაკთა, ბრძანებისაებრ მისისა. და შეაყენა პეტრე სამზარეულოსა უფალმან მისმან, ზოილე, და ჰყოფდა მსახურებასა კეთილად. ოდესმე ვენახსა მუშაკობდა და სხვითაცა ყოვლითავე მსახურებითა გულსმოდგინედ ჰმონებდა უფალსა თვისსა. და სტანჯვიდა მოღვაწებითა ჴორცთა თვისთა განუ­სვენებელად, ვიდრემდის ღმერთი გამოაცხადებდა საქმეთა მისთა კეთილთა.
შემდგომად რავდენისამე ჟამისა, მოვიდეს აჶრიკეთითგან სტუმარნი და დასხდეს სერობად ზოილეს თანა. ხოლო პეტრე ჰმსახურებდა და მოიღებდა საჭმელთა. და კაცთა მათ სტუმართა იცნეს იგი და იწყეს თქმად: „ჭეშმარიტად ესე არს პეტრე, ქალაქისა ჩვენისა სიმდიდრითა განთქმული“. და იტყოდეს, ვითარმედ: „ამან მრავალნი თვისნი მონანი განათავისუფლნა და სიმდიდრე თვისი გლახაკთა განუყო და მიერითგან არავინ უწყის, თუ სადა წარვიდა“. ხოლო პეტრე სდგა გარე კარისა და ისმენდა სიტყვათა მათ. და ვინათგან გამოსცხადდა, მსწრაფლ განვიდოდა. ხოლო იყო მეკარე ყრუ და უტყუ, რომელ წამისყოფითა ოდენ განახმიდა კარსა და დახშვიდა. ჰრქუა მას პეტრე: „განმიღე მე კარი, ძმაო!“ და ესმა ყრუსა მას სიტყვა პეტრესი და მყის განუღო მას კარი და განვიდა სრბით პეტრე, რამეთუ ივლტოდა პატივისა და დიდებისაგან კაცთასა. ხოლო მეკარე იგი მსწრაფლ მირბიოდა უფლისა თვისისა ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: „პეტრე, მონა ღმრთისა, განვიდა ჩვენგან და მან მრქუა მე: „სახელითა იესო ქრისტესითა გეტყვი შენ, განმიხვენ კარნი!” და აჰა, ვიხილე მე ალი მსგავსად ცეცხლისა გამომავალი პირით მისით და შემეხო ყურთა და ენასა ჩემსა. და მაშინვე მესმა სიტყვა მისი და ვიტყოდი მეცა მადლითა მისითა და იგი განვიდა“. ხოლო იგინი სდევნიდენ უკანით და მოსწრაფედ ეძიებდენ მას და ვერღარა ჰპოვეს იგი. და განკვირვებულნი ადიდებდეს ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნე [55]
დიდისა მეფისა კონსტანტინესთვის

მოგვითხრობდა წმიდათაგანი ვინმე, ვითარმედ: „წარვედ ოდესმე პაისიოს განშორებულისა მიმართ ლოცვისა და სამღთოსა სწავლისა მისისა მოღებისათვის. და ვითარცა მივეახლე კარსა ქვაბისა მისისასა, მესმა შინათ გამო ზრახვა ვისიმე მის თანა. და ველოდი რა უმეტეს ჟამისა და არავინ გამოვიდა, ვსთქუ წესისაებრ მონაზონთასა: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“. ხოლო მან სთქუა: „ამინ!“ და შერავედ შინა არავინ ვიხილე, გარნა მხოლოდ წმიდა იგი ბერი და განვკვირდი. და ვჰყავთ რა სიყვარული და მოვიღე სარგებელი სულისა ღმრთივმოცემულითა სწავლითა მისითა, მერმე ვჰკითხე მას და ვარქუ: „ვინ იყო, ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, შენ თანა, რომელი ზრახვიდა გარე დგომასა ჩემსა? მესმოდა ჴმა მისი“. ხოლო მან მრქუა: „ვგონებდი, ღმრთივსულიერო შვილო, ვითარმედ არა გიცნობიეს; და ვინათგან ღმერთმან გამოგიცხადა, არცა მე დაგიფარო:
იგი იყო, შვილო, დიდი და კეთილმორწმუნე მეფეთა შორის წმიდა კონსტანტინე. ზეცით მოვიდა ჩემდა მოწყინებულისა ნუგეშინისცემად და იტყოდა: „არა უწყოდიო თუ ესოდენი პატივი მოეცემოდა მონაზონთა სასუფეველსა ცათასა, რომელთა ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველი მონაგები მათი მისცეს გლახაკთა და თვით ნებსით დაგლახაკნეს. უკეთუ მეცნა ესევითარი დიდება მათი დამეტევებიამცა მცირეჟამეული მეფობა ჩემი და გვირგვინი, პორჶირი და სკიპტრაჲ მიმეცა გლახაკთა და შედგომილ ვიყავ ცხოვრებასა მონაზონთასა“.
ხოლო მე მიუგე მას და ვარქუ: „არა მოგენიჭაა შენ, უფალო ჩემო, ზეცათა მეუფისაგან დიდება და პატივი, რომელი განუმზადა წმიდათა თვისთა მართლისა სარწმუნოებისათვის და კეთილმსახურებით მეფობისა შენისა?“ და მან მრქუა: „ჰე, მოცემულ არს ჩემდა დიდება და პატივი, გარნა მონაზონთა ესე აქუსთ უმეტესი, რამეთუ ფრთენი ასხენ ოქროსფერნი და აღფრინდებიან და რომელთაცა სავანეთა ნებავსთ, მივლენ და თვით თავადისა ქრისტესსა მიიწევიან“.
ხოლო მე ვარქუ მას: „ღირს არს და მართალ, უფალო ჩემო, ესე პატივი ჭეშმარიტთა მათ მონაზონთათვის, რამეთუ შენ ამასცა სოფელსა შინა მეფობდი და შარავანდითა პალატსა შინა ბრწყინვალედ იხარებდი, და ქველისსაქმისათვისცა შენისა მიგიღიეს ცათა შინა გვირგვინი უოხჭნო და საუკუნო დიდება. ხოლო მათ ყოველი ნება ჴორციელი დაუტევეს და მონაგები მათი მისცეს გლახაკთა და თვით ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე [ებრ. 11,37-38], არამედ ნაპრალთა კლდისათა და ხვრელთა ქვეყანისათა დაითმინეს სიმშილითა და წყურვილითა და შიშვლოებითა“.
ხოლო ამას რა ვიტყოდი, ღმრთივსულიერო შვილო, შენ სთქუ ლოცვაჲ, იგი აღვიდა ზეცად და შენ შემოხვედ აქა.
ესე ამისთვის სათნო იჩინა კაცთმოყვარემან ღმერთმან, შვილო ჩემო საყვარელო, რათა უმეტესად დავმდაბლდეთ და კეთილგონიერებით ვიღვწიდეთ და ძალისაებრ ჩვენისა მოწყალებასა ვიქმოდეთ და არა დავაკლდეთ დიდებასა მისსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნვ [56]
თეოდოსი მეფისათვის

დიდი თეოდოსი მეფე ფრიად მოსურნე იყო მონაზონთა და დიდად მოწყალე. და წარვიდა ოდესმე მოხილვად მონასტერთა და თაყვანისცემად თვითოეულთა მონაზონთა, რათა მათგან ლოცვა მიიღოს. და ვითარცა მიმოვიდოდა წმიდათა ადგილთა, იხილა შორით სენაკი ერთი მთასა შინა. და დაუტევნა ყოველნი ერნი და მივიდა თვისად მხოლოდ მეფე და ურეკა კარი მონაზონსა მას. ხოლო მან განუხვნა და ვერ სცნა, თუ ვინ არს, და შეიწყნარა იგი, ვითარცა ერთი მხედარი. და ვითარ შევიდა მეფე, ჰყო ბერმან ლოცვაჲ და დასხდენ. და იწყო მეფემან კითხვად: „ვითარ კეთილად იყოფიან მამანი ამის მთისანი, პატიოსანო მამაო?“ ხოლო ჰრქუა მას ბერმან: „ყოველნი ევედრებიან ღმერთსა ცხოვრებისათვის შენისა, ღმრთისმოყვარეო უფალო ჩემო, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“. და კვალად ჰრქუა ბერმან: „ვსჭამოთ, უფალო ჩემო, მცირედ სიყვარული“ და მოართვა მას თვისი პური და მარილი, და მხალი უმგბარი და წყალი. და სჭამდეს რა იგინი, ჰრქუა მეფემან: „მიცნობ მეა, მამაო პატიოსანო, თუ ვინ ვარ მე?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთი გიცნობს შენ, უფალო ჩემო“. მაშინ ჰრქუა მეფემან: „მე ვარ მეფე თეოდოსი!“ და მეყსეულად თაყვანის სცა მას ბერმან და ჰრქუა: „შემინდევ, უფალო, რამეთუ არა ვიცოდი“. ჰრქუა მას მეფემან: „ნეტარ თქვენ ნებსით გლახაკთა ქრისტეს სიყვარულისათვის, ჭეშმარიტად მეფობასა შინა შობილ ვარ და არასადა ესრეთ ტკბილად პურისა გემო ვიხილე, არცა წყალი ვჰსუ, ვითარცა დღეს შენ თანა ტკბილად ვსჭამე და ვჰსუ, წმიდაო მამაო“. ხოლო ჰრქუა ბერმან: „ვინათგან ჩვენ გლახაკნი მონაზონნი ყოველსა საჭმელსა ჩვენსა ლოცვითა ვჰყოფთ, უფალო ჩემო, მისთვის ტკბილ არს უნდოჲ ესე საჭმელი; და მადლობით თაყვანის ვსცემთ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომელი აღაღებს ჴელსა თვისსა და განგვაძღებს სიტკბოებითა“.
ხოლო მეფემან მისცა მას მოწყალება და ჰრქუა: „ლოცვა ჰყავ ჩემთვის, მამაო წმიდაო“ და წარვიდა. და მიერითგან პატივ სცემდა ბერსა მას ქველისსაქმითა. და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნზ [57]
მეფისა ზენონისთვის

მეფე ზენონ იყო კაცი ფრიად მოწყალე და მარადის ქველისმოქმედ გლახაკთა მიმართ.
ხოლო ქვრივსა ვისმე ასული მისტაცა იძულებით მხევლად თვისსა. და შევიდა ქვრივი იგი ტაძარსა შინა ღმრთისასა და მხურვალედ ევედრა ყოვლად­წმიდასა ღმრთისმშობელსა, ცრემლით მეტყველი: „დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო, შური აგე ჩემთვის მეფესა ზენონს“. ხოლო ამას ჰყოფდა მარადღე, დაუცხრომელად შესტიროდა ცხარითა ცრემლითა ღმრთისმშობელსა. და გამოეცხადა მას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, დედა იგი მოწყალისა ღმრთისა, და ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მრავალგზის ვინებე შურისგება შენ წილ ცრემლთა შენთათვის, გარნა ჴელნი მისნი მაყენებენ მე, რამეთუ არს იგი მოწყალე ფრიად, და ვითარცა წყაროჲ, ეგრეთ განვალს ჴელთაგან მისთა მოწყალება და არავის ძალუძს მოწყალესა კაცსა ზედა ძვირის ყოფაჲ“.
იხილეთ, ჵ, ძმანო, ძალი მოწყალებისა და გულისჴმა ჰყავთ სიმაღლე საზომისა მისისა, რომლისა მიერ იდიდების ღმერთი უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ნჱ [58]
თუ ვითარ მოწყალებისა მოქმედი შვიდწილად მიიღებს

იყო კაცი ვინმე მდიდარი და განიზრახვიდა: რაჲ ვჰყო, რათა უმრავლესი შევიძინო? და ჴელად მიიღო სიბრძნე სოლომონისი. და განაღო რა წიგნი, აღმოიკითხა ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს იგი ღმერთსა“[იგ. 19,17]. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და სთქუა: „ვინ იპოვოს უსარწმუნოესი ღმრთისა, რომელმან თავნთა თანა სარგებელიცა მომიზღოს, უკეთუ ვსწყალობდე გლახაკთა?!“ მაშინ ყოველივე განუყო გლახაკთა, რომელ არარაჲ დაიმჭირა თავისა თვისისა, თვინიერ ოდენ ოთხი დრაჰკანი სამკუდროდ საგრაგნელისათვის. ხოლო დაგლახაკნა იგი ფრიად და არცა ერთი ვინ მიაგო ნაცვალი. და ვითარცა გარდაჰხდეს რავდენიმე ჟამი და შეშჭირდებოდა კაცსა მას, უკანასკნელ სთქუა გულსა შინა თვისსა: „წარვიდე უკუჱ იერუსალიმს, უფლისა ღმრთისა ჩემისა და სამართალი მოვსთხოვო მას სიგლახაკისათვის ჩემისა, რამეთუ მომაცთუნა მე და განვაბნიე სიმდიდრე ჩემი“.
და ვითარცა მივიდოდა იერუსალიმს, იხილნა ორნი კაცნი იბრძოდეს ურთიერთას. და მან ჰრქუა მათ: „რაჲსა იბრძვით, ძმანო, ურთიერთას და ილალვით?“ ხოლო მათ ჰრქვეს მას: „უფალო, ქუაჲ ესე ვჰპოვეთ ჩვენ და არა უწყით, თუ რაჲ არს და ვიცილობით ამას ზედა“. ხოლო მან იხილა სიკეთე ქვისა მის და ჰრქუა მათ: „მომეცით მე, ძმანო, ეგე და მიიღეთ ოთხი დრაჰკანი და მშვიდობით იყვენით ურთიერთას“. ხოლო მათ სიხარულით მისცეს ქვაჲ იგი.
და ვითარცა შევიდა იერუსალიმად, უჩვენა ოქრომჭედელსა ქუაჲ იგი. და მან, ვითარცა იხილა თუალი იგი პატიოსანი, ჰრქუა მას: „სადა ჰპოვე შენ, ძმაო, თუალი ესე პატიოსანი? რამეთუ აჰა, ესერა სამი წელი არს, ვინათგან დიდსა ურვასა შინა არს ყოველი იერუსალიმი ამისთვის, რამეთუ ესე იგი თუალი არს, რომელი უსხდეს ომჶორსა ჰარონ მღუდელმთავრისასა. არამედ წარვედ და მიართუ ეგე პატრიარხსა და უეჭველად გამდიდრ­დე შენ“. და ვითარცა წარვიდოდა კაცი იგი ტაძრად, ანგელოსი უფლისა დადგრა პატრიარხსა და ჰრქუა: „ესერა მოვალს შენდა კაცი და აქვს მას თუალი იგი პატიოსანი, რომელი წარწყმედულ იყო შესამოსელთაგან ჰარონისთა. მიიღე იგი და მიეც მას ოქროჲ და ვეცხლი და ქვანი პატიოსანნი, რაოდენიცა უხმდეს. ამხილე მას და არქუ: „ნუ ორგულებ გულსა შინა შენსა, ნუცა ურწმუნო ხარ ღმრთისა, ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს იგი ღმერთსა“[იგ. 19,17].
მოვიდა კაცი იგი პატრიარხისა და მისცა მას პატრიარხმან რაოდენი რა უნდა. და მიიღო თუალი იგი ყოვლადპატიოსანი, ამხილა და ჰრქუა: „ნუ ორგულებ გულსა შინა შენსა, ჵ, კაცო და ნუცა ურწმუნო ხარ ღმრთისა, რამეთუ აჰა, ესერა მოგცა შენ ღმერთმან შვიდწილად სიმდიდრე შენი აქა, და მას საუკუნესა ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესოს მიერ, რომლისა თანა არა არს სიცრუვე, არცა წმიდათა წერილთა, არამედ ყოვლადვე ჭეშმარიტება. დიდება განგებულებასა მისსა უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა ნთ [59]
ვითარმედ გლახაკთა მიმცემი მრავალწილად მიიღებს

იყო ვინმე დედაკაცი ქრისტეანე, რომელსა ჰყვა ქმარი წარმართი. ხოლო იყვნეს ორნივე გლახაკ და აქუნდათ ვეცხლი ვითარ ორმოცდაათი ოდენ. და ჰრქუა ქმარმან ცოლსა თვისსა: „მივსცეთ ვეცხლი ესე აღნადგინებად, რამეთუ უკეთუ ერთად შევსჭამოთ ყოველივე, არღარა დაგვიშთეს იგი“. და მიუგო კეთილმან მან დედაკაცმან: „უკეთუ გნებავს მიცემად აღნადგინებად, მიეც ეგე ღმერთსა ქრისტეანეთასა“. და ჰრქუა მას ქმარმან: „სადა არს ღმერთი ქრისტეანეთა, რათა მივსცეთ მას აღნადგინებად?“ ხოლო ეტყოდა მას დედაკაცი: „მე გიჩვენო შენ იგი, უკეთუ მისცე მას ვახშად რომელი, არა წარსწყმიდო, არამედ უმეტესად მოგაგოს შენ“. ხოლო მან ჰრქუა: „წარვიდეთ, მიჩვენე და მივსცე მას აღნადგინებად“. და მან წარიყვანა წმიდასა ეკკლესიასა და უჩვენნა გლახაკნი და ეტყოდა: „მიეც ამათ ვეცხლი ეგე და ღმერთმან ქრისტეანეთამან აღიხვნეს ეგენი ამათგან, რამეთუ ესე ყოველნი მისნი არიან“. ხოლო მან სიხარულით განუყო გლახაკთა ყოველივე ორმეოცდაათი იგი ვეცხლი და წარვიდენ სახიდ თვისად.
და შემდგომად სამთა თვეთა არარაჲ დაუშთა, რომელი აქუნდა მათ საზრდელი. და ჰრქუა ქმარმან: „ჵ, დედაკაცო, არა ჰნებავსაა აწ ღმერთსა ქრისტეანეთასა მოცემად ჩვენდა ვახშისაგან ჩვენგან მიცემულისა? რამეთუ არარაჲ გვაქვს ჩვენ საზრდელი“. ხოლო მან ჰრქუა: „წარვედ, სადაცა ავასხე მას და მოგცეს შენ, რაჲცა გიხმდეს და კმა გვეყოს ჩვენ“. და წარვიდა იგი ეკკლესიად, სადაცა ვეცხლი განეყო გლახაკთათვის. და მოვლიდა ყოველსა გარემოსა ეკკლესიისასა და ვერავინ იხილა მიმცემელი მისდა ვახშისა, გარნა ერთი ოდენ გლახაკი მჯდომარე. და ენება თქმად რაჲსამე მისდა მიმართ გამოძიებად. და იხილა წინაშე ფერჴთა მისთა მარმარილოსა ზედა მდებარე ვეცხლი ერთი, აღიღო იგი და წარვიდა სახიდ თვისად. და ჰრქუა ცოლსა თვისსა, ვითარმედ: „წარვედ ეკკლესიად თქვენდა, გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, ვერ ვიხილე, ვითარცა მეტყოდი მე, ღმერთსა ქრისტეანეთასა. და არცა რა მომცა მე, გარნა ერთი ესე ვეცხლი ვიხილე მდებარე, სადაცა განუყავ მე ორმოცდაათი“.
მაშინ ჰრქუა მას ბრძენმან მან დედაკაცმან: „იგი არს, რომელმან უხილავად მოგაგო შენ, რამეთუ უხილავ არს ღმერთი და უხილავითა ძალითა განაგებს სოფელსა. არამედ წარვედ, უფალო ჩემო, და მოიყიდე მაგით საზრდელი ჩვენდა, რათა ვისეროთ, და კვალად მანვე მოგცეს შენ“. ხოლო იგი წარვიდა და მოიყიდა ვეცხლითა მით პური, ღვინო და თევზი. მოიღო და მისცა ცოლსა თვისსა. ხოლო მან აღიღო თევზი და იწყო განრცხად და განაღო მუცელი და ჰპოვა მას შინა ქუაჲ დიდი და პატიოსანი. და ვერა ჰსცნობდა თუ რაჲმე არს და შეინახა იგი. და მოვიდა რა ქმარი მისი, უჩვენა მას ქუაჲ იგი და ჰრქუა: „უფალო ჩემო, ესე ვიხილე თევზისა მუცელსა შინა“. ხოლო მან რა იხილა, განჰკვირდა სიკეთესა მისსა, და არცა მან უწყოდა, თუ რაჲ არს იგი და იტყოდა: „წარვიდე და განვჰყიდო ესე“. მივიდა მეთვალეთა თანა და ჰრქუა: „გნებავსაა სყიდუა ქვისა ამის?“ ხოლო მან ჰრქუა: „რაჲ გნებავს, რათა მოგცე ფასი ამისი?“ და იგი ეტყოდა: „შენ უწყი რაჲ ჯერ არს ფასი“. და ჰრქუა მეთვალემან: „აღიღე ხუთი დრაჰკანი“. ხოლო იგი ჰგონებდა თუ ემღერის მას. და ჰრქუა: „ესოდენსა მომცემაა?!“ ხოლო მეთუალე ჰგონებდა თუ მცირედ აღუჩნდა და ჰრქუა: „აღიღე ათი დრაჰკანი“. და იგი ჰგონებდა თუ ეცინის მას. და დაუკვირდა და კვალად ჰრქუა მეთუალემან: „აღიღე ათხუთმეტი“. და მან არარაჲ მიუგო, არამედ იცინოდა ვიდრე ოცდაათამდე და ორმოცამდე და ორმოცდაათამდე მისცემდა მას დრაჰკანსა. მაშინ მიმსყიდველმან განიზრახა თავსა შორის თვისსა, უკეთუმცა არა იყო ქუაჲ ესე დიდისა რაჲსამე ფასისა, არამცა მოეცა ორმეოცდაათი დრაჰკანი ჩემდა და იწყო დამძიმება ფასისა მისისა. ხოლო მეთვალემან მოსცა მას სამასი დრაჰკანი და მაშინ მისცა ქვაჲ იგი მას და წარვიდა ცოლისა მიმართ თვისისა განმხიარულებული. და ჰკითხვიდა ცოლი, თუ: „რაოდენად განჰყიდე?“ ხოლო მან უჩვენა სამასის დრაჰკნისა ოქრო და ვეცხლი და ჰრქუა: „ესოდენად განვჰყიდე”.
ხოლო კეთილმორწმუნე დედაკაცი იგი კაცთმოყვარებასა ღმრთისასა განჰკვირდებოდა და ადიდებდა სახიერებასა მისსა. და ეტყოდა ქმარსა თვისსა: „ჰხედავაა ღმერთსა ქრისტეანეთასა რაბამ სახიერ არს და კაცთმოყვარე?! ვითარმედ არათუ ორმეოცდაათი, არამედ უმეტესიცა მოგცა შენ. უწყოდე, უფალო ჩემო, არა არს სხუა ღმერთი, არცა ცათა შინა, არცა ქვეყანასა ზედა, არამედ იგი მხოლო არს ღმერთი ჭეშმარიტი. და მიიღო ქმარმანცა ნათლისღება და იქმნა ქრისტეანე. და აღესრულა სიტყვა მოციქულისა, ვითარმედ: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“[1 კორ. 7,14]. და მიერითგან ჰყოფდენ გლახაკთა ზედა მოწყალებასა, რამეთუ მოწყალებისა მიერ ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და ადიდებდენ ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲ [60]
ვითარმედ გლახაკთ მოწყალე ასწილად მიიღებს

იყო ვინმე კაცი იერუსალიმს შინა სახელით სოზონ, რომელი ვიდოდა შორის ქალაქსა და ჰყოფდა ქველისსაქმესა გლახაკთა ზედა. და შეემთხვია გლახაკი შეჭირვებული, განიძარცვა სამოსელი თვისი და მისცა მას.
და მას ღამესა იხილა განკვირვება, ვითარმედ იყოფოდა სახლსა შინა საკვირველსა, ფრიად შვენიერსა, რომელსა შინა იყო ნათელი დიდი და ბრწყინვალება თუალთშეუდგამი. და იხილა სამოთხე შვენიერი, ნერგნი მრავალ რიგნი და პირად პირადნი ხილნი და ყუავილნი მრავალსუნნელნი. ხოლო ხენი ირხეოდეს და ჰფშოდეს კეთილსუნნელნი და ისმოდა გალობა ყოვლადშვენიერი, ტკბილი და საწადელი. არა იყო დუმილი გალობისა, არამედ სასმენელ იქმნებოდა ჴმაჲ იგი ქვეყანით ცადმდე. და აჰა, დიდებითა დიდითა მოვიდა ვინმე და ჰრქუა სოზონს: „შემომიდეგ მე!“ და მივიდენ გოდლისა მიმართ ოქროჲსა და უჩვენა მას სხუანი ბჭენი განხმულნი და პალატნი დიდად შვენიერნი და ძვირფასითა მარგარიტითა შემკობილნი. და მიხედნა რა მუნ სოზონ, აჰა, გამოვიდეს პალატით კაცნი, ვითარცა ოქროს ფრთოსანნი, მზეებრ მნათობნი და ეპყრათ კიდობანი ოქროჲსა. და დასდგეს პირისპირ წინაშე სოზონისა და ელოდენ უდიდებულესსა ვისმე მოსლვად. და აჰა, კაცი ყოვლადშვენიერი და ყოვლადდიდებული გამობრწყინდა და ურიცხვნი ანგელოსნი მის თანა. და უბრძანა დიდებულმან მან ანგელოსთა: „უჩვენეთ კაცსა ამას, რომელმან შეიწყნარა გლახაკი!“ და განაღეს კიდობანი იგი ოქროჲსა და აღმოიღებდეს პერანგთა და შესამოსელთა სამეუფოთა. და ჰრქუა სოზონს, რომელი იგი უბრძანებდა ანგელოსთა: „იცნობაა ამათ?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა ღირს ვარ აჩრდილთაცა მათთა მიხედვად, უფალო“. და იგი ეტყოდა: „აჰა, იხილე, რაოდენი კეთილნი განგიმზადე შენ, ერთისათვის საბლარდნელისა, რომლითა შემმოსე მე, რაჟამს მიხილე შიშველი. წარვედ უკუჱ და ჰყოფდი ეგრეთვე, და მოგეგოს შენ ასწილად და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდრო!“ და მიუგო შიშით და სიხარულით შეპყრობილმან სოზონ: „უფალო ჩემო, ესრეთ არსაა, რომელნი ჰყოფენ წყალობასა გლახაკთასა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, რამეთუ ყოველმან, რომელმან ჰყოს მოწყალებაჲ, ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს. ხოლო ამასაცა გეტყვი შენ, სოზონ, ნუ შეინანებ მოწყალებისათვის, ნუცა აყვედრებ გლახაკსა, რათა არა სასყიდელისა წილ ორკეცი ზღვევა მიიღო!“
ხოლო ესერა ესმა სოზონს, განიფრთხო ჩვენებისაგან და განჰკვირდებოდა თავსა შორის თვისსა საკვირველისა ამის ხილვისათვის და სთქუა: „ვინათგან ესრეთ მეტყოდა მე უფალი ჩემი, მეორეცა ესე სამოსელი მივსცე გლახაკსა“. და მეორესაცა ღამესა იგივე ჩვენება იხილა.
ხოლო აღსდგა ხვალისად და განუყო ყოველივე მონაგები თვისი გლახაკთა და იჯმნა სრულიად სოფლისაგან და იქმნა მონაზონ და აღასრულა ბრძანება უფლისა, ვითარმედ: „უკეთუ გნებავს სრულყოფა, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, რათა გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; და აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე“[ლკ. 18,22]. და დაჰყვნა დღენი ცხოვრებისა თვისისანი უდაბნოსა შინა მრავლითა მოღვაწებითა. სათნო ეყო უფალსა და სრულსა საზომსა მიწევნილმან მოიღო ღმრთისაგან მადლი სასწაულთ­მოქმედებისა. და ნიშებშემოსილი, პატიოსანი სოზონ, უფლისა მიმართ მიიცვალა. და ნამდვილვე ასწილად მიიღო სასყიდელი ქველისმოქმედებისა თვისისა და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდრა.
ხოლო მსმენელნი ამის საკვირველებისანი ვჰბაძვიდეთ ჩვენცა, ძმანო, სათნოებასა მისსა და ვიქმოდეთ ძალისაებრ ჩვენისა გლახაკთა ზედა მო­წყალებასა, რათა ჩვენცა შეწყალებულ ვიქმნეთ ღმრთისა მიერ. ერთისა წილ ასი მოვიღოთ და ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროთ და ვადიდებდეთ წყალობისა ჯერმჩინებელსა მამასა და მხოლოდშობილსა ძესა და ცხოველს­მყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მესამისა თავისა


თავი 4

სინანულით განათლებულთათვის და ლმობიერებისა


თხრობა ჲა [61]
მღუდლისათვის დაცემულისა

მღუდელი ვინმე იყო კოსტანტინუპოლის, მანქანებითა ეშმაკისათა შთავარდა სიძვასა. და შემდგომად რაოდენთამე დღეთა იწყო სინანულად და იტყოდა თავსა შორის თვისსა გოდებით: „ვაჲ ჩემდა შემამწიკვლებელსა სულისა და ჴორცთასა, აწ რაჲმე ვჰყო უბადრუკმან, რათა მივემთხვიო შენდობასა ცოდვათასა?“
აღსდგა და წარვიდა მთასა ულუმბოსასა და ჰპოვა მუნ ბერი მოხუცებული და აღუარა მას ყოველივე ცოდვა თვისი და შემდგომად ჰრქუა ცოდვაცა იგი მეძავობისა თვისისა. ხოლო ჰრქუა მას ბერმან: „შვილო, შემდგომად ბოროტისა მის ცოდვისა გიკადრებიესა წირვაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, წმიდაო მამაო, მიწირავს“. და ჰრქუა მას ბერმან: „უწყებულ იყავ, შვილო, უკეთუ შთავარდეს მღუდელი ეგევითართა ცოდვათა, არღარა არს მისი კურნება, არამედ უკეთუ დიდითა სინანულითა მიემთხვიოს კაცთმოყვარებასა ღმრთისასა. ამიერითგან ნუღარა იკადრებ შეწირვად და მსახურებად სიწმიდესა, გარნა აღიკვეცე, შვილო, მონაზონებისა წესითა და შეინანე ჭეშმარიტებით და ვესავ მადლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რათა ჰყოს წყალობა შენთანა, ვითარცა ყოველთა თანა მონანულთა“. ხოლო ესმა რა ესე მღუდელსა, შეუვრდა ფერჴთა ქვეშე მისთა და ეტყოდა: „ვინათგან უკუჱ ღმერთმან მომიყვანა ჴელთა შინა შენთა, წმიდაო მამაო, ნუ განმიშორებ შეცოდებულსა ამას“. და ბერმან იხილა რა მხურვალე ცრემლნი მისნი, ჰრქუა მას: „უკეთუ სათნო გიჩნს, არა განგიშორო შენ ჩემგან, რამეთუ ესრეთ ბრძანებს უფალი: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“(იო. 6,37 ).
და შემდგომად მცირედთა დღეთა აღიკუეცა იგი სახითა წმიდისა მონაზონებისათა და იყო მისთანა მარხვითა და ცრემლითა და სინანულითა ევედრებოდა ღმერთსა.
ხოლო აქუნდა ბერსა სახლისა თვისისა ქვეშე სამყოფი სამოღვაწო. და შემდგომად ერთისა წლისა იწყო მღუდელმან ვედრებად ბერისა, რათა უბრძანოს მას შინა დადგომაჲ. ხოლო მან მიუშვა ნებასა თვისსა და წარვიდა მღუდელი და მოიღო ჯაჭვი ერთი და მოიბა ქედსა და მოიხვია გარემოს მისსა, ხოლო მეორე წვერი ჯაჭვისა მოაბა კედელსა ზედა. და ვითარცა გარდახდეს დღენი სამნი და არღარა მივიდა ბერისა მიმართ, აღსდგა თვით ბერი და შთავიდა მისთანა. და იხილა იგი ჯაჭვითა შეკრული და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, შვილო, რომელ გიყოფიეს?“ ხოლო მან მიუგო: „ამას სატანჯველსა ღირს ვარ მე უსჯულოებათა ჩემთათვის, არამედ გევედრები, წმიდაო მამაო, ორით დღითგან, ანუ სამით მომიღებდინ მცირესა პურსა და წყალსა და ღმერთი მიძღოდეს წმიდითა ლოცვითა შენითა“. და მიითვალა ბერმან ვედრება მისი და მიართმიდა მას პურსა და წყალსა შემდგომად ორისა დღისა, ხოლო იგი დაალტობდა ცრემლითა და ეგრეთ სჭამდა.
ხოლო იყო ესევითარსა სინანულსა და ღვაწლსა შინა სამ წელ. და მოიღო უწყება ღმრთისა მიერ ბერმან, რამეთუ მოუთხრა ანგელოსმან, ვითარმედ: „ღმერთმან შეიწყნარა სინანული მისი და მცირესა ჟამსა შინა აღესრულების, შევედ და განხსენ იგი!“ შევიდა უკუჱ ბერი და მიეახლა განხსნად მისსა და ჰრქუა: „აწ არს აღსასრული შენი, ძმაო!“ ხოლო იგი ევედრებოდა განუხსნელობასა, რათა ჯაჭვითა მით მიიცვალოს. ჰრქუა მას ბერმან: „არა, შვილო, აწ არღარა ჯერ არს ესრეთ ყოფაჲ შენი, რამეთუ ხუცესი ხარ, არამედ ლოცვა ჰყავ ჩემთვისცა, შვილო“. და ჯერეთღა იყო ლოცვა პირსა შინა მისსა, ეგრეთ მისცა განწმედილი სული თვისი უფალსა, რომელსა „არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47], რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲბ [62]
დიაკონისათვის შეცოდებულისა

დიაკონი ვინმე იყო წარჩინებული და ყოველთა მიერ პატივცემული. შურითა ბოროტისა ეშმაკისათა დაეცა იგი სიძვითა და იქმნა მხილებულ სვინიდისისაგან. და წარვიდა ბერისა ვისმე მიმართ სულიერისა და აღუარა მას ცოდვა თვისი.
ხოლო აქუნდა ბერსა შინაგან სენაკისა სახლი ბნელი ჩათხრილი და ევედრებოდა ბერსა მეტყველი: „გევედრები, წმიდაო მამაო, ცოცხლივ დამმარხე მე მას შინა და ნუვის აუწყებ ჩემთვის“. და შევიდა ბნელსა მას შინა მონანული იგი და ლმობიერი ცრემლითა, და დაჰყო მას შინა ფრიადითა მოღვაწებითა და სინანულითა წელნი მრავალნი.
ხოლო იქმნა წელსა ერთსა უწვიმრობაჲ სრულიად და ყოველნი ევედრებოდეს ღმერთსა და ლიტანიითა გარე მოვლიდეს, რათა მოსცეს წვიმაჲ. ხოლო ღმერთმან გამოუცხადა ერთსა წმიდათაგანსა, ვითარმედ: „უკეთუ არა მოვიდეს დაფარული იგი დიაკონი და ილოცოს, არა მოვიდეს ქვეყანასა თქვენსა ზედა წვიმაჲ“. და ესერა ესმათ, განჰკვირდენ და ადიდებდენ ღმერთსა. წარვიდენ და გამოიყვანეს ადგილისა მისგან, სადაცა სჯდა დიაკონი იგი. ილოცა და ევედრა ღმერთსა და მსწრაფლ გარდამოჴდა წვიმაჲ. და ამის საქმისა მიერ მრავალთა ცოდვილთა და სასოწარკვეთილთა სარგებელი მიიღეს სინანულისა მისისა მიერ. და ადიდებდეს ღმერთსა ცოდვილთა სინანულითა შემწყნარებელსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲგ [63]
დავით ავაზაკ ყოფილისათვის

ღირსი მამა ჩვენი დავით იყო პირველ ავაზაკი და იქცეოდა უდაბნოსა ადგილსა, და მრავალნი ბოროტნი ჰქმნა და მრავალნი მოკლნაცა, რამეთუ ჰყვანდა თავისა თვისისა თანა მოყვასნი უფროს ოცდაათისა და მათ თანა ავაზაკობდა.
ხოლო დღესა ერთსა, სჯდა რა მათ თანა სადილობად მთასა ზედა, შეიშინა ღმრთისა და განიზრახა ცხოვნება სულისა თვისისა. და დაუტევნა ყოველნი მოყვასნი მისნი და წარვიდა მონასტერსა. და რეკა კარსა, გამოვიდა მეკარე და ჰრქუა მეკარესა: „მნებავს თქვენ თანა ყოფაჲ“. წარვიდა მეკარე და მიუთხრა წინამძღვარსა. და გამოვიდა წინამძღვარი, იხილა იგი, რამეთუ მოხუცებული კაცი არს და ჰრქუა მას: „ვერ შემძლებელ ხარ, ძმაო, თავსდებად ძმათა ამათ თანა ღვაწლსა და შრომასა და კანონი მონასტრისა არა ძალგიძს აღსრულებად“. ხოლო იგი ვედრებით ეტყოდა: „ძალმიძს ძალითა ღმრთისათა, წმიდაო მამაო, უკეთუ ოდენ შემიწყნარო მე“. კვალად ეტყოდა წინამძღვარი: „არა ძალგიძს, შვილო, რამეთუ მოხუცებულ ხარ“.
მაშინ ჰრქუა დავით: „უწყოდე, წმიდაო მამაო, მე ვარ თავი ავაზაკთა. ჭეშმარიტსა გეტყვი შენ – მოსრულ ვარ სრულითა გულითა, რათა ვსტიროდე და ვინანდე ცოდვათა ჩემთა. უკეთუ არა გნებავს შეწყნარება ჩემი, მივიქცე და მოვიყვანნე მოყვასნი ჩემნი და მოგწყვიდნე თქვენ ყოველნი; და წარმოვსტყვენო მონასტერი ესე“. ესერა ესმა წინამძღვარსა, მეყსეულად შეიყვანეს იგი მონასტერსა. და შემდგომად მცირედისა აღკვეცეს იგი და შემოსეს სახე ანგელოსებრივი. და იწყო მოღვაწებად კრძალულებითა და იპყრობდა თავსა თვისსა სიმდაბლითა, და ყოველთა წარემატა სათნოებითა და სხუათაცა ასწავებდა მოსწრაფებასა.
ხოლო ერთგზის სჯდა რა სენაკსა შინა, ინანდა გულითა შემუსრვილითა და ლმობიერად სტიროდა ცოდვათა თვისთა. აჰა, წარმოუდგა მას გაბრიილ მთავარანგელოსი და ჰრქუა: „დავით, დავით! გიხაროდენ, რამეთუ მოგიტევნა შენ უფალმან ცოდვანი შენნი და გჰყო ამიერითგან სასწაულთა მოქმედად!“ მიუგო დავით და ჰრქუა: „არა ძალმიძს რწმუნება ესოდენთა ცოდვათა ჩემთა მოტევება მცირედთა ამათ ჟამთა შინა, რამეთუ უმრავლეს არიან ზღვის ქვიშისა“. ხოლო ჰრქუა ანგელოსმან: „დავით, დავით! მე უკუჱ ზაქარიასაცა ურწმუნოებისათვის მისა არა ვჰრიდე, არამედ შეუკარ ენაჲ მისი, რამეთუ არა ჰრწმენა სიტყვა ჩემი და აწ შენ გრიდოა? იქმენ ამიერითგან უტყვ“. ხოლო დავით თაყვანი სცა ანგელოსსა და ჰრქუა: „წმიდაო, ოდეს ვიყავ ავაზაკ და ბოროტთა საქმეთა მოქმედ და მრავალნი სისხლნი დავსთხიენ, მაშინ არა შემიკარ ენაჲ ჩემი და არცა დამიყენე ჴელნი და არცა მომაკუდინე მე, ხოლო ოდეს მნებავს მონება ღმრთისა სინანულითა და ქების შეწირვა და ვედრება ენითა, აწ ენასა ჩემსა შეჰკრავაა, რათა არა ვადიდებდე უფალსა?!“ ხოლო ჰრქუა მას ანგელოსმან: „იყავ მეტყველ, ოდესღა ღმერთსა ადიდებდე და ევედრებოდე კანონითა და თვინიერ მისა სდუმენ“. და წარვიდა ანგელოსი იგი.
ხოლო ამისა შემდგომად მრავალნი სასწაულნი ჰქმნა ღმერთმან მის მიერ: ბრმანი განანათლნა, მკელობელნი ავლინნა და ეშმაკეულნი გან­ჰკურნნა, და ჰგალობდა ეკკლესიასა შინა სავედრებელად. ხოლო სხვასა სიტყვასა, დიდსა, ანუ მცირესა, ვერ უძლებდა თქმად. და კეთილისა ცხოვრებისა აღმასრულებელმან განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲდ [64]
ყრმის მკვლელისა ავაზაკისათვის

იყო ვინმე ავაზაკი და მოვიდა მამისა ზოსიმეს მიმართ და აღუარნა მას ყოველნი ცოდვანი თვისნი და ევედრებოდა ცრემლითა მეტყველი: „ჰყავ, მამაო, წყალობა ჩემ ზედა ღმრთისათვის, რამეთუ მრავლისა ცოდვისა მოქმედი ვარ მე და მომეც სახე მონანულთა, ნუუკუჱ შემიწყალოს სახიერმან ღმერთმან თვისითა კაცთმოყვარებითა“.
ხოლო შემოსა მას სახე მონაზონებისა და ასწავა წესი და კანონი სინანულისა. და შემდგომად ჰრქუა: „წარმოვედ, შვილო, უშინაგანესსა უდაბნოსა, რათა მუნ აღასრულო ჯეროვანი სინანული და ჰპოვო წყალობა ღმრთისა“. წარვიდა და დაჰყო მუნ ოცდაცხრა წელი სინანულსა, გოდებასა და ცრემლით ვედრებასა შინა. და შემდგომად მოვიდა მამისა მიმართ თვისისა და ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ჰყავ წყალობა ჩემ ზედა და მომეც მე სამოსელი საერისკაცო და ამხადე სამოსელი ესე მონაზონებისა“. ჰრქუა მას ბერმან: „რაჲსათვის ჰყოფ, შვილო, ამას?“ მიუგო მონანულმან და ჰრქუა: „აჰა, ვითარცა შეგიმოსიე მე უღირსი ესე და მოგიყვანივარ ანგელოსებრივსა მოქალაქობასა შინა, ოცდაცხრა წელი არს, და რაოდენ შეუძლე, ვიმარხე და ვინანე ყოვლითა შიშითა ღმრთისათა. და მრწამს სახიერებისაგან მისისა და კაცთმოყვარებისა, რამეთუ წყალობისა ჯერმჩინებელ არს, ვითარმედ: მომეტევნენ ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. გარნა სიმრავლესა ცოდვათა ჩემთა თანა ესე დაშთომილ არს, რომელ: ოდესცა ეკკლესიასა მივიდე ზიარებად და სმენად სამღთოსა წირვისა, მოვალს ყრმა იგი ჩემგან მოკლული და მეტყვის: „რად მომკალ მე უწყალოდ და რად მომსპე ცხოვრებისაგან უჟამოდ?“ და არცა ერთსა დღესა დამიტკბა მე მამხილებელი ჩემი და ამისთვის მნებავს წარსლვად, წმიდაო მამაო, რათა მოვჰკუდე მეცა ყრმისა წილ, რომელი მოვჰკალ უგუნურებითა ჩემითა“. და ახადა მას სამოსელი სამონაზონო და შემოსა საერისკაცო. და წარვიდა დიოსპოლის ქალაქად და ქრისტე ცხადად აღიარა და წარმართთა მიერ ქვითა განიტვინა. და წამებისა გვირგვინითა სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲე [65]
მკუდრის მძარცველისათვის

მოგვითხრობდა წინამძღვარი გიგას მთის მონასტრისა, ვითარმედ: „მოვიდა ჩემდა ჭაბუკი ვინმე მეტყველი ცრემლითა – ღმრთისათვის შემიწყალე მე, მამაო წმიდაო, და შემიწყნარე, რამეთუ მნებავს სინანული“. და ვიხილე რა იგი ფრიად შემუსრვილი, ვეტყოდი: „რაჲსათვის მოსრულ ხარ, ესოდენითა სიმდაბლითა? მომითხარ მე, შვილო, მიზეზი შენისა აქა მოსლვისა და ძალუძს ღმერთსა შეწევნად შენდა“. ხოლო მან მრქუა: „უფალო ჩემო, ჭეშმარიტად ფრიად ცოდვილ ვარ“. და მე ვარქუ: „მრავალნი არიან, შვილო, ცოდვათა განყოფილებანი და მრავალნი წამალნი და შეწევნანი. არამედ უკეთუ გნებავს კურნება, აღმიარე მე ჭეშმარიტებით ქმნილნი შენნი, რათა მეცა შემსგავსებული მიგცე კანონი სინანულისა, რამეთუ სხვითა განიკურნების მეძავი და სხვითა ავაზაკი და სხვითა მპარავი და ანგაჰარი და სხვითა ცილისმწამებელი და ძვირისმზრახველი. ვითარცა ჴორციელთა სალმობათა ფერად ფერადნი საკურნებელნი ჰქონან, ეგრეთვე სულიერთა ვნებათათვისცა მრავალ არიან წამალნი“. ხოლო მან დიდად სულთ ითქუნა ცრემლითა და იცემდა მკერდსა და შეურვებულისაგან გულისა ინთხეოდა ცრემლთა მიერ, აღმოხჩვინვითა გულისათა, და ვერ ეძლო რაჲმე თქმად. ხოლო მე ვიხილე იგი ესოდენსა ლმობიერებასა შინა და ვარქუ: „შვილო ისმინე ჩემი და იტყოდე ქმნულსა შენსა, რამეთუ ჰნებავს ღმერთსა ჩვენსა კურნება ჩვენი. და თავადმან უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან კაცთმოყვარებითა თვისითა ცხოვრებისათვის ჩვენისა ყოველივე თავს იდვა: მეზვერეთა თანა განისვენებდა, მეძავთა არა გარემიაქცევდა, ავაზაკი შეიწყალა და მეგობარ ცოდვილთა იქმნა. და შენ თვისითა სახიერებითა არა მიგითვალოსაა მოქცეული სინანულად?! „რომელსა არა ნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ ელის სინანულსა“[1 ტიმ. 2.4].
მაშინ, შეპყრობილმან სიმწარისა მისგან ცრემლთასა, იწყო ჩემდა მომართ თქმად: „წმიდაო მამაო, მე ყოვლითა ცოდვითა აღსავსე ვარ, უღირსი ცისა და ქვეყანისა. და ვიყავ რა მე ქალაქსა ჩემსა, ქალი უხუცესისა მის ქალაქისა ქალწული მიიცვალა და დამარხეს მრავალფასისა სამკაულითა გარე ქალაქისა. ხოლო მე განვედ საფლავისა მის და მოვთხარე. და აღმოვიღე მკუდარი იგი და ვიწყე განძარცვად ყოვლითურთ, რომელ არარაჲ დაუტევე მის თანა სამოსელთაგანი და მენება მკუდრისაცა საფლავით გარდაგდებაჲ. ხოლო იგი წარმოსდგა და მიპყრა მარჯვენე ჴელი მარცხენითა ჴელითა თვისითა და მრქუა: „ჵ, კაცო, ესრეთ სათნო გიჩნსაა განშიშვლება ჩემი? არა გეშინისაა შენ ღმრთისა, ანუ არა სძრწიაა მერმისა სასჯელისაგან და საქმეთაებრ მიგებისა?! რად საზოგადოჲსა ბუნებისა არა გრცხვენის? ვითარი ქრისტეანე ხარ შენ?! რამეთუ წარმოდგომად ხარ წინაშე ქრისტესა და მე მოსაჯულ ვარ შენი. რაჲ სიტყვა მიუგო ღმერთსა, ჵ, უბადრუკო, საშინელსა მას დღესა სასჯელისასა? რამეთუ ოდეს ცხოველ ვიყავ, არა უხილავს პირი ჩემი კაცსა. და აწ შემდგომად სიკუდილისა განმაშიშვლე მე, ბოროტ არს შენდა საქმე ესე, ჵ, კაცო გულარძნილო, ესოდენსა ცოდვასა შინა შთავრდომაჲ! ანუ ვითარღა მიიღო ყოვლად­პატიოსანი ჴორცი და სისხლი ქრისტესი?“ განმარკრთობდა მე სიტყვითა და განმაკვირვებდა მტკიცედ პყრობა ჴელისა და ფრიად შეურვებული ვეტყოდი მას: „მიტევე მე, კეთილო სძალო ქრისტესო, და ამიერითგან არღარა ოდეს ვჰყო ესე“. და მან მრქუა: „ვითარ ინებე შემოსლვა აქა, ეგრეთ ვერღარა განხვიდე ამიერ, არამედ საფლავი ესე იყოს საზოგადოდ ჩვენდა. ნუ ჰგონებ, თუ მოჰკუდე ადრე, არამედ მრავალთა დღეთა შინა იტანჯო ბოროტად და შემდგომად განუტეო სული შენი“. ხოლო მე ვეფუცე ღმერთი არღარა ქმნად ამისა და დავსთხიენ ცრემლნი მრავალნი წინაშე მისა. და მან მრქუა: „უკეთუ გნებავს განთავისუფლება ამის შეჭირვებისაგან, მეც მე სიტყვა, რათა განგიტეო რა შენ, არა ხოლო ცოდვისა ამისგან ოდენ დასცხრე, არამედ სოფელიცა უარ ჰყო და იქმნე მონაზონ, და შეინანო სხუანიცა ცოდვანი შენნი, რომელნი გიცოდავს და ამიერითგან ჰმონებდე შიშითა ქრისტესა“. ხოლო მე ვეფუცე, ვითარმედ: „უკეთუ ღირს მყოს მე ღმერთმან სინანულსა, არღარა ვიხილო სახლი ჩემი, არამედ აწვე წარვიდე მონასტრად“. მაშინ მრქუა მე ქალწულმან: „შემმოსე მე ეგრეთ, ვითარცა მიხილე“. ხოლო მე შევმოსე იგი, ვითარცა იყო პირველ. მეყსეულად მიწვა და მიიძინა. ესე არს აღსარება ჩემი, წმიდაო მამაო“.
ესე ყოველი რა მომითხრა მე ჭაბუკმან მან, ვამცენ მას სინანული, აღვჰკვეცე და შევმოსე სახე მონაზონებისა და დავაყენე იგი ქვაბსა შინა. დიდად ინანდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა და ფრიად იღვწიდა სულისათვის. და სიკუდილადმდე ეგო სინანულსა შინა და მიიღო მიტევება ცოდვათა კაცთმოყვარისა ღმრთისაგან. და მცირედ სალმობიერი მიიცვალა უფლისა მიმართ საუკუნოდ ცხოვრებად და ადიდებს ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲვ [66]
მკუდრისა აღდგომილისათვის

ქვეყანასა აფრიკეთისასა იყო კაცი ვინმე მრავალთა ცოდვათა მოქმედი და სიკუდილითაცა მრავალნი მოეკლნეს. და შემდგომად სინანულად მოვიდა და აღიარა არღარა ქმნაჲ ცოდვისა. და განვიდა ქალაქისაგან ცოლითურთ თვისით და დაივანა სოფელსა შინა კაცისა ვისმე თანა მუშაკისა. ხოლო შურითა ბოროტისა ეშმაკისათა შთავარდა მუნცა მრუშებასა ცოლსა თანა მის მუშაკისასა და მცირედთა დღეთა სალმობიერ იქმნა და მოკუდა.
ხოლო იყო მონასტერი მახლობელ სოფლისა მისგან ერთ სტადიონ და მიისწრაფა ცოლმან მისმან და ევედრა მონაზონთა მის მონასტრისათა. მოვიდეს და აღიღეს და დაფლეს იგი მონასტერსა შინა. და ჟამი იყო დღისა მესამე და მეცხრესა ჟამსა ისმა საფლავისაგან ჴმაჲ მეტყველი: „შემიწყალეთ, შემიწყალეთ!“ და მსწრაფლ განაღეს საფლავი და ჰპოვეს კაცი იგი ცოცხალი. და ჰკითხვიდეს, ვითარმედ: „რაჲ იხილე, ძმაო, ანუ რაჲ შეგემთხვია?“ ხოლო იგი ტირილისაგან ვერ შემძლებელ იყო თხრობად მათდა, არამედ ევედრებოდა, რათა მიიყვანონ იგი მონისა ღმრთისა თალასესა. და მიიყვანეს რა მუნ, სამ დღე ქვემდებარე სტიროდა მწარედ. და ჰკითხვიდა მას წმიდა იგი, თუ: რაჲ იხილა. მეოთხესა დღესა ძლით უძლო თქმად ტირილითა და გოდებითა იტყოდა: „მამაო პატიოსანო, ოდეს მოვჰკუდებოდი მე, ვიხილენ შავნი ეშმაკნი ფრიად საშინელნი, ძრწოდა და იმალებოდა მათგან სული ჩემი. და კვალად ვიხილენ ორნი შვენიერნი და ბრწყინვალენი ანგელოსნი. გამოხლდა სული ჩემი ჴორცთაგან და შევარდა ჴელთა შინა მათთა. და ვითარცა აღფრინდებოდეს ქვეყანისაგან და აღვიდოდეს ჰაერად, ვიხილენ ჰაერის მცველნი და მუნ სდგეს ყოვლისა კაცისა თვითოეულისა ცოდვისა განმკითხველნი: რომელნიმე ტყუილისა, რომელნიმე ამპარტავნებისა, რომელნიმე განკითხვისა და რომელნიმე სიძვისათვის ბოროტისა. ხოლო წინამძღვართა მათ ჩემთა ანგელოსთა აქუნდათ ჭურჭელი რაჲმე, რომელსა შინა იყვნეს საქმენი ჩემნი კეთილნი და მისგან აღმოიღიან და შეუწონდენ ბოროტთა მათ საქმეთა ჩემთა. და ესრეთ მივიწიენით მახლობელ ბჭეთა ცისათა, სადაცა არიან განმკითხველნი მსიძავთანი. და შემიპყრეს მუნ და განმიკითხვიდეს მე ყოვლისათვისივე ცოდვისა, რომელნი მექმნა ათორმეტ წლითგან, ვიდრე დღედმდე მიცვალებისა ჩემისა. და ეტყოდეს წინამძღვარნი ჩემნი ანგელოსნი: „ყოველნი ცოდვანი, რომელნი უქმნიეს ქალაქსა შინა, შეუნდო ღმერთმან, რამეთუ შეინანა და აღუთქუა ღმერთსა“. მიუგეს ეშმაკთა და ჰრქუჱს: „ჭეშმარიტად ეგრეთ არს, გარნა შემდგომად გამოსლვისა ქალაქით და აღთქმისა, კვალად დაეცა ეგე მრუშებითა ცოლსა თანა მუშაკისასა“. ხოლო ესერა ესმა ანგელოსთა, ვერარაჲ ჰპოვეს საქმენი ჩემნი კეთილნი ამის შესაწონელად და დამიტევეს მე და წარვიდეს“. შემიპყრეს მე შავთა მათ ეშმაკთა და იწყეს გვემად ჩემდა და გარდამომიყვანეს მე ქვეყანადვე. და განაპეს ქვეყანა და შთამაგდეს შეკრული ბნელსა, იწროსა, საშინელსა მწვირესა, მყრალსა ქვესკნელსა ჯოჯოხეთსა, სადაცა არს საპყრობილე სულთა ცოდვილთა და სატანჯველი საუკუნო: ტირილი დაუცადებელი, ღრჭენა კბილთა, გოდება გამოუთქუმელი. მუნ მარადის ღაღადებენ და იტყვიან: „ვაჲ ჩვენ და ჵ, ვაჲ“, რამეთუ არა არს შესაძლებელ გამოთქმად ჭირისა მის, რომელი მუნ არს. არცა შესაძლებელ სალმობისა მათისა, რომელი ვიხილე: კვნესიან გულითა და არავინ შეიწყალებს მათ, სტირიან და არავინ არს ნუგეშინისმცემელ მათი, ევედრებიან და არავინ არს მხსნელ მათდა, და არცა შემწე. რომელთა თანა მეცა დახშულ ვიქმენ და ვეგე მტირალი შეპყრობილი მესამით ჟამითგან ვიდრე მეცხრე ჟამადმდე. და აჰა, ვიხილენ ორნი იგი ანგელოსნი ბრწყინვალენი მუნ შემოსრულნი. და ვიწყე მათდა მიმართ ვედრებად, რათა შემიწყალონ და გამომიყვანონ ჭირისა მისგან, რათა შევინანო და შეუვრდე ღმერთსა ცოდვათა ჩემთათვის. ხოლო იგინი მეტყოდეს: „უჯერო არს ვედრება შენი, რამეთუ არავინ განვიდეს ამიერ, ვიდრემდის არა იქმნას ყოველთა აღდგომაჲ“. ხოლო მე კვალად ვევედრებოდი დიდად და სინანულსა აღუთქმიდი. და იტყოდა ერთი მეორისა მიმართ: „თავსდებ იქმნებიაა ამისი, რამეთუ სულითა და გულითა აღსთქუამს სინანულსა?“ და ჰრქუა მეორემან ანგელოსმან: „ჰე, თავსმდებ ვიქმნები და მისცა ჴელი თავდებობისათვის“. მაშინ მიპყრეს და გამომიყვანეს მე მუნითგან და მომიყვანეს საფლავად გუამისა ჩემისა და მეტყოდეს: „შევედ, რომლისაგან გამოხვედ!“ და მივხედე და ვიხილე სულისა ჩემისა ბუნება, ვითარცა რა მარგარიტი ბრწყინვალე. და მივხედენ ბუნებასა ჴორცთასა და ვიხილე, ვითარცა მწვირე მყრალი და შავი, – და მძაგდა შესლვად მას შინა. და მეტყოდეს მე ანგელოსნი: „შეუძლებელ არს შენდობად შენდა, უკეთუ არა ჴორცითა, რომლითა სცოდე, მითვე შეინანო“. ხოლო მე ვევედრებოდი, რათა არა შევიდე ჴორცთა შინა ჩემთა. და იგინი მეტყოდეს: „შევედ, უკეთუ არა შეხვიდე, მიგაქციოთ მუნვე, სადათ აღმოგიყვანეთ შენ. არამედ შევედ, რათა სხუათაცა სარგებელ ეყოსთ, და მიუთხარ, რა იგი იხილე და შეგემთხვია“. მაშინ შევედ პირით ჩემით და ვიწყე ღაღადებად: „შემიწყალეთ! შემიწყალეთ!“ და გამომიყვანეს გარე“.
და ვითარცა წარმოუთხრა ესე ყოველი წმიდასა მამასა, განკრთეს ყოველნი და სარგებელ ეყო მსმენელთა. და აღიარნეს თვისნი ცოდვანი და შეინანეს. ხოლო იგი დადგრა ეკკლესიასა შინა ადგილსა ერთსა, და იდვა პირსა ზედა თვისსა სტიროდა მწარედ და სინანულითა აღუარებდა მარადის ღმერთსა და სულთქმით იტყოდა: „ვაჲ ცოდვილთა, ვაჲ უნანელთა, რამეთუ სატანჯველნი საუკუნენი მიელიან მათ! უფროსად ვაჲ მათდა, რომელთა შეაგინეს ჴორცნი მათნი არაწმიდებითა!“ და იყო ორმეოც დღე ესევითარითა სინანულითა. და უწინარეს სამისა დღისა აღსრულებისა მისისა, გამოუცხადა ღმერთმან, ვითარმედ: განსლვად არს ამის ცხოვრებისაგან. და სინანულითა და ცრემლითა განწმედილი, უფლისა მიმართ მიიცუალა, რომელი იტყვის: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვნება მისი”[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47], რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲზ [67]
მსწრაფლ შემნანებელისათვის

ღირსი მამა ჩვენი პავლე მოგვითხრობდა, ვითარმედ: „ოდესმე წარვედ მონასტრისა ძმათა მოხილვად და იგინი შევიდოდენ ეკკლესიად ლოცვისათვის ჩვეულებისაებრ. ხოლო მე ვხედევდი თუალითა სულისათა თვითოეულსა მათსა, თუ რომელი მადლი მინიჭებულ არს ღმრთისა მიერ. რომელნიმე ვიხილე ბრწყინვალითა პირითა და რომელნიმე განათლებულითა სულითა და ანგელოსნი ღმრთისანი მახლობელ მათსა ვიდოდეს.
ხოლო ერთი ვინმე ვიხილე დაშავებულითა სულითა და ეშმაკნი იმიერ და ამიერ ვიდოდეს მის თანა და უპყრობდენ პირსა ცხვირითურთ და მიიზიდვიდენ თვისად. და ანგელოსი მისი მცველი, ზურგით კერძო შესდგომოდა მას მწუხარე.
ხოლო მე ფრიად მწუხარე ვიქმენ და მკერდსა ვიცემდი და დავსჯედ წინაშე ეკკლესიისა მტირალი მისთვის. ხოლო რომელნი მხედვიდეს მე სალმობიერად მტირალსა, მეტყოდეს: „შემოვედ ეკკლესიასა შინა, მამაო“. გარნა მე არა უსმინე მათ, არამედ ვსდეგ წინაშე ეკკლესიისა ცრემლითა მხურვალითა მვედრებელი ღმრთისა, ძმისა მისთვის. და შემდგომად ლოცვისა და გალობისა, გამოვიდოდეს რა ყოველნი უმეტესად განბრწყინვებულნი. და ვიხილე ძმაცა იგი განსპეტაკებული სულითა და განათლებული პირითა, და წმიდა მცველი მისი ანგელოსი მახლობელად მისა მხიარული.

ხოლო მე ფრიად მხიარულ ვიქმენ მმადლობელი ღმრთისა და ვიტყოდი: „ეჰა, დიდება ურიცხვსა კაცთმოყვარებასა შენსა, მეუფეო, და სახიერებასა გამოუთქმელსა!“
მაშინ მკითხვიდეს ყოველნი ძმანი პირველ მწუხარებისა მიზეზსა და მერმე მხიარულებასა. და მე ვარქუ ბრწყინვალითა ჴმითა: „მოვედით, ძმანო, და იხილეთ საქმენი ღმრთისანი, ვითარ საკვირველ არიან და განკრთომისა ღირს, რომელსა ჰნებავს „ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“[1 ტიმ. 2,4]. მოვედით თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვსთქუათ: „შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, რომელსა გაქვს ჴელმწიფება მიტევებად ცოდვათა“.
და მიუთხარ მათ გამოცხადება იგი, ჩემ მიერ ხილული. და მოუწოდე ძმასაცა მას და ვიწყე სწავლად მისდა ჯეროვნად ტკბილითა სიტყვითა და ვჰკითხევდი ვითარებასა ცხოვრებისა მისისასა. და იგი, მხილებული სვინიდისისაგან, მოგვითხრობდა ესრეთ: „მე უკუჱ, უფალნო ჩემნო, კაცი ვარ ცოდვილი და ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი არაწმინდებასა შინა განვლენ აქამომდე. და სასოწარკვეთილ ვიყავ ცხოვრებისა და აწ შევედ რა ეკკლესიად, მესმა საკითხავი დიდისა წინასწარმეტყველისა ისაიასი უფლისა მიერ თქმული, ვითარმედ: „განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ უკეთურება სულთაგან თქვენთა წინაშე თუალთა ჩემთა, ისწავეთ კეთილისყოფა, უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ღებილნი, ვითარცა მატყლი, განვესპეტაკო და უკეთუ ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქვეყანისასა სჭამდეთ“[ეს. 1,16-19].
ხოლო მე ცოდვილმან შევინანე ყოვლითა სულითა და გულითა ჩემითა და დიდად სულთ ვითქვენ ცრემლითა მეტყველმან: „შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, რომელი მოხვედ ქვეყანად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთა პირველი მე ვარ. შენ, მეუფეო, აღგითქუამ პირითა და აღგიარებ გულითა არღარა ქმნად სიბოროტისა და ვიჯმნა ყოვლისაგან უსჯულოებისა და გმონო შენ სიწმიდითა სვინიდისისათა. გევედრები, მეუფეო, შემიწყალე მონანული და დამონებული, ყოვლისაგან ბოროტისა განმათავისუფლე, სახელისა შენისათვის წმიდისა“. ესენი ვსთქვენ გონებითა ტკივნეულითა და მხურვალითა ცრემლითა და გამოვედ ეკკლესიით. ვსაჯე სულითა ჩემითა არღარა ქმნად ცოდვისა, არამედ ვინანდე წინაშე ღმრთისა, აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისა“.
ხოლო ესე ყოველი რა გვესმა ჩვენ, ყოველთა ვღაღად ვყავთ: „ვითარ განსდიდენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“(ფს. 103,24). დიდება ურიცხვსა კაცთმოყვარებასა შენსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲჱ [68]
თუ ვითარ სარწმუნოებით მიიტევა ცოდვაჲ

პატიოსანი მღუდელმონაზონი ნეოჶიტე იყო სათნომყოფელი ღმრთისა, რომელმან მრავლითა მოღვაწებითა აღასრულა ცხოვრება თვისი. იგი მოგვითხრობდა, ვითარმედ: „კეთილმორწმუნემან ვინმე დედაკაცმან დიდებულმან, შემდგომად ქმრისა მისისა სიკუდილისა, შემოიკრიბა გონებითა თვისნი ცოდვანი და მოიგონა ჟამი სიკუდილისა და საშინელი სამსჯავრო და წარვიდა ღირსისა ნეოჶიტეს მიმართ, თაყვანის სცა და ჰრქუა მას: „მოვედ სიწმიდისა შენისა, პატიოსანო მამაო, აღსაარებად ცოდვათა ჩემთა“. ხოლო მან, არა მნებებელმან, მიუგო: „არა არს შესაძლებელ ჩემდა, შვილო, დედობრივთა საქმეთა სმენად“. ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან, რომელმან შეიმოსა სახე სიმდაბლისა ჩვენისა, არა განაგდო მოსრული მისდა მეძავი ამბორისმყოფელი ყოვლადპატიოსანთა ფერჴთა მისთა, აღმსაარებელი ცოდვათა თვისთა და შენ განმდევნია სინანულისა მნებებელსა?!“
ესმა რა ესე ბერსა, ჰრქუა მას: „უკეთუ ესრეთ სარწმუნოებით მოსრულ ხარ, შვილო, ჩემისა უღირსებისა მომართ, წარვიდეთ ეკკლესიად და აღმიარე შემუსრვილითა გულითა წინაშე კაცთმოყვარისა ღმრთისა ცოდვანი შენნი“. და წარვიდენ ზოგად ეკკლესიად და აღუარა ყოვლითა გულითა სრულიად ცოდვანი თვისნი და თაყვანის სცა ბერსა ლოცვისა მიმღებელმან სარწმუნოებით და განვიდა დედაკაცი იგი დიდებული.
ხოლო ვიდოდა რა უბანთა ზედა, იხილა ვინმე მოხუცებული გლახაკი განრღვეული, ქვემდებარე, სრულიად უღვაწი და ჰრქუა მას: „გნებავსაა, მამაო, რათა წარგიყვანო შენ სახლსა ჩემსა და განგისვენო კეთილად? და შენ ევედრო ღმერთსა უღირსებისა ჩემისათვის“. ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, მნებავს, დედოფალო ჩემო, უკეთუ ჰყო წყალობა სიგლახაკესა ზედა ჩემსა“. ხოლო იგი წარვიდა სახლსა თვისსა და მოუმზადა სარეცელი და წარგზავნა მონანი და მოიყვანა იგი. და განბანა აბანოსა თვისსა და შემოსა ახალი სამოსელი და განუსვენა კეთილად. და მიერითგან მსახურებდა მას ჴელითა თვისითა და სცხებდა წამალსა წყლულთა მისთა.
ხოლო მოიწია რა დიდი ხუთშაბათი და ვნება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ჰრქუა დედაკაცმან ბრძენმან მოხუცებულსა მას გან­რღვეულსა: „მნებავს საქმე რაჲმე ყოფად შენდა, მამაო, არამედ დამითმინე და ნურარას იტყვი შენ“. ხოლო მან ჰრქუა: „ვითარცა ბრძანო, დედოფალო ჩემო, ეგრეთცა ვჰყო“. ხოლო მოიწია რა ჟამი სამღთოსა წირვისა და მღუდელი სახლისა მისისა ეკკლესიასა შინა სწირვიდა, და იწყო რა წარკითხვა წმიდისა სახარებისა, ვითარმედ: „იყო რა იესო ბეთანიას სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუხდა მას დედაკაცი ვინმე, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებლისა მრავალსასყიდლისა და ჰსცხო ფერჴთა იესოსთა“[მთ. 26,6-7; მრკ. 14,3].
ამას რა იტყოდა მღუდელი, მოიღო დედაკაცმან მან კეთილმორწმუნემან ჭურჭელი ნელსაცხებელისა, მოუხდა მოხუცებულსა მას განრღვეულსა და დაასხა ფერჴთა მისთა, და ამბორს უყოფდა და დაალტობდა ცრემლითა და თმითა თვისითა წარხოცდა. და მეყსეულად შეიძრა სახლი იგი მხოლოდ და ჴმა იყო ზეცით, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!”[ლკ. 7,48-50] და შემდგომად ჴმისა მის აღსდგა განრღვეულიცა იგი ყოვლითურთ მრთელი და არღარაჲსა წყლულებისა ნაბრძვილისა მქონებელი. ეჰა, დიდება შენდა საკვირველთა სასწაულთა მოქმედო, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო!
ხოლო ნეტარმან მან დედაკაცმან სარწმუნოებით მიიღო შენდობა ცოდვათა თვისთა გამოუთქმელისა ღმრთისა კაცთმოყვარებისა მიერ, და შემდგომი ჟამი სინანულითა, მოწყალებითა და კეთილითა ცხოვრებითა აღასრულა და მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცვალა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჲთ [69]
თუ ვითარ სიმდაბლით მიიტევა ცოდვაჲ

იყო ვინმე ეპისკოპოსი რომლისამე ქალაქისა, შურითა ბოროტისა ეშმაკისათა შეემთხვია ცოდვა რაჲმე. ხოლო იყო იგი ფრიად განკრძალული ღმრთის მოშიშებითა და მდაბალი გულითა და მცირისა ცოდვისათვის დიდად ბრალეულ ჰყოფდა თავსა თვისსა და შემუსრვილითა გულითა ინანდა.
დღესა ერთსა შეჰკრიბა ეკკლესიასა შინა სამრევლო თვისი და წინაშე ყოველთასა აღიარა და სთქუა: „შემინდევით მე, ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, არღარა ძალმიძს ეპისკოპოსობა თქვენი ამიერითგან, არამედ იძიეთ თავისა თქვენისა მწყემსი, რამეთუ მე ცოდვასა შინა შთავარდი და თანამდებ ვარ სინანულისა“.
ხოლო მათ ყოველთა სიყვარულითა მისითა ღაღად ჰყვეს ცრემლით მეტყველთა: „ცოდვა შენი იყავნ ჩვენ ზედა, წმიდაო მეუფეო, გარნა გევედრებით შენ, ეგენ ეპისკოპოსადვე და მწყემს სულისა ჩვენისა“. და ვითარცა მრავალსა ევედრებოდეს ერნი იგი, რამეთუ მშვიდ იყო და მდაბალ გულითა და საყვარელ ყოველთა მიერ, მერმე ჰრქუა მათ ეპისკოპოსმან: „უკეთუ გნებავსთ და მაიძულებთ, რათა ვიყო ეპისკოპოსად თქვენ ზედა, რაჲცა გრქუა, თქვენცა მორჩილ მექმენით და ჰყავთ იგი“. და უბრძანა დახშვა კართა ეკკლესიისათა და დავარდა პირსა ზედა თვისსა ერთისა კარისა საშუალ და ჰრქუა ერსა თვისსა: „ნუ გაქვსთ ნაწილი ღმრთისა თანა, უკეთუ ვინმე გარდახვიდეთ და არა დამთრგუნოთ მე ფერჴითა თქვენითა“. და ყოველთა ჰყვეს სიტყვისაებრ მისისა. ხოლო ოდეს სრულ იქმნა დათრგუნვაჲ, მაშინ მოიწია ზეცით ჴმაჲ ესრეთ მეტყველი: „დიდისა მაგის სიმდაბლისათვის, ჵ, ეპისკოპოსო, მიგეტევნენ შენ ცოვანი შენნი“. ესმა ყოველსა მას სიმრავლესა ჴმაჲ იგი სამღთოჲ და ადიდებდეს ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ო [70]
რათა არა თავთა თვისთა განვიმართლებდეთ
სინანულისა ჟამსა, არამედ დავმდაბლდებოდეთ

ორნი ერის კაცნი ღმრთისმოშიშნი შეითქუნეს ერთად და იქმნნეს მონაზონ. ხოლო ეშურნეს ჴმასა წმიდისა სახარებისასა და უმეცრებით გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათასა.
ესმა ესე მთავარეპისკოპოსსა ალექსანდრიისასა და განაყენნა იგინი ეკკლესიით. ხოლო იგინი თავთა თვისთა განიმართლებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ჩვენ კეთილად ვჰყავთ, რამეთუ გამოვისაჭურისენით სასუფეველისათვის ღმრთისა და მან შურითა განგვაყენა ჩვენ, არამედ წარვიდეთ და მიუთხრათ მისთვის მთავარეპისკოპოსსა იერუსალიმისასა“. წარვიდენ და მიუთხრეს ესე ყოველი და ჰრქუა მათ მთავარეპისკოპოსმან: „მეცა განგაყენებ თქვენ უჯეროებისათვის მაგის საქმისა“. ხოლო იგინი მწუხარებამან შეიპყრნა და მისთვისცა დრტვინვიდენ. და წარვიდენ ანტიოქიისა მთავარეპისკოპოსისა მიმართ და მოახსენეს მას, ხოლო მანცა განაყენნა იგინი. და ჰსთქუჱს: „წარვიდეთ ჰრომს პაპისა მიმართ და მან შური აგოს ჩვენთვის ამათ ყოველთა”. და მირავიდეს პაპისა, მიუთხრეს ყოველივე, ხოლო მან ჰრქუა: „მეცა განმიყენებიხართ, ვითარცა განუყენებიხართ ძმათა ჩემთა“. ხოლო მათ ჰსთქუჱს, ვითარმედ: „ესენი შეთქმულ არიან ურთიერთას, არამედ წარვიდეთ კვიპრეს ეპიჶანე მთავარეპისკოპოსისა მიმართ და მიუთხრათ მას, რამეთუ მადლი წინასწარმეტყველებისა არს მის თანა და არავის თვალაღებს პირსა კაცისასა“. და ოდეს მიეახლნენ ქალაქსა მისსა, ეუწყა ღმრთისა მიერ წმიდასა მას კაცსა ღმრთისასა და განუტევნა კაცნი განდევნად მათდა მეტყველმან: „ნუცაღა ქალაქსა ამას შემოხვალთ“.
მაშინ დამდაბლდენ და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ვსცოდეთ ჩვენ, რად უკუჱ თავთა თვისთა განვიმართლებდით? უკეთუ მათ უსამართლოებით ანუ შურით განგვაყენეს, ხოლო ამან წმიდამან რადღა განგვდევნა?! არამედ ღმერთმან განუცხადა საქმენი ჩვენნი“. და იხილნეს თავნი თვისნი ცთომისა თანამდებ და ინანდენ წინაშე ღმრთისა. მაშინ გულთმეცნიერმან ღმერთმან იხილნა გონებანი მათნი, რამეთუ ჭეშმარიტებით დამდაბლდენ და ინანიან და აუწყა მასვე ეპიჶანე ეპისკოპოსსა, ვითარმედ: „აწ შეიწყნარენ იგინი!“ ხოლო მან წარავლინნა კაცნი და მოუწოდა მათ; ნუგეშინის სცა და შეიწყნარნა ზიარებად. და მისწერა მთავარეპისკოპოსსა ალექსანდრიისასა, ვითარმედ: „მიითვალენ შვილნი შენნი, რამეთუ ჭეშმარიტად შეინანეს გულითა მხურვალითა და დიდ არს ძალი სინანულისა, რომელსა ღმერთი არ უგულებელს ჰყოფს, არამედ შეიწყნარებს მონანულთა, რომელნი ჰხადიან მას ჭეშმარიტებით“. რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოა [71]
ჭეშმარიტისა სიყვარულისათვის

ორნი ძმანი სულიერნი წარვიდენ მონასტრით განსყიდვად ჴელთსაქმისა მათისა და ვითარცა მცირედ მოსცილდენ ურთიერთას, შურითა ბოროტისა ეშმაკისათა ერთი იგი დაეცა სიძვითა. და შემდგომად მოვიდა მეორე ძმა იგი და ჰრქუა: „წარვიდეთ, ძმაო, თვისთავე სენაკთა“. და მან ჰრქუა: „არღარა წარმოვალ მე”. ხოლო მან ჰრქუა: „რაჲსათვის, ძმაო საყვარელო?“ და იგი მიუთხრობდა, ვითარმედ: „განგეშორე რა შენ, დავეცი სიძვითა და მისთვის არა მნებავს წარმოსლვაჲ“. ხოლო მან ჭეშმარიტითა სიყვარულითა ინება მოქცევა მისი და ჰრქუა: „მეცა ოდეს განვედ შენგან, ეგრეთვე შემემთხვია, ძმაო, არამედ წარვიდეთ და შეუვრდეთ ღმერთსა სინანულითა და მრწამს კაცთმოყვარებისაგან მისისა, რათა მოგვიტევნეს ცოდვანი ჩვენნი, რომელმან აღიხვნა ყოვლისა სოფლისა ცოდვანი და მზა არს შეწყნარებად მონანულთა“. ესრეთ ძმა იგი ლმობიერ ჰყო და წარვიდენ თვისთავე მონასტერსა და აღუარეს მოძღვარსა შემთხვეული მათი და მიიღეს კანონი სინანულისა. ხოლო ერთი იგი ძმა მეორისათვის ინანდა, ვითარცა თვით შეცოდებული მხურვალედ ევედრებოდა ღმერთსა მოტევებისათვის ცოდვისა ძმისა მისისა. ესრეთ დასდვა სული თვისი სიყვარულისათვის ძმისა და მსწრაფლ მოიღეს ერთმან შენდობა ცოდვათა, ხოლო მეორემან გვირგვინი სიყვარულისა ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ობ [72]
ცრემლით ცოდვის ამხოცელთათვის

ორნი ძმანი ჴორციელნი იჯმნეს სოფლისაგან და მონაზონ იქმნნეს მთასა ნიტრიისასა და შევიდენ მორჩილებასა ქვეშე მამისა სულიერისასა. ხოლო მიმადლა ღმერთმან ორთავე მადლი ლმობიერებისა და ცრემლთა.
დღესა უკუჱ ერთსა იხილნა მამამან მათმან სულიერმან ჩვენებით ორნივე იგი ძმანი მდგომარენი ლოცვასა შინა; და აქუნდათ მათ ჴელთა ქარტები დაწერილნი და ჰრცხიდეს მათ ცრემლთა მიერ თვისთა. ხოლო ქარტა იგი ერთისა მის ადვილად აღიხოცებოდა და მეორისა მის შრომით, რამეთუ აჩნდა კვალადცა ნაწერისა სიშავე.
ხოლო ბერი იგი ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რაჲ არს ჩვენება იგი. და აჰა, ანგელოსი უფლისა ეჩვენა მას და ჰრქუა: „ქარტანი იგი დაწერილნი ცოდვანი არიან ორთა მათ ძმათანი და ერთმან მან სცოდა ბუნებითნი ცოდვანი და მისთვის ადვილად აღიხოცებიან, ხოლო მეორემან სცოდა ბუნებისა გარეშენი ცოდვანი და მისთვის შრომით აღიხოცებიან და უმეტესი ღვაწლი უხმს ამას მოგებად სინანულისა და ფრიადი სიმდაბლე”.
მიერითგან ეტყოდა ბერი ძმასა მას: „დაშვერ ძმაო, რამეთუ მრავლითა შრომითა გვიღირს ჩვენ შესლვად სასუფეველსა, რომლისა „იწრო და საჭირველ არს გზაჲ“[მთ. 7,4]. ხოლო ძმა იგი უმეტესად გულსმოდგინე იქმნის სინანულისა და ლმობიერებისათვის და ორთავე მიეტევნათ ცოდვანი მათნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოგ [73]
აღსაარებით ცოდვათა ახოცისათვის

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი მთასა ულუმბოსასა და მივიდენ მისსა ძმანი სმენად სიტყვათა სულიერთა და იგი ზრახვიდა ტკბილითა სიტყვითა მადლით შეზავებულითა ცხოვნებისათვის სულთა მათთასა.
მას ჟამსა ერთი ვინმე ლიტონი ერისკაცი მოვიდა და თაყვანის სცა წმიდასა მას ბერსა, ხოლო ბერმან მიხედა მას და ჰკითხა: „რაჲ გნებავს, ძმაო?“ მან მიუგო და ჰრქუა: „მოვედ შენდა, წმიდაო მამაო, აღსაარებად ურიცხვთა მათ ცოდვათა ჩემთა“. ხოლო მან ჰრქუა: „სთქუ, ძმაო, წინაშე ამათ მამათასა და ნუ გრცხვენის, უკეთუ ჭეშმარიტებით მოგიძულებიეს ცოდვანი შენნი“. და მან იწყო თქმად სრულითა გულითა ყოვლისავე და არცა ერთი დაფარა, რომელნი არა ჯერ არიან კაცთა სმენად. და იტყოდა ცრემლითა მხურვალითა და შემუსრვილითა გულითა ქვემდებარე და შემდგომად ჰრქუა მას ბერმან: „გნებავსაა, შვილო, ანგელოსებრივისა სახისა შემოსაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, წმიდაო მამაო, მსურის და მაქვს ეგევითარი სამოსელიცა განმზადებული ჩემთვის“. ხოლო ასწავა მას წმიდამან ბერმან და შემდგომად შემოსა წმიდა იგი სახე მონაზონებისა და უჩვენა მას ქვაბი და ჰრქუა: „წარვედ, შვილო, მუნ მშვიდობით და იღვაწე ცხოვნებისათვის სულისა შენისა“. ხოლო მან თაყვანის სცა მდაბლად და წარვიდა მადიდებელი ღმრთისა.
ხოლო ძმანი იგი განკვირვებულნი ეტყოდეს: „წმიდაო მამაო, ვითარ ესოდენთა ცოდვათათვის არა ეც მას სინანული, არცა კანონი?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „ჵ, საყვარელნო შვილნო, მე ვიხილე ხილვა საშინელი და დიდებული, რამეთუ აღმსაარებელისა მის მარჯვენით კერძო მდგომარე იყო ანგელოსი, რომლისა პირი იყო ვითარცა ელვაჲ და სამოსელი სპეტაკ, ვითარცა ნათელი, და ჴელთა შინა მისთა აქუნდა ქარტა აღწერილი. და ვითარცა აღიარებდა მონანული ცრემლითა წინაშე თქვენსა, და ანგელოსიცა იგი ბრწყინვალე აღჴოცდა ქარტასა მას შინა ცოდვათა მისთა ჴელით წერილსა. და უკეთუ კაცთმოყვარემან ღმერთმან ესრეთ მიუტევა მას, აწ უკუჱ ვითარ ძალმიძს მე ცოდვილსა მიცემად მისა სინანულისა და კანონისა? არამედ იგი მხილებული სვინიდისისაგან თვისისა მარადის შემუს­რვილითა გულითა თვით ინანის დაუცხრომელად“. ხოლო ძმანი იგი ამას რა ისმენდეს, განკვირვებულნი მადლობდენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა და ადიდებდენ სახიერებასა კაცთმოყვარებისა მისისასა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოდ [74]
ჴორცთა ტანჯვითა ცოდვათა ახოცისათვის

ძმა ვინმე კეთილმონანული მკვიდრ იყო მთასა ზედა ზეთისხილთასა. დღესა ერთსა განხურდა გული მისი სინანულითა და სვინიდისისა მხილებითა, აღსდგა და ჩამოვიდა წმიდად ქალაქად იერუსალიმად. მოუხდა მთავარსა ქალაქისასა და აღუარნა მას ცოდვანი თვისნი მპარავობისა განცხადებულად წინაშე ყოვლისა ერისა და ჰრქუა: „მტანჯე მე აქა სჯულისაებრ სამეფოჲსა“.
შეელმა უკუჱ მთავარსა და ჰრქუა მას: „ნამდვილვე, ჵ, კაცო, ვინათგან შენ თვით აღიარენ ცოდვანი შენნი, ვერმკადრე ვარ აწ პირველ ღმრთისა ტანჯვად შენდა, რამეთუ შეგინდვნა შენ ღმერთმან ბრალნი და შეცოდებანი შენნი“.
აღსდგა უკუჱ ძმა იგი და წარვიდა და შეიჭედა თავი თვისი რკინითა და დაიდვა ჯაჭვი ქედსა და ფერჴთა მისთა და შეაწყვდია თავი თვისი სენაკსა შინა მცირესა. და უკეთუ ვინ მოვიდის მისა და ჰკითხავნ მას: „ძმაო, ვინ შეგაგდო შენ ესევითარსა განსაცდელსა და შეგბეჭდა რკინითა?“ მან მიუგის: „მთავარმან შემაგდო“.
ესევითარითა მხურვალითა სინანულითა მოითმინა მრავალჟამ. და უწინარეს დღისა ერთისა მიცვალებისა მისისა, განეხვნეს თვით თავით თვისით რკინანი იგი და დასცვივნეს ჯაჭვნი. მოვიდა მსახური მისი და იხილა იგი ესრეთ, დაუკვირდა და ჰრქუა მას: „ვინ განგხსნა შენ, მამაო, რკინათაგან შენთა?“ ხოლო მან ჰრქუა: „რომელმან იგი დაჰხსნნა საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, მანვე განმხსნა მე საკრველთაგანცა რკინისათა. რამეთუ გამომიჩნდა მე გუშინ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და მრქუა: „სინანულისათვის მაგის და მოთმინებისა შენისა დავსხნი მე ყოველთავე ცოდვათა შენთა!“ და შეახო ყოვლად­წმიდა თითი თვისი საკრველთა ამათ რკინისათა და მეყსეულად დასცვივნეს ჩემგან”.
ესე სთქუა ძმამან მან სანატრელმან და კურთხეულმან და განვიდა ჴორცთაგან და წარვიდა წინაშე უფლისა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოე [75]
უდებებისა შემნანებელისათვის

კაცსა ვისმე ენება განშორება სოფლით და მონაზონ ყოფაჲ და არა უტევებდა მას დედა თვისი, ხოლო იგი ეტყოდა დედასა თვისსა: „განმიტევე, დედაო, მშვიდობით, რამეთუ ცხოვნება მნებავს სულისა ჩემისა“. უკანასკნელ განუტევა იგი მშობელმან, წარვიდა იგი და მონაზონ იქმნა და უდებებით განვლნა დღენი თვისნი.
იქმნა სიკუდილი დედისა მისისა და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა დასნეულდა იგიცა სასიკუდინედ და განწირული იქმნა განკვირვებასა შინა, და მეყსეულად აღიტაცა იგი და მივიდა სულითა სასჯელად. და იხილა მუნ დედა თვისი დასჯილთა თანა. და დედამანცა იხილა ძე თვისი მუნვე მისრული, განცვიფრდა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, შვილო, შენცა ადგილსა ამას დაისაჯეა? სადა არიან სიტყვანი იგი, რომელთა მეტყოდი, ვითარმედ: „ცხოვნება მნებავს სულისა ჩემისაო?” სირცხვილეულ იქმნა ამას ზედა შვილი მისი და შეურვებული მდგომარე იყო და არა აქუნდა სიტყვაჲ თუ რაჲ მიუგოს.
მერმე ისმა ჴმაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წარიყვანეთ ესე მონაზონი ამიერ, რამეთუ არა ამისი იყო ბრძანება, არამედ სხვისა მონაზონისა, რომელსა ეწოდების ამისივე სახელი; იგი მოიყვანეთ“.
და მოეგო ძმა იგი თავსავე თვისსა და მოგვითხრა მუნ მყოფთა ესე ყოველი და წარავლინეს ჭეშმარიტებისა დამტკიცებისათვის სხვისა მის მონაზონისა, რომელსა ეწოდა სახელი მისი და იხილეს იგი მიცვალებული მას ჟამსა შინა.
ხოლო ვინათგან მოეგო ძმა იგი თავსავე თვისსა და აღსდგა რა უძლურებისაგან, მიერითგან შეაწყვდია თავი თვისი სენაკსა შინა. დასჯდა და ზრუნვიდა სულისა თვისისა ცხოვნებისათვის, სტიროდა მარადის და ლმობიერად ჰგოდებდა და ეტყებდა თავსა თვისსა და ინანდა გარდასრულთა მათ დღეთა უდებებისათვის. ესოდენ იქმნა ლმობიერება მისი და დაუცადებელი გლოვაჲ, ვიდრეღა მრავალნი ლოცვიდეს მას და ევედრებოდეს მეტყველნი: „მცირედ ლხინება მიეც თავსა შენსა, ძმაო საყვარელო, რათა არა ვნება რაჲმე შეგემთხვიოს უზომოსა მაგის ტირილისაგან“. ხოლო იგი არა ინებებდა დაცხრომად ტირილისაგან, არამედ მიუგებდა მათ: „უკეთუ ყვედრებასა დედისა ჩემისასა ვერ დაუთმე, უფალნო ჩემნო, რაოდენ უფროს ვერ დაუთმო ყვედრებასა ქრისტესსა, რაჟამს იგი მამხილებდეს უდებებისათვის წინაშე ანგელოსთა და კაცთა?!“
ესრეთ ლმობიერად სინანულითა აღასრულა ცხოვრება თვისი და მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცვალა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოვ [76]
უნებლიეთ შემცოდისათვის

იყო ვინმე ძმა ჭაბუკი და მორჩილებითა სულიერისა მამისათა მონასტრისა ჯორთა ჰმსახურებდა. დღესა ერთსა მივიდოდა კარაულებითა დაბასა მონასტრისასა და შეემთხვია ყრმა მცირე. და მანქანებითა ეშმაკისათა დათრგუნა ჯორმან ყრმა იგი ფერჴითა და მოკლა თვინიერ ყოვლად მეცნიერებისა ბერისა. ხოლო რაჟამს აგრძნა ბერმან სიკუდილი ყრმისა მის, შესწუხნა ფრიად; მსწრაფლ განეშორა და წარვიდა მთასა შინა და იქმნა მუნ განშორებულ. ეტყებდა თავსა თვისსა მარადის და სტიროდა ყოვლადვე და იტყოდა ლმობიერი შემუსრვილითა გულითა: „მე მოვკალ ყრმა იგი ჴელითა ჩემითა და ვითარცა კაცის მკვლელი დასჯად ვარ დღესა მას საშინელსა განკითხვისასა, არამედ, მეუფეო, მე ვითარცა კაცმან, უგუნურებით შეგცოდე, შენ ვითარცა ღმერთმან სახიერებით შემინდევ“.
ესევითარსა სინანულსა შინა იყო ბერი იგი მრავალჟამ უნებლიეთ ცოდვისათვის და იყო მთასა მას შინა ჴევი და მას შინა მკვიდრობდა ლომი. და დღე ყოველ მივიდის ბერი იგი ჰსცემნ და აიძულებნ ლომსა მას, რათა განაძვინოს და შეჭამოს იგი. ხოლო ლომი ყოვლადვე არა შეეხო მას. კვალად დასწვა ბერი იგი შიშველი გზასა ლომისასა და ვითარცა წარმოვლიდა ლომი ახლდა და გარდაახლდა ბერსა და არარაჲ ავნო მას.
მაშინ გულსავსე იქმნა ბერი, ვითარმედ: მიუტევა ღმერთმან ცოდვა იგი. ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოზ [77]
იძულებით მტირალისათვის

ძმა ვინმე მონაზონ იქმნა და დაემკვიდრა მთასა ნიტრიისასა. ხოლო იყო სენაკი მისი მახლობელად სხვისა ძმისა და ესმოდა მას, რამეთუ სტიროდა იგი დღე და ღამე ცოდვათა თვისთა და ინანდა დაუცხრომელად. ხოლო ოდეს არა მოვიდიან ცრემლნი, ეტყოდა იგი თავსა თვისსა: „არა სტირაა, უბადრუკო და საწყალობელო? გრწმენინ ჩემი, უკეთუ არა გნებავს ტირილი, მე გყო შენ, რათა სტიროდე და ინანდე ცოდვათა შენთა!“ და იცემდა იგი ფიცხლად თავსა, პირსა და მკერდსა, ვიდრემდის ტკივილისა მისგან გუამისა შეელმის ფრიად და იწყის ტირილად და იხსენებდა ცოდვათა თვისთა.
ხოლო უკვირდა მახლობელსა მისსა ბერსა და ილოცა ღმრთისა მიმართ, რათა გამოუცხადოს მას, უკეთუ კეთილად ჰყოფს ძმა იგი, რომელ სტანჯავს თავსა თვისსა, ანუ არა? ერთსა უკუჱ ღამესა იხილა ჩვენებით, რამეთუ მდგომარე იყო ძმა იგი თავისა თვისისა მგვემელი მწყობრსა თანა წმიდათა მოწამეთასა და გვირგვინი ბრწყინვალე ედგა თავსა მისსა და იხილა ანგელოსიცა მეტყველი: „ჰხედავაა, კეთილსა მას მოღვაწესა, რომელი აჭირვებს თავსა თვისსა ქრისტესთვის, თუ ვითარ მწყობრსა თანა მოწამეთასა მდგომარე არს გვირგვინოსანი ბრწყინვალებითა. რამეთუ, რომელი არა სტიროდეს აქა ცოდვათა თვისთა, მუნ მიელის საუკუნო ტირილი“.
ესერა გამოუცხადა ღმერთმან ბერსა, თვითცა ჰბაძვიდა ძმასა მას და ადიდებდა ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოჱ [78]
ძმისათვის ლმობიერისა

ძმა ვინმე შემუსრვილი გულითა მკვიდრ იყო სენაკსა, რომელსა აქუნდა მადლი ლმობიერებისა მდიდრად. დღესა ერთსა შეემთხვია მას უმეტესი გულისკლება და მოეცა უმდიდრესად წყარო ცრემლთა. და ვითარცა იხილა ესე ძმამან მან, სთქუა თავსა შორის თვისსა, ვითარმედ: „ჭეშმარიტად ნიში არს და სასწაული ესე სიკუდილისა ჩემისა და ნამდვილვე დასტურად მოახლებულ არს დღე აღსასრულისა ჩემისა. ამას რა იგონებდა, უმეტესადღა განმრავლდებოდა მის შორის ნეკტარი იგი და ნაკადული ცრემლთა. და კვალად იხილის რა მან ცრემლნი განმრავლებულად, მასვე სიტყვასა იტყვინ, ვითარმედ: „ჭეშმარიტად მოახლებულ არს ჟამი სიკუდილისა ჩემისა. და რაჲ ყოფად არს, არა უწყი, ვითარ განვლი ჴელთაგან ჰაერის მცველთასა, ანუ ვითარ წარდგომად ვარ წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა საყდრისა?“ და ესრეთ დღითი დღედ უმეტეს და უმეტეს გოდებდა და სტიროდა ძმა იგი სანატრელი. და მის ზედა აღსრულდებოდა ბრძანება იგი უფლისა, ვითარმედ: „ნეტარ ხართ თქვენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ შემდგომად“[ლკ. 6,21]. ღმერთსა ჩვენსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ოთ [79]
ძმისათვის მგლოვარისა

სხუა ძმა მჯდომარე იყო მარტოებით, და იყო საქმე მისი ლოცვა და გლოვა სამარადისოდ დღე და ღამე. და ყოვლადვე ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა მრავლითა სიმდაბლითა გულისათა და მარხვითა მიმდემითა. ხოლო იტყოდა თვისაგან თავსა შორის თვისსა: „ნეტარ რაჲმე არს სიტყვა იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა იტყვის, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“(მთ. 5,4).
დღესა ერთსა სჯდა იგი სენაკსა თვისსა და სტიროდა ჩვეულებისაებრ გულითა მხურვალითა და მრავლისა მისგან ურვეულობისა მიეძინა. და აჰა, ესერა წარმოუდგა მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ჴმითა ჰრქუა: „რაჲ გჭირს, ჵ, კაცო, და რაჲსათვის ხარ ესრეთ?“ ჰრქუა მას ძმამან: „რამეთუ დავეცი, უფალო“. ჰრქუა მას უფალმან: „უკეთუ დაეცი, აღსდეგ!“ კვალად მიუგო მდებარემან: „ვერ ძალმიძს აღდგომა, უფალო, უკეთუ შენ არა მომცე ჴელი“. და მეყსეულად მიჰყო ჴელი მაცხოვარმან, მისცა მას და აღადგინა იგი და ყოვლადნათლითა პირითა ჰრქუა მას: „რაჲსა სტირ, ჵ, კაცო, და რაჲსა შეწუხებულ ხარ?“ მიუგო ძმამან და ჰრქუა: „არა გნებავსაა, უფალო, რათა ვსტიროდე და ვსწუხდე? რამეთუ ესოდენ შეგცოდე შენ და განგარისხე“. მაშინ მიჰყო სახიერი ჴელი თვისი მეუფემან და შეახო თავსა მისსა და ჰრქუა: „ნუ შეწუხებულ ხარ, რამეთუ ფრიად წყალობით ვარ შენ ზედა. და ვინათგან შენ შეწუხებულ ხარ ჩემთვის, მე არღარა შეწუხებულ ვარ შენთვის, რამეთუ ცხოვრებისა შენისათვის სისხლი ჩემი მივსცენ. რაოდენ უფროსღა მივსცე კაცთმოყვარება ჩემი თვითოეულსა სულსა მონანულსა“.
და ვითარცა განიფრთხო ჩვენებისა მისგან ძმამან მან, მოეგო თავსა თვისსა და ჰპოვა სული თვისი აღვსებული ყოვლითა სიხარულითა და გულსავსე იქმნა მტკიცედ, ვითარმედ ჰყო უფალმან მის ზედა წყალობა. და დადგრა მიერითგან ფრიადსა ზედა სიმდაბლესა და ლმობიერად უფლისა მიმართ მიიცვალა ლოცვასა შინა თვისსა და სამარადისოდ იხარებს უფლისა თანა მსმენელი ჴმისა მის, ვითარმედ: „კეთილ მონაო სახიერო და სარწმუნოო… შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21), რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პ [80]
მაღალმხედველისათვის ბერისა

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და მრავალგზის მაღალ ხედვათა შინა აღტაცებული და საკვირველებისა მხილველი. ესე სანატრელი დღესა ერთსა სჯდა ძმათა თანა და მიეცა განკვირვებასა. მერმე დავარდა პირსა ზედა თვისსა მყოვარჟამ მდებარე და სტიროდა მწარედ. და აღსდგა რა კვალადცა სტიროდა ფიცხლად შეურვებული გულითა.
ხოლო ძმანი იგი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და ევედრებოდეს მეტყველნი: „რაჲ იხილე, მამაო პატიოსანო, გვაუწყე ჩვენცა ღმრთისათვის“. ხოლო იგი სტიროდა დუმილით და ვითარ აიძულებდეს მას მეტად, ჰრქუა მათ ცრემლითა: „მე სასჯელად მივიტაცე, შვილნო, და მუნ ვიხილენ მრავალნი მონაზონნი უდებნი ჯოჯოხეთად მიმავალნი და ერისკაცნი მოწყალენი სასუფეველად აღმავალნი“. და ამას ზედა სტიროდა წმიდა იგი ბერი ფრიად.
კვალად სხუასა დღესა აღტაცებულ იქმნა გონებითა, ილოცვიდა რა, და ვითარცა მოეგო თავად თვისად, ჰკითხვიდეს მას ძმანი და ეტყოდეს ვედრებით: „სადა იყო გონება შენი, ილოცვიდი რა, ყოვლადსანატრელო მამაო?“ ხოლო მან სიყვარულითა მოწაფეთა მისთათა არა დაფარა სარგებელისათვის და ჰრქუა: „შვილნო ჩემნო საყვარელნო, მუნ იყო გონება ჩემი, სადა იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამ მდგომარე იყო და სტიროდა წინაშე ჯვარცმისა ძისა თვისისასა და იოანე ღმრთისმეტყველი შემწვარის გულითა ჰგოდებდენ. ვინებე მეცა, რათა მათ თანა მგლოვარე ვსტიროდე მწარედ და ცრემლით ამბორს უყოფდი ყოვლადწმიდათა ფერჴთა მაცხოვრისათა“.
ესრეთ მგლოვარე და ლმობიერი მჯდომარე იყო და არღარა ენება გამოსლვა სენაკით, ხოლო უკეთუ სადამე იძლიის საჭიროდ გამოსლვად, დაიბურის ბარტყულითა პირი თვისი და იტყვინ: „რა სარგებელ არს ხილვად ნათლისა ამის წარმავალისა?“ და იწყის ტირილად.
და ლოცვასა შინა მდგომარემან განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა, რომლისადა სურვიელ იყო და მივიდა დიდებასა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, დაუსაბამოსა ნათელსა მამასა, მხოლოდშობილსა ძესა და ცხოველს­მყოფელსა სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დასასრuლი მეოთხისა თავისა


თავი 5

სულთა, საზომით სრულთა, მიცვალებისათვის


თხრობა პა [81]
ეპისკოპოსისათვის განშორებულისა

მოგვითხრობდა ეპისკოპოსი სუხენის ქალაქისა, ვითარმედ: „ოდეს ვიყავ მე უდაბნოსა შინა მონაზონ, დღესა ერთსა ვინებე უშინაგანესთა უდაბნოთა წარსლვაჲ, უკეთუმცა ვჰპოვო მუნ მსახური ქრისტეს მეუფისა და ვიკურთხო მის მიერ. და აღვიღე ოთხისა დღისა პური და წყალი და წარვედ უდაბნოდ. და ვითარცა ვლე ოთხი დღე, არღარა დამიშთა მე საზრდოჲ. ვიგულსმოდგინე სხვისაღა ოთხისა დღისა უშორეს წარსლვად და მოვუძლურდი უწყლოობითა, ვიდრემდის სრულიად დავარდი და დავსწევ ქვეყანასა ზედა. და აჰა, მოვიდა ბრწყინვალე ვინმე და შემახო პირსა ჩემსა თითითა და მეყსეულად განვძლიერდი. და ეგრეთ ვიქმენ, ვითარმცა არცა გზა მევლო, და არცა დამაშვრალ ვიყავ და არცა მომშეოდა და მომწყურვებოდა. აღვსდეგ და ვიდოდი უდაბნოდ და ვლე სხუაღა ოთხი დღე. კვალად დავშვერ და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი ცად მიმართ და აჰა, იგივე კაცი შვენიერი და სპეტაკი, რომელმან პირველ განმაძლიერა, კვალად მცხო თითითა პირსა ჩემსა და განმამტკიცა და ვიდოდი, ვიდრე იქმნა ათრვამეტ დღე.
და ამისა შემდგომად ვჰპოვე მცირე ტალავარი ფინიკი და წყალი და კაცი მდგომარე. და იყო თმაჲ თავისა მისისა სამოსლად მისდა სპეტაკ. და ვითარ მიხილა მე, ვიწყე ლოცვად, ხოლო მან სთქუა: „ამინ“. მომეგება კარად და მიპყრა ჴელითა თვისითა და დავსხედით. მკითხვიდა და მეტყოდა: „ვითარ მოხვედ აქა, ძმაო, და ვითარ ჰგიეს სოფელი – მშვიდობით, ანუ კვალადღა სდევნიანაა მძლავრნი ქრისტეანეთა?“ ხოლო მე ვარქუ, ვითარმედ: „მე ლოცვითა შენითა, წმიდაო ღმრთისაო, უდაბნოსა ამას მოვლი ძიებად შენებრ ღმერთშემოსილისა კაცისა და ღმერთმან არა დამაკლო სასურველსა ჩემსა, და ტანჯვაჲ დასცხრა ქრისტეანეთა ზედა“. ხოლო მე ვჰკითხევდ: „სადათგან ხარ შენ, მამაო წმიდაო, და ვითარ მოხვედ აქა?“ და მან სულთ ითქვნა და იწყო ტირილით თქმად: „მე ვიყავ, ძმაო, ეპისკოპოსი და მუნ მყოფთა მტარვალთაგან მრავალი სატანჯველი მოვიღე ქრისტესთვის და ვერღარა შეუძლე დათმენად სატანჯველთა. ხოლო უკანასკნელ ვსცან უძლურება ჩემი და მივეც თავი ჩემი სიკუდილად უდაბნოსა ამას შინა. და არს წელი ჩემისა აქა ყოფისა ოცდაათცხრამეტი, აღსაარებითა და ვედრებითა ღმრთისათა, რათა მომიტევნეს მე ცოდვანი ჩემნი. და მომეცა მე საზრდო ამის ფინიკისაგან და ნუგეშინისცემა მოტევებისა ვერა მოვიღე“.
ესერა სთქუა, აღსდგა და განვიდა გარე და დასდგა ლოცვად მრავალჟამ. და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ, მოვიდა და ვიხილე პირი მისი ბრწყინვალე და განვცვიფრდი. და მან მრქუა მე: „ნუ გეშინინ, ძმაო, რამეთუ მოგავლინა შენ უფალმან დამარხვად გუამისა ჩემისა, რამეთუ აწღა ვსცან, ვითარმედ: მომეტევა მე ცოდვა ჩემი“. ხოლო ესერა სთქუა, განიპყრნა ჴელნი და ნიში პატიოსნისა ჯვარისა გამოისახა და აღსასრული ცხოვრებისა მიიღო.
და განვხიე მე სამოსელი ჩემი, ნახევარი დავიტევე ჩემდა და ნახევარითა წარვგრაგნე გუამი წმიდისა მის და დავმარხე იგი. და მეყსეულად განხმა ფინიკი იგი და დაიქცა ტალავარიცა. ხოლო მე ცრემლით ვევედრე ღმერთსა, რათა მომცეს ფინიკი იგი და ვიყო მუნ მეცა და ვადიდებდე სახიერებასა მისსა. და ვითარ არა ინება ღმერთმან, მოვიქეც მშვიდობით და აჰა, იგივე კაცი, რომელმან პირველ გამოჩინებით განმაძლიერა მე გზასა ზედა, ეგრეთვე აწცა განვლე უდაბნოჲ და მოვედ ძმათავე ჩემთა თანა და მიუთხარ მათ ესე ყოველი. ხოლო მსმენელნი ამისნი ადიდებდენ ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პბ [82]
თუ ვითარ პატივ სცემს ღმერთი წმიდათა მისთა

წმიდა და ყოვლადსანატრელი მამა ჩვენი სისო ცხოვრებდა მთასა შინა უდაბნოსა სამეოც წელ ყოვლითა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილი. და ოდეს ინება ღმერთმან მიცვალება მისი ამიერ, ესრეთ ადიდა, რამეთუ: სხდეს მის თანა მონაზონნი და განათლდა პირი მისი, ვითარცა ნათელი და ეტყოდა მათ: „აჰა, დიდი ანტონი და წმიდა ათანასე მოვიდნენ!“ და მცირედ დადუმნა. და კვალად ჰრქუა მათ: „აჰა, გუნდი წინასწარმეტყველთა მოვიდა!“ და უფროსად განათლდა პირი მისი და ჰსთქუა: „აჰა, მწყობრი მოციქულთა მოვიდა!” და მრჩობლ კეც განათლდა პირი მისი და იწყო მათდა მიმართ ზრახვად. ხოლო მოწაფენი მისნი ევედრებოდეს და ეტყოდეს: „გვარქუ ჩვენ, თუ ვიეთდა ზრახავ, წმიდაო მამაო?“ და მან ჰრქუა: „ანგელოსნი მოვიდენ წარყვანებად ჩემდა, ძმანო, და მე ვევედრები, რათა მიტევონ მცირედღა სინანულად“. და ეტყოდეს მოწაფენი: „არა გიხმს შენ სინანული, ღმერთშემოსილო მამაო“. ჰრქუა მათ ბერმან სიმდაბლით: „ჭეშმარიტად არა უწყი, შვილნო, თავისა ჩემისა, თუ შესაწყნარებელ ვარ, ანუ არა“. გარნა ყოველთა უწყოდეს სრულება მისი. და იქმნა ელვაჲ საშინელი და მოეფინა სუნი სუნნელებისა მიუთხრობელი. და მეყსეულად განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე და შეშინდეს ყოველნი ხილვისაგან საკვირველისა და ეტყოდა მათ: „აჰა, იხილეთ, იხილეთ, უფალი მოვიდა და იტყვის: „მომგუარეთ მე ჭური ეგე რჩეული უდაბნოჲსა!“ და მყის მისცა სული თვისი განწმედილი სასურველსა თვისსა და ყოვლადსაყვარელსა ტკბილსა მეუფეს მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა. ესრეთ ადიდა ღმერთმან მადიდებელი თვისი სისო და მხილველნი ადიდებდეს კაცთმოყვარებასა მისსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პგ [83]
თუ ვითარ ანგელოსნი მოიკითხვენ ღირსთა

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი უდაბნოსა შინა მრავალთა სათნოებათა აღმასრულებელი. ხოლო რაჟამს ეგულებოდა მიცვალებაჲ, სამ დღე ახმულ იყვნეს თუალნი მისნი, რომელ ყოვლადვე არა იძრვოდეს, რამეთუ საკვირველთა ხედვათა შემსჭვალულ იყო. და ჰრქუჱს მას ძმათა: „სადა ხარ, მამაო წმიდაო, ანუ რაჲსა ხედავ?“ ხოლო მან ჰრქუა: „სამსჯავროსა მას ღმრთისასა წინაშე მდგომარე ვიყავ, ძმანო“. ჰრქუჱს მას ძმათა: „შენცა გეშინისაა, მამაო ყოვლადპატიოსანო, რამეთუ აღგისრულებიეს ყოველი სათნოებაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტსა იტყვით, ძმანო, რამეთუ ძალისაებრ ჩემისა ვიღვაწე დაცვად მცნებათა ღმრთისათა, გარნა ყოველსავე ზედა, კაცი ვარ მეცა და ვერ მინდობილ ვარ, ვიდრემდის წარვსდგე წინაშე ღმრთისა, რამეთუ სხვებრ არიან სასჯელნი ღმრთისანი და სხვებრ კაცთანი“. და კვალად ენებათ ძმათა სხვისაცა სიტყვისა კითხვად, არამედ ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან, ვითარმედ: „ჰყავთ სიყვარული, ძმანო, და ნუ მეუბნებით მე ჟამსა ამას, რამეთუ ვერა მცალს აწ“. და სხვით კერძო მიიხილა, ზრახვიდა და ეუბნებოდა წმიდათა ანგელოსთა, რომელნი იგი მოსრულ იყვნეს მოკითხვად მისსა, ვითარცა მეგობარნი მეგობრისადა. და ზრახვასა შინა მათსა მისცა ყოვლადგანწმედილი სული თვისი ღირსმან ნეტარებისამან. და გზა ჰყვებოდეს ანგელოსნი სანატრელსა მას სულსა და მიიყვანეს წინაშე მეუფისა და ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომლისადა სურვიელ იყო, რამეთუ მისსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პდ [84]
სიკუდილადმდე სიმდაბლისათვის

წმიდა და ყოვლადსანატრელი მამა ჩვენი დიდი არსენი მარადის ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ცრემლითა ლმობიერითა. ხოლო შაბათსა მიმწუხრი, რომელი განთენდებოდა წმიდად კვირიაკედ, დაუტევის მზე ზურგით კერძო მისა და აღიპყრნის ჴელნი ზეცად და ილოცავნ ცრემლითა, ვიდრემდის კვალად აღმოხდის მზე პირისპირ მისა და მაშინღა დას­ჯდის. და ეკკლესიად რა მივიდის, დასდგის იგი უკანით სვეტისა და გარდამოსდიოდეს თუალთაგან მისთა წყარო იგი ცრემლთა. ხოლო ოდეს დასჯდის ჴელთსაქმრად, მჩვარი აქუნ წიაღთა მისთა ცრემლთა მათთვის, რომელნი გარდამოსდიოდეს თუალთაგან მისთა ხსენებითა სიკუდილისათა, რამეთუ ესრეთ მარადის იგლოვდა თავსა თვისსა დაუცხრომელად.
ხოლო ოდეს ეგულებოდა მიცვალებაჲ ყოვლადსანატრელსა მამასა არსენის, შესწუხნეს მოწაფენი მისნი ფრიად. ჰრქუა მათ ბერმან: „არღა მოწევნულ არს ჯერეთ ჟამი იგი, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და ოდეს მოვიდეს, სცნობთ თქვენ; გარნა გევედრები, ძმანო, რათა არავის მისცნეთ ჴორცნი ჩემნი“. ჰრქუჱს მას მოწაფეთა: „რაჲ უკუჱ ვჰყოთ, ღმერთშემოსილო მამაო? რამეთუ ვერ ვიცით ჩვენ შემურვა ღირსებისა შენისა“. ხოლო მან ჰრქუა სიმდაბლით შემოსილმან: „არა იცითაა, ძმანო, მობმა საბლისა ფერჴთა ჩემთა, გათრევა და გარდაგდება მთასა გარე?!“
და ვითარცა მოიწია ჟამი იგი, ილოცვიდა ლმობიერად და სტიროდა მხურვალედ. იხილეს რა ძმათა, რამეთუ სტიროდა, ჰრქუჱს მას: „შენცა გეშინისაა, ღმრთივსულიერო მამაო, სიკუდილისაგან?“ ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტად, შვილნო ჩემნო, შიში ესე, რომელი არს აწ ჩემ თანა, მარადის ჩემ თანა იყო ყოვლადვე, მორავედ მონაზონებად.“ ესერა სთქუა, ლოცვასა შინა თვისსა ლმობიერსა ყოვლადგანწმედილი სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისათა შევედრა და დაიძინა ძილი იგი მართალთა ნეტარმან მან.
ესმა რა უკუჱ მამასა პიმენს, ვითარმედ: დაიძინა მამამან არსენი, აღსტირდა და სთქუა ცრემლითა: „ნეტარ ხარ შენ, მამაო არსენი, რამეთუ დაიტირე თავი შენი ამა სოფელსა; რამეთუ, რომელი აქა არა სტიროდეს თავსა თვისსა სიკუდილად, წინაუძს მას მუნ საუკუნო ტირილი სატანჯველთაგან, რომლისაგან გვიხსნეს ღმერთმან, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე”.

თხრობა პე [85]
შემდგომად სიკუდილისაცა სიმდაბლისათვის

იყო ვინმე ძმა მოსწრაფე, მოვიდა მთასა სინასა და დაემკვიდრა სენაკსა განშორებულსა. და პირველსა დღესა შესლვასა მისსა სენაკად, ჰპოვა მცირე ფიცარი დაწერილი უწინარეს მას შინა მყოფისა ძმისაგან. ხოლო ეწერა ფიცარსა მას ზედა, ვითარმედ: „თეოდორე ვსწამებ – მოსეს თანა ვარ!“ ამას დაიდებნ წინაშე თუალთა მისთა ძმა იგი სანატრელი, სამარადისოდ ჰკითხავნ იგი მწერალსა მას, ვითარცა მახლობელსა და ეტყვინ: „სადა ხარ აწ, ჵ, თეოდორე! რომელი იტყვი თუ მოსეს თანა ვარ? აწ უკუჱ სადამე ხარ თეოდორე, ანუ სადაღა არიან ჴელნი შენნი, რომლითა დასწერე ესე?“ ამას იტყვინ ყოველთა დღეთა და იხსენებნ სიკუდილსა და სტირნ სამარადისოდ ლმობიერად.
ამის ნეტარისა მახლობელად მკვიდრ იყო სხუა ძმაჲ მებოსტნე. და ოდეს ეგულებოდა მიცვალებაჲ მგლოვარესა მას და კეთილად მოღვაწესა, ევედრა მეზობელსა მას თვისსა მებოსტნესა და ჰრქუა: „ჰყავ სიყვარული, ძმაო სულიერო, და ნუვის უთხრობ თუ სნეულ ვარ მე, არამედ დაადგერ დღეს ჩემ თანა და ოდეს მოვჰკუდე, აღიღე მძოვრი ჩემი და განაგდე იგი უდაბნოსა ადგილსა, რათა შეჭამონ იგი მხეცთა ველისათა და მფრინველთა ცისათა; ამისთვის, რამეთუ ფრიად შევსცოდე ღმერთსა და არა ღირს არს გუამი ჩემი დაფლვად საფლავსა შინა“. ჰრქუა მას ძმამან მან მებოსტნემან: „გრწმენინ ჩემი, მამაო პატიოსანო, ურვეულ არს სული ჩემი ყოფად საქმისა მაგისთვის, რათა არა ბრალეულ ვიქმნე წინაშე ღმრთისა“. ჰრქუა მას უძლურმან: „ბრალი ესე ჩემ ზედა იყავნ, ძმაო საყვარელო, და მე მივსცე ამისთვის სიტყვა ღმერთსა, უკეთუ მერჩდე და აღმისრულო ვედრება ჩემი და ჰყო ესრეთ, ვითარცა გამცნებ და უკეთუ ძალმედვას, მეცა შეგეწიო შენ წინაშე ღმრთისა“.
ესე სთქუა და იწყო ლოცვად ლმობიერად და ლოცვასა შინა განუტევა სული თვისი განწმედილი. ხოლო ძმამან მან ჰყო განწესებისაებრ მისისა, აღიღო გუამი მისი და დააგდო უდაბნოსა ადგილსა.
მესამესა დღესა გამოუჩნდა ძილსა შინა ძმასა მას მებოსტნესა ძმა იგი სანატრელი მიცვალებული და ჰრქუა: „ღმერთმან შეგიწყალენ შენცა, ძმაო, ვითარცა შენ მე შემიწყალე. გრწმენინ ჩემი, დიდი წყალობა ჰყო ჩემ თანა ღმერთმან ამისთვის, რამეთუ ეგდო გუამი ჩემი დაუმარხავად და მრქუა მე ღმერთმან: „აჰა, ესერა დიდისა მაგისთვის სიმდაბლისა შენისა, მიბრძანებიეს ყოფა შენი დიდისა ანტონის თანა და აჰა, ესერა მეცა ვედრებულ ვარ შენთვის, ძმაო, გარნა შენცა დაუტევე ბოსტანი ეგე და იზრუნე სულისა შენისათვის ცრემლითა, რამეთუ ჟამსა მას, ოდეს გამოვიდა სული ჩემი ჴორცთაგან, ვიხილე ცეცხლი ძლიერი, გარნა ცრემლთა ჩემთა დაშრიტეს იგი და ღირს ვიქმენ დიდებასა ღმრთისასა, რამეთუ მისა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე”.

თხრობა პვ [86]
ცოდვილისა და მართლისა სიკუდილისათვის

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და სრულსა საზომსა მიწევნილი. დღესა ერთსა ევედრა ღმერთსა და სთქუა: „უფალო, მნებავს, რათა ვიხილო სული ცოდვილისა და მართლისა, თუ ვითარ განვალს ჴორცთაგან“.
ხოლო წყალობააურაცხველმან ღმერთმან ისმინა ვედრება მისი და განგებულებითა კაცთმოყვარებისა თვისისათა მოიყვანა იგი ერთსა ქალაქთაგანსა. და დაჰსჯდა ბერი იგი გარეშე ქალაქისა მის, სადა იგი იყო მონასტერი, რომელსა შინა იყო მონაზონი ვინმე დიდად სახელოვანი და ფრიად განთქმული ერსა შორის, ხოლო საქმით – ხენეში. და იყო იგი სნეულ და მოელოდა ჟამსა სიკუდილისასა.
იხილა ბერმან ფრიადი განმზადებულება კეროვნებისა და ლამპრებისა მრავლისა. და ყოველი იგი ქალაქი სტიროდა მისთვის და იგლოვდეს მეტყველნი, ვითარმედ: „პურსაცა და წყალსა ამისითა ლოცვითა მოგუცემდა ჩვენ ღმერთი”.
და ვითარცა მოიწია ჟამი ჭირისა, იხილა ბერმან მან განგებითა ღმრთისათა, რამეთუ განეღო ტარტაროზი ჯოჯოხეთისა და აჰა, ესერა მოიწივნეს ლახვროსანნი ცეცხლისანი, რომელთა აქუნდათ სამპირები ლახვარნი ცეცხლისანი ჴელთა მათთა. და ჴმაჲ ისმა ზეცით, ვითარმედ: „ვითარცა არაოდეს განმისვენა სულმან მაგისმან ერთსაცა ჟამსა, ნუცა შენ მაგას შეიწყალებ, არამედ სტანჯე ეგე და სასტიკებით აღმოსწოდე სული მაგისი და არცაღა ოდეს განისვენოს მაგან ყოველთა მათ საუკუნეთა“.
მაშინ ჰშთასცა სამპირი ლახვარი ცეცხლისა პირსა მისსა ანგელოსმან რისხვისამან უწყალოდ და მრავალჟამ სტანჯა იგი გუამსა შინავე. და მერმეღა აღმოსწოდა სასტიკებითა საშინელითა სული იგი უბადრუკი. ვითარცა იხილა ესე ბერმან, შეძრწუნდა და განცვიფრებული სტიროდა და იტყოდა: „ნამდვილვე „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“(ფს. 33,22), ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით.
ამისა შემდგომად შევიდა ბერი იგი ქალაქად და აჰა, ესერა იხილა სხუა სახილველი, რამეთუ: ძმა ვინმე უცხოჲ ქვემდებარე იყო უბანთა ზედა სნეული და არცა ერთი ვინ აქუნდა მოღვაწედ მისა. და დაადგრა მის თანა ბერი იგი დღე ერთ და მოიწია რა ჟამი მიცვალებისა მისისა, იხილნა ბერმან მიხაილ და გაბრიილ ერისმთავარნი, ძალთა მათ ზეცისათანი, რამეთუ მოვიდეს განყვანებად სულისა მისისა და დაუსხდეს იგინი ერთი მარჯვენით მისსა და ერთი მარცხენით და სთხოვდეს ტკბილად სულსა მას წარყვანებად. ხოლო მას არა ენება წუთღა დატევებაჲ ჴორცთა. ჰრქუა მიხაილ მთავარანგელოსმან გაბრიილ მთავარ­ანგელოსსა: „აღმოსწოდე სული ეგე და წარვიდეთ“. ჰრქუა მას გაბრიილ მთავარანგელოსმან: „ბრძანებულ ვართ მეუფისაგან ჩვენისა, რათა უტკივრად განვიყვანოთ ეგე, და აწ ვერ ძალგვიძს იძულებად მაგისა“. მაშინ ღაღად ჰყო მიხაილ უფლისა მიმართ ძალთასა ჴმითა შვენიერითა: „უფალო ძალთაო, რაჲ ბრძანო სულისა ამისთვის, რამეთუ არა ჰნებავს გამოსლვის?“ და მოიწია ჴმაჲ მეტყველი: „აჰა, ესერა მე მოვავლინო დავით ქნარითა და ანგელოსნი გალობითა, რათა განაწყონ მათ გუნდი გალობისა. და ესმას სიჰამე ჴმატკბილობისა მის და გამოვიდეს სიხარულით სული მაგისი. და ესრეთ ყოვლითა პატივითა მოიყვანეთ ეგე ჩემდა და ნუცა ერთსა რას იძულებასა შეამთხვევთ“.
და მეყსა შინა გარდამოხდა დავით და მის თანა ყოველნი მგალობელნი. და გარემოადგეს სულსა მას სანატრელსა და იწყეს ქებად მისა და გალობად ჴმითა ყოვლადსაწადელითა და ტკბილითა, რომლისა სიაჰმოვნისაგან და ზატიკობისა გამოჰკრთა სული იგი სიხარულით და შევარდა ჴელთა მიხაილისთა. და ესრეთ დიდებითა მით გამოუთქმელითა და ბრწყინვალებითა თუალთშეუდგამითა და ქებითა საკვირველითა აღიყვანეს ზეცად სული იგი ყოვლადსანატრელი, რომელსა ქვეყანით ვიდრე ცადმდე მოეგებოდეს დასნი და დასნი ბანაკნი ანგელოსთანი და ეტყოდეს: „გიხაროდენ, სულო მართალო! „შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21), რამეთუ მიგელის შენ სიმართლისა იგი გვირგვინი“. ესევითარითა დიდებითა და პატივითა აღიყვანეს წინაშე მეუფისა ყოველთასა. ამისთვის იტყვის დავით: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს. 115,6) მისსა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პზ [87]
კვალად მართლისა და ცოდვილისა სიკუდილისათვის

იყო მონაზონი ვინმე წმიდა განშორებული სოფლით ნიშებითა და საკვირველებითა განბრწყინვებული და მარადის სათნოყოფითა ღმრთისათა განათლებული. და ჰყვა მის თანა მოწაფე ერთი. ხოლო დღესა ერთსა შთავიდა ქალაქად მოწაფე იგი განსყიდვად ჴელთსაქმისა, რათა იყიდოს პური და მიართუას მოძღვარსა თვისსა. და იყო ქალაქსა მას შინა მთავარი ვინმე, რომელსა „ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხვენოდა“[ლკ. 18,2], რომელიცა იხილა მოწაფემან მომკუდარი. და შესდგომოდა მას ერი მრავალი ლამპრებითა და საკმეველითა და პატივითა დიდითა მიუძღოდეს საფლავად.
ხოლო მოიქცა რა მუნით განკვირვებული უდაბნოდვე, ჰპოვა მოძღვარი თვისი პატიოსანი და სასწაულთმოქმედი ბერი აფთრისა მიერ შეჭმული. და იწყო ტირილად და გოდებად ბერისათავის და ვედრებად ღმრთისა მიმართ მეტყველმან: „უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, ვითარ ძვირისმოქმედი იგი მთავარი მოკუდა დიდებულად, რომლისა მიერ ყოველი კაცი იტანჯებოდა, ხოლო ესე წმიდა სულიერი მამა მარადის სათნომყოფელი შენი, მხეცთა მიერ შეჭმულ იქმნა”. და ესევითარსა რა სიტყვასა იტყოდა შემუსრვილითა გულითა, პირსა ზედა თვისსა მდებარე ცრემლით მვედრებელი, და აჰა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „აღსდეგ ბერო! რად შეწუხებულ ხარ და სტირ მოძღვრისა შენისათვის? მას მთავარსა ბოროტნი საქმენი აქუნდეს მრავალნი და კეთილი ერთი ოდენ. და მისთვის მიიღო პატიოსანი დამარხვა თვისისა მის ერთისა კეთილისა სასყიდლად და წარვიდა მუნ ტანჯვად საუკუნოდ. ხოლო მოძღვარსა შენსა ყოვლადპატიოსანსა, ყოველსა შინა სათნომყოფელსა ღმრთისასა და ყოვლითა კეთილითა შემკობილსა, აქუნდა მცირე რაჲმე ვნებაჲ, ვითარცა კაცსა ჴორციელსა და ესევითარითა მწარითა სიკუდილითა მიეტევა მას იგიცა. და წარვიდა იგი ყოვლითურთ განწმედილი და უბიწო ცხოვრებასა მას საუკუნესა“.
ესერა ესმა მოწაფესა მას, გულსავსე იქმნა და ადიდებდა მართლმსაჯულებით განგებულებასა ღმრთისასა, რომლისა წინაშე არცა კეთილი დაივიწყების, არცა ბოროტი. მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პჱ [88]
მამასახლისისათვის მოწყალისა

იყო ვინმე ბერი წმიდა, მეუდაბნოე, სახელით პაჶნოტი. ესე პატიოსანი კაცი ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რომელთა წმიდათა მსგავს არს იგი. და მოვიდა მისა სამღთო ჴმაჲ მეტყველი, ვითარმედ: „მსგავს ხარ შენ მამასახლისისა მის მახლობელად დაბასა მას შინა მყოფისა“. ხოლო იგი შეწუხებული მივიდა მისა მიმართ და ურეკა კარსა, და მეყსეულად გამოვიდა მამასახლისი ჩვეულებისაებრ თვისისა უცხოთ შეწყნარებისა. დაბანნა ფერჴნი და დაუდგა ტაბლაჲ. ხოლო პაჶნოტი ჰკითხვიდა საქმესა მისსა და ეტყოდა: „ჵ, კაცო ღმრთისაო, მომითხარ მე ცხოვრება შენი, რამეთუ მაუწყა მე ღმერთმან მოსლვად შენდა“. და იგი იტყოდა: „მე ყოვლადვე ცოდვილ ვარ და არაღირსი და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა; გარნა ვინათგან ღმრთისა მიერ მოვლინებასა მეტყვი, მეცა აღგიარო შენ, მამაო სულიერო.
აწ უკუჱ არს წელი ოცდაათი, ვინათგან განყენებულ ვარ მე მეუღლესა ჩემსა, გარნა სამ წელ ვსცხოვრებდი მის თანა და სამნი ძენი მესხნეს მისგან, რომელნი აწ სახმარსა მომიღებენ მე. და არა დავსცხერ უცხოთმოყვარებისაგან დღეინდელად დღედმდე. და ვერცა ვინ იქადის სოფელსა შინა პირველ ჩემსა უცხოთ შეწყნარებასა, არა განმიშორებიეს გლახაკი სახლისაგან ჩემისა, არცა უცხო და გლახაკი განმიტევებიეს ცარიელი ჴელითა, არცა უგულებელს მიყოფიეს დავრდომილი და გლახაკი განწირული, არამედ მივსცი მათ კმასაყოფელი ნუგეშინისსაცემელი. არცა დაუტევნი ქვრივნი და ობოლნი, არცა ორგულ ვექმენ შვილთა ჩემთა, არცა დაიდვა სახლსა ჩემსა ნაყოფთაგან უცხოთა და არცა იქმნა ლალვაჲ, რომელნი არა დავაგენ ურთიერთას. არცავინ მგმობდა ბოროტთათვის საქმეთა ჩემთა; ხოლო შვილნი ჩემნი არა შეეხნეს უცხოთა ნაყოფსა, არცა დასთესეს პირველ თვისსა ორნატთა, არამედ პირველ მოხამსეთა მისცემენ და ნაშთსა თვისად დაითესენ და არა უტევე ძლიერთა მიმძლავრებად გლახაკისა, არცავინ შევაწუხენ ცხოვრებასა შინა ჩემსა, არცა სიცბილი ვისმე ზედა მივიღე. ესენი არა თავით ჩემით უწყოდი ყოფად, პატიოსანო მამაო, არამედ ნებითა ღმრთისათა“.
ხოლო ესმა რა ესე სათნოებანი პაჶნოტის, ამბორს უყო თავსა მისსა და ჰრქუა: „გაკურთხენ შენ უფალმან ღმერთმან სიონით გამო და იხილნე კეთილნი იერუსალიმისანი“[ფს. 127,5], ერთიცა არა დაგიშთა შენ, შვილო, კეთილთა საქმეთაგან, რომელნი მოგანიჭნა შენ უფალმან. მოგეცინ სიბრძნე და მეცნიერება, ნუღარა ჰყოვნი, რამეთუ მე გამომიცხადა ღმერთმან შენთვის; აღიღე ჯვარი ქრისტესი და შეუდეგ მას“.
ხოლო ვითარცა ესმა ესე მას, მეყსეულად დაუტევა ყოველივე და არავის თვისსა მიუთხრა და შეუდგა პაჶნოტის. და მიეახლნენ რა იგინი მდინარესა მას დიდსა, არა იპოვა ნავი და ჰრქუა პაჶნოტი: „ვილოცოთ, შვილო, და განვიდეთ მადლითა ღმრთისათა“. და ჰყვეს ლოცვაჲ და იწყეს განსლვად, ვიდრე კოჭადმდე შემოადგა მათ წყალი იგი დიდი. და ვითარცა მივიდენ ტალავარსა, შემოსა მას სახე ანგელოსებრივისა მოქალაქობისა და მარტოებით დაეყუდა მარადის დიდებისმეტყველებასა შინა ღმრთისასა. და მცირედთა დღეთა შემდგომად პაჶნოტი ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს მისთვის. და იხილა სული მისი ანგელოსთა მიერ აღყვანებული ზეცად და უგალობდენ ღმერთსა მეტყველნი: „ნეტარ არიან, რომელნი გამოირჩიენ და შეიწყალენ, უფალო, რათა დაიმკვიდრონ ეზოთა შინა შენთა“[ფს. 64,5]. და კვალად მართალნი უგალობდენ და იტყოდენ: „მრავალ არიან მშვიდობა მოყვარეთა სახელისა შენისათა, უფალო“[ფს. 118,132; 118,165].
ესერა იხილა პაჶნოტი, გულისჴმა ჰყო, ვითარმედ: კაცი იგი მიიცვალების ღმრთისა მიმართ და მსწრაფლ მივიდა ქვაბსა მისსა და იხილა აღსრულებული. და განკვირვებული ადიდებდა ღმერთსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა პთ [89]
ამონისათვის ნიტრიელისა

მოგვითხრობდეს, ვითარმედ: ესე ამონ დაშთა მშობელთა თვისთაგან ობლად. და იქმნა რა იგი წლისა ოცდაორისა, აიძულებდა მას მამის ძმა მისი, რათა იქორწინოს, ხოლო იგი ვერ წინააღუდგებოდა ბრძანებასა მისსა; ამისთვის თავს იდვა დადგმად გვირგვინი და წესი ქორწინებისა. და ვითარცა შევიდეს მარტონი საწოლსა მათსა, ჰრქუა მეუღლესა თვისსა: „მოვედ, დაო ჩემო და დედოფალო, რათა მიგითხრა საქმე, რომელი მეგულების თხრობად შენდა, რამეთუ ქორწინებასა ამას, რომელსა ჰხედავ, ესე არს სრული სიხარული და სხუა უმეტესი შესაძინელი არარაჲ აქუს. კეთილ არს უკუჱ ჩვენდა ამიერითგან, რათა თვითოეული თვისსაგან ვიყვნეთ და სიწმიდით დავიცვათ ქალწულება ჩვენი, შეუხებელად, რათა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა სათნო ვეყვნეთ“. ესერა სთქუა, გამოიღო უბისაგან თვისისა წიგნი, რომელსა შინა დაეწერნეს სიტყვანი წმიდისა სახარებისანი, რომელი ჰრქუა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა ქორწინებისათვის და ქალწულებისა და წარუკითხნა იგინი ქალსა მას. ვინათგან იყო იგი გამოუცდელ, წერილისა ძალსა სიტყვათასა განუმარტებდა მადლითა ღმრთივმოცემულითა მისდა სიბრძნისათა. და ყოვლითურთ მოსწრაფე იყო, რათა განამტკიცოს იგი ქალწულებით და სიწმიდით მოქალაქობად, ვიდრემდის გულსავსე იქმნა მადლითა ქრისტესითა ნეტარი იგი ქალი. და ჰრქუა მას: „გრწმენინ, უფალო ჩემო, რამეთუ ვიდრე მოაქამდე სიწმიდით წარმოვლენ დღენი ჩემნი და ამიერითგან ვითარცა ბრძანო, ეგრეთცა ვჰყო“. ხოლო მან ჰრქუა: „ამას გევედრები, დაო ჩემო, რათა თვითოეული ჩვენი თვისაგან ვიყოფოდეთ“. ესე უკუჱ არა თავს იდვა ქალმან მან, არამედ ჰრქუა: „ამასვე სახლსა შინა ვიყვნეთ, უფალო ჩემო, თვითოეული თვისსა ცხედარსა”.
და ესრეთ დაჰყვეს სახლსა მას შინა წელი ათრვამეტი, ესევითარითა სახითა. რამეთუ დღე ყოველ წარვიდის სანატრელი ამონ საქმედ ბოსტნისა და ვენახისა, დაშვრებინ იგი ვიდრე მიმწუხრამდე მრავლითა ღვაწლითა და მიმწუხრი მივიდის სახლად და ერთბამად მიიღიან საზრდელი. და აღასრულიან ლოცვანი ღამისანი და გალობა ცისკრისა. და განთენდის რა, კვალად წარვიდის თვისსავე საქმესა. ამას ესევითარსა მოქალაქობასა შინა, სიწმიდით და ქალწულებით ცხონდებოდეს.
ხოლო ლოცვითა წმიდისა ამონისათა წარემატა მოღვაწებითა და სათნოებითა ღირსი იგი დედაკაცი და ჰრქუა ესრეთ: „მაქუს რაჲმე სიტყვად შენდა, უფალო ჩემო, და უკეთუ მისმინო, მაშინღა უწყი, ვითარმედ: ღმრთისა მიერ გიყვარ მე“. ხოლო მან ჰრქუა: „სთქუ რაჲცა გნებავს, დედოფალო ჩემო“. და ნეტარმან მან მიუგო: „ვინათგან ხარ შენ მამაკაცი, უფალო ჩემო, ღმრთისმსახური და ჭეშმარიტებისა მოღვაწე, რომლისა სახედ და ბაძვად მეცა შემოდგომილ ვარ. ხოლო აწ ჯერ არს შენდა, რათა ამიერითგან თვისაგან იყოფოდე და მრავალთა სარგებელ ექმნებოდე, რამეთუ უჯერო არს ჩემ ძლით დაფარვაჲ შენისა მაგის სიბრძნისა და სათნოებისა“.
ესერა ესმა ნეტარსა ამონს, პირველად მადლი შესწირა ღმერთსა და ფრიად ემადრიელა მასცა. და ჰრქუა: „კეთილად ინებე ესე, დედოფალო და დაო ჩემო, გაქუნდინ შენ სახლი ესე, ხოლო მე წარვიდე და ვიშენო თავისა ჩემისა სხუა სახლი“.
გამოვიდა მიერ და წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა მთასა ნიტრიისასა, რამეთუ არღა შენებულ იყვნეს მუნ ჯერეთ მონასტერნი. პირველად მან აღაშენა სენაკნი ორნი კამარედად, რომელთა შინა დაჰყვნა მრავლითა მოღვაწებითა წელნი ოცდაორნი. ესრეთ უკუჱ მოღვაწებითა თავსა სათნოებათასა აღვიდა და მონაზონებისა მოქალაქობასა შინა წარმატებული განბრწყინდა და წინამძღვარ მრავალთა სულთა იქმნა.
ხოლო ნიშითა და სასწაულითა განათლებულმან ამონ ინება ოდესმე განსლვა მდინარესა, რომელსა ეწოდების მგელ და თანა ჰყვანდა თეოდორე, მოწაფე მისი. და ეკრძალვოდა მოწაფესა თვისსა განშიშვლებად. და ილოცა გონებითა ღმრთისა მიმართ და მეყსეულად ანგელოსმან უფლისამან აღიტაცა ღირსი იგი და იმიერ კიდესა მდინარისასა იპოვა თვინიერ ყოვლისა ჭირისა.
ესრეთ სასწაულთა მოქმედი და სრულსა საზომსა სათნოებათასა აღსრული, და ჰასაკსა სამეოცდაორისა წლისა ჟამთა მიწევნულმან, ყოვლადგანწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა და დაიძინა ძილი იგი მართალთა მშვიდობით უფლისა მიერ. ხოლო ყოვლადსანატრელმან დიდმან ანტონი იხილა სული ამის ნეტარისა ანგელოსთა მიერ ღაღადებითა და დიდითა ბრწყინვალებითა აღყვანებული ზეცად და ზეცისა სავანეთა განწესებული ადიდებს სახიერებასა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟ [90]
ორთა ძმათათვის კეთილმოსურნეთა

მოგვითხრობდა მამა მაკარი და იტყოდა, ვითარმედ: „ვსჯედ რა სენაკსა ჩემსა სკიტეს, მოვიდენ ორნი ძმანი ჭაბუკნი უცხონი, ერთი წვეროსანი და მეორე უწვერო. და იკითხვიდენ მეტყველნი: „სადა არს ტალავარი მამისა მაკარისა?“ ხოლო მე ვარქუ მათ: „რაჲ გნებავსთ, ძმანო, მისთანა?“ და მათ მრქუჱს: „გვესმა, მამაო, კეთილი ცხოვრება სკიტელთა და მოვედით ხილვად მისსა“. ხოლო მე ვარქუ: „მე ვარ, შვილნო“. და მათ თაყვანის მცეს მიწადმდე მეტყველთა: „გვნებავს აქა ყოფაჲ, პატიოსანო მამაო“. ხოლო მე ვიხილენ იგინი, რამეთუ ჭაბუკ იყვნეს და დიდებულთა შვილნი და ვარქუ: „არა ძალგიძსთ აქა ყოფაჲ, შვილნო“. და მომიგო უხუცესმან: „უკეთუ არა გნებავს, მამაო, აქა ყოფა ჩვენი, წარვიდეთ სხუაგან“. ხოლო მე განვიზრახე გონებასა ჩემსა, რად დავაბრკოლნე ესენი, არამედ მივსცე ამათ კანონად საქმე შრომისა. და უკეთუ ვერ უძლონ, თვით ნებსით ივლტოდენ. და ვარქუ მათ: „მოვედით, შვილნო და იშენეთ თავისა თქვენისა სადგურნი“. და მეტყოდეს იგინი: „გვიჩვენე ჩვენ, მამაო, ადგილი და ეგრეთ ვჰყოთ“. ხოლო მე მივეც მათ წერაქვი და სფირიდითა პაქსიმადი და მარილი, და უჩვენე მათ კლდე ფიცხელი და ვარქუ: „გამოჰკვეთეთ აქა სენაკნი და დასხედით მას შინა“. ხოლო მე ვჰგონებდი, თუ ივლტოდენ ძნელისა მის შრომისაგან. და იგინი მკითხვიდენ მე: „რაჲსა იქმან, მამაო, მონაზონნი?“ და მე ვარქუ: „წუნასა კალათისასა“. და მოიღეს წნელი და იწყეს წუნაჲ კალათისა და ვამცენ მათ: „ეგრეთ ჰქმენით, შვილნო, კალათნი და მიუღებდით მეგოდრესა და მოგცემს თქვენ პურსა და წყალსა“ და განვეშორე მიერითგან.
ხოლო მათ მოთმინებითა მრავლითა და გულსმოდგინებითა კეთილითა, რაოდენიცა ვამცენ, ჰყვეს ყოველივე და არღარა მოვიდენ ჩემდა ხილვად სამ წელ და განვიზრახე თავსა შორის ჩემსა, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელ არღარა მოვიდენ ძმანი იგი ხილვად ჩემდა? რამეთუ რომელნი უშორეს არიან მათგან, იგინი მოვლენ ჩემდა და ესენი – არა, გარნა ოდენ ეკკლესიად მოვლენ წმიდისა საიდუმლოსა ზიარებად. და ვევედრე ღმერთსა და ვიმარხე მსგეფსი ერთი, რათა მიჩვენოს მე ღმერთმან საქმე მათი. და შემდგომად კვირიაკისა წარვედ ხილვად მათდა და ურეკე კარსა და ვჰყავთ ლოცვაჲ და დავსხედით დუმილით. ხოლო წამუყვნა უხუცესმან უმრწემესსა განსლვად და თვით იწყო წვნაჲ კალათისა და არარაჲსა იტყოდა. ხოლო მეცხრესა ჟამსა აუწყა რეკისა მიერ და შემოვიდა უმრწემესი და განემზადა მცირე ჭამადი. მოიღო და დააგო ტრაპეზი და დასდუა სამი მცირე ნაჭერი პური და წყალი და თვით დასდგა მდუმრიად. ხოლო მე ვარქუ: „მოვედით, შვილნო, ვისეროთ და ვსჭამოთ სიყვარული“. ვსჭამეთ და მადლობა შევსწირეთ ღმერთსა თაყვანისცემით.
ხოლო ოდეს იქმნა მწუხრი, მეტყოდეს: „წარხუალაა ამიერ, ღმერთშემოსილო მამაო?“ ხოლო მე ვარქუ: „არა, არამედ აქა განვისვენო ღამესა ამას, ღმრთივსულიერნო ძმანო“. და დამიგეს მე ჭილობი ერთი და თვით ორთავე დაიგეს მეორე. და შეისხნეს სარტყელნი და დაწვეს ჭილობსა მას ზედა. ხოლო მე ვევედრებოდი ღმერთსა, რათა გამომიცხადოს საქმე მათი. და მეყსეულად განეხუნეს სართულნი სახლისანი და იყო განათლებულ სახლი იგი ყოვლადვე. ხოლო იგინი ვერა ხედვიდეს ნათელსა მას და ჰგონებდეს ჩემსა, თუ მძინავს. აღსდგა უხუცესი და ჰსცა თითითა გვერდსა უმრწემესისასა და აღადგინა იგიცა. და შეირტყეს წელნი და აღიპყრნეს ჴელნი ცად მიმართ და ილოცვიდეს დუმილით. და ვიხილენ ეშმაკნი მოსრულნი, ვითარცა ბუზნი უმრწემესსა მას ზედა: რომელთამე ენება დასხდომა პირსა მისსა, და რომელთამე თუალთა და ყურთა. და კვალად ვიხილე ანგელოსი ღმრთისა, რომელსა აქუნდა მახვილი ცეცხლისა. შეზღუდვიდა მას და განსდევნიდა მისგან ეშმაკთა. ხოლო უხუცესისა მიმართ ვერ იკადრებდენ მიახლებად ეშმაკნი და აღვიდოდა ლოცვა მათი წინაშე უფლისა. ხოლო განთიადისა ჟამსა კვალად დაწვნენ და მე ვჰყავ, ვითარცა რა განღვიძებაჲ. და მრქუა მე უხუცესმან: „გნებავსაა, ყოვლადპატიოსანო მამაო, რათა წარვსთქუათ ფსალმუნი მეოცე?“ და ვარქუ: „მნებავს, ძმანო სულიერნო“. და მეყსეულად იწყო უმრწემესმან: „უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე“, ვიდრე მეექვსე მუხლადმდე. და თვითოეულისა მუხლისა წართქმასა გამოხდებოდა ალი ცეცხლისა პირისაგან მისისა და აღვიდოდა ზეცად. ეგრეთვე უხუცესიცა შემდგომთა მუხლისა იტყოდა, რამეთუ: „მეფე ესავს უფალსა“ და შემდგომი ამისი. და აღაღებდა რა პირსა გალობად, აღვიდოდა ლოცვა მისი, ვითარცა ალი ცეცხლისა ცად მიმართ, ხოლო მე ვსცან, ვითარმედ: უხუცესი სრულსა საზომსა მიწევნულ იყო და უმრწემესსა კვალად ებრძოდეს ეშმაკნი. და ვითარცა აღასრულეს ლოცვაჲ, ვარქუ მათ: „ილოცეთ ჩემთვისცა, საყვარელნო ძმანო“. და მათ თაყვანის მცეს მიწადმდე დუმილით და მე წარვედ მმადლობელი ღმრთისა. და მცირედთა დღეთა შინა აღესრულა უხუცესი იგი და შემდგომად სამისა დღისა უმრწემესიცა მიიცვალა საუკუნოდ ცხოვრებად. ანგელოსისა წინამძღვრებითა ერთ სავანეობად მისრულნი ადიდებენ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა ჟა [91]
ორთა ძმათათვის სხვითა და სხვითა სახითა
სათნომყოფელთა ღმრთისათა

იყო ვინმე კაცი ფრიად დიდებული და ესხნეს ორნი ძენი: ერთისა სახელი პაისიოს და მეორისა ისაია. შემდგომად სიკუდილისა მამისა მათისა, განიყვეს ყოველი სიმდიდრე მისი. განიზრახეს და სთქუჱს ურთიერთას, ვითარმედ: „ვითარსა მოქალაქობასა შეუდგეთ, ჵ, ძმაო საყვარელო, უკეთუ ვიქმნეთ ვაჭარ, ვითარცა მამა ჩვენი და ჩვენცა მისებრვე დატევებაჲ თანაგვაძს ნაშრომთა და მონაგებთა ჩვენთა. და ამას თანა განსაცდელიცა სოფლისა მრავალი წინა გვიძს. არამედ მოვედ, ძმაო საყვარელო, მონაზონებისა წესსა მოუხდეთ და სათნო ვეყვნეთ ღმერთსა, რათა მამასაცა ჩვენსა სულიერად სარგებელ ვეყვნეთ და სულნიცა ჩვენნი არავე წარვწყმიდოთ“.
ესერა ესრეთ განიზრახეს კეთილად, ორნივე მონაზონ იქმნნეს, გარნა სხვითა და სხვითა სახითა სათნო ეყვნეს ღმერთსა, რამეთუ პირველმან ძმამან ყოველივე იგი სიმდიდრე განაბნია და მისცა გლახაკთა, მონასტერთა, ეკკლესიათა და საპყრობილეთა. და თვით ჴელთსაქმარი ისწავა და მით მოირეწდა საზრდელსა და ესრეთ მოღვაწებასა და ლოცვასა მოსწრაფე იყო მარადის.
ხოლო მეორემან ყოვლადვე არარაჲ განაბნივა სიმდიდრისაგან მისისა, არამედ აღაშენა მონასტერი და შეკრიბნა ძმანი მწირველნი. ყოველთა უცხოთა შეიწყნარებდა, ყოველთა უძლურთა ჰმსახურებდა, ყოველთა მაშვრალთა განუსვენებდა, ყოველთა გლახაკთა ისტუმრებდა, შაბათსა და კვირიაკესა სამსა, გინა ოთხსა ტრაპეზსა განმზადებდა და ყოველთა ნაკლულევანთა ნუგეშინის ჰსცემდა. და ესრეთ წარვლო ცხოვრება თვისი.
ხოლო ესე ორნივე სანატრელნი რაჟამს აღესრულნეს პატიოსნად, ღირსებით და სიწმიდით, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს. 115,6). და თითოსახე ნეტარება მიეცემოდა მათ ძმათა მიერ, ვითარცა ორნივე სრულსა საზომსა სათნოებათასა მიწევნილთა. რამეთუ რომელთამე სათნო უჩნდათ, პირველი იგი, რომელმან თავისა თვისისა ოდენ ცხოვნება იზრუნა და ყოველივე დაუტევა. ხოლო რომელთამე მეორე იგი უზესთაეს უჩნდათ, რომელი ყოველთავე ზოგად მოურნე იყო და ესრეთ ცილობდენ ურთიერთას სათნოებათა სიყვარულისათვის.
ამის ჯერისათვის წარვიდეს ნეტარისა პამბო განშორებულისა მიმართ, განუცხადეს და ჰკითხვიდეს უზესთაესობასა მოქალაქობისა მათისასა და ეტყოდეს: „გევედრებით, ღმერთშემოსილო მამაო, ღირს გვყვენ ამის პასუხსა მადლითა შენ შორის დამკვიდრებულისათა“. ხოლო მან ჰრქუა: „ორნივე იგი სათნონი არიან წინაშე უფლისა, შვილნო, რამეთუ ერთმან მოიგო წინასწარმეტყველისა ილიასი შური ღმრთისა სათნოყოფისა და თავს იდვა მოღვაწებაჲ, ხოლო მეორემან აბრაჰამისი აღასრულა ყოველთა შეწყნარებაჲ“.
კვალად იგინი ევედრებოდეს და ეტყოდეს: „მამაო წმიდაო, მისთვის ვიტყვით, რომელმან სიტყვისაებრ წმიდისა სახარებისა, ყოველივე გლახაკთა განუყო და აღიღო ჯვარი და შეუდგა ქრისტესა“. ხოლო სხუანი კვალად იტყოდეს მისთვის: „გევედრებით, პატიოსანო მამაო, რომელმან მსგავსად ქრისტესა ყოველთა ჰმსახურა, ვითარცა ჰბრძანებს: „არა მოვედ, რათამცა ვიმსახურო ვისგანმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28].
მიუგო მათ წმიდამან პამბო და ჰრქუა: „გეტყვი თქვენ, შვილნო, ორნივე იგი სწორ არიან წინაშე ღმრთისა და თვითოეულნი თქვენნი გულსავსე იქმენით, რამეთუ ერთმან მან ტკბილი იგი უღელი ქრისტესი იტვირთა და მის მიერ განსვენება მიიღო, ხოლო მეორე იგი ყოველთა მსახურებითა ქრისტეს მობაძავ იქმნა და სასყიდელი ჰპოვა. გარნა მგებდით მცირედ, რათა ამის პირისათვის გამოცხადება ღმრთისა მიერ მოვიღო და შემდგომად მცირედისა მოვედით და გაუწყო თქვენ“. ხოლო წარვიდენ ძმანი იგი და შემდგომად მცირედისა მივიდენ და ევედრებოდენ. მიუგო წმიდამან ღმრთისამან და ჰრქუა, ვითარმედ: „მიჩვენა მე ღმერთმან, შვილნო, ორნივე იგი ერთბამად იქცეოდეს შორის სამოთხისა გვირგვინოსანნი მადიდებელნი ღმრთისა“. მაშინ გულსავსე იქმნეს ძმანი იგი და მადლობდეს წმიდასა მას და ადიდებდეს კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟბ [92]
რათა არა კეთილისა საქმისათვის ვზუაობდეთ

იყო ვინმე მესვეტე ედესიას და მივიდა მისსა თეოდოსი, ეპისკოპოსი მის ქალაქისა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „მამაო წმიდაო, გევედრები, მომითხარ მე ღმრთისათვის, თუ რაოდენნი წელნი არიან, ვინათგან იყოფი სვეტსა ამას და რაჲ არს მიზეზი შენისა აქა მოსლვისა და დაყუდებისა? ნუ დაფარავ ჩემგან სარგებელისათვის სულისა“. ხოლო ბერმან მან წმიდამან სიღრმით გულისათ სულთ ითქუნა და მოცულ იქმნა ცრემლთაგან და ჰრქუა: „შიშისათვის უფლისა მოგითხრა, მეუფეო წმიდაო, გარნა გევედრები ნუვის განუცხადებ, ვიდრე ცხოვრებისა ამისგან განმიტევებდეს მე უფალი. მე სიყრმითგან უარ ვჰყავ სოფელი უხუცესისა ძმისა ჩემისა თანა. და მონასტერსა შინა სამ წელ ვმსახურებდით ძმათა და გვსუროდა დაყუდებაჲ განზრახვითა და მორჩილებითა სულიერისა მამისა ჩვენისათა. განვედით უშინაგანესსა უდაბნოსა და ვჰპოვეთ თავისა ჩვენისათვის ქვაბი და მუნ დავეყუდენით და მხლითა ვიზარდებოდით. ხოლო შაბათ-კვირიაკეთა ერთად ვილოცევდით და ერთად ვსჭამდით მხალსა. და კვალად თვის თვისად ვიყვენით ხუთთა დღეთა და ანგელოსი ღმრთისა იყო ნუგეშინისმცემელ ჩვენდა.
ხოლო დღესა ერთსა ძმა ჩემი ვიდოდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან და შეიკრებდა მხალსა და ვხედევდი მე – და მეყსა შინა აღხლდნა და ჯვარი გამოისახა და მსწრაფლ ივლტოდა. ხოლო მე განკვირვებულ ვიქმენ ფრიად და წარვედ მას ადგილსა ხილვად, თუ რაჲ ბოროტი იხილა ძმამან ჩემმან, რომელ ესრეთ ფიცხლად ივლტოდა. და ვიხილე ოქრო ფრიადი და ვჰყავ ლოცვაჲ და შევიკრიბე მაზარასა და წარმოვიღე იგი ფრიადითა შრომითა ქვაბსა ჩემსა. და წარვედ ქალაქად და მოვიყიდე სახლი კეთილი და პალატი მტკიცედ მოზღუდვილი, შინაგან მქონებელი კეთილისა წყლისა. და აღვაშენე ეკკლესია შვენიერი და ვჰყავ მონასტერ. შევკრიბენ მონაზონნი ორმეოცნი და ვჰპოვე კაცი სათნო ღმრთისა და დავადგინე წინამძღვრად და განვაწესე უცხოთ შესაწყნარებელი და სნეულთ მომლველი. და მივეც წინამძღვარსა ათასი ოქროჲ და ათასი სხუა განუყავ გლახაკთა. და არარაჲ დავიტევე თავისა ჩემისა და მივეც მშვიდობა წინამძღვარსა და ამბორს უყავ ძმათა და წარვედ უდაბნოდვე ძიებად ძმისა ჩემისა. და მომიხდა გონებისა სიმაღლე, ვითარმედ: ძმამან ჩემმან ჰპოვა სიმდიდრე და ვერ შეუძლო კეთილად განგებაჲ და მე კეთილად განვაგე, და ვადიდებდი თავსა ჩემსა უფროს მისსა. და ვერღარა ვიხილე ძმა ჩემი ქვაბსა თვისსა და შევსწუხენ ფრიად: და აჰა, ანგელოსი იგი, რომელი პირველითგან ჩემ თანა იყო, გულწყრომითა თუალითა მომხედა და მრქუა მე: „რად მაღლოჲ, ჵ, კაცო? გეტყვი შენ, რამეთუ ყოველივე შრომა შენი, რაოდენი ჰქმენ კეთილნი, არცაღა შეესწორების ერთსაცა უკუნ ხლდომასა ძმისა შენისასა. სადა იგი იპოვა ოქროჲ შეგროებული და უკუნ ჰხლდნა, არა ოქროსა უკუნ ჰხლდნა, არამედ ანგაჰარებისა ნახეთქსა, ვითარცა გლახაკი ლაზარე და მსუბუქად მივიდა წიაღთა აბრაჰამისთა. მან ისწრაფა სათნოყოფა ღმრთისა, ხოლო შენ კაცთა. ამისთვის ვერღარა იხილო პირი ძმისა შენისა ყოველსა შინა ცხოვრებასა შენსა; არცა მე მიხილო, ვიდრემდის ცრემლითა მრავლითა და გულითა შემუსრვილითა ევედრო ღმერთსა; მაშინ მიხილო მე და ნუგეშინის იცე“.
ესე მრქუა და უჩინო იქმნა თუალთაგან ჩემთა ანგელოსი იგი. ხოლო ვინათგან ვერღარა ვიხილე ძმა ჩემი, ღაღად ვჰყავ გულითა ლმობიერითა და სულითა დამდაბლებულითა, და მრავლისაგან ტირილისა არა დაშთა ძალი ჩემ თანა, რამეთუ შვიდსა შვიდეულსა ვიგლოვდი უდაბნოსა შინა და ვევედრებოდი წმიდასა ანგელოსსა შეწყალებად ჩემისა სულთქმისა და ტირილისა. და დღესა მეშვიდესა, კვირიაკესა, მოვიდა ჩემდა ჴმაჲ, ვითარმედ: „ჯერ არს შენდა, ჵ, კაცო, წარსლვა ქალაქად, ედესიად და აღსლვა მუნ სვეტსა ზედა, რომელი არს მახლობელ წმიდისა გიორგისა და მუნ შენანებად ზუაობისა, ვიდრემდის მოწყალე გექმნას შენ უფალი“.
ხოლო მე წარმოვედ ტირილით და ორმეოცსა დღესა აქა მოვედ და ამას სვეტსა ზედა აღმოვედ. აწ არს ორმეოცდაათცხრამეტი წელი ჩემისა აქა ყოფისა, ხოლო მეორმეოცდაათესა წელსა მწუხრი შაბათისასა ნათელმან ტკბილმან და საწადელმან განმინათლა გული და განსდევნა ნისლნი ვნებათანი. და ღამე ყოველ მღვიძარე ვიყავ ცრემლითა. და მესამესა ჟამსა კვირიაკისასა იქმნა ჴმაჲ ჩემდა მომართ ანგელოსისა მიერ და მრქუა: „მშვიდობა შენდა და ცხოვრება!“ ხოლო მე ნუგეშინისცემული გულითა, დავარდი ქვე და ვსტიროდი ცრემლითა და ვარქუ: „რად განმაგდე პირისაგან შენისა და განმაშორე ძმისაგან ჩემისა? და აჰა, ვიმყოფები მრავლითა განსაცდელითა მოცული“. ხოლო ანგელოსმან მიპყრა ჴელი, აღმადგინა და მრქუა: „მაღლისა გონებისა შენისათვის, ვინათგან შეურაცხ ჰყავ ძმა შენი, მისთვის განგიშორე პირისაგან ჩემისა, არამედ არა სრულიად დაგიტევე მცველმან შენმან, ვითარცა მიბრძანა მე ღმერთმან. და აწ მიბრძანა მე შენ თანა ყოფაჲ ამას სოფელსა და მერმესაცა მას საუკუნესა. და აჰა, მოგცა შენ ღმერთმან ნიჭი ხილვად მართალთა და ცოდვილთა. ხოლო ცოცხალ არს ძმაცა შენი და მას საუკუნესა იმყოფებოდეთ ერთბამად დიდებასა შინა ღმრთისასა“.
და მიერითგან ვხედავ, წმიდაო მეუფეო, ჩემ თანა ანგელოსსა მას და განსდევნის სულსა უკეთურსა. უკეთუ ვიხილო კაცი მართალი, ვხედავ, რამეთუ გარემოს მისსა არიან ანგელოსნი ბრწყინვალენი და ეშმაკნი შორს მდგომარენი და ვერ შემძლებელნი მიახლებად მისსა. უკეთუ იყოს გლახაკი სიმართლით, უფროს არს მადლი ღმრთისა მის ზედა. და უკეთუ იყოს კაცი მდიდარ და ცოდვილ, ვიხილავ მე მის ზედა ეშმაკთა მწყემსად, ხოლო წმიდასა ანგელოსსა მისსა შორს მდგომარეს და მწუხარესა წარწყმედისა მისისათვის. და უკეთუ ინებონ ეშმაკთა სული კაცისა წარწყმედად, არა აუფლებს მათ ანგელოსი მქონებელი საჭურველისა და განსდევნის მისგან. ხოლო მე, მხილველი ამათი, ვიხარებ მართალთათვის და ვჰგოდებ ცოდვილთათვის და ვევედრები ღმერთსა, რათა მოაქცივნეს ცოდვათაგან. და უმჯობეს იქმნენ სინანულითა, რამეთუ მოელის სახიერი ღმერთი მოქცევასა და სინანულსა ცოდვილთასა და მისცემს შეწყალებასა ცხოვრებისასა, ვიდრემდის აღესრულოს ჟამი ცხოვრებისა მისისა“.
ამას ყოველსა ზრახვიდა წმიდა იგი მესვეტე ბერი ეპისკოპოსისა თანა ღამე ყოველ და ვითარცა განთენა, მხიარულითა გულითა და ბრწყინვალითა პირითა, განწმედილი სული თვისი ჴელთა ღმრთისათა შევედრა. და ანგელოსისა წინამძღვრებითა ზეცისა სავანესა მიიწია და ერთ სუფევად ძმისა მისისა თანა ადიდებს ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟგ [93]
ვითარმედ ჰშვენის ჩვენდა ყოვლადვე სიმდაბლე

წმიდა და ყოვლადსანატრელი ღმერთშემოსილი მამა ჩვენი მაკარი, რაჟამს მიიცვალებოდა ამიერ სოფლით, მოვიდა მისა მცველი მისი ანგელოსი და ჰრქუა: „აღსდეგ, ჵ, მაკარი, რათა წარვიდეთ საუკუნეთა მათ საყოფელთა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა. აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე, თუ რაოდენი სიმრავლე უჴორცოთა წარმოვლენილ არს წინამავალად შენდა. მე მომეც სული შენი საყვარელი, რომელსა მერწმუნა ღმრთისა მიერ და მებრძანა თანამავალობა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. და აწცა განვარინო ჰაერის მცველთაგან წინააღმდგომთა ძალთა და აღვიყვანო ეგე დიდითა დიდებითა და ყოველთა მეუფესა ქრისტესა ღმერთსა წარუდგინო“. ხოლო სანატრელი იგი მაკარი აღივსო სიხარულითა დიდითა და მიისწრაფდა საყვარელისა თვისისა ღმრთისა და სურვიელ იქმნა განსლვად ჴორცთაგან და მისლვად უფლისა და არცა ერთი მწუხარება და ურვა შეემთხვია მხნესა მას, არამედ ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა. ჴელნი და გონება ზეცად აღიპყრნა და უკანასკნელი ჴმაჲ აღმოუტევა და სთქუა: „ჴელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“[ლკ. 23,46]. ესე სთქუა და განუტევა სული და ზეცისა ძალთა შეიწყნარეს იგი და აღყვანდათ ზეცად დიდებითა დიდითა.
ხოლო ძალნი იგი ეშმაკთანი, მცველნი ჰაერისანი, შორს სდგეს და იტყოდეს: „ჵ, რაბამსა დიდებასა მიემთხვიე, მაკარი, რამეთუ აჰა, განგვერი ჴელთაგან ჩვენთა“. გარნა მაკარი ჯერეთღა სიმდაბლითა, რომლითა ჩვეულ იყო ძლევასა ეშმაკთასა, ჰრქუა: „არა უწყი თუ განვერი, არამედ ჯერეთ მოშიშ ვარ“.
და შემდგომად უმაღლესთა რა აღვიდოდეს, კვალად მუნ მყოფნი ჰაერის მცველნი მასვე სიტყვასა ეტყოდეს, ხოლო სამღთო და საკვირველი მაკარი ეგრეთვე სიმდაბლით მიუგებდა: „არღა განრომილ ვარ, არამედ ჯერეთ მეშინის“. ხოლო რაჟამს მიეახლნეს ბჭეთა ცისათა, კვალად მუნცა ეტყოდეს უბოროტესნი იგი ეშმაკნი მასვე სიტყვასა, და წმიდა იგი კვალადცა უკუნ აქცევდა მითვე სიმდაბლისა ხმევითა. და ვითარცა შინაგან ცათასა შევიდა, სალმობიერად ჴმობდეს უკეთურნი ეშმაკნი, ვითარმედ: „აჰა, განგვერი მაკარი“. მაშინღა კადნიერებით ჰრქუა დიდმან მაკარი: „ჰე, კეთილად განვერი მზაკვარებათა თქვენთა, ბოროტნო, და ნამდვილვე მივიწიე თავისუფლებასა სასუფეველსა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესსა“.
ესრეთ წმიდა იგი და ყოვლადღირსი სული მაკარისა მიიყვანეს წმიდათა მათ ანგელოსთა წინაშე, საყდართა დიდებისა ღმრთისასა. და ადიდებს კაცთმოყვარებასა და სახიერებასა მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმრთივშვენიერნი თხრობანი სულიერნი
ღირსთა და პატიოსანთა დედათათვის

თხრობა ჟდ [94]
ქალწულისათვის განშორებულისა

მონაზონი ვინმე წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა და იხილა ვინმე კლდესა ზედა მაღალსა მჯდომარე და იწყო ჴმობად მისა, ვითარმედ: „ჩამოვედ, ძმაო, აქა, რათა ვზრახვიდეთ ურთიერთას“. ხოლო მან ჰრქუა: „რაჲ გნებავს, პატიოსანო მამაო, რამეთუ მე დედაკაცი ვარ შიშველი?“ და ჰრქუა მას ბერმან: „მიიღე, სულიერო დედაო, სამოსელი ჩემი, კუნკული და სარტყელი და ეგრეთ შთამოვედ“. ხოლო მან მიიღო, შთაიცუა და შთავიდა, და ჰრქუა ბერმან: „მომითხარ მე ღმრთისათვის, პატიოსანო დედაო, თუ ვინ ხარ შენ წმიდა ეგე?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე ვარ, პატიოსანო მამაო, ასული ათასისთავისა და ინებეს მშობელთა ჩემთა შეუღლება ქმრისა თანა და ქორწილი ჩემი. ხოლო მე განვიზრახე, ვითარმედ: ყოველივე სოფლისა ამის დიდება და შვებაჲ ამაოება არს, და ვივლტოდი ღამე უდაბნოდ და მოვედ კლდესა ამას და არს ჩემისა აქა ყოფისა წელი სამეოცი. ვიდრე დღეინდელად დღედმდე არა მიხილავს კაცი, გარნა დღეს შენ გიხილე და მაქვს სტამნითა წყალი და მეორითა სტამნითა ცერცვი დამბალი. და ყოვლადსახიერი ღმერთი წყალობითა თვისითა დღე ყოველ აღმივსებს მათ და მით ვიზარდები და ვადიდებ ღმრთისა კაცთმოყვარებასა“. და მიართუა ბერსა ცერცვისა მისგან და წყლისა. და ენება აღსლვად თვისსავე საყოფელსა და მიცემად სამოსლისა, ხოლო ბერმან ჰრქუა: „გევედრები, წმიდაო დედაო, რათა ესე გაქუნდეს თავისა შენისა”. და მან არა ინება იგი სამოსელი, არამედ ჰრქუა: „წარვედ, ღმრთივსულიერო მამაო, და მომიღე სხუა სამოსელი და კუნკული და სარტყელი და მსწრაფლ მოვედ ჩემდა“.
ხოლო ბერი იგი წარვიდა და მოიღო სახმარნი, და მსწრაფლ მოვიდა და იწყო ჴმობად და სიტყვად. და არღარა იყო ჴმაჲ, არცა სმენა, არამედ ლოდი დიდი მიგორვებულ იყო პირსა ზედა ქვაბისა მისისასა, და მხეცნი ველურნი იღრჭენდეს კბილთა ბერსა ზედა. და ბერმან ჰყო ლოცვაჲ და განეშორნეს მხეცნი იგი. და გარდამოაგორვა ლოდი და შევიდა ქვაბსა მას შინა და ჰპოვა იგი აღსრულებული. და შემოსა იგი სამოსლითა, კუნკულითა და სარტყლითა და დასდვა ქვაბსა მას შინა და ჰყო ლოცვაჲ და ამბორს უყოფდა წმიდასა მას.
ხოლო იყო ბერი იგი ერთითა თუალითა ბრმა სიყრმითგან და ვითარცა ამბორს უყო და შეემთხვია გუამსა მას სანატრელსა, აღეხილა თუალი ბერსა. და ადიდებდა ღმერთსა, რომელმან მოსცა მას ესევითარი მადლი მოთმინებისა. და კვალად ჰყო ლოცვაჲ და მიაგორვა ლოდი იგი პირსა მის ქვაბისასა და წარვიდა მადიდებელი ღმრთისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟე [95]
სხვათა სულთა ზრუნვისათვის

იყო ვინმე ქალი ქალწული იერუსალიმს, კეთილკრძალული და მოშიში ღმრთისა, სახელით მასთრიდია და ღმრთისა მიმართ ფრიად მოსწრაფე სათნოებითა.
ხოლო შურითა ბოროტისა ეშმაკისათა ჭაბუკსა ვისმე შეექმნა ქალისა მისთვის გულისთქმა ბოროტი. ხოლო საკვირველმან ქალმან სცნა რა ესე უგუნურება ჭაბუკისა, და რათა არა წარწყმდეს ჭაბუკი იგი, აღიღო ოსპი დამბალი და შთაყარა ქოთანსა შინა და წარვიდა იდუმალ უდაბნოდ. და მიერითგან იქმნა ჭაბუკისა მის გული განსვენებულ.
ხოლო შემდგომად მრავლისა ჟამისა, განგებითა ღმრთისათა, რათა არა დაფარულად დაშთეს კეთილი ცხოვრება მისი, მონაზონმან ვინმე დაფარულთმცნობელმან იხილა იგი უდაბნოსა იორდანისასა მავალი და ჰრქუა მას: „ჵ, დედაო სულიერო, რაჲსა იქმ უდაბნოსა ამას?“ ხოლო მან ჰრქუა: „შემინდევ, მამაო პატიოსანო, რამეთუ შეცთომილ ვარ გზასა, არამედ ჰყავ სიყვარული და მასწავე მე“. ხოლო ბერმან მან ღმრთისა მიერ გულისჴმა ჰყო საქმე მისი და ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, ქალწულო, არა შეცთომილ ხარ შენ და არცა ეძიებ გზასა, არამედ მომითხარ მე ჭეშმარიტი, შვილო, მიზეზი შენისა აქა ქცევისა, თუ რაჲსათვის მოსრულ ხარ?“ მაშინ ჰრქუა ქალმან: „შემინდევ, ღმერთშემოსილო მამაო, რამეთუ ჭაბუკისა ვისმე გონებამან იწყო ჩემ ზედა აღზრზენად მანქანებითა ეშმაკისათა. და მე ვსცან იგი, და მისთვის მოვედ უდაბნოსა ამას, – ვირჩიე აქა სიკუდილი ჩემი, ვიდრე მიზეზითა ჩემითა წარწყმედა სულისა მისისა“. და ჰრქუა მას ბერმან: „რაოდენნი წელნი გქონან, შვილო, უდაბნოსა ამას შინა ყოფასა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ათშვიდმეტნი წელნი არიან, ღმრთივსულიერო მამაო“. ჰრქუა მას ბერმან: „რაჲთა იზარდები, შვილო სულიერო?“ ხოლო მან მოიღო მცირე ჭურჭელი, რომელსა შინა იყო დამბალი ოსპი და ჰრქუა: „ამას, რომელსა ჰხედავ, მამაო პატიოსანო, წარმოვიღე ქალაქით და წყალობა ესევითარი ჰყო კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩემთანა, რომელ ესოდენსა წელსა მქონან ოსპი ესე საჭმელად ჩემდა და არა მოაკლდა მადლითა მისითა. უწყოდენ სიწმიდემან შენმან, მამაო სულიერო, რამეთუ ესრეთ დამიფარა მე, მხევალი შენი, განგებულებამან ღმრთისამან, რომელ ათშვიდმეტსა ამას წელსა არავინ კაცთაგანმან მიხილა, თვინიერ დღეს შენ, წმიდაო ღმრთისაო, მოგავლინა ღმერთმან, რათა დამარხო გვამი ჩემი“. ესერა სთქუა, გამოისახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და მიიცვალა უფლისა მიმართ მშვიდობით. ხოლო ბერმან მან მრავლითა ლმობიერებითა დამარხა წესისაებრ და ადიდებდა ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟვ [96]
მოხუცებულისათვის დედისა

ორნი ვინმე დიდთა წმიდათაგანნი ბერნი ვიდოდეს უდაბნოსა მას სკიტისასა და ესმათ ქვაბით კუნესა ვისიმე და სულთქმაჲ. და ძიება ჰყვეს კარი ქვაბისა მის და შერავიდეს, იხილეს დედათაგანი ვინმე, ფრიად მოხუცებული მდებარე და ჰრქუჱს: „ვინა მოხვედ აქა, დედაო პატიოსანო, ანუ ვინ არს, რომელი გმსახურებს შენ უძლურებასა შინა?“ უკვირდათ, რამეთუ ვერარაჲ ჰპოვეს ქვაბსა მას შინა კნინოდენიცა თვინიერ იგი, ოდენ მარტოდ სნეული და ქვეყანად მდებარე.
ხოლო მან ჰრქუა მათ: „მაქვს მე ოცდაათრვამეტი წელი ქვაბსა ამას შინა, წმიდანო მამანო, და კმა ვიყოფ მდელოთა ველისათა და ვმადლობ მეუფესა ჩემსა, იესო ქრისტესა. და არა მიხილავს სხუა კაცი, თვინიერ დღეს თქვენ, ღმერთშემოსილნო, მოგავლინა კაცთმოყვარებით აურაცხელმან ღმერთმან, რათა დამარხნეთ ჴორცნი ჩემნი“. და ესერა სთქუა, სასწაული პატიოსნისა ჯვარისა დაიწერა და დაიძინა ძილი იგი მართალთა. ხოლო წმიდანი იგი ბერნი განკვირვებულნი ჰმადლობდეს ღმრთისა სახიერებასა. და დამარხნეს ჴორცნი კეთილისა მის მოღვაწისანი. და ადიდებდეს ყოვლადძლიერსა ღმერთსა, რომელსა ყოველივე ყოვლადვე ძალუძს და მოსცემს უძლურსა ბუნებასა დედათასა ესევითარსა სიმხნესა და ძალსა, მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟზ [97]
მიცვალებულისა დედისათვის

არს მონასტერი განშორებული იერუსალიმით ორმეოც უტევან, რომელსა ეწოდების სამფსალმუნისა. მონასტრისა მისგან წარვიდეს ორნი მამანი სულიერნი მოლოცვად სინა მთისა. და მოიქცენ რა მუნით, მოგვითხრობდენ მეტყველნი, ვითარმედ: „თაყვანის ვეცით წმიდასა მთასა სინასა და ვითარცა მოვიდოდით, შეგვემთხვია ჩვენ განგებითა ღმრთისათა შეცთომა გზისა და ვიქცეოდით უდაბნოსა შინა, ვითარცა სივრცესა ზედა ზღვისასა მრავალ დღე. ხოლო ერთსა ადგილსა ვიხილეთ ქვაბი მცირე და მივისწრაფეთ მისა. და მივეახლენით რა ქვაბსა, ვიხილეთ მუნ წყარო შვენიერი და გარემო წყაროჲსა მცირე რაჲმე მწვანვილოვანი და კვალი კაცისა. განვჰკვირდით და ვსთქუთ ურთიერთას: „ჭეშმარიტად მონა ღმრთისა არს აქა“. ხოლო შევედით და ვერავინ ვიხილეთ, გარნა გვესმა კუნესა და სულთქმაჲ ვისიმე. და ვითარ უმეტესად გულსმოდგინედ ვეძიებდით, ვჰპოვეთ ადგილი, ვითარცა ბაგაჲ და მწოლარე ვინმე მას შინა. და მივედით მონისა მის ღმრთისა და ვევედრებოდით, რათამცა გურქუა რაჲმე. და ვითარ არარაჲ მოგვიგო, მაშინ მივეახლეთ ცნობად მისა. და იყო გუამი მისი ჯერეთ ტფილ და სული მისი განსრულ ღმრთისა მიმართ. და გულისჴმა ვჰყავთ, ვითარმედ: ოდეს შევედით ქვაბსა და გვესმა სულთქმაჲ, მას ჟამსა ოდენ განუტევა სული და მიიძინა მშვიდობით. და აღვიღეთ გუამი წმიდისა მის ადგილისა მისგან და აღმოვკუჱთეთ ქვაბსა მას შინა და ძველითა სამოსლითა ჩვენითა შევგრაგნეთ იგი. და ვითარცა ვიწყეთ შემურვად, ვიხილეთ, რამეთუ იყო იგი ბუნებით დედაკაცი. და ვჰყავთ ლოცვაჲ და დავმარხეთ იგი მუნვე წესისაებრ და ვადიდებდით საკვირველთმოქმედსა ღმერთსა, რომელმან განგებითა თვისითა მიგვიყვანა დამარხვად მხევლისა მისისა, რომელსა უსხენ მრავალნი ესევითარნი საიდუმლოდ მადიდებელნი მისისა კაცთმოყვარებისანი, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

თხრობა ჟჱ [98]
სანატრელი და ლმობიერი

საჭურისი ვინმე მკვიდრობდა უშინაგანესსა უდაბნოსა სკიტისასა. ხოლო იყო სენაკი მისი შორს სკიტისაგან, ვითარ ათრვამეტ მილიონ და არავინ იცოდა იგი თვინიერ მამამან დანიილ და მოწაფემან მისმან. რამეთუ დაემცნო მამასა დანიილს მოწაფისა თვისისათვის, რათა შვიდეულსა შინა ერთგზის მიართმიდეს ჭურჭლითა წყალსა და დასდგმიდეს გარე სენაკისა დუმილით და აცნობებდეს მას რეკისა მიერ. და ესრეთ განეშორებოდეს ყოვლადვე არარაჲსა მეტყველი სიტყვისა. ხოლო ესეცა ემცნო ბერსა მოწაფისადა, რათა ოდესცა ჰპოვოს კეცი დაწერილი, მოართვას მას. ესრეთ ჰყოფდა მოწაფე იგი მამისა დანიილისა, ვითარცა განეწესა მისდა მოძღვარსა მისსა.
დღესა ერთსა ჰპოვა კეცი დაწერილი გარე კარსა მის ქვაბისასა მოწაფემან ბერისამან და მოართუა მამასა თვისსა, რომელსა ზედა წერილ იყო ესრეთ: „მამაო დანიილ, მოშვერ ვიდრე ჩემდამდე მარტო და მოწაფეცა შენი და თანა მოიტანე სათხროლი“. და ვითარცა აღმოიკითხა იგი ბერმან, იტირა ტირილითა დიდითა და ჰრქუა მოწაფესა თვისსა: „ეჰა, შვილო, ვითარიღა სვეტი ნათლისა დამიტევებს ჩვენ დღეს“. მერმე ჰრქუა: „აღიღე, შვილო, სათხროლი და შემომიდეგ მე და წარვიდეთ და მივასწრნეთ ბერსა, რათა არა დავაკლდეთ წმიდასა ლოცვასა მისსა, რამეთუ წარვალს იგი უფლისა“. იტირეს ორთავე ფრიად და წარვიდეს. და ჰპოვეს იგი ნეტარი მხურვალებითა ფიცხელითა შეპყრობილი. და დააგდო ბერმან თავი თვისი მის წინაშე და იტირა ფრიად და ჰრქუა: „ნეტარ ხარ შენ, რამეთუ მარადის ჟამისა ამისათვის იურვოდი და ზრუნევდი; და შეურაცხ ჰყავ სამეფო ქვეყანა და დაუტევენ ყოველნი კაცნი და ყოველივე დიდება მსოფლიო“.
ჰრქუა მას საჭურისმან მან: „ნეტარ ხარ შენ, ახალო აბრაჰამ, უცხოთ შემწყნარებელო, ქრისტესო, რამეთუ მრავალთა დაფარულთა მონათა შეიწირავს უფალი ჴელთაგან შენთა“. ჰრქუა მას მამამან დანიილ: „ჰყავ სიყვარული მამაო და ილოცე ჩემთვის“. ჰრქუა მას საჭურისმან: „მე მრავალთა ლოცვანი მიხმან აწ ჟამსა ამას, მამაო პატიოსანო“. ჰრქუა მას ბერმან: „უკეთუმცა მე უწინარეს შენსა წარვიდოდე, წმიდაო ღმრთისაო, მემცა ლოცვა ვჰყავ შენთვის“.
მაშინ წარმოსჯდა ჭილობსა ზედა საჭურისი იგი, უპყრა თავსა ბერისასა, ამბორს უყოფდა და ეტყოდა: „ღმერთმან, რომელმან მომიყვანა მე ადგილსა ამას, მან სახიერმან სრულ ჰყავნ სიბერესა ზედა შენსა, რა იგი სრულ ჰყო აბრაჰამსა ზედა“. და მოიყვანა ბერმან მოწაფეცა თვისი და დააგდო ფერჴთა თანა მის ნეტარისათა და ჰრქუა მას: „აკურთხე, მამაო წმიდაო, შვილიცა ესე ჩემი, აკურთხე“. ხოლო მან ნეტარმან აღადგინა იგი, ამბორს უყო და ჰრქუა: „ღმერთმან, რომელი აწ ესერა მდგომარე არს ჩემ ზედა, განყვანებად სულისა ჩემისა ჴორცთაგან, მან უწყის, თუ რაოდენი ბიჯი წარმოუდგამს ძმასა ამას წმიდისა სახელისა მისისათვის და მოსრულ არს სენაკად მწირობისა ჩემისა. მანვე სახიერმან ტკბილმან და კაცთმოყვარემან განსვენებულ ჰყოს სული მამისა თვისისა მაგას ზედა, ვითარცა ილიასი ელისეს ზედა“.
მერმე ჰრქუა საჭურისმან ბერსა: „მცნებისათვის უფლისა, ნუ განმძრცვით მე, რა ესე მმოსიეს, წმიდანო მამანო, არამედ ვითარ ესე ვარ, ესრეთვე წარმგზავნეთ უფლისა და მიეცით მიწაჲ მიწასა“. კვალად ჰრქუა ბერსა: „მომგუარეთ მე წმიდა იგი საიდუმლო, რათა ვეზიარო“. და ვითარცა ეზიარა ღირსი იგი წმიდასა მას საიდუმლოსა, ჰრქუა მათ: „მომეცით მე უკანასკნელი ამბორი იგი ქრისტესმიერისა სიყვარულისა, ღმრთივსულიერნო მამანო, და ლოცვა ჰყავთ ჩემთვის“.
და მიხედნა მარჯვენით კერძო და ჰსთქუა: „კეთილად მოხვედით, წმიდანო ანგელოსნო“. და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა ლამპარი ნათლისა. და დაიწერა პირსა პატიოსანი ჯვარი და სთქუა: „ჴელთა შენთა, ღმერთო ჩემო, შევვედრებ სულსა ჩემსა“[ლკ. 23,46]. და ესრეთ მისცა ყოვლადგანწმედილი სული თვისი უფალსა.
ხოლო იტირეს ორთავე ზოგად ფრიად და აღმოთხარეს წინაშე კარსა ქვაბისასა საფლავი. და განიძარცვა ბერმან სამოსელი თვისი და ჰრქუა მოწაფესა: „შემოსე ესეცა, შვილო, ზედა კერძო სამოსელსა მისსა. ხოლო ემოსა მას შინაგან ჭილობი, თხზული ბაიათაგან და გარეგან ძაძაჲ. და ვითარცა ჰმოსდა მას ძმა იგი, მიხედნა და იხილნა, რამეთუ ძუძუნი მისნი იყვნეს ვითარცა დედაკაცისანი, რომელნი მსგავსად ორთა ფურცელთა გამხმარ იყვნეს, გარნა სდუმნა და არარაჲ სთქუა.
და ვითარცა დაფლეს და ჰყვეს ლოცვაჲ, ჰრქუა ბერმან მოწაფესა თვისსა: „დავხსნათ, შვილო, დღეს მარხვაჲ და ვჰყოთ სიყვარული საფლავსა ზედა ბერისასა“. და ჰპოვეს მცირე პაქსიმადი, ისერეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, მიზეზსა ყოველთა კეთილთასა. და აღიღეს ჴელთსაქმარი მისი სფირიდი და უკმოიქცეს სენაკად თვისსა.
ხოლო ვიდოდეს რა იგინი გზასა ზედა, ჰრქუა ბერსა მოწაფემან: ­„იციაა, მამაო პატიოსანო, რამეთუ საჭურისი იგი დედაკაცი იყო? რამეთუ ვმოსდი რა მას, ვიხილენ ძუძუნი მისნი, ვითარცა ფურცელნი დამჭნარნი, რომელ იყვნეს დედაკაცისანი“. ჰრქუა მას ბერმან: „ჰე, ვიცი, შვილო, რამეთუ დედაკაცი არს და უკეთუ გნებავს, მე გითხრა შენ მისთვის, ისმინე უკუჱ ცხოვრება მისი:
ესე ქალწული იყო პირველთაგანი და თავთა პალატისათა შვილი მშობელთა დიდთა და წარჩინებულთა. და მეფემან იუსტინიანე ინება აღყვანება მისი პალატად, ქმნულკეთილობისათვის მისისა და მრავლისა გონიერებისა. ხოლო ესერა სცნა მაგან ნეტარმან და ღმრთისა სიყვარულითა აღტრფობილმან, დაიმიზდა ნავი ღამით და აღიღო რაჲმე თვისთა საფასეთაგან და ალექსანდრიად მოიწია. და მუნ დაემკვიდრა და მონასტერი შვენიერი აღაშენა. და კვალადცა ენება მეფესა მუნითგან წარყვანება მისი. და სცნა რა ესე, კვალადცა ივლტოდა სრულიად მარტოჲ. და მოვიდა ჩემდა ღამით და მევედრა მე, რათა მივსცე მას სენაკი შორს სკიტისაგან და მითხრა მე ყოველივე წვლილად თავისა თვისისათვის. და მე მივეც მას ქვაბი ესე. და შეიმოსა მან სახე სამამაკაცო და საჭურისი უწოდე მას, რათა არავინ სცნას უწვეროობისათვის მისისა. და აჰა, ესერა დღეს არს ოცდარვა წელი, ვინათგან დაემკვიდრა ამას სენაკსა და არავინ იხილა და არცა ვინ სცნა, თვინიერ დღეს შენ, შვილო. რაოდენნი დიდებულნი, მალემსრბოლნი წარმოგზავნა მეფემან იუსტინიანე ძიებად მაგისა და ვერა ჰპოვეს ეგე, და არა ხოლო თუ მეფემან, არამედ პატრიარხმანცა ალექსანდრიისამან, და თვით სრულიად ყოველმან ალექსანდრიამან ფრიადი ძიება ჰყვეს და ვერსადა უძლეს პოვნად, რამეთუ ღმერთმან დაფარა სათნო თვისი სადიდებელად კაცთმოყვარებისა მისისა.
ჰხედავაა, შვილო ჩემო საყვარელო, თუ ვითარ, რომელნი იგი სუფევათა და დიდებათა შინა სამეფოთა აღზრდილ იყვნეს და ვითარსა მოღვაწებასა და სიგლახაკესა მისცნეს თავნი თვისნი ღმრთისათვის, და ვითარი ძლევა შეიმოსეს გულსმოდგინებითა და ჴორციელი ჭირი მოითმინეს ქრისტეს სიყვარულითა?!
ხოლო ჩვენ, უბადრუკნი, უნდოთა ადგილთა შინა შობილნი, რომელნი ვერცაღა თუ პურითა განვსძღებოდით სოფელსა შინა, მორავედით მონაზონებად, ვიშვებთ და განვისვენებთ, და ერთსაცა სათნოებასა მოგებად ვერ შეუძლებთ.
ვილოცოთ უკუჱ, ვილოცოთ ჩვენცა, საყვარელნო, რათა უფალმან ღმერთმან ღირს გვყვნეს სლვად სარბიელსა მას მართალთასა, რათა წმიდათა თანა მამათა და წმიდისა ანასტასია საჭურისისა თანა, რამეთუ ანასტასია ეწოდებოდა მას ნეტარსა, ჩვენცა ვჰპოვოთ წყალობა დღესა მას დიდსა სასჯელისასა ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე“.

თხრობა ჟთ [99]
საკვირველი დედა ძითურთ განშორებულისათვის

მოგვითხრობდა ნეტარი მამა ჩვენი მღუდელმონაზონი მაკარი, ვითარმედ: „წარვიდოდით ოდესმე ჰრომით კოსტანტინუპოლის ნავითა და დავადგერით რომელსამე ჭალაკსა წინააღმდგომთა ქართაგან, უფროსღა განგებითა ღმრთისათა. და ვითარცა ვეგენით მრავალ დღე ჭალაკსა მას, დღესა ერთსა განვედ ნავისაგან და მიმოვიდოდი ჭალაკსა მას შინა. და ვიხილე შორით, ვითარცა აჩრდილი რაჲმე კაცისა შიშველისა. და ვისწრაფე სირბილად და მივეახლე გამოჩინებულსა მას. და მესმა ჴმაჲ ესევითარი: „ჵ, კაცო ღმრთისაო, უკეთუ გნებავს ხილვა ჩემისა უნდოებისა, მომიგდე მე ერთი სამოსელთა შენთაგანი, რამეთუ დედაკაცი ვარ შიშველი“. და ვითარცა მესმა მე სიტყვა ესე, განვიხადე ერთი სამოსელი ჩემი და გარდაუგდე მას. ხოლო მან აღიღო იგი და შეიმოსა და მიიქცა აღმოსავლეთად და მოიდრიკნა მუხლნი და თაყვანის სცა ღმერთსა. და აღიპყრნა ჴელნი ცად მიმართ და დიდითა ჴმითა იტყოდა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისაო, რომელმან გულისა წადილი ორთავე მონათა შენთა აღასრულე და ღირს მყვენ ხილვად მღუდლისა შენისა წმიდისა!“ ამას რა იტყოდა, მოიქცა ჩემდა მომართ და თაყვანის მცა მე და მეცა ეგრეთვე თაყვანის ვეც მას. და დავსხედით და ვეტყოდი მე: „სადათგან ხარ, დედოფალო ჩემო და დედაო სულიერო? და ვითარ მოხვედ აქა და რაოდენი წელი არს მიერითგან, რომელ ჭალაკსა ამას მკვიდრ ხარ?“ ხოლო იგი მომიგებდა მეტყველი: „მე, პატიოსანო მამაო, ელადის ქვეყანისაგან ვარ, ქალაქისა ლარასა, ასული გლახაკთა მშობელისა. რამეთუ მოსწყდეს მშობელნი ჩემნი და დამიტევეს მე ობლად და ღმრთისმოყვარემან ვინმე დიდებულმან წარმიყვანა სახლსა თვისსა და აღმზარდა მე ყოვლითა სწავლითა კეთილითა, ვითარცა თვისი ასული. და მივიწიე სრულსა ჰასაკსა. ხოლო ესვა ქრისტეს მოყვარესა მას კაცსა ძე მხოლოდშობილი და შემაუღლა მე მის თანა და არა უღირს იჩინა სიგლახაკე ჩემი. და ესერა იქმნა, დამამტკიცეს ქორწილითა.
ხოლო თანამონათესავენი და მეგობარნი ქმრისა ჩემისანი აყვედრებდეს მარადის მეტყველნი, ვითარმედ: „რაჲ ესე ჰყო მამამან შენმან შენდა? არა ეძლოაა შოვნად ასული მსგავსი თვისისა სიმდიდრისა?! არამედ ესე გლახაკი და უნდო მოგცა შენ ცოლად“. ხოლო იგი მიუგებდა: „მამამან ჩემმან სათნომან, ღმრთისა კაცმან, ინება ესე და საყვარელ არს ჩემდა, რამეთუ თვით აღზარდა ესე და სთნავს მდიდართა უმჯობესად. ამისთვის არა გამოირჩია სიმდიდრე, არცა კეთილნათესაობაჲ, არამედ კეთილსათნოებისათვის მისისა მომცა ესე ცოლად“. ესრეთ მიუგის ქმარმან ჩემმან მოყვასთა თვისთა. გარნა იგინი არავე განუსვენებდეს, არამედ აყვედრებდეს და ამხილებდეს მარადის. ხოლო მე, ვინათგან ვხედევდი მას, მარადის მეგობართაგან შეურაცხად, ვეტყოდი: „შემინდევ მე ღმრთისათვის, უფალო ჩემო, და განმიტევე, რათა წარვიდე მონასტერსა ქალწულთასა და შენ მოიყვანე მდიდრისა ასული, მსგავსი თავისა შენისა ცოლად“. ხოლო იგი მეტყოდა: „მე მათ არარას ვეკრძალები, არამედ უმჯობეს არს ჩემდა, რომელი სათნო იყო მამამან ჩემმან, კაცმან ღმრთისამან“. ხოლო ამას სიტყვასა მეცა და სხუათაცა ეტყოდა, გარნა იგინი არავე განუსვენებდეს და შეურაცხ ჰყოფდეს მას. ხოლო მე ვხედევდი შეურაცხად ყოველთაგან ქმარსა ჩემსა. და განვიზრახე მე ლტოლვად და ვჰყავცა სასოებითა ღმრთისათა. აღვსდეგ ღამესა ერთსა ყოველთაგან ფარულად და ვივლტოდი მარტო. და მოვედ კიდესა ზღვისასა და ვჰპოვე ნავი, შევედ მას შინა და ღმრთისა წინამძღვრებითა მოვედ ჭალაკსა ამას და ვევედრებოდი ღმერთსა.და მოუძლურებულმან სიყმილითა, ძლით უძლე შეკრება მხლისა გამოზრდად უბადრუკთა ჴორცთა ჩემთა. და აწ ვითარ მიგითხრა შენ, კაცო ღმრთისაო, რომელი იყო ჩემ ზედა, რამეთუ მე არა უწყოდი, თუ მუცელ ქმნულ ვიყავ. გარნა ოდეს იწყო აღორძინება ჰასაკითა ყრმამან მუცელსა ჩემსა, მაშინ ვსცან. და რაჟამს აღესრულნეს ცხრანი თვენი, ვშევ წული და განვხიენ სამოსელი ჩემი და შევხვიე იგი. და ვითარცა ღმერთმან ინება და წყალობა ჰყო, გამოვზარდე. და აწ არს წლისა ოცდაათისა და ჰგიეს ქვაბსა შინა შიშველი და უგალობს ღმერთსა ყოველსა ჟამსა ჩემ თანა და გონება აქვს მარადის ზეცად მიმართ აპყრობილი. და ვევედრებოდი ღმერთსა ყოველსა დღესა შეწყალებად ჩემისა სიმდაბლისა, რათა მომივლინოს მღუდელი და განანათლოს ძე ჩემი წმიდითა ნათლისღებითა. და აჰა, არა უგულებელს ჰყო სახიერმან ღმერთმან ვედრება ჩემ ცოდვილისა და მოგავლინა შენ, სათნო თვისი, აღსრულებად სურვილისა ჩემისა. და აწ გევედრები, პატიოსანო მამაო, წარვედ ნავად და მოიღე სამღუდელო სამკაული და პური შესაწირავისა, რათა ძე ჩემი განანათლო და სამღთო მსახურება აღასრულო, და ღირს გვყვნე პატიოსანსა და ყოვლადწმიდასა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და ამასაცა ვევედრები სიწმიდესა შენსა, პატიოსანო მამაო, რათა არავის მიუთხრა, არცა ერთსა კაცთაგანსა. და მე მოგიცადო ამასვე ადგილსა, ვიდრემდის მოიქცე და ერთბამად მივიდეთ ძისა ჩემისა თანა“.
ესე ყოველი რა მესმა, თაყვანის ვეცით ურთიერთას და წარვედ ნავად. და არარაჲ ვის ვარქუ, არამედ აღვიღე სამღუდელო სამკაული და პური იგი შესაწირავისა. წარვედ და ვჰპოვე იგი მუნვე, სადაცა დაუტევე. და მრქუა მე: „აწ წარვიდეთ, სულიერო მამაო, მონისა შენისა და ძისა ჩემისა მიმართ“. და ვითარცა მივეახლენით, მიხილა მე ძემან მისმან შორით და ნახეთქსა ქვაბისასა მიეფარა. და შევიდა დედა მისი და ჰრქუა მას: „რაჲსა ჰყოფ, ჵ, შვილო, არა გეტყოდია ვედრებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რათა მოგივლინოს შენ მღუდელი და ნათელ გცეს?! და აჰა, საყვარელო, ისმინა ღმერთმან ვედრებისა შენისა და მოგივლინა მღუდელი, სათნო თვისი, რათა აღასრულოს საწადელი შენი, გამოვედ უკუჱ, შვილო, და თაყვანის ეც მოსრულსა შენდა განათლებად“. ხოლო მას რა ესმა ესე, გამოვიდა და თაყვანის მცა მე და მეცა თაყვანის ვეც მას. და მრქუა დედამან მისმან: „უკეთუ სათნო გიჩნდეს, ღმერთშემოსილო მამაო, წარვიდეთ წყალთა მიმართ, რათა განანათლო ესე. და მოვედით წყაროსა ზედა და ყოველი მსახურება წესისაებრ აღვასრულე თანამოქმედებითა ღმრთისათა. და ნათელ ვეც მას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. და შევმოსე მას სამოსელი ახალი და ვჰყავ ლოცვაჲ და აღვასრულე სამღთო წირვისა მსახურებაჲ და ვაზიარენ ორნივე წმიდასა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. და შემდგომად აღსრულებისა, ვსჭამეთ მცირე რაჲმე, რომელი მიმეღო და მრქუა მე ნეტარმან მან დედამან: „გევედრები, ღმრთივსულიერო მამაო, უფლისათვის დაითმინე და ნუვის უთხრობ ჩვენთვის, მირახვიდე ნავსა. ხოლო მიხვიდე რა კოსტანტინუპოლეს, უკეთუ გენებოს, მიუთხარ მათ, რომელი უფალმან ღმერთმან გიჩვენა შენ, არამედ ოდენ ამის ჭალაკისა მახლობელად დაიდუმე ჩვენთვის, ნუუკუჱ გვეძიოს ვინმე და გვპოვოს ჩვენ. რამეთუ ოცდაათი წელი არს, არა გვიხილავს ჩვენ კაცი, გარნა შენ მხოლო, და ღმერთმან მოგეცინ სასყიდელი სასუფეველსა თვისსა“.
და ამას რა იტყოდა, თაყვანის მცეს ორთავე და უშინაგანესსა უდაბნოსა ჭალაკისასა განეშორნეს დედა ძითურთ. ხოლო მე უფროს ცრემლითა ლმობიერითა აღვსილმან თაყვანის ვეც საკვირველთმოქმედსა ღმერთსა, რომელმან ღირს მყო მე ხილვად ესევითარნი ზესთა დიდებულნი წმიდანი თვისნი, და უზესთაეს მოგონებისა და განცვიფრებისა ღირსნი, რომელნი მონებენ ყოვლითა გულითა და ადიდებენ ღმერთსა კეთილად დაცვითა სამღთოთა მცნებათა მისთათა. ხოლო მოვიქეც რა ნავად, არავის მიუთხარ. და მყის მოგვეცა ჩვენ ქარი კეთილი და მოვედით კოსტანტინუპოლედ. და მაშინ მიუთხარ ყოველთა; და ადიდებდეს ზესთა საკვირველებასა ღმრთისასა, რომელსა ჰშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე”.

თხრობა რ [100]
სასურველი წმიდათა სამთა დედათა

მოგვითხრობდა პავლე ეპისკოპოსი, ვითარმედ: „წარვემართე აღმოსავლეთად მოხილვად წმიდათა ადგილთა და მივედ რომელსამე მონასტერსა. და გამოვიდა წინამძღვარი ბერებითურთ მოგებებად ჩემდა და მოვიკითხენით ურთიერთას და დავსხედით კართა ზედა მონასტრისათა. და იყვნეს მუნ ხენი მდგომარენი, რომელთა აქუნდა ნაყოფი და მოვიდეს მფრინველნი დიდნი და მოსტეხდეს რტოთა ხეთაგან ხილითურთ და განვიდოდენ მსწრაფლ. და ვჰკითხევდი წინამძღვარსა, ვითარმედ: „რად არა სჭამენ მფრინველნი ესე, პატიოსანო მამაო, არამედ წარიღებენ რტოთა ნაყოფითურთ?“ ხოლო მან მრქუა: „ესე ათერთმეტი წელი არს, ვითარცა დღეს იხილე, წმიდაო მეუფეო, ესრეთ ჰყოფენ მფრინველნი ესე“. და ვსთქუ მე: „ღმრთისა მიერ განგებით არს ესე და ვჰგონებ, თუ მთასა შინა წმიდანი კაცნი ანუ დედანი იმყოფებიან. და ბრძანებითა ღმრთისათა ესე მფრინველნი მიართმევენ ხილსა ამას მათ წმიდათა“.
ამას რა ვიტყოდი, აჰა, ესერა შემოფრინდა ყორანი, მოსტეხა ხეთაგან რტოჲ ნაყოფიერი და წარიღო. ვარქუ წინამძღვარსა: „მივჰყვეთ უკანა ამისა, წმიდაო მამაო“, და წარვედით. ხოლო ყორანი ფრინვიდა წინაშე ჩვენსა რტოჲთა მით ნაყოფითურთ და აღვიდა ბორცვსა ზედა და დასჯდა და დასდვა რტოცა იგი. ხოლო აღვედით ჩვენცა მთასა მას. და მეყსეულად აღიღო ყორანმან რტო იგი და შთაფრინდა ქვაბსა მას შინა კლდისასა, დაუტევა რტოჲ იგი და გამოვიდა ცარიელი. მივედით ჩვენცა ნაპრალსა ზედა და შთავედით დაბლა და ვეძიებდით.
და აჰა, ღაღად ჰყვეს მუნით გამომეტყველთა, ვითარმედ: „უკეთუ ხართ ქრისტეანენი, ნუ დაგვხოცთ ჩვენ!“ ხოლო ჩვენ ვარქუთ: „ვინანი ხართ თქვენ?“ და გვეტყოდეს იგინი: „უკეთუ გნებავსთ ხილვა ჩვენი, პირველ შთამოგვიგდენით ჩვენ სამნი სამოსელნი, რამეთუ დედანი ვართ შიშველნი; და მერმე მოვედით ძირსა ამის მთისასა და ჰპოვოთ გზაჲ იწრო სავალი და მოხვიდეთ ჩვენდა“.
ესერა გვესმა ჩვენ, მეყსეულად აღიძარცვეს სამთა ბერთა სამოსელი თვისი და შთადვეს ქვაჲ და შთაუტევეს მათდა მიმართ. და ვითარცა მოგვითხრეს, შთავძვერით მთით და ვჰპოვეთ იწრო გზაჲ და ძნიად სავალი; და მივედით მათდა მიმართ, სადაცა იყოფოდენ წმიდანი იგი. და აჰა, სამნი დედანი ვიხილეთ, და მათ თაყვანის გუცეს მიწადმდე. და ვჰყავთ ლოცვაჲ და დავსხედით, ხოლო ერთი მათგანი სჯდა და ორნი იგი წინა უდგეს.
მაშინ ჰრქუა წინამძღვარმან: „სადათგან ხარ, დედოფალო და დედაო ჩემო, და ვითარ მოხვედ აქ?“ ხოლო მან მოუგო და ჰრქუა: „მე, წმიდაო მამაო, კოსტანტინუპოლით ვარ. მესვა ქმარი ჭაბუკი, მხოლოდშობილი ძე მეფისა, და სიჭაბუკესავე თვისსა მიიცვალა. ხოლო მე, პატიოსანო მამაო, და მტირალ ვიყავ ორ თვე ქვრიობისათვის ჩემისა და უშვილოებისა. და შემდგომად რაოდენთამე დღეთა, დიდ შემძლებელსა ვისმე ესმა ჩემთვის და მოავლინნა მონანი თვისნი და ენებათ წარყვანება ჩემი იძულებით, რათამცა მიმათხოვეს ცოლად უფალსა მათსა. ხოლო მე ვევედრე უფალსა ჩემსა, იესო ქრისტესა, რათა მიხსნას მათგან, რომელთა ჰნებავს სულისა და ჴორცთა ჩემთა განხრწნაჲ და მოუწოდე მსახურთა მისთა და ვარქუ: „უფალნო ჩემნო, მეცა მიხარის, უფლისათვის თქვენისა, რამეთუ დიდებულ არს, არამედ არს სნეულება რაჲმე ჩემი ბოროტ, ვიდრემდის განვიკურნო, დრო მეცით მე“.
მაშინ წარვიდეს მისსა სიხარულით და განვიდეს ჩემგან მეტყველნი: „უკეთუ ეგრეთ არს, ორმეოცთა დღედმდეცა დაგითმინოს შენ უფალმან ჩვენმან“. და შემდგომად განსვლისა მათისა, ყოველნი მონანი ჩემნი განვათავისუფლენ და მივეც მათ ოქროჲ. და დავიშთინე ორნი ესე მხევალნი, რომელთა აწ ხედავთ. და სხუა ყოველი მონაგები ჩემი განუყავ გლახაკთა და მოუწოდე ქრისტეს მოყვარესა კაცსა ნათესავისაგან ჩემისა, და ვაფუცე, რათა შემდომად ჩემსა, განსყიდვად აგარაკისა ჩემისა და სახლისა და განყოფად იგიცა გლახაკთა და ვიქმენ უზრუნველ ყოველთათვის ჩემთა სოფელთა. და წარმოვიყვანენ ღამე ორნი ესე მხევალნი ჩემ თანა და აწ სულიერნი დანი ჩემნი. და შევედ ამათითურთ ნავსა და ღმრთისა მიერ წინამძღვრებითა მოვედით აქა, ადგილსა ამას. აჰა, ესერა ათერთმეტი წელი არს, ვინათგან კაცი არა გვიხილავს, გარნა დღეს თქვენ ოდენ გიხილეთ, წმიდანო ღმრთისანო. ხოლო სამოსელნი ჩვენნი შემდგომად წლისა მეორისა დაიპნეს და დაგვცვივნეს“.
მიუგო წინამძღვარმან და ჰრქუა: „სადათ გაქუნდათ, დედოფალო ჩემო, საზრდელი თავისა თვისისა?“. ხოლო მან ჰრქუა: „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, რომელმან გამოზარდა ერი ისრაილთა უდაბნოსა შინა ორმეოც წელ მანანაჲთა, იგივე მეუფე ტკბილი მოგვივლენს ჩვენცა საზრდელსა უღირსთა მხევალთა თვისთა. რამეთუ ყოველთა წელთა მფრინველნი მოგვიღებენ ყოველთაგან ხილთა, – არა ოდენ კმასაყოფელთა ჩვენთა, არამედ გარდამატებულსაცა, ყოვლადღირსო მამაო, ხოლო შიშველ მყოფთა გუფარავს და გვატფობს თვისითა მადლითა, რათა არა ზამთარსა შინა გვეშინოდეს ყინელისაგან და არცა ზაფხულსა შინა სიცხისა, და ვართ მყოფნი, ვითარცა სამოთხესა განსასვენებელსა დაუცხრომელად მადიდებელნი წმიდისა სამებისა“.
ხოლო ჩვენ გვესმოდა რა ესე, დაგვიკვირდებოდა ფრიად. და ჰრქუა მას წინამძღვარმან: „ღმრთივსულიერო დედაო, უკეთუ ინებო, წარვავლინო ბერნი ჩემნი მონასტერსა, რათა მოიღონ საზრდელი და ვსჭამოთ ერთად სიყვარული?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთშემოსილო მამაო, უკეთუ სათნო გიჩნს წყალობაჲ, უბრძანე, რათა მოვიდეს მღუდელიცა და პირველად აღასრულოს სამღთო მსახურებაჲ წირვისა, რათამცა ვეზიარნეთ ყოვლადპატიოსანთა ქრისტეს საიდუმლოთა. რამეთუ ვინათგან გამოსრულ ვართ ქალაქით, არღარა ღირს ქმნულ ვართ მოღებად სიწმიდესა“.
ესმა რა ესე წინამძღვარსა, წარავლინნა ბერნი მონასტერსა, მოიყვანეს მღუდელი და მოიღეს საზრდელიცა. პირველად აღასრულა მღუდელმან სამღთო წირვაჲ და აზიარნა ღირსი იგი სანატრელი დედა და მხევალნი მისნი ყოვლადწმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა. და შემდგომად ამისა ვისადილეთ ყოველთავე ერთბამად მადიდებელთა ღმრთისათა. მაშინ ნეტარმან დედამან ჰრქუა წინამძღვარსა: „ვევედრები სიწმიდესა შენსა, ყოვლადპატიოსანო მამაო, რათა სათნო იყოთ წყალობაჲ და ეგოთ სამ დღე აქა“. და მან აღუთქვა ყოფად მუნ.
ხოლო აღსდგა ყოვლადნეტარი იგი დედაჲ და გულსმოდგინედ ილოცვიდა. და ღმრთისა მიმართ მიიცვალა მასვე დღესა მიმწუხრი. ხოლო ჩვენ მივიღეთ ნეტარი იგი ლმობიერითა ცრემლითა და გალობითა საფლავად და დავმარხეთ იგი პატივით. ხოლო მეორემან დამან აღასრულა ლოცვაჲ ხვალისად და მიიცვალა იგიცა მშვიდობით უფლისა მიმართ. ეგრეთვე მესამეცა დაჲ დღესა მესამესა აღესრულა კეთილად. და ჩვენ დამმარხველნი მათ ნეტართანი, მივიქეცით მაქებელნი და მადიდებელნი ღმრთისა, რომელმან განგებულებითა თვისითა ღირს გუყვნა ხილვად ამის საკვირველებისა.
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ამათ ყოველთა დიდებულებათა ღმრთისათა მსმენელნი, განკვირვებულნი ვადიდებდეთ ყოვლისა კეთილისა მიზეზსა მამასა და ვმადლობდეთ ყოვლისა კეთილისა წარმმართებელსა ძესა და თაყვანის ვსცემდეთ ყოვლისავე სრულმყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, მადლობა და თაყვანისცემა საუკუნითგან აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”.

დასასრuლი მეხuთისა თავისა


ბეჭედი

ღმრთივსულიერსა ამას წერილსა ეწოდების „გჳრგჳნი“ ამათ ესევითართა მიზეზთათვის, რამეთუ ვითარცა გვირგვინი პატიოსანი შემკობილ არს მრავალფერთა პატიოსანთა ნივთთა და თუალ-მარგარიტთა მიერ, ეგრეთვე, ესე გვირგვინი სულისა შეწყობილ არს და შემკობილ მრავალთა სამღთო კეთილ თხრობათა მიერ.
იგი გვირგვინი შვენიერ ჰყოფს თავსა ღირსთა მისთასა და ესე აბრწყინვებს სულსა აღმასრულებელთა თვისთასა. რომელსა ჰქონან თვის შორის თავნი ხუთნი, მსგავსად ხუთ საგრძნობელთა ჩვენთა, რომელნი იპოვებიან თავსა შორის ჩვენსა. ხოლო სულიერთა თხრობათა რიცხვი არს ასი, მებრ იგავისა, რომელსა ედგა ასი ცხოვარი და მოსურნეთა ნაყოფიერ გვყოფს, ოცდაათეულად, სამოცეულად და ასეულად.


სრულ იქმნა სულისა გვირგვინი სადიდებელად ძისა ღმრთისა ცხოველისა.

ქრისტე, მეუფეო, მაცხოვარო ყოველთაო, წმიდასა ამას წიგნსა შინა წერილთა, წმიდათა სათნომყოფელთა შენთა ღოღვითა, შეიწყალე სული მონისა შენისა, ხუცეს-მონაზონისა გაბრიილისა. აღიწერა მრავლის სურვილით და ფრიადის ტრფიალებით წმიდა წერილი ესე მრავალმთის უდაბნოსა გარესჯისასა, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისასა, წელსა განჴორციელებითგან სიტყვისა ღმრთისა 1794, თთუჱსა ივლისსა, რიცხვს 29.